მალხაზი და მე
- დიდი ხანია ზიხარ? – მეკითხება ის.
- ისე რა, – ვამბობ მე.
- ჩავაბარე.
- რამდენზე?
მალხაზი იღრიჭება.
- სამიანი და ჯანმრთელობა? – ვიღიმები მე.
მალხაზი თავის დიდ თათს მიწვდის.
- მაიტა თათი, – ამბობს.
მე ვურტყამ ზედ ჩემს ხელს.
- ბიჭო, რამე ფული არა გაქვს? მშია, – ამბობს ის.
- ნახევარი ბოთლის.
- საჭმლის არა?
- ერთ ხაჭაპურს გიყიდი.
- კარგი, მაიტა, – ხელს იშვერს ის. – მანამ გადადი, იყიდე არაყი, აჰა, აბაზი. ხო იცი, ოცდაერთი და ერთი აბაზი ღირს, ოცდაორი რო მისცე, ხურდას აღარ მოგცემენ.
მე ვართმევ აბაზს და მივდივარ. მისი ბოლო სიტყვები ძლივს მესმის. გარეთ სავსეა ხალხი. ძუნძულით გადავრბივარ ქუჩაზე. იქით ქვაფენილიდან ვიღაცას ვეჯახები. ვბუზღუნებ.
- თვითონ მეჯახები, კიდე შენ ჯავრობ, – მიტევს ის. მე ხმას არა ვცემ და შევდივარ მაღაზიაში. გამყიდველი მაწვდის ნახევარბოთლიანს.
- ქაღალდში შემიხვიე, – ვეუბნები მე.
ის ზუსტად მიცემულ ფულს უყურებს და ზარმაცად ახვევს ბოთლს. მივდივარ კაფესკენ. სულ არა ვარ კარგ ხასიათზე, მაგრამ რატომღაც მეღიმება. შეხვეულს მაღლა ვწევ. უფრო მეღიმება. რაღაცეებს ვანიშნებ კაფეს მიმართულებით. მალხაზი არა ჩანს, მაგრამ ვიცი, რომ მე მხედავს. მეც, როცა მის ადგილას ვზივარ, ვხედავ ხოლმე მას. ვიღაცეები ყაყანებენ ქვაფენილთან, მერე მგონი შოფერი მაგინებს. მანქანა ძლივს მივლის გვერდს. მიქრის, “რა მიაქროლებს ეგრე”, ვიძახი გულში, მერე კაფეში შევდივარ. აქედან ისევ კარგადა ჩანს ქუჩა. მანქანები თეთრ რგოლს ან სუფთად უვლიან გვერდს ან გორგოლითა ჭრიან. მალხაზს ხაჭაპური მოუტანია და ჭამს.
- გგურამ, – ამბობს ის.
მე მეცინება. მალხაზს ცოტა ენა ებმება სმის წინ ან სმის მერე და იმიტომ.
- გგურამ, რა მაზალოა არა? აქედან ჩანს ყველაფერი, იქქქიდან კი არა, არა?
- ჰო, – ვამბობ მე.
მერე მალხაზი არყის ბოთლის ძირს ურტყამს თათს. მესამე ამორტყმაზე საცობი ხტება ბოთლიდან და კაფეს შუშას ეხეთქება არყის ყლუპთან ერთად.
- ოოცდახუთი გრამი მაინც დაიქცა, – ამბობს მალხაზი.
- მერე რა, – ვამბობ მე.
- ჩჩქარა დავლიოთ თთორე, იცი რაშია საქმე. ვინმე მმოვა, და ხო იცი.
- მოვიდეს რა.
- ჯერ ერთი, დალევა არ შშეიძლება კაფეში, მმეორეც, ნაცნობი რომ მოვიდეს, ხომ უნდა დაალევინო, მერე ჩვენ რაღა დაგვრჩება, ჰა?
მე ჩუმადა ვარ: რა უნდა ვთქვა, სწორეა. ის პირამდე ავსებს ჩაის ჭიქას და ცლის, მერე მე მივსებს. ვცლი. სახე მემანჭება, ვეძებ ხაჭაპურის ნარჩენს, მაგრამ მალხაზს სულ მოუსუფთავებია.
- ვერ დატოვე? – ვამბობ მე.
მალხაზი იღრიჭება.
მე ბორჯომის ბოთლს ვიყუდებ. შიგ დარჩენილი რამდენიმე წვეთი სასას მისველებს. ბორჯომის ბოთლიდან არყის სუნი მცემს. ზიზღითა ვდგამ მაგიდაზე. მალხაზი ახლა დარჩენილ არაყს ანაწილებს. ჯიბიდან ასანთს იღებს, ჩაის ჭიქას უდგამს გვერდით. არაყი წურწურით ჩადის ჭიქაში და ასანთის ზედა კიდეს უსწორდება. ახლა მეორე ჭიქას იღებს, მას უდგამს გვერდით ასანთის კოლოფს. ასხამს.
- კიდე დარჩენილა ას-ასი, - ამბობს ის.
მე ამღვრეული თვალებით ვუყურებ. ჭიქებში ტოლად ასხია – ნახევარ-ნახევარი. რატომღაც ნერვები მეშლება, ასე რომ ანაწილებს არაყს.
- რად გინდა ეგ, – ვამბობ ჩემთვის.
მალხაზი იყუდებს და სვამს. იღმანჭება. თუ ეზიზღება, რაღასა სვამს, ვფიქრობ. ვცდილობ არ ვუყურო მას. ის კი ფშვინავს. მერე უკვე გამოცლილ ბორჯომის ბოთლს იყუდებს. მე ერთი ყლუპითა ვსვამ. სახე გვერდზე მექცევა. მაღაზიაში ბორჯომი გამოილია.
- ახლა კარგია ბორჯომი, - ვამბობ.
მალხაზი გარეთ იყურება. იქ ისევ დადიან მანქანები და ხალხი.
- სსანამ თვითონ არ უთქვამთ, წავიდეთ, – ამბობს მალხაზი.
მე არაყი მერევა და ვდგები. დგება მალხაზიც, ის გრძელია და ძალიან მაღალი. ზევიდან დამყურებს. უაზროდ მიცინის. ნეტა რა აცინებს, ვფიქრობ. მერე კიბეებზე ჩამოვდივართ. ჩვენ გარშემო ხალხი მოძრაობს. ნელა მივყვებით ქუჩას. მალხაზი ხელსა მხვევს და ხმამაღლა უსტვენს. შემდეგ მეჩხერ კბილებს აჩენს. ამთქნარებს. პირზე ხელს იფარებს, მერე თავზე ისვამს. მე ვუყურებ და ვფიქრობ: ჩემზე მთვრალია, საერთოდ ყოველთვის მასზე მეტსა ვსვამ.
ქუჩის ზევიდან გრიალით მორბის გრძელი ლაპლაპა მანქანა.
ხალხი ჩერდება გადასასვლელებზე.
- Ттбил – мя – со – молло – очнные ппро – ду – кты.
- მარცვლავს მალხაზი. მანქანის წარწერას თვალს აყოლებს.
საღამოვდება.
ქუჩაში ხალხი მატულობს.
ზოგი ზევით მიდის, ზოგი ქვევით. ჩვენ ჯერ ზევით მივდივართ, მერე კინოსთან ვბრუნდებით და მივდივართ ქვევით.
[1957 წლის ოქტომბერი]
შენიშვნები
არსებობს ამ მოთხრობის მხოლოდ თეთრი ავტოგრაფი (1+1-12გვ.), დასათაურებული, უთარიღო (დათარიღებისათვის, გარდა ზოგადი კრიტერიუმისა, იხილე წინა მოთხრობების შენიშვნები). ნაწერია თეთრი ავტოგრაფისათვის დამახასიათებელი სწორი, ლამაზი, გამოყვანილი ასოებით. ერთ-ორ ადგილას გვხვდება ფიგურული “ტ”. პირველი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს. ზედა ნახევარზე წერია სათაური საგანგებოდ გამოყვანილი, ფიგურული ასოებით. წერის პროცესში მწერლის მიერ გადაშლილია რამდენიმე სიტყვა.
არქივში ცალკე საქაღალდეში ინახებოდა მოთხრობის თავფურცელი, ჩანახატით და სათაურით: “მალხაზი და მე”. ფურცლის მთელ სიგრძეზე ხატია მაღალი, გამხდარი კაცის ფიგურა. ჩანახატი ძალიან ჰგავს მოთხრობის პროტოტიპს.
არ არის გამოქვეყნებული.