რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მოხუცი და მე 

ფეხათრევით მივედი კედელთან და ფარღალალა ადგილში ჩვარი დავუცე. ქარი ახლა მეორე ჭუჭრუტანიდან შემოვარდა. ციოდა, ქარმა იმატა. მივხვდი, რო თენდებოდა. მერე გათენდა. უფანჯრო ქოხში ღია ჭუჭრუტანიდან შემოვიდა სინათლე. მე ვიჯექი თივაზე და ვკანკალებდი. ასე იყო ყოველდღე: ჯერ ღამდებოდა, ჭუჭრუტანაში ქარი უფრო გამწარებით იწყებდა ზუზუნს; დილისათვის ჩადგებოდა. ხშირ ტყეში გაშენებულ ქოხში მზე ვერ ატანდა. ციოდა. ცრემლები, რომელიც ოდესღაც მომდიოდა, თვალებზე შემაშრა. ღაწვები გამიხევდა და ხელები გამიშავდა ჭუჭყისაგან. წვერმა დამიფარა სახე. ერთი თვე არც ისე ცოტა დრო იყო.
წამოვდექი.
მიწის იატაკზე გავიარე. მოძრაობამ ფიქრები მომიტანა. უნდა მეაზროვნა. მეტი ძალა არ იყო. ასე ხდებოდა ყოველდღე: ღამე ვიჯექი და ვკანკალებდი. სიცივე ფიქრის საშუალებას არ იძლეოდა, მაინც ფორიაქობდა გონება, მაგრამ არაფერი მამახსოვრდებოდა.
დილით კი მოძრაობასთან ერთად ფიქრებს სიცხადე ემატებოდათ.
წვერმა შემაწუხა.
ერთ დროს თეთრი პერანგი ჯერ ნაცრისფერი, მერე რუხი და ბოლოს შავი გახდა. ჩემს სახლში კი უქმად იდო რამდენიმე ახალი პერანგი და საპარსი. გახურებულ აბაზანაში დილით არავინ ბანაობდა.
კეფა მომექავა,
მერე ზურგი,
მერე ბარძაყები.
ისევ დავჯექი თივაზე. დარდი მომაწვა. ჩემი ძმები ამ დროს პირს იბანდნენ. საუზმობდნენ. შუადღეს წავიდოდნენ სადმე. მამაც წავიდოდა. მარტო დედა დარჩებოდა სახლში და იფიქრებდა ჩემზე, წარმოიდგენდა ჩემს მდგომარეობას, წამოუვიდოდა ცრემლები, იტირებდა. ნათლად წარმოვიდგინე მისი საყვარელი სახე. ჭაღარა თმა და დიდი, ახალგაზრდული თვალები ცრემლებით სავსე. საწყალი დედა, საწყალი. მარტო ის იტანჯება ჩემზე უფრო. ჩემზე კი ახია, მაგრამ იმან რა დააშავა - საწყალმა დედამ - თვალებზე ცრემლი მომადგა, მერე წამომივიდა წვეთ-წვეთად. ვიგრძენი, რომ ჭუჭყიან ლოყაზე თბილი კურცხალი მოგორავდა.
მე ვტიროდი.
უფრო შემეცოდა დედა, შემდეგ ნელა გამიქრა მისი სახე გონებიდან და დამრჩა მარტო ჩემი თავი: ჭუჭყიანი, მარტოხელა, წვერმოშვებული. ვგრძნობდი: ვიჯექი თივაზე და ვტიროდი. ცრემლი ჭუჭყიან ლოყაზე ჩამომდიოდა. გაბურძგნილი წვერი ჩაშავებული ფრჩხილებით მოვიქავე. ლოყაზე მუწუკები ამომსვლოდა.
ჩემი თავი შემეცოდა.
უფრო კარგად წარმოვიდგინე მდგომარეობა. უფრო შემეცოდა. სიფრიფანა სახურავზე წვეთების ხმა გაისმა. წვიმა გახშირდა. წყალი გამხმარ მიწაზე ეცემოდა და მიწის სუნს აყენებდა ოთახში.
ცოტა მესიამოვნა: წვეთები კისერში ჩამდიოდა.
ციოდა.
ისევ ამიტანა კანკალმა და გარეთ გამოვედი.
წვიმამ გადაიღო.
ნელა დავუყევი ვიწრო ბილიკს. მივდიოდი. ფეხებზე ძველი, ხმარებისგან გაცვეთილი ქალამნები მეცვა. როგორც იქნა, შარაზე გავედი. მინდოდა, ვინმე შემხვედროდა. გინდ დავეჭირეთ, აღარ ვინაღვლებდი. მერე უფრო მომინდა ლაპარაკი. ვგრძნობდი, რომ ცრემლებისგან ღარები მქონდა ლოყაზე და სადღაც მსიამოვნებდა. მინდოდა, ვინმეს გაეგო ჩემი დარდის თუნდაც მეასედი, შევცოდებოდი.
მზე ამოვიდა.
გუბეებიდან მსუბუქი ორთქლი წავიდა ცისაკენ. მე ჯერ-ჯერით ვიქნევდი ფეხებს. ქალამნებზე მიკრული ტალახი შორს მიგორავდა, გუბეში მოხვედრილი, დიდ რგოლებს აკეთებდა, რგოლები ნელა პატარავდებოდნენ. ბოლოს წყდებოდნენ.
ღრუბელი გაიყო.
ნაწვიმარზე მზე ცხელი იყო. ქვედა ბილიკიდან ვიღაცა კაცმა გადმოუხვია და ქალამნების ფხეკა დაიწყო. უნებლიეთ მოვისვი თვალებზე ხელი. რატომღაც შემრცხვა, რომ იმას ჩემი ფიქრები გაეგო. ცივი სახით მივუახლოვდი; მოხუცი აღმოჩნდა. თეთრი წვერი მოკლედა ჰქონდა შეკრეჭილი, თავზე ნაბდის ქუდი ეხურა. აქამდე ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა, ახლა კი არ მესიამოვნა, მინდოდა, უხმოდ ჩამევლო. მოხუცმა თქვა:
- გამარჯობა.
- გაგიმარჯოს. - ვუთხარი მე.
- საით ყოფილხარ?
- ტყეში.
მოხუცმა ხელი მოიჩრდილა:
- შენა გრიშაანთი არა ხარ?
- არა, აქაური არა ვარ. - ვთქვი მე.
- ჰო, დიდი ლაფები ყოფილა იქით. - მოხუცმა ფეხზე გადაიტანა მზერა, მერე თანაგრძნობით შეხედა ჩემს სახეზე ამოსულ წვერს.
ახლა მიწას დახედა
- ნახვამდის. - ვთქვი მე.
- გამარჯობით იყავი. - თქვა იმან.
ისევ მარტო დავუყევი შარას, მსიამოვნებდა: მოხუცის თვალებში თანაგრძნობა ამოვიკითხე. რომ გავჩერებულიყავი დიდხანს, სახლში წამიყვანდა, ჩემი დარდის გაქარვებას შეეცდებოდა. მსიამოვნებდა: მოხუცმა ჩემი დარდი გაიგო, შეცოდება კი ვერ გამიბედა: ალბათ თავი ისე მეჭირა.
გუბეში ფეხი ჩამივარდა. ნესტიან წინდაზე ისევ ვიგრძენი სისველე. ჯერ ზურგმა დამიწყო ქავილი, მერე კეფამ. ფეხი ამერია. ვგრძნობდი: მოხუცი იდგა და მიყურებდა და ვეცოდებოდი. ვცადე, გამართულს გამეარა, მაგრამ ფეხი უფრო ამერია. მიხაროდა: მოხუცი შევიდა ჩემს მდგომარეობაში, მაგრამ მე თავი ამაყად მეჭირა და შებრალება ვერ გამიბედა. სახე გამეხსნა. მერე ვითომ ქალამნის თასმის შესაკრავად დავიხარე. ნელა მივაბრუნე თავი მოხუცისაკენ: იმას მხარზე დიდი სახრე ჰქონდა გადებული, ორივე ხელი ზედ ჩამოეკიდა და თავისთვის მიდიოდა.
გული დამწყდა.
მერე უფრო დამწყდა.
მერე უფრო.
ვიდექი და ვუყურებდი: მოხუცი ნელა უჩინარდებოდა. შემოვბრუნდი. გრძელი ნაბიჯებით წავედი ბილიკისაკენ. ფეხები გუბეებში მივარდებოდა, მაგრამ სისველეს თითქმის ვეღარა ვგრძნობდი. როგორც იყო შევედი ტყეში. კორდზე დავჯექი.
მზე უფრო მაღლა აიწია.
ღრუბლები უფრო დაიყო.
დაცხა.
მთელ ტყეს ორთქლი ასდიოდა.
წელი 1956. სექტემბრის 27. 9-10



შენიშვნები



არსებობს ორი ავტოგრაფი: შავი (1-9გვ.) და თეთრი (1+1-7გვ.). ორივე დასათაურებულია და დათარიღებული. (შავი ავტოგრაფის შემდეგ წერია მხოლოდ საათი: „9-10”). შავი ავტოგრაფი ნაწერია გაკრული ხელით, შიგადაშიგ ნასწორებია. მთელ ავტოგრაფში პირველი პირი შეცვლილია მესამეთი. თეთრში დატოვებულია ისევ პირველი პირი, თუმცა სხვა შესწორებანი გათვალისწინებულია. თეთრი ავტოგრაფის ქვედა ნახევარზე წერია სათაური ბრჭყალების გარეშე, თარიღი. მოთხრობის ბოლო ცარიელ გვერდზე წერია მხოლოდ თარიღი. თეთრში გამოკვეთილად ჩანს თავისებური აბზაცი, მწერლის ავტოგრაფთა გრაფიკული სტრუქტურის ერთ-ერთი თავისებურება: თეთრი ავტოგრაფის მესამე გვერდზე დაწყებული წინადადების ორი სიტყვა გადაშლილია და გადატანილი შემდეგ ხაზზე, სწორედ ამ „თავისებური აბზაცის” დასაწყებად. (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ამ თვალსაზრისით საინტერესოა თეთრი და შავი ავტოგრაფების შედარება. ბოლო აბზაცი თეთრში გადაშლილია.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში „მოთხრობები. პიესა.”

??????