მთებიდან ქალაქამდე
წინა დღეს ციოდა. მერე მთელი ღამე თოვდა, მეორე დღესაც თოვდა. ღრუბლების ჩამოწოლასთან ერთად ხეობაში სითბო ჩადგა. მესამე დილას გამოდარება დაიწყო. იალაღებზე სიო ფიფქა თოვლს ათამაშებდა. ჩქარა ქარმა საგრძნობლად იმატა; თოვლის ქულები მოაყარა ხეობას.
სალამურა ადგილზე ურტყამდა ფლოქვებს. ქარაბაკში შედენილი ცხენები შფოთავდნენ. ქარმა ღრუბელი ისევ გადაყარა. ულაყები ერთმანეთს ახტებოდნენ. იმ ღამეს ისევ აცივდა. სალამურამ განიერი მკერდით გააპო ჯოგი და ღობესთან მივიდა. ფართო ნესტოებიდან ორთქლის ნაკადს უშვებდა. ყურები დაცქვიტა, მერე კბილები გამოაჩინა, მაღალ, ასხეპილ კისერზე გრძელი ფაფარი გადაიყარა და თავისთვის ჩაიხვიხვინა. კისერი კიდევ უფრო გაიგრძელა, წვრილ, გრძელ ფეხებზე შემდგარი ტანი დაეძაბა. ისევ ჩაიხვიხვინა: ოღონდ უფრო ჩუმად. მთელი ტანი აუძაგძაგდა.
მხოლოდ დიდი, შავი თვალები ჰქონდა წყლიანი და მოწყენილი.
სამი წლის ულაყს არა სციოდა.
დილას ქარაბაკის კარი გაიღო და ჯოგმა ღამე მოყინულ თოვლზე იწყო გამოსვლა. ახალგაზრდა ულაყებმა შვება იგრძნეს: ყალყზე დგებოდნენ, წიხლებს ისროდნენ, იკბინებოდნენ. მერე თოვლის ბექობს ოთხით აუყვნენ. ჯოგი მათივე ახალადგახედნილ სწორზე მჯდარმა ბიჭმა შემოაბრუნა. ახლა ხეობისკენ დაეშვნენ. სალამურამ დრო იხელთა და მასზე მაღალ, უშნო ულაყს შეახტა. ატყდა წიხლების ცემა. ერთმანეთს სწვდნენ კბილებით. რომელიღაცამ მთელი ხმით დაიჭიხვინა.
მზე ამოვიდა.
დათბა:
ფლოქვების ქვეშ თოვლმა ადვილად დაიწყო დნობა. მთელ ფერდობს ჩაუყვა ჯოგისაგან გაქელილი ატალახებული ზოლი. ქვევით თოვლი გათხელდა. ცხენები უფრო მორჩილი გახდნენ.
შუადღეს წყალი დალიეს და უჭმელად განაგრძეს გზა ბარისაკენ. ბილიკი ახლა ხეობის ვიწროებში მოექცა. ხრიოკ კლდეებზე აქა-იქ ჩანდა სიმწვანის ნარჩენები. დროდადრო რომელიმე ჩაჰკიდებდა მიმხმარ ბალახს კბილს და მიწიანად აძრობდა.
ისევ მირბოდნენ.
იყო ფრუტუნი.
მოსაღამოვდა.
ღამის სათევად მეორე ხეობის შესართავთან შერეკეს ისინი. ადრე მოსული თოვლი გამდნარიყო, აქა-იქ ბუჩქის ძირებში ჩანდა მხოლოდ თეთრი ლაქები.
დილით უთენია დაიძრნენ. ორ-ორად გაუყვნენ ბილიკს. მოიწყინეს ულაყებმა. ჩუმად მიჭენაობდნენ. ხანდახან კაცის ხმა ესმოდათ და ყურებსა ცქვეტდნენ.
მერე ისევ მირბოდნენ.
მთის წვეროებს მთელი დღე მზე ანათებდა. ხეობაში კი ბნელოდა. გზამ გავაკება იწყო; მალე დიდ შარაზე გავიდნენ და დიდ ხეობას ჩაუყვნენ. წყალი ძალიან ხმაურობდა. ახლა მათ მოძმეებზე გადამჯდარმა კაცებმა მარჯვნიდან მოუარეს და კლდისაკენ მირეკეს.
ისევ მირბოდნენ.
მზე ახლა მხოლოდ მთის წვერს ანათებდა, მერე ჩავიდა.
რატომღაც წინ მიმავალი დიდი ულაყი დაფრთხა და კლდისკენ მდგარს მიაწყდა. ისიც დააფრთხო რაღაცა ხმაურმა და ადგილს მოსწყდა.
წინ ხიდი გამოჩნდა.
გაქცეული შედგა.
გაჩერდა მთელი ჯოგი: ყურები ცქვიტეს, შემდეგ უწესრიგოდ მიაწყდნენ კლდეებს.
ავტომანქანა გუგუნით შემოგორდა ხიდზე. მეჯოგეებმა თავიდან დაუარეს.
მანქანა უახლოვდებოდათ.
წინ გაქცეული ისევ მოსწყდა ადგილს. მას სალამურაც გამოუდგა. ხეობის კიდესთან მივარდნენ. ამ დროს მანქანის საყვირმა დაიყვირა და პირველად დამფრთხალი მოსხლეტით გადაეშვა უფსკრულში, სალამურა კი პირდაპირ გავარდა; გასცდა ხიდს: გრძელი ფაფარი ნიავმა გაუშალა. ტანშიაც გაიშალა, ფართო ნესტოები დაებერა. პატარა თავი წინ გაიშვირა და ისე მირბოდა. მერე უცებ გაჩერდა; უკან მოიხედა. ცხენები ერთმანეთს აწყდებოდნენ. მათ მათრახიანი მხედრები უდგნენ თავთან.
ხმაური მიწყნარდა.
სალამურამ კისერი მოიღერა და კბილები გამოაჩინა. ორთქლთან ერთად დაბერილი ფილტვებიდან ხვიხვინი ამოუშვა. ჯოგიდან ვიღაცა გამოეხმაურა. კაცები ერთ ადგილას იდგნენ და უფსკრულში იხედებოდნენ. სალამურამ ადგილზე დაიწყო ტორტმანი. ბოლოს ჯოგისაკენ წავიდა.
ის ღამე ხიდის ქვევით გაათენეს. შემდეგ დღესაც მშივრები იყვნენ.
ეშინოდათ.
მანქანების მოძრაობა გახშირდა. ყოველთვის ფრთხებოდნენ. მეჯოგეები მარჯვობდნენ მხოლოდ. მოტორის გავლის შემდეგ მთელი ხუთი წუთი ვერ ისვენებდნენ ულაყები. ზოგს დაეტყო შიმშილი. სალამურას ფერდები შეუვარდა.
შემდეგ საღამოს გზამ გაივაკა: ჯერ ხეობა გაიშალა, მთები განზე წავიდნენ და დაპატარავდნენ.
ჯოგი შფოთავდა: ისმოდა ჭიხვინი.
შორს გამოჩნდა უსასრულო ტრამალი. მზე მოეფარა: აჭრელებული მიდამო ნელ-ნელა ჩაქრა. ცხენებმა იყნოსეს ველი და თავი აიშვეს. რუხმა ტრამალმა ჩანთქა ყველანი.
დაღამდა.
ერთი თვის შემდეგ, როცა ტრამალებიც თოვლის თხელმა ფენამ დაფარა, კაცები შეესივნენ ჯოგს. სალამურა ერთს იცნობდა და შედარებით ადვილად მიუშვა ახლოს, მან კი კისერზე თოკი ჩამოაცვა და ნესტოებში ჩაავლო ხელი. ახლა კი სულ გაგიჟდა სამი წლის ულაყი: წინა ფეხები აიქნია, კაცი შორს მოისროლა და გავარდა: აღარავის ენდობოდა ამის შემდეგ. მთელი კვირა სდიეს. ბოლოს მისი ჯოგიდან ამორჩეულ ახლადგახედნილ ცხენებზე გადამჯდარმა კაცებმა ქამანდებით დაიჭირეს. ვიღაცამ ნესტოებში და პირში ამოსდო რკინები; მაშინ კი დააოკეს: ორი დღე დაბმული ჰყავდათ, მერე ტრამალებით ატარეს და რკინიგზასთან საბარგო რონოდაში აიყვანეს. აქ ნესტოებითა და კისრით მიაბეს, თვითონ კი იქვე, კუთხეში ჩამოსხდნენ.
წასვლისას მატარებელმა დაიყვირა:
სალამურა საშინლად შეაშინა მისმა ხმამ და ყალყზე დადგომა სცადა, მაგრამ ნესტოებიდან სისხლმა იფეთქა. პირიდანაც წამოუვიდა. მხოლოდ უკანა ფეხებით მისწვდა რონოდის კედელს და გაანგრია. კაცები ახლოს მივიდნენ: ძლივს დააწყნარეს გაგიჟებული. მთელი ღამე თრთოდა. ნესტოები კიდევ უფრო გაუფართოვდა. ლაგამამოდებული მარტო ფრუტუნსღა ახერხებდა.
მხოლოდ დიდი, შავი თვალები ჰქონდა მოწყენილი და წყლიანი.
მთელი ღამე ესმოდა ორთქლმავლის კივილი, ბორბლების რახრახი.
ძლივს გათენდა.
მესამე დილას რომელიღაც სადგურზე ჩამოიყვანეს. იგრძნო თუ არა მიწა, გახელდა, ისევ დაიწყო ყალყზე დგომა. ოთხ კაცს ძლივს ეჭირა გამხეცებული. სხვები აღტაცებული უყურებდნენ. ორი დღე კიდევ აშიმშილეს.
ცოტა მოიწყინა.
ერთი კაცი ხშირად მიდიოდა, ფაფარზე ხელს უსვამდა, ხანაც გავაზე ურტყამდა ნელა. სალამურა ცოტა შეეჩვია მას და ისე აღარ ეშინოდა. ბოლოს ცოტა ქერი მისცეს. ისევ მოუვიდა ღონე; გაიწია ასაწყვეტად. ერთი კვირა მარტო წყალზე გადაიყვანეს.
ძალიან დასუსტდა.
კვირის თავზე ზურგზე უნაგირი დაადგეს და გარსაკრავი მოუჭირეს. ის ცოტა გაუძალიანდა. როცა გარეთ გამოიყვანეს, ეუცხოვა, მაგრამ სწრაფად მოიკრიბა ღონე და ყალყზე შედგა. კაცები წაიქცნენ, ხელიდან მაინც არ გაუშვეს თოკი. ბევრი იბორგა საწყალმა.
ბოლოს დაწყნარდა.
მისი ნაცნობი კაცი ახლოს მივიდა, ხელით მოუალერსა, მან ეჭვით გადმოხედა.
ჩუმად დაიფრუტუნა.
კაცმა დრო იხელთა და ზურგზე მოექცა. ამას კი აღარ ელოდა სალამურა. გაოცებისაგან გაინაბა. კაცმა სხვებს რაღაცა ანიშნა. ყველანი გვერდზე დადგნენ.
უცებ აიწყვიტა:
ჯერ ყალყზე შედგა, მერე წიხლები აყარა, განზე გახტა. გავარდა. ღობემ არ გაუშვა, მაინც სცადა გადახტომა. იქიდან გამოიქცა მთელი სისწრაფით და უცებ ჯიუტად დაასო წინა ფეხები მოედნის შუაში. მის ზურგზე გადამჯდარი კაცი შორს, მოედნის ბოლოში დაეცა.
სალამურა ნელი ნაბიჯით წავიდა ღობისაკენ. კიდევ ორი დღე აშიმშილეს, მერე ისევ ის კაცი მოაჯდა. გაჯიქდა ულაყი: ტრიალებდა, მაგრამ ის ძალა აღარა ჰქონდა. კაციც მაგრად იჯდა. ვერაფრით ვერ მოიცილა ზურგიდან. ნაშიმშილარ-ნაწამები მოიქანცა. კაცი კი იჯდა მის ზურგზე და ლაგამის მიწევ-მოწევით დაჰყავდა ის. ხანდახან ხტებოდა გვერდზე, თავს იქნევდა, არ უნდოდა, ლაგამს მიჰყოლოდა, მაგრამ პირში ჩადებული რკინები და ცხვირში ამოჩრილი ჯოხები არ ანებებდა თავის მოტაცებას. დიდხანს ატარეს ასე.
დაიმორჩილეს.
ჩამობნელდა. იმ ღამეს ქერი მისცეს საჭმელად. დაღლილს ძალიან მოშივნოდა. მეორე დღეს იგივე გამეორდა. მან ისევ მოსტაცა თავი. გაეშვა მოედანზე, ღობესაც გადააფრინდა. მაინც არ ჩამოვარდა კაცი. მშფოთვარე ულაყი იმ საღამოსაც დამარცხებული დაბრუნდა. ერთი წელი აწვალებდნენ ასე; ბოლოს თითქოს შეეჩვია. ახლო მხოლოდ იმ ნაცნობ კაცს იკარებდა. ხანდახან სხვა ცხენებსაც ეჯიბრებოდა. იქ იჩენდა ხოლმე თავს მისი ვაჟკაცობა. წინ არავის უშვებდა. წლის თავზე ისევ რონოდით მგზავრობა მოუხდა. კაცებმა, რომლებსაც მაგრად ჩაეჭიდათ ხელი აქეთ-იქიდან, ხმაურიან ქალაქში ჩაიყვანეს. განუწყვეტლივ ისმოდა: საყვირის ხმები, მანქანების ხმაური, ტრამვაის რახრახი. სალამურა ყალყზე დგებოდა. თითქმის ჰაერში ეკიდნენ მისი დამჭერები. ძლივს მიიყვანეს თავლაში, სადაც ბევრი სხვა ცხენი იყო დაბმული. მეორე დღეს ნაცნობმა კაცმა მრგვალ მოედანზე გამოიყვანა. ერთხელ ისე შემოატარა წრე. მერე მოახტა. დიდხანს იჯირითა ასე, ბოლოს ისევ თავლაში დააბეს. რამდენიმე ხნის მერე იმავე კაცმა ახალი უნაგირი დაადგა. თვითონაც ახალი, წითელი ხალათი ეცვა. გარეთ სხვა ცხენები იცდიდნენ. ყველასთან თითო კაცი იდგა. მხედარი სალამურას ზურგზე მოაჯდა და მოედანზე მდგარ სხვა ცხენებთან მიიყვანა. გარეშემო სკამებზე მჯდარი ხალხი გუგუნებდა. გაისმა სასტვენის ხმა, დროშა ჩამოიქნიეს და
სალამურა ადგილს მოწყდა:
უნდოდა ყველაზე წინ გავარდნა, მაგრამ მხედარი არ უშვებდა. სურვილისაგან ოფლში გაიღვარა. სამი წრე ასე ირბინა, მერე კაცმა ლაგამი მიუშვა და სალამურა გაქანდა.
უცებ გაასწრო სხვებს.
ოთხი წრე ირბინა ასე, მაგრამ სურვილი სულ უფრო ემატებოდა, ოფლიც შეუშრა თითქოს. საცა ის იყო ისმოდა ტაშის გრიალი და ყვირილი. სალამურას კისერი წინ ჰქონდა წაწეული, პატარა ლამაზი თავითა კვეთდა ჰაერს. წვრილი, ღონიერი ფეხებით უზარმაზარ, სწრაფ, ერთდროულ ნახტომებს აკეთებდა. ხშირი ფაფარი ჰაერში ჰქონდა გაშლილი.
მხოლოდ თვალები ჰქონდა ძველებურად წყლიანი და მოწყენილი.
მრგვალი მოედანი ერთ ადგილას წყდებოდა, იქაც ხალხი იდგა. ერთი წლის გახედნილ ულაყს უზომოდ მოუნდა ტრამალებში ნავარდი. კიდევ უფრო სწრაფად მოუნდა ჭენება და მთლიანად დაკარგა შეგრძნება. უცებ მოსხლეტით გადახტა გვერდზე, ხალხს თავზე გადაევლო და გაუჩინარდა.
თავგაჩეხილი მხედარი მოედანზე დარჩა.
ქუჩაში გავარდნილმა მისკენ მომავალი მანქანა დაინახა: შეეშინდა, დაფრთხა;
დაუფიქრებლად გადაეშვა დაბალი ხიდიდან.
ქალაქის გარეუბანში ახმახი, წვერებიანი მელინეიკე კოფოდან ჩამოვიდა და არაყი მოსთხოვა მედუქნეს. ორასი გრამი გადაჰკრა. იქვე ჩამოჯდა, გრძელტარიანი ყალიონი გააბოლა. მედუქნემ სხვები გაისტუმრა, მერე ზღურბლზე გადმოდგა და ლინეიკისათვის უჩვეულოდ ლამაზი ცხენი შეათვალიერა.
- ივან, კოლას რა უყავი? - ჰკითხა ცხენის პატრონს.
- კოლას? აკი გითხარი, გავყიდე-მეთქი.
- ეგ ვიღაა, ჰა? - მედუქნე ახლოს მივიდა და ცხენს გავაზე დაარტყა ხელი.
ულაყი უმოძრაოდ იდგა.
- ესა? ოჰო, ჰო, ამასაც კოლას ვეძახი.
- შენ ვინ მოგცა, მერე, ჰა?
- მე? ვიყიდე “სპარტაკისაგან”.
- რათ მოგყიდეს, ჰა?
- ორივე ფეხი გაფუჭებული აქვს.
- ?
- დოღისთვის აღარა ვარგა.
- რამდენი წლისაა ნეტავი, ჰა?
- მგონი ხუთისა, ჰო, ან ექვსისა.
მედუქნემ დახლისაკენ გასწია, ახლადმოსულებს არაყი ჩამოუსხა, მერე ისევ გარეთ გამოიხედა: მელინეიკე იჯდა და ყალიონს აბოლებდა. კოლად შერქმეული სალამურა კი იდგა ფერდებშეცვენილი, დასუსტებული.
მხოლოდ თვალები ჰქონდა ძველებურად მოწყენილი და წყლიანი.
წელი 1956. ოქტომბრის 27.
შენიშვნები
არსებობს ერთი შავი ავტოგრაფი (1+1-22გვ.) და ერთი თეთრი (1-14გვ.). დათარიღებულია ორივე ავტოგრაფი, დასათაურებული კი მხოლოდ შავი.
შავი ავტოგრაფი ნაწერია ორად გაჭრილ თაბახის ფურცელზე. პირველი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს. ქვედა ნახევარზე წერია სათაური, თარიღი და ეპიგრაფი. ეს ეპიგრაფი თეთრში არ არის გადატანილი:
„სამგორს დასახლდა ხევსური
მინდია ჭინჭარაული”. (ანა კალანდაძე)
ტექსტში ავტორის მიერ ყავისფერი ფანქრით აღნიშნულია აბზაცები, რაც დამატებით აზრობრივ მთლიანობებად ყოფს ტექსტს. ტექსტის ბოლოს წერია თარიღი მინაწერი დღიურით:
„წელი 1956, ოქტომბრის 27.
დღეს ნატას დღეობაა. (ნატა ღოღობერიძე, ლარსის ქუჩაზე ჩვენი კარის მეზობელი და მეგობარი. - მ.რჩ.)
11-12. 5-539”
თეთრი ავტოგრაფის პირველი გვერდის დასაწყისში სხვა ხელით წერია სათაური: „სალამურა”. (ეს სათაური დაარქვა რევაზ ინანიშვილმა.) ამავე ხელით არის ტექსტი ნასწორები რამდენიმე ადგილას. ეს სწორებები ამ გამოცემაში არ მივიღეთ მხედველობაში. ტექსტის ბოლოს თარიღი გადაშლილია იმავე მელნით.
აღსანიშნავია, რომ გურამის მოთხრობებში ცხენებთან დაკავშირებული თითქმის ყველა ამბავი შესაბამება სინამდვილეს. (მაგ. „სიკვდილი მთებში”, „ალავერდობა” და სხვა.) ნუგზარ წერეთელს წიგნებში „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ” და „აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენ წინ” ბევრი შემთხვევა აქვს მოყვანილი მწერლის ცხოვრებიდან, სადაც კარგად ჩანს ცხენისადმი გურამის განსაკუთრებული დამოკიდებულება.
გურამის პირველ ცხენს ერქვა სალამურა.
მამას მონაყოლებიდან: „ერთი მაღალფეხება ცხენი მყავდა, სალამურა ერქვა. კარგი ცხენი იყო, ლამაზი, ოღონდ გიჟი. მახსოვს, ერთხელ ალვანში ის ის იყო დავბრუნდი მთათუშეთიდან და დაღლილი ვიდექი მავთულხლართებიან ღობესთან. ამ ღობეში დენი გადიოდა. ცხენი მივუშვი, თავისთვის ძოვდა ბალახს. გურამი იქნებოდა ასე ექვსი-შვიდი წლისა, რაღაც წუთს გავიხედე ცხენისაკენ. გურამი ცხენს მოჰქცეოდა ზურგზე და აქეთ-იქით დაატარებდა. გაჯავრებას აზრი არა ჰქონდა. დავუძახე: დინჯად იჯექი, იცოდე, მთავარია, ფეხები არ შემოჰკრა-მეთქი. ამის თქმა და სალამურა როგორც გიჟი მოწყდა ადგილს (როგორც ეტყობა, გურამმა ჩემი თქმისთანავე შემოჰკრა ფეხები ცხენს აქეთ-იქიდან) და გამოვარდა სწორედაც ამ მავთულხლართებისაკენ. ის იყო გავიფიქრე გადახტომა ღობის სხვა მხარეს, რომ სალამურა ელვის სისწრაფით პირდაპირ ჩემკენ გამოქანდა და ისარივით წინა ფეხებით ჩაერჭო ჩემ წინ. გურამი არ ჩამოვარდნილა. ის დღე იყო და ის დღე, გურამს უმხედრო ცხენი ისე არ გაუშვია, რომ ზედ არ მოჰქცეოდა. უბელო უფრო უყვარდა..”
„...გურამი, ალბათ, 19-12 წლისა იქნებოდა... დილით მთათუშეთიდან დავეშვით ალვანში. თორღვას აბანოსთან შევჩერდით. მინდოდა გურამისათვის კარგად მეჩვენებინა. ვიბანავეთ კიდეც, ფსიტის მწვადებით გაგვიმასპინძლდნენ. დავგვიანდით. გვეხვეწნენ, ახლა წასვლა არ ღირს, სტორის ხეობა საშიშია და არ გადაიჩეხოთო. მართალაც, გზაზე დიდ უფსკრულთან დაგვიღამდა. თორღვაში ვერ დავრჩით იმიტომ, რომ მეორე დღეს ცხენები უნდა დაგვებრუნებინა უკან. ცხენიდან ჩამოვედი და გურამს ვუთხარი, უკან მომყევი-მეთქი. მოვკიდე ცხენს ხელი აღვირში და წინ გავუძეხი. ასე მივდიოდით ნელ-ნელა: აქეთ სალი კლდე იყო, იქით უძირო უფსკრული. ბილიკი იყო ძალიან ვიწრო. ძლივს ვაცილებდით ფეხებს ერთმანეთს. უკან არც მომიხედავს, გზა უნდა გამეკვლია გურამისა და ცხენისათვის. უეცრად წინ რაღაც გამოჩნდა, იმდენად ბნელოდა, რომ ვერ გავარჩიე, დათვმა გადაირბინა თუ კაცმა. ასე იყო თუ ისე ჩემი ცხენი შეფრთხა და ჯერ ადგილზე შეტოკდა. ვწევ წინ, არ მოდის, პირიქით, ეკრობა კედელს და უკან-უკან იწევს ფრუტუნით. ცხენი უფსკრულის მხარეს არასოდეს გადაიწევს. ამ დროს ვიწრო ბილიკზე ძალიან საშიშია, უკან მომყოლ ცხენს სხვა გზა არ რჩება და პირდაპირ იჩეხება უფსკრულში. მივიხედე უკან და რას ვხედავ, გურამი ცხენზე არხეინად ზის, საშიშროების მოლოდინის გარეშე. ვხედავ გურამის ცხენი ფეხებით უკვე უფსკრულის პირს გაეკრა, ერთი უკან დახევა და გადაიჩეხება. გურამ! სწრაფად გადახტი ჩემს ცხენზე დავუძახე. დაძახება და გურამის გადახტომა ერთი იყო. ცხენმა როგორც კი იგრძნო მხედარი, გავარდა წინ. ასე გადავრჩით სამივე.”
ამონაწერი მიხეილ რჩეულიშვილის მოგონებებიდან:
„გურამი ცხენზე პირველად ალვანში შევსვი. მაშინ, როდესაც 7-8 წლისა იყო. კარგი ცხენები მყავდა. განსაკუთრებით კი თვირთვილა და სალამურა. (მომავალში მისი მოთხრობების გმირები.) ბავშვობიდანვე გურამი მეტისმეტად გამბედავი იყო და ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ პირველი შეჯდომისთანავე გააჭენა ისეთი ფიცხი ცხენები როგორებიც იყვნენ სალამურა და თვირთვილა, ცხენით იმოგზაურა გურამმა ჩემთან ერთად დაღესტნის (ავარეთი, დიდოეთი) და თუშეთის მთების სამივე ხეობაში, წოვათში, ალაზნის თავი და სხვა. მე აქ ვმუშაობდი, ვატარებდი ცხვრის ბონიტირებას. ამ დროს გურამი კლდეზე ცხენს დააჭენებდა. გურამი ზოგჯერ სანადიროდ დამყავდა.”
I სიაში: „67. მთებიდან ქალაქამდე.”
სათაურით „სალამურა” ეს მოთხრობა პირველად დაიბეჭდა 1960 წელს „ცისკარში” ¹10. ასევე დაერქვა გურამის მოთხრობების პირველ წიგნს, გამოიცა 1961 წელს. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის)