მოხუცებული
ევგენი პროკოფიევიჩს წესად ჰქონდა კარის ჩუმად გაღება; კორიდორში იხდიდა პალტოს, რომელსაც დიდი, ფართო კრაველის საყელო ჰქონდა და ძველ, მასიურ დასაკიდებელზე ჰკიდებდა, მერე სარკის წინ დებდა ქაღალდში გახვეულ საჩუქარს, რომელსაც ყოველი კვირის ბოლოს ყიდულობდა ცოლისთვის; კოსტუმის ჯიბიდან იღებდა სავარცხელს, ივარცხნიდა თეთრ, ხშირ თმას, ჯაგრისით იბერტყავდა მხრებზე დაყრილ ქერტლს, კიდევ ერთხელ დახედავდა საჩუქარს და ისევ ჩუმად, კეთილი ღიმილით შედიოდა წინა ოთახში;
იქითა, უფრო პატარა ოთახი ითვლებოდა საწოლად. იქ იჯდა მისი ახალგაზრდა ცოლი და გაზეთზე ნიშნავდა მისთვის საინტერესო ადგილებს.
ახლა განსაკუთრებული სიფრთხილით შეაღო მან კარები, უნდოდა, რომ ძვირფასი საჩუქრით პირდაპირ თავზე წასდგომოდა მეუღლეს, ეს იცოდა მისმა ცოლმა და ყოველთვის ყურს იყრუებდა, ვითომ არ ესმოდა ნაბიჯების ხმა.
თვის ბოლო იყო, ამ დროს საჩუქარი ყოველთვის ორიგინალური და განსაკუთრებით კარგი მოჰქონდა მოხუც ქმარს. სიამოვნებით გადაივარცხნა თმა, დაიბერტყა ქერტლი და უხმოდ შევიდა სასტუმროში. დიდ სავარძელში ჩაესვენა, წინ, მაგიდაზე, დადო საჩუქარი და ღირსეული შემფასებლის კმაყოფილი თვალებით დაუწყო ყურება, მერე პაპიროსი გააბოლა. ოჰ, ეს თამბაქო იყო მათი მუდმივი ოჯახური უსიამოვნების საგანი; წლებმა გული გაუფუჭა და ძველი მწეველი იძულებული იყო სულ ცოტა და ცოტა ეწია, ამის უფლებასაც არ აძლევდა ვალენტინა. როცა უწყრებოდა ცოლი, ის ბუზღუნებდა, უკმაყოფილო სახეს იღებდა, გულში კი სიამოვნებდა, რომ ასე ზრუნავდა მასზე, მერე ჩუმად იპარებოდა დერეფანში და პატარა ბიჭივით მალულად სწევდა მუჭიდან – ეს იყო მისი ყველაზე დიდი სიამოვნება. ზოგჯერ მეზობლის გოგოს დაუძახებდა, დააყენებდა კარებთან, `თუ ვალენტინა ივანოვნამ გამოიხედოს, მანიშნე~, ეტყოდა; მუდმივი მოლოდინი, რომ ცოლს შეიძლებოდა გამოეხედა და გასწყრომოდა, არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ჰგვრიდა მას.
ახლაც ასევე ჩუმად გააბოლა და ოდნავ, სულ ჩუმად ჩაახველა, გაიღიმა, საჩუქარი მართლა დიდებული იყო – შიშველი ქალის სტატუა, გამოთლილი მარმარილოში, ვიღაც ცნობილი მოქანდაკის რეპროდუქცია, ვისი – არ ახსოვდა. ის არაჩვეულებრივად ჰგავდა ვალენტინას. მოხუცი ფიქრებში გაერთო, თამბაქოს ბოლი ჭერში ადიოდა, მერე ოთახში დაგუბდა. `საშინლად გაიბოლა ოთახი", გაიფიქრა, ხელით გაფანტა ბოლი და დერეფნის კარები გამოაღო, როცა მობრუნდა, ცოლის ოთახს დაუწყო სიამოვნების ღიმილით ყურება, მერე საჩუქარზე გადაიტანა მზერა და სავარძელში ჩაესვენა. კიდევ ორი_სამი ნაფაზი დარჩა მოსაწევი. იქითა ოთახიდან ვალენტინას მინაზებული ხმა რაღაც უცხო სიცოცხლით ლაპარაკობდა. `ალბათ, მეზობლის გოგოს ასწავლის", გაიფიქრა მოხუცმა, მერე მოაგონდა, რომ აქამდე სიჩუმე იყო იქით. ვალენტინა კი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა:
– მე დიდი ხანია გადავეჩვიე ყველაფერ ამას, კოცნასაც, ცეკვასაც; ხანდახან მეჩვენება, რომ მეც დავბერდი მასავით; შენ პირველი ხარ გათხოვების შემდეგ, მე არც ვიცი გავკიცხო ჩემი თავი თუ არა; ის ბებერია, მე კი სიცოცხლე მინდა, მოდი ახლო, უფრო ახლო, ისე მომენატრა ყველაფერი, ჰა, აი ასე, კიდე მაკოცე, ოჰ, რა გაუმაძღარი გავხდი, ღმერთო ჩემო, არა, შენი ბრალი არ არის არაფერი, რა თქვი? რა? რატომ გავთხოვდი? გეტყვი რატომაც, გამოუცდელობის გამო, მე მაშინ ჩვიდმეტისაც არ ვიყავი, ის კი ორმოცდათხუთმეტის იყო...
ევგენი პროკოფიევიჩმა დარჩენილი ორი ნაფაზი აუჩქარებლად მოქაჩა, ბოლი ხელით გაფანტა და ჩუმი ნაბიჯებით გამოვიდა, შემდეგ დაბრუნდა, საჩუქარი აიღო, პალტო ჩაიცვა, ქუდი, ჩვეულებისამებრ, სარკესთან დაიხურა და ქუჩაში გავიდა.
ბარდნიდა.
ადრე მიყინულ თოვლს ნაცნობი მეეზოვე ქალი დიდი ნიჩბით ფხეკდა. ახალი ფიფქები შავად დარჩენილ ასფალტს ნელა და ენერგიულად ფარავდნენ.
– თქვენ საით, ევგენი პროკოფიევიჩ, სულ ახლა არ მოხვედით? – მხიარულად გამოეხმაურა ის.
– აგერ საყიდლებზე.
"რა კარგი ქმარია", გაიფიქრა მეეზოვემ, "ერთი საჩუქარი არ ჰყოფნის".
"რა ენერგიული ქალია, დღე და ღამე მუშაობს. აი, ახლაც დადებს თოვლს და კიდევ უნდა წმინდოს, ღამე კიდევ უნდა ადგეს და წმინდოს. უბედურებაა მათთვის ზამთარი", უტრიალებდა თავში მოხუცს, ის პატარა ქუჩას გასცდა და დიდ ქუჩაზე გავიდა. კარგა ნაცნობ გზას გაუყვა სამსახურისკენ, რატომღაც არასოდეს არ უგრძვნია, რომ ამდენი ხალხი იყო ქუჩაში, არც დაინტერესებულა არავის სახით. ახლა ყველას უყურებდა, ჯერ კიდევ შორიდან ამოირჩევდა რომელიმე სახეს, ცდილობდა გამოეცნო რა ხნის იყო, როცა ჩაივლიდა ის, უკან გააყოლებდა თვალს და გულში ამბობდა მის ხნოვანებას. გადასასვლელთან დაყოვნდა, "დიდი ბიზონები", თოვლით დატვირთული, მძიმედ გადიოდნენ დიდ ქუჩაზე, მათ გვერდზე მსუბუქი მანქანები სულ ერთი ბეწოდ და სასაცილოდ ჩანდნენ, მას რატომღაც მოუნდა გამოეცნო რამდენი მსუბუქი მანქანა ჩაეტეოდა ერთ "ბიზონში"; ბოლოს უცხო მარკის ავტომობილმა ჩაიქროლა; შუქნიშანი გაიხსნა, ხალხთან ერთად სწრაფად გადაჭრა ქუჩა მანაც. ახლა ის მთლიანად გაერთო ფიქრში – ამერიკული იყო ის მანქანა თუ გერმანული, ცუდი იყო, რომ წარწერა ვერ დაინახა, საერთოდ, საშინელი უყურადღებო გახდა ბოლო ხანებში.
სამსახურში არავინ იყო დარაჯის გარდა, რომელსაც ეგონა, რომ რაღაც დარჩა ევგენი პროკოფიევიჩს; მოხუცმა სამმანეთიანი ჩაუდო ხელში გაკვირვებულ დარაჯს და უკან გასწია. გზაზე მოაგონდა: მთელი წელი გადიოდა, რაც კინო არ ენახა, განსაკუთრებით აინტერესებდა ფართოეკრანიანი, ივან ვასილევიჩი ძალიან აქებდა, ამბობდა – ჩვენთვის, მოხუცებულებისთვის, პირდაპირ მისწრებაა ფართო ეკრანი, ყველაფერი ისე მშვენივრად ჩანსო; მერე მოაგონდა, რომ ივან ვასილევიჩი კინოს სიუჟეტს მოუყვა: რომელიღაც მშენებლობაზე როგორ მუშაობდა ახალგაზრდა ჭლექიანი ინჟინერი, როგორ იღუპებოდა ხალხი; თანაც ყველაფერი ეს იყო ფერადი; ასეთი ამბის მოყოლის შემდეგ ივან ვასილევიჩი, ჩვეულებრივ, ამბობდა,"ეჰ, რა არის ჩვენი ცხოვრება", "აბა, აბა", უდასტურებდა ევგენი პროკოფიევიჩი, ოღონდ არასოდეს არ უფიქრია იმაზე, რა არის ჩვენი ცხოვრება, არც ახლა უნდოდა ეფიქრა; უხმოდ ჩადგა კინოს რიგში.
ეკრანი მართლა დიდი იყო და საუცხოოდ ჩანდა ყველაფერი. გადიოდა დოკუმენტური ფილმი: ჯერ აჩვენეს კორეა, დანგრეული ომებისაგან, მერე ხანძარი დასავლეთ გერმანიაში და მარსელელი დოკერების გაფიცვა, შემდეგ ახალი ჰესის გახსნა აღმოსავლეთ გერმანიაში, რომელსაც ესწრებოდა ვოროშილოვი. "ეჰ, კლიმ ეფრემიჩ, ჩვენ სწორები ვართ, მოტეხილხარ", გაურბინა თავში პროკოფიევიჩს. იგი კინოს ისევ უყურებდა, ოღონდ კარგად ვეღარ აღიქვამდა, რა ხდებოდა ეკრანზე. ვოროშილოვის მოტეხილად ნახვამ ააღელვა. ის მას სამოქალაქო ომიდან იცნობდა, ერთად დაიწყეს ბრძოლა. ყველაფერი ბედია, იმას გაუმართლა, ამას არა; დარჩა ბუღალტრად, საბუღალტრო კურსებიც ომის შემდეგ დაამთავრა. "მაინც ჩვენ ორივე დავბერდით, ჰოო", გაიფიქრა აბნეულად.
გარეთ თოვლს გადაეღო, ხალხი ისევ სწრაფად დადიოდა, პროკოფიევიჩი დაიღალა, ნელა გაუყვა ქუჩას, განსაკუთრებით მძიმე ეჩვენა საჩუქარი, ხშირად ანაცვლებდა ხელიდან ხელში, ვიღაცამ ოდნავ გაჰკრა მხარი და ჩაუქროლა. "უცნაურია, რა აჩქარებს ამ ხალხს", გაიფიქრა ისევ, "თან რაღაც მთვრალებივით დადიან, საინტერესოა, რა დაემართათ დღეს ასეთი," მოულოდნელად ჩაიხითხითა. "აი, მეც რომ დამელია, ურიგო არ იქნებოდა". მერე გონებაში გადათვალა თავისი სამყოფი ფული, ეყოფოდა, მთელი ხუთი თუმანი რჩებოდა ზედმეტი.
სალუდე სავსე იყო ხალხით და პაპიროსის ბოლით. პროკოფიევიჩი უკვე მესამე ჭიქა არაყს სვამდა და ნასიამოვნები აბოლებდა.
– მშურს თქვენი, პირდაპირ მშურს, – არ ასვენებდა ენას მის გვერდზე დიდკარტუზიანი კაცი. _ აი, მე ჯერ მხოლოდ ორმოცდაათისა ვარ და ექიმმა სმაც ამიკრძალა, წევაც, თქვენ კი თითქმის მამად მეკუთვნით, თუ არ გეწყინებათ ეს გამოთქმა, და ასე მშვენივრად სწევთ, სვამთ, უბრალოდ, სასიამოვნოა თქვენი ყურება, ღმერთმანი, ბედნიერი ხართ, ეჰ, მეც რომ შემეძლოს, აი, კათხა ლუდი და, მორჩა, მეტი აღარ შეიძლება ჩემთვის.
პროკოფიევიჩი ისევ აბოლებდა, გულში სიამოვნებდა, რომ ასე უქებდა ვიღაც ჯანმრთელობას, არც პაპიროსის წევას უშლიდნენ, არც სმას; გაიღიმა, სიამოვნებით აჰყვა საუბარში, მოიგონა ათასი რამე _ განსაკუთრებით უყვარდა ვოროშილოვზე ლაპარაკი, ახლაც ალაპარაკდა, მერე ეშმაკური ღიმილით დააყოლა "ორივენი გავედით ტირაჟში, მე მთავბუხი ვარ, ძველი პარტიული, ერთადერთი ჩემი საქმეა ხელი მოვაწერო, მაგრამ ენერგიული ხალხი მყავს, ვენდობი, კმარა, მე ჩემი ვიმსახურე, ორ თვეში პენსიაზეც გავალ". თვალიც კი ჩაუკრა მოსაუბრეს პროკოფიევიჩმა.
გარდერობის კაცმა ზრდილობიანად ჩააცვა პალტო მოხუც ბუღალტერს, მან სამი მანეთი მისცა. ის, აშკარად, კმაყოფილი იყო თავისი გულუხვობით, მერე გაახსენდა, რომ დარაჯსაც სამი მანეთი მისცა და ოფიციანტსაც დაუტოვა ხურდა. გარეთ ბნელოდა, ჰაერი იყო სუფთა და გაყინული, არავის არ ავნებდა, რომ მოხუცს გაებოლებინა – ზუსტად ეს ფრაზა მოუვიდა თავში – გააბოლა. გამჭვირვალე ჰაერში პაპიროსის ბოლი ჰაერის ორთქლთან ერთად ამოდიოდა ფილტვებიდან. "ეშმაკმა წაიღოს, რომელი რომლის ბოლია, მოდი და გაარჩიე" გაურბინა თავში პროკოფიევიჩს და მარტო ფილტვებიდან ამოუშვა ორთქლი, მერე მოქაჩა და ორივე ერთად გამოუშვა ოდნავ წინ წაწეული ტუჩებიდან, "რა უცნაურია", გაიფიქრა, რატომღაც საოცრად სიამოვნებდა, რომ ასეთი აზრები მოსდიოდა თავში.
/ფარდა/
[1958 წელი] 24 თებერვალი [მოსკოვი].
შენიშვნები
არქივში ინახება მოთხრობა "მოხუცებულის" მხოლოდ ერთი ავტოგრაფი . სავარაუდოა, რომ სხვა ვარიანტი არც არსებობდა. "მოხუცებული" გადმოგზავნილია მოსკოვიდან "წერილის მაგიერ" მომდევნო მოთხრობასთან ("მატარებელი სტეპში") ერთად. მოსკოვიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში გურამი წერს:
"დედა და მამა!
გუშინ მივიღე თქვენი დიდებული ამანათი.....
მარინეს წერილი მივიღე – წერდა – შენი წერილები არ მოდისო, ტყუილია. თითქმის სამ დღეში ერთხელ ვგზავნი, ორი ნოველაც გამოვგზავნე ორ წერილად – ალბათ, იკარგება, არც ჩემთან მოდის ხშირად წერილები – ავიო უფრო სანდოა.
იყავით კარგად
თქვენი გურამი". (სრული სახით დაიბეჭდება მეხუთე ტომში).
"მოხუცებული" მწერლის მიერ არასწორადაა დათარიღებული: "1957 წელი 24 თებერვალი 1130–1245" (ავტორისეული მცდარი დათარიღების სხვა შემთხვევებისათვის იხ.: ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის, და ტომი 2, "ნადირობის" შენიშვნები). მოთხრობა დაწერილია მოსკოვში 1958 წლის (გურამი მოსკოვში წავიდა 1958 წლის 23 იანვარს) _ და არა 1957 წლის _ თებერვალში (1957 წლის თებერვალს მიეკუთვნება ბაკურიანის ციკლის მოთხრობები: "მოუნდა", "თოვლი დნება" და სხვ.). "მოხუცებული" არის 1958 წელს დაწერილი პირველი მოთხრობა. ეს უნდა იყოს მიზეზი, ისე როგორც "ნადირობის" შემთხვევაში, მისი მექანიკურად მცდარი დათარიღებისა. "მოხუცებულს" მოსდევს "მატარებელი სტეპში". ორივე ნაწარმოები დაწერილია "მარინას" შავი ვარიანტის მსგავს ფურცლებზე (გურამი "მარინაზე" მუშაობდა მოსკოვში თებერვალ-მარტში). ფურცლები შუაშია გაკეცილი, ნაწერია ორივე გვერდზე ლამაზი, მომსხო, გამოყვანილი ასოებით, თუმცა ჩანს, რომ ძალიან სწრაფად და ერთი ამოსუნთქვით. "მოხუცებული" ავტორის მიერ არ არის ნასწორები. ფურცლები - ალბათ, კონვერტში ჩასატევად - შუაშია გაკეცილი. ფანქრით დანომრილი გვერდები, ისე როგორც ზოგიერთი ხაზგასმული სიტყვა, სხვას (ვფიქრობ, მბეჭდავს) უნდა ეკუთვნოდეს. მოთხრობა დასათაურებულია ავტორის მიერ.
"მოხუცებულის" ბოლო წინადადება ებჯინება ფურცლის ქვედა კიდეს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ სიტყვა "/ფარდა/", რაც, ცხადია, მოთხრობის დასასრულს მიანიშნებს, წერია მომდევნო გვერდზე. `ფარდას~ მოსდევს თარიღი, დღიური (ტექსტის ნაწილადაა ჩათვლილი თვითონ მწერლის მიერ: "ნოველა დღიურ-ეპილოგით", იხ. ნაბეჭდი ტექსტი) და მამასადმი მიწერილი ბარათი:
"მამა: გადააბეჭდინეთ ესეც და გამომიგზავნეთ. საერთოდ დააჩქარეთ იმათი გამოგზავნა უეჭველად გადაბეჭდილი სახით.
გურამი."
"მოხუცებულის" ავტოგრაფის ბოლო გვერდზე წერილია:
"მარინე!
საზიზღარი სიზმარი ვნახე – თითქოს მალხაზს (გურამის ამხანაგი. იხ. ტომი 2, მალხაზის შესახებ დაწერილი მოთხრობების შენიშვნები. – მ.რჩ.) ცალი ფეხი მუხლს ქვევით მოჭრილი ჰქონდა! გაიგე, რამე ხომ არ შეემთხვა! მომწერე წერილი!
მივიღე სამხედრო ბილეთი.
ჩამწერეს.
მივიღე ხუთი თუმანი და ამანათის გამოგზავნის ცნობა. დიდი მადლობელი ვარ! კარგი იქნება, თუ ფულის ნაწილს თვის თავში გამომიგზავნით ხოლმე _ დიასახლისი ვარაუდს დაიჭერს."
ამონაწერი 1958 წლის ივნისის დღიურიდან:
"რუსიკოს (გურამის ამხანაგი, იხ. "ირინას" შენიშვნები) უთქვამს "მოხუცებულზე", გურამს კარგად გაუცვნია რუსებიო, ჩიკო (გურამ გეგეშიძე, ცნობილი მწერალი, გურამის მეგობარი. იხ.პირველი ტომის შენიშვნები) კი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ჩემი ამბები იყო, თუმცა მეც რუსების ამბები მეგონა, როცა დავწერე..."
"სიაში არქივიდან" (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის) – "1. მოხუცებული"
"მოხუცებული" პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში: "სად გაექცევი ზამთრის ღამეს". რედაქტორი ნუგზარ წერეთელი.