იულონი
მოქმედი პირები:
გურამი – პიესის ავტორი.
გურამის პიესის შემსრულებელნი:
იულონი – 30-35 წლის თმაგაცვენილი, გაპარსული ბიჭი.
თეზიკო – სტუდენტი.
გურამის მიერ წარმოდგენის საყურებლად მოწვეულნი
რეზო – კოპებიანი, დიდთავა, ექსცენტრული ბიჭი, მხატვარი.
პატარა გურამი – ღლიცინა, რეზოზე მაღლა მდგომი იმით, რომ ესმის მისი მხატვრობა.
დიდი ბობა – ნაციხარი ქურდი
სულხანი – ისიც მწერალი.
ჯიმშერი – სათვალიანი ბიჭი.
ირაკლი – ბიჭი, რომელიც სწავლობს ფილოსოფიას კანტიკუნტად.
გიული – ბიჭი მიდრეკილებებით სიტუტუცისადმი, რომელსაც ხაზს უსვამს.
/მოქმედება მიმდინარეობს ცარიელ, ორკესტრის სიგრძეზე გაჭიმულ, პატარა სიღრმის ოთახში, რომელიც ჭერში დაკიდებული ნათურით ნათდება. თეზიკო და იულონი წარმოადგენენ პიესას, რომლის ავტორია გურამი. სხვები უყურებენ მარჯვენა კუთხიდან: პატარა გურამი და რეზო იატაკზე სხედან, დიდი ბობა ზის მათ უკან. ის ორივეზე დიდი ჩანს. გიული დაჩოქილია მის იქით, გვერდზე; ხელები გულზე აქვს დაკრეფილი, კისერი – წაგრძელებული; რაც შეიძლება ხაზგასმული ბრიყვული სახით უყურებს სპექტაკლს; ასეთი სახე მას აშკარად სიამოვნებს; ირაკლი, ხალხის ბოლოს, მაგიური სახით მიყუდებული კედელზე, უყურებს მხოლოდ მოთამაშეებს, აშკარად უნდა გვერდზე მიიხედოს, მაგრამ ეს დიდ ცოდვად მიაჩნია; სულხანი, გურამი და ჯიმშერი შეუმჩნევლად დგანან იქვე/
თეზიკო
აი, მე ისევ მოვედი შენთან, ჩემო უფროსო ძმაო.
იულონი
მე უკვე გითხარით, რომ ძმა არცა მყოლია არასოდეს და არც მინდა ვიცოდე რაიმე მისი არსებობის შესახებ.
თეზიკო
სამწუხაროდ, მაინც უნდა გითხრა სიმართლე, რომლის გამორკვევასაც ორივესთვის ერთნაირი მნიშვნელობა აქვს.
იულონი
მე უკვე გითხარით, – მოსმენაც კი არა მსურს.
თეზიკო
სამაგიეროდ, ეს მჭირდება მე, მე, რომელიც გავიზარდე ბავშვთა სახლში უპატრონოდ; მე, რომელმაც ჩემი შრომით მივაღწიე უმაღლესის კარებს.
იულონი
სიამოვნებით შემიძლია დაგეხმაროთ, მხოლოდ გარკვეული თანხით.
თეზიკო
ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც არ დავზოგე არაფერი, აღმომეჩინა ერთი ნათესავი მაინც ამქვეყანაზე და ის ნათესავი არის ჩემი ძმა.
იულონი
ყმაწვილო, თქვენ გეშლებათ; მე მყავს დედა, მყავს დეიდა, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მე ძმა არა მყოლია.
თეზიკო
ძმაო იულონ, ნუთუ მართლა ვერა გრძნობ, რომ მე შენი ძმა ვარ, რომელიც უკუღმართი ბედის გამო გაიზარდა საბავშვო სახლში, როცა მისი უფროსი ძმა იულონი, გვარად გიორგაძე და არა გეგეჭკორი, როგორადაც ახლა ითვლება, იზრდებოდა მდიდარ ოჯახში.
იულონი
ეს ოჯახი არის ჩემი, ეს ქალი არის დედაჩემი.
თეზიკო
ის ისეთივე დედაა შენთვის, როგორც ჩემთვის.
იულონი
მაშ, შენც მისი შვილი ყოფილხარ.
თეზიკო
მე? ხი, ხედავ, როგორ არა გწამს შენც, რომ მისი შვილი ხარ.
იულონი
მე?
თეზიკო
შემომხედე ძმაო; ჰო, შენ ამდენი წელი იწვოდი ეჭვებით.
იულონი
მე? არა, არა, არასოდეს.
თეზიკო
იწვოდი ეჭვებით, რომ მათი შვილი არ იყავი.
იულონი
ეჭვებით? მე ვიცოდი, რომ...
თეზიკო
მე კი ნამდვილად ვიცოდი, ვინ იყო ჩვენი ორივეს დედა, მე ვიცოდი, იმიტომ რომ ვიზრდებოდი ცუდად, ვიზრდებოდი საბავშვო სახლში, უპატრონოთა თავშესაფარში.
იულონი
არა, არასოდეს, არც ეჭვით.
თეზიკო
შენ არ უტყდებოდი შენს თავს, შენ არ ეძებდი, როცა გრძნობდი, შენ ეს არ გჭირდებოდა – შენ ცხოვრობდი მდიდარ ოჯახში.
იულონი
მე არ ვიცოდი არაფერი.
თეზიკო
ხედავ, ჩემო უფროსო ძმაო, უკვე როგორ ფრთხიხარ, მე კი ჯერ არ დამიმტკიცებია, რომ შენი ნამდვილი ძმა ვარ.
იულონი
მაგის დამტკიცება შეუძლებელია.
თეზიკო
შეუძლებელია?! ხი, ხი, ხი, მაგას დამტკიცება აღარა სჭირდება.
დიდი ბობა : ყველაფერი ცხადია, კაცო.
რეზო : ხა,ხა,ხა, რა დიდია და რა შავია.
პატ. გურამი: რა დიდია და რა ექსცენტრიულია.
რეზო : მაინც თეზიკო რას ამბობს – ვითომ იულონის ნათესავია?
პატ. გურამი: ნათესავი კი არა, ძმაა.
რეზო : მერე რა მოხდა?
პატ. გურამი: შენ წადი, ხატე.
რეზო : ის ნახატი როგორ გამომდის, იცი?!
პატ. გურამი: ჰო, ის ძალიან იმპულსურია აღებულ მომენტში.
რეზო : სუსო, სუსო, რა დიდია და რა სიპატიურია.
პატ. გურამი: რა დიდია და რა ექსცენტრიულია.
დიდი ბობა : მორჩით, კაცო, მანდ ბაზარს.
რეზო : რა დიდია და რა ნოყიერია.
პატ. გურამი: რა დიდია და რა დეფექტურია.
დიდი ბობა : და მორჩით, კაცო, ბაზარს, არ გესმით? თქვენ გიყურებთ ხალხი.
რეზო : ხალხს ახლავე დავხატავ ტილოზე.
დიდი ბობა : იქნებ მეც მიპირებთ დახატვას?
რეზო : შენ ვითომ ვინა ხარ, რო?!
დიდი ბობა : მე ვინა ვარ?
რეზო : ერთი ტილოს კაცი ხარ.
პატ. გურამი: ჩუმად, ეგ ლევი ბობაა.
დიდი ბობა : როგორ, არ იცით ვინცა ვარ, ლევი ვარ, ბობა, არ გაგიგიათ დიდი ბობა, კაცო!
სულხანი : გითხარით, მაგათი მოყვანა არ იქნებოდა, ახლა აღარ დაგვამთავრებინებენ.
ირაკლი : ჯერ სპექტაკლს ვუყუროთ, კაცო, მერე ვთქვათ ჩვენ-ჩვენი აზრები.
დიდი ბობა : მეც მაგ ბაზარზე ვამბობ.
ირაკლი : შენ არ გეუბნები.
რეზო : რა დიდია და რა მწიფეა.
პატ. გურამი: რა დიდია და რა, რა ირაკლია.
რეზო : ნატურია, ნატურია.
პატ. გურამი: ჩემი ნათქვამი ხო იცი.
რეზო : ზუსტი ხარ, კარგი ხარ, დაჰკარი ხელი.
დიდი ბობა : და აღარ მორჩებით მანდ ყაყანს, ბობა ლაპარაკობს თუ ვინ?! გააგრძელეთ, კაცო, მანდ წარმოდგენა.
სულხანი : მიდი, იულონ, გავაგრძელოთ. თხუთმეტ წუთში მოვრჩებით კიდეც, მეც უნდა წავიდე.
ირაკლი : წასვლას მოუკვდა პატრონი, თავიდან როგორა ვთქვით, არ გახსოვს?
დიდი ბობა : სად მიდიხარ, კაცო.
სულხანი : რა ვიცი, საქმე მაქვს.
დიდი ბობა : საქმე ყველასა გვაქვს აქ, კაცო.
პატ. გურამი: წასასვლელი რომ არა გვაქვს, კაცო?!
რეზო : ბობასთან წავიდეთ ბაზარში.
პატ. გურამი: ბობასთან ბაზარში ბატები ბუდობენ ბევრი ბარტყებით.
რეზო : სუსო, სუსო, რა დიდია და რა სავია.
პატ. გურამი: ბატები ბუდობენ ბევრი ბარტყებით.
დიდი ბობა : და არ გიტირეთ ყოფა ორივეს, ადგილიც არ არის, კაცმა ჭკუა გასწავლოთ.
რეზო : ჭკუა სასწავლია.
პატ. გურამი: ჭკუები სასწავლია.
დიდი ბობა : და თუ მე მაბრაზებთ, წესიერად მაინც გამცინეთ, კაკნიბუტ არის ბობაში, რისი გადაღებაც შეიძლება самым достойным образом.
ირაკლი : ეს ბობა ვინ მოიყვანა?
გურამი : მე.
ირაკლი : რა უცნაური ტიპია, არა?
სულხანი : ძველი ნაციხარია, ახლაც განაბია. არ იცნობდი?
ირაკლი : მაგას არა, ეს რეზოც აღარ ისვენებს!
სულხანი : გააჩერე მერე.
ირაკლი : რაც გინდა იყოს, მხატვარია, ხო იცი, ექსცენტრიული ტიპია, მგრძნობიარე ნატურა იწვევს ამას უნებლიეთ.
სულხანი : ამას სულ ასხია, პატარა გურამს.
ირაკლი : რას ამბობ, მაგას რომ ესმის რეზოს მხატვრობა, ისე არავის, მაგან აღმოაჩინა, ხო იცი.
სულხანი : მაგაზე კარგა ბობა გაიგებს, რამე რომ იყოს.
დიდი ბობა : ახლა ამათ წამოიწყეს ბაზარი, ისე ლაპარაკობენ ჩვენზე, თითქოს აქ არა ვართ.
ჯიმშერი : ეგ გასაგებია, მე მგონია...
სულხანი : გაჩერდით რა, ბიჭებო, გავაგრძელოთ წარმოდგენა, მერე ხუთწუთიანი გარჩევა მოვუწყოთ და მე პირადად წავალ, სულ 15-20 წუთი დრო მაქვს.
დიდი ბობა : აქ უსაქმური არავინ არის.
ჯიმშერი : რა თქმა უნდა, ყველანი წავალთ.
რეზო : სად წავალთ?
გურამი : შენ გაჩუმდი და შენი საქმე იცოდე, როცა კისტს მოგცემენ.
გიული : მაგ კისტზე მომაგონდა ახლა: გიჟების გამოსაშვები საღამო რო იყო, ერთი ავიდა კიბეზე და ღებავს კედელს თეთრ ფერში; ამ დროს მეორე მოჭკვიანებულ გიჟს დასჭირდა კიბე, მივიდა წამოსაღებად და ზედ ასულს ეუბნება – ბიჭო, კისტი მაგრა დაიჭირე, კიბე უნდა წავიღოო.
პატ. გურამი: კაცო, რაღაც წვერმა შემაწუხა, რამე ისეთი და უცებ მეზრდება.
რეზო : რა წვერმა?
პატ. გურამი: შენ თუ არ დაგიხატე წვერი, ისე ვერ მიხვდები.
გიული : წვერიანი კია, მაგრამ კარგია.
პატ. გურამი: კარგი გულით ნათქვამი თუა, კარგია.
გიული : რას იზამ, ყველას არ გვესმის ხატვა.
პატ. გურამი: თორემ მათემატიკის ამოცანებს აბულბულებ.
გიული : რა შუაშია ეგ.
რეზო : რა გიჟია და რა ტუტუცი.
გიული : ვინ მეუბნება, ბიჭო, მაგას, თავგასიებული რეზო?
რეზო : რა გრძელია და რა მკვახეა.
გიული : ვინაა მკვახე, დიდთავა კოპებიანო.
რეზო : როგორა გავს მაიმუნს სიპატიურობით.
პატ. გურამი: დეფექტურია და დეფორმირებული.
გიული : ვინაა, ბიჭო, დეფორმირებული, ჰა?
დიდი ბობა : კარგით, კაცო, ისევ წამოიწყეთ?
გიული : შენ დაემატე, თუ გინდა.
დიდი ბობა : და ეს გიული ვინ არის, კაცო.
გიული : გიული ვარ, ჟღენტი.
დიდი ბობა : ჟღენტი? მენტი, გიული? მიული. წამოხტებიან ეს ლაწირაკები და ვერა ხედავ, ბიჭო, ჭანჭურივით ხმები, რა გახტუნავებს! ненавижу таких латираков.
სულხანი : კარგით რა, ბიჭო, ერთი წამით, მოგვასმენინეთ სპექტაკლი.
დიდი ბობა : მეც მაგას არ ვასმენ?
გურამი : განაგრძე, თეზიკო.
იულონი : სად გავჩერდით.
გურამი : იქ, სადაც შენ ეუბნები თეზიკოს `ამის დამტკიცება შეუძლებელია, რომ შენ ჩემი ძმა ხარ~.
დიდი ბობა : როგორ შეუძლებელი, კაცო, იქ ყველაფერი ცხადი იყო, ის იმის ძმაა, ის უარს ამბობს და მორჩა.
გიული : რა მორჩა, ძმაო, ახლა იწყება.
დიდი ბობა : და შენ გკითხავენ რამეს? მე კაცს ვეუბნები, შენ თუ როგორ გესმის, ის არ გვაინტერესებს.
გიული : აბა, რაზე ვარ აქ?
დიდი ბობა : მე ბობა ვარ ლევი და არა ცერემონმეისტერი.
სულხანი : შენც იმაზე ხარ, რაზეც სხვები, ოღონდ ჩუმად იყავი და მოუსმინე.
რეზო : ეს სუსანა, სუსანა, რა დიდია და რა სავია, ეს სუსანა რა ქალია.
პატ. გურამი: რაფაელის მადონაა.
რეზო : ო დონაა...
პატ. გურამი: მორჩი, ბიჭო, რა შენი საქმეა სიმღერა.
რეზო : რა, ნახატები გამიფუჭდება, რო ვიმღერო?
სულხანი : კარგით რა, თქვენ გიცდით.
რეზო : რა სითბოა და რა ლეიბია.
პატ. გურამი: რა დიდია და რა ექსცენტრიული, რა ოლოლი!
რეზო : /წამოხტება/ ვაჰ, ოლოლი, ვაჰ, ოლოლი, ბიჭო, ხო არ გაიგო მხატვარმა ლადომ, ჰა, ირაკლი, ხო არ გაიგო?
ირაკლი : ლადო თვითონ ეთამაშება, ხო იცი.
სულხანი : იფ, რა კარგი რამეა ოლოლი.
დიდი ბობა : ეგ რომელი ოლოლი?
თეზიკო : ვიცი, მე ვიცი, იმათ ქუჩაზე მინახია.
ირაკლი : შოფრებთან დადის, ხო იცი, მეორადი სასქესო ორგანოები აქვს ზედმეტად განვითარებული, იმიტომ უყვართ შოფრებს. ლადოსაც ეგეთი ქალები უყვარს დასახატად, ხო იცი.
სულხანი : რუბენსის ქალებსა ჰგავს.
დიდი ბობა : что за шум! გამარკვიეთ საქმეში.
ირაკლი : მე ვერ მოვყვები, თვითონ მოყვეს.
რეზო : ბიჭო, დავიღუპე, ბიჭო, შევრცხვი, ვეღარც მიმესვლება ლადოსთან.
პატ. გურამი: ძალიანაც კარგი.
გიული : რა, ძალიანაც კარგი.
პატ. გურამი: არაფერი, ისე ვთქვი, შენ ვერ გაიგებ.
დიდი ბობა : კაცო, რა ხელებითა წერთ, ისე მოყევით, ჩვენც საქმის კურსში ვიყოთ.
რეზო : ბიჭო, ეს რა მომივიდა, მე ვერ მოვყვები თვითონ.
ირაკლი : შენ კარგადა ყვები, კაცო. მაშინ მე დავიწყებ, მერე შენ გააგრძელე.
რეზო : ვაჰ, რა მომივიდა.
პატ. გურამი: რა მოგივიდა, არაფერიც არ მოხდა.
რეზო : ლადომ რო გაიგოს, ლადომ რო გაიგოს...
პატ. გურამი: გაიგოს და გაიგოს, თვითონ ვითომ არ მოუნდება ხოლმე, ჰა?
გიული : სულ ტიტველს ხატავს თვითონ?
სულხანი : აბა, ჩაცმული რა დილიხორია.
ირაკლი : მერე რა მეორადი ორგანოები აქვს, ხო იცი.
თეზიკო : ერთხელ მე ვუყურე ბოძზე ამძვრალმა, ტიტვლებს რო ხატავდა.
დიდი ბობა : თავისი მეორადი ორგანოებით?!
გიული : ეგ მეორადი ორგანოები რაა, ა?
ირაკლი : კაცი უმაღლესს ამთავრებ და ეგ არ იცი? მკერდი და...
დიდი ბობა : ძუძუები თავისი დის ტრაკებით. ის არის, რაც არი, მოაყოლეთ კაცს.
ირაკლი : ყური დამიგდეთ მაშინ, სულ ორ წუთში გავაგრძელებთ სპექტაკლს.
რეზო : რა დიდია და რა სავია.
პატ. გურამი: მაიცა, რეზო, მოვუსმინოთ შენ ამბავს.
ირაკლი : ერთ დღეს ეს კუზმანა არა მხვდება ქუჩაში, პატარა გურამი მეუბნება, ერთი კაცის ნახატები უნდა გაჩვენოო, ლადოს სჯობიაო. მე არ დავუჯერე. ხო იცი, კუზმანა რის კუზმანაა, თუ არ შეგაცდინა. თითქმის ძალით წამიყვანა. თურმე რეზოსთვის უთქვამს წინასწარ, ირაკლი უნდა მოვიყვანოო. ამას სახლში დიდი ტილო გაუკრავს და მუშაობს. ხიროსიმა უნდა დავარქვაო, მითხრა. მერე სხვებიც ვნახეთ: რაც მთავარია, გულწრფელი ნახატებია.
რეზო : ეჰ, ეგ ძველი დახატულები იყო, იმ დროს თან არ მეცალა, გამოცდები..
პატ. გურამი: აბა, ბიჭო, კი არ მიიღეს აკადემიაში!
ირაკლი : იმიტომაც სჯობია იმათ, გარყვნილი არ არის, ჯანსაღია, ხო იცი.
დიდი ბობა : თან საქმე, კაცო, მე ოლოლის ამბავი მაინტერესებს.
ირაკლი : ჰოდა, მომეწონა ნახატები. პირში, ხო იცი, არ ვეტყვი ახლა. შევპირდი, ძია ლადოსთან წაგიყვან-მეთქი. ხშირად დავდივარ, ხო იცი, იმათთან.
დიდი ბობა : ოლოლი ჩქარა იქნება, კაცო?
ირაკლი : ჯერ მივიყვანო იმათთან სახლში. იმას ვამბობდი, მეორე დღეს წავიყვანე, გავაცანი ლადო და დავტოვე იქ – ნახატებზე უნდა ემუშავა, ერთი დიდი დაუმთავრებელი ტილო ედგა, რაღაც თარსად დაუწყო თავიდანვე ამ გოთვერანმა – ბოდიში, ამ ყურუმსაღმა – ყურება.
რეზო : ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, როგორ შევრცხვი ლადოსთან.
ირაკლი : მერე რა მოხდა, თვითონ მოჰყვეს.
დიდი ბობა : დაიწყე, ბიჭო, რისი გრცხვენია.
პატ. გურამი: აცალეთ, თვითონ დაიწყებს უთქმელად.
რეზო : ბიჭო, სულხან, რა მომივიდა! ნეტა გაიგო თუ არა ლადომ, რო გავიდა. ჰო, თვითონ ჯერ ხატავდა, მერე წავიდა. მე მითხრა, თუ გინდა დარჩი და ნახატები ათვალიერეო. ოლოლიც იქვე დადიოდა ლადოს სურათის გვერდით, მერე დადგა დასახატ პოზაში. ლადო წავიდა. ამ დროს, ჩემ საუბედუროდ, არ გამოირთო სინათლე! და მე უცებ ვეტაკე ოლოლის.
ირაკლი : ჰი,ჰი, ჰი...
სულხანი : ხა, ხა, ხა...
გიული : ჰიპ, ჰიპ, ჰიპ..
პატ. გურამი: მერე, რეზო, მერე, რეზო?
დიდი ბობა : ჰა, ჰა, ჰოო თუ არა.
რეზო : არა, ბიჭო, არა, ისევ აინთო სინათლე.
ირაკლი : ეგეთ ტიპებზე სინათლე დამაწყნარებლად მოქმედებს.
პატ. გურამი: крупный эксцентричный парень.
ირაკლი : მეორე დღეს მივედი, ხო იცი, ლადოსთან. რა მიყო, იქ აღარ მიმესვლება. ოლოლი ამბობს, დიდი თავი ჰქონდა და კოპები ესხდა ზედ, თორემ დავაპეპლინებდიო თავს, ხო იცი.
დიდი ბობა : ნატური დავაპეპლინებდიო?
ირაკლი : მე თვითონ მითხრა.
დიდი ბობა : ჰა, ჰა, ჰა...
ყველანი : ჰა, ჰა, ხა, ხი...
რეზო : ლადომ გაიგო, ლადომ გაიგო?!
ირაკლი : ჯერ არ გაუგია. მხოლოდ ეტყვის ოლოლი, ხო იცი.
რეზო : არც ნახატი უნახავს. ლადო რო წავიდა, იმის დამთავრება დავიწყე მე თვითონ.
ირაკლი : ლადოს ნახატის?
სულხანი : ლადოს ნახატის, აჰაჰაჰა.
რეზო : აბა, ბიჭო, და გამიფუჭდა. ეგ სხვანაირადა ხსნის საღებავს, მე სხვანაირადა ვხსნი საღებავს.
პატ. გურამი: ვაჰ, რა ექსცენტრიულია.
დიდი ბობა : ექსცენტრიული კი არა, გიჟი ყოფილა, კაცო.
რეზო : ეგრე გამოდის, არა, ჩემი საქციელიდან!
დიდი ბობა : კაცო, ის ქალი, ოლოლი, მართლა იმნაირია?
პატ. გურამი: ახლა შეუჩნდება ამას ოლოლი.
დიდი ბობა : მა შენ გიყურო? ცოტა მაინც გაზრდილიყავი, არცა ჩანხარ, რო დადიხარ.
პატ. გურამი: თორე შენა ხარ.
დიდი ბობა : მე, რაც გინდა იყოს, მაინც ბობა ვარ, ლევი, დიდი ბობა.
სულხანი : ააა, აბა მოგდომებიათ თქვენ მთელი დრო, რისთვის მოვედით აქ?
დიდი ბობა : მე რას მიყურებთ, კაცო, მეც მაგას ვამბობ, დავიწყოთ და ყველამ თავი დავიჭიროთ რამენაირად. ნურც ერთმანეთს ვაწყენინებთ და ნურც თეატრს შევუშლით ხელს, თორე...
პატ. გურამი: თორე ჩავარდა წარმოდგენა და ეს არის.
რეზო : მერე რა წარმოდგენა!
გურამი : ჰი, მართლა, სუ ნუ გაღლიცინდით, დაიღალა ხალხი. დაიწყე, იულონ.
იულონი : მე მზადა ვარ, გურამ.
გურამი : თეზიკო, მოემზადე შენც.
თეზიკო : მე უკვე იმდენჯერ მოვემზადე, თავი დამებნა.
სულხანი : იმ კაცს უთხრეს, წყნარად იქცევა, შენ რა მოგივიდა, რას იპრანჭები ქალივით.
თეზიკო : შენ შენთვის იყავი, მე თვითონ მოვუვლი ჩემს თავს.
სულხანი : რა გწყინს, შე კარგო კაცო, სიტყვა ვეღარ უთქვამთ.
თეზიკო : მე არა მწყინს. უბრალოდ, სხვისი საქმე არ არის.
იულონი : კარგით, ნუ იჩხუბებთ ამისათვის; მე მზადა ვარ გავაგრძელო.
რეზო : ერთ სიტყვასაც ვიტყვი და მერე.
დიდი ბობა : ეგ რომ არ გეთქვა, ისე ვერ იტყოდი, ახლა უფრო გრძელი არ გამოვიდა ვითომ?
პატ. გურამი: კაცო, ბობას დაუგდეთ ყველამ ყური.
დიდი ბობა : ბობა ყურებს აუწევს აქ ვიღაცას.
ირაკლი : და ეს ბობა რა გაგვიხდა, რა არის ამისთანაო.
რეზო : არსენას ამბავი არ გამაგონოთ; არა, ბობა?
დიდი ბობა : ნუ სარგებლობთ ბობას სიკეთით, ახლა რომ ხმას არ იღებს. რომ გაბრაზდეს, მერე რას ფიქრობთ.
პატ. გურამი: აქ ყველანი იმიტომ მოვედით, რომ ვიხუმროთ.
რეზო : ვიხუმროთ და ვილაზღანდაროთ.
დიდი ბობა : და სალაზღანდაროდ სხვა ადგილი ვერ ნახეთ, კაცო?
გიული : ეგაა, ბიჭო, ის სხვა ადგილი.
დიდი ბობა : მაშ, ვილაზღანდაროთ.
ირაკლი : აკი ვლაზღანდარობთ, არ გეყოფათ?
დიდი ბობა : ლაზღანდარობის ყოფნა იქნება?
პატ. გურამი: რა დიდია და რა ლაზღანდარა.
რეზო : რა რა რა არი.
ჯიმშერი : აქ მართლა იმიტომ მოვედით, მე მგონი, რომ ამხანაგის დაწერილ წარმოდგენას ვუყუროთ.
სულხანი : რა თქმა უნდა, იმიტომ მოვედით. მოვუსმინოთ, ბიჭებო.
ირაკლი : ჩვენი მიზანიც ეს არის. მოვუსმინოთ წარმოდგენას და ჩვენი აზრი ვთქვათ. თქვენ რას იტყვით?
დიდი ბობა : აზრი უნდა ვთქვათ, აბა როგორ!
რეზო : ჯერ მოგვასმენინეთ ბოლომდე.
პატ. გურამი: მოისმინეს და მოიწონეს.
ირაკლი : ჰოდა, დავუგდოთ ყველამ ყური, თორე ისე უაზრო იქნება ჩვენი აქ ყოფნა ამდენი ხანი ჩაკეტილში, თუ ვერ გავერკვევით რა შინაარსის და რა ღირსების პიესა დაწერა გურამმა.
ჯიმშერი : ირაკლი სწორს ამბობს. ეს უაზრობა რომ არ დაგვემართოს, გთხოვთ ყველას, გაჩუმდეთ და მოვუსმინოთ პიესას, რომ გამართლებული იყოს ჩვენი დღევანდელი აქ ყოფნის მიზანი – წარმოდგენის მოსმენა. მე მგონი, ამაში გაუგებარი არავისთვის არაფერი არ არის, არა?
სულხანი : არის!
ირაკლი : რა არის გაუგებარი?
ჯიმშერი : ჩვენი მიზანი არ იყო წარმოდგენის ყურება?
სულხანი : იყო.
ირაკლი : აბა, რა არის გაუგებარი?
სულხანი : გაუგებარი ის არის, რატომ მოვედით ყველანი აქ.
ჯიმშერი : არ მესმის, რის შესახებ ამბობ.
სულხანი : მე ვამბობ სწორედ წარმოდგენის შესახებ, როგორც მხატვრულად, ისევე იდეის მიხედვით, მე ვამბობ იმ ხალხის შესახებ, რომლებიც თამაშობენ წარმოდგენის გმირებს და რომლებიც უყურებენ მას.
ჯიმშერი : ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ წამოიწყე ეგ ლაპარაკი.
სულხანი : იმიტომ, რომ ყველანი ცდილობთ, რაც შეიძლება შორიდან აუაროთ გვერდი იმ ძირითად შინაგან მიზეზს, რატომაცა ვართ ჩვენ ყველანი აქ მოსულები.
ჯიმშერი : ეგ ლაპარაკი შორს წაგვიყვანდა.
სულხანი : მოდით, ერთხელ მაინც მივიდეთ ახლოს სინამდვილესთან. როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი წარმოდგენებით, ქეიფით, ღვინით და სხვა რაღაცეებით, როცა ერთმანეთს ვხვდებით.
ირაკლი : შენ ეგ თავის მოტყუება გგონია. რატომ?
სულხანი : აი, გავერკვიოთ რატომ, მეც იმიტომ წამოვიწყე ეს ლაპარაკი. სულ მივდივართ მაგასთან და რაღაც გვერდს ვუვლით.
ჯიმშერი : ყოველ შემთხვევაში, ეგ ჩემი ბრალი არ არის.
ირაკლი : არც ჩემი ბრალია.
დიდი ბობა : მაშ, გამოდის, რომ მე ვარ დამნაშავე.
გურამი : შენ რა შუაში ხარ.
დიდი ბობა : მეც მაგას არ ვამბობ?!
სულხანი : ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე, ყველანი? აა, არა, ასე არ უნდა მეთქვა, მინდოდა გულწრფელად დამეწყო და არ გამოვიდა. ჩვენ ყველანი არა ვართ დამნაშავე, არც რეზოა დამნაშავე, არც პატარა გურამი, ბობას დღეს პირველადა ვხედავ, ბობაზე არაფერს არ ვამბობ.
გიული : მაშ, ვინ არის დამნაშავე?
სულხანი : არ ვიცი, თითქოს ვიცი და რაღაც არ მყოფნის, რომ ვთქვა. ზედმეტი გულახდილობა მინდა და არ გამომდის, ვგრძნობ, რომ იმას არ ვამბობ, რაც უნდა მეთქვა.
ირაკლი : შენი ნათქვამით, მე და ჯიმშერი ვართ დამნაშავეები.
სულხანი : ჰო, შენ და ჯიმშერი ხართ დამნაშავეები.
ირაკლი : შენ, ბიჭო, შენი თავის დაძვრენა გიყვარს.
სულხანი : აი, ხედავთ, არ გამომივიდა. მინდოდა პირდაპირ მეთქვა, ალალად, და კაცს ვაწყენინე.
ჯიმშერი : ამიტომ უნდა დაუფიქრდე, როცა ლაპარაკობ.
სულხანი : აი, აი, არ ამბობ სწორს, როგორ არ გითხრა, სულ ვერ გამიგეთ, კაცო, მე სულ სხვა მინდოდა მეთქვა; მე მინდოდა მეთქვა, რომ თქვენთან ერთად მეც დამნაშავე ვარ გარეგნულად, მეც ისევე ვიქცევი, როგორც თქვენ; ეგრე ნუ იყურები, ჯიმშერ, შინაგანადაც ისევე ვიქცევი, როგორც შენ, მაგრამ არის რაღაცა, რის თქმის საშუალებასაც, უბრალოდ, არ მაძლევთ.
ირაკლი : აი, შენ ამბობ, რომ ისევე იქცევი, როგორც ჯიმშერი ან, დავუშვათ, მე, მაგრამ სულ ორი სიტყვა თქვი და შენი ქცევით უკვე დაიწყე გამოყოფა.
ჯიმშერი : მე, მე, უბრალოდ, ძალიან მიჭირს მასთან კამათი.
სულხანი : ჩემთან ორივენი სწორი ხართ. მე არ ვიყავი სწორი, რო დავიწყე, არ შეიძლებოდა, ვიცოდი ასე დამთავრდებოდა.
ირაკლი : რა, ვერ გაგიგებდით ჩვენ?
სულხანი : არა, მაგას არ ვამბობ.
ჯიმშერი : მე ვიცი, რომ სწორედ მაგას ამბობ, თან იძახი, მინდა გულწრფელი ვიყოო.
სულხანი : ნუ დამეხვიეთ ორივე, ბიჭო. მართლა სხვა მიზანი მქონდა, როცა ლაპარაკი დავიწყე, არ მინდოდა არც ერთის წყენინება, არც რაიმე თქვენთან.
ირაკლი : როგორ, კაცო, ჩვენ სულ გამოგვთიშე. პირადად ჩემზე ვამბობ.
სულხანი : არა, არა, იმიტომ კი არა, რომ თქვენ გამოგთიშეთ, თუნდაც შენ, აი, უყურე, არ დამამთავრებინე ლაპარაკი; ახლა უკვე ის აღარ არის, რაც მინდოდა.
ჯიმშერი : შენ სულ ის არ გამოგდის. მაპატიე, მაგრამ...
სულხანი : მე მართლა სულ ის არ გამომდის.
ირაკლი : ეგ დათანხმება კაცის გაფარჩაკებაზე უარესია, ხო იცი.
სულხანი : არ ვიცი, არ ვიცი. მოდი, რა, დამიგდე ყური, ირაკლი.
პატ. გურამი: დავუგდოთ და მოვუსმინოთ, კაცო, ერთმანეთს.
სულხანი : შენი ჭირიმე, ცოტა ხანს ნუ ანგლობთ, თუ შეგიძლია.
რეზო : იქნება რა აქვს კაცს სათქმელი.
სულხანი : გმადლობთ, რეზო, რომ გჯერა, რომ მართლა ბევრი მაქვს სათქმელი; უფრო სწორად, რაღაცა მაქვს სათქმელი.
რეზო : ხო, მესმის, ხო იცი...
სულხანი : აი, იცი, რა იყო, ირაკლი, შენ იმიტომ მოგმართავ, რომ პირველად შენ გამომეკამათე. გურამს მერე მოვუხდი ბოდიშს, რომ წარმოდგენას ვაწყვეტინებ, თუმცა არ უნდა ბოდიში. აი, წეღან ერთი მომენტი იყო, აი, აქედან შევხედე ყველას, აი, ასე, გონებაში, სახის შუაში დავიჭირე გამართული ხელი ისე, რომ ორად გაყოფილიყო ოთახი, მოთამაშეები, იულონი და თეზიკო და სხვები, მერე თითქოს წამოვედი უკან, აი, აქეთ, და ისევ დავიჭირე ხელი, ახლა ერთ მხარეს მოექცნენ არტისტებიდან თეზიკო, მაყურებლებიდან მის გამოყოლებაზე პატარა გურამი – კუზმანა, ირაკლი, გიული, ჯიმშერი, მეორე მხარეს იყვნენ იულონი, რეზო, გურამი, და მე. რაღაცნაირი შური ვიგრძენი, იმდენად შუაში, მარტო გეომეტრიულად არ გამიგოთ, სითბოთი შუაში იდგა ბობა. ახლაც, აი, როცა ცალი თვალით გავხედავ, თითქოს ბობას სხეული მთლიანად იწოვს ყველას. ნიჭზე, სიდიდეზე, ვაჟკაცობაზე, ასეთ წვრილმან პრაქტიკულ რაღაცეებზე არ ვამბობ, იცოდეთ. აი, ისევ ვერა ვთქვი. ეს იცით, რისი ბრალია – რაღაცნაირად ზედმეტად ვგრძნობ იმას, რაც უნდა მეთქვა.
პატ. გურამი: ადგილი გამოიცვალე, უბრალოდ, და ისევ ამოკრეფ სათქმელს.
ირაკლი : ჩემთვის გასაგებია, რაც უნდა თქვა.
ჯიმშერი : ჩემთვისაც გასაგებია, რაც უნდა თქვა. აქ ბობაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ...
სულხანი : არა, არა, სწორედ ბობაზეა ლაპარაკი.
რეზო : და რა გახდა, კაცო, ეს ბობა.
სულხანი : შენი ჭირიმე, ახლა ნუ იხუმრებ, გთხოვ.
ირაკლი : ჩემი აზრით, აქ საქმე სუფთა სუბიექტურ აღქმაში უნდა იყოს.
ჯიმშერი : ეგ არის სულხანის უბედურება.
ირაკლი : თუნდაც ბობას ამბავი...
დიდი ბობა : და მორჩით, კაცო, მაგ ბაზარს, ბობა მოკვდა თუ წავიდა!
ჯიმშერი : სწორს ამბობს ბობა, როგორ შეიძლება კაცი აქ იდგეს და ისე ილაპარაკო იმაზე. შენ უკვე აპირებ პირში მეცე, ცუდ ლაპარაკზე არ ვამბობ. უბრალოდ, კაცზე ილაპარაკო, გაარჩიო ის, როცა თვითონ აქა დგას.
სულხანი : ბოდიში, ჯიმშერ, – ბოდიშს ხაზს არ ვუსვამ, იცოდე, – შენ რა თქვი, ვერ გავიგე; ბიჭებო, მიგდებთ ყველა ყურს? მე მინდა ყველას გელაპარაკოთ და, რაც მთავარია, ყველას ერთნაირი გულისყურით, ე.ი. ერთნაირი ყურადღების მიქცევით, იმ წვრიმალი ინტერესის სრული გამორიცხვით, რომელსაც მე ამ წამში ვგრძნობ და რომელიც მაიძულებს, ჩემი პასუხის დიდი ნაწილი სწორედ ეკუთვნოდეს ირაკლის და ჯიმშერს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არავისზე ნაკლებად არ მიყვარს.
პატ. გურამი: ეგ არც გვიფიქრია.
სულხანი : თქვენ ფიქრზე არ არის, მე თვითონ ვიფიქრე.
პატ. გურამი: შენ გინდა თქვა, რომ ყველა ერთნაირად გიყვარვართ.
რეზო : სიყვარულის ახსნა მოგინდა შუა სპექტაკლის დროს.
სულხანი : ჰო, ჰო და ჰო. შენ იხუმრე, მაგრამ სწორი თქვი, თან კარგადაც იხუმრე და კარგადაც ჩაამატე, ე.ი. თავის ადგილზე თქვი. მაგ ხუმრობაში, რომ მე `სიყვარულის ახსნა მომინდა~, არ იყო არც არავისადმი მიმართული დაცინვა, არც ზედმეტი გრძნობა, მანდ იყო ობიექტური სითბო. მაგ სიტყვებს როცა ამბობდი, რეზო, ვიგრძენი, როგორ გაგინათდა სხეული და როგორ მოგინდა შენ თვითონაც აგეხსნა სიყვარული; მე შენ მაგიერ გამეხარდა, ისევე როგორც მიხარია ბობას მაგიერ.
დიდი ბობა : ჰე, ჰე, კაცო, ისევ ბობაზეა ლაპარაკი.
სულხანი : ჰო, ბობა, შენი ჭირიმე, ნუ მიწყენ, ისევ შენზეა ლაპარაკი, წეღან რომ ვამბობდი და ვერ დავამთავრე; აი, შენ რომ გიყურებ, თბილი შურით მევსება გული, სიყვარულის შურით: როგორ შეგიძლია ასე განურჩევლად გიყვარდეს ყველა, თან ისე, რომ არ გეცოდებოდეს არავინ; ამასთანავე, შენ თავზე ისე ლაპარაკობდე, როგორც სხვაზე; ისიც გიყვარდეს და ამ დროს არ იყო ფრჩხილის ოდენა ეგოისტიც კი. აი, აი, ასე დაგინახე ყველას შუაში და, სხვათა შორის, არც შემთხვევით მოხდა, რომ კუზმანა და რეზო თითქმის შენთან ერთად სხედან, რაღაცნაირად სამივენი ძალიან გავხართ ერთმანეთს.
დიდი ბობა : კაცო, ამ კურკებს...
სულხანი : ჰო, ჰო, ჰო, მაგ კურკებს. აი, ეგ რომ მეთქვა მე სხვაზე, უნდა სწყენოდათ ჩემგან. მიუხედავად იმისა, რომ შენ სხვაზე ნაკლები არა ხარ ვაჟკაცობით, მეტიცა ხარ, მაინც არ სწყენიათ შენგან ნათქვამი და დაჩაგვრად არ იღებენ.
დიდი ბობა : ეგეთი რო იყო დიდი ბობა, არ იცოდით?
სულხანი : მოდი, ბობა, ისე ჯიგრიანად, როგორც შენ გულს გაუხარდება, როგორც შენ, აი, ამას, აი, ამ მკერდს ესიამოვნება, რომელზედაც ჩემ მუშტს ვურტყამ, ისე ჩაგკოცნი.
დიდი ბობა : მოდი, ბიჭო, ბობა მზად არის ჩასაკოცნად.
სულხანი : ჰმ, ამის დედა ავატირე, რაღაც უცებ დავთვერი უღვინოდ. შენ გენაცვალე, რეზო, და შენ, კუზმან; ბიჭებო, მაპატიეთ რა, ამათ რომ ველაპარაკები მარტო, მაგრამ ამათთან რაღაც საქმე მაქვს, ბობასთანაცა მაქვს ეგ საქმე, თქვენთანაც ყველასთან; ახლა რა იყო, იცით? შეიძლება ზედმეტი ვთქვი, სადღაც დამძლია არტისტულობამ, მაგრამ რანაირი შეგრძნება მქონდა, იცით? ძალიან ნაცნობი ყველასთვის. აი, ასე ხო დგას ხოლმე წრე, შეკრული წრე, და დაბალ ტაშს უკრავს, საცეკვაო ტაშს, წრის გული კი ცარიელია და მოცეკვავეს ელის, – რაღაცნაირად ვიგრძენი, მთელი კუნთები დამეჭიმა, აი, სახეზეც კი წამომახურა, – აი, ეგრე, ასე იდექით ჩემს გონებაში თქვენ, როგორც ახლა დგახართ წრედ და უკრავდით დაბალ ტაშს. მე სადღაც უკნიდან, მთელ ტანში მტვრევით წამოვედი, გამოვარღვიე რკალი წელში მოხრილმა, თავდაღუნულმა, ოღონდ სავსემ გამართვის სურვილით, წინ გაშვერილი მუშტით გაჭიმულ ხელზე; ცარიელა წრეში შემოვარდნილმა ერთი შემოვლა ასე შემოვუარე. ტაში მხოლოდ, როგორც ახლა, ოდნავ უფრო დაძაბული გახდა, მე ვიგრძენი საკუთარი ხერხემლის, მოღუნული ხერხემლის დაუოკებელი სურვილი და უცბად, ავარდნილ გაშლილ ტაშთან ერთად გავიმართე. ო, რა სასიამოვნოა წელში მოხრილი ყოფნის შემდეგ გამართვა: სხეული იზრდება და ბეჭები აღარ ეტევიან გარშემო სივრცეში, მანამდე მობღუჯული მუშტი იშლება უზარმაზარ ნიჩაბივით სილად, ნიჩაბივით უვნებლად და ალალად და ყოვლისშემძლედ.
ამ გამართვაში არ არის, გეფიცებით, არც თავის მოწონება, არც სურვილი იმისა, რომ მარტომ იცეკვო; აქ ჩემთვის მხოლოდ უფლებაა: იყო ისეთივე ადამიანი, როგორიც თითოეული ტაშის დამკვრელია, როგორიც თითოეული იმათგანია, რომლებმაც წრე შეკრეს.
პატ. გურამი: მაშ, ეს მოდი, წრის შემკვრელებს გაუმარჯოს!
სულხანი : არა, მაშ, ეს მოდი, მე გამიმარჯოს!
რეზო : სწორია, სულხანს გაუმარჯოს!
ირაკლი : გაუმარჯოს!
ჯიმშერი : უღვინოდ გაუმარჯოს!
დიდი ბობა : თუ გამარჯვებაა, ყველას გაგვიმარჯოს!
პატ. გურამი: მოდით, ეს უღვინოდ მთვრალებს გაგვიმარჯოს!
სულხანი : სწორია, მე მაგიტომ დავლიე ჩემი სადღეგრძელო. ჩემთან ერთად, კუზმან, შენ გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს შენ შენი სიყვარულით, შენი კაცობით, აი, ასე პირდაპირ, შენი კუზმანობით, აი, ასე დიდად, ჩემთვის თბილად და უაზროდ, როგორც ეგ სიტყვაა თავისთავად და მე მაპატიე, თუ...
პატ. გურამი: ვიცი, ეგ ყველაფერი რაზე დაიწყე, დედა მომიკვდეს, თუ შენზე მე ნაწყენი ვიყო.
სულხანი : არა, ტყუილად ნუ მარწმუნებ, შენ გაქვს უფლება და უნდა იყო კიდეც ნაწყენი.
პატ. გურამი: ეგ ჩემი ნებაა. მე გეუბნები, რომ არა ვარ ნაწყენი.
სულხანი : ეგეთი გული რომა გაქვს, იმიტომ გენაცვალე.
პატ. გურამი: ეგ კარგი გულით არ მომსვლია.
სულხანი : ჩემთვის სულერთია, რითი მოგივიდა.
პატ. გურამი: სხვა არაფერი არ შემეძლო მექნა.
სულხანი : სწორედ ეგ არის დიდი და კარგი, რომ ასე გულახდილი ხარ, როგორა გგრძნობ ახლა, იცი? აი, ასე, მოდი ჩემი იღლიის ძირში მინდა მოვიქციო შენი მხრები. ასეთი ნათესაური შეგრძნება მარტო მაშინა მქონდა, როცა ჩვენი, ორივესი, ირინკა მომყავდა ხოლმე ქუჩაში, უფრო სწორად, როცა კიბეებზე ჩამოვდიოდით.
პატ. გურამი: რეზო, გახსოვს ირინკა?
რეზო : როგორ არ მახსოვს ირინკა.
სულხანი : არ შეიძლება, ის გენახოს და არ გახსოვდეს. ჰა, კუზმან!
პატ. გურამი: კარგი, აღარ გინდა, ნუღარ იგონებ.
რეზო : რაც გინდა იყოს, კაცს უყვარდა.
სულხანი : აი, მაგიტომ ვენაცვალე მაგ კაცს, რომ ის გოგო უყვარდა, ის არ შეიძლება ცუდს ყვარებოდა.
რეზო : ახლაც უყვარს და არ გინდა, ბევრს ნუ ილაპარაკებ იმაზე.
სულხანი : ახლაც უყვარს? მეც მიყვარს კიდე, ოღონდ გავუშვი და აღარ მოვა ჩემთან აღარასოდეს.
რეზო : შენ გაუშვი?
სულხანი : მე გავუშვი.
პატ. გურამი: კარგით, ნუღარ ილაპარაკებთ ირინკაზე.
სულხანი : კუზმან, გახსოვს ის საღამო? მე მაშინ არ ვიცოდი, რომ შენც ძალიან გიყვარდა ირინკა, გახსოვს რა თმები აქვს მაგ გოგოს? არა, ვტყუი: მე ვიცოდი თქვენი ამბავი, ოღონდ თავი მოვიტყუე. არა, კიდე ვტყუი. თითქოს არც თავი მოვიტყუე, სულ სხვა რაღაცა იყო.
პატ. გურამი: მახსოვს, იქიდან რომ ერთად წამოვედით, მაშინ კინაღამ არ გაგიყარე დანა მუცელში.
სულხანი : აი, ხედავ? ხედავთ? როგორც, აი, ამ ჩემ ხუთ თითს, აი, ამ ხუთ თითს: ერთი, ორი, ხუთი... – მეზარება ბოლომდე დათვლა – ისე ვხედავ იმ დღეს, იმ კიბეებს, რომელზედაც ჩვენ ჩამოვდიოდით. მე მთვრალი ვიყავი.
პატ. გურამი: მე წვეთი არ დამილევია იმ დღეს.
სულხანი : ისევ მოვიტყუე: არც მე ვიყავი მთვრალი, მაგრამ მთვრალზე უარესად ვიყავი. კიბეებზე ჩამოსვლის დროს მარჯვენა ხელი გადავხვიე კუზმანას, მარცხენა ირინკას. გოგოს ყოველთვის მარცხენა ხელსა ვხვევ, მიყვარს როცა იღლიის ძირში შემოჯდება, როცა მომეკვრება ქალური მხრებით, რომლებიც ერთმანეთთან მიდიან მკლავის მოხვევისას, თრთიან. მაშინ შემოდის ჩემ სხეულში ქალი და სახეს გულზე მადებს. ამ დროს ვგრძნობ ქალს, ამ დროს ვიგებ ნათესავია ის ჩემთვის თავისი სხეულით თუ არა. უკანასკნელი ბოზიდან უპატიოსნეს ქალამდე შემიძლია ასე ამოვიცნო ქვეშეცნეულად ჩემი ნათესავი სხეულით, მისი დიდი გაგებით და მთელი არსებით შევიყვარო ის, თუნდაც მარტო ერთი საათით, ოღონდ მაინც მთელი არსებით.
პატ. გურამი: სულხან, ნუღარ ილაპარაკებ მეტს.
სულხანი : ა!
პატ. გურამი: იცოდე, შეიძლება მაწყენინო.
სულხანი : არ შეიძლება ეგ, ბიჭო, სწორედ მაშინ კიბეებზე მარჯვენა მხარეს შენ მყავდი მობღუჯული და ისევე გიგრძენი, როგორც ირინკა, როგორც ჩემი ნათესავი სხეულით, აი, ამიტომ გენაცვალე, აი, ამიტომ შემიძლია დავეცე შენ წინ მუხლებზე, ენით ავლოკო ის მიწა, რომელიც შენ გარშემოა და თავი არ დავიმცირო; ეს, ხომ გესმის, მე შემიძლია გავაკეთო ეს შენი გულისათვის, შენი გულისათვის ვურტყა თავი იატაკს.
პატ. გურამი: სულხან, სულხან!
ბიჭები : სულხან, სულხან!
რეზო : ადექი, ბიჭო, გეყოფა თავის რტყმა.
პატ. გურამი: მეც შემიძლია, როგორც შენ გააკეთე, ავლოკო მიწა, არ გჯერა? ადექი, ნუ ხარ დაჩოქილი და ნახე, ნახე, მეც, მეც.
რეზო : კუზმან, კუზმან.
ბიჭები : კუზმან, კუზმან, სულხან, გეყოთ მიწის ლოკვა და თავის რტყმა.
ჯიმშერი : თქვენი ჭირიმე, გეყოფათ ორივეს, რა მოგდით!
დიდი ბობა : ხალხო და რას ღელავთ?! არტისტები აქ არა ყოფილან?! რაღა ამ პატიოსან ხალხს ვაწვალებდით, შენი არ მიკვირს, დიდო გურამ.
სულხანი : აი, მაგ პირდაპირობისთვის გენაცვალე, ბობა. არც ირაკლი, არც ჯიმშერი მაგას არ მეტყოდნენ ჩემ აღტკინებაზე. ხე, ხე, შეეშინდებოდათ, რამე არ იფიქროსო.
ირაკლი : შენ ისევ ჩვენი პიროვნების შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ძალით გამოწვეული პათოლოგიური მოვლენიდან.
სულხანი : ხე, ხე, და მაგას ეძახი, რომ გამიგეთ?
ჯიმშერი : შენ რაღაც წინა აზრით მოდიხარ ჩვენთან, ეგ არის შენი ლაპარაკის ნაკლი.
სულხანი : გაჩერდით, თორემ ვიტირებ, არა გჯერა, არა? მართლა ვიტირებ. მაპატიეთ, რომ თითქოს ყველაფერი ხელში ჩავიგდე; ვიცი, რომ ეს ბოდიში უფრო გწყინთ, მაგრამ არ არის ეგ მარტო ჩემი ბრალი, ეგ ჩემი ტრაგედიაა, ბიჭო, გესმით? ტრაგედია. რამეს რომ ვამბობ ან ვაკეთებ, ერთ ნაწილს უნდა ვასიამოვნო, მეორეს უნდა ვაწყენინო, ამიტომ შემიყვარდა ბობა, რომ ეგეთი არ არის. აჰა, ბობა, შენ წინ თუ გინდა, მუხლს მოვიყრი, ფეხებზე გაკოცებ, როგორც ყველაზე პატიოსანი, ობიექტური კაცის წინ, შენ წინაშეც, რეზო, შენ წინაშეც, კუზმან, და არ შემიძლია იგივე გავაკეთო ირაკლისა და ჯიმშერის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, არა, თქვენზე ნაკლებად არც ერთი და, ღმერთო, ტყუილი არ გამოვიდეს ისევ – შეიძლება თქვენზე მეტადაც მიყვარდეს ისინი.
დიდი ბობა : რაღა მე გინდა რო მომბაძო, კაცო.
სულხანი : არა, ბიჭო, შენი მობაძვა კი არ მინდა...
დიდი ბობა : მა რა გინდა, კაცო?
სულხანი : მე მინდა ფეხებში ჩაგივარდე, იმიტომ რომ რაც გინდა ცუდი საქმე გააკეთო, საქმესთან ცუდი გულით არ მიდიხარ; იმიტომ რომ შენ არ იცი, ტყუილი შეცოდება რა არი; იმიტომ რომ შენ ყველაზე სამართლიანი კაცი ხარ; ვგრძნობ, რომ ავიწყვიტე, იქით აღარ მივდივარ, მაგრამ ვეღარა ვჩერდები. აი, ეგეთივე კაცია კუზმანა, არ იცით კუზმანა, ჰე, ჰე, ჰე. არ გეგონოთ, რომ ვიცინოდე. მე და ამას უფრო ძველი ანგარიშებიც გვქონდა, გინდა გითხრათ, გაგიხსნათ?! ერთხელ მე და ამ კაცს...
პატ. გურამი: არ გინდა ახლა მოგონება.
რეზო : სხვა დროს რა, სულხან.
სულხანი : რას მეხვეწებით, გეგონება, მართლაც ხელში ჩამეგდოს უფროსობა.
რეზო : მა, ხო არა გცემთ.
სულხანი : მცემეთ.
დიდი ბობა : კაცო, მერე და ხელის დასაბანი წყალი სად ვიშოვოთ?
სულხანი : ეგ როგორ გავიგოთ, ხუმრობ თუ მართლა? ჰე, ჰე, ჰე.
დიდი ბობა : როგორც ბობა ამბობს, ისე უნდა გაიგოთ.
რეზო : უბრალოდა თქვა და მორჩა.
ჯიმშერი : სულხან.
სულხანი : მე მითხარი რამე, ჯიმშერ?
ჯიმშერი : ჰო, შენთვის მინდოდა მეთქვა.
სულხანი : რა გინდოდა?
ჯიმშერი : არაფერი, სულ უბრალო რაღაცა. ნუ აიღე თავიდანვე ეგეთი ტონი, თითქოს მე გიწვევ.
სულხანი : არა, კაცო, რატო გეჩვენება, ნუთუ მართლა ეგეთი ტონი მაქვს.
ჯიმშერი : მე არ მეჩვენება.
ირაკლი : ახლა თქვენ დაიწყეთ! სად წაგიყვანთ, იცით, ეგ ლაპარაკი?
სულხანი : რატო გაურბიხარ მერე ლაპარაკს?
ირაკლი : არ მინდა ეგეთ აფექტებამდე მივიდე.
პატ. გურამი: ირაკლი თავს უფრთხილდება, არა, ირაკლი?
რეზო : გოგლიმოგლი, გოგლიმოგლი.
ირაკლი : რა გოგლიმოგლი, ბიჭო?!
რეზო : გოგლიმოგლი ორი კვერცხით.
ირაკლი : ჩემზე ამბობ მაგას?
პატ. გურამი: ჯერაც არ გიჭამია გოგლიმოგლი!
ირაკლი : რო ვჭამ, ორგანიზმს სჭირდება და იმიტომ ვჭამ. როგორც წამალი, ისე მაქვს გამოწერილი.
დიდი ბობა : ვისთვის გოგლიმოგლი და ვისთვის ორასი გრამი ჭაჭის არაყი.
რეზო : გოგლიმოგლი.
ირაკლი : შენ გეუბნები, ოლოლი რო უნდა დაგეპეპლა, დაუფიქრდი, როცა ლაპარაკობ.
პატ. გურამი: ფიქრის თავი სადა აქვს, ისეც იმხელა თავი აქვს.
ირაკლი : ჰოდა, დიდი თავი რომა აქვს, იმიტომ უნდა დაუფიქრდეს, რომ მთელი ჰქონდეს ყოველთვის.
სულხანი : კარგით, გეყოფათ, ნუ მიიღებთ ასე არასერიოზულად ჩემ ლაპარაკს.
ირაკლი : ისე, სულ შენი ბრალია. ახლა ამ ხალხმა ჩვენზე რა უნდა იფიქროს, ისეთი სიტუაცია შექმენი, თითქოს ჩვენ ყალბი ტიპები ვიყოთ.
სულხანი : სწორს ამბობ, მართლა ვერ მოვიქეცი კარგად. ბიჭებო, თქვენ წინ ვითხოვ ბოდიშს, არა ირაკლისთან და ჯიმშერთან. ეგენი ეგრე მიიღეთ, როგორცა ხედავთ, მართლა კარგები არიან, ეს კრიტიკოსი კაცია, ეს ფილოსოფიას სწავლობს.
დიდი ბობა : ვა!
ირაკლი : აი, ისევ არასერიოზულ მდგომარეობაში ჩაგვაყენე.
პატ. გურამი: აფსუსი არ არის, მაგას რეზოს თავი არა აქვს.
ირაკლი : თქვენ სულ იცინით და სერიოზულად უკვე ძნელი გახდა ლაპარაკი, თუნდაც იმიტომ, რომ აქ როგორღაც შეურაცხყოფის გრძნობა თითქოს დაიკარგა; მე რომ მითხრას კუზმანამ, კიდე შეიძლება მოვითმინო, მაგრამ ჯიმშერს პირველად ხედავს.
ჯიმშერი : ირაკლი, ისევ არასწორად დაიწყე შენ ლაპარაკი; აქ ყველა ერთნაირადა ვართ. ამიტომ მე არც მიმიღია შეურაცხყოფად.
ირაკლი : რო არ მიიღე, ეგ შენი ნაკლია.
ჯიმშერი : იყოს ჩემი ნაკლი. ყოველ შემთხვევაში, ეგ არ არის იმისი ბრალი და, თუ მართალი გინდა, მე მიხარია კიდეც, რომ ასე პირდაპირ, უცერემონიოდ მომმართავენ.
სულხანი : სწორს ამბობ შენ, ჯიმშერ, სწორია კაცი, რა გინდათ.
ირაკლი : მე რა ყოველთვის დამნაშავე გამოვდივარ.
სულხანი : გულახდილობა გვაკლია ჩვენ ყველას, გულახდილობა.
ირაკლი : მე შემიძლია ვიყო გულწრფელი თქვენთან.
სულხანი : მოდი, შევეცადოთ მართლა, თითოეული ჩვენი სიტყვა იყოს გულახდილი.
ირაკლი : მეც მაგ აზრისა ვარ, თქვენ რო თითქოს ჩემ წინააღმდეგ გაილაშქრეთ, გეგონება მე აზრების შემჭმელი ვიყო; რაც მე მაგ აზრისათვის გადავიტანე... ჯერ მთელი ჩემი ოჯახი მაგ იდეებისთვის გაწყდა, მერე სულ მთლად ბავშვმა დავიწყე ღამღამობით წიგნზე მუშაობა, მაგის გამო იყო, რომ კინაღამ დავბრმავდი.
სულხანი : აი, ისევ გადაუხვიე გულახდილობას და შენი ამბების მოყოლა დაიწყე.
ირაკლი : ჯერ ხო არ მითქვამს ბოლომდე.
ჯიმშერი : არა, ირაკლი, აქ სულხანი სწორია, ბობას გულახდილობა რომ მოგწონთ, რატომ მოგწონთ?
სულხანი : ალალია და იმიტომ.
ჯიმშერი : არა ხარ სწორი, შენ გგონია ირაკლი ბობაზე ნაკლები გულის არის?
სულხანი : არა, როგორ გითხრა...
ჯიმშერი : აი, ისევ არა ხარ სწორი: ფიქრობ, რომ ხო და ამბობს სხვას, არც შენ შეგიძლია, ხედავ, იყო ალალი, გულახდილი.
სულხანი : მე ვცდილობ, რაც შემიძლია.
ჯიმშერი : რაც შეუძლია, ირაკლიც ცდილობს, ოღონდ მეტი არ შეუძლია, იმიტომ რომ თავისი ფორმა არა აქვს. სხვათა შორის, ეს უფორმობა მაგის ბრალი კი არ არის, ეგ უფორმობა გვახასიათებს ყველას ჩვენ და თითქმის უკლებლივ.
სულხანი : ეგ არის ჩვენი ტრაგედია.
ჯიმშერი : შენ გგონია, რომ ახლა დამეთანხმე; არა, ეგ არ არის ჩვენი ტრაგედია, რადგან ეს საერთოდ არ არის ტრაგედია; ეს არის ჩვენი ბუნება, ქართველი კაცის ბუნება, რომელმაც არასოდეს არ იცის, რა არის ის თვითონ და სისტემატურად ცხოვრობს მეზობელ ჩვენებებში და არა თავის სინამდვილეში.
სულხანი : თითქოს გავიგე და ისევ დამეკარგა ძაფი.
ჯიმშერი : აი, რეზო აიღე. სწავლობს საინჟინროზე და დარწმუნებულია, რომ მისი მოწოდებაა ხატვა; ვთქვათ, რეზოს მართლა აქვს ხელოვნების ნიჭი; აი, შენ აშკარად გაქვს არტისტული ნიჭი, შეიძლება ძალიან დიდიც, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ უნდა იყო თვითონ შემქმნელი ხელოვანი და ამ ფორმასა და აზრს შორის ჭიდილში მიდის შენი ცხოვრება; ვიტყვი უფრო მეტს – გიული იმდენად შეეჩვია თავის მოსულელო ბიჭის როლს, რომ ის არამცთუ თავის ბუნებრივ, საშუალოდ ჭკვიანი ადამიანის ფორმაში არ გაცვლიდა მას, არამედ ძალიან ჭკვიანობასაც ითაკილებდა თავისი არსებობის გამოხატვის დროს.
სულხანი : მართალს ლაპარაკობ, ხო იცი... ჰო, სამწუხაროდ, მგონი, მართალია.
ჯიმშერი : რათა სამწუხაროდ? აი, ისევ ამოვარდა ფორმიდან. უბრალოდ, არ შეგიძლია გახდე არტისტი, ფანტაზიას, შემოქმედებას სწორედ იქ მისცე გასაქანი, იქ გახდე დიდი. რატომ არ არის, იცი, ეს სამწუხარო... გისმენ, კუზმან, ამაზე შემდეგ.
პატ. გურამი: კაცს უნდა, თვითონ წერდეს. რომელი უფრო დიდია, ხო უნდა გავითვალისწინოთ.
ჯიმშერი : ის კი არ უნდა გაითვალისწინო, რომელი უფრო დიდია, არამედ ის, რომელი უფრო თავისია.
სულხანი : სწორი ხარ, თითქოს სწორი... ოღონდ რაღაც მაინც ვერა ვგრძნობ.
ჯიმშერი : ჰო, შენ გგონია მე მწყინს, რომ ვერა გრძნობ ამას, რომ თუნდაც პატარა გურამი სამუდამოდ დაიღუპა, როგორც პატიოსანი ინჟინერი და ვერასოდეს ვერ იქნება ხატვის ტონის მიმცემი თავისი აზრებით... ერთი წამითაც არა.
ირაკლი : ყველა გამოგვლანძღე ერთ წუთში.
ჯიმშერი : მე? ერთი წამითაც არა, ერთი წამითაც. პირიქით, მე ჩემ ამბავსაც გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ნიჭი არა მაქვს მსახიობობისა, თუ ოდესმე რამეზე ვოცნებობ, ეს არის სცენა: ვიყო სცენაზე ხალხით სავსე დარბაზში და ვიყო დიდი არტისტი, უზარმაზარ კოჟრიან მტევანში მეჭიროს შანდალი ანთებული სანთლით და ნელა, სულ ნელა ვმართავდე მოხრილ ხელს, სანამ ის არ მიაღწევს უსასრულობას ჩემი მტევნის შემწეობით და სანამ ეს სინათლე არ გაანათებს ყველას!
ხი, ჰი, ჰი, გეცინებათ ყველას, ჰა? როგორ შეიძლება სათვალიან ჯიმშერს ჰქონდეს ასეთი სურვილი – იყოს არტისტი?! თანაც ეჭიროს ასე მაღლა აწეული შანდალი. აი, ასე! ასე მაღლა აწეული ერთი კი არა, ორი შანდალი, ათი შანდალი, ასი შანდალი!
რეზო : ეგ ხომ მეც მინდა!
სულხანი : ათასი შანდალი.
დიდი ბობა : კაცო, კაცო..!
ირაკლი : ეგ როდის მოგივიდა თავში?
ჯიმშერი : ეგ მე არ მომსვლია თავში, მე მაგ სურვილით გავჩნდი... კარგით, მე უკვე დავმშვიდდი და თითქოს შემიძლია ნორმალურად ვილაპარაკო... არტისტულობა, ჩემი აზრით, არის სუფთად ჩვენი ქართული ბუნება.
დიდი ბობა : ვითომ, კაცო...
ჯიმშერი : აი, შენ, აი, აიღეთ...
რეზო : ასი გრამი ბობა და გადაასხით მენზურაში.
ჯიმშერი : ხი, ჰო, თუნდაც, ოღონდ სერიოზულად, ყველაზე გულახდილი, ალალი ბობას ლაპარაკიც კი არის სუფთა სცენური, ოღონდ მისი ფორმა ისე შეესაბამება შინაარსს, რომ ვერც კი არჩევთ ერთმანეთისაგან დანარჩენები...
ირაკლი : ეგა გვღუპავს ქართველებს.
სულხანი : ფორმით გატაცება არის საშინელი რაღაცა, აი, მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა.
ჯიმშერი : თქვენ არ მოგწონთ ფორმით გატაცება; არც მე მომწონს, მაგრამ მე, მე ვამაყობ, რომ ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც არასოდეს არ აკმაყოფილებს თავისი არსებული ფორმა, რადგან არ იცის, რომელია ის – დაუკმაყოფილებლობა არსებულით – ეს არის ფორმა და ამას ჰქვია ქართველი კაცი; აი, მეც ვარტისტობ ახლა, ზედმეტად ვიქნევ ხელს და მე ამით ვამაყობ. ამან შეიძლება დამღუპოს მე, ამან შეიძლება დაგვღუპოს ჩვენ ყველა, დაგვღუპოს სხვა ფორმის ძიებამ, მაგრამ ის, რომელიც ნახავს თავის ნამდვილ არსს, ის იმდენად ნამდვილი იქნება, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ინანებს, რომ იყო მისი გზის უნებლიე მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით ის შეიძლება გავლანძღოთ კიდეც.
ჰო, იმდენად ბევრი რამე უნდა თითოეულ ჩვენგანს, რომ ძნელია, გაერკვიო, რომელი უფრო გინდა; დიახ, ჩვენი, ქართვალების, უმეტესობა ყველა დარგში თანაბრად ნიჭიერი ხალხია, ხოლო ყველაფერში თანაბრად ნიჭიერ კაცს არ შეიძლება ჰქონდეს თავისი ნამდვილი საქმე – ის აქვს მხოლოდ ცალმხრივად ნიჭიერ კაცს და გენიოსს, რომელიც, ჩემი აზრით, ცალმხრივად განვითარებული კაცის უმაღლესი ფორმაა, ამიტომ არის ჩვენთან ასე იშვიათი ცალმხრივად განვითარებული კაცი და გენიოსი.
უმორჩილესად გთხოვთ, არ მიიღოთ შიშველ ჭეშმარიტებად ჩემი სიტყვები, რადგან მე მაინც ამ პიესის ერთ-ერთი გმირი ვარ, ხოლო ძირითადი აზრი შეგიძლიათ გამოიტანოთ არა ერთის ან ბევრის ნალაპარაკევიდან, არამედ იმ გრძნობიდან, რომელიც აიძულებს მათ ილაპარაკონ...
მაშ ასე, ახლა ყველას გთხოვთ, გამხიარულდეთ... თქვენი ჯიმშერი... და კიდევ: გთხოვთ, დაუკრათ ტაში, ხოლო მე გავაკეთებ რევერანსს ან, როგორც მიღებულია, მეც დავუკრავ თქვენთან ერთად ტაშს. ბრავო!
– ბრავოო!
– ბრავოო, ბრავო!
– ბრავო, ბრავო და ვაშა!
– და ძალიან სერიოზულად ვაშა!
– შენ ილაპარაკე იმდენი, რომ ყველა ჩვენი სიტყვა ამის შემდეგ უაზროდ მომეჩვენება.
– ნუ გეშინიათ, თქვენ ისეთი ბიჭები არა ხართ, რომ ლაპარაკი ვეღარ შესძლოთ; სხვა რომ არაფერი, იმაზე ილაპარაკებთ, რამდენი ილაპარაკა ჯიმშერმაო.
– მაინც დაიკარგა ლაპარაკის ხალისი და სხვა რამე გვინდა.
– მაშინ გავაგრძელოთ სპექტაკლი.
– ნამდვილად გავაგრძელოთ.
– ჰო, მეც მაგის მომხრე ვარ.
– ცოტა გავერთობით მაინც ყურების დროს.
– მე უკვე აღარ ვიცი, საით ვუყურო.
– კარგი, ბობა, ზედმეტი ნუ მოგდის.
– თქვენ გგონიათ, მე ზედმეტობით მომდის?
– ეგეთ ლაპარაკს ბოლო არა აქვს.
– ჰოდა, გავაგრძელოთ, იქნება გულზე რო მოხვდეს კაცს, ისეთი რამე მოხდეს წარმოდგენაში.
არის, გურამ, შიგ ეგეთი მომენტი?
– როგორ გითხრათ...
– როგორც არის, ისე თქვი, კაცო.
– არა, ისე კი ვიტყვი, სიტყვა ვერ ვნახე სათქმელად. მოკლედ, კაცი რომ კვდება, ჰქვია იმას თქვენთვის რამე მომენტი თუ არა?
– გააჩნია, როგორა კვდება კაცი.
პატ. გურამი: მე ვიცი მაგისი შინაარსი; აი, უყურეთ და ნახავთ როგორა კვდება კაცი.
ჯიმშერი : იცით რა, აქამდე თითქოს მე აღარ მინდოდა, იმდენად აღგზნებული ვიყავი. ახლა რაღაც მომინდა, აშკარად ვგრძნობ, რომ მომინდა, რამე ხდებოდეს სცენაზე და მე მხოლოდ მაყურებელი ვიყო.
გურამი : მაშ, ვთხოვ ბიჭებს დაიწყონ, თორემ თვითონაც ძალიან მოიწყინეს; დაიღალე, თეზიკო? ამდენი ხანია შენ და იულონი უხმოდა სხედხართ, მოწყენილები, მაქეთა კუთხეში.
იულონი : არა, ჩემთვისა ვფიქრობდი.
თეზიკო : მე ყურს გიგდებთ.
პატ. გურამი: თქვენ რა მართლა დაქირავებული არტისტებივით იქცევით.
თეზიკო : სიტყვა სიტყვაა, რახან შეგპირდით, ვითამაშებ კიდეც ბოლომდე.
გურამი : დავიწყოთ ბარემ.
თეზიკო : კარგით. ადექი შენც, იულონ, მე უკვე მეშინია, ისეთი სახე გაქვს.
იულონი : ჩემი, ა!
თეზიკო : ჰო, რაღაცნაირი მჟავე სახე გაქვს, ნამძინარევი.
იულონი : მჟავე სახე, ა?!
თეზიკო : თუმცა როდის არა გაქვს შენ მჟავე სახე.
იულონი : მჟავე სახე?!
თეზიკო : რატომ მიყურებ ეგრე, არ ვამბობ სწორს?
ჯიმშერი : აქ ათასი ეგეთივე სწორი რამის თქმა შეიძლება, ოღონდ არ არის საჭირო.
თეზიკო : მე სწორედ მჭირდებოდა და იმიტომ ვთქვი.
იულონი : მე შენი ტოლი არა ვარ, იცოდე.
თეზიკო : უფროსი ხარ, მით უარესი შენთვის.
გურამი : რატო დადექი, თეზიკო, ეგეთ ხასიათზე?
თეზიკო : როგორზე?
გურამი : რაღაცნაირად გამომწვევად ლაპარაკობ.
თეზიკო : მე ვლაპარაკობ გამომწვევად?!
გურამი : აღარ გინდა, რომ ითამაშო?
თეზიკო : პირიქით.
გურამი : აბა, რატომ ლაპარაკობ ასე?
თეზიკო : გაბრაზებული უფრო კარგად ვითამაშებ, ხი, ხი, ხი, არა, იულონ?
იულონი : არ ვიცი.
სულხანი : რას იტყვით, ბიჭებო, დავიწყოთ ნამდვილი წარმოდგენა?
მე მინდა რომ დავიწყოთ, არა იმიტომ, რომ სანახაობა ვნახო. მე მგონი, გამიგებ, გურამ, ეს ჩემი სიტყვები შენს პიესას არ აყენებს ჩრდილს, უფრო პირიქით. უბრალოდ, ისეთი განწყობა ჩამოვარდა, რომ ყველას გვჭირდება, რაღაცა სხვას ვუყუროთ, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.
აი, ახლა ცოტა გვერდზე ვიდექი და რაღაცნაირად გვერდიდან აღვიქვი ყველაფერი. ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს მართლა სცენაზე ხდება ყველაფერი, ჩემს გონებაში სინამდვილეს ძირი გამოეცალა.
ირაკლი : ეგ შენ თვითონა ხარ ყალბი ტიპი და იმიტომ გეჩვენება.
დიდი ბობა : მეც ყალბი ტიპი ვარ? მეც ეგრე მეჩვენება.
სულხანი : საინტერესოა. ალბათ, არის წუთები, როცა ჩვენ ყველანი ერთნაირად ვხედავთ საგნებს.
იულონი : ჩემი საქმე არ არის, არც ვაპირებდი თქვენს ლაპარაკში ჩარევას, საერთოდ არ მიყვარს... მაგრამ ამდენი გულახდილობის ცდებისგან მეც უძიროდ დამტოვეთ, თითქოს ჰაერი ლაპარაკობს, თქვენი სიტყვებისგან თავი თითქოს იბერება, თავისუფლდება ტვინისგან და შიგ დიდ, მძიმე ბუშტებად დადიან უაზრო სახელები: ბო-ბა, გურამი, სულხანი, ჯიმშერი, ისევ ბო-ბა, მერე თითქოს ვიღაც უბერავს – ჰუჰუჰუიიი.
პატ. გურამი: რეზოს მეტი სხვა ვინ შეუბერავს, სიუუ.
რეზო : სავია, სავია, რა დიდია და რა სავია.
პატ. გურამი: რა სიმპატიურია.
სულხანი : ეგ რა, ცდა იყო, რომ გავმხიარულდეთ?!
პატ. გურამი: არაფერიც არ იყო, დიდი იყო და შავი იყო.
რეზო : ოთხი ცალი იყო და ოთხივე ექსცენტრიული.
სულხანი : ხალხი გიყურებთ. რეებს იძახით, ანგლობთ თუ მართლა აღარა ხართ ჭკუაზე?!
პატ. გურამი: ვანგლობთ.
რეზო : და მეტი რა დაგვრჩენია, არა, ბობა?
დიდი ბობა : დიდი ბობა უარს ამბობს ბობობაზე.
პატ. გურამი: და მერე ობობა რომ გახდეს, არ ეშინია?
გიული : ა! ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია.
სულხანი : ჰა?! ეს რაღა იყო ახლა, მართლა სულ უკან წავედი, თითქოს ჰაერიდან მოსულმა გიულიმ რომ წვრილი ხმა ამოიღო. და მართლა ხდება ეს თუ არა, არ ვიცი.
გიული : შენ იკითხე, თვარა, მე ქე მაქვს ჩემი ოთახი, აგერ მიდევს ჯიბეში გასაღები.
სულხანი : რას ლაპარაკობს ეგ, გესმის?
ჯიმშერი : არ მესმის.
პატ. გურამი: ო, რა მწიფეა ეს სულხანი!
რეზო : ო, რა ქარია!
პატ. გურამი: ო, რა მაგრა ასხია ხეს!
რეზო : ო, რა ქარია!
გიული : გიჟების ანეგდოტი მომაგონდა მაგაზე.
რეზო : ესეც რა ნოყიერია!
გიული : მათქმევინეთ, ბიჭო, ბოლომდე. თქვენ ამდენი ილაპარაკეთ და ერთი არ შემიწყვეტინებია.
ირაკლი : მე, მე... ლაპარაკიც თვლით არის.
სულხანი : რატომღაც ახლა ვერ ვამტყუნებ, საერთოდ, რაც გინდა მოხდეს ან ითქვას, ისეთი აწეული სიტუაციაა, სწორედ მიწიდან აწეული, რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი.
დიდი ბობა : მიწიდან თუ ჭკუიდან.
გიული : ე ბიჭო, მათქმევინეთ.
სულხანი : რა?
გიული : გიჟებზე ანეგდოტი.
სულხანი : მართლა გიჟებივითა ვართ, ხო იცი, არავითარი კონტაქტი არ არის ჩვენს ლაპარაკში; ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი გამოვა – იტყვის, მეორე გამოვა – იტყვის, მერე მიდის უკან და ყუჩდება თავისთვის, როგორც ობობა, რომელმაც ქსელი გააბა და ჩასაფრებული უცდის შიგ ბუზის გაბმას.
დიდი ბობა : და მართლა ეს ხალხი აზრების ობობები ხართ, კაცო.
ჯიმშერი : ნამდვილად, თანაც საშინლად მოშორდა ყველა ლაპარაკი ნიადაგს, აიწია, აიწია და თითქოს ღრუბლებს მიებჯინა, ახლა ერთი გზა დარჩა, რო გავიშალოთ, რეზოს თამადობით; თავის მიხედვით ვამბობ.
რეზო : მერე!
ჯიმშერი : ო... გაბრაზდი, ეგ ჯობია.
რეზო : რა ჯობია?
ჯიმშერი : ასე ნუ იქნება და გაბრაზდეს მაინც ვინმე, შეიგინოს, გინდაც გაარტყას მეორეს.
პატ. გურამი: ვა, მაგას შენ ამბობ, სათვალიანი?! შენზე ჭკვიანი აქ არავინ არ მეგონა.
სულხანი : მერე არ არის?! არა თქვა ჭკვიანური? მართლა ცოტა უნდა დავიწიოთ მიწაზე, თორემ ჭკუიდან ავიწევით და, გიულის რო უნდა მოეყოლა, იმ ანეგდოტის გიჟებივით, ხეზე რო ადიოდნენ და ერთი ეუბნებოდა...
რეზო : გიჟებო, ბოდიში, ბიჭებო, დამწიფდით?!
პატ. გურამი: მე ჯერ არა.
გიული : მაგი უკვე დალპა.
რეზო : ბიჭებო, დამწიფდით?
დიდი ბობა : კაცო, შენ ისევ მკვახე ხარ, სხვებს რას ეკითხები, ყელში გამეჩხირე ხურმასავით და ეგ არის.
რეზო : მაშ, მიდი, ბობა, შენ დაარხიე.
დიდი ბობა : ბიჭებო, დამწიფდით?
პატ. გურამი: ჩვენ კი დავმწიფდით, მაგრამ პირველი შენ არ ჩამოვარდე, ყველაზე მოწეული შენა ჩანხარ.
დიდი ბობა : დამწიფდით თუ არა?
პატ. გურამი: მიდი, ბობა.
დიდი ბობა : მიდი და შენი ყოფაც ავატირე, ვისაც უნდა, იმან დაარხიოს, მე აქ კუთხიდან გიყურებთ.
სულხანი : მეც, ძმაო, კუთხეში წავალ, არაფერი აზრი აღარა აქვს აქ დგომას.
ირაკლი : მე თავიდანვე ჭკუა ვიხმარე, აქ რომ ვზივარ.
გურამი : ო... ასე, გაჩუმდით ყველა.
რეზო : მე... მე!
გურამი : გაჩუმდი შენც, გესმის?!
პატ. გურამი: ჩიტი გამოფრინდება?
გურამი : შენი თავიდან. გეყოფა, არ გამცე პასუხი. როგორც პიესის ავტორი, დიქტატორობას ვიღებ ჩემს თავზე; იულონ, თეზიკო, დაიწყეთ. მერე ჩავერევი მე, დამწერი.
რეზო : და მე, მხატვარი.
გურამი : გაჩუმდი, შე საწყალო დიდთავა.
რეზო : საწყალო, ხი, ხი.
გურამი : რა გაცინებს?
პატ. გურამი: რაც მაგას გოგოები ჰყავს, რატომ არ იცინებს, სხვა რა ადარდებს. ნახავს გოგოს, ეტყვის – წამოდი, უნდა დაგხატოო და მერე მორჩა; არა, შენ რა უნდა უთხრა, დიდო გურამ, გოგოს: წამოდი უნდა დაგწეროო, ჰა?
დიდი ბობა : ხა, ხა, ხა.
სულხანი : ხი, ხი, ხი.
გურამი : ვისაც რა შეუძლია, იმას ეუბნება, გაუშვი, მე დავწერავ და მაგან დახატოს.
ბიჭები : ხა, ხა, ხა, ხი, ხი, ხი.
გურამი : კარგით რა, ვიანგლეთ, მორჩა. ისევ ანგლობა? ვიწყებთ, ბრძანებს დიქტატორი.
ჯიმშერი : უკაცრავად, კიდევ უნდა შეგაწყვეტინოთ.
სულხანი : რა მოგივიდა ამ წყნარ კაცს დღეს.
ჯიმშერი : არ ვიცი მე თვითონ, რაღაცნაირად თითქოს მართლა ბურუსში ვარ, თან მეცინება.
გურამი : მესმის, მაგრამ სწორი გითხრა, ბიჭებთანაც უხერხულია.
ჯიმშერი : ჰო, ვიცი, ისევ მაგათი მოთამაშეების სასარგებლოდ და ჩვენთვისაც, რაღაც ასე უცებ, ერთი შეხედვით, გაცილებით რეალურ ამბავზე, პიესაზე, გადასვლა, რაც უეჭველად უფრო რეალურია ჩვენს ლაპარაკთან შედარებით, რაღაც ზედმეტად კონტრასტული იქნება და მეშინია, ისევ არ ამოგვაგდოს. ე.ი. პიესაც ისე არ აღვიქვათ, როგორც ამ ამბების გაგრძელება.
სულხანი : ვერაფერს ვერ ეტყვი.
გურამი : ჰო, ვერაფერს.
ჯიმშერი : იმისათვის, რომ იყოს რაღაც შუა ხაზი, მოკლედ, შენი სიტყვებით მოგვიყევი, რა არის პიესის თემა.
გურამი : პირდაპირ მოყოლა ძნელია, იმდენად უბრალო თემაა – ოჯახური ტრაგედია: ერთი არის ნაშვილები აკვანშივე, ოჯახი ზრდის, უვლის; მეორე, უმცროსი ძმა კი, გაიზარდა საბავშვო სახლში, ის იკვლევს თავის გენეალოგიას და იგებს, რომ მისი უფროსი ძმა...
იულონი : მე, არა? ესე იგი...
გურამი : ჰო, შენ.
იულონი : კარგი, გააგრძელე, ხელს არ შეგიშლი.
გურამი : უფროსი ძმა იზრდება, ე.ი. უკვე გაიზარდა მდიდარ ოჯახში. უმცროსი ძმა არის ბუნებით ბოროტი, მიდის უფროსთან, რომელმაც მხოლოდ ბუნდოვანი ეჭვით იცის, რომ არ არის მათი შვილი.
სულხანი : დანარჩენს ჩვენი თვალით ვნახავთ.
ჯიმშერი : ჰო, საკმარისია. ეს ისე გთხოვე, შესავლისთვის.
სულხანი : ჩემს სხეულსაც თითქოს მომზადება სჭირდებოდა სხვის მოსასმენად, იმდენად ვიყავი გატაცებული საკუთარი ლაპარაკით.
ირაკლი : ერთი შეკითხვა მეცა მაქვს ავტორთან. თუ განგვიმარტავთ პიესის იდეა რა არის, ეგ დაგვეხმარება კარგ გაგებაში.
გურამი : იდეა?
ირაკლი : იდეას სხვანაირი გაგებით კი არ ვამბობ, `იდეურობა~ არ გეგონოს. უბრალოდ, იდეას გეუბნები, რა აზრი უნდა გამოვიტანოთ.
გურამი : აზრი? არ ვიცი. მაგ მხრივ, სრული უაზრობა უნდა იყოს ჩემი პიესა.
ირაკლი : ყველაფერს თავისი იდეა აქვს, რო გინდოდეს, უიდეოდ ერთ სიტყვასაც ვერ დაწერ. ამხელა პიესას იდეა არ ჰქონდეს, არ შეიძლება.
გურამი : იდეა შეიძლება აქვს, ოღონდ ფორმულირება არ შემიძლია.
ირაკლი : მაგის იდეაა, ალბათ, ოჯახის არდარღვევის იდეა.
გურამი : არ ვიცი.
ჯიმშერი : მე მესმის, რომ შეიძლება არ ესმოდეს.
სულხანი : ჰო, თითქოს სადღაც მივწვდი, რა უნდოდა ეთქვა გურამს.
გურამი : მე არაფერი არ მინდოდა მეთქვა.
სულხანი : მაშ, სულ ტყუილად მოვსულვართ და ეს არის.
გურამი : შეიძლება.
ჯიმშერი : ნუ ლაპარაკობ ასე, გურამ, თითქოს ჯიბრით, ხომ იცი, რომ არა ხარ სწორი.
გურამი : მეტი მე არაფრით არ შემიძლია თავი დავიცვა.
ჯიმშერი : შენ არავინ არ გესხმის თავს.
გურამი : არც ვამბობ მაგას, უბრალოდ, კონკრეტული იდეა არა მქონია მხედველობაში, ეს გამოდის საერთოდ ჩემი შეხედულებიდან ნაწარმოების არსის შესახებ.
ჯიმშერი : მაგასაცა აქვს თავისი იდეა.
გურამი : ნუ ვიხმართ აქ მაგ სიტყვას; ყოველგვარი წინა აზრის გარეშე ვამბობ, რადგან იდეა უკვე საზღვრავს რაღაცას, თითქოს ანკეტას ვავსებდე: თემა – ოჯახური ტრაგედია, იდეა – ? არაფერი, არაფერი არ მომდის თავში.
ირაკლი : მაშ, რისთვის უნდა ვუყუროთ.
გურამი : ჩემი აზრით, პიესა, თუნდაც რომანი, არასოდეს არ ემსახურება რაიმე იდეას, უფრო ფართო გაგებით ჰუმანურ იდეასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კარგ, დიდ ნაწარმოებში უეჭველად კაცთმოყვარეობაზეა აღებული ძირითადი ხაზი, იგივე შეიძლება ითქვას ცუდ ნაწარმოებზეც.
ირაკლი : ჰოდა, ეგა ყოფილა მისი დედააზრი.
გურამი : ეგრე შეიძლება არც დაგეწერა არაფერი. ცხოვრების დედააზრია საერთოდ გამოხატული ლიტერატურულ ფორმაში – იცხოვრო შენს ახლობელთან და შეიყვარო ის, როგორც შენი თავი.
ირაკლი : ჰო, ეგ უკვე იდეაა.
გურამი : ასეთ ზოგად რამეს არ შეგიძლია კონკრეტული ნაწარმოების დედააზრი უწოდო.
ირაკლი : მეც ეგა ვთქვი, კონკრეტული იდეა გვაინტერესებს-მეთქი.
გურამი : ნაწარმოების კონკრეტული იდეა არის ის შეუცნობელი განწყობილება, რომელიც ქვეშეცნეულად მოქმედებს მნახველზე თუ მკითხველზე, ემატება წვეთებად მის საკუთარ იმდროინდელ განწყობას და აღრმავებს მას; თუ მისი საკუთარი განწყობა არის, უხეშად რომ ვთქვათ, კარგი, კაცთმოყვარე – უღრმავებს კაცთმოყვარეობას, თუ არის ავი – უღრმავებს სიავეს და ამას აკეთებს ორ სხვადასხვა კაცში ერთი და იგივე ნაწარმოები, რომლის იდეა, როგორც მიღებულია ითქვას, ვთქვათ, არის – ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის ან სხვა რაიმე.
ჯიმშერი : მე გეთანხმები, ოღონდ არის ერთი ფაქტორი.
გურამი : მხოლოდ ნაწარმოების მხატვრული მხარე, მისი აღგზნებადობის განმსაზღვრელი, რომელზედაც თითოეული ადამიანი თავისებურად რეაგირებს და რომელიც სრულიად მოულოდნელ რეაქციას იწვევს ხოლმე პიროვნებებში, არის იდეა და ის ფაქტორი, რისი თქმაც გინდოდა შენ.
ჯიმშერი : ვგრძნობ, რომ სულ სწორი არა ხარ, მაგრამ არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
სულხანი : ჰო, ცილდება, ცილდება ეგ შეგრძნება და იდეა და მაინც თითქოს ვერ დავამთავრე ჩემს გონებაში.
გურამი : აა!
ირაკლი : ეგ უკვე ცხარობს.
ჯიმშერი : გურამი?
ირაკლი : ჰო, გურამის სისწორეზე არ ლაპარაკობს ეგ. თუმცა პირდაპირ მეც მიჭირს პასუხის გაცემა – ისე მიუდგა საკითხს, თითქოს ყველა გზები მოჭრა.
ჯიმშერი : აი, რა გამოიწვია, გურამ, რომ გაცხარდი; როცა ლაპარაკობ შენს ნაწარმოებზე, არასოდეს არ უნდა გაცხარდე.
გურამი : არ გავცხარდე?!
ჯიმშერი : არა, ყოველთვის დარჩება სხვისთვის რაღაც გაუგებარი, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, იდეა შენ უკეთ გაიგე თავისი არსით.
სულხანი : ჰო, ავტორი ხარ მაინც, რაც გინდა იყოს.
დიდი ბობა : ავტორი, რა, კაცი არ არის?
გურამი : მართლა, თქვენ თუ გაქვთ უფლება გაცხარდეთ, მე არა მაქვს? მეც ისეთივე ნერვები მაქვს, როგორც თქვენ. მერე რა, რომ იდეა, როგორც ჯიმშერმა თქვა, უკეთ მესმის თქვენზე; მე რამეს გაგება ხელს არ მიშლის ისევე ვიგრძნო და განვიცადო ის. – ა, აბა არა?
ირაკლი : მაინც არ ვარგა ეგეთი ლაპარაკი, თითქოს ჩიხში გვაყენებ, უკან დასახევი გზაც არ არის, რომ გეკამათოთ; ისე რომ, ფაქტიურად, არც უხეშობ ძალიან.
ჯიმშერი : ტონი მიიღო ისეთი, ეგ უარესია.
სულხანი : არის ჩვენს ნათქვამში, გურამ, სიმართლე.
გურამი : ჰო, ყველანი მართლები ხართ, მე მინდოდა მეთქვა, რომ მე მტყუანი ვარ, მაგრამ ეს ახალი ჩიხი იქნებოდა თქვენთვის; თუ დაიჯერებთ, არ მინდა და მაინც რატომღაც იქმნება ასეთი დაძაბული მდგომარეობა ჩემი ლაპარაკიდან. – გურამ, გაუშვი ეშმაკებისკენ ყველაფერი.
ბიჭებო!
არა გრძნობთ, რომ ამ წუთში ჩემი საკუთარი ნაწარმოები უნდა ითამაშონ, ჩემი საკუთარი ფილტვებით დაწერილი, ყვირილივით დაწერილი და მე ამას განვიცდი; განვიცდი ისე, როგორც არც ერთი თქვენგანი, ამიტომ გელაპარაკებით ზედმეტად გამომწვევადაც კი, არეულად, რომ შემდეგ შეფასებაში, თქვენს გულში კი არა, ჩემთან როცა შეაფასებთ, შეღავათი არ მისცეთ მას – აი, ეს არის სრულიად უადგილო გულახდილობა, თუ გინდოდათ; ბოდიში, მე ისევ ჩაგაყენეთ ჩიხში, მაგრამ მეც ხომ არტისტი ვარ გულით:
არ გესმით თქვენ, მე მინდოდა მეყვირა მთელი ფილტვებით, მინდოდა მეყვირა, აი ასე, გაშლილი ხელებით აწეულს, ადღლეზილს აუუუუუუ! ჰაააუ და არ მომრიდებოდა არაფრის – ეს იყო მთელი ჩემი კაცთმოყვარეობა. გესმით, რას ნიშნავდა ეს ხმა, ეს ყვირილი ჩემთვის!
სულხანი : ოოიუ! მეც დამებერა მართლა ფილტვები, თითქოს რაღაც ამოვისუნთქე მერე და სიმძიმე მოეხსნა გულს. აი, ახლა მართლა მზადა ვარ, სიამოვნებით ვუსმინო პიესას და თანაც ნაწარმოების აღმგზნებადობით გამოწვეული განწყობილების მხრიდან, რასაც შენ გულისხმობდი.
– მოდით აქეთ, მოდით, ერთად დავდგეთ ყველა, ყველამ ერთმანეთს გადავხვიოთ ხელი და ყველამ ერთი საათით მაინც ვიგრძნოთ ერთი მიზანი: ვუყუროთ პიესას და განვიცადოთ სუფთა მხატვრული სიამოვნება.
პიესა, რომელიც დაწერა გურამმა და რომელსაც
წარმოადგენენ თეზიკო და იულონი
სათაური: ი უ ლ ო ნ
თეზიკო
რა უცნაურია, არა?
იულონი
ჰო, საკმაოდ.
თეზიკო
ერთმანეთის პირდაპირ ვცხოვრობთ, მე თქვენს შესახებ ყველაფერი ვიცი, თქვენ კი მე პირველად მხედავთ.
იულონი
არა, მაგაში კი არ არის საქმე, რომ მე ყურადღებას არ ვაქცევდე სხვებს... ჩემი ცხოვრება სხვანაირად აეწყო.
თეზიკო
ნუ შესწუხდებით მაგაზე, მე ისეც ბევრი რამე ვიცი თქვენ შესახებ; მე თქვენ ყოველდღე გხედავთ მარტოს, მხოლოდ მარტოს და არასოდეს ამხანაგებთან.
იულონი
ეს იმის ბრალია, რომ ბევრ ხმაურს ვერ ვიტან.
თეზიკო
მხოლოდ იმ დღეს დაგინახეთ გოგოსთან ერთად.
იულონი
გთხოვთ, მაგის შესახებ არ გინდათ.
თეზიკო
ჰო, მართალი ხართ, არც არის საჭირო; ისეთი სახით დაბრუნდით უკან, ყველაფერი გასაგები იყო.
იულონი
მე უკვე გთხოვეთ.
თეზიკო
მთხოვეთ? `თ~? ო, მე მაგ `თ~-სთვის უზომოდ მადლობელი ვარ.
იულონი
არ ვიცი, რატომ უსვამთ ამ უბრალო ზრდილობას ხაზს.
თეზიკო
ეს ჩემი თვისებაა, რომ ყველაფერს ხაზი გავუსვა, თუნდაც სულ უმნიშვნელო იყოს.
იულონი
ალბათ. მე თქვენ არ გიცნობდით, მე თქვენ პირველმა შემამჩნიეთ.
თეზიკო
ეს უკვე ჩემს მოვალეობად იქცა, რომ პირველმა მე დავიწყო ყველაფერი; აი, მე თქვენ პირველად მოგიყვებით ერთ ამბავს, გაინტერესებთ? ჰა? ჰა? ძალიან ახლოს ხომ არ მოვედი.
იულონი
გთხოვთ, ნორმალურად ილაპარაკოთ.
თეზიკო
მე? ნორმალურად? მე, იცით, პატარა ეშმაკი მიზის, აი აქ, თავის კუთხეში, რომელიც უფლებას არ მაძლევს ნორმალური ლაპარაკის.
იულონი
თქვენ ჩვენს მეზობლად ცხოვრობთ?
თეზიკო
არ მესმის! ა, სად ვცხოვრობ? ეს ხომ უკვე მკითხეთ. მეც უკვე გიპასუხეთ.
იულონი
აჰ, ჰო.
თეზიკო
მე დედათქვენსაც ვიცნობ, მისი შლიაპის ფერიც კი ვიცი; აი, ხედავთ, რა დაკვირვებული ვარ – გიყვართ ის ქალი ძალიან.
იულონი
მართლა დაკვირვებული ხართ.
თეზიკო
ხო გითხარით, ხო გითხარით, თქვენ ჩემგან ბევრ კარგ რამეს გაიგებთ.
იულონი
აა, საინტერესოა, მაგრამ მეჩქარება, იცით?! მე წავედი.
თეზიკო
წადით, წადით; უფრო სწორად, იარეთ. მე ასე გდევთ ფეხდაფეხ და გელაპარაკებით.
იულონი
მე მგონი, ჯობია სხვა დროისთვის გადავდოთ.
თეზიკო
სხვა დროისთვის... ოი, ოი, ოი, რა საწყენია, რომ არ შემიძლია, არაფრით არ შემიძლია; ძლივს ვნახე ადამიანი, ვინც ყურს მიგდებს, ვინც, ვიცი, რომ ვერ გამექცევა.
იულონი
მე არ ვაპირებ გაქცევას, არც ყურის გდებას ვაპირებ.
თეზიკო
ნუთუ – რატომ?
იულონი
საქმე მაქვს სხვაგან.
თეზიკო
იქით, ქუჩაში, ხეების ბოლომდე, და უკან, არა? მე ხომ ვიცი თქვენი საქმე, მარტო სიარული, ერთხელ გავიაროთ ერთად.
იულონი
მე მეჩქარება.
თეზიკო
რა ცუდია, რომ არ შემიძლია არაფრით დახმარება გაგიწიოთ; აი, მე ამდენი ამბავი ვიცი თქვენს შესახებ, თქვენ კი ჩემი გვარი და სახელიც კი არ იცით.
იულონი
სხვა დროს იყოს, შემდეგ...
თეზიკო
თქვენ გინდათ თქვათ, რომ შემდეგ ნაცნობები ვიქნებით, ეგ არ კმარა, იცით, ჩემთვის; მე მინდა ჩემს შესახებაც იცოდეთ რამე.
იულონი
თქვენს შესახებ?
თეზიკო
აი, თქვენს შესახებ მე ვიცი: ხართ მარტო, არ გიყვართ ამხანაგები, გყავთ მდიდარი დედა და სხვა არავინ.
იულონი
რატომ ჰყვებით მაგას, არ მესმის, ვინ მოგცათ უფლება, ილაპარაკოთ ჩემზე.
თეზიკო
უფლება? მე მაინტერესებს, ვინ წამართვა უფლება, ვილაპარაკო ჩემს თავზე.
იულონი
ილაპარაკეთ მერე.
თეზიკო
მერე ყურის დამგდები ხომ მინდა.
იულონი
ნახე ვინმე ამხანაგი, მეგობარი, ნათესავი.
თეზიკო
ნათესავი?! მე მინდა ჩემს ძმას ველაპარაკო.
იულონი
მაშინ უნდა წახვიდეთ მასთან. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია გავხდე მაგ სურვილის გულისათვის თქვენი ძმა.
თეზიკო
აი, მე კი შემიძლია, მე უფრო მეტს ვიტყვი, მე, როგორც ძმას, ისე მინდა გელაპარაკოთ, როგორც უფროს ძმას. ჰი, ჰი, ჰი, იცით, რატომ ვიცინი, მეშინია, ვინმემ საერთოდ რაიმე ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიიღოს და უფრო სასაცილო არ გავხდე ამითი.
იულონი
არა, იცით... რაშია საქმე.
თეზიკო
ვიცი, ვიცი რაშიაც არის საქმე... მე მინდა, ჩემ ამორჩეულ ძმას მოვუყვე ჩემს შესახებ რაიმე; აი, თუნდაც საბავშვო სახლზე, სადაც ვიზრდებოდი.
იულონი
თქვენ იზრდებოდით საბავშვო სახლში?!
თეზიკო
ჰო, ჰო, საბავშვო სახლში; ოღონდ ჩუმად, ასეთ რამეზე ყოველთვის ჩუმად ჰყვებიან; მე ვცხოვრობდი მაღლა ოთახში, ძველი ციხის გალავნის ზევით; აი, როგორც შენ გეხები, ისე ახლოს იყო უფსკრული.
იულონი
უფსკრული...
თეზიკო
უფსკრული... და რატომ მომაგონდა, იცით, ის...
იულონი
უფსკრული?..
თეზიკო
ხი, ხი, დიახ, უფსკრული... ერთხელ, ღამე, როცა ორნი ვიდექით მის თავზე, მე მინდოდა შიგ გადავვარდნილიყავი იმ უძირობაში და რაღაცამ შემაკავა. ჩემს ზევით, ბურჯის თავზე, იდგა ატყორცნილი ალვის ხე; შემოდგომის პირი იყო, ხე ბოროტად შრიალებდა, ხის იქიდან ჩანდა სულ, აბსოლუტურად, უმოძრაო მთვარე. მისი სინათლე ეცემოდა შორს, უფსკრულის იქით და უფსკრული მოჩანდა ორმაგად შავი და საშიში.
იულონი
თქვენ გინდოდათ უფსკრულში გადავარდნა.
თეზიკო
მე არ ვიცი, რამ მიხსნა იქ გადავარდნისაგან – უმოძრაო მთვარემ, ბურჯის თავზე ამოსულმა ალვის ხემ თუ უფსკრულის სიშავემ.
იულონი
მაშინ თქვენ საბავშვო სახლში იყავით, არა?
თეზიკო
ჰო, საბავშვო სახლში და ძალიან მძიმე იყო ჩემი ცხოვრება იქ. მე არ ვიცი, რამ მიხსნა უფსკრულში გადავარდნისაგან, მაგრამ ვიცი, რამ მიმიყვანა მის პირამდე.
იულონი
ო, ასეთი მძიმე იყო იქ ცხოვრება?
თეზიკო
მძიმე?
იულონი
მე მინდოდა მეთქვა, ასეთი ძნელი იყო?
თეზიკო
ძნელი? არა, ჰი, ხი, ხი, თქვენ არაფერი არ იცით, თქვენ ერთი სული გაქვთ, გამექცეთ, ოღონდ მე არ მოგეშვებით; მე მოგიყვებით ყველაფერს ბოლომდე, მე არ მეშინია შეურაცხყოფის. მე ის გრძნობა, რასაც აყენებენ შეურაცხყოფას, იქ დავკარგე, უფსკრულის პირას, ღამე, როცა მარტო ვიდექი.
იულონი
ღმერთო ჩემო!
თეზიკო
მაშინ არ იყო იქ ღმერთი, მაშინ მე ვიყავი ათი წლის და მყავდა აღმზრდელი მასწავლებელი პეტრე დგვეფაძე; ჰი, ხი, ხი, არ მოგწონს სახელი და გვარი?
იულონი
არა, არაფერი, ჩემთვის სულერთია.
თეზიკო
თქვენთვის სულერთია?
იულონი
არა, სახელი და გვარია სულერთი.
თეზიკო
სახელი და გვარია თქვენთვის სულერთი, ე.ი. პეტრე დგვეფაძე, და მერე, იცით რას ნიშნავს ეგ სახელი და გვარი ჩემთვის, ჰა?
იულონი
არ მესმის.
თეზიკო
არ გესმით? ჰა? ჰი, ხი, ხი, აი, ხომ ხედავთ, რო ვიცინი. ეს სულ ის პატარა ეშმაკია, რომელიც თავის კუთხეში მიზის და, როცა რამე მტკივნეულს ვეხები, რამაც შეიძლება ამაღელვოს და თვითმკვლელობამდეც კი მიმიყვანოს, მაშინ ეს ეშმაკი ტვინის კუთხეში ეშმაკურად, ლიცლიცით მისვამს თითს, მიღიტინებს და მეც ვხითხითებ: ჰი, ხი, ხი, ხი, ასე, გესმით?
იულონი
ა!
თეზიკო
ო, ასე მოქმედებს ჩემი ლაპარაკი თქვენზე? მე კი ჯერ თითქმის არც კი დამიწყია, მე მხოლოდ გაკვრით ვახსენე პეტრე დგვეფაძე; მე მინდა, რომ გაიმეოროთ ეგ სახელი და გვარი, აბა...
იულონი
რატომ?
თეზიკო
გაიმეორეთ.
იულონი
რა საჭიროა.
თეზიკო
რომ უფრო კარგად დაგახსომდეთ.
იულონი
განა ასე საჭიროა ეგ?!
თეზიკო
გაიმეორეთ, თქვენ მასთან გექნებათ საქმე. ე.ი. პირდაპირ მისი ბრალია, რომ მე დღეს აქ ვდგავარ და თავს ვიმცირებ; იმან მასწავლა, რომ არ არსებობს თავის დამცირება, რადგან მეტი აღარ შეიძლება, რაც იმან დამამცირა; იმის მერე ვარ მე ავად, ავადმყოფი იმ ეშმაკის სენით, რომელიც ტვინში თითს მისვამს და მაცინებს, როცა სერიოზულად მინდა დავილაპარაკო. აი, ახლაც, ხი, ხი, ხი, გაიმეორეთ სახელი და გვარი იმისი, დაგავიწყდათ...
იულონი
პეტრე დგვეფაძე.
თეზიკო
ხი, ხი, ხი, აი, ასე. – იქ, იმ დიდი შავი უფსკრულის ზევით, დგას პატარა ქოხი, სადაც დამტვრეულ მერხებს ინახავენ `პრიუტიდან~, იმ ქოხში წამიყვანა დასასჯელად მე ჩემმა აღმზრდელმა მასწავლებელმა; ორი დღე ვიყავი შიგ დამწყვდეული, მშიერი და მციოდა; როცა დავსუსტდი, ის მოვიდა, მე მივიკუნჭე კუთხეში და ვგრძნობდი, რომ ის მოდიოდა ჩემკენ; მე არ ვიცოდი, რისი მეშინოდა. არ მეშინოდა სიკვდილის, ცემის, მთელი სხეულით ვთრთოდი, ინსტინქტით მეშინოდა სხვა უფრო ცუდის და ის მოხდა. იმ კაცმა, ხომ არ დაგავიწყდათ, პეტრე დგვეფაძემ, მტაცა კისერში ხელი, იმ ამბის მორჩენისთანავე, მიმათრია უფსკრულის პირას და გადამკიდა იქით: `იცოდე, თუ ვინმეს გაუგია ეს ამბავი, სხვა დროს ხელს გაგიშვებ~, მითხრა და მე გულში დავიფიცე, არავისთვის არ მეთქვა ეს ამბავი, რადგან მაშინ ხელს გამიშვებდნენ და ჩავვარდებოდი უფსკრულში... დღემდე არ გაუგია არავის; ხი, ხი, დღეს კი მომინდა და პირველივე შემხვდურს მოვუყევი, რომ გამერთო ის.
იულონი
გასართობად...
თეზიკო
მხოლოდ გასართობად.
იულონი
/თავისთვის/ ო, შეიკავე თავი, წყნარო იულონ. /იმას/ ღმერთო ჩემო!
თეზიკო
კიდევ იმიტომ, რომ გცოდნოდათ.
იულონი
/თავისთვის/ იულონ, დაწყნარდი, ნუთუ დგება დრო და ყველაფერი ის, რაც არ მჯეროდა, ხდება მართალი. /იმას/ მცოდნოდა?
თეზიკო
გცოდნოდათ, რომ ერთხელ ვინც დაკარგა თავმოყვარეობა და მოითმინა, ის მოითმენს იმდენჯერ, რამდენჯერაც დადგება მოთმენის საჭიროების წინაშე. ა, გაიგეთ?
იულონი
/თავისთვის/ მერე რა, რომ გავიგე და ნეტა არ გამეგო. /იმას/ ყველაფერი გავიგე და არაფერი არ მესმის.
თეზიკო
იცით, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც იმ უფსკრულის პირას ეკიდა?
იულონი
/თავისთვის/ ის, მგონი, მე ვარ, ოღონდ აწმყოში. /იმას/ თქვენ, არა?
თეზიკო
მოიწიეთ აქეთ – დიახ, მე! მე, /ჩუმად ყურში იმას/ მე ვარ თქვენი ძმა.
იულონი
/თავისთვის/ მივაღწიე იმას, რისი გაგების ამაო სურვილი მე ბავშვობიდან მტანჯავდა და რისი მოსმენისაც ჯოჯოხეთივით მეშინოდა.
/იმას/ ჩემი ძმა?!
თეზიკო
შენი უმცროსი ძმა, რომლის არსებობის შესახებაც შენ არაფერი არ იცოდი.
იულონი
/თავისთვის/ მე გულით ვგრძნობდი, რომ სატანა იქნებოდა ჩემი ძმა და, როცა ვისმენ, ახლა არ მჯერა. /იმას/ დედას არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ.
თეზიკო
დედას? ხი, ხი, რომელ დედას?
იულონი
ჩემს დედას.
თეზიკო
ის შენი დედაა? ხი, ხი, ხი, ის ისევეა შენი დედა, როგორც ჩემი. ის ჩვენი დედა არ არის, ჩვენი დედა მოკვდა, ჩვენმა დედამ ჩვენ სიკვდილამდე გაგვყიდა – შენ მიგყიდა მაგ ოჯახს, მე გადამაგდო, გესმის? გადამაგდო; თავიდანვე დაკარგული მქონდა ფასი, ამიტომ გადამაგდეს, შენ კი... ხი, არ არის სიცილის დრო, მე კი ვიცინი.
იულონი
ო, ღმერთო, და შენ ეგ შეგიძლია დაამტკიცო?
თეზიკო
სიტყვით არ გჯერა, არ გჯერა ჩემი მონაყოლის, რომელიც, დავიფიცე ჩემს გულში, არ მეთქვა არავისთვის და მხოლოდ მეზღა სამაგიერო შენთვის, შენზე, ჩემო ღვიძლო ძმაო, იულონზე... რადგან, როცა მე იქ ვეკიდე, შენ აქ თბილ ლოგინში დედასავით მზრუნველი ქალის მოტანილ ჩაის სვამდი. ჰე, ჰე, განა მაგიტომ მინდა ვიძიო შური? – ის კაცი წავიდა, დიდი მაჯით რომელმაც ამწია, აღარ არის, გაქრა, მოკვდა, სიბრაზე კი დარჩა გულში, თავში კი ის პატარა ეშმაკი ზის, ის მისვამს ქუცქუცით ტვინზე და ხითხითებს: ხი, ხი, ხი... და მე მინდოდა მეძია შური, რომელიც მხოლოდ ჩემს ძმაზე გაჭრის ყველაზე მეტად. იცი, ჩემო ძმაო, ხი, ხი, შენც ხომ კაცი ხარ, მე კი, როცა კაცებს დავინახავ, მივდივარ მათკენ, მსიამოვნებს მათ სხეულზე ხელის ასმა, ეს ეშმაკი კი ტვინში მიღიცინებს, ლიცლიცებს: ჰიპ, ჰიპ, ჰი, ჰი იძახის და მიმსუბუქებს.
იულონი
/თავისთვის/ დრო დგება. /იმას/ იქით, პედერასტო, შენ არა ხარ ჩემი ძმა, შენ არა გაქვს საბუთი.
თეზიკო
პედერასტი, ხი, ხი, ხი; ჰო, შენ მაძლევ უფლებას, ყველაფრის უფლებას, მე დავტკბები სხვა ადამიანის, ჩემი სისხლის ტანჯვით; აი, ჩემო ძმაო, ის ნივთი, რომლის ნამტვრევსაც შენ იცნობ, დაუკვირდი; ასე, გამომართვი; მართლდება შენს გულში დამარხული ეჭვი, ქრება ის უკანასკნელი იმედი...
იულონი
/თავისთვის/ დადგა დრო. /ისე/ ღმერთო ჩემო, ეს თილისმა, ამის ნაწილი, შენ, შენ, შენ!! ხარ მაშ ის ადამიანი, რომელზედაც უნდა ვიძიო შური ამდენი ხნის წამებისათვის, ამდენი წლის ეჭვებისათვის, მარტო სიარულისათვის... ღვიძლო ძმავ!
თეზიკო
ეს მე ვიძიებ შენზე შურს იმ შორეული ტანჯვისათვის და არა შენ ჩემზე, ხი, ხი, ხი.
იულონი
ისევ სხვა იძიებს? და გინდ ძმა იყოს, ვფიცავ, რომ ის მაინც სხვაა. ო, ამოიღე მახვილი, შენ იყავი დაბადებული ამ წამისათვის, რომელიც გაორმაგდა. მე ვკლავ ძმას და პედერასტს. დადგა შენი ხმის ამოღების დრო, შენი ბღავილის დრო; ჩემს უფორმო ტანჯვას ბოლო ეღება და იქცევა ის ტრაგედიად, რომელსაც ხელი შეგიძლია შეახო... აი, ასე, მახვილით ხელში, შიგ გულში, მუცელში! ფერდებში! ფილტვებში! აქ, აქ, იქ.
თეზიკო
ოოო, ძმაო იულონ, – დანით მოვკვდი, ღმერთო, ნუ შეუნდობ, ნუ აპატიებ მას კაცის მოკვლას, გინდ... ხი, ხი, ხი...
იულონი
აჰა, კიდევ, აჰა და გაჩუმდი სამუდამოდ.
თეზიკო
მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უნდა დავეხრჩვეთ, აი აქ, აქ, ყელში მიჭერდა ყოველთვის რაღაცა, ოოჰ.
იულონი
/გაშლილ დანას ჩასცემს ყელში/ აი, ეგეც ბოლო.
– ბიჭებო, სისხლი! მართლა მოკლა.
– სისხლი!
– სისხლი!
– იულონ!
– იულონ!
– იულონი.
– თეზიკო?
– მაჯა აღარა მუშაობს, შიგ გულში აქვს ჩარტყმული დანა, მეორე ჭრილობა ფერდში აქვს, მესამე მუცელში.
– აუჰ, აუჰ.
– თითოეული სასიკვდილოა, არა?
– ვერა ხედავთ, კაცი აღარ არის.
– არ გინდათ, გაუშვით ხელი იულონს, ამ ოთახიდან მაინც ვერსად გაიქცევა.
– სად უნდა გაიქცეს.
– მოიცათ, თეზიკო ნამდვილად მკვდარია?
– მაჯა აღარა მუშაობს.
– რა უცებ მოკვდა კაცი.
– მართლა არ მესმის არაფერი, როგორ მოხდა.
– თითქოს ყველაფერი ეს აქ არ მომხდარა...
– განცდის საშუალება არ არის, ისე უშუალო იყო ყველაფერი.
– აქ თეზიკო იდგა, აქ იულონი, მერე იულონმა მოკლა თეზიკო, თეზიკო ახლა მკვდარი გდია, იულონი დგას კუთხეში და იღიმება. ღიმილი არ არის, მა რა არის ასე მშვიდად დგომა!
– გაჩუმდი, რა.
– ყველა გავჩუმდეთ, მიცვალებულის სული ახლა ამ ოთახიდან გადის.
– ჩუუ, ისხედით ასე, ჩუმად, კუთხეებში და იდარდეთ ჩვენი ამხანაგის სიკვდილი.
– იულონ!
– ჩუუ, იულონი იდარდებს ჩვენთან ერთად, იულონი მერე... ჩუუ, აი კიდევ ერთი ძარღვი შეენძრა თეზიკოს და სული მოშორდა გვამს.
– აცალეთ მის სულს დატოვოს ოთახი...
......................................................................................
......................................................................................
......................................................................................
– სულმა დატოვა სხეული.
– მაგრამ ის ჯერ კიდევ აქ ტრიალებს, ოთახში.
– ჯიმშერ!
– რა?
– როგორ მოკვდა, არ მესმის.
– რა ქნა.
– რა ქნა.
– ღმერთო ჩემო, რა მოხდა.
– ახლა რა ვქნათ?
– როგორც ერთმა კაცმა, ისე შევკრათ პირი.
– ჰო, ახლა ჩვენა გვაქვს მიზანი.
– ჩვენ უნდა გადავცეთ ხელისუფლებას მკვლელი.
– მე, მე არ მესმის...
– შენ რას იტყვი, ბობა.
– თუ ჩვენ ვერ დავსაჯეთ აქ და ვერ გავერკვიეთ საქმეში, იქ რას გაიგებენ.
– ჩვენ თვითონ უნდა გავიგოთ სიმართლე.
– ჩვენ თვითონ.
– აქვე უნდა დავადგინოთ ყველაფერი.
– თეზიკო კი მოკვდა..
– გაქრა დაბნეულობა და ყველაფერი ერთი მიზნისკენ მიდის.
– ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სიკვდილის ფაქტი ხორცშესხმული დგას ამ ოთახში.
– მისი შეცნობა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი.
– ნუთუ ამხელა ტრაგედია იყო საჭირო, რომ ყველას ერთი მიზანი გვქონოდა... მკვლელს აქვე გავასამართლებთ.
– აქვე, ამავე ოთახში, მკვდარი სხეულის წინ.
– მე მგონი...
– მეც მაგის მომხრე ვარ, აქვე, ამ ოთახში.
– თუ ვერ გავარკვიეთ სიმართლე, გარეთ სულ გაიბნევა საქმე.
– მე მგონი... ე.ი. ყველაფერი ასეა. თუ ორი კაცი ვერ დაადგენს დანაშაულის ზომას, იქ უმწეო იქნება როგორც მთელი საზოგადოება, ისევე ხელისუფლება.
– კაცი მოკვდა, ჩვენ კი ასე თავისუფლად ვლაპარაკობთ.
– კაცი მოკვდა, მე კი ტირილიც არ შემიძლია.
– სხვაგან რომ გამეგო ამხანაგის სიკვდილი, ვიტირებდი, ახლა რაღაც იმდენად აშკარაა...
– თითქოს ხელი მოვკიდე სიკვდილს.
– ვუყურებ და არ შემიძლია აღვიქვა.
– ჰო, ძალიან ცივი სიკვდილია. საერთოდ, სიკვდილი ცივია, განსაკუთრებით, როცა ასე უშუალოა, თითქოს დარდის ან სევდის ადგილი აღარა რჩება; როგორც მშრალ ფაქტს, ისე ვუყურებ, იმდენად აღარ შეიძლება მეტი დარდი... მეტი სევდა... სიკვდილზე მეტი დარდი?.. გესმით, რა უნდა იყოს, კაცო?! რაღა უნდა იდარდოს კაცმა...
– ეჰ, მაინც რა კარგი ბიჭი იყო.
– ჰო, გახსოვს ზღვა?
– როგორ არ მახსოვს ზღვა... ახლა მკვდარი გდია.
– თქვენი ყველაზე ახლობელი ძმაკაცი იყო.
– რა უცნაურია ყველაფერი.
– მეტია, მეტია. აი, მინდა ვიდარდო, ვიტირო და არ შემიძლია, თითქოს უკან დასახევი გზა მოჭრა სიკვდილმა, იმის იქით რომ იდარდო, რაღაც უნდა იყოს... იქ კი მკვდარი წევს.
– თქვენ სულ დაგავიწყდათ დამნაშავე.
– ჩვენ ვფიქრობთ.
– ჰო, ვფიქრობთ და სადღაც ჩიხში ვემწყვდევით.
– მე პირადად არც მესმის, რა უნდა გავაკეთოთ, ამიტომ წინასწარ გეთანხმებით ყველაფერში.
– აშკარაა აფექტსა ჰქონდა ადგილი.
– აფექტი!? კაცი ჭკუაზე არეულსა ჰგავდა.
– ბიჭო, თეზიკო, კუზმან, გახსოვს ზღვა?
– საწყალი თეზიკო.
– გურამ, პიესის მიხედვითაც კლავდა, არა?
– ჰო კლავდა.
– ჰოდა, მოკლა კიდეც, აირია იმ დროს.
– უფრო წესიერად ვილაპარაკოთ, მე მგონი, თვითონ უფრო მეტს იტყვის.
– თვითონ რა უნდა თქვას?
– როგორ მოუვიდა.
– თვითონ მხოლოდ ბოლო სიტყვის უფლებას ვაძლევთ.
– ჯერ გავარჩიოთ.
– მაშინ, როგორც წესია, ავირჩიოთ ერთი მოსამართლე, მსაჯულით, დანარჩენები იქნებიან ბრალმდებელ-დამცველები.
– შენ იყავი მოსამართლე.
– მე?!
– ჰო, შენ. როგორც პიესის ავტორი, ყველაზე მეტად იძულებული იქნები ობიექტური იყო.
გურამი : განაჩენს ვინ მოიყვანს სისრულეში?
იულონი : მე თვითონ!
– შენ, ახლა, ხმას ნუ იღებ.
გურამი : კარგით! მე ვარ მოსამართლე... ვინ გამოვა ბრალმდებლად... რა სიჩუმეა, არავინ არ აპირებთ გამოსვლას?
– რა ადვილი მეგონა სულ წუთების წინ ეს ამბავი.
– აბა, ძალიან ძნელია, სხვას რამე დააბრალო.
– თან ყველაფერი თითქოს ისე ცხადია, რომ ლაპარაკიც არ შემიძლია.
გურამი : როგორც თქვენგან არჩეული მოსამართლე, მე თვითონ გაგყოფთ ორ ნაწილად; თითოეული ბრალმდებლის გამოსვლის შემდეგ გამოვა დამცველი მის საპირისპიროდ, მოგიწოდებთ ობიექტურობისაკენ, კონკრეტული ლაპარაკისაკენ, ასე... მე ვარ მოსამართლე, პირველი ბრალმდებელია პატარა გურამი, დამცველი, რეზო, შემდეგ გამოვლენ სულხანი – ჯიმშერი, ირაკლი და ბობა იქნებიან ნაფიცი მსაჯულები, გიული წარმოადგენს ხალხს.
გიული : ჰე, ჰე, ჰე.
– თავი შეიკავე, ბიჭო, კაცი ჯერ წესიერად არც კი მომკვდარა.
გურამი : დაიკავეთ თქვენი ადგილები. იულონ, თქვენ დადგებით თეზიკოს ცხედართან. ასე... ვიწყებთ... ყველაფერი იქნება ოფიციალური, ეს აუცილებელია ობიექტურობისათვის... ვიწყებთ.
– ჩვენ მზადა ვართ.
– ჩვენ დავდექით ჩვენს ადგილებზე.
– ჩვენს სახეებზე წერია საქმის მთელი სერიოზულობა.
– ანტიკური სიმშვიდით ვუდგებით საქმის გარჩევას
– /თავისთვის/ ღმერთო ჩემო! სიკვდილიც კი თეატრალურ ტრაგედიამდე მივიდა ამ ოთახში.
გურამი : მე, გურამმა, მოსამართლემ, გადავხედე რა ჩემს გონებაში იულონის წარსულს თვით დღევანდლამდე, მოგიყვებით მის ბიოგრაფიას, ვიდრე მკვლელობის ფაქტამდე. გადმოგცემთ მოკლედ, გარკვევით, მით უმეტეს, რომ მოსაყოლი ბევრი არაფერია:
იულონის ცხოვრება თვით მის მიერ მკვლელობის
ჩადენის ფაქტამდე.
იულონი, ქართველი, 28 წლის, დედისერთა, დაბადებული და გაზრდილი ქარხნის მუშის ოჯახში, – მამა ახლაც მუშაობს თვიური ხელფასით. 1800 მანეთი, – დგას თქვენს წინაშე; მართალია ეს ცნობები, ამხანაგო ბრალდებულო?
– მართალია.
– მე განვაგრძობ. იულონი იზრდებოდა საშუალო შეძლების ოჯახში. მე, როგორც მისმა მეზობელმა, შემიძლია გადმოგცეთ ზოგიერთი მისი სულიერი განცდათაგანი, დანახული ჩემ მიერ გარედან, რომლებიც საქმის განხილვის დროს გაცილებით უფრო დაგვეხმარება, ვიდრე სხვა დანარჩენი ცხოვრებისეული ზედაპირული ფაქტები, უფრო სწორად, შემთხვევები მისი ცხოვრებიდან, რაც, ჩემი აზრით, თითქმის არ მოიპოვება, ან თუ არის ასეთი, ჩემთვის უცნობია: იულონი გაიზარდა ყოველგვარი შემთხვევების გარეშე, თერთმეტი კლასი დაამთავრა საშუალოდ, იმავე წელს მოეწყო უმაღლესში; ორი წელი იყო ფრონტზე, შემდეგ დაბრუნდა უჯილდოებოდ, თუ არ ჩავთვლით სავალდებულო ორ მედალს, კავკასიის დაცვისათვის და სამაგალითო შრომისათვის, მოსავლის აღების გამო, რუსეთის ზურგში; ის მაშინვე აღდგენილი იქნა უმაღლესში, სამი წლის წინ დაამთავრა ისტორიული ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა მხარეთმცოდნეობის სამმართველოში ექსკურსიების გამყოლად, რომელიც, მიუხედავად მისი წყნარი ბუნებისა, ან სწორედ ამიტომ, საგულისხმოა, რომ ძალიან უყვარდა, რადგან წყნარ ხალხს ხშირად უყვარს ხოლმე მოგზაურობა და განსაკუთრებით უცხო საზოგადოებაში, სადაც ოფიციალურად ლაპარაკობენ და ინაზღაურებენ თავის სიმორცხვეს უშუალო დამოკიდებულების დროს.
მისი სულიერი სამყაროს უფრო ზუსტი დახასიათებისათვის, მე მოვყვები სამ ამბავს ჩემთან კავშირში მისი ცხოვრებიდან. პირველი შეეხება ბავშვობას:
იულონი ჩემზე დიდია ექვსი წლით – მე როცა რვა წლისა ვიყავი, ის იყო თოთხმეტი წლის. დღემდე არ შემიძლია დავივიწყო ის თხუთმეტი წლისა. ეს იყო ჩვენს ეზოში. ბიჭები ვთამაშობდით ბურთს. მე ბუნდოვნად აღვიქვამდი, რომ დიდი ბიჭი (იულონი), პირდაპირ ეზოდან, დგას მოედნის გარეთ და გვიყურებს, რომ ამ ბიჭს აცვია თეთრი პერანგი მაღალი საყელოთი, აქვს შავი შევარდნილი თვალები და საოცრად დიდი შუბლი და გვიყურებს; ის დადგა მოწინააღმდეგის გოლის უკან, ჩუმად, თავისთვის. რამდენი ბურთიც არ დავარტყით, ვერ შევაგდეთ; დაითარსა ფეხი; რაღაცნაირად ყველამ ერთნაირად ვიგრძენით, რომ იქ იდგა თარსი და დავიწყეთ ბურთის აღების დროს თარსის შეგინება ჩუმად, გადაფურთხებით: თფუ, თფუ, თფუ ეშმაკს და ყველა გულში იულონს ვგულისხმობდით, ის კი იდგა იქ თავისთვის და გვიყურებდა და თითოეულ ჩვენგანს ეჩვენებოდა, რომ იმას უყურებს; ბოლოს მე ვერ მოვითმინე და მთელი ძალით დავარტყი ტალახიანი ბურთი მისკენ – `კამერა-ობოლოჩკა~ მთელი ძალით მოხვდა მას სახეში, უფრო სწორად, წინ წამოწეულ შუბლსა და თვალებზე; ტალახი შხაფანით მიესხა მის თეთრ ხალათს, ის შეტოკდა, უხმოდ მიტრიალდა და წავიდა. უცნაურად დაიკარგა თამაშის ხალისი და მე პირველად და, მგონი, უკანასკნელადაც გამიხარდა, რომ დედამ დამიძახა შუა თამაშის დროს სასაუზმოდ – ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომ მას ხელმეორედ დაძახება აღარ დასჭირვებია.
მეორე ჩვენი, ასე თუ ისე დასამახსოვრებელი, შეხვედრა შეეხება მისი ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ დროს: მას ეცვა თეთრი, ახალი კიტელი, გულზე დამაგრებული ორი მედლით. მედლის რგოლები ყვითლად ლაპლაპებდნენ, ისინი ირხეოდნენ არა ჩვეულებრივ – ერთი გვერდიდან მეორისაკენ, არამედ ზევიდან ქვევით. მე ეს განსხვავება რატომღაც უცებ მომხვდა თვალში. ის იდგა ლიას სახლის აივნის ქვეშ, მეც ლიასთან მივდიოდი ღიღინით. უცებ ვიგრძენი, რომ ოფლმა დამასხა სახეზე – აივანზე ვედროთი ხელში იდგა ლია; მე დაძახებაც ვერ მოვასწარი, რომ მან წყალი გადმომასხა. სულ მთლად ამოწუწული იულონი გარეგნულად მშვიდად იყურებოდა ზევით, მერე ნაბიჯი გვერდზე გადადგა და ნერვიული მოძრაობით დაიძრა ადგილიდან.
– რა ქენი ეს, – ვუთხარი ლიას, ზევით ასულმა, და არ ვიცოდი, გამეცინა თუ გავბრაზებულიყავი.
– მოუხდება, აღარ გაჩერდება ყოველდღე აქ. გამომივიდა გმირი, მედლებით, – უდარდელადა თქვა მან.
იმ დღეს მე ჩემი საქნელი ვქენი ლიასთან დიდ მაღალ ტახტზე, რომელსაც ასეთ შემთხვევებში ყველა რბილ ლოგინს ვარჩევ ხოლმე; მაგარი ტახტი და გოგო – ეს ერთადერთია, ერთად აღებული, რომელზედაც ვერასოდეს უარს ვერ ვიტყვი. აქ ჩემი ამბავი არაფერ შუაშია, მაგრამ იმ დღიდან სწორედ ვერაფრით ვერ ვაიძულე თავი ძველებურად მსიამოვნებოდა ლიასთან მისვლა. სწორედ ლიასადმი ამ ახლად გაჩენილი სიძულვილის გამო შემჯავრდა იულონიც. რაღაცა სრულიად საწინააღმდეგო და ერთნაირად უსიამოვნო ვიგრძენი ამ ორივე ადამიანში და უცებ თითქოს გონება გამეხსნა, ისე შევიცხადე, რომ იულონი ყოველთვის იკავებდა ადგილს ჩემს შეგრძნებაში, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე მასზე (გონებაზე), ოღონდ ყოველთვის ერთნაირად იდგა ის თეთრ პერანგში, ბურთისგან სახედასვრილი, და არ ვიცოდი, მწყენოდა თუ გამხარებოდა; სხვათა შორის, არც ერთი გრძნობის საბაბი არა მქონია, იმდენად ცხადად იკვეთებოდა მისი ფორმა ჩემში და უკვე შემდეგ, როცა დავიწყე წერა, საერთოდ, და განსაკუთრებით ამ პიესაზე მუშაობა, ვიგრძენი, რომ იულონი ქვეშეცნეულად აძლევს ფორმას ჩემს დიალოგს; მე არ გავექეცი ამას, პირიქით, ჩავყევი და ჩემს მთავარ მოქმედ გმირსაც იულონი დავარქვი. მიუხედავად ამისა, მე ვატყობდი, რომ არამცთუ მთლიანად, არამედ ნაწილობრივაც არ ვიცნობ ამ კაცს.
ამიტომ მე გადავწყვიტე, ექსპერიმენტის სახით, მეკითხა იულონისათვის, ითამაშებდა თუ არა ჩემს პიესაში.
– პიესაში, ა?! მკითხა მან, – კარგი პიესაა?
– კარგია, – ვუთხარი მე.
– პიესაში? სიამოვნებით, – მითხრა მან და ყურებამდე გაიღიმა.
უცებ შეტრიალდა ჩემს თავში ყველაფერი, ამ თანხმობისგან სინათლესავით დაიღვარა გრძნობა ჩემს სხეულში; მე პირველად ახლა დავინახე, რომ მას კბილები ჰქონდა და არაჩვეულებრივი სითბო ვიგრძენი მისდამი, `რა უბრალო და რა კარგია ყველაფერი~, ზუსტად ასეთი შეგრძნებები დაგროვდა, დაზვავდა ჩემს გონებაში და პირველად გავიგე, როგორ შეიძლება გიყვარდეს ახლობელი შენი, როგორც შენი თავი, იულონზე არ ვამბობ მხოლოდ, საერთოდ, ვინც უნდა იყოს ის...
................................................................................................................
ახლა ის დგას როგორც სამარცხვინო ადამიანი, კაცისმკვლელი ჩვენს წინაშე და მე, გეფიცებით, როგორც მთავარი მსაჯული, მივუზღავ მას საკადრის სასჯელს. მანამდე კი გთხოვთ ყველას, დამეხმაროთ მკვლელის სულიერი სიმტყუვნის ან სიმართლის მთლიანად გამომჟღავნებაში. მე სულიერს ხაზს ვუსვამ, რადგან გარეგნული, ფიზიკური აქტი უკვე მოხდა და მხოლოდ ამისათვის მკვლელი, მიუხედავად მისი სულიერი განწყობილებებისა, აგებს პასუხს... ასე... გთხოვთ, განაწილებული როლების მიხედვით დამეხმაროთ საქმის გარჩევაში.
ირაკლი : მე მთლიანად ვეთანხმები მოსამართლის სიტყვას.
დიდი ბობა : მკვლელობის ფაქტი ცხადია, მთავარია, სასჯელის სისასტიკის ზომა გავარკვიოთ.
გურამი : პირველად გამოდიან ბრალმდებლები, რადგან ის, რასაც დაცვა სჭირდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით; ვიმეორებ, მკვლელობის ფიზიკური აქტი მომხდარია და მისი დაცვა შეუძლებელია. ამიტომ გვაინტერესებს, მკვლელის სულიერი დანაშაულის ზომა ვიცოდეთ, რომ საშუალება იყოს მისი დაცვისა. თითო წყვილი ბრალმდებელ-დამცველის შემდეგ, თავს იმართლებს დამნაშავე, თუ შუალედებში რაიმე სიტყვა არ ექნებათ მსაჯულებს. იგივე გამეორდება მეორე წყვილის გამოსვლის შემდეგაც... დავიწყოთ.
ირაკლი : მხატვრობის მცოდნე პატარა გურამ, თქვენ დაიწყებთ ბრალის დადებას.
პატ. გურამი: მე რაღაც მოვიფიქრე, დიახ, მოვიფიქრე როგორც უნდა დავიწყო.
ირაკლი : სულ გააზრებული გაქვთ?
პატ. გურამი: მე დავიწყებ.
გურამი : დაიწყეთ.
პატ. გურამი: ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მე სწორედ ამით ვიწყებ – დამიგდეთ ყური: მე ვარ ბრალმდებელი, მაგრამ ჩემს ბრალდებას, ვიცი, თქვენ არ მისცემთ სერიოზულ მნიშვნელობას, რადგან თვითონ მე არა მთვლით ასეთად, ე.ი. ჭკვიანად ან სერიოზულად; არ შემეკამათოთ. მე არცა ვარ არც ერთი და განგებ ვუსვამ კიდეც ხაზს ჩემს სიმსუბუქეს, რადგან ვიცი, არ მეყოფა უნარი, ბოლომდე გავიტანო თავზე აღებული სერიოზულის როლი. ახლა მე ოდნავ ტუტუცი და სასაცილო ვარ, მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანი, სრულიად სერიოზული თავისი ქცევით და, სინამდვილეში, ცოტა მაინც მჩატე და ტუტუცი. არა მგონია, ამაზე სასაცილო იყოს რაიმე – მე მშიშარა ვარ და ამას ვერ ავიტანდი, ამიტომ წინასწარ ვიზღვევ თავს ტუტუცური საქციელით, რომელიც ნელ-ნელა ჩემი ძირითადი ბუნება ხდება – ახლა კმარა; გაითვალისწინეთ, ეს არ არის ირიბი თავის ქება – ეს თქვენ მტკიცების გარეშე, სიტყვაზე უნდა დამიჯეროთ, როგორც ჭეშმარიტება.
ეს შესავალი მე დამჭირდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის: მეტი ყურადღება მოგექციათ ჩემთვის და მეტი ანგარიში გაგეწიათ ჩემ მიერ წამოყენებული ბრალდებისათვის, რასაც ბოლოს, ანგარიშის გაწევის შესახებ თქმული სიტყვით, მე მგონი, მივაღწიე.
ირაკლი : აქ არ უნდა ზედმეტი კომენტარები.
გურამი : მსაჯულს ვთხოვ, ნუ გვაწყვეტინებს ჩემი ნებართვის გარეშე.
ჯიმშერი : ნება მომეცით, მეც, როგორც ბრალმდებელმა, მხარი დავუჭირო ჩემი კოლეგის შესავალ სიტყვას, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩვენ ვსჯით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია განვსაჯოთ თვით შორეული სულიერი კუნჭულები დანაშაულისა, ამიტომაც, სასამართლოსთვის დამცველ-ბრალმდებელთა სულიერი სამყაროს გაცნობა ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს.
გურამი : მე კმაყოფილი ვარ ბრალმდებელ პატარა გურამის გულახდილობით.
პატ. გურამი: მოხდა ის, რაც მე არ მინდოდა, ე.ი. ზედმეტი ხაზის გასმა ჩემი სიტყვებისათვის, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ, რადგან საშუალება მომეცა, მეთქვა ეს უკანასკნელი სიტყვები.
ვიწყებ: მე, როგორც საერთოდ მოყვარული ხელოვნებისა და განსაკუთრებით სახვითი ხელოვნებისა, რომელშიაც სერიოზულად მესმის ზოგიერთი რამე, დავიწყებ სიტყვას ბრალდებულის გარეგნობის მშრალი აღწერით, რაც, თავის მხრივ, მოიკრებს მის სულიერ შინაგან სამყაროს, რომელზეც, ალბათ, იზრუნებს ჩემი კოლეგა ჯიმშერი.
აი, ჩვენს წინაშე დგას იულონი, ოცდარვა წლის კაცი, დამახასიათებელი ნიშნებით: მას თმები გაცვენილი აქვს, რამდენიმე კბილი აკლია.
– ჰმ.
პატ. გურამი: მხოლოდ საჭიროება მაიძულებს ვილაპარაკო ასეთ ფაქტებზე – ის ოდნავ მოხრილია წელში და, შეიძლება ითქვას, მოტეხილიც; ახლა კი შეხედეთ მის სახეს! უცებ გეცემათ თვალში უზომოდ დიდი შუბლი, რომელიც ზედ ადგას, სწორედ ზედ ადგას და ფარავს მთელ სახესა და სხეულს. შუბლის ქვევიდან, სიღრმიდან გამოდიან მისი შავი ნაღვლიანი თვალები და, თუ მათ ცოტა დიდხანს ვუყურებთ, ე.ი. როცა ნაღვლიანი გამომეტყველების გარდა, დავინახავთ მასში ფარულ მიზანს, რომელიც უცხადესი ხდება ამ თვისების შემჩნევისთანავე, იმდენად უცხადესი, რომ ქრება მისი შუბლი, წელში მოღუნული სხეული და სხვა დუნე თუ უაზრო შტრიხები მისი გარეგნობისა და რჩებიან მარტო თვალის გუგები – შავი, წვრილი, გამხვრეტი, რომლებიც იყურებიან წინ და არაფერს, არაფერს არა ხედავენ თავის გზაზე, გარდა მიზნისა, რომლის შესახებაც ადვილი შესაძლებელია მისმა გონებამ არაფერი იცის, მაგრამ თვალები, სარკე შინაგანი ბუნებისა, ისევე უგულებელყოფს ყველა მსხვერპლის სერიოზულობას მიზნამდე მისაღწევ გზაზე, როგორც საკუთარ, თითქმის მობერებულ სხეულს და უზარმაზარ შუბლს; ასეთ ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს ერთი მკვლელობა, ისევე როგორც ასი მკვლელობა და არ ერქვას მკვლელი, რადგან ვერ იგრძნობს თავის დანაშაულს, რადგან მას არ შეუძლია სხვისი დანახვა, სხვისგან მისდამი მიყენებული შეურაცხყოფის აღქმა, როგორც ბავშვობისდროინდელ ბიოგრაფიაში იყო ნათქვამი, და სწორედ ამიტომაც, ვერ გრძნობს თავის მიერ სხვისადმი მიყენებული შეურაცხყოფის სიდიდეს, თვით – მკვლელობამდე. არის ადამიანი ეგოისტი, თვით ეგოიზმის შეგრძნების უარყოფამდე, რაც მას უკარგავს მთლიანად შიშის გრძნობას, ეს კი აიძულებს მის გარშემო მყოფ ყველა ადამიანს, რომელიც მისი თვალების ფარულ აზრს ჩასწვდება, კანკალებდეს და თავს გრძნობდეს მუდმივი საფრთხის ქვეშ. მე არ ვიტყოდი ამ სიტყვებს მის წინ, რომ მას ახლა მახვილი ეჭიროს წეღანდელივით ხელში, მე მაშინ პასუხს ვერ ვაგებდი ჩემს თავზე, თუმცა ამ დებულების განსამტკიცებლად დავამატებ, რომ ასეთი ადამიანები სულ სხვაგან ხედავენ თავიანთ მსხვერპლს, სიბრაზის საგანს, ვიდრე ჩვენ და, შესაძლოა, არავინ არის მისი ხელით სიკვდილისაგან ისე დაზღვეული, როგორც მისი პირდაპირი ბრალმდებელი, ე.ი. მე.
გურამი : თქვენ დაამთავრეთ, პატარა გურამ?
სულხანი : ჰო, ჰო, ასე...
დიდი ბობა : კაცო, ეს ამბავი...
რეზო : შენც აღელდი, ბობა?
დიდი ბობა : ბობას, რა, ნერვები არა აქვს?
გურამი : დამცველის სიტყვამდე ხომ არავისა სურს კითხვა ან სიტყვა.
გიული : ვის სურს? არავის.
გურამი : ბრალდებულო იულონ, თქვენ თანახმა ხართ, რეზო იყოს თქვენი დამცველი?
იულონი : ჩემთვის სულერთია.
ირაკლი : ე.ი. თანახმა ხართ.
იულონი : თანახმა ვარ.
გურამი : დამცველის სიტყვამდე თქვენ ხომ არა გაქვთ სათქმელი რამე?
იულონი : მე? არაფერი.
გურამი : სიტყვა ეძლევა დამცველს.
რეზო : მე! მე პირდაპირ დავიწყებ. იულონს ჩემი დაცვა არა სჭირდება, რადგან მას იცავს კანონი, ის არის მისი მფარველობის ქვეშ და, კანონის გარდა, არავის შეუძლია გაუსწორდეს მას. ჩემი აზრით, იულონს ეშინოდა ჩვენთვის უცნობი რაიმე მიზეზის, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, ყველა ჩვენს შეგრძნებაზე, და მას ამ შიშმა გადააბიჯებინა საზღვარი, რათა გარკვეული დროით უზრუნველეყო თავისი თავი კანონის მფარველობის ქვეშ შესვლით და მე თქვენ გეტყვით, – მე, მხატვარი რეზო, იულონის დამცველი, – არის ამბები, რისი გამართლება არც ერთი გზით არ შეიძლება და ამ ამბავთა რიცხვს ეკუთვნის მკვლელობა; მე ხაზს არ ვუსვამ უდანაშაულო კაცის მკვლელობას; ჰო, ასეთი დანაშაულის გამართლება არ შეიძლება არც კანონით, არც გონებით, მაგრამ არ არსებობს დანაშაული, რისი პატიებაც არ შეიძლებოდეს, თუ ჩვენ მივმართავთ ყველაზე სამართლიანსა და დიდს გრძნობათა შორის – ინტუიციას, ხოლო მე, ეს ინტუიცია მეუბნება, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე. არ გაიგოთ ისე, თითქოს მკვლელობაში არ იყოს დამნაშავე – მკვლელობა ფაქტია; მე აქ მეტი სიცხადისთვის მოვიყვან ბრალმდებელ პატარა გურამის სიტყვებს: `ასეთ ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს ერთი მკვლელობა, ისევე როგორც ასი მკვლელობა და არ ერქვას ბოროტმოქმედი, რადგან ვერა გრძნობს თავის დანაშაულს, რადგან მათ არ შეუძლიათ სხვისი დანახვა, ისევე როგორც საკუთარი თავის დანახვა~; მე მახსენდება ჩვენი შეხვედრის დასაწყისში სულხანის სიტყვა: `ბობა, შენ გენაცვალე იმიტომ, იმიტომ, რომ საქმესთან ნამდვილი გულით მიდიხარ, ყველა შენი ცუდი საქმის დასაწყისი არის ალალი, მართალი~, მკვლელობის, ცუდი საქმის ფაქტი აქ რჩება ფაქტად, ამიტომ მივმართავ მე ინტუიციის ძვირფას გრძნობას და ვცდილობ ამ ადამიანის არსს უფრო ღრმად ჩავწვდე. მე უცებ, ამ ლაპარაკის დროს, თავში მომივიდა ერთი აქ სათქმელად უადგილო ამბავი: ხშირად დავკვირვებივარ ცხოვრებაში, რომ ზოგ გოგოს აქვს ბოზის სახელი, მაშინ როცა კაცი არ უნახავს და სამუდამოდ იმკვიდრებს ამ სახელს, როცა სხვა მართლა გარყვნილ გოგოს აქვს პატიოსნის სახელი და, მიუხედავად მთელი უგარყვნილესი ორგიებისა, რჩება მუდმივ ქალწულად, რადგან ყველა ახალ მამაკაცს თვითონ ისე ეძლევა, როგორც ქალწული, და ყოველი პირველი კოცნის დროს უწითლდება სახე, როგორც უმანკოს. მე მწამს, რომ არ შეიძლება ამაზე მეტი შინაგანი, სულიერი პატიოსნება, როცა სხეულის ყოველგვარი გარყვნა არ მოქმედებს შინაგანად, სულზე, და მე ათჯერ, ასჯერ მეტ პატივსა ვცემ ასეთ ქალებს, ვიდრე სხეულით, მხოლოდ სხეულით პატიოსნებს და გინდაც სხეულით და სულით პატიოსნებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გამოუცდიათ ერთ-ერთის დაკარგვა და ამიტომ მათზე მსჯელობა არცა ღირს. – ეს ისე, დამატებისათვის. – მე მინდოდა მეთქვა, რომ კი არ ვამართლებ, არამედ პატივსა ვცემ იმ მკვლელს, რომელიც არ იტანჯება თავისი მკვლელობით, ეს იმის შემდეგ, რაც ის საერთოდ მგრძნობიარე ადამიანია, ადამიანი არაგაფუჭებული, რადგან საწყისი მისი დანაშაულისა იყო წმინდა და მხოლოდ ფორმა, ფორმა იყო მცდარი, არანამდვილი და ამ ფორმისათვის შეგვიძლია სრული სინდისით დავსაჯოთ ის, ოღონდ არ შეგვიძლია სულის სიღრმეში არ ვაპატიოთ ეს დანაშაული, მუხლი არ მოვიდრიკოთ იმ სულიერი სიდიდის წინაშე, რომელსაც ამ ყველაზე დიდმა დანაშაულმაც კი ვერ მოსცხო ჩირქი...
გურამი : თქვენ დაამთავრეთ?
რეზო : დანარჩენის თქმა მე აღარ შემიძლია, დანარჩენს მე ვგრძნობ, ვგრძნობ, როგორც ნახატს. მომეცით ტილო, რომ მასზე გამოვხატო იულონი, ზუსტად ამ პოზაში მდგარი, მკვდარი თეზიკოს სხეულის თავთან, და მხოლოდ ნახატი ჩემი გეტყვით თქვენ, რომ რაც უფრო დიდია მსხვერპლი, ჩადენილი სისაზიზღრე, მით მეტი გამართლების ამოკითხვა შეიძლება დამნაშავის მთელ სხეულში, უფრო მეტად თვალებში; მთელი ეს ნატურა იდგება სიკეთისაკენ ან სიბოროტისაკენ გადახრის გარეშე და არა ბოროტი თვალებით, როგორც ეს საკმაოდ უპასუხისმგებლოდ აღნიშნა ჩემს წინ გამოსულმა ბრალმდებელმა.
პატ. გურამი: მაგას, დამცველ რეზოს, არაფერი არ ესმის, ეგ ექსცენტრიკია, მაგას შეუძლია ახლა იცინოს ან იტიროს, ერთნაირად ორივე: ეგ, შესაძლოა, კარგად ხატავდეს, ოღონდ მაგისი ნახატიდან ორ სხვადასხვა კაცს ორი სხვადასხვა რამის ამოკითხვა შეუძლია. ამიტომ მისი ეგ ბოლო თეორია მიუღებელია.
რეზო : ჩემი თეორიები მიუღებელია?
გურამი : გაქვთ ვინმეს სათქმელი?
რეზო : ხომ ვგრძნობ, რომ ვერ შევძელი დაცვა, სადღაც მე თვითონ არა მჯეროდა ჩემი სიტყვების, ოღონდ წარმოუდგენლად ახლოს ვარ, თითქოს ხელით ვეხები სიმართლეს.
პატ. გურამი: გულში ყველა მართალია.
ირაკლი : გულში ყველა მართალი კი არა, მტყუანია. აბა, დაუფიქრდით.
პატ. გურამი: ეგ სულერთია.
ირაკლი : სულერთი როგორ არის.
პატ. გურამი: აზრს ნუ მირევ რეპლიკებით.
გურამი : მსაჯულს ვთხოვ, თავი შეიკავოს.
ირაკლი : ყველას ხომ ერთი მიზანი გვაქვს.
გურამი : ჰო, და, ღმერთმა იცის, ვისა სჭირდებოდა ამხელა ტრაგედია, რომ ეს გაბნეული დამოკიდებულება ერთმიზნიან ურთიერთობად ქცეულიყო, მისი შემწეობით მხოლოდ.
რეზო : ნუთუ თეზიკო მართლა მკვდარია?!
პატ. გურამი: საწყალი თეზიკო.
რეზო : მე მზადა ვარ სულ დავიბნე, თითქმის ტირილამდე; საკმარისი იყო, იულონი დაგედანაშაულებინათ, გავივსე მისი დაცვის სურვილით, ახლა კი, როცა გავამართლე, თითქოს ვგრძნობ, რომ მაგან, მაგან მოკლა ჩვენი თეზიკო, ვახ, ვახ მე...
გურამი : გთხოვთ, ნუ გამოდიხართ მინიჭებული როლიდან.
რეზო : რა?! ნუ გამოვდივარ?! მე გავამართლე იულონი, თქვენ კი არა... კიდევ გავამართლო იულონი?! მაშ, ეს მკვდარი! მაშ, თეზიკო იცით, როგორ ცურავდა ის, როგორ უყვარდა ზღვაზე ერთი რუსის გოგო, მოსკოველი, ახლა კი აქა წევს... უჰუ, უჰუ, უჰუ. ვტირივარ, ბიჭებო...
პატ. გურამი: რა გინდა, რა, ბიჭო, ვაჰ, ვაჰ.
რეზო : რა?!
პატ. გურამი: რა გინდა, ბიჭო, რა?
რეზო : რა მინდა?! მოკალით ეგ მამაძაღლიც, ლინჩი მაგას.
პატ. გურამი: ვინ? იულონი? ეგ მკვლელსა ჰგავს, ბიჭო? არა გრცხვენია, არ იცნობდე მაინც იულონს.
ირაკლი : ფაქტი, ბიჭო, ფაქტი, ვახ, ვერ მესმის.
გურამი : დაწყნარდით ყველა.
დიდი ბობა : რას ამბობ, გურამ, კაცო, როგორ დავწყნარდეთ!
რეზო : სცადე და დაწყნარდი. ახლა, როცა ეს-ეს არის შენი ენით, – ენას თავი დაანებე, – გრძნობით, მკვლელს ამართლებდი..
ირაკლი : ეგა გღუპავს შენ.
დიდი ბობა : რას სულელობ, რა სიტყვებს იძახი, რა ეგა გღუ-პა-ვს, გესმის?! თუ სიტყვა ჩალაა, ჰა? თუ აქ კაცი არ მომკვდარა, ხალხო!
პატ. გურამი: კაცი კი მოკვდა, არც ყველაფერი მართალია, რასაც იტყვი; მე ჩემს სიტყვებზე ვამბობ.
გურამი : გთხოვთ ყველას, გაჩუმდეთ, შედით მკვდრის სულის პატივისცემის მდგომარეობაში და, რაც უფრო მთავარია, მოუსმინეთ ცოცხალ კაცს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ამ საქმესთან, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი.
ირაკლი : იულონს მივცეთ სიტყვა.
რეზო : იულონი.
პატ. გურამი: იულონს, ჰო.
დიდი ბობა : საინტერესოა, კაცო, რას იტყვის იულონი, ნუთუ იტყვის, რომ არ მოკლა.
გურამი : თეზიკოს მკვლელ იულონს ეკუთვნის სიტყვა.
დიდი ბობა : რა უნდა თქვას, აზრზე არა ვარ.
ირაკლი : მოვუსმინოთ და გავიგებთ.
იულონი : მე მომისმენთ? გინდათ ეს?
გურამი : კი არ გვინდა, თქვენ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ ვალდებული ხართ.
იულონი : მე თავს არ ვიმართლებ, ეს იცოდეთ, თუმცა ყოველი სიტყვა ისე გაისმება ჩემი პირიდან, როგორც თავის გამართლება, რაც მე არ მინდა და რასაც გვერდს ვერ ავუვლი. მე აქ სააშკარაოზე გამომიყვანეს, მე – წყნარი, თავმდაბალი იულონი, მე, მე თვითონ არ ვიცი, როგორ, მაგრამ მკვლელი, რომლის მთელი საშინელებაც, მიუხედავად მისი თითოეული დეტალის ცოდნისა, ჩემამდე არ მოსულა და ახლანდელი ჩემი ყოფა უფრო სიფხიზლეში თვლემასა გავს და გარკვეულად მშვიდ ჭვრეტასაც კი, რადგან, როგორც ჩემმა დამცველმა თქვა, მართლა გაურყვნელი დავრჩი; ეს იმიტომ, რომ ჩემ გონებას ეფარება ერთი მოგონება, ერთი უგმირო ტრაგედია, რომელიც ჩემად იქცა ისე, რომ მასში არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია და, ალბათ, მისი სხვისთვის მოყოლის შემდეგ შევიგრძნობ მომხდარი ამბის მთელ საშინელებას, მანამდე კი, იმ მარტო ჩემთვის ტრაგედიის საბურავში ვარ და მე მსიამოვნებს, როგორ ცუდადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვა, მე მსიამოვნებს, რომ მოვყვები იმ არაჩემსტრაგედიას, რის შემდეგაც დამრჩება ეს საკუთარი ტრაგედია და როგორი მერე... გესმით თქვენ, რა არის საკუთარი ტრაგედია; ეს არის გაცილებით დიდი და ძნელად მისაღწევი, ვიდრე საკუთარი ბედნიერება, საკუთარი ცხოვრების კომედია; მე კი უკვე ექვსი წელია გულში ვატარებ სხვის მოგონილ უბედურებას, ჩემთვის ტრაგედიად ქცეულს; არა, ექვსი წელი კი არა, მას შემდეგ სულ ყველა ჩემი ოცდარვა წელი გავიდა, ღმერთო ჩემო, ოცდარვა წელი, რაც მე არ მქონია ჩემი საკუთარი არაფერი; ჩემთვის ქონება, რაღაცა ბედისწერის ხმით, მხოლოდ ტრაგედია, გადავლილი ჩემს თავზე, იქნებოდა – და მე ვეძებდი მას, მის ნაცვლად კი ხან ბურთს მარტყამდნენ სახეზე, ჭუჭყიან, ტალახიან, სველ ბურთს, ხან წყალს მასხამდნენ აივნიდან და ეს შეურაცხყოფა იზრდებოდა უბედურებამდე. ოღონდ მყოფნიდა მხოლოდ ცოტა, ძალიან ცოტა ხანი, შემდეგ ვხვდებოდი, რომ ის იყო შეურაცხყოფა, მე კი მინდოდა რაღაც უფრო დიდი, სავსე, და მე ინტუიციით, მარტო ცხოვრებას, მარტო ფიქრს შეჩვეული კაცის ინტუიციით ვიცოდი, რომ ის, დიდი, სავსე, არ შეიძლება იყოს ჩემთვის ბედნიერება და, ქვეშეცნეულად, ამ გრძნობას სწორედ უბედურებაში ვეძებდი; ამიტომ ვიღებდი პატარა ბავშვისაგან მორტყმულ ბურთსაც კი უხმოდ, რომ ერთი წამითაც, სამაგიეროს გადახდის შემდეგ, გამარჯვებული არ გამოვსულიყავი.
ექვსი წლის წინ მე წამიყვანეს ფრონტზე და როცა იქ თოფით მოვკალი პირველი კაცი, გამეღიმა, მივხვდი, რომ მოკლა ბრძოლაში მტერი, ეს არ შეიძლება იყოს უბედურება, მე კი მხოლოდ ამ ამბის განსაცდელად წავედი საომრად, მოხალისედ, რადგან, როგორც დედისერთას, შემეძლო განთავისუფლება ჯარიდან და მე კიდევ მივხვდი, რომ ომში არამცთუ არ ტრიალებს ტრაგედია, არამედ, საერთოდ, დაკარგულია იქ რაიმე უბედურების შეგრძნება; აქ, როგორც არსად, ისე უფასურდება ყველაზე ძლიერი განცდებიც კი და მსხვერპლი სასაცილობამდე არარაობა ხდება, მაგრამ ჩემი ბუნება ეძებდა, ეძებდა და მან იპოვა უდიდესი უსამართლობა, უდიდესი ბოროტება, ჩადენილი სხვის მიერ, ადამიანის მიერ, და ის იქცა ჩემს ტრაგედიად, რადგან ის, რაც შეუძლია გააკეთოს ერთმა ადამიანმა, შეუძლია გააკეთოს ყველამ უკლებლივ, სწორედ ამიტომ სხვაც ისევე აგებს იმ უსამართლობისათვის პასუხს, როგორც თვითონ ჩამდენი. განაჩენის გამოტანისას, გთხოვთ, გაუწიოთ ჩემს ამ სიტყვებს ანგარიში და გაითვალისწინოთ, რომ ისინი ჩემს გასამართლებლად არ იყო ნათქვამი, არ იყო ნათქვამი ჩემი სასჯელის შესამსუბუქებლად. მე ახლა ვღელავ და ვიგრძელებ ვადას იმ ამბის მოყოლამდე, რაც საფუძვლად დაედო შემდეგ ჩემი ცხოვრების ფორმას, რაც ახლა არ მაძლევს საშუალებას, აღვიქვა ჩემი დანაშაული, მაგრამ მე გადავწყვიტე და მოვყვები და როგორც ვთქვი, მე ამ მოყოლის, ამ სხვისადმი ნაწილობრივ მაინც გადალოცვის, მოხარული ვარ; საქმე კი იყო სრულიად უბრალო და ჩვეულებრივი; ეს უკანდახევაა, რათა უფრო კარგად შეიგრძნოთ, ჩასწვდეთ ჩემს ტრაგედიას, რომელიც სხვამ ჩაიდინა, და რომლისთვისაც მე ჩემს სინდისთან ვაგე პასუხი, რადგან ჩემს სინდისს ყველაზე მეტად სჭირდებოდა პასუხისგება. ამ ამბის სათაური ასეთია:
რა შეიძლება იქცეს ტანჯვის მაძიებელი
კაცისთვის ტრაგედიად
ჩვენი ათეული ბრუნდებოდა ტბის ნაპირიდან, სადაც სისრულეში მოვიყვანეთ სამი გერმანელისადმი მისჯილი სასიკვდილო განაჩენი. მოდიოდა წვრილი წვიმა, რისგანაც მიწა ბარაქიანად იყო გაჟღენთილი და უფრო და უფრო მეტად იკრავდა ჩემს სალდათურ ჩექმებს; ეს ცოტა სასიამოვნოც კი იყო, რადგანაც სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ იძლეოდა. ტბა დარჩა უკან; ტყემდე, სადაც იდგა ნაწილი, კიდევ რჩებოდა ორი-სამი კილომეტრი, გარშემო იდგა აბსოლუტური სირუხე თვალუწვდენელი ტრამალისა; მე აშკარად ვგრძნობდი, როგორ არ ვნიშნავდით არაფერს ამხელა სივრცისათვის და უცნაური, თბილი შიში მეპარებოდა გულში. მე შემეცოდა ჩემი თავი, რომელიც არც ერთი მხრივ არ იყო დაცული, ეს უფრო სენტიმენტალური შიში იყო, უფრო სწორად, ლიტერატურული, რომელიც გამომდინარეობდა ჩემი თავისა და ტრამალის შედარებიდან, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ფიქრებს თავიდან ვიშორებდი და მთელი ყურადღება გადამქონდა ტალახიდან რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დახარჯვით ფეხის ამოტანაზე. თუმცა, მთელ ამ, ტრამალის აზრით, უაზრობაში, იყო ერთი საინტერესო ამბავი და თითოეული ჩვენგანისთვის აშკარა გამოსავალი; ეს იყო სალდათის მაზარის უტყუარი ჩვეულება, დაემორჩილოს სხვას, მთლიანად მისცეს თავისი ბედი სხვის ბრძანებებს. მე ოდნავ ეშმაკურად, რამდენადაც შეიძლება ასეთ დროს (ხანდახან გაცილებით უფრო მეტად შეიძლება, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენების დროს). გადავხედე ჩვენს ათმეთაურს, რომელიც აშკარად გრძნობდა, რომ მას ათი კაცის ბედი აბარია და ისეთივე კმაყოფილი იყო უფროსობით, როგორც ჩვენ ვიყავით კმაყოფილი დამორჩილებით, და, მე მგონი, ეს დამოკიდებულება იყო ერთადერთი პირობა, რომ, ასე ვთქვათ, კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვყოფილიყავით, გვქონოდა რაიმე გრძნობა ჩასმული თავის ფორმაში. და ჩვენ ვმოძრაობდით: გვიბრძანებდნენ `მარჯვნივ~ – მარჯვნივ, თუ არადა – პირდაპირ, ტრამალის ბოლომდე, შემდეგ – უფრო იქით. ჩვენი საქმე პატარაა: რასაც გეტყვიან, შეასრულე; აი, მთელი ლოგიკა სამხედროსი, რაც გაიძულებს შენ, იყო არამცთუ უკმაყოფილო, არამედ, პირიქით, განიცადო ერთგვარი სიამოვნებაც კი, რადგან სხვები ფიქრობენ შენს მაგიერ, განსხვავებით სამოქალაქო ცხოვრებისაგან, სადაც თითოეული, ყოველ წამს ფიქრობს თვითონ თავისი გართობის შესახებ და აკეთებს ათასგვარ სისულელეს და პასუხს აგებს მასზე.
მე შევეჩვიე ფიქრს და განსაკუთრებით გაცხოველებული ვფიქრობ მაშინ, როცა სხვები აზროვნებენ ჩემი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ჩემს მაგიერ. აზრებს განსაკუთრებით ხელს უწყობს რიტმი, იარო ფეხაწყობილმა მწკრივში – ეს არის უდიდესი განტვირთვა ადამიანისა, მე ვიტყოდი, თითქმის ჭვრეტის პროცესი, როცა სხეული შენ აღარ გეკუთვნის; ამ დროს უმეტესობა ნეტარებს, გრძნობს უცნაურ განცხრომას, ხოლო მისთვის, ვინც შეჩვეულია ფიქრს, აზრი არ წარმოადგენს რაიმე გამომწვევს ან დამღლელს – ის მეთოდურად მოდის თავში, გაბმული რიტმის შეგრძნებისაგან და არის წუთები, როცა გეღიმება კიდეც შინაგანი ბრიყვული სიამოვნებისაგან, `დაამღერეთ!~ ხელმძღვანელობს ათმეთაური და, მერწმუნეთ, გაცილებით ჯანსაღად ჟღერს სიმღერა, შესრულებული ბრძანებით, მწყობრში, ვიდრე გიტარით ხელში, სუფრაზე. ეს ბრძანება ამ წუთში საკმაოზე მეტად დროული იყო – მარცხენა ფეხზე პირველმა ხმამ დაიწყო პირველით, ხმამაღლა, გამართულმა, და უცნაური სიმსუბუქე ვიგრძენით ყველამ, გაქრა ის უმნიშვნელო შეგრძნებაც კი შიშისა, რომელსაც იწვევს ყოველი მხრიდან დაუცველი ტრამალი, პატარა საფარი გორაკებით.
სიმღერის ბოლოს ჩვენ ყველა (`ჩვენ~-ს ვხმარობ განგებ, რადგან სიტყვა `მე~ მწყობრში თითქმის იკარგება და იმას, რასაც გრძნობს ერთი, გრძნობს ყველა) განსაკუთრებით ხაზს ვუსვამდით მარცხენა ფეხის დარტყმას, რომელზედაც უნდა მოსულიყო ახალი ბრძანება, ახალი სიმღერის დაწყებისა.
ჩვენი ათეული უკვე ტყეს მიუახლოვდა, სადამდისაც საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ, მაგრამ დროის გასვლა თითქმის არ გაგვიგია – ესეც მწყობრის ერთ-ერთი ბრწყინვალე თვისებაა – ის კარგავს დროის შეგრძნებას. ათმეთაურმა ტყის ზოლთან მიახლოებისას გვიბრძანა შაშხანების მომარჯვება სასროლად და ჯაჭვში გაშლა. აქ ერთი წამით ფსიქოლოგიურადაც იშლება მწყობრი და ყველა სხვადასხვა წერტილიდან ელის სროლას, აქ სხეულის კანკალამდე იგრძნობა, თუ რა საშიში იყო დაუცველ სტეპში სიარული და ახლა ყველა ორმაგი ენერგიით მიდის, რომ დროზე შეაფაროს ტყეს თავი. აქ ტყე პირდაპირ იწყება ტრამალის შემდეგ – უზარმაზარი წიწვები, არეული ფოთლიან ხეებში. ჩვენ უკვე ისევ მწყობრით მივდივართ ბილიკზე, გარშემო უზარმაზარი ხეები გვარტყია და რაღაცა უცნობი, ხეს მოფარებული შიში გვიპყრობს; სტეპის შემდეგ, ტყეში შესვლისას დამკვიდრებული უშიშროების სასიამოვნო გრძნობასთან ერთად, ორმაგად იზრდება ფარული შიშიც, შიში ყოველი ხისადმი, მაგრამ აქაც, როგორც სტეპში, მწყობრი თავისას აკეთებს, `სადაც სხვები, იქაც მე~, ფიქრობს თითოეული ან არ ფიქრობს, ეს თავისთავად ხდება ჩვენში; გაცილებით ადვილია, სასაცილომდე ადვილი, როცა სხვაც კვდება შენთან ერთად, შენს გვერდით. აქ არ არის მამაცობაზე ოდნავი პრეტენზიაც კი, ამიტომ ომში ყველაზე მხდალი ადამიანებიც კი ჩვეულებრივი ცხოვრების დროს სიმამაცის მაგალითებს იძლევიან.
როგორც ხედავთ, მწყობრსაც არ შეუძლია, აიძულოს ფიქრს შეჩვეული ადამიანი, არ გაუკეთოს ანალიზი თითოეულ ნაბიჯს, ოღონდ აქ ფიქრი არ იწვევს გაღიზიანებას, ის თავისთავად, რიტმულად მოდის თავში და ეს რიტმი, როგორც მე ყოველთვის მეჩვენებოდა, გაჟღენთილია სევდითა და სითბოთი, უმწეო სიყვარულით რაღაცა არაკონკრეტულისადმი, შეიძლება სადღაც გულის სიღრმეში თავისი თავის შეცოდებით: `აი, შენ როგორი ყოფილხარ სინამდვილეში, დიდი ფარის ნაწილი და სხვა არაფერი~.
ფიქრი ყველა დროს, ეს არის, ჩემი აზრით, ადამიანის ტრაგედია, ის ყველანაირად მიისწრაფვის, ოღონდ ისევ და ისევ აზრის საშუალებით, გახდეს ცხოველივით უგრძნობი, პლასტიკური, მორჩილი, რაც შეიძლება ინტენსიურად იგდებს თავიდან ყველა დარდს – დარდი პირველი და ძირითადი ნიშანია აზრისა – და რაც უფრო მიისწრაფვის თავის მოტყუებისკენ, მით უფრო შორდება თავის პირვანდელ ინსტინქტების მდგომარეობას და უფრო მაგრად ყოფს თავს ათასი პარალელური დარდების, აზრების ქსელში. და რამდენადაც შორს მიდის ეს გზა, მით მეტად დარდიანი, გულნატკენი და სასაცილო – უსასრულობამდე თავგაურთველი ფიქრებით – ხდება ადამიანი მთელი დანარჩენი ბუნებისათვის, რომელმაც უფიქრელადაც იცის ჭეშმარიტება და თან ჭეშმარიტებათა შორის ყველაზე ძვირფასი – ბუნებამ იცის, რომ ჭეშმარიტების მისაღწევად ფიქრი არ არის საჭირო, ფიქრი საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ დაშორდე ჭეშმარიტებას – ეს უკანასკნელი (დაშორება), როგორც ზემოთ ვთქვი, არის ადამიანის არსებობის მოწოდება და ერთგვარი კონტრასტი მშვიდი, კანონზომიერი სამყაროსათვის, რომელიც ისევე უყურებს კაცთა არეულ ვნებებს, როგორც საკუთარ სიმშვიდეს.
და მაინც, ყველა ამ აზრის შემდეგ, მიმჯდარი მიწურის კუთხეში, მე ვფიქრობდი და ვფიქრობდი ორმაგი სიამოვნებით, სიამაყით; თითქმის დაცინვით ვუყურებდი ორ ხესავით უგრძნობ სალდათს, რომლებიც ფეხზე მდგარი და ამწუთში უფიქრელი, ჩვენზე გადმოყუდებული წიფლებივით, ემზადებოდნენ მახორკის გასახვევად (ამ დროს ისეთი დიდია ნიკოტინის შესუნთქვის სურვილი, რომ ფიქრი არ შეიძლება, თუ არ ჩავთვლით დარჩენილ სურვილის გრძნობას, ხოლო ასეთი სურვილი აქვს ხესაც, რომელიც ნოტიოს ისრუტავს); უცებ საშინელი სიცხადით ვიგრძენი ჩემი უპირატესობა ბუნებასთან (იმ გაერთიანებული სხვა ორი ადამიანისა და ხეების სახით) შედარებით. ეს იყო სიამაყე ჩემი აზრების გამო, რადგანაც აზრი არის ადამიანის გონების უდიდესი დამსახურება, ეს უკანასკნელი აძლევს მას უპირატესობას მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ. იმიტომ არ გვიყვარს ჩვენ, უფრო სწორად, პატივს არა ვცემთ ადამიანებს, ვინც სხვაზე ნაკლებსა ფიქრობს. და ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ შურით მათი უდარდელობისადმი, არამედ ეს არის თვისება, რომლითაც მაღალი ხე უყურებს და ჩაგრავს დაბალ ხეს თავისდაუნებლიეთ, ყოველგვარი წინააზრის გარეშე. დანარჩენი სხვა დამოკიდებულება – ცხვირის აწევა, დაცინვა და სხვა – უფიქრელი, განუვითარებელი ადამიანებისადმი გამოგონილია, მოწებებული, უმეტესად ამ უკანასკნელთა მხრიდან, ძირითადი კი არის, ვიმეორებ, ობიექტური განსხვავება ტვინის, აზრის, დარდის შეგრძნების ხარისხებს შორის.
მე დარდს ვუსვამ ხაზს და ამაზეცა მაქვს ჩემი შეხედულება, პირდაპირ კავშირში მყოფი ჩემ მონათხრობთან. დარდის შეგრძნება არის კუთვნილება, მე მგონი, სწორედ ყველაზე მეტად ქართველი ადამიანისა. ხშირად შემიმჩნევია, განსაკუთრებით, ტყვეების დახვრეტის დროს, რისი შესრულებაც ხშირად გვიწევდა, რომ გერმანელს სახეზე ყოველთვის უფრო მეტი უკმაყოფილება ეხატებოდა, უკმაყოფილება, შიში, გარკვეული პრეტენზია სიცოცხლის უფლებაზე; ხშირად დავკვირვებივარ კინოშიაც, რომ როცა ევროპელს კლავენ, ან ცოლს უუპატიურებენ, ან ახლობელს მოულოდნელად მკვდარს ხედავენ, სახეზე უკმაყოფილება ეხატებათ და ყოველთვის მიკვირდა, სამი ამხელა ტრაგედიის გამო როგორ შეიძლება იყო უკმაყოფილო და მეტი არაფერი – თითქოს ჯამაგირიდან ორჯერ მეტი დაგიქვითეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ჩვენს ათეულს მოუწია, აგრეთვე, მოღალატე რუსების დახვრეტა, რომლებიც არაჩვეულებრივად ყოყლოჩინობდნენ, თავს იმხნევებდნენ და უკმაყოფილო სახეებს იჭერდნენ გერმანელებივით, მაგრამ დახვრეტის წინ ისეთი სევდა, წმინდად არამიწიერი უსაზღვრო სევდა დავინახე მათ თვალებში, სევდა, მოკლებული შიშის გრძნობას და დაფარული გაუტეხელობის საფარით, რომ მე ამ სევდამ შემზარა: მზად ვიყავი, დამეგდო თოფი, მაგრამ აშკარად ვხედავდი, რომ სხვები ისევე ესროდნენ მათ, როგორც გერმანელებს, უფრო მეტი სიბრაზითაც კი, და ეს იყო მხოლოდ მოღალატე, დასახვრეტი რუსების დამსახურება, რადგან მათ ყველანაირად შეძლეს, თავისდაუნებურად, დაეფარათ თავიანთი სევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ შეძლებდა მოეკლა ეს ადამიანები – იმდენ ნათესაობას იგრძნობდა მათდამი. ისევ მინდა აზრის სიცხადისათვის კინოს მაგალითი მოვიყვანო (რატომღაც, კინოში ყველაზე კარგად მჟღავნდება ფსიქოლოგია ერისა ან ყველაზე გავრცელებული სანახაობა რომ არის, იმიტომ აქცევს კაცი მეტ ყურადღებას). აქაც, მინდა აღვნიშნო, ზევით ჩამოთვლილი შემთხვევების დროს – სიკვდილი, ახლობლის მოკვლა, ცოლის გაუპატიურება – რუსის სახეზე ყოველთვის იხატება საშინელება ან სასოწარკვეთილება, და ეს ისეთივე ბუნებრივია მისი სახისათვის, როგორც, მსგავს შემთხვევაში, უკმაყოფილება ევროპელის სახისათვის.
მე არ მომხვედრია ხელში დასახვრეტად ქართველი, მაგრამ ორივე ეს გრძნობა – გერმანელის, ევროპელის უკმაყოფილება, დაფარული სევდით, უმეტესად სენტიმენტალური ცრემლებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს ტირიან, და რუსის არამიწიერი სევდა, დაფარული უკმაყოფილების ან გამომწვევი ვაჟკაცობის ნიღბით – იმდენად ნაცნობი იყო ჩემთვის, რომ მე ცოცხლად წარმოვიდგენდი თავს დასახვრეტთა რიგებში. და არა ყოფილა არც ერთი ჩემი მახლობელი, რომ აზრით არ დამეხვრიტოს და ყოველთვის ყველა ქართველის სახეზე ვკითხულობდი დარდს, უსაზღვრო დარდს, გამოწვეულს იმით, რომ მას იქ, სამშობლოში, დარჩა უსაყვარლესი დედა, მიწა, კარ-მიდამო, სადაც გაიზარდა, და ყველაფერი გადმოდიოდა მის შინაგან ბუნებაში, როგორც უკმაყოფილება; ეს არაჩვეულებრივი ჰარმონიით ერწყმოდა მის არამიწიერ გამოსახულებას, მას, რომელიც აღარ უნდა იყოს, რომელიც უნდა წავიდეს სხვაგან და ეს სევდა, ობიექტური რუსული სევდა, რომელიც ერთნაირად წარმოიშვება ცუდის თუ კარგის დროს, უკმაყოფილებასთან ერთად დანახული ქართველში, მაიძულებდა თბილად და ნერვიულად, მარტო მიძინებულს მიწურის კუთხეში, ცრემლიანი თვალებით გამეცინა.
ეს ორი გრძნობა, უკმაყოფილება და სევდა ერთად, ძალიან ღრმადა ზის ქართველი კაცის შინაგან ბუნებაში და სწორედ მათი შეერთება წარმოშობს გრძნობათა შორის ყველაზე ადამიანურ შეგრძნებას – დარდს. უცნაური ჩაციება ვიცი ხოლმე, მაპატიეთ და მეტი სიცხადისათვის ისევ კინოს მაგალითს მოვიყვან, იმავე ზემოთ დასახელებული შემთხვევებისათვის. კინო არის არტისტიც და ამ არტისტობის დროს მთავარია როლის ბუნებრივი შესრულება – ევროპელისათვის ბუნებრივია უკმაყოფილება (იმ შემთხვევაში), რუსისთვის სევდა, და ორივე ერი ამას ნიჭიერად გამოხატავს ეკრანზე, ხოლო ქართველი დაბნეულია, მან არ იცის ამ გრძნობათაგან არტისტობის დროს რომელს მისცეს უპირატესობა, ამიტომ მისი თამაში არაბუნებრივი გამოდის. არაბუნებრიობა – ესეც ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული ადამიანური თვისებაა, ამით ყველაზე მეტად გამოვირჩევით ჩვენ, ქართველები, სხვა ეროვნებებისაგან და მხოლოდ ჩვენ, სხვა ხალხებს შორის, სწორედ ამიტომ, მიუხედავად დიდი ვნებებისა, არ გვახასიათებს არც ერთი უკიდურესობა. ამაზე მეტყველებს მთელი ჩვენი ისტორია – ნაომარი, დაჩეხილი, ხშირად გამარჯვებულიც, მაგრამ შინაგანი ინტელექტით ყოველთვის ერთ დონეზე მდგარი, შუაში – გამარჯვებათა და დამარცხებების საზღვარზე. გამარჯვების დროს დამარცხებული, შეშინებულიც კი სულით, და დამარცხებისას გულგაუტეხელი, გალომებული, რაც შინაგანი წონასწორობის მუდმივობას უწყობს ხელს; ჩვენა ვართ ხალხი ურწმუნო და ღმერთების მოყვარული.
მე, მაგალითად, არასოდეს არ შემიძლია ერთ აზრს ჩავყვე ბოლომდე და, უფრო მეტიც, არ შემიძლია ერთ რამეზე, მხოლოდ ერთ რამეზე ვიფიქრო ერთი წამიც კი. ჩემს ძირითად აზრებს ყოველთვის გვერდზე მიჰყვება აუარებელი ქვეაზრები, სახეები. უმეტესად ვხედავ სხვა სახეებს, ვფიქრობ და აღვიქვამ სხვას, როგორც ახლა, ისე ზოგადად.
როგორც უკვე ვთქვი, მე ვიჯექი მიწურის კუთხეში. ამ დროს არ ვიცოდი, როგორ შემეერთებინა ჩემი ფეხები სხეულისთვის. ფეხებზე ჩვეულებრივ მცივა და მათი მოწყობა ყოველი დაძინების ან წათვლემის დროს მთელ პრობლემას წარმოადგენს ჩემთვის. ახლა ისე ვიყავი გართული მათი გათბობით, მყუდრო მდგომარეობაში მოყვანით, რომ ზევით ნათქვამი მსჯელობა მოდიოდა თავისთავად, ზედაპირულად, რომელიღაც კონკრეტულ შინაგან გრძნობებთან წონასწორობაში. მაშ ასე, ვფიქრობდი და ვზრუნავდი ფეხების მოწყობაზე, თითქმის გადავწყვიტე კიდეც, რომ ადამიანმა შეიძლება ყველაფერს მიაღწიოს, მოიწყოს ყველაფერი, სულ ყველაფერი, გარდა ფეხებისა, რომლებსაც რატომღაც მაინც ეციებათ. უცნაურად ამეკვიატა ეს ფეხების აზრი და ოდნავ გამეღიმა. მე ყოველთვის მეღიმება, როცა თავს ტყუილში ვიჭერ. ძლივს მივხვდი, რომ ფეხების მთელი ეს პრობლემა გამოწვეული იყო დილანდელი განცდისაგან – დილით ჩვენ ორივეფეხწაჭრილი კაცი დავხვრიტეთ. ის აქედან ჩვენი ზურგით მიგვყავდა, საკაცეზე დასმული, მხოლოდ იმისათვის, რომ იქ დაგვეხვრიტა; საკაცის უკან წამოღება დაგვეზარა და იქვე დავტოვეთ, ტბის პირას. უცნაური შეგრძნება დამრჩა იმ კაცისგან – მას ვერაფრით ვერ ვუყურებდი, ვერ აღვიქვამდი როგორც ადამიანს, რომელიც ფიქრობს; ის იყო ჩემთვის უფეხო, სწორედ უფეხო და, როცა დავხვრიტეთ, სწორედ ასეთი შეცოდება დამრჩა გულში. `რა ცოდოა უფეხო კაცი~ – ეს ფრაზა ავადმყოფობამდე განმივითარდა და მთელი გზა მიტრიალებდა თავში. სწორედ ამ განცდის შედეგი იყო, რომ ახლა ჩემს ფეხებს ვგრძნობდი და მათი მოწყობაც პრობლემად გადამექცა. `უცნაურია უფეხო კაცი~, განვაგრძობდი ფიქრს და, მიუხედავად ცოდნისა, ვერ მესმოდა, რომ ის ასე არ დაბადებულა. მაგრამ მე ვთქვი, რომ ჩემს თავში ყოველთვის არის მრავალი პარალელური ფიქრი, რომელთა შორისაც მთავარია იმ საზოგადოების საერთო საზრუნავები, რომელშიც მე ვიმყოფები. ერთი საათის წინ კი მოვიდა ბრძანება, რომ ჩვენს პირისპირ დადგა გერმანელების ოთხი პოლკი, ჩვენ უნდა სასწრაფოდ დაგვეხია უკან – იმ დროს ჩვენები უკან იხევდნენ, ამიტომ ვხვრეტდით ტყვეებს, რომელთა ბადრაგით ტარება არც ისე ადვილია ტყეებსა და ბორცვებზე. უკან დახევის ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ უნდა ავყრილიყავით დილისათვის, ე.ი. თითქმის ბინდბუნდში უნდა დაგვეტოვებინა მიწურები.
ამ ჩემი აუღელვებელი და მონოტონურად მოსული აზრების დროს მე შევასრულე რამდენიმე ბრძანება: ვიდექი მწყობრში, მოვისმინე პოლკის უფროსის ამონაწერი არმიის სამოქმედო გეგმიდან, ვუპასუხე ათმეთაურის რამდენიმე შეკითხვას. სხვათა შორის, გაცილებით უფრო კარგად, ცხადად ვფიქრობდი, რადგან, როგორც ერთხელ უკვე ვახსენე, ჩემს ფიზიკურ ფიქრებს სხვები განაგებდნენ და უფრო ცხადად ვგრძნობდი, რომ ფეხების სიცივე და არა ფეხები იყო ერთადერთი, რაც მე მეკუთვნოდა ჩემი ფიზიკური ფიქრებიდან. ფიქრები არის ფიზიკური და სულიერი – ეს დაყოფა განსაკუთრებით კარგად იგრძნობა არმიაში. ის, რომ დილაზე ადრე უნდა ავმდგარიყავი სიცივეში, სველი, თითქმის მშიერი, ეკუთვნოდა სხვას, და მე ვიყავი ამის მოხარული, მაგრამ ერთი საკითხი სულიერი ფიქრებიდან განსაკუთრებით შემომიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო არაფერი რთული და უცნობი. მე მინდა მოგიყვეთ ამ უკანასკნელის შესახებ, რადგანაც ის დაედო ორგანულ საფუძვლად მთელ ჩემს წინა მონაყოლს.
სანამ იმ ამბავს დავიწყებდე, დამატებისათვის კიდევ ვიმეორებ: ომის დროს მთლიანად იკარგება მსხვერპლის, ტრაგიკულობის შეგრძნება, ამ უკანასკნელის განცდა კი იყო მიზანი ჩემი ჯარში წასვლისა. ერთი შეხედვით, ეს ამბავი მე უნდა გამხარებოდა, ე.ი. ტრაგიკულობის შეგრძნების სურვილის დაკარგვა; მე ვიქნებოდი უდარდელი, ბედნიერი ადამიანი, მაგრამ შიში, თანდაყოლილი, ბუნებრივი, საშუალებას არ მაძლევს გვერდი ავუარო რომელიმე ჩემს განცდას, გამოვრიცხო ის ჩემი დარდებიდან და უკვე ამ ტრაგიკულობის ვერნახვა ხდება ჩემთვის ახალი დარდი. მაშინ მე ახალი ძალით ვეძებ მას, მიმქრალ სურვილს და, რაც უფრო მიმქრალია ის, მით მეტ ადგილს იკავებს ჩემს არსებაში წინა პლანზე გამოსვლის დროს; და აი, მე ავადმყოფურად აღვიქვი, რომ ამ აურაცხელ გაჭირვებაში, არაადამიანურ პირობებში, ისეთი რამეც კი არ ხდება, რაც გაკვირვების საფუძველს მაინც მოგვცემს. თუმცა არ არის მომენტი, როცა ადამიანს არა აქვს რაიმე მოუწესრიგებელი სულიერი საზრუნავი თავის სინდისში.
მე განვაგრძობ მოყოლას: მწყობრში დგომის დროს ჩვენს წინ ჩაატარეს ახალი პარტია ტყვეებისა: ხუთი რუსი მოღალატე და ერთი გერმანელი, ექვსივენი არჩევაზე მოსულები, ღონივრები. როგორცა ვთქვი, ჩემი თავი დაკავებული იყო სხვა ფიქრებით, ოღონდ შიდა, პარალელური აზრი ძირითადი ფიქრებისა ყველა წვრილმანში იწერდა ჩვენს წინ ჩავლილი ტყვეების გარეგნობას და იმის მიხედვით ანალიზს უკეთებდა მათ ხასიათებს. Mმალე, მათი ჩავლის შემდეგ, შევამჩნიე, რომ ყველა სხვა აბსტრაქტული დარდი გაქრა და წინ წამოვიდნენ ტყვეების სახეები – ისინი ამ ერთფეროვან მწვანე მაზარებს შორის განსაკუთრებით მკვეთრადა ჩანდნენ; მე დამაინტერესა და რიგის დაშლის შემდეგ გავწიე ღია ბარაკებისაკენ, სადაც ისინი ჩაკეტეს პირველად. იქ უკვე თავი მოეყარათ სალდათებს; ზოგი მათგანი, მიუხედავად აკრძალვისა, მაინც ცდილობდა გამოლაპარაკებოდა მათ.
სამი რუსი იჯდა აბსოლუტურად უინიციატივოდ. ისინი, როგორც ეტყობა, არა ფიქრობდნენ დახვრეტაზე, რაც ყველაზე მოსალოდნელი იყო, არც გადარჩენის რაიმე იმედი ეტყობოდა მათ სახეებს. პირდაპირ იყურებოდნენ სალდათებისაკენ და ვერ აღიქვამდნენ ვერაფერს, რაც გარშემო ხდებოდა. შესაძლოა, ისინი ერთგვარ ნეტარებასაც კი განიცდიდნენ, რომ მათი ბედი სხვას ჩააბარეს და, მაშასადამე, თვითონ საფიქრალი აღარაფერი აღარა აქვთ – იქ კი, რაც იქნება იქნება; დანაშაული მათ ერთნაირი აქვთ, ისე რომ, სადაც ერთი, იქაც ყველა. – როგორც ზევით აღვნიშნე, ასეთი შეგრძნება ხშირად სიამოვნებამდე ადუნებს ადამიანს. – მეოთხე, ფეხშიშველა რუსი, აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო და ეს არ იყო მოჩვენებითი პოზა, თუმცა, შესაძლოა, თავისი აზრით, იგი ამას პოზისათვის აკეთებდა. ის დადიოდა ბარაკის გასწვრივ, გავებზე კუკიშებდაწყობილი და თითებს შუა გამოვარდნილ, ზომაზე გრძელ ცერს ათამაშებდა ისე, რომ ყოველი მისი შებრუნებისას ზურგისკენ, სალდათები ხმამაღლა იცინოდნენ და რაღაცა მხიარულს ეძახდნენ. ის იმასვე აკეთებდა ფეხშიშველა ფეხებით, რომლებზეც გრძელი, ხელებისნაირი თითები ჰქონდა. ეს განსაკუთრებით მოსწონდათ ჯარისკაცებს; მალე მათ შორის გარკვეული თანხმობა ჩამოვარდა და ორივე მხარემ დაიწყო ერთმანეთის გართობა. როგორც ეტყობა, არც ერთ მხარეს არ უნდოდა ჩასწვდომოდა საქმის ნამდვილ ვითარებას. ისინი ცდილობდნენ, ოფიცრის ჩამოვლამდე მაქსიმალურად გამოეყენებინათ დრო გართობისათვის. ისინი გულწრფელნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველმა მათგანმა იცოდა: ხვალ დილით საკუთარი ხელით შეეძლო დაეხვრიტა ტყვე – ეს კანონია, ეს კი... ბიჭი კარგია, მხიარული, შეგიძლია გაერთო. მეხუთე, აშკარად აპოლიტიკურად განწყობილი რუსი, ცდილობდა რაც შეიძლება მაგრად ეკბინა მსმენელისათვის თავისი ყოველი სიტყვით. მას ყურადღებას აქცევდა სულ ორი-სამი კაცი; ერთი მათგანი იყო სათვალიანი, რაც მთელ სამეულს ჭკვიანურ, ინტელექტუალურ შეხედულებას აძლევდა. მე ასეთ შეფასებას წინ არ აღვუდგები, რადგანაც, ჯერ ერთი, ასეთი აზრი ამ სამეულის შესახებ მართალი იყო, მეორეც, სათვალე დღემდე რჩება ჩემთვის მისი მფლობელის ინტელექტუალობის გარკვეულ საზომად. სამოქალაქოშიც რომ დავინახავ სათვალიან კაცს, იმ საათში გონებაში გამირბენს, რომ ის ჭკვიანი კაცია. სათვალიანი სალდათი, პრეტენზიის მქონე ჭკვიანის სახელზე, რაღაც გამომწვევ პოლიტიკურ საუბარში ჩაება ტყვესთან, რაც უკანასკნელს საშუალებას აძლევდა, დაუსრულებლივ გესლი ენთხია და ამითი მიენიჭებინა თავისი თავისთვის მაქსიმალური სიამოვნება. მის მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის ეს სიამოვნება, თავისი დროის მონაკვეთში, არც ერთი თავისუფალი კაცის სიამოვნებას არ ჩამორჩება, რა სახისაც უნდა იყოს ის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ მას აშკარა დახვრეტა ელოდა და დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, მაღლაც კი დგება ჩვეულებრივ, კმაყოფილებით გამოწვეულ, სიამოვნებაზე.
მაშასადამე, ხუთივე ტყვე გართული იყო თავისი საქმით: სამი მშვიდად იჯდა, აბსოლუტურად უაზრო სახით, დანარჩენი ორიდან ერთი ხუმრობით ერთობოდა, ყურადღების ცენტრში მდგარი, ხოლო მეორე აშკარად მდგომარეობის უფროსად გრძნობდა თავს, რადგან, როგორც ვთქვი, შეეძლო ეთქვა რაც მოესურვებოდა – ის უკვე აღარ აგებდა თავის თავზე პასუხს.
რჩებოდა მეექვსე ტყვე, გერმანელი, მან კი გადაწყვეტით არ იცოდა, რა გაეკეთებინა. უპირველეს ყოვლისა, მას სციოდა და არა ჰქონდა არაფერი, რითიც შეეძლო თავი გაეთბო; სიარულს, ხელების ქნევას გასახურებლად კი ვერა ბედავდა და, თუ ბედავდა, ძალიან პატარა მასშტაბებით, ისე რომ, გახურების მაგიერ ძაგძაგებდა. მას არავინ არ უყურებდა, ეს მდგომარეობა ჯერ სიამოვნებდა, შემდეგ კი, როცა მოლაპარაკე რუსებსა და სალდათებს შორის ახლო დამოკიდებულება გაიმართა, ის შეშინდა და ყურები ცქვიტა; შემდეგ, როცა ისევ არ მიაქციეს ყურადღება, საოცრად ტუტუცურად გაიღიმა და გააკეთა მოძრაობა კისრით, თავის მხრებში დამალვასავით, მაგრამ ეს უცნაურად უხერხული გამოუვიდა, რადგან დიდი, წახნაგოვანი თავი ოდნავაც კი ვერ დაიმორჩილა. ეს იმწამშივე იგრძნო და შეეშინდა, თითქოს ასეთი უხერხული მოძრაობა მის დანაშაულს გაზრდიდა. ცოტა ხნით ისევ გაყუჩდა, მაგრამ მის სხეულს მთელი არსებით მოუნდა, ყურადღება მიექციათ მისთვის. ის იყო ერთი და, უმოძრაოდ მჯდარს, სამი რუსის მსგავსად, არ შეეძლო შეერთებოდა მათ შინაგან განწყობილებას. ის წამოდგა, აიტუზა, საიდანღაც დააძრო ცალშუშაამომტვრეული სათვალე და ცხვირზე ჩამოიცვა, შემდეგ უფრო თამამი მოძრაობა გააკეთა ხელებით, გასათბობად. წვეტიანი ცხვირი აშკარად გამორბოდა სათვალის შიგნიდან; მხრებში ჩავარდნილი თავით, სადღაც მიმალული გრძელი კისრით, მაღალი, ხმელი ფიგურით, ის კითხვის ნიშანსა ჰგავდა, რომელსაც წერტილად შავი, ტალახიანი ბათინკებიდან გამოვარდნილი თეთრი ცერი ჰქონდა. ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ ამ კითხვის ნიშნისთვის ვინმეს ეპასუხა.
უცხოელი ყველგან და ყოველთვის, გარკვეული აზრით, ჭკვიანსაც ნიშნავს, ეროვნების განურჩევლად, ყოველ შემთხვევაში, კაცს, რომელმაც იცის ისეთი რამე, რაც შენ არ იცი (თუნდაც მელა-`პესეცის~ თვალში ტყვიის მორტყმა – ჩუქჩამ), ამიტომ ყოველთვის გაიძულებს ეს შეუცნობლობა, ერთგვარი შინაგანი ანგარიშის გაწევით და პატივისცემითაც კი მოეპყრა მას. მაგრამ სათვალიანი უცხოელი, ისეთი ნახევარაზიატისათვის, როგორიცა ვარ მე, უკვე ჭკვიანი კაცია, ხოლო სხვა სათვალიანისთვის რაღაცით, მხოლოდ სათვალიანისთვის გასაგები ინტუიციით, თანატოლი და, ამავე დროს, ღირსეული მეტოქე. მე ეს არ შემიძლია ვთქვა ყველას შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ვიგრძენი, როგორ გაურბინა ზუსტად ამ შეგრძნებამ სათვალიან სალდათს, რომელიც პოლიტიკაზე ელაპარაკებოდა ტყვე რუსს. ის წამოდგა, თითქოს ახლა პირველად დაინახა ტყვე გერმანელი, გერმანელმა თავი ამოსწია მხრებიდან და, როგორც მხსნელს, ისე მიაშტერდა წამომდგარ სათვალიან სალდათს. ისინი ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე წავიდნენ ერთმანეთისაკენ და დადგნენ ისე ახლოს, რამდენადაც ღობე უწყობდა ხელს. მე მომეჩვენა, რომ რაღაც იყო მათ სახეზე ღიმილის მსგავსი და, თუ გერმანელი იყო ნასიამოვნები აღმოჩენით, არანაკლებ კმაყოფილი ჩანდა რუსიც.
– Вишь, очкастый!.. – დაიძახა აშკარად გამხიარულებულმა უკრაინელმა მეორე ჯგუფიდან და სათვალიანი რუსისკენ წავიდა. არ ვიცი, ამ დროისთვის ყველას მოსწყინდა ხუმრობაც, სერიოზული ლაპარაკიც, თუ იმავე აზრმა გაურბინა ყველას თავში ქვეშეცნეულად. ასე იყო თუ ისე, ყველანი ნელ-ნელა მოგროვდნენ რუსის გარშემო – აქტიური, ორი მოღალატე ტყვე რუსიც კი ისეთ პოზაში დადგა, თითქოს სალდათებს შეუერთდა. მხოლოდ ის სამი იჯდა ისევ განურჩეველი სახეებით. `კარგი იქნებოდა ახლა პაპიროსი~, – ხმადაბლა თქვა ერთმა სამთაგან. ისეთი სიჩუმე იდგა, რომ მე აშკარად გავიგონე მისი ხმა. ვიღაცამ სიჩუმის დამრღვევს გადაუგდო ქისა `მახორკით~.
ჩვენს გარშემო სახეები მომზადებული იყო ეშმაკური ღიმილისათვის, რაღაცა მძაფრის, მართლის სათქმელად და ყველა იცდიდა. სხვებმა როგორღაც ქვეშეცნეულად იგრძნეს, რომ სათვალიანი ილაპარაკებდა მათ მაგივრად, რადგან ტყვე სწორედ ამ უკანასკნელის ფარდი იყო. რუსი სათვალიანი წინასწარგანზრახულად დუმდა, სანამ არ მოიკრიბა მთელი ყურადღება და არ იგრძნო თავი მდგომარეობის უფროსად. გერმანელი, რომელიც დასაწყისში სრული უგულებელყოფის შემდეგ ასეთ ყურადღებას არ ელოდა, შეშინდა, გააკეთა კისრის მოუხეშავი მოძრაობა, რის შემდეგაც თავი ისევ წინანდელ მდგომარეობაში დარჩა და რაღაც საოცრად ბავშვურად და ბრიყვულად გაიღიმა. მისმა მეტოქე რუსმა თავის გარშემო მდგომებს გადახედა და თვალი ჩაუკრა. ეს თვალის ჩაკვრა ეკუთვნოდა ტყვე რუსებსაც და ყველამ ერთად, ჩემი ჩათვლით, ღრმააზროვნად გავიღიმეთ – ეს იყო დასაწყისი, მაგრამ სიურპრიზი წინ რჩებოდა – სათვალიან რუსს მშვენივრად სცოდნია გერმანული და მან აღარ დააყოვნა დალაპარაკება.
– შინდ სიე გესუნდ? – იკითხა მან ცბიერად. გერმანელმა, თითქოს დიდი ხნის შიმშილის შემდეგ, ჰაერშივე დაიჭირა ნატეხი პური და შეეშინდა, რომ არავის წაერთმია უკან, ისე უპასუხა – ჯა, ჯა. – მას სისწრაფისა და მონდომებისაგან ქოშინი აუვარდა.
– გესუნდ, გესუნდ? – გამოაჯავრა უკრაინელმა – а ну-ка спроси чего перься в нашу землю. – მან მუქარით სავსე სახე მიიღო, ჯარისკაცები მის გარშემო შეიჭმუხნენ და სახის გამომეტყველებით აიძულებდნენ, რომ გერმანელს ამ სიტყვაზე პასუხი გაეცა. მას უფრო ბავშვური და დაბნეული გაუხდა სახე. მოღალატე რუსებიც დაიბღვირნენ – ეს კითხვა გერმანელისადმი, ჯარისკაცებთან ერთად, ეკუთვნოდათ მათაც და ამას მშვენივრად გრძნობდნენ ჯარისკაცებიც.
სათვალიანმა რუსმა ინტელექტუალური საუბარი გვერდზე გადადო და ეს კითხვა თარგმნა. გერმანელი ხელების გაუბედავი ქნევით, ქოშინით ალაპარაკდა. ენისმცოდნე ძლივს ასწრებდა გადათარგმნას, მის სიტყვებს სალდათები ბუზღუნით იმეორებდნენ; მე მომეჩვენა, რომ ზოგიერთ მათგანს კიდეც შერცხვა რაღაცის: `ბავშვები, ფერმა, ხიდი წყალზე, გაზაფხულზე ზამბახები, მე მიყვარს ცოლი, ჰიტლერს ჩამოაგდებენ, მე გლეხი ვარ~, ეხოებივით იმეორებდნენ მთარგმნელის სიტყვებს ისინი. გერმანელი კი სულ უფრო შედიოდა როლში: ხელები გაიშვირა, ისეთი სახე ჰქონდა, რომ მის უდანაშაულობაში არ შეიძლებოდა კაცს ეჭვი შეჰპარვოდა და რუსებმაც დაუჯერეს ეს ალალად. – И всё-таки он немец, чёрт, Мефистофель! – მასავით წელში მოხრით და კისრის წინწაწევით თქვა ახმახმა რუსმა. სალდათები უცებ დადგნენ ამ რეპლიკის ავტორის მხარეზე და თითქოს ნანობდნენ, რომ წუთიერი შეცოდების გრძნობას აჰყვნენ. Ну его! – დაცინვითა და ზიზღით დაარტყა ორი თითი მხარზე გერმანელს მოღალატე რუსმა. გერმანელმა ისევ გააკეთა ბრიყვული, გულუბრყვილო გრიმასა და ჩაქრა.
ჩვენ-ჩვენს მიწურებში დავიშალეთ დასასვენებლად და თავის წესრიგში მოსაყვანად, ტყვეები კი ჩაკეტეს სარდაფში, განკარგულების მოლოდინში, მაგრამ, როგორც პოლკის უფროსმა თქვა, მათ შესახებ არავითარი მითითება არ იყო მოსული, რომლის გარეშეც მათი დახვრეტის უფლება არა გვქონდა: რასაკვირველია, თავისუფლად გაშვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი ძირითადი გარემოება – ყოვლად შეუძლებელი იყო უკანდახევის დროს მათი თან წაყვანა, ეს გამოიწვევდა დამატებით ათას სიძნელეს.
როგორც ვთქვი, ჯარისკაცები დავბრუნდით მიწურებში და დავიწყეთ თავის წესრიგში მოყვანა, ბინდისას აანთეს ჭრაქი. ჩემს გვერდზე საცვლების ამარა უკრაინელი შარვალს იკერებდა. ხანდახან ბრიყვული სახით იძახდა რამდენიმე `ოო~-ს სიმღერის მსგავსად და მე გუნებაში ვიმეორებდი на то и ты хохол. საერთოდ, უკრაინელები არ მიყვარს, ჯარში ვინც შემხვედრია მათ მიხედვით ვმსჯელობ, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ თავის არარუსულ გამოთქმას და, რამდენადაც შეუძლიათ, თავის სიბრიყვეს, რაც წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებს მათ. ჩემი გაღიზიანებული შეგრძნებისათვის ასეთი საქციელი თითქმის აუტანელია, მე მათ სამუდამოდ შემაძულეს თავი და სრულიად არ მესიამოვნა, როცა ამ საცვლებში დარჩენილმა ოყლაყმა მომმართა ხაზგასმით, რომ ის ბრიყვია. მე ხშირად ცუდ რამეებს ვფიქრობ ადამიანებზე, სანამ ისინი დამელაპარაკებიან, მაგრამ საკმარისია გავესაუბრო, რომ მთელი ცუდი აზრები ქრებიან; მე, მიუხედავად ჩემი გარეგნული სიმარტოვისა, საოცრად მიყვარს საზოგადოება და განსაკუთრებით საუბარი, რომლის დროსაც ვამბობ აბსოლუტურად ყველაფერს, იმ აზრებსაც კი, რისი სამუდამოდ ჩემთვის დატოვება განზრახული მქონდა საუბრის დაწყების წინ.
ჰო, გვიყვარს ჩვენ, ქართველებს, გამოლაპარაკება, თუმცა ვის არ უყვარს ის, მაგრამ ხშირად, სხვაზე მეტად, ჩვენ უბრალო საუბარში გვახასიათებს თავის გამოჩენა, გაჯირითება, რომელიც ცოტა უსიამოვნოა, ყოყლოჩინური, ოღონდ როცა მიხვდები, რომ ეს ასეა, შემდეგ უკვე გიყვარს ეს ბავშვური თვისება.
პირველივე სიტყვები, რაც უკრაინელმა მითხრა, ისეთი ახლობელი იყო ჩემი იმწამინდელი ფიქრებისა, რომ მე არც კი გამკვირვებია და ტონში ვუპასუხე, ისეთივე ხაზგასმით ჩემს ქართულ აქცენტზე, როგორც ის უსვამდა უკრაინულს; მთელი ჩემი ამდენი ჭკვიანური აზრები, ანალიტიკური ფიქრები და გარკვეული თავის მოწონებაც კი მათი ქონებით, გაქრა, უპირველეს ყოვლისა, ეშმაკებისკენ გადავარდნენ ჩემი თეორიები, რომ სერიოზულად ვერ ვიტან უკრაინელებს, სერიოზულად მე არაფერი არ შემიძლია და განსაკუთრებით არ შემიძლია, ვერ ვიტანდე ვინმეს.
– და იმათ რას უზამენ, ა? – კი არ მკითხა, თქვა საცვლებიანმა უკრაინელმა.
– ეშმაკმა იცის, – ვთქვი და მეორე პარალელურმა აზრმა მაშინვე მიკარნახა, რომ ჩვენ ორივენი ერთი და იმავე რამით ვიყავით გატაცებული, რომ ჩვენი გონების ძირითადი საზრუნავი, სწორედ ეს იყო: `რას უზამენ იმათ~. და ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ეცოდებოდა ისინი, უბრალოდ, იმ დროს, როცა მთელი ჯარი მოქმედებს ბრძანებით, ბრძანებაში ნათქვამია, რომ მოვემზადოთ, დილით გავიდეთ, ყველაზე მეტად ბუნებრივი იყო ბრძანების გარეშე დარჩენილ ადამიანებზე ფიქრი, ფიქრი იმ ხალხზე, რომელთა ბედიც კანონით განსაზღვრული არ იყო. პლასტიკურად შემოცურდა ჩვენს საუბარში სხვისი ხმები და ყველამ უნებურად დავიწყეთ ფიქრი, რას უზამენ იმ ხალხს, რომლის შემდგომი ბედის შესახებაც ბრძანება დილამდეც ვერ მოვა. ის, რომ დილით მათი თან წაყვანა არ შეგვეძლო, ცხადი იყო. ჯარისკაცები ერთგვარად გამოცოცხლდნენ კიდეც, გამხიარულდნენ, დაიწყეს ცდა ერთმანეთზე უკეთესი გამოსავლის მოგონებისა. განსაკუთრებით ცდილობდა რამე მახვილი მოეგონებინა ერთი დონბასელი მემაღაროე, ისიც უკრაინელი. ის ყოველი ფრაზის შემდეგ, რომელიც თავისი მოსწრებულობით სიცილს იწვევდა, იქექავდა კეფას ახალი რამის მოგონებამდე და უეშმაკესი სახით დადიოდა კუთხიდან კუთხეში. რაღაცნაირი თბილი განწყობა ჩამოვარდა მიწურში, რაც განპირობებული იყო სხვა, უცხო ადამიანებზე ფიქრით.
დილით, როცა დაგვაწყვეს დიდი გადასვლისთვის ზურგისკენ, ისევ მოდიოდა წვიმა, მაგრამ ჩვენ უკვე გადავეჩვიეთ სტიქიური მოვლენებისათვის ყურადღების მიქცევას. პოლკის უფროსმა წაგვიკითხა დღის რეჟიმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ტყვეების საკითხი შემდეგნაირად გადაწყდა: ვინაიდან შტაბიდან მათ შესახებ არავითარი ბრძანება არ იყო მოსული, მეორე ათეული – ჩვენ, როგორც აღვნიშნე, წინა დღით ვიყავით დაკავებული – წაიყვანდა ბადრაგით ტყვეებს და ჩააბარებდა სოფელში მდგარ შტაბს, ხოლო თვითონ საღამოსთვის დაგვეწეოდა ტყის სამხრეთ ნაპირას. – შეხვედრის ადგილი ზუსტად იყო მითითებული.
მთელი ის დღე შეუსვენებლივ ვიარეთ და საღამოსთვის უკვე აღნიშნულ ადგილს მივუახლოვდით; იქ ჩვენ უკვე გველოდებოდა ბადრაგად გაყოლებული ათეული. ათმეთაურმა რაღაცა მოახსენა პოლკის უფროსს. ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ ვხედავდით მათ კარგად მყოფთ და ცოცხლებს. დაიწყო მშრალი ულუფის დანაწილება. ვიღაცა დაინტერესდა მათი დავალების შესრულებით, ყველანი ნასიამოვნები იყვნენ, რომ ასე კარგად აუვიდა ათეული რთულ ამოცანას. ბადრაგის უფროსმა თქვა, რომ შტაბამდე მათი მიყვანა ვერ შეძლეს, რადგან მტერმა გზა მოუჭრა, გარშემო რკალი ისე შევიწროვდა, რომ ტყვეებთან ერთად უკან გამოსვლა შეუძლებელი შეიქნა. `ავიღეთ და გავუშვით ტყვეები~, – თქვა მან.
– А немца то этого, Мефистофеля, расстреляли, – ბრიყვულად შეაქანა მხრები ახმახმა უკრაინელმა. ჩამოვარდა უხერხული სიჩუმე. ვახშამი თავდებოდა, ზევიდან წვრილად ცრიდა და მთელ სხეულში იპარებოდა ნესტი, აღარავის არა სიამოვნებდა შესვენება, ისე რომ ყველას გაუხარდა, როცა გზის გასაგრძელებლად მწყობრში ჩადგომის ბრძანება გაისმა. უხმოდ გავუყევით გზას. გზა ის-ის იყო გასცდა ტყეს და ტრამალში გავიდა. ყრუდ, დაგუბებულად ისმოდა სალდათის ჩექმების მწყობრი რიტმი, ტრამალი ნელ-ნელა ჩუმად ყლაპავდა ჩვენს ათეულს მთელ პოლკთან ერთად, შორს სადღაც ისმოდა ყუმბარების აფეთქების ხმა. იდგა ჩვეულებრივი განწყობა ომის დაწყების წინ და ჩვეულებრივზე ცოტა მეტი სიჩუმე, რომელსაც არავინ არ არღვევდა.
– Ну его и по делам, – თქვა ხმამაღლა და მკვეთრად, ამოძახებით ვიღაცამ, როგორც ეტყობა, დიდი ხნის ნაწვალები ფრაზა და უცებ, თითქოს მთელმა პოლკმა ამოიქშინაო, ისე მწყობრად, მსუბუქად და ოდნავ ხალისიანადაც კი გაისმა ჩექმების რიტმი, თითქოს რაღაცა დაგუბებული, გამოუვალი აზრი ყველამ გადაისროლა სადღაც უკან. გაისმა ათმეთაურის ბრძანება და დამწყებმა ჯარისკაცმა წამოიწყო სამწყობრო სიმღერა – ყველაფრის მპატიებელი და ყველაფრის შემცნობი. და გრძელდებოდნენ ჩემთვის დაუმთავრებელი ომები თვით ჩემი დაჭრის დღემდე, შემდეგ კი მთელი ექვსი თვე ვიწექი ჰოსპიტალში, თაბაშირში ჩასმული, უმოძრაოდ და ერთადერთი, რითიც შემეძლო გავრთობილიყავი, ეს იყო ფიქრი; უფიქრელად კი მე არ შემიძლია; ფიქრი არის ჩემი მეგობარი და მტერი, ფიქრი არის თვით ადამიანი, ასე ვფიქრობდი მე მაშინ ჰოსპიტალში და ასე ვფიქრობ დღესაც აქ. მაშ, გაუმარჯოს ფიქრს, როგორიც არ უნდა იყოს იგი! – ამ ლოზუნგის ქვეშ გავატარე ექვსი გრძელი თვე ზურგზე მწოლიარემ, თაბაშირში ჩასმულმა ჰოსპიტალში და ლეიტფიქრი ჩემი მრავალნაირი, ზოგჯერ უცნაური ფიქრებისაც იყო: როგორ შეიძლება ერთი ადამიანი გამოყო სხვებისგან. უფრო კონკრეტულად მომდიოდა აზრის ფორმა რუსული ფრაზით, წინ მონაყოლი კონკრეტული ამბის შესახებ: расстрелять так всех вместе, а то ни одного. სწორედ ეს: ყველა ერთად – დახვრეტ თუ გაათავისუფლებ, აბსოლუტურად სულ ერთი იყო ჩემთვის, – მტანჯავდა მთელი ექვსი თვე და არ მასვენებს არც ახლა.
მრავალი რამე გადამხდა ომის დროს. მე არასოდეს არა ვყოფილვარ არც სხვაზე მეტად გულჩვილი, არც მკაცრი; როგორც უკვე მოვყევი, გერმანელის მიხვრეტის, სწორედ მიხვრეტისა და არა დახვრეტის, წინა დღეს მე ჩემი ხელით ჩავუსვი ტყვია შუბლსა და თვალს შუა უფეხო ინვალიდს, მასთან ერთად დავხვრიტეთ სხვა სამიც; მე ვფიქრობდი, ვიცოდი, რომ ისინი იყვნენ ადამიანები ჩემსავით და მაინც არ გამოვუყვანივარ ამას წონასწორობიდან, ყველაფერი ხდებოდა სიბრაზის გარეშე.
მაგრამ ის, რომ შეიძლებოდა გერმანელიც გაეშვათ მოღალატე რუსებთან ერთად, აშკარად იმ რუსებზე ნაკლებად დამნაშავე, როგორც პიროვნება, ან დაეხვრიტათ ის რუსებიც იმ გერმანელთან ერთად – არ გამომდის ახლაც თავიდან. მე დღემდე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეეძლოთ ასეთი უზარმაზარი უსამართლობა ჩაედინათ ადამიანის ხელებს და თანაც, რაც ყველაზე შემზარავია, ის ადამიანები, რომელსაც ეს ჩაიდინეს, მე დარწმუნებული ვარ, არ იყვნენ ბოროტმოქმედები. მაშ, რა ინსტინქტმა აიძულა ისინი, მოქცეოდნენ იმ ერთს ისე, როცა სხვები გაათავისუფლეს, როცა თავისუფლად შეეძლოთ ის მეექვსეც გაეშვათ მათთან ერთად – მე არ შემიძლია ჩავწვდე ამ საიდუმლოებას, არა იმიტომ, თითქოს არ მესმოდეს (თუ გახსოვთ, ადრევე გავუსვი ხაზი რუსი მოღალატეების ერთობას, ეროვნულ ერთობას, სულიერსაც, სალდათებთან ტყვეთა ბარაკში მომხდარი ამბების დროს), რომ ის მაინც გერმანელი იყო, თავდაპირველი მტერი – ყველაფერი ეს სწორია, ასეა – ოღონდ თუ არის ეს გამართლება? დავუშვათ და ასეც არის – ამ ამბავს ამართლებს ომის დაუწერელი კანონი. მაგრამ შეიძლება ამ ამბის გამართლება, როცა წევხარ ჰოსპიტალში და არ გესმის ყუმბარის ხმაური, როცა ზიხარ სახლში და შენს სიცოცხლეს არ ემუქრება არავინ? მე არა ვარ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარე, მით უმეტეს, სენტიმენტალური, – ვიმეორებ, მე შემეძლო საკუთარი ხელით დამეხვრიტა ექვსივე ერთად, – მხოლოდ ერთად, მაგრამ არ შემიძლია შევურიგდე იმ ამბავს, რომ სადღაც არიან ნაჯარისკაცარი მოქალაქეები, რომლებმაც ასე განაცალკევეს ადამიანები, სადღაც არის ხალხი, ვინც აიძულა ადამიანის ბუნება, ასე მოქცეულიყო; მე ვაპატიებდი მას, ბოროტმოქმედს, ბოროტს ბუნებით, მაგრამ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ჯარისკაცები, ხშირად სენტიმენტალურობამდე მგრძნობიარენიც კი. კარგად მახსოვს, როგორ ატარა ერთმა მათგანმა ფრთამოტეხილი ჩიტი და როგორ დატოვა საკუთარი ხელით მისთვის გაკეთებულ ბუდეში და როგორ ეჩხუბებოდა მეორე, ამ ადგილზე ჩიტი შეიძლება კატამ ან მელამ შეჭამოსო.
ერთი გაფიქრებითაც კი, რომ ის ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი გულჩვილი ხალხი და მაინც გააკეთეს ეს, სისხლი მიჩერდება სხეულში და შიში მიპყრობს; მინდა მივეკრა ლოგინს და არა ვნახო არავინ არასოდეს, ხოლო იმ დღის შემდეგ მე დავკარგე უნარი, სხვებს ვუყურო თვალებში და, იცით რატომ? მე შეგპირდით და ყველაფერს ვიტყვი: ხშირად, ძალიან ხშირად, უძილო ღამეებში ჰოსპიტალში წოლის დროს, მე ვეკითხებოდი ჩემს თავს, რას იზამდი შენ იქ, ჯარისკაცების ადგილას, და, მთელი კაცობრიობის სამარცხვინოდ, იძულებული ვიყავი, მეღიარებინა `შესაძლოა, მეც ისევე მოვქცეულიყავი, ე.ი. დავხვრეტდი როგორც რუსეთის არმიის ჯარისკაცი, სწორედ გერმანელს, უდანაშაულო პიროვნებას, და გავუშვებდი მოღალატე, მართლა სამარცხვინო მოქმედების რუსებს~. ამ ფიქრებისაგან ახლაც სისხლი მცემს თვალებში და ერთადერთი გამოსავალი მასში, არის ბოლომდე გამოვუტყდე, როგორც ახლა, ჩემს თავს ყველაფერში და ამითი მაინც ვნახო შვება, ნერვიული, დაძაბული, უღირსობის შეგრძნებით სავსე, ოღონდ მაინც შვება.
მე ვამთავრებ მოყოლას. აი, ეს ამბავი იყო, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ტანჯვის მაძიებელი კაცისათვის ტრაგედიად. მე გეთანხმებით, რომ ბევრი რამ არის მასში გაუგებარი, უცნაური, თუმცა, შესაძლოა, ის გაცილებით უფრო გასაგებია თქვენთვის, ვიდრე მე თვითონ მესმის, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მე ჩემი ხელით არ მიქნია, მაინც არ ითვლება კაცობრიობის კანონით ჩემს დანაშაულად (ის მხოლოდ ცოდვად აწვება მას, თითოეულს), ხოლო სხვისი ცოდვების მხრებით ტარება მე ვერ შევძელი და, აი, ნაყოფი – ჩემი ხელით უდანაშაულო კაცის გაუმართლებელი მოკვლა, ნაყოფი ჩემი ახირებული, არაფრით დასაბუთებული უცნაური ფიქრებისა, სამწუხარო დადასტურება კაცობრიობის იმ კანონისა, რომ ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ის აგებს პასუხს, მე ვიტყოდი, მახინჯი დადასტურება, მაგრამ მაინც დადასტურება, რადგან იგი უკვე მოხდა და მისი ჩამდენი არ იყო გიჟი. მე დავამთავრე.
ბოლო ორი სიტყვა ზრდილობისათვის: მე დავამთავრე, ხოლო განსჯა თქვენი საქმეა და მე წინასწარ მივესალმები განაჩენს, როგორიც უნდა იყოს იგი...
ღმერთო ჩემო, საბოლოოდ მაქვს ჩემი საკუთარი დანაშაული, რომელსაც აღარ გავუყოფ არავის, როგორც მე არ გამიყვეს იმათ თავისი დანაშაული...
გურამი : ჩვენ მოვისმინეთ შენი ნაამბობი, იულონ.
პატ. გურამი: ჩვენ არ გაგვიშვია არც ერთი სიტყვა.
გურამი : მე პირადად ბევრი დრო მჭირდება, რომ მთლიანად შევიგრძნო შენი ნათქვამი.
ჯიმშერი : უცნაურად ცხადი იყო ყველაფერი.
ირაკლი : ჰო, უცნაურად ცხადი.
ჯიმშერი : იმდენად ცხადი, რომ თითქოს ძალიან ახლო მომიტანეს თვალებთან.
ირაკლი : მეც ეგეთი შეგრძნება მქონდა.
ჯიმშერი : ისე ახლოს, რომ თვალები დამიელმდა და ფოკუსი დავკარგე.
დიდი ბობა : ყველაფერი ცხადი იყო, კაცო, ოღონდ ვერ გავიგე.
სულხანი : არაფერი არ იყო მანდ გაუგებარი, ყველაფერი იდო ხელისგულზე, სწორედ საშუალო მანძილზე, და მე ვუყურებდი ზევიდან.
გიული : სწორს ამბობს სულხანი.
რეზო : საწყალი თეზიკო კი მკვდარია. იცით, როგორ ცურაობდა ზღვაზე?
გურამი : სამწუხაროდ, მე მხოლოდ ცივ ფაქტს აღვნიშნავ – ვინც მოკვდა, უკვე იმდენად საინტერესო აღარ არის, სამაგიეროდ, ორჯერ უფრო საინტერესო ხდება მკვლელი.
ჯიმშერი : ჰო, სამწუხარო ფაქტია.
ირაკლი : რა თქმა უნდა.
სულხანი : არა, არა და არა.
გურამი : რა არა, ჰა?!
სულხანი : თქვენ არა სცემთ პატივს პიროვნებას.
რეზო : პიროვნება მკვდარია და ჯობია მისი ძველი ამბის მოგონებით ან სიჩუმით სცეთ პატივი.
პატ. გურამი: საწყალი თეზიკო.
სულხანი : ვიმეორებ, რომ არა.
რეზო : ა!
ჯიმშერი : რა, არა?
ირაკლი : ჰო, თქვი, კაცო, რა არა, იქნება სწორი ხარ.
სულხანი : მე რაღაცნაირად მეტი პატივი მინდა ვცე მას.
ჯიმშერი : ჩვენ არ გვინდა?
სულხანი : ნუ მეჯიბრებით, მე მაგ ტონით არ მითქვამს.
ჯიმშერი : არც მიფიქრია ეგ, უბრალოდ, შენ ისევ ის არ გამოგივიდა.
სულხანი : მე?
ჯიმშერი : ჰო, შენ.
სულხანი : არ მესმის, რა არ გამომივიდა.
გურამი : უფრო მეტი პატივისცემა. თეზიკომ გააკეთა თავისი საქმე, თუ ამას საქმე ჰქვია, იმითი, რომ მოკლეს.
რეზო : საწყალი ბიჭი.
ირაკლი : კარგი ტიპი იყო, ხო იცი.
გიული : ტიპი იყო, ხი, ხიკ.
ირაკლი : აბა!
გურამი : ჩვენ კი იმის შესახებ ვერაფერი გავიგეთ. მართლა თითქოს იმიტომ მოვიდა აქ, რომ მომკვდარიყო.
სულხანი : ყველაფერი ბურუსში გაეხვია.
ჯიმშერი : აქ ყველამა ვთქვით ყველაფერი, თითქოს გამოვიტანეთ გარეთ ჩვენი დარდები, ის კი მოკვდა უთქმელად.
რეზო : ვინ იცის, რა სათქმელი წაიღო თან; ეხ, ეხ.
პატ. გურამი: ვერაფერი გავიგეთ მის შესახებ.
გურამი : სამაგიეროდ, ორჯერ მეტი გავიგეთ იულონის შესახებ, რომელსაც მისი მოკვლის შემთხვევაში ვერ გავიგებდით.
სულხანი : ა!
გურამი : არაფერი, მე ოდნავ მიხარია კიდეც, რომ ერთის სიკვდილი დამეხმარა მეორის ხასიათის შეცნობაში, თავისი თავის სრულ ამოწურვაში.
ირაკლი : ეს უკვე რამეს ნიშნავს.
სულხანი : გაგიჟდით თქვენ? გაგიჟდით!
გურამი : არა, არ გავგიჟდით, უბრალოდ, არ ავღელვებულვართ.
ჯიმშერი : ო, მე თავბრუ მეხვევა და აღარაფერი აღარ მესმის.
რეზო : რას ლაპარაკობ, გურამ!
დიდი ბობა : მეც ვიტყვი, კაცის სიკვდილით გახარება იქნება, კაცო?
სულხანი : გიხაროდეს კაცის სიკვდილი?!
გურამი : მე არ მეგონა, თუ ასე გაგიკვირდებოდათ ეს ამბავი.
ჯიმშერი : რა ამბავი, გურამ?!
გურამი : რომ მე ოდნავ მიხარია კაცის სიკვდილი.
ჯიმშერი : შენ სისულელეს ამბობ, გურამ.
პატ. გურამი: შენ მაგაში დარწმუნებული ხარ?
სულხანი : უფრო მეტიც, უფრო მეტიც.
გურამი : რა უფრო მეტი?
სულხანი : შენ არა ხარ კარგი ადამიანი.
გურამი : სულხან, ნუ ღელავ, შენც გსიამოვნებს ცოტა ეს სიკვდილი, არა?
სულხანი : მე?!
ჯიმშერი : მაგას არ ამბობ მართალს, მე მგონი, მაგაში...
გურამი : რა, შენ გგონი, ა, მაგაში?
ჯიმშერი : შენ უკვე გადადიხარ...
გურამი : რაზე?
სულხანი : უსინდისობაზე, ჰო, უსინდისობაზე.
გურამი : ო, მე ძალიან მიხარია.
ირაკლი : გიხარია?
სულხანი : რა გიხარია?!
ჯიმშერი : უკვე აღარ მესმის რა გიხარია?!
გურამი : მიხარია, რომ უსინდისო მაინცა ვარ.
სულხანი : შენ უსინდისოც არა ხარ, შენ...
გურამი : მე მეტი ვარ?
სულხანი : ჰო, ჰო, მეტი ხარ, მეტი, მე ვერ ვამბობ...
რეზო : ან რა არის სათქმელი... ეგ უგულობაა.
ირაკლი : მართლა უგულობაა.
გურამი : დღეს ჩემი დღესასწაულია.
ბიჭები : დღესასწაული?!
გურამი : რატომ გიკვირთ, რატომ ღელავთ ასე ძალიან?
სულხანი : შენ, შენ ჭკუაზე ხარ?
დიდი ბობა : მე? არა.
სულხანი : შენ, შენ, გურამ!
გურამი : ისეთ ჭკუაზე ვარ, როგორც არასოდეს. რომ გიყურებთ, ოდნავ მეცინება კიდეც.
სულხანი : შენ შეურაცხყოფას გვაყენებ ყველას.
გურამი : აი, ახლა, ასე თუ ისე, სწორი ფორმულირება მიეცით ჩემს სათქმელს.
სულხანი : იცი, მე ყოველთვის გულში ვფიქრობდი, რომ შენ ასეთი ხარ.
გურამი : საინტერესო აზრები გქონია დამარხული, აბა, კიდევ გაქექე, იქნებ იპოვო, რომ მე მოწოდებით მკვლელი ვარ.
სულხანი : შენ უსინდისო ხარ.
გურამი : რაც შეეხება მაგ მუხლს – მე მხოლოდ მწერალი ვარ, ამიტომ მიხარია კაცის სიკვდილი, მერე დავწერ ამის შესახებ.
ჯიმშერი : შენ ტყუიხარ, გურამ.
გურამი : საიდან მოგივიდა თავში ასეთი უცნაური აზრი.
სულხანი : ასეთი ცივსისხლიანობა ასეთ დროს, შენ რა უნდა დაწერო?! მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შენ ასეთი ხარ.
გურამი : შენც მწერალი ხარ, არა? ხედავ, რა ჭვრეტის უნარი გვაქვს მწერლებს, საკმარისია კაცი დაინახო, რომ უკვე იცი, რა კაცია, არა, სულხან?
სულხანი : გურამ, ნუ გამოგყავარ მოთმინებიდან, მე ვერ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს.
გურამი : მე ყოველთვის ვითვალისწინებ მაგას შენთან ლაპარაკის დროს.
სულხანი : შენ უსამართლო ხარ, გურამ.
გურამი : უსამართლო?
გიული : ხი, ხიკ.
სულხანი : ჰო, უსამართლო, უსამართლო.
ჯიმშერი : მე რომ შენ არ გიცნობდე, გურამ, ვიტყოდი, რომ მართლა უსინდისო ხარ.
ირაკლი : ეგეთი შთაბეჭდილებაა.
გურამი : როგორი, ირაკლი, გენაცვალე?
გიული : ხი, ხიკ.
ირაკლი : ჩემ პირადობასაც ეხები?
გურამი : ო, როგორი ამაყები ხართ, ახლო არ უშვებთ კაცს თავის პირადობასთან; სკოლის დირექტორი რომ ვიყო, ქების სიგელს მოგცემდით.
სულხანი : ეგ შეურაცხყოფაა.
გურამი : აა? გასაგებია.
გიული : ხი, ხიკ.
სულხანი : შენ მოთმინებიდან გამოგყავართ ჩვენ.
გურამი : ნუთუ არის მდგომარეობა, საიდანაც ჩვენი გამოსვლა შეიძლება.
ირაკლი : კიდე კარგი, იკადრე და ერთად გვახსენე ყველა, შენს თავთან ერთად.
გურამი : ეგ არაფერი შეღავათია თქვენთვის, იმის შემდეგ, რაც უსინდისო დამიძახეთ.
ირაკლი : მე არა...
გიული : ხი, ხიკ.
გურამი : ჰე, ჰე, ჰე, გაგიხარდათ ყველას, რომ ჩემთან ერთად გახსენეთ, სულხანს უცებ გაუხდა ჩემი მომმხრობი სახე, ჯიმშერს კი, ჭკვიან ჯიმშერს, გაორებული, ვითომ ვერც ამჩნევს, რომ ჩემს მხარეს გადმოვიდა სიამოვნებით.
ჯიმშერი : მე, არა, იცი...
გურამი : შენ წარმოიდგინე, ვიცი.
სულხანი : მე მართლა სულ ავირიე, დავიბენი, ბოდიში, აღარ მესმის, გარდა ერთისა, რომ შენ არა ხარ კარგი კაცი.
გურამი : ოო, სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა, ღმერთს გეფიცებით, მე ეგ ცუდი კაცის სახელი მსიამოვნებს, უფრო მეტიც, მე ეგ მამართლებს, ეგ ამართლებს ჩემს ახლანდელ მდგომარეობას.
ირაკლი : არა მგონია, ხო იცი...
გიული : ხი, ხიკ.
გურამი : ირაკლი, შენ, ჯობია, საერთოდ ხმა არ ამოიღო. მე მსიამოვნებს თქვენი გაბრაზება, შეურაცხყოფა, რადგან, ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ, უცებ გულში გიხარიათ, როცა ჩემს მხარეს გახსენებთ. და, იცით, რატომ? უბრალოდ, თქვენც ჩემსავით გეშინიათ, იყოთ სინდისიერები, პატიოსნები. მაშინ ჩვენ ერთი გზაღა დაგვრჩებოდა, იქითკენ, აი ... ამიტომ არ მინდა მე თქვენს თვალში ვიყო კარგი კაცი და, რაც ყველაზე საზიზღარია, სამართლიანი, და იგივე გინდათ ქვეშეცნეულად ყველას. რა, არა?
სულხანი : ჰო. არა, მე ვრჩები პატიოსან კაცად.
გურამი : და შენ არ გეშინია ეგეთი სახელის?
სულხანი : ერთი წამითაც არა.
გურამი : სულხანი არის ჩვენში ყველაზე პატიოსანი ადამიანი! თქვით ყველამ.
გიული : ხი, ხიკ.
ჯიმშერი : სულხანი ყველაზე პატიოსანი ადამიანია მართლა და რატომ, მაგან...
ირაკლი : მართლა პატიოსანი კაცია სულხანი. მე გურამის შანტაჟურ სიტყვას კი არ ვიმეორებ.
დიდი ბობა : წმინდა კაცია და მორჩა. არ ეტყობა რომ ბავშვური გული აქვს? ყოველ სიტყვაზე იბნევა.
რეზო : ეგ დაბნევა სჯობია სულ სიმართლის ლაპარაკს პირში.
პატ. გურამი: კრისტალური, გულუბრყვილო და პატიოსანია.
გურამი : აი, ჭეშმარიტება! შენ ხარ პატიოსანი ადამიანი.
სულხანი : მაპატიეთ, კინაღამ ფეხი წამოვკარი ცხედარს და იმიტომ წავბორძიკდი, ღმერთო ჩემო! სიამოვნებით დაგახრჩობდი, გურამ. რა მართალი ხარ და მაგ სიმართლისთვის სწორედ. როგორ შეიძლება იდგე აქ პატიოსანი ადამიანი და უყურებდე ყველაფერ ამას! არა! არა!! მე არა ვარ პატიოსანი, მე ვერ ვატარებ მაგ ტვირთს ზურგით, მე უსინდისო ვარ, მე შენზე უსინდისო ვარ, ყველაზე უსინდისო.
გურამი : სულხან, ნუ ვარდები მეორე უკიდურესობაში და ნუ იძახი ყველაზე. მე ხომ გავიხუმრე და გაგაღიზიანეთ თქვენ, რომ დამეწყნარებინა ჩემი ნერვები.
ჯიმშერი : ო, ეგ ბოროტი ხუმრობაა.
გურამი : ბოროტი, ოღონდ მე განვიწმინდე და თქვენდამი უფრო კეთილი ვარ, ვიდრე თქვენ ჩემდამი; მე, როგორც უაღრესად ეგოისტს, ეს მდგომარეობა არაჩვეულებრივად მსიამოვნებს.
სულხანი : მე მინდა ვთქვა და აღარ შემიძლია.
ჯიმშერი : შენ ჩვენ ჩიხში გვაყენებ.
ირაკლი : ჩიხში გვაყენებს, ხო იცი.
დიდი ბობა : საკუთარი თავი არა გაქვთ. მე როგორცა ვარ, ისე ვდგავარ ყოველთვის.
გურამი : რომელი ხართ გულწრფელი? – მაგაზე არც ერთი არ იტყვით უარს, ვიცი. – თქვით: ვარ თუ არა მე უსინდისო და სადღაც მკვლელობის ჩამდენის ტოლი თქვენს თვალში.
სულხანი : ხარ.
ირაკლი : ხარ.
ჯიმშერი : ხარ და თითქოს არა ხარ და სულ სხვა ხარ.
გურამი : არ მაპატიოთ. მე ისევ ბოროტად ვსარგებლობ თქვენი აღგზნებადობით, უფრო სწორად, გულუბრყვილობით.
სულხანი : თანდათანობით გასაგები ხდება.
ჯიმშერი : ეგ არ არის პატიოსნება, ისარგებლო მეგობრების ნდობით.
გურამი : მეგობრების?
ჯიმშერი : რატომ გიკვირს, არა გვთვლი მეგობრებად?
სულხანი : გასაგებია, ეგ არა გვცემს პატივს, მაგას ეგ არ შეუძლია.
გურამი : პირიქით, უფრო მეტ პატივსა გცემთ, ვიდრე, შეიძლება, გეკუთვნით – მე მინდოდა მეთქვა, ვიდრე თქვენა მცემთ მე. თქვენ ჩემი ოდნავ გეშინიათ, იმიტომ რომ თქვენზე ლოგიკურადა ვმსჯელობ – გულში კი ჩვენ ყველანი ერთნაირად პატიოსანი მართლები ვართ. მე რითი ვარ თქვენზე პატიოსანი, იცით? – მე არასოდეს არ გაპატიებთ არაფერს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი მეგობრები ხართ, არ ვეფარები მაგ სიტყვას (მეგობრობას), მე თქვენ არა გთხოვთ იმსჯელოთ ჩემზე თქვენთან კავშირში და, ჩემი მხრით, არ ვლაპარაკობ თქვენზე, როგორც ჩემს მეგობრებზე. თქვენთან საქმე მაქვს, როგორც ცალკე ადამიანებთან.
სულხანი : აი, ახლა... ეგ სწორი მიდგომაა.
გურამი : ეგ მიდგომა კი არ არის, ეგ ეგრეა და, ვინც ეგრე არ აკეთებს, ის მშიშარაა.
ჯიმშერი : ჰო, მაგაშიც სწორი ხარ. შენ ჩვენ აგვრიე, თორემ ყველანი მაგ აზრისა ვიყავით.
გურამი : როგორ? მე ისევ ახალ შანტაჟს მოგიწყობთ. უფრო სწორად, თქვენი დახმარებით შევეკამათები ჩემს თავს.
სულხანი : შენ სულ გამოგვყავი ჩვენ.
გურამი : პირიქით, თქვენ არსებობთ იმდენად, რამდენადაც მე ვმსჯელობ თქვენზე.
ირაკლი : ეგ ფილოსოფიაა.
გურამი : ეს მე ვარ. აი, თქვენ დარწმუნდით, რომ მე მშიშარა არა ვარ და სიმართლეს პირდაპირ ვუყურებ თვალებში.
სულხანი : ეგ სწორია, მაგის უნარი შენ ყველაზე მეტადა გაქვს.
გურამი : აბა, შეხედეთ მეორე მხრიდან. იქნება ეს ყველაზე მეტი შიშია, რომ არ შემიძლია, რაიმეც კი გაუგებარი დავტოვო ჩემს თავში; თქვენ იცით, რომ მე მდევნის გაუთავებელი შიში რაღაცა ჩადენილი დანაშაულისთვის და მაგ შიშმა ქვეშეცნეულად მიმიყვანა იქამდე, რომ აქ იულონის გვერდით გამეყო დანაშაული და არ ვყოფილიყავი მისი მსაჯული, როგორც ეს როლების გაყოფის დროს მოხდა.
სულხანი : ეგ სწორია, ეგ შიში.
ჯიმშერი : არ შემიძლია, არ დაგეთანხმო – სწორია..
ირაკლი : ჰო.
გურამი : ოი, თქვენ ან მეთანხმებით, ან არ მეთანხმებით, ან სწორია, ან არ არის სწორი. იცით? ამ ბოლომდე გაგებისგან მე, სინამდვილეში, აღარაფერი არ მესმის და, საერთოდ, მიკვირს, რომ მსჯელობა შემიძლია, ოღონდ ამაში მაინც არ ვცდები, თუნდაც იმიტომ, რომ ყურს მიგდებთ, რაც სულ არ მიეწერება თქვენს ზრდილობას... ერთი წამიც, ნუ აღელდებით, მე ჯერ ბოლომდე არ მითქვამს, ნუ იჩქარებთ ან `არა~ თქვათ და აყაყანდეთ, ან `ჰო~ და მოიწყინოთ – თქვენ იცით, რომ ორი დიამეტრულად საწინააღმდეგო აზრი ან ამბავი, შეიძლება ერთნაირად სწორი იყოს ადამიანის შეგრძნებისათვის და თითოეულის სისწორის ფიზიკური შეგრძნება იმდენად ცხადია ასეთ დროს, რომ ყოველგვარი, საკუთარი თავიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი ლოგიკა, საწინააღმდეგო ფიზიკური შეგრძნებისა, უსუსური ჩანს. აი, ხედავთ, სულ ერთ სიტყვაში სამი სხვადასხვა რამე ვთქვი და ყოველი იმათგანი გამოდგება ჭეშმარიტებად, სხვა, მათი საწინააღმდეგო, რომ არ მოდიოდეს თავში. ამიტომ არის, რომ მარტივ ადამიანს გაცილებით კარგად ესმის ჭეშმარიტება, ვიდრე მრავალმხრივად განვითარებულს. მაშ, მოდით, სასამართლოს მსვლელობის დროს ეცადეთ იფიქროთ მხოლოდ აზრის ლოგიკურ სისწორეზე – როგორიც უნდა იყოს ის, მაინც ვერ გაექცევა ჭეშმარიტებას, ისევე როგორც მაინც ვერ შეიცნობს მას. ახლა კი მე ისევ მოსამართლე ვარ.
რეზო : როგორ შეიძლება მოსამართლე საქმის შედეგის მიმართ წინასწარ პესიმისტურად იყოს გამსჭვალული და თავს ძალით აღიგზნებდეს.
პატ. გურამი: პესიმისტი არ შეიძლება იყოს მოსამართლე.
სულხანი : არა, ეგ ოპტიმისტია. მე მივესალმები მაგის ოპტიმიზმს, რომელსაც ამდენი ლოგიკურად დასაბუთებული საწყისი აქვს. მე მყოფნის იმდენი ვაჟკაცობა, რომ პირადი ანგარიში გვერდზე გადავდო საქმის გარჩევისას. აი, ეგრე, ოპტიმისტურად, რომელსაც არც ერთი წინააღმდეგობისა არ ეშინია – გაარჩიე, გურამ, საქმე.
ჯიმშერი : გურამი ოპტიმისტია, როგორც მოქალაქე, ხოლო როგორც მსაჯული...
სულხანი : მაგაშიც ოპტიმისტია.
ირაკლი : ჰო, ოპტიმისტია.
დიდი ბობა : საქმის გარჩევას ოპტიმიზმი რად უნდა.
გურამი : ეჰ, თქვენ მე ყველას უნდა გაგიწიოთ ანგარიში, საკადრისი ლანძღვით მაინც, თქვენ კი ერთხელაც არ იფიქრეთ ჩემზე, ეს მაშინ, როცა თითქოს მე მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ, თქვენ კი სხვებზე.
ჯიმშერი : რა, არ გინდა იყო მოსამართლე? მე ასე გავიგე.
გურამი : შენ გაიგე სწორად, მაგრამ არათუ არ მინდა – არ შემიძლია, მე არც ოპტიმისტი ვარ, არც პესიმისტი. უფრო სწორად, მოკლებული ვარ რაიმე ასეთ გამოკვეთილ გრძნობას; მე ადამიანი ვარ ტენდენციების გარეშე, ხოლო მსაჯული წარმოუდგენელია უტენდენციოდ. ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ცალმხრივ უფრო მეტად განვითარებული, რაც მის შეზღუდულ გონებას გამოყოფს, აიძულებს კონკრეტული საქმის შესახებ კონკრეტულადვე იმსჯელოს და გამოიტანოს სადღაც, სულ ღრმად, – ჩვენთვის შეუმჩნეველი, მაგრამ ყოველთვის წვრილმანობამდე სწორი განაჩენი; სხვათა შორის, ამ თვისებით დაჯილდოებულია ყველაზე მივარდნილი უბნის მოსამართლეც კი – ისინი მათემატიკური სიზუსტით საზღვრავენ ყველაზე უმნიშვნელო დანაშაულის ზომას, საზღვრავენ ყოველგვარი ფსიქოლოგიური დაკვირვების გარეშე. მე კი როგორ შემიძლია ვიყო მსაჯული, როცა ჩემი თავი ერთი წამითაც კი არ მემორჩილება, ის მაიძულებს ვაღიზიანო ხალხი – თქვენ, როცა ეს საჭირო არ არის – და, ჩემი ლოგიკურად თუ ფსიქოლოგიურად სწორი დაკვირვებებით, წავიდე სრულიად მცდარი მიმართულებით... მე უსუსური ვარ წვიმაში მოხვედრილი ჩიტივით, მე იულონის დანაშაულის შემსუბუქებაც კი ვერ შევძელი ჩემი ლაპარაკით და მის გამართლებას შევძლებ? გახსოვდეთ, მოსამართლის ვალია არა დასჯა, არამედ გამართლება, რადგან სასჯელის სწორად მიყენება ქვითავს მის დანაშაულს. იულონ, ძმაო, მაპატიე, მე მინდოდა შენი დანაშაულის განაწილება ჩემს თავზე და ვერ შევძელი.
იულონი : ვერ შეძელი?
გურამი : ჰო, ვერ შევძელი.
იულონი : რა ვერ შეძელი?
გურამი : ვერ შევძელი თეზიკოს მკვლელობის გადმოტანა ნაწილობრივ მაინც ჩემს თავზე... მე მხოლოდ ის ტრაგედია, შენი და ყველასი, აღვიქვი ჩემად და მაშინვე უკან დავიხიე.
იულონი : ა!
ჯიმშერი : ჩვენ ამ ამბებიდან გამოგვრჩა ყველასთვის ყველაზე ძირითადი.
სულხანი : ჩვენ გავერთეთ ჩვენი თავით და უკან დაგვრჩა იულონის ნათქვამი. აი, ეს არის გურამის დანაშაული.
გურამი : ეგ იყო ჩემი დანაშაული, მაგრამ ისე ამაღელვა იმ ამბავმა, რომ მომინდა რაიმე მსგავსი ჩამედინა; მე ვერ შევძელი მისი ზიდვა, როგორც ვერ შეძლო ეს იულონმა.
სულხანი : ასეთი აბსტრაქტული ტრაგედია არ ძალუძს ატაროს ადამიანმა მხრებით.
ჯიმშერი : და ადამიანი, იულონივით, იძულებულია მატარებელი გახდეს საკუთარი კონკრეტული ტრაგედიისა.
გურამი : ღმერთო ჩემო, მე კი მხოლოდ სასაცილო გავხდი, ყბედი და სასაცილო.
სულხანი : მე დარწმუნებული ვარ, შენ მაგას არ ამბობ იმისთვის, რომ განუგეშოთ.
გურამი : მე მზადა ვარ გადაგკოცნო შენ, შენი კარგი კაცობისთვის.
სულხანი : მოდი, გადავკოცნოთ. მე, იცი, რა გულუბრყვილო გული მაქვს?! მე დიდხანს არ ვიმახსოვრებ გაბრაზებას.
გურამი : აი, მაგ გულუბრყვილობისთვის გენაცვალე; სინამდვილეში ხომ მხოლოდ იმისათვის ვთქვი ბოლო სიტყვები, რომ თქვენ გენუგეშებინეთ, გეთქვათ, რომ მე არ გავხდი სასაცილო და, ღმერთო ჩემო, როგორ უცებ დაიფანტნენ მთელი ჩემი სისწორეები.
გიული : ხი, ხიკ.
დიდი ბობა : ერთადერთი სწორი აქ არის თეზიკოს მოკვლა და ისიც იულონს ეკუთვნის.
სულხანი : ის გვეკუთვნის ჩვენ ყველას.
დიდი ბობა : რამდენიც გინდათ ილაპარაკოთ, მაინც იულონმა მოკლა ის – ფაქტი! – გესმით?!
იულონი : დიახ! დიახ! ეს მარტო ჩემი ტრაგედიაა და მას ვერ დაგანებებთ თქვენ, მხოლოდ მე ვაგებ მასზე პასუხს, გესმის, გურამ, ყველა შენი ცდა ყურადღების ცენტრში ჩადგომისა, რომ ეს ამბავი გაგეყო, ტყუილი იყო... ტყუილი...
სულხანი : ნამდვილად ტყუილი.
ირაკლი : ტყუილი.
გიული : ხი, ხიკ.
გურამი : ტყუილი? იცით, რა არის ტყუილი? ახლა მართალს გეტყვით და დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ: сейчас я хотел только поддразнить вас, чтоб скрыть мое физическое волнение, необусловленное, бесформенно страшное, скрыть от самого себя.
გიული : ხი, ხიკ.
გურამი : ამას მე განგებ ვამბობ რუსულად, რადგან, მიუხედავად თავისი ვულგარულობისა, უცხო ენაზე ნათქვამი თითქოს ხაზს უსვამს, მაღლა აგდებს ან, პირიქით, დაბლა, მყარად სვამს და გასაგებს ხდის აზრის საზღვრებს ყოველთვის; ... ეჰ, ისევ ვიმართლებ თავს, რომ რუსულადა ვთქვი, ისევ ის შიში რაღაცისადმი, რომელიც მაიძულებს, ბოლომდე ჩავწვდე თითოეულ ფრაზას, ჩემგან ნათქვამს ან ნაფიქრალს, თითოეულ სიტყვას, რაც (როგორც გაკვრით აღვნიშნე) წარმოუდგენლად მაშორებს ძირითადი ცოდნისაგან, იმ ცოდნისაგან, რომელიც იცის ყველა რიგითმა ადამიანმა, რომელიც რაღაცნაირი კანონზომიერებით აკეთებს, ამბობს, რაც მართლა გაუხარდება, ე.ი. სიმართლეს, და არასოდეს თავს არ იმართლებს (იმიტომ რომ არ აშავებს). სად, სად შემიძლია მე მივიღო ეს ცოდნა, მე ხომ ნახევრად დაუმთავრებელი ადამიანი ვარ, დაბადებული უჭეშმარიტებოდ და ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, ვიპოვო ის მარტივი ჭეშმარიტება, რაც, როგორც ვთქვი, იცის ყველა რიგითმა მუშაკმა... ეჰ, მე ისევ გავერთე საკუთარი თავის ანალიზით.
სულხანი : ეგ ყველასი ჩვენი ტრაგედიაა.
ჯიმშერი : ჰო, სამწუხაროდ, მეტად თუ ნაკლებად.
გურამი : ვაჰ მე, ოჰ თქვენ, ოღონდ დაეთანხმოთ კაცს, მომეწებეთ ზედმეტი ჩემი თავის დამატებებივით და მე, თუ კიდევ, ასე თუ ისე, თავს ვინარჩუნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ შემიძლია დაგცინოთ თქვენ, ისევე როგორც შემიძლია დავცინო ყველა ჩემს აზრს და უცებ გავხდე მხიარული, უცებ მომეშვას გულზე.
სულხანი : აი, ჩვენ ეგ არ შეგვიძლია, შენ ცოტა ზერელე ხარ.
გურამი : თქვენ, ერთად, შენს თავთან ერთად? თუმცა თქვენ მართლა ერთად ხართ, თქვენი უბედურება კი ისაა, რომ არ შეგიძლიათ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, უფრო სწორად, არ შეგიძლიათ აღიქვათ, რომ გულზე მოშვებაც და მოწოლაც ერთი და იგივე მდგომარეობაა.
გიული : ხი, ხიკ.
იულონი : გურამ!
სულხანი : გურამ, იულონი?!
ირაკლი : იულონი!
ჯიმშერი : სულ დაგვავიწყდა.
იულონი : `სულ დაგვავიწყდა~, დიახ, სულ დაგავიწყდით. ყველანი გაერთეთ თქვენი თავით. მე ვუცდი, დამნაშავე, განაჩენს და ვბრაზობ – როგორ შეგიძლიათ ამდენი ილაპარაკოთ თქვენს თავზე? როცა კაცის მკვლელი, რომელმაც თავისი დანაშაული მთელი სიგრძე-სიგანით იცის, დგას თქვენ წინ, რომლებმაც დაივიწყეთ ის. მაგრამ მე არ მოგცემთ ამის საშუალებას, დამივიწყოთ მე, ჩემი ტრაგედიით.
რეზო : იულონი სწორია.
სულხანი : მართალს ამბობს.
ჯიმშერი : ჩვენ ახლა მართლა მასზე მეტად დამნაშავენი ვართ – მან კაცი მაინც მოკლა, ჩვენ კი ცოცხალს ვაყენებთ შეურაცხყოფას.
გურამი : ეგ მკვლელია და ეგ უნდა გაწვალდეს. თუნდაც მაგითი. მაგის დანაშაულს არა აქვს შემსუბუქება.
სულხანი : როგორ შეგიძლია ასე ცივად იმსჯელო.
გურამი : გონებით.
იულონი : თქვენ ისევ მივიწყებთ მე.
გურამი : ნუ გეშინია, შენ შენი დარდი თავისთავად არ მოგცემს მოსვენებას.
იულონი : რომელი დარდი?
ჯიმშერი : რომ ერთთან ერთად არ აგებს საზოგადოება პასუხს.
გურამი : შენ ამაში რწმუნდები, როცა შენ გვერდს გივლით.
იულონი : ხი, ხი, ხი, მე ვიცინი, გესმით?
გიული : ხი, ხიკ, გვესმის.
გურამი : რატომ იცინი, არ გვესმის, იქნება გინდა გაგვაღიზიანო, როგორც ეს მე გავაკეთე.
იულონი : შენ სწორი ხარ.
სულხანი : გინდა გაგვაღიზიანო?
იულონი : ჰო, მინდა გაგაღიზიანოთ.
გურამი : ადამიანი, რომელსაც აქვს ამდენი აბსტრაქტული ტრაგედია, სხვას ვერ გააღიზიანებს; ჩემს მაგალითზე ვიცი, თვითონ უფრო აეშლება ნერვები.
იულონი : რა აბსტრაქტული ტრაგედია?
გურამი : როცა სხვებს ისევე არ ექცევიან, როგორც ერთს.
იულონი : აჰ, ის ამბავი, ბავარიელის დახვრეტის შესახებ, რომელიც შეიძლება ტანჯვის მაძიებელი კაცისათვის იქცეს ტრაგედიად?
ჯიმშერი : რატომ იხსენიებ ასე ზერელედ შენი ცხოვრების ტრაგედიას, რომელიც საკუთარი თვალით ნახე და განიცადე?
გურამი : მაგას უნდა გაგვაღიზიანოს, მაგრამ აქ გამოცდილი ხალხია, ეს არ გამოვა.
იულონი : არ გამოვა.
დიდი ბობა : აჰ!
სულხანი : არავითარ შემთხვევაში.
იულონი : რომ არ გამოვა, ეგ ვიცი, მაგრამ რა არის გამოსასვლელი, ეგ არ მესმის.
რეზო : ჩვენი გაღიზიანება. ო, რა არის ეს იულონი!
პატ. გურამი: ვითომ არ იტანჯება იმ დარდით.
გიული : ხი, ხიკ.
იულონი : ბავარიელის დახვრეტით ვიტანჯები? თქვენ რა, მართლა გეშინიათ, რომ გაგაღიზიანებთ, ისე შორს იჭერთ ჩემს ცდას, არა? ჰო, იმ ბავარიელის შესახებ კი ვიტყვი უბრალო სიმართლეს – ეს თვითონ გურამმაც იცის და რატომ დაივიწყა, არ მესმის... მე ფრონტზე საერთოდ არა ვყოფილვარ, მე სულ ყოველთვის, როგორც ავადმყოფი, ზურგში ვიჯექი და პურის მოსავალს ვიღებდი.
გურამი : აა, ახლა მაგონდება... დედაშენი მიყვებოდა.
სულხანი : ღმერთებო... შენ რა, ტყუოდი? ყველაფერი ტყუილი მოყევი?!
ჯიმშერი : ის ამბავი?.. იყო...
იულონი : ის ამბავი მე არ მომსვლია, მე სანადირო თოფიც კი არ მისვრია არასოდეს.
ირაკლი : თვალს გვიხვევდა ყველას.
რეზო : ჩაქოლვა უნდა მაგას.
სულხანი : ჰო, ჰო, ჩაქოლვა მაგ მამაძაღლს.
იულონი : რბილად ოდნავ, მე უფრო მეტს ვიტყვი.
გიული : აღარ ათქმევინოთ.
სულხანი : ა!
გიული : აღარ ათქმევინოთ.
ირაკლი : რა აღარ ვათქმევინოთ?
იულონი : არაფერი ისეთი.
ირაკლი : მართლა, აღარა თქვას არაფერი, ეგ ჩაქოლვის ღირსია.
იულონი : მაცალეთ, მე მინდოდა მხოლოდ მეთქვა, რომ მაგ ისტორიას მომიყვნენ ექსკურსიის დროს. იცით, ვინ მომიყვა?.. გრიგოლაშვილი – კინოსტუდიის დირექტორი.
ირაკლი : ეს უკვე მეტისმეტია.
სულხანი : იულონ, ხალხის დაცინვა ყველაზე მეტი დანაშაულია.
რეზო : ეგ არ ჩაგივლის ასე. საწყალი თეზიკო.
პატ. გურამი: რა ბიჭი მოკლა, მერე ვინ?!
გურამი : იულონ, გეყოფა ხალხის გაღიზიანება.
იულონი : გაღიზიანება? არც მიცდია...
ირაკლი : არც უცდია..?!
გურამი : რას ნიშნავს შენი ტონი და იმის უარყოფა, რასაც მე გულში თითქმის ვამართლებ.
იულონი : თქვენ არ მაცდით და ისე ღელავთ; მე არ მითქვამს, რომ ყველაფერი ის არ მოხდა, მაგრამ მე მომიყვნენ... დიახ, მომიყვნენ.
რეზო : ეგ უნდა დახვრიტო.
იულონი : ეჰ, შეგეძლოთ მაინც კაცის დახვრეტა.
ირაკლი : თუ გადავწყვიტეთ, შეგვიძლია.
იულონი : ცოცხლად დამარხვა – კი.
გურამი : აცალეთ იულონს.
იულონი : სწორია, აცალეთ. როგორც გეუბნებოდით, მე მდიდარი ფანტაზია მაქვს და სიმარტოვისგან აღგზნებული ნატურა, ამიტომ გახდა მონაყოლი ჩემს ტრაგედიად და ეს უფრო სარწმუნოა, რადგან ჩემი სწორად მონაყოლი, და არა თქვენი თვალით ნანახი, იქცა გურამისათვის და თქვენთვისაც სინდისის ტრაგედიად და ამ ტრაგედიამ მისცა ერთი მიზანი თქვენს აზრს, ლაპარაკს; მთავარი ის არის, რომ ის ამბავი საერთოდ იყო და არა ის, მე დამემართა პირადად თუ არა. თქვენ კი არც ცდილხართ გაგეგოთ, ისე აღელდით ბავშვებივით.
სულხანი : მართლა ისე მოგვივიდა.
ჯიმშერი : რა მოგვივიდა `ისე~, აქ იმ ტრაგედიაზე აღარ არის საქმე, არამედ თვითონ იულონში უნდა ვეძიოთ, მის ტონში.
ირაკლი : ჰო, მის ტონში უნდა ვეძებოთ.
გურამი : ეჰ, თქვენ /გვერდზე/, მეც /იმათ/ სწორედ იმიტომ, რომ ორ გრძნობას, მოშვებას და მოწოლას, ვერ აერთიანებთ, იმიტომ რომ არა გაქვთ უნარი, დასცინოთ თქვენივე თავს, ყოველ ნაბიჯზე იბნევით მოწაფეებივით.
სულხანი : ღმერთო, სადღაც მივფრინავ, ყველაფერს, ყველაფერს ვწყდები... მე პატიოსანი ადამიანი ვარ, გესმით...
დიდი ბობა : პატიოსნებას შეეშვით, კაცო დამნაშავეს მიხედეთ.
ჯიმშერი : აი, ის ამბავი, რომელიც ფრონტზე მოხდა...
გურამი : ის ამბავი შენ არ გესმის... არ ამყვე... ის ამბავი მხოლოდ შეიძლება იგრძნო...
იულონი : რა ამბავი?
გურამი : გერმანელის დახვრეტის...
იულონი : რომელსაც მე მომიყვნენ?..
გურამი : ჰო,რომელსაც შენ მოგიყვნენ.
იულონი : ნუთუ შენც დაიბენი?
გურამი : არ მესმის.
იულონი : არ გესმის?
სულხანი : არ გვესმის.
ჯიმშერი : მე უარს ვამბობ მოსმენაზე.
ირაკლი : ვეღარ უძლებს გონება ამდენ არეულობას – ახლიდანა ვთქვათ და დავაწყოთ.
იულონი : ახლიდან? ხი, ხი, ხი, მე ვიცი, თქვენ მზადა ხართ, ახლიდან, ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის საშუალებას, მე კიდევა მაქვს ერთი სიურპრიზი თქვენთვის, გულშემატკივარი მოსამართლეებისათვის მომზადებული.
გურამი : იულონ, ნუ სარგებლობ ჩვენი მოთმინებით.
იულონი : ეგ თქვენივე სურვილია მხოლოდ. მე რომ გავჩუმდე, თქვენ გაგიჟდებით.
გურამი : ხომ ხედავ, მიუხედავად შენი ამხელა დანაშაულისა, ასეთი გულისხმიერებით და ლმობიერებით გექცევა ყველა.
იულონი : ლმობიერად და გულისხმიერად?
გურამი : ნუთუ შენ თვითონ ვერა გრძნობ.
იულონი : მე ვერა ვგრძნობ?
გურამი : რატომ ლაპარაკობ გამომწვევად?
იულონი : როგორ?! შენ გინდა რომ ლაქუცი დავიწყო, თავის დამცირება მას შემდეგ, რაც კაცი მოვკალი, უდანაშაულო კაცი, და არა ვნანობ ჩადენილ მკვლელობას? დიახ, არა ვნანობ.
სულხანი : არა ნანობ?
დიდი ბობა : ეგ როგორ, კაცო, მაშ, გიხარია?
ჯიმშერი : არ მესმის, არაფერი არ მესმის.
ირაკლი : მთლიანად გაუგებრობაში ვარ.
გურამი : იულონ!
იულონი : რა, `იულონ~! ისევ ახლიდან დავიწყოთ? სია-მოვ-ნე-ბი-თ, დიახ, სიამოვნებით; მე სწორედ ახლიდან ვიწყებ, რა მოგივიდათ? სად გაქრა თქვენი არტისტულობა, დაღლილი და მოწყენილი სახეები გაქვთ, მე კი ეს-ეს არის ვაგრძელებ თქვენს დაწყებულ წარმოდგენას, მე ამის გულისათვის კაციც კი მოვკალი; იცით, რატომ მოვკალი? – რომ მქონოდა საკუთარი ტრაგედია? – არა! გეტყვით: მე მინდოდა მხოლოდ და მხოლოდ წამეფორსა და მეტი არაფერი.
გურამი : ბოროტად ტყუიხარ, იულონ.
პატ. გურამი: ისეთი...
სულხანი : ბუნებრივი მკვლელობა იყო.
ირაკლი : ნერვიულობისაგან კაცს აღარ ჰგავდა.
იულონი : ნერვიულობისგან? აბა, თქვენ რა გეგონათ? მე ისევ და სულ ახლიდან ვიწყებ; აბა, თქვენ რა გეგონათ, როცა უბრალო სიტყვის თქმისას, არტისტულობისაგან აღგზნებული, გიჟებსა ჰგავდით. თვითონ გურამი არა ყვიროდა, ჭკვიანი ყველაზე, როგორც თვითონ იცის გულში, ყვიროდა, გაშლილი, მაღლა აწეული ხელებით: წერის დროს მე, აი, ასე მინდა ვიყვირო: აუ, აუუ... ბუსუსებმაც კი დამაყარა, ისეთი საზიზღარი იყო ყველაფერი, თქვენ კი გულში გსიამოვნებდათ თქვენი ყალბი არტისტულობა.
დიდი ბობა : ცოტაღა დაგრჩა სალაპარაკო, იულონ.
იულონი : მით უფრო დიდი ვნებით ვილაპარაკებ. იულონი კი იჯდა კუთხეში და თამაშობდა ვიღაც საცოდავის როლს, რომელიც იმიტომ შესთავაზეს მას, რომ თვითონაც საცოდავი ეჩვენებოდათ – იულონი დიდი თავით, გაცვენილი თმით, წვრილი კისრით და ვიწრო, მონგრეული მხრებით.
გურამი : გეყოფა, იულონ!
გიული : ხი, ხიკ!
იულონი : რა `იულონ~! ა! ხი, ხიკ, ხი, ხი, გინდა ეგ სიტყვა უფრო ხმამაღლა იყვირო, სხვათა შორის, მშვენიერი იქნებოდა ეგ სახელი ბერძნულ თეატრში; აბა, სათითაოდ დამიძახეთ თქვენებური ინტონაციით ყველამ: იულონ!
სულხანი : იულონ!
რეზო
პატ. გურამი} იულონ!
ირაკლი : იულონი, კაცო, ხედავთ?!
გიული : იულონი.
დიდი ბობა : იულონ?!
გურამი : იულონ!!!
იულონი : ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰა, ჰა, ჰა, იულონ! ჰა, ჰა, ჰო, დიახ, მე ვარ იულონ... მე მეჩვენება, რომ ახლა ოიდიპოს მეფესავით ვდგავარ შუა სცენაზე, თქვენ კი გამოგიშვერიათ ხელები ჩემსკენ და იძახით: იულონ! იულონ! ეს წამი არის უმაღლესი წერტილი ჩემი დამალული არტისტულობისა; მაშ, იცოდეთ, ეს წამი, როცა მთელი ყურადღება ჩემზეა მომართული, ღირდა იმ ცოდვად, რაც მე ჩავიდინე და, რომ შეიძლებოდეს ამ წამის გამეორება, ახლიდან ჩავიდენდი იმ ცოდვას. ახლა მე მესმის ტორეადორისა, რომელიც ჩემსავით დგას შუა არენაზე, მომზადებული უდანაშაულო მსხვერპლის გასაგმირად, ხოლო რაც უფრო დიდი, ალესილი რქები აქვს მსხვერპლს, რაც მეტია საფრთხე, მით უფრო დიდია დიდების გრძნობა, მთელი ცირკი მისი სიცოცხლის ყოველ რისკს ბღავილით ხვდება, და, აი, დგება წამი, როცა ის და ხარი სამარისებურ სიჩუმეში უახლოვდებიან ერთმანეთს; კაცის ხელი, რომელსაც იარაღი უჭირავს და ბრმა რქები – და ხდება ის! მკვლელობა! მთელი დარბაზი, როგორც ერთი კაცი, ამოიქშენს და ბღავის, ყვირის: ტორეადორ – ტო-რე-ა-დორ! მე მესმის ყურებში ამ ერთი წამის, მთელი ყურადღების წამის დღესასწაულებრიობა, ხმები იყოფიან, ერთდებიან, ისევ იძახიან ახლა: იულონ! იუ-ლონ! აი, წამი ჩემს ცხოვრებაში, სავსე და უდიდესი, იდგე ყურადღების ცენტრში – ამითი მე ახლა ტოლი ვარ ტორეადორისა – ფიზიკურად ტოლი.
და თქვენ იცით, – ამას მე ჩემი ხმით გეტყვით, ისევ არტისტული სხვაობისათვის, – თუ დიდია ყურადღების ცენტრში დგომა ფიზიკურად, ორმაგად და ათმაგად დიდია, იდგე ყურადღების ცენტრში აზრობრივად.
დიახ, მე ისევ ვყვირი, რადგანაც მინდა, რომ მე თვითონ შევიგრძნო ეს უდიდესი წამი შეგრძნებებისა, იცით თქვენ, რა არის იდგე ყურადღების ცენტრში არა სხეულით, არამედ აზრით! – ეს არის ახლა: იულონ! მან გააკეთა ის, რაც ვერ შესძელით თქვენ, რაც ვერ შესძელი შენ, პიესის ავტორო – ეს არის იულონის ვნება და მისი ბოლო სიტყვა: არ არსებობს ვნება აზრზე დიდი და, შებრუნებით: აზრი არის ვნებათა შორის ყველაზე დიდი ვნება! ოოოო... ხმა აღარ მყოფნის: ჩუმად... იულონ...
სულხანი : იულონ, ბიჭო!
ჯიმშერი : იულონ!!!
გურამი : ღმერთებო! აქ იმხელა ვნებები ტრიალებს, რომ ეს მკვლელობა, ფორმისათვის რომ არ ყოფილიყო, რევოლუციაზე მეტი იქნებოდა.
იულონი : ჰოო.
გურამი : ა?
იულონი : ვთქვი თუ არა ყველაფერი ეს, მაშინვე ჩემში არტისტულობის შინაგანმა მიზიდულობამ ძალა დაკარგა და ყველაფერი ეს მომეჩვენა ტყუილად.
გურამი : ძმაო, იულონ.
იულონი : ძმაო? ნუთუ ისეთი კარგი როლი შევასრულე, რომ თქვენ მოხარულები ხართ იყოთ ჩემი ძმები.
ჯიმშერი : მათ მაგიერ მე გეტყვი, შენა ხარ ჩვენი, შენი ვნებებით.
სულხანი : ჩვენ არ შეგვიძლია გაგასამართლოთ შენ.
იულონი : არ შეგიძლიათ მომისაჯოთ სიკვდილი? თქვენ რა, ამართლებთ ამ საზიზღარ მკვლელობას? ნუთუ ჩემმა ამ სიტყვებმა, ტყუილმა სიტყვებმა, ასე იმოქმედა და ისევ გახდით არტისტები, ნუთუ ვერ შევძელი, ზიზღი გამომეწვია თქვენში, იმდენად მაინც, რომ სიკვდილი მოგესაჯათ.
გურამი : ჩვენ მკვლელობას არ ვამართლებთ, ჩვენ ვამართლებთ ცოცხლად დარჩენილის სიცოცხლეს.
დიდი ბობა : ჩვენ აქ ყველანი ძმები ვართ, კაცო.
გიული : ხი, ხიკ.
სულხანი : ყველაფრით ძმები.
ჯიმშერი : თუ სხვაობა არის, მხოლოდ ის, რომ სხვადასხვა დედის შვილები ვართ.
იულონი : ძმებო, ბიჭებო, გამასამართლეთ, მომისაჯეთ... განა შეიძლება იმ კაცის გამართლება, ვინც ასეთ ბიჭს მოკლავს, ძმაო თე...ზი..კო, მე ვტირი, ჰოო, მე ვეღარ შევძელი ჩემი როლის ბოლომდე შესრულება. თუ, ვინ იცის, ეს ტი..რი..ლიც თავისთავად როლია. მე აბსოლუტურად აღარაფერი აღარ მესმის, მე მინდა მხოლოდ ვიტირო შენს ცხედარზე.
რეზო : თეზიკო, ბიჭო, ვის, ვის უნდოდა შენი სიკვდილი.
პატ. გურამი: ვის სჭირდებოდა,საწყალო ბიჭო.
გურამი : აი, ვინ არის მთავარი დამნაშავე – ეს მე ვარ და მე ყველაზე მეტი ცრემლები მმართებს.
იულონი : შენ გმართებს ყველაზე მეტი ცრემლები, მე კი შენზე მეტს ვიტირებ.
გურამი : ძმაო თეზიკო, ძმაო იულონ.
ჯიმშერი : ვის, ვის სჭირდებოდა ეს ცრემლები, ღმერთო ჩემო!
გიული : თითქოს ახლა მივხვდი, რომ თეზიკო მართლა მკვდარია.
ბიჭები : ჩვენ დავიღალეთ, ჩვენ დავიცალეთ.
იულონი : გთხოვთ, გემუდარებით, მომისაჯეთ, მე მხოლოდ სიცოცხლის მეშინია ამ ქვეყანაზე, სიკვდილს კი არ ვიცნობ.
დიდი ბობა : ეგ ამბავი არ გამოვა, ჩვენ ცუდი მოსამართლეები ვართ, მოგვიხდება შენი მთავრობის ხელში გადაცემა.
გურამი : მხოლოდ იქა აქვთ ფორმები.
სულხანი : და, რაც ყველაზე სამწუხაროა, იქ მიუსჯიან ნამდვილად სწორ განაჩენს.
ბიჭები : ჩვენ ვტირით მის ცხედარზე.
დიდი ბობა : მკვლელს კი გადავცემთ მთავრობის ხელში, რადგან ამ ამბის მიჩქმალვა შეუძლებელია.
ფარდა
გურამი ფარდის წინ:
ეს პიესა მე დავწერე და ამ პიესის მსვლელობის დროს მოხდა მკვლელობა. ღმერთო ჩემო, ნუთუ ყველაფერი, წერაც, დადგმაც მხოლოდ მოწყენილობისაგან იყო, მოწყენილობისაგან, რომელსაც არსად არ შეგიძლია გაექცე. მე ვიცი, ამ ოთახიდან გარეთ გასვლას აზრი არა აქვს, რადგან თუ ერთ ოთახში ვერ ნახავ შენს ადგილს, მას ვერ ნახავ სულ, სულ შეუსვენებლივ რომ ირბინო დღე და ღამე მთელ მსოფლიოში – დედამიწიდან კი არსად არის გასაქცევი.
ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს პიესა მართლა მხოლოდ მოწყენილობის გულისათვის დავდგით?!
ო, არა! აქ კიდევ არის სხვა რაღაცა და ის უნდა გავიგო.
ახლა კი მე დავიღალე და ეს ერთადერთი გზაა, დროებით გავექცე ყველაფერს. ამ ღამეს მე დავიძინებ. ღმერთო, მომეცი უსიზმრო ძილი;
გურამ! ნუ ტყუიხარ – მე მიყვარს ძილი, სავსე სიზმრებით, საშიში, უცნაური სიზმრებით, მიუხედავად იმისა, რომ არსად ისეთი უმწეო არა ვარ, როგორც სიზმარში. შეიძლება სწორედ ამიტომაც მიყვარს ის. აქ ქვეშეცნეულად მრჩება შეგრძნება, რომ ყველაფერი, რაც ძილში ხდება, მხოლოდ სიზმარია, მე უმოძრაოდა ვარ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაშასადამე, ვიღაც სხვა აგებს სიზმრის შედეგზე პასუხს. ეს უნარი, დააბრალო სხვას რაიმე, რჩება ჩემთვის, როგორც ადამიანისათვის, უდიდეს ნუგეშად, რომელიც, კიდეც რომ ვიცოდე, რომ სწორი არ არის, – ნუგეში მაინც არის!
ჰო, სამწუხაროდ, ასეა!
მაგრამ რა შუაშია აქ სიტყვა `სამწუხაროდ~ – ალბათ, ესეც ნუგეშია – შეიძლება ყველაზე მეტიც, რომ გასაგები მრჩება არა რაიმე, არამედ ყველაფერი და სანამ მექნება ეს სურვილი რამის გაგებისა, მე ვერა, ვერ შემჭამს მოწყენილობა.
ღამე მშვიდობისათ!
ყველაფერი ისეა, როგორც ძველთაგან მიღებული იყო თეატრში. ავტორი დგას თქვენს წინ და აკეთებს რევერანსს, დამშვიდობების რევერანსს და კიდევ ერთხელ გისურვებთ კარგ ძილს და კიდევ ერთხელ მისცემს თავს უფლებას, გითხრათ თავისი სანუკვარი აზრი:
შესაძლებელია ყველაფერი ეს იყო არაფრისთვის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არაფრისთვის არაფერი არ არსებობს, თვით არასაჭირო სიკვდილიც კი.
/ხმები ფარდის უკნიდან/
სულხანი : ა!
იულონი : ააჰ!
ირაკლი : ი!
ჯიმშერი : ჰო!
ბობა : მაშ!
პატ. გურამი: იო!
რეზო : ახლავე, უცებ.
გიული : ხი, ხიკ.
/გურამი ფარდის წინ/
გურამი
რაშია საქმე?
იულონი
როგორ თუ რაშია საქმე!
გურამი
თქვენ უკვე დამთავრდით და მორჩა, ახლა ფარდის უკანა ხართ.
იულონი
თეზიკო.
სულხანი
თეზიკო.
გურამი
მაგას ხომ უკვე გამოვუტანეთ განაჩენი, მთავრობას უნდა გადავცეთ მისი მკვლელი.
იულონი
კი, მაგრამ მოკლულისთვის რომ არ გვიკითხავს.
გურამი
ახ, ხო.
იულონი
ვკითხოთ.
ბიჭები
ახლავე ვკითხოთ.
გურამი
ჰკითხეთ მერე, ააყენეთ.
ბიჭები
შენა ხარ ავტორი, გაცოცხლება შენი საქმეა, შენა ჰკითხე.
გურამი
თეზიკო, გამოდი აქეთ.
თეზიკო
მოვდივარ!
ბიჭები
ვაჰ!
თეზიკო
გზას ვერ ვიგნებ.
გურამი
გასწიე ფარდა და გამოდი.
თეზიკო
მერე მკვდარს აქვს მაგის უფლება?
გურამი
მე გაძლევ უფლებას, მე ავტორი ვარ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.
/თეზიკო გამოდის/
მე დიდხანს ლაპარაკი მიცვალებულებთან არ მიყვარს, იცოდე. რას ითხოვ მკვლელის სასჯელად?
თეზიკო
ისე არ ჩაეთვალოს ცხოვრებაში არაფერი, როგორც სიკვდილის მერე სიკვდილი აღარ ითვლება არაფრად.
იულონი
/ფარდის უკნიდან/
უუხ მე!
ბიჭები
უუხ... აუხ... თავისთვის რას ითხოვს, ჰკითხე.
გურამი
შენთვის რას ითხოვ?
თეზიკო
სიცოცხლეს... სიცოცხლეს. ჩქარა, გესმით, თუ შეგიძლიათ...
გურამი
რად გინდა მერე, არ გეშინია, რომ შენც არ ჩაგეთვალოს არაფერი. ცოცხალი მკვდარი რა სანახავი იქნება, შენ თვითონა თქვი, აბა!
თეზიკო
იყოს, რაც უნდა იყოს, როგორიც გინდათ, ოღონდ ცოცხალი ვიყო და სახრჩობელაზე ვეკიდო... გურამ, ყველაფერი შენს ხელშია...
ბიჭები
ყველაფერი შენს ხელშია, გააცოცხლე.
თეზიკო
გამაცოცხლე, ხომ შეგიძლია.
გურამი
ვიცი, ძალიან გეწყინებათ, ოღონდ არაფრით არ შემიძლია.
ბიჭები
რატომ?..
თეზიკო
ა...
გურამი
მაშინ ჰაერში ვრჩებით ჩვენ ყველანი. აბა, თქვენ თვითონა თქვით, რა ტრაგედია იქნებოდა, რომ კაცი არ მომკვდარიყო, ან ვინ დაიჯერებდა, რომ ეს ტრაგედიაა? ის კი არა, თეზიკოც მეცოტავება ტრაგედიისათვის. შეიძლება ეს ნაწარმოები დრამაში ჩამითვალონ, თქვენ თვითონა თქვით, სინამდვილეში იყო თუ არა ეს ტრაგედია.
ბიჭები
მეტი, მეტი იყო!
გურამი
ჰო.
ბიჭები
მაინც გავაცოცხლოთ, იქნება აღარ იყოს ტრაგედია საჭირო.
გურამი
ეს სიკვდილი სისხლის გამოშვებაა და თქვენ უმაგისოდ ნახეთ რა იქნებოდა ნამდვილი ტრაგედია, რომელსაც ვერავინ ტრაგედიის შერქმევასაც კი ვერ გაუბედავდა.
თეზიკო
მაშ, მე რა ვქნა?
გურამი
შენ? არაფერი, შენ უკვე მკვდარი ხარ.
თეზიკო
ვისთვის?! რისთვის?! ვაი, ვაი, ვაი, გინახავთ თქვენ ადამიანი, საკუთარ სიკვდილში მოტირალი.
გურამი
გეყოფა, თეზიკო, ტირილი. ის მარტო ჭირისუფალს მართებს, მკვდარს სიკვდილი არ ეყოფა, რომ კიდევ არ იტიროს? ახლა წადი... შენ უნდა დაგასაფლაონ.
თეზიკო
კარგი.. მივდივარ.
/გადის/
ბიჭები
იმან გაიარა ჩვენ გვერდზე და წავიდა დასასაფლავებლად.
გურამი
ისევ მარტო დავრჩი, უმკვდროდ, უბიჭებოდ, უგმირებოდ. ისინი კულისებში დგანან და იცდიან, სანამ ისევ არ გამოვიძახებ... დაუშვით უფრო დიდი ფარდა... /ეშვება უფრო დიდი ფარდა/. ერთი წამიც! /გამოდის უფრო დიდი ფარდის წინ/.
აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენს წინ, ნამდვილი გურამი – გურამი, რომელსაც უყვარხართ თქვენ, სიყვარულთა შორის ყველაზე დიდი სიყვარულით, სიყვარულით ყველაფრისადმი, არტისტული სიყვარულით, რომლის შეგრძნებაც ღმერთამდე ადის, ის არის ყველაფრის გამგები, ყველაფრის მპატიებელი.
მე ვშლი ისევ ხელებს, მომანათეთ ნათურები, ჩემი ჩრდილი ეცემა უკან ფარდას და ადის ჭერამდე, უფრო მაღლაც. მე უფრო ვშლი ამ ხელებს აშკარა, გულუბრყვილო არტისტულობით და მზადა ვარ, ჩავიტიო ჩემი გმირებიც, თქვენც, ჩემი თავიც და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე არტისტი ვარ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სცენაზე, მხოლოდ აქ დგომის დროს ყველაზე გულწრფელი ადამიანი, მოკლებული ყოველგვარ წვრილმან საყოფაცხოვრებოს.
ჩემი ხელები, ჩემი ჩრდილი იშლება სულ უფრო და უფრო დიდად, ის იტევს ყველაფერს და იხსნება მასში.
მე ვიცი, რა არის უდიდესი ყველა გრძნობათა შორის, ეს იცოდით თქვენც, ამიტომ მოხვედით თეატრში:
აი, ჩემი აქ დგომის მაქსიმუმი: სცენაზე ყოფნა ეს არის უდიდესი სიყვარული!
1958 წლის დეკემბერი
შენიშვნები
1958 წლის შემოდგომაზე გურამი ინტენსიურად `ავსებდა~ ცალხაზიანი რვეულის ფურცლებს დღიურებით (`წერა, წერა რვეულის გავსებამდე..~). `იულონი~ არის პირველი მხატვრული ნაწარმოები `შაშას რევოლუციის~ (1958 წლის აგვისტო) შემდეგ. დაწერილია თბილისში 1958 წლის დეკემბერში.
არქივში ინახება ნაწარმოების როგორც შავი, ისე თეთრი ხელნაწერი. შავი ხელნაწერი დაწერილია ხუთი თორმეტფურცლიანი რვეულის ორსავე გვერდზე (I. 1-24გვ., II. 1-26გვ., III. 1-34გვ., IV. 1-26გვ,. V. 1-38გვ.). ზოგიერთ რვეულში ჩამატებულია ფურცლები. თეთრი ხელნაწერი დაწერილია მაგარი ყავისფერყდიანი საერთო რვეულის ორივე გვერდზე (1_201გვ.). დათარიღებულია მხოლოდ თეთრი ვარიანტი. თეთრი ხელნაწერის სრული სათაურისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი.
ჩანაწერები `იულონისათვის~:
ჩანაწერი რუსულ ენაზე თორმეტფურცლიან რვეულში, სადაც დაწერილია `გოგან გაგანია~ (1959 წლის ზაფხული):
` Не любить, не презирать
Только стоять и чувствовать это смешение
на арену _ сцену~. (`იულონისათვის~)
`в роли:
_ Проста как жизнь
_ А что мне жизнь.~
შესაძლებელია, ეს იყოს ამონაწერი რომელიმე ნაწარმოებიდან, რომლის კითხვის დროსაც გაახსენდა `იულონი~ და კითხვისას გაახსენდა `იულონი.~ გურამისათვის ბუნებრივია თავისი ნაწარმოებების რეტროსპექტული ანალიზი.
სხვადასხვა ჩანაწერი `იულონისათვის~ (1_25 გვ.), გაკეთებული ცალხაზიან და უხაზო თაბახის ფურცლებზე (ასეთი ფურცლები გამოყენებულია `შაშას რევოლუციისათვის~):
`ტრაბახზე: ტრაბახი სხვებთან არის ძნელი, არ იჯერებენ, თორე თავთან ტრაბახი ადვილია. დაიტრაბახებს კაცი, კაცის გული კი ისეთი საწყალია, უცებ უჯერებს თავის თავს და სიამოვნობს.~
`ადრე, გურამი როცა ჰყვება პიესის შინაარსზე: მოჰყვება: დედის და იულონის დამოკიდებულებას, სიყვარულს, იულონის პატარა ეჭვს ადრევე. იტყვის: იულონი ვერ აიტანდა, რომ ეჭვი მართალი გამომდგარიყო.~
1. `მკვლელობის მერე _ არაფერი საქმე არ იყო, ამბავი არ იყო, იმიტომ მოხდა ყველაფერი. აქ არიან მარტო განწყობები. აქ არიან მარტო იდეები.
იულონი არის მარტო, სულ მარტო, ბეჩავი, უშნო, ულამაზო, ის არ უყვართ გოგოებს, არ უყვარდათ სკოლაში ბიჭებს, ერთადერთი, ვისაც ის უყვარს, არის დედა. დედა, ეს დედა არის მისთვის ყველაფერი, მიუხედავად იმის, რომ მასაც იშვიათად ელაპარაკება.
უცებ მის ცხოვრებაში იჭრება სალახანა ძმა, რომელიც დედის სისხლის შეგრძნებას უბათილებს და, სამაგიეროდ, სთავაზობს თავის თავს.
იულონი თავს იკავებს ბოლომდე.
ეჭვები ახრჩობს, მაგრამ არ იჯერებს.
ძმა მეთოდურად უმტკიცებს,
იულონი უარყოფს.
აქ ჩანს რა ძვირფასია იულონისათვის დედა.
აქ ჩანს როგორი არაფრის მიმცემია მისთვის ძმა _ სალახანა
და უცებ, როცა ძმა ისე სალახანობს, რომ იულონს იმედი აღეძვრება, შეიძლება ეს მისი ძმა არ იყოს, ძმა ჯიბიდან იღებს ნივთის ნაჭერს, რომელიც იულონის კონვერტს ჰქონდა. ისინი ნახულობენ იულონის კონვერტზე იმავე ინიციალებს.
იულონი დგას გაშტერებული.
ხითხითებს თეზიკო
და უცებ სკდება მთელი მოთმინება.
ააა! ღრიალებს იულონი და დანით ახტება თავის ძმას.
ნამდვილი ცხოვრება იულონის: ჰყავს დედა, მამა, ოჯახი, არა აქვს ამბავი. სულ ფიქრობს, ბუნებით ის არის ტრაგედიისათვის დაბადებული. დაბადებული იდარდოს და ის ათრევს სხვის დარდს. დარდს მოკლულ ბავარელზე, რომელიც მას უამბეს და ეს დარდი ისე გაიზარდა, რომ მისი გახდა და დღეც და ღამეც ამ დარდზე ფიქრობს. ეს ტრაგედია იყო სცენაზე მისი პირველი ტრაგედია, ის უკვე 28 წლისაა და აქ გამომჟღავნდა მისი მიდრეკილება ტრაგიკულისადმი, ყოფილიყო არა სხვისი ტრაგედიის მატარებელი, არამედ საკუთარი ტრაგედიის მატარებელი.
ეს მკვლელობა რომ არა ყოფილიყო ტრაგიკულის ფორმის გულისათვის, რომელიც ქართველს როცა სულში შეუჯდება, არ შეუძლია არ ითამაშოს ცხოვრებაში, მაშინ ეს მკვლელობა იქნებოდა რევოლუცია.
_ თუ ამ ოთახში ვერ დავამყარეთ სიწყნარე, გარეთ რა გვეშველება?!
ან რა არის გარეთ.
ამ ქვეყნის იქით ხომ ვერ გახვალ,
იქით, გარეთ აღარ არსებობს.
!: კაცო, პიესას არჩევთ თუ მომხდარ ამბავს, მკვლელობას!
Он уже убит и он больше не интересен _ за то интересен убийца и вдвое~
`გურამი: მე არ შემიძლია თქვენსავით ლაპარაკი, არაგულწრფელი გამოდის, ფორმა მაქვს ცუდი. მე ვიცი ადამიანები არიან ასეთები და ისეთები: კარგი _ ცუდი, კარგი _ ცუდი.
არა აქვს მნიშვნელობა. მე მათ ხელითა ვგრძნობ როგორც სითბოურ წონას, ე.ი. მისი, მათი არსებობა ნამდვილია, არი რაღაცა საზღვარი, რითაც იგებ კაცს და თვლი მას ნათესავად. აი, მაგალითად, გოგო იღლიის ძირში ამოჯდომით და მხრების მოხრის პერსპექტივით.
ირაკლი: თავისი ისტორია გულახდილობით 37 წლიდან და (ჯიმიზე).
ცდა ყველა იყოს გულახდილი.
პატ. გურამი ჰყვება გოგოს გაყოფის ამბავს იმისა და ედიშერისაგან, ჰყვება აგდებულად.
ედიშერი: კუზმან, რატო არ გინდა მოჰყვე სერიოზულად, როცა სერიოზულად განიცდი.
დამნაშავე იყო ედიშერი.
`გურამი: მე არ შემიძლია თქვენსავით ლაპარაკი, არაგულწრფელი გამოდის, ფორმა მაქვს ცუდი. მე ვიცი ადამიანები არიან ასეთები და ისეთები კარგი_ ცუდი კარგი _ ცუდი
არა აქვს მნიშვნელობა. ის ენით ლოკავს, როგორც ერთ დროს დაიფიცა, იატაკს ერთი თავიდან მეორემდე. ლოკავს კუზმანაც, მაგრამ სხვაა ერთის ალოკვა, სხვაა მეორის და არც ერთის არ არის მართალი (მინაწერი არეზე: `აქ კუზმანას როლი კარგად!!!~), თანაც ორივე არ არის ტყუილი, უბრალოდ ფორმა არის ყალბი _ საერთოდ ყველა ფორმა არის ყალბი.
ფორმის მიცემა შეიძლება, როცა ხდება რაღაცა ტრაგედია, ან არის საბაბი მხიარულებისა, თუმცა თუ არის ამის განწყობა, ფორმა იქმნება თავისთავად.
გარემოსთვის გადაბრალება, თავისი სისუსტის ბოროტად გამოყენება.
რუსს არ ამცირებს, რომ ის გლეხია _ უბრალოდ, იცის თავისი ადგილი. არც იმას უშვებს თავის საქმეში, არც თვითონ შედის.
ქართველს სწყინს, რომ ის გლეხია _ თვითონ სახელი.~
`ინტელიგენტისთვის _ ნასწავლისათვის ლაპარაკი ძნელია. ჯიმი უხსნის: აი, შენ, ედიშერ, როცა ლაპარაკობ, მარტო შენს თავს კი არა, სხვებს გულისხმობ. ამიტომ უნდა აწყენინო ვინმეს, გამოხვიდე ცუდი, ბობა მარტო თავის თავს გულისხმობს.
ამითი შენ კი არ ზრუნავ უფრო მეტს მასზე, შენ გინდა უფრო მეტად ამოხსნა შენი არსებობა, როცა იმან თითქოს უკვე იცის რატომ გაჩნდა, როგორ უნდა იცხოვროს.
ედიშერი: აბრალებს სხვების სიყვარულს თავის უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას.
ირაკლი: იქაჩება; აი, ჩვენ რამდენი სიკეთე გავუკეთეთ სხვებს, თავი შევწირეთ და ახლა ვიტანჯებით.
ინტელიგენტი თავისთავად პრინციპში ორმოა, ამიტომ ყოველი ფორმა, რომელიც არ უნდა მიიღოს მან, ყალბია. საქართველოში მძაფრი დაყოფა არასოდეს არა ყოფილა კლასობრივად, ყოველი გლეხი ფორმით უცებ ხდება ინტელიგენტი, უფრო სწორად, არის უკვე ყანაში მუშაობის დროსაც, ამიტომ არის, რომ მთლიანად ქართველი ხალხი ფორმალურად ყალბ მდგომარეობაში ვარდება. გლეხი თითქოს თამაშობს ყანის მკას, მუშა თითქოს ჭედავს, სინამდვილეში იმისი საქმეა სილაღე, სანახაობა _ ყარაჩოხელები _ კულტი იყო მათი გართობა. უპირისპირდებოდნენ ინტელიგენტებს და დასცინოდნენ სწორედ ქცევით, გარეგნული მხარით და არა სიღრმით. Aარ არსებობს აქ გლეხი, მუშა, ინტელიგენტი _ არის, უბრალოდ, ქართველი ტიპი.
უფორმობა ახასიათებს თითქმის უკლებლივ ყველას, რადგან ეს არის ჩვენი ბუნება, ქართველი კაცის ბუნება, რომელმაც არასოდეს არ იცის რა არის ის თვითონ და სისტემატურად ცხოვრობს მეზობელ ჩვენებებში. Dდა არა თავის სინამდვილეში.
`ამ ფორმასა და აზრს შორის ჭიდილში მიდის შენი ცხოვრება.~
ქიზიყი, ხევსურეთი.
1. მე მინდა, რომ იყოს ღამე და არ იყოს სინათლე _ ვიდგე სანთლით და სხვადასხვა. დღე ანათებს მზე _ არ მიყვარს დღე _ დღის სინათლეზე არასოდეს არ მიდის წარმოდგენა, არ ხდება დრამა.
ედიშერი: მე როცა ფორმას ვიღებ, ამ ფორმას როგორც ნამდვილს, ისე ვგრძნობ, შენ კი გვერდზე გაქვს ეს ფორმა _ ნამდვილი სხვა გაქვს.~
`თეზიკო: შენ რა უცებ შედიხარ სხვის მდგომარეობაში.
თეზიკო პედერასტიც აღმოჩნდება, დგვეფაძე ქერავდა, მასწავლებელი.
იულონი: და რატომ ამირჩიეს მე მეთამაშა უშნო კაცის როლი _ ესეც ტრაგედიაა.
იულონი: როლი და ცხოვრება აერია. აქ დედა, იქ დედა და ეს არევა თვითონ უნდოდა, თვითონ ფორმას აჰყვა.~
`გურამი: ეს პიესა მე დავწერე და იქ მოხდა მკვლელობა, ღმერთო ჩემო, ნუთუ ყველაფერი ეს მხოლოდ მოწყენილობისაგან არის, რადგან არსად არ შეგვიძლია აქედან გასვლა, რადგან ამოვარდნა ორბიტიდან არ შეიძლება. თუ ერთ ოთახში ვერ ნახავ შენს ადგილს, მას ვერ ნახავ სულ, სულ შეუსვენებლივ რომ ირბინო დღე და ღამე მთელ მსოფლიოში, დედამიწიდან კი არსად არის გასაქცევი. ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს პიესა მხოლოდ მოწყენილობის გულისათვის დავდგით. არა! აქ კიდევ არის სხვა რაღაცა და ის უნდა გავიგო. ახლა კი მე დავიღალე და ეს ერთადერთი გზაა დროებით გავექცე ყველაფერს. ამ ღამეს მე დავიძინებ. ღმერთო, მომეცი უსიზმრო ძილი. გურამ, შენ დაიფიცე იყო გულწრფელი. გურამ, ნუ ტყუიხარ _ მე მიყვარს ძილი, სავსე სიზმრებით, საშიში სიზმრებით, და რადგან არასოდეს ისეთი უმწეო არა ვარ, როგორც სიზმარში და ჩემ მაგიერ პასუხს აგებს ვიღაცა სხვა და წამიერი უნარი, დააბრალო სხვას რამე, რჩება ჩემთვის, როგორც ადამიანისათვის, უდიდეს ნუგეშად, რომელიც როგორც არ უნდა ვიცოდე რომ სწორი არ არის, ნუგეში მაინც არის.
ჰო, სამწუხაროდ, ეს ასეა.
მაგრამ რა შუაშია აქ სიტყვა `სამწუხარო~. ეს მაინც არ მესმის _ ალბათ, ნუგეშია, რომ გასაგები რჩება არა რაიმე, არამედ ყველაფერი. ღამე მშვიდობისა.
Может быть это было ни кчему ну я почему-то уверен, что никчему ничего не бывает~
`1. ტრაგედია კრავს _ ერთ მიზანს აძლევს, ხუმრობა, ღლიცინი შლის, საერთოდ უფაქტო, უდრამო ლაპარაკი ყველა ფუჭია.
2. ტრაგედია შეიძლება გახდეს ყველაფერი, მთავარია თქვა მასზე, რომ ის ტრაგედიაა.
3. იულონ: მას რომ მისცეს _ სწორედ მას ეთამაშა უშნო კაცის როლი _ ესეც ტრაგედია გახდა.
იულონი: როლი და ცხოვრება აერია: აქ დედა, იქ დედა _ ეს არევა თვითონ უნდოდა _ ფორმას აჰყვა _ მნიშვნელობა დაკარგა მისთვის, სად ხდებოდა ამბავი და მოკლა ბოროტმოქმედი და არა ნანობს ახლაც კი! მიუხედავად იმის, რომ ყველაფერი ესმის _ ახლა იულონს აქვს თავისი ტრაგედია. მასზე იტყვიან _ აი, ის ის კაცია, რომელმაც მოკლა უდანაშაულო კაცი და მხოლოდ მას ეცოდინება, რომ ის კაცი, რომელიც მოკვდა, იყო უდანაშაულო, თვითონ იულონი ორჯერ უდანაშაულოა. მან მიაღწია უმაღლეს ფორმას, ახლა სიამოვნებით ითამაშებს როლს, სადაც მოუწევს დახვრეტა და იმ როლის თამაშში ის არ შეიგრძნობს შიშს, არამედ იქნება უდიდესი ნეტარება, რომ ეს ამბავი მართლა ხდება მის გარეშემო.~
`იულონს სიმდიდრე კი არ აინტერესებს, არამედ იმდენად უყვარს აღმზრდელი ქალი, რომ არ უნდა დაიჯეროს, რომ ის მისი დედა არ არის.
თეზიკოს ვერ წარმოუდგენია ასეთი სიყვარული, მას ჰგონია, რომ ძირითადი აქ ფული და კეთილდღეობაა.
ამბავი: აქ კლავს თეზიკოს იულონი.
იწყება შინაური სასამართლო.
იულონი ხმას არ იღებს, ამართლებენ დედის
სიყვარულის პოზიციიდან, რომელიც მას მართლა არა ჰყავს და რომლისთვისაც შეიჭრა ის როლში.
ამართლებენ ფულიდან, რომელიც `არტისტს~ ცხოვრებაში არა ჰქონდა და რომლისთვისაც შეიჭრა ის როლში/ როლში მართლა კლავს, იულონმა შეტოპა და არ ნანობს, რომ მოკლა თეზიკო, იმდენად მოაბეზრა იმან თავი, რომ მართალს ჰგავდა, მართალიც იყო.
ვიღაცა იგონებს გოგოს, რომელიც ორივეს ერთად მოეწონა დაბადების დღეზე.
ბობა _ ყველაზე ახლოს მიდის _ ამბობს: მაგ ბაზარს კაცი ვერ გაიგებს.
იულონი: მოკლა იმიტომ, რომ ჰქონოდა საკუთარი ტრაგედია, მანამდე მას ჰქონდა სხვისი ტრაგედია და ეს ტრაგედია იყო: ომი _ ბავარელი.
ბოლო: ადრე რაზეც იყო ლაპარაკი დაემყარებინათ ურთიერთობა, გაერკვიათ, სულ ტყუილი გამოდგა სიტყვებით, ტრაგედიამ ყველას მისცა სახე, ოღონ მხოლოდ რამოდენიმე ხანით, ცოტა ხნის შემდეგ ტრაგედიაც გაბაცდა და ყველანი დაიშალნენ უფრო უცხოები ერთმანეთისათვის, მხოლოდ მოკლულის გვამი დარჩა სცენაზე.
ლაპარაკი: წასვლაზე _ არსად არ არის წასასვლელი და მაინც მიდის ყველა _ სადმე ხომ უნდა წავიდნენ.~
`!!! თვითონ სიკვდილიც ხდება ლამაზი, როცა ის თეატრალურ ტრაგედიამდე მიდის.
ღმერთო ჩემო, რამხელა შეგრძნება აქვს ამ ხალხს სიმშვენიერის.
თუ არა ეს სიმშვენიერის შეგრძნება, ასეთი მკვლელობა რევოლუციის დასაწყისი იქნებოდა. А ведь это теперь любовь между нами, которая окрепла трагедией, რომელიც ჩვენ უნდა დავმალოთ, ეს ჩვენი ტრაგედიაა, ყველასი ჩვენი ფორმა (...), დიდი იმითია აქ (...) უმაღლესი სიყვარული.
ბავარიელი _ ეს თავი შეგაცოდეთ. შეგაცოდეთ? თქვენ იცით, რომ დიამეტრულად საწინააღმდეგო ორი აზრი _ ამბავი შეიძლება ორივე ერთნაირად სწორი იყოს!
იულონი:
ბოლო სიტყვა: გადამეცით სახალხო სასამართლოს, რომ იქ უფრო მეტ ხალხში ვილაპარაკო _ სურვილი.
აქ არ არის ანგარიში, ნამდვილი, წვრიმალი.
(რეზო): ის გამოაგდეს სახლიდან.
იულონი: მე მაგაში (...)შენი სიამოვნება.
იულონი: მე არა მქონია საკუთარი ტრაგედია, ის სამი არც ერთი არ იყო ჩემი ტრაგედია, მე მიხაროდა ის შეურაცხყოფა და არა მყოფნიდა. D
და მაშინ რომ (...)ჩემი პიესის კითხვისას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი იყო ფიზიკურადაც, ჩემი სხეული კი მე ყველაზე ნაკლებად მემორჩილება, რადგან მე ადამიანი ვარ, თანაც სხეულის უდიდესი შეგრძნებით.
მე არც პესიმისტი ვარ, არც ოპტიმისტი, მე ვარ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ამიტომ საერთოდ არ შემიძლია მსაჯული ვიყო, რადგან ტენდენციის გარეშე მსაჯული წარმოუდგენელია. მე გაბრაზებაც კი არ შემიძლია.
ფიქრი იულონზე _ ქვეშეცნეულად შემოიჭრა ბავშვობიდან, უცნაურად დამდევდა, კი არ დამდევდა, თავისთვის იდგა ჩემს გონებაში, ოღონ ყოველთვის იდგა.
?! ეგ მწერალია, მწერალს არ შეუძლია მსაჯული იყოს.~
მაინც მე მოჩვენებებში ვცხოვრობ, ნამდვილ ადამიანებს ვერასოდეს ვერა ვგრძნობ.
იმიტომ მომივიდა იმ სიმღერაზე, რომელიც არავის არ ეკუთვნოდა, ასეთი აბსტრაქტული ვნება.~
`გურამი: მე მოვიგონე, ბობა, ეს ჩემი ნათესავია სულის, მარტოა ხალხისგან, ადგილი არ იცის.
ედიშერი: ჩემიც ეგრეა, ჩემიც ეგრეა (ედიშერი ლაპარაკობს ბევრს, ავიწყდება ბობა და ტრაბახობს ამ ნათესაობით, უვლის, წინა აზრით, აზრს დებს, ყურს აღარ უგდებენ ბიჭები.)
ირაკლი: ჩემი აზრით, ეს ისეთი ტიპია.
ბობა: და კაცო, ვინ მოგცათ უფლება ჩემზე ილაპარაკოთ, მე მოვკვდი? Kკაცო, თუ დიდი ბობა აღარა ვარ.
დამოკიდებულება _ არ ეწყობა როგორც გიჟებთან.
ბობა ჰყვება ციხეში თავის გარეთ დატოვებულ სიყვარულზე, რომელმაც უღალატა_ჟარგონით.
ბობაზე ამბობენ, უდარდელიაო.
ტრაგედია შეიძლება გახდეს ყველაფერი, მთავარია თქვა მასზე, რომ ის ტრაგედიაა (რამე ამბავზე)~
` _ ბელადობის შესახებ.
_ ხალხისა და სიმარტოვის შესახებ!!!
მეორე ამოსვლა დიალოგში.
!! ფეხებში როცა უვარდები, თითქოს მხრებიდან დარდს იგდებ _ ამაშია თავის დამცირების სიამოვნება _ მე ეგ არ მინდა _ (...) და საწინააღმდეგო.
ქართული თვისება პასუხისგება ყველა მოქმედებაზე, რომ სადღაც გამომჟღავნდება შენი ნამოქმედარი და тебя накроют. ეს იწვევს შიშს, რომელიც, რაც გინდა ვაჟკაცი იყოს გარეგნულად, მარხია ყველა ქართველის გულში. შიში! რუსებს არ ეშინიათ თავისი მოქმედების, ჩვენ, ქართველებს, ყოველთვის გვეშინოდა რევოლუციის, როცა ვიბრძოდით მისთვის. ამიტომ აქ ვერ მოვახდინეთ. ჯობია სხვაგან, მერე თუ ის აქ მოახდენს, პასუხისმგებლობა ნაკლებია _ რა ჩემი ბრალია თავის დაზღვევა.
დარდზე _ რუსი _ ევროპა _
იმიტომ არის, რომ კინოში ევროპელის სახეზე ასე ადვილად, ბუნებრივად შეიძლება გამოიხატოს რამე გრძნობა _ შიში, სიხარული _ მისი სახე დაწმენდილია.
რუსს სახეზე შიშის დროს ეხატება _ ужас _ ქართველი ყოველთვის ვარდება არაბუნებრივ მდგომარეობაში _ რასაც ხშირად ფარავს ვაჟკაცურად. ე.ი. უადგილო გრიმასით, ხელის აწევით _ გაქაჩვით.
... ვამბობ, რაც ყველაზე ძვირფასია, მაგრამ ვიტყვი თუ არა, ვგრძნობ, რომ ყველაზე ძვირფასი კი არა ვთქვი, არამედ სულ სხვა, და არა აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვი _ ეს შეგრძნება უკანა მდევს ყოველთვის _ `სხვა რაღაც უნდა მეთქვა!~
იულონმა მოკლა .. ბოლო (...) აღიარება: თქვენ გგონიათ ტორეადორი მართლა ფულისათვის გამოდის არენაზე? (...) ის ერთი წამი, როცა მთელი ყურადღება მასზეა, როცა მთელი არენა ყვირის: ბრავო, ტორო, ფეხზე წამოვარდნილი, არის ყველაზე ძვირფასი, რომლისთვისაც ღირს სასიკვდილო რისკზე წასვლა, გესმით. აქ ჩემი არენა იყო და მე არ ვნანობ, რაც მოხდა. უბრალოდ, ცოდოა, რომ ხარის ადგილას კაცი აღმოჩნდა, მით უფრო დიადია ჩემი როლი. გესმით! და მე, სასიკვდილოდ დაჭრილი ტორეადორი, კიდევ გავიმეორებდი ამ სცენას ახლიდან რომ დაიწყოს. ... არტისტულობის შინაგანმა მიმზიდველობამ ძალა დაკარგა.
ტირილი ბოლო: ტირის გვამზე _ უჰ, თქვენ წინ გაიარა ადამიანთა სიცოცხლემ. მე ეს მინდოდა? არა, არა, მე გიჟი ვარ? არა, არა. ჩამქოლეთ, მე მკვლელი ვარ, გესმით, და სხვა ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი!
ჩვენ მაგის გასამართლება არ შეგვიძლია, არ არის მკვლელი, რომლის გამართლება ფსიქოლოგიურად არ შეიძლებოდეს. ჩვენ უძლურები ვართ. გადავცეთ მკვლელი ხელისუფლებას, იქ არის ფორმები და რომელიმეში ჩატევენ იულონს.~
ჩანაწერი ცალხაზიანი რვეულის ფურცელზე (1გვ.):
`1.Eარ მეშინია მე აქ მარტო _ ოთახში, იქ კი მეშინია, იქ ხალხია ეშმაკი და ბრაზიანი, ბოროტი.
2. საქართველოში სიკვდილი სიმშვენიერის სიმაღლემდე ადის.
ბოლო, სადაც ქალი იძახის _ მე ქალი ვარ, მე ბოზი ვარ _ თეატრალური სიმშვენიერის სიმაღლე ტრაგიკულობის შეგრძნების დროს.
3. მომტირალი ქალები _ ტირილი.
4. საქართველოში საკმარისია რამე შეეხოს საყოფაცხოვრებოს, რომ ამოვარდეს იქიდან.~
ჩანაწერი რვეულის ფურცელზე (1გვ.):
`!!! თუ წყენა არსებობს ამხანაგის, მეგობრის, უნდა აწყენინო, ამიტომ არის ის წყენა მოგონილი, აბა უცხო მარტო შეგიძლია მოკლა ფიზიკურად და არაფერი შური არა გქონდეს, ჩვენ იმიტომ ვამხანაგობთ, რომ ერთმანეთს ვაწყენინოთ, როცა ერთ ამხანაგს სცემენ, მეორე სისხლს მოსწმენდს, მოუვლის, კარგ სიტყვას ეტყვის _ ო, როგორ ვერ ვიტანთ ჩვენ, ვინც მოწმე იყო ჩვენი დამარცხების...~
ჩანაწერი რვეულის ფურცელზე (1გვ.):
`აპატიეს იმიტომ, რომ ფორმა იყო ცუდი.
ოჰო _ ვითომ არაფერი, აბა, რეზო ყოფილიყო ეს ფორმა?~
ჩანაწერები სხვადასხვა ფურცლებზე, სხვადასხვა ფერის მელნით და ფანქრით (1_8გვ.):
`არც კომედია შველის, არც სერიოზული ლაპარაკი _ თითქოს ხალხს წონა არა აქვს. როცა დაძაბული მომენტის გარეშე მკვლელობის ფაქტი ხდება, ხალხი წონას იღებს, იკვეთება, ფასდება სიცოცხლე და იბუდებს შიში, რაც იწვევს დააფასონ ერთმანეთი _ არ გასცენ იულონი.
ბევრ ლაპარაკზე არ არის, ბობაც ბევრს ლაპარაკობს, ედიშერიც _ ბობა გულახდილია, ედიშერი _ არა.~
`გურამი: მე იმდენს ვცხოვრობ, რომ უნებურად თან დამყვება ეშმაკივით საბედისწერო ფიქრი: ხომ არ ვაშავებ რამეს?
_ აშავებ.
_ იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ გამართლება ჰქონდეს ჩემს ამდენ ცხოვრებას.
_ სასარგებლო (გავხდე).
_ ვინ აკეთებს სასარგებლოს? ის, ვისაც არ შეუძლია რამე დააშავოს. ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც აღაგზნებენ ადამიანთა ვნებებს: ასტროლოგები და პოეტები.
!!! ხალხო, თქვენ რომ შეგეძლოთ ისხდეთ წყნარად, როცა არ იცით, რა უნდა აკეთოთ, ნაცვლად იმისა, რომ სისულელე ჩაიდინოთ ამ დროს!~
`ბოლო: _ ეს მკვლელობაც სუფთა ფორმა იყო.
ჰო, სუფთა ფორმა იყო, ქართველი ტყუილა არა კლავს, ე.ი. ფორმის გარეშე, და რომ ეგ ფორმა არ იყოს, მაშინ ის უკვე იქნებოდა რევოლუცია. ~
`!! საწყალი თეზიკო, მოვიდა აქ მარტო იმიტომ, რომ მოგვეკლა, სხვა კი მისი ვერაფერი ვერ გავიგეთ _ ვინ იცის, რითი იტანჯებოდა ის!!!?~
`ჯიმშერი: ასეთ ადამიანებს ერთი ბრწყინვალე თვისება აქვთ, ისინი არ აბრალებენ თავის საქმეებს ხალხს, ამიტომ არიან ნაკლები ბოროტები და ამიტომ არიან სწორედ მეტი სასჯელის ღირსი.
მომენტი!!!? თეზიკოს არა აქვს არავითარი დანაშაული, ამიტომ არ შეუძლია გაიყოს იულონთან სასჯელი.
აქ დანაშაული აქვს პიესის ავტორს, ამიტომ და, საერთოდ, მწერალი არ შეიძლება იყოს მსაჯული.
_ ედიშერის სიტყვა.
იულონი: ეტაპები:
I. ჩემი ტრაგედია იყო სხვისი ტრაგედია.
II. იულონი შეიჭრა როლში როგორც სუსტი.
III. არა!!! თქვენ არ იცნობთ იულონს. როგორია ის? წყნარი?? მორიდებული.არა?? იმას უნდოდა ყურადღება, დიახ! ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ყოფილიყო დრამის, ცხოვრების დრამის გმირი, ყოფილიყო სხვაზე მაღალი _ თქვენზე, ტყუილ მოლაპარაკეებზე მაღალი და ის გახდა.... იულონზე ლაპარაკობს ყველა და თქვენს ლაპარაკს გარდა ფორმისა რომ რაიმე აზრი ჰქონდეს, მაშინ ჩემი მკვლელობა იქნებოდა რევოლუცია, ხოლო მე, იულონი, პატარა, თმებგაცვენილი, მორიდებული იულონ, ვიქნებოდი მისი ბელადი.
ბობა: კაცო, აქამდე არაფერი არ იყო ეს იულონი და ახლა რამდენი რამე გაჩნდა მასზე სათქმელი.~
`ბოლო: მითხარით, ვინ შევიყვარო ამ ქვეყანაზე, ან ვინ მიყვარს. მე, მკვლელი და მაწანწალა, რომლის ვნებაც დატენილია ათასი მოტორით, თვით რაკეტებით, ძრავა ძლიერით, რომ გაიჭრას ამ სამყაროდან, ხოლო გაიჭრას კუნთებში ერთი საწყალი კაცის ძალა ძლივსა აქვს, მაშ იყოს ჩემი სული მხოლოდ სივრცისთვის. მასავით უსასრულო, უასაკო, განუზომელი, რომლის წინაშეც, ადამიანის სულის წინაშე ყველა რაკეტა და დედამიწაც, გამოსახული მატერიისაგან, სასაცილოა და უმოძრაო.
მაგრამ სისუსტე მივლის ძარღვებში, მე მეცოდები, ჩემო სხეულო. შენ, ხომ მხოლოდ შენ იცოდი შიში, გიყვარდა არაყი და კარგი ქალები.~ (ამავე გვერდზე ტექსტზე ზევიდან წერია: `ყოფნა? სხეული და სამყარო.~ )
რა დააშავე სულთან ასეთი? ალბათ, ის, შე საცოდაო, რომ საპყრობილეთ იმას გაუხდი, როგორც გალია უდაბნოში ნავარდს დაჩვეულ ძუ ვეფხვს, ზოოპარკში აწი დაჭერილს, სულთანაც თავისუფლება მხოლოდ მძორის არყოფნის შემდეგ მივა. მაგრამ მითხარით, თუ არ სხეულსა, ვის სჭირდება თავისუფლება. თვით ციხეს ყველაზე მეტად ესაჭიროება თავისუფლება, ხოლო ჰაერი, უხილავი სხეულისათვის, უძვირფასესი სახელის გაგონებაზე მხოლოდ თვალებს დააჭყეტავდა გაკვირვებული: რისი თქმა სურსო ხალხს მაგ სიტყვებით?~
`ბოლო: აი, ვდგავარ დამალული, როგორც ერთხელ, გურამი. არ შემიძლია გამოვიდე და ჩემი სურვილი ვამცნო ვინმეს. არ შემიძლია წინ აღვუდგე ბედისწერას, გინდაც ის მოკვდეს, ვინც ჩემს თავზე უფრო მეტად მიყვარდა.
იყო ხალხი, ვინც თავისი გარეგნობით, თავისი თავით, უნებურად სხვას ატყუებდა და თამაშობდა ბედნიერებას. ასეთები თავისი სიკვდილით არა კვდებიან, ის მირბოდა ამისკენ და ის მოკვდა. ო, იგლოვეთ იმისი სიკვდილი, ვინც შენს მაგიერ გამოხატავდა თავის ვნებებს და თავისი მაგალითით თავშეკავებას (თავშეკავებულთ) უფრო უღრმავებდა.~
შავი და თეთრი ხელნაწერების შედარებისას:
ზოგადად, თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ გურამი ამ ვრცელი ნაწარმოების წერისასაც არ ღალატობს თავისი შემოქმედებითი ლაბორატორიის თავისებურებას და მიუხედავად იმისა, რომ ეს უხვსიტყვიანი ტრაგედია გადათეთრებულია და არსებობს კიდეც ცალკეული ჩანაწერი პიესისათვის, რაც ნიშნავს, რომ მას შეეძლო შეეცვალა ან დაეზუსტებინა მთელი სცენა, ცალკეული სიტყვა თუ წინადადება, ანუ ემუშავა ტექსტზე, თეთრ ხელნაწერში ყველაფერი გადასულია თითქმის უცვლელად, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც ქვემოთ არის საუბარი.
შავ ხელნაწერს არა აქვს სათაური, ქვესათაური, თარიღი. იწყება პირდაპირ მოქმედ პირთა დასახელებით (თეთრი ხელნაწერისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
თეთრში შეცვლილია ზოგიერთი გმირის სახელი:
შავი ხელნაწერის `ედიშერი~ თეთრში შეცვლილია `სულხანად~. როგორც ჩანს, გურამმა პიესის დაწერის შემდეგ გადაწყვიტა გმირის სახელის შეცვლა და შავი ხელნაწერის პირველი რვეულის რამდენიმე გვერდზე გადაშალა ყველგან `ედიშერი~ და ზევიდან დააწერა `სულხანი.~ შემდეგ, შავ ვარიანტში, თავი გაანება გადაშლას და უკვე თეთრ ხელნაწერში თავიდანვე შემოიყვანა `სულხანი~. თუმცა ერთ-ორ ადგილას დაუშვა მექანიკური შეცდომა და გაეპარა ისევ `ედიშერი~. სულხანის პროტოტიპი უნდა იყოს ედიშერ გიორგაძე (იხ. შენიშვნები, ტომი 3, `შაშას რევოლუციისათვის~). აქ მახსენდება დედა და მამა როგორ დაჟინებით ურჩევდნენ გურამს, შენი მხატვრული ნაწარმოებების გმირებს ამხანაგ-მეგობრების სახელებს ნუ დაარქმევო. ვფიქრობ, დაკარგული ტრაგედიის `სულხანი და მე~, თუ სათაურის მიხედვით ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მთავარი გმირის პროტოტიპი უნდა იყოს ისევ ედიშერი, `ისიც მწერალი~. ეს ტრაგედია ქრონოლოგიურად მოსდევდა `იულონს~.
შავი ხელნაწერის მოქმედ პირებში დასახელებული `გივი~ პირველივე რვეულში იცვლება `ჯიმშერად~, `ვალერია~ _ `ირინკად~. `ირინა და მეს~ დაწერის შემდეგ გურამმა მოახდინა მთელ შემოქმედებაში გარკვეული ტიპის ქალთა სახელების უნიფიცირება და ყველა ქალის სახელი შეცვალა `ირინად~, ზოგან რეტროსპექტულადაც კი (იხ. შენიშვნები `მარინასა~ და `ირინა და მესათვის~). ვფიქრობ, ამ ფაქტშიც ჩანს გურამის დამოკიდებულება თავისი ცხოვრება-შემოქმედების მიმართ, რომელსაც ის ერთ მთლიანობად მოიაზრებდა.
განსხვავებულია შავ და თეთრ ავტოგრაფებში მოქმედ პირთა დასახელების თანმიმდევრობა. აქედან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ შავში _ პირველად დასახელებულია `იულონი~, თეთრში _ `გურამი~ (შავ ვარიანტში გურამი დასახელებულია მეექვსე ნომრად).
ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებულია გმირთა დახასიათება:
შავში:
`ედიშერი _ ისიც მწერალი, ოღონდ სხვანაირი~ (ხაზგასმული სიტყვები აქ და ყველგან გადაშლილია მწერლის მიერ).
თეთრში:
`სულხანი _ ისიც მწერალი.~
შავში:
`გივი _ მაღალი, გამხდარი ბიჭი, გამგებიანი ღიმილით.~
თეთრში:
`ჯიმშერი _ სათვალებიანი ბიჭი.~
შავში:
`ირაკლი _ მთავარი მცოდნე, `ახლა რაშია საქმე~.
თეთრში:
`ირაკლი _ ბიჭი, რომელიც სწავლობს ფილოსოფიას კანტი-კუნტად~ (ირაკლის პროტოტიპი უნდა იყოს ირაკლი რამიშვილი, ფილოსოფოსი, იმ პერიოდში გურამის ახლო ამხანაგი, `ხორტისტი~).
შავში:
`იულონი _ 30_35 წლის თმაგაცვენილი, გაპარებული ბიჭი.~
თეთრში:
`გაპარსული ბიჭი.~
მხოლოდ თეთრ ვარიანტშია
მოქმედ პირთა დაყოფა წარმოდგენის მონაწილეებად და მაყურებლებად (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
თეთრში შავისაგან განსხვავებულია ავტორისეული რემარკის ზოგიერთი წინადადება:
შავში:
`გივი ისეთ ადგილზე დგას, რომ ერთნაირად უყურებს ხალხსაც და პიესასაც.~
თეთრში:
`სულხანი, გურამი და ჯიმშერი (შავ ხელნაწერში გივი _ მ.რჩ.) შეუმჩნევლად დგანან იქვე.~
განსხვავებულია ზოგიერთი ფორმალური ელემენტი.
თეთრ ხელნაწერში:
ჩართულ პიესას აქვს სათაური `იულონ~, შავისაგან განსხვავებული გრაფიკული სტრუქტურა, მოცილებული აქვს რეპლიკების ავტორთა სახელების შემდეგ დასმული ორწერტილი. ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს რემარკები `/თავისთვის/~, `/იმას/~ და სხვ. აღსანიშნავია, რომ მწერალს ჩართული პიესის თეთრ ხელნაწერში შავისაგან განსხვავებული გრაფიკული სტრუქტურა, ისე როგორც ზევით დასახელებული ფორმალური ელემენტები, თანდათანობით შემოაქვს.
თეთრი ხელნაწერი:
`თეზიკო: აი, მე ისევ მოვედი შენთან, ჩემო უფროსო ძმაო.
იულონი:
მე უკვე გითხარით, რომ მე ძმა არცა მყოლია არასოდეს და არც მინდა ვიცოდე რაიმე მისი არსებობის შესახებ.
თეზიკო:
სამწუხაროდ, მაინც უნდა გითხრათ სიმართლე,
რომლის გამორკვევასაც ორივესათვის
ერთნაირი მნიშვნელობა აქვს.
იულონი:
მე უკვე გითხარით _ მოსმენაც კი არა მსურს ..~ და ა.შ.
ასევეა _ შავ ხელნაწერში:
`თეზიკო: აი, მე ისევ მოვედი შენთან, ჩემო უფროსო ძმაო.
იულონი: მე უკვე გითხარით, რომ მე ძმა არცა მყოლია არასოდეს და არც მინდა ვიცოდე რაიმე მისი არსებობის შესახებ.
თეზიკო: სამწუხაროდ, მაინც უნდა გითხრათ სიმართლე, რომლის გამორკვევასაც ორივესათვის ერთნაირი მნიშვნელობა აქვს~ და ა.შ.
როგორც ვხედავთ, თეთრ ხელნაწერში გურამი ცვლის `ჩართული პიესის~ გრაფიკულ სტრუქტურას მესამე რეპლიკიდან და ასე აგრძელებს ბოლომდე. ამისგან განსხვავებით, ის არ არის ყოველთვის თანმიმდევრული რეპლიკების ავტორებთან ორწერტილის დასმა არდასმაში. ამ ფორმალური ელემენტებით მწერალი თითქოს ცდილობს ჩანაფიქრს მისცეს უფრო კომუნიკაბელური იერი და მკითხველმა თავიდანვე მოიხელთოს ჩართული პიესის ჟანრი _ `კლასიკური ტრაგედია~.
ზოგიერთ შემთხვევაში, შავ ხელნაწერში ჩართული პიესა თავდაპირველად `ნამდვილ წარმოდგენაში~ შემოდიოდა უშუალოდ, როგორც იმ წარმოდგენის გაგრძელება, რომელიც აწმყოში მიმდინარეობდა. ეს ნიშნავს, რომ არ იყო გავლებული მათ შორის გამყოფი ხაზი _ არც გრაფიკული, არც სტილური. შემდეგ მწერალმა შავ ვარიანტშივე გადაშალა `ჩართული პიესის~ `დიდ პიესაში~ შემოყვანისას ის პასაჟები, რაც ყოფით ხასიათს აძლევდა ჩართული პიესის ტექსტს.
მაგალითად, შავი ვარიანტი:
`იულონი: შემოაღეთ კარები, მობრძანდით, მე მარტო ვარ~. ბიჭებს: სულ ახლიდან ვიწყებთ.
თეზიკო: აა, შეიძლება, მე თითისწვერებზე შემოვალ. ო, აქ ისეთი ძვირფასი პარკეტია, მეშინია.
იულონი: ნუ მოგერიდება, არა უჭირს ..~ და სხვ. (გადაშლილია მწერლის მიერ. თეთრი ხელნაწერისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
თეთრში ეს გადასვლა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფუნქციურად დატვირთულია. თითქოს ჩართული პიესა (`კლასიკური ტრაგედია~) თავიდანვე თავისი ჩამოყალიბებული, განსაზღვრული ჟანრული მახასიათებლებით გადადის `ნამდვილი წარმოდგენის~, დიდი პიესის ქაოსში, დაუმთავრებლობაში, უფორმობაში, `არალიტერატურულ ხმაურში.~ იქმნება შეგრძნება, რომ ესთეტური ფენომენი გადადის რეალობაში, ცხოვრებაში.
ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გამო, მწერლის ბოლო ნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს თუ პიესის რედაქტირებისას მოვახდენ უკვე ნახსენები ფორმალური ელემენტების უნიფიცერებას იმის შესაბამისად, რისი ტენდენციაც აშკარადა ჩანს თეთრ ხელნაწერში.
მხატვრული სტრუქტურის სხვადასხვა დონეზე სერიოზული და სახუმარო ინტონაციების მონაცვლეობა (რაც პრინციპულად გამორიცხავს ცალსახა სერიოზულობას) შეიძლება ჩაითვალოს `იულონის~ ზოგად სტილურ მახასიათებლად. ეს ქმნის ნაწარმოების განუმეორებელ რიტმს, მოძრაობას, ჰაერს, რაც მკითხველს საშუალებას არ აძლევს ჩამყუდროვდეს ერთ აზრში, ერთ განცდაში.
ამონაწერები `იულონიდან~:
სულხანი გურამზე: `შენ… არ შეგიძლია იყო ბოლომდე სერიოზული და არ გაამასხრო ყველაფერი. თუ სერიოზულად ვლაპარაკობთ, ვიყოთ ბოლომდე სერიოზულები, თუ ვხუმრობთ, ვიხუმროთ.~
გურამი: `აბა, სცადე, სერიოზულობის დროს იხუმრო და, ხუმრობის ხასიათზე მოსულმა, სერიოზულად ილაპარაკო~.
`აქ იმიტომ მოვედით, რომ ამხანაგის დაწერილ წარმოდგენას ვუყუროთ და გამოვთქვათ ჩვენი აზრი მის შესახებ~. `აქ ყველანი იმიტომ მოვედით, რომ ვიხუმროთ და ვილაზღანდაროთ.~
ნაწარმოების ეს ზოგადი ტენდენცია თეთრ ხელნაწერში უფრო დახვეწილია.
მაგ. თეთრში ჩამატებულია გარკვეული რეპლიკები ან სულაც ისეთი შორისდებულები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ როგორც ზოგადად `კლასიკური ტრაგედიის~ ჟანრის, დამიწებაში, ისე პიესაში ყველა კონკრეტულად ცალსახად სერიოზული, კატეგორიული აზრის დამდაბლებაში. ამის საუკეთესო მაგალითია თეთრ ვარიანტში გიულის გაუთავებელი ჩაცინებების, ხითხითების ჩართვა სერიოზულ სიტუაციებში (იხ. ტექსტი).
`იულონში~ არის ერთი სცენა, სადაც გმირები მთელი სერიოზულობით მსჯელობენ გარკვეულ საკითხზე. თეთრში აქ, შუა მსჯელობაში, ჩართულია ტექსტი, სადაც ხდება ამ მაღალფარდოვანი სიტუაციის განმუხტვა (`სულხანი: და მე, მხატვარი. გურამი: გაჩუმდი, შე საწყალო, დიდთავა. რეზო: საწყალო, ხი, ხი. გურამი: რა გაცინებს? პატ. გურამი: რაც მაგას გოგოები ჰყავს..~), შავში კი გრძელდება ისევ სერიოზული მსჯელობა.
ამასვე ემსახურება მხოლოდ თეთრში ჩამატებული ჯიმშერის სიტყვები `თან მეცინება~ (`ჯიმშერი: არ ვიცი, მე თვითონ რაღაცნაირად თითქოს მართლა ბურუსში ვარ, თან მეცინება~) Aან, თუნდაც, ირაკლის რეპლიკა (მხოლოდ თეთრშია) `თქვენ სულ იცინით და ამიტომ სერიოზულად უკვე ძნელი გახდა ლაპარაკი.~ ასევე მხოლოდ თეთრ ვარიანტშია პატარა გურამის სიტყვები: `მეშინია ვინმემ ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიიღოს და უფრო სასაცილო არ გავხდე ამით.~
ამონაწერები დღიურებიდან:
`იყო სერიოზული, თან გაამასხრო, აიგდო და მაინც სერიოზული დარჩე, ეს ყველას არ შეუძლია და ძალიან ძნელია.~
`ჩემი ბედნიერება ის არის, რომ ყველაზე სერიოზულ სიტუაციაშიც კი შემიძლია დავცინო ჩემს თავს.~
`აბა სცადე, იხუმრე და დარჩი სერიოზული.~
`ყველაზე დიდი ტრანსების დროსაც კი შემიძლია დავცინო ჩემს თავს.~
`მე შემიძლია ყველაფერი გავამასხრო, ყოველთვის დავცინო ჩემს თავს, ედიშერს არ შეუძლია~.
`აბა სცადე სერიოზულობის დროს ხუმრობდე და მხიარულ ხასიათზე მყოფი სერიოზულ აზრებს გამოთქვამდე.~
ამონაწერი ერლომ ახვლედიანთან გაუგზავნელი წერილიდან:
`შექსპირი ტრაგიკულ ხასიათზე დამდგარი წერდა კომედიებს~ (იხ. ტომი 5, წერილი ერლომს).
მამას საოცრად არ უყვარდა დიალოგისა თუ ურთიერთობის ის ფორმა, რასაც `ღლიცინს~, ხანდახან კი `ლაზღანდარობას~ ეძახდა თვითონ და რითაც სავსეა `იულონის~ პირველი ეპიზოდები (`ყველანი აქ იმიტომ მოვედით, რომ ვიხუმროთ და ვილაზღანდაროთ~ `და სალაზღანდაროდ სხვა ადგილი ვერა ნახეთ, კაცო?~, `ლაზღანდარობის ყოფნა იქნება~ და ა.შ. მკითხველს გავახსენებ, აგრეთვე, მოქმედი პირებიდან პატ. გურამის დახასიათებას: `ღლიცინა, რეზოზე მაღლა მდგომი..~). მამას არ მოსწონდა ჩემი ძმის ის ამხანაგებიც, რომელნიც ამ ღლიცინის ჩვევითა თუ უნარით გამოირჩეოდნენ და ბავშვობისას უშლიდა კიდეც თავის შვილს მათთან ამხანაგობას. თუმცა არც მე და გურამი ჩამოვრჩებოდით ლაზღანდარობით სხვებს. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ლაპარაკების დროს ხშირად იქმნებოდა `იულონის~ პირველი ეპიზოდების მსგავსი სიტუაციები. ამ უნარით განსაკუთრებულად დაჯილდოებული იყო გურამის ამხანაგი და მეზობელი, ჩვენი სახლის მოპირდაპირე ეზოდან, გურამ აზმაიფარაშვილი, მეტსახელად `კუზმანა~, პატ. გურამის პროტოტიპი (მას ჰქონდა განსაკუთრებული სმენა, უკრავდა ვიოლინოზე და საერთოდ, კარგად ესმოდა ხელოვნება). პატარა გურამი ჩემს ძმაზე ორი-სამი წლით უმცროსი იყო და ამიტომ ეძახდნენ მას პატარა გურამს. აქვე მინდა გავიხსენო ჩვენი ნათესავი ჯიმი დიღმელიშვილი, შემდგომში `რჩეულიშვილი~ /გადავიდა დედის გვარზე. იხ. `ჩემი ლიტერატურული შეხედულებების~ შენიშვნები, ტომი 3. აგრეთვე, შენიშვნები ნაწარმოებისათვის `სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად~, ტომი 2/. ჯიმისთან გურამი განსაკუთრებით დაახლოვდა უნივერსიტეტში შესვლის პირველ წელს. ჯიმის ჰქონდა ასეთი ტიპის იუმორის, `შაყირის~ საოცარი ნიჭი. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიის პირველი ეპიზოდები სავსეა ჯიმით. თუმცა, არა მგონია, ის კონკრეტულად რომელიმეს ან თუნდაც მისი მოსახელის ჯიმშერის პროტოტიპი იყოს. აქ მახსენდება უფრო გიული, რომელიც ყველაზე სერიოზულ სიტუაციებშიც კი იწყებს ხოლმე ხითხითს, რათა გვირგვინი მოხადოს, დაამიწოს ცალსახა, ხშირად მაღალფარდოვანი სერიოზულობა. ჯიმი დიღმელიშვილი იყო მწერალი, ძალიან ნიჭიერი პიროვნება, სტუდენტობის პერიოდში საუნივერსიტეტო კედლის გაზეთის `ნიანგის~ რედაქტორი, დიდ ლიტერატურაში შესვლის ძალიან დიდი სურვილით და შენიღბული ამბიციებით.
ამონაწერი მწერლის დღიურიდან ჯიმიზე:
`ღამე დავრჩი ჯიმისთან... ოთხ საათამდე ვიღლიცინეთ მე და ჯიმიმ.
... დილა: არ მინდა დაეცეს ტონუსი, ისევ სიცილი, ღლიცინი, ჯიმი სულ იცვლება სამსახურის ხალხთან.. ეტყობა, ახალი ცხოვრების `ჟილკის~ სამყარომ როგორ ჩაიბუდა მასში.. სამაგიეროდ, ჩემთან ძველი ჯიმია, ღლიცინებს _ მე ეს მირჩევნია….. ჯიმი ნიჭიერია, ..უბრალოდ, ძალიან არის ღლიცინს შეჩვეული. ვა, რა ცოდო და ნაზი გახდა, როცა თავის რაღაცას მაკითხებდა. ჰე, ჰე _ აქ ღლიცინიც კი აღარ შეეძლო...~.
ზოგიერთ შემთხვევაში, შავისაგან განსხვავებით, თეთრ ხელნაწერში რეპლიკას წინ უძღვის არა ამა თუ იმ კონკრეტული გმირის სახელი, არამედ ტირე. ეს ფორმალური ელემენტი, ცხადია, რეპლიკას უპიროვნოს ხდის, თითქოს სულ ერთია ვინ ლაპარაკობს და ხელს უწყობს დაპირისპირებულ, თავ-თავიანთ სამყაროში ჩაკეტილ გმირებს შორის ერთიანობის, მსგავსების, ტოლობის გამოვლენას.
კონკრეტული შემთხვევები:
თეთრი, გვ. 50, 51 (აქ და ყველგან გვერდები მითითითებულია თეთრი ხელნაწერის მიხედვით).
შავ ხელნაწერში, ჯიმშერის მნიშვნელოვანი მონოლოგის შემდეგ (`უმორჩილესად გთხოვთ გააგრძელოთ სპექტაკლი .. ხოლო მე გავაკეთებ რევერანსს, ან, როგორც მიღებულია, მეც დავუკრავ თქვენთან ერთად ტაშს~), ჯიმშერის მომდევნო რეპლიკამდე (`იცით რა, აქამდე თითქოს აღარ მინდოდა, იმდენად აღგზნებული ვიყავი~), გმირთა რეპლიკებს ჰყავთ კონკრეტული ავტორი, მათ შენარჩუნებული აქვთ ზოგიერთი მეტყველებისათვის დამახასიათებელი თავისებურება, თეთრში _ არა (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
თეთრი, გვ. 86:
შავისაგან განსხვავებით, თეზიკოს მკვლელობის მომდევნო რეპლიკები, სიტყვებიდან `ბიჭებო, სისხლი, მართლა მოკლა~ გურამის სიტყვებამდე `განაჩენს ვინ მოიყვანს სისრულეში~, ავტორთა დასახელების გარეშე შემოდის.
შავი ხელნაწერი:
`დიდი ბობა: ბიჭო
ედიშერი: იულონ
ჯიმშერი: იულონ
გურამი: იულონ
ირაკლი: იულონი~ (თეთრისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი)
თეთრი, გვ. 67:
`_ მოდით აქეთ, მოდით, ერთად დავდგეთ ყველა, ყველამ ერთმანეთს გადავხვიოთ ხელი და ... ~ _ ეს რეპლიკა თეთრ ხელნაწერში მოქმედი პირის დასახელების გარეშეა, შავში ეკუთვნის სულხანს.
შავ ხელნაწერში არის ერთი რეპლიკა, რომელიც ეკუთვნის გურამს:
` ..მკვლელს აქვე გავასამართლებთ ..~.
ეს რეპლიკა თეთრში დაყოფილია სხვადასხვა გმირთა რეპლიკებად:
_ გაქრა დაბნეულობა...
_ ისეთი შთაბეჭდილებაა...
_ ნუთუ ამხელა ტრაგედია იყო საჭირო ..~
შემდეგი ჩანაწერები `იულონისათვის~ დაწერილია `შაშას რევოლუციის~ ავტოგრაფის მსგავსს ფურცლებზე.
რვეული 1.
შავი:
`რეზო: რა გრძელია და რა მწიფეა.~
`რეზო: ვინაა მწიფე! დიდთავა კოპებიანო.~
თეთრი (გვ. 11)
`რეზო: რა გრძელია და რა მკვახეა.~
გიული: ვინაა მკვახე, დიდთავა კოპებიანო.~
შავში:
`რეზო: ო დონაა, დონა, ბელა, ბელა ბელა დონა~ (მწერლის მიერ შავშივეა გადაშლილი)
თეთრში (გვ. 13)
იგივე, გადაშლილის გარეშე.
შავში:
`ედიშერი: აბა ჩაცმული სად გაგიგონია.~
თეთრი, გვ. 14
`სულხანი: აბა ჩაცმული რა დილიხორია.~
(თეთრ ხელნაწერში სალიტერატურო ენის ჟარგონით თუ, როგორც ჩემი მშობლები იტყოდნენ, ყოვლად გაუმართლებელი `ქუჩური მეტყველებით~ შეცვლა მიუთითებს მწერლის ზოგად პოზიციას, რაც რედაქტირებისას ჩემთვის ანგარიშგასაწევი და სხვა შემთხვევების დროსაც დამაკვალიანებელი იყო. აქვე მინდა მოვიყვანო ამონაწერი 1959 წლის დღიურიდან უცენზურო სიტყვების შესახებ: `კი არ უნდა ავლაგმოთ, არამედ, პირიქით, უფრო უნდა მივუშვათ~)
შავი
`დიდი ბობა: ძუძუები თავისი ამბებით~
თეთრი გვ.15:
`ბობა: ძუძუები თავისი დის ტრაკებით…..~
რვეული 2 (შავი ხელნაწერი).
`გივი: შენ სულ ни то გამოგდის (გადაშლილია მწერლის მიერ. `ни то~_სთვის იხილე `შაშას რევოლუციის~ კომენტარები, ტომი 3.)
ედიშერი: მე მართლა სულ ни то გამომდის.~
თეთრი, გვ. 25:
`ჯიმშერი: შენ სულ ის არ გამოგდის, მაპატიე, მაგრამ _
სულხანი: მე მართლა სულ ის არ გამომდის~.
მინაწერი არეზე სიტყვებთან _ `ჯიმშერი: აი, რეზო აიღე, სწავლობს საინჟინროზე და დარწმუნებულია, რომ მისი მოწოდება არის ხატვა.~
`ჯიმშერი: თქვენ არ მოგწონთ ფორმით გატაცება. ამან შეიძლება დამღუპოს მე, ამან შეიძლება დაგვღუპოს ყველა ჩვენ, დაგვღუპოს სხვა ფორმის ძიებამ, მაგრამ ის, რომელიც ნახავს თავის ნამდვილ ფორმას, ის იმდენად ნამდვილი იქნება, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ინანებს, რომ იყო იმისი გზის უნებლიე მსხვერპლი.~
თეთრი, გვ.49
`ჯიმშერი: `.. ნახავს თავის ნამდვილ არსს.~
მინაწერები რვეული 2-ის ბოლოს:
`ძალიან დიდი უნდა იყო, რომ თავის ფორმას მიაღწიო, იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი ბუნება.~
`მთელი საქართველო, როგორც თვითონ ამბობენ, აკეთებს არა თავის ნამდვილ საქმეს, პატარა გამონაკლისის გარეშე, რომელიც რაც შეიძლება თავის ასეთ სურვილს უმალავს თავის თავს.~
`ახალი ფორმის ძიება წარმოშობს არანამდვილ ფორმას.~
შავი ხელნაწერი, რვეული 3.
`ედიშერი: მართლა გიჟებივითა ვართ ხო იცი .. .. ერთი გამოვა, იტყვის; მეორე გამოვა, იტყვის, მერე მიდის უკან და ყუჩდება თავისთვის, როგორც პიონერთა სასახლეში ბავშვებს რომ წინასწარ გაზეპირებულ ლექსებს ათქმევინებ.~
თეთრი, გვ. 57:
`სულხანი: მართლა გიჟებივითა ვართ ... ერთი გამოვა, იტყვის; მეორე გამოვა, იტყვის. მერე მიდის უკან და ყუჩდება თავისთვის, როგორც ობობა, რომელმაც ქსელი გააბა და ჩასაფრებული უცდის შიგ ბუზის გაბმას.~
მხოლოდ თეთრში, გვ. 57:
`დიდი ბობა: და მართლა ეს ხალხი აზრების ობობები ხართ, კაცო.~
`ჯიმშერი: ბობას გულახდილობა რომ მოგწონთ _ რატო მოგწონთ?
ედიშერი: ფორმა აქვს თავისი (გადაშლილია მწერლის მიერ და ზევიდან აწერია `ალალია~) და იმიტომ
ჯიმშერი: არა ხარ სწორი, შენ გგონია ირაკლი ბობაზე ნაკლები გულის არის?
ედიშერი: აი, ისევ არა ხარ სწორე, ფიქრობ, რომ ხო და ამბობ არას, არც შენ შეგიძლია, ხედავ, იყო ალალი, გულახდილი.
ედიშერი: მე ვცდილობ, რაც შემიძლია.
ჯიმშერი: რაც შეუძლია ირაკლიც ცდილობს, ოღონდ მეტი არ შეუძლია, იმიტომ რომ თავისი ფორმა არა აქვს. სხვათა შორის, ეს უფორმობა მაგისი ბრალი კი არ არის, ეს უფორმობა გვახასიათებს ყველას ჩვენ და თითქმის უკლებლივ.~
თეთრში:
`ალალია და იმიტომ~
`ფორმის~ ჩანაცვლება `ალალით~ მიუთითებს კიდევ ერთხელ `ფორმის~ გურამისეულ გაგებაზე: `მალხაზი პატიოსანია, იმიტომ რომ აქვს თავისი ფორმა~ და სხვ.
შავ ხელნაწერში ედიშერის სიტყვები (რვეული 2.):
`თქვენ არ მოგწონთ ფორმით გატაცება .. ამან შეიძლება დაგვღუპოს ყველა ჩვენ, დაგვღუპოს სხვა ფორმის ძიებამ, მაგრამ ის, რომელიც ნახავს თავის ნამდვილ ფორმას, ის იმდენად ნამდვილი იქნება ..~
თეთრში გვ.4: `ის, რომელიც ნახავს თავის ნამდვილ არსს.~
შავში: `ფორმა აქვს თავისი და იმიტომ.~
თეთრში: `ალალია და იმიტომ.~
მალხაზი გურამისათვის იყო ალალი, რადგან ჰქონდა თავისი გარკვეული ფორმა (გაივლო გულში ქურდობის სურვილი! _ იქურდა. `მე რატომ არ შემიძლია გავაკეთო, რატომ მეცოდება ბოლოში გასაქურდავი: მეცოდება? იქნებ მეშინია!~ დღიურიდან). იულონმა მოკლა კაცი ფორმისათვის, რათა მაქსიმალურად გამოევლინა თავისი ცოდვილი ბუნება. ეს იყო მისი მაქსიმალური გულწრფელობის წამი.
მხოლოდ შავში:
`ირაკლი: კარგი, იდეას ჩვენ თვითონ გამოვიტანთ.
გურამი: სწორედ ეგ არ მინდა მე, რომ ჩემს პიესაში რამე ეძებოთ, იმას ვერც იპოვით, რადგან ის საერთოდ არ არსებობს შიგ.~
თეთრი ხელნაწერი გვ. 63
`გურამი: ნუ ვიხმართ აქ მაგ სიტყვას, ყოველგვარი წინასწარი აზრის გარეშე ვამბობ, რადგან იდეა უკვე საზღვრავს რაღაცას, თითქოს ანკეტას ვავსებდე _ თემა _ ოჯახური ტრაგედია _ იდეა_? არაფერი, არაფერი არ მომდის თავში.
ირაკლი: მაშ რისთვის უნდა ვუყუროთ.~
მხოლოდ თეთრში, გვ.63:
`გურამი: ჩემი აზრით პიესა, თუნდაც რომანი, არასოდეს არ ემსახურება რაიმე იდეას, უფრო ფართო გაგებით ჰუმანურ იდეასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კარგ, დიდ ნაწარმოებში უეჭველად კაცთმოყვარეობაზეა აღებული ძირითადი ხაზი, იგივე შეიძლება ითქვას ცუდ ნაწარმოებზეც.~
შავში:
`ცუდ ნაწარმოებზე~ არაფერია ნათქვამი.
მხოლოდ თეთრში, გვ. 81:
`იულონ:
/თავისთვის/ იულონ დაწყნარდი, ნუთუ დგება დრო
და ყველაფერი ის, რაც არ მჯეროდა
ხდება მართალი~.
`იულონ:
`/თავისთვის/ მერე რა, რომ გავიგე და ნეტა არ გამეგო~.
`იულონ:
/თავისთვის/ ის, მე მგონი, მე ვარ, ოღონდ აწმყოში.
/იმას/ თქვენ, არა?~
`იულონ:
/თავისთვის/ მივაღწიე იმას, რისი გაგების ამაო
სურვილი მე ბავშვობიდან მტანჯავდა
და რისი მოსმენისაც ჯოჯოხეთივით მეშინოდა.~
`იულონ:
/თავისთვის/ მე გულით ვგრძნობდი, რომ სატანა იქნე-
ბოდა ჩემი ძმა და როცა ვისმენ ახლა არ მჯერა
/იმას/ დედას არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ~
და ა.შ. (სხვა შემთხვევებისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი.)
შავ ხელნაწერში მინაწერი არეზე სიტყვებთან:
`იულონი: შენ ძიობ, ო, წყნარო, იულონ, ამოიღე მახვილი ..~
`იულონი იყო უკანონო _ გრძნობდა _ ამიტომ იყო მარტო _ იტანჯებოდა~
`უნდა გაიხსნას იულონი~.
მხოლოდ თეთრში, გვ.83:
`იულონ
/თავისთვის/ მე გულით ვგრძნობდი, რომ სატანა იქნებოდა ჩემი ძმა და როცა ვისმენ ახლა, არ მჯერა.
შავი:
`ჩემს ტანჯვას ბოლო ეღება და იქცევა ის ტრაგედიად, რომელსაც შეგიძლია ხელი შეახო.
თეთრი, გვ. 85:
`.. ჩემს უფორმო ტანჯვას ბოლო ეღება~.
თეთრი, გვ. 86:
`(გაშლილ დანას ჩასცემს ყელში) აი, ეგეც ბოლო.
შავი: `აჰა, აჰაა, კიდე აჰა და გაჩუმდი საბოლოოდ.~
მინაწერი შავ ხელნაწერში:
`ახალი ფორმის ძიება წარმოშობს არანამდვილ ფორმას.~
`მთელი საქართველო, როგორც თვითონ ამბობენ, აკეთებს არა თავის ნამდვილ საქმეს, პატარა გამონაკლისის გარეშე, რომელსაც რაც შეიძლება (რაც შეეხება), თავის ასეთ სურვილს უმალავს თავის თავს.~
შავში:
`იულონის ცხოვრება თვით მკვლელობის ფაქტამდე~ დაწერილია ცალკე ფურცელზე. შავ ხელნაწერში მხოლოდ მრავალწერტილით არის აღნიშნული ჩასამატებელი ადგილი.
შავი:
ირაკლი: ჩვენ მზადა ვართ.
ბობა: ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს.
ედიშერი: ღმერთო ჩემო, სიკვდილიც კი თეატრალურ ტრაგედიამდე მივიდა ამ ოთახში.
თეთრი, გვ. 93:
_ ჩვენ მზადა ვართ.
_ ჩვენ დავდექით ჩვენ ადგილებზე.
_ ჩვენ სახეებზე წერია საქმის მთელი სერიოზულობა.
_ ანტიკური სიმშვიდით ვუდგებით საქმის გარჩევას.
_ /თავისთვის/ ღმერთო ჩემო, სიკვდილიც კი თეატრალურ ტრაგედიამდე მივიდა ამ ოთახში.
თეთრი, გვ. 89:
`ისევ სხვა ძიობს? ამოიღე მახვილი. შენ იყავი დაბადებული ამ წამისათვის, რომელიც გაორმაგდა .. მე ვკლავ ძმას და პედერასტს. დადგა შენი ხმის ამოღების დრო.. `თავდაპირველად თეთრში ეწერა ისე, როგორც წერია შავ ვარიანტში: `დადგა შენი ხმლის ამოღების დრო~.
რვეული 3-ის ბოლო გვერდზე მხოლოდ სათაურია: `რა შეიძლება იქცეს ტანჯვის მაძიებელი კაცისათვის ტრაგედიად~. დაწერილია ცალკე ფურცლებზე. შეუცვლელად არის გადასული თეთრ ხელნაწერში.
შავ ხელნაწერში მხოლოდ მინიშნებულია ადგილი იულონის ვრცელი მონოლოგისა თუ რეპლიკისათვის, სადაც მოთხრობილია: `იულონის ცხოვრება თვით მის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტამდე~. ეს ეპიზოდიც დაწერილია ცალკე ფურცლებზე (იხ. აქვე, ჩანაწერებში `იულონისათვის~), ალბათ, მთლიანი ნაწარმოების დაწერის შემდეგ და შეუცვლელად არის გადასული თეთრ ხელნაწერში. შავ ხელნაწერში წერა განახლებულია სიტყვებიდან: `და ახლა ის დგას, როგორც სამარცხვინო ადამიანი..~
მინაწერი შავი ხელნაწერის არეზე შემდეგ სიტყვებთან _ `ჯიმშერი: ნება მომეცით მეც, როგორც ბრალმდებელმა, მხარი დავუჭირო ჩემი კოლეგის შესავალ სიტყვას .. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია განვსაჯოთ თვით შორეული სულიერი კუნჭულები ..~:
` ! მიზანი რამდენ სერიოზულობას აძლევს _ ერთი მიზანი _ კუზმანას სიტყვების მერე.~
შავი:
`ქრება მისი შუბლი, წელში მოღუნული სხეული და სხვა პესიმისტური შტრიხები მისი გარეგნობისა ..~
თეთრი, გვ. 103:
`დავინახავთ მის ფარულ მიზანს .. ქრება მისი შუბლი, წელში მოღუნული სხეული და სხვა დუნე თუ უაზრო შტრიხები მისი გარეგნობისა, რჩებიან მარტო თვალის გუგები ..~
თეთრ ხელნაწერში გამოტოვებულია 8 ხაზი სიმღერის ტექსტისათვის. შავში მინაწერია ფრჩხილებში `(სიმღერა)~
თეთრი გვ. 119
`რომელსაც იწვევს ყოველი მხრიდან დაუცველი ტრამალი, პატარა საფარი გორაკებით~ _ ამ წინადადების მერე გამოტოვებულია ადგილი, სავარაუდოა, სიმღერის ტექსტისათვის.
თეთრი, გვ.149:
`დამწყებმა ჯარისკაცმა წამოიწყო სამწყობრო სიმღერა ყველაფრისმპატიებელი და ყველაფრისშემცნობი.~ ამ სიტყვების მერე, სავარაუდოა, ისევ სიმღერის ტექსტისათვის დატოვებულია ადგილი.
შავი ხელნაწერი გრძელდება სიტყვებიდან: `გურამი: ჩვენ მოვისმინეთ შენი ნაამბობი, იულონ.~
შავი:
`.. რადგან ჩვენ ყველას გვეშინია ვიყოთ სინდისიერები, პატიოსნები, მაშინ ჩვენ ერთი გზა გვრჩება _ მარადიულობისკენ, ამიტომ არ მინდა მე ..~
თეთრი, გვ. 163:
`.. უბრალოდ, თქვენც ჩემსავით გეშინიათ იყოთ სინდისიერები, პატიოსნები, მაშინ ჩვენ ერთი გზაღა დაგვრჩებოდა იქითკენ აი .. , ამიტომ არ მინდა მე თქვენს თვალში ვიყო კარგი კაცი და რაც ყველაზე საზიზღარია, სამართლიანი და იგივე გინდათ ქვეშეცნეულად ყველას. რა, არა?~
შავ ხელნაწერში ნახმარი სიტყვა `მარადიულობა~, ნაცვლად თეთრისა `იქითკენ~, გვიხსნის სხვა შემთხვევებსაც, როდესაც გურამი `იქით~, `იქითკენ~ და სხვ., როგორც ჩანს, სწორედ `მარადიულის~ მნიშვნელობით ხმარობს.
შავ ხელნაწერში არ არის `ხმები ფარდის უკნიდან.~
შავი:
`უფრო კონკრეტულად მომდიოდა ფიქრი რუსული ფრაზით.~
თეთრი, გვ. 150:
`.. უფრო კონკრეტულად მომდიოდა აზრის ფორმა რუსული ფრაზით.~
თეთრში არის ყველგან `დარდი~, შავში _ `ტრაგედია~.
თეთრი, Gგვ. 177:
თეთრი, პატ. გურამი: ვითომ არ იტანჯება იმ დარდით.
შავი: ვითომ არ იტანჯება იმ ტრაგედიით.
თეთრი, გვ. 185:
`მთელი ცირკი...~
შავი:
`მთელი თეატრი მისი სიცოცხლის ყოველ რისკს...~
თეთრი, გვ. 187:
`იცით, თქვენ, რა არის იდგე ყურადღების ცენტრში არა სხეულით, არამედ აზრით!~
შავში ეს ფრაზა დაწერილია რუსულად: `быть в центре внимания не телом, а мыслью.~
თეთრი:
`..რაც ვერ შესძელი შენ, პიესის ავტორო, _ ეს არის იულონის ვნება და აზრი არის ვნებათა შორის ყველაზე დიდი ვნება.~
შავში ჩამატებულია იულონის შემდეგი სიტყვები: `... გააკეთა ის, რაც ვერ შესძელით თქვენ.~
/ეს არის მისი ვნება _ არ არსებობს ვნება აზრზე დიდი, ე.ი. აზრი არის ყველაზე დიდი ვნება/.
თეთრში ჩამატებულია: `.. და აი, დგება წამი, როცა ის და ხარი სამარისებურ სიჩუმეში უახლოვდებიან ერთმანეთს, კაცის ხელი, რომელსაც იარაღი უჭირავს და ბრმა რქები და ხდება ის!Mმკვლელობა! Mმთელი დარბაზი, როგორც ერთი კაცი ამოიქშენს და ბღავის, ყვირის: ტორეადორ, მე მესმის...~
შავში: ხმები... _ ტო-რე-ა-დორ ტორე-ა-დორ იულ-ლონ, ი-უ-ლ-ო-ნ, ი-უ-ლონ~
შავი: `... თუ სასიამოვნოა ყურადღების ცენტრში დგომა ფიზიკურად...~
თეთრი: `... თუ დიდია ყურადღების ცენტრში დგომა...~
შავი:
`პატ. გურამი: აი, არასაჭირო მსხვერპლი, საწყალი თეზიკო.~
თეთრი, გვ. 190:
`პატ. Gგურამი: ვის სჭირდებოდა, საწყალო ბიჭო.~
შავში:
პატ. გურამის რეპლიკის შემდეგ არის ედიშერის სიტყვები. `ედიშერი: თეზიკო გწამდეს, რომ თუ ვინმე განიცდის შენ სიკვდილს, ეს მე ვარ.~
თეთრში პატ. Gგურამის ეს რეპლიკა გამოტოვებულია.
შავი: `ამ ოთახიდან გარეთ გასართობად გასვლას აზრი არა აქვს.~
თეთრი გვ. 191:
`ვიცი ამ ოთახიდან გარეთ გასვლას აზრი არა აქვს.~
მხოლოდ თეთრში, გვ. 194
`არაფრისათვის არაფერი არ არსებობს, თვით არასაჭირო სიკვდილიც კი.~
შავი ხელნაწერი მთავრდება სიტყვებით `/სულ დიდი ფარდა/~. არ არის _ /`ხმები ფარდის უკან~./
შექმნის ისტორიისათვის
მახსოვს, `იულონის~ შექმნამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გურამმა თქვა: `მორჩა, ვიწყებ ტრაგედიების წერას.~ ამის შემდეგ ჩემი ძმა კარგა ხნით შეიკეტა თავის უფანჯრო ოთახში, რომელიც მხოლოდ შუშაბანდიდან შემოსული შუქით ნათდებოდა. ის მთელ დღეებს ატარებდა სამუშაო მაგიდასთან. უჩვეულოდ ჩუმი და დაფიქრებული ჩანდა. დედას და მამას არ მოსწონდათ გურამის სიჩუმე და არც ის, რომ სულ სახლში იჯდა და ამხანაგების მიღებაზეც კი უარს ამბობდა.
ასე მახსოვს, რომ გურამმა `იულონი~ სულ ორ-სამ კვირაში დაწერა, გადაათეთრა მისთვის ჩვეული ლამაზი ხელით და თითქმის მაშინვე გადაწყვიტა მკითხველის რეაქციის შემოწმება. სამწუხაროდ, გურამის სიცოცხლეში მე აღმოვჩნდი ის პირველი და უკანასკნელი მკითხველი, ვინც სცადა მისი წაკითხვა (თუმცა, როგორც ახლა გავიგე, უცდია ერლომსაც: `მეც წამაკითხა, მაგრამ ვერაფერი გავიგე,~ მითხრა მან გურამის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ). მახსოვს გურამის დამუხტული, შეთქმულივით საიდუმლოებით მოცული სახე, როდესაც გამომიწოდა მან წასაკითხად მაგარყავისფერყდიანი საერთო რვეული. მოვიკალათე გურამის ოთახში კედელთან მიდგმულ ტახტზე, რაც იმავე დროს მისი საწოლიც იყო; გადავშალე რვეული და დავიწყე კითხვა. `არალიტერატურულად~ უხვსიტყვიანი მომეჩვენა ყველაფერი (`არალიტერატურულად გულახდილი~). თითქოს არსად არ ჩანდა მხატვრული შემოქმედებისათვის დამახასიათებელი პირობითობა. ძალიან სწრაფად გავიაზრე მისი `ნაკლი~. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი შეგრძნების საფუძველი უნდა ყოფილიყო საოცარი უფორმობის, ამორფულობის განცდა ყველა დონეზე. თითქოს ირღვეოდა ყველაფერი მყარი, გასაგები, აღიარებული. თითქოს ყველაფერს ეხდებოდა გვირგვინი და იფანტებოდა, იბნეოდა სხვადასხვა მიმართულებით აუკრეფელობამდე. საოცარი დაღლა, საოცარი მოწყენილობა მომეძალა. მახსოვს, როგორ უხალისოდ გადავავლე თვალი უხვსიტყვიანი რვეულის ფურცლებს, მოვიმიზეზე რაღაც და რვეული მაგიდაზე დავდე. შევატყვე, რომ გურამს არ ეწყინა ეს გულის სიღრმეშიც კი, როგორც ხანდახან იცოდა; ძალიან წყნარად და მშვიდად მითხრა: `არა უშავს, მოვა დრო და წაიკითხავ..~ მახსოვს, ამ სიტყვების შემდეგ მან ახადა ლომბერის მაგიდას თავი და უსიტყვოდ ჩააგდო შიდა უჯრაში, თურმე მთელი ოცი წლით, `იულონის~ ორივე ხელნაწერი და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული იყო მასთან. ამის შემდეგ `იულონის~ შესახებ ლაპარაკი არა ყოფილა, საერთოდ, და არც ყავისფერყდიანი რვეულისათვის მომიკრავს თვალი. გურამს `იულონი~, წინა პიესებისაგან განსხვავებით, არ გადაუბეჭდავს. ეს ნიშნავდა, რომ მას არც უფიქრია მისი პუბლიკაცია. როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდა, რომ შორს იყო დრო, როდესაც არა მხოლოდ ცენზურა, არამედ ჩვეულებრივი მკითხველი აღიარებდა მის მხატვრულ სინამდვილეს. ამ `საიდუმლო~ უჯრიდან `იულონი~ ამოღებული იქნა მხოლოდ მწერლის გარდაცვალებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ. მისი პირველი მკითხველი იყო ერლომ ახვლედიანი. ის კარგა ხნის განმავლობაში დადიოდა ჩვენთან სახლში (მაშინ უკვე სოლოლაკში ვცხოვრობდით) და ცალი თითით ცდილობდა ამ საკმაოდ ვრცელი ტრაგედიის გადაბეჭდვას. მახსოვს, შესვენებების დროს როგორი ჩუმი, დაფიქრებული და თითქოს გაკვირვებულიც მიუჯდებოდა ხოლმე ის ჩვენთან ერთად სუფრას. რატომღაც, ჩვეულებრივ უხვსიტყვიანები, მთელი სადილის განმავლობაში ჩუმად ვიყავით, თუ არ ჩავთლით სრულიად უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო რეპლიკებს. თითქოს ყველას, ჩვენდა უნებურად, გვეუფლებოდა შეგრძნება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის: `იულონი~ იძენდა სიცოცხლეს თავის პირველ მკითხველში (`მერე რა, თუ ოდესმე ვიქნები კარგი მწერალი. ამ ფაქტს, თავისთავად, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ იღებს თავის არსს, როცა ჩნდები შენ (იგულისხმება ნებისმიერი მკითხველი _ მ.რჩ.), როგორც მკითხველი~ (ამონაწერი დღიურიდან).
იმ თვეებში, როცა იწერებოდა `იულონი~, ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობდა `კიროვის (ახლანდელი `ვერის~) ბაღის~ საღამოს `ბირჟა~, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ზოგადად, ახლომახლო მცხოვრები თბილისელებისათვის ეს იყო ყველაზე სასიამოვნო სასეირნო ადგილი. `იქ იყო ცისფერი პავილიონი, ფანჩატური ლუდის დახლებით, შუაში მრგვალი აუზით, რომლის ირგვლივაც სხდებოდნენ ბიჭები, ზაფხულის კინოთეატრი, უზარმაზარი ჭადრები, ყვაოდა იქაურობა: ამდენი ფოთლები, ამდენი შრიალი...~ (ბესიკ ადეიშვილი). მაგრამ, ალბათ, ამ ბაღის მნიშვნელობა და ადგილი 50-60-იანი წლების თბილისის კულტურულ ცხოვრებაში მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სასეირნო ბაღისა.
აქ, თითქმის ერთდროულად, დაიწყო შეკრება სხვადასხვა ჭადრების ქვეშ ორმა, ერთმანეთისაგან მთლიანად განსხვავებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა. ესენი იყვნენ უკვე ნახსენები `ხორტისტები~ და ფეხბურთის `ბალელშჩიკები~. პირველ ჯგუფში შედიოდნენ: ზურაბ კიკნაძე, ლევან მალაზონია, გივი შაჰნაზარი, ბესიკ ადეიშვილი, ედიშერ გიორგაძე, ერლომ ახვლედიანი, ირაკლი რამიშვილი (`ირაკლი რამიშვილი და ხორტა~ _ ამონაწერი მწერლის 1958 წლის დღიურიდან), ვაჟა დუნდუა, თამაზ აბულაძე, ჯუმბერ ხანთაძე და სხვები (იხ. ტომი 3, გვ. 308. `ეს სახელი, მგონი, გურამმა შეგვარქვა~ _ ლევან მალაზონია, გივი კიკილაშვილი. `ხორტისტები იქვე მცხოვრებმა ბიჭებმა შეგვარქვეს. ისე, ძნელიც არის დადგენა პირველად ვინ თქვა. ჩვენ თანავუგრძნობდით უნგრეთს. ხორტა სწორედ იმ დროს ოპოზიციური მოძრაობისათვის იქნა დახვრეტილი უნგრეთში.~ _ ბესიკ ადეიშვილი)
`იყო დრო, როდესაც კიროვის ბაღის ბირჟის პირველ მკვიდრთა _ ძმები ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილები _ რიცხვი (იქვე ცხოვრობდნენ) ყოველდღიურად იზრდებოდა. გაიზარდა ასამდე, ათასამდე. მერე მთელი თბილისი იქ იყო. ამ ბირჟისაკენ გადმოინაცვლეს ყოფილმა უნივერსიტეტელებმაც. ეს იყო, ძირითადად, ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდობა, რომელიც საათობით კამათობდა მესხზე, იამანიძეზე, თითოეულ მოთამაშეზე ცალ-ცალკე, დინამოს მომავალზე. `სცენარნი~ ლოჟაზე ვისხედით `ბალელშჩიკები~. გურამი ჩემს გვერდით იჯდა. ჩემთან ერთად დადიოდა ხოლმე. ფეხბურთის შემდეგ ლაპარაკ-ლაპარაკით, კამათ-კამათით, ნება-ნება მივიკვლევდით გზას ათასობით მაყურებელში, ჩელუსკინელების ხიდის გავლით, შემდეგ, თერთმეტსართულიანი სახლის გვერდის ავლით, ვსხდებოდით კიროვის ბაღში. ეს იყო 55-56-57-58 წლები და მერეც. გვიან შემარქვეს `ბელადი~ სამართლიანობისათვის. ფეხბურთი მესმოდა ყველაზე კარგად. ყველა ჯგუფთან კარგად ვიყავი, ვაერთიანებდი ყველას. ლოგიკა მქონდა. გურამი არ თამაშობდა კარგად. ერთხელ ერთი საათი მდია, ვერ წამართვა. მესხი უყვარდა~ (ქართლოს სვანიძე, `ბელადი~). მახსოვს, გურამმა ერთხელ მითხრა: თბილისის დაყოფა შეიძლება იმის მიხედვით, თუ ვინ ვის აძლევს უპირატესობას მესხსა თუ იამანიძესო. გურამის ერთ-ერთ დღიურში ვრცლად არის მოთხრობილი მესხზე, რომელსაც გურამი, თავისი სრულყოფილებით, ფორმაში მაქსიმალურად გამოვლენის უნარით, ადარებს დოსტოევსკის (ტომი 5. დღიურები).
თუ გურამის სიტყვებს მოვიშველიებთ, ედიშერ გიორგაძის მიმართ ნათქვამს, მეორე ჯგუფის ახალგაზრდების ერთიანობა იყო `წმინდა სულიერი, ე.ი. იდეური და არა კომერციული~ (იხ. ტომი 3. `შაშას რევოლუციის~ კომენტარები), ან, ვთქვათ, სპორტული, პოლიტიკური და სხვ. თუმცა 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტერორის შემდეგ ამ ჯგუფში, რომელთა ახლობლების უმეტესობა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი იყო, გააქტიურდა პოლიტიკური მუხტი. როგორც ჩანს, ისინი გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ ხალხს ადვილად გააერთიანებდნენ საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ საბრძოლველად. ედიშერ გიორგაძეს `ზარია ვოსტოკას~ შენობის წინ წარმოუთქვამს სიტყვა, რომელიც თურმე ასეთი ლოზუნგებით მთავრდებოდა: ძირს კომუნისტური პარტია, ძირს საბჭოთა ხელისუფლება, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ბრძოლის დაწყების მაგივრად, ეს სიტყვები აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი მოწოდება, რომლითაც მათ ხალხს მიმართეს. ედიშერ გიორგაძე `ჩაუშვა~ საკუთარმა მეზობლის ქალმა, რის შემდეგაც ის დაიჭირეს და ერთი-ორი კვირით ციხეშიც ჩასვეს, საიდანაც საშინლად დათრგუნული გამოვიდა, თუმცა უთქვამს, წამება არა ყოფილაო. თბილისში მალე დაიწყო რეპრესიები. პოლიტიკური აქცენტი თითქმის მთლიანად შეწყდა. არ შეიძლებოდა ლექციების გაცდენა. სტუდენტები გაჰყავდათ ლექციებიდან დასაკითხად, ზოგს იჭერდნენ კიდეც.
`ხორტისტები~ ისევე ცხარედ და აქტიურად კამათობდნენ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, როგორც ფეხბურთის ფანები ფეხბურთზე. `ეს იყო ლიტერატურული სკოლა. ყველა წერდა, აზროვნებდა, თარგმნიდა. ამ ჯგუფში არ იყო ადვილი მოხვედრა. ბევრს უნდოდა, მაგრამ მიგიღებდნენ კი? გამოწმებდნენ. გურამი და მე მიგვიყვანა შოთა ჩანტლაძემ. უნივერსიტეტი გამანაწილებელივით იყო. შოთა ანაწილებდა. ყველამ განიცადა შოთას გავლენა. არ გეწყინოს, ეს გავლენა იგრძნობა გურამის შემოქმედებაშიც. იქ მივედით ჩვენ ჩვენი ბიოგრაფიებით..~ (ბესიკ ადეიშვილი). `მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში თითქმის ყველა ან პოეტი იყო, ან მწერალი, ან მთარგმნელი, ისინი ბევრი სხვა მწერლებივით არ წერდნენ თავიანთი ნაწარმოებების დასაბეჭდად `პარავოზებს~ (ანუ ცენზურისათვის განკუთვნილ ნაწარმოების პირველ ხაზებს, ან ლექსის პირველ სტრიქონს, რასაც უნდა გაეტანა მთელი ნაწარმოები და გადაეწყვიტა მისი დაბეჭდვა-არდაბეჭდვის საკითხი _ მ.რჩ.) და, საერთოდ, არც ცდილობდნენ პრესაში მოხვედრას. რიცხობრივი შეფარდება ფეხბურთის `ბალელშჩიკებსა~ და ხორტისტებს შორის იყო დაახლოებით ერთი ასთან, ბევრმა არც იცოდა ჩვენი არსებობა. ჩვენ შორიდან ვადევნებდით თვალს გაცილებით დიდ მოედანს, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი იკრიბებოდა~ (გივი კიკილაშვილი). ასე რომ, `ხორტისტები~ უპირისპირდებოდნენ თითქმის ყველა სახის ოფიციოზს: პოლიტიკურს, კულტურულს, საკუთარ ქვეყანაში ემიგრანტებივით იყვნენ. სწავლობდნენ დასავლურ ფილოსოფიას თუ ხელოვნებას, კითხულობდნენ თანამედროვე აკრძალულ ლიტერატურას და, ხშირ შემთხვევაში, ჰქონდათ სწორი პრეტენზია ამ ლიტერატურის პირველი მკითხველებისა თუ გამავრცელებლების. `ედიშერი იყო განათლებული. `ვერხივით ჰქონდა ეს განათლება~ (ერლომ ახვლედიანი).
ამონაწერი 1958 წლის დღიურიდან:
`.. ამ პერიოდში ეს დაემართა ედიშერსაც, ის ბევრს იტანჯა, მართლა მხრებით გამოათრია კარგი, აუარებელი ძვირფასი და ახლა დროებით გაჩერდა, სხვები ალაპარაკდნენ და მისი ხმა გახდა ყრუ და ყრუ და მას, როგორც პირველს, არა სცემენ პატივს, რადგან მისი გრძნობა სხვისთვის აზრად კი არ დარჩა, არამედ ისევე გრძნობად. ე.ი. ის უნდა იყოს სულიერად არაჩვეულებრივად კმაყოფილი, მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა, ისე გაუგეს, რომ აღარც ესმით, თუ თავიანთი არ იყო ეს აზრი და აქ უცებ ედიშერი იწყენს და ის, როგორც კაცი, სწორეა, მას გაგება კი არ უნდოდა მხოლოდ, მას უნდოდა პატივისცემა, აღიარება~ (იხ. გურამ რჩეულიშვილის ტომი 5. 1958 წლის შემოდგომის დღიურები).
აი, როგორ აღიქვამდნენ ერთმანეთს კიროვის ბაღში სხვადასხვა ჭადრების ქვეშ მყოფი ახალგაზრდები, რომელნიც სულ უახლოეს ხანში გაერთიანდნენ გურამში, როგორც მისი სულიერი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები:
`ხორტისტები~, ფეხბურთის მოყვარულთა თვალთახედვით, _
`ეტმასნებოდნენ გურამს. გურამი არ იყო მაგათთან. მაგათთვის ეცალა! ხო იცი, გურამი, თავმდაბალი იყო, არ უყვარდა დაბრიყვება. უყვარდა მოფერება!~ `კი.. იყვნენ ... შემოდიოდნენ ხოლმე კიროვის ბაღში ... თავისთვის იდგნენ~.
`ხორტისტები~ ფეხბურთელებზე:
`შორიდან ვუყურებდით ხოლმე `ფეხბურთელების~ კამათს, რომელიც ხშირად კურიოზულ კოლიზიებამდე მიდიოდა. მახსოვს, ერთხელ ცხარე კამათის ხმა მოგვესმა, რომელიც სცილდებოდა ჩვეულებრივ ნორმებს. დავინტერესდით რა ხდებოდა. მივედით და ვხედავთ ერთ-ერთი, რომელიც თავს სპორტულ კომენტატორად მიიჩნევდა, დაჩოქილია, მუხლებზე დგას, გულში ირტყამს მჯიღს და ცრემლნარევი ხმით ყვირის: `კლევეტა, კლევეტა~ თურმე მისთვის უთქვამთ: `შენ არ შეგიძლია რაიმე თქვა მესხის შესახებ, როდესაც მისი თამაში დუბლებში არ გინახავსო..~
თუ მივყვებით ჩემი ძმის შინაგან ხმას, რასაც ის, ვფიქრობ, ხშირად თავისთვისვე მოულოდნელადაც კი, განსხვავებულ, დაპირისპირებულ ადამიანთა შინაგან ერთიანობამდე, მათ შორის ზღვრის მოშლამდე მიჰყავდა (ამას მოწმობს თუნდაც `იულონი~), მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ სრულიად განსხვავებულ ჯგუფებს შორის სხვაობა გურამისათვის უფრო ზედაპირულ ფენებში იდო, ალბათ, ვიდრე სიღრმისეულში. ამის მაგალითი იყო, თუნდაც, თვითონ საკუთარი თავისათვის. მას თითოეული ჯგუფი თავისად მიიჩნევდა, ისევე როგორც ის მათ. ამიტომ იყო, რომ, ერთი მხრივ, ვითომ პრობლემურად, ძნელად, მაგრამ, მეორე მხრივ კი, ვფიქრობ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და ადვილად, გადაადგილდებოდა ის ამ, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან მთლიანად დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის.
ამონაწერი გაუგზავნელი წერილიდან ერლომს (1959 წელი):
` ... ასეთი გიჟური, ავადმყოფური სურვილები სხვაზე კარგად გესმოდეს ფეხბურთი ან დოსტოევსკი (იგულისხმებიან `ბალელჩიკები~ და `ხორტისტები~ _ მ.რჩ.) _ არ ნიშნავს ერთის ან მეორის სიყვარულს, ყოველ შემთხვევაში, ის სულ მთლად მიყრუებულია და ექვემდებარება მხოლოდ სურვილს გესმოდეს, იყო სხვაზე მეტი... ~
უნივერსიტეტის ახალგაზრდობა, ბუნებრივია, პირველი კურსიდანვე იცნობდა ერთმანეთს. `გურამი გავიცანი, ალბათ, 1955 წლის შემოდგომაზე, უნივერსიტეტის ბაღში. მერე ძალიან მალე დავუახლოვდით ერთმანეთს. მინდა იცოდე, რომ გურამთან არ შეიძლებოდა თავისუფლად დგომა, დაძაბული იყავი სულ. არავინ ამბობდა მაშინ, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ პირველი იყო, თუმცა აღიარება არავის უნდოდა. მთავარია, რომ იყო არაჩვეულებრივად ცოცხალი, ამიტომ იყავი დაძაბული, პირველის სიცოცხლეს გაძლევდა. ვთქვათ, ვლაპარაკობდით, იდგა წელში გამართული, ხშირად ფრუტუნებდასავით ყალყზე შემდგარი ცხენივით. ენერგია გადმოდიოდა მისგან. ჩვეულებრივ დგომა გურამის გვერდზე გამორიცხული იყო, ყველანი ბებრები ვართ, ეს არავის უყვარს, სხვისი ენერგია, სიცოცხლის უნარი...~ (ლევან მალაზონია). ზოგიერთი 1956 წლისა და 1957 წლის მოთხრობა, ისე როგორც მწერლის დღიურები, ადასტურებს ჩემი ძმის სიტყვებს, რომელიც რამდენჯერმე უკვე მოვიხმე: `შიგ შუა ცხოვრებაში ვიყავი ჩავარდნილი~. ეს იყო დრო სმის სიტუაციების, ვარიანტების შექმნის _ თავისი ფულის შოვნით, გაუთავებელი გავარდნა-გამოვარდნებით, სხვადასხვა ხელჩართული ჩხუბებით თავის თუ სხვის დასაცავად, სიცილით ჩხუბი, სიცილით ქეიფი... ჩხუბების გარჩევით, მილიციებით, ერთმანეთის სიყვარულით, ნამდვილი ძმაკაცობით, გაუთავებელი `ლაზღანდარობით~, ერთმანეთის თუ სხვების `გაშაყირებით~ (`გურამი ჩხუბობდა სიცილით, უბოროტოდ. საერთოდ ძალიან უყვარდა გულიანი სიცილი. არაფერი რო არ ხდებოდა, ამას ვერ იტანდა, ჩაცემენტებული იყო ყველაფერი გარეშემო~ (ლევან მალაზონია). `გამახსენდა, როგორ ვიცინოდით ხოლმე ნუგზარი და მე. ასე არასდროს არ ვიცინი სხვასთან ერთად~ (მწერლის დღიურიდან). ერთხელ გურამმა თავის ერთ თანაკურსელს საათი წაართვა დასაგირავებლად. ერლომი გამოესარჩლა დაUუსაყვედურა გურამს. რეზო ერისთავმა უთხრა ერლომს: შენ ვის ელაპარაკები, რამე ხომ არ გეშლებაო. ერლომის თქმით, გურამს სიტყვა არ უთქვამს, შეტრიალდა და წავიდა. `ერთხელ გურამი და ჩიკო შემხვდნენ რუსთაველის ძეგლთან. შარვალში მქონდა გაჩხერილი ერთი ვობლა, უქაღალდოდ. გურამს მოეწონა ეს. ჯიბეში არყის ბოთლიც მედო. შევედით იქვე სასადილოში, ახლა რომ აფთიაქია იქ. რას გვეყოფოდა ერთი ბოთლი. კარგ ხასიათზე დავდექით. საათი მეკეთა ხელზე. ეგ საათი მომეციო, მითხრა გურამმა. წავიდა და, როგორც ჩანს, იქვე, გასტრონომში, დააგირავა. მოიტანა არყები, ძეხვი. მე რომ მივსულიყავი, არ მიიღებდნენ, ვიქეიფეთ. ღირდა კი ეს საათი იმის საფასური რაც მოიტანა! მინდა ვთქვა, რომ უბრალო ხალხიც გრძნობდა, რომ არ იყო ის ჩვეულებრივი ადამიანი, არ უნდა ამას აკადემიკოსობა, ხიბლი ჰქონდა რაღაცნაირი, ყველა ენდობოდა. ვის გამოატანდნენ იმ საათით რამეს.~ (ლევან მალაზონია). `გადავწყვიტეთ კინოში წასვლა, `სპარტაკში~. თითქმის დაწყებული იყო ფილმი. სალაროსთან არავინ იდგა. გოგუცა კუპრაშვილი (მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, პატარა ბიჭებს თამაშობდა ხოლმე _ მ.რჩ.) იღებდა ბილეთს. ორმა მუტრუკმა უხეშად გასწია გვერდზე და თვითონ გადააწოდეს ფული. ჩვენ უკან ვიდექით. უცებ გურამმა მოატრიალა ჯერ ერთი, მერე მეორე და ისე ხეთქა, რომ ძლივს წამოდგნენ. ვეღარ მოვითმინეო, მითხრა მერე~ (ჯურხა ნადირაძე). ასე რომ, ეს იყო 24 საათიანი `ჰეი _ ჰო~. მუდმივად გურამის გზის შემყურე დედას მუდმივი ნერვიულობა: წავიდა! სად? ბიჭებთან ერთად, რომელ ბიჭებთან? ხომ არ უყვართ იმათ დალევა ან ჩხუბი! დედაჩემის გამუდმებული მოთხოვნით: ისწავლე, სასემინარო თემა არ დაგავიწყდეს, `მამიდა ნათელამ (ნათელა ჯავახიშვილი, ივანე ჯავახიშვილის ქალიშვილი) თქვა, ამდენ ბიჭებში მამაჩემის სპეციალობით მარტო გურამი წავიდაო. რომ იცოდეს, როგორ წახვედი!~ `სახლიდან არ გახვიდე, საქმე მაქვს შენთან~; (`წასვლა რო მინდა, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ახლობლის სიკვდილიც კი არ გამაჩერებს, მაინც წავალ...~ `ფეხები დასვენებული მაქვს და მინდა ჩემი გმირების ცხოვრებით ვიცხოვრო~, _ მწერლის დღიურებიდან), მიიღე ფორმა სტუდენტის, ოჯახიშვილის, შეიკერე კოსტუმი, არ ჩაიცვა ბატინკები, შეიკარი პერანგის ზევითა ღილი, არ შეგფერის გულგაღელილი სიარული. პატივი ეცი საზოგადოებას, გენაცვალოს დედა! ერთი შენი დაკაცება, დადინჯება მანახვა, მერე თუნდ მოვკვდე…... ეს იყო დრო, აგრეთვე, რაინდობის, გვარიშვილობის, დედას განსაკუთრებული სიყვარულის, მამას განსაკუთრებული პატივისცემის: სადაც და როგორ სიტუაციაშიც და როგორი ნასვამიც როგორ აყალმაყალშიც არ უნდა ყოფილიყო, მამას დანახვაზე ჩაქინდრავდა თავს კრავივით და ჩუმად მოჰყვებოდა სახლში. ეს იყო დრო უფროსების დახმარების, ბაბუას მოვლის, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემის და სიყვარულის. სხვის დასახმარებლად მუდმივად გაწვდილი ხელის და სხვ. იყო სწავლაც, ლექციებიც, ლურსმული წარწერები, რასაც ფაკულტეტის დახურვის შემდეგ (იხ. ტომი 2. შენიშვნები `რომანისათვის~ `სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად~) სულ ნაკლები და ნაკლები დრო ეთმობოდა. გურამზე დაწერილი ნუგზარ წერეთლის ორივე წიგნი იძლევა უხვ მასალას ამ პერიოდის გასახსენებლად, თუმცა, მისივე თქმით, მათი `საგმირო საქმეების~ ნახევარიც კი არ წერია შიგნით. მნიშვნელოვანი იყო გურამის პირველი სიყვარული, რომელიც თან გასდევს მთელ ამ პერიოდს და მომენტებში გურამის სიჩუმის, დაფიქრების და გარინდების საფუძველი ხდება. ტაბუდადებულია გურამის მიერ ამ ქალის სახელის ხსენებაც კი. ამხანაგები პატივს სცემენ ამ გრძნობას და თვითონაც თანაგრძნობას მხოლოდ სიჩუმით გამოხატავენ.
გურამის პირველი დღიური დაწერილია 1956 წლის 14 მარტს. ამ პერიოდის დღიურებში არც რეტროსპექტული თხრობისას, არც ყოველდღიური ცხოვრებისეული ამბების გადმოცემისას, არც ზოგადი მსჯელობისას, არსად არაა ჯერ ნახსენები არც ერლომი და არც სხვა ვინმე, გარდა `ჰეი-ჰოს~ უშუალო მონაწილეებისა.
სულ ერთად იყვნენ: ქართლოს სვანიძე, თემო ბერიძე, ბორია ინასარიძე, ედი რჩეულიშვილი, შალიკო რჩეულიშვილი, დათო ღოღობერიძე, იქვეა გურამ თიკანაძეც რაღაც მომენტებში, ჭუღუ ცხვირავაშვილი, ნოდარ ზედელაშვილი, გოგი დემეტრაძე, თამაზ ტოგონიძე, ანდრო ჭიჭინაძე, მალხაზ მიქაძე, ლევან ჩიქვილაძე და სხვები, თითქმის მთელი ბიჭები პლეხანოვ-რუსთაველიანა, ვინც უძლებდა ამ ტემპს და ამდენ გავარდნა-გამოვარდნებს. ამ მეგობრობის სათავეშია ნუგზარ წერეთელი _ გურამის სიყვარული და `პირველი ძმაკაცი~ (დღიურიდან). ცალკე დგანან აგი და გიგი აბაშიძეები, დათო ჯავახიშვილი, როგორც ნათესავები და უახლოესი მეგობრები, რომლებთან ერთადაც გაიზარდა ის ბავშვობიდან; აგრეთვე, ვაჟა გიგაშვილი. მასთანაც გურამს მშობლების მეგობრობა, ბავშვობა და საერთო ინტერესები აკავშირებდა. მარიკა საყვარელიძე, მანანა მეგრელიძე, გიოლინა ჭიჭინაძე, მე, ჩემი ამხანაგებით, თანაკურსელი გოგოები, რომელთაც განსაკუთრებით უყვარდათ გურამი და რომლებთან ერთადაც დედა დაუღალავად განიხილავდა გურამის გზაზე დაყენების შესაძლებლობებს, და სხვები.
ერთხელ, გურამ გეგეშიძის მოთხრობების განხილვის კარგა ხნის შემდეგ გურამი მიტრიალდა შუა ლექციის დროს რამდენიმე მერხით უკან მჯდომ ერლომ ახვლედიანისაკენ და, სრულიად მოულოდნელად მისთვის და შეიძლება თავისთვისაც კი, უთხრა: ლექციების შემდეგ წამოდი ჩემთან სახლში, რაღაც უნდა წაგაკითხოო. იმ დღიდან დაიწყო, თურმე, მათი ურთიერთობის ახალი ეტაპი, რადგან ცნობით ბავშვობიდან იცნობდნენ ისინი ერთმანეთს (იხ. ტომი 1. `ცქიტო და სელიოდკა~; აგრეთვე, გურამ რჩეულიშვილის `მოთხრობების~ ბოლოსიტყვაობა, ტომი 3., `შაშას რევოლუციის~ კომენტარები). ერლომისაკენ მიტრიალება იმავე დროს ნიშნავდა გურამის მიტრიალებას ახალგაზრდების მეორე ჯგუფისაკენ. მათთან დაახლოებას, ისე როგორც ერლომთან, გურამის ახლო ძმაკაცები, რომლებთან ერთადაც ის, როგორც თვითონ წერს, თავაუღებლივ ატარებდა დროს, მის ერთ-ერთ უცნაურ გამოხტომად მიიჩნევდნენ (და, ვფიქრობ, ასე მიიჩნევენ დღესაც). ამას მოწმობს თუნდაც ზემოთ მოყვანილი სიტყვები: `მაგათთვის ეცალა!~ ალბათ, ერლომთან დაახლოების შემდეგ შიგადაშიგ გურამი ჩნდება კიროვის ბაღში `ხორტისტების~ ჯგუფში, თუმცა არა როგორც ერთ-ერთი მათგანი, როგორც მათი წევრი, არამედ უფრო როგორც გარე მსმენელი ან მაყურებელი.
ეს კარგად ჩანს, ჩემი აზრით, თემო ჯაფარიძის მოგონებაშიც:
`ხოშტარიას ქუჩაზე ვცხოვრობდი, კიროვის ბაღთან ახლოს. ჩემი მეზობელი იყო ანზორ სალუქვაძე. ჩავყავდი ხოლმე ბაღში. გამაცნო `ხორტისტები~. პატარა უნივერსიტეტივით იყო. ყველას თავისი სამყარო მოჰქონდა. ბესიკა გერმანისტი იყო, ირაკლი _ თეოსოფი, შოთა _ პოეტი და სხვ. ერთხელაც, ჩავედით. სკამზე, ჩვეულებრივ, ისხდნენ ბიჭები და წყნარად, მშვიდად ლაპარაკობდნენ. სკამის გვერდით, ამაღლებულ ბორცვზე, ვხედავ, ზის ვიღაც ტიპი. რაღაცით მაშინვე მომეწონა: გამომწვევად იჯდა, ბიჭურად. გურამი ერთი-ორი წინადადებით ჩაერია ლაპარაკში. ანზორი ფეხზე იდგა ჩემს გვერდით. გავიყვანე გვერდზე და ვკითხე: ვინ არის-მეთქი. `მაგარი დაცენტრილიაო,~ _ მითხრა. სწორედ ახლა მკითხა გურამმა შენზე, მოდი, გაგაცნობთ ერთმანეთსო. მერე გურამს, ეტყობა, მოსწყინდა ეგრე ჯდომა, უცებ წამოხტა და თქვა: ვინ გადაახტება სკამის ზურგსო და თვითონ მაშინვე გადახტა. სხვებმაც მოინდომეს გადახტომა, მე _ არა. მიდიო _ მითხრა. მერე მეც გადავხტი. გურამმა რაღაც ბიჭური თამაში შემოიტანა, ავანტიურა წარმოშვა, სიცოცხლის მომენტი. ისე, მინდა იცოდე, გურამი გამაღიზიანებელი იყო~.
შეიძლება გურამი, მართლაც, შოთა ჩანტლაძემ წაიყვანა კიროვის ბაღში, როგორც ბესიკ ადეიშვილისათვის უთქვამს მას(`უნივერსიტეტი გამანაწილებელივით იყო. შოთა ანაწილებდა. ერთხელ მითხრა, კიროვის ბაღში შენ და გურამი მე მიგიყვანეთო~). ერლომის თქმით, შოთას ძალიან შეუყვარდა გურამი, კარგად იყვნენ ერთმანეთთან, მიხაროდა, მაინც შოთა ავტორიტეტივით იყოო.
ე.ი. ამ დროისათვის მისი მეგობრების წრეს ემატებიან ერლომი, თემო ჯაფარიძე, ზურაბ კიკნაძე, ლევან მალაზონია და სხვები. როგორც ჩანს, გურამში ძლიერად იფეთქა სწრაფვამ იმ ადამიანებისაკენ, რომელთა მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყო წიგნთან, ხელოვნებასა თუ ფილოსოფიასთან. `იმ ხანებში მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით, ვკამათობდით ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე და, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე. მოდიოდა გურამი ხანდახან ჩიკოსთან ერთად. ზოგჯერ ხან ერთი, ხან მეორე მოთხრობას წაიკითხავდა (მათი გამოქვეყნება ფიქრადაც არავის მოსდიოდა). ასეთ ატმოსფეროში ვხვდებოდი ხშირად გურამს~ (ლევან მალაზონია).
აი, ერთი ეპიზოდი ამ შეკრებებიდან. მომიყვა ლევან მალაზონია:`ედიშერმა წაიკითხა თავისი მოთხრობა. მე არ მომეწონა. ზურამ მხარი დაუჭირა. მე ვთქვი, რომ ისეთი ენით არის დაწერილი, ქალის და კაცის სცენას რომ აღწერდეს, მკითხველს მაინც არ აღაგზნებს-მეთქი. გურამმა თქვა, არც არის საჭირო მკითხველის აგზნებაო. ერლომი გაბრაზდა, რატომ არაო, და დაიწყო ჩხუბი, სერიოზული კამათი. ედიშერმა მოისროლა რვეული, საერთოდ აღარ მინდა არაფერიო (მკითხველს გავახსენებ იმ ეპიზოდს `იულონიდან~, სადაც კამათია მხატვრული ნაწარმოების არსზე, სწორედ მისი აგზნებადობის კუთხით).
`ისე, სასაფლაოზე იყო ყველაფერი აშენებული. ტრაგიკული იყო ჩვენი წრე, თითქოს წარსულზე ვაბიჯებდით (კიროვის ბაღი, ერთ დროს იყო სასაფლაო _ მ.რჩ.). Eჩვენ მოვდიოდით ერეკლე ტატიშვილიდან. იმ ინფორმაციას, რაც ჩვენს წრეში ტრიალებდა, ვერ ამოიკითხავდი გაზეთებში~ (ბესიკ ადეიშვილი). `დონე იყო ძალიან მაღალი. და ამის შემდეგ ეს დონე არც შეცვლილა~ (ერლომ ახვლედიანი). `ჩვენი წრე მახსენებს, ახლა რომ ვფიქრობ, გერმანულ ჯგუფს `ორმოცდაშვიდი~. ისიც შედგებოდა სრულიად განსხვავებული ადამიანებისაგან, რომელნიც გაერთიანებულები იყვნენ ყოველგვარი ძალდატანებისა და სავალდებულო მომენტების გარეშე: არ ჰქონდათ წესდება, ან რაიმე მანიფესტი,Mგინდ შემოხვიდოდი, გინდ გახვიდოდი. მათთვის მთავარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი გერმანიის აშენება, გერმანული კულტურის გადარჩენა და მათ ეს შეძლეს. ამ შეკრებებზე გროვდებოდა ეროვნული მუხტი. წინდაწინ არ იყო თემა. ადამიანური კონტაქტების დროს ჩნდებოდა სინთეზები, ასოციაციები, ადამიანთა საზოგადოება როგორი უნდა იყოს... ისინი ასაკით ჩვენზე უფროსები იყვნენ.. მათ თავის ქვეყანაში უვლიდნენ, პატივს სცემდნენ, ჩვენ კი მილიციის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით. არც ხალხისგან გვაკლდა ცინიზმი. ერთხელ, მახსოვს, მამაჩემის ძველი პალტო გადავაკეთებინე სოლოლაკში ერთ მკერავს, ძალიან მომწონდა. ბელინსკის ქუჩის დასაწყისში ვიღაც დამეჭიდა პალტოს ღილზე, ხელი ვერ გავაშვებინე, ვერც მე და ვერც სხვამ. ვერც ზურა კიკნაძემ გაგვაშველა. `ა, პოეტი ხარო?~ _ მეუბნებოდა, დამცინოდა, გეგონება ზიზღი ჰქონდა ჩემი ბიოლოგიური, და, ალბათ, ყველასი. ვინ არიან, ან რატომ წერენ ლექსებს, რა უნდათ, თავი მოაქვთ განათლებით...
მერე ერთი ცნობილი ბიჭი მოვიდა, არ მინდა სახელის თქმა, და, წარმოიდგინე, იმას მიემხრო! ფიქრობდნენ, ზევიდან გვიყურებენო. მერე, ალბათ, მთავრობამ ვიღაცეები შემოგვიგზავნა, დაიწყო ცინიზმი, ქილიკი, მოვიდნენ გოგოებიც. ჩვენი ჯგუფი დაიშალა ისევე ძალდაუტანებლად, როგორც შეიკრიბა. თავისით დაიფშვნა მთის ქანივით, ჩამოიშალა როგორც ქვიშის საათი. გაგვაერთიანა იდეამ, მერე სხეულს ძალა გამოეცალა, მოკვდა, იდეა კი წავიდა, რათა როდესმე ხელახლა შეიძერწოს, ისევ განსხეულდეს. ისეა, როგორც პიერ ბერანჟემ თქვა ერთხელ: `თავისუფლების იდეამ ძლეულს წაართვა დროშა და წაიღო სხვის ხელში გადასაცემად~. შოთაც სულს ღაფავდა. მახსოვს, ერთხელ, ძლივს ამოდიოდა კიბეზე. ეს ხის წაქცევასავით იყო. ალბათ, ფეხბურთელებს გაუხარდათ კიდეც, რომ ჩვენი ჯგუფი დაიშალა~ (ბესიკ ადეიშვილი).
მახსენდება კიროვის ბაღი გურამის დაუმთავრებელ რომანში `საიდან მოვდივარ..~ სადაც არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი არც ჭადრების შრიალზე, სიმწვანეზე, არც `ხორტისტებზე~ და არც ფეხბურთის `ბალელშჩიკებზე~, მხოლოდ მტვერზე ზაფხულის სიცხეში, ამ ბაღის გრძელ სკამებზე გაუთავებელ რიგებად მჯდომ ჰალსტუხიან მოხუც მაკლერებზე, მებაღეებზე, შეუჩერებლივ რომ რწყავენ მიწასა და მწვანე ფოთლებს და ამ ხელოვნური ნოტიოთი კიდევ უფრო დამძიმებულ და ჩამობურულ ატმოსფეროზე. გურამს უკვე დამთავრებული ჰქონდა ტრაგედიების წერა. ის შინაგანად უკვე ემზადებოდა ვრცელი ეპიკური ტილოს შესაქმნელად. ამ დროისათვის მან, როგორც ჩანს, იცოდა მხოლოდ, რომ ის დაიწყებოდა `ირინა და მე-თი~.
ეს იყო 1959 წელი.
მახსოვს, ერთხელ გურამმა, დაახლოებით 1957 წლის შემოდგომაზე, `იულონის~ დაწერამდე ერთი წლით ადრე, საოცრად აღელვებულმა, ძალიან სერიოზული და საიდუმლო ხმით გამანდო, რომ `ხორტისტები~ აპირებდნენ ფილმის გადაღებას და ის ფიზიკურად უნდა დახმარებოდა მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში (კარგად მახსოვს გურამის სწორედ ასეთი ფორმულირება: `ფიზიკურად უნდა დავეხმარო~). ვფიქრობ, ამ დახმარებაში იგულისხმებოდა ფულის შოვნა, ცენზურასთან ბრძოლა, რადგან ეს იყო დრო, როდესაც ყველანაირი გულწრფელი ქმედება ანტისაბჭოთა განწყობილების გამოვლენად ითვლებოდა. მართლაც, შესაძლებელია, `ხორტისტებმა~, არშემდგარი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, გამონახეს პროტესტის სხვა ფორმა და გადაწყვიტეს მხატვრული ფილმის გადაღება. რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი უნდა ყოფილიყო ლევან მალაზონია, ოპერატორი _ თამაზ გაბელია. მას აღმოაჩნდა კინოაპარატი. მთავარი მოქმედი პირები უნდა ყოფილიყვნენ ერლომ ახვლედიანი და ედიშერ გიორგაძე. ერლომ ახვლედიანის თქმით, ეს ფილმი იყო `საკმაოდ სერიოზული განაცხადი და არა სენტიმენტალური რაღაც~. ამასთანავე ეს იყო პირველი სამოყვარულო ფილმი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. კინოგადაღებაზე მუშაობა დაიწყო 1957 წლის შემოდგომაზე და დამთავრდა დაახლოებით ერთ წელიწადში. 1958 წელს ბიჭებს შეუერთდა როგორც მემონტაჟე, მოსკოვიდან ჩამოსული ვანო ყვავილაშვილიც, რომელიც, თურმე, ისე გაიტაცა გადაღებებმა, რომ უნივერსიტეტის ერთი წელი გაუცდა კიდეც. ფილმი გადაიღეს. ჩვენებების შემდეგ ფოტოფირი ერთ-ერთი ამხანაგის სახლში, მათი აზრით, ყველაზე უსაფრთხო ადგილას შეინახეს, სადაც ის მალევე დაიკარგა.
გურამისგანვე მახსოვს ამ ფილმის სიუჟეტი: ერთ მდიდარ ოჯახში გაზრდილ გოგონას დაბადების დღეზე ღარიბმა თაყვანისმცემელმა სტუდენტმა მიართვა შვლის ნუკრი. გოგონამ შუა ქეიფის დროს შემოიტანა მწვადები და სიხარულით თქვა: ეს იმ შვლის ხორცის მწვადებია, თქვენ რომ მომართვითო.Gამ სიუჟეტში, მე მგონი, კარგად ჩანან `ხორტისტები~ თავიანთივე თვალთახედვით: ისინი უპირისპირდებოდნენ მეშჩანურ საზოგადოებას. მათთვის ღარიბი გახსნილი იყო სულიერებისაკენ, მდიდარი კი _ დახურული. ეს სცენარი უფულობის გამო ვერ განხორციელდა. ეკრანზე გადაიღეს, უფრო გვიან, სხვა ფილმი, რომელსაც გამოუჩნდა სპონსორი _ ანზორ ტაბატაძე, იმ დროს ფულიანი და თანაც ძალიან ხელგაშლილი ახალგაზრდა _ და უყიდა მათ ფირი. ფილმს ერქვა `ანეკდოტი ეკრანზე~.
როგორც ჩანს, გურამი განსაკუთრებით დაუახლოვდა ამ ჯგუფს სწორედ იმ დღეებში. ყოველდღე, ხანდახან დღეში ორჯერაც კი, იკრიბებოდნენ ახალგაზრდები კიროვის ბაღში, ხან ერთმანეთის ბინებში: ედიშერ გიორგაძესთან _ ბელინსკის ქუჩაზე, ერლომ ახვლედიანთან _ კამოს ქუჩაზე ან ვაკეში, კუს ტბის ძირში, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ სახლში, რომელსაც სერგო პაპა, ერლომის მამა აგურ-აგურ აშენებდა მრავალი წლის განმავლობაში, ირაკლი რამიშვილთან _ იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე და სხვ. გარდა მათთვის ჩვეული საუბრებისა, განიხილავდნენ კინოსცენარის დეტალებსაც. ამ ფილმით `ხორტისტები~, თითქოს უპირისპირდებოდნენ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, ყველას, ვინც ხელს შეუშლიდა მათი მიზნის განხორციელებას, და თითქოს ბრძოლაში იწვევდნენ მათ. გურამი, როგორც უკვე ვთქვი, მიწვეული იყო ამ შეხვედრებზე არა ხმის უფლებით, როგორც ერთ-ერთი მათგანი (ვთქვათ, ინტელექტუალი, შემოქმედი ან ფილოსოფოსი), რომელსაც უნდა გამოეთქვა თავისი აზრი და მონაწილეობა მიეღო კინოსცენარის დაწერასა თუ თვითონ ფილმის გადაღებაში, არამედ როგორც დამრტყმელი ძალა, როგორც ფიზიკურად ძლიერი პიროვნება. ის უნდა დახმარებოდა მათ ფილმის გატანაში.
ასე რომ, ამხანაგ-მეგობრებით გარშემორტყმული, `ცხოვრების შუაგულში მყოფი~ ჩემი ძმა, სანახევროდ ხუმრობით, სანახევროდ მორიდებით და მორცხვობით, მიზეზის გაუმჟღავნებლად, რატომ, მთლიანად მიტრიალდა იმ ახალგაზრდების ჯგუფისაკენ, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება დაკავშირებული იყო წიგნთან, შემოქმედებასა და ფილოსოფიასთან. ეს მოხდა, როგორც ჩანს, მაშინ, როდესაც მან იგრძნო საკუთარ თავში ჯერ კიდევ ამოუფრქვეველი ვულკანის ბიძგები. მაგრამ, ვფიქრობ, გურამი მალევე მიხვდა, რომ ის იყო სრულიად უცხო ამ ბიჭებისათვის და _ შეიძლება პირველადაც კი თავის ცხოვრებაში, თავი თამაშგარეშე მდგომარეობაში იგრძნო. ის იყო უგულებელყოფილი იმათგან, რომელთა განუყოფელ ნაწილადაც, რომელთა ტოლადაც მიიჩნევდა თავს.
მახსოვს, რაღაც ფიქრებში გართული, აღელვებული და შემართული, მართლაც, თითქოს ყალყზე შემდგარი, ბრუნდებოდა ის შინ და მალევე გადიოდა გარეთ, თითქოს ადგილს ვერ პოულობდა სახლში, გეგონება, უკვე ემზადებოდა საბრძოლველად, რაღაც უხილავ მტერთან შესაბმელად. მახსოვს, გურამის აღგზნებული სახე, დაძაბული, ღიმილიანი, კეთილი თვალები, რომლებშიც პატივისცემა გამოიხატებოდა სხვისი ვნების, არტისტულობის მიმართ. ამავე დროს, მას თითქოს ეუხერხულებოდა კიდეც თავისი შინაგანი მოწოლილი ძალის, შემოქმედებითი ენერგიის, რომელიც მალე უნდა გამოსულიყო გარეთ, მოეტოვებინა ყველა უკან და წასულიყო წინ უკანმოუხედავად.
ამონაწერები დღიურიდან:
`მეუხერხულება _ ედიშერი, ნამდვილი ხელოვანი, ის არ დარჩება როგორც მწერალი, მე კი...~
`რას არ მივცემდი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი, ბ.-ც კი მათი იყო. მე სხვა. ბ. უყვართ ედიშერს, ბესიკას და მე ვეჭვიანობ, მე მზად ვარ ვიყო ტუტუცი, ოღონდ იმათ დაინახონ, რომ მე ნამდვილად კეთილშობილი ვარ, რაც ტყუილია, ტყუილია იმიტომ, რომ დავიპყრობ თუ არა მათ წავალ კიდევ შორს და ვივლი მანამ, სანამ არ მივადგები ჩემს თავს მარტო, ერთი ერთზე, უცხო დამოკიდებულებების გარეშე, ხელსა ვკრავ მათ, შეიძლება ცუდიც გავაკეთო, უნდა მზად იყვნენ, ჩემი მიღება არ შეიძლება...~
(ამ თვალთახედვით, ბ._ს პროტოტიპი შეიძლება იყოს დიდი ბობა, რომელიც, მართალია, ყოფილი ქურდია, ე.ი. არც მწერალი და არც ინტელექტუალი, მაგრამ ის უყვართ, შეიძლება რაღაცით აფასებენ კიდეც `ხორტისტები~ იმდენად, რომ აზრის გამოსათქმელადაც კი მიიწვიეს).
`ბესიკა გარკვეულ ანგარიშს მიწევს, როგორც ლოდს მგზავრი _ როცა ლოდი ბილიკზე გდია, ზედ ხომ არ გადაუვლი, გარშემო უნდა შემოუარო, ედიშერი ამჩნევს ამ ლოდს, იბნევა _ შემოუარო უხერხულია, უნდა შეხედო, ეშმაკმა წაიღოს, საიდან გაჩნდა ამ ბილიკზე, ვერ დაეცა კლდეზე, ტყუილა ხალხს ხელს უშლის წესიერად იარონ. და მაინც, ჩვენ ძმაკაცები ვართ, გაცილებით უკეთესები, ვიდრე სხვები, ბევრი სხვები, მე ნამდვილად მიყვარს ორივენი და ისე განვიცდი, როგორც ყველაზე ახლო ნათესავებს, უბრალოდ, მწყინს, რომ მე მათი მარტო ძმაკაცი ვარ, მე მათ არ ვამტყუნებ, მეც ასე ვუყურებ ჩემს თავს _ ზუსტად ასე...~
`ედიშერმა მითხრა ... რომ მისთვის სულ ერთი იყო, თუ რასა ვფიქრობ მასზე, მაშინ როდესაც ედიშერის აზრი არ იყო ჩემთვის სულერთი, ეს მაშინ, როცა მან მთელი საათი ილაპარაკა ძმაკაცობაზე, გაგებაზე, როცა ის თითქმის ტირილით ითხოვდა გაეგოთ მისთვის. მე მას გავუგე _ ამიტომ მიყვარს ის, ოღონდ მე მიყვარს ჩემი თავიც და ეს თავი შევიგრძენი შეურაცხყოფილი...~
ასე რომ, გურამს შეკრებებზე, სადაც მსჯელობდნენ ხელოვნებასა თუ ფილოსოფიაზე, ან, კონკრეტულად, მომავალი ფილმის შესახებ, როგორც იულონს პიესაში, არ ჰქონდა ხმის უფლება. ის მიწვეული იყო მხოლოდ გარეგნული ნიშნით (ფიზიკური ძალის გამო), ისე როგორც იულონი პიესაში _ თავისი გარეგნობის გამო.
ეს არის, ჩემი აზრით, `იულონის~ გარე სიუჟეტური ხაზის წარმმართველი მნიშვნელოვანი კოლიზია.
`ხორტისტები~ გამახსენდა `იულონზე~ მუშაობისას სრულიად მოულოდნელად, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, უეცრად მივხვდი, რომ პიესის სიუჟეტში ჩამალულია, რა თქმა უნდა, ამოუცნობლობამდე ტრანსფორმირებული, გურამისა და ამ ჯგუფის ურთიერთდამოკიდებულების ერთი წახნაგი, რასაც თავისებური სიუჟეტური გამოხატვა ჰქონდა ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას ასე: ტრაგედიაში კონცენტრირებულია გურამისა და `ხორტისტების~ ურთიერთდამოკიდებულების ერთი კონკრეტული ეტაპი, ან ერთი საღამო, ან სულაც რაღაც მომენტი, როდესაც გურამმა თავი იგრძნო მოედნის გარეთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ გურამსა და `ხორტისტებს~ შორის არსებული ეს ურთიერთობები, რომელსაც ის განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამდა და, როგორც ჩანს, თვითონაც ახდენდა ამის პედალირებას, წარმოადგენდა თავისებურ ტექნიკას მისთვის `ჯარისკაცების ხიდზე გადასაყვანად~ (კორესპონდენტი ჯოისს: `თქვენ ფართოდ იყენებთ ცნობიერების ნაკადს `ულისეში~, რამდენად ეს ... ~ ჯოისი კორესპონდენტს: `ცნობიერების ნაკადი? ჰო, მგონი იყო რაღაც ამდაგვარი ... მე მჭირდებოდა ჯარისკაცების გადაყვანა მდინარის მეორე ნაპირას. მთავარია, გადაიყვანო ისინი, სულ ერთია როგორ და რით. მერე აღარ არის საინტერესო...~ (იხ., აგრეთვე, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები. ტომი 3. `ჩანაწერები~ `ირინა და მეს~ მინაწერისათვის, გვ. 449-450).
გურამს, თითქოს, მართლაც, გადაჰყავდა ჯარისკაცები ხიდზე და მერე წვავდა ამ ხიდს. ის არაჩვეულებრივი სისწრაფით, `უკანმოუხედავად~ მიდიოდა წინ!
ჩემი ძმისა და `ხორტისტების~ ურთიერთდამოკიდებულების ჩანაცვლება შეიძლება სხვადასხვა ურთიერთობების გახსენებით (ეს ცალკე მონოგრაფიის თემადაც კი შეიძლება იქცეს), როდესაც ის რჩებოდა, ან _ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით _ თვითონვე იტოვებდა, ან სულაც აღიქვამდა თავს მოედნის გარეთ. მაგრამ ის სიუჟეტი, რისთვისაც გადაიყვანა მან ეს ჯარისკაცები ხიდზე, ანუ ტრაგედიის შინაგანი მოტივი, კარგად ჩანს ერლომ ახვლედიანის მიერ გურამთან მიწერილ ერთ წერილში, რომელიც ინახება არქივში (მიწერილია გურამის მოსკოვში ყოფნისას, 1958 წლის თებერვალში).
ამონაწერი ერლომის წერილიდან:
`.. რომ იცოდე, რა უხერხული ვარ, გურამ. ერლომს მარტო ერლომი თუ აიტანს. საზოგადოებაში ჩემი ყოფნა შეუძლებელია: თითქოს ცოდვა ვარ რაღაც, დანაშაული ..
რა ჩემი საქმეა, გურამ, ნორმალური ვიყო. მე ვიცი, რომ არაფრის ღირსი არა ვარ, მაგრამ რატომ არა ვარ არაფრის ღირსი, არ ვიცი. გურამ! მამაჩემიც ასეთია. მუშაობს, მუშაობს და არაფერი არ გამოსდის, ხელმოცარულია.
თავის სიცოცხლეში არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ მასზე ცოდვილი კაციშვილი არ არის, თითქოს მისი მთელი ცხოვრება რაღაც ცოდვის მონანიებაა, რომელიც მას არ ჩაუდენია..~
ამონაწერები პიესიდან:
გვ. 119
`გურამი: .. იქნება ეს ყველაზე მეტად შიშია, რომ არ შემიძლია რაიმეც კი გაუგებარი დავტოვო ჩემს თავში; თქვენ იცით, რომ მე მდევნის გაუთავებელი შიში რაღაცა ჩადენილი დანაშაულისათვის და მაგ შიშმა ქვეშეცნეულად მიმიყვანა იქამდე, რომ აქ იულონის გვერდით გამეყო დანაშაული და არ ვყოფილიყავი მისი მსაჯული.. როგორც ეს როლების გაყოფის დროს მოხდა. ეს .. შიშია, რომ არ შემიძლია რაიმეც კი გაუგებარი დავტოვო ჩემს თავში~ (ნახე გვ.123, 130.)
ამონაწერები დღიურიდან:
`ბედნიერია ხალხი, ვისაც შეუძლია პირდაპირ ისულელოს, იმღეროს, მერე უბრალოდ დაიძინოს და ახლიდან, ვისაც იმდენად წმინდა აქვს სინდისი, რომ არ ქენჯნის.
საინტერესოა რა დავაშავე? _ ალბათ ის, რომ ასეთი აზრები მომდის _ ცოდვის _ რაც ნახევარ დანაშაულს უდრის თუ მთელზე მეტს არა.
რა მიზიდავს ამ სიბოროტეში? რა ცოდვა აქვს ჩემს სულს ასეთი, რომ ვერ ისვენებს, სად დაკარგა სიკეთის უფლება, რომ ამდენი ტანჯვა სჭირდება მისი უფლების მოსაპოვებლად. `გოგი, გოგია~ შოლტით უნდა ვრეკავდე ცხენებს დღე და ღამე და ფეხით მივდევდე~.
`არ არის მომენტი, როცა ადამიანს არა აქვს რაიმე სულიერი საზრუნავი მოსაწესრიგებელი თავის სინდისში~.
ამ ამონაწერებში წერილიდან და დღიურებიდან და, აგრეთვე, `იულონიდან~ ამოღებულ ციტატაში ნამდვილდება ისეთი სიღრმეები, რომელიც გურამს, ერლომს და სერგო პაპას, ცხოვრებაში აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებს, არსებითად აკავშირებს ერთმანეთთან. ეს, თავის მხრივ, საწინდარია, ალბათ, ზოგადად ადამიანთა ერთიანობისა, `საერთო ჭირის~ არსებობისა, რაც ამოუცნობლობამდეა ჩაძირული ყოველდღიურ ცხოვრებაში.
***
1957 წლის გვიანი შემოდგომითაა დათარიღებული სხვადასხვა ჩანაწერი, რომლებიც გაერთიანებულია საერთო პაგინაციით. ამ ჩანაწერებში ჩანს გურამის დამოკიდებულება მის გვერდით მყოფი ადამიანებისადმი, რომელთა `გამოქანდაკებასაც~ აპირებდა ის თავის შემოქმედებაში (`.. მე უკვე ვაქანდაკებ მას. ქანდაკებას კი შტრიხები უნდა, ძირითადი და სხვა ხარისხებისა, მთავარია დავიჭირო ძირი და ის სხვა ხარისხებით გავაკეთო! ნატურა მზად არის...~). ჩანს, აგრეთვე, პირველი ეჭვები საკუთარი თავის, ისე როგორც ზოგადი ღირებულებების მიმართ: `უნდა იყოს ფორმა, ყველამ იცოდეს თავისი ადგილი. ვითომ?~ `რა ბედნიერი ხარ, ზიხარ და აბოლებ _ იმან რა იცის, რომ არა ვარ ბედნიერი, იმაზე მეტს მე განვიცდი. რატო, რატო, განა იმისი პატარა დარდი იგივე არ არის იმის გულისათვის, რაც ჩემი დიდი გულისათვის დიდი დარდი. თუმცა, რა გული, ეს მე მეჩვენება, ოხ, ახლა მეც ავწუწუნდი გულში, ეს წუწუნი რით ჩამორჩება მის წუწუნს~, `პატივმოყვარეობა? არ სიამოვნებს ასეთი ქება, არა, ცოტა სიამოვნებს, არის თუ არა თავთან პატიოსანი!~ `მერე რა, განა ერთი და იგივე არაა დიდი საქმისაგან არის გამოწვეული მისი დარდი, თუ პატარა რამისგან, თუ ადამიანი ერთნაირად განიცდის დარდის შედეგს~, `ბოლოს და ბოლოს, ეს თავის დამცირება სამუშაოთი თუ უმუშევრობით რა არის? მართლა ამიტომ დარდობს თუ არა? არა _ ან ეს სიყვარული, გაგება, თავის შეცოდება. ამისთვის? არა. აბა? ის რაღაც არ იცის.~
`გამოსაქანდაკებელ~ ხალხს შორის ნახსენებია ერლომ ახვლედიანიც. როგორც უკვე ვთქვით, ამ დროისათვის გურამის მეგობრების წრეში უკვე ინტენსიურად შემოდიან სხვა ბიჭები, რომელნიც ადრე მის `ჰეი-ჰოებში~ არ იღებდნენ მონაწილეობას. გარდა მოგონებებისა, ამას მოწმობს არქივში შემონახული ჩანაწერებიც.
1956 წლის ბოლოს გურამი ბაკურიანში დაუმეგობრდა ერთ გოგონას. ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა ძლიერ სიყვარულში (ვნებაში) (`მგონი შეყვარებული ვარ. თუმცა, როდის არა ვარ. არა, ახლა ვიცი ვინ მიყვარს. ჰო, ვიცი. ჰა? ჰო, ვიცი~. დღიურიდან) და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი ძმის ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ რ-სა და გურამის მეგობრობა თითქმის ჩემს თვალწინ დაიწყო და ჩემს თვალწინ დამთავრდა კიდეც, ძნელი იყო იმის თქმა, რა მოხდა, რატომ დასცილდნენ ისინი ერთმანეთს!
ყველაზე ბუნებრივია იფიქრო, რომ ერთს ან მეორეს, ან ორივეს ერთდროულად, გადაუყვარდათ ერთმანეთი, რასაც მოჰყვა მათი დაშორება!!
რ-მ პირად საუბარში, გურამის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, მითხრა: `არ ვიცი, უეცრად რა მოუვიდა გურამს! საერთოდ, ის იყო რბილი და საოცრად დამთმობი ყველა საკითხში. მაგრამ უეცრად დაიწყო ნამდვილი ტანჯვა ჩვენს ურთიერთობაში. ჩემი ბრალი არ იყო არაფერი, მე მაშინ ტვინი გადაკეტილი მქონდა გურამით. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი მოსკოვიდან მის დაბრუნებას.~
პატარ-პატარა რვეულის ფურცლებზე გაბნეულ 1957 წლის ჩანაწერებში, ისე როგორც ამ წლის ბოლო მოთხრობაში (`ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა~) ჩანს, რომ მათი დაშორების მომენტში, ჩემს ძმას განსაკუთრებით უყვარდა რ. დღიურებში დაწერილია ბევრი რამ, რაც ადასტურებს მის გრძნობას და განშორების სიმწარეს. მახსოვს, ამ სიყვარულის დასაწყისი (იხ. ტომი 3, `ირინა და მეს~ კომენტარები):
თავდაპირველად, გურამმა რ. თითქოს დააკავშირა ყველაფერ იმასთან, რაც მას უყვარდა ცხოვრებაში, რისაც, ამავე დროს, თითქოს ეშინოდა და გაურბოდა კიდეც: ეს იყო ყოველდღიური, მარტივი, თბილი, გულღია, გულწრფელი ურთიერთობები. მახსოვს, ერთხელ როგორ მოახურა მას ბებოს შალი, როგორ ჩასვა სავარძელში და როგორ ეუბნებოდა, ბებო კატოს (ბებოს და, ძალიან ლამაზი ქალი) მაგონებო. გურამი იღიმებოდა, იღიმებოდა რ-ც. მერე, მახსოვს, რ. ჩვენთან სახლში რაღაცას ფუსფუსებდა, მგონი, სუფრას შლიდა. გურამი იქვე იჯდა სავარძელში და აბოლებდა ყალიონს. სადილის მერე რ-მ და დედამ ერთად აალაგეს სუფრა. მერე ჩუმად ლაპარაკობდნენ, ალბათ, გურამზე. მამა გაზეთს კითხულობდა. მეც იქვე ვიდექი და შუშაბანდის ფანჯრიდან ეზოში ვიყურებოდი. ეს იყო უხინჯო ოჯახური იდილია რ-სთან ერთად. საღამოობით მოდიოდნენ ბიჭები. გურამს ჰქონდა კრივის ხელთათმანები და იმართებოდა რინგი. რ. და მე მაყურებლები ვიყავით. გამარჯვებული ცეკვავდა ან ჩემთან ან რ-სთან. დავდიოდით კუს ტბაზე, ხან ლისის ტბაზე. ვცურავდით ტბაში ბიჭებთან ერთად, ხან ნავებით ვსეირნობდით. მახსოვს, ერთხელ როგორ ამოიყვანა რ-მ ლარსის ქუჩაზე მხარზე გადაკიდებული (როგორც მერე ხუმრობდა მამა) ძალიან ნასვამი ერლომი. გურამმა ერთხელ მითხრა, რა ვაჟკაცური მეგობრობა იცოდა რ-მ და როგორი იმედიანი იყო ყველა საკითხში. შეიძლება გურამი ამ თვისებით მას დედას ამსგავსებდა. მახსოვს, ლადო ქოქიაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო, რ-სთან ვიყავი სტუმრად. ის რაღაცას ამბობდა გურამზე, რას, ზუსტად არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ, გამიკვირდა, რომ ასე ძალიან ახლოს იყვნენ ისინი ერთმანეთთან. რაღაც მუდმივობის, უცვლელობის განცდა მოდიოდა მათი ურთიერთობიდან, ისეთი, როგორიც თითქოს დედასა და მამას ურთიერთობიდან, თითქოს რ. ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. რ-ს ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული გურამის ქამარზე როგორც ბოშა-ქალს (`ეს მე ვასწავლეო~, მითხრა ერთხელ გურამმა) და ისე დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში. რ-ს უბზინავდა მხრებზე ჩამოყრილი ლამაზი, გაშლილი წაბლისფერი თმა, წითელი, სავსე ტუჩები, უბზინავდა კბილები, რაღაც უცნაურად უელავდა მრგვალი თვალები და თითქოს ყოველთვის შეფაკლული ღაწვები. განსაკუთრებით უცხოდ მეჩვენებოდა მისი მოქნილი ტანი, არაქალურად ძლიერი, ოღონდ ლამაზი კიდურებით და გაშლილი, აპრეხილი მხრებით. ამ დროის პატარ-პატარა ამბების მინაწერ დღიურებში, ისე როგორც თვითონ `ამბებში~ (იხ. ტომი 2), შიგადაშიგ გაიელვებს ხოლმე რ-ს სახე, სახელი `რ.~. ამავე წლის გაზაფხულზე გურამმა, როგორც დღიურში წერს, გადაწყვიტა რ-ს მოტაცება და საქმეების მოსაგვარებლად წავიდა თეთრ წყლებში. ამ მგზავრობის შესახებ დაწერილია პატარა მოთხრობაში `უღელტეხილი~. გატაცების ამბავი ერთი-ორი სიტყვით მოხსენიებულია დღიურებშიც. ცხადია, ალბათ, ეს უფრო გურამის ოცნებების სფეროს მიეკუთვნებოდა (თუმცა ვინ იცის?), ისე როგორც სოფელ `რჩეულოვკას~ აშენება ან ყოლა საკუთარი გემისა `გურამი~, რომლის ეკიპაჟსაც საგულდაგულოდ არჩევდა ხოლმე. გურამი ისე დამაჯერებელად ლაპარაკობდა თავის გეგმებზე, რომ ძნელი იყო ეჭვი შეგპარვოდა მათი განხორციელების შესაძლებლობაში.
გურამის გვერდით ყოველთვის იგრძნობოდა არაჩვეულებრივი სიმხიარულე, თითქოს ძლიერი ტკბობა ცხოვრების სულ უმნიშვნელო დეტალებით, მაგალითად, თეთრი პერანგით, ლამაზი ვარცხნილობით, ლამაზად და მყუდროდ დალაგებული სახლით, ურთიერთობებით მეგობრებთან, არაჩვეულებრივად ხალისიანი ჩხუბითაც კი, როგორც მისი მეგობრები ყვებიან, კარგი მუსიკით, სიმღერით და სხვ. გურამი აღფრთოვანებული იყო ხოლმე მეგობრების მწერლობით, მეზობელ ლიონას უნარით ყოფილიყო ბოლომდე ლოთი, ვიღაც გოგოს უნარით ჰყვარებოდა თავისი პროფესია _ ოფიციანტობა, ვიღაცის სიძლიერით, ისე როგორც სხვისი სისუსტით. გულის სიღრმემდე განიცდიდა ადამიანის სასიცოცხლო ძალების დასუსტებას, მოხუცებულობას, დამარცხებას, გინდაც ის მტერი ყოფილიყო.
გურამი თითქოს, მართლაც, `სიცოცხლის ნიშნით~ იყო დაბადებული. `მე მიფიქრია, ვინმე ასტროლოგი მისი ჰოროსკოპის შედგენისას აუცილებლად იტყოდა: იგი დაიბადა სიცოცხლის ნიშნით. სიცოცხლე ჩქეფდა მის მოძრაობაში, ნაბიჯებში, თითქმის ყოველთვის გადაქერცლილ ცხვირის კეხშიც კი,~ _ ოტია პაჭკორია გურამზე.
ძალიან ძნელია გაერკვე მწერლის აზრებსა და გრძნობებში ამ პერიოდის ჩანაწერების მიხედვით, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და გრძნობები სრულიად ბუნებრივად ენაცვლება ერთმანეთს, ზოგჯერ, ერთ წინადადებაშიც კი.
აი, ზოგიერთი მათგანი:
`დამთავრდა გუშინ ყველაფერი საბოლოოდ. მე დავრჩი შეყვარებული, როგორც ყოველთვის, არა, ახლა უფრო მეტად, შეურაცხყოფილიც. _ ისევ აღარ ვუყვარვარ, მერე ვის? რ_ს!! კეთილ, ლამაზ რ_ს...~
`გეგმასავით განვახორციელე ჩვენი დაშორება ...~
`უნდა მივიდე რ-სთან, რომ ცუდად არ იფიქროს საერთოდ კაცებზე და არ დაკარგოს ყველას ნდობა. ჯობს იფიქროს, რომ იმან დამანება თავი...~
`სიძლიერე იყო ჩემი მხრიდან რ-სთან დაშორება თუ სისუსტე!~
`ყველაზე ადვილია დაშორება, როცა ძალიან გიყვარს.~
`მე ის აღარ მიყვარს ისე ახლა, სულ ორი დღის შემდეგ. როცა გულგრილად ვუყურებ საქმეს, გაცილებით ადვილია მისი შეცნობა.~
`არ მინდა არავის ნახვა.. ვღიღინებ, ტუტუცივით ვიკრიჭები, ხალხი მესალმება თუ ჩუმი სამძიმრებია.
`ნას ობმანული, ნას ლოჟიუ ოკუტალი~ თან ვარჩევ კტო ოკუტალ? კტო ოკუტალ? არავინ. ე.ი. არ უხდება ეს სიმღერა ამ ხასიათს, მაინც ვმღერივარ... თან ბრაზი მომდის, კტო ობმანულ ჩემმა თავმა, ჩემი ბრალია, ის კარგი გოგოა, ყველაფერი ჩემი ბრალია.~
`.. არ მწამს მუდმივად ერთის სიყვარული, მაგრამ საერთოდ მწამს სიყვარული, თუმცა ერთი რო იყოს, მინდა. _ საშინლად ვიღლები. ე.ი. გული სავსეა სიყვარულით, ეძებს იმას, ვინც უნდა უყვარდეს _ აბა ვინ დაასწრებს! ნეტა შენ იყო ის, რ!~
`საშინლად მიკვირდა, როგორ გავხდი უცხო რ_თვის, საყვარელი გოგოსთვის, რომელსაც ჩემთან უტირია, მეც მიტირია _ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი! რას არ შვებოდა ის თავისი სიყვარულისათვის და, უცებ, მე უცხო ვარ მისთვის, ის კი იგივე დარჩა ჩემთვის, როგორიც იყო. თბილი, საყვარელი. დღეს მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი ასეთი უცხოობა _ წარმოვიდგინე ის და გულმა არაფერი არ იგრძნო, არავითარი ტკივილი. წარმოდგენაში ის მიდიოდა ქუჩაში, მივესალმე გულგრილად, ისიც მომესალმა _ სულ უცხო _ ისეთი, სანამ შეგვიყვარდებოდა ერთმანეთი _ ეს წამით! საოცარია _ მისთვის კი მტკიცედ უცხო ვარ....~
`მრჩება ტკივილი, შიში, ნდომა, ვნახო ის, ვისაც არ მოვბეზრდები, ვისაც ბრმად ვეყვარები ყოველთვის ან ვინც გამიგებს, ნეტა ყოფილიყო ის ვიღაც რ., ნეტა!~
`საშინელ ხასიათზე ვარ სიყვარულისგან. შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს გრძნობას, მერე ვინ? ჩემივე თავმა _ მე ვარ, როგორც ყოველთვის, ყველაფერში დამნაშავე _ ასე მწამს _ სხვა ვერაფერს დამიშავებს, ვერც მასიამოვნებს, თუ მე არ მინდა. ახლა მინდა მოვიშორო ეს სიმძიმე, არ შემიძლია.~
`უცებ გამიარა, ახლა ამაზე მომდის ბრაზი. ე.ი. არ შემძლებია სიგიჟემდე სიყვარული და ყველაფერში ასეა.~ .. `ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, გეგმასავით, რომ დავშორებოდით ერთმანეთს ...~
`მე მწამს, რომ თუ მე არ მინდა, ისე ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. ვერც მასიამოვნებს, ვერც მაწყენინებს~.
`ორი დღეა დავშორდით ერთმანეთს და მე უკვე ვაქანდაკებ მას, ქანდაკებას კი შტრიხები უნდა, ძირითადი და სხვა ხარისხებისა, მთავარია, დავიჭირო ძირი და ის სხვა ხარისხებით გავაკეთო! ნატურა მზად არის (Как это пошло!)~
რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, გურამმა დაიწყო თავის წამება, ყოყმანი, უარი ეთქვა თუ არა სიყვარულზე. თუ მათი დაშორება, მართლაც, გურამის ბრალი იყო და ჩემმა ძმამ, როგორც ზევით მოყვანილ ციტატაშია, ეს `გეგმასავით განახორციელა~, მაშინ გამოდის, რომ ამ დაშორებით მან ტრავმა მიაყენა არა მარტო რ-ს, არამედ საკუთარ თავსაც. რ_სთან კავშირის გაწყვეტით ის შეგნებულად ამბობდა უარს ყველაფერზე, რაც უყვარდა. ერთხელ მას მანანა მეგრელიძისთვის უთქვამს: რ. ჩემთვის ცხოვრების სიმბოლოსავითააო. ეს დაშორება მისთვის, როგორც ჩანს, `ვადით გაუსვლელი დანაშაულის~ ჩადენის, ანუ ირინას (`ირინა და მეს~ გმირი ქალი) მკვლელობის, ტოლფასი იყო _ `ცხოვრებაში, მადლობა ღმერთს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა~ (დღიურიდან). ისინი, უბრალოდ, უკანმოუბრუნებლად დასცილდნენ ერთმანეთს.
მაგრამ რატომ შეიქნა ეს აუცილებელი? რატომ აღმოჩნდა რ-დმი სიყვარული, თითქოს სრულიად მოულოდნელად, გზაჯვარედინზე და რას ემიჯნებოდა ჩემი ძმა, როდესაც უარს ამბობდა ამ გრძნობაზე!? მომდევნო პერიოდში დაწერილ ნაწარმოებებში გურამი თითქოს ცდილობდა გარკვეულიყო, რა მოხდა.
ჩემი აზრით, აქ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ორი მომენტი:
ერთი ის, რომ გურამი ცდიდა ყველას და ყველაფერს, უპირველესად კი, საკუთარ თავს, როგორც ოქროს ზოდს ან რაიმე სხვა ძვირფას მეტალს ცდიან ხოლმე ნამდვილ, ჭეშმარიტ ხარისხზე. გაძლევდა სრულ თავისუფლებას, შეგეძლო თავდაყირა დაგეყენებინა ყველაფერი, შენც თავდაყირა დამდგარიყავი და მაქსიმალურად მიჰყოლოდი გულისთქმას. თუმცა ამ საშიში თავისუფლებიდან თავის დასაღწევად მე, პირადად, უფრო მიადვილდებოდა საზოგადოებრივი აზრით მიღებული აკრძალვებისათვის (ამის მებაირაღე ჩვენს სახლში დედაჩემი იყო) თავის შეფარება.
ვფიქრობ, ჩემს ძმას ამ სიყვარულშიც, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, უნდოდა ამოეტივტივებინა, გამოემზეურებინა _ მსგავსად იმისა, ხევსურები რომ ამზეურებენ სკივრებს მოთხრობაში `საიდან მოვდივარ, საით მივდივარ...~ _ ამოუცნობ სიღრმეებში ჩაძირული სამყარო, მზის სინათლეზე გამოეტანა ყველაფერი, და ამიტომაც შეჰქონდა დრამატული მომენტი თავიანთ ურთიერთობაში ჯერ კიდევ ბედნიერ, წყნარ დღეებში. ის, ვინც იქნებოდა მისი ტოლი და _ პირიქით, უნდა გაეძლო მასთან ერთად იმ განსაცდელისათვის, რასაც ის თვითონ უმზადებდა როგორც სხვას, ასევე საკუთარ თავს. შესაძლებელია, გურამი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ზედაპირის გადალახვით შეიძლება დაწყებულიყო ჭეშმარიტი ურთიერთობები და `მაქსიმალური გულწრფელობა~, რისკენაც ის მიისწრაფვოდა როგორც ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებაში. 1957 წლის მოთხრობებისა და ამ პერიოდის დღიურებისათვის (იხ. ტომი 5.) თვალის გადევნებით, მკითხველი თავად შეძლებს მიჰყვეს პატარ-პატარა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მომენტებს მწერლის ცხოვრებიდან, იმ `განსაცდელებს~, რომელთაგან თითოეული, თავისი ინტენსივობით, მძაფრსიუჟეტიანი ფსიქოლოგიური რომანის ამოსავალ წერტილად შეიძლება იქცეს.
`სიყვარულს აქვს სულიერი და ხორციელი მხარე. როგორ მინდა ეს ორივე ერთ ქალში იყოს გაერთიანებული. როგორ მინდა, რომ ეს ქალი შენ იყო, რ.!~
`ამ სიყვარულის შემოწმება თვითონ სიყვარულის ფასად დამიჯდა~ (დღიურებიდან).
ასე მგონია, რ-ს სიყვარულმა ამ გამოცდას ვერ გაუძლო.
მეორე მომენტი, ჩემი აზრით, უშუალოდ იყო დაკავშირებული გურამის ცხოვრების ძირითად ამბავთან, იმ შინაგან წინააღმდეგობებთან, რამაც პირველად რ-სთან ურთიერთობაში იჩინა თავი (`ხო, უცხო გავხდი ჩემი თავისთვისაც, სხვებისთვისაც. იმან ყველაზე კარგად იგრძნო ეს, რადგან ყველაზე ახლოს იყო. ხო, უცხო ვარ! ის კი არ არის უცხო.~)
ზოგადად, მოგონებებზე, დღიურებსა და მწერლის მხატვრულ შემოქმედებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ 1957 წლის ბოლოსათვის გურამმა უეცრად იგრძნო, რომ საჭირო იყო მისთვის ყველა ურთიერთობის მწვავე ფაზაში გადაყვანა. რისთვის?
`ის რაღაც რა არის, ჯერ არ ვიცი.~
`ეს ჩემი თვისებაა ყველაფერში: ჯერ გაურკვეველია ჩემთვის რით, მაგრამ მე მით ვივსები, დავრბივარ, დავხტივარ და მხოლოდ მერე ვხვდები, რა არის ეს~ (ამონაწერები დღიურებიდან).
მართლაც, რაღაც პერიოდში გურამი უკიდურესობამდე ამწვავებდა ურთიერთობებს და ეს არ ეხებოდა მხოლოდ `ხორტისტებს~. ის ყველგან, ყველა საკითხში, ყველა ურთიერთობაში თითქოს ცდილობდა მოეხსნა კომფორტული მდგომარეობა საკუთარი თავისთვის: ოჯახში, ამხანაგ-მეგობრებთან დამოკიდებულებაში, გოგონასთან, რომელიც მას მაშინ უყვარდა, საკუთარ სხეულში (`ჩემი სხეული არ არის ბოროტი, ზედმეტი ბიცებსების გარეშე ..~ `ეს სიბოროტე ჩემს სხეულში მე გარედან შემაქვს..~) და სხვ. `ალბათ, სასაცილოა ამის აღნიშვნა, _ წერს დედა თავის დღიურში, _ მაგრამ გურამთან ყველაფერი პრობლემად იქცევა ხოლმე~. ის წერდა ამ შემთხვევაში ბანაობაზე, ჩვეულებრივ შხაპის მიღებაზე. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება ყოფილიყო სულ ელემენტარული დილის ვარჯიში, ბურთის აკენწვლა, ჟონგლიორობა, რითაც ის ერთხანობას იყო გატაცებული, ჭამა, ძილი და სხვ.
ამონაწერი 1958 წლის დღიურიდან:
` ..მარტო ვარ სახლში. პირველად დილით გადავწყვიტე მიმეღო შხაპი, არაჩვეულებრივად მესიამოვნა. ჩავიცვი თეთრი პერანგი. ყველაფერი ჯანსაღია, ბაბუაც კი უფრო კარგად მეჩვენება. წინათ (იგულისხმება 1957 წელი _ მ. რჩ.), როცა ვინმე ასე იქცეოდა, დავცინოდი, როცა ამით ვინმე კმაყოფილებას იღებდა, მე ათას დამამცირებელ სახელს ვუგონებდი გულში თუ ისე. ახლა მე თვითონ მსიამოვნებს. საკვირველია, ბევრი ძალა დამიჯდა, რომ ამ უბრალო სიამოვნების ღირსი გამეხადა თავი, მთელი ხუთი წელი ვიბრძოდი ყველა წვრიმალობაზე მაღლა დავმდგარიყავი და მხოლოდ ამ მაღლა დადგომის შემდეგ გამეკეთებინა ის, რასაც ყველა კაცი აკეთებს ყოველდღე სრული დარწმუნებით, რომ ის ღირსია. მე კი რამდენი წვალება მჭირდება ყველაფერზე, სულ უბრალო რამეზე _ თუნდაც, სიმხიარულეზე ან გოგოს მოჩანგვლაზე _ .. მე რაიმე კარგი, დიდი უნდა გავაკეთო ჩემს თავთან, რომ იმ მეორის ღირსი გავხდე, უფლება მოვიპოვო .. ღმერთო ჩემო, რა ადვილად ახერხებს ამას უმეტესობა და რა ძნელად ეძლევათ ეს სხვებს .. ან მე, რომელშიც გიჟივით იბრძვიან სული და ხორცი და საკმარისია, ერთ-ერთი იწყებდეს ძლევას, მეორე წარმოუდგენელ ხმაურსა ტეხავს. ინდომებს სმას, სიგიჟეს, ჩხუბს ან, პირიქით, წიგნებს, მარტო ყოფნას, საუბარს პატიოსნებაზე და მხოლოდ ერთის ნაწილობრივი გამარჯვების შემდეგ ეძლევა მეორეს თავისუფლება მისცეს თავი მოქმედებას...~.
`გურამი ხშირად გამაღიზიანებელი იყო~. ამას ბევრი აღნიშნავს ხოლმე ჩემთან პირადი საუბრისას. გურამის ეს თვისება ჩანს ამ ტრაგედიაშიც (`რატომ იცინი არ გვესმის, იქნება გინდა გაგვაღიზიანო, როგორც ეს მე გავაკეთე~, ან კიდევ `იულონ, გეყოფა ხალხის გაღიზიანება~ და სხვ.).
ამონაწერი `იულონიდან~:
`сейчас я хотел только поддразнить вас, чтоб скрыть мое физическое волнение необусловленное, бесформенно страшное _ скрыть от самого себя.~
რა იყო ამ გამაღიზიანებლობის უკან? რა იყო ის `необусловленное, бесформенно страшное~, რაც ისეთ მღელვარებას იწვევდა მასში, რომ საკუთარ თავსაც კი უმალავდა? და, ძაგანიას კვალდაკვალ, თითქოს ეშინოდა კიდეც გარეთ არ გამოსულყო `ის~ და `ყველაფერი~ (რა `ის~? რა `ყველაფერი~?) ცხადი არ გამხდარიყო. რატომ, რისთვის იყო საჭირო მუდმივად სიყვარულზე, სიმშვიდეზე მეოცნებე ჩემი ძმისათვის (`მე ხომ მარტო ის მინდა, ვიცხოვრო წყნარად, მშვიდად..~) ასეთი დრამატიზება, დაძაბვა სიტუაციების, სრულიად ბუნებრივი, ჩვეულებრივი ურთიერთობების?!
აქ შეიძლება გავიხსენო მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდა რუსი პოეტი მიხაილ გრობმანი, რომელიც გურამმა, თუ არა ვცდები, ანზორ სალუქვაძისაგან გაიცნო. თბილისში ყოფნისას ის აღტაცებული დაჰყვებოდა ჩემს ძმას ყველგან. რუსეთიდან მან მალევე გამოუგზავნა გურამს პირველი წერილი:
`2 Февраля. 1959 года.
Харьков.
.........Ты, наверно, уже сидишь посреди 4-х стен и работаешь. Бог в помощь, хотя не могу тебя представить смиренно трудящимся в келье. А, впрочем, представляю и при этом вижу твою клубящуюся ауру:
Золотое сияние сконцетрировалось в молнии, голубое зарешечено розовыми линиями и еще миллиарды неуловимых оттенков, колеров и все это непрерывно всплывает и взрывается, а поверх всего непроницаемая оболочка спокойствия, символ сути .
Вот видишь, Гурам, я превратился в ясновидящего. .......
Твой Мишель ათონელი.~
არქივში შემონახულია გრობმანის სხვა წერილებიც. ამ წერილებიდან ჩანს, რომ რუს პოეტს განსაკუთრებით მოეწონა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, შეუყვარდა გურამი.
ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ მივიღეთ მიხაილ გრობმანის წერილი გურამის სახელზე. ცხადია, ამ წერილის ავტორმა არ იცოდა, რომ ადრესატი თითქმის უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო.
ამონაწერი წერილიდან:
`2 апреля. 1961.
Гурам!
сейчас я нашел письмо свое к тебе полуторалетней давности. Письмо неотправленное.
И решил, что лучше будет, если ты его все же прочитаешь.
Миша Гробман.
Октябрь. Москва. 1959 г.
Когда с самолета нам сбросили письма и среди них оказалось и твое, я как дурак от радости прыгал вокруг костра, я ведь не знал, что твое послание надо было тут же бросить в огонь. Да, когда я его распечатал, я не пропустил ни одного слова, я разбирал каждый штрих, и все надеялся, что вот сейчас все это обернется пусть нелепой, но все таки шуткой. Этого не случилось. Я не хочу оправдываться, но я хочу, чтобы ты знал, что я тебя любил и верил тебе. Можешь считать, что твое письмо достигло цели (это мое признание, очевидно, принесет тебе необыкновенное удовольствие) после того странного и бессмысленного бреда, которого я от тебя получил. Мне было очень тяжело, тем более, что я верил в тебя так, как мало приходится в кого либо верить. Может быть, я был немного легкомысленен, но это едва ли может служить поводом к каким то странным обвинениям и оскорблениям. Я всегда был честен по отношению к тебе, ты этим, как выяснилось, похвастать не можешь.
Прощай, Гурам.
М.Гробман.~
ჩემთვის უცნობია რა გააკეთა, ან რა მისწერა ისეთი მიშა გრობმანს გურამმა (რომლის მოყვარული, ფაქიზი ბუნება ბევრი ახლობლისათვის იყო ცნობილი), ასე რომ ატკინა გული და სამუდამოდ გაანაწყენა მასზე შეყვარებული ადამიანი!
ამ ამბის გაგება, ვფიქრობ, შეიძლება მხოლოდ ჩემი ძმის მთლიანი ცხოვრება-შემოქმედების ფონზე იმ ფაქტების გახსენებით, როდესაც ის ცდილობდა თავიდან აეცილებინა მისი პიროვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება (იხ. ტომი 3, `შაშას რევოლუციის~ კომენტარები) და, როგორც დედა წერს მოგონებებში, `გეგონება ეშინოდა კიდეც, რომ ვინმეს უფრო კარგი არ გონებოდა ის, ვიდრე სინამდვილეში იყო~. გურამი თითქოს, როგორც ამ ტრაგედიაშია, უფრო ადვილად იტანდა ძაგებას, მისი პიროვნების შეურაცხყოფას, _ ტრიალდებოდა და უხმოდ ტოვებდა მოედანს, _ ვიდრე ქებას (`შენ რა, არ გეშინია პატიოსანი კაცის სახელის? სულხანი არის პატიოსანი კაცი~ `.. მე ეგ ცუდი კაცის სახელი მსიამოვნებს, უფრო მეტიც, მე ეგ მამართლებს, ეგ ამართლებს ჩემს ახლანდელ მდგომარეობას~ _ `იულონიდან~). თუმცა ისიც მახსოვს: პატარა ბავშვივით უხაროდა, მასში უთქმელად და შეუქებლად რომ ამოიცნობდნენ კარგ, კეთილ გურამს, როგორიც სინამდვილეში იყო, და ძალიან სტკიოდა გული, როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩვენს გვერდით. ამას უთქმელად ვგრძნობდით ოჯახის თითოეული წევრი. როგორც კი გაისმოდა სადარბაზოს მექანიკური ზარის გადატრიალების ხმა, თუ ის ეკუთვნოდა გურამს, ამას მაშინვე ვხვდებოდით შეუცდომლად, იმწუთშივე იმუხტებოდა ყველაფერი. თითქოს რაღაცნაირად ჩვენც ვებმებოდით ამ `უფლება არა გაქვს~ სიტუაციაში. გურამი თითქოს ვეღარ ეტეოდა ჩვეულებრივ ურთიერთობებში. შვილზე შეყვარებული დედა თითქმის სასოწარკვეთილი წერს დღიურში: `რა ემართება გურამს, ის, თითქოს, თანდათან კარგავს ადამიანობას.~
გურამი მთელი სტუდენტობა ღელავდა დედაზე, დარდობდა დედას სუსტ გულზე და ეშინოდა, რომ ის ვერ გაუძლებდა მის გაუთავებელ აყალმაყალებს, გავარდნა-გამოვარდნებს. საყვედურით მეუბნებოდა, რომ უფრო ხშირად უნდა ვყოფილიყავი სახლში როგორც გოგო, და მეტი ანგარიში გამეწია დედასათვის, რომლის მთელი ცხოვრება მხოლოდ ოჯახთან იყო დაკავშირებული. თვითონ, თუმცა თითქმის ყოველთვის ატყობინებდა დედას სად იყო და როდის მოვიდოდა, ვერ აეძულებინა თავი, მოქცეულიყო ისე, როგორც მას გაუხარდებოდა. ამას მოწმობს დედას მოგონებებიც, მისივე თქმით, ხშირად თვალცრემლიანი რომ წერდა ხოლმე, გურამის დღიურები და განსაკუთრებით კი გაგრიდან დედასთან მოწერილი ბოლო წერილი და გაგრაშივე დაწერილი დედასადმი მიძღვნილი ბოლო ლექსი. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის პირველი ელდა იყო, რომ დედა გადარჩა და რომ ის ჩვეული ძალისხმევით აგრძელებდა ოჯახის მოვლა-პატრონობას. და, მაინც, მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ მიდიოდა დედას გადარჩენის ნიშნით. გარდა ჩემი ნებისა, ეს იყო თითქოს გურამის ანდერძიც.
მახსოვს წამიერი შეგრძნება ჩემი ძმის დაკრძალვიდან ძალიან მალე: მივიღე შხაპი, მოვიცვი თეთრი ღუნღულა ხალათი, რომელიც სწორედ იმ დღეებში ჩვენმა ერთ-ერთმა ნათესავმა მაჩუქა, ალბათ, თანაგრძნობისა და სიყვარულის ნიშნად, და შევწექი ახლად გამოცვლილ ლოგინში. არაჩვეულებრივად კომფორტული, მყუდრო და მშვიდი ჩანდა ყველაფერი ჩემს გარშემო. დამეუფლა რაღაც უცნაური შეგრძნება ნებივრობის, თავისუფლების (რაც გინდა გააკეთე, როგორიც გინდა იყავი, ვინ არის განმკითხავი!) და მაშინვე გამახსენდა ზამზას და (კაფკას `მეტამორფოზებიდან~), ძმის გარდაცვალების შემდეგ მშვიდად რომ აგავა აქანდაზზე ის, რაც დარჩენილი იყო მისგან, ჩააგდო ნაგვის ყუთში და საღამოს, დედასა და მამასთან ერთად ხელგაყრილი, წავიდა კინოში ფილმის სანახავად.
გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება-შემოქმედების მთლიანი და, ამავე დროს, ეტაპური გააზრებისას, მხატვრულ ნაწარმოებებში, მკითხველის თვალწინ, ცხოვრების წამლეკავ ნიაღვრებში, `ჰეი-ჰოებში~, თითქოს სრულიად მოულოდნელად, კუნძულებივით ამოიმართება ხოლმე რაღაც მომენტები, რომლებიც სიტყვაში გამკვრივებული გავარვარებული ვულკანის ლავასავით, რჩება როგორც ხილული ფაქტი, როგორც მტკიცება იმ სამყაროსი, უხილავ სიღრმეებში რომ არის ჩაძირული.
1957 წელს ამგვარი ფაქტი უნდა ყოფილიყო გურამის სულიერი გამოცდილება უფლისციხეში, რასაც მოწმობს პატარა მოთხრობა `უსახელო უფლისციხელი~, იქვე, უფლისციხეშივე, რომ დაიწერა (იხ. შენიშვნები `უსახელო უფლისციხელისათვის~, ტომი 2, გვ. 395-396). იმ დღეს, 4 ივლისს (გურამის დაბადების დღე), ვფიქრობ, ისეთი რაღაც შემოიჭრა ჩემი ძმის ცხოვრებაში, რამაც სულ სხვა სიღრმეებში საოცარი ძალით და სისწრაფით დაატრიალა და თავდაყირა დააყენა მისი სულიერი სამყარო: საშიში უფსკრულის პირას, ხრიოკსა და უდაბნოში, როდესაც მზე სულ უფრო და უფრო აჭერდა, როდესაც ხან ღმუოდა ქარი, ხან სისინებდა და ქვიშას აყრიდა დაღლილ თვალებში, რაღაც წამს, შეიძლება პირველადაც კი, დაეუფლა მას გარკვეული სულიერი განწყობა. ის `გაბრუებული~, `ბანცალით~ Eშევიდა ქვაბებში, დახუჭა თვალები და, თვალებდახუჭულს, მას თითქოს გაეხსნა შინაგანი ხედვა. მოულოდნელად ის პირისპირ აღმოჩნდა იმ `რაღაცის~ წინაშე, რასაც ამაოდ ეძიებდა (`ძაგანიას `რაღაც~ რა არის, ჯერ მე თვითონ უნდა გავარკვიო~), შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე, როცა მასში ძლიერად იფეთქა `შიშველი~ სიყვარულის გრძნობამ (იხ. 1956 წლის 21 მარტის დღიური). მაშინ, თავისი სიმხურვალით, სიყვარულის ეს გრძნობა გურამმა შეადარა ცეცხლს, მოგიზგიზე კოცონს, რომელიც ისეთი სიძლიერით დაინთო მის გულში, რომ მისი უგულებელყოფა არ გამოდიოდა. სიყვარულის ცეცხლი თანდათანობით გადაეცემოდა უკლებლივ ყველა ნაწარმოების გმირს და ქმნიდა მწერლის შემოქმედების საფუძველს (`ყველა ნაწარმოების თემა არის სიყვარული~. `იულონიდან~).
`იულონის~ ბოლო მონოლოგი:
`აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენს წინ, ნამდვილი გურამი, რომელსაც უყვარხართ თქვენ სიყვარულთა შორის ყველაზე დიდი სიყვარულით, სიყვარულით ყველაფრისადმი, არტისტული სიყვარულით, რომლის შეგრძნება ღმერთობამდე ადის. ის არის ყველაფრის მპატიებელი, ყველაფრის გამგები. მე ვშლი ისევ ხელებს, მომანათეთ ნათურები, ჩემი ჩრდილი ეცემა უკან ფარდას და ადის ჭერამდე, უფრო მაღლაც, მე უფრო ვშლი ხელებს აშკარა, გულუბრყვილო არტისტულობით და მზადა ვარ ჩავიტიო ჩემი გმირებიც, თქვენც, ჩემი თავიც და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე არტისტი ვარ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სცენაზე, მხოლოდ აქ დგომის დროს, ყველაზე გულწრფელი ადამიანი, მოკლებული ყოველგვარ წვრილმანს, საყოფაცხოვრებოს.
ჩემი ხელები, ჩემი ჩრდილი იშლება სულ უფრო და უფრო დიდად, ის იტევს ყველაფერს და იხსნება მასში. მე ვიცი, რა არის უდიდესი ყველა გრძნობათა შორის, ეს იცოდით თქვენც, და ამიტომ მოხვედით თეატრში:
აი, ჩემი აქ დგომის მაქსიმუმი: სცენაზე ყოფნა ეს არის უდიდესი სიყვარული!~
ვფიქრობ, გურამის `უცხოობის~ შეგრძნება, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველად რ_თან ურთიერთობაში იჩინა თავი, უპირველესად, უფლისციხის გამოცდილებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს იყო თითქოს მწერლის სულიერი ბიოგრაფიის დასაწყისი, როდესაც მხოლოდ იკვეთებოდა იმ სერიოზული კოლიზიების კონტურები, რომელთაც სულ მალე უნდა წარემართათ მწერლის ცხოვრება-შემოქმედების სიღრმისეული სამყარო და თითქოს გაეწმინდათ, მოემზადებინათ გზა _ `საით~?
`გურამმა სერიოზულად რომ დაიწყო ფიქრი, მერე შეტრიალდა ტრაგიკულად მისი ცხოვრება. ჩასაფრებულია ტრაგედია ცხოვრებაში~ (ბესიკ ადეიშვილი).
გურამის იმდროინდელი ზოგადი განწყობისათვის მკითხველს შეუძლია მიადევნოს თვალი 1957 წლის მოთხრობებს, დღიურებს (იხ. ტომი 5.) და, ასევე, წლის ბოლოს დაწერილი დაუმთავრებელი პიესის სხვადასახვა პასაჟებს (იხ. აქვე, შენიშვნებში `მარინასათვის~).
თურმე ერთხელ გურამი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად თემო ჯაფარიძესთან იყო სტუმრად. ამ გოგონას გადმოცემით, გურამი მივიდა მაგიდასთან, მერე ზუსტად არ მახსოვსო, მითხრა მან, ხელში აიღო ფურცლები და წაიკითხა თუ ზეპირად თქვა: `ქრისტე აწამეს, მერე იწამეს~. დამახსომდა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღის მერე ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ხოლმეო. როგორც არქივზე მუშაობისას გაირკვა, ეს სიტყვები ამ დაუმთავრებელი პიესის ერთ-ერთი მონოლოგის ლაიტმოტივი იყო.
წლის ბოლოს თითქოს ყველაფერმა მიაღწია კულმინაციას და გურამი 1958 წლის 23 იანვარს, ბევრისათვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე თვით გაემგზავრა მოსკოვში. დედასა და მამას დაყოლიებას, ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის, საკმაო დრო დასჭირდა. დედა დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ გურამი მოსკოვში დაწერდა დიპლომს შუა საუკუნეების ისტორიაში, რადგან თბილისში, მართლაც, ამხანაგ-მეგობრებით გარშემორტყმული, ძნელად ახერხებდა მუშაობას.
ამონაწერი დღიურიდან:
`მივდივარ ოცდასამში.
მიმყვება ჩაგუბებული ბრაზი საქართველოზე, ალბათ, ცოტა სიყვარულიც. არ შეიძლება მთლიანად გძულდეს უძლური... მიდის ბოლო დღეები. განსაკუთრებით მიჭირს ყველა ხაზის დაწერა ან რამის გაკეთება...~
ეს იყო ჩემი ძმის ახალი ცხოვრების დასაწყისი.
რ-სთან კავშირის გაწყვეტით გურამი თითქოს უარს ამბობდა პირადულზე, პირად სიამოვნებაზე და, ალბათ, საერთოდაც, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ურთიერთობებზე, რათა მთლიანად მისცემოდა ხელოვნებას. ცხოვრებისა და ხელოვნების შეთავსება აღმოჩნდა მისთვის სრულიად შეუძლებელი (პერიფრაზი დღიურიდან). ეს ეტაპი მთლიანად აისახა `ირინა და მეში~.
1958 წლის ნოემბერ-დეკემბრისათვის (`იულონის~ წერის პერიოდი) გურამი კარგა ხნის ჩამოსული იყო მოსკოვიდან და, როგორც არქივის კვლევისას გაირკვა, უკვე დაწერილი ჰქონდა `შაშას რევოლუცია~. მკითხველს გავახსენებ, რომ ამ ნაწარმოებში სინანულდაუფლებული მწერლის ალტერ ეგო პირველად დაჯდა მსაჯულის სკამზე და პირველად გაიაზრა თავისი ცხოვრების გზა როგორც გაუკუღმართებული: შეურაცხყოფით, შურისძიებითა და პატივმოყვარეობით შეპყრობილმა, მთელი ცხოვრება მოანდომა მეზობლის, თურმე მხოლოდ თავისი `საკუბოვე ოთახის~ ხელში ჩაგდებას. ამ ვნებას დაუმორჩილა მან სხვა ყველაფერი: მრუშობდა, არ შეიწყალა ქვრივ-ობოლი, გული მზაკვრობით, შურით ჰქონდა სავსე, პირი კი თაფლით, ვითომ ქრისტიანული სიყვარულით. დაივიწყა გვერდით მყოფი ადამიანი, საკუთარი თავი, რომელსაც მთლიანად აკლდა მისი სიყვარული. `იულონის~ წერის პროცესში იწერებოდა ნოემბრის დღიური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მწერლის ცხოვრება-შემოქმედების გააზრებისათვის. აი, რამდენიმე ამონაწერი ამ დღიურიდან:
` ..ამ სტრიქონების დამწერი იმყოფება საშინელ დაბნეულობაში, უფრო სწორად, გაურკვევლობასა და ბურუსში. ეს ყველაფერი გამოიწვია სულ რამდენიმე ხნის წინათ მის გონებაში შეჭრილმა არაჩვეულებრივმა სიცხადემ, თითქმის ფიზიკურმა შეგრძნებამ, რომ მან გაიგო ის არსი, რისთვისაც ცხოვრობს, რომ მან დაინახა გზა, რომელსაც უნდა მიჰყვეს და უცებ, ყველაფერი გახდა ისეთი მარტივი, მშვიდი, ადვილი, რომ მას შეზარა, შეზარა ამ უკიდურესობამდე სიადვილემ _ იყო ბედნიერი და კმაყოფილი, გიყვარდეს ყველა და დაკარგო ვნებები, სურვილები და იგრძნო თუ არა ყველაფერი ეს, შეგრძნება გადაიქცა ცოდნად, ხოლო თვითონ გაქრა. გრძნობებმა გამოჟონეს შიგნიდან, გამოვიდნენ, გაიფანტნენ, დაიბნენ..~
`ჩემი მიზანი ხომ მარტო ის არის, ვიცხოვრო სავსეთ და კარგად ..~.
`საკმარისია მე დავკარგო შიშის გრძნობა, რომ შევურიგდე, შევურიგდე იმას, რისთვისაც დიდი ხანია ვემზადები _ ეს არის უმაღლეს ძალად სულის აღიარება და ეს ტენდენცია ძალიან ძლიერია ჩემში. მახსოვს, ვაკის სტადიონზე მივდიოდი მარტო, ცხოვრებაზე ფიქრით, რაღაცნაირი შეგრძნებით, რომელიც არასოდეს არ მტოვებს: რომ მე უნდა ვიცხოვრო მარტო ბერივით და იქ ვიგრძნო უდიდესი სიამოვნება..~
`..მაგრამ შენ უკვე ჭკუა ისწავლე _ ჩალის გემო საბოლოოდ გაიგე; რომელი ჩალის? ჩალა რამდენიც გინდა იმდენია აქ, ამ ქვეყანაში, შორიდან კი მზე ანათებს დიდი, ბრჭყვიალა, თბილი, მიმზიდველი და მზემდე სწორი გზა მოჩანს. აი, მიზანი, აი, იქით ღირს გაქანება, რადგან მზე შენ ზურგზე არაა დამაგრებული და იქამდე შეიძლება მისვლა _ მთავარი განზრახვაა, თორემ მისვლით, მიხვალ. მერე რამდენად მიმზიდველია ასეთი მიზანი, წინ, სწორ გზაზე _ დედამიწა უკვე იცი, რომ მრგვალია, იქ კი _ მეტი ფიქრი საჭირო აღარაა _ მიზანი ჩანს, გაიქეცი იქითკენ, გავარდი, გაფრინდი და ჩემს რჩევას ყურს ნუ დაუგდებ _ არ შეიტრუსო ისე, როგორც სანთლისაკენ მიმფრინავი პეპელა, რომლისთვისაც რა იცი შენ, რომ სანთელი მზე არ არის და კიდე რა იცი შენ, რომ მისი მიზანი, როცა სანთლისაკენ მიფრინავს, სწორედ ფრთების შეტრუსვა ან საერთოდ მასში დაწვა არ არის. მაშ ასე, კარგ გზას გისურვებ! თუმცა რჩევებს ყურს ნუ დაუგდებ. გინდა დაუგდო, შენ უკვე იცი, რა ტკბილია მიზნისაკენ სირბილში დაწვა _ აქ ახლა ერლომი მოვიდა ფრთების შესატრუსად.~
თუმცა ამ დროისათვის მწერლისათვის უკვე ბევრი რამ იყო ნათელი, თითქოს გამოჩნდა კიდეც გზა, რომელსაც უნდა მიჰყოლოდა (ვფიქრობ, ამას უნდა მოწმობდეს ზემოთ მოყვანილი ამონაწერებიც 1958 წლის ნოემბრის დღიურიდან, `შაშას რევოლუცია~ და სხვა ნაწარმოებები), მაგრამ ზევით მოყვანილი დღიურის წერის პროცესშივე, როგორც ჩანს, უეცრად, ყველაფერი გადაიქცა მისთვის ცივ ცოდნად და შეგრძნება კი გაქრა (მწერლის სიტყვების პერიფრაზი ამავე დღიურიდან).
პირისპირ შეხვედრა იმასთან, რაც გონებით უკვე მოაზრებული იყო და წინ წასვლა, `იქითის იქით~, გურამისათვის, როგორც ყოველთვის, თითქოს შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ დაბადებისას ისეთი ბუნდოვანების, `რომლის თითოეული ნაწილი სინათლით სუნთქავდა~ (გურამის სიტყვების პერიფრაზი).
გურამი შეიკეტა სახლში და დაიწყო `ტრაგედია პირველის~ წერა. ლომბერის მაგიდასთან მჯდარმა მწერალმა დროებით ახადა `ფარდა~ საკუთარ თავს, რათა გარეთ გამოეტანა ის, რაც ამ ფარდის მიღმა ხდებოდა.
* * *
`...ახლა, ჩემი ოთახი, სადაც მე უკვე შეგნებული, დაწყნარებული გარეგნულად და გატაცებული მხოლოდ შემოქმედებით, აღელვებით ვმუშაობ, აღარ არის სამყოფელი დაბერილკუნთებიანი, მაგიური სუპერმენებისა, უსწორმასწოროდ მიყრილი წიგნების, არყის ბოთლების, პაპიროსის ნამწვების. იქ სუფევს სისუფთავე, აღტკინება, დროებითი შეჩერება, გარკვეული გარეგნული კომპრომისი ცხოვრების აუცილებლობებთან, რაც უზარმაზარ ბიძგს აძლევს სუფთა ლიტერატურულ მუშაობას, განტვირთავს მას, გზას უხსნის ცხოვრებას მისკენ და, პირიქით, ლიტერატურას ცხოვრებისკენ, აქ, ნაცვლად პატარ-პატარა კენჭებიანი მორევების, რომელიც კაცს ძალას აცლის, სუფევს უზარმაზარი, ერთი მთლიანი მორევი, უკიდურესად არეული და თავისი პრინციპით შეგნებულად კანონზომიერი, რომელიც შეუჩერებლივ, დაუსრულებლივ ელის თავის ფორმას, ლიტ. ფორმას, თუნდაც ის ისევ ის დიდი მორევი იყოს...~ (1959 წელს `ირინა და მეს~ `მინაწერისათვის~ გაკეთებული ჩანაწერებიდან. ტომი 3.)
`იულონის~ დახურული სივრცე (`გრძელი, ორკესტრის სიგრძეზე გაჭიმული ცარიელი, პატარა სიღრმის ოთახი, რომელიც მხოლოდ ჭერში დაკიდებული ნათურით ნათდება~) ადვილად ასოცირდება ჩემთვის შუშაბანდიდან შემოსული შუქით განათებულ პატარა უფანჯრო ოთახთან, სადაც ეს ტრაგედია იწერებოდა. გარდა ჩემი მოგონებებისა, ზევით მოყვანილ ამონაწერიდანაც ჩანს, რომ იმ დროისათვის გურამის სამუშაო მაგიდის წინა კედელზე აღარ ეკიდა სურათები, რის შესახებაც 1957 წლის პატარა ჩანახატში წერდა (იხ. ტომი 2). წაშლილი იყო კოკა იგნატოვის მიერ კედელზე გამოსახული ფრესკებიც.
როგორც მწერლის 1958 წლის ნოემბრის დღიური მოწმობს, ამ დროისათვის მან უკვე იცოდა, რომ `მრგვალი დედამიწის~ გეოგრაფიული სივრცეების დაფარვას, `ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვას~ (ზღაპრებიდან) არა ჰქონდა არავითარი აზრი, რადგან რასაც ეძიებ, თუ ვერ იპოვი იქ, სადაც დგახარ, მაშინ იმას ვერ იპოვი ვერსად, სულ შეუსვენებლივ რომ ირბინო დღედაღამ, მაინც (მწერლის დღიურიდან. ვფიქრობ, ქვესათაურში _ `იულონისა და სხვა ცხრა ბიჭის ტრაგედია..~ რიცხვი `ცხრა~ არ უნდა იყოს შემთხვევითი). ეს ოთახი მწერლისათვის გადაიქცა სამყაროს ცენტრად, იმ `სხვა ადგილად~, სადაც უნდა გარკვეულიყო ყველაფერი.
შემოქმედებითი ექსტაზის დროს, სერიოზულ-სახუმარო სიტუაციებში, შესაძლებელია, თავდაპირველად, მწერლისთვისაც მოულოდნელად, დაიწყო წინასწარგანსაზღვრულ ფორმათა რღვევა, ნიღბების ჩამოხსნა, რაც თითქოს საშუალებას არ აძლევდა მას ერთ აზრში, ერთ განცდაში ჩამყუდროებულიყო. ირყეოდა, იშლებოდა ყველაფერი. თავაწყვეტილი მიედინებოდა ვნებად ქცეული გონება. იქმნებოდა რაღაცნაირი ჰაერი, აურა და თითქოს ჯადოსნური ჯოხის დაქნევით მარტივი, შემოსაზღვრული, ჩახუთული სივრცე გადაიქცა კარნავალურ მოედნად, გარდაქმნების დაუსრულებელი შესაძლებლობებით. ამ `ადგილის~ გაფართოება მივიდა იქამდე, რომ, საბოლოოდ, მოიხსნა ყველანაირი ბარიერი. თავდაპირველად, წაიშალა საზღვარი ორ სცენას შორის, შემდეგ საზღვარი დიდ სცენასა, მკითხველ-მაყურებელსა და სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა ჟანრს შორის. `ტრაგედია პირველში~ ერთდროულად თამაშდებოდა ანტიკური ტრაგედია, ფარსი, ინტელექტუალური დრამა, იდეების დრამა; გვირგვინი ეხდებოდა თვითონ ესთეტიკური ფენომენის _ `ტრაგედიის~ პირობითობას, ტრაგიკულ კოლიზიას: ფარულ შურისძიების მოტივს, მკვლელობას... თავისი კვანძის შეკვრით, კულმინაციით და კვანძის გახსნით. `ნამდვილი წარმოდგენა~ _ სუფთა ჟანრი, ოდნავ პაროდირებული გადავიდა დიდი პიესის ქაოსში, დაუმთავრებლობაში, `არალიტერატურულ ხმაურში~. ესთეტიკური ფენომენი რეალური მკვლელობით შემოვიდა `ემპირიულ სინამდვილეში~, ემპირიული კი გააზრებულ იქნა როგორც ესთეტიკური _ `ერთი ტილოს კაცი~.
ასე რომ, `გამონაგონსა~ და `რეალობას~ პიესის სიუჟეტის მსვლელობისას ერთნაირად ეხდება გვირგვინი. ყველაფერი მიისწრაფვის გარეთ გასვლისაკენ, `ბაკნის გარღვევისაკენ~. ყველაფერი მიემართება სხვასთან, განსხვავებულთან შესახვედრად. ეს შეეხება არა მხოლოდ ბიჭებს, რომელნიც გურამში გაერთიანებულები, თავდაპირველად, გამოეყვნენ და დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არამედ მხატვრული სტრუქტურის ყველა ელემენტს. გულის სიღრმეებიდან დაძრულმა გულწრფელობის ენერგიამ მოითხოვა მსმენელი, მაყურებელი, გამგები, მოითხოვა `სხვა~. მან თავი უკვე ვეღარ წარმოიდგინა სიცოცხლის ერთიანი დინებიდან გამოყოფილად. როგორც ჩანს, `იულონის~ შექმნის პროცესში რეალობად იქცა `კალამს მინდობილი~ მწერლისათვის `ვნების სიმძაფრის~ არსი, რომელიც მხოლოდ შენებასთან, ფორმათქმნადობასთან არის მისთვის დაკავშირებული. ეს არის ის შეგრძნება, რაც ერთი წლის შემდეგ სენტენციად დაიხვეწა მოთხრობა `ალავერდობაში~ (`ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში~, 1959 წლის შემოდგომა) და გურამის მკითხველისათვის უშუალოდ დაუკავშირდა მწერლის პიროვნებას.
მხრებზე მამას თბილქურთუკმოხურული გურამი, რომელიც ხანდახან მზიან შუშაბანდში გამოდიოდა ხოლმე, არასდროს მინახავს ასე ჩუმი, თითქოს დამშვიდებული, ყოველგვარი აგზნებისა და შემართების გარეშე.
თურმე, ის არალიტერატურულობის განცდა, `არალიტერატურულად გულახდილობის~, უფორმობის, რაც მაშინ `იულონის~ კითხვისას დამეუფლა, იყო მისი მხატვრული თავისებურება. ამ ფორმათქმნადობის აღსაქმელად, იმის აღსაქმელად, რომ `შედეგი იგივე გამოვიდა~, ანუ ფორმათა რღვევით შეიქმნა ახალი ფორმა, საჭირო იყო გარკვეული სულიერი განწყობა, აღსარებითი ენერგიის დაძვრა, რაც მაშინ აბსოლუტურად მიუღწეველი აღმოჩნდა ჩემთვის. `იულონის~ ფორმა-შინაარსის, სული-სხეულის ანუ ცოცხლობის შეგრძნება ისეთივე ძნელი და მარტივი იყო ერთსა და იმავე დროს, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის, რომელიც შეიძლება გააანალიზო, შეისწავლო ფიზიკურად, ქიმიურად და სხვ. მაგრამ მაინც ვერ დაიჭირო მისი ცოცხლობის მომენტი, დაუსრულებლივ გაგექცეს ხელიდან და სულ თავიდან და თავიდან მოითხოვოს ახსნა. ყველა ახსნიდან ერთადერთი სწორი იქნება, რომ მისი ცოცხლობა იგრძნო ინტუიციით, სიტყვების გარეშე, როგორც გურამი ამბობს თავის ნაწარმოებზე: `წაიკითხო და განიცადო სუფთა მხატვრული სიამოვნება...~
`იულონის~ მხატვრულ სტრუქტურაში, მის ფორმა-შინაარსში ანთია ის ცეცხლი, რაც წვავდა `კა და კოს~ გურამ-გურამს. ოღონდ თუ `კა და კოს~ გულში დაჭრილი მეომარი ამაოდ მიისწრაფვის მდინარისაკენ წყლის დასალევად, თუ მისთვის ყველა წყარო, რომელსაც ხელეწიფება ცეცხლის განელება, გადაკეტილია, `იულონში~ დატრიალებული ტრაგედიით, ანუ ავტორის გულში არსებული ტრაგედიის გამოვლენით, `ხილულ ფაქტად~ ქცევით, ანუ ცოდვა-აღსარება-სინანულით, თითქოსდა მონახულია იმ წყაროს სათავე, რაც გმირს საშუალებას აძლევს ტრაგედიის დასასრულს დადგეს დიდი ფარდის წინ გაშლილი ხელებით, თითქოსდა განწმენდილი, გაგრილებული დროებით მაინც და აღიაროს იმ სათავის, იმ სიყვარულის რეალურობა, რომლის წიაღშიც დაიბადა `სინანული, როგორც წამალი.~
ტრაგედიაში, გულწრფელი აზრების, გრძნობების მაქსიმალურად შესატყვისი ფორმის ძიების პროცესში ჩამოყალიბებულ ფორმათა დარღვევის, `გარეგანი ადამიანის დამხობის შემდეგ~ _ ყველა ერთად აღმოჩნდა ჩათრეული საოცარი, შემაშინებელი გულახდილობის სიტუაციაში. პიესის დასასრულისათვის ერთმანეთის გვერდით დგანან უკვე შინაგან მზერაგაღვიძებული ადამიანები, გახსნილნი მოულოდნელობებისათვის, აბსოლუტურად დაუცველნი, ღიანი ყველასა და ყველაფრის წინაშე. მაყურებელი-მკითხველი პიესის გმირებთან ერთად შეიგრძნობს, რომ `ამდენი გულახდილობის ცდებისგან~ უნიადაგოდ დარჩა ყველა, რომ უღვინოდ თრობის სიტუაციაში თითქოს `ჰაერი იწყებს ლაპარაკს~, რომ `სიტყვებისაგან თავი თითქოს იბერება, თავისუფლდება ტვინისაგან და შიგადაშიგ მძიმე ბუშტებად დადიან უაზრო სახელები~, მერე `ვიღაც უბერავს..~ `მიწიდან აწეულ~ სიტუაციაში `ლაპარაკი შორდება ნიადაგს და თითქოს ღრუბლებს ებჯინება~. გარემოს ეუფლება განწყობა ირეალურობის, მისტიკის. ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს _ ციდან დაეშვას ანგელოზი ან კიდევ მიწის ქვეშეთიდან ამოძვრეს ის, უხსენებელი. და მაშინ, როდესაც ერთხელ დაძრულმა ვნებებმა მაქსიმალურ სიმძაფრეს მიაღწიეს, მოხდა იულონისა და სხვა ცხრა ბიჭის, სულ ცოტა ხნის წინ საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების ადამიანთა, სულიერი სამყაროს `აქტივიზაცია~ (თომას მანი ჰანს კასტორფის, `ჯადოსნური მთის~ გმირის შესახებ). `შენ ეს ახლა მოიფიქრე?~ გაკვირვებულები ეკითხებიან ჯიმშერს ბიჭები. (`იულონიდან~), თითქოსდა თვისებრივი ცვლილება. იულონი, საშუალო ნიჭის ადამიანი, რომელიც ინტელექტუალთა საზოგადოებაში მოწვეული იყო სწორედ ამ საშუალოობის გამო, _ `ჰო, იულონი, რომელიც მომიწვიეთ სწორედ იმიტომ, რომ არაფერს არ წარმოვადგენ!~ _ ამ კარნავალურ სივრცეში ამაღლდა ანტიკური გმირის სიმაღლემდე (`ახლა მე ვდგავარ სცენაზე... აბა, ყველამ ერთად დამიყვირეთ: იულონ!~) და გახდა ამ ტრაგედიის ცენტრალური მოქმედი პირი, სიმბოლო, ყველა სხვა დანარჩენთა არსის მატარებელი.
ასე რომ, მწერლის ალტერ ეგო, სხვა ბიჭებთან ერთად, არის თეთრ პერანგში გამოწყობილი (ჩემს ძმას განსაკუთრებით უყვარდა მაღალსაყელოიანი თეთრი პერანგი) `დიდი ბიჭი~ იულონი, რომელსაც, ისევე როგორც, ალბათ, ცხოვრებაში გურამს, `იულონის~ ავტორს, უკვე არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა: გადმოასხეს ზევიდან ტაშტით წყალი, როდესაც ის, ორდენებით დამშვენებული (ფაქტობრივად, ამ დროისათვის გურამი, უკვე აღიარებული იყო ნიჭიერ, დიდი მომავლის მქონე მწერლად), იდგა იმ გოგოს აივნის ქვეშ, რომელიც უყვარდა. ესროლეს ტალახიანი ბურთი, როდესაც საფეხბურთო მოედნის გარედან თვალს ადევნებდა ბიჭების თამაშს. პასუხად, ის უხმოდ ტრიალდებოდა და ტოვებდა მოედანს (მკითხველს გავახსენებ შემთხვევას გურამის ცხოვრებიდან, სადაც მსგავსი სცენაა აღწერილი. იხ. ჯუმბერ თითმერიას მოგონება, ტომი 3, `შაშას რევოლუციის~ კომენტარები. იხ., აგრეთვე `შაშას რევოლუციაში~ მსგავსი ეპიზოდი: ბიჭები თამაშობენ ბურთს. ჩოლახა შაშა დგას მოედნის გარეთ და იქიდან სიხარულით ადევნებს თვალს ფეხბურთის თამაშს... საინტერესოა, აგრეთვე, მოთხრობა `დღიურიდან~ იმ ეპიზოდის გახსენება, როდესაც მწერლის ალტერ ეგოს ვიღაც გამვლელი აყენებს შეურაცხყოფას. პასუხად, ის უხმოდ ტრიალდება და აგრძელებს გზას. მკითხველს გავახსენებ გურამის ცხოვრებიდან იმ ეპიზოდს (აქვეა მოთხრობილი), როდესაც ერლომის საყვედურს ის უხმოდ იღებს, ტრიალდება და მიდის. შეიძლება ითქვას, რომ თეთრ პერანგზე ტალახმისხმული, შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელიც უხმოდ იტანს შეურაცხყოფას, ტრიალდება და მიდის, გახდა გურამის თანამდევი სახე. წერის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით კი `იულონზე~ მუშაობისას, ის მიხვდა, რომ ეს სახე `ქვეშეცნეულად ფორმას აძლევდა მის დიალოგს, ისე როგორც ყველაფერს, საერთოდ, რასაც ის აკეთებდა~. თუმცა, უეცრად, იგრძნო ისიც, რომ `სანახევროდაც~ კი არ იცნობდა ამ ადამიანს (საკუთარ თავს). ის `ჩაჰყვა თავის გრძნობას ბოლომდე~ იმის გასაგებად, თუ რა იმალებოდა ამ ტალახმისხმული, შეურაცხყოფილი ადამიანის სულში. ფიქრობდა, რომ როგორც ყოველთვის, წერის დროს გაირკვეოდა `ყველაფერი~.
სხვა გმირებისაგან იულონის განსხვავება, რის დასტურადაც ბიჭები მას ბოდიშსაც კი უხდიან, რომ ინტელექტუალურ საუბარში ჩართულებს ის მიავიწყდათ და ამდენ ხანს ალოდინებენ, მისი `ნაკლი~ სხვისი თვალთახედვით, ისე როგორც სხვა შემთხვევებში გურამთან, გმირის გარეგნული დეფორმაციით არის გამოხატული: `იულონი კი იჯდა კუთხეში და თამაშობდა ვიღაც საცოდავის როლს, რომელიც იმიტომ შესთავაზეს მას, რომ თვითონაც საცოდავი ეჩვენებოდათ _ იულონი დიდი თავით, გაცვენილი თმით, წვრილი კისრით და ვიწრო, მონგრეული მხრებით~. აი, ეს უზომოდ დიდი თავი, მწერლის მიერ საგანგებოდ ფორსირებული შუბლი (ასეთივე შუბლი ჰქონდა ძაგანიას), რომელიც ადრეული ბავშვობიდან ზედ ადგა თითქოს ამ თავის სიმძიმისაგან წელში მოღუნულ, ნაადრევად მობერებულ სხეულს, უნდა იყოს სიმბოლო იმ ბრძოლებისა, ვნებად ქცეული გონებისა, ამ დიდი შუბლის უკან რომ იმალება.
`იულონის~ ინტერპრეტაციით შეიძლება გასვლა მწერლის ცხოვრება-შემოქმედების ურთულეს და, ალბათ, ყველაზე შორეულ კუნჭულებში, რაც, რა თქმა უნდა, სცილდება ამ კომენტარის კომპეტენციას და სპეციალური კვლევის საგანს წარმოადგენს. აქ მინდა მხოლოდ გამოვყო, ჩემი აზრით, რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, რაც კავშირშია გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება-შემოქმედების მაგისტრალურ სიუჟეტთან და, ამდენად, სხივს ჰფენს როგორც მის წარსულს, ასევე მომავალსაც. ამ ტრაგედიაში მოხდა `ჩვენება~, დემონსტრაცია იმის, რის შესახებაც სხვაგან, მწერლის დღიურებსა თუ შემოქმედებაში, იყო მხოლოდ მსჯელობა, `ლაპარაკი~. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება ევოლუციონირებს, წინ მიდის, ერთდროულად _ `ჩვენებებითა~ და `ლაპარაკით~ (რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეტაპზე ერთის ან მეორის პრიმატით), ქმედებებითა და მხატვრული სახეებით, ფარული სიმბოლიკით, რაც მოთხრობიდან მოთხრობამდე იკრებს ძალას, სისავსეს. 1957 წლის ავტოგრაფების თავისებურებას ქმნის, აგრეთვე, ჩანახატ-ჩანახაზები, რომელთა დაჟინებული გამეორება ამ პერიოდის ხელნაწერებში (იხ. 1957 წლის ავტოგრაფები, კომენტარები. ტომი 2. აგრეთვე, `ავტოგრაფების დახასიათებისათვის~, ტომი 1.) აფიქრებინებს მკვლევარს, რომ ისინი იტევენ რაღაც ინფორმაციას, რომლის შესახებაც გურამს ჯერ თითქოს არც ლაპარაკი სურს და არც მისი ქმედებაში ჩვენება. როგორცა ჩანს, მწერლის ცხოვრება_შემოქმედების სიღრმისეული აზრის გრაფიკულმა გამოსახვამ იმ პერიოდში ყველაზე ცხადად და, ამასთან ერთად, ყველაზე დაფარულად დაიტია სათქმელი. სათქმელის შენიღბვა, `მალვა~, ვფიქრობ, რაღაც ამბის ორგანულ ნაწილად ესახებოდა მაშინ მწერალს (`მალვა, მალვა უნდა ყველაფერს, რატომ?~ დღიურიდან. `მეშინია, ყველაფერი ცხადი არ გახდეს და გარეთ არ გამოვიდეს. რა ყველაფერი?~ ამის გახსენებაზე ძაგანიას გააჟრჟოლა.~ `შაშას რევოლუციიდან~).
ტრაგედიისათვის, გულწრფელობისათვის
(აღსარება-სინანულისათვის)
გურამი, როგორც მოსკოვიდან ბაკურიანში გამოგზავნილ პირველივე წერილში მწერს, ჩასვლისთანავე ჩაეწერა ლენინის ბიბლიოთეკაში და გატაცებით დაიწყო ანტიკური ტრაგედიების კითხვა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაშინ, ამ ტრაგედიების კითხვისას, მივიდა ჩემი ძმა იმ დასკვნამდე, რომ ანტიკური ტრაგედიებისაგან განსხვავებით, ტრაგიკულობის საფუძველი მისთვის ადამიანის შინაგან სამყაროშია, სრულიად დამოუკიდებლად გარემოსაგან, სხვისაგან. ამას, როგორც ჩანს, მისი აზრით, ქმნიდა _ სიკეთისათვის დაბადებული ადამიანის შინაგანი გახლეჩილობა ცუდსა და კარგს შორის. (`გულში ყველა კარგია~, `გულში კარგი, მართლა კარგი.~ დღიურებიდან. `შენ ხომ იცი, ვინც რა უნდა თქვას, რომ მე კეთილი, კარგი გურამი ვარ~, დედასთან მიწერილი წერილიდან)
ერთხელ გურამმა ერლომ ახვლედიანს უთხრა: `მე არა მაქვს ზღვრები, ყველაფრის მკისრებელი ვარ.~
გურამის გულში დანთებული ცოდვის შეგრძნება მალევე გადაიზარდა ტრაგიკული დანაშაულის შეგრძნებაში (`ჩემთვის ქონება, რაღაცა ბედისწერის ხმით, იქნებოდა მხოლოდ ტრაგედია, გადავლილი ჩემს თავზე, და მე ვეძებდი მას~. `იულონიდან~). `იულონის~ პირველსავე წინადადებაში _ `აი, მე ისევ მოვედი შენთან, ჩემო უფროსო ძმაო~ _ ჩანს: გურამმა ამ ტრაგედიის წერა დაიწყო იმიტომ, რომ რაღაც თუ ვიღაც განუწყვეტლივ ახსენებდა მას თავს და უკარგავდა მოსვენებას. ჩემი ძმა, რომელიც ჯერ კიდევ `ირინა და მეს~ შექმნისას დაეჭვდა `ბოროტი კაცის~ არსებობაში (`მე მინდოდა პოემა დამეწერა უბოროტკაცოდ?~ `ირინა და მე~), ახლა, თავისი პირველი ტრაგედიის წერისას, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს `ბოროტი კაცი~ იყო სატანა და მისი უგულებელყოფა არ გამოვიდოდა, რადგან ის იყო არა ვიღაც სხვა, როგორც ადრე ეგონა, არამედ მისი `ძმა~.
ამონაწერები `იულონიდან~:
`მე გულით ვგრძნობდი, რომ სატანა იქნებოდა ჩემი ძმა და, როცა ვისმენ, ახლა არ მჯერა.~
`დადგა დრო და ყველაფერი ის, რაც არ მჯეროდა, გახდა მართალი.~
`მივაღწიე იმას, რისი გაგების ამაო სურვილი მე ბავშვობიდან მტანჯავდა და რისი მოსმენისაც ჯოჯოხეთივით მეშინოდა.~
როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა საფუძველი იულონის (მწერლის ალტერ ეგოს) გულჩახვეული ხასიათისა, მარტოსულობისა, რადგან `გარეგნულად ამის არავითარი მიზეზი არ არსებობდა.~ ის იზრდებოდა მდიდარ ოჯახში და ქალი, რომელიც მას დედობას უწევდა და რომელსაც ის თვითონაც დედად აღიქვამდა, არ აკლებდა ყურადღებას, სითბოსა და მზრუნველობას (`ის _ გურამი _ იზრდებოდა `კმაყოფილ~, სრულყოფილ, ჰარმონიულ ოჯახში~ _ მ.რჩ. ტომი 3, შენიშვნები `შაშას რევოლუციისათვის~).
სხვადასხვა ამონაწერები:
`რატომ, რატომ ამეკვიატებიან ასეთი აზრები, როცა გარეგნულად ამის არავითარი მიზეზი არ არსებობს.~
`რატომ მომდიან ასეთი აზრები, როცა შემიძლია ვიცხოვრო წყნარად~ (დღიურებიდან).
`რატომ არ შემიძლია ვაჟა ვიყო, მხიარული?~ _ (`ირინა და მედან~).
`მე ვერ ავალ ტოლსტოის სიმაღლემდე, ჩემი გზა კი ის არის და თუ იქამდე ვერ ავალ, მაშინ არ ვიქნები არაფერი, უბრალო კარგი მწერალიც კი, თუმცა, ამას ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა _ მე მინდა ვიყო ბედნიერი მცხოვრები ამ მიწისა _ ჰო, წყნარი და ბედნიერი _ რაც ყველაზე ნაკლებად გამომდის~.
`ღმერთო ჩემო, როგორ ძნელად ხდება ჩემში ყველაფერი, რამდენი უნდა ვეწამო, რამდენი დღეები უნდა ვიშფოთო, ვერსად ვერა ვგრძნობ, თვით ყველაზე მხიარულ დროსაც, თავს კარგად, რაღაცა ცოდვა მაწვალებს, ეს ცოდვა მაწერინებს და წერა მაძლევს ზურგს, რომ ჩემს თავში გავერკვე, ისეთივე ზურგს, როგორსაც მომცემდა ათი კაცის მოკვლა. მე წერას უდიდესი მკვლელობის ტოლად მივიჩნევ თუ უფრო მეტად არა. ჩემთვის ეს საშინელი წამებაა, ყველა დაჯდომა, ყველა სიმართლე, მაგრამ მე ეს მჭირდება იმისათვის, რომ ჩემს თავთან მართლის თქმის უფლება მოვიპოვო _ რად მინდა ეს? ეს მე არ მინდა, ეს უნდათ ჩემს დემონებს, რომლებიც არ მასვენებენ ერთი წამიც და, საკმარისია, კეთილი, კარგი გავხდე, მაფორიაქებენ, მეუბნებიან, რომ მე უსუსური ვარ და იმიტომ ვარ კეთილი. ჩემს სხეულს სჭირდება დასაბუთება, რომ ეს ტყუილია, რომ მე მაგიტომ არა ვარ კეთილი _ მთელი ჩემი ცხოვრება ეს არის ბრძოლა _ დამტკიცება, რომ რასაც ვაკეთებ, იმისი უფლება მაქვს _ ნუთუ ამისათვის კაცი უნდა მოვკლა კიდევ _ მე, უნაზესმა კაცმა, არადა არა მყოფნის სული სიკეთისათვის, ისევე როგორც სხეული ღონისათვის და სიბოროტისათვის (სიბოროტის სხეული მე სხეულში შემაქვს). თანაც ჩემი სხეული არ არის ბოროტი _ ნორმალური ტანი, ყოველგვარი ზედმეტი ბიცებსების გარეშე _ სწორედ ამიტომ სჭირდება მას დასაბუთება, რომ იყოს კეთილი, მას შემდეგ, რაც ის სიბოროტის (დიდი სიბოროტის) უნარს დაამტკიცებს. ეხ, მე, რა საშინელებაა შენს თავზე ამყარო ასეთი ექსმპერიმენტები, თან ასე გესმოდეს ყველაფერი და მაინც უძლური იყო და თან ყველა გარეშემო ზერელედ გთვლიდეს, ეს სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი ნამდვილი სიბოროტე არ გიქნია (სხვას თავი დავანებოთ, შენი თავი) და რა მიზიდავს ამ სიბოროტეში? რა ცოდვა აქვს ჩემს სულს ასეთი, რომ ვერ ისვენებს, სად დაკარგა სიკეთის უფლება, რომ ამდენი ტანჯვა სჭირდება მისი უფლების მოსაპოვებლად. `გოგი, გოგია~ შოლტით უნდა ვრეკავდე ცხენებს დღე და ღამე და ფეხით მივდევდე...
ბედნიერია ხალხი, ვისაც შეუძლია პირდაპირ ისულელოს, იმღეროს, მერე უბრალოდ დაიძინოს და ახლიდან, ვისაც იმდენად წმინდა აქვს სინდისი, რომ არ ქენჯნის.
საინტერესოა რა დავაშავე? _ ალბათ ის, რომ ასეთი აზრები მომდის _ ცოდვის _ რაც ნახევარ დანაშაულს უდრის თუ მთელზე მეტს არა...~.
`ცოდოა მალხაზი, მისადმი ისეთივე შეგრძნებები მაქვს, როგორც ერლომესადმი. უცნაურად პატიოსანი ადამიანია და მე მგონი, სწორედ მაგიტომ ქურდობს. (როგორ ავხსნა ეს `სწორედ მაგიტომ~ არ ვიცი, მისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება) პატიოსნება სწორედ ფაქტშია: ის აკეთებს ყველაზე ცუდს, რისი გაკეთებაც შეიძლება და არ იტოვებს უპატიოსნების ზღვარს _ თავისი ბუნებისათვის _ რისი მეშვეობითაც მისი ბუნება სხვა ყველა საქციელებში აღწევს იყოს ზედმიწევნით პატიოსანი...~ (იხ. მოთხრობები მალხაზის სესახებ თავისი კომენტარებით, ტომი 2.)
დედამ, რომელიც თავის ერთ-ერთ დღიურში გურამისადმი სიყვარულს ასე გამოხატავდა: `სულიც კი არა მაქვს ჩემი საკუთარიო~, როგორც ჩანს, ინტუიციით იგრძნო ეს: `გურამი, რომელიც იყო განუსაზღვრელად კეთილი, მიისწრაფვოდა, რატომღაც, რომ გაეკეთებინა ცუდი, მაქსიმალურად ცუდი~ `რა ხდება, არ ვიცი, გურამი თანდათან კარგავს ადამიანობას~ (ამონაწერი დედას დღიურიდან).
გურამის გარდაცვალებიდან სულ ერთ-ორ დღეში დედა, მამა და მე ჩუმად ვისხედით შუშაბანდში. მოულოდნელად, დედამ გადაიწერა პირჯვარი და წყნარად, თავისთვის თქვა: `ღმერთო, ნუთუ უარესისგან დამიფარეო~. ცხადია, არაფერი მიკითხავს არც მაშინ და არც მერე, თუ რას გულისხმობდა ის, როდესაც გურამის გარდაცვალების გამო ღმერთის უმადური კი არ იყო, არამედ, პირიქით, მადლობას სწირავდა რაღაცისათვის. რა უნდა ყოფილიყო შვილის სიკვდილზე უარესი დღედაღამ მისი გზისაკენ მაცქერალი დედასათვის! ახლა ვხვდები მხოლოდ, რომ საკუთარ შვილში შეყვარებულმა დედამ რაღაც წამს ინტუიციით იგრძნო, თუ რა ძალით წამოიჭიმა გურამში ბოროტი თავისი ადგილის დასაკავებლად და როგორი უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა იმ კეთილ საწყისს, რითაც ის ბავშვობიდანვე იყო გამორჩეული.
დედა ხანდახან უყვებოდა თავის შვილიშვილებს გურამის ძალიან ფაქიზ, მოყვარულ, კეთილ ბუნებაზე, მოხუცებისა და, საერთოდ, უფროსების განსაკუთრებული პატივისცემის უნარზე, უმწეო ადამიანების დასახმარებლად მუდმივად გაწვდილ ხელზე და, ამასთანავე, მის მოუსვენარ, წარმოუდგენლად დაუდგრომელ ხასიათზე, რის გამოც მას ბავშვობისას ვერცხლის წყალი შეარქვეს.
ერთხელ მამა, ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, გაზეთებით გარშემორტყმული, შუადღის ძილისა და დასვენებისათვის გაემზადა. მერე მოულოდნელად დამიძახა: მოდი ჩემთან, რაღაც უნდა გითხრაო. ჩამოვჯექი იქვე სკამზე, რატომღაც შემეშინდასავით. მივხვდი, რომ გურამზე უნდოდა რაღაცის თქმა. ეს იყო გურამის გარდაცვალებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ. უკვე დაწყებული მქონდა არქივზე მუშაობა. მე ჩუმად ვიჯექი, არ შემიმჩნევინებია მისთვის ჩემი აღელვება. მამამ დაიწყო ძალიან ნელა, თანდათანობით, როგორც იცოდა ხოლმე, მგონი, ასე: `მე მინდა შენ იცოდე მაინც, რომ გურამი ...~ მერე უეცრად გაჩუმდა კარგა ხნით. ჩუმად ველოდი გაგრძელებას. ბოლოს ვკითხე: `მამა, რას ამბობ, ვერ გავიგე, რა გურამი?~ `არაფერი,~ მითხრა უეცრად. `რა უნდა გეთქვა, მითხარი!~ `არაფერი, ისე დაგიძახე.~ `რა? ძალიანა გთხოვ..~ `დამანებე თავი, არაფერი. როგორც არის, ისე დარჩეს ყველაფერი.. არ არის საჭირო~. რაღაცამ, გარდა სიტყვებისა, დამარწმუნა, რომ ჩემს შემდგომ თხოვნას არ ექნებოდა აზრი. მამამ წაიხურა თავზე საბანი და კედლისაკენ გადატრიალდა. რატომღაც აღარც მე მინდოდა რაიმეს გაგება. ეს მომენტი ისე გადაიყლაპა ჩვენი ცხოვრებიდან, რომ ვითომ არც ყოფილიყოს არასდროს.
ამ ამბიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა მამა უკვე ძალიან ცუდად იყო, მახსოვს, დედაჩემს რამდენჯერმე სთხოვა: მარო, მოდი, დაჯექი აქ, რაღაც მინდა გითხრაო. დედა თითქოს ვერ იცლიდა, ვფიქრობ, უფრო თავიდან იცილებდა მის თხოვნას. შეიძლება ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც გამოსამშვიდობებელი სიტყვები, დაკავშირებული ამ ქვეყნიდან წასვლასთან, რასაც მამა ჩვეული იუმორით და სიმხნევით ელოდებოდა მთელი ორი კვირის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც მამამ ხელახლა გაიმეორა თავისი თხოვნა და დედამ ისევ მოუცლელობა მოიმიზეზა, დავინახე, როგორ ჩაიქნია მან ხელი და ჩუმად თქვა იგივე სიტყვები, რაც მე ადრე მითხრა: `როგორც არის, ისე დარჩეს ყველაფერი... ალბათ, ასეა საჭირო~. ამის შემდეგ არც ერთხელ აღარ გაუმეორებია თავისი თხოვნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მამას უნდოდა დედასთან გურამზე საუბარი და ისევ გადაიფიქრა. რატომღაც ვფიქრობ (შეიძლება ვცდები!), რომ მამას ეგონა გურამი ბოლოს ჭკუაზე შეცდა და შეიძლება მისი სიცოცხლის ბოლო წუთიც (დაღუპვა) სხვანაირად გაიაზრა. შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კიდეც მას რაიმე, ჩემთვის უცნობი ინფორმაცია.
ერთხელ თემო ბერიძემ მოიტანა გურამის ბოლო სურათები 1960 წლის ხოვლის ექსპედიციიდან. ამ სურათებში ჩემი ძმა უკვე საოცრად დაღლილი და მობერებული გამოიყურება (მკითხველს გავახსენებ იულონის პორტრეტს `იულონიდან~: `ნაადრევად მობერებული, მონგრეული სხეული, წვრილი კისერი...~). გურამმა თითქოს იწინასწარმეტყველა და ჰიპერტროფიულად წარმოიდგინა თავისი ფიზიკური მდგომარეობა, რომელზეც დაღი უნდა დაესვა იმ სულიერ ძვრებს, მასში რომ ხდებოდა. ერთ სურათში ჩემი ძმა, მართალია, თითქოს იცინის მთელი პირით, მაგრამ ეს უფრო ხათრიანი, მორცხვი ღიმილია, თითქოს ერიდებაო რაღაცის. მამამ სურათები გადამალა და მერე ნაწყენმა თქვა: რა საჭიროა, ან ვის სჭირდება ამ სურათების გავრცელება! ერთი სურათი მისი გარდაცვალების შემდეგ დაჭმუჭნულიც კი აღმოვაჩინე სამუშაო მაგიდის ქვედა უჯრაში.
***
`იულონიდან~:
`მოდი, შევეცადოთ, თითოეული ჩვენი სიტყვა იყოს გულახდილი...~
`მინდოდა გულწრფელად დამეწყო და არ გამოვიდა ... ზედმეტი გულახდილობა მინდა და არ გამომდის... რაღაცნაირად ზედმეტად ვგრძნობ იმას, რაც უნდა მეთქვა...~
`გულახდილობა გვაკლია ჩვენ ყველას, გულახდილობა...~
`არც ვაპირებდი თქვენს ლაპარაკში ჩარევას, მაგრამ ამდენი გულახდილობის ცდებისგან მეც უძიროდ დამტოვეთ, თითქოს ჰაერი ლაპარაკობს, თქვენი სიტყვებისგან თავი მეხდება ...~
`ისევ გადაუხვიე გულახდილობას და შენი ამბების მოყოლა...~
`ვგრძნობ, რომ იმას არ ვამბობ, რაც უნდა მეთქვა...~
`მინდოდა პირდაპირ მეთქვა ალალად და კაცს ვაწყენინე...~
`მე სულ სხვა მინდოდა მეთქვა...~
`სხვა მიზანი მქონდა, ლაპარაკი რომ დავიწყე...~
`არ დამამთავრებინეს, ახლა უკვე ის აღარ არის, რაც მინდოდა.~
`შენ სულ ის არ გამოგდის~.
`მე, მართლა, სულ ის არ გამომდის.~
`იქნება რა აქვს კაცს სათქმელი,
უფრო სწორად რაღაცა მაქვს სათქმელი...~
`გასაგებია, რაც უნდა თქვა.~
`ბობას გულახდილობა რო მოგწონთ, რატო მოგწონთ?
ალალია და იმიტომ...~
`ფიქრობ სხვას, ამბობ სხვას...~
`არც შენ შეგიძლია იყო ალალი, გულახდილი.~
დღიურებიდან:
`ისეთი დიდი გულწრფელობა მინდა, რომ ეს ჩემთვის თითქმის შეუძლებელია.~
`უნდა ვწერო ყველა ჩემს ცუდზე, რომელიც აშკარად ძლევს ჩემში, სულ მინდა თავზე ვილაპარაკო დიასახლისებივით, მეშჩანებივით. ჩემთვის განყენებული თემა არ არსებობს, ყველაფერი ახლო კავშირშია, საზიზღრობაა, მთლიანად დაკარგულია ანტიურობა, მაგრამ ეგეც რომ ასე მიყვარს? უნდა ვლანძღო თავი და მასში ვიპოვო შვება, ერთადერთი ნუგეში, რომ სხვას იმით ვჯობივარ _ თავს ვუტყდები, მაგრამ რითი განსხვავდება ეს ნუგეში მფლანგველის ნუგეშისაგან, რომელსაც თავი ჯიბის ქურდზე კარგი ჰგონია...!~
`რა დამემართა ამ გულწრფელობის მაძიებელ კაცს...~
შემოდგომის დღიურებსა და `იულონს~ წინ უძღოდა `ირინა და მეს~ ბოლო პასაჟი, რომელიც მთავრდება შემოქმედის, საკუთარი თავისადმი მიმართული, მაქსიმალური გულწრფელობის მოთხოვნით: `გურამ, იყავი მკვლელი, ოღონდ ნუ იქნები მატყუარა ...~
როგორც უკვე აღვნიშნეთ, `იულონში~ იქმნება განსაკუთრებული სიტუაცია და გმირები იწყებენ გაერთიანებას გულახდილობისაკენ, სრულყოფისაკენ სწრაფვაში. ზედაპირზე ამოსვლას იწყებს მხოლოდ მთავარი, სიღრმისეული,არსისმიერი, `რაღაც~, რასაც სიტყვითაც ვერ იტყვი, და არა პროფესია, საქმიანობა, გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა და სხვ., რაც, თავდაპირველად, გამოკვეთილად შემოდის ტრაგედიაში, როგორც შემდეგ ირკვევა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი არაარსებითობა აჩვენოს მკითხველს. ყველაფერი მიდის აღსარებითობისაკენ და, დასასრულს, `იულონი~ წარმოდგება როგორც სინანულში მყოფი ადამიანის `სულის ბიოგრაფია~, რომელიც უწყობს სასამართლოს საკუთარ თავს და სამსჯავროს წინაშე გამოაქვს თავისი ცოდვები.
ჩემი ძმის პირველი ტრაგედიის კითხვისას თავიანთი არსობრივი მნიშვნელობებით ამოტივტივდებიან და ერთ სემანტიკურ რიგად გაერთიანდებიან სიტყვები: დანაშაული, სასჯელი, ტრაგედია, შურისძიება, შეურაცხყოფა, სასამართლო, ცოდვა, სინანული, აღსარება, სინდისის ქენჯნა და სხვ. როგორცა ჩანს, სწორედ ეს სემანტიკური რიგი ქმნიდა მწერლისათვის საფუძველს `იულონში~ მოწყობილი კიდევ ერთი `სასამართლოსი~, რასაც ის შემოქმედებითი მოღვაწეობის თითქმის დასაწყისიდანვე უწყობდა საკუთარ თავს (`სასამართლოებისათვის~ გურამთან იხ. `შაშას რევოლუციის~ კომენტარები, ტომი 3) .
`იულონიდან:~
`ეს უკანდახევაა, რათა უფრო კარგად შეიგრძნოთ, ჩასწვდეთ ჩემს ტრაგედიას, რომელიც სხვამ ჩაიდინა და რომლისათვისაც მე ჩემს სინდისთან ვაგე პასუხი, რადგან ჩემს სინდისს ყველაზე მეტად სჭირდებოდა პასუხისგება~ (`იულონი~).
ამონაწერი 1958 წლის დღიურებიდან:
`საშინლად ვიტანჯები წერასა და არწერას შორის. გუშინ ბოლო ღამე იყო თავის შეკავების, დარწმუნების. ძლივს ვაჯობე დემონს და დაუწერლად დავიძინე, მაგრამ მაინც არ შემიძლია არ დავწერო როგორც საბრალდებო აქტი (მიუხედავად იმის, რომ გულზე არა მხვდება).~
`ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი~ მწერალი თითქოს მიისწრაფვოდა შინაარსის შესაბამისი, მაქსიმალურად ადეკვატური ფორმისაკენ, რათა აბსტრაქტულ ცოდვას მიეღო კონკრეტული დანაშაულის ფორმა კონკრეტული სასჯელის მისაყენებლად!
მაგრამ თავიდანვე, გარდა სიცუდისა, იყო კიდევ მასში რაღაც, რაც არ უშვებდა გაეკეთებინა, რასაც გაიფიქრებდა, `რაც არავისზე არა ძიობდა შურს, რომელსაც არ შურდა არავისი, რომელიც იყო ნაზი და კეთილი და არ საჭიროებდა გარედან არავის მიერ ამის აღნიშვნას... თვითონ იყო ნამდვილი და არა სჭირდებოდა სხვების მიერ ამის ზედმეტი მტკიცება ან დადასტურება~ (დღიურიდან).
ამონაწერები დღიურიდან:
`მე რატომ არ შემიძლია გავაკეთო? რატომ მეცოდება ბოლოში გასაქურდავი: მეცოდება? იქნებ მეშინია?~
`მე პატიოსანი არა ვარ _ ვარ მხოლოდ კეთილი, ამიტომა ვარ სუსტი. სიკეთე სისუსტეა, პატიოსნება _ სიძლიერე. მინდა ბევრი ცუდი გავაკეთო და სიამოვნებით ვიღებ თავზე ცუდ სახელს, ქურდს, მკვლელს, შულერს, მაგრამ არ ვაკეთებ არასოდეს _ როცა საქმე–საქმეზე მიდის, მეცოდება გასაძარცვავი ან მერე ვუბრუნებ, ჰა? ან იქნებ შიშია მხოლოდ? რა შიში (ნაწილობრივ) _ ვისთანაც შემიძლია ვიყო ბოროტი, რატო ვუშვები კარგს? ~
`ალავერდობის~ ეტაპზე ასასვლელად (1959 წელი, იხ. ტომი 3.) გურამს სჭირდებოდა `სიწრფელე და სიწმიდე~ გულისა. `ალავერდობას~ წინ უძღოდა სინანულ-აღსარებების მთელი სერია: `შაშას რევოლუცია~, `იულონი~, `სალომე და გურამი~ და, საერთოდ, მთელი შემოქმედებითი პროცესი, შემოქმედებითი ექსტაზის დროს ინტუიციას მინდობილი რომ მიიკვლევდა გზას თვითჩაღრმავებით, `წინ~, `უკან მოუხედავად~ (`წავალ წინ და უკან აღარ მოვიხედავ~, დღიურიდან).
1957 წელს დაიწერა `უსახელო უფლისციხელი~, `იულონამდე~ ორი-სამი თვით ადრე _ `შაშას რევოლუცია~, შემდეგ _ 9 ნოემბრის დღიური. ამ დროისათვის ჩემი ძმა, ალბათ, უკვე მთლიანად იყო გამოსული `სასოწარკვეთილების დამანგრეველი ემოციებიდან~ (ტომი 3, `შაშას რევოლუცია~) და, როგორც ჩანს, უკვე მზად იყო იმ სიტყვების სათქმელად, რითაც ეს ტრაგედია მთავრდება: `მე უფრო ვშლი ხელებს აშკარა, გულუბრყვილო არტისტულობით და მზადა ვარ, ჩავიტიო ჩემი გმირებიც, თქვენც, ჩემი თავიც ... აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენს წინ, ნამდვილი გურამი, რომელსაც უყვარხართ თქვენ სიყვარულთა შორის ყველაზე დიდი სიყვარულით, სიყვარულით ყველაფრისადმი, არტისტული სიყვარულით, რომლის შეგრძნებაც ღმერთობამდე ადის, ის არის ყველაფრის გამგები, ყველაფრის მპატიებელი. აი, ჩემი აქ დგომის მაქსიმუმი: სცენაზე ყოფნა ეს არის უდიდესი სიყვარული!~
ასე რომ, ტრაგედიის დაწერას, `უშჯულოების არდაფარვას~ წინ უძღოდა საკუთარ თავში ყოვლისმომცველი სიყვარულის და სიკეთის აღმოჩენა, რაც, როგორც ჩანს, ადგილს აღარა ტოვებდა მასში სხვა რაღაცისათვის და, ფაქტობრივად, წინ უძღოდა ხმამაღლა, `ყვირილივით~ ნათქვამ აღსარებას (`შუა საუკუნეებში ისეთი ძლიერი იყო რწმენა, რომ ადამიანი ეკლესიაში ღმერთის წინაშე ხმამაღლა აღიარებდა თავის ცოდვებს~ _ პატრიარქის ქადაგებებიდან). ამ შეგრძნებამ ბრძოლის ველად გადააქცია მისი სულიერი სამყარო, სადაც ღმერთი და სატანა შეურიგებლად ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ ბრძოლიდან გამარჯვებული აუცილებლად უნდა გამოსულიყო მხოლოდ ერთი.
ინტენსიურმა სულიერმა ცხოვრებამ დაღი დაასვა ძლიერი ჯანმთელობით გამორჩეულ ჩემი ძმის სხეულს. (აი, რატომ აქვს იულონს, სრულიად ახალგაზრდა კაცს, მობერებული, მოტეხილი სხეული) და, როგორცა ჩანს, ის უკვე მთლიანად აივსო იმ ენერგიით, უძირო სიღრმეებიდან მხოლოდ სისავსისაგან რომ გადმოიღვარა გარეთ.
`ეს იყო წამი, როდესაც მას აღარ შეეძლო თითოეული ნაწილით, ხმამაღლა, არ ეთქვა თავისი არსებობის შესახებ, ტკივილები მისთვის არაფერს ნიშნავდა~ (`დღიურიდან~).
ალბათ, ეს შეგრძნება ედო საფუძვლად გურამის სიტყვებს, 1958 წლის შემოდგომაზე სრულიად მოულოდნელად რომ მითხრა: `მორჩა, ვიწყებ ტრაგედიების წერასო~. როგორცა ჩანს, მსოფლიო ორად გაიყო მაშინ ჩემი ძმისათვის და ბზარმა მის გულზე გაიარა (სხვისი სიტყვების პერიფრაზი).
ხელოვნება გურამს საშუალებას აძლევდა `ელაპარაკა მთელი ხმით~.
ერთიანობისათვის:
(ერთობა _ ერთიანობა)
როგორც ტრაგედიის მსვლელობისას ირკვევა, იულონი შინაგანად, თუმცა, ალბათ, უფრო გარეგნულად, უპირისპირდება დანარჩენ გმირებს. რადგან მომავლის ჯერ გაურკვეველი მნიშვნელობით შეპყრობილი (`მის გამოხედვაში იყო ფარული მიზანი~), როგორც ჩანს, ბევრ საერთოსაც გრძნობს მათთან, რაც, ვფიქრობ, თავდაპირველად, დაფარულია არა მარტო სხვებისათვის, არამედ თვითონ მისთვისაც. `იულონის~ სიუჟეტის განვითარებისას, ფაქტობრივად, სულ სხვადასხვა დონეზე ხდება ამ განსხვავებულ, დაპირისპირებულ ადამიანთა საერთო ძირის, საერთო დარდის, პრობლემის ამოტივტივება, რაც, როგორცა ჩანს, მწერლისათვის პირველყოფილ ცოდვაშია საძიებელი და, ისე როგორც სულ რამდენიმე თვით ადრე დაწერილ `შაშას რევოლუციაში~, ყველაფერი მიდის გურამის დღიურიდან ამოწერილ სიტყვებამდე, რომელიც ერთხელ უკვე მოვიხმე: `საწყალი ის ბიჭი, საწყალი მე~.
იულონი ისევეა გართული ყურადღების ცენტრში დგომის, თავისი შინაგანი სამყაროს მაქსიმალურად გულწრფელად გამოხატვის სურვილით, შინაგანის, სულიერის ფორმადქცევით, ფორმისა და შინაარსის დამთხვევისაკენ სწრაფვით, როგორც სხვები (`შენ ჩვენი ხარ შენი ვნებებით, ჩვენ შენ ვერ გაგასამართლებთ~), და შეიძლება უფრო მეტადაც, რადგან, სხვებისაგან განსხვავებით, ეს სურვილი საკუთარ თავში გარკვევისა, იმდენად ძლიერია მასში, რომ ეს ხდება მისი ეგზისტენციური პოზიცია, ქმედების საფუძველი მიზნისაკენ მისაღწევ გზაზე და არა მხოლოდ ლაპარაკი, სიტყვა. ის ამის დასამტკიცებლად კაცსაც კი კლავს, მაშინ როდესაც სხვები მხოლოდ ლაპარაკობენ `მაქსიმალური გულწრფელობის~ შესახებ.
როგორც უკვე ვთქვით, მწერალი გურამ რჩეულიშვილი მიისწრაფვის შეიცნოს იულონის არსი და მოელის მისგან თითქმის ყველაფერს. რაღაც მომენტში ის იყო მისთვის მხოლოდ შეურაცხყოფილი ადამიანი, მაგრამ როდესაც დაპატიჟა პიესაში სათამაშოდ (ანუ აირჩია თავის ალტერ ეგოდ) და იულონმა გაიღიმა თბილი, ადამიანური ღიმილით, გურამი მიხვდა, რომ სრულებით არ იცნობდა ამ კაცს: `უცებ შეტრიალდა ჩემს თავში ყველაფერი, ამ თანხმობისაგან სინათლესავით დაიღვარა გრძნობა ჩემს სხეულში; პირველად ახლა დავინახე, რომ მას კბილები ჰქონდა და არაჩვეულებრივი სითბო ვიგრძენი მისდამი, `რა უბრალო და რა კარგია ყველაფერი~, `ზუსტად ასეთი შეგრძნება დაზვავდა, დაგროვდა ჩემს გონებაში და პირველად გავიგე როგორ შეიძლება გიყვარდეს ახლობელი შენი, როგორც შენი თავი, იულონზე არ ვამბობ მხოლოდ, საერთოდ, ვინც არ უნდა იყოს ის...~ (`იულონი~).
შეიძლება, ეს იყო მომენტი, როდესაც წერის დაწყებისას ჩემმა ძმამ უეცრად იგრძნო ის, რაც შემდეგ ერლომს უთხრა: `ყველა დაიწყებს შიგ თავის თავის ძებნას, აქ კი მხოლოდ ერთი გმირია და ის გმირი მე ვარ.~ შეიძლება მიხვდა იმასაც, რომ ამ ბიჭებისაკენ ლტოლვის, მათთან ერთად ყოფნის სურვილის საფუძველი იყო, უბრალოდ, სიყვარული მათი და მეტი არაფერი. ის პატივს სცემდა მათ შინაგან სამყაროს, მისწრაფებას კულტურისაკენ, წიგნისა და ზოგადად განათლებისაკენ, მოსწონდა როგორ ათავსებდნენ ისინი ურთიერთპატივისცემას, სიმშვიდეს ხელოვნების უანგარო სიყვარულთან და სხვ.
`იულონში~, მართალია, თავდაპირველად, ყველაფერი იწყება დაპირისპირებულ გმირთა მხოლოდ მექანიკური გაერთიანებით `ერთ, ორკესტრის სიგრძეზე გადაჭიმულ, ოთახში~, სადაც ისინი შეკრებილები არიან ამხანაგის მიერ დაწერილი პიესის საყურებლად და მასზე სამსჯელოდ (`რა შინაარსის და რა ღირსების პიესა დაწერა გურამმა~), მაგრამ სიუჟეტის განვითარებისას ყველაფერი მიისწრაფვის ამ დაპირისპირებულ გმირთა შინაგანი ერთიანობის გამოვლენისაკენ. თანდათანობით ირკვევა, რომ ძირითადი, შინაგანი მიზეზი ამ შეკრებისა, ისე როგორც ყველა შეკრებისა, საერთოდ, არის ადამიანების ერთად ყოფნის სურვილი, რასაც ისინი გარეგნულად ყოველთვის სხვადასხვა მიზეზით ფარავენ (`როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი რაღაც სიტყვებით და უბრალოდ ერთად ყოფნის სურვილი სხვადასხვა რაღაცეებს დავაბრალოთ.~ `იულონი~).
ამონაწერი 1958 წლის სექტემბრის დღიურიდან:
`...როცა აქ დავბრუნდი (ერლომ ახვლედიანთან _ მ.რჩ.), შევეცადე მეხუმრა, მაგრამ საოცარ სიცივეს წავაწყდი, აღრენილი ხვადებივით ისხდნენ ბიჭები (ირაკლი რამიშვილი, ზურაბ კიკნაძე, ლევან მალაზონია და სხვები _ მ.რჩ.), ჩუმად ლაპარაკობდა ერთი _ ისმებოდა ძმაკაცობის სადღეგრძელო, ყველა აქსოვდა შიგ მთელ თავის ურთიერთობას სამყაროსთან ... ოღონდ სადღეგრძელო არ იყო ზერელე ... აქ იყო საერთოდ ადამიანებს შორის ჩაქსოვილი განსხვავებანი, ურთიერთლტოლვა, დამოკიდებულებაში ჩაქსოვილი. ყველა იწეოდა ერთმანეთისაკენ, ყველა ირწმუნებოდა, რომ მის მიერ თავის გონებაში, უფრო სწორედ, ლაპარაკის დროს სიტყვებში გამოხატული აზრი მეგობრობაზე არის მართალი ...~
მკითხველს ყურადღებას მივაქცევინებ რამდენიმე ჩანაწერზე, საიდანაც ჩანს, რომ ადამიანთა ერთიანობის პრობლემა საფუძველთა საფუძველია მწერლისათვის:
`ერთიანობა გარეგნული ნიშნით.~
`შინაგანი ერთიანობის პრობლემა.~ (ჩანაწერებიდან `ალავერდობისათვის~).
`მე მეჩვენება, რომ დგება დრო, როდესაც აღარ იქნებიან საჭირო ცალკეული წინასწარმეტყველები, რომლებიც სხვადასხვა ენების ერებს ატყობინებენ მათივე გულში ჩადებულ ზრახვებს, არამედ იქნება ყოველი ადამიანი თავისთავად წინასწარმეტყველი, თავისთავად მარტივი (წინასწარმეტყველება სწორედ აუცილებელი სიმარტივის, სხვაში უკვე დამწიფებულის და მომზადებულის ერთისგან აღქმის, გაგების პრინციპზეა დამყარებული) და უმოციქულოდ გაუგებს ხალხი ერთმანეთს, ... ღმერთის მცნებასავით მარტივი გახდება ადამიანი ... თუ ყოველი იქნება წინასწარმეტყველი, დაიღუპება, დაიკარგება საჭიროება განმარტებისა, მხატვრულად აღქმისა, დაიღუპებიან, მოუბრუნებლად იღუპება მაღალი მხატვრულობა და ჩნდება სადღაც სიღრმეში ახალი, თვალისმომჭრელი, ჩაუხედველი სინათლე _ იყო ერთი, სუნთქავდე ერთით, იყო ისეთი გენიოსი, რომ არ განსხვავდებოდე არავისგან, მხოლოდ განსხვავებული დარჩება ზედმეტი, დეფექტი, უცნაური, ღიმილით გასაგები ყველასათვის. ეს პოტენციაში აქვს, ალბათ, ხალხს. ამიტომ უყურებს სრულიად ქვეშეცნეულად უდიდეს ადამიანურ გამოყოფას წინასწარმეტყველიდან დიდ ლიტერატურულ გენიამდე როგორც უცნაურს, და ერთგვარად საცოდავს...~. ამონაწერი `ირინა და მეს~ თეთრი ვარიანტისათვის გაკეთებული ჩანაწერებიდან (ტომი 3).
ასე რომ, `იულონში~ დაპირისპირებულ ადამიანთა მსგავსება-ერთიანობის გამოვლენა ყველა დონეზე, დაწყებული სათაურიდან (`იულონისა და სხვა ცხრა ბიჭის ტრაგედია~. იხ. აქვე თეთრი და შავი ხელნაწერების შედარებისას), არის მწერლის შემოქმედების უშინაგანესი თავისებურება და, ისე როგორც სხვა თემები, შემოქმედების მაგისტრალურ სიუჟეტთან ერთად ევოლუციონირებს. რა თქმა უნდა, ეს ცალკე კვლევის საგანი შეიძლება გახდეს მკვლევარისათვის, თუმცა ამ ტომებში მოთავსებულ ცალკეულ ნაწარმოებთა შენიშვნებში უკვე ბევრი რამ არის დაწერილი ამის შესახებ _ დაწყებული მწერლის რწმენით, რომ ხელოვნების ნაწარმოებს, სიტყვას შესწევს უნარი ადამიანთა საუკეთესო ძალების ამოძრავების, მობილიზების, გამოვლენის (ხოლო ეს საუკეთესო გურამისათვის ყოველთვის დაკავშირებულია ადამიანის იმ ძალების აქტივიზაციასთან, სხვასთან ერთიანობისაკენ რომ მიისწრაფვის) და, ალბათ, დამთავრებული ეჭვით, თუ რამდენად ხელეწიფება ეს ხელოვნების ნაწარმოებს!
ამ ტრაგედიაში კიდევ ერთხელ ამოტივტივდება, როგორც ორი-სამი თვით ადრე დაწერილ `შაშას რევოლოუციაში~, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა მისთვის და საერთოდაც და, ამავე დროს, ამაოება `საქმეების~ (`საქმეები, სულ ეს საქმეები~, `შაშას რევოლუციიდან~), რაც ადამიანს ამ ურთიერთობებისათვის დროს აღარ უტოვებს.
საინტერესოა, ამ მხრივ, მოთხრობა `დღიურის~ იმ ეპიზოდების გახსენება, სადაც მწერალი ლაპარაკობს ფაშიზმის და სოციალიზმის დროშის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ერთიანობაზე, ასევე ჯარისკაცების ერთიანობაზე `იულონში~ და, საერთოდ, ყველა იმ ერთიანობაზე, რომელშიც მთლიანად იკარგება პიროვნება. შეიძლება ითქვას, რომ ამას ეძღვნება, მთლიანად, ლიბრეტო კინოსათვის `ჩვენ ერთად მივდივართ~ (იხ. ამავე ტომში).
ამონაწერი დღიურიდან:
`...შემდეგ (ნიცშემ _ მ.რჩ.) ჭეშმარიტებები გამოყო, დაამცირა ცალკეული კაცის როლი და შექმნა რასა _ ძლიერთა რასა, რადგან არ ეყო ძალა ... და თავისი პირადი განცდები თავზე მოახვია მთელ ერს, რომლებიც დაბნეულები უცდიდნენ სულიერ მეთაურს, რომლებიც, ინდივიდუალურად ასევე სუსტები, ჩაეჭიდნენ და შექმნეს დიდი ფარა და, საბოლოოდ, დაამტკიცეს, რომ ძალა ერთობაში არ არის და არ არსებობს არავითარი ერთობა გარეგნული რიცხვით (აქვე ვიტყვი, რომ სისულელეა ისრების ერთად შეერთება, რომლებიც ერთად არა ტყდებიან, ხოლო ერთს ბავშვიცა ტეხს _ აბა, სცადეთ და ერთი მშვილდით ოცდაათი ისარი გაისროლეთ ერთად, ა?! _ ერთი ისვრის ერთს _ ...~)
აქ მკითხველს გავახსენებ `უსახელო უფლისციხელის~ ბოლო ეპიზოდს, როდესაც ტაძარში რწმენით გაერთიანებული ხალხი მხურვალედ შესთხოვს ღმერთს სამშობლოს გადარჩენას და ბოლოს კი აღუვლენს სამადლობელ ლოცვებს.
`იულონამდე~ ერთი-ორი თვით ადრე დაწერილ `შაშას რევოლუციაში~ შიშითა და სასოწარკვეთილებით შეპყრობილი ძაგანია უეცრად ხვდება, რომ მეორე ადამიანთან ერთიანობის გზა გადის სიყვარულზე, გინდაც ის იყოს მტერი, რომ ამ ერთიანობის შეგრძნებას ადამიანის შინაგან სამყაროსთანა აქვს საქმე.
`ალავერდობის~ ბოლო ეპიზოდში ალავერდის გუმბათზე ავარდნილი გმირი დაინახავს ამაოებას, უაზრობას თავისი მცდელობისა ერთი მიზნით, ერთი აზრით გააერთიანოს ადამიანები. რადგან ადამიანის ყოველდღიურ უსიტყვო შრომაში, სწრაფვაში სიკეთისაკენ, სისრულისაკენ, ჰარმონიისაკენ, ის მოულოდნელად აღმოაჩენს ქრისტეს მადლის დაფარულ ქმედებას და მიხვდება, რომ სინათლე, სიცოცხლე, მიზანი, ერთიანობა დასაბამია სამყაროსი და არ საჭიროებს ვინმეს მიერ ამის გარედან შეტანას.
უხვ მასალას იძლევა, ამ მხრივ, თუნდაც მწერლის ბოლო წლების ნაწარმოებთა სათაურებისთვის თვალის გადავლება: `ბევრი ბავშვები ერთად~, `ჩვენ ერთად მივდივართ~, `ჩვენ ერთი საქმისათვის ვიბრძვით~ და სხვ., სადაც ეს პრობლემა ხან სერიოზულ-სახუმარო სიტუაციაში, ხან კი ცალსახა სერიოზულობითაა ხოლმე წარმოჩენილი.
ამონაწერი `იულონიდან~:
`მოდით, ერთხელ მაინც მივიდეთ ახლოს სინამდვილესთან, როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი წარმოდგენებით, ქეიფით, ღვინით და სხვა რაღაცეებით, როცა ერთმანეთს ვხვდებით. რომ შევიკრიბეთ რაღაცის გასაკეთებლად და არა ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ერთად ყოფნის სურვილი, მეტი არაფერი...~
`დავდგეთ ყველა ერთად, ყველამ ერთმანეთს გადავხვიოთ ხელი და ყველამ ერთი საათით მაინც ვიგრძნოთ ერთი მიზანი: ვუყუროთ პიესას და განვიცადოთ სუფთა მხატვრული სიამოვნება~ (`იულონიდან~).
`გაქრა დაბნეულობა და ყველაფერი ერთი მიზნისაკენ მიდის. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს იულონის, მკვლელის, მეტი აღარავინა დგას ამ ოთახში. ღმერთო ჩემო, ნუთუ ამხელა ტრაგედია იყო საჭირო, რომ ყველას ერთი მიზანი გვქონოდა ...~
`ალბათ, არის წუთები, როცა ჩვენ ყველანი ერთნაირად ვხედავთ საგნებს.~
ამონაწერები დღიურებიდან:
`..ვიწექი მარტო და მშურდა გვერდზე ოთახში მწოლიარე მოხუცი ცოლ-ქმრისა და ვეძებდი გონებით ისეთივე მეგობარს, რომელიც გამიგებს ყველაფერს, რომელსაც შეუერთდება ჩემი განცდა და გაიყოფა ტანჯვა ორად. იქიდან დიალოგი: საიდანაც მათი სრული ურთიერთგაუგებრობა მტკიცდება, თითქოს 50 წელი ერთად წოლამ სულ გამოაცალა ყველა საერთო შეგრძნება, რომ არც სხვა არის `ერთად~, `ერთად~ რაც ორს მაინც გულისხმობს და სხვას არ შეუძლია გაიგოს შენი, რადგანაც აქვს თავისი და შენ არ უნდა დაემდურო მას ამისთვის, ისევე როგორც ის. იმ მუქ ჩამჯდარ შპალერში, კუთხეში დაკიდულ ხატში და მათ დიდ ბრინჯაოს ჩარჩოიან სურათში ვიგრძენი, რომ არ შეიძლება ვინმე ერთს შეუერთდე, ვინმე ერთმა გაგიგოს .. ან საერთოდ გაიგოს ხალხმა, გაგება არის მხოლოდ შერწყმაში რაღაც დიდთან, რასაც ჰქვია ორივე ცოლ-ქმარი ერთად, მემტრედე, რომელიც თოვლსა გვის მტრედებისათვის, თვითონ მტრედები და, საერთოდ, ძირი თუ არსი სიცოცხლისა, არსებობისა, სულისა...~
`...ვეხლები კედლებს და მივდივარ. და მხოლოდ წერის დროს, არა, რაღაც ჩემთვისვე შეუცნობელ ადგილას, ვრჩები მარტო. დაე, ეს ადგილი იყოს სახელად `ტროლეიბუსი~. Aაქ, ამ ადგილას, ერთდებიან ისინი ერთად, ისპობა მათ შორის ზღვარი, ისინი არიან ხალხი, ისინი ღრიალებენ და აიძულებენ ჩემს გულს უყვარდეს რაღაც დიდი, ზოგადი, რომელშიც სასაცილომდე პატარად მოჩანს ძმაკაცობა, ხელოვნება ედიშერისა, ხელოვნება ნუგზარისა, ჭიდილი ჩვენ სამში მაგნიტდება. ერთმანეთისაკენ ლტოლვა ყველა ამინდში და შეხლისთანავე დაშორება. ის დიდი გარეშემო ეხვევა ყველაფერს, ამ დიდს არა აქვს ლტოლვა, ამ დიდს არა აქვს დრო, დამოკიდებულება, ეს დიდი არის დიდი და მძიმედ მსუბუქი და ის ძალიანა ჰგავს სიკეთეს, რომელიც კერძოდ არ ეკუთვნის არავის ...
დაშორების წინ ედიშერი იჯდა ვერაზე, მე ვიდექი, ხეებთან იდგა ბესიკა. როცა ედიშერს შევხედე, სახეზე ისევ ისეთი გამომეტყველაბა ჰქონდა: и все таки ни то ни то _ და მე ვფიქრობდი что? что? что?? დავშორდით. მე გავიფიქრე, როგორ დავშორდე ედიშერს, რომ არ იფიქროს ჩემი ამდენი ფიქრების შესახებ, მეორედ ხაზგასმული სიკარგით არ დავუქნიე ხელი, შესაძლოა именно это! это ни настоящее, ყალბი არის ни то! скорее всего так...~
ასე რომ, შეურაცხყოფილი ადამიანის უკან იმალება კეთილი, უბოროტო გული _ `გულში ყველა მართალია,~ `გულში ყველა კარგია~ (მწერლის დღიურიდან). შეურაცხყოფა, შური ეს არის მხოლოდ ფორმა, გარე სამოსელი, რომელსაც ურთიერთობისას მალევე ეხდება გვირვინი, ისე როგორც ნებისმიერ სხვა გრძნობას, რაც ერთ ადამიანს აპირისპირებს მეორესთან.
ხელოვნებისათვის:
როგორც ვხედავთ, `იულონში~ გრძელდება ხელოვნებისა და ცხოვრების ურთიერთდაპირისპირება, რაც 1958 წელს `ირინა და მეში~ დამთავრდა ირინას მკვლელობით. ეს მაშინ მწერლისათვის უკვე ნიშნავდა ცხოვრებაზე ხელოვნების უკომპრომისო უპირატესობის აღიარებას, ხელოვნებისათვის ადამიანის შეწირვას. `იულონში~ მწერალი ხელოვანსა და ბოროტმოქმედს თითქოს უკვე ერთ მთლიანობად მოიაზრებს. თითქოს სამყარო, რომელშიც ის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომელიც მას `თავზე დაემხო~, მთლიანად უპირისპირდებოდა სინდისს, ზნეობას.
`ხმა შავი: შენ მწერალი ხარ, შენ უნდა წერო როგორ იკლავენ სხვები თავს, ასეთია შენი ვნება, გურამი: ჩემი ვნება? გესმით, ხალხო, გესმით თქვენ ხმა ჭეშმარიტების. ჭეშმარიტების ხმა მანუგეშებლის როლში ჩასმული ბოროტი სულისაგან.~ (`მარინასათვის~ გაკეთებული ჩანაწერებიდან).
ნაწყვეტი `ირინა და მეს~ `მინაწერიდან~:
`დღემდე უდიდესი აღელვების გარეშე არ შემიძლია მოვიგონო ის საბედისწერო ღამე, რომელიც კანონზომიერად გამოიწვია მთელმა ჩემმა იმდროინდელმა არაბუნებრივად აღგზნებულმა მდგომარეობამ, რაც, თავის მხრივ, შედეგი იყო ჩემს ბუნებაში შემოქმედების სურვილის მძლავრი, ულმობელი ნაკადის შემოჭრისა. ამ ძალამ ჩამითრია თავის უფლებებში, წამომიყენა სულ სხვა მოთხოვნები, ვიდრე მე ვიყავი შეჩვეული. როგორც ხედავთ, ამან გამოიწვია ის უზარმაზარი, განუსაზღვრელი, ვადაგაუსვლელი დანაშაული, რომელიც ახლა ჩემს მხრებს აწევს. მისი დროით მოხდა შეუძლებელია, წინააღმდეგ იურიდიული სასჯელისა, მაგრამ მე ახლა, გარკვეული ხნის გასვლის წყალობით, მაქვს საშუალება ერთგვარად გარედან ვუყურო როგორც იმ ამბავს, ისევე იმავე ზაფხულში დაწერილ მის დაწვრილებით აღწერას, რომელშიც ქვეშეცნეულად გამოიხატა იმ ტრაგედიის გარდუვალობა. სანამ მოკლედ ვიტყოდე ჩემს აზრებს იმ მღელვარე წარსულ დროზე, თეზისის სახით აღვნიშნავ ჩემს ძირითად, მაგრამ აუცილებელ შეცდომას, რაც მეტ-ნაკლები მასშტაბით ყველას მოსდის, ვინც სრულიად ლაღი, სხვა ხასიათის ცხოვრებიდან ხელოვნების რკინისებურ პრინციპებში პირველად ეხვევა:. კიდევ გავიმეორებ: მე შემოქმედებით გატაცებამდე თავაუღებლივ, გატაცებით ვატარებდი დროს, ხოლო მით `დაავადების~ შემდეგ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო: ახლა მხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით დავუწყე ცხოვრებას ყურება და ყოველი მისი, ცხოვრების, უპირველესი მოთხოვნილება, რაც საერთოდ ისეც არ მესმოდა კარგად რა იყო, მკრეხელობად მომეჩვენა. მან (შემოქმედებამ) ჩემში `სიყვარულის~ (ფართო მასშტაბით _ ცხოვრების სიყვარულის, ცხოვრების სურვილის), ყველაზე ძლიერი გრძნობის, შეთავსებაც კი ვერ შეძლო თავისთან, სამაგიეროდ, ხარბად ეწაფებოდა ის ყველა გამაბრუებელს _არაყს, ნიკოტინს, ჩაკეტილ ოთახს, რომ ჩაეხრჩო, არ შეეხედა გარშემო მყოფი რეალური საგნებისათვის, შემოესაზღვრა თავისი გრძნობა, გაქანება, `მაღალი აზრის მხატვრული გადმოცემის~ არასწორი გაგებით: ყველაფერი ეს გამოწვეული იყო ფიზიკური და გონებრივი სისუსტით მოვარდნილი ნიაღვრის წინააღმდეგ. ფაქტიურად, ეს პერიოდი იყო ადრინდელი `დროსტარების~ გაგრძელება მაღალ ფორმაში.~ (`ირინასა და მეს~ `მინაწერიდან~).
დიდ პიესაში (ანუ პიესის მიხედვით `ცხოვრებაში~) რეალურად გათამაშდა ის (მკვლელობა), რაც ჩართულ პიესაში, `გამონაგონში~, ცხადია, პირობითი იყო მხოლოდ. ჩართული პიესის ავტორს საკუთარი თავი უპირველეს დამნაშავედ მიაჩნია, რადგან მიზეზი მკვლელობისა გახდა მისი ნაწარმოები, რომელმაც იმდენად აღაგზნო პიესის საყურებლად შეკრებილი ბიჭების ვნებები, რომ ისინი გამოიყვანა რეალობიდან, ყოველდღიური, ჩვეულებრივი ურთიერთობებიდან (აქ მინდა მკითხველს გავახსენო `ხორტისტების~ ერთ-ერთ შეკრებაზე გურამისა და ერლომის კამათი: მხატვრულმა ნაწარმოებმა უნდა აღაგზნოს ადამიანთა ვნებები საპასუხო რეაქციის გამოსაწვევად თუ არა. გურამის დაუსაბუთებელი პროტესტი, რომ ადამიანთა აგზნება შემოქმედებით სულაც არ არის საჭირო).
`ნაწარმოების კონკრეტული იდეა არის ის შეუცნობელი განწყობილება, რომელიც ქვეშეცნეულად მოქმედებს მნახველზე თუ მკითხველზე, ემატება წვეთებად მის საკუთარ იმდროინდელ განწყობას და აღრმავებს მას; თუ მისი საკუთარი განწყობა არის, უხეშად რომ ვთქვათ, კარგი, კაცთმოყვარე _ უღრმავებს კაცთმოყვარეობას, თუ არის ავი _ უღრმავებს სიავეს და ამას აკეთებს ორ სხვადასხვა კაცში ერთი და იგივე ნაწარმოები, რომლის იდეა, როგორც მიღებულია ითქვას, ვთქვათ, არის ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის ან სხვა რაიმე.~
ასე რომ, ხელოვნებას საერთოდ არ აინტერესებს ადამიანი, მისი ზნეობრივი მხარე _ არც თვითონ შემქმნელის, არც მკითხველის თუ მსმენელის, ვისთვისაც ის იწერება. მისი მიზანი მთლიანად ესთეტიკურია. მას კავშირი აქვს მხოლოდ ემოციებთან, გრძნობებთან, იმასთან, რაც აღაგზნებს ადამიანთა ვნებებს, მის მობილიზებას ახდენს და საითკენღაც წარმართავს, საით, ეს უკვე მისთვის სულერთია.
`ნაწარმოების მხატვრული მხარე, მისი აღგზნებადობის განმსაზღვრელი, რომელზედაც თითოეული ადამიანი თავისებურად რეაგირებს და რომელიც სრულიად მოულოდნელ რეაქციას იწვევს ხოლმე პიროვნებებში,~ ეს არის მისი თემა, იდეა, ანუ ესთეტიკურია მთლიანად (აქ მინდა მკითხველს გავახსენო ცნობილ კინორეჟისორ სტენლი კუბრიკის ფილმი `მექანიკური ფორთოხალი~, სადაც მთავარი გმირის ღამის კოშმარულ ქმედებებს თითქოს ბიძგს აძლევს და კვებავს ბეთჰოვენის ჰეროიკული სიმფონია).
ამონაწერები `იულონიდან~:
`თუ არა ეს პიესა, მკვლელობა არ მოხდებოდა.~
`გურამი: აი, ვინ არის მთავარი დამნაშავე _ ეს მე ვარ და მე ყველაზე მეტი ცრემლები მმართებს.~
`ვინ აკეთებს სასარგებლოს? _ ის, ვისაც არ შეუძლია რამე დააშავოს. ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც აღაგზნებენ ადამიანთა ვნებებს: ასტროლოგები და პოეტები.
აქ დანაშაული აქვს პიესის ავტორს, ამიტომ და საერთოდ, მწერალი არ შეიძლება იყოს მსაჯული.~
`შენ უსინდისო ხარ ...
რაც შეეხება მაგ მუხლს _ მე, მხოლოდ, მწერალი ვარ, ამიტომ მიხარია კაცის სიკვდილი, მერე დავწერ ამის შესახებ ... საინტერესო აზრები გქონია დამარხული, აბა, კიდე გაქექე, იქნებ იპოვო, რომ მე მოწოდებით მკვლელი ვარ.~
`მე ეგ სიკვდილი მსიამოვნებს კიდეც, მერე დავწერ. შენ რა, არ გსიამოვნებს? აბა, კარგად დაფიქრდი!~
ამონაწერები დღიურებიდან:
`ჩემი მიზანია არა ის, რომ მოვიპოვო წერის უფლება, არამედ ის, რომ მოვიპოვო უფლება არა ვწერდე _ ვცხოვრობდე და კმაყოფილად ვგრძნობდე თავს ცოდვების მონანიების გარეშე, რის პირდაპირ ნაყოფსაც წარმოადგენს ჩემთვის წერა. ამ კმაყოფილების მისაღწევად მე მჭირდება ან დიდი ბოროტმოქმედება, ან წერა. წერა ჩემი სიამოვნება არ არის, ის მე მხოლოდ სულიერ უსიამოვნებას მანიჭებს და ვწერ _ მეტი ძალა არა მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ _ მეორედ მოსვლისას, თუ ცხოვრების მეორე ნახევარშივე არა _ მე დავანებებ წერას თავს, ან წერას ჩავთვლი ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებად, რომლისგანაც გარკვეული სიამოვნების მიღება მაინც შეიძლება~.
`მივდივარ ბასრი რქებისკენ, უდიდესი ცოდვისკენ, რომელსაც ჰქვია წერა... დაე, ეგ წერა იყოს ჩემი ბედისწერა და ჩემი `მეს~ მისიაა ზედ არ წამოვეგო ამ რქებს.~
.`მასალად გამოიყენო შენი ბიძაშვილის სიკვდილი..?!~
`ღმერთო ჩემო, როგორ ძნელად ხდება ჩემში ყველაფერი. რამდენი უნდა ვეწამო, რამდენი დღეები უნდა ვიშფოთო, ვერსად ვერა ვგრძნობ, თვით ყველაზე მხიარულ დროსაც თავს კარგად, რაღაცა ცოდვა მაწვალებს, ეს ცოდვა მაწერინებს და წერა მაძლევს ზურგს, რომ ჩემს თავში გავერკვე, ისეთივე ზურგს, როგორც მომცემდა ათი კაცის მოკვლა. წერას უდიდესი მკვლელობის ცალად მივიჩნევ, თუ უფრო მეტი არა~.
`ისევ დამეცა თავზე ბოროტი წერა~ (დღიურიდან).
თემო ჯაფარიძემ უთხრა გურამს: ბათუმში ერთხელ ისე მაწყენინე, თავის დახრჩობას ვაპირებდიო. გურამს უთქვამს: რას ფიქრობდი! ბევრი-ბევრი ერთი პატარა მოთხრობა დამეწერა, სხვა რა იქნებოდაო (თემო ჯაფარიძის მოგონება).
1957 წლის აპრილის ბოლოს გურამი შეიქნა უნებლიე მოწმე ახალგაზრდების შეჯახებისა, რაც ერთ-ერთის მოულოდნელი მკვლელობით დამთავრდა. იქნებ შეეძლო მას ხელი შეეშალა მკვლელობისათვის! (თუ არ შეეძლო?!) და ცნობისმოყვარეობის გამო არ შეუშალა მხოლოდ, რათა მერე დაეწერა ამის შესახებ. `თუ ის, უბრალოდ, ბედისწერას ვერ აღუდგა წინ?! (იხ. შენიშვნები `მარინასთვის~ ამავე ტომში).
ამ სულიერმა გამოცდილებამ, როგორც ჩანს, რეტროსპექტულად, სულ სხვანაირად გაააზრებინა გურამს ცხოვრებისეული ფაქტები და, შეიძლება, საფუძვლადაც დაედო მის, როგორც მწერლის, შემოქმედის, სინანულის პირველ ძლიერ განცდას, თითქმის პირველ ეჭვებს: რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ცხოვრება თუ შემოქმედება.
`იულონი~ არის აღსარება, სინანული შემოქმედის, რომელიც მზად არის ყოველ წამს, ხელოვნების სასარგებლოდ, ხელოვნების მასალად გამოსაყენებლად, ხელოვნების სიკეთისათვის, ცხოვრება მსხვერპლად მოუტანოს შემოქმედებას (`ჯერ განიცადო, მერე დაწერო~, `ერთხელ ისე სულელდება, რომ კაცსაც კი კლავს, რომ უკეთ განიცადოს.~ დღიურიდან). ეს არის მდგომარეობა, რასაც მწერალი `თავს ვერ აღწევს, როგორც ჰერაკლე თავის თორმეტ დავალებას~ (მოსკოვის დღიურიდან), და მნიშვნელოვანია მოულოდნელი ეჭვიც, იქნებ მას `მწერლობა ... სულაც პატივმოყვარეობისათვის უნდა, მეტი არაფერი...~ (დღიურიდან).
მწერლის მხატვრულ ნაწარმოებებზე დაკვირვება, ისევე როგორც ბიოგრაფიული ფაქტები, მოწმობენ, რომ `წერის დაწყების~ დღიდან გურამი თითქოს ახდენდა არჩევას ზნეობრივსა, ეთიკურსა და ესთეტიკურს შორის. `ირინა და მეს~ სიუჟეტში, სადაც ირინას მკვლელობით თითქოს ყველაფერი უკვე ხელოვნების სასარგებლოდაა გადაწყვეტილი, უკვე შეპარულია ისეთი სახეები, არაფერი რომ არა ვთქვათ თვითონ მკვლელობის ფაქტზე, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მკითხველისათვის მწერლის მიერ ესთეტიკურის, როგორც ზნეობრივის, გააზრებას.
მკითხველს შევახსენებ მოთხრობის ბოლოს: `იმას მე ძეგლს ავუგებ და შემდეგ მოვიკლავ თავს, დავწერ მასზე უმშვენიერეს პოემას. ტრიალებენ სახეები გახურებულ ჰაერში და შიგ ავი ჯინივით ულვაშა კაცი ჩნდება, ოჰ, იმისი... მზე აჭერს ... მე მინდოდა პოემა დამეწერა უბოროტკაცოდ?!... მზე აჭერს... კეფას ნათელთევზასავით მიბურღავს, ოო, როგორ მომნატრებია ჩემი ოთახი... როგორ წამოვედი იქიდან... იქ სხვანაირია ყველაფერი, იქიდან სუპერმენი იბერება, მიზიდავს.... ყველაფერს ჩემი ოთახი ეპატრონება, იქ დაუწერელი ქაღალდები ყრია _ თეთრი, უხაზო ესკიზები, გაფანტული იატაკზე, პაპიროსის ნამწვები და არყის ბოთლები...~ წელიწად-ნახევრის შემდეგ `ირინა და მესათვის~ გაკეთებულ `მინაწერში~ მწერალი რეტროსპექტულად გაიაზრებს ყველაფერს, რამაც მისი ალტერ ეგო მიიყვანა მკვლელობამდე და თითქოს პოულობს კიდეც მიზეზს: ხელოვნებით `დაავადების~ შემდეგ მან დაიწყო ცხოვრების აღქმა შემოქმედების თვალსაზრისით და ამიტომ ცხოვრების სულ ელემენტარული მოთხოვნილებებიც კი მკრეხელობად მოეჩვენა (მწერლის სიტყვების პერიფრაზი). მან ადამიანზე, ცხოვრებაზე მაღლა შემოქმედება დააყენა, რამაც შეიწირა ჩვეულებრივი, თბილი ადამიანური ურთიერთობები.
`იულონი~ დაიწერა 1958 წელს. ამ დროისათვის შექმნილი იყო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, `შაშას რევოლუცია~, შემოდგომის დღიურები. ზევით მოყვანილი `მინაწერი~ `ირინა და მესათვის~ მწერალმა გააკეთა 1959 წლის შემოდგომაზე. სულ ერთი თვე იყო დარჩენილი `ჩემ ლიტერატურულ შეხედულებებამდე~, სადაც მწერლის ცხოვრება _ შემოქმედების მაგისტრალური სიუჟეტი, ანუ ხელოვნებისა და ცხოვრების ურთიერთდამოკიდებულება, ახალ საფეხურზე ავიდა. ციკლის ბოლო მოთხრობაში `დღიური~ ხელოვნების მნიშვნელობა მწერლისათვის შევიდა ახალ ფაზაში და, ვფიქრობ, სრულიად საწინააღმდეგო კუთხით მოტრიალდა. ხელოვნების `სინათლით მსუნთქავი ბუნდოვანება~ გურამმა გაიაზრა როგორც ჭეშმარიტების წვდომის საკუთარი გზა, საიდუმლოს შეცნობის და გადმოცემის მისთვის ერთადერთი შესაძლებელი ფორმა. `დღიურში~ ლოთის სხეულში `გადაბუდრულმა~ მწერლის ალტერ ეგომ თითქოს, მართლაც, `ქნარზე ამოხსნა თავისი ამოცანა~. გურამმა, როგორც ჩანს, უკვე საბოლოოდ იგრძნო თავისი მოწოდება _ სიტყვით გადაეცა ხალხისათვის ის, რისი გაგებაც მისთვის `წამისყოფით~ გახდა შესაძლებელი. ეს გზა მისგან მოითხოვდა `უზარმაზარ მსხვერპლს~. ასე რომ, ამ ეტაპზე ხელოვნება ესახებოდა მას იმ `უხილავ ჯვარად~, იმ `მსხვერპლად სიმართლისა~, რაც მას თავისი მოძმისათვის უნდა გაეღო. ეს არის `ჩლშ~-ის დასასრული: დაბრუნება ხელოვნებასთან ახალ ეტაპზე. `ირინა და მეს~ მინაწერისათვის გაკეთებულ ჩანაწერებში (1959 წლის შემოდგომა) მწერალი გამოთქვამს მსგავს აზრს: `ხელოვანი მსხვერპლია.~ მკითხველი დამეთანხმება, ალბათ, რომ ეს აზრი სრულიად განსხვავებულია `ირინა და მეში~ გამოთქმული მოსაზრებისგან, როდესაც მას ხელოვნება მხოლოდ თავისი ეგოიზმის ნაყოფად წარმოუდგა: `მე მას უნდა ძეგლი ავუგო, მხოლოდ მისთვისვე ვრჩები ცოცხალი! სიბრაზის ამოხეთქვასავით იმართება ჩემი სხეული თავისი თავის წინააღმდეგ: გურამ, იყავი მკვლელი, ოღონდ ნუ იქნები მატყუარა! მხოლოდ საკუთარი ვნებისთვის, შენთვის, შენთვის უნდა იცხოვრო შენ და არა გაქვს არავითარი უფლება, სხვას დააბრალო ეს სიცოცხლე~ (მოტივები `ჩემი ლიტერატურული შეხედულებების~ კომენტარებიდან. იხ. ტომი 3, გვ.422-433).
ეს იყო 1959 წლის გვიანი შემოდგომა.
`იულონს~ და `ჩემ ლიტერატურულ შეხედულებებს~ მსგავსი ბედი ხვდათ წილად.ისინი მკითხველმა აბსოლუტურად შეცვლილი და დამახინჯებული სახით მიიღო. `ჩემ ლიტერატურულ შეხედულებებში~ იყო წინასწარგამიზნული რედაქტორული ჩარევა: მთლიანად დაშალეს ნაწარმოები, დაუკარგეს მთლიანობა. ამოიღეს `ირინას~ ექსპოზიცია, შეცვალეს ფინალი, თითოეული ნაწარმოებიდან ამოიღეს ტექსტის სიღრმისეული აზრის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი ცალკეული ფრაზები და სიტყვები, და კიდევ ბევრი სხვა. დაინტერესებულ მკითხველს ადვილად შეუძლია ამას თავად მიადევნოს თვალი. `იულონში~ ასეთ ჩარევას არა ჰქონია ადგილი. ამ ნაწარმოების დამახინჯება შეიძლება დავაბრალოთ უფრო ბრმა შემთხვევითობებს, უყურადღებობას, გულგრილობას, გაუგებრობას, რადგან მისი პირველი პუბლიკაციის დროს უკვე აღარ მოქმედებდა საბჭოთა ცენზურა. საერთო ბედი ნებსით თუ უნებლიეთ ორივე შემთხვევაში დაკავშირებული იყო გურამის შემოქმედების სიღრმისეული საზრისის უგულებელყოფასა ან, უფრო სწორად, ვერგაგებასთან.
`იულონის~ მხატვრული ზემოქმედების ძალაზე მეტყველებს ის სტატიები, რომლებიც დაიწერა ამ ტრაგედიაზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის გაურკვევლობამდე, გაუგებრობამდე შეცვლილი სახით მიიღო მკითხველმა.
`იულონი~ პირველად გამოქვეყნდა ცალკე წიგნად 1987 წელს.