რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

კონცერტი იწყება 

ლიანა იდგა და იყურებოდა პირდაპირ. პირდაპირ ფალიაშვილის ქანდაკება იყო: ქანდაკება სავარძელში იჯდა, მუხლებზე დიდი წიგნი ედო, ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული, თითებში ფანქარი ეჭირა.
ქანდაკებიდან მარჯვნივ და მარცხნივ კიბე ადიოდა პარტერისკენ. საფეხურგამოტოვებით გივი მიაბიჯებდა, უკან მზია მიჰყვებოდა, მერე გივი გაჩერდა, მზია იცინოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა.
ლიანა იდგა და ფალიაშვილის ქანდაკებას უყურებდა. სულ ბუნდოვნად ხედავდა კიბეზე გივის და მზიას. ფიქრობდა: რა კარგი ბიჭია გივი, ლამაზი, სპორტსმენი, საწყალი, დედა რომ ჰყავს ავად, ცოდოა. მზიაც კარგი გოგოა, რა კარგად უკრავს, გუშინ უთქვამს ნეიჰაუზს, მაგისგან იშვიათი პიანისტი გამოვაო. რა ბედნიერებაა ეგრე უკრავდე. საერთოდ ძალიან უხდებიან ერთმანეთს ორივენი; მერე რა ნაზად უყვართ ერთმანეთი, არასოდეს არა ჩხუბობენ.
გივის და მზიას ვიღაცეები მოეფარნენ, მერე გივი ისევ გამოჩნდა. მზია ახლა ამხანაგს ელაპარაკებოდა.
ლიანა კი იდგა და პირდაპირ იყურებოდა.
მარცხენა კიბეზე ხტომით ავარდა ნოდარი, მერე ისევ ჩაირბინა. ლიანა ფიქრობდა: რას ჰგავს თვითონ, რა უწესოა და რა კარგი შეყვარებული ჰყავს. საცოდავი გოგო მის ხელში, ჯერ თექვსმეტის არც კია ლია, აფსუს. ძალიან უხეში ბიჭი ჩანს. ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაარტყა ვიღაცას. იმას სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან: რა საშინელი უხეშობაა. აგერ მოჰყავს კიდეც ლია, ეტყობა ბილეთი უშოვია მისთვის; რა უხეშად უკავია ხელკავი.
რატომღაც ფიქრები გაუწყდა ლიანას, შემდეგ განაგრძო, ლიასიც მიკვირს, ასეთი პატარა და უკვე შეყვარებული ჰყავს.
ხალხი ირეოდა.
ლიანა ფიქრობდა: ასეთი პატარა და უკვე შეყვარებული ჰყავს.
უცებ გაწითლდა.
“მეც მისი ტოლა არა ვარ”, გაუელვა. მოაგონდა, რომ თვითონ არავინ არ უყვარდა, ვერც წარმოედგინა.
რატომღაც უფრო გაწითლდა.
შერცხვა თავისი ფიქრების. რაღაც იგრძნო, უფრო გაუშტერა თვალი კომპოზიტორის დიდ შუბლს. გრძნობდა: მისგან მარცხნივ კოკა იდგა და უყურებდა. ლიანა ვეღარაფერზე ვერა ფიქრობდა, მხოლოდ ძალიან რცხვენოდა და ვაჟის მზერისგან ლოყა ეწოდა.
უკვე ბოლო ზარი დაირეკა.
ხალხი აიკრიფა.
გრძნობდა: კოკა იდგა და არ მიდიოდა.
მისი მზერა ლოყას უწვავდა, თავი დახარა: ძირს პარკეტი ეგო და ერთი ფიცარი ავარდნილიყო – ლიანა უყურებდა ავარდნილ ფიცარს და ვერ ამჩნევდა.
- ლიანა, ლიანა! - მოესმა ამხანაგის ხმა იმ მხრიდან, სადაც კოკა იდგა.
- წამოდი, იწყება.
როგორც იყო მიაბრუნა თავი: სადაც კოკა ეგულებოდა, კოკა არ იყო, მხოლოდ დამლაგებელი იჯდა და ტილოს ასწორებდა, მერე ადგა. გოგოები ზევით ავიდნენ. კიბეზე მოუხვიეს. ლიანამ გადმოიხედა: თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე: დამლაგებელს საწმენდი გაეკეთებინა და იატაკსა ჰგვიდა.

 16 აპრილი [1957 წ.]

შენიშვნები

არქივში ინახება ამ ნაწარმოების შავი(1-6გვ.) და თეთრი(1-5გვ.) უსათაურო ავტოგრაფები. თარიღიდან გვაქვს მხოლოდ თვე და რიცხვი შავ ავტოგრაფში. წელი დადგენილია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. შავი და თეთრი ავტოგრაფები სხვადასხვა ხარისხის ფურცლებზეა დაწერილი, ისე როგორც 1957 წლის აპრილის თვის სხვა ავტოგრაფების შავი და თეთრი ვარიანტები. სავარაუდოა, რომ ამ მოთხრობათა შავი ავტოგრაფები ერთ დროსაა გადათეთრებული.
თეთრი ავტოგრაფი ნაწერია საგანგებოდ ლამაზი კალიგრაფიით.
პირველ სიაში: “60. ასეთი პატარა და უკვე შეყვარებული ჰყავს”. თეთრ ავტოგრაფში შავი ავტოგრაფის “საყვარელი” შეცვლილია “შეყვარებულით”, “ლომთათიძე” - “ნეიჰაუზით.”
ამ მოთხრობაში არ იხმარება ფიგურულად ნაწერი ასო “ტ.”
სათაურით “ოპერაში,” პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”

??????