რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ნათელა 

შემოდგომის ხვნის მერე ამოტრიალებული ნიადაგი დაფარული იყო ჭირხლით, მხოლოდ მთის ჩრდილო ფერდობებზე იდო თოვლი, მთების შუიდან მრგვლად მოჩანდა ნაცრისფერი უღრუბლო ცა. გაყინულ გოროხებზე მიდიოდა გიო, ის ღრმად ისუნთქავდა ცივ ჰაერს, უკან სწორ ხაზად უშვებდა თეთრ ორთქლს, მისი ლოყები, ისეც ალეწილი სიცივისგან, უფრო წითლდებოდა, უნაკლო დილას ორთქლით სუნთქავდა მთელი მისი სხეულიც. ის გრძნობდა მყარად, მოძრავად მიწის სუნთქვას, გრძნობდა ისე, როგორც ეს მხოლოდ ასფალტზე სიარულს დაჩვეულ კაცს შეუძლია – ჯანსაღად, ახლებურად, ისე როგორც ზამთარში ბაგაში თივაზე გამოკვებილი საქონელი გრძნობს გაზაფხულზე ახლად ამოსული მწვანე ბალახის გემოს. მთელი მისი სხეული სავსე იყო სწორედ ამ ცხოველური, პირველყოფილი სისავსით და, როდესაც გონებაში პარალელი გაავლო ქალაქსა და ამ ადგილს შორის, ცხადად აღიქვა, რომ მისი გონება მთლიანად ეთანხმებოდა მის ფიზიკურ მდგომარეობას. ის მიდიოდა დიდი ნაბიჯებით, კვალიდან კვალზე ადგამდა მძიმედ ფეხებს, ის იყო ბედნიერი, რომ მის ქვევით სწორედ აყალო, შავი მიწა იყო, ის მიაბიჯებდა და გრძნობდა სრულ ერთიანობას, სისავსეს გონებასა და სხეულს შორის, რისგანაც ებერებოდა ფილტვები, უხურდა სახე, წითლად უღვიოდა მთელი ორგანიზმი, მისი ნაბიჯები ყოველი გოროხის უკან დატოვების შემდეგ უფრო უცნაურად მძიმე, მსუბუქად მძიმე ხდებოდა. დაკუნთული მკერდი ადიოდა მაღლა და უფორმო სიხარული, მოკლებული ყოველგვარ კონკრეტულობას, მიწასთან ერთად ეხებოდა ჰაერსაც, დილის გაურყვნელ, უცოდველ ჰაერს. ის იყო იმ მდგომარეობაში, რომლის შემდეგაც ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაღლა აფრინდეს, თან აიტანოს მიწაც, ეს უზომოდ ბუნებრივია ასეთ მდგომარეობაში, რადგან არც ჰაერი ეჩვენება მას მსუბუქად, არც მიწა, არც თავისი თავი, უბრალოდ, ამ დროს არაფერს წონა არა აქვს, სწორედ ამაში არის სიმძიმე, ოღონდ დიდი, გრძნობადი სიმძიმე, რომელიც არც ერთ ბუნების კანონს არ ემორჩილება.
– აუ, გიო, დაგვაგვიანდება, – მოისმა გზიდან მძღოლის ხმა, მერე საყვირის ყვირილი.
ასეთი შეგრძნებიდან გამოფხიზლების დროს, ჩვეულებრივ, ნაწყენები რჩებიან ადამიანები მათზე, ვინც გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან, ვინც თითქოს უკან დააბრუნა სინამდვილესთან ისინი, მაგრამ გიოს მდგომარეობა არ იყო ფანტასტიკური, რადგან ის მიწაზე მყარად მიაბიჯებდა.
– ჰო, ჰო, მოვდივარ, – დაიყვირა მან და გაიქცა მანქანისკენ.
ყველაფერი ის, რაც მის გარშემო ხდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მყარს ხდიდა მის ამდილანდელ მდგომარეობას, ის ამბავი კი, რომ მის ახლო იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო დაენახა მისი ალეწილი სახე, მხოლოდ ახარებდა მას _ ის ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომელთაც ჩუმად უხარიათ, როცა სხვები ხედავენ მათ სულიერ განცდებს და აქცევენ მას ყურადღებას, გიოს ამ სურვილში არ იყო ეგოიზმის წვეთიც კი და, თუ იყო, მხოლოდ კეთილი.
ის გარბოდა, მთელი არსებით ცდილობდა მანქანამდე შეენარჩუნებინა თავისი განწყობა, მთელი არსებით ცდილობდა, რომ სხვა ადამიანს დაენახა ის ამ წამში, რათა ტყუილად ჰაერში არ გაფანტულიყო მისი გულუბრყვილო შეჭიდება სამყაროსთან.
შარაგზაზე, თხრილთან, გიო წაბორძიკდა. უკანასკნელ გოროხზე გადახტა, გაიღიმა და ცხენივით ჩაიფრუტუნა.
– ჰა? – ჰკითხა დილის სიცივისგან აწითლებულმა მძღოლმა.
– ჰო, – ქლოშინით უთხრა გიომ და კაბინაში შეხტა.
– მოვწიოთ, გიო?
– მოიტა.
გამჭვირვალე ჰაერში ფილტვებიდან ამოსულ ორთქლთან ერთად იჭრებოდა პაპიროსის ბოლიც. მერე ამუშავდა მანქანა და ისინი გაქანდნენ შარაგზით კოლმეურნეობის ძროხის ფერმისაკენ.
– ერთიც დააყვირე, – თვალი ჩაუკრა გიომ შოფერს.
– შენი ჭირის სანაცვლო იყოს, ორი იყოს, _ აჰყვა მძღოლი ტონში, ახლა მისი თვალებიც აბრწყინდნენ, მის საკუთარ შეგრძნებას თითქოს გზა გაუხსნა გიოს ხასიათმა.
ჰაერში კივილივით გაიჭრა საყვირის ხმა. მანქანა მირბოდა, გიოსთვის არ იყო ახლა ოღროჩოღრო, არ იყო დიდი და პატარა სიჩქარე – მხოლოდ იყო ის გზა, რომელიც მან გამოიარა ღამის აქეთ ქალაქიდან სოფლამდე, და ის დაძინებული სევდა, რომ ქალაქი დიდი ხნით დატოვა, უფრო კარგად მოქმედებდა მასზე.
გიო მიდიოდა სოფელში, განაწილების ადგილას, მან რამდენიმე თვის წინ დაამთავრა ზოოვეტინსტიტუტი, ვეტერინარული ფაკულტეტი. ერთი შეხედვით, ეს პროზაული პროფესია სულ არ შეეფერებოდა მის ბუნებას, მაგრამ საიდან ვასკვნით ჩვენ, ადამიანები, რომ ადამიანის ნამდვილ ბუნებას რამე აქვს საერთო პროფესიასთან? ხალხი იყოფა თავისი აღგზნებადობის ხარისხის მიხედვით, თუნდაც სხვისი თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველის, და ეს არის თავისთავად ყველაზე დიდი ნიჭი, რომელიც მაღლა დგას ნებისყოფაზე, შრომის უნარზე, გამოგონებაზე. თუნდაც უბრალო, ზარმაცი მჭედელი, დაჯილდოებული ამ უპირველესი ღირსებით, ხარისხობრივად მაღლა დგას ყველაზე შრომისმოყვარე, განათლებულ ადამიანებზეც კი, რადგან კმარა პირველს დაემატოს მეორის განათლება, რომ იქცეს ტალანტად, რადგან მას აქვს უკვე ძირი და საკმაოდ მყარიც, ხოლო განათლებულთ ის არა აქვთ, მისი შოვნა კი არსად არ შეიძლება, ეს უნარი რომ ჰქონდეთ მათ, უკვე თავისთავად ტალანტები იქნებოდნენ.
ჩვეულებრივ, დიდი აღგზნებადობის, თუნდაც არასაკმაოდ ან სრულიად გაუნათლებელი ადამიანები უცებ იპყრობენ ხოლმე სხვა ადამიანთა ყურადღებას და ქვეშეცნეულად იმ წრის ყურადღების ცენტრში არიან, რომელიც გარს არტყია მათ. ასეთი ადამიანები ირგვლივ მყოფთა ქცევის საზომად და გულახდილი შედარების ობიექტად იქცევიან.
ასეთი ადამიანი იყო ვეტექიმი გიო, რომელიც განაწილების ადგილზე ჩამოვიდა. და ძნელი იყო იმის თქმა, იცოდა თუ არა მან თავისი ასეთი ხასიათის შესახებ რაიმე, ის, უბრალოდ, ფიზიკურად გრძნობდა, რომ ყველა გარშემო უნდა გადმოეყვანა თავის განწყობაზე და ამ წამში რომ დაენახა მოწყენილი, გულგატეხილი ადამიანი, ვერაფრით ვერ გაიგებდა იმ კაცის თუნდაც კანონიერ უხასიათობას. ეს იყო მისი უდიდესი ეგოიზმი.
– მანქანა აიშალა, – თქვა შოფერმა.
– რას ამბობ? – გაუკვირდა გიოს, მას ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა რამე ამ დროს აშლილიყო. ის უცებ ჩამოხტა კაბინიდან, შოფერს არც კი აცალა ხუფის ახდა და მოტორს დაუწყო ჩხიკინი.
– არაფერი, – ისევ ჩაიბურტყუნა თავისთვის.
– შენ წადი, მე გავაკეთებ, მოგეწევი, _ საქმიანად აიმრიზა მძღოლი; გიოს გაუხარდა, რომ უხერხული მდგომარეობიდან გამოვიდა.
– კარგი, მე ამ გზით ვივლი ფერმამდე, შენ აკეთე, მერე დამეწიე ან როგორც გინდა, შეგიძლია უკან წახვიდე, ან არა, ამოდი, ჯერ არ წახვიდე, – შეუსვენებლივ მიაყარა მან რამდენიმე აზრი, რომლის დროსაც რამდენიმეჯერ შეეცვალა აზრი მძღოლის განწყობაზე, ხან ეგონა წასვლის ნებართვით გაახარა, ხან, პირიქით, რომ აწყენინა, ბოლოს თვალი ჩაუკრა და გაშორდა.
მანქანა მათ ხრამში გაუფუჭდათ, აქ ჭირხლი განსაკუთრებით ხშირი იყო, ახლად ამოსული მზის სხივები მხოლოდ მის თავზე გადადიოდა, უფრო უდაბურ, ნაცრისფერ შეხედულებას აძლევდა ამ ჩავარდნილ ადგილს. გიო ნელა ადიოდა აღმართზე და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა გარეშემო; ის უცებ ამოხტა თითქოს რუხი ხრამიდან და მის წინ ყველა ფერებით აბრჭყვიალდა მთის ბოლომდე გაშლილი დაჭირხლული ველი. მან უცებ იგრძნო უამრავი ჰაერი და მზე, უამრავი ფერები. ის იდგა, სულ ბუნდოვნად ხედავდნენ თვალისმომჭრელი სხივების გამო მისი ცრემლით სავსე თვალები, ის არჩევდა მთის ძირში ჯერ კიდევ ბინდში მდგარ ძროხის ფერმის გრძელ შენობებს; გიო სულ მარტო მიდიოდა უზარმაზარი მინდვრის შუაში სხივებისგან ცრემლით სავსე თვალებით, ფერმები თითქოს უფრო ბურუსში წავიდნენ, მანქანა მძღოლთან ერთად უკან დარჩა და თითქოს ახლა მიხვდა, რომ ის მარტო იყო, რომ არც მიწას, არც ჰაერს არ შეეძლო შეეცვალა მისთვის ადამიანი, ცოცხალი, მოლაპარაკე ადამიანი, უცებ საშინლად მოუნდა მას ლაპარაკი, "მე, გიო", თქვა მან, ხმა გაიფანტა, უცებ გაქრა და მას ბავშვივით შეეშინდა რაღაცა უცნობის, რისგანაც გაიღიმა თბილად და თითქოს გადატყდა მისი აწეული ხასიათი. ამ სითბოში ჩაიგუბა უზარმაზარმა უნაპირო სევდამ, შურიანმა სევდამ, რომელსაც გრძნობდა მზისადმი, რომელიც ასე ახლო იყო მიწასთან, ასე ათბობდა მას და ღრუბლის ნაფლეთიც კი არ იდგა მათ შუა. მან იგრძნო თავისი შურის გულუბრყვილობა, აღელვებული თავისი ამ ახალი შეგრძნებით, შედგა, ხელით მოიწმინდა ფართო, სავსე ცრემლები.
გარეგნულად დაწყნარდა, ისევ დაუბრუნდა ვაჟკაცური იერი, რომელიც ჰქონდა ღამე ხიფათიანი მგზავრობის დროს, ფეხით გასინჯა მიწა და მყარი ნაბიჯებით წავიდა ფერმისკენ. ახლა ის უკვე ფლობდა თავის თავს, იცოდა, რომ მივიდოდა ხალხთან, როგორც საქმის კაცი, მივლინებული მათთან სამუშაოდ, მათ დასახმარებლად, რომელსაც საქმიანადვე მიიღებდნენ ისინიც, ვინც იქ უნდა დახვედროდა.

ბინდში იღვიძებს ხოლმე სოფელი, ხოლო ბინადართა შორის ყველაზე ადრე იღვიძებენ საქონლის მომვლელნი და მენახირეები. ჩვეულებრივ, მათ გაღვიძებას წინ უსწრებს, უმეტესად, ომის ინვალიდი, ცალფეხა ღამის ყარაულის დასაძინებლად წასვლა.
აქაც ვერ მოასწრო მოხუცმა ცალფეხა ნიკამ, ღამე გარეთ თვლემისაგან სულ გათოშილმა, საქონლის თბილ თივებში გამართულ საწოლში შეძრომა თავის ცალლულიანთან ერთად, რომ ახმაურდა მთელი ფერმა _ აშრიალდნენ ძროხები, აბღავლდნენ ხბორების ძახილში, აათამაშეს ერთმანეთის გაყოლებით გრძელ ბაგებში ჩაბმულებმა სავსე ცურები, დიდი თეთრი ვედროებით ამოძრავდნენ სავსე მკერდიანი მწველავი ქალები, უცებ ჩამოთბა ბაგებში, ჰაერში დატრიალდა ცხელი რძის, წივის სუნი, არეული ახლად გაღვიძებული, თივის ლეიბებზე ნაძინები ქალების არომატში. რძისფერი ოხშივარი აუვიდათ მწველავებს, ჯიქნების სრესისგან წამოუწითლდათ ლოყები და ერთმა გაიღიმა, მეორემ გაიცინა, ატყდა ლაპარაკი, ჩხრიალით ჩადიოდა ნაწველი ვედროებში, აამოძრავეს ლაშები თივის საცოხნელად ჯიქანდაცლილმა ძროხებმა, პირველი სავსე ვედროები გაარბენინეს სეპარატორისკენ მზიდავებმა, გაისმა პირველი ხუმრობა.
– შენ რა, დილა მშვიდობა არ იცი?
– კარგი სიტყვა გამარჯობას სჯობია, ხო იცი.
– ი, მთქმელი მაინც იყოს.
– ხი, ხი.
– ერთი მიუშვით, კიდე რას იტყვის.
– მე რომ კარგი მთქმელი ვიყო, თქვენთან მზიდავად კი არ დამაყენებდნენ.
– ხი, ხი.
– აჰა, ვედრო, ესეც წაიღე.
– აუ, ნათდება, თავი ამოყო.
– აუ, დღეს მზემ მოგვასწრო.
– აუ, აგვასწრო, აგვასწრო.

აღარ შეეძლო ძროხების წველა ბებერ სანდუს, მაინც არ შორდებოდა ფერმას, მისი ქმარი დიდი ხანია უკვე სახლში იჯდა, პენსიაზე გასული და განთავისუფლებული საკოლმეურნეო მუშაობისგან, უცდიდა უქმად თავის უკანასკნელ დღეებს, მხოლოდ მოხუცი ქალები, განსხვავებით კაცებისგან, არ გადიან არასოდეს პენსიაზე, შვილების შემდეგ ისინი შვილიშვილებს ზრდიან, ზოგჯერ მეოთხე თაობასაც აწევენ თავისი ხელით მოქსოვილ წინდებს, ეხმარებიან ახალგაზრდა დედებს ბავშვების გაზრდაში. აქაც დედას წამოყოლილი ორი შვილიშვილი ებარა სანდუს: ნათელა, რვა წლის შავთვალა, წითელლოყება, და ოთხი წლის გიორგი.
ნათელა თვითონ გავარდა გარეთ პირის დასაბანად, ბებომ ნახევრად მძინარე გიორგი ათრეული გამოიყვანა და სატირლად მომზადებულ ბავშვს უთხრა:
– ადე, უყურე, მზე ამოდის.
მთის უკნიდან მზე ამოდიოდა, ბაგების გარშემო დადებულ თივას დააცხრა პირველი სხივი, მერე უკან გადაიწია, ხევს გადაღმა მხოლოდ მთაში შეფენილი ოთხი უზარმაზარი ზვინი და მათ შორის დარჩენილი პატარა ქოხი იდგა საწყლად, ისევ ჩრდილში. სანდუმ ზურგი შეაქცია მზეს, მაშინვე სასიამოვნო სითბო იგრძნო და ქსოვა განაგრძო სიცხეს მიფიცხებულმა, პატარა ბიჭი ნახევრად ჩრდილში თავისთვის უაზროდ იდგა. აქედან მოჩანდა მთელი ველი, რომელზედაც მოდიოდა გიო.
ფერმასთან მისულს მანქანა მიეწია, მოტორის ხმაზე უფროსი მწველავი გამოვიდა და მიესალმა ახლად მოსულებს.
– მე თქვენთან ვეტექიმად ვარ გამოგზავნილი, _ მისალმების შემდეგ თქვა გიომ. მას ისევ ისეთი საქმიანი სახე ჰქონდა.
– ა! – თქვა ქალმა და ფერმისკენ მიიხედა. – ეს არის ჩვენი საძროხე, ახლა წველაა.
– წველაა, – უაზროდ თქვა გიომ, რაღაც უცნაურად შეხედა ყველაფერს ერთად, იმდენად უაზროდ, რომ ვერც კი წარმოედგინა რა იყო წველა.
– წველა?! – ჩაუკრა მან შოფერს თვალი, რომელიც ისევ მანქანას უჩხიკინებდა.
– გამარჯობათ, ბაბო, წველაა? – ჰკითხა მან სანდუს.
– იცოცხლე, შვილო, იცოცხლე, წველაა, მაშ, დილის წველა, – ეტყობოდა, სანდუსაც ძალიან მოენატრა ლაპარაკი და უნდოდა გაგრძელება, მაგრამ უფროსმა შეაწყვეტინა.
– არ შემოხვალთ ახლა? თქვენი სახელი?
– გიო.
– გიო?
– ჰო, გიო.
– გიორგი?
– ჰო, გიორგი.
– აი, გიორგი, ეს არის ჩვენი ფერმა. – ისინი შიგ შევიდნენ. – ჩვენი ძროხები იწველიან საშუალოდ … – ისინი ბაგებს შორის მიდიოდნენ; როცა ვიწრო, გრძელ შენობაში შედიოდნენ, რომლის ორივე მხარესაც მწკრივად ება ძროხები, ყოველი მხრიდან ისმოდა სიცილი, ლაპარაკი, მაგრამ საკმარისი იყო ამდენ ქალებში კაცის გამოჩენა, რომ ყველანი უცებ გაჩუმებულიყვნენ, ეს სიჩუმე იმდენად შესამჩნევი იყო, რომ რამდენიმე ძროხამ ცოხნას თავი დაანება, ხოლო როცა ცხოველური ინტუიციით გაარჩიეს უცხო კაცი, აქა-იქ ბღავილი გაისმა, მერე ყველაფერი გაჩუმდა. მხოლოდ ისმოდა ცოხნის ხმა და რძის ჩხრიალი, ატმოსფერო ჩამოიგუბა, შეუერთდა ახალი რძის სუნის არომატს წივის სუნთან ერთად, რომელზეც დო დუღდა. შენობაში ცხელოდა, გაყინულმა გიომ უცებ იგრძნო ეს ცვლილება, მისი ორგანიზმი მოეშვა, აილეწა და რაღაცა დიდი, მშობლიური სითბო იგრძნო მთელმა მისმა სხეულმა; მწველავი ქალების ნახევრად შიშველი მხრები ხელების მოძრაობისას ირხეოდნენ და ნელა მთელი ეს არომატი შეუერთდა კაცის, გაყინული, ჯანსაღი კაცის სუნთქვას, რომელიც თბებოდა. მისი ნაბიჯები შეიმართნენ, ჯიშიანი ცხენივით დაიწყო ფეხების გადადგმა კანჭების მაღლა აწევით, მისი ადრევე მოფიქრებული სერიოზულობა ორჯერ გაიზარდა, ძროხების ცოხნასა და რძის ჩხრიალის ხმაურს რიტმულად შეუერთდა მისი ნაბიჯების ხმა, რასაც ფიცრის იატაკი ეხოს აძლევდა. ის მექანიკურად პასუხობდა უფროს მწველავს, მერე დაეთხოვა დილამდე სოფელში ოთახის საშოვნელად და გარეთ გამოვიდა ისეთივე ჯიშიანი ნაბიჯებით, მის უკან გაისმა ჩურჩული, მერე ხმამაღალი ლაპარაკი, მარტო ბოლო ქალი, ჩამუხლული ძროხის ჯიქნებთან, განაგრძობდა ჩუმად მუშაობას, მთლიანად დაძაბული, რომ გიოსთვის ყურადღება არ მიექცია, მისი დიდი ხელები მთლიანად ფარავდნენ ჯიქნებს, სრესდნენ მას და უშვებდნენ რძეს, კმაყოფილი ძროხა ვნებიანად განაგრძობდა ცოხნას, გიომ გაუღიმა მწველავს, ქალს ყურებამდე გაეხა ტუჩები, ველურად გამოხედა ვეტექიმს. `რა უშნო ქალია და მაინც ქალია~, გაიფიქრა გიომ, მას უნდოდა დამდგარიყო, ელაპარაკა აუარებელი, თითქმის ყველაფერი, რაც იგრძნო ბოლო საათებში, გარეგნულად კი მშვიდად დაუტოვა ღიმილი ქალს და გარეთ გამოვიდა.
მზიანმა სიცივემ უცებ გაუფრთხო უძილო ღამისგან დატოვებული სექსუალური, სულიერი მოთენთილობა, რომელსაც ბაგებში ფიზიკური შემართებით ფარავდა. ის იდგა და პირდაპირ უყურებდა მზეს თვალებში.
– ი, – მოესმა გვერდიდან ხმა.
– გამარჯობათ, ბებო, – მეორედ მიესალმა ის სანდუს.
– ისევ გაგიმარჯოს, შვილო, – განგებ ბებრული ამოხვნეშით თქვა სანდუმ. ისე, მის რიხიან გარეგნობას ეტყობოდა, რომ სულ არა ჰქონდა სახვნეშად საქმე.
გიომ უცებ იგრძნო იგივე სურვილი, რაც წეღან მინდორში, უდიდესი სურვილი ვინმესთან ლაპარაკის, სულ ერთი იყო რაზე, ის პირველად ტოვებდა ასე დიდი ხნით ქალაქს, აუარებელ ნაცნობსა და ძვირფასს და ამ შეგრძნებამ ისე იმოქმედა, რომ ერთი ღამე მთელ წლად მოეჩვენა, ერთ წლად, რომლის განმავლობაშიაც ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს და ისევ შეეცოდა მას ამ უცხო მხარეში თავის თავი. საერთოდ, მშობლიური ადგილიდან დაშორებისას ყველაზე ძნელია პირველი დღე, პირველი კვირა, განსაკუთრებით ისეთი შთაბეჭდილებიანი ბუნების კაცისათვის, როგორიც გიო იყო. მან იმდენი რამე შეამჩნია ახალი ამ საათებში, დრო უსაზღვროდ დიდად იქცა, თითქმის საშიშად დიდად, ამიტომ სიამოვნებით მოეპოტინა ერთადერთ უსაქმო ქალს, რომელიც, როგორც ეტყობოდა, მზად იყო მასთან სალაპარაკოდ, და კიდევ იყო რაღაცა, რამაც მიიზიდა ამ მოხუც ქალთან სალაპარაკოდ, ეს იყო პატარა ბიჭი, რომელიც უხმოდ იდგა და უაზროდ უყურებდა ველს. ამავე დროს, პატარა ბავშვზე ლაპარაკი ყველაზე მოხერხებული, სასურველი თემა ჩანდა.
– ჰო, – თქვა უხერხული ღიმილით გიომ. წარმოუდგენლად ბავშვური, მორცხვი სახე მიიღო, უცებ მოეშვა და მთლიანად დაკარგა კონტროლი თავის თავზე. ბებერმა შეამჩნია ეს ცვლილება მასში, ისე რომ არც აუხედავს მისთვის, ამ ცვლილებამ ქალაქელში სოფლელ ქალს გარკვეული სითამამე, უპირატესობაც კი მისცა, ის თითქოს უცდიდა, რომ ლაპარაკს დაიწყებდა, თანაც უეჭველად შვილიშვილზე.
– აი, მამა ომში დაეღუპა.
– ამ ბავშვს? – უაზროდ იკითხა გიომ და რატომღაც გაწითლდა თავისი უმწეობისგან.
– აი, აი, ხედავ, ბიჭო, პირი რომ არ დაიბანე, ძია რას ამბობს, ჭუჭყიანი რომ ხარ, ხედავ? – უცებ გამოიყენა თავის სასარგებლოდ გიოსთან ლაპარაკი ბებიამ.
– ჰო, – უნებურად გაიღიმა გიომ და ბავშვს დახედა.
ბავშვი იდგა აბსოლუტურად განურჩეველი სახით ყველაფერი იმისადმი, რაც ხდებოდა მის გარშემო. ის მშვიდად უყურებდა სტეპს, ჭუჭყის ქვეშ მუგუზლებივით მოუჩანდა სავსე, მკვრივი ლოყები, ჩალისფერი ჩოლკა თითქმის თვალებამდე ეყარა, გრძელი წამწამები ერთხელაც არ დაუხამხამებია, ისე დინჯად ახედა მისკენ ოდნავ დახრილ გიოს და ისევ მინდორში გადაიტანა მზერა. გიო უცბად აილეწა, ისევ იფეთქა მასში კარგის შემჩნევის დიდმა უნარმა, გარკვეულად მეტოქეც კი იგრძნო ამ მართლა მშვენიერ ოთხი წლის ბავშვში, რომელსაც ასე ღირსეულად ეჭირა თავი. ახლა უკვე ის თვალს ვეღარ აშორებდა პატარას, რომლის მთიულური ჯიღა თვალები აბსოლუტურად არ აქცევდნენ მას ყურადღებას. გიომ გადაწყვიტა უყურადღებობითვე გადაეხადა მისთვის, მაგრამ მაშინვე გაეღიმა თავის სისულელეზე და ახლა უკვე სიამოვნებით დაუწყო მოხუცს ლაპარაკი, პირველი კითხვა ყველაზე ბუნებრივი გამოვიდა.
– რა ჰქვია ამას?
ბავშვმა ნელა ახედა მას.
– გიორგი ჰქვია, გიორგი, აი, მამა ფრონტზე მოუკლეს, პირიც კი არ დაუბანია, ასე მიბრიყვებს სულ, სანამ დედამისი წველას მორჩებოდეს.
გიომ უცებ გადაათვალიერა გონებაში მთელი მწველავი ქალები, უფრო სწორად, მათი მხრები, რომელთა სიმკვრივითაც უნდოდა დაედგინა, რომელი იყო ბავშვის დედა, ბებერი ქაჯივით პასუხობდა კითხვის დაუსმელად, აუხედავად ყველაფერზე, რასაც გიო გაიფიქრებდა.
– აი, აქეთ, კარებთან რომ წველის, საწყალს ქმარი დაეღუპა, ეს კი პირს არ იბანს, მაწვალებს ასე.
გიოს უცებ წარმოუდგა თვალწინ მთიელი ქალის დიდი, უშნო პირი და გახევებული თმები, იმ ქალისა, რომელმაც გაუღიმა, ბებერმა ისევ იმ უტყუარი ინტუიციით განაგრძო:
– შრომა ამ ღრეში აუშნოებს ჩვენს ქალებს. ბალღები კი სულ ამას ჰგვანან, მრგვალი, ლამაზი, აი, პირს რომ იბანდნენ ….
მზემ უფრო მაღლა აიწია, უთოვლო ზამთარში სასიამოვნოდ დათბა, გიო ბავშვს უყურებდა გარკვეული შურით, ცდილობდა მოეგონებინა როგორი იყო თვითონ პატარობაში, მერე პირდაპირ სხაპასხუპით დაიწყო მისი ქება.
– რა კარგი ბიჭია, რა ჩოლკა აქვს, აი, ბებო, ასეთი ბავშვები იშვიათია, რა ღონიერიც იქნება, ყოჩაღ, ბიჭო, იერიც ასეთი უნდა, ჯიღა, ვაჟკაცური...
რაც უფრო ლაპარაკობდა, უფრო იტაცებდა ბავშვის ქება, უცნაურად გრძნობდა, რომ ლამაზად უნდა ელაპარაკა, აზრით ხედავდა, რომ მოხუცის ზურგს ამოფარებული ვიღაცა თვალს არ აშორებდა მას, მის ყოველ სიტყვას ყურს უგდებდა და თითქოს არ უნდოდა ამოესუნთქა ჩასუნთქული სიხარული, სურვილი, სანამ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, ეს სილუეტი პატარა გოგოსი წეღანვე შეამჩნია, ოღონდ როგორღაც ვერ მიაქცია მას ყურადღება. გიო განაგრძობდა ბავშვზე ლაპარაკს და როცა მივიდა მისი წამწამების ქებაზე: რა მშვენიერი, ნამდვილი ლამაზი ქალის წამწამები აქვს – უკვე აღარ შეიძლებოდა რომ არ დაენახა ის გოგო, რომელიც ბებოს კალთას მოშორდა და ანთებული თვალებით უყურებდა გიოს. გიოს მოეჩვენა – საკმარისი იყო კიდევ წამი არ შეემჩნია ეს გოგო, რომ სამუდამოდ დაიკარგებოდა მისი ანთებული მზერა, რომელიც უეჭველად უნდა დაეჭირა ამ წამში ვიღაცას, იმდენად სავსე იყო სურვილით გაეყო პატარა ბიჭის ქება, რომელსაც ძია წარმოთქვამდა. უცებ გაქრა პატარა ბიჭი გიოს გონებიდან, მას ჯერ გაუკვირდა, რომ ეს გოგო აქამდე ვერ შეამჩნია, შემდეგ, უბრალოდ, ვეღარ ფიქრობდა ვერაფერზე, გოგონა უყურებდა მას თვალებში და სთხოვდა მთელი არსებით, შეემჩნია ის, გიო აიწურა, კაცის ჯიშმა უცებ იფეთქა მასში, ყურები აეწკიპა, თვალები აუთამაშდა ცეცხლით, უცებ ჯიშიანი ცხენივით შეისუნთქა და ისეთივე თვალებით შეხედა გოგონას, როგორც ის უყურებდა გიოს. აღარ იყო არავინ მათ გარშემო, მთელი დილანდელი სურვილები, ვინმეს ენახა გიო ასეთი განუმეორებელი, ახლა ამოძრავდნენ გაასკეცებით მასში, გოგომ უკვე იგრძნო რომ მიიქცია მთლიანად ამ კაცის ყურადღება, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა, მანამდე, სანამ ხმას არ გაიგებდა, ხმას კი შეეძლო ის დაეფრთხო, გიო გრძნობდა ამას და ჩუმად იყო, მაგრამ მეორე სურვილი, ეთქვა რაღაცა, თანაც სწორედ ამ დროს, როდესაც ყველაზე მეტსა გრძნობდა, ისე ძლიერად მოაწვა გულზე, რომ უნებურად გაიწია გოგონასაკენ, მერე უცებ მოაშორა თვალები და ბებიამისს, რომელიც ქსოვას განაგრძობდა, უთხრა:
– რა კარგი გოგოა, რა ლამაზი გოგოა, _ ეს ტონი იყო უფროსი კაცის ტონი, რომელიც აქებს პატარა ბავშვს, რაც სულ არ შეეფერებოდა მის განწყობას ამ წამში, მას ათასჯერ მეტის თქმა უნდოდა, მაგრამ შინაგანმა საზოგადოებრივმა ვალმა თავის ხმაზე აალაპარაკა. სამაგიეროდ, გოგონასთვის ეს სიტყვები სრულიად საკმარისი გამოდგა, რადგან მას არ შეეძლო არავითარი ანალიზი თავისი გრძნობებისა. მან მიიღო სიტყვიერადაც ქება, დარწმუნდა, რომ შენიშნეს, ტყუილად არ დაიკარგა მისი აღგზნება და ის სუფთა ძუს ინტუიციით მიტრიალდა, მერე აჩქარებული ნაბიჯით, ნაწნავების რხევით წავიდა ბაგების ბოლოს თივებისაკენ. გიო წამოწითლდა, ჯერ ეწყინა, მერე უცებ მიხვდა ყველაფერს და ადგილზე შეტოკდა, ყელი დაჭიმა, კბილები გაუცინრად დაკრიჭა და მოხუცს ჰკითხა:
– რა ჰქვია?
– ამის დაა, მაგის მამაც იქ დაიღუპა, რა ჰქვია? ო, ეგ თვითონ იბანს პირს, ნათელა ჰქვია.
– თვითონ იბანს?
– ჰო, თვითონ.
– ჰო, მაშ დიდი ყოფილა უკვე, – რატომღაც დასჭირდა გიოს ამ სიტყვების თქმა, მერე გულში დაიწყო გამეორება "ნათელა დიდი ყოფილა".
უცებ გაქრა მისი წეღანდელი ფიქრები ქალაქზე, აღარაფერი დარჩა მისი წარსულიდან, ჯერ კიდევ თავისთვისვე გაუგებრად, მან აქ პირველივე დილას ნახა ახალი სამყარო, ღმერთო ჩემო, რა ერქვა ამ ახალს?
ის იყო ძალიან პატიოსანი ბიჭი, მაგრამ მაინც გრძნობდა, რომ ეს, რაც ამ წამში მოხდა, ის, რაც ამ გოგონამაც იგრძნო, რომ იგრძნო, ეს იყო ეჭვის გარეშე, არ იყო მხოლოდ დიდისაგან პატარის შემჩნევა, უბრალო ცნობისმოყვარეობა, – ის, საერთოდ, ყველა ასაკობრივი დამოკიდებულების გარეშე იდგა, მაგრამ ის არ იყო არც სიყვარული, როგორიც შეიძლება ჩვეულებრივი მომწიფებული ქალისადმი, ეს იყო სულ სხვა რაღაც, ალბათ, ის, რაც შეეფერებოდა გიოს დილანდელ განწყობას, როცა საგნები კარგავენ წონას და კაცს შეუძლია ჰაერთან შეერთება.
შემდეგ წამში გიო უკვე აჩქარებული ნაბიჯებით მიდიოდა იმ მიმართულებით, საითკენაც გოგონა მიიმალა. გადაახტა პატარა თხრილს, პირდაპირ გადათელა წაქცეული ზვინი და შედგა, უცებ შერცხვა თავისი საქციელის, უფრო სწორად, გაიღვიძა უცნაურმა თავმოყვარეობამ დიდი კაცის "თუ ყველაფერი მართალია, თუ მართალია ეს სიხარული, ის გოგო თვითონ მოვა". მერე შეტრიალდა. ახლა მის შეგრძნებას ყოველი მხრიდან ათასი თვალი უყურებდა, ის იდგა მთელი თავისი კაცური შესაძლებლობის უმაღლეს დონეზე, არაფერი მასში არ იყო გადაჭარბებული, ისეთი, რაც არ შეეფერებოდა მის ნამდვილ ბუნებას, სიხარული მხოლოდ მატებდა მშვენებას მის გარეგნობას. გიომ მცოდნის თვალით გადახედა მინდვრებს, მერე თივა გასინჯა და ისევ უკან დაბრუნდა, ის ოდნავ შეკრთა, როცა უცებ ჩართული მოტორის ხმა მოესმა, მერე გაეცინა, ალბათ, იმიტომ, რომ მთელი ამ დღის განმავლობაში თავს სულელად გრძნობდა, რასაც ხელს კი არ უშლიდა, პირიქით, აღრმავებდა თავის თავში, ახლაც ისე შეკრთა მანქანის ხმაზე, თითქოს პირველად დაინახა.
– ნუ, როგორ არის? _ ჰკითხა მძღოლს თავისი ხასიათის ტონში, ოღონდ აგდებულად.
– მორჩა.
– მორჩა? მაშ, წავედით სოფელში.
– დაჯე.
– ახლავე. – გიო აჭიანურებდა, ის დარწმუნებული იყო, რომ გოგო შემოუვლიდა ფერმას და მეორე მხრიდან მოვიდოდა მის სანახავად, ამიტომ ადროვა, ფერმაში შევიდა მთავარი მწველავი ქალის სანახავად, გამოელაპარაკა, რა ადგილას ჯობდა სოფელში დაბინავება.
– აბიათარებთან ჯობია, სოფლის თავში, მთელი დღე მარტოა სახლი, დედა აქ არის, სახლში მარტო მოხუცი კაცია. არა, მარო? _ მარო წამოდგა და ისეთივე ღიმილით მივიდა, როგორც დილით _ ეს იყო ნათელასა და გიორგის დედა.
– ჩემი სახელით უთხარით, მამაჩემია მარტო იქ. დაბინავდით, საღამოს მეც მოვალ, აბიათარია ჩვენი გვარი.
– აბიათარი? _ `ა~-ზე ინტონაციით თქვა მაგრად გიომ, მერე გარეთ გამოვიდა.
– საით? – ჰკითხა მძღოლმა.
– აბიათარებთან, სახლში, – ხმამაღლა თქვა გიომ და კაბინაში შეხტა. გვარის გაგონებაზე კედელს ამოფარებული გოგონა გამოვარდა, მაგრამ მანქანა უკვე დაიძრა და გიომ წამით მოჰკრა მხოლოდ მას თვალი. `თმა ნამდვილად დავარცხნილი აქვს ახლიდან და ნაწნავები მაღლა აწეული,~ სიხარულითა თქვა გულში.
– მაიცა, ეგ აბიათარები სად არიან? _ იკითხა მძღოლმა
– არ ვიცი, სოფლის თავში მდგარან, – უპასუხა გიომ და ორივემ გაიცინა სხვადასხვანაირად და სხვადასხვა რამეზე.
შეპყრობილივით იყო დილიდანვე ნათელა. მან პირველმა დაინახა სხვანაირი კაცი, რომელიც მინდორში მოდიოდა და იმის შემდეგ თვალი არ მოუშორებია მისთვის. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო იმისთვის, რომ რაიმე ანალიზი გაეკეთებინა თავისი სურვილებისათვის, ამიტომ სუფთა ბავშვური ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ფანჯრიდან ბაგებში შესულ გიოს, მერე ბებიას ამოეფარა და მათ ლაპარაკს ისმენდა. ეს კაცი, აშკარად, სხვანაირად იყო ჩაცმული, სიტყვებიც სხვანაირად ისმოდა მისგან ნათქვამი, შეიძლება სადღაც ნათელას გონებაში გაერთიანდნენ ტყეში მონადირე მეფის ზღაპარი და გიო, ეს ზღაპარი მოყოლის გარეშეც იცის დაბადებიდანვე ყველა ბავშვმა, ისინი ყოველთვის თავის თავზე იღებენ, უცდიან შემთხვევას, ეძებენ თვითონ. და აი, მიუხედავად იმისა, რომ ნათელას ეჭვიც კი არა ჰქონდა, რა ხდებოდა მის გულში, _ მან იპოვა, ის იდგა მის გვერდზე და ელაპარაკებოდა მის ბებოს, რომელმაც, როგორც ეტყობა, არ იცოდა, `ვისთანა~ ჰქონდა საქმე, ხოლო როცა გიომ შეამჩნია მისი ძმა, დაუწყო ქება, ნათელამ ღრმად ჩაისუნთქა, მთლიანად გაივსო მისი ბავშვური ფანტაზია ამ `მის სანახავად მოსული კაცით~. ის ვეღარაფერს ვეღარა გრძნობდა, ვეღარა ხედავდა, გარდა `იმისა~: როგორ შეიძლებოდა არ დაენახა მას ნათელას თვალები, არ დაეჭირა მისი პირველი მზერა. და იმდენად დიდი იყო ნათელას სურვილი შეემჩნიათ ის, შეემჩნია იმ კაცს, რომელიც აქებდა მის ძმას, რომელსაც, მისი აზრით, სრულებით არ სჭირდებოდა ეს. ძმა კი იდგა უმოძრაოდ და, როცა წამწამებზე დაიწყო ლაპარაკი, მან უკვე მეტი ვეღარ შეძლო და წინ გამოვიდა -– სწორედ ამ წუთში შეამჩნია გიომაც ნათელა. როცა ნათელა გიოს სიტყვებიდანაც დარწმუნდა, რომ შეამჩნიეს, მას შერცხვა და კიდევ შეიძლება პირველადაც იგრძნო, რომ ის სხვა სქესის იყო. მან შემოუარა სახლს, იქიდან ხედავდა, როგორ გაჰყვა უკან გიო, მერე სწრაფად მიირბინა ფანჯარასთან და ნელა, ახლად შეძენილი ღირსებით, დაიწყო თმების ვარცხნა. ის აღარ ფიქრობდა, ნახავდა თუ .არა იმ კაცს ისევ. უბრალოდ, მექანიკურად მოუარა სახლს და გაიქცა შესასვლელისაკენ. სწორედ ამ დროს თქვა გიომ ხმამაღლა მისი გვარი, დაინახა დედა, მისმა სიხარულმა უმაღლეს საფეხურს მიაღწია. `მაშ, `ის~ იცხოვრებს ჩვენთან~, გაურბინა თავში, დაუკითხავად შემოურბინა თივის ზვინს, სირბილით დაეშვა ხევში, საიდანაც მოკლეებით, ნახნავ მინდორზე გადასვლით, შეეძლო მიესწრო მანქანისათვის.
ის გარბოდა უზარმაზარ მთებშუა ჩაწოლილ შავ მინდორზე, მზეს უკვე გაედნო დილანდელი ჭირხლი, დიდ, ძლიერ გარემოში სულ ერთი ბეწოდ მოჩანდა მისი შეპყრობილი სხეული, ის ხედავდა მანქანას, რომელიც გაცილებით ნელა მოძრაობდა, მასთან შედარებით.
მისი გული ივსებოდა უსაზღვრო სიხარულით, რომ იქ იმ კაცს მიუსწრებდა, ჩუმად ჩაუსაფრდებოდა სხვენში, და იქიდან დაუწყებდა ყურებას.
ამ სირბილში მან უცებ გაარჩია, რომ მანქანამ თითქოს შეწყვიტა მოძრაობა, მერე ისევ დაიძრა, მხოლოდ ახლა ის კაცი აღარ იჯდა შიგ, რადგან ის გამალებული ნაბიჯებით მოდიოდა მისკენ. ეს ისეთი მოულოდნელი იყო მისი ავსილი, შთაბეჭდილებიანი ბუნებისათვის, რომ უმოძრაოდ დაესო შუა მინდორში, ის მხოლოდ ხედავდა სულ უფრო და უფრო ახლოს მისკენ მომავალ სხეულს, მერე გაარჩია, მთლიანად გაარჩია ის კაცი, უცებ მოტრიალდა და გაიქცა, სუნთქვა ეკვროდა, გულს აღარ შეეძლო მეტი სირბილი, თავი უბრუოდა, ყურებში გრძნობდა აუარებელ ხმებს, თითქოს მას მისდევდნენ კაცები, ცხენები, მანქანა; უზარმაზარი გადახნული მინდვრის შუაში ის ჩაიკეცა და უძლურებისგან ატირდა დიდი, სავსე ცრემლებით. ამ ცრემლებს ემატებოდა სიხარულის შეგრძნება, რომ `ის~ ნელა უახლოვდებოდა. იმ დროს, როცა გიო მასთან მივიდა, ნათელა ტიროდა გულამომჯდარი, უკვე თავმინებებული თავის ცრემლებს, მისი პატარა მხრები თრთოდნენ, თხელი თითები ვერ იჭერდნენ თვალებზე მოწოლილ ცრემლებს. გოგონას უკვე აღარ ახსოვს, როგორ აიყვანა ხელში გიომ და როგორ წავიდა მინდვრის ბოლოსაკენ.
გიოს ნაბიჯები გაიზარდა, არასოდეს არ ჰქონია ასეთი დიდი და თბილი მკერდი, როგორც ახლა, როცა პატარა ნათელა ალბობდა მას უხმო ცრემლებით. ეს იყო წამები, როცა არც ერთი მათგანი აღარ ფიქრობდა არაფერზე. გიო მიდიოდა ფართო, დიდი ნაბიჯებით გორახიდან გორახზე, ნათელა კი ტიროდა, თავჩარგული კაცის უზარმაზარ მკერდში.

უკვე საღამოვდებოდა, მჭიდრო ღრუბლები მოიკრიბა ცის თავზე, მერე დინჯად დაიწყო თოვა.
– აქ ისეთი დიდი თოვლი იცის, ისეთი დიდი, სულ ფარავს ამ სახლებს, – ხელი შეუშვირა ნათელამ ფიფქს, რომელიც დაცემისთანავე გაუდნა თითებზე, – თქვენთან არ იცის?
– ჩვენთან იცის.
– გუშინ რომ მოსულიყო გზაზე თოვლი, შენი მანქანა გამოივლიდა?
– გამოივლიდა.
– შენ არ ჩაიფლობოდი?
– მე კი, ჩავიფლობოდი.
– ე, შენ ვერც წყალში ჩახვედი გუშინ ღამე, ვერც მანქანა ამოიყვანე.
გიოს გაეღიმა, უბრალოდ, არაფერი უთხრა თავისი ვაჟაკცობის შესახებ, ყველაფერი მძღოლს მიაწერა, როცა ღამე ხიფათი შეემთხვათ წყალში გასვლისას. ნათელამ ვერაფრით ვერ მოითმინა, რომ გიო არ იყო მანქანის გამომყვანი წყლიდან. უკვე მესამედ უხსენა, რაც, აშკარად, მოქმედებდა გიოს თავმოყვარეობაზე.
– აი, ძაღლი რო იყოს, რას იზამ? – უცებ ჰკითხა ნათელამ.
– დავახრჩობ, – გადაჭრით თქვა გიომ; მათ ლაპარაკში ახლა სრულებით აღარ იგრძნობოდა ასაკის სხვაობა, არც იყო თითქოს რაიმე განსხვავება ცოდნაში ან გამოცდილებაში, უბრალოდ, ორი საკმაოდ სერიოზული ადამიანი ლაპარაკობდა სისულელეებზე, მაგრამ ვინ იცის, რა არის სისულელე, იქნებ სწორედ ამ სისადავეში არის ყველაზე დიდი გაგება, რომლისკენაც მიისწრაფვის ურთულესი მეცნიერული კამათები, მაგრამ ისინი ამაზე არ ფიქრობდნენ, მხოლოდ გიოს გაურბენდა ხანდახან თავში, რომ თვითონ დიდი იყო და უკვირდა, რომ ნათელა ასეთი პატარა ჩანდა შესახედად. ის არ ისვენებდა.
– ქალაქელებს ძაღლის ეშინიათ.
– ვისა, ქალაქელებს? მე არ მეშინია.
– მაშინ, აბა, მიდი ახლო ვანოების ძაღლთან.
– სად არის?
– აგერ.
– მიხვალ?
– მივალ.
გიო დაიძრა ეზოს კართან მდგარი უზარმაზარი ქოფაკისაკენ.
– გიო! – დაუძახა ნათელამ.
გიოს უკვე აღარ უნდოდა გაგება, უბრალოდ, მოუნდა დაემტკიცებინა ამ გოგოსათვის, შეიძლება თავისთვისაც, რომ ძაღლის არ ეშინოდა. ქოფაკი უცებ გაირინდა, ჯერ ვერ მიხვდა როგორ შეიძლებოდა მისკენ ასე თამამად წასვლა, შემდეგ წამში პირდაპირ, გაუფრთხილებლად გამოქანდა გიოსაკენ. იმავე წამში დაიძრა ქვით ხელში ნათელაც, მაგრამ სროლა ვერ მოასწრო, ისე ეცა ძაღლი ხელში გიოს, გიომ მთელი ძალით ამოარტყა მეორე ხელი ყბაში და უკან გადააგდო ქოფაკი, იმავ წამში მოვარდნილმა ნათელამ ქვა ესროლა ძაღლს, რომელიც, ჩვეულებით, გამოუდგა ნასროლს, ამ დროს ორივენი მოსცილდნენ იმ ადგილს.
– ნახე, რა ყოჩაღი ვარ, – იხუმრა გიომ.
ნათელამ წელზე შემოხვეული თავსაფარი შემოიხსნა. უხმოდ მოუწმინდა სისხლიანი ხელი და შეხვევა დაუწყო.
– არ მინდა შეხვევა, – ბავშვივითა თქვა გიომ.
– ასე ამბობს გიორგიც, _ უცებ შეამჩნია ნათელამ მსგავსება გიოს ტონში და თავისი ძმის ბავშვურ სიჯიუტეში. აცივდა. თოვლმა უფრო ხშირად დაიწყო ბარდნა, მათ ნაბიჯს აუჩქარეს. კვირა დღე დამთავრდა, გარეშემო თეთრი, თოვლიანი ღამე ჩამოწვა. საშინელი დაღლილები იყვნენ ორივენი, მთელი დღე სიარულისაგან, ნათელას სახლამდე მთელი ველი იყო გასავლელი.
– დაიღალე, გიო? – ხელი მოჰკიდა ნაკბენ მტევანზე ნათელამ.
– მე, ნათელა?
– მე არ დავიღალე.
– არც მე დავიღალე, – მხრები შეარხია ხუმრობით გიომ.
– მე დავიღალე.
– მეც დავიღალე.
– აკი, თქვი, რომ არ დაიღალე.
– შენი შემრცხვა.
– ჩემი?
– ჰო, შენი, შენ ჩემზე პატარა ხარ, შენ თუ არ დაიღალე!
– შენ ჩემზე დიდი ხარ და უფრო არ უნდა დაღლილიყავი, არა?
– ჰო, ნათელა..
– გიო!
– რა?
– აი, აქ, ხევთან, თივით სავსე ქოხია.
– თივით სავსე ქოხი?
– ჰო, თივით სავსე. ჩვენები ყოველთვის მანდ ისვენებენ, როცა ტყიდან მოდიან.
– გინდა დავისვენოთ ჩვენც, ნათელა.
– მე არ დავიღალე, არ მინდა.
– მე დავიღალე.
– მეც დავიღალე, გიო, დავისვენოთ.
იმათ ნელა შეაღეს კარები თივით გამოტენილ ქოხში.
– ბუფ! – დაიძახა ნათელამ და ორივეს გაეცინა.
გიო მიწვა თივაზე, საშინელ დაღლილობას გრძნობდა წინა ღამის უძილო, რამდენჯერმე სცადა თავის აწევა, მაგრამ სითბომ თავისი გაიტანა, მას ესმოდა ნათელას შეუჩერებელი ტიკტიკი ეშმაკებზე, ქოხზე, ტყეზე, დიდ ძროხაზე, რომელიც ყველაზე მეტს იწველება; უკვე შემდეგ, როცა დაიძინა, იგრძნო, როგორ აიღო მისი ნატკენი ხელი ვიღაცამ ხელში. ის იყო ძალიან, ძალიან მადლობელი, ეს იყო მის ცხოვრებაში საუკეთესო სიზმარი, შემდეგ მტევანზე თავი დაადო იმავე ადამიანმა, თბილი, სიზმარზე უფრო თბილი სუნთქვა იგრძნო მისმა სხეულმა, მაგრამ ის იყო ძალიან დაღლილი და ეძინა. ეს სიზმარი გრძელდებოდა დილამდე.
დილით, როცა გიოს გაეღვიძა, ქოხში აღარავინ იყო, მან ღიმილით დახედა იმ ადგილს, სადაც ნათელა იწვა, მერე წამოდგა, კარებზე უფორმო ასოებით ეწერა: სკოლაში წავედი. რაღაცა დიდი, თბილი სევდა მოაწვა გიოს, ცრემლები ახრჩობდნენ ამხელა ვაჟკაცს. ის დაიხარა, თავისი დიდი თათებით აიღო პატარა კირის ნატეხი, რომლითაც ეწერა ის ორი სიტყვა, მერე თავი გაიქნია, ჯანსაღად შეათამაშა მხარი, გაიღიმა, ისე როგორც ყოველთვის, თავში რაიმე აზრის მოსვლის დროს, და კარებს მიაწერა: სამსახურში წავედი.
ძლივს გააღო თოვლით სავსე კარები. გარეშემო იდგა ნაცრისფერი დღე და ისევ შეუსვენებლივ ბარდნიდა, ღამე თითქმის კოჭებს ზევით დაედო, კარებიდან მინდვრისაკენ მოჩანდა სოფლისკენ მიმავალი პატარა ნაფეხურები, რომლის უკანასკნელ კვალსაც დიდი, ფართო ფიფქები აუღელვებლად ფარავდნენ. გიომ ნაკვალევში ჩადგა თავისი უზარმაზარი ფეხი, თოვლმა დაიჭრიალა, მერე მეორე ნაკვალევში; ისევ გაეცინა, ისეთი პატარა ნაბიჯების გადადგმა მოუხდა. თავი გაიქნია, სიამოვნებით ამოუშვა ფილტვებიდან დაგუბებული ჰაერი და დიდი, ძლიერი ნაბიჯებით გაემართა თოვლიან მინდორზე ძროხის ფერმებისაკენ.
წინ სულ ახალი, ფართო ნაფეხურები ჩნდებოდნენ, ხოლო უკან დინჯი, აუჩქარებელი ფიფქები ფარავდნენ ამ დიდ ნაფეხურებსაც, ისევე როგორც დაფარეს პატარა, გაუბედავი ნაბიჯებით გადადგმული ნაფეხურები.
იდგა ზამთარი და მოდიოდა თოვლი, აბა, სხვანაირად როგორ?
წინ კი ჩანდა როგორ ფუსფუსებდნენ სეპარატორისაკენ მიმავალი მწველავი ქალები.

[1959 წლის ზაფხული]

შენიშვნები



არსებობს ამ მოთხრობის ერთი დაუთარიღებელი ავტოგრაფი . მწერლის მიერ დანომრილია მხოლოდ 1-32გვ., მომდევნო გვერდები დაუნომრავია. ბოლო ცარიელი გვერდის ქვედა ნახევარზე ძალიან დიდი, არათანაბარი ასოებით, კალმით, ვფიქრობ, უკვე სხვა დროს, დაწერილია სათაური. ორივე მხარეს ნაწერ თაბახის ფურცლებს ეტყობა, რომ ერთ დროს, შუაში უნდა ყოფილიყო გაკეცილი, სათაურიანი გვერდი ასრულებდა ყდის როლს. ავტოგრაფი ჩვეულებრივი შავი, არაქიმიური, რბილი, თითქოს წაუთლელი, სქელწვერა ფანქრითაა ნაწერი (როგორც პირველი ტომის ბოლოსიტყვაობაში აღვნიშნე, გურამი თითქმის არასოდეს არ წერდა ფანქრით: მეშინია ის, რაც დაიწერა, სამუდამოდ არ დაიკარგოსო). ხელწერა ძალიან გაკრულია, თითქოს ნაჩქარევი. ხელნაწერს ეტყობა წერის პროცესში, თანდათანობით, როგორ ბლაგვდებოდა ფანქრის რბილი წვერი. რამდენჯერმე გურამი, როგორც ჩანს, იძულებული გახდა შეეწყვიტა წერა ფანქრის წვერის წასათლელად. ხელწერას ატყვია, აგრეთვე, აზრის სიმძაფრისა და დინების კვალი. ზოგჯერ კი ახალი აბზაცი, თითქოს რაღაცა ეტაპის დაძლევის შემდეგ, მყარი ხელწერითა და მწერლისათვის დამახასიათებელი გამოყვანილი "ლ"-თიც კი იწყება. მოთხრობა, ვფიქრობ, სახლში არ უნდა იყოს დაწერილი. როგორცა ჩანს, გურამმა დამთავრებისთანავე გადაიკითხა ხელნაწერი, რადგან რამდენიმე ადგილას იმავე, ოღონდ წათლილი, ფანქრით ზოგი სიტყვა გადაშალა, ზოგს კი ხელახლა შემოავლო ფანქარი. ზოგიერთი ჩასწორება გაკეთებულია არა მოთხრობის დაწერის შემდეგ, არამედ გზადაგზა, წერის პროცესში. ორ ადგილას წითელი ფანქრით, მბეჭდავის მიერ უნდა იყოს გახაზული ცალკეული ძნელად წასაკითხი სიტყვა. პირველი სამ-ნახევარი გვერდი გადახაზულია მწერლის მიერ, თავდაპირველად, იმავე ფანქრით, რომლითაც დაწერილია მოთხრობა, შემდეგ კი სქელი, ლურჯი ფანქრით. ოცდამერვე გვერდზე წვრილი ასოებით, მკრთალად წერია `გ. რჩეულიშვილი~. აღსანიშნავია, რომ მწერლის მიერ გადახაზული ტექსტი შესულია ყველა ადრე გამოქვეყნებულ ვარიანტში. ამ გამოცემაში გავითვალისწინეთ მწერლის ბოლო ნება და - მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, ზოგადი თვალსაზრისით – ეს გადახაზული გვერდები ტექსტში არ შევიტანეთ. ასე რომ,მოთხრობა იწყება ექსპოზიციის გარეშე, რაც გურამის შემოქმედებისათვის, ალბათ, მართლაც, უფრო ბუნებრივია. მკითხველს შევახსენებ მეორე ტომში მოთავსებულ იმ მოთხრობებს, რომლებიც თითქოს დასაწყისის გარეშე, შუიდან იწყება

მწერლის მიერ გადახაზული გვერდები:

"ზამთარსაც აქვს თავისი ვნებები, ოღონდ უფრო ღრმა და დაფარული, ვიდრე წელიწადის სხვა დროებს. მთელი ცხოვრება გადადის შიგნით, შენობებში, ხალხი გარეთ ბინიდან მხოლოდ იმიტომ გამოდის, რომ მეორე ბინაში შევიდეს, ამიტომ არის, რომ ზამთარში გარეთ ყველა ჩქარობს, გარდა თოვლისა, რომელიც დევს უძრავად, გარდა ღრუბლებისა, რომლებიც გაუპობლად, ნაცრისფრად დაბურული, ბარდნიან შეუსვენებლივ თეთრ ბრტყელ ფიფქებს. ამ დროს შენობებში ცხელა და ის ფიქრი, რომ გარეთ ცივა, აიძულებს ხალხს დიდხანს იგორაონ საწოლებში. ნახევრად შიშველი მთიელი ქალები, სავსე მკერდებით, შუადღემდე პარპაშებენ ბუხრების წინ, ნელა, ზლაზვნით ივარცხნიან თმებს, უკეთებენ შეშას და საათობით იყურებიან ფანჯრებიდან. ხანდახან ისინი ხედავენ მარხილს, ცხენის დაბერილ ნესტოებს, საიდანაც ნაკადად გამოდის ცხელი ორთქლი, ხედავენ ალეწილ სახიან ვაჟებს, რომლებიც არ ზოგავენ ცხენებს და მათი გახურებული სახეები ბუხართან ჯდომისგან ედება ცივ ფანჯარას, სიცივე მთელ სხეულში ურბენს, უფრო კარგად აგრძნობინებს ქალურ სიცხოველეს, და მათი მხრები უნებურად იწყებენ ძაგძაგს.
რასაკვირველია, ზამთარში ყველგან მუშაობენ, ხოლო ისინი, რომელნიც სახლში სხედან, მხოლოდ ისვენებენ, ელოდებიან თავიანთ ტოლს. მუშაობა არ წყდება თიანეთის სოფლებშიც, მთელი ზამთარი მიდის წინა წლის შრომისაგან დაღლილი ორგანიზმის დასვენებაში და ახალი, მომავალი ზაფხულისათვის სამუშაოების მომზადებაში. ასობით საქონელი იწველება ამ თვეებში კოლმეურნეობების ფერმებში, ამდენივე ქალი თანა ჰყვება საქონელს, მუშაობის დროს უთვალთვალებს რძის მზიდავ ვაჟებს. იტენება მათი სხეულები ფარული, ღრმა ვნებით და სულ პატარა ბიძგი აკლია ამ ვნებას, რომ დაიღვაროს უზარმაზარ სიყვარულად.
სახლშიც, გარეთაც მთელ მომუშავე ხალხს ვნებები ერთი და იგივე აქვს _ განსაკუთრებით სოფლებში _ ამ კანონს მხოლოდ პოეტი არ ემორჩილება, რადგან პოეტი არასოდეს არ მუშაობს, აქედან გამომდინარე, არც ისვენებს არასოდეს, მისი გონება თუ სხეული ერთნაირად ატაცებულია როგორც ღამე ძილის დროს, ისევე ექვს საათამდე, როცა სხვები მუშაობენ, ექვსი საათის შემდეგ, როცა სხვები ისვენებენ. მას ისევე შეუძლია სიყვარული ზამთარში, როგორც გაზაფხულზე და ის თავის სურვილების ნაყოფს ყოველთვის იმკის, წელიწადის დროებისა თუ დილის საათების განურჩევლად. ეს შინაგანი დაძაბულობა შემოქმედისა აიძულებს მის გარშემო მყოფთ ქვეშეცნეულად აივსონ საკუთარი ფიქრებით, ეჭვებით, კარგისა თუ ცუდის სურვილით ერთმანეთისადმი, შეამჩნიონ თავიანთი ცხოვრებიდან ის, რასაც არ აქცევდნენ მის მოსვლამდე ყურადღებას. ყველაფერი ეს ხდება ქვეშეცნეულად, გარემოსა თუ პოეტის რაიმე გარკვეული ცდის გარეშე.

ამ მოთხრობას მე ვწერ გიოსა და ნათელას შესახებ. გიოს არასოდეს ლექსი არ დაუწერია, ხოლო ნათელა სულ 8 წლის მთიელი გოგონაა, რომელიც წერას ახლა სწავლობს, მაგრამ სრულებით არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ იყო პოეტი, წერდე და თუ მე მოვიხსენიე ამ შესავალში შემოქმედი, მხოლოდ იმისათვის, რომ გიოს ბუნებისათვის წინასწარ მიმეცა გარკვეული სახე, გარკვეული სახე მიმეცა იმ სიტუაციისათვის, სადაც გიო სრულიად შემთხვევით მოხვდა, კერძოდ, თიანეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ის შეხვდა ნათელას.~

მოთხრობის დათარიღებისა და შექმნის ისტორიისათვის:

მამას ნაამბობიდან: 1959 წლის ზაფხულში თიანეთში მქონდა ერთდღიანი საქმე, გურამიც თან წავიყვანე. სიონიდან გადავედით დიდი გზით. ვილისით ვიყავით წასულები. საჭესთან თავდაპირველად მძღოლი იჯდა, მერე გურამი დაჯდა და ამის შემდეგ მანქანას ისა მართავდა მთელი გზა. საშინელი სისწრაფით მივქროდით. მძღოლი ნერვიულობდა.

ჩემი აზრით, გურამმა "ნათელა" დაწერა თიანეთიდან ჩამოსვლისთანავე, ან შეიძლება თიანეთშივე, რაც უფრო სავარაუდოდ მეჩვენება, რადგან მას, როგორც უკვე ვთქვით, ფანქრით არ უყვარდა წერა. ვფიქრობ, თიანეთს წინ უძღოდა მამასა და გურამის მოგზაურობა ჩრდილო კავკასიაში, რასაც მოჰყვა ჩრდილო კავკასიის მოთხრობათა ციკლი.
1959 წლის ზაფხულში დედა და მე ვიყავით ზღვაზე, ხოსტაში. არქივში შემონახულია გურამის დედასთან წყალტუბოდან ხოსტაში მიწერილი წერილები. ერთ-ერთში წერია, რომ წყალტუბოში მის გვერდით ცხოვრობდა ვინმე ნათელა წ., პატარა ტანის სუსტი, ულამაზო გოგონა, საბჭოთა კავშირის გმირი. შესაძლოა, ეს სახელი, რომელიც სხვა არც ერთ მოთხრობაში არა გვხვდება, ამანაც უკარნახა.
1959 წლის გვიან ზაფხულში გურამმა "ნათელა" შეიტანა მოთხრობების სიაში, რომელსაც კრებულისათვის ადგენდა, თუმცა ის, ისე როგორც ბევრი სხვა ამ სიაში შეტანილი მოთხრობა, არ გადაუთეთრებია. აღსანიშნავია, რომ "ნათელა" ერთ-ერთი იმ მოთხრობათაგანია, რომელიც მწერლის არქივში სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

მკითხველს მინდა გავაცნო ნაწყვეტი "გოგან გაგანიას" რვეულში მოთავსებული ერთი ლექსიდან:
"იმ მიუწვდომელ მშვენიერებას
ბავშვი რომ ხედავს
ქალის სხეულში
თავის პატარა გაურყვნელი, წმიდა ხელებით
როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს
ვნებით უჭყლიტავს,
ვცდილობ მივაგნო.
როგორც ერთი წლის დაბადებიდან
მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს
ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად,
ისევე წმინდა,
ისევე დიდი,
არის სურვილი ჩემი (?)
მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო
მე შეურაცხმყოფს,
ტყუილ ბრალსა მდებს,
და მეც ბრალდებულს,
ცოდვისთვის შობილს,
გულის სიღრმეში მიხარია ეს განაჩენი."

როგორც ვხედავთ, ამ ლექსში გურამი ცდილობს მიაგნოს, ეზიაროს იმ "მიუწვდომელ მშვენიერებას", რომლის არსებობის შესახებ მან თითქოს მხოლოდ გონებით იცის. ეს არის ხორციელი ვნება, თავისუფალი თავისი თავისაგან, ამაღლებული და არა უარყოფილი, როდესაც მიწიერი იძენს სულიერების ნიშანს და სულიერი კი მიწიერისას. ბარათაშვილის კვალდაკვალ, როგორც ჩანს, ამის მაგალითად მას ესახება ჩვილის ხმა, "ოდეს იგი ენითა სასუფევლის / უალერსებს წიაღთა თავის მშობლის". გურამის ლექსში სიტყვებს: "ისევე წმინდა, ისევე დიდი არის სურვილი ჩემი" მოსდევს დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ტექსტის კუთვნილება არ უნდა იყოს, თუნდაც, თავისი უჩვეულო სიდიდის გამო. ჩემი აზრით, მწერალი დაწერისთანავე დაეჭვდა თავისი ვნების "სიწმინდეში", "სიდიდეში" და, "ცოდვისთვის შობილს", გულის სიღრმეში ურჩევნია იყოს ბრალდებული. "ენის გაკილვით" ის თვითონვე წაბილწავს თავისი შეგრძნების ნეტარ წამებს (მთლიანად იხ. ტომი 4). ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხორციელი ვნების ასამაღლებლად, გასასულიერებლად შემოვიდა მის შემოქმედებაში პატარა ნათელა, რომელიც ამ ლექსის შემდეგ ძალიან მალე უნდა იყოს დაწერილი. "საიდან მოვდივარ-ში~ მაღალ მთაზე ავარდნილ, თეთრ ცხვრის ქურქში, ნესტიან, გრილ ბურუსში გახვეულ, "ყოველთა ვნებათაგან თავისუფალ~ ("დაკარგა ყოველგვარი ნდომა, სურვილი") მწერლის ალტერ ეგოს, გურამს, უკვე თითქოს რეალურად ეუფლება განცდა "არაამქვეყნიური თუ ზედმეტად მიწიერი ნეტარებისა" და დასტურად სხეულის, ხორციელი ვნების პოტენციური სისპეტაკისა, მიწიერი შეგრძნებებიდან კვლავ იგივე ხატი წარმოუდგება: ნერვიულად ატირებული ბავშვი, რომელსაც დედამ ძუძუ მისცა გასაჩუმებლად და ისიც, ტუჩებით ზედ მიკრული, გაინაბა, რადგან მიაღწია უმაღლეს სურვილს. ცხადია, ეს შეგრძნება, რაც, თავდაპირველად, ზემოთ მოყვანილი ლექსის წერისას დაეუფლა მას, ისე როგორც ის, რაც "ნათელაში" ხდება, ლირიკული გმირის გარკვეულ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს და გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება-შემოქმედების ერთ პერიოდს უნდა მიანიშნებდეს (1959 წლის ივლის-აგვისტო). ეს მოსაზრება განმტკიცებულია, აგრეთვე, სხვა ფაქტებით (იხ. ქვემოთ), მოგონებებითა და ტექსტოლოგიური ანალიზით.

ჩემი აზრით, მწერლის ცხოვრება-შემოქმედებას, პირველი მოთხრობიდან დაწყებული, მიჰყვება "ვერმიღწეულის ვნება". ამის საფუძველი ემპირიულ დონეზე, ვფიქრობ, საძიებელია მის პირველ აუხდენელ სიყვარულში (იხ. ტომი 1. "ცქიტო და სელიოდკას" შენიშვნები). ასეთ ფონზე "ნათელა" აღიქმება როგორც ნატვრის ასრულება. მისი სიუჟეტი თითქოს იმ სამყაროდანაა ("ღმერთო ჩემო, რა ერქვა იმ ახალ სამყაროს, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა გიო?"), სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ არ იკარგება ადამიანის "ანთებული მზერა", მიმართული მეორე ადამიანისაკენ. "რაღაცა ყველაზე ძვირფასი", მაგალითად, თუნდაც ის, რაც "შაშას რევოლუციაში", ღრმად გულში ჩამარხული, უსაგნოდ იყო დატოვებული, აქ რეალურობას იძენს. საინტერესოა, რომ ეს არის მწერლის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც ჩემი ძმა "სრულიად მოულოდნელად" უბრუნდება მზია ჩაჩავაზე ფიქრს.
ამონაწერი მწერლის 1956 წლის მარტის დღიურიდან: "ჩემს გულს ორივე უნდა, ორივე ერთი გაგებით, რომ ერთში იყოს როგორც სულიერი ისევე ფიზიკური მხარე სიყვარულისა. მე მინდა სიყვარული, ტოლი ჩემი, თავისი სულით და ხორცით. აი, ჩემი საგაზაფხულო სევდის მიზეზი". გურამი მიისწრაფვის მზია ჩაჩავასაკენ. როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ გახლეჩილი სული და სხეული მხოლოდ მზიაში შეიძლება გამთლიანდეს. მკითხველს გავახსენებ ამ ტომში მოცემულ ორ ნაწარმოებს, სადაც დაუფარავად შემოდის ქალის სახელი "მზია" და წინა ტომში დაბეჭდილ მოთხრობას "ლეილა სარკესთან". ამ ნაწარმოების შავ ხელნაწერში ჩანს, თუ რა გულდასმით ცდილობდა გურამი სახელი მზია შეენიღბა ქალის სხვა სახელით (იხ. ამ მოთხრობის შენიშვნები). ჩემი ძმა, თურმე, მართლაც ისე, როგორც 1960 წელს მზიასადმი მიწერილ წერილში წერს, ყველა ქალის უკან ხედავდა მზიას. თუმცა გარეგნულად, ამხანაგ-მეგობრებისათვის, ისე როგორც ოჯახის წევრებისათვის, ეს იყო უკვე დიდი ხნის დავიწყებული ამბავი.

ამონაწერი 1958 წლის ოქტომბრის დღიურიდან:
"ვეხლები კედლებს (ნუგზარ _ ედიშერის)… და მივდივარ და მხოლოდ წერის დროს, არა, ნაწერის დაბეჭდვის დროს, არა, რაღაც ჩემთვისვე შეუცნობელ ადგილას ვრჩები მარტო, დაე, იყოს ეს ადგილი სახელად ტროლეიბუსი, აქ, ამ ადგილას ერთდებიან ისინი ერთად, ისპობა მათ შორის ზღვარი, ისინი არიან ხალხი, ისინი ღრიალებენ და აიძულებენ ჩემს გულს უყვარდეს რაღაცა დიდი, ზოგადი, რომელშიაც სასაცილომდე პატარად მოჩანს ძმაკაცობა, ხელოვნება ედიშერისა, ხელოვნება ნუგზარის, ჭიდილი ჩვენ სამში მაგნიტდება, ერთმანეთისაკენ ლტოლვა ყველა ამინდში და შეხლისთანავე დაშორება, ის დიდი გარშემო ეხვევა ყველაფერს, ამ დიდს არა აქვს ლტოლვა, ამ დიდს არა აქვს დრო, დამოკიდებულება, ეს არის დიდი და მძიმედ მსუბუქი და ის ძალიანა გავს სიკეთეს, რომელიც კერძოდ არავის არ ეკუთვნის."

ამონაწერები "ნათელადან":
"ის მიდიოდა დიდი ნაბიჯებით, კვალიდან კვალზე ადგამდა მძიმედ ფეხებს, ის იყო ბედნიერი, რომ მის ქვევით სწორედ აყალო, შავი მიწა იყო, ის მიაბიჯებდა და გრძნობდა სრულ ერთიანობას, სისავსეს გონებასა და სხეულს შორის, რისგანაც ებერებოდა ფილტვები, უხურდა სახე, წითლად უღვიოდა მთელი ორგანიზმი, მისი ნაბიჯები ყოველი გოროხის უკან დატოვების შემდეგ უფრო უცნაურად მძიმე, მსუბუქად მძიმე ხდებოდა. დაკუნთული მკერდი ადიოდა მაღლა და უფორმო სიხარული, მოკლებული ყოველგვარ კონკრეტულობას, მიწასთან ერთად ეხებოდა ჰაერსაც, დილის გაურყვნელ, უცოდველ ჰაერს. ის იყო იმ მდგომარეობაში, რომლის შემდეგაც ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაღლა აფრინდეს, თან აიტანოს მიწაც, ეს უზომოდ ბუნებრივია ასეთ მდგომარეობაში, რადგან არც ჰაერი ეჩვენება მას მსუბუქად, არც მიწა, არც თავისი თავი, უბრალოდ, ამ დროს არაფერს წონა არა აქვს, სწორედ ამაში არის სიმძიმე, ოღონდ დიდი, გრძნობადი სიმძიმე, რომელიც არც ერთ ბუნების კანონს არ ემორჩილება".
"ის იყო ძალიან პატიოსანი ბიჭი, მაგრამ მაინც გრძნობდა, რომ ეს, რაც ამ წამში მოხდა, ის, რაც ამ გოგონამაც იგრძნო, _ რომ იგრძნო, ეს იყო ეჭვის გარეშე, _ არ იყო მხოლოდ დიდისაგან პატარის შემჩნევა, უბრალო ცნობისმოყვარეობა, – ის, საერთოდ, ყველა ასაკობრივი დამოკიდებულების გარეშე იდგა, _ მაგრამ ის არ იყო არც სიყვარული, როგორიც შეიძლება ჩვეულებრივი მომწიფებული ქალისადმი, ეს იყო სულ სხვა რაღაც, ალბათ, ის, რაც შეეფერებოდა გიოს დილანდელ განწყობას, როცა საგნები კარგავენ წონას და კაცს შეუძლია ჰაერთან შეერთება."

ასე რომ, "ნათელაში" თითქოს რეალობად, ამქვეყნიური სამყაროს კუთვნილებად იქცევა მწერლისათვის იმ "მძიმედ მსუბუქის" შეგრძნება, რის შესახებაც ის 1958 წლის დღიურში წერდა. მოთხრობის დაწყება _ "შემოდგომის ხვნის შემდეგ ამოტრიალებული ნიადაგით", ანუ ექსპოზიციის გარეშე (რის შესახებაც ზემოთ იყო ნათქვამი), ვფიქრობ, იმითაცაა კიდევ გამართლებული, რომ ეს ფრაზა, როგორც მუსიკალური ნაწარმოების პირველი ბგერა, ცხადია, მთელი ნაწარმოების ფონზე, რეტროსპექტულად, ყოველგვარი შესავლის გარეშე, თითქოს იმ სიღრმისეულ სამყაროს მიანიშნებს, რაც, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში თვალით უხილავ შრეებშია ჩამალული (საინტერესოა, რომ ამ ხერხს მწერალი სხვა მოთხრობებშიც მიმართავს. მკითხველს გავახსენებ ძაგანიას ანგრეულ, დაულაგებელ ოთახს, რომელიც ასოცირდება გმირის შინაგან სამყაროსთან, ან კიდევ "საიდან მოვდივარში" იმ მომენტს, როდესაც მთხრობელი გმირის აფორიაქებულ ხასიათს სკივრიდან გასამზეურებლად გამოფენილ ნივთებს შეადარებს და სხვ.). ასე რომ, მოთხრობის პირველივე აბზაცში იქმნება განსაკუთრებული დრო და სივრცე, რაც ხდება საფუძველი გმირის (გმირიც განსაკუთრებულია! დაჯილდოებული გარკვეული უნარით) სიღრმისეული სიტყვის ამოძრავებისა _ "სხვა ყველაფერი უნებურად ხდება ამ ფიქრის ქვეშ". "სხვა ყველაფერი" არის ის, რაც შეეფერება "გიოს დილანდელ განწყობას, როცა საგნები კარგავენ წონას და კაცს შეუძლია ჰაერთან შეერთება." ლირიკული გმირისათვის სამყარო, ცისა და მიწის საოცარი სიახლოვისა და თავისი სითბოს უშურველად გამცემი მზის ფონზე ("პატარა ღრუბელიც კი არ არის მათ შორის"), წარმოდგება ერთმანეთისაკენ მისწრაფულ, ღია, ურთიერთგამჭოლ, ჰარმონიულ მთლიანობაში, ბარიერებისა და ზღვრების (გაიხსენე ძაგანიას ხილვა "შაშას რევოლუციაში"), ბრძოლისა და წინააღმდეგობების, აზრთა ჭიდილის გარეშე, თავისუფალი პატივმოყვარეობისა, შურისძიებისა და შეურაცხყოფის ვნებისაგან (მკითხველს გავახსენებ, რომ გმირის სახელი არის გიო და არა გურამი, ან შაშა ან სხვა ვინმე). შესაძლებელია, რომ ეს არის სწორედ ის სამყარო, რასაც ხედავს გურამი "ირინას" მინაწერისათვის გაკეთებულ ჩანაწერებში (იხ. "ირინა და მეს" შენიშვნებში ჩანაწერები "მინაწერისათვის"). ამ სამყაროში ისეთი `მარტივია~ ადამიანი, რომ ხალხი "უმოციქულოდაც", ე.ი. მეორე ადამიანის, თუნდაც მწერლის, ჩაურევლად, უგებს ერთმანეთს. ეს არის ის გაგება, "საითკენაც მიისწრაფვიან ურთულესი მეცნიერული კამათები". ასეთი შეგრძნება, ალბათ, მხოლოდ წამიერად ეძლევა ადამიანს და თავის მოჯადოებულ, მაგნიტურ წრეში მოაქცევს ყველაფერს მის გარშემო, უსულო სამყაროსაც კი. თითქოს, მართლაც არსებობდეს რაიმე "ენა უასაკოთა და უსულთ შორის." "ნათელას" რედაქტირებისას მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მთავარი გმირის ეს შეგრძნება. ამ თვალთახედვით გამართლებას პოულობს მოთხრობის ის სიტყვები, რაც ადრეული გამოცემებისას შესწორებული იყო რედაქტორის მიერ, როგორც არამართებული ფორმები (მაგ.: მანქანა "გაფუჭდა" "აიშალას" ნაცვლად, მანქანა "მიჰქროდა" "მირბოდას" ნაცვლად, მანქანის "ხმა" მანქანის "ყვირილის" ნაცვლად და სხვ.).

მას შემდეგ, რაც თითქმის პირველივე ეპიზოდში ხრამიდან ამომხტარი გმირის წინ უამრავი ფერებითა და სხივებით აბრჭყვიალდება მზე და ის უეცრად მიხვდება, რომ მარტოა და "საშინლად მოუნდება ლაპარაკი", შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობის სიუჟეტში ყველაფერი უკვე მზადაა "კურთხეული სამკუთხედის" შესაკრავად ("ჩვენ ვიქნებით ბედნიერნი თუ არ დავარღვევთ ღმერთისაგან კურთხეულ და შეკრულ სამკუთხედს: ღმერთი, მე და მოყვასი. ამ სამკუთხედში დიდი მადლი ტრიალებს; ეს არის სიმბოლო ყოვლად წმინდა სამებისა, სიმბოლო სიყვარულისა, იგია სათავე ადამიანური სიყვარულისაც." პატრიარქის საკვირაო ქადაგებიდან), ორი ტოლი ადამიანის შესახვედრად. ეს შეხვედრა (აღსანიშნავია, რომ ხელნაწერში თავდაპირველად დაწერილი "გაიცნო" _ "სადაც მან გაიცნო პატარა ნათელა" _ მწერალმა გადაშალა და ზევიდან დააწერა "შეხვდა"), ერთი მხრივ, მართლაც, თითქოს ზღაპრის სამყაროდანაა, ოცნების ასრულებაა და, მეორე მხრივ კი, არის უმარტივესი, სრულიად ბუნებრივი რეალობა. ამ სამყაროში "მთავარია გინდოდეს მეორე ადამიანთან შეხვედრა და აუცილებლად შეხვდები მას" (მწერლის მიერ გადაშლილი სიტყვები). "ნათელაში" ჩანს მოპოვებული სულიერი წონასწორობის რაღაც მომენტი. ნათელასა და გიოს შეხვედრა წარმოგვიდგება ამ გაუხლეჩელი სამყაროს ხილულ სიმბოლოდ თუ დამამტკიცებელ საბუთად. აქ სიტყვებს, მარტივ, სადა დიალოგებს, ურთიერთობებს პერსონაჟთა შორის, მათი რეალისტურობის მიუხედავად, თითქოს წონა არა აქვთ, რეალური სიტყვა აქ უხილავი სამყაროს ექოსავით გაისმის. ამიტომაა, ალბათ, რომ, თავისუფალი ყოველგვარი სიმბოლიკისა და ქვეტექსტისაგან, ისინი თითქოს ზედროულ, ზოგად ურთიერთობებს გამოხატავენ (აქ მკითხველს გავახსენებ, აგრეთვე, მეორე ტომიდან მოთხრობას `ბაბუა და შვილიშვილი~, რომელიც, ვფიქრობ, მსგავს განცდას ბადებს). ეს განცდა კი არ უარყოფს სინამდვილეს, რეალობას, არამედ მას უხილავი სამყაროს ნაწილად აქცევს, ისე როგორც სულსა და სხეულს ერთ მთლიანობაში მოიაზრებს.

გურამს მოეწონა ჯეიმს ჯოისის "დუბლინელები," საოცარი სიღრმე დაინახა მასში, - მითხრა ერთხელ თემო ჯაფარიძემ. მართლაც, "დუბლინელების" ერთ-ერთი ცენტრალური მოთხრობა "მკვდრები" ნახსენებია ჩემი ძმის 1958 წლის დღიურში. არ არის გამორიცხული, რომ ამის გამოძახილი იყოს "ნათელას" ბოლო ეპიზოდი, სადაც გურამი, ისე როგორც თავის დროზე ჯეიმს ჯოისი "დუბლინელებში", სამყაროს სიღრმისეული ერთიანობის და, შესაძლებელია, მისი არსობრივი სიწმინდისა და სისუფთავის გამოსავლენადაც მოიხმობს თოვლს, რომელიც თანაბრად მოეფინება მთელ სამყაროს და ერთნაირად ფარავს ცოცხალსა და მკვდარს, ხოლო "ნათელაში" - გიოსა და ნათელას ნაფეხურებს: "ფიფქები ფარავდა ამ დიდ ნაფეხურებსაც, ისევე როგორც დაფარეს პატარა, გაუბედავი ნაბიჯებისგან დატოვებული ნაფეხურები". "თოვლით" მწერალს, ისე როგორც თავისებურად აგებული დიალოგებით, თითქოს სურს გამოხატოს რაღაც ზედროული, სივრცისა და დროის გარეშე არსებული, ისეთი, რაც ობიექტურად, პირადი განცდის ჩაურევლად, ათანაბრებს სამყაროს და ხილულად წარმოაჩენს მის მთლიანობას, ერთიანობას. "თოვლი" სიმბოლური მნიშვნელობით გურამის შემოქმედებაში, ჩემი აზრით, პირველად სწორედ ამ მოთხრობაში გამოჩნდა. მკითხველს მინდა ყურადღება მივაქცევინო, აგრეთვე, თოვლზე დაუმთავრებელ რომანში "საიდან მოვდივარ" ("თეთრ თოვლებზე მწვანე ბუჩქი აიყარა...…… მრგვალ ბუჩქებს შუა სამ-ოთხტოტიანი იასამნები აყვავდნენ. ისინი წელში ირხეოდნენ, ტოტებს ხელით შლიდნენ და ღმერთს თავის ყვავილს აწვდიდნენ", "დილაზე მზია ვიპოვე წელამდე თოვლში, მოდიოდა შატილიდან" და სხვ.), "ბათარეკა ჭინჭარაულში", სადაც მოქმედება მიმდინარეობს წელიწადის იმ დროს, როდესაც "აღარ არიან ქედების ძირში ნაზი იები, აღარ იკრიფება ქედზე შეფენილი შავშალა ხილი; იმათ ადგილზე დაუსრულებლივ დევს თოვლი და ათოვს ზევიდან"; "დევების ცეკვაში" თოვლი დევს მთების მაღალ წვეროებზე, იქ, საითკენაც მიისწრაფვიან ძმები ხორჯოლანები. ეს სიმბოლოც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად იქცა ჩემთვის მწერლის ცხოვრება-შემოქმედების ქრონოლოგიური ჩარჩოს გააზრებისას (1959 წლის აგვისტო-სექტემბერი). ამ მხრივ, საინტერესოა, აგრეთვე, ქალწულობის თემა, ყველა ზემოთ ნახსენებ ნაწარმოებს რომ გასდევს და კვლავ მათ სიღრმისეულ ერთიანობას წარმოაჩენს. ამ თვალსაზრისით, ეს ოთხი მოთხრობა შეიძლება ერთ ციკლად იქნეს მოაზრებული.
"ნათელა" პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "მნათობში" 1964 წელს, #12, შემდეგ - 1965 და 1985 წლების კრებულებში.

??????