რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

პაპა გოგოთური 

ჭერის პატარა ნაჩვრეტში შემოპარულმა მზის სხივმა პაპა გოგოთურს ჭაღარა, გრუზა თავზე დააცხუნა. პაპამ ყალიონი მთელი ფილტვებით შეიწოვა, მერე შუაცეცხლში გადააწიტა და ბოლი ამოუშვა. ბოლი შეკრული, ფართო ზოლით ამოვარდა ფილტვებიდან, შემდეგ მზის სხივს აჰყვა, მის შუქზე ზიგზაგებად გაიშალა და ნელ-ნელა დაიწყო ამოსვლა ჭუჭრუტანიდან; ბოლი კარგად არ იყო გაშლილი, როდესაც გოგოთურმა ახალი ნაკადი თეთრი, ქულა ბოლისა პირველის დასაწევად გაგზავნა ჰაერში. ცცც... - დაიძახა ნაკვერჩხალმა, რომელსაც ნაპურჭყი მოხვდა, მერე თეთრი, შეუმჩნეველი ორთქლი აუშვა, დროებით ჩაქრა, მაგრამ მეზობელი ნაკვერჩხლის სიმცხუნვარემ ახალი ძალა შეჰმატა და ჯერ მკრთალად, ხოლო შემდეგ ძლიერად ააგიზგიზა.
- გამარჯობა, პაპა, როგორ ხარ?- თქვა ოთახში ახლად შემოსულმა ახალგაზრდა ვაჟმა, მერე სამფეხა სკამი აიღო, ცეცხლთან დადგა, შემდეგ გარეთ გამოვიდა, ფიჩხი შემოიტანა, შეუკეთა და ადრევე მომზადებულ სკამზე დაჯდა.
- ღმერთმა შეგინდოს, ალუდა. - თითქოს სხვას ეუბნებაო, ისეთი ხმით უთხრა პაპამ, მერე ტარი მოაძრო ჩიბუხის თავს, მიწაში ამოავლო, რათა კარგად გამაგრებულიყო, ბოლი აღარ გამოუშვა ტყუილად და ისევ გაუკეთა, მერე გააბოლა.
- პაპავ, რას ამბობენ, ცხოვრება გაიაფდებაო?
- აგრე ამბობენ.
- გვეშველოს იქნებ ხევსურებს.
- შაიძლების.
- დღეს სკოლაში გვითხრეს, ვინც კარგად იმღერებს, ოლიმპიადაზე ქალაქს წავიყვანთო.
- ჩვენც ბევრი გვითხრეს თავის დროზე.
- მერე, არ წაგიყვანესა, პაპავ?
- ერთხელ ვიყავი ჟინვალში, სამჯერ ბარისახოსაც აველ.
- მეტი არსადა ყოფილხარ, პაპავ?
- არა, ამ მთების მეტი არ მინახავს არაფერი. წინ მახსოვს, ერთი დათვი გვყავდა გადაკიდებული სოფელს.
- ალბათ, დიდი იყო, პაპავ.
- ალბათ. მახსოვს, კამეჩის ტოლა იყო.
- მერე ვინ მოკლა, პაპავ?
- მე მავკალ, შვილო, მაშინ მუხლი მქონდა და თვალი.
- ახლა აღარ მოგდევს, პაპავ?
- ახლა მე მუხლი რაითღა მინდა, შენ აქ არა ხარ, ან სიმონაი, ან მგელიკა.
- ეგრე უნდა წიო, პაპავ, ყალიონი?
- რად არა.
- არ გწყინდების?
- ვინ იცის.
პაპამ ყალიონი პირიდან გამოიღო, მერე მოხსნა თავი, აიღო საჩხიკინებელი და ჩაფერფლილი თამბაქო გამოყარა. შემდეგ ფეხზე ზლაზნვით წამოდგა, წელში მოხრილი მოხუცი კუთხესთან მივიდა, ძველი თექა, ორი ნაბადი აიღო, იქვე დააგო და წამოწვა, თავით ყველის ობმოკიდებული გუდა ამოიდო, რომელშიაც ქუმელა ეყარა. კარგა ხანს იბორგა, მერე გადაბრუნდა კედლისკენ, ასე წოლა არ მოეწონა, ჩქარა გულზე გაიშხვართა და ძილს დანებდა. ესიზმრებოდა პაპა გოგოთურს თავისი მოკლული დათვი, მოსისხლე ჩაჩაური და ქალაქიდან ამოსული პირველი ჯარისკაცი. გოგოთური უბელო ცხენზე იჯდა, ცხენი არ ეპუებოდა, მერე გავარდა ისარივით ხრამისკენ, მან თვალები დახუჭა, როცა გააღო, ხევის მეორე მხარეს იჯდა, მაგრამ ცხენი ახლა ცოცხად გადაქცეულიყო, პაპამ ქუსლები შემოჰკრა და გაჭენდა, ახლა თვითონ მირბოდა, ფეხებს მაღლა სწევდა, მაგრამ ცხენი საბოლოოდ გადაქცეულიყო ცოცხად. ასე მივარდა გულამოვარდნილი დათვთან, რომელიც ჯიქურ გამოემართა მისკენ, მან ჩახმახს გამოჰკრა, თოფი არ გავარდა, კიდევ გამოჰკრა, არ გავარდა. მერე ხანჯალი იშიშვლა. აქ სიზმარი შეწყდა. ახლა ესიზმრებოდა თითქოს დათვის ტყავზე იჯდა, დათვის ხინკალს ჭამდა და ჟიპიტაურით სტუმრებს ლოცავდა. მერე გარეთ გამოვიდა, აქ ჩაჩაური ნახა, თვალებზე ცრემლი მოადგა, ის კი გაჯიქდა, თოფი ესროლა, მაგრამ ააცილა, მერე ხანჯლით მივარდა, მან გული გადაუღეღა და თვალი მოჭუტა. როცა იგრძნო, რომ არაფერი მოსდიოდა, თავადაც თოფს დაავლო ხელი და დაუმიზნა, მაგრამ ჩაჩაური გამქრალიყო, ხოლო მის ადგილას კონწოლიკოქუდიანი, მაზარაში გამოწყობილი, ცხვირაპრეხილი, ქერათმიანი უცნობი იდგა და უცხო ენაზე რაღაცას ეუბნებოდა. პაპამ თოფს ჩახმახი გამოჰკრა, მაგრამ ამაოდ, არც ხმა გაისმა, არც ის მომკვდარა. მოხუცი დაღალა ამდენმა უიმედობამ, თავისმა უმწეობამ სიზმარშიაც კი და გამოეღვიძა.
- ბიჭოვ, ალუდა, აქ მოდი, ცეცხლი მომიტანე, - გასძახა შვილიშვილს, თავად კი ყალიონის დატენას შეუდგა.
ალუდამ გაწყობილ ყალიონზე ნაკვერჩხალი დაუდო, მერე პაპის ფეხთით დაჯდა. გოგოთურმა სამჯერ-ოთხჯერ სწრაფად, პატარა შეწოვებით მოქაჩა ყალიონი, როცა მოუკიდა თუთუნს, ნაკვერჩხალი გადააგდო, ქვის კედელს მიაყუდა ბებერი ძვლები, ღრმად, ღრმად მოქაჩა თამბაქო, ნელა გადააწიტა და ქულად ამოუშვა ფილტვებიდან თეთრი ბოლი. ბოლი ჯერ შეკრული ამოვარდა, მერე გაიშალა და ამჯერად მთვარის მკრთალ სხივს აჰყვა ჭერში საცეცხლურად დატოვებულ ჭუჭტრუტანისაკენ.

1956 წელი. 31 მარტი. 6-7.



შენიშვნები



არსებობს მხოლოდ შავი ავტოგრაფი (1+1-11გვ.). დასათაურებულია პირველი სიის მიხედვით: „57. პაპა გოგოთური.” თავფურცლის ზედა ნახევარზე წვრილი ასოებით, ფანქრით, სხვა ხელით აწერია „პაპა გოგოთური”. ამავე ფანქრით შიგადაშიგ გაკეთებულია რამდენიმე შენიშვნა, როგორცა ჩანს, მბეჭდავისათვის. ვფიქრობ, რომ მწერლის მიერ წერის პროცესშივე გადაშლილია რამდენიმე სიტყვა.
არქივში შემონახული ავტოგრაფებიდან „პაპა გოგოთური” პირველი მოთხრობაა, რომელსაც გაკეთებული აქვს თავფურცელი (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). შემდეგ ავტოგრაფებში თავფურცელზე, ჩვეულებრივ, წერია ხოლმე სათაური, თარიღი და დღიური. ამჯერად წერია მხოლოდ თარიღი და მოკლე დღიური:
„1956 წლის 31 მარტი
ცივა გარეთ. ნუგზარი და ჯიგარო (გურამ რჩეულიშვილის მიერ გურამ რუსიშვილისათვის შერქმეული მეტსახელი). დარბიან ბორიას (ბორია ინასარიძე - გურამის უახლოესი მეგობარი. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო კოლხიდმშენის მმართველი. - მ.რჩ.) საძებნელად, რომელმაც ლენულის დღეობაზე უნდა წაგვიყვანოს.”
ეს დღიური თავისი გრაფიკული სტრუქტურით (თარიღის ქვეშ, ფურცლის მარჯვენა მხარეს), თავდაპირველად ჩემ მიერ ჩათვლილი იყო დღიურ-ეპიგრაფად, ანუ მხატვრული ტექსტის ნაწილად. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის)
თარიღი წერია ორჯერ: თავფურცელზე და მოთხრობის ბოლოს. ამ თარიღს მოსდევს მინაწერი: „ფილოსოფიის ისტ. მეორე საათი და ახალი ისტ. პირველი საათის ნახევარი” და დღიური: „ვზივარ ლექციაზე იმიტომ, რომ გარეთ არაფერი მაქვს საქმე, ვწერ ამავე მიზეზით - რაიმე ხომ უნდა ვაკეთო, რითიმე ხომ უნდა მოვიკლა ეს დაწყევლილი ჟინი, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. შეიძლება მე ცოტა ბედნიერი ვარ, რომ გარდა სხვა რაიმესი წერითაც ვიკლავ ამ ჟინს, შეიძლება უფრო უბედური, ეს ბოლო უფრო სწორეა. მეჩვენება, მთელ ტანზე მახურებს, ვგრძნობ, საცაა, ნერვიული ჩხვლეტა დამეწყება. რისგან? მე ხომ ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლისა ვარ. კარგი ჩოკინა ვყოფილვარ. ამ ქვე. მეტი მეტი ორი ამდ. ვიცხ.” ბოლო სიტყვები წერია წვრილად, რათა დატეულიყო ამავე ფურცელზე. შესაძლებელია, ამავე მიზეზით იყოს განპირობებული მათი შემოკლებაც. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ „პაპა გოგოთური” ბევრი პარამეტრით აღმოჩნდა „პირველი” მოთხრობა. ამ მოთხრობიდან იწყება რაღაც ახალი ტალღა რჩეულიშვილის შემოქმედებაში, როგორც სიღრმისეული, აზრობრივი სტრუქტურის მხრივ (იხ. მარინე რჩეულიშვილის მოგონებები: ჟურნალი „ცისკარი”, 1992 ¹2), ისე გრაფიკული სტრუქტურით, რაც ცხადია, ისევ შინაგანი პროცესების გამოვლენას უნდა წარმოადგენდეს. ამავე მოთხრობაში უკვე აშკარად გამოიკვეთა მწერლის ზოგადი სწრაფვა მწირი პუნქტუაციისაკენ: დიალოგში იშვიათად იხმარება კითხვისა და ძახილის ნიშნები, წერტილი დიალოგში იხმარება რაღაც გარკვეული აზრობრივი მთლიანობის და არა ყოველი რეპლიკის დამთავრების შემდეგ და სხვა (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). აქვე გამოიკვეთა პუნქტუაცია დათარიღებაშიც: „1956 წელი. 31 მარტი”. ეს სასვენი ნიშნები ბევრჯერ მეორდება მოთხრობების დათარიღებისას.
ვაჟა გიგაშვილის გადმოცემით გურამი და ვაჟა ერთად იყვნენ ხევსურეთში მინდია არაბულთან ზამთრის არდადაგებზე (ვაჟა მაშინ სკოლის მოსწავლე ყოფილა). იქ შეხვდნენ პაპა გოგოთურის პროტოტიპს - დათვისელ არაბულს. ჩამოსვლის შემდეგ ვაჟასაც დაუწერია მოთხრობა პაპა გოგოთურზე. მისივე თქმით, მათი კონკრეტული შთაბეჭდილებები ერთმანეთს ემთხვევა. (იხ. ვაჟა გიგაშვილის მოთხრობების კრებულში „დრო და ჟამი” - მოთხრობა „გოგოთურებთან”).
პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში”, 1963 წ. ¹12.

??????