რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ოცდაერთი 

- როდის მიდიხარ?
- არ ვიცი.
- როგორ არ იცი?
- ისე.
- რა ისე, მითხარი.
- თავი დამანებე. - თქვა ვაჟამ.
- დანებებული არა მაქვს. - თქვა ლევანმა.
ოთახში სიჩუმე არ ჩამოვარდნილა. ვაჟა მძიმე ნაბიჯებით დადიოდა და ითვლიდა: “ერთი, ორი, სამი, ექვსი, ცხრა და ცხრა თვრამეტი. რა თვრამეტი? რის თვრამეტი, რას ვსულელობ,” გაბრაზდა თავის თავზე, მერე ლევანს მიხედა ამრეზილად. “ეგეც აღარ მიდის, მოვა და დაჯდება, თითქოს გულზე მეხატოს”.
ლევანი თვალებს ახამხამებდა სკამზე წამომჯდარი. დიდი, განიერი პირი დაღებული ჰქონდა. ხანდახან ამთქნარებდა. ისედაც უშნო სახე სულ ეღრიცებოდა.
ვაჟამ ნაბიჯს უმატა. “როდის წავა ნეტავი”, ფიქრობდა, მერე მაგიდას მიუჯდა და თმის წიწკნა დაიწყო. “თმის ცვენა რაღა უბედურებაა”, გაბრაზდა თავის თავზე.
- რას იწიწკნი თმას, - თქვა ლევანმა.
- რა შენი საქმეა, - თქვა ვაჟამ.
- ისე, მაინც.
- რა მაინც?
- არაფერი, ისე გითხარი.
ვაჟა მის წინ დადგმულ სამელნეს დააშტერდა. იქვე დაგდებულ კალმისტარს ლურჯ ქაღალდზე წინწკლები დაეყარა და წვერზე ბეწვი ჰქონდა მოდებული.
ლევანი იჯდა და არ მიდიოდა.
ვაჟამ სტვენა დაიწყო.
- “სუდბა სოლდატადან” უსტვენ? - თქვა ლევანმა.
ვაჟა უსტვენდა.
- ჰა? - გაიმეორა ლევანმა.
- არა.
- აბა?
- არ მახსოვს.
ლევანი სკამიდან წამოდგა. ნელა მივიდა თაროსთან და წიგნების თვალიერება დაიწყო. ბევრი ქექვის შემდეგ რაღაცა გამოათრია. ისევ დაჯდა სკამზე. გრძელი, დაგრეხილი თითებით დაუწყო ფურცვლა. ვაჟა იჯდა და ითვლიდა. “ერთი, ორი, სამი, ოთხი, ათი ფურცელი, ნეტა რამდენი ფურცელია იმ ტომში, ალბათ, ათასია. წუთში ეგ ოცამდე ფურცელს გადაშლის, საათში ორჯერ სამოცს… ორჯერ სამოცი იქნება, ოცჯერ სამოცი, ოცჯერ სამოცი, ერთი მაგისი,” ვაჟამ გაღეღილი გულიდან მოიგლიჯა თმა.
- კარგი სურათებია. - თქვა ლევანმა.
- შესანიშნავი. - თქვა ვაჟამ.
- მშვენიერი ორნამენტებია. - ისევა თქვა ლევანმა.
ვაჟამ ტიროლური მელოდიის სტვენა დაიწყო.
- რომელი საათია? - იკითხა ლევანმა.
- დროა. - თქვა ვაჟამ.
- რისი?
- არაფრის, შვიდი საათია.
ლევანი წამოდგა:
- მათხოვე, რა ეგ წიგნი.
- წაიღე.
- ოღონდ ერთი კვირით.
- რამდენითაც გინდა.
- მე წავედი.
- კარგი.
ლევანმა უშნოდ გაიღიმა.
- მოიკითხე თქვენები. - თქვა მან.
- გმადლობთ.
ვაჟამ გასაღები ორჯერ გადაატრიალა და შვებით ამოისუნთქა. ახლა საწერ მაგიდას მიუჯდა. “როდის მოვა დრო, როდის მოვა დრო, როდის მოვა დრო, რა ვიცი, ან ღირს კი ასე გამწარებით ლოდინი”, ისევ გაუსწორა თვალი სამელნეს. მერე კალენდარზე გადაიტანა მზერა:
იყო ცხრა დეკემბერი.
- ცხრა, ცხრა, ცხრა, - რამდენჯერმე გაიმეორა. - ჩქარა პირველია, ოცდაერთ დღეში, და ბაკურიანი. - კუთხეში შუაზე ახლეჩილი თხილამური ეყუდა. “სად ვიშოვო ახალი,” გაიფიქრა მან.
წამოდგა.
ერთი კუთხიდან მეორემდე ოთხი ნაბიჯი იყო. “ერთი, ორი, სამი, ოთხი, ოთხი და ოთხი რვა, რვა და რვა თექვსმეტი,” ითვლიდა ნაბიჯებს, მერე ბრაზი მოუვიდა თავის თავზე, “რა თექვსმეტი, რის თექვსმეტი”.
ნაბიჯს აუჩქარა.
დაიღალა.
დაჯდა.
დიდხანს უყურა კალენდარს. “პირველამდე ოცდაერთი დღე დამრჩა”, გაიმეორა. ცოტა გულზე მოეშვა. ძალიან მოუნდა ბაკურიანი, თოვლი, თხილამურები. გასაშლელი საწოლი გაშალა და გაუხდელი წამოწვა.
თვლა დილიდან აეკვიატა. “ერთი, ორი, სამი... ოცდაერთი”, გაუხარდა მას, “ოცდაერთი და ოცდაერთი-ორმოცდაორი, რა ორმოცდაორი?” ოცდაერთ იანვარს უკან უნდა დაბრუნებულიყო. ისევ გაუფუჭდა ხასიათი.
წამოდგა.
ოთახში სიჩუმე იყო.
ვაჟა უმოძრაოდ იდგა.
კიდევ უფრო სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კიდევ უფრო. ვაჟამ სწრაფად გამოაღო კარი და მეზობელთან დარეკა. კარი დიდთავა შავგრემანმა ბიჭმა გაუღო.
- შემოდი, - თქვა მან.
- ვერ ხედავ, შემოვდივარ. - თქვა ვაჟამ.
- დაჯექი.
- დავჯდები, მა რას ვიზამ.
- მე ხაზვას დავამთავრებ, ბოდიში.
- რისი ბოდიში.
ვაჟა ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე წამოდგა და სიარული დაიწყო. ოთახის ბოლოში ახლა უკვე ღრმადმოხუცებული ოჯახის უფროსის ახალგაზრდობის სურათი ეკიდა. სურათი სქელ, პრიალა მუყაოზე იყო დაბეჭდილი. გამოსახულებას შავი ჩოხა-ახალუხი ეცვა, შავი ფაფახი ეხურა და შავი, აპრეხილი ულვაშები ჰქონდა. მარჯვენა ხელი კი წინ მდგარ სკამზე ედო.
სურათის ბოლოში თითქმის დაცლილი კალენდარი ეკიდა. დარჩენილ ფურცელს შავი ასოებით ეწერა “9 დეკემბერი”. “ოცდაერთი ფურცელიღა დარჩა და კალენდარიც დაიცლება”, გაიფიქრა ვაჟამ. ცოტა გულზე მოეშვა.
დათომ ხაზვა დაამთავრა. ნახაზი ფრთხილად დაახვია და კუთხეში ააყუდა.
- ვაჟა, - თქვა მან.
- რა?
- ბიჭო, რა კარგი რამეა, იცი?
- რა?
- რა და ახალი კალენდარი.
- რომელი?
- დღეს ვიყიდე, გინდა გაჩვენო?
ვაჟა სავარძელში ჩაეშვა და არაფერი უპასუხა. გულზე ისევ შემოაწვა ნაღველი.

წელი 1956. სექტემბრის 9.



შენიშვნები



არქივში ინახება დასათაურებული როგორც შავი (1+1-7გვ.), ასევე თეთრი (1+1-7გვ.) ავტოგრაფი. თეთრი დათარიღებულია. შავი ავტოგრაფის ქვედა ნახევარზე წერია სათაური ბრჭყალების გარეშე. ნაწერია მოყვითალო, მომცრო ფურცლებზე, რომელიც განსხვავდება 1956 წლის მარტი-აგვისტოს ფურცლებისაგან (თეთრი, მოგრძო). შავი ავტოგრაფი ნაწერია შერეული ხელით - ბოლოსაკენ უფრო და უფრო გაკრული ხდება. იცვლება ასოების ზომაც, დახრილობაც. ნასწორებია ლურჯი მელნით.
თეთრი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური ბრჭყალების გარეშე, ქვეშ თარიღი „წ. 1956. სექტ. 9”. ქვემოთ, ფანქრით, დიდი ასოებით წერია „ჩიჩიკა” და აბნეულად ნაწერი ციფრები. ამ ციფრების ჯამი უნდა შეადგენდეს ოცდაერთს, თუმცა ძნელია მათი დალაგება. მოთხრობის ბოლოს წერია თარიღი. თეთრ ავტოგრაფში დაცული აბზაცები განსხვავდება შავი ავტოგრაფისაგან. მეექვსე გვერდის შემდეგი გვერდი, ეტყობა მექანიკურადაა დანომრილი როგორც „7”. შავ ავტოგრაფში ავტორის მიერ შეტანილია ზოგიერთი შესწორება:
ხელნაწერის: გვ. 1 „როდის აბეჭდინებ?” შეიცვალა „როდის მიდიხარ?”
გვ. 3 „ისინი იყვნენ ხუთიდან” უსტვენ?” ——„სუდბა სოლდატადან” უსტვენ?”
გვ. 5 „როდის აბეჭდინებ?” ——- „როდის მოვა დრო, როდის მოვა დრო?”
გვ. 5 „რა ვიცი, ან რა უნდა დავბეჭდო?” ——„რა ვიცი, ან რად ველი ასე გამწარებით?”
გვ. 7 „მე ამოცანას დავამთავრებ”. —- „მე ხაზვას დავამთავრებ”.
წვრილი ასოებით მიწერილია მოთხრობის დასასრული წინადადებიდან: „ოთახის ბოლოში ახლა უკვე ღრმად მოხუცებული ოჯახის უფროსის ახალგაზრდობის სურათი ეკიდა...” ბოლომდე.
თეთრი ავტოგრაფი ნაწერია ღია მელნისფერ ფურცლებზე (ასეთ ფურცლებზე შემდეგ დაწერილია „მუნჯი ახმედი და სიცოცხლის” ნაწილი. იხ. მომდევნო ტომი)
მახსოვს, გურამმა „ოცდაერთი” დაწერა ჩვენს მეზობელ ცირეკიძეებთან, სადაც ის მარტო დარჩენილ ბავშვს ყარაულობდა. აღელვებული დაბრუნდა. „ხომ იცი, ოცდაერთი რა არის? აჩკოა”, მითხრა და ხელნაწერი გამომიწოდა. ჩემი პრობლემებით ვიყავი გართული. მოთხრობა გულგრილად წავიკითხე. ძალიან ეწყინა, ვერ გაიგეო. მე, ხომ იცი, შენთვის ვწერ, ახლა სხვა მკითხველი უნდა მოვძებნოო. გურამს ამ მოთხრობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. 9 დეკემბერი, მოთხრობის გმირის კალენდარზე აღბეჭდილი რიცხვი, ჩემი დაბადების დღეა. რატომღაც, ამ დღის აღნიშვნა განსაკუთრებით უყვარდა დედას, ალბათ, იმიტომ, რომ გურამის დაბადების დღეს, 4 ივლისს არასოდეს ვიყავით ხოლმე თბილისში.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს, წიგნში „მოთხრობები. პიესა.”

??????