რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

თოვლი დნება 

Так захотелось просто быть в пути
И ехать в поезде! Поехал.
А с поезда сошел, и некуда идти.
Исикава Такубоку


ვაჟა ისედაც ვიწრო საჯდომზე კიდევ უფრო ჩაიწია. განთავისუფლებულ ადგილზე ფეხზე მდგარი ოსის ბიჭი ჩამოსვა. მის წინაც ორნი ისხდნენ; ორ-ორი სკამებს შუა იდგა. მწკრივის ბოლოს ერთ ორსაჯდომიანზე ოთხი კაცი იჯდა, მეორეზე ორი: ერთი უკან უქუდოდ, მეორე წინ და თბილი, ყურებიანი ქუდი ეხურა, ტანზე გახსნილი ტანსაბურავი ეცვა, გახსნილი ჯემპრე, გახსნილი თეთრი პერანგი და სადგურების მბჟუტავ სინათლეებთან მკერდზე უხვად ამოსული ბალანი მოუჩანდა.
ცხელოდა.
მერე კარი გააღეს: ცოტა აგრილდა.
დახურეს: ისევ დაცხა.
გარეშემო სკამებზე თითო-ოროლა ოსი თვლემდა.
მატარებელი ლიბანს გასცდა.
- რაც მე მინახავს, - იძახდა ყოველი ამბის მოყოლის მერე გულგაღეღილი.
- ჰოდა, აკი მოატყუა ხელმწიფე იმ პირტიტველამ.
- დახე!
- აი, ყოჩაღ!
ფართოდ აღებდნენ პირს ოსის ბიჭები.
- შენ სადაური ხარ? - იკითხა ვაჟამ.
- ქართველი! - გაიჭიმა მომყოლი.
- რა გვარის?
- ბაგდასაროვი.
კარი გააღეს.
ვაჟა მთელი ფილტვებით ისუნთქავდა ჰაერს. მატარებელი ცემს უახლოვდებოდა.
- ჰოდა, კონცლაგერიდან მთელი თვე ნადირივით ძრომის მერე მივადექით ურჩას.
- ურჩა რაია? - გაიღრიჭა ვიღაცა.
- ჩუ! ახლა მართალს ყვება, - ჩააჩუმა მეორემ.
- ურჩა სოფელია პოლონეთში. ჰოდა, შევდივარ მაღაზიაში ტიტველა, სულ ტიტველა, ტარზანივით; ვხედავ, შიგ დგას ქალი, მაგრამ რა ქალი... ერთი სიტყვით, წამიყვანა სახლში, ცხრა თვე ვცხოვრობდი მასთან; მთელ სოფელში მარტო მე ვიყავი კაცი: დღისით მაჭმევდნენ, ღამე კი, გიყვარდეს, ვინ არ მოდიოდა.
- რათა? - ისევ დააღო პირი დიდთავა ოსის ბიჭმა.
- კარტის სათამაშოდ, - დასცინა მეორემ და დოყლაპიას განიერი ყბებისათვის პატარაციანი კარტუზი ჩამოაფხატა თვალებზე.
- ცემია, - თქვა ვიღაცამ.
კარი გაიღო.
ვაჟა ისევ დაეწაფა სუფთა ჰაერს: უზომოდ ბედნიერი იყო ახლა. უსმენდა და ტკბებოდა. “სტუდენტ”, ეძახდა მას ხანდახან მომყოლი და იკრიჭებოდა.
მატარებელმა სვლას უმატა.
თბილისში ლალი ელოდებოდა ვაჟას. დილის ექვს საათზე გამოვიდოდა მისთვის სადგურზე. გოგოს უკან გაუშვებდა საღამომდის, თვითონ წავიდოდა ხაშზე, მერე აბანოში, მერე ბიჭებთან უნივერსიტეტში.
მოენატრა თბილისი, თავს გამოექცა ბაკურიანიდან.
მატარებელმა სვლას უმატა.
ახლა თბილისიდან წამოსვლის ბოლო დღე მოაგონდა, როგორ მობეზრდა მაშინ ყველაფერი იქაური, თვითონ ლალიც, ხაშიც, რესტორნებიც, უნივერსიტეტიც; ძლივს გამოიქცა. ახლა ისევ უხაროდა დაბრუნება, როგორც მაშინ, წამოსვლა, არა, უფრო მეტად: მაშინ შორდებოდა ყველაფერს, ახლა უახლოვდება.
მატარებელმა კიდევ უფრო უმატა სვლას.
გარშემო ხარხარებდნენ.
მომყოლმა მორიგი ანეკდოტი დაამთავრა.
ვაჟამ მის წინ მჯდარ ოსის ბიჭს ხელი გადაჰხვია.
- საცაა, ხიდია, - თქვა ერთმა.
- ჰო, - თქვა მეორემ.
- ახლა მოგიყვებით ხელმწიფისა და. . .
დაიწყო გულგადაღეღილმა.
“უეჭველად მივალ მასთან თბილისში, კიდე მოვუსმენ”, გაიფიქრა ვაჟამ. ის უზომოდ ბედნიერი იყო: გული აუფრთხიალდა: ყველა კარგი და შინაური ეჩვენა: მზად იყო, მის წინ მჯდარი ოსის ბიჭი გადაეკოცნა.
მატარებელმა დაიკივლა.
“საცაა ხიდია”, - გაუელვა ვაჟას.
გული ისევ აუფრთხიალდა: ყველაზე ბედნიერი ახლა იყო, აქ: შუა გზაზე და აქ უზომოდ მოუნდა, რომ მატარებელი გადაჩეხილიყო: ყველაზე ბედნიერს დაემთავრებინა სიცოცხლე.
კიდევ უფრო მოუნდა გადაჩეხა, მერე უფრო: ამ დროს მართლა კმაყოფილი იყო.
ვაგონი შეირხა, ორთქლმავალმა შემზარავად დაიკივლა:
ვაჟას სახეზე ბუსუსებმა დააყარა, “ვბრუნდებით”, გაიფიქრა და ოსის ბიჭი უფრო მიიკრა მკერდზე.
- ხიდი გავიარეთ, - თქვა დოყლაპიამ.
ვაჟა გაიმართა; “გადავრჩი”, გაიფიქრა და გულზე რაღაც მოეშვა, მერე ლალიზე ფიქრი დაიწყო, მერე დილის ხაშზე, მერე უნივერსიტეტის ბიჭებზე.
გულგაღეღილი კი ყვებოდა.
- გესმის, სტუდენტო? - ესმოდა ბუნდოვნად მისი ხმა.
ვაჟა თავს უქნევდა.
მატარებელი წაღვერიდან დაქანდა. მან ფიქრებს თავი დაანება და შეეცადა, ისევ მომყოლისთვის მიეგდო ყური. ჩქარა მოსწყინდა მისი ყურება და ზღაპრების სმენა.
- მალე ბორჯომია, - თქვა ვიღაცამ.
ვაჟამ თავის ზურგჩანთას ახედა: სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, მერე თოვლზე გადაიტანა მზერა. აქეთ უკვე ალაგ-ალაგ მიწა ჩანდა.

წელი 1957. თებერვლის 6.

შენიშვნები

გვაქვს დათარიღებული და დასათაურებული ორი ავტოგრაფი: შავი(1+1-12გვ.) და თეთრი(1+1-8გვ.).
შავი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევრის ზედა ნაწილში ჩემი (მ.რჩ.) ხელით წერია სათაური. ქვემოთ ავტორის ხელით - “...დან”. ავტოგრაფი ნაწერია დიდი ასოებით, გაკრული ხელით.
თეთრი ავტოგრაფის თავფურცლის ზედა ნახევარზე წერია სათაური მომსხო, გამოყვანილი, ლამაზი ასოებით. ასევეა ნაწერი მთელი ავტოგრაფი. ქვედა ნახევარზე მოტანილია იაპონური პოეზიიდან პატარა ლექსი ავტორის გვარით (იხ. ტექსტი “ძგჯყცრფზ Gჯ'პბზ”, პატარა, მუქშინდისფერყდიანი წიგნი, შავად ამოტვიფრული ასოებით - 1956-57 წლებში გურამის სამაგიდო წიგნი იყო. (იხ. მომდევნო მოთხრობები და ტომი 4, ლექსები, მინიატურები).
I სიაში: “26. თოვლი დნება.”
II სიაში: “4. თოვლი დნება.”
ამ ავტოგრაფში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ავტორისეული დამოკიდებულება პუნქტუაციისადმი: შავ ავტოგრაფში აბზაცებად გამოყოფილი სიტყვების შემდეგ გვხვდება წერტილები, თეთრში - არა. შავ ავტოგრაფში, თეთრისაგან განსხვავებით, არ იხმარება ორწერტილი (იხ. “ნადირობის”, “მოუნდას” შენიშვნები. აგრეთვე, ტომი I, ავტოგრაფების დახასიათებისათვის).
შავ და თეთრ ავტოგრაფებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა. შავში, გვ. 3: “ჰოდა, საკონცენტრაციო ბანაკიდან მთელი თვე...” თეთრში იქვე: “ჰოდა, კონცლაგერიდან...”. შავში, გვ.5: “უზომოდ პატარა ციანი კარტუზი...” თეთრში, თავდაპირველად დაწერილი “უზომოდ” გადაშლილია ავტორის მიერ. თეთრში, გვ.4, ჩამატებულია: “გოგოს უკან გაუშვებდა საღამომდის.” შავში, გვ.10: “ამ დროს ყველაზე ბედნიერი იყო.” თეთრში, იქვე: “ამ დროს მართლა კმაყოფილი იყო.” შავში, გვ. 11: “გადავრჩით”, თეთრში იქვე “გადავრჩი”.
სურვილი, დაიღუპოს მაქსიმალური სიყვარულის, სრულყოფილი ბედნიერების შეგრძნების მომენტში არ იფარგლება ამ მოთხრობით. ის თითქოს ღიაა და ყოველთვის იჩენს თავს, როდესაც მწერლის შემოქმედებასა და ცხოვრებაში შემოდის ზღვრული ქრონოტოპი. აქ: გარდამავალი სივრცე - ხიდი, გარდამავალი დრო - წამი. (“წამი ეს ხომ გარდამავალი საფეხურია, ა?” - 1958 წელს ქაღალდის ნაგლეჯზე გაკეთებული ჩანაწერიდან).
ზურღან გემეზაშვილის (გურამის მეგობარი უნივერსიტეტიდან, ლიტერატორი, მთარგმნელი) მონაყოლი: ერთხელ ალპინიადაზე მოულოდნელად დაიწყო კლდიდან ქვათა ცვენა. აქეთ-იქით კლდეებს შევაფარეთ თავი. შეშინებულები ვუყურებდით გურამს. ის იდგა შუაში და სიცილით, რიუკზაკით იგერიებდა კლდიდან ჩამოცვენილ უზარმაზარ ქვებს. საოცრად ბედნიერი ჩანდა. ეს იყო თამაში სიკვდილთან. გურამზე რამის თქმა ან დაწერა ძნელია. ზღვარზე იყო ყველაფერი. რომ თქვა, უნდა თქვა ერთი რაღაც, მერე მეორე, ამიტომ ტყუილი გამოვა. აქ ერთდროულად იყო ყველაფერი. სიტყვას არ ემორჩილება.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”

??????