რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

საბავშვო 

- დათუნა! დათუნა! - მოესმა ბავშვს შორიდან დედის ხმა.
დათუნამ ერთხანს ყური მიუგდო, მერე ჯოხის ცხენს შემოჰკრა მათრახი და პატარა ბარდებზე ხტუნაობით წყაროსკენ გაიქცა.
- დათოო! - კვლავ ისევ მოეწია წყაროსთან დედის ხმა.
დათუნა შემობრუნდა, დაიფრუტუნა, დაიჭიხვინა და ბუზღუნით სახლისკენ გამოჭენდა, “უჰ, ახლა გოგლიმოგლი გამიჭირვებს საქმეს, ან რძე, უჰ!” გააჟრჟოლა ტანში ბავშვს. უცებ წინ ხვლიკმა გადაურბინა. მან სწრაფად მოიმარჯვა თავისი ჯოხის ცხენი და ქვეწარმავალს დაარტყა. ხვლიკმა კუდი ადგილზე დატოვა, თვითონ კი სასწრაფოდ მიიმალა. დათუნამ დაიწყო ჯაგების ქექვა, შემდეგ რაღაცა სორო იპოვა და ჯოხით ამოჩიჩქნა.
- დათო! ბიჭო, არ გესმის, დედა რომ გეძახის? წამო ახლავე სახლში. - წყნარად უთხრა თავზე წამომდგარმა მამამ. დათუნა დაემორჩილა და ფეხმოთრევით გაჰყვა.
- ბიჭო, შენ ახლა უკვე ბავშვი კი აღარა ხარ, ხვალზევით თოთხმეტი წლისა ხდები.
დათუნამ ეშმაკური თვალებით გახედა წყალზე საწუწაოდ მიმავალ ტიტლიკანა სწორებს და უნებლიეთ ხელი გამოსტაცა მამას, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
მამამ წყნარად გადმოხედა, მერე მხარზე დაადო ხელი და საუბარი განაგრძო:
- ბიჭო, მე რაზე გელაპარაკები, შენ კი სულ ცელქობაზე გიჭირავს თვალი. ცელქობა კარგია, რა თქმა უნდა, ძალიანაც კარგი, მაგრამ უნდა იცოდე დრო. მე სამი დღის მერე მივდივარ თბილისში და ოჯახი შენ უნდა დაგიტოვო. შენ იცი, როგორ დაუჯერებ დედას და მოუვლი შენს პატარა ძმებს. ახლა დედას გაუგონე ყველაფერი და დაბადების დღეზე ისეთ საჩუქარს მოგიტან, როგორიც არც ერთ შენს ტოლს არ ექნება. მე მგონი, მისი ღირსი შენ უკვე ხარ.
დათუნამ ყურადღება დაძაბა.
- რას, მამა? - ვეღარ მოითმინა პატარამ. მამამ გაუღიმა.
- მოითმინე ცოტა. ეგეც ვაჟკაცობაში შედის. კარგი ვაჟკაცი ყოველთვის მომთმენია.
- რათა? განა ვინმემ რო გამარტყას, არ ვუპასუხო?
მამა ცოტა არ იყოს დაიბნა.
“რა ვუთხრა”, გაიფიქრა თავისთვის. “არ გაარტყას, უშნო შვილი რად მინდა, გაარტყას, ჩხუბიც არ ვარგა”.
- ვანო, კაცო, შენ რაღა მოგივიდა, ჩქარა ამოდით. - გადმოსძახა აივნიდან დედამ.
მამა-შვილს უცებ დაავიწყდა ლაპარაკის თემა და აივანზე ასულები სუფრას შემოუსხდნენ.

ორი დღის შემდგომ, დაბადების დღეზე მამამ დათუნას გეკოს მარკის თოფი მოუტანა.
დათუნამ თოფს კარგა ხანი უყურა, მერე დინჯად გამოართვა, თავის საწოლთან დიდი ლურსმანი დააჭედა და ზედ ჩამოჰკიდა. ახლა უკან დაიხია, შორიდან დაუწყო ყურება. მამა, სავარძელში მჯდარი, გაზეთის ზევიდან სიამოვნებით უყურებდა ბიჭის განცდებს. დათო შემობრუნდა, მამას ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა.
- მოდი, ბიჭო, დაჯექი, არა, ჯერ თოფი მომიტანე, აგიხსნი, როგორ უნდა მოვლა, ხმარება.
დათუნამ თოფი ჩამოიღო კედლიდან, სკამი მოიტანა. მამამ მუხლზე დაირტყა ხელი.
- აქ დაჯექი, გენაცვალე.
- არა, მამა, სკამზე ჯობია! - ოდნავ დამორცხვებით უთხრა დათუნამ, რომელსაც, ჩვეულებრივ, ძალიან უყვარდა მამის მუხლებზე ჯდომა. “ოჰო, ასეთ დიდ შედეგსაც არ მოველოდი, რა უცებ დასერიოზულდა”, გაიფიქრა მამამ, მერე თოფი გამოართვა.
- აი, ეს არის კონდახი, ეს ლულა, ისინი დაკავშირებული არიან ამ ორი ხრახნით. ლულას შიგნიდან აქვს ჭრილები, რათა ტყვია შორს და მიზანში წავიდეს.
დათუნა სკამიდან ჩამოვიდა, სავარძლის სახელურზე დაჯდა და სულმოუთქმელად ადევნებდა მამის თითებს თვალყურს. “რას იტყვიან რეზო და ნოდარი, როგორ გაუკვირდებათ. მათაც ვასწავლი სროლას, მერე სანადიროდ წავალთ. ჰო, ჩვენს ქოფაკსაც წავიყვანთ, ტყეში ცეცხლს დავანთებთ”. დათომ მამას შეხედა, რომელიც დინჯად განაგრძობდა ახსნას. ცოტა ხანი ყური მიუგდო, შემდეგ ოცნებამ გაიტაცა. დათუნა თავს ებრძოდა, მაგრამ მთელი გულისყურით მაინც ვერ უსმენდა მისთვის ასე ძვირფას საუბარს. ახლა მამა ყველაზე საინტერესო ადგილას მივიდა:
- აი, ეს გამონაშვერი არის სამიზნე. ჯერ უნდა გახედო ქვევითა სამიზნეში, შემდეგ, როცა იქიდან დაინახავ ზედას, ეცადე, რომ ქვედას თავზე გამავალი სწორი ხაზი, რომელსაც შენს გონებაში გაავლებ, მიებჯინოს ზედას წვერს. შემდეგ გამოსწევ ჩახმახს, ოღონდ ისე, რომ თოფი არ გაინძრეს.
დათუნა ახლა დაძაბული უსმენდა. თან ერთი სული ჰქონდა, თოფი თვითონ აეღო ხელში.
- ახლა გაიქეცი, ბიჭო, და ჩემი ჩანთა მომიტანე.
მოტანილი ჩანთიდან მამამ პატარა კოლოფი ამოიღო, შემდეგ თავი მოხადა.
- აი, ამ კოლოფში, როგორც ხედავ, არის გეკოს ტყვიები, სულ ორმოცდაათი. პირველი, რაც საჭიროა თოფის ხმარებისას, იცოდე, ესაა სიფრთხილე! სიფრთხილე! და სიფრთხილე! ჯერჯერობით თოფს მხოლოდ ერთად ვიხმართ.
- შენ რომ ხვალ მიდიხარ, მამა?
ვანოს გაეღიმა.
- კარგი, დაგიტოვებ, დღეს კი გასწავლი ხმარებას.
მამა წამოდგა. ორივენი აივანზე გამოვიდნენ.
- აი, ეს არის ჩამკეტი, გადმოსწევ ასე, შემდეგ ტყვიას მისცემ ლულაში და ჩაკეტავ. მაშ ასე, აგერ იმ ვაშლს ხომ ხედავ. კარგი. ვიდებ მხარზე კონდახს. ვუმიზნებ.
მამამ ჩახმახს გამოჰკრა. ვაშლი გაქრა.
- მოხვდა. - თქვა მამამ.
- ხო, მოხვდა. - დაამოწმა დათომ.
- მამა!- თხოვნით შეხედა ბავშვმა.
- ახლავე, ბიჭო, ახლავე. - მამამ ტყვია ჩადო. - გამომართვი თოფი და მოიმარჯვე, როგორც გასწავლე.
დათუნამ წყნარად ჩადო ტყვია და დაუმიზნა მეორე ვაშლს. მერე მაგრად მოჭუტა ცალი თვალი.
- პც! -დაიძახა ტყვიამ.
ვაშლი ადგილზე დარჩა.
- ეგ არაფერი, ბიჭო, ჩქარა შეეჩვევი. ოღონდ თვალს ასე გამწარებით ნუ ხუჭავ. თოფი თავისუფლად გეჭიროს და სროლის დროს სუნთქვა ოდნავ შეაჩერე. აბა შენ იცი, ფრთხილად, მე კი წავალ ახლა, სამუშაო მაქვს.
მამა ოთახში შევიდა. დათუნამ კი გაიფიქრა, “რა სირცხვილია. როგორ ავაცილე. ახლა კი აღარ ავაცდენ.” იგი ძალიან გაერთო სროლით, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა.
პატარამ გზას გახედა. შორს დედა დაინახა, რომელიც სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა ბაზრიდან. მან თოფი სასწრაფოდ ჩამოკიდა ადგილზე და სირბილით წავიდა დედის მისახმარებლად.
- ოჰო, შენ სახლში ხარ? - გაუკვირდა დედას.
- ჰო! დიახ!
დედამ თავზე გადაუსვა ხელი; დათუნამ კალათი ჩამოართვა და მხარზე გაიდო.
- რა იყო, დათუნა, რამ ჩაგაფიქრა. გენაცვალე, დღეს რა, არ იწუწავეთ?
- არა, დედა, არ მეცალა.
- რათა, მამას ეხმარებოდი?
- არა, თოფის სროლას მასწავლიდა.
- რა თოფის?
- დღეს ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად მიყიდა.
“რამ აყიდინა ვანოს თოფი, ახლა ამისთანა ცელქი ბავშვისთვის როგორ შეიძლებოდა იარაღი”, გაიფიქრა დედამ, მერე ალერსით უთხრა:
- დათო, გენაცვალე, გარეთ არ გაიტანო ბავშვებში.
- არა, დედა.
დათუნამ სანოვაგე მაგიდაზე დადო, მერე “საიდუმლო კუნძული” აიღო და ბაღში ჩავიდა საკითხავად.
“რა ვაჟკაცი იყო ჰერბერტი? როგორ ეხმარებოდა თავისებს, თანაც, მგონი, ჩემი ტოლა იყო. ნეტა მე რას ვიზამდი იმის ადგილას. ალბათ, ისევე მოვიქცეოდი. მართლა რა საინტერესოა, არა, უნდა ვეცადო, ისეთივე ვაჟკაცი გავხდე, ბოლოს და ბოლოს, ბავშვი ხომ აღარა ვარ. აი, მამამ თოფიც კი მიყიდა. მაშ ღირსი ვარ. ნეტა სანადიროდ თუ გამიშვებენ?” ფიქრები მშობლის ხმამ შეაწყვეტინა.
- დათო, შვილო, საუზმეა.
- ახლავე, დედა, მოვდივარ.
დათომ წიგნი ჩანიშნა, მერე სწრაფი ნაბიჯით ავიდა აივანზე.
დედამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს, მერე მამამ ორაზროვნად გაუღიმა დედას.
- ქეთო, მე ხვალ მივდივარ. ალბათ, შენი და დღეს საღამოს ამოიყვანს პატარებს, ეყოთ ამდენ ხანს სტუმრად ყოფნა.
- როდის ჩამოხვალ, ვანო?
- ასე ერთ კვირაში. მანამდე კი დათუნას ვტოვებ ოჯახში შენ დამხმარედ, ახლა ეგ უკვე ვაჟკაცია, მაგას აღარ დასჭირდება დარიგება.
“მართლაც, რაღა დროს ჩემი დაუჯერებლობაა, პატარა ხომ აღარა ვარ, თოფიც კი მაქვს”, გაიფიქრა დათუნამ და ოდნავ წამოწითლდა.
- მქონდეს შენი იმედი, ბიჭო? - თქვა ვანომ.
- დიახ, მამა.
- სადილის მერე რას აკეთებ?
დათუნამ წყლისკენ გაიხედა. ამ დროს იქ პატარები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, წუწაობდნენ.
- არაფერს, მამა, წიგნი უნდა ვიკითხო.
- არა, შვილო, სადილის მერე ცოტა დაისვენე, მერე კი წადი ბიჭებთან, ითამაშე.
დათუნამ შვებით ამოისუნთქა. შემდეგ გადაწყვიტა ეთამაშა, მაგრამ დროზე დაბრუნებულიყო.
მეორე დღეს დედამ, დათუნამ და მისმა ორმა ძმამ მამა სადგურზე გააცილეს. უკან გზაზე თოთხმეტი წლის დათუნამ ხელი ჩაჰკიდა პატარებს და ცოცხლად მიჰყვა დედას. გული აღარ უთმენდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლში მივიდოდა; ძალიან უნდოდა თოფის ხელში აღება, რომელიც ამ მოკლე ხანში ასე შეუყვარდა. თან გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, კარგი სროლა ესწავლა.
- დათუნა, შვილო, რაზე ფიქრობ? - გამოელაპარაკა დედა.
- არაფერზე, დედა.
- მე მგონი, შენ ისევ იმ თოფზე ოცნებობ, არა?
- ხო, დედა.
- დათო, შენ სახლში აიყვანე პატარები, მე აქ შევალ, საქმე მაქვს. შეგიძლია, ასაუზმო?
- კი, დედა.
- შემდეგ დააძინე.
- კარგი.
- მე წავედი.
დედამ გზიდან გადაუხვია. იგი აშკარად ამჩნევდა დათოს დასერიოზულებას და ზევით უფროსი ვაჟის ანაბრად მიმავალ ბავშვებს სიყვარულით უყურებდა.
როცა დათუნამ პატარები დააძინა, ჩამოიღო თოფი, მერე გაუტენავად, რამდენიმეჯერ დაუმიზნა ვაშლს. “ასე, ახლა კი აღარ ავაცდენ. ხო, ჯერ ჩავდებ ტყვიას, ახლა ჩავკეტე, ჩახმახი ფეხზე დგას, ვიდებ გულზე. სულ ყველაფერი რიგზეა, ერთ ხაზზეა სამივე წერტილი.”
- პც, - გავარდა თოფი.
“აღარ არის ვაშლი,” სიხარულით დაასკვნა გულში დათუნამ, მერე მეორეს ესროლა.
- ასცდა.
კიდევ ესროლა.
- მოხვდა.
“ასე, სამში ორს ვარტყამ უკვე, მაგრამ ვაშლი ხომ ცოცხალი არ არის, არ ინძრევა. მთავარია, ცოცხალ რაიმეს მოვარტყა. აი, თუნდაც ჩიტს”.
დათუნამ თოფი მოიმარჯვა. მეზობლად მდგარ ბლის ტოტზე გატიკნული ღობემძვრალა ქანაობდა.
- პც, - დაიძახა თოფმა.
ჩიტი გაქრა. დათუნა ხისაკენ გაიქცა.
“მოვარტყი, მოვარტყი”, უხაროდა პატარას. მერე მამის სავაზნე და საგუდავები ჩამოიტანა, რომელზედაც მოკლული ჩიტი დაიკიდა.
ჩიტების პატარა გუნდმა თავზე გადაუქროლა და იქვე, მახლობლად დაჯდა. დათომ ესროლა, - კიდევ მოხვდა.
მთელი საათი ნადირობდა პატარა დათო და შვიდიოდე ჩიტი ჩამოაგდო.
ახლა იგი მსროლელი, ნამდვილი მსროლელი იყო; უნდოდა, რომ მამა მალე ჩამოსულიყო, - როგორ გაახარებდა. დარწმუნებული იყო, რომ ის ტყეში წაიყვანდა სანადიროდ, იქ კი დიდ ნადირს მოკლავდა. ალბათ, ბიჭებს გაუკვირდებოდათ, რომ მათი ამხანაგი მონადირე გახდა. მათ ხომ თოფი არც კი სჭერიათ ხელში, მან კი უკვე შვიდი ჩიტი მოკლა.
ბეღურა ვაშლის კენწეროზე შემოჯდა და ტოტმა ლამაზად დაიწყო რხევა. დათუნამ გადაწყვიტა, ეს ჩიტიც მოეკლა და მერე დაესვენა. დათუნამ თოფი მოიმარჯვა. პატარა ჩიტი ყელმოღერებული იჯდა კენწეროზე. მზე ღრუბელს მოეფარა და მორუხო ცის ფონზე ფრინველის გვერდზე მშვენივრად ჩანდა. პატარა მონადირეს ძალიან მოუნდა, რომ ამ ფრინველისთვის შიგ თავში მოერტყა. მან დინჯად დაუმიზნა თოფი.
- პც, - გაისისინა ტყვიამ.
დათუნამ ჩიტს შეხედა. ფრინველი უღონოდ დაეშვა ქვედა ტოტზე, აქ ცოტა ხანს გაჩერდა, მერე უფრო ქვევით ჩამოეშვა. საწყალი ჩიტი დაჭრილი ჩანდა. დათუნას გააჟრჟოლა, თოფი კუთხეში მიაყუდა და სავაზნე, საგუდავებიანად, რომელზედაც შვიდი ფრინველი ეკიდა, მოიხსნა. დახოცილი ჩიტების დანახვა რაღაც აღარ ესიამოვნა. ახლა იგი ხის ძირისაკენ გაიქცა. აქ, ხახვის კვლებში იჯდა პატარა ჩიტი. “ცოცხალია,” შვებით ამოისუნთქა პატარამ, მაგრამ რაღაც არ იძვრის, ალბათ, დავჭერი. რაც გინდა იყოს, მოვარჩენ,” მისცა თავს პირობა, მერე დაიხარა და ფრინველი ხელში აიყვანა. “ოი”, უნებლიეთ აღმოხდა ბავშვს “საწყალი, საწყალი”. ჩიტმა თავი ახლა მთლიანად მოაბრუნა. ნისკარტის ადგილას მხოლოდ წითლად გამოყოფილი ენაღა ჰქონდა. პატარა მკერდი ჩქარ-ჩქარა უცემდა. დათუნას გული შეემკუშა, “ეს რა ვქენი,” გაიფიქრა მან. მერე ნელა წამოვიდა აივნისკენ, აქ ჩიტი ნაზად დასვა მაგიდაზე და წყალი მოუტანა. ჩიტი შეშინებული იყურებოდა, მკერდი სულ უფრო ხშირად უცემდა. “ოხ, მხეცი ვარ, მხეცი! როგორ მომივიდა ეს, ნეტა მომეკლა მაინც, თუმცა რად მინდოდა. წავალ, ვაშლს დავუჭრი, იქნება შევაჭამო როგორმე”. დათუნამ კიბე ჩაირბინა, აქვე, ღობეზე ჩამოკიდებულ მგუდავებს მოჰკრა თვალი, რომლებზედაც საცოდავად ჩამოხრჩობილი ქანაობდნენ ფრინველები. დათუნას გული შეეკუმშა. “რა ბოროტი ვყოფილვარ, რა უსინდისო, რისთვის დავხოცე, თუმცა ჰერბერტიც ხომ ხოცავდა, და სხვა მონადირეებიც, ვინც ვაჟკაცებად ითვლებიან.” ამის მოგონებაზე ცოტა შვება იგრძნო. ვაშლის ხის ძირში ტყვიისგან დაფხრეწილი ხილი ეყარა. “ესეც აღარ იჭმება, სულ დამიგლეჯია”, დათომ ისევ უხერხულად იგრძნო თავი, მერე ერთი ვაშლი აიღო, აივანზე წვრილად გახეხა და ჩიტს მიუტანა, ფრინველი კი იჯდა და სულ უფრო საცოდავად სუნთქავდა. “რა სულელი ვარ, უნისკარტოდ ეს ვერც შეჭამს, ვერც დალევს, მაშ რა მოუვა ნეტავი? საწყალი, ალბათ, შიმშილით მოკვდება, რომ მოვკლა, აჯობებს, ნამდვილად აჯობებს. ხო, მოვკლავ, წამებას გადარჩება.” დათომ ჩიტი ხელში აიყვანა, “როგორ მოვკლა, საწყალი”, პატარას ცრემლები მოადგა, მერე ლოყაზე ბუძგებმა დააყარა, მისი ხელით მოკვლა არ შეეძლო; ქვევით ჩაიყვანა ჩიტი, იქ, ღობეზე დასვა, თავი დაანება, შემდეგ ისევ აივანზე დაბრუნდა და წიგნი აიღო, მაგრამ კითხვა ვერ შეძლო. იგი თვალს ვერ აშორებდა ღობეზე მჯდარ ფრინველს. “მაინც რატომ ხოცავენ საწყლებს. მამაჩემიც ხომ ხოცავს, ნეტა არა რცხვენია? რათა ხოცავს? საწყალი ჩიტები, როგორ მეცოდებიან, ნეტავ რად ხოცავენ, ან რატომ ითვლებიან ვაჟკაცებად. მამა თვითონ ამბობდა, შენზე სუსტსა და პატარას არა სცემოო. ბავშვმა ძლივს გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვაზე. ქვევით მოთხრობილი იყო, ჰერბერტი როგორ გამოვიდა სანადიროდ. ახლა ამ ბიჭმაც ოდნავ დაკარგა მის შეგრძნებაში პატივისცემა.
დათუნამ ისევ ჩიტს გახედა, მას თავი მიებრუნებინა და უმწეოდ იყურებოდა. “ნეტავ, რას უყურებს”, ძლივს მოასწრო გაფიქრება, რომ მეზობლის კატამ ერთი სკუპით მოხსნა ჩიტი ღობიდან და ტყრუშულს გადაევლო. დათუნა სწრაფად წამოხტა და თოფით ხელში გამოუდგა კატას, მაგრამ კატა გაუჩინარდა. “ოხ, რა ვერაგები არიან კატები, სიამოვნებით დავხოცავდი, ტყუილა არა მძულდა, საწყალი ჩიტი, რას ერჩოდნენ.” ღობესთან ისევ დაინახა ჩამომხრჩვალი ფრინველები. ნიჩაბი აიღო და მათთვის საფლავის თხრას შეუდგა. მიწის მიყრის შემდეგ ლამაზად შემოულაგა ქვები და გადაწყვიტა, ხვალვე ზედ ყვავილები დაერგო, მერე დაენანა, რომ ერთი კატამ გაიტაცა და შეიძლება შეჭამა კიდეც. დათო ზევით ავიდა. წიგნის კითხვა განაგრძო, თან კატა ეჩვენებოდა.
ახლა იგი იმ ადგილას იყო, სადაც ჰერბერტმა ფრინველი მოკლა, ხელში აიტაცა და გახარებულმა დაიძახა:
- დღეს ჩვენ მშვენიერი ბულიონი გვექნება!
- მართლაც და ყოჩაღ, ასეთი სადილი თვით მეფესაც შეშურდებოდა, როგორსაც ამ ფრინველისგან ჩვენი მაიმუნი დაამზადებს. - დასძინა პროფესორმა.
დათუნამ წიგნს თვალი მოაშორა და მზერა სივრცეში გადაიტანა. ქვევით სოფლის მტვრიანი გზა მოჩანდა, რომელზედაც ურემი მიიზლაზნებოდა. შარაგზა მამამისის ნაცნობმა მონადირემ გადასერა და ბუჩქებს შეერია. “ეგეც სანადიროდ მიდის. რა გემრიელ სადილს აკეთებს მერე ძია სიკოს ნანადირევიდან დეიდა თამარა,” გაიფიქრა მან.
“მიაუ,” დაიკნავლა ამ დროს მეზობლის კატამ და მოაჯირზე ამოძვრა, პირში ჩიტის ბურტყლები ჰქონდა გაჩხერილი. დათუნამ სწრაფად დაავლო თოფს ხელი, მერე ისევ დაუშვა. “მაგას ჩემზე ნაკლები დანაშაული აქვს,” ბუნდოვნად ფიქრობდა იგი “მაგან შეჭამა მაინც, ალბათ, მაგისთვის გემრიელი იყო, მე კი სულ ტყუილა დავხოცე”.
დათუნა ძალიან, ძალიან დაღალა ამდენმა ფიქრმა. იგი ბურანში გაეხვა, შემდეგ ჩაიძინა, კატა კი ფეხებთან მიუჯდა, თავი ტერფზე დაადო და მანაც ჩათვლიმა.

წელი 1956. თვე ივნისი. რიცხვი 14-15.


შენიშვნები


არსებობს მხოლოდ უსათაურო და დათარიღებული შავი ავტოგრაფი (1+1+1-39+34-39გვ.), მოგვიანებით ნასწორები მწერლის მიერ განსხვავებული მელნით. ჩამატებულია, ასევე მოგვიანებით, სუფთად ნაწერი, შუაში გაჭრილი რამდენიმე თაბახის ფურცელი. არქივში ცალკე ინახებოდა თავფურცელი, რომელზეც მსხვილი ასოებით წერია: „საბავშვო”. ხელწერისა და თემატიკის მიხედვით ის ჩავთვალე მოთხრობის თავფურცლად. ავტოგრაფის ერთ-ერთ გვერდზე, ფრჩხილებში, წერის პროცესშივე მიწერილია მწერლის სურვილი, დაწეროს ამ მოთხრობაში „ცოტა რამ ნადირობიდან.” ტექსტში ალაგ-ალაგ, ჯგუფ-ჯგუფად გვხვდება კითხვის ნიშნები. ისინი გამოხატავენ მწერლის მერყეობისა და დაფიქრების კვალს. მაგალითად: ხელნაწერის მესამე გვერდზე: „რა ვუთხრა” გაიფიქრა თავისთვის „არ გაარტყას, უშნო შვილი რად მინდა, გაარტყას ჩხუბიც არ ვარგა. (???)” მეცამეტე გვერდზე: „მან თოფი სასწრაფოდ ჩამოკიდა ადგილზე და სირბილით წავიდა (გაქანდა?) დედის მოსახმარებლად.” მეთვრამეტე გვერდზე „იგი აშკარად ამჩნევდა დათოს დასერიოზულებას და ზევით უფროსი ვაჟის ანაბრად (??) მიმავალ ბავშვებს სიყვარულით უყურებდა” და სხვა. ერთი დღიური წინ უსწრებს მოთხრობას:
„დილით ნაბახუსევმა გავიღვიძე.
დედამ მითხრა, დათუნა (დათო ღოღბერიძე - მ.რჩ.) იყოო გუშინ, ღამის ორის ნახევარზე მთვრალი ჩავედი მასთან. დეიდა ფეფიკომ: პრაქტიკაზე მიდისო სიონში, ახლა სასოფლოსთან ნახავო. (ფეფიკო საყვარელიძე - დათო ღოღობერიძის დედა, დედას ახლობელი. ქართულ მანქანაზე ცნობილი მბეჭდავი ქალი. მასთან დადიოდნენ აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და სხვები) წავედი. გაუხარდა ჩემი ნახვა. მერე 25 მანეთი მომცა: წადი: ჩემი სადღეგრძელო დალიეო. გამიხარდა. საღამოს ჯინას დავპირდი ფუნიკულიორზე წაყვანას და ფული არა მქონდა.
ასე! უკვე გავხურდი. ვიწყებ წერას:”
დღიურის შემდეგ არის ნიშანი „ ——- . ——”, რაც ჩვეულებრივ, იხმარება ტექსტის ნაწილების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად. „პაპა გოგოთურის” მსგავსად, შესაძლოა, ეს დღიურიც მომავალში გამხდარიყო შესავალი-დღიურის საფუძველი და ამდენად მხატვრული ტექსტის ნაწილი. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის) თუმცა „პაპა გოგოთურის” თავფურცელზე მოთავსებული დღიურისაგან განსხვავებით ის არ გამოირჩევა გრაფიკული სტრუქტურით.
დღიურს მოსდევს ოცდაათგვერდიანი ტექსტი ნაწერი გაკრული, მსხვილი ასოებით. მოჰყვება თარიღი.
ტექსტი მთავრდება სამჯერ ერთმანეთის ქვემოთ მოთავსებული ისეთივე დამთავრების ნიშნით, როგორც ადრე აღვნიშნეთ. თარიღს უშუალოდ მოსდევს დღიური, ნაწერი ისეთივე ხელწერით და მელნით როგორც ტექსტი:
„დავიწყე ნამთვრალევმა ამის წერა და ჩქარა დავიღალე, მერე ნუგზარიც მოვიდა, წავედით დასალევად, გზაზე გურამ დუდუჩავაც (გურამ დუდუჩავა - გურამის და ზურაბ წერეთლის მეგობარი, ინჟინერი.) შეგვხვდა, კარგი სმა გავაჩაღეთ ლუდების. გურამი ძალიან კარგი ბიჭია. წინა დღეს ჟორა და მე კიროვის ბაღში ვსვამდით კონიაკს, ლუდსა და ლიმონათს. მოსკოვში თამაშობდნენ თბილისის „დინამო” და მოსკოვის „სპარტაკი”. მოიგო „სპარტაკმა” 4:2. (ამბობენ მოაგებინესო) შუა სმაში ერლომე შემოგვესწრო. წავიდა საუბარი, მე უკვე გული მქონდა აჩუყებული. დავინახეთ გურამ თიკანაძე და ჯინა მიქაძე - დავუძახეთ მოვიდნენ. ჯინა არაჩვეულებრივი გოგოა. ვაჟკაცურად „გაგვისწორა ანგარიში”. ჩვენთან ერთად ქეიფობდა. მე აშუღურ ლექსებს ვამბობდი. მერე ტიციანი დავურტყი, რომელიც სიმთვრალეში სულ პირზე მაკერია:
„დიდებულია ყაბახზე დილა,
ახალი მთვარის ვხედავ კუნძულებს,
ორბელიანთა გაუთხოვარ
ქალების ძუძუებს.”
ჯინამ თქვა, რომ ეგეთი ლექსები მიყვარსო. მერე თქვა, ექვსი თვით მივდივარ რუსეთში გათხრებზეო - ორი თვე მოლდავეთში, ოთხი მოსკოვში.
მე მაგარი მთვრალი ვიყავი. უკვე ერლომემ საათის გამოსახსნელი ფულიდან ნახევარბოთლიანი კონიაკი მოიტანა. ცოტა ჯინას დავუსხით. თიკანა ანგლობდა.
მე ვამბობდი სადღეგრძელოს, რამ მოიტანა აღარ მახსოვს, ხო, მგონი, ოსკარ უაილდი მომაგონდა. მუდმივი მეთქი არაფერი მიყვარს, თვით სიყვარულიც მეთქი. ჟორამ თქვა: „მუდმივი მხოლოდ სიტყვა „მუდმივიაო”. მე ვთქვი, „ყოველ გაზაფხულზე ახალი მიყვარს”. ცოტა ვიცრუე. ჯინა აშკარად ნასიამოვნები იყო საუბრით, მერე წამოდგნენ ჯინა და გურამი, მე გავაცილე ცოტა. ჯინა იგონებდა ხევსურეთს: მახსოვს, კანკალებდიო ცხენის დანახვაზე, ახლაც იმ დღეს ამფიბიაში მჯდარი გნახეო, მე ყოველთვის ვაჟკაცობის მაგალითად მყავხარო. მე მესიამოვნა, მერე შევპირდი, ფუნიკულიორზე წაგიყვან-მეთქი ხვალ. არ შევასრულე. საერთოდ არავითარ შეპირებებს აღარ ვასრულებ, თუმცა რა ვიცი. საერთოდ ჯინა ძალიან კარგი გოგოა, ერთობ ბავშვური, რაც უხდება.”
არქივში ინახება ზუსტად იმავე ხელით და კალმით, ისეთივე თაბახის ფურცლებზე ნაწერი, პირველი ივნისით დათარიღებული დღიური:
„1 ივნისი. 1956 წელი.
ღამეა 1 საათი. შაქრო ბურდილაძემ ამომიყვანა პობედით. ვერ შევედი კინოში „ირინა სახლში”. დავრბოდით ხუმრობით ბიჭები. ვაშაყირებდი ჯიგაროს.
მეორე დღეა, ვკითხულობ ოსკარ უაილდის „Портрет Дориана Грея.” გამიტაცა. ვებმები მხატვრისა, ლორდ ჰენრის და დორიან გრეის საუბარში. მაქვს ჩემი აზრები . . . ოდნავ მავიწყდება. გეგმაში მაქვსб დავწერო „ტრაქტატი სიყვარულზე” რიგით მეექვსე. სიმბოლო ფოცხვერი იქნება.
ახლა უნდა დავიძინო. ხვალ დილით ხუთ საათზე ვაპირებ ადგომას. ცხრაზე სამუშაოზე უნდა წავიდე. იქნება ცოტა ფული გავაკეთო. ნახვამდის, საკუთარო ჩემო თაო.”
როგორცა ჩანს, გურამი 1 ივნისიდან 14 ივნისამდე მაგიდას არ გაკარებია. ამან განაპირობა დღიურისა და მოთხრობის ერთნაირი ხელწერა და მელანი. ამ პერიოდის განმავლობაში ბიჭები ცდილობდნენ ფიზიკური შრომით ცოტაოდენი ფულის შოვნას. ჟორა ბერძენიშვილი იხსენებს: „ გურამი, მე და კიდევ ერთი ალპინისტი ბოტანიკური ბაღის შესასვლელი გვირაბის თავზე კლდეს ვათავისუფლებდით ჩამოშლილი ქვებიდან. ყოველ დილით კლდეზე ვეკიდეთ, ძალიან სახიფათო და ძნელი სამუშაო იყო. საკმაო ფული უნდა აგვეღო. კარგად ვიმუშავეთ. იქვე მაცხოვრებლებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. თუმცა დამქირავებლებმა მოგვატყუეს და ფული არ მოგვცეს... ” აგი აბაშიძე იხსენებს: „ჯუმბერ მეძმარიაშვილს, მე, გურამს, თემურ კუხიანიძეს და კიდევ რამდენიმე ალპინისტს შეგვთავაზეს სატელევიზიო ანძის შეღებვა. დავიწყეთ. ჩვენ შორის იყო შალიკო რჩეულიშვილი. ფასი მოგვამატებინა, გატყუებენო, გვითხრა. ფასზე ვერ შევთანხმდით და დაგვითხოვეს.” ასე რომ, ორივე მცდელობა ბიჭების დამარცხებით დამთავრდა. ვფიქრობ, რომ ამ დღიურში ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზეა ლაპარაკი.
მამაჩვენი, მიშა რჩეულიშვილი, კარგი მონადირე იყო. მახსოვს, ომის შემდგომი სიღარიბის წლები, როდესაც ნანადირევით ვირჩენდით თავს. დილით ადრე ჩემ ძმასა და მე სამზარეულოში ხშირად დაგვეხვედრია უზარმაზარეშვებიანი ტახი (მამა ნადირობიდან გვიან ღამე ბრუნდებოდა). ერთხელ შველიც მახსოვს, თავგადაგდებული როგორ იწვა სამზარეულოს მაგიდაზე. ტახს მამა აბასტურმებდა და ყაურმადაც ინახავდა ზამთრისათვის. ხოხბების და კაკბების ჩახოხბილს ხშირად მივირთმვევდით. ხანდახან მამას იმდენი მწყერი ჩამოჰყავდა, რომ ნაცნობ-მეგობრებს ვურიგებდით.
მახსოვს, ერთხელ მამამ გურამს აჩუქა გეკოს ტიპის სანადირო თოფი. მაგრამ გურამს ნადირობისადმი და თოფისადმი ინტერესი არასოდეს გაუმჟავნებია. განსხვავებით ვაჟა გიგაშვილისაგან, რომელიც გამუდმებით სთხოვდა მამას სანადიროდ წაყვანას.
ვაჟა გიგაშვილმა მითხრა, რომ გურამთან ერთად სამ-ოთხჯერ ყოფილა სანადიროდ, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. ნადირობა არც ერთხელ არ გამოგვივიდაო. გურამი არ იყო ხოლმე ნადირობით გატაცებული. რატომღაც სულ ხუმრობდა. ერთხელ, შუა ნადირობის დროს მითხრა: მოდი, დავსხდეთ, დავისვენოთ, ლაპარაკის ხასიათზე ვარ, მინდა მოგიყვე, როგორ მინდა მოვაწყო ჩემი მომავალი ოჯახი. მაშინ გურამს ერთი გოგო უყვარდა.
გულში რას ფიქრობდა გურამი, არავინ იცის. ოჯახური ტრადიციით კი ვაჟკაცობა ნადირობასთან და კარგ თოფთან იყო დაკავშირებული. თუმცა მამაჩემმა მაინცადამაინც არ იცოდა ნადირობის ამბების მოყოლა, „საგმირო ამბებზე” და თოფებზე საუბარი. მახსოვს, როგორ გვიანაც არ უნდა დაბრუნებულიყო ნადირობიდან, მაშინვე ჩამოჯდებოდა, თოფს დაშლიდა, გაწმენდდა, სარჩულში ჩადებდა და სად ინახავდა, არავინ იცოდა.
პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „არილში” 2000 წელს, ¹1.

??????