რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მკერავზე 

ოთახი იყო დიდი. ფანჯრები ჰქონდა ბევრი და პატარა. შუაში და კედლებთან მაგიდები იდგა, ზედ ელექტროსაკერავი მანქანები. ისინი მუშაობდნენ. შავ მაუდს, თეთრ ტილოს, ყვითელ ნაჭერს, უჯრედიანს უვლიდნენ პირდაპირ, გვერდზე, მრგვალად.
იკერებოდა ტანსაცმელი:
შარვლები - ბუტილკა,
პიჯაკები ულიპოდ, დაქანებული მხრებით.
პერანგები ორ-ორი ჯიბითა და ღილით.
კაბები დიდი, ამოჭრილი გულით - დეკოლტე.
იუბკები ათასგვარი ნაოჭით - პლისე.
გარეთ აბრა ეკიდა და ეწერა:

სამაგალითო ატელიე

შესასვლელთან, მარჯვნივ, დირექტორი იჯდა, თავზე დიდი კარტუზი ეხურა, პერანგზე მუშტის სიმსხო ჰალსტუხი ჰქონდა, ტანზე დიდი აპრეხილმხრებიანი პიჯაკი ეცვა. შარვლის ტოტები ფეხსაცმელებს უფარავდა. საამქროდან გოგოები მოდიოდნენ საქმეზე; ტანზე ტილოს კაბები და კრეპდეშინი ეცვათ. მხრები გაკეთებული ჰქონდათ დიდი და აპრეხილი. ტუჩები პომადით შეთხიპნილი, ლოყები პუდრით. ძლივს იჭერდნენ თავს მაღალ ქუსლებზე.
იკერებოდა ტანსაცმელი უკანასკნელ მოდაზე: ბუტილკა-შარვალი, დეკოლტე თუ რეგლანი-კაბა. მკერავებს ფართო ჩაფართხუნებული შარვლები ეცვათ - კაცებს, დიდი აპრეხილ მხრებიანი კაბები - ქალებს.
ექვს საათზე სამუშაო თავდებოდა.
მიდიოდა ხალხი.
უკანასკნელ სტილზე ჩაცმული მანეკენები უკან რჩებოდა, აბრის გვერდზე ქუდმოხდილი ვაჟი ეხატა: მას ხუჭუჭი თმა და ულიპო პიჯაკი ჰქონდა.
აბრაზე ეწერა:

სამაგალითო ატელიე

[1957 წ. აპრილი.]



შენიშვნები



ეს უსათაურო და უთარიღო ავტოგრაფი შეიცავს 3 გვერდს. დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე: სტილი, ფურცლის ხარისხი, ფორმატი, ხელწერა, აგრეთვე ასო “ტ.” “1”-ს ამჯერად აშკარად გამოხატული ბუმბულიანი ისრის ფორმა აქვს. იხ., აგრეთვე, წინა მოთხრობების და მარტის სხვა მოთხრობათა ავტოგრაფები. ვფიქრობ, ეს არის მოთხრობა, პირველ სიაში მოხსენიებული როგორც “მკერავზე”. ასევე დავასათაურეთ.
ქვეყნდება პირველად.

??????