რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

სიყვარული მარტის თვეში 

“ასეთია ალბათ ბედი, ბედი თეთრი ფერის. სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის.”
გალაკტიონი
"Кто любил, тот любить не сможет. Кто не любил, тот прогорел"
Есенин



- კარგი, ბიჭო, რა მოგივიდა, მოეშვი მაგ გოგოს.
- მოშვებული არა ვარ?
- კარგი ერთი. მითხარი მაინც, გიყვარს ძალიან?
- არა. - უპასუხა ნოდარმა.
- მაშ რაღას დასდევ ამდენს? - შეეკითხა თემო.
- მე დავდევ?
- რა ვიცი, მთვრალი სულ მაგის სიყვარულზე ლაპარაკობ.
- მთვრალ კაცს რამე დაეჯერება?
- რა ვიცი, ხან ფხიზელზე მეტი, ხან არა.
- ჰო, შენც მართალი ხარ.
ნოდარმა თემოს ხელი გამოუყარა და წიგნების ფარდულისკენ წაიყვანა.
- ნახე, ბიჭო, იეთიმ გურჯის ლექსები გამოუშვეს.
- იეთიმ გურჯი ვინ არის?
- პოეტი, აშუღი, მღეროდა, წერდა, რასაც გრძნობდა, იმაზე.
- არ გამიგია.
- დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.
თემომ გვერდზე გაიხედა, მერე თვალები ეშმაკურად აათამაშა.
- ახლა კი მივხვდი, რა იეთიმ გურჯი აგიტყდა.
ნოდარი ყურებამდე გაწითლდა, შემდეგ გამყიდველს წიგნი გამოართვა და მარტოკამ განაგრძო გზა. ცოტა ხნის შემდეგ თემო წამოეწია.
- ბიჭო, მართლა ღმერთივით გოგოა, მაგის მარტო უიმედო სიყვარულიც ღირს, არა?
- რა ვიცი.
ნოდარი თავის ფიქრებში გაერთო. “ნეტავი იმან იცის, რომ მე მიყვარს, საიდან უნდა იცოდეს, თუმცა არა, ალბათ, იცის, ვინმე ეტყოდა.”
- ნოდარ, გამარჯობა! - დაუძახა ვიღაცამ. ნოდარმა მოიხედა, მერე ქუდი მოუხადა, ზრდილობიანად მიესალმა. გამარჯობის თქმამ ფიქრები დროებით შეაწყვეტინა, შემდეგ ისევ განაგრძო. “ალბათ, დღეს მოვა თამაშზე, ათი-თორმეტი ბურთი მაინც უნდა ჩავაგდო, მერე ედი გამაცნობს, იქიდან ერთად წამოვალთ. ნეტავი რა უყვარს? რაზე ველაპარაკო? კალათბურთის თამაში - არა. ამას თავის თვალითაც ხედავს; ჯობია ისტორიაზე ვესაუბრო, ან ლიტერატურაზე. ჰო, მართლა, ჰემინგუეის რაიმე ნოველას მოვუყვები”. ნოდარი ბაღში შევიდა, მექანიკურად დაჯდა სკამზე, ფიქრები განაგრძნობდნენ გეგმების წყობას, “მაგას მოპასანი ეყვარება, ჰო, მეც მის რომელიმე მოთხრობას მოვუყვები, თუნდაც “ნავსაყუდარში” ან “სამკაულს”. მან თავი ნერვიულად გაიქნია. “რა სისულელეა მაგეების მოყოლა, ვითომ თვითონ არ წაუკითხავს, ალბათ ჩემზე ათჯერ მეტი იცის, თუმცა, რაც გიყვარს, იმაზე უნდა ესაუბრო, არა? არა, მაგას ჯობია, მოლას რომელიმე ანეკდოტს მოვუყვები, აი, უარესი სისულელე; ჰო, მართლა, როგორმე სიტყვას ზღაპრებზე ჩამოვუგდებ, მოვუყვები არაბულ ზღაპარს “ღმერთისა და დერვიშის” შესახებ. მაშ ასე, როცა გამაცნობენ, ალბათ, გავწითლდები, თუმცა ნათამაშები მაინც წითელი ვარ ხოლმე და ისე არ შემეტყობა. ასე - ჯერ ჩამოვართმევ ხელს, ვეტყვი სახელს, არა, არ ვარგა, ვეტყვი გვარს, არც ეს მომწონს, არაფერს ვეტყვი, თვითონ ეცოდინება, მერე პირდაპირ ხომ არ მოვუყვები არაბულ ზღაპარს? არა, ჯერ შევეკითხები, გადიან თუ არა არაბეთის ისტორიას, ჰო, ჰო კარგია, ვითომ რაიმე წიგნი მჭირდება, შემდეგ ვეტყვი, ეგ ისტორია მეც ძალიან მიყვარს-მეთქი, განსაკუთრებით მათი ზღაპრები, სადაც მთელი ფილოსოფიური საკითხები არაჩვეულებრივი სისადავით არის-მეთქი წამოჭრილი. ის მიპასუხებს, ნეტა რას?”
ნოდარი კვლავ მიუბრუნდა ფიქრებს, ახლა ეს გეგმა აღარ მოსწონდა. მალე თავში ახლის შედგენა დაიწყო. მერე ადგა და ჩაფიქრებული ქუჩაში გამოვიდა.
- ჰაბარდა, ჰაბარდა! - იძახდა მეეზოვე, თან ქუჩას რწყავდა. - მოეცა-მეთქი, მიჭო, ვერა ხედავ, ამოგწუწე. ნოდარი შუა ქუჩაზე გადავიდა.
- შე მამაძაღლო, ვერ გაიხედ-გამოიხედავ? - მოესმა მანქანიდან შოფრის ხმა.
შემოტრიალდა. ქვევიდან ტრამვაი მოჰქროდა.
ტანში სიმსუბუქე იგრძნო, თვალები გაუბრწყინდა. სწრაფად გაქანდა რონოდისაკენ და ნაჩვევი მოძრაობით შეხტა კიბეზე, მაგრამ ხელი ვერაფერს მოჰკიდა, სახელური გამომძვრალი ყოფილიყო, წონასწორობა დაკარგა, ფეხებს ტანი ვერ ააყოლა და უკან გადმოვარდა. თავბრუ დაეხვა. ლიანდაგზე დადებულ მარცხენა ფეხს ტრამვაის გორგოლაჭმა ჭრიალით გადაუარა. გაისმა კივილი. ქვაფენილზე მომავალ ჭაღარათმიან ქალს ჩანთა ხელიდან გაუვარდა. რონოდის მგზავრებს სახე მოექცათ გვერდზე. წინა სკამზე მჯდარმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა ფეხები ძირიდან აიღეს უნებლიედ, ალბათ, ტვირთის შესამსუბუქებლად და აკანკალდნენ. ტუჩებშეღებილმა, მოკლეკაბიანმა რუსის გოგონამ ხმამაღლა შეჰკივლა, დაჭყეტილ თვალებზე ხელი აიფარა და ისე განაგრძო ყურება. ათიოდე მეტრის შემდეგ ტრამვაი მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა. გაფითრებული მძღოლი ტელეფონ-ავტომატისკენ გავარდა.
პირველი შეგრძნება ნოდარისა იყო ხალხი, რომელიც გარს შემოხვეოდა. მას შერცხვა გარშემოხვეულების და თვალებზე აიფარა ორივე ხელი. მერე ტკივილი იგრძნო ფეხში და კვლავ დაკარგა გონება. ცოტა ხნის შემდეგ თვალები გაახილა, უაზროდ მიაშტერდა ვიღაცას. “ნეტავი ის ხომ არ მიყურებს, რა სირცხვილია”, გაუელვა თავში. ტკივილის ახალმა შემოტევამ ფიქრი გააწყვეტინა. “ოჰ!” ამოიგმინა ყრუდ. “მაგათი ყოფაც ავატირე, ყველასი”. ეგოისტურად გაიფიქრა, შემდეგ სცადა ფეხის აწევა და ადგილზე გაინაბა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა ბუნდოვნად, რომ ფეხი მოჭრილი ჰქონდა, ამ აღმოჩენამ თითქოს დაამშვიდა, აღარა რცხვენოდა, ტკივილიც გაუქრა. ახლა მას თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ნოდარი ბუნდოვნად გრძნობდა: ვიღაც თეთრებში ჩაცმულებმა ხელში აიყვანეს. ხალხი გაიყო. მერე საწოლზე დააწვინეს, საწოლი ოთახში შედგეს, შემდეგ რაღაცა, შეშის ნაჭერივით, გვერდზე დაუგდეს, “ნეტავ რა არის?” გაიფიქრა უნებურად. ჩქარა დაიღალა, გული ისევ შეუწუხდა და გონება დაკარგა.
ნოდარს დრო და დრო უბრუნდებოდა შეგრძნება. ჩურჩული, ტირილი, სიჩუმე, ისევ კარგავდა გონებას. ახლა იგი უკვე კალათბურთის მოედანზე იყო. გოგონები მის ლამაზ ტანს მალულად ჭვრეტდნენ. მას სიამოვნებდა ქალთა მზერა, უნდოდა, რომ იმასაც ეყურებინა მისთვის, მერე გაწითლდა. მეორე რიგში დაინახა, თავის ამხანაგებთან ერთად მჯდარი. თამაში დაიწყო. აი, გავარდა ნოდარი, გივიმ მიაწოდა ბურთი, სროლა. არ ჩავარდა. ათი ბურთი ააცილა, ოფლმა დაასხა ტანზე, სახეზე. ათი ბურთი. ახლა თამაში წაგებულია.
“ვაიმე”, ამოიკვნესა ნოდარმა. საწოლზე ჩამომჯდარმა დედამ ნაზად დაადო ხელი მაჯაზე. “ნოდარ ჯანდიერი”, ძლივს წაილუღლუღა მან და სახე გაუბრწყინდა. “ლეილა”, მოესმა გოგონას სასიამოვნო ხმა. ნოდარს გული მოეცა;
ნოდარი: უკაცრავად, თქვენ კალათბურთის თამაში გიყვართ,
არა?
ლეილა: მე? დიახ!
ნოდარი: ჰო, ასეც ვიცოდი, თქვენ თვითონ არასოდეს გითამა-
შიათ?
ლეილა: არა, მაგრამ მაინტერესებს.
მან სული განაბა, უნდოდა დიდხანს ესმინა საყვარელი ქალის ხმა, მერე წამოწითლდა და პირდაპირ დაიწყო: “მე ერთ არაბულ ზღაპარს მოგიყვებით, გინდათ?” “დიახ, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ, მე ზღაპრები ძალიან მიყვარს.” ნოდარი გაათამამა ასეთმა თანაგრძნობამ, შემდეგ თვალებში შეხედა მას, მაგრამ ფერი ვერ გაარჩია და დინჯად დაიწყო: “იყო არაბეთს ერთი მეფე, მეფე ბრძენი და მჭევრმეტყველი”.
ნოდარმა სიამოვნებით გაიღიმა, ხმა თავისუფლად ემორჩილებოდა. “ერთხელ მეფემ იხმო თავისი მრჩეველი და ჰკითხა:
- ბრძენო! მითხარ ჭეშმარიტება სად არის, ან თუ არის, რასა ჰგავს?
- დიდო მეფეო, - მიუგო ბრძენმა, - ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.”
ნოდარმა დინჯად დაამთავრა თხრობა. იგი ამ წუთში ხის კენწეროს უყურებდა. როცა მზერა ქვევით გადმოიტანა, ის უკვე წასული დახვდა. “ლეილა, ლეილ!” დაიყვირა მან, მერე თვალი მოჰკრა ბაღის კარში სწრაფი ნაბიჯით გამავალს და მის გამოსაკიდებლად გაიწია.

- ცივი ტილო, თუ შეიძლება. - ცრემლნარევი ხმით სთხოვა დედამ ექთანს.
ექთანმა ტილო მიუტანა და ჩუმად ჰკითხა:
- აბოდებს?
- ჰო. - დედას ცრემლები წამოუვიდა.

წელი 1956. 20 მაისი.



შენიშვნები



არქივში ინახება ამ მოთხრობის როგორც თეთრი (1+1-19გვ.) ასევე შავი ავტოგრაფი (1+1-19გვ.), აგრეთვე 1960 წლამდე გადაბეჭდილი ცალი (1+1-4გვ.). სამივე ავტოგრაფი დათარიღებულია და დასათაურებული.
შავი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური მსხვილი ასოებით, გაკრული ხელით, ლურჯი მელნით. ასეთივე ხელწერითა და მელნით ნაწერია მთელი ავტოგრაფი. სავარაუდოა, რომ იგი მწერლის მიერ სხვა დროსაა ჩასწორებული. განსხვავებულია როგორც ხელწერა, ასევე საწერ-კალმის მელნის ფერი. ამავე საწერ-კალმით თარიღის შემდეგ მიწერილია ბოლო აბზაცი. გვერდების ნუმერაცია რამდენიმე ადგილას ნახევარრკალებით არის შემოხაზული.
თეთრ ავტოგრაფში გადაშლილია რამდენიმე სიტყვა. მეშვიდე გვერდის მეორე მხარე თავისუფალია: არც ტექსტი წერია და არც გვერდის ნომერი, როგორცა ჩანს, შემთხვევით. თეთრი თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური და თარიღი. თარიღის შემდეგ ფურცლის მარჯვენა მხარეს წერია გალაკტიონის ლექსი (იხ. ტექსტი). მარცხენა მხარეს წერია ტიუტჩევის ლექსი, გადაშლილი მწერლის მიერვე. ავტოგრაფში ამ ცნობილი ლექსის მხოლოდ ავტორის გვარი და პირველი სიტყვები ამოიკითხება: „Любовь с хорошей...” მარცხენა მხარეს წერია ესენინის ლექსი: „Кто любил, тот любить не сможет, кто не любил, тот прогорел...” ამ მოთხრობის ეპიგრაფი. ტექსტის ბოლოს წერია თარიღი.
სავარაუდოა, რომ მოთხრობა გადაბეჭდილია „ცისკრის” პირველი ნომრისათვის. ამ ნომერში 1957 წელს პირველად დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა: „სიყვარული მარტის თვეში”, „ნელი ტანგო”, „თვირთვილა”, „სათაგური”, „შემოდგომა ბაბუა კოტესი”. ნაბეჭდი ვარიანტი გურამის მიერ შიგადაშიგ ნასწორებია შავი ფანქრით. ეს ვარიანტი ჩავთვალე მწერლის ბოლო ნებად და ამჟამად ამ რედაქციით ვთავაზობ მკითხველს. თავფურცელზე მოთავსებული ეპიგრაფიც დავტოვე. გადაბეჭდილ ცალში ის რედაქტორის მიერ უნდა იყოს გადაშლილი.
ნაბეჭდი ვარიანტის ბოლო ცარიელ გვერდზე მელნით, წყვეტილი ხაზებით ჩახატულია, ვფიქრობ, ავტოპორტრეტი.
არქივში ინახება ერთი ჩანაწერი. ის დავათარიღე ამ მოთხრობის მიხედვით: „...ახლა დავამთავრე ერთი პატარა მოთხრობის წერა, რომელსაც დავარქვი „სიყვარული მარტის თვეში.” ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია. დედას ძინავს, ბებომ კი გაიღვიძა და თავისთვის წვალობს. მე კარგ ხასიათზე ვარ რატომღაც. არა, კარგზე კი არა უბრალოდ რაღაცას ძლიერადა ვგრძნობ. ამას ვეძახი მე კარგ ხასიათს.” (1956 წლის 29 მაისი)
პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1957 წელს ¹1, წიგნში „სალამურა” 1961 წელს

??????