რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

რუსის გოგონა ზღვაზე 

სამგზავრო პატარა კარჭაპი უახლოვდებოდა პატარა ნავსაყუდელს. ანიუტა გემბანის ცხვირზე იდგა და თაფლისფერ კულულებს სიამოვნებით უშვერდა ჩამავალ მზეს. დღეს სოხუმში ლამაზი, შავულვაშა ქართველი ბიჭი, რომელიც მას დიდიხანია მოსწონდა, სიყვარულში გამოუტყდა; მართლა, გუშინაც, აგერ, არწივისებურცხვირიანმა და ცისფერთვალება თბილისელმაც გადაუშალა გული. ანიუტამ თაფლისფერი კულულები კისრის ლამაზი მოძრაობით მხრებზე გადაიფინა.
კარჭაპი ნელა მიადგა ნაპირს. თაფლისფერთმიანი გოგონა არა ჩქარობდა. მას აშკარად მოსწონდა ეს მხარე, ამ მხარის ჭაბუკები, მაღალი, დიდი შუბლითა და ლამაზად დაყენებული ულვაშებით. მოსწონდა მათი საუბარიც, მათი ტყუილიც სიამოვნებდა. ანიუტა ბოლო გადმოვიდა. ვიღაცა გრუზა ქართველმა ხელი გაუწოდა დასახმარებლად. გოგონამ სიამოვნებით გაუღიმა, მერე ჯიშიანი თეძოების რხევით გაემართა გასასვლელისაკენ. ქუჩაში მიმავალი ქართველები თვალს აყოლებდნენ.
- გამარჯობა, ანიუტა, - გრძელი, გამყინავი ხმით დაუძახა ულაზათო, ცხვირაპრეხილმა რუსის გოგონამ, - სად იყავი, სოხუმში? კარგია? ნეტა ლაქის ფეხსაცმლები თუ არის? არა? აფსუს.
რესტორანიდან გამოვიდა ქერათმიანი დაბალი აფხაზი ქართველ ბიჭებთან ერთად. ანიუტა აიწურა, მისმა ნაცნობმა მედიდური სახე მიიღო ხელმიუკარებელი ასულისა.
- იცოცხლეთ ასორმოცდაათ წელს, ლამაზო, - მიმართა ერთ-ერთმა ანიუტას და ხელით კოცნა გაუგზავნა, მერე მეგობარს ხელი გადახვია და ნელი სიმღერა წამოიწყო.
- საშინელი უზრდელები არიან. - ცხვირაწევით თქვა გოგონამ, რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს.
- აბა, აბა, - დაემოწმა ანიუტა და იმწუთასვე მკაცრი სახე მიიღო, - სოხუმშიაც არ მასვენებდნენ, ველური ხალხია პირდაპირ, გაუზრდელი.
- მართლაცდა, - გაიმეორა უშნო გოგონამ.
- ანიუტა, თბილისში ხომ არ აპირებ წასვლას, ამბობენ, საშინლად ლამაზიაო.
- არაჩვეულებრივი, აი, იქა ღირს წასვლა. რომ იცოდე, რა სილამაზეა, ან რა ლამაზი ხალხია, რა ბალეტი აქვთ.
- ანიუტა, თუ იცი, ლაქის ფეხსაცმელი ადვილი საშოვნელია?
- ძალიან.
- ამბობენ, რუსებს ხოცავენო, მართალია?
- კი, კი, მე თვითონ ვიცი შემთხვევები, საშინელი ველური ხალხია, უცერემონიო.
აგარაკის ბაღში ბიჭები ნელი სიმღერიდან გურულ “დელი-დელაზე” გადავიდნენ, ვიღაცა კრიმანჭულს ეუბნებოდა.
- ტურებივით არა კივიან, - თქვა ისევ მეორე გოგონამ.
- მართლაცდა, არავითარი სმენა და შეგრძნება არა აქვთ.
- ანიუტამ სარკე ამოიღო და თმა შეისწორა.
- ანიუტა, საერთოდ, შეიძლება, იქ, თბილისში, რაიმე წესიერის ნახვა?
- რას ამბობ, ოპერაში მშვენიერი ძალები ჰყავთ, მე, მაგალითად, მართალია, ქართულ ენაზე, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურე რუსთაველის თეატრში “ოტელოს”.
- რუსთაველი ვინ არის?
- მგონი, ვიღაცა მწერალი იყო, არ ვიცი. მისი სახელობის ქუჩაცა აქვთ, გამზირია. ოხ, რომ იცოდე, აი, იქა ღირს გავლა, რა ბიჭები არიან, რა გოგონები, პირველი კლასი; მართლა, მე ერთგან ვიყავი ოჯახში, დაბადების დღეზე, აი, დროს ტარება, წადი აუცილებლივ. თურმე ოთხ ხმაში მღერიან და მერე როგორ.
- რას მეუბნები, აუცილებლად ჩავალ. მე უკვე თბილისის ბილეთი ავიღე. შეიძლება, იქაც მოვეწყო. მართალია, ცოტა მეშინია, რაც გინდა იყოს, უხეში ხალხია.
- არიან, არიან, ზოგჯერ პირდაპირ აუტანელი, აბა.
რუსის გოგონები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ანიუტამ ისევ შეათამაშა თმა, მერე გზიდან გადაუხვია და სასროლში შევიდა. კარგად ისროდა. ორმოცდაათიდან ორმოცდარვა, ორმოცდაცხრა ქულა დააგროვა სამჯერ. მეორე სამიზნეში ქართველი ბიჭი ესროდა, მაგრამ ორმოცდახუთზე მეტი ვერც ერთხელ ვერ გააკეთა. ანიუტამ ღიმილით გადახედა:
- მოდი, შევეჯიბროთ. - თავაზიანად უთხრა.
- სიამოვნებით, მაგრამ წინასწარ ვაღიარებ თავს დამარცხებულად.
დაიწყეს შეჯიბრი, ანიუტამ მაინც გაუსწრო ერთი ქულით. ბიჭმა ორივეს მაგივრად გადაიხადა ფული. გოგონამ დიდი მადლობა გადაუხადა, მოტრიალდა, მაგრამ გაჩერდა ცოტა ხნით. მას ბიჭი აშკარად მოსწონდა. ბიჭი მობრუნდა.
- თქვენ რა ადგილას ცხოვრობთ?
- მე? მესამე სანატორიუმში.
- ო, ესე იგი, ჩვენ ერთი გზა გვაქვს, მეც იქ ჩამოვედი დღეს.
ორივენი ნელა გამოუყვნენ გზას.
გრძელ ფარდულში წყალზე დაპატიჟა ვაჟმა ანიუტა, მერე შეუდგნენ პატარა აღმართს. ბიჭი თბილისზე ესაუბრებოდა. ანიუტა დაიღალა და ხელკავი გამოსდო ვაჟს. ორივენი ჩუმად მიდიოდნენ. მერე ანიუტა უყვებოდა, თუ როგორ ისწავლა ცურვა. მიდიოდნენ ისევ ჩუმად. გოგო თმას სიამოვნებით უშვერდა სიოს, გულში კი ფიქრობდა: “რა კარგი ბიჭია, ნეტა რა ჰქვია”?

წელი 1956. თვე აგვისტო. 17.


შენიშვნები



არსებობს დათარიღებული და დასათაურებული შავი ავტოგრაფი (1+1-7+1/2.გვ.)
თავფურცელი გაფორმებულია სხვა ამ პერიოდის თავფურცლების მსგავსად. სათაური ჩასმულია ბრჭყალებში. მოსდევს თარიღი: „1956 წელი. 17 აგვისტო”. ტექსტის ბოლოს, თარიღის შემდეგ წერია დღიური: „ხელს მიშლიან ჯურხა და ნოდარი. მივდივარ - 1-1.45. დედა ავატირე, აღარ მაცალეს.” მოთხრობა დაწერილია ახალ ათონში. (ნოდარ ზედელაშვილი - ისტორიკოსი, ჟურნალისტი, გურამის ბავშვობის მეგობარი. იმ ზაფხულს ჩვენს ოჯახთან ერთად ისვენებდა, ჯურხა ნადირაძე - ისტორიკოსი, ასევე გურამის მეგობარი, ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში.)
პირველად გამოქვეყნდა წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”

??????