რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მაია ბენზინის სუნმა შეაწუხა... 

მაია ბენზინის სუნმა შეაწუხა. გრძელ ავტობუსში ჩამოცხა. მგზავრები თვლემდნენ. ციცკამ ფანჯარა ჩამოსწია და თავის დას კანფეტი მიაწოდა. მაიამ გამოართვა. პიტნა პირში ჩაიდო. ცოტა ესიამოვნა.
- ციცკა, ჩქარა იქნება სევანი?
- ჰო, აღმართის იქით.
- დიდია?
- ძალიან, თანაც ულამაზესი.
ავტობუსმა უკვე მეთორმეტედ მოუხვია. მაიას ისევ დაეხვა თავბრუ. მგზავრები დუმდნენ. ცოტა ხნის შემდეგ გზამ გაივაკა და მანქანაც მთელი სვლით წავიდა. “სევანი, სევანი”, დაირხა ხმა მგზავრებში. შორს უზარმაზარი ტბა ლივლივებდა, ტბის იქით თოვლიანი წვეროები სამხრეთის მთებისა და ღრუბელი, თეთრი, თანაც ხშირი.
- ეს არის სევანი? - სუსტი ხმით იკითხა მაიამ.
- აბა, გოგო, ნახე, როგორია. აქ თევზი იცის, “იშხანი”.
მანქანამ მოტიტვლებულ სოფელში ჩაიქროლა. ბანებზე ტიტლიკანა, ჩაშავებული სომხის ბიჭები და ქერათმიანი რუსის ბავშვები გაჰყვიროდნენ რაღაცებს. ახლა იგი სევანის ნაპირს დაუყვა და რესტორან “მინუტკასთან” შეჩერდა.
ისევ ავტობუსი. ისევ გზა, ბენზინის სუნი, სომხური ლაპარაკი. მოსახვევები გათავდა. მაიას თავის ტკივილმა გაუარა.
- ციცკა, ერევანში მარტო სომხები ცხოვრობენ?
- კი, გენაცვალე, მარტო სომხები.
- თბილისში თუ სომხებიც არიან, რუსებიც, სხვებიც?
- მერე რა?
- როგორ, აქ რა, არ უშვებენ?
- როგორ არა, თვითონ არ ჩერდებიან, მწირია ნიადაგი.
ავტობუსი მოტიტვლებულ გორებს შორის მიჰქროდა. გზებზე გადმომდგარი სომხის ბიჭები მინდვრის ყვავილებს ვარდის ფასადა ყიდდნენ.
ერევნის ახლოს რამდენიმე ხე გამოჩნდა, მერე ისევ შიშველი ბორცვები დაიწყო. გამოჩნდა დედაქალაქიც. მანქანა ახლა უფრო დიდ დაქანებაზე დაეშვა. გზის მარცხნივ უზარმაზარი მონუმენტი იყო აღმართული.
- ასეთი დიდი ძეგლი მთელ კავშირში არაა. - ამაყად თქვა ვიღაცა სომეხმა.
- ვისია? - შეეკითხა მაია.
- ვისი და სტალინის, - სომეხმა თავმომწონედ გადმოიხედა, - ქართველებსაც კი არა აქვთ.
- დიდი ნაკლია, - ჩაიცინა ციცკამ.
კიდევ ერთი დიდი მოსახვევი და მანქანა ფართო, სწორ ქუჩაზე გავიდა. ლამაზი ქუჩა, გემოვნებით ნაშენი სახლები და ხელოვნურად გახარებული ხეები. გზა ტრამვაიმ გადაჭრა. ახლა ავტომობილი დიდ მოედანზე გავიდა, რომლის კიდეშიაც დადგმულ ისეთივე დიდ ლენინის ძეგლს თითი ქუჩის ამ მხარისკენ ჰქონდა მოშვერილი. გზა მეორე მოედნისკენ წავიდა. აქ ავტობუსმა შემოუარა მოედანს და გაჩერდა. დაიწყო ჩამოსვლა. ციცკა და მაია ბოლოს ჩამოვიდნენ. სასტუმრო “ნიცაში” მამა უცდიდათ.

ინსტიტუტის მდივანმა დღის წესრიგი გამოაცხადა, შემდეგ მამა ავიდა კათედრაზე. ციცკას ენა ჩაუვარდა და ცივმა ოფლმა დაასხა. თვალი დედისაკენ გაექცა, რომელიც აკადემიკოს რუხკიანის ცოლთან იჯდა. მას სახე ოდნავ წამოუწითლდა მეუღლის გასვლისას, მერე გაფითრდა და დისერტანტს თვალი აარიდა.
დარბაზი ერთის წამით გაჩუმდა.
დაიწყო დაცვა. მამას ოდნავ ებმოდა
ენა. გაუჭირდა სულ შეუმჩნევლად წინადადებების დაწყობა. ციცკამ ძლივს ასწია თავი და შეხედა მას. ის არ იყურებოდა თავისიანებისაკენ. ღელვამ იმატა. “ვერ დაიცავს, ვერ დაიცავს, აი, ნახავ”, გაეჯიბრა თავისთავს და ინანა, რომ ესწრებოდა. დარბაზი ნელა აშრიალდა; გვერდზე, მაგიდასთან ძლიერი პროფილის მქონე მეცმუშაკი ვიღაცა დიდთავა და დიდყურა კაცს რაღაცას უმტკიცებდა, მერე ორივემ ჩაიღიმა, ლაპარაკი შეწყვიტეს და დისერტანტს მიაშტერდნენ. ციცკას გულში რაღაცა ძაფი გაუწყდა, თვალებში სისხლი მოაწვა და წამოდგომა სცადა. ოფლში იწურებოდა. შეეშინდა, თავისი გასვლით მამაზე ცუდად არ ემოქმედა. მიშა კი ახლა უფრო თამამი გახდა. მან ხელში საჩვენებელი ჯოხი აიღო და მრუდეებს დაუარა. შვილს შინაარსი პირველად არ ესმოდა, მხოლოდ გრძნობდა ტონს, მერე ჩაუკვირდა და ყური მიუგდო.
გვერდზე მაგიდა ისევ აშრიალდა. ციცკა სახეების გარჩევას შეუდგა. ძლიერპროფილიანი ისე იღიმებოდა, რომ ნამდვილად მისგან შავი იყო მოსალოდნელი, დიდთავასაც ითანხმებდა ალბათ. ძლივს დაიჭირა თავი, რომ არა სცემოდა. კაცმა მთელი ექვსი წელი იწვალა, ამდენი უშალეს ხელი და ახლა ჩაფლავება. იმავე მაგიდაზე მჯდომმა სიმპათიურმა კაცმაც რაღაც უკმაყოფილო სახე მიიღო. “ეგეც წინააღმდეგს მისცემს, ალბათ,” გაიფიქრა ციცკამ და მთელი ის მაგიდა შეჯავრდა, შემდეგ მზერა სხვა მაგიდაზე გადაიტანა. იქით სრული სიწყნარე იყო, ხანდახან რომელიმე მათგანი ინიშნავდა მხოლოდ რაიმეს. დარბაზში უკრაინულ პერანგში გამოწყობილი კაცი შემოვიდა და პირველ მაგიდას მიუჯდა. უსიტყვო ღიმილით მიესალმნენ, მოსულმა მიმიკით რაღაცა იკითხა. ციცკას მოეჩვენა, რომ თბილისი და მამის სახელი ახსენეს.
დისერტანტის შესავალი სიტყვის მეორე ნახევარი დამცველმა მშვენივრად ჩაატარა. დაიწყო ოპონენტთა გამოსვლა. პირველი იყო საქართველოს წარმომადგენელი აღლაძე - უდიპლომო პროფესორი. შესავალში ჩვეულებრივი ქება უძღვნა და ნელა, დემაგოგიურად შეაპარა ნაკლთა ჩამოთვლა. პირველი მაგიდა აშრიალდა. რამდენიმემ სიამოვნებით ჩაიღიმა, ბოლო მაგიდაზე ვიღაცა ახმახმა სომეხმა ღიმილით რაღაცა ჩაიწერა. ციცკა წამოწითლდა, ყელში ბოღმა ბურთივით მოაწვა. “ჩავარდება, ვაი, სირცხვილო, ამათი დედა ავატირე, რაღა აღლაძე აიყვანა, თუმცა ჩავარდეს რა. დავუშვებ, რომ ჩავარდა, რას იზამ”. ახლა ფული მოაგონდა, თვეში იღებდნენ ორასოცს, რა ცოტაა, თითქმის არაფერი, ერთ ამდენს კიდევ კარგავდნენ, თან ვალები, აქ წამოსვლაც რამდენი დაუჯდათ. ახლა თავისა შერცხვა, რომ ასე დაწვრილმანდა. “ფული სულ არ მინდა, ოღონდ სირცხვილი, სირცხვილი”.
ახლა ოპონენტი ისევ ქებაზე გადავიდა და მალე სიტყვაც დაამთავრა. მის შემდეგ სომეხი პროფესორი გამოვიდა რეცენზიით. ციცკას სახე გაებადრა, მხოლოდ ქება და ქება. პირველ მაგიდაზე უკმაყოფილო სახეები დაინახა, ისევ წამოწითლდა. გახედა დედას. მას მთელი ყელი დასწითლებოდა, ხოლო სახე სანთლის ფერი ჰქონდა. არაჩვეულებრივად ნაზი და საყვარელი ეჩვენა იმ წუთში. ძალიან მოუნდა მისთვის ეკოცნა. პირველ მაგიდასთან ვიღაცამ ნელა გაიცინა. მან ძლივს დაიჭირა თავი, რომ არ სცემოდა.
- უკაცრავად, დისერტანტი მამათქვენი ხომ არაა? - იკითხა უცნობმა ქალმა, რომელიც შეუმჩნევლად გვერდზე მოსჯდომოდა.
- დიახ. უკაცრავად, ახლა თქვენ მითხარით: აი, იმ მაგიდაზე რვა კაციდან რამდენია სამეცნიერო საბჭოს წევრი?
- არც ერთი.
ციცკამ შვებით ამოისუნთქა, სულ მოეშვა გულზე.
- თუმცა არა, აგერ ის არის, ხო, ისიც, არა, არა, ბოდიში ეგენი ყველანი შედიან კენჭისყრაში.
სიბრაზისაგან წამოწითლდა. “ეს რვა აქვე წინააღმდეგია, იქაც რაღაც სხვანაირად იღიმებიან, აგერ ისიც, ისიც”, მან თვალები მოხუჭა, “ჩააგდებენ, ჩააგდებენ”.
პროფესორის მერე აკადემიკოსმა ილაპარაკა, იმანაც ძალზე აქო. ახლა ცოტა მოეშვა გულზე, “ნეტა გავიდეს და ფულს არასოდეს ვინატრებ, რა არის ფული”, გაიფიქრა მან.
ახლა პასუხის დრო მოვიდა.
მამა მშვენიერ ფორმაში შევიდა. ახლა სულ თავისუფლად ლაპარაკობდა, ერთხელ იოხუნჯა კიდევაც. რუსულიც, ოდნავი ქართული კილოთი, მშვენივრად ემორჩილებოდა.
ვაჟს აშკარად მოეწონა მშობელი. თეთრი, კარგად შეკერილი ქურთუკი და “ბუტილკა” შარვალი, თავის ჩამოტანილ ყელსახვევთან ერთად, სახარბიელო იერს აძლევდა მის სავსე, მარილიან სახეს. ძალიან მოეწონა მამა. მისი პასუხები, მოკლე და გასაგები, დარბაზის წევრთაც მოსწონდათ. პირველ მაგიდაზეც კი რამდენიმეჯერ დადებითად დააქნიეს თავი. ნახევარი საქმე მოგებული იყო.
- თქვენ წინააღმდეგის გეშინიათ, - დაიწყო მეზობელმა ქალმა.
- მე, არა, უფრო სწორედ, არ ვიცი.
- ნუ ღელავთ, თქვენს მამას სადარდელი არაფერი აქვს. აი, ნახავთ, ერთხმად გავა, ერთი-ორიც რომ იყოს შავი, არაფერია.
ციცკა უზომოდ მადლობელი იყო მისი. ვიღაცამ ხელი აიწია შეკითხვისთვის. დისერტანტი ჩასაწერად მოემზადა.

(1956 წ. 30 ივნისის შემდეგ)



შენიშვნები



არსებობს მხოლოდ საშუალო ზომის ლამაზი ასოებით, ღია ლურჯი მელნით ნაწერი დაუთარიღებელი და უსათაურო შავი ავტოგრაფი (1-12გვ.). თარიღი მიახლოებით დადგენილია ფურცლის, ხელწერის და აგრეთვე გურამის მამის მიხეილ რჩეულიშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვის თარიღის მიხედვით: 1956 წლის 31 ივნისი. (იმავე საკითხზე ლაპარაკია 27 მარტით დათარიღებული უსათაურო მოთხრობის მომდევნო დღიურში.)
1956 წლის ზაფხულში დედა, გურამი და მე წავედით ერევანში მამას სადოქტორო დისერტაციის (თემის სათაური იყო: „Отгонное овцеводство Грузии и пути его улучшения”) დაცვაზე. დაცვის შემდეგ გაიმართა საკმაოდ მძაფრი და სერიოზული კამათი, რაც საბოლოოდ მამას გამარჯვებით დამთავრდა. მახსოვს, მთელი დაცვის განმავლობაში, გურამი სვეტს ამოფარებული, აწითლებული, დაძაბული სახით როგორ უსმენდა მამას და როგორი აღელვებით ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც დარბაზში ხდებოდა. გარეთ რომ გამოვედით, ღიმილით მითხრა: რომ ჩაშლილიყო, საშინელ შურისძიების გეგმებს ვაწყობდიო. საერთო ქება-დიდებასა და მილოცვებში ჩაიარა დესერტაციამ აკადემიკოს რუხკიანის სახლში. დაცვის შემდეგ, ბანკეტამდე, მთელი ოჯახი სასტუმროში წავედით დასასვენებლად. დედას წამოღებული ჰქონდა თევზი ბანკეტისათვის. თევზის მიღებაზე სომხებმა უარი უთხრეს. მახსოვს, გურამი სასტუმროში როგორ იჯდა ფანჯარასთან და ხმაამოუღებლივ, ხარბად, რაც მისთვის უჩვეულო იყო, მიირთმევდა თბილისიდან წამოღებულ შებოლილ თევზს. ამის შემდეგ ის ასევე ჩუმად, ხმაამოუღებლივ წავიდა თბილისში, ჩვენ კი ბანკეტზე, რუხკიანებთან.
გურამის საოცარმა შინაგანმა მღელვარებამ თავისებური გამოხატვა ჰპოვა როგორც მოთხრობის სიუჟეტში, ისე თავისებურ აბზაცში (იხ. მოთხრობის ტექსტი), რომელიც ერთი შეხედვით წააგავს სალექსო სტრიქონს. შეიძლება ეს უყურადღებოდაც კი დარჩენოდა რედაქტორს, თუ არა მსგავსი შემთხვევები მომდევნო ნაწარმოებებში, როდესაც გურამის შინაგანი განწყობა გამოსავალს სხვა რამესთან ერთად, ტექსტის გრაფიკულ სტრუქტურაშიც ჰპოვებს ხოლმე.
ამ მოთხრობიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა მწერლის პუნქტუაციის თავისებურებაც: დიალოგებში სასვენი ნიშანი უზის გმირის რეპლიკას გარკვეული აზრობრივი მონაკვეთის დასრულებისას და არა ყოველი რეპლიკის შემდეგ.
პირველად, სათაურით „სევანი”, გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”

??????