საშინლად იკბინება მზე.
- უეჭველად წვიმა მოვა, - ვეუბნები ნუგზარს.
- უეჭველად მოვა, - ამბობს ნუგზარიც.
- ისე ჩამოიხუთა ცა, რო...
- ჰო, ძალიან დაიხუთა.
- საერთოდ, ყოველთვის ვიტყვი წინდაწინ, მოვა თუ არა წვიმა.
- მაგას ობსერვატორია ვერ იცნობს, - ამბობს ნუგზარი, - შენ კი არა.
მე ვიცოდი, რო ეს უნდა ეთქვა. სხვას რას იტყოდა. რატომღაც მაინც ვიცინი.
- ძალიან ცხელა, - ამბობს ნუგზარი.
- პიჯაკი უნდა გავიხადო ხვალიდან, - ვამბობ მე.
- მეც გავიხდი.
- რაც გინდა თქვან, მე მაინც გავიხდი, - კიდევ ვამბობ მე.
- მეც, - ნუგზარს სახეზე სიმტკიცე ემატება.
ქუჩაზე დადიან ტრამვაები, ავტობუსები და ხალხი. ჩვენც მივდივართ. მერე ვჩერდებით. რატო ვჩერდებით, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ აქ საათია, რომლის პირდაპირაც, რუსთაველის გამზირისა და ბარნოვის ქუჩის კუთხეში რომ წყლებია, ის არის. ამ ადგილს ზემელი ჰქვია. აქ ვჩერდებით ყოველთვის. აქ გავჩერდით ახლაც. ქუჩაზე გრიალით მიდის ტრამვაი. მაგრამ მე ხმა არ მესმის. რატომღაც ვიძაბები. მერე თავსა ვწევ.
- ხედავ შიმხონს? - ამბობს ნუგზარი. - აფსუს მალხაზა ახლა.
მე რაღაც, მოულოდნელს ვგრძნობ.
- აგერ ისიც, - იძახის ნუგზარი.
ტრამვაის ქუჩის იქითა მხრიდან ტორტმანით მისდევს მალხაზი, მერე აქეთ გადმორბის და ახტება. ჩვენკენ არც კი მოუხედია. მე თითქოს ველოდი. არ მიკვირს.
- კარგი სიმონა იყო, - ამბობს ნუგზარი.
- დღისით? - ვეჭვობ მე.
მერე ნუგზარი მიყვება დიპლომის ამბავს. ჯერ ლექტორს დაუცხია, მერე ის მისდგომია და დაუმტკიცებია თავისი სიმართლე, მერე ვიღაც დიდ კრიტიკოსს უთქვამს, ასეთი თემა ამ თემაზე ტყუილიაო. მე ყველაფერი ეს ვიცი და ზარმაცად ვუსმენ. ნუგზარმაც იცის, რო ვიცი, მაინც ყვება, ბოლოს ჩერდება. ახლა მე ვყვები რუსიშვილის ამბავს. რუსიშვილმა ვიღაც გოგო დააბა. არაუჭირს გოგოა, უფრო უშნოა, ვიდრე ლამაზი, აიკლო ქებით, ეგეთი გოგო ტყუილიაო.
- რა ტრაბახაა რუსიშვილი, - ამბობს ნუგზარი.
- აბა კაცო, - ვამბობ მე.
ორივემ ვიცით ეს ამბავი, ისიც ვიცით რო რუსიშვილი ტრაბახაა, მაინც ვყვებით. აბა რა უნდა ვაკეთოთ; თან გვსიამოვნებს, რომ რუსიშვილი ტრაბახაა და ამდენი რამის ლაპარაკი შეიძლება მასზე.
- ვა რა ტრაბახაა, - ამბობს ნუგზარი. - მაგას რო ჩემისთანა გოგოები ჰყავდეს გამოცვლილი, ვეღარ გაუძლებდით ვერავინ, ჯერ მარტო იზა იყიდის მაგის ოთხივე გოგოს, ვინც კი ჰყოლია დაბადებიდან, არა რო, შენ თითონა თქვი.
- ჰო, მა რა, - ვამბობ მე, თან ვფიქრობ, რა ტრაბახაა ნუგზარიც, ერთი იზა იყო ლამაზი, მეორე ის, რუსიშვილმა რო მოჩანგლა, მაგათ რო მერისთან ევლოთ ქვეყანას აიკლებდნენ.
ახლა მზე აღარ აცხუნებს. ქვაფენილზე რამდენიმე სქელი წვეთი ეცემა. ჩვენ პირდაპირ დიდი კოლონებია, წყლების მარცხნივ, და იქ შეგვიძლია შევაფაროთ თავი. მაგრამ ჯერ მსხვილი წვიმა არ დაწყებულა. თან მალხაზს ვუცდით. წვეთები ხშირდება, მერე წყდება. ნუგზარს ახალი კოსტუმი აცვია, ორი ბორტით, ლურჯია, თეთრი ზოლები აქვს.
- გადავიდეთ, - ამბობს და ბორტებზე იხედება.
- მერე მალხაზა? - ვამბობ მე.
ნუგზარი თავს იქნევს, მერე კედელთან იყუჟება. “როგორ უფრთხილდება ტანსაცმელს”, ვფიქრობ. ჩქარა ქუჩაზე მალხაზაც გადმორბის ღიმილით.
- გგამარჯობათ, - იძახის შორიდანვე.
- უეჭველი ფულია, ენა ებმება, - მეუბნება ნუგზარი, შემდეგ მალხაზისკენ მიდის, ართმევს ხელს.
- ზზოგჯერ დღისითაც შეხვდები კარგ სიმონას, - ამბობს მალხაზი.
- რა იყო, ჰა?
- ორასი წავიღე.
- უჰ, რა სასმელი ამინდია, - ამბობს ნუგზარი. მე ხმას არ ვიღებ. ვიცი. ფუნიკულიორი ზედა გვაქვს.
- მმანქანა გააჩერე, - ამბობს მალხაზი. ნუგზარი ზურგით ბრუნდება ჩემკენ.
- გამიწმინდე, რა, - ამბობს. - მგონი, კედელზე გამესვარა. მე ჩემი პიჯაკის სახელოს ვუსვამ. ის ძველია და დახეული. რა კაცია ვფიქრობ, ტანისამოსი რო არ ავიწყდება არასდროს.
მერე მანქანაში ვსხდებით.
მანქანის შოფერი რუსია.
- როგორც ეტყობა, ქართული იცის, - ჩურჩულებს მალხაზი.
- მარცხნივ, - ვეუბნები მე ქართულად.
მანქანა უხვევს მარცხნივ.
- ხხო გითხარი, - ამბობს მალხაზი.
მე ისეთ სახეს ვიღებ, რომ ყველაფერი მესმის უსიტყვოდ. ნუგზარი ჩურჩულით კითხულობს.
- რა? რა?
- არრაფერი, მერე გაიგებ, - ეუბნება მალხაზი. მანქანა ფუნიკულიორის ძირში ჩერდება. მალხაზი თუმნიანს აძლევს.
- НННа здоровие7 - ეუბნება.
ზევით, ვერანდაზეც, ცხელა. ახლა ძალიან მინდა წვიმა. კარგია წვიმიან ამინდში სმა. წვეთები ისევ მოდიან. ისინი არიან მძიმე და მსხვილი. მერე წყდებიან, მერე ისევ მოდიან, ახლა ხშირად, მერე უფრო ხშირად, წვიმს. კარგია ზაფხულში წვიმა. თან როცა სვამ, თან ასეთ ადგილას.
ქვევით ქალაქი ბინდში ეხვევა წვიმისგან. წვეთები მატულობენ.
- კკოკისპირულად წვიმს, - ამბობს მალხაზი. ქვევით ქუჩაზე ვიღაც გადარბის. ის სულ წერტილის ტოლად ჩანს. მარტო მანქანები, ტროლეიბუსები და ტრამვაები დადიან ქუჩებში. ხალხი სახლშია, ან პოდიეზდში, ან კინოში, ან რესტორანში. მაინც ყველას რესტორანში ჯდომა სჯობია, ვფიქრობ, მერე მწვადს დავცქერი. მალხაზი ღვინოს ასხამს. მწვადი გემრიელია შოთ პურთან ერთად.
- ჩჩვენ თთავშეყრას გაუმარჯოს, - ამბობს მალხაზი.
- პირველი არ არის, არც უკანასკნელი ყოფილიყოს, ასეთი პურმარილი კი არა, მრავალი უფრო ტკბილი და უფრო კარგი უნდა ვუსურვოთ ერთმანეთს, - ამბობს ნუგზარი. ვატყობ, კიდე რაღაცის თქმა უნდა.
- გაგვიმარჯოს, - ვამბობ და ვსვამ.
სვამს ნუგზარიც.
კიდე ვსვამთ.
მერე კიდე.
ნელა გვეკიდება ღვინო. მალხაზს უფრო ებმება ენა.
- მმოდი, ჩჩვენ მმეორრე ნახევრებს გაუმარჯოს, ჩვენ მომავალ მეორე ნნახევრებს, - მარცვლავს მალხაზი.
ნუგზარი ჭიქას იყუდებს. მე ქალაქში ვიხედები. იქ ისევ წვიმს. აქ კი გადაიღო.
ყველანი ვსვამთ.
მალხაზი ლეილაზე ლაპარაკობს. ძალიან უყვარს ის გოგო. მართლა კარგი გოგოა, მერე როგორ უყვარს. იმან იცის, რო ქურდობს მალხაზი, გინდაც არ ქურდობდეს, მაინც ძნელი იქნებოდა მასთან საქმის გაკეთება.
- მოგიტაცებთ იმ გოგოს, - ამბობს ნუგზარი.
- მოტაცებული რათ მინდა, - ამბობს მალხაზი. მე ვარწმუნებ, რომ მოტაცებული უფრო შეიყვარებს, შეეჩვევა, განსაკუთრებით, თუ იქ კარგად მოექცევა.
- თთქვენ თქვენთვის იშოვეთ, - ამბობს მალხაზი..., მმე მიყვარს ის და ვერ ვვაწყენინებ.
- ჩემთვის რა, - ამბობს ნუგზარი, - სამასი ათასი თუ არ ექნა, არ შევირთავ.
- მმახინჯიც რო იყოს?
- თუ ძალიან არ იქნება მახინჯი.
- მართლა შეირთავ? - ვეკითხები მე.
- სამასიათასად? მართლა.
- მერე ვინ გაძლევს.
- არავინ, რო იძლეოდნენ-მეთქი, - ამბობს ნუგზარი.
- მმე ეგეთ საქმეს ვერ ვიზამ, - ამბობს მალხაზი.
- რატო ვერ იზამ, სინდისი გიშლის? - ცხარდება ნუგზარი.
- სინნდისი, არა. მაინც ვერ ვიზამ, თუ არ მომწონს, ვერ ვიზამ, ვერც წარმომიდგენია.
- სწორე ხარ, მალხაზ, - ვამხნევებ მე.
- ბიჭო, ბინას ვიყიდი, მანქანა, ჩაცმა - ყველაფერი, ეჰ, - ამბობს ნუგზარი.
- არრ მინდა არაფერი, მირჩევნია მოვიპარო, - უკან არ იხევს მალხაზი.
მე ჩუმადა ვარ, მერე ქვევით ვიხედები. ახლა იქაც გამოიდარა. ნეტა მე რას ვიზამ სამასი ათასს რო მომცემდნენ? - ვფიქრობ. გიჟი ვარ, შევირთო მაგდენად, ან საერთოდ ფულზე, არ მინდა, არა. მილიონი რო იყოს ნაღდი, კიდე ჰო. მილიონი ბევრი ფულია. იმითი ორ სახლს აიშენებ, ორ მანქანას იყიდი, მერე ცოლს გაეყრები, ერთში იმას გაუშვებ, მეორე შენ დაგრჩება. მილიონი რო იყოს, კიდე ჰო, მაგრამ მაგდენი ვისა აქვს, გინდა ჰქონდეს, ვინ იცის. ვფიქრობ, მერე ძვალსა ვღრღნი. ძვალი გემრიელია და ზედ საკმაოდაა დარჩენილი ხორცი. მილიონი რო იყოს, კიდე ჰო, - ვფიქრობ.
[1957 წელი. სექტემბერი.]
შენიშვნები
არსებობს მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1 - 12გვ.), ნაწერი მომსხო, გაკრული ხელით. არ არის ნასწორები არც წერის პროცესში, არც შემდეგ.
მოთხრობა გამოუქვეყნებელია.