რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მოუნდა 

მერე თეზიკამ წინა ფეხებით შეაღო კარი. ისევ უკან გადახტა. შემდეგ ისევ შეაღო; ისევ გადახტა უკან.
- მობრძანდით, - გაიცინა გურამმა.
- იყოს ეგრე, - თქვა ვახომ.
- არა, ცივა, - თქვა რუსიკომ.
კართან თხელი თუნუქის ღუმელი იდგა. მერე იჯდა გია პალტოთი. ოთახში ცხელოდა. მას გრძელი ფეხები ოთახის შუამდე ჰქონდა გაჭიმული; ზურგით თეთრ კედელს ეყუდებოდა. პალტო კირით შეღებოდა. გიას გვერდზე ნანა იჯდა. აპრეხილი ცხვირი წინ გაეშვირა, თვალებით მაგიდას უყურებდა. ფიცრის მაგიდაზე ექვსი კაცი “დურაჩკას” თამაშობდა. მარინე ოთახის მეორე ბოლოში მართავდა პატეფონს. მის გვერდით მეორე გურამი იჯდა.
- მარინე, - თქვა მან.
- რა?
- არი ერთი იაპონური წამება.
- ?
- ორი კვირა უკრავენ საუკეთესო ფირფიტას.
- მერე?
- განუწყვეტლივ უკრავენ.
- ორი კვირის ბოლოს რა?
- ორი კვირის ბოლოს მისჯილი გიჟდება.
- ვინც უკრავს?
- მაგნიტოფონზეა ჩაწერილი, - გაეცინა მეორე გურამს.
სათამაშო მაგიდის მარჯვნივ კედლამდე ორი ტახტი იყო გაჭიმული. გარეთ გატანილი ტახტებიდან მასზე ეყარა ლეიბები, საბნები და არეული ზეწრები. ზედ ვაჟა ჯანდიერი იწვა და თვლემდა.
ახლა მაგიდასთან მოგებული სამეული წაგებულს სამი კარტით დარჩენილის რაოდენობას ურტყამდა ცხვირში.
იდგა ხმაური.
უფრო ახმაურდნენ:
ვიღაცას არ უნდოდა დაწითლებული ცხვირით სიარული.
ვაჟა გამოფხიზლდა. მთელი მუთაქები კედელს ააყუდა და მიეყუდა: აქედან კარგადა ჩანდა ოთახი: ღუმელთან პალტოჩაცმული გია იჯდა, გვერდზე ცხვირაპრეხილი ნანა ეჯდა. აქეთ მხარეს, მისგან მარცხნივ, მარინე ფირფიტას უყურებდა. ის კი ტრიალებდა და იმავე ხმებს გამოსცემდა, რასაც წინა დღეს, იმის წინა დღეს, დღეს დილით და საერთოდ მთელი კვირა. გვერდზე მეორე გურამი ეჯდა. მის /ვაჟას/ პირდაპირ სამი მოთამაშის ზურგი მოჩანდა, ორის სახე, ერთს აქეთ მჯდომის ზურგი ფარავდა. ვაჟა უფრო მოხერხებულად მოეწყო.
ცხელოდა.
ლამფის შუქი თვალებში უჭვრიტინებდა.
ცხელოდა.
ახლა ოთახის შუაში მარინე და მეორე გურამი ცეკვავდნენ. გია პალტოში ეცეკვებოდა ნანას.
- გაიხადე პალტო, - თქვა ნანამ.
- არ მინდა.
- რატომ?
- რახან ერთხელ არ გავიხადე.
- მერე რა?
- არ მინდა.
ერთი წყვილი მოშორდა მაგიდას. მათაც დაიწყეს ცეკვა.
ვაჟამ თვალები დახუჭა, “ნეტა ლეილა აქ იყოს”, გაიფიქრა, მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი. მისი თავიდან თავისი ხელით აჭრილი ხშირი თმა მოსინჯა. ესიამოვნა.
თმის შეხებისას ყოველთვის ცხადად წარმოიდგენდა მას.
- ვაჟა, - დაუძახა თინამ.
ვაჟამ თავი ასწია.
- მოდი, ვიცეკვოთ.
ჯანდიერი ნელა ჩამოვიდა ტახტიდან და სქელლანჩიანი სამთო-სათხილამურო ფეხსაცმელების შეკვრას შეუდგა ორმაგი თასმით. მძიმე ფეხსაცმელებში ცეკვა უზომოდ სიამოვნებდა. თინა მიჰყვა. გოგოს სახე ეწოდა. ვაჟი წერტილებით ცეკვავდა. “ახლა ტრიალია”, გაიფიქრა მან, მაგრამ არ შემოტრიალდა. მუსიკა სასიარულო ილეთზე გადავიდა.
ცხელოდა.
ადგილი ცოტა იყო და თითქმის ადგილზე ცეკვავდნენ. თინას ძუძუ ვაჟას იღლიის ქვეშ მოხვდა. მოუჭირა. გაყუჩნდნენ.
ცეკვავდნენ.
ცხელოდა.
კარი გაიღო.
- თეზიკაა. - თქვა გურამმა.
ოთახში თამაზი შემოვიდა.
- სტუმრებს არ მიიღებთ? - თქვა მან.
- სიამოვნებით.
- მოვიდნენ რა.
რამდენიმემ სათამაშო ადგილი დაიკავა.
ახლადმოსულები ბევრნი იყვნენ; ვაჟა იჯდა და უყურებდა: ლალის ფეხსაცმელზე მოდებული თოვლი ადნებოდა. ის კი გადაჭრილ კუნძზე იჯდა და დიდი თვალებით ჭერს უყურებდა, შემდეგ შავი თვალები ლამფას გაუსწორა, მერე დაიხარა და ტუჩები შეკუმშა. ისევ გაშალა.
ცხელოდა.
თხელი თუნუქის ღუმელიდან ბოლი ამოდიოდა და თვალებსა წვავდა. ვაჟამ მოხუჭა ქუთუთოები.
ლალის ტუჩები ისევ მოძრაობდნენ:
სულ ნელა.
ვაჟა გაიზმორა: სულ შეუმჩნევლად; მერე ცხვირსახოცის ამოსაღებად ჯიბეში ჩაიყო ხელი; უსიამოვნოდ შეიშმუშნა: ლეილას თმა ოფლისაგან იყო დასველებული.
ოთახი მოათვალიერა. სცადა ჯიბიდან ხელის ამოღება. ტყუილა. თმამ უფრო შეზარა. რატომღაც მთაში დაღუპული გოგო მოაგონდა, თმით რო ამოათრია ნაპრალიდან და შეზარა. “მკვდარია თმა”, გაუელვა თავში.
- ვაჟა.
- ?
- მოდი, ვიცეკვოთ, - თქვა ლეილამ.
ვაჟი გრძნობდა ქალს. ვიღაცეები გარშემო ცეკვავდნენ. ერთმა გოგომ თვალი ჩაუკრა. თინა იყო.
- ჰო, - თქვა ვაჟამ.
- რა ჰო? - იკითხა ლეილამ:
- არაფერი.
- აქ კარგია ტრიალი, - თქვა ლეილამ.
სატრიალო მუსიკა დამთავრდა. ნათქვამი გვიან გაიგო ვაჟამ. გვიანვე შემოატრიალა: ლეილას გაეღიმა.
ახლა ვაჟა ფეხგაუხდელი იწვა ტახტზე. ბუნდოვნად ახსოვდა, რომ თმა როცა შეაჭრა, თავისთვის სამახსოვროდ, ლეილა ტიროდა. ის კი ეუბნებოდა, რომ ქალღმერთების ხარკიაო ასეთი. ის ამბავი მოაგონა, როცა ნადირობის ქალღმერთ დალის სულკალმახმა თმა შეაჭრა გამოქვაბულში და პირველი სიყვარული მოსტაცა. “ნეტა შეინახა სულკალმახმა ის თმა”, გაუელვა თავში: თავისივე სისულელეზე გაეცინა. “გავალ თუ არა გარეთ, გადავყრი”, თქვა გულში.
ცხელოდა.
ვაჟამ პიჯაკი გაიხადა.
ცხელოდა.
მერე ისევ ჩაიცვა.
სტუმრები იშლებოდნენ: ვაჟამ ლეილა გააცილა. იქით გზაზე სიცივეს ვერა გრძნობდა. სქელი თოვლი ფეხქვეშ ხრაჭუნობდა; ზევიდან ახალი მოდიოდა.
მერე თოვლი შეწყდა.
ღრუბლებმა გადაიყარა.
აცივდა.
ვაჟა მარტო მიჰყვებოდა შარას.
თოვლი ჭრიალებდა.
ზევიდან ახალი აღარ მოდიოდა.
ციოდა.
ვაჟამ ხელები ჯიბეში ჩაიყო: ისევ აებურძგნა სახე: ხელს თმა ამოაყოლა და შარაზე დაყარა.
ციოდა.
თოვლი არ მოდიოდა.
ახლა ორღობეს აუყვა. ისევ დაბრუნდა უკან: მთვარის შუქზე ადვილად იპოვა თმა. ღერები გაფშეკილიყო და ერთმანეთს მიყინვოდა. ცივი თმის შეხებამ ისევ შეზარა. სასწრაფოდ ჩაიდო ჯიბეში და სახლის გზას აუყვა. გაუხდელი დაწვა. შუაღამეს გამოეღვიძა: ხელში ლეილას მკვდარი თმა ეჭირა და ახლად ნახულ სიზმარს იგონებდა: ვერაფრით ვერ გაიხსენა.
გააზმორა.
როგორც იყო გაიხადა ტანზე.
მთელი ტანი დაეჭიმა.
ისევ გააზმორა.
მერე როგორც იყო ჩაეძინა.
მეორე დღეს კოხტაზე საქართველოს პირველობა იწყებოდა სწრაფდაშვებაში.

წელი 1957. თებერვლის 5.



შენიშვნები



არქივში ინახება როგორც შავი(1+1-13გვ.), ასევე, თეთრი(1+1-13გვ.) ავტოგრაფი თავისი თარიღითა და სათაურით.
შავი ავტოგრაფი ნაწერია დიდი ასოებით, ხალვათად. ერთ-ორ ადგილას წითელი ფანქრით გაკეთებულია უმნიშვნელო სწორებები. მაგ. შავში: “აპრეხილი ცხვირი წინა ჰქონდა გაშვერილი” შესწორებულია როგორც: “აპრეხილი ცხვირი წინ გაეშვირა”. ბოლოს გვაქვს თარიღი ხელმოწერით: “წელი 1957, 5 თებერვალი. გ. რჩეულიშვილი.”
თეთრი ავტოგრაფის თავფურცლის ზედა ნახევარზე წერია სათაური, მოთხრობის ბოლოს - თარიღი.
შავი ავტოგრაფის დასასრული: “როგორც იყო გაიხადა ტანზე და ჩაიძინა. მეორე დილით კოხტაზე აპირებდა წასვლას.” თეთრი ავტოგრაფის დასასრულისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი.
პუნქტუაციის თავისებურებისათვის:
თეთრი ავტოგრაფი თავისი პუნქტუაციით მსგავსია 1957 წლის თებერვალში დაწერილი სხვა თეთრი ავტოგრაფებისა: შავისაგან განსხვავებით, ხშირად იხმარება ორწერტილი. მოკლე აბზაცებად გამოყოფილი წინადადებები და დიალოგები არც ერთ ავტოგრაფში არ მთავრდება სასვენი ნიშნებით. თუმცა, ამ მხრივ, უფრო თანმიმდევრულია თეთრი ავტოგრაფი. თეთრი ავტოგრაფის მერვე გვერდზე სიტყვის - “ცხელოდა” - შემდეგ მწერლის მიერ თავდაპირველად დაწერილი წერტილი მის მიერვეა გადაშლილი. ასევე გადაშლილია მეთერთმეტე გვერდზე წინადადების - “მერე თოვლი შეწყდა” - შემდეგ დაწერილი წერტილი.
“მოუნდა” ერთ-ერთი იმ მოთხრობათაგანია, რომლის თეთრი ავტოგრაფი, შავისაგან განსხვავებით, არ მთავრდება წერტილით. ნაწარმოების დამთავრება უწერტილოდ (წერტილი, ცხადია, მიუთითებს ნაწარმოების დასასრულზე) თითქოს არღვევს მხატვრული ნაწარმოების ბუნებრივ ჩარჩოს, საზღვარს, მის სასრულობას.
შესაძლოა, ამ შემთხვევისათვის ყურადღება არ მიმექცია, რომ ის განმტკიცებული არ იყოს სხვა მაგალითებითაც (იხ. ტომი I, ბოლოსიტყვაობა, ავტოგრაფების დახასიათებისათვის, პუნქტუაციისათვის).
“ჩემზე რომ იყოს, ნაწარმოებს დასასრულის გარეშე დავტოვებდი” (მწერლის ჩანაწერებიდან).
აგი აბაშიძე იგონებს, რომ ერთხელ, თურმე, ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1956 წელს, გურამი დილის რვა საათზე ესტუმრა მას. აგი იწვა, შეიძლება ეძინა კიდეც, რადგან, ჩვეულებრივ, შუაღამემდე უყვარდა მუშაობა და გვიან იღვიძებდა. გურამი ჩამოუჯდა საწოლზე და დაიწყო ლიტერატურაზე ლაპარაკი. აგის უთქვამს: მომწონს შენი ჩანახატი (რომელ ჩანახატზე იყო საუბარი, აგის არ ახსოვს), მაგრამ, ვფიქრობ, ის უნდა იყოს რაღაც უფრო დიდი მოთხრობის სიუჟეტის ნაწილი და არა ცალკე ნაწარმოები. საერთოდაც, ნაწარმოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე სიუჟეტიო. გურამმა უპასუხა, რომ სიუჟეტი არ არის აუცილებელი. მოთხრობა შეიძლება იყოს უსიუჟეტო, დასაწყისისა და დასასრულის გარეშეც კი.
ვფიქრობ, რომ “მოუნდა”, რომელიც, მართლაც, თითქოს დასაწყისის გარეშე იწყება (“მერე თეზიკამ ფეხით შეაღო...” იხ. აგრეთვე ამავე ტომში მოთხრობა: “ახლა ჭალაში ჩავიდა მოტოციკლეტი...”) და უწერტილოდ მთავრდება, ამის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.
“მერე” - მოთხრობის პირველი სიტყვა, ძალიან ხშირად იხმარება მწერლის შემოქმედებაში. ერთხელ გურამმა, ისე რომ არ დააზუსტა რატომ, თქვა: “ძალიან მიყვარს “მერეს” ხმარება.” შეიძლება ეს უბრალო სიტყვა გამოხატავდა მისთვის ცხოვრების მდინარებას, რომელიც ძნელია გაიგო, საიდან იწყება და სად მიდის. ამიტომ ემპირიული სამყაროდან გამონაგონში გადასვლა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი წერტილიდან ყოველგვარი შემზადების გარეშე. ნებისმიერი მდგომარეობა, ვფიქრობ, გამოვხატავ გურამის აზრს, მწერლისათვის შეიძლება იქცეს შემოქმედებითი პროცესის დასაწყისად.
სულ უმნიშვნელო ცხოვრებისეული ეპიზოდის განზოგადება, მხატვრული ნაწარმოების, ანუ უსასრულო სამყაროს სასრული, სივრცობრივად შემოსაზღვრული, ჩაკეტილი მოდელის შექმნა და შემდეგ იმავე მხატვრულ ქსოვილში ამ საზღვრების გადალახვა დამახასიათებელია მწერლის ოთხწლიანი შემოქმედებითი პროცესისათვის. ეს თავისებურება სხვადასხვა წლებში სხვადასხვანაირად იჩენს თავს (იხ. ამავე ტომში სხვა მოთხრობათა შენიშვნები).
I სიაში: “19. მოუნდა”.
II სიაში: “3. მოუნდა”.
ავტობიოგრაფიულია ბაკურიანის სიტუაცია და თვითონ მოქმედი პირებიც.
თავდაპირველად გურამი ბაკურიანში წავიდა 1956 წლის დეკემბრის ბოლოს და დარჩა იანვრის დასაწყისში მოსწავლეთა არდადეგებზეც. იქ დაუახლოვდა თავისი მეგობრის დას რ.თ.-ს. მასთან გურამს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თითქმის მთელი 1957 წელი. მიუხედავად იმისა, რომ გურამს, როგორც ახლა ვფიქრობ, მაინცადამაინც არ უნდა სდომებოდა 1957 წლის იანვრის ბოლოს ჩემთან ერთად, უკვე სტუდენტების არდადეგებზე, ბაკურიანში ხელახლა წასვლა და, ცხადია, ერჩივნა თბილისში თავის ახლად შეძენილ მეგობართან ერთად სეირნობა, მან მაინც, როგორც იცოდა ხოლმე, შეასრულა დანაპირები და მთელი ორი კვირით წამიყვანა ბაკურიანში (გურამი სიტყვას თითქოს რაღაც მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა. ნათქვამი სიტყვა მისთვის, ისე როგორც გულისთქმა, მოქმედების ტოლფასი იყო. სწრაფვა სიტყვისა და საქმის დამთხვევისაკენ მაგისტრალურ სიუჟეტად მიჰყვება ჩემი ძმის მთელ ხანმოკლე ცხოვრება-შემოქმედებას და ცხოვრებაში, ხშირად გზაჯვარედინებზე, მის არჩევანს განაპირობებს. ეს ხდებოდა ცხოვრებისეული სიტუაციების ყველა, ხანდახან სხვა თვალისათვის სრულიად უაზრო, დონეზეც კი. მახსოვს, ერთხელ, 1957 წლის შემოდგომაზე, სხვათა შორის თქვა: მომბეზრდა თბილისში ყოფნა, უნდა წავიდე მოსკოვში. მერე აღარ უნდოდა, მაინც წავიდა: უკვე ვთქვი და სიტყვას ვერ გადავალო). მთის ქუჩაზე ერთ ოთახში ვცხოვრობდით: გურამ რუსიშვილი, გურამ სიხარულიძე, მერაბ ელიოზიშვილი (გურამის მეგობრები. იხ. სხვა მოთხრობათა შენიშვნები), გურამი და მე.
ჩვენი ბაკურიანში ყოფნის დროს მას, როგორცა ჩანს, უკვე მობეზრებული ჰქონდა თხილამურებზე სრიალიც. ალბათ, ამის გამო, უმეტესად, მოწყენილი, მაყურებლის როლში იყო ხოლმე. (გურამის ეს განწყობა კარგადა ჩანს მომდევნო მოთხრობის “თოვლი დნება” შავ ავტოგრაფში: “ძლივს წამოვედი ბაკურიანიდან, მომწყინდა იქ მარტო ჯდომა”). ავტობიოგრაფიულია ამ მოთხრობის სხვა, პატარ-პატარა ეპიზოდებიც.
ქვეყნდება პირველად.

??????