კოლა და ვანო
დღიური:
წ. 1956. XII - 27
.
- მარიკა,
- ტარიელი,
- აი, ახლა უკვე ნაცნობები ხართ. - თქვა ვასიკომ.
- ძალიან სასიამოვნოა.
- მეც მოხარული ვარ, თქვენთან ერთი საქმე მქონდა, უკვე დიდი ხანია.
- რა საქმე? - გულუბრყვილოდ იკითხა მარიკამ.
ოპერის ფოიეში ზარის ხმა გაისმა. მრავალრიცხოვანი საზოგადოება დარბაზისაკენ გაემართა. ვასიკომ მარიკასა და ტარიელს ხელი გაუყარა. ამფითეატრისკენ გასწიეს. დიდი, ხავერდის ფარდა უმოძრაოდ ეკიდა. თეატრი მეორე მოქმედების დაწყების წინ გუგუნებდა.
- რა საქმე გაქვთ, მითხარით, რა? - ბავშვური ცნობისმოყვარეობით გაიმეორა მარიკამ ადგილების დაკავების შემდეგ.
- ახლა არა, შესვენებაზე, დიდი ხნის სალაპარაკო მაქვს.
დიდი სინათლეები ჩაქრა. ახლა მხოლოდ ჩუმი შრიალიღა ისმოდა. დირიჟორმა თავისი ადგილი დაიკავა, მერე ჯოხით გამაფრთხილებელი მოძრაობა გააკეთა. დარბაზი გაირინდა. გაისმა ბალეტ “დონ კიხოტის” მეორე მოქმედების აკორდები. მარიკამ პატარა სათეატრო ჭოგრიტი მოიმარჯვა: სცენაზე თითის წვერებზე შემდგარი ქალთა ჯგუფი გამოვიდა, მოპირდაპირე მხრიდან მე ორე ჯგუფი გამოემართა. კულისების სიღრმიდან ვაჟები გადმოეშვნენ. სრულდებოდა ესპანური ნაციონალური ცეკვა. აი, გამოჩნდა ფუნდუკის მფლობელი თავისი სახუმარო ნომრით. ამ დროს გაისმა საყვირის ხმა, რაც რაინდთა მოახლოებას მოასწავებდა. მოცეკვავენი მიაჩერდნენ შემოსასვლელს:
ლამაზ, თითისწვერებზე შემდგარ გოგონას აღვირისათვის ხელი ჩაევლო და ფუნდუკისკენ მიფრინავდა. მთელ სცენას ამაყად გადმოხედა როსინანტზე მჯდარმა ესპანელმა ჰიდალგო დონ კიხადომ. ცხენი ამ ახმახის ქვეშ წელში გაღუნულიყო. გაოცებული პირუტყვი ნაბიჯს ვეღარა დგამდა. სახედრიდან ჩამომხტარი პანსა ცეკვით მიიჭრა როსინანტთან და ძალით წაათრია ფუნდუკისაკენ. დარბაზში ჩუმმა სიცილმა გაიარა.
შეშინებული ცხენი უმოძრაოდ იდგა.
აი, ჩამოვიდა მისი მხედარი უზარმაზარი რაინდული უნაგირიდან და საერთო ფერხულში ჩაება. უცებ დარბაზი ახარხარდა, ვიღაცამ მეოთხე აივნიდან ტაში დაუკრა; მსახიობებმა მალულად გადახედეს ერთმანეთს, მერე მათაც დაიწყეს სიცილი; ცეკვა არ შეწყვეტილა. “ფუნდუკის მსახურმა” ცეკვით მოგავა და გაიტანა უწმინდურობანი დარბაზიდან. დაბნეული ცხენი ძლივს გაიყვანეს. მას უკან სახედარი გაჰყვა, რომელსაც თავი გაცილებით კარგად ეჭირა.
ორივენი ბნელი ჩასასვლელით უკანა ბაღში ჩაიყვანეს.
- რა ეღირსა, ვანო, შენს კოლას, - დაიწყო თუშურქუდიანმა წყნეთელმა გლეხმა.
- კოლა რა, ცხენი მაინც არის, შენი ვირი თქვი შენა.
ორივემ გაიცინა, მერე წყნეთელმა პაპიროსი მოსთხოვა მელინეიკეს.
გააბოლეს.
- აგე, კაცო, მოჰყავთ კიდეცა. - თქვა ვანომ.
თეატრის მუშაკმა ორივეს ფული ჩაუდო და საქონელი ჩააბარა.
- ასე, მაშ შაბათს მოიყვანთ.
- შაბათსა?
- ჰო, შაბათს.
- კარგი. - თქვა ვანომ.
- ჯანი გავარდეს. - თქვა კოტემ.
ვანომ ცხენს შეკაზმვა დაუწყო და იქვე მდგარ ლინეიკაში შეაბა. პირუტყვი ცოტა წელში გაიშალა. დაიფრუტუნა კიდეც. ნელი ჩორთით გავიდა ქუჩაში. ესიამოვნა მოყინული ჰაერის შესუნთქვა და კისერი გაიგრძელა დასაჭიხვინებლად, მაგრამ პატრონმა მოქაჩა აღვირს და გააჩერა. ლინეიკაში შებმულმა გზაჯვარედინზე ანთებული წითელი სინათლე ვერ შენიშნა. ისევ დაიძრნენ; ახლა გზა აღმართს მიჰყვებოდა. ცხენმა თავლის სიახლოვე იგრძნო და ნაბიჯს უმატა. ცოტა მუხლი ღალატობდა მხოლოდ.
- დრ, დრ, კოლააა, - დაიძახა ვანომ, კოფოდან ჩამოვიდა და აღვირს ხელი გაუშვა. კოლა გაჩერდა. ალაყაფის კარები ჭრიალით გაიღო. ცხენმა ლინეიკა ეზოში შეიტანა. მერე პატრონმა ცალუღი მოხადა. ახლა თოფრაკი გადაკიდეს კისერზე და ჩარდახის ქვეშ შეიყვანეს პირუტყვი. კოლამ უმადოდ დაიწყო თივის ღეჭვა.
ციოდა.
ბალანი აებურძგნა. ჩარდახის ქვეშ უფრო ღრმად შეიწია. ცოტა ხნის შემდეგ ჭამას თავი მიანება და თვალები მილულა.
ციოდა.
- ცივა, ცივა, დედაკაცო, ცეცხლს ვერ დაანთებ? - ბუზღუნით თქვა ოთახში შესულმა ვანომ.
- თბილოდეს რა, განა ის არის.
- რა ის, დედაკაცო, ცივა-მეთქი.
- როდის მაიტანე რო შეშა. - მთქნარებითა თქვა მისმა მეუღლე ვარომ და მეორე გვერდზე გადაბრუნდა.
“სად ვიშოვო შეშა?” გაიფიქრა ვანომ, მერე კიდობნიდან ერთნახადარყიანი ბოთლი ამოიღო და მოიყუდა. საწოლზე ჩამოჯდა. შემდეგ ისევ მოიყუდა.
გათბა.
“რად მინდა შეშა”, გაიფიქრა და გარეთ გამოვიდა.
ჩარდახის ქვეშ ცხენი თვლემდა. ვანომ ვარსკვლავებს ახედა. ციმციმებდნენ.
სიცივეზე არაყმა დაარტყა. დათვრა. ნელა შემოუარა ჩარდახს, მერე შიგ შევიდა. კოლას ხელი მოხვია კისერზე და ნესტოებზე კოცნა დაუპირა, მაგრამ თოფრაკმა არ გაუშვა.
ცხენი სიამოვნებით შეიშმუშნა. პატრონმა გაათბო. ჯერ უკანა ფეხები აათამაშა, წინითაც მოსინჯა მიწა. ვანომ თოფრაკი მოხსნა და ლაშებში აკოცა. არაყი უფრო მოეკიდა.
- ვენაცვალე, არტისტიც არის, - თქვა და სახლისაკენ გაემართა.
მარტოდ დარჩენილმა კოლამ თავისთვის ჩაიხვიხვინა, თვალები დააღო.
შუაღამეს სიცივემ ისევ მოიმატა.
ციოდა.
წელი 1956. ოქტომბრის 26.
შენიშვნები
არქივში ინახება სამი შავი ავტოგრაფი: (1+1-7გვ.), (1-2გვ.), (1გვ.). და ერთი თეთრი (I-II+1-6გვ.).
ერთი შავი ავტოგრაფი წარმოადგენს თავფურცელს, რომლის ქვედა ნახევარზე წერია ბრჭყალებში ჩასმული სათაური: „არტისტიც”. ამ სათაურამდე გვხვდება სხვა სათაური „მსახიობები”. სავარაუდოა, რომ გადაშლილია მწერლის მიერ. აქვე უზის თარიღი: „წ. 1956 26 ოქტ.”. ქვემოთ მარცხენა მხარეს წერია: „დღიურიდან წ. 1956 28 ოქტ.”. მარჯვნივ, წვრილი ასოებით წერია დღიური (ტექსტის ნაწილი). მეორე შავი ავტოგრაფი თავფურცელია. მის ქვედა ნახევარზე დიდი ასოებით გამოყვანილია სათაური. თავდაპირველად, როგორცა ჩანს, დაწერილი ყავისფერი ფანქრით. შემდეგ შემოვლებული აქვს კალმისტარი.
თეთრი ვარიანტისაგან განსხვავებული შავი ავტოგრაფის დღიური:
„კბილის ექიმიდან მოვდიოდი. რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში ხალხს მოეყარა თავი. ჯიშიან ულაყზე მჯდარ მოპუწკულ მხედარს ახმახი ოსი მილიციელი რაღაცას უმტკიცებდა გამწარებული.
- რითია ჩემი ცხენი ნაკლები - მეგრულად უქცევდა მხედარი.
- კასო, ცხენი კი არა კანონი, მე რა.
- სად წერია მაგი?
მილიციელმა ჩანთიდან რაღაც კოდექსი ამოიღო და წაუკითხა. მეგრელმა თავი გააქნია, მერე ცხენი მოატრიალა და გამზირიდან ქვებით მოგებულ ჭავჭავაძის ქუჩაზე წაიყვანა ოთხით.”
შავ ავტოგრაფში ახალი აბზაცები აღნიშნულია ყავისფერი ფანქრით. ტექსტის ბოლოს წერია თარიღი: „წელი 1956. ოქტომბრის 26. 19-19.45.” თეთრი ავტოგრაფის პირველი ორი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს სათაურით, თარიღით და შესავალი დღიურით (იხ. ტექსტი), გვერდები დანომრილია რომაული ციფრებით. შესავლის შემდეგ მოთხრობის გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან, ოღონდ უკვე არაბული ციფრებით. პირველი გვერდის დასაწყისში სათაური: „კოლა და ვანო” წერია ფანქრით, სხვა ხელით. ტექსტი მთავრდება თარიღით (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
თეთრისა და შავი ავტოგრაფების გრაფიკული სტრუქტურა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ეს ძირითადად შეეხება აბზაცებს, რაც აზრობრივი აქცენტების გადაადგილებას და ტექსტის დამატებითი, ემოციური, მოდალური მნიშვნელობის შექმნას უწყობს ხელს. თეთრ ავტოგრაფში „ჭოგრიტი მოიმარჯვას” შემდეგ დატოვებულია ინტერვალი (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ასეთი „აბზაცი”, რაც გურამის ავტოგრაფების გრაფიკული სტრუქტურის ერთ-ერთ თავისებურებად იქცა მომდევნო წლებში, აქ პირველადაა გამოყენებული (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). შავ ავტოგრაფში ამ ადგილას გვაქვს ჩვეულებრივი აბზაცი.
I სიაში: „39 კოლა და ვანო.”
II სიაში: “5. კოლა და ვანო.”
პირველად გამოქვეყნდა მნათობში, 1964წ. ¹12. 1985 წელს კი წიგნში „მოთხრობები. პიესა.”