რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

უკანასკნელი აბენსერაჟი 

აფხაზი აჩბა ბილიკმა ათონის ჩაის საბჭოთა მეურნეობასთან მიიყვანა. აქედან გზა ყოფილ მონასტერში მიდიოდა. ჩაფიქრებული ჩაუყვა თავადების ჩამომავალი მოკირწყლულ გზას. შორს, სადღაც, ზღვა ცაში გადადიოდა, კარგა ხანს ჭვრეტდა ზღვის სიმშვენიერეს, მერე მზის სხივებმა თვალი მოსჭრეს და გზა განაგრძო.
აჩბამ ოცდათერთმეტი წელი თავისი ცხოვრებისა აფხაზეთის მთებში გაატარა. დროდადრო ჩამოდიოდა ხოლმე ბარში დროს სატარებლად. ძალიან უყვარდა შამპანური, განსაკუთრებით მოსწონდა, როცა ბოთლსა ხსნიდნენ და საცობის გავარდნასთან ერთად ტკბილი, მათრობელა სითხე რომ გადმოჩქეფდა ხოლმე. იგი ახლა სასმელზე და რუსის გოგოებზე ფიქრობდა.
თითქმის მთელი წელი საქონელს უდგა. ახლა მოსწყურდა დროსტარება და ბარად დაეშვა.
ყოფილი მონასტრის ეზოში დამსვენებლები ირეოდნენ. აფხაზი მალულად ჭვრეტდა მკერდსავსე გოგონებს. გალავანთან მიდგმულ სკამზე მარტო მჯდომი ქალი შენიშნა და გვერდზე მიუჯდა. როგორც იყო, თავისი დამტვრეული რუსულით გაიცნო, თავისი სითამამის თვითონ გაუკვირდა. გადაწყვიტეს, ღამის ათ საათზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. ქალი წავიდა. აფხაზი აჩბა კი იჯდა და ზღვას უყურებდა.
მის ქვევით უზარმაზარი ყურე იყო. აქ წყალს ბაცი ფერი ჰქონდა. აქედან ზღვა ნელა იშლებოდა და გამუქებული იკარგებოდა ცაში. ჰორიზონტზე ჩამავალი მზის სხივები გაწოლილიყვნენ. თავად მზე დაღლილობისაგან ძლივსღა იმაგრებდა თავს. იჯდა აჩბა გარინდებული და თავისი თვალით უყურებდა მზის თავის დახრჩობას. ნაპირზე უკვე მუქი ფერები ჩამოწვა. მარადმწვანე ხეები იძინებდნენ, მხოლოდ მათ კენწეროებსღა ხედავდა მზე. ყურიდან ალვის ხეებისა და ევკალიპტების ხეივანი მოდიოდა მთისაკენ. აქ იგი გვირაბებს შუა მოქცეულ ტბას ერთვოდა. შემდეგ უცებ იწყებოდა მთა, რომელიც სულ მაღლა და მაღლა გრძელდება, ვიდრე სვანეთის კავკასიონამდე. მოპირდაპირე ბექობზე წიწვნარში გემოვნებით ნაშენი სახლი იდგა. აფხაზმა შურის თვალით შეხედა, მერე მზერა ისევ ხეობაში გადმოიტანა. რაღაცა არ ესიამოვნა, თითქოს ახლა დაინახა ორსართულიანი, თეთრად შეთხიპნილი რუსული სახლები. ხასიათი თავისდაუნებურად წაუხდა. ბუნებამ დაკარგა თავისი სიმშვენიერის ნაწილი. “ნეტა ეს სახლები საიდან არის, ან ვინ ააშენა,” გაიფიქრა გუნებაში. მზერა ისევ ზღვაზე გადაიტანა. ხასიათი უფუჭდებოდა, მაგრამ მიზეზს თვითონ კარგა ვერ მიხვდა. რაღაცა უცხო დაინახა ზღვაშიც, მერე ისევ ის სახლები გაახსენდა. დაისი დასრულდა. ბინდმა სულ უფრო იმატა. აჩბა შიმშილმა შეაწუხა, მერე შამპანური გაახსენდა და დუქნის გზას დაადგა.
დუქანი ცარიელი იყო. მან თავისი ხელით გახსნა ბათქანით შამპანური და შუშხუნა სითხე ღიმილით შესვა. სვამდა შამპანურს, თან ცხვრის მწვადს ატანდა. ერთი რომ გამოცალა, მეორე მოატანინა, ისიც ხმაურით გახსნა. უზომოდ მოუნდა ვინმესთან ლაპარაკი. გვერდზე მაგიდასთან მთვლემარე მომტანს გამოესაუბრა; ისიც აფხაზი ჩანდა.
- საიდან ხარ, მამობილო?
მომტანი გასწორდა და თვალები ეშმაკურად შეათამაშა, ეტყობოდა, ლაპარაკის ჟინი მასაც მოსწოლოდა.
- მე, ოჩამჩირელი, ოჩამჩირეს ზევით ათი-თორმეტი კილომეტრია ღულამდე. ხომ იცი, შენ, კაცო.
- როგორ არა, იქით ხშირად დამიდის საქონელი.
- საქონელში ხარ? - მომტანმა სკამი ახლო მოსწია.
- საქონელში კი, მამილო. ერთი ჭიქა შემისვით.
ორივენი კარგ ხასიათზე დადგნენ, ახლა მომტანმა მოიტანა თავის ხარჯზე შამპანური. დუქანში მთვრალები შემოვიდნენ. აჩბამ მოსაუბრე დაკარგა და მარტო განაგრძო სმა. ისევ შეეცვალა გუნება. ხეობაში გადაიხედა. თეთრი სახლები ნათელ ღამეში კარგადა ჩანდნენ. მან თავი გააქნია, თითქოს სახლების გამოსახულებებს ერეკებაო. ახლა იგი თავის აფხაზეთზე ფიქრობდა. მის პრიმიტიულ გონებაში ათასი ფიქრი იყო.
მოუნდა მთიდან მთაზე ხიდების გადება და სადღაც, ზღვაში კოშკის ამართვა. დათვრა, ფიქრებს თავს ვეღარ ართმევდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ გადებული ხიდიდან თეთრი სახლები უშნოდ გამოჩნდებოდნენ.
გარეთ გამოვიდა. მისი ქალი ხის ქვეშ იდგა და ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცა კაცს. ამ უკანასკნელმა ხმას აუწია და რუსულად შეაგინა, მერე საცემრად მიიწია. აჩბა ადგილს მოსწყდა, დარტყმით გააგორა ქერათმიანი რუსი, მაგრამ უკნიდან ყურისძირში სილა მოხვდა და დაბანცალდა, სწრაფად მობრუნდა, ახლა გვერდიდან გაარტყეს. თავგამოდებით ჩხუბობდა აფხაზეთის თავადების შთამომავალი, თან თავის ყამასა ნატრობდა. უკვე ვეღარ არჩევდა თავზე წამოხვეულ მოწინააღმდეგეებს. მერე დაიღალა. გადაწყვიტა, უკან დაეხია, აქ თხრილში ჩაუვარდა ფეხი და წაიქცა.
- Бей его, - დაიღრიალა ვიღაცა მთვრალმა და ყველაფერი აირია. აჩბა გრძნობდა, რომ ხვდებოდა წიხლები, მაგრამ არ სტკიოდა. სახეზე ხელები აიფარა.
- Наверно, умер, - გაიმეორა იმავე ხმამ. ბექობი წამში დაიცალა. აფხაზი აჩბა კი ეგდო და ბუნდოვნად გრძნობდა, რომ რცხვენოდა, მერე ნერვიულად გააქნია ხელები, წამოდგა. ბანცალით დაეშვა ხეობისაკენ, იქ ნათესავი ჰყავდა. ახლაღა მოაგონდა, რომ მისი ბიძაშვილიც იმ თეთრ სახლებში ცხოვრობდა, სახლების გახსენებამ სულ წაუხდინა ხასიათი. იგი შემობრუნდა და ზღვისკენ წავიდა. კენჭებზე წამოწოლილი ცოტა დამშვიდდა. რამდენიმე ხნის შემდეგ წაეძინა.
წელი 1956. აგვისტოს 24.



შენიშვნები



შავი ავტოგრაფის (1+1-7გვ.) თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია ბრჭყალებში ჩასმული სათაური (ეს სათაური ფრანსუა რენე შატობრიანის ნაწარმოების „უკანასკნელი აბენსერაჟის თავგადასავლის” რემინისცენცია უნდა იყოს.) და თარიღი: „წელი 1956. აგვისტოს 24. 9-19.” ტექსტის ბოლოსაც ზის თარიღი. მოსდევს მინაწერი: „პახმელია. გუშინ ნოდარის დაბადების დღე იყო. ვიყავი თამადა”.
I სიაში „22. უკანასკნელი აბენსერაჟი.”
ნაწერია საშუალო ზომის ასოებით, მოწესრიგებული, ლამაზი ხელით. ერთ-ორ ადგილას გადაშლილია სიტყვა.
არქივში ინახება გურამის წერილი, მიწერილი ჯურხა ნადირაძისადმი (იხ. წინა მოთხრობების შენიშვნა). ეს დაუთარიღებელი წერილი ჯურხა ნადირაძემ გადმომცა 1992 წლის 2 ივნისს. წერილი, ჯურხას გადმოცემით, გამოგზავნილი უნდა იყოს ახალი ათონიდან 1956 წლის აგვისტოში. მასში აღწერილია აფხაზებთან ჩხუბის ამბავი, მსგავსი, ან სწორედ ის ამბავი, რაც საფუძვლად დაედო ამ მოთხრობის სიუჟეტს: „ჯურხა! მომილოცნია. ძალიან გადარჩი, მართლა ბედი გქონია. შენ რომ წახვედი, იმავე დღეს საღამოს ჩამოვიდა მავრი (მავრი ზალდასტანიშვილი, გურამის ახალგაზრდობის მეგობარი და მამას მეგობრის შვილი - მ.რჩ). ღირსეულად იჯდა ბანოვანთა შორის ზიმში. გააჩერა. ერთად ვიცურავეთ. მთელი ჩვენი ოჯახი იქ იყო. მერე მამა წავიყვანეთ ათონის მონასტერში. ნოდარი, გოგი და მე დავრჩით. მამა კი წამოვიდა. მე კი ვიჯექი მთელი საათნახევარი, მართლა ვტკბებოდი ჩემს წინ გადაგრაგნილი ზღვის ფერითა და ხეობის სიმშვენიერით. ჰარმონიას ავსებდა მთაზე დადგმული ლამაზი სახლი. ნამდვილად ამშვენებს ადამიანი ბუნებას. მოკლედ, შემიყვარდა ამ საღამოს ჩვენი პლანეტა. ალბათ მოვა დრო, როცა (შეიძლება ჩვენც მოვესწროთ) განვითარდება ასტრონომია, საპლანეტაშორისო მიმოსვლა, რომ ადამიანი ისევე დაიცავს, ისევე შეიყვარებს მთელ დედამიწას, როგორც დღეს ჩვენ, თუნდაც შენ და მე საქართველო გვიყვარს. ვუყურებდი და უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ ამ სიმშვენიერეში შეიძლება კაცმა კაცს აწყენინოს. ახლა ხეობას ზევით ავაყოლე თვალი. ცოტა გამიფუჭდა გუნება: ხუთი ექვსი უნიჭო სახლი მართლა უადგილო ადგილას იდგა. უმოძრაოდ ვიჯექი, მაგრამ ტვინი არ ისვენებდა: ზედიზედ მომივიდა რამდენიმე საყურადღებო აზრი. გადავწყვიტე, მეორე დღესვე გამეკეთებინა....
ცხრა საათზე მავრი, ნოდარი, გოგი და მე იქვე, ათონის მონასტრის გადაკიდებულ სასაუზმეში ვისხედით. სმა წავიდა ღირსეული, დრო გადიოდა... მავრი და მე ანგარიშს ვუსწორებდით, ამ დროს მომესმა ნოდარის ხმა: გურამ, აქეთ, გვცემენ! გავვარდი. რას დაინახავ, აფხაზები, როგორც მერე გამოირკვა, ტყუილ-უბრალოდ ან შეცდომით დახვევიან ბიჭებს და უბათქუნებენ. სანამ შემეძლო, მოგეხსენება, ვივარგე, მაგრამ ნათლიმამამ მიღალატა და ორმოში ჩამივარდა ფეხი. ბლომად იყვნენ, წაქცეულს შემდგნენ წიხლებით. ერთი კი მომდეს ყბაში. მე სწრაფად გავაკეთე მკვდარი დაცვა და დავიძინე: როგორც ეტყობა, კაი ხანს მირტყეს, ადგომის არც თავი მქონდა და არც სურვილი. დავინახე, რომ გოგის და ნოდარს ხელს ვერ ახლებდნენ. როცა გავიღვიძე, მარტო ჩვენი ბიჭებიღა იყვნენ ... მე კარგად არ მახსოვს. გამოვსულვარ ღრიალით, ლანძღვით საცეკვაო მოედანზე, ვეძებდით იმათ, უშედეგოდ, კიდევ კარგი. ალბათ, კიდევ დაგვზელდნენ. ძლივს ვიდექით ფეხზე ... დღეს დილით გავიღვიძე. ვიხედები სარკეში, რას ნახავ, ყბა გასიებულია. ეგ არაფერი. ნოდარი გავაგზავნე ჩვენებთან... ვიყიდებით...” (იგივე ამბავი აღწერილია ნუგზარ წერეთლისადმი მიწერილ წერილში).
„ნელი ტანგოს” შენიშვნებში მოყვანილი პატარა ჩანაწერი, რომელშიც აღწერილია გურამის ფანჯრიდან გადაშლილი პანორამა, დაწერილი უნდა იყოს აფხაზებთან ჩხუბის მეორე ან იმავე დღეს. მომყავს ამ ჩანაწერის გაგრძელება: „... ეშმაკმა წაიღოს ზღვაც, ტალღებიც, ნავიც, ჩემი ფანჯარაც მეც. ვზივარ და გულზე ვსკდები. დღევანდელი დღე დაკარგულია. მარცხენა ყბა აფხაზის წიხლისგანა მაქვს გასიებული. ვეღარ გავალ ქალაქში, არადა გოგონას წასვლამდე ექვსი დღეღაა, როდის რა უნდა მოვასწრო. არაფერი გამოვა. მაგის დედაც ავატირე. თან სახლში მისვლაც არ მინდა ... ასე გასიებული ....ვაჰ, რა გაუძლებს ნოტაციებს. ყველაფერი მე დავიწყე მაინც. ავიტეხე სმა. ვიჯექი მესამე სან. ყოფ. ათონის მონასტერში და გავცქეროდი ყურეს. აი, ჭეშმარიტი სილამაზე. ვიჯექი მთელი სამი საათი უხმოდ. ვეწეოდი პაპიროსს. ოჰ, რა კარგია, რა ლამაზი ჩვენი პლანეტა. თავი კი გამალებით მუშაობდა. ოთხამდე პატარა ნოველა მომივიდა თავში. მაინც რა ლამაზია ჩვენი პლანეტა. ზღვის ყურე, წიწვის და ნაძვის ხეები, ალვები, სახლი ტყეში, უსაზღვრო სივრცე, ჩემს ქვევით უგემოვნებოდ ნაშენი სახლები აფუჭებენ ხედს. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. მერე ვიქეიფეთ. 6 ბოთლი 23 ოთხმა კაცმა. აფხაზებმა ჯერ გოგის გაარტყეს. ჩავერიე. ჯერ ვურტყით, მერე ორმოში ჩამივარდა ფეხი. შემდგნენ. ეს ველურები უნიჭო სახლებივით აფუჭებენ ხასიათს, პეიზაჟს...”
(1956 წელი. ახალი ათონი.)
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”

??????