სურამის ციხე
მოქმედი პირები
ზურაბი _ უფლისწული, რომლითაც დედოფალს მკვდრადშობილი შვილი შეუცვალეს მშობიარობისთანავე. სინამდვილეში იგი ხელმწიფის შვილია. ხელმწიფეს ის ეყოლა უსაყვარლეს ქალთან, რომელსაც ხელი ჰკრა დედოფლის შერთვის დროს (თვითონ მხოლოდ თავადი იყო ამ ქორწინებამდე).
ვარდო _ ახლანდელი ხელმწიფის საყვარელყოფილია, რომელმაც არ იცის, რომ ზურაბი მისი შვილია. იგი დაარწმუნა დურმიშხანმა, რომ ბავშვი მკვდარი დაებადა (ვარდო მხოლოდ იმ მიზნით ცხოვრობს, რომ დურმიშხანის ბედნიერებაზე იძიოს შური, სინამდვილეში კი, აკვლევინებს თავის საკუთარ შვილს).
დურმიშხანი _ ბავშვი რომ არ ჰყოლოდა დედოფალს, ისიც ბიჭი, იგი შეიძლება დაეთხოვათ _ ამ ფაქტმა გაამაგრა მისი ტახტზე ჯდომა.
მართა _ ბებიაქალი, რომელმაც ყველაფერი იცის.
რუსუდანი _ დედოფალი.
საურმაგი _ ზურაბის მეგობარი და მოშურნე, მამის ჩაგონებით. სუსტი ნებისყოფის.
შადიმან _ მოშუღლე თავადი, მთავარი მრჩეველი, საურმაგის მამა.
გურანდუხტ _ შადიმანის ძმის ქვრივი, რომელსაც ატყუებენ, რომ ზურაბი მის ქალს შეირთავს. ამას ცდილობს თვითონაც. მოშუღლე, რიგრიგით, შადიმანისა და დურმიშხანის.
სოფიო _ მისი ქალი. ყველაფერთან ერთად, გარყვნილი. ცხოვრობს ბიძაშვილ საურმაგთან.
თეკლა _ აზნაურის ქალი, ზურაბის ერთგული შეყვარებული.
მამალა _ თეკლას ძმა, თავდაპირველად ზურაბის მეგობარი, რომელსაც ეცოდება ის, შემდეგ _ შადიმანის. როცა გურანდუხტის წყალობით შეიტყობს, რომ ზურაბი მის დასთან ცხოვრობს, ხდება მისი მტერი.
ისო
ომარ _ მეციხოვნეები, მეჭორეები.
თომა
ლეილა _ ისოს ცოლი, რომელთანაც ცხოვრებაზე ცილსა სწამებენ ზურაბს.
ზურაბისა და მტრის ლაშქარი
ქარუმ-თათარი _ ზურაბის უერთგულესი, ოღონდ ბრიყვი.
მთელი მოქმედება ზურაბის მტრებისა თუ თვითონ ზურაბისა, მიმართულია იქითკენ, რომ ის ციხეში ცოცხლად დაიმარხოს.
თემურ ხან _ მტრის ჯარის სარდალი, რომელიც ყველას (შინაურების) მაგიერ იცოდებს ზურაბს: `ურჯულომ შეგიცოდათ და თქვენ არ გენანებათ ერთმანეთი!~
მოქმედება I
სურათი პირველი
ბინდბუნდი. /ციხის ნახევრად ამოყვანილი კედლები, ჩაივლის ზურაბი, კედელი ინგრევა ხმაურით./
ომარ: აუ, ხელმწიფის შვილო!
თომა: ისევ დაინგრა, აქეთ, აქეთ!
ომარ: უფლისწული ხომ მთელი არის, თვალი მოვკარი, სწორედ ახლა ჩამოიარა.
ისო: იმისი კარგად ყოფნა ამ კედლებს ვერ გაამთელებს.
ზურაბ: ეს-ეს იყო ჩამოვიარე,
სულ ერთი წამით გავასწარი
და ნახევრამდე ამოყვანილი ბურჯი ისევ მოინგრა.
ისო: ჩვენ მხოლოდ თქვენი შეგვეშინდა. ერთი ფეხით დაგვიანება და შიგ მოყვებოდით.
(ისმის კვნესა)
ზურაბი: ვიღაც კვნესის ნანგრევებიდან.
ომარ: ისო, თომა!
ზურაბი: აი, იმ გვერდიდან ისმის ხმა, ომარ!
ისო: გულმკერდი სულ შელეწილი აქვს.
ზურაბი: სახელი ჰკითხეთ.
ომარ: ენას ვერა ძრავს, მარტო კვნესის.
ისო: სახეც სისხლში აქვს და ვერ ვარჩევ ვინ უნდა იყოს.
თომა: მიმიშვით ახლოს.
კაცო, რა გქვია?
კაცი: ღმერთმა დასწყევლოს უფლისწული და თვით ხელმწიფეც!
ზურაბი: რაო, რას ამბობს?
ისო: აღსარებას.
ზურაბი: სახელი ჰკითხეთ.
კაცი: აქ ჩამოიარა უფლისწულმა? მე მას მოვდევდი ფეხდაფეხ. რომ დავწეოდი, ცუდი დღე გაუთენდებოდა დედოფალს. წყეულიმც იყოს. ღმერთო, დამარხე ეგ ცოცხლად ამ აუშენებელ ციხის კედლებში. მე ვკვდები...
ზურაბ: /თავისთვის/ ნუთუ ის არის?
/ხმამაღლა/ სახელს არ ამბობს?
ისო: თქვა აღსარება და მოკვდა.
ზურაბი: სახელი?
თომა: ჩაცმულობაზე ეტყობა ვინმე დიდებულთაგანი უნდა იყოს.
ზურაბი: თითქოს მეცნობა, არარაობად უქცევია მოხეთქილ ლოდს..!
ისო: ვინც ღამე სახლში არ მიდის, დილას ცოლი ეძებს.
ომარ: დილამდე ამის ცნობა შეუძლებელია.
ზურაბი: გადაასვენეთ საყარაულოში და სხვებს მიანდეთ მისი ცნობა, ამ ნანგრევებს კი დარაჯობა აღარ სჭირდება. დილისთვის ისევ უნდა შევყაროთ კალატოზნი. არც დღე, არც ღამე ჩვენს სამეფოში მოსვენებით არ დაიძინებს არც ერთი კაცი და რაც გინდა უდიდესი მსხვერპლი დაგვჭირდეს, ციხის კედლები თვის ბოლოს მტკიცედ უნდა იცავდნენ დედაქალაქს.
/გადის, მიცვალებული გაჰყავთ
სურათი მეორე
მასხარა: მშვიდობის დილა, ჩემო ქალბატონო.
იმედი მაქვს, კარგად გეძინათ გუშინ ღამე.
უფრო სწორად, კარგად გეღვიძათ.
მე ერთ ქალიშვილს ვიცნობდი, ვინც ოთხი წელი
ფეხებს ითრევდა იმის შემდეგ, რაც საურმაგთან
გაატარა ოთხი საათი _
შუაღამის შემდეგ დილის მოსვლამდე.
თეკლა: ჰო, ძილი პირველი მამლის ყივილამდე არ მომკარებია, შემდეგ კი აღარაფერი
მახსოვს თვით დილამდე.
მასხარა: ეს როგორ მოსვლია ჩემს გაზრდილს.
თეკლა: დიდბუნებოვნებამ შეიწყალა ჩემი სინაზე.
მასხარა: /თავისთვის/ მოტყუებულა ჩემი `ძმისწული~. ვინც ამის კატის ხასიათი იცის, ვეფხვის ბდღვინვებით, ასე ადვილად არ დაინდობდა. ეგეც არ იყოს, ნეტა, რას ავნებს თაგვს თივის ზვინი.
თეკლა: რას ამბობ?
მასხარა: შენისთანა ნორჩის არდანდობა არ შეიძლებოდა. თუმცა სახე არეული გაქვთ და უცნაურად სუნთქავ .. ხომ არ ეშმაკობ ჩემთან ტყუილად?
თეკლა: უგუნებობა მომერია ნეტარი ღამის შემდეგ და მარტო ყოფნა მომინდა.
მასხარა: მე ერთი კარგი თვისება მაქვს: თავის თავთან ვისაც მოუნდება საუბარი, ყველას
თამამად შეუძლია მელაპარაკოს, მე სარკე ვარ.
თეკლა: ვინც მაგ სარკეში ჩაიხედავს, თავისი თავი ეშმაკად მოეჩვენება.
მასხარა: თქვენ როგორ ხედავთ ამ დილაზე თქვენს კულულებს და უმანკო სხეულს?
თეკლა: თავი მიბრუის თითქოს და თუ დამტოვებ, ძალიან კარგს იზამ.
მასხარა: ძნელია იხედებოდე შენი სულის სარკეში.
თანაც დიდია ცდუნება შიგ ჩახედვისა. ამიტომ მაგდებენ და ისევ მეძახიან.
თეკლა: ოჰ!
მასხარა: გავრბივარ, გავრბივარ.
/მღერის/ ერთ პატარძალს თმებში თივა ჩაეხლართა, მთვარის ნათელი...
თეკლა: ძლივს არ დამტოვა ამ სალახანამ, აბეზარმა და თავის ყოფნით თითქოს მაინც შემიმსუბუქა, მასხრის თვალით დამანახვა ეს ქვეყანა და ჩემს დარდთა სიტყვად ქცევის უნარი მომცა. დაე, იცოდნენ ამ კედლებმა და ყველა ხალხმა, ვინც მე მომისმენს და ვერც კარგს და ვერც ცუდს ვერ გამიკეთებს, რომ ერთ კვირაში ვუღალატე ჩემს შეყვარებულს, თავქარიან უფლისწულ ზურაბს.
უცებ გავთხოვდი, მშვენიერი სხეულის მადლით, ერისმთავრის ერთადერთ ვაჟზე.
იმავე ღამეს ის გავცვალე ჩემს ქორწილშივე შეზარხოშებულ მეფის ვაჟში, რომელმაც სილა გამილაწუნა თავისთანვე ღალატისათვის.
მე შევკივლე, მას საურმაგი გამოუდგა და ციხის ნგრევის მხვერპლი შეიქნა.
ო, რა იმედი დავკარგე მე დედოფლობის.
და ამ იმედებს რომ დაემატოს ჩემი მშვენება, ამდენსავე ვნახავ შურისძიებას მის წინააღმდეგ, ვინც მე მომიკლა სიყვარული, მერე ქმარი და ყველაზე უწინ პატიოსნება.
მიფრთხილდი, ზურაბ, შურისძიებით დაიტენა ჩემი სხეული.
აგერ, შადიმანიც მოდის, ჯერ კიდევ ბედნიერი მამა, სახე უბრწყინავს...
/გადის/
სურათი მესამე
შადიმან: აქეთ, აქეთ, ჩემო მასხარავ, კარგი სიზმარი რამე ვნახე და ხასიათი შემეცვალა თითქოს ცუდისკენ.
მასხარა: მერე მე მიხმობ მაგ ხასიათის გასაღრმავებლად?
შადიმან: არა, სიზმრის გასაგრძელებლად.
მასხარა: მაშ მე მეფის ტახტის ფორმას მივიღებ და თქვენ ზედ დაბრძანდით, ოღონდ შემთხვევით თავამოჩრილ ლურსმანზე შარვალი არ ამოიხიოთ.
შადიმან: შენ რომ არ მყავდე, სწორედ არ ვიცი, ვის დავანთხევდი ჩემს დარდს და ბოღმას.
მასხარა: უფრო სწორად, იმის შესახებ ვის ეტყოდი, არა?
შადიმან: ქარაგმებისთვის განვეწყვე უცებ მეც შენსავით.
ვეტყოდი კი ისეთ ვინმეს, რომ ჩემი ჭკუა და შენი გრძელი ენა...
მასხარა: ო, რამდენ სისულელეს ჩაიდენდნენ ერთად, რადგან მაგისთანა ჭკუისათვის ენა სწორედ დიდი მტერია.
შადიმანი: ხი, ხი, ხი, უნდა გეთქვა პატიოსნებაო, არა?!
მასხარა: როგორ, არ ვიცი, მე მამაჩემზე, სულ ცოტა, ხუთი-ექვსი წლით ადრე დავიბადე და მაშინ უკვე სამჯერ მკვდარი ვიყავი, როცა დედოფალმა, რომლის კალთის ერთი შეხებაც კი ჟინს დაუკარგავს ადამიანს, შენს მაგიერ ხუჭუჭთმიანი აზნაური დურმიშხანი მოიყვანა ცოლად და სამუდამოდ დაგიკარგა იმედი პატიოსანი გზით მეფედ გახდომისა.
შადიმან: მაგრამ ხომ შემრჩა ... კარგი სიზმარი გამახსენდა და ხასიათი ისევ მომეწამლა.
მასხარა: გინდოდა გეთქვა, თავი, გამოტენილი უპატიოსნო გზებითო, არა?
შადიმან: მორჩი ყბედობას.
მასხარა: მე ისევე ვერ მოვრჩები ყბედობას, როგორც შენ ხელმწიფობაზე ფიქრს.
შადიმან: მე რომ ხელმწიფე გავხდე, შენ სახრჩობელა არ აგცდება.
მასხარა: და თუ არ შეიქნები, კიდევ შენ თვითონ შეიძლება გახდე იმის მსხვერპლი.
შადიმან: ეგ მასხრობა რაღაც არ მომწონს.
მასხარა: ალბათ, იმიტომ რომ სახრჩობელასთან შენ უფრო ახლოსა ხარ, ვიდრე მე.
შადიმან: მაგ სიტყვებით კი მასიამოვნე. ერთი ახლოს მოდი, ეს ოქროს კვერთხი მინდა გაჩუქო.
მასხარა: ნუთუ?!
შადიმან: აჰა, მიიღე... ოქროს გაყიდი, ვიცი, ხარბი ხარ, ეს დარტყმა კი დაგამახსოვრდება.
მასხარა: ო, ხარბო გულო, მამაჩემზე ექვსი წლით ადრე დაბადებულო, ამდენი იცი და ამ პატარა ოქროს ნამტვრევმა ასე როგორ დაგაბრმავა. თითს ვკაკვავ, ვაღიარებ, რომ ღირსეულად დამკარ ბეჭებზე... ოხ... ამის შემდეგ შენთან ახლოს აღარ მოვალ, სანამ ჩემი ხელით არ ჩამოგხსნი სახრჩობელიდან.
შადიმან: რას აგეკიდა ეგ სახრჩობელა?!
მასხარა: უბრალოდ, კარგი სიზმრები ცუდად მთავრდება და მე კი სულ შენს სიზმარზე ვფიქრობ.
შადიმან: იცი, რა ვნახე?
მასხარა: ვხვდები.
შადიმან: აბა?
მასხარა: ციხის დანგრეულ კედლებში შემოდიოდა მტრის ჯარი.
შადიმან: კიდე?
მასხარა: მეფე ეკიდა დედოფლის გვერდით, ჩამომხრჩვალი სასახლის თაღქვეშ.
შადიმან: ხასიათი რად გამიფუჭდა მაშინ დილაზე?
მასხარა: უფლისწული დარჩა, ალბათ, ცოცხალი.
შადიმან: მოდი აქ, ძაღლო! როგორ მიდის გალავნის შენების საქმე?
მასხარა: ღვთისა და ჩვენი შემწეობით, ისევ დაინგრა გუშინ ღამით და, მგონი, მსხვერპლიც მოჰყოლია.
შადიმან: აუ, ღმერთებო, იმატე, მსხვერპლო, და არ აშენდე შენ, გალავანო.
თეკლა: მიშველეთ, მიშველეთ!
მასხარა: ერისმთავრის ვაჟი ხომ არ მოგდევს, ჟინზე მოსული?
შადიმან: ხი, ხი, აბა, თქვი, თეკლავ, ჩემო რძალო!
გურანდუხტ: აუ, მაგ შავ დღის არგათენებას.
შადიმან: რა დაგემართათ!
მასხარა: თათარი ხომ არ მოგდევს, ქალბატონო?
გურანდუხტ: ვაი უბედურს!
შადიმან: რა დაგემართათ!!
გურანდუხტ: უბედურო ჩემო მეუღლევ, ბედდამწვარო ბებერო შადიმან!..
შადიმან: გამაგებინეთ რა გემართებათ!
მასხარა: აქ სულ სხვა რაღაც საქმე დატრიალდა.
თეკლა: აღარ მყავს...
შადიმან: საურმაგ სად არის, შენი მეუღლე და ჩემი ერთადერთი ძე, შემატყობინეთ.
/მასხარა გარბის/
გურანდუხტ: ძალა მერთმევა, გონებას ვკარგავ, გულს ვეღარა ვგრძნობ და მაინც ცოცხალი მქვია, აუ, უბედურს.
თეკლა: ხსნად მხოლოდ სიკვდილი დაგვრჩა.
შადიმან: სად არის, ხალხო, ჩემი საურმაგ!
მასხარა: /შემორბის/ ხორცის გროვაა იმისგან მხოლოდ დარჩენილი.
|შადიმან: მასხრობ?! ხომ მასხრობ, მართალი მითხარ და ამ ჯოხს მართლა გაჩუქებ, ზედ მთელ ქონებას დავუმატებ. ....
მასხარა: /თავისთვის/ იგრძნო ოხერმა, რომ ეს ჯოხი და მთელი ქონება მასთან დარჩება.
/ხმამაღლა/ ნეტავი მართლა მასხრობა იყოს.
შადიმან: ვახმე უბედურს, არარაობას, მამას უშვილოდ და ერისმთავარს უმემკვიდრეოდ.
მასხარა: /თავისთვის/ დიდი ზარია ჩემთვისაც, საურმაგის, ჩემი გაზრდილის, გვამად ქცევა, მაგრამ დავკარგე ავისა და ცუდის გარჩევის ცნობა და, საოხუნჯოდ დაბადებული, მასხარად დავრჩი.
თეკლა: ო, ჩემი ქმარი!
გურანდუხტ: ო, ჩემი ვაჟი!
შადიმან: ტახტის მფლობელად გამზადებული ჩემი მემკვიდრე, მითხარით, ვინ მოკლა?O
გურანდუხტ: ვიღაცას განგებ მისი გავლის დროს დაუნგრევია ციხის კედელები და შიგ მოჰყოლია.
შადიმანი: ციხის კედლები!! განგებო, ამბობთ?!
მასხარა: ციხის კედლებთან ლაპარაკობდნენ, ამ საქმეს თვითონ მეფე იკვლევსო და თუ მიაგნო... /თავისთვის/ ვშიშობ, ერისთავი მასხარის გვერდით არ ჩამოახრჩოს.
შადიმანი: ოოჰ, ბედისწერავ, უსამართლო, რისთვის გვაგონებ ჩვენ ავ საქმეთ, ... წვრიმალ შურსა, რისთვის გვასწავლი ასე იოლად გზას ბოროტისაკენ და არ გვიტოვებ უკან დასახევ არც ერთსა ბილიკს. ამ ხელებმა ბრმამ, არაწმინდამ, თვითვე მოთხარეს თავისი ჯაფით დარგული ხე და მათვე უფრო ღრმად უნდა მიაბარონ იგი მიწას.... ვფიცავარ იმას, რაც აღარა მყავს, რომ იმ მიწიდან მხოლოდ შური პირდაპირი ამოვა ცისკენ, არ მოისვენებს ჩემს სხეულში არც ერთი ნერვი, სანამ იმ კედლებს მეხუთეჯერაც არ მოვანგრევ, ოღონდ ისე კი, რომ შიგ მოყვეს უფლისწული, მეფე-დედოფლით, და თუნდ მთელი ერიც.
მასხარა: ნგრევის წინ, თურმე, უფლისწული უნახავთ იქ ჩავლილი.
(შემოდის ვახტანგ)
ვახტანგ: მუხლს ვიდრეკ თქვენი უსაზღვრო დარდის წინაშე.
შადიმან: ო, ჩემო სიყრმის მეგობარო, მეორედ მოსვლა დაიწყო ჩვენთვის.
ვახტანგ: მე შენთანა ვარ, ერისმთავარო,
ოღონდ მზემოკლე იყოს ხელმწიფე.
მის ვაჟიშვილზე ჭორი დადის, ზუსტი ასლია მისი ქცევისა.
მის უთავბოლო ქარაფშუტობას დამატებია ავი ზრახვანი
და ამ ავ ზრახვად უმსხვერპლიათ, თურმე, საურმაგ.
თეკლა: ნუთუ?
ვახტანგ: კიდევ ერთ ვინმეზე აქვს ხალხს ეჭვი.
შადიმან: ვისზე?
ვახტანგ: თქვენს რძალსა ჰკითხეთ.
შადიმან: თეკლა!
თეკლა: ახლა ჩემთვის მხოლოდ გლოვა არსებობს.
ვახტანგ: რაღაც არა ჰგავდით გახარებულს მაშინ, ქორწილის ღამეს, რომ სხვაობისათვის დარდი ძლიერ დაგტყობოდათ.
თეკლა: ჩემი დარცხვენა იმ ნეტარ წუთებში თუ უგუნებობად მიიღეთ...
მასხარა: ფარდა ეხდება საშინელ საქმეთ, რომ უფრო მეტად ჩამოიბუროს.
თეკლა: რაზედა ბრძანებთ, მე აღარ მესმის არაფერი, დარდისგან მოკლულს.
ვახტანგ: რაზედა დარდობ, ბილწო დიაცო,
შემბღალველო მეუღლის ვალის,
მას, რომ არ გახდი უფლისწულის ნაზი მეუღლე,
თუ რომ დაკარგე ძვირფასი ქმარი
ქორწინების პირველსავე ღამეს.
თეკლა: ო, ღმერთო ჩემო, ცილისწამება თავს დაატყდა ჩემს მწუხარებას.
შადიმან: ერისთავთა ამაყი რძალი ამ წამებში შურისძიებაზე უნდა ფიქრობდეს მხოლოდ.
რას მივაწერო, თავადო ვახტანგ, თქვენი სიტყვები!
ვახტანგ: ჩემს აღელვებას. დამავიწყდა, რომ მხოლოდ გლოვა გვმართებს ყველას.
მასხარა: მაშინ დავიწყოთ ხელები გულმკერდზე და ვიტიროთ.
შადიმან: არა!
გურანდუხტ: მე თვითონ, დედა, პირველი შევიშრობ ცრემლებს.
მასხარა: მეც თქვენ მოგბაძავთ თქვენი მასხარა და სიცილს დავიწყებ.
ვახტანგ: ბრძნული არის თქვენი სიტყვები.
შადიმან: დამიგდეთ ყური, ჩემო ერთგულო მახლობლებო, ცოლო და რძალო,
არც ერთი წვეთი ცრემლი არ დაიღვრება ჩემს ოჯახში იმ დღემდე,
ვიდრე უფლისწულს და იმის მშობელთ
სიცილისა და ტირილის უნარს ...
შემომფიცეთ.
მასხარა: შეჰფიცეთ!
ყველანი: ვფიცავთ.
შადიმან: ახლა გავიდეთ, დავტოვოთ ეს ვრცელი დარბაზი,
რომელშიც ყველა სიტყვა იბნევა
და ვნებას ამცირებს შურისძიების.
მე თვით მექნება საუბარი ჩემს პატიოსან რძალთან
და შევეცდები ყოველი მისგან ცუდი ნაქნარი
ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო.
ამ დრომდე გამოუკვლევლად მივუტევებ მას ყველა ცოდვას.
თეკლა: ყველა მიზეზი მაქვს მე შურის საძიებლად
და არც ერთი სიყვარულისათვის,
სისუსტესა ვგრძნობ მარტო ყოფნისას.
ნეტავ, პირველმა გაიმარჯვოს უკანასკნელზე.
მასხარა: როცა სისუსტე მომაწვება, მე შადიმანს მივმართავ ხოლმე
და მისი ერთი დანახვაც კი
ყველაფერს დევნის, ბოროტის გარდა, ჩემი გულიდან.
თეკლა: შენ ყურს მიგდებდი!
მასხარა: არა, ისე, საქმეთა ვითარებას გულისხმიერად ვადევნებ თვალყურს.
შადიმან: /შემოდის/ მცირე ოთახში მოიცდიან დედოფალი და დიდებულებიც,
მე დიდ არენას დიდ საქმეთათვის ვარჩევდი
და აქ მსურს ჩემს რძალთან ლაპარაკი.
შეგიძლია, რომ შენც დაესწრო.
მასხარა: დიდო ბატონო, მე თანახმა ვარ,
რადგან ბნელ ზრახვათ ღია ფერებში ჩაცმული
მასხარასავით არაფერი არა ფარავს.
შადიმან: სიამოვნებით ჩავიცვამდი მე მაგ სამოსელს.
მასხარა: მე კი თქვენსას, მაგ სამოსელში მასხრობა უფრო იოლია.
შადიმან: იატაკზე, იატაკზე დაჯექი-მეთქი...
ჩემო რძალო, დიდი თავადის აღელვება რას მივაწეროთ?
თეკლა: თვით იმას ჰკითხეთ.
შადიმან: მე მიზეზს ვეძებ და არა შედეგს.
მასხარა: ცუდად ეძინა თეკლასავით, ალბათ, იმასაც ან ჩვენმა დარდმა დაუკარგა ჭკუა-გონება.
შადიმან: ჩემო რძალო, ერთი მითხარი, ძლიერ დაითვრა ჩემი ვაჟი გუშინ ქორწილში?
თეკლა: მე მას სიმთვრალის ვერაფერი შევამჩნიე.
შადიმან: აბა, უფლისწულს როგორ ჰკადრა ხმამაღლა სიტყვა!
თეკლა: ზურაბი გახლდათ უგონოდ მთვრალი.
შადიმან: თავქარიანი... თუ სთქვა რამე...
თეკლა: ალბათ, არ მახსოვს.
შადიმან: შენზე ამბობენ, რომ გაწითლდაო!
თეკლა: დიახ, სიცხისგან.
შადიმან: შენ ყოველთვის სწორს ამბობ.
მე ჩემი რძლის კარგ ქცევაში ეჭვის შეტანა
უაღრესად დამამცირებდა
და თავს არ ვკადრებ მაგნაირ რამეს,
მაგრამ ხომ იყო ქორწილამდე ერთი შემთხვევა,
როცა უფლისწულს მონდომებია გაარშიყება
მსუბუქად, ოდნავ...
მე, როგორც მამას და შენს პატრონს,
ნუ დამიმალავ.
თეკლა: დიახ, იყო.
შადიმან: ღვინოს წარსულში გადაჰყავს კაცი,
და რაც დაკარგა იმ წუთებში, ყველა უნდა,
რომ უცება ქნას.
მასხარა: ესეთ ბუნდოვან საუბარში ამდენი ნათელი აზრი ჯერ არ მსმენია.
თეკლა: მე კი არ მესმის, საითკენ მიგყავთ საუბარი.
მასხარა: ქვევითკენ, ქვევითკენ.
შადიმან: შესაძლო არის, რომ ზედმეტად შეაქო ღვინონასვამმა თქვენი თვალ-წარბი!
თეკლა: დიახ, შეაქო.
შადიმან: როცა ენას ფარად იყენებს კაცი,
მაშინ მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილსა ფარავს.
მასხარა: ის ნაწილი კი ყოველთვის შიშველი რჩება, რაც ამოძრავებს.
თეკლა: ისედაც მოკლულს დარდისაგან, გთხოვ, ნუ მაწამებთ.
შადიმან: წადი, ჩემო რძალო ... მოიცა,
მხოლოდ მეფესთან გაიმეორე, თუ შეგეკითხონ.
ღვინონასვამი ზედმეტად აქებდა-თქო ჩემს თვალ-წარბს.
თეკლა: მერე ეგ ვითომ შეუმსუბუქებს საურმაგს ხვედრს?
შადიმან: ახლა მე შენი სიპატიოსნე მაინტერესებს
და ხალხს, ვინც ზედმეტს ლაპარაკობს,
პირში ბურთს ჩასჩრი უმტკივნეულო
გულახდილობით.
თეკლა: ბატონი ბრძანდები.
/გადიან/
მასხარა: ქორწინების, ბედნიერების პირველსავე ღამეს საურმაგ მოკვდა.
ეს საწყისია... ტრაგედია ახლა იწყება.
შადიმან: ჩემი რძლის ერთ ნაზ სიტყვას
მე იმდენ ჩუმ ცეცხლს დავუმატებ, რომ
სასაკლაო დატრიალდეს მთელ სამეფოში.
სურათი მეექვსე
ვარდისახარ: კატო, გოგო, სარკე მომეცი.
კატო: რომელი სარკე, ქალბატონო, ცოდვათა ქმნის თუ მონანიების?
ვარდისახარ: პატარა სარკე, ვაზის ჩარჩოთი, ოქროს პატარა არშიით და ბრილიანტებით,
რომელშიც მოჩანს ცუდიც და ავიც.
მხოლოდ საკუთარ საქმეთათვის მცალია ახლა.
/კატო ბებერი ქალია, რომელმაც იცის მისი შვილის საიდუმლო/
კატო: იგი მე ჯერ თვალითაც არ მინახავს.
ვარდისახარ: ის მე დავმალე კიდობნის უკან, როცა შევფიცე
ეშმაკსაც და ანგელოზს ერთად,
მამაკაცს არ გავკარებოდი,
ჩემს სახეს მზე არ დაენახა,
ტანს წყალი არ მოხვედროდა,
თმას სავარცხელი და სულს მშვიდობა,
ვიდრემდის..
კატო: ვიდრემდის მაგ ნივთს ვიპოვიდე, ხომ არ
მიიღებთ, ქალბატონო,
სამარჩიელოდ მოსულ მომლოდინეთ.
ერთი კაცია, დარდისგან მკვდარი,
იმისი შვილი ჩუმად მოუკლავთ აკვანშივე,
მას მიჰყოლია იმისი ცოლიც, ყმაწვილი ქალი,
ხოლო ქალის დარდს გადაჰყოლია დედამისი.
ვარდისახარ: ნეტავი მაგათ, შვება უნახავთ.
კატო: ვაჰ ეგეთსა ხსნას!
ვარდისახარ: ეს კაცი მკვდარს ჰგავს,
დარდისგან დამჭკნარს?
ხომ ვერ გამიგებ მის სახელს?
კატო: ახლავე, ქალბატონო,
ვარდისახარ: მოიცა, გოგო, თუმცა წადი და სახელთან ერთად სარკეც მომიტანე.
კატო: ახლავე, ქალბატონო, არ დამავიწყდება. ის კაცი კარებს უკან იცდის.
ის სარკე კი კიდობნის ქვევით არის დამალული, არა?
ვარდისახარ: წადი.
კატო: რამდენი ხანია. რაც ის სარკე იქა დევს?
ვარდისახარ: წადი და ახლავე მომიტანე.
კატო: რა დარდები გაქვთ, ქალბატონო, სხვის დარდის მკურნალს, ვერ მომახსენებთ? თქვენს ერთგულ მსახურს სურს, რომ რითიმე შეგიმსუბუქოთ.
ვარდისახარ: შენ კიდევ აქ ხარ?!..
/კატო გადის/
რა ვერაგია ხალხი ბუნებით. ეს უცვლელი
მოახლე ქალიც ცდილობს გაიგოს
ქალბატონის გულისნადები,
რომ მოიკლას თავისი ჭორი და მით იარა
გამიღრმაოს.
რა ნაცნობია ჩემთვის ეს გრძნობა,
ჩემთვის, რომელმაც მარჩიელობის ამ ულევ წლებში,
ხალხის პატარა ტკივილიც კი ზეპირად ვიცი.
რომელიც კურნავს ერთის მუწუკს, რომ
მით მეორეს რაც შეიძლება მაგრად ატკინოს.
სწორედ ამიტომ შორს გავარდნია ვარდისახარს
და მის ხელობას, შიშისა და შვების
მომგვრელი მარჩიელის, გაჭირვებისას
საჭირო და ლხინის, ქეიფის, სხვა
ამქვეყნიურ დროსტარების დროს დასაცინი,
შემზარავი და გასაკიცხი სახელი.
კატო: /შემოდის/ ქალბატონო, იმ კაცს ზურაბი ჰქვია, ეს სარკე კი შუაზე გაბზარულა.
ვარდისახარ: ზურაბი?!
კატო: დიახ, უფლისწულის სეხნია გახლავთ.
ხოლო ცოლი და დედა დარდს კი არ
მოუკლავს, როგორც მოგახსენეთ,
არამედ იმ ციხის კედლებს, რომლებიც ისევ დაქცეულან
და სალოცავად მიმავალნი შიგ მოუყოლებიათ.
მეფის შიკრიკი: /შემოვარდება/
ვარდისახარი რომელი ხართ,
კიდით კიდემდე ცნობილი მარჩიელი?
ვარდისახარ: ის დღეს არ იღებს.
მეფის შიკრიკი: ხელმწიფის ბრძანებით, ხვალ დილას
მის კარს უნდა ეწვიოთ სამარჩიელოდ...
მტერი საცაა გამოჩნდება, ციხის კედლებს
კი არაფერი ეშველა.
ვარდისახარ: ვეახლები.
/შიკრიკი გადის, კატო აცილებს/
ეს სარკე ტყუილად არ გაბზარულა,
არც ის მოსულა, უფლისწულის
ერთსახელა, ამ დილას ისე,
მეც ტყუილად არ დამძვრია შურისძიების
ხელოვნურად და დიდი ძალით მივიწყებული
ტვირთი, რომელსაც 21 წელს მშვიდად ეძინა.
ყოველი იგი, ვინც ამ სარკეში
ჩაიხედავს, საშინელ ტანჯვით დაიღუპება.
/სარკეში იხედება/
უუ, ღმერთებო! სისხლის ნიაღვარს ვხედავ,
რომელიც მე ვარ,
და შიგ ქარიშხლისგან გზააბნეულ ნავებივით
მიცურავენ სხვა დანარჩენნი.
და თუ ხელმწიფეს, ვინც მე მიყვარდა,
ქალური სიფაქიზით თვითონ ვერ ვავნე,
ვისგანაც მკვდარი შვილი მეყოლა
სწორედ იმავ დღეს, როცა სამეფო
ეგებებოდა ჩვენს უფლისწულს,
და ყველას ლხინი
ჩემს ნაღველსა და დარდს აღრმავებდა ...
მაშ შეტრიალდი, ბედისწერავ, ჩემგან შექმნილო,
დაწყებულო ჩემს უნებურად
და ამ ტრიალში თუნდ მეც მიმსხვერპლე.
ჩამოიწეწეთ დედაბერივით, ჩემო თმებო,
ბროლივით თეთრ სახეზე აიკარ
ყველაზე უფრო შავი ნიღაბი
და მოემზადე ხვალ დილისათვის.
სისხლის წუწნა არათითიდან სისხლის
აშკარა ღვრით შეიცვლება.
/გადიან/
(დაუმთავრებელი)
[1960 წელი. თბილისი]
შენიშვნები
არსებობს ტრაგედიის მხოლოდ რამდენიმე სცენა: სულ 39გვ. და თითქმის მთლიანი სიუჟეტი. მიუხედავად მასალის ასეთი ფრაგმენტულობისა, მწერლის ცხოვრება-შემოქმედებისათვის თავისი მნიშვნელოვნების გამო, მაინც საჭიროდ ვცანით ამ დაუმთავრებელი ტრაგედიის ტომის ძირითად ნაწილში დაბეჭდვა. ტექსტი დაწერილია შავი არაქიმიური ფანქრით, შავი ავტოგრაფისათვის დამახასიათებელი გაკრული ხელით. შიგადაშიგ _ როგორც ჩანს, წერის პროცესშივე _ მწერალი შლიდა ცალკეულ სიტყვებსა და ფრაზებს იმავე ფანქრით, რითაც დაწერილია მთელი ტექსტი. ქვემოთ ძირითად ჩანაწერებთან ერთად მოყვანილია გადაშლილი წინადადებები, სიტყვები და ვარიანტები. აქ ჩანს, რომ პიესის წერის პროცესში იცვლებოდა ცალკეული დეტალები, მოქმედ პირთა ფუნქცია და სხვ.
ჩანაწერები და შენიშვნები `სურამის ციხისათვის~:
თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, საურმაგს, `ზურაბის მეგობარსა და მოშურნეს, მამის ჩაგონებით~, უნდა `გაეხსნა ფრჩხილები~.
პირველი მოქმედების ბოლოს არის ასეთი მინაწერი: `ეს სცენა უნდა გაკეთდეს როგორც ზურაბისგან ყოველი ტრაგედიის მასხრად აგდება, განსაკუთრებით, ციხის კედლებში დამარხვა, მოსწრებული სიტყვა-პასუხით. უნდა იყოს, აგრეთვე, არანიშანდობლივად ლაპარაკი თეკლასთან მისი ტრფიალის შესახებ~.
მოქმედი პირების დასახელებისას, პირველი მოქმედების დაწყებამდე წერია:
`მთელი მოქმედება ზურაბის მტრებისა თუ თვითონ ზურაბისა მიმართულია იქითკენ, რომ ციხეში ცოცხლად დაიმარხოს.~
გადაშლილი მინაწერები პირველ მოქმედებაში: `ისო: ეგ ისეთი იღბლიანია, მანდ არ მოყვება~, `კაცი: მან ჩაიარა ჩემზე სულ ერთი წუთით ადრე, მე აქ მოვყევი...~ `მე ვკვდები, ეგ კი ცოცხლად დაიმარხოს ამ აუშენებელი ციხის კედლებში.~
სურათი III (ალბათ, ეს სურათი უნდა იყოს პირველი ვარიანტი) (1_3გვ.)
მასხარისა და თეკლას დიალოგი თეკლას საძინებელში. აქ, გვ. 3-ზე, მინაწერი არეზე:
`აქ ამბობს, რომ დილით სარეცელი ცარიელი დახვდა. არც მან იცის, რომ საურმაგი მოკვდა. !!! ზურაბი ისე მივიდა ფანჯარასთან, დაიყივლა და უკან წამოვიდა...~
`უნდა ჩანდეს, რომ ზურაბი ძალიან უყვარდა.~
მინაწერი სურათის ბოლოს: `ზურაბის ლხინის სცენა გაკეთდეს მარჩიელობამდე.~
სურათი III: არსებობს ამ სურათის ორი ვარიანტი. ერთი იწყება სიტყვებით: `აქეთ, აქეთ, ჩემო მასხარავ.~ (1_15 გვ.). ეს ვარიანტი უფრო სრულია.
ამ სურათის სხვა ვარიანტი იწყება შადიმანის სიტყვებით: `შენ რომ არ მყავდე, ჩემო მასხარავ~ (1_11გვ.). ამ ვარიანტის პირველსავე გვერდზე არის ასეთი მინაწერი არეზე: `მასხარასთან ლაპარაკის დროს ამბობს, რომ ის განგებ ანგრევს ციხის კედლებს.~ იქვეა მეორე მინაწერიც: `შადიმანი და მასხარა ერთად აწყობენ ციხის კედლების ნგრევის ამბავს, რომელსაც შემდეგ უფლისწულს დააბრალებენ ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, აუმხედრებენ მეფეს.~
III სურათი (ვარიანტი _ მ.რჩ.)
შადიმან: შენ რომ არ მყავდე, ჩემო მასხარავ, ვის დავანთხევდი ჩემს ღვარძლს და ბოღმას, სწორედ არ ვიცი.
მასხარა: უფრო სწორად, იმის შესახებ ვის ეტყოდით, არა?
შადიმან: ალბათ, ისეთ ვინმეს, რომ ჩემი ჭკუა და შენი გრძელი ენა..
მასხარა: ო, რამდენ სისულელეს ჩაიდენდნენ ერთად, რადგან მაგისთანა ჭკუისათვის ენა სწორედ დიდი მტერია.
შადიმან: შენ ჩემი ჭკუისა რა იცი!
მასხარა: როგორ არ ვიცი: რომ სადედოფლო იმის კალთის შეხებაც კი ჟინს სამუდამოდ დაუკარგავს ადამიანს. ამ ოცდაერთი წლის (წინ) შენ უნდა შეგერთო, ერისმთავარს. იმან კი, თავის მხრივ, ხუჭუჭთმიანი აზნაური დურმიშხანი მოიყვანა ცოლად.
შადიმან: მე რომ ხელმწიფე შევიქნე, შენ სახრჩობელა არ აგცდება.
მასხარა: თუ არ შეიქნები, შენ თვითონ შეიძლება გახდე იმისი მსხვერპლი.
შადიმან: ეგ მასხრობა რაღაც არ მომწონს.
მასხარა: ალბათ, იმიტომ რომ სახრჩობელასთან შენ უფრო ახლოსა ხარ, ვიდრე მე.
შადიმან: ახლოს მოდი, ეს ოქროს კვერთხი მინდა გაჩუქო.
მასხარა: ნუუ?
შადიმან: აჰა, მიიღე. ოქროს გაყიდი, რა სახსოვარიც არ უნდა იყოს, ეს დარტყმა კი დაგამახსოვრდება.
მასხარა: ო, ხარბო გულო, ისევ ისე ტყუილად მოვტყუვდი და ღირსეულად დამკრეს ბეჭებზე... ამის შემდეგ შენთან ახლოს აღარ მოვალ, სანამ ჩემი ხელით არ ჩამოგხსნი სახრჩობელიდან.
შადიმან: რას აგეკიდა ეგ დახრჩობა?
მასხარა: როგორ არ იცი, მტერი საცაა გამოჩნდება, ციხის კედლები კი სულ ინგრევა, ხომ შეიძლება ვინმემ იფიქროს ერისთავზე რამე აუგად ... მაშინ ...
თეკლა: მიშველეთ, მიშველეთ!
გურამდუხტი: აუ, ამ შავ დღის არგათენებას...
შადიმან: რა დაგემართათ?
თეკლა: აუ, გვიშველეთ!
მასხარა: ძაღლი ხომ არ მოგდევთ, ქალბატონო?
შადიმან: რა დაგემართათ?
გურანდუხტ: უბედურო ჩემო მეუღლევ, ბედდამწვარო ჩემო შადიმან!
შადიმან: გამაგებინეთ, არ გადამრიოთ.
მასხარა: აუ, აქ სხვა რაღაც საქმე დატრიალდა.
თეკლა: აღარ გვყავს, აღარ.
შადიმან: საურმაგ სად არის, შენი მეუღლე და ჩემი ერთადერთი ძე,Eშემატყობინეთ.
/მასხარა გარბის და ისევ შემორბის/
მასხარა: ხორცის გროვაა იმისგან მხოლოდ დარჩენილი.
შადიმანი: მასხრობ, ხომ მასხრობ, მითხარ და ამ ჯოხს მართლა გაჩუქებ.
მასხარა: /თავისთვის/ იგრძნო ოხერმა, რომ ეს ჯოხი მასთან დარჩება. /თავისთვის/ ნეტავი მართლა მასხრობა იყოს.
შადიმანი: ვახმე უბედურს, არარაობას, მამას უშვილოდ
და ერისმთავარს უმემკვიდრეოდ.
მასხარა: /თავისთვის/ და უეროდ.
შადიმანი: გურანდუხტ, შენი ცრემლები ნუთუ მართლა საურმაგისათვის იღვრება, მითხარ!
გურანდუხტ: ვაჰ, განგმირულო დედის გულო, რისთვის მარგუნე ეს განსაცდელი! გესმის, შადიმან, აღარ არის ჩვენი საურმაგ, ჩვენი შვილი.
შადიმან: დამაცადეთ, რომ გონს მოვიდე, ან მთლად დავკარგო, რაც დამრჩენია.
მასხარა: დაგრჩა კიდევ დასაკარგავი?
შადიმანი: საუბედუროდ, ჩემო მასხარავ, აუჰ..
მასხარა: მაშ დაკარგე ისიც, რომ მის მაგიერ ვაჟკაცობა შეიძინო. და თუ აქამდე შენგან დაწყებული შურისძიება მხოლოდ შენ გვნებდა, ამის შემდეგ სხვასაც ავნოს.
შადიმან: საურმაგ, შვილო, შენზე უწინ მე მოვკვდი უფრო და აქ მხოლოდ აჩრდილი დარჩა შურისძიების, რომელსაც მოშორდა გვამის სიზარმაცე, სხეულის სიკვდილის შიში და იმ შიშისათვის გასამართლებელი მოწყობილობა _ გონება. გახელდი სულო, ენავ, გადაიქეც მასხრის სიტყვად და გველის შხამად.
მსახურთუხუცესი: მწუხარების ჟამს ერისთავთ ერისთავს შადიმანს ეახლნენ თავადები ლიპარიტ, ლევან და ვახტანგ.
შადიმან: შეწყდეს გოდება და ყველაფერი შურისძიებად გადაიქცეს! /შემოდიან თავადები/ სამძიმარი არ მომახსენოთ, ბოროტი იყოს ჩვენი მტრისათვის თქვენი აქ მოსვლა, თქვენთვის _ კეთილი, ხოლო ჩვენთვის ეგ ნეტარება აღარ არსებობს.
ლიპარიტ: მართალი არის, რაც გავიგეთ?
ვახტანგ: ციხის კედლების ჩამონგრევას უმსხვერპლია თქვენი ვაჟი.
ლევან: ღამე სასეირნოდ გამოსული.
თეკლა: (თავისთვის) თუ ყველაფერი გამომჟღავნდა, მეც, ალბათ, მის კვალს მიმაყოლებენ. ვერაგი არის ლიპარიტი, ალბათ, რამე იცის.
ვახტანგ: უკვე მეოთხედ ჩამოინგრა ეგ კედლები და ოთხივეჯერ მსხვერპლი მოჰყვა.
ლევან: მსხვერპლი იზრდება საშინლად ყოველ ჯერზე. და ეს მეორე პირველად დაგვატყდა ჩვენ რისხვით თავზე.
მასხარა: ჯერ თოთო ბავშვი დაიტანა, შემდეგ დედაშვილი, სალოცავად მიმავალი.
შადიმან: აუ, საურმაგ, აუჰმე შვილო, წყნარად იყავით, ბატონებო, ვფიცავ, ეს გმინვა ბოლო იქნება, და მას საქმე შეცვლის შურისძიების. /თავისთვის/ ჩემივ მახეში მევე გავები...
ვახტანგ: მაგრამ ვის წინააღმდეგ, განა სტიქიონს ავნებს რასმე ჩვენი სიბრაზე!
ლევან: ადამიანნი სტიქიონის სიმძვინვარისთვის ერთმანეთს ახდევინებენ როგორც იმისი ღირსეული შვილები, განა როდესაც დიდი მიწისძვრის ჟამს თმოგვი დაინგრა, მეფემ რაჭველთა ერისმთავარს არ დასთხარა თვალები?
შადიმან: შურისთვის შურისგება ყველაზე მძვინვარე მაშინ არის, როცა შენ ხარ თვით დამნაშავე. იქნებ ღმერთის ხელი სწორედ იმიტომ ჩაერია ჩემს უბედურებაში, რომ ყურადღება არ გამფანტვოდა, სიძაბუნე შორს გადამეგდო და ჩემი მტრისთვის მიმეზღო შური. ბატონო ვახტანგ, თქვენი მამა რისთვის აწამეს თათრებმა ტყვედმყოფი?
ვახტანგ: დამარცხებისათვის.
შადიმან: ვინ იჯაბნა იმ ბრძოლაში?
ვახტანგ: მეფემ, დურმიშხანმა, რომელიც იმ დროს არ მიეშველა და სხვას შეება.
შადიმან: ბატონო ლევან, თქვენი მეუღლე, თუ არ ვცდები, მუცელს გადაჰყვა.
ლევან: დიახ, როდესაც მეფემ იხმო ჩემთან ერთად სადარბაზოდ.
ლიპარიტ: ხოლო ჩემს მამულს თათრის ხანი დაეპატრონა, რადგანაც იგი მეფემ მოსპო სულ უმიზეზოდ.
შადიმან: ჩემი შვილი კი მეფის მიერ აშენებულმა გალავანმა ჩამონგრევისას დაიტანა.
თეკლა: მეც მათქმევინეთ, თქვენს თვალში უღირსს, იმის შემდეგ, რასაც გაიგებთ, მაგრამ ორმაგად ანთებულს შურისძიებით.
შადიმან: შენ რა უნდა თქვა, ყმაწვილო ქალო, ნაზო, უმანკოვ, უდროო ჟამსა უმეუღლეოდ დარჩენილო.
მასხარა: შურისძიებისას ყველაზე მეტად მხოლოდ ქალს ენდეთ.
გურანდუხტ: შურისძიება მე მმართებს დედოფლის მიმართ თუნდაც იმიტომ, რომ მას ძე ჰყავს და მე კი არა.
თეკლა: უპირველესად გთხოვთ, ყველა ეგ ნაზი თქმები: `ნაზი~, `უმანკო~ უკან წაიღოთ და დამიტოვოთ სიყმაწვილე, როგორც ნიშანი ჩემი ძალისა, რომელიც მომცემს იმის უნარს, რომ ჩემი ფიცი ბოლომდის შევასრულო. მე ახლაცა ვკრთი და ეს კრთომა არ მიმატოვებს თვით საფლავამდე. რაც თქვენთან ერთად უნდა ვთქვა...
შადიმან: თქვი, ნუ დამალავ. ამათი ზიზღი მეფის კარისადმი არ ჩამორჩება არც ერთის ჩვენს ზიზღს.
თეკლა: ეგ ზიზღი სულ მთლად მე დამედება.
შადიმან: სთქვი, ნუ დამალავ.
თეკლა: დაე, ეგ ზიზღი მე დამედოს და შურისძიება თქვენ გაგიღრმაოთ.
შადიმან: თქვი, ნუ დამალავ!
თეკლა: მე უფლისწული ცოლად შერთვას შემპირდა.
ყველანი: აუხ, შეხედეთ ბილწს, უნამუსოს.
თეკლა: და გუშინ ღამე ჩემს სარკმელთან იყო მოსული.
გურანდუხტ: ნუთუ ის იყო?
თეკლა: ის გახლდათ სწორედ, მას გამოუდგა ჩემი მეუღლე და მაშინ მოხვდა იმ კედლებში.
ზოგადი ჩანაწერები `სურამის ციხისათვის~ (1გვ.):
!. ზურაბისათვის:
მე ვკვდები, ეგ კი ცოცხლად დაიმარხოს ამ კედლებში _ გაიგო ეს სიტყვები, ოღონდ აქ ყური მოიყრუა.
ვარდო: გაიგებს, რომ ზურაბს, თავისი სურვილით, ერისა და ხალხის ნებით, ცოცხლად მარხავენ ციხის კედლებში მისი მკითხაობის წყალობით, გაიგებს, რომ ამ ბედისწერამ მის საკუთარ შვილს უწია და თემურ ხანის ლაშქარს წინ წამოუძღვება.
რუსუდან: გაგიჟებულია და მარტო გამოხტება ციხის გარეთ, რომ იმ კედლებთან, სადაც მისი შვილია დამარხული, არავინ მიუშვას.
2. თეკლასათვის:
თეკლა ნაზი ქალია, რომელსაც უყვარდა უფლისწული და გააყოლეს ერისმთავარს.
3. (1 გვ.) შადიმან და მასხარა ციხის კედლების განგებ დანგრევას ზურაბს, მის მეგობარ ციხისკედლის მცველ ისოსა და თეკლას აბრალებენ. დასამტკიცებლად გადაცმული მეფე მიჰყავთ ზურაბისა და თეკლას შეხვედრის ადგილზე, სადაც თეკლა ორნაირ თამაშს თამაშობს., აქ ზურაბი კლავს მამამისს, ატყდება ომი თეკლას მდაბიო ნათესავებსა /ისო/ და დიდგვაროვან აზნაურებს შორის, ზურაბს ირჩევენ მეფედ.
აქ იწყება ნამდვილი ტრაგედია.
სიტყვები: მათი (დიდგვაროვანთა) ნელა წამვლა სჯობს თუ ამათი ვირეშმაკა პირდაპირობისაგან გამოწვეული სიუხეშე (რომელიც წამოსწია გლეხთაგან წინ, ისევ უხეშად ვერაგი გახდა).
ხალხი მოითხოვს მისთვის თავის შეწირულს, ისინი ეხმარებიან ვერაგობით. ვარდო იმათი წარმომადგენელია)
თქმებისათვის:
1. ცა გაიბზარა უცნაური ბედისწერით და ყველას თვალი ბინდით მოიცვა.
შვილის დარდი აღარ არის.
2. სისხლის წუწნა არათითიდან, სისხლის აშკარა ღვრით შეიცვალა.
3. მე, ქარაფშუტას, მეტი გრძნობა მაქვს, ვიდრე მთელ ამ დარბაისელთ, ერთად აღებულთ.
4. ხელმწიფის სიტყვა: ხელმწიფობას შემოქმედებას ადარებს.
5. ზურაბ: მაშინ მოვედი მე ჭკუაზე, როცა იგი ყველამ დაკარგა.
6. ამ უზარმაზარ სახელმწიფოში ერთი რამ მყავდა მეგობრად _ სიმხიარულე, თავმიცემული, არგამოსაფხიზლებელი, რომ არ მეგრძნო ჩემი ქვეყნის დაცემა, და ისიც დავკარგე. რას მომცემთ სანაცვლოდ _ საქმეს? აქაც ..
7. /რაც ეპოქისაგან ნაბრძანებია, კაცი მასზე მაღლა ვერ ავა _ უბრალოდ, არ მისცემს ღმერთი ნიჭს _ ამ შავბნელ შუასაუკუნეებში ყველაზე დიდი ძეგლი ცოცხლად დამარხვაა/.
მინაწერი არეზე ვარდისახარისა და კატოს სცენაში:
` (!!! შადიმანი თვითონ მოვა ამ სცენის ბოლოს ვარდისახართან და იქ ჩააწყობენ საქმეს. მეფის შიკრიკის სიტყვები ძალაში რჩება!)
(ნაჩვენები უნდა იყოს მთელი სცენა მარჩიელობის გონებამახვილობისა.
!!! რაც შეიძლება კარგად და სიმბოლურად).~
შტრიხები ტრაგედიის ინტერპრეტაციისათვის
* ერლომ ახვლედიანმა მითხრა: გურამი და მე 1960 წელს იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენს ურთიერთობებს, ძირითადად, გურამი წარმართავდა ხოლმე. ასე რომ, იშვიათი შეხვედრები, ალბათ, მისგანვე მოდიოდა. ერთხელ, გაგრის ამბებამდე (გურამ რჩეულიშვილი გარდაიცვალა გაგრაში 23 აგვისტოს _ მ.რჩ.) რამდენიმე თვით ადრე, ფეხით ჩამოვუყევით ზემელის დაღმართს. მაშინ ჯერ კიდევ კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი. ლენინგრადის ქუჩის კუთხეში, 23-ე სკოლასთან ახლოს, გურამმა თქვა, `სურამის ციხეზე~ ვმუშაობო და მომიყვა კიდეც ამ ტრაგედიის შინაარსს (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
გურამის გარდაცვალებიდან 10-15 წლის შემდეგ, მეტეხის ტაძარში გამართულ ჩემი ძმის მოსაგონარ საღამოზე (მაშინ მეტეხის ტაძარში სანდრო მრევლიშვილის თეატრი იყო მოთავსებული), ერლომმა თქვა:
`გურამი ბოლო წლებში წერდა დრამას, რომელსაც `სურამის ციხე~ უწოდა. ამ დრამას არაფერი საერთო არა აქვს ჭონქაძისეულ დიდებულ მოთხრობასთან, გარდა იმისა, რომ ორივეგან უნდა აშენდეს ციხე და ადამიანი უნდა ჩაატანონ კედელში. მე ჭონქაძისეულ ვარიანტზე მეტს არაფერს ვიტყვი, იგი ყველამ იცის.
თვით დრამის კონსტრუქციაში ჩანს იდეა, რომლის ბოლომდე ხორცშესხმა გურამმა ვერ მოასწრო. მაგრამ მთავარი გააკეთა და ამ დრამას დამთავრებაღა სჭირდება.
აი, თვით სქემაც...~ (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
არქივის პირველი მექანიკური დალაგებისას ფანქრით დაწერილი თაბახის ფურცლები, რომლებზეც ეწერა რამდენიმე სურათი `სურამის ციხიდან~ და ჩანაწერები ამ ტრაგედიისათვის, მოთავსდა ერთ საქაღალდეში. დაახლოებითAათი წლის შემდეგ, შეიძლება ეს იყო სწორედ მეტეხში გამართული საღამოს მერე, ერლომმა გადაწერა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო `სურამის ციხესთან~ და გაუკეთა რამდენიმე კომენტარი (მაგ. სიტყვებთან _ `ჩვენ იმ ციხის მეციხოვნეები ვართ, რომელიც ჯერ არ აშენებულა~ დაწერილია: `რად უნდა მეციხოვნეები იმ ციხეს, რომელიც ჯერ არ აშენებულა? ჯერ არ არის?~). მას გადაწყვეტილი ჰქონდა ტრაგედიის დამთავრება, ძალიან უნდოდა ეს გურამის მამასაც. ერლომმა ვერ განახორციელა თავისი ჩანაფიქრი და, ალბათ, ეს ბუნებრივიცაა.
ჩემს შეკითხვაზე _ რამ განაპირობა ამ `სქემის~ გადმოცემისას მისი სიტყვები: `ო, როგორ საჭიროა აქ ზურაბის მაგივრად გურამი ვიხმაროო~ (იხ. ნაბეჭდი ტექსტი), ერლომმა მიპასუხა: `რატომღაც გურამის მოყოლისთანავე გამიჩნდა აზრი, რომ მსხვერპლშეწირვის აქტი მისთვის მთავარი კრედო იყო. ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება გურამის მიმართ, მეტი არაფერი.~
საინტერესოა, რომ მეტეხში გამართული საღამოს მერე ხალხური მელოდიასავით აიტაცა ბევრმა `სურამის ციხის~ გურამისეული ვარიანტი, დაიწერა კიდეც რამდენიმე ნაწარმოები (ლაშა თაბუკაშვილი, ვაჟა გიგაშვილი და სხვები). მახსოვს, როგორ ნერვიულობდნენ მამა და ერლომი, არავინ რომ არ ახსენებდა პირველწყაროს და რომ ერლომმა იმ დროისათვის ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ამ ტრაგედიის დაწერა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებებში მეორდებოდა `სქემა~, ვერც ერთში ვერ შეიძინა უფლისწულ ზურაბის ამბავმა ის აზრი, რაც გურამის `სქემის~ არსში იდო და რაც მას სიცოცხლეს აძლევდა. ყველას აკლდა მთავარი!!! ეს `მთავარი~ კი მხოლოდ გურამის შემთხვევაში იყო მნიშვნელოვანი, ვლინდებოდა მწერლის ეგზისტენციურ პოზიციაში და უშუალოდ იყო დაკავშირებული მისი ცხოვრება-შემოქმედების მაგისტრალურ სიუჟეტთან, რომლის შესახებაც წინამდებარე ტომების შენიშვნებში არაერთხელ ვისაუბრეთ.
ასე რომ, გურამმ უამბო ერლომს მომავალი ტრაგედიის სიუჟეტი და ერლომმა მაშინვე იგრძნო, რომ მათ საუბარში რაღაც იყო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის გადმოცემა. შეიძლება სწორედ ამის გამო იგრძნო მან გურამის გარდაცვალების შემდეგ ვალდებულება _ დაემთავრებინა `სურამის ციხე,~ ხორცი შეესხა იმ იდეისათვის, რაც ტრაგედიის საფუძველში იდო. ყოველ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, ბუნდოვანი, აბსტრაქტული შეგრძნება, რომ `მსხვერპლშეწირვის აქტი გურამისათვის მთავარი კრედო იყო~, ერლომს მიჰყვება მთელი ცხოვრება.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გურამმა `სურამის ციხის~ მოყოლისას თითქოს უკვე მეორედ სცადა ერლომისათვის რაღაცის თქმა. პირველად იყო დაახლოებით ერთი წლის წინ არამიანცის საავადმყოფოში (იხ. `სალომესა და გურამის~ კომენტარები ამავე ტომში). მაშინ ერლომი საგონებელში ჩააგდო მუდამ უხვსიტყვიანი მეგობრის ინტენსიურმა სიჩუმემ, თითქოს ყელში მობჯენილმა ცრემლებმა, მას დაეუფლა გრძნობა, რომ გურამს უნდოდა მისთვის რაღაცის თქმა და მერე გადაიფიქრა.
მოგონება:
ერლომს უკვე დაწყებული ჰქონდა `სურამის ციხეზე~ მუშაობა. ეს იყო დრო, როდესაც მე არ ვკითხულობდი ჩემი ძმის დაწერილ არც ერთ სიტყვას. სიმართლე უნდა ითქვას, გულისყურით არ ვეკიდებოდი არც მის საღამოებს, სადაც დავდიოდი მხოლოდ მოვალეობის გამო. მთლიანად სავსე ვიყავი იმის მშვიდი განცდით, რომ ეს მე არ მეხება, მე არაფერ შუაში ვარ. ისე რომ, მაინცადამაინც არც ერლომის მონაყოლისათვის დამიგდია ყური მაშინ. ამიტომ კარგად არც ვიცოდი `სურამის ციხის~ გურამისეული გააზრება და, რაც მთავარია, არც მაინტერესებდა, რაზე მუშაობდა ერლომი, რა იყო ის სქემა, რის ხორცშესხმასაც აპირებდა ის და სხვ. ერთხელ, ერლომთან საუბრისას, ჩემს მეხსიერებაში საიდანღაც ამოტივტივდა ერთი ამბავი, რაც რატომღაც სასწრაფოდ ვუამბე მას:
გურამი ახლად ჩამოსული იყო თელავიდან. ეს უნდა ყოფილიყო, დაახლოებით, 1958 წლის შემოდგომა. შუშაბანდში ვისხედით და რაღაცას ვლაზღანდარობდით. მოულოდნელად გურამმა თქვა: `თელავში საცურაო აუზთან ვიდექით ბიჭები, ჩაცმულები ვიყავით და მოცურავეებს ვუყურებდით. გაისმა ყვირილი _ ვიხრჩობიო. მართლაც, ვიღაც იხრჩობოდა. აქეთ-იქით დავიწყე ყურება, მშველელს ვეძებდი. უეცრად ელდასავით ვიგრძენი, რომ ის სხვა, ვინც უნდა გადამხტარიყო წყალში იმ ბიჭის გადასარჩენად, მე ვიყავი.~ გურამი აღელვებული ლაპარაკობდა. თან თითქოს დამშვიდებულიც ჩანდა. მივხვდი, რომ მან, ეს წუთი იყო, მითხრა მისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
1987 წლის ზაფხულში ფანცქალა სიდამონიძე, გურამის თელაველი მეგობარი, რომელიც მაშინ გურამთან ერთად მდგარა საცურაო აუზთან, საგანგებოდ მოვიდა ჩემთან ნადიკვარზე და მიამბო, ერთხელ როგორ იხრჩობოდა თელავის საცურაო აუზში ვიღაც ბიჭი, გურამი უეცრად როგორ მოსწყდა ადგილს, როგორ გადახტა აუზში ტანსაცმელგაუხდელად და როგორ გადაარჩინა ის.
ფანცქალასთან ეს შეხვედრა ერლომთან საუბრის შემდეგ იყო. საინტერესოა, რომ 1958 წლის უხვსიტყვიან დღიურებში, სადაც რამდენიმე დღიური თელავში გატარებულ სწორედ იმ დღეებს ეძღვნება, როდესაც ეს ამბავი უნდა მომხდარიყო, გადაკრულადაც კი არ არის ამის შესახებ რაიმე ნათქვამი.
მახსოვს, ამ ამბის მოსმენის შემდეგ ერლომი საოცრად აღელდა, თუმცა არაფერი უთქვამს. მერე სასწრაფოდ მოიმიზეზა რაღაც და წავიდა. ვიცი მხოლოდ, რომ მან მალევე დაანება `სურამის ციხეზე~ მუშაობას თავი. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, მოვიდა ჩვენთან და მითხრა: ერთად ვიმუშაოთ გურამის არქივზე, შენ დაიწყე და მე შემოგიერთდებიო. ასე აღმოვჩნდი სრულიად მოულოდნელად, თითქოს ერლომის დავალებით, პირისპირ ჩემი ძმის არქივთან. არქივზე მუშაობის პერიოდში ერლომი ამ საქმეს მთლიანად ჩამოშორდა.
* როგორც მეორე ტომში აღვნიშნე, თითქმის წერის დაწყებისთანავე გურამმა თქვა: `მე იმით განვსხავდები სხვა მწერლებისაგან, რომ ისტორიკოსი ვარ~. მალევე გაირკვა მისი ინტერესის სფეროც: `სიბნელით მოცული შუა საუკუნეები~ (`სურამის ციხის~ ჩანაწერებიდან). აღსანიშნავია, რომ გურამი სწავლობდა კათედრაზე შუა საუკუნეების განხრით. ტრაგედიის თარიღის დასადგენად, გარდა არქივის კვლევისათვის შემუშავებული ფორმალური კრიტერიუმისა (ფურცლის ხარისხი, ხელწერა და სხვ.), მნიშვნელოვანია, აგრეთვე, შუა საუკუნეების თემატიკა, რომელიც სხვადასხვანაირად იჩენს ხოლმე თავს მწერლის ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში.
ამ ეპოქას ეძღვნება `უსახელო უფლისციხელი~ (1957 წელი), პატარა მოთხრობა `ლამაზია გურჯის ქალი~ (1957 წელი) და სხვ. მნიშვნელოვანია დედას ჩანაწერი: `გურამმა მითხრა, მუზეუმში ვიწყებ მუშაობას, შუა საუკუნეები მაინტერესებსო~ (1959 წელი). შუა საუკუნეებს ეძღვნებოდა მისი დიპლომიც, რომელიც, მიუხედავად დედას დაჟინებული თხოვნისა თუ მოთხოვნისა, გურამმა არ დაწერა (`დიპლომის დაწერა, ვგრძნობ, რაღაცას დამირღვევსო,~ მითხრა ერთხელ). არქივში ინახება `სურამის ციხის~ ავტოგრაფის მსგავს ფურცლებზე გურამის ხელით ფანქრით ამოწერილი პასაჟები `ქართლის ცხოვრებიდან~. საფიქრებელია, ისინი კეთდებოდა სპეციალურად `სურამის ციხისათვის~ (1960 წელი). ამ ტრაგედიაში გვხვდება იგივე საკუთარი სახელები (მართა, საურმაგი), რაც გვხვდება იმავე პერიოდის მოთხრობაში _ `სულ დანაწევრდა და აოხრდა...~ აღსანიშნავია, რომ ორივე ნაწარმოები დაწერილია ფანქრით და მსგავს თაბახის ფურცლებზე (1960 წელი).
საურმაგ მაისურაძით (ამ მოთხრობის გმირი) გურამი თავდაყირა აყენებს, ამდაბლებს და გროტესკულად, მისთვის დამახასიათებელი იუმორით წარმოგვიდგენს თავის სიღრმისეულ ინტერესს შუა საუკუნეების მიმართ.
ამონაწერი მოთხრობიდან:
`ბევრი რამ გააკეთა მაისურაძემ ამ ძეგლის შესწავლისათვის, პირველ ყოვლისა, მოიშვა წვერები, შეიმოსა ოდნავ უცნაურად, სველი სავარცხლით უკან გადაივარცხნა ევროპულად გაყოფილი თმები, ფეხებზე ჩაიცვა მთიულური ბანდულები, წინდებში ჩაიტანა პაჭიჭებიანი შარვალი, ხოლო ზედატანი შეიმოსა თეთრი პერანგით, ჰალსტუხით და უკანასკნელი მოდის პიჯაკით, რისგანაც გამოვიდა უცნაური ჰიბრიდი _ არაგვის ერისთავთა დროისა ნაჯვარი ჩვენს დროსთან~.
მკითხველს გავახსენებ სათაურს ამავე პერიოდის დაუმთავრებელი დღიურისა, რომელიც უკვე არაერთხელ მოვიხმე: `შუა საუკუნეების მოქალაქის მოგზაურობა XX საუკუნეში, ანუ თავგადასავალი გურამ რჩეულიშვილისა...~. ამ სათაურში, ვფიქრობ, შუა საუკუნეების მიმართ მწერლის დამოკიდებულება ცალსახა სერიოზულობითაა გამოხატული.
ზემოთ ნახსენებ მოთხრობაში თითქოს საკუთარ თავზე განაწყენებული, გაბრაზებული ჩემი ძმა მსუბუქი ირონიით, და ამასთანავე, შეუბრალებლად უთხრის ძირს თავის ისტორიულ თუ ზოგად განათლებას, ცოდნას, თითქმის `რიტუალური~ ჩაცმა-დახურვის სიყვარულს და ყველა თავის გატაცებას აღიქვამს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობად (`ფორმით გატაცება ეს არის საშინელი რაღაცა და ამას ჰქვია ქართველი კაცი~ _ `იულონიდან~). მკითხველს შევახსენებ ამ ტომში მოყვანილ გურამის ლექსს `მაქვს ჩემი მეთოდი წიგნების კითხვის~, სადაც ის გვირგვინს ხდის საკუთარ თავს, როგორც მკითხველსა და განათლებულ ადამიანს, რომელსაც საურმაგ თურმანიძესავით კითხვაშიც კი მხოლოდ საქმის ფორმალური მხარე აინტერესებს. მართალია, ამ მოთხრობის გმირისაგან განსხვავებით, წვერმოშვებული ჰემინგუეის სურათი, ტუჩებში ჩამდგარი ოდნავი ღიმილით, იმ დროის ახალგაზრდების ინტერიერის შეუცვლელი დეტალი, არ ამშვენებდა ჩემი ძმის საწერი მაგიდის წინა კედელს, მაგრამ როგორც მკითხველი, საურმაგ თურმანიძესავით, ისიც სერიოზულად იყო გატაცებული ამერიკელი მწერლით, განსაკუთრებით, წერის დაწყებამდე. კითხულობდა და აკრიტიკებდა რემარკს და სხვ. `ქართლის ცხოვრება~ კი მისი სამაგიდო წიგნი იყო თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ამონაწერი მოთხრობიდან:
`გაფორმდა თუ არა გარეგნულად, დაიწყო ზრუნვა შინაგანი ბუნების გასამდიდრებლად. იყიდა ჰემინგუეის ახლად გამოცემული ორივე ტომი, `Иностранная литература~-ს ის ნომრები, სადაც რემარკის `ტრიუმფალური თაღი~ იყო დაბეჭდილი, და ვახუშტი ბატონიშვილის `აღწერაი სამეფოისა საქართველოსი~, აგრეთვე, `ქართლის მოქცევა~ და `სახარება~. ამ წიგნების წაკითხვას ის, რა თქმა უნდა, არ შესდგომია, იმდენად ორგანულად შეესისხლხორცა იგი ამ ორივე ეპოქას.~
რა ბრალსა სდებდა გურამი საკუთარ თავს? რა მიაჩნდა მას შუა საუკუნეების მოქალაქის უშინაგანეს თვისებად, რაც არ ჰქონდა თვითონ და საკუთარი თავისათვის მხოლოდ რაღაც ფორმის მიცემით თითქოს ამის ანაზღაურებას ცდილობდა? რა იყო ის, რისთვისაც დაუღალავად ეძიებდა ადეკვატურ ფორმას და რაც აიძულებდა გურამს ყველაფერი მიღწეული მუდმივი თვითირონიის, თვით გვემის, საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილების საფუძვლად გაეხადა? (ეს განსაკუთრებით კარგადა ჩანს ბოლო ორი წლის შემოქმედებაში: `შაშას რევოლუცია~, `იულონი~, `სალომე და გურამი~ და სხვ.).
ამონაწერები დღიურებიდან:
`ჩემზე ამბობენ, რომ მე უცნაური კაცი ვარ, რომელსაც აქვს პოლუსები, რაც ძირშივე მცდარია. არასოდეს ჩემს სიცოცხლეში მე არ მივსულვარ არც ერთ პოლუსზე, უკიდურესობა პრინციპულად გამოთიშავს ჩემს არსებობას. ჩემი განსხვავება შეიძლება იყოს მხოლოდ არანორმალურად ნორმალური გრძნობები, სურვილები და გაქანება, ოღონდ ყველა მხარეს. მიუხედავად ამისა, მე მაინც არა ვარ დილეტანტი, ზერელე _ რაც ყველაზე კარგი დახასიათება იქნებოდა ჩემს მიერ ჩემი თავის აღწერისას ...
არ არსებობს ფორმა ჩემში, მხოლოდ ჩემში, რომელიც ტოლფასოვნად შეესაბამებოდეს ნამდვილს.
გუშინ სტადიონზე შურით ვუყურებდი მესხის თამაშს. საკმარისი იყო მოედნისათვის შეგეხედა, სადაც თავს იკლავდნენ თამაშით 21 სხვა ფეხბურთელი, რომ გამოგერჩია მესხი, რომელიც ნამდვილად ფლობდა ბურთს ბურთის ფლობისათვის და ამ წამში არ ფიქრობდა არაფერზე. ეს იყო მისი უკიდურესობა, მისი პოლუსი, ის ნამდვილად იყო დიდი, ტორეადორივით დიდი, და ეს იგრძნო ხალხმა. საკმარისი იყო მისი ფეხი მიკარებოდა ბურთს, რომ ტაში ტყდებოდა, მიუხედვავდ იმისა, რომ მას გუნდისათვის არავითარი სასარგებლო არ გაუკეთებია. საერთოდ, მესხის თამაში, სინამდვილის შეგრძნებით, დამეხმარა დიდის გაგებაში ყველა მხრივ. რატომღაც ცხადად წარმოვიდგინე დოსტოევსკი, ჰემინგუეი, ტოლსტოი, მაიაკოვსკი, წარმოვიდგინე ცალ-ცალკე მათი ინდივიდუალობები და ყველგან იყო შესაძლებლობების ამოწურვა, მთლიანი ფლობა თავისი თავისა, რომელიც თავისთავად არის ნამდვილი. და შური, დიდი შური ვიგრძენი მათდამი, რომ ყველაფერი ნამდვილი ასე ჰგავს ერთმანეთს და მე არა ვარ მათ რიცხვში, რისი ცოდნაც არაა, რატომღაც, მტკივნეული ჩემთვის. ის არის მხოლოდ შურის აღმძვრელი. ისე ხელმოსაკიდია, ისე შესამჩნევი თავისი პატიოსნებით ერთი რამისადმი, აზრისადმი თვითონ ძირისა, რომ იქ, სადაც ხარ, იყო წრფელი _ შენდაუნებურად თუ შენი სურვილით, ეგ სულერთია. თითქმის უნუგეშო იყო ჩემთვის ეს გაგება, უბრალოდ, ყველაფერი ჩემი, რომელიც რამდენია არ ვიცი ცალ-ცალკე, კარგავდა თავის ფასს და განსაკუთრებულად საცოდავადა ჩანდა ერთად, აჩონჩხლილი, დაულაგებელი ...
მერე რა, თუ ოდესმე ვიქნები კარგი მწერალი, ამ ფაქტს თავისთავად ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ იღებს თავის არსს, როცა ჩნდები შენ _ როგორც მკითხველი, მე კი ვრჩები ჩემთვის მარტო და ჩემი მიზანია, ჩემი სურვილია გავხდე ისეთი, მივაღწიო იმას, რომ ჩემს ამ სიმარტოვეში ვიყო ისეთი დიდი, როგორიც მესხი ჩემს თვალში თამაშის დროს ან დოსტოევსკი წერის დროს ... ~
`უცნაურ, გალესილ სამართებლის წვერზე მივდივარ სიგიჟესა და უდიდეს ნორმალურობას შორის მე, გურამ რჩეულიშვილი, კაცი დაბადებული მეოცე საუკუნეში, აღჭურვილი შუა საუკუნეების მოქალაქის ყველა ძვირფასი და სრულიად სულელური თვისებებით~ (ამონაწერი დღიურიდან).
`ერთი საზიზღარი ჩვეულება მაქვს: რასაც ვაკეთებ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ გულით, ყოველთვის მგონია, რომ მე ძირითადი სხვა მაქვს. როცა ვწერ, მაშინ ძირითადი ჩემი ბიჭობაა, როცა ვთამაშობ _ წერა, რა არის ძირითადი? არც ერთი! Aაბა რა? რა? _ არ ვიცი;~
`ჩვენი საუკუნე სხვა საუკუნეთა ფიქრიდან გამოსროლილი ჭავლია..~ (გაგრის რვეულიდან. 1960 წელი).
ერთხელ გურამმა უთხრა თემო სულხანიშვილს, რომელიც ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, საგანგებოდ ჩაცმულ-დახურული, კოსტუმ-ბათინკებით აღჭურვილი, შეხვდა ქუჩაში: შუა საუკუნეების ადამიანივითა ხარ გამოპრანჭულიო.
`პეტრიაშვილზე ჩვეულებრივი საქმიანი ნაბიჯით ვეშვები .... ახლა მაცვია შავი კოსტუმი და თეთრი საროჩკა, ოდნავ ამოწეული საყელოთი ზევით... შიგ შუა ცხოვრებაში ვარ ჩავარდნილი, თვითეული მისი ამბავი ისახება ჩემში და, როგორც აქტიურმა მოქალაქემ, არ შემიძლია არ ვამცნო ხალხს ჩემი გარეგნობით ჩემი შინაგანი სხვაობა მათდამი, ამას ითხოვს თვითონ ჩემი სხეული, ითხოვს მაშინაც, როცა მარტო ვარ ტყეში, სახლში, ან როცა ვდგავარ შუაგულ ხალხში. ჰო! მე მოვდივარ პეტრიაშვილის ქუჩით და მათგან განსხვავებით მაცვია მძიმე, ჩინური ყვითელი ბათინკები მაღალ ქუსლებზე, და ჩამოფხატული მაქვს შავი ქუდი ...~ (ამონაწერი დღიურიდან)
* `სურამის ციხეში~ ახალ ფაზაში, ახალ ეტაპზეა გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება-შემოქმედების ურთიერთდამოკიდებულების ევოლუცია, მაგისტრალურ სიუჟეტად რომ მიჰყვება მთელ მის ხანმოკლე შემოქმედებით პროცესს და, შეიძლება ითქვას, იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ დაუმთავრებელი ტრაგედიის დათარიღებისთვისაც. ალბათ, ეს უფრო ცალკე მონოგრაფიის თემაა და სცილდება შენიშვნების კომპეტენციას. აქ შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ დილემა (`რა უფრო მნიშვნელოვანია _ ცხოვრება თუ შემოქმედება?~), რომელიც წერის დაწყებიდანვე აწვალებდა მწერალს, `სურამის ციხეში~ გადაწყვეტილია, რაც გამოვლინდა არა მისი მხატვრული სიტყვით, არამედ ამ სიტყვაზე უარის თქმით. ვფიქრობ, გურამმა `სურამის ციხის~ დამთავრებაზე შეგნებულად თქვა უარი, ანუ, ვერ მოასწრო კი არა მისი დაწერა, არამედ, უბრალოდ, აღარ დაწერა ის.
საინტერესოა ერთი დეტალი: გურამისეული `სურამის ციხე~ (იხ. ნაბეჭდი ტექსტი) დაწერილია ბაცი შავი (არაქიმიური) ფანქრით. მკითხველს შევახსენებ დღიურში შემორჩენილ მწერლის სიტყვებს: `მენანება, ის, რაც დაიწერა, სამუდამოდ დაიკარგოს. ამიტომ ვწერ კალმისტრით, ან ქიმიური ფანქრით~. მართლაც, `სურამის ციხის~ ფანქრით შევსებული გვერდები დროთა განმავლობაში თითქმის ამოუცნობლობამდე გაიცრიცა. როგორც ჩანს, გურამი წერის დაწყებისთანავე არა ფიქრობდა დაწერილი ტექსტის დაკარგვა-არდაკარგვაზე, ისე როგორც ტრაგედიის სიუჟეტის მისეული ვარიანტის დაფიქსირებაზე (როგორც უკვე ვთქვი, ის მხოლოდ `შემთხვევით,~ ზეპირი გადმოცემის საშუალებით, ისიც დაუმთავრებელი, შემორჩა მწერლის არქივს).
* მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლის სიყვარულით სავსე ჩემი ძმის შემოქმედებაში, რომელსაც, როგორც არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, ბევრი უიმედობით და ცხოვრების ამაოებით შეპყრობილი ადამიანისათვის დაუბრუნებია სიცოცხლის ხალისი და სიყვარული, იმედი _ `თუ ცხოვრება არაფერი არ არის, თუ ამაოებაა ყველაფერი _ ხომ არსებობდა გურამ რჩეულიშვილი!~ (ერთი ახალგაზრდის დღიურიდან), რომლის `ალავერდობიდან~ ამოღებული სიტყვები `ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში~ სენტენციად იქცა ქმედების მოყვარული ქართველი კაცისათვის, წამყვანი თემა, წამყვანი სიტყვა, საითკენაც მიისწრაფვის სხვა დანარჩენი თემები და მოტივები, არის `მსხვერპლი~. `მსხვერპლის~ სემანტიკური ველი ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე ფართოვდება, იკრებს სულ სხვადასხვა ლექსიკური მნიშვნელობის სიტყვებს და ივსება ახალ-ახალი შინაარსით. ის თავის კულმინაციას აღწევს დაუწერელ `სურამის ციხეში~ (აქვე მინდა გავიხსენო, რომ `მსხვერპლი~ იყო სიცოცხლით, ენერგიით, ხალისით სავსე დედაჩემის ყოველდღიური ქადაგებების წამყვანი თემა. ჩვენ ვიცოდით, რომ მსხვერპლის გაღების გარეშე არაფერი არ არსებობს ამქვეყნად: არც სიყვარული, არც სწავლა და, საერთოდ, საზოგადოებაში ცხოვრება. ეს ცნება თითქმის მექანიკურობამდე იყო გამჯდარი ჩვენში, შეიძლება ითქვას, შინაარსის გაუაზრებლადაც კი. ის იყო როგორც ჩვენი ყოველდღიური, ისე სამომავლო ცხოვრების, ჩვენი გეგმების ხორცშესხმის აუცილებელი პირობა. ვიცოდით: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამაოდ ცდილობენ უმსხვერპლოდ მიაღწიონ დასახულ მიზანს).
რამდენიმე მაგალითი:
`იყო მსხვერპლი _ ეს არის უდიდესი ბედნიერება~ (`იულონი~).
`რიჰა, დიდება მარიამს უშგულისას, შესაწირი გინდოდა ძლიერისა~ (`დევების ცეკვა~).
`ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ძეგლი ცოცხლად დამარხვაა~ (`სურამის ციხის~ ჩანაწერებიდან).
`ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს~ (იოანე, 12. 24, ამონაწერი გურამის 1960 წლის დღიურიდან).
`ქრისტე აწამეს, მერე იწამეს~ (1957 წლის დაუმთავრებელი პიესიდან) და სხვ.
* ძნელია გაერკვე, სად შორდება ერთმანეთს გურამის ცხოვრება_შემოქმედება და სად ერთიანდება! (პერიფრაზი გურამის სიტყვებისა: `ნეტავ სად შორდება ერთმანეთს ტოლსტოის ცხოვრება და შემოქმედება და სად ერთიანდება!~). როგორც ჩანს, ეს მომენტი _ რომ `ის სხვა თვითონ იყო~ _ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დონეზე გამეორდა ჩემი ძმის ცხოვრება-შემოქმედებაში. ეს შეგრძნება, ვფიქრობ, თავდაპირველად გაუცნობიერებელიც კი მის მიერ, ფაქტობრივად, გასდევს მთელ მის ხანმოკლე ცხოვრებას, ბავშვობიდან მოყოლებული, და შიგადაშიგ პირველი მოთხრობებიდანავე იკვეთება, როგორც აღმოჩენა. გურამის ინტონაციიდან გამომდინარე, როდესაც ის თელავის საცურაო აუზის ეპიზოდს მიყვებოდა, შესაძლოა მან ეს ელდასავით რეალურად პირველადაც კი გაიაზრა მაშინ და სადღაც, შეიძლება, განჭვრიტა კიდეც მომავალი, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ყოფილა.
ამონაწერი `შაშას რევოლუციიდან~:
`ეს დღე უნდა დამდგარიყო რაღაცა დიდი ცოდვის შემდეგ. ძაგანია უეცრად მიხვდა, რომ იმ ცოდვის მსხვერპლი თვითონ უნდა ყოფილიყო და გააჟრჟოლა.~
* მკითხველს შევახსენებ მოთხრობა `დღიურის~ ბოლო ეპიზოდს (იხ. ტომი 3, `ჩემი ლიტერატურული შეხედულებების~ შენიშვნებიდან):
როდესაც ალექსეი სიდორიჩის ლოთურმა, გაშლილმა სულმა გადაიბუდრა იმ ბიჭის სხეულში _ რაღაც ტრანსს აყოლილი, თითქოს იძულებით რომ ურტყამდა ღვედს შიშველკანჭება გოგოს დაფლეთილ წვივებზე და საშინლად შეეცოდა ის _ ეს იყო არა მარტო თანაგრძნობა ლოთის მხრიდან, არამედ `საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება~ მასთან. ალექსეი სიდორიჩს მიეცა უნარი აღექვა და ეგრძნო სამყარო ისე, როგორც აღიქვამდა მას ის ბიჭი _ `ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა~ (პატრიარქის ქადაგებიდან). ლოთი თითქოს ფიზიკურად იქცა სხვად და თვითონაც ჩაება სისასტიკის სიტუაციაში. მან რეალურად ჩაიდინა ცოდვა, რომელსაც სინამდვილეში არ სჩადიოდა. სხეულის ტყვეობიდან მთლიანად განთავისუფლებული `ლოთი-წინასწარმეტყველი~ (`თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობას მოაქვს~) როგორც კი მიხვდება, რომ ის პატარა ბიჭი სხვა ადამიანია, რომელმაც, უბრალოდ, არ იცის საკუთარი გულის სიღრმე, სადაც მხოლოდ `კარგია~ (დღიურიდან: `გულში ყველა კარგია~), საშინლად შეეცოდება ის. მოულოდნელად რაღაც აიძულებს `სხვის საქმეში მუდმივად ჩაურეველ~, `მხოლოდ თავის თავთან სწორი ფიქრებით მოსიარულე~, `უმოქმედ-უმიზნო~, `კეთილ, პატიოსან, ოღონდ ალკოჰოლის მიღებისაგან გაბრუებულ~, `მხოლოდ თავისი მოკრძალებული ფილოსოფიით გატაცებულ~ `ლოთ-წინასწარმეტყველს~ გაიღოს მსხვერპლი და ამოიღოს ხმა. გრძნობის სისავსისგან ის უნებურად, თავშეუკავებლად წამოილაპარაკებს სიტყვას `წინ~, რომელსაც თავისი ლექსიკური მნიშვნელობით კიდევ უფრო უნდა გაეხელებინა ბავშვები. მაგრამ მოხდება საოცრება და სწორედ ის სიტყვა გამოიყვანს მათ სისასტიკის სიტუაციიდან, რომელშიც თითქოს თავისდაუნებურად იყვნენ ისინი ჩათრეულნი.
ამავე ეპიზოდში ირკვევა, რომ ის შეგრძნება, რამაც მნიშვნელობით აავსო ლოთი-წინასწარმეტყველის მოწოდება `წინ~, რომელმაც ბავშვები `შემოსა~ და თავის გულის სიღრმეებს დაუბრუნა, ბეწვის ხიდზე გადიოდა. საკმარისი იყო ამ შეგრძნებას შეჰპარვოდა სულ უმნიშვნელო ამპარტავნება და ანგარება, რომ მოუბრუნებლად დაღუპულიყო, დანგრეულიყო ბავშვებში სულ ახლახან გაღვიძებული კეთილი საწყისი და თავიდან დაწყებულიყო ყველაფერი.
მკითხველს კვლავ მივაქცევინებ ყურადღებას იმ ეპიზოდზე, როდესაც ბავშვები `ლოთ-წინასწარმეტყველს~ მიასვენებენ სასაფლაოსაკენ; მზე ზენიტშია და დედამიწას ნამის ნიშანსაც კი აცლის. ამ მომენტში კმაყოფილების მწვერვალზე მყოფი ლოთი შეშფოთებული აღმოაჩენს, რომ იმდენად პირდაპირია სხივების ცემა, რომ საფლავის ფსკერისაკენ დაშვებული მისი გვამი თითქმის გეომეტრიული სიზუსტით ფარავს თავის ლანდს და სხეულს საერთოდ არა აქვს ჩრდილი, თითქოს არც არსებობდეს ის საერთოდ. ის საშინელი ტკივილით იგრძნობს ამ უცნაურ დამთხვევას, თავისდაუნებურად ოდნავ შებორძიკდება, რომ როგორმე მეტი ჩრდილი გამოსცეს მისმა სხეულმა... ეს შეგრძნება, რაც, ალბათ, ანგარების, პატივმოყვარეობის გრძნობის გაელვებად შეიძლება იქნეს მიჩნეული, გახდება საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვები ისევ დაღლეტილ, უქამრო, ლახტნათამაშებ მოწაფეებად გადაიქცნენ, ისევ გამოჩნდეს ლენას დაწითლებული, დაფლეთილი კანჭები და წყალი გადაიქცეს გუბედ.
ეს იყო მწერლის გამოცდილება.
როგორც ჩანს, ცხოვრება-შემოქმედების ამ ეტაპზე გულწრფელი, ალალი, ყოველგვარი ანგარებისაგან თავისუფალი სიტყვა გურამს ესახება იმ `მსხვერპლად სიმართლისა~, რომელსაც შეუძლია `საკურთხევლის ანთება`~, `იერუსალიმის ზღუდეების აშენება~. ამ სიტყვას, მისი აზრით, ხელეწიფება ამცნოს სხვას, `რა კარგია უხორცოდ, უბოროტოდ ცხოვრება~, რომ `გულში ყველა კეთილია~, `გულში ყველა კარგია~, რომ `არ არსებობს ცუდი, რომ ცუდიც კარგია~ (მწერლის დღიურებიდან). აი, რატომ უწოდებს გურამი ლოთს `წინასწარმეტყველს~: `წინასწარმეტყველის იარაღია სიტყვა~, ამ `სამყაროს სადიდებლად, საქებრად აღქმული ბაგენი.~
ეს იყო დრო, როდესაც გურამმა ყველას გასაკვირად დაიწყო `სამკვდრო-სასიცოცხლო~ ბრძოლა ახლად დამთავრებული მოთხრობათა ციკლის _ `ჩემი ლიტერატურული შეხედულებების~ _ გამოსაქვეყნებლად. ვფიქრობ, ამ დროს უნდა ეკუთვნოდეს მისი სიტყვები, ერთხელ რომ მითხრა: `არ შემიძლია ვწერო და შევინახო ჩემი ნაწერები, ისე როგორც თუნდაც ერლომმა. ამის უფლება მე არა მაქვს.~
* რამდენი დრო დასჭირდა `სურამის ციხის~ გმირს, უფლისწულ ზურაბს, იმის გასააზრებლად, რომ მსხვერპლი, რომელიც თავისი ნებით, უანგაროდ უნდა შესწირვოდა სურამის ციხის კედლების აშენებას და რომელსაც ის მთელ სახელმწიფოში კარდაკარ დაეძებდა, თვითონ იყო, რომ მხოლოდ მისი პირადი უანგარობის მაგალითს, მის უანგარო ქმედებას შეეძლო მორალურ ზღვრებდაკარგული ქვეყნის გამოფხიზლება, ყოვლისმომცველი ცოდვების გამოსყიდვა და გადარჩენის რწმენისათვის საფუძვლის ჩაყრა. ეს იყო კვლავ მწერლის გამოცდილება და უკვე, ვფიქრობ, `მოქალაქისაც~, უშუალოდ გურამ რჩეულიშვილის (მკითხველს კვლავ შევახსენებ მწერლის დაუმთავრებელი დღიურის სათაურს: `თავგადასავალი გურამ რჩეულიშვილისა, ანუ შუა საუკუნეების მოქალაქის მოგზაურობა მეოცე საუკუნეში~), რომელიც წერის პროცესში მიხვდა, რომ მის სიცოცხლეში არც ერთი მის მიერ დაწერილი სიტყვა არ მივიდოდა ხალხამდე (მწერლის სიტყვების პერიფრაზი დღიურიდან), რომ `რაც ეპოქისაგან ნაბრძანებია, კაცი მასზე მაღლა ვერ ავა _ უბრალოდ, არ მისცემს ღმერთი ნიჭს _ ამ შავბნელ შუა საუკუნეებში ყველაზე დიდი ძეგლი ცოცხლად დამარხვაა~ (`სურამის ციხისათვის~ გაკეთებული ჩანაწერებიდან).
მოთხრობიდან მოთხრობამდე დრო, ეპოქა სულ უფრო მეტად ამჩნევს კვალს მწერლის შემოქმედებას (იხ. `ჩემი ლიტერატურული შეხედულებები,~ 1959 წელი) და, როგორც ვნახეთ, ლიბრეტოში `ჩვენ ერთად მივდივართ~ მთლიანად იპყრობს მას. მეოცე საუკუნის სამოციანი წლები საბჭოთა საქართველში არის ის ფორმა, ცხოვრებისეული გახევებული ჩარჩო, ის `ბაკანი~, სხეული, სისტემა, კედელი, რომელსაც, თავისი გმირების კვალდაკვალ (მათ შორისაა ჯერ კიდევ 1956 წელს დაწერილი მოთხრობის გმირი სალამურა _ `მთებიდან ქალაქამდე~), საკუთარი სხეულით დაეჯახა მწერალი გურამ რჩეულიშვილი თავისი მოწოდების განხორციელების გზაზე: სიტყვით ეთქვა ხალხისათვის, რაც მან იგრძნო, რასაც ის მიხვდა და რის შესახებაც წინამდებარე ტომის შენიშვნებში არაერთხელ იყო უკვე ნათქვამი. ეს იყო 1959-1960 წლები.
ამონაწერი გაუგზავნელი წერილიდან ერლომს:
`მთელი ეს ოცდახუთი წელი საკმარისია იმისათვის, რომ კაცმა, ვისაც აქვს თავმოყვარეობა და ჩემდენი სურვილები, მშვიდი სინდისით მოიკლას თავი. ეს არის უაზრო, უსარგებლო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭში მოქცეული წიწილისა, რომელსაც ათასნაირად მომზადებულს გამოსაჩეკად, ვერაფრით ვერ გამოუმტვრევია გამოსასვლელი. მე არ ვეძებ სხვაში ჩემს უმწეობას, მაგრამ `დედის~ ვალია (ობიექტური ვალი), სადღაც ოდნავ შეუთხელოს ნაჭუჭს კედელი, მაგრამ ის საზოგადოება, წყობა, ამხანაგები, თვითონ ოჯახი, ყველაზე მეტად, და ჩემი ბუნებრივი, წმინდათ ლიტერატურულ-პოეტური მონაცემები, მხოლოდ იმის ცდაში არიან, როგორმე გაასქელონ ეს ნაჭუჭი საერთოდ გამოუმტვრეველობამდე, ისე რომ კაკუნის ხმაც კი აღარ გამოდიოდეს იქიდან. ჰო, სქელია ბაკანი გასამტვრევად, ბრიყვულად, უაზროდ სქელია, ისე რომ არც კი იცი, იმის რომელ ადგილს შეუტიო...~ (1959 წელი)
* სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედების უნარით დაჯილდოებული ჩემი ძმა სავსე გეგმებით და სურვილებით (`გურამ რჩეულიშვილი ცხოვრობდა ისე, როგორც ჩვენ მხოლოდ ვოცნებობდით,~ ოტია პაჭკორია), პრაქტიკულ ცხოვრებაში ვერ ახორციელებდა ვერც ერთ თავის ჩანაფიქრს, ისე როგორც ვერ ახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს სიცოცხლით სავსე მისი გმირები: `...ყველა გმირის სახის გამოუვალი მარცხი _ იულონი, გურამი … ერლომის `დიდი მონა~ ან `ნელი ტანგო~ ჩემი, ნუთუ ეს დეკადანსია, თუნდაც ჩემთვის, იმიტომ რომ წერის საშინელ სურვილთან ერთად ვგრძნობ საკუთარ თავზე ვიღაცის დაღლის ვერმოშორებას, რაც თვითონ წინადადების დაწყობაშიც კი მიშლის ხელს...~
1960 წელს დაწერილი ნაწარმოებების გმირები (იხ. `ბევრი ბავშვები ერთად~, `ჩვენ ერთად მივდივართ~) იღუპებიან თითქოს ცხოვრებასთან შეჯახებისას (თუმცა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ცხოვრებასთან შეჯახებას ვერ უძლებენ მისი ადრინდელი მოთხრობების გმირებიც). წარმოუდგენელი შეიქნა გურამის გმირების `გაპასპორტიანება~, მათ ვერ იპოვეს თავიანთი ადგილი ცხოვრებაში (ვახტანგ ჭელიძესთან მიწერილი წერილიდან). პატარა მოთხრობით (ლიბრეტო) `ჩვენ ერთად მივდივართ~ გურამმა თითქოს საბოლოო განაჩენი გამოუტანა თავის ალტერ ეგოს.
საინტერესოა, როგორი ფინალი ექნებოდა ლიბრეტოს `ჩვენ ერთად მივდივართ~ (როგორც უკვე ვთქვით, თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო `ჩემი ლიტერატურული შეხედულებების~ მეოთხე მოთხრობად), ზემოთ ნახსენები ციკლი რომ დაებეჭდათ! მწერლისათვის საშუალება რომ მიეცათ `ყველასთან ერთად ლაპარაკის~ (დღიურიდან), რაც, როგორც უკვე ვთქვით, მაშინ გურამს ადამიანთა დახმარების, გულის სიღრმეებისკენ გზის გაკვლევის თავისთვის ხელმისაწვდომ ერთადერთ გზად ესახებოდა.
* `სურამის ციხის~ გმირი _ უფლისწული ზურაბი _ გადის სულის დაბადების ურთულეს გზას: ფუქსავატი, უზნეო ადამიანიდან მოწამეობრივ აღსასრულამდე, თავის თავში მოწამეობრივი მისიის შეგრძნებამდე; გამოიტირებს რა თავს როგორც ხორციელი ადამიანი, ის თავისუფლდება ყოველგვარი ანგარებისაგან, თითქოს სხეულისაგან, სულის სასარგებლოდ...
ამონაწერი მწერლის დღიურებიდან და ნაწარმოებებიდან:
`საკმარისია მე დავკარგო შიშის გრძნობა, რომ შევურიგდე, შევურიგდე იმას, რისთვისაც დიდი ხანია ვემზადები _ ეს არის უმაღლეს ძალად სულის აღიარება და ეს ტენდენცია ძალიან ძლიერია ჩემში~ (1958 წლის დღიურიდან).
* დანიელ ჭონქაძის `სურამის ციხე~ იწყება სხვადასხვა სიყვარულებით: ვარდოსი და დურმიშხანის, ქალბატონისა თავისი მოახლის მიმართ, ოსმან-აღასი დურმიშხანის მიმართ, დურმიშხანისა თავისი ვაჟიშვილის მიმართ და სხვ. დანიელ ჭონქაძის `სურამის ციხის~ დასასრულს თითქოს თავისუფლდება სცენა ყოვლისმომცველი შურისძიებისათვის. თანდათანობით, ყველაფერი მიდის იმედის გაცრუებისა, ღალატისა, სიყვარულის ნგრევისა და შურისძიებისაკენ. კარგს, კეთილს ყველა შემთხვევაში მოჰყვება ცუდი, ავი, ბოროტი. მთავრდება მოთხრობა და რჩება ორი გაბოროტებული ადამიანი, ტახტზე ერთმანეთთან მიწოლილი, ერთი _ მკვდარი ხანჯლით და მეორე კი _ დამხვრჩალი, გაბოროტებისაგან ჭკუაზე შემცდარი ზურაბის დედა, რომელიც თავისი ტრაგედიის გააზრებისთანავე კვდება. და, რაც მთავარია, რჩება სურამის ციხეში ცოცხლად დამარხული, სხვათა ვნებათა ღელვის მსხვერპლი, უდანაშაულო ადამიანი, კრავივით შეწირული, როგორც დაუსრულებელი სინანულის სიმბოლო, როგორც მაგალითი ამქვეყნიური სისასტიკის, უსამართლობისა.
გურამის `სურამის ციხეში,~ ისე როგორც მის სხვა ნაწარმოებებში 1958 წლის შემდეგ, ყველაფერი იწყება შურისძიებით, რასაც საფუძვლად ყოვლისმომცველი შეურაცხყოფის გრძნობა, შური და მტრობა უდევს. და თუ ადრეულ ნაწარმოებებში ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ვლინდებოდა შურისძიების არაარსებითობა ადამიანის შინაგანი `მე~-სათვის, ვლინდებოდა, რომ ის `ორი დღით დაბნეულ~ (`ალავერდობიდან~) ადამიანებს, უბრალოდ, თავსა აქვთ მოხვეული და, სინამდვილეში სამყაროს ადამიანთა ერთიანობა და ურთიერთსიყვარული უდევს საფუძვლად, `სურამის ციხეში~ ყველაფერი მთავრდება ყოვლისმომცველი უანგარო სიყვარულის დაბადებით, რაც წინ უძღვის მოწამის დაბადებას. რადგან, როგორც ჩანს, სიტყვა აღარ იყო საკმარისი. `სიბნელით მოცულ შუა საუკუნეებში~ ერთადერთი, რასაც შეეძლო გამოეფხიზლებინა ერი და დასაბამი მიეცა გადარჩენის რწმენისათვის, იყო მოწამეობრივი აქტი.
ქვეყნდება პირველად.