კიდევ სამი დიალოგი
- აუჰ, - ამოიფშვინა ქუჩამ.
- დარჩა უფეხოდ.
- თუ საერთოდ გადარჩა.
- სახე დაინახე?
- ვერა.
- ახალგაზრდა იყო?
- არ ვიცი.
- საწყალი, სტუდენტია. - თქვა ვიღაცამ.
- უჰ!
- აბა ახალგაზრდა ყოფილა.
- უნდა ჩამოახრჩო ვატმანი.
- რა ვატმანის ბრალია.
- ჩუ, - ჩაერია ვიღაცა, - ვატმანის ბრალია.
- უჰ, მაგისი.
- უნდა ჩაალპო.
- მე რო მომცა!
- ფეხებით ჩამოვკიდებდი.
- მეტის ღირსია.
სადღაც სირენა აწივლდა. მოვარდა მილიცია.
- ამის დროა?
- აბა!
- იმის მაგიერ წითელ ჯვარში დაერეკათ.
- დედა ეტირება ვატმანს.
- ის სისხლისგან დაიცლება.
- რა სისხლი, შუაზე გაუჭრია.
- საწყალი.
- მერე სტუდენტი ყოფილა!
- უბედური დედამისი.
- ვინც მოკვდა, იმან იკითხოს, თორე ცოცხლად დარჩენილს რა უჭირს.
- დედისერთაა ნეტა?
- ჰო.
- წ, წ, წ!
- საწყალი, კაცო, დედისერთა ყოფილა.
- არა, და ჰყავს, - ჩაერია ვიღაცა.
- და?
- ჰო.
- საწყალი, საწყალი.
მილიცია ოქმს აფორმებდა.
- კაცო, რა ჩემი ბრალია. - ყვიროდა ვატმანი.
- იმას მაინც არაფერი ეშველება, - თქვა ვიღაცამ.
- კაცო, რა ჩემი ბრალია.
- მა ვისი, - თქვა მილიციამ.
- თავისი, მე ხო არ ვხედავ, უკან ვინ ახტება.
- მორჩი, ჩქარა მირეკავდი.
- მოაწერე აქ ხელი ახლავე.
- რათა, კაცო, რა ჩემი ბრალია.
- მოაწერე, თორე უარესია.
- ახლავე, კაცო.
- მოაწერე, უფრო უარესია, - ურჩია ვიღაცამ.
ვატმანმა მოაწერა: რ. აკოფოვი.
- სომეხი ყოფილა, - თქვა ვიღაცამ.
- ჰო.
- მაინც ცოდოა, უეჭველი ათი წელი აქვს.
- ახია.
- რატო, კაცო, რა მაგის ბრალია.
- ნელა ატაროს.
- ნელა, რა ის არის.
- ნოდარ!
- რა?
- ისე გავერთეთ, მგონი დაგვაგვიანდა.
- ჰო, მოვდივარ.
- წამო რა, ჩქარა.
- იარე, დაგეწევი.
- წავედი, რვას ათი უკლია.
- მოიცა, მოვდივარ.
წელი 1957. მარტის 9.
***
- ხან ცხელა, ხან ცივა.
- ვა!
- რა ვა?
- მა როგორ გინდა?
- მაინც მურტალია.
- რა, ბიჭო, არ მესმის.
- რა და შარშან მაისში ციოდა.
- მერე?
- მერე წელს ცხელა.
- დიდი რამე.
- იცი, რა?
- რა.
- გაისად ისევ ეციება.
- ვინ იცის.
- ნიძლავი.
- ვა, რაც შენ ნიძლავი გიყვარს.
- არა? თქვი შენ თვითონ.
- არა.
- ჩამო ნიძლავი!
- მაიტა!
- ვინ ჩაჭრის?
- ვანო.
- აბა ვანო?
- ვანო.
- აგე.
- დაუძახე.
- ვანოვ, ვანო!
- რაი.
- მოდი აქ, ჩაჭერი.
- რაზეა ნიძლავი?
- არც რაზე. ჩაჭერი.
- აჰა, ეგეც საქმეა, რაზეა არც ახლა იტყვით?
- რაზე და გაისად მაისში უნდა ციოდეს.
- გაისამდე დაგავიწყდებათ.
- მე არა, პეტრეს შეიძლება.
- მე?
- ჰო.
- რო არა?
- რო ჰო.
- მოდი, ნიძლავი.
- ახლაც მე ვიწყებ ნიძლავსა?
- შენ ამტეხე.
- მე არა.
- პეტრევ, შე სასიკვდილე!
- ვაიმე!
- დედა გეძახის, ბიჭო.
- არა, ბებოა.
- ბებო არა, ის.
- ბებო, გეუბნები, მე არ ვიცი?
- ჩამო ნიძლავი, დედაშენია.
- მაიტა!
- აჰა!
- ჩაჭერ, ვანოვ!
- აჰა, რაზეა, არ იტყვით?
- რაზე და, დედაა თუ ბაბო, რო იძახის-მეთქი.
წელი 1957. მარტის 16.
სათაური: როგორც არი
- მტერი ჩავარდა ხალხის ყბაში.
- აბა, კაცო!
- ოღონდ აჭორავე ეს ხალხი და...
- მეტი რა საქმე აქვთ.
- კაცო, გოგოსთან ვერ გაგივლია, რო რაიმე არ თქვან, ჩემს დასთან გავლის მეშინია.
- ეგ რა არი, მე უარესს გეტყვი.
- ჰა?
- ქეთო ჩემი გოგო ჰგონებიათ, მთელი ამბავი იყო.
- აბა უყურე.
- დეიდაჩემი გაგიჟდა.
- დეიდა რატო?
- იმისი შვილია ქეთო და ჩემი ბიძაშვილი, იმიტომ.
- ვახახახა!
- ოხ მაგათი, ჭორში ამოსდით სული.
- გაუშვი ერთი.
- გამარჯობა, გურამ!
- ვინ არის ეგ ბიჭი?
- გურამია, ქუთაისელი.
- ძაან ხინკალი ქუდი კი დაურტყავს, მოხდისა კი რა მოგახსენო.
- უზრდელები არიან, კაცო.
- თავს მაინც უნდა სცე პატივი.
- აბა, კაცო.
- ეს ვიღაა?
- ვასოა, თეატრალურზე სწავლობს.
- გამარჯობა, ვასო, კაცო, როგორა ხარ?
- ისე რა, შენ როგორ?
- არა უჭირს, ვცხოვრობ.
- ხოშიანი ბიჭია, ბიჭო.
- არი რა.
- რა არი, არ მოგწონს?
- კი.
- რა კი, თქვი.
- შენ ახლო არ იცნობ.
- ჰო, რა არი?
- მაგისი ამბავი მე მკითხე, რას აკეთებდა.
- მაინც?
- არაფერს, მერე გეტყვი.
- ხედავ!
- ვის?
- აგე.
- ჰოო.
- ხო იცი?
- არა.
- მგონი ხელს აწერენ.
- ვინ, კაცო, ჯემალი და ნანა?
- ღმერთს გეფიცები!
- კაი ერთი.
- ლეილამ მითხრა.
- უ მაგისი, მაგის მერე ეგ კაცია?
- აბა, კაცო, ძმაკაცს წაართვა გოგო.
- ხო იცი, ვინ ცხოვრობდა მაგასთან.
- პეტრე.
- არა, კაცო, პეტრე მარტო დადიოდა, მანამდე.
- არა.
- ვაჟა.
- ვაჟა?!
- დედას გეფიცები.
კინოს წინ სინათლე აინთო.
- გამარჯობათ, ბიჭებო.
- გაგიმარჯოს, ემზარ.
- სალამი.
- ნეტა სად მიდის?
- ალბათ, ლეილასთან, საჭორაოდ.
- ჰო, ჭორი მაგის მოგონილია.
- კი, კაცო, ოღონდ გოგოებში ალაპარაკე, ან გოგოსავით აჭორავე.
- ვერ ვიტან მაგისთანებს.
- ერთი მაგათი, ეგეც იტყვის, კაცი ვარო.
ბიჭებმა ბილეთის ფული ვიღაც შლიაპიანს გადააწოდეს. მათ თავზე აბრა იყო გაკრული და დიდი წითელი ასოებით ეწერა:
ჩვეულებრივი ადამიანი
მოსკოვის ლენ. ორდ. კინოსტუდიის მხატვრული ფილმის ნაწარმოები.
1957 წელი. [მარტის] 30.
შენიშვნები
არქივში ინახება სხვადასხვანაირად დათარიღებული, ნაწილობრივ, დასათაურებულიც, ამ ნაწარმოების რამდენიმე შავი და ერთი თეთრი ავტოგრაფი. პირველი და მეორე დიალოგის მხოლოდ შავი ავტოგრაფებია(1-5გვ. 1-4გვ.) მესამე დიალოგისა კი - როგორც შავი(1გვ.), ასევე თეთრი(1-6გვ.) ავტოგრაფი. მესამე დიალოგის ბოლოს მწერლის ხელმოწერაა.
ერთ-ერთ დიალოგში “რვას ათი უკლია” სიტყვა “სახე” წერია ისე, რომ გამოვიდეს ადამიანის სახე. დასაწყისში იხმარება ფიგურული “ტ”.
პირველ სიაში გვხვდება ასეთი აღნიშვნა: “49. კიდევ სამი დიალოგი” ცალ-ცალკე სათაურების აღუნიშნავად. ამავე დროს, მარტის თვეში დაწერილი დიალოგებიდან უმისამართოდ დარჩენილია სამი დიალოგი. ვფიქრობ, გურამი ამ დიალოგების გაერთიანებას აპირებდა ერთ ნაწარმოებად. დიალოგები დავალაგე ქრონოლოგიურად. მესამე დიალოგის ავტოგრაფში ტექსტის ბოლოს აღნიშნულია მხოლოდ წელი და რიცხვი. თვე მიახლოებით დადგენილია ნაწარმოების ჟანრის, სტილის, ხელწერის, ფურცლის ხარისხისა და ფორმატის მიხედვით. პირველ დიალოგში პირველი ფურცლის ზედა ნახევარზე არის ქაოტური ჩანახატი, რომლის ქვემოთ მომსხო ასოებით წერია “სიზმარი.” მარჯვნივ ხელმოწერაა. როგორცა ჩანს, გურამს უნდოდა თავისი სიზმრის ჩახატვა. ჩანახატებში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ფიგურა, რაც შემდეგ ავტოგრაფებში ლაიტმოტივივით გასდევს ზოგიერთ მომდევნო ჩანახატს: მიმქროლავი მატარებელი, უზარმაზარეშვებიანი, დაკრეჭილკბილებიანი თავი, შესაძლოა, დევის. რქებიანი თავი, სახეზე მხოლოდ თვალებით, შესაძლოა, მიანიშნებდეს ეშმაკს. ეშმაკს უნდა მიანიშნებდეს ამ ჩანახატის კიდევ რამდენიმე ფიგურა. მთელ სიგრძე-სიგანეზე ხატია მაღალ შეერთებულ ფეხებზე შემდგარი ფრინველი, დაკეცილი ფრთებით, ალბათ, წერო. ამ ჩანახატების ფონს ქმნის უზარმაზარი დაკრეჭილი კბილები. ფიგურულია გვერდის ნომერიც “1”. ჩანახატის ქვემოთ ჩარჩოში ჩასმულია სათაური: “სათაური: როგორც არი.” ბოლოს, თარიღის შემდეგ, არის ჩანახატი - ცალთვალა, ნახევრად შიშველი, შლიაპიანი კაცი გიტარით (იხ. “ნელი ტანგოს” შენიშვნები). შავ ავტოგრაფში, აბრაში, თეთრი ავტოგრაფის ტექსტი დაწერილია რუსულად. შავი ავტოგრაფი, თეთრისაგან განსხვავებით, მთავრდება სიტყვებით: “ბიჭებმა ბილეთის ფული გადააწოდეს შლიაპიანს.”
ქვეყნდება პირველად.