რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

რა შეედრება ახალგაზრდობას 

ექვსკაციანი ჯგუფი ნელა ეშვებოდა თოვლიან ფერდობზე. პირველმა თოვლში ტარამდე ჩაასო წერაყინი, ზედ თოკი შემოახვია. თოკში ჩაბმულმა ორმა კაცმა ფერდობი სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა, ახლა წინ მოქცეულმა დაასო წერაყინი. მათ უკან ჯგუფის მეორე სამეული მოძრაობდა. ჯგუფმა მორენებზე შეისვენა. ციოდა. ბიჭებმა უკანასკნელი შაქრის ნატეხები შეახრამუნეს, მერე თოკები დაახვიეს.
დაშვება გრძელდებოდა. მიდიოდნენ ახლო-ახლოს ერთმანეთთან, პირველმა მზის სხივებმა ფერდობის ბოლოს მოუსწროთ. ახლა გზამ გაივაკა, აქედან ბანაკამდე ექვსი საათის სავალი იყო. მთების შუა მოქცეულ ხეობაში ჰაერი იყო დაგუბებული, ჩამოცხა. სიარული ჭირდა. ერთი კვირის ნაწვალები ჯგუფი ახლა მთლიანად მოეშვა, სიარულს უკლეს.
ვახტანგს ფეხი უტრიალდებოდა. მის წინ მიმავალ ლევანს კარგა ხანს უყურა. ამხანაგი ოფლში გაღვრილი, წელში მოღუნული, უხმოდ მიაბიჯებდა. ზოგჯერ უკნიდან ყველაზე ხალისიანი ვანო იძახდა:
- აბა, ჰე, ფფ-ჰო, მიდით, ბიჭებო, ცოტაღა დაგვრჩა.
ვახტანგმა ლევანის კეფას შეხედა. ოფლი, თმიდან გამოსული, ზურგისკენ იკვლევდა გზას, ზედ დილის მუმლი იყო მიკრული. “ისეა დაღლილი, ვერა გრძნობს ვერაფერს”, გაიფიქრა ვახტანგმა; უკნიდან ვანოს შეძახილი გაისმა. “მაგ სულელს რაღა აყვირებს, არა, მაინც არ ვარგანან, პატარა გაჭირვება და ცხოველებს ემსგავსებიან.” ვახტანგი ნაწყენი იყო. დღენახევრის წინ ყინულის კედელზე ვახტანგს ფერი წაუვიდა და ტირილი დაიწყო, მთლად გათოშილი, გაყინული რის ვაივაგლახით ამოიყვანეს, არც ვანო იყო უკეთესად. “ფიზიკურად რო არ შეეძლოთ, სხვაა, - ფიქრობდა ვახტანგი, - მაგრამ ორივენი მძლეოსნები არიან, ახლაც ლევანი მკვდარივითაა, ალბათ, შეშინებულია, დარწმუნებული ვარ, ისეა გამოშტერებული, თავისი სახელი აღარ ახსოვს.” ვახტანგმა თავი გააქნია, თითქოს ფიქრები გარეკა, მერე თავისი საყვარელი ლექსების თხზვას შეუდგა. დაიწყო ჯერ იდეიდან: “ვიყავით მთაში, ჰო, მერე, ხო, ასე”, ბუტბუტებდა თავისთვის. “მაგონდებოდა”, გაეცინა, “აბა სხვა ვინ, ხო, განსაკუთრებით გაჭირვებისას”, ყოველ აზრს გონებაშივე რითმავდა. “ასე, ოთხი ტაეპი მზადაა.” შეთხზული ლექსი გაიმეორა, მოეწონა. ბანაკამდე სამი საათის გზა დარჩა: ვახტანგმა ისევ მიაქცია ლევანის ზურგს ყურადღება. “ნეტა რაზე ფიქრობს, ან თუ შეუძლია საერთოდ ფიქრი, ისეა დაღლილი”.
ჯგუფი მდინარის ნაპირას ჩამოჯდა. ვახტანგმა ჯამით ჩამოურიგა წყალი, თან თავი მოსწონდა, რომ ყველაზე ნაკლებად დაიღალა. ბიჭები ზურგჩანთებმოუხსნელად ეყარნენ. “საწყლები, ორი თვეც ასე და ალბათ უმეტესობა გაველურდება, ან მანამ მოკვდება. რა ამათი საქმეა მთამსვლელობა, თუმცა, ვინ იცის, ასეთ მაღალ მწვერვალზე პირველად იყვნენ.” ვახტანგი ქვაზე ჩამოჯდა, მერე ხმამაღლა თქვა:
- დავისვენოთ ნახევარი საათი.
ბიჭებმა ხმა ამოიღეს:
- დავისვენოთ.
- არა, წავიდეთ, სჯობია, ჩქარა ჩავალთ.
- რა გეჩქარებათ, საღამომდე დრო გვაქვს.
- დავისვენოთ, კაცო. სულ ნახევარი საათი.
ბიჭებმა ზურგჩანთები მოიხსნეს. ლევანი წამოდგა, ცივი წყალი პირზე შეისხა, მერე ვახტანგთან მივიდა და გვერდზე დაუჯდა, გულში ფიქრობდა, “რა კარგი ბიჭია ვახტანგი, ნამდვილი ვაჟკაცი, დაუზარებელი, რა მარჯვე იყო ყინულზე, ეგ გამიგებს ალბათ კარგად, პოეტიცაა.” ერთხანს უხმოდ ისხდნენ, მერე ვახტანგმა ტკბილი ამოიღო და ლევანს გაუწოდა:
- აიღე, ბიჭო, შავი დღისთვისაა შემონახული. - ლევანმა უხმოდ გამოართვა.
- ვახტანგ, ალბათ, ლექსებს წერდი გუნებაში, არა?
ვახტანგს გაეცინა.
- რა იცი?
- ისე, ალბათ-მეთქი.
- ჰო, დავწერე.
- ვერ წამიკითხავ, ვახტანგ? - ლევანი შეეხვეწა.
- ახლა არა, მერე, ბანაკში.
- ვახტანგ, თოვლიანი ფერდობის მერე მომწყურდა, უცებ მომივიდა აზრი, არ დამელია წყალი ბანაკამდე, ამ აზრს მოჰყვა თავისთავად ნოველის მაგვარი, მთამსვლელებზე.
ვახტანგი მთელი გულისყურით უსმენდა.
- დაახლოებით ასეთი: მოდის ჯგუფი, ან ერთი კაცი, სულერთია, და ერთს წყურდება წყალი, მაგრამ ნებისყოფას იმუშავებს და არა სვამს, რასაკვირელია, გზადაგზა იქნება გზის აღწერა და განცდები გმირის. გადავიდა ერთ წყაროს, მეორეს, მესამეს, აგონდება თბილისი, ლაღიძე. ბოლოს წყურვილი თავისთავად გაუვლის. ახლა მოუნდება ჭამა, ჯგუფი, ან თვითონ მარტო ჩამოჯდება, შეექცევიან ხიზილალას კარაქთან ერთად, ან პურთან, ყველანი ძალიან არიან დაღლილები, მთამსვლელები იღებენ რეზინის მილს და სიამოვნებით სვამენ ქვებში უჩინრად მორაკრაკე მთის წყალს. ჩვენს გმირს აღარ ახსოვს, რომ ნებისყოფას იმუშავებდა, ჯგუფი მიდის ნელი სვლით. ასე, მორჩა. საკმაოდ სულელურია, მაგრამ კარგად რო დაიწეროს, ჰემინგუეის სტილში გამოვა რაიმე.
- ხო, ჰემინგუეი კარგია, - დაფიქრებით თქვა ვახტანგმა, მერე ლევანს კიდევ გაუწოდა ტკბილი, შემდეგ საათს დახედა.
- ავდგეთ, გავიდა ნახევარი საათი, - გამოაცხადა ხმამაღლა.
მთამსვლელებმა გაციებულ, ოფლიან ზურგზე ზარმაცად მოიკიდეს დაჩუტული ზურგჩანთები. პირველივე ნაბიჯებზე ყველამ იგრძნო გადაქლეშილი ფეხების წვა, მერე გახურდნენ. ჯგუფი მიდიოდა ჩვეულებრივი ნაბიჯით.

1956 წელი. 16 აგვისტო.



შენიშვნები



არსებობს დათარიღებული და დასათაურებული მხოლოდ შავი ავტოგრაფი (1+1-7+1/2გვ.). აქვს თავფურცელი სათაურით (ჩასმულია ბრჭყალებში) და თარიღით. ტექსტი ნაწერია საშუალო ასოებით, გაკრული ხელით, ღია ლურჯი მელნით, 1956 წლის გაზაფხულ-ზაფხულისათვის (შემოდგომამდე) დამახასიათებელ ფურცლებზე. თარიღის შემდეგ მინაწერი დღიური: „არ მახსოვს. ორი დღე ვსვამდი. დილის 11-12. ეს აზრი მომივიდა სამხედრო ბანაკში, ოღონდ ცოტა სხვა სტილში. არ მომწონს, როგორც მინდა, ისე არაა. რაღაც მიჭირს წერა, სულ მეჩქარება, მაგვიანდება. ვგრძნობ, ასე არაფერი გამოვა.” მოსდევს თარიღი: „1956 წელი ან 15 ან 16 აგვისტო.”
პირველად გამოქვეყნდა წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს,” 1985 წელს.

??????