ქუჩაში
ქუჩა არ არის ფართო,
ქუჩა არ არის ვიწრო.
გურამი დგას და იცდის,
ეწევა სიგარეტს `პრიმას~.
ტრამვაი მიდის,
მანქანები მიდიან,
ხალხი მიდის,
გურამი დგას და იცდის.
მის ფეხებთან აგდია ნამწვი,
ტრამვაი მიდის.
გურამი გადადის ქუჩაზე,
გურამი მიდის,
წეღან ხო მოსწია, კიდევ მოსწევს მერე.
В РОДНОМ ГОРОДЕ
ქვები,
ქვები,
ქვები დაფენილი.
ქვაფენილი.
მტვერი
ნაფეხური.
ფეხები,
ფეხები
ვობლების,
ჭიქები ჩაის
არაყით სავსე.
ვიწრო შარვლები,
კლოში,
მაკინტოში
ქუჩაზე ეზოში
სანაგვე ყუთი,
ყუთში ნაგავი,
ყუთის უკან ბოზი
ბუზები.
ქაღალდი ტკბილი და შხამიანი
ბუზის სიფათით.
წარწერა ბუზიანი:
მოსპეთ ბუზები.
ბოზი ნაგვისყუთთან,
ბოზი ნაცემი
ნამტირალევი.
ქუდები,
შლაპები
კლოშები,
ყოჩები.
ბუტილკა შარვლები
მაკენტოშები.
მიხაკი, ზამბახი, ყვავილთა ჯარი,
რკინის მოაჯირი, ოქროსფრად სკამი
და სადღაც ქარი, ასფეხა ქარი
მტვერი ჰაერში, ბოღმის ტრიალი.
მიხაკი, ზამბახი, ყვავილთა ჯარი
და გათელილი საფლავის თავი:
კუზიანი და დიდცხვირა
იქ მესაფლავე ჩაივლის,
ხელში ვედრა უჭირავს,
უვლის ახალ საფლავებს.
და სადღაც ქარი, ასფეხა ქარი
გადამხმარ ყვავილებს მიაყრის ღობეს
და გადასული სკამიდან ფერი.
ვაჟკაცი დგება:
ყვავილი ხმება,
საღებავი ქრება
მოაჯირი ტყდება.
მიდის ხევისკენ, მოათრევს ლოდებს
გულზე დაიწყობს და ათამაშებს.
ხეზე მივცოცავ,
ნაძვის მტვრით ვივსები,
მელოტზე მედება ფერფლი და ჭუჭყი.
კენწეროს ვაღწევ,
ქვევით ვიხედები,
იქ პატარები ფეხბურთს თამაშობენ.
გადაღმა ბაღში სიმღერა ისმის.
აქ ქარი მირტყამს,
დარჩენილ ჭაღარას მიშლის.
კენწერო ირწევა,
გული ფართოვდება,
ცივ ჰაერს ისუნთქავს ტანი.
ბავშვები მხედავენ,
ზევით მოცოცავენ,
ტოტები იმტვრევა,
მოდიან მაინც.
დგას მოხუცი უქუდო კაცი
– ალეკო, – ეძახის ის შვილს, –
ახლავე ჩამოდი! მანდ მტვერია
და ჭუჭყი.
ბაღში ზის მანანა, ჩემსავით ჭაღარა,
თვალები უცინის,
ღელავს,
ჩემს რწევას უყურებს
და ვგრძნობ, რომ ამბობს:
რა ახალგაზრდაა ჩემი ბიჭუნა,
მე კი დავბერდი!
1958
ოდესა