რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

უსახელო უფლისციხელი 

რამდენიმე ხნის წინათ დამიბარეს ჟურნალ “ცისკრის” რედაქციაში და მომცეს წინადადება დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. მე დავთანხმდი, მაგრამ რედაქციიდან გამოსვლისთანავე ვინანე. მოვექეცი ჩიხში. არ ვიცოდი რა მექნა. რაღაც წამოვიდა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე ისტორიის შესწავლა დამეწყო. წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში პირველადვე. მერე გადავწყვიტე უფრო ფართოდ შემესწავლა უფლისციხის ისტორია. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომელიც აქ გადიოდა, გავეცანი მის მიდამოებს: სადღაც აესხა მძივი. შევადგინე კონსპექტი. უფრო კარგად ვგრძნობ უფლისციხეს.

ახლა საღამოა.
ვზივარ სახლში და ვკითხულობ კონსპექტს. ის სულ უფრო მითრევს;
რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში, მხოლოდ ფანტაზია უნდა ოდნავ. ხვალ კი აუცილებლივ წავალ უფლისციხეში.
ახლა ღამეა. მეძინება.
ვიღებ კონსპექტს და ვკითხულობ ახლიდან:

უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისი მიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც.
ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლიერება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია მტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხეობა ცალკე გამაგრებულ რაიონს წარმოადგენს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლიერი სამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე. ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან ე.წ. ხოვლიგორაზე. მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი, კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, თანდათან კარგავენ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. არის შემთხვევები სწრაფი დაცემებისაც. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე.
ნელ-ნელა ეკონომიკური სიძლიერე და, მასთან, პოლიტიკურიც გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსაკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ციხე-ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი. ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოეთიდან, ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან ამოდის კასპიის ზღვაში, მოჰყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტან-ქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე (ფოთი). ამ დროისათვის უფლისციხე უკვე ძლიერი ქალაქია. მისი პირველი საფუძვლიანი გამაგრება-აშენება ამავე დროს უნდა ეკუთვნოდეს. უფლისციხის აშენებაზე დახარჯული შრომა მკაფიოდ ლაპარაკობს მონის შრომის გამოყენებაზე.
ამ ციხის გარშემო შენდება სოფლები. უფლისციხის დასავლეთით (გორის მიმართულებით) დადასტურებულია უზარმაზარი დასახლებული ადგილი და ხოვლიგორის მსგავსი სამოსახლო ბორცვი. აქ ამ დროისათვის უკვე სახლობს წარჩინებული–უფალი, რომლის მართველობასაც ექვემდებარება ახლომდებარე მიდამოები. მდაბიონი იქვე, ქალაქის კედლების გარეთ, სახლობენ. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში უფლისციხის აღება შეუძლებელია. მას ორი მხრიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საზღვრავს ბუნებრივი უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს კლდეში გამოკვეთილია თხრილი, სიგანით ათ მეტრამდე და სიმაღლით ოთხ-ხუთ მეტრამდე. ახლა იგი უკვე საკმაოდ ცნობილი ქალაქია. თავისი შინაგანი სიძლიერით თუ არქიტექტურული გარეგნობით იგი ყურადღებას იპყრობს. უზარმაზარი ქვაბები, ტალანები თუ პატარა საკნები, მთელი სამლოცველოებიც კი კლდეშია შეთხრილი და საიმედოდ დაცული. შიგნიდან კედლები მოჩუქურთმებულია. ამ კედლებთან იშვიათი არ არის აქლემთა თუ ჯორცხენთა ქარავნები, დატვირთული აღმოსავლური საქონლით. ამავე დროს ეკუთვნის გორისა და მცხეთის გაძლიერებაც. ახლო კულტურული კავშირი მყარდება ამ ციხე-ქალაქებს შორის.
უფლისციხე თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს არაბობის დროსაც. ამ ხანისათვის იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოსავალ პუნქტს ქართლის გაერთიანებისათვის. უფლისციხის დასაპატრონებლად ერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი. შემდეგი ბრძოლები უფლისციხეს ახსოვს ძმათაშორის სისხლისღვრის დროს, როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარს შემოეწყო “ყოველითა ძალითა თვისითა და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხესა და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით”. როგორცა ჩანს, უფლისციხის აღება იმ დროს ან მოტყუებით, ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა.
საქართველოში არაბთა ბატონობის შესუსტებასთან და თბილისის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, უფლისციხე კარგავს თავის ძველ მნიშვნელობას და მყუდრო ცხოვრებას იწყებს.

ახლა, როდესაც გავეცანი ამ ქალაქისა და მისი მიდამოების ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკვე ნაცნობი იქნება ჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი. არა ცხელა. ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლა მთაზე რაღაც საყდარი მოჩანს, შემდეგ ისევ რიგია სახლების; ზევით, მთაში, გვირაბი გაყავთ. მტკვრის მეორე მხარეს ვენახებში იფლობა დიღმის ველი. ვათვალიერებ და მინდა ერთი ადგილი მაინც დავინახო დაუსახლებ-დაუმუშავებელი. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰესი უკან რჩება. წინიდან მოდიან ხრიოკი მთები. აქ ახლა არავინ სახლობს, არც ხნავს. ხანდახან საყდარი და ძველი ქვაბულები მოჩანს. მრავალჯერ განცდილი, უფრო იზრდება ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს სამთავრო, არმაზი, სარკინეთი. სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმის მონასტერი. მერე ისევ ციხე მთაზე. ხალხი იღიმება, “მაგას ჭუჭუა მომჭამეს ციხე ჰქვია”, მიჩურჩულებს ვიღაც, მეც ვიღიმები. “რატო?” ვკითხულობ. ის ჰყვება თათართა ალყის ამბავს, შემდეგ საიდუმლო გვირაბზე ჰყვება, რომლითაც ქართველები მდინარეზე გადიოდნენ და კალმახებსაც კი იჭერდნენ. მეციხოვნენი კალმახებს ლაჯებს შუა იდებდნენ. ახელებდნენ თათრებს. “ჭუჭუა მომჭამეო”, ეძახდნენ. დამარცხდნენ თათრები. ეს ამბავი მეც ვიცოდი. მე სხვაც ვიცი. ახლა მთების იქითაც ვიხედები, მიწის შიგნითაც ვიხედები – მაგონდება ახლად ნასწავლი. იქით ხეობებია ქართლის, კლდეკარები, სააკაძის სამშობლო ნოსტე, ერთაწმინდა. აქეთ, კასპის მიწაში, ორი ათასი წლის წინანდელ სამოსახლოებს ვხედავ.
მატარებელი ჩერდება. მიდის. ჩერდება.
გრაკალიდან ხოვლე მოჩანს. ხოვლის ბოლოზე უძველესი სამოსახლო ბორცვი ითხრება. მატარებლიდან საკონტროლო თხრილი ჩანს შავ ხაზად. მატარებელი ისევ მიდის. ჩერდება. მე ქვახვრელში ჩამოვდივარ. აქ, ქვაში, ხვრელებია სამოსახლო – იმიტომ ქვია ქვა-ხვრელი. მწვანეში ზის ახლანდელი სოფელი. ჩემს პირდაპირ მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით. ცხელა. მე მტკვრის ნაპირზე ვჯდები. ვისვენებ. ჩემს პირდაპირ ბორანს აკეთებენ. იმის უკან სახლს აშენებენ. დავიღალე. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში! ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომ ქვა არ იყოს ქვაზე დადებული. და ეს მონაკვეთი, რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის. ვცდილობ აღარ ვიფიქრო. ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარებელი ყოფილა ჩემი ხალხი - ისევ ვფიქრობ. მერე აღარ ვფიქრობ. მზე უფრო აჭერს. მე ნელა მივყვები ბაღების ხეივანს. აქ ჩრდილია და ცოტა ვისვენებ. შემდეგ მწვანე უცებ წყდება: გვერდიდან მაცხუნებს უფლისციხე. ავდივარ ქვაბებში. ვიწყებ ზევიდან, ჩამოვდივარ ქვევით. ჯერ ვერ გავრკვეულვარ კიდევ. ქარი სისინებს ნაპრალებში. ქანი იფიტება. ქარი უფრო ღმუის. გრძელფეხა ჯოჯოები ხრიოკებს სერავენ. უარყოფით კედლებზე დარბიან ეშმაკებივით და შუა კედელზე ქრებიან. მე ქვას ვესვრი. ქვა ხვდება. ჯოჯო გაკვირვებული მიყურებს, მერე მირბის. მივდევ. უცებ კლდე წყდება და იწყება უფსკრული. ჯოჯო ქვევით ჩარბის. მერე ჩერდება და ისევ იხედება. ქვევით ხრიოკი სოფელი მოჩანს. ისტორიიდან ვიგონებ – აქ დიდი დასახლებული ადგილი ყოფილა. ახლა სოფელი გადაბუგულია; სულ არა ჰგავს ქვახვრელს. მეჩვენება: ჯოჯო იქით მიდის, მერე ისევ უკან მოდის და სხვებს აღვიძებს. “იქნებ ძველი მეციხოვნეების შთამომავლები არიან ჯოჯოები”, ვფიქრობ. “იქნებ დაპატარავდნენ ისინი და ჯავშანში გახვეულები დარბიან.” აქ ხრიოკი და უდაბნოა. ქარი საშინლად უბერავს. ცხელა. ქვიშა გეყრება თვალებში. აქ ყველაფერი შეგიძლია იფიქრო ყველაფერზე. თითქმის ბანცალით შევდივარ ღრმა ქვაბში და ქვიშაზე ვწვები. ქვიშა აქ ცივია. მე ვწევარ და ჭერს ვუყურებ. ჭერი დატიხრულია. ჩუქურთმები გამოდიან სიბნელიდან. კედლები მოხატულია ფარდაგად. აქ ჯოჯოები არ დადიან. ჯოჯოებს ეშინიათ სიცივის. ისევ ჭერის ჩუქურთმებს ვუყურებ. თვალები დაღლილი მაქვს და ძლივს ვარჩევ ჩუქურთმებს შორის ღრმად ამოჭრილ წარწერას Волков, მერე კედელზე გადამაქვს მზერა, აქ უფრო ღრმადაა ამოჭრილი Тормосов. ისევ ვხუჭავ თვალებს; მაგონდება მატიანეში ამოკითხული, რომ აქ ქვა რბილია და ადვილი დასამუშავებელი. ყველას შეუძლია ამოჭრას, რაც უნდა. მე ჯიბიდან დანას ვიღებ და ვჭრი ჩემს გვარს. კლდე იფშვნება. მაინც შეიძლება გარჩევა, რომ მე აქ ვიყავი 1957 წლის ივლისში. რაღაც სასიამოვნოა იმაში, რომ შენი ყოფნა აღნიშნო. ალბათ, ასევე ჰგვრიდა სიამოვნებას ტორმოსოვსა და ვოლკოვს. ალბათ.
მეც მსიამოვნებს.
გამოვდივარ გარეთ.
ცხელა.
ისევ ჩავდივარ ქვევით და ხელოვნურ თხრილს მივყვები ზევითკენ. მისი სიმაღლე საშუალოდ ოთხი მეტრია. ის კლდეშია ამოჭრილი. თხრილი ზევით მიდის, მერე უხვევს და ბუნებრივ ხევს უერთდება. აქედან იწყება უფსკრული. თუ არა გვირაბით, შეუძლებელი იყო ამ ქალაქში ასვლა. მე უფრო ზევით ავდივარ. აქედან უფსკრული უფრო ღრმა მოჩანს. ის საშიშია. მე მსიამოვნებს, რომ ის საშიშია: რაღაც ბუნდოვან შეგრძნებას იწვევს. მზე აჭერს. ვბრუვდები. ვწევარ და ქალაქის ისტორიაში დავბორიალობ: რამდენიმე მთავრის თუ მეფის სახელი და, მორჩა. “საინტერესოა, რატომ არ შემორჩა ვინმე გმირის სახელი, გლეხი გმირის”, - ვფიქრობ. მზე უფრო აჭერს, მე უფრო ვბრუვდები. თვალებსა ვხუჭავ. მინდა ცოტა წავიძინო. ძილი კი არ მოდის. თვალებდახუჭული უფრო მეტსა ვხედავ. მეჩვენება, რომ ღამეა და უფლისციხე გარშემოწყობილია. მეციხოვნეებს ცეცხლი უნთიათ. დიდ ქვაბებში ადუღებენ კუპრს. თხრილებთან ქვა გროვდება დასაშენად. თხრილის იქით კი მტრები დგანან.
მხოლოდ უფსკრულის მხარეა ჩაბნელებული. აქ ყარაული არ არის საჭირო. აქ ამოსვლა შეუძლებელია. ღამე ცა იბურება და ჟინჟლავს.
იმ წელს ადრე შემოდგომაზე მოდის თოვლი. თოვლი ზაფხულში გახურებულ კლდეს ადნება, მხოლოდ უფსკრულის მხარეს იკიდებს ფეხს.
ქარი მატულობს.
მერე უფრო მატულობს.
მეციხოვნენი თავს იბურავენ. ქარი საბურავებში შედის და ყურებსა ყინავს.
სამლოცველოში ქარი არ არის. აქ ქალები მუხლმოდრეკით ევედრებიან ღმერთს. ღმერთი ისმენს და პასუხს არ აძლევს – უსაზღვროა მისი ძალა თუ უფლება. ქალები კი მუხლმოდრეკილი ლოცულობენ თავიანთი შვილებისათვის. შვილებს კი სძინავთ: ღრმა ქვაბებში კლდის საწოლებზე თივა ყრია, თივაზე ხალიჩები აგია და იმაზე. მერე რომელიმე იღვიძებს. ტირის. უძახის დედას. ისევ იძინებს. ახლა სხვა იღვიძებს. ტირის. უძახის დედას. დედა კი ფილაქანზეა დაჩოქილი. მუხლისთავებიდან სისხლი სდის. ლოცულობს. ლოცულობს თავისი შვილისათვის – ღმერთი დიდია და მოწყალე, უსაზღვროა მისი ძალა.
გარეთ ცივა.
ქარი შრიალით ყრის ხევებში მიწას.
თხრილის იქით მტრები დგანან და ემზადებიან.
იერიში გათენებისას დაიწყება.
მეციხოვნენი ცოტანი არიან, მტერი ბევრია, ბევრად მეტია. დიდი მთავარი მჭმუნვარეა - “გაუძლებს ციხე”?! – არის მისი ფიქრი. იერიში კი დილით დაიწყება. შუაღამისას ქარი ღრუბლებს ყრის. ყინავს. უფსკრულზე თოვლის ყინულები ეკიდება. უფრო მატულობს ქარი. ღრუბელი აღარ არის. ვარსკვლავები უმთვარო ღამეში მოჩანან დიდი, შორეული, ცივი.
უფსრკულში კაცი მიცოცავს. ის ფეხშიშველაა. ქალამნიანი ფეხის მოკიდება აქ არ შეიძლება. კაცის თვალები არა ჩანს, არც ტანი ჩანს, არც თავი, არც სისხლიანი ხელები. ის მიცოცავს. ყინვა იჭრება მის სხეულში, თითები უხევდება: ცერი ყველაზე ადრე კვდება; მერე კვდება ნეკი. ის სამ-სამი თითით მიცოცავს. ის უკვე ექვსი საათია რაც მიცოცავს. ჯერ სწორზე მოფორთხავდა: მტერთა ბანაკიდან გზა ვაკეა უფსკრულამდე. ბანაკი კი გარშემორტყმულია. ის მისი შუაგულიდან მოფორთხავს. ის მათი სარდლის მზარეული იყო. როდის გახდა მზარეული, აღარ ახსოვს. მისი გონება ბუნდოვანია. მხოლოდ ის იცის, რომ მისი სამშობლო ეს არის, ხოლო ის, ვისაც ემსახურებოდა – მტერია. მტერს კი მისი არ ეშინია. მტერი მისი თანდასწრებით ლაპარაკობს, ადგენს გეგმებს. ის მთავარსარდლის მზარეულია დიდი ხნიდან და ენა არა აქვს. არა აქვს იმიტომ, რომ მოჰკვეთეს. მთავარსარდალს არა სჭირდება მსახური ენით. ამიტომ მოჰკვეთა ენა და ჰყავს უენო მსახური. უენომ იცის, რომ ისინი, მისი ბატონები და მისი ხალხის მტრები, საიდუმლო გზით ადიან ღამე.
იცის უენომ და თქმა არ შეუძლია.
ახლა ის უფსკრულის თავზე ჰკიდია. აქ შუაგზაა.
ზევით ციხეა – იქ არის მისი ხალხი. ქვევით კი უფსკრულია და მტრები დგანან – მისი ბატონები.
ქარი მატულობს.
ყინავს.
ქარი უფრო მატულობს.

ეკლესიაში, სადაც დედები ლოცულობენ ბავშვებისათვის, ღრიალით იჭრება ქარი. კარები იღება და იხურება. ქარი წყდება. უენო დგას შიგ. მის უკან კარები მიხურულია. ის დგას. მერე მუხლებზე ეცემა თავისი ღმერთის წინ და ლოცულობს. ღმერთი დიდია და მოწყალე. განუსაზღვრელია მისი ძალა.
ქალები კუთხეში მიყუჟულები შიშისაგან კანკალებენ და აღარ ლოცულობენ.
გადის ხუთი წუთი.
გადის ათი წუთი.
გადის ნახევარი საათი.
წინ უენო მიდის. იგი ფრთხილად ადგამს ფეხს. უკან მეციხოვნენი მისდევენ. ის უენოა და ხელით ანიშნებს. ის უენოა და ვერა კვნესის; ფეხები კი დახლეჩილი აქვს. ტერფები დახეთქილი: ლურჯი, წითელი, შავი.

დილით მზე აცხუნებს უფლისციხეს.
მზე აცხუნებს სალოცავს. სხივი სალოცავში სარკმლიდან შედის და ძირს ეცემა. მისი ფერია წითელი და შავი. იქ კაცია დამხობილი მუხლებზე. ლოცულობს. სიტყვები არ ისმის. ის უენოა.
ქალები დასისხლიანებული მუხლისთავებით დგანან ფილაქანზე: ღმერთს მადლობას სწირავენ გადარჩენისთვის: ღმერთი დიდია და მოწყალე.
გარეთ მზე ანათებს და გვამებს ბერავს. ისინი ყრიან ყველგან; უფსკრულის ძირას, უფსკრულის თავზე, თხრილის გარეთ და თხრილის შიგნით.
მეციხოვნენი თხრიან უზარმაზარ სამარეს:
ხვალიდან აყროლდება გვამები: დღე წყნარია და მზე აცხუნებს. ვიღაცა ჭიანურს ბერავს. დიდი მთავარი გაღიმებული დადის ტალანებში, მერე მხსნელს იბარებს თავისთან. ის მეციხოვნეებს მოჰყავთ ხელით. მას ფეხები დაყინული აქვს და სიარული არ შეუძლია. მას სვამენ ტახტზე; კიდე ერთხელ უხდიან მადლობას.
სთხოვენ:
თქვას თავისი ვინაობა; ის კი უენოა;
სთხოვენ:
დაწეროს თავისი გვარი ან სახელი; მან კი წერა არ იცის.

და გვერდზე საკანში, ღმერთს შეწირული კაცი, უფლის მონა, შლის მატიანეს და წერს დიდი ასოებით: “ჟამსა ამასა და ამასა, წყალობითა ღვთისათა, დიდმა მთავარმა ვამეხმა სძლია მტერს და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა”.
მე ვფხიზლდებისავით.
მზე ჩასულა.
აღარ აცხუნებს.
ქარი კი მატულობს.
ვდგები. მეჩვენება, რომ მე ვიცი იმ კაცის სახელი. რაღაცას ვლუღლუღებ. ალბათ, ვაჟა ერქვა, ან, უბრალოდ, კაცებო, ან გურამი, ან რატი; ქართველებს უმეტესად ეგ სახელები ჰქვიათ, იმასაც ეს ერქმეოდა. “ჰო, უეჭველად რომელიმე მათგანია ის”, ვფიქრობ.
საშინელ წყურვილს განვიცდი; მათარა თანა მაქვს. მაინც არა ვსვამ. რატომღაც მინდა უფრო მომწყურდეს. შევდივარ დიდ ტალანში, აქ ქვის სკამებია და ქვის მაგიდები. ვჯდები ქვის სკამზე. ვინ იცის, ვინ იჯდა აქ?! – შეიძლება დიდი მთავარი ვამეხიც. ვფიქრობ. ვიწყებ წერას. არ შემიძლია ამდენი ვნახო და არაფერი დავწერო. ფურცლებს ვუზიარებ ჩემს განცდას.
რაღაც მაწუხებს. ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩამყუდროება. ქვის სკამიც კარგია, მაგიდაც კარგია: მაინც ვერ მოვეწყე. აქ ყველაფერი ძველია და საიდუმლო.
ვდგები.
ჩემ გარშემო კი ყველაფერი ძველია და საიდუმლო, ახალი მხოლოდ არქეოლოგთაგან დატოვებული მიწის გასატანი საკაცეები ყრია. ისინი დამტვრეულია. ალბათ, ერთი თვის წინ გააკეთეს, ერთი თვის შემდეგ კი დაიმტვრა. საკაცეებისგან მაგიდის მსგავსს ვაკეთებ: ერთმანეთზე ვდგამ სამს და ისე. ერთ საკაცეს ქვეშ ვიგებ. ვჯდები. მოვეწყე. განვაგრძობ წერას. ვერთობი. ჩემ გარშემო კი ტალანია დიდი, ცარიელი, საშიში. აქ მხოლოდ ქვის სკამები და მაგიდები დგას, ძველი, ძალიან ძველი.
მე კი ვზივარ ერთი თვის წინათ გაკეთებულ საკაცეზე და ვწერ. ეს საკაცე უფრო მოხერხებულია ჩემთვის: ალბათ, ერთ დროში ვართ გაკეთებულები ორივენი და იმიტომ.

[1957 წლის ივლისი]




შენიშვნები




არსებობს “უსახელო უფლისციხელის” სამი ავტოგრაფი: შავი (1-27გვ.), თეთრი(1-21გვ.) და ჩანაწერები მოთხრობის თეთრი ვარიანტის შესავლისათვის (1გვ.), (1-3გვ.). შავი ვარიანტის მეთერთმეტე გვერდზე ფანქრით, მამას ხელით წერია: “ეს უსახელო უფლისციხელია”. ჩანს, თავდაპირველად, შესავლის შავი ხელნაწერის პირველი გვერდები ინახებოდა სხვა საქაღალდეში.
ავტოგრაფები დაუთარიღებელია და უსათაურო. მოთხრობა გამოქვეყნდა ჩემი ძმის სიცოცხლეში, ამდენად, სავარაუდოა, რომ მის მიერაა დასათაურებული. დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმისა და მოგონებების საფუძველზე (იხ. ქვემოთ). ამას მოწმობს, აგრეთვე, მწერლის ალტერ ეგოს მიერ ჩუქურთმებს შორის ამოჭრილი თარიღი (“მე აქ ვიყავი 1957 წლის ივლისში”).
შავი ვარიანტი ნაწერია გაკრული, მომსხო, სწორი ასოებით. რამდენიმე ადგილას იმავე საწერკალმით და მელნით ჩამატებულია წინადადებები, ვფიქრობ, წერის პროცესშივე. თეთრი ავტოგრაფი ნაწერია ლამაზი, გამოყვანილი ასოებით. ნასწორებია სხვა ხელით. ჩანს, ხელნაწერი მზადდებოდა გამოსაცემად. ამჟამად აღდგენილია დედანი. თეთრ ავტოგრაფში ასო “ტ” რამდენჯერმე ფიგურულადაა დაწერილი (იხ. პირველი ტომი, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). თეთრი ვარიანტის ბოლოს მწერლის ხელმოწერაა: “გ. რჩეულიშვილი”. შესავლის თეთრი და შავი ვარიანტები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩანაწერი წარმოადგენს თეთრი ავტოგრაფის შესავლის შავ ვარიანტს. ხელწერიდან იგრძნობა, რომ ძირითადი ტექსტის შავი ავტოგრაფი დაწერილია ერთი ამოსუნთქვით, შესვენების გარეშე. ძირითადი ტექსტის შავი და თეთრი ავტოგრაფები ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვავდება. თეთრში შექმნილია მხოლოდ ახალი აზრობრივი მთლიანობები, აბზაცები.
შავი ავტოგრაფის შესავალი:
”მტკვარი ჯერ ძალიან დაკლაკნილი და ვიწრო ჩანს. მერე თვითმფრინავი მიწას უახლოვდება. მდინარე სწორდება. ახლა ის უფრო განიერი მეჩვენება. ჩვენ ქვევით მტკვარს სხვა მდინარე ერთვის, მერე დიდი ჯებირია, მთაზე ეკლესია დგას.
- რა კალმახი იცის არაგვში! - ამბობს ჩემს გვერდზე ვიღაცა.
- რა მდინარეა ის? - ვეკითხები მე.
- არაგვი, ქვევით, მთაზე, ახლა რო გამოვიარეთ, ჯვრის მონასტერია, ის ჯებირი ზაჰესისაა.
სიამოვნებით მიხსნის მეზობელი, მერე საქართველოს ისტორიას მიყვება უთხოვნელად. მიქებს ქართველებს და თბილისში იშვიათ დროსტარებას მპირდება. ის უმეტესად ისტორიაზე და დროსტარებაზე ლაპარაკობს. ირწმუნება, ქართველებისთანა ქეიფი არავინ ვიცითო, ან სტუმრის პატივისცემა, ან მასპინძლობაო. მე ჯერ მსიამოვნებს მისი გულთბილი ლაპარაკი, მერე აღარა მსიამოვნებს, უკვე გადაამეტა. “ნეტა რანაირი ხალხია ქართველები” ვფიქრობ.
- ზარმაცები ვართ, ზარმაცები, - ამბობს ჩემს უკან ვიღაცა.
- ზარმაცები კი, ზარმაცები, მაგრამ ნიჭიერები, უდაოდ ნიჭიერები, - ამბობს ჩემი ახლად შეძენილი გიდი და ისევ ყვება საქართველოს ისტორიას.
მე ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი, ვიცი გორგასალი, დავით აღმაშენებელი, რომელმაც ააშენა საქართველოში ხიდები, სასახლეები და თამარ მეფე, რომლის სახელიც ჰქვია ყველაფერს, რაც კი აშენებულა, თუნდ სხვისი ხელითაც, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ჩემი გიდი. (“არაგვისა და მტკვრის შესართავში ჯვრის ეკლესია იდგა. მასზე თქვა, მეხუთე საუკუნის დროინდელიაო, ახლა, როცა თამარზე ლაპარაკობს, ამბობს, მან ააშენაო. ალბათ, მართლა საყვარელი იყო ეს მეფე-ქალი.” - გადაშლილია მწერლის მიერ.)
ახლა თვითმფრინავი თბილისზე მიდის, თბილისის შუაში კი მტკვარი მიდის. მართლა ლამაზია ეს ქალაქი, პატარა, მაგრამ ლამაზი. ასეც ვიცნობდი მე მას.
- რა ლამაზია თქვენი ქალაქი, - ვამბობ მე.
- თქვენ რუსთაველის პროსპექტი უნდა ნახოთ! - მეუბნება ის.
- მე პლეხანოვი მირჩევნია, - ამბობს ჩვენს უკან ქალი.
ისინი დავას განაგრძობენ. თვითმფრინავი კი წრეს ურტყამს ჰაერში. უვლის ტბას და ეშვება. ისინი ისევ ჩხუბობენ. მერე კაცი მე მომმართავს.
- არ დაუჯეროთ, - მეუბნება. - პლეხანოველია და იმიტომ აქებს. მე უაზროდ ვიღიმები. თვითმფრინავი ჯდება აეროდრომზე. მე პირველად ვარ თბილისში.

სახლები. ახალი დიდი სახლები, სამსართულიანები, ოთხსართულიანები, თერთმეტსართულიანები, თეატრები, სტადიონი. ყველაფერი ეს ყველგან არის უფრო კარგიც, უფრო ლამაზიც, ფუნიკულიორიც არის სხვაგან, ძველი ეკლესიებიც არის სხვაგან. ქართველებზე სტუმართმოყვარე ხალხიც არის სხვაგან. ქართველები ლამაზი ხალხია. სხვებიც არიან ლამაზები. დავდივარ ძველ თბილისში ნარიყალიდან მეტეხამდე, მერე ზევით, ქაშვეთისაკენ, ვაკისაკენ, საბურთალოსაკენ და ვფიქრობ: ცალ-ცალკე ყველაფერი ყველგან არის, მაგრამ ერთად იშვიათია: მართლა იშვიათია, ალბათ ამიტომ არიან ქართველები ასეთები, როგორები, ვერ ვიტყვი - ყველა სხვადასხვანაირია. დავდივარ და მესმის ხშირად - ქართველები ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცები ვართ. “რატომ არიან ზარმაცები? სიზარმაცით ამდენი საქმე ვერ გაკეთდება”. ვფიქრობ, “ალბათ, იმიტომ დგანან და დგანან ქუჩაში. უფრო ვოცდები და მიტაცებს ეს საინტერესო ხალხი არა თავის სიკარგით - ისინი ტრაბახები არიან, არამედ თავისი მრავალფეროვნებით. თვითონ ბევრ თავის ნაკლს დასცინიან, მაგრამ ტრაბახს არავინ. საინტერესო ხალხია ქართველები - პირველი გაცნობისთანავე გიყვებიან თავიანთ ისტორიას, გიყვებიან და აქებენ. პატარა წინააღმდეგობაც კი საკმარისია, რომ მთელი კამათი გამოიწვიოს. უფრო ვინტერესდები ისტორიით. გადავწყვიტე სახლიდან არ გამოვიდე და ის მცირე დრო, რაც მე მაქვს, სამი დღე მაინც, ამ ერის ისტორიის შესწავლას მოვანდომო. პირველ წერილობით წყაროებს ბერძენ და რომაელ მემატიანეებთან ვხვდები. იბერია რაღაც შინაგანი პატივისცემით იხსენიება. ვათვალიერებ უფრო ძველ მასალებს და გადავდივარ ძველი მსოფლიოს ისტორიაში. ზედიზედ ეცემიან სამხრეთის მპყრობელები: შუმერი, ბაბილონი, ზევით ასურეთი და ურარტუ, რომელიც უშუალოდ ქართველთა წინაპარი ტომებითაა ცნობილი. ეცემიან და კულტურის ცენტრი უფრო ჩრდილოეთით ინაცვლებს, საქართველოსა და სომხეთის სახით. სულ უფრო ხშირდება წერილობით წყაროებში იბერიელთა მოხსენიება. იბერია აიძულებს მოიხსენიონ იგი. აქ თავს იყრიან უკვე მსხვილი პოლიტიკური ცენტრების მთელი ჯგუფი კოლხეთიდან, ვიდრე ჰერეთამდე. რუქა ისერება სავაჭრო გზებით: კასპიის ზღვიდან გზა უერთდება მტკვრის სანაპიროს. ჩნდება მთელი ჯაჭვი გამაგრებული ქალაქებისა ...... ბოსტან-ქალაქი, გზა თბილისს გვერდს უვლის - მაშინ ადრე იყო თბილისის ხსენებაც კი, მცხეთაც გაკვრითაა ნაჩვენები, ისიც უფრო გვიან გაჩნდა, კასპი, უფლიციხე (ეს ადგილი ერთ-ერთ ძირითად პუნქტადაა მიჩნეული ამ გზაზე). აქედან გზა გადადის სურამის ქედით სეანდა შორაპანში და გადის ფაზისში (ახლანდელი ფოთი). ფოთიდან გზა ფაზისამდე იშლება ყოველ მხარეს. დიდია ისტორია ამ ერის, დიდია დროის ერთ მონაკვეთშიც და ერთ ადგილისაც მთელი მისი არსებობის განმავლობაში. ვცდილობ რომელიმე ამოსავალი პუნქტიდან დავიწყო მისი შესწავლა. ასე უფრო გამიადვილდება. ახლა უკვე კარგად ვიცი, რომ ქართლი არის ამოსავალი ცენტრი. იგი პოლიტიკურად თუ ეკონომიურად აერთიანებს საქართველოს. თვით პოლიტიკური უძლურების პერიოდშიაც კი, იგი საქართველოს კულტურის ცენტრი რჩება.
ისევ მივყვები რუქას უკან და ჩემს არჩევანს უფლიციხეზე ვაჩერებ. ამ ქალაქზე, როგორც ეტყობა, ისტორიასაც შეუჩერებია თავისი არჩევანი. ჩემი ნაცნობი არქეოლოგ-ისტორიკოსთა რჩევით, ვიწყებ მისი ისტორიის შესწავლას. ნელ-ნელა უფრო გაოცებაში მოვდივარ. მთლიანად მითრევს ამ ერის და, კერძოდ, უფლისციხის ისტორია. მხოლოდ ხანდახან, ისიც სეირნობის დროს, რუსთაველის პროსპექტზე მაგონდება, რომ ახლანდელი ქართველები თავს ზარმაცებად თვლიან. დავდივარ და ვფიქრობ: რატომ დგანან ახალგაზრდები ქუჩაში. ისინი დგანან, ხნიერები კი მუშაობენ. ალბათ დგომაში სწავლობენ ისინი ცხოვრებას. ასეთია ასაკი. ხშირად მეც მითრევენ და მეც ვდგევარ. ახლა ვიტრინებში ზარმაცი, მფლანგველი და სხვადასხვა ჯურის წვრილი დამნაშავეების სურათებია გამოფენილი; ეს დადგომის კიდევ ერთი საბაბია: უყურებენ და იღიმებიან. საოცარი ხალხია ქართველები. დგანან უსაქმოდ და მესმის; ლაპარაკობენ კანტზე, მერე მოყავთ ციტატები: ესენინი, ლერმონტოვი, ირჩევა ვრუბელი და გუდიაშვილი. სხვაგან ამას ლექციაზე არჩევენ. აქ კი ქუჩაში ირჩევა. ნუთუ ამას ეძახიან სიზარმაცეს. არ ვიცი.
მე დღისით ისტორიას ვსწავლობ. საღამოს ვსეირნობ. ვადარებ ძველს და ახალს. ერთი, რაც საერთოა ორივე დროისათვის, ერის სიმცირეს უჩივიან ამ ერის შვილები. - ცოტანი ვართ ქართველები, - ამბობენ ახლა “და ათი თურქი მოდიოდა ერთ ქართველზე” ვკითხულობთ მატიანეში. ვეფლობი ისტორიაში და ვოცდები “ამ ცოტა ხალხმა ამდენი როგორ გააკეთა. ალბათ, ისინი არც ზარმაცები იყვნენ, არც მოსწონდათ ეს თვისება. მხოლოდ ბეჯითობასა და ნიჭს შეუძლია გააკეთოს ის, ხალხის იმ რაოდენობით, რაც ქართველ ხალხს შეუქმნია.” და ჩემ წინ არის შრომისუნარიანი, სიბეჯითისა და ნიჭის იშვიათი ნიმუში უძველესი ისტორიული ძეგლი უფლიციხე.

უფლისციხე თავისი არსებობის ისტორიას ითვლის ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან”.
ჩანაწერი “უსახელო უფლისციხელის” შესავლის თეთრი ვარიანტისათვის:
“ისტორია და ლიტერატურა ერთ ამბავს ემსახურება სხვადასხვა მხრიდან. ორივეს საერთო ვალია იცოდეს ხალხმა როგორია ცხოვრება, ან როგორი იყო ცხოვრება და მიიღოს ახლის შექმნისათვის გამოცდილება. ისტორია თავზე იღებს ფაქტობრივ მხარეს შორეული წინანდელისა თუ გუშინდელი დღისას, ლიტერატურა კი აცოცხლებს მას და მკითხველს თავისი გმირების ცხოვრებით აცხოვრებს. ისტორიაც და ლიტერატურაც ერთნაირი ძალით აშუქებენ მომავალს, სხვაობა იგივე: ერთი იძლევა მხოლოდ მეცნიერულ ფაქტებს, მეორე ფაქტებს, ოღონდ მხატვრულად. არის რაღაც საშუალოც, არა ისეთი სრულფასოვანი, როგორც ისტორია ან ლიტერატურა ცალ-ცალკე, მაგრამ გარკვეულ დროს უდაოდ გარკვეული ღირებულების შემცველი. ეს არის ნარკვევი. ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი, რომლის ვალიც არის მკითხველამდე ისტორიული სინამდვილე მიიტანოს მხატვრულად (აქ სინამდვილიდან გადახვევა თითქმის არ შეიძლება). მე ყველაფერი ეს თითქოს ვიცოდი, მაგრამ კარგად არა. არ ვიცოდი მანამ, სანამ სხვებთან ერთად მივიღებდი დავალებას დამეწერა რაიმე ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი “ცისკრის” რედაქციისათვის. მე დავთანხმდი. მაგრამ რედაქციიდან გამოსვლისთანავე ვინანე. მოვექეცი ჩიხში. არ ვიცოდი რა მექნა. რაღაც წამოვიდა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა უქმად ვიარე. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე ისტორიის შესწავლა დამეწყო. მშრალი ფაქტები, ალაგ-ალაგ საინტერესოც. მაინც მომწყინდა. მერე უფრო ფართოდ დავიწყე უფლისციხის შესწავლა. გავეცანი სავაჭრო გზებს, მის მიდამოებს. სადღაც აესხა მძივი. უფრო ჩამითრია. შევადგინე პატარა კონსპექტივით. ნელ-ნელა უფრო კარგად ვგრძნობ უფლიციხეს. ახლა საღამოა, ვზივარ სახლში და ახლიდან ვკითხულობ კონსპექტს, რომელიც შევადგინე. ის სულ უფრო მითრევს. ვოცდები. რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში. მხოლოდ ფანტაზია უნდა ოდნავ. ხვალ აუცილებლად წავალ უფლისციხეში. ადგილზე. ახლა ღამეა. ვიღებ კონსპექტს და ვკითხულობ ახლიდან: ”


ვაჟა გიგაშვილის მოგონება: “მე და ჩემი მეუღლე (ლია ჯაფარიძე - მ. რჩ.) ვიყავით სამთავროში პრაქტიკაზე 1957 წლის ზაფხულში. ოთხ ივლისს ეკლესიის ეზოში გამოგვეცხადა გურამი თავის ქალით ხელში, ძალიან აღელვებული და მხიარული. გვითხრა: მთელი დღე მარტო ვიყავი უფლისციხეში. დღეს ჩემი დაბადების დღეა, თავის ქალა ლოდიანზე იდო და ჩემ თავს საჩუქრად წამოვუღეო.” ეს თარიღი, ოღონდ რიცხვის გარეშე, მოიხსენიება თვითონ მოთხრობაშიც (იხ. აგრეთვე, მომდევნო მოთხრობის შენიშვნა).
1957 წლის 4 ივლისს გურამი 23 წლის გახდა. ვაჟამ და გურამმა ის დღე, ჩვეულებრივ, გავარდნა-გამოვარდნებში გაატარეს. ჯერ დასხდნენ მცხეთის ბალუსტრადებიან რესტორანში. მერე ფული არ ეყოთ და წიწამურში ავიდნენ აგარაკზე, ლიას მშობლებთან. იქ დახვდათ ლიას ბაბუა. მან ახალგაზრდებისათვის სუფრა გააშლევინა. ცოტა იქაც დალიეს. მერე ფეხით წამოვიდნენ მცხეთაში. ბაბუამ ბიჭებს დიდი პარკით გამოატანა ალუბალი. გურამი თურმე მთელი გზა ჭამდა ალუბალს და კურკებს დიდი ბათინკებით ისროდა ზევით. მერე წამოვიდნენ თბილისში, რიგის ქუჩაზე, ისევ ლიას სახლში. დასხდნენ კაბინეტში, ბუხართან. ,,ვსვით და ვსვით. უცნაური იყო რაღაც გურამი. მერე თქვა: - მოდი, გავიჭრათ ხელები და დავძმობილდეთო. გამომიწოდა ხელი და მეც, სულელმა, დავუსვი დანა, დაუნდობლად, თან მიხაროდა, რომ ასეთი ყოჩაღი ვარ. მერე მე გავუწოდე ხელი. გურამმა გადმომაბრუნებინა და ოდნავ გამკაწრა. მთელი ცხოვრება დამახსომდა. წამოუვიდა გურამს სისხლი. მოირწყა სისხლით იქაურობა. ამ დროს გაისმა სადარბაზო კარის ხმა. გურამმა დაიძახა: ,,ატანდა, მამამისი!” სადარბაზო კარში საგურამოდან მოულოდნელად ლიას ჩამოსულ მშობლებს შეეჯახა სისხლში ამოსვრილი ორი ახალგაზრდა. ერთს თავის ქალა ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი. ბიჭები შურდულივით გაცვივდნენ გარეთ. შეშინებული მშობლები ამ ინციდენტის შემდეგ მთელი თვე არ უშვებდნენ თავიანთ ქალიშვილს გარეთ. გურამის დედას და მამას არაფერი რჩებოდათ შეუმჩნეველი, არათუ სისხლში ამოსვრილი პერანგი და შვილის გაჭრილი მაჯა, თურმე გასაკერიც რომ შეიქნა.
1957 წლის 4 ივლისის ამბებს მოჰყვა, გარდა გაჭრილი მაჯისა და სისხლიანი პერანგისა, ორი მოთხრობა: ,,უსახელო უფლისციხელი” და ,,თავის ქალა ლოდიანზე იდო...”

“უსახელო უფლისციხელის” შექმნის ისტორია, უშუალოდ ხელნაწერებზე და მოგონებებზე დაყრდნობით, ასე მესახება, თუმცა “შესაძლოა, ყოველივე ეს არ იყო ესე, მხოლოდ მე ის ასე აღვიქვი” (ჩანაწერი მოთხრობისათვის “სიკვდილი მთებში”):
1957 წლის გაზაფხულზე ვახტანგ ჭელიძემ, იმ ხანად “ცისკრის” რედაქტორმა, სხვა ახალგაზრდა მწერლებთან ერთად, გურამსაც შესთავაზა ჟურნალისათვის საქართველოს ისტორიიდან ლიტერატურულ-ისტორიული ნარკვევის დაწერა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ “ცისკარზე” გაუთავებელი თავდასხმების გამო ძალიან გაძნელდა ახალგაზრდა მწერალთა პუბლიკაცია (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის) და რედაქციამ უფრო ადვილად მიიჩნია ლიტერატურულ-ისტორიული ნაწარმოებების გამოქვეყნება. როგორც საარქივო მასალა მოწმობს, ეს აზრი დაემთხვა გურამის სურვილსაც. ეს ჩანს ამ ტომში მოთავსებული მოთხრობის “ლამაზია გურჯის ქალის” მინაწერშიც: “ეს პირველი ამბავი, ალბათ, დასაწყისი იქნება ნოველების დიდი ციკლისა ისტორიიდან. ჯერ ოღონდ შესწავლა უნდა.....” კონკრეტულად “უფლისციხე” გურამის იდეა უნდა ყოფილიყო. “უფლისციხე” ნახსენებია ჯერ კიდევ 1956 წლის ერთ-ერთ ჩანაწერში “ფურცელი იდეებისათვის” (იხ. ტომი 1, შენიშვნები მოთხრობისათვის “სიყვარული შემოდგომაზე”).
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ შუა საუკუნეებისადმი ინტერესი თავს იჩენს გურამის ცხოვრება-შემოქმედების სხვადასხვა წლებში. ყოველ ეტაპზე ის თითქოს ისტორიულ წყაროებში მოცემული “მშრალი ფაქტების” დაძლევას, მათ მიღმა არსებული რეალობის წვდომას ცდილობს. ამონაწერი გურამის დედის დღიურიდან: “1959 წლის 14 მარტი - სათარიღო დღეა. გურამი მეუბნება: დედა, მე გადავწყვიტე დავიწყო მუშაობა მუზეუმში - ძალიან მაინტერესებს ვიმუშაო შუა საუკუნეების ისტორიაში და პარალელურად ჩემს წერასაც განვაგრძობ.” გურამის ერთ-ერთი ბოლო მოთხრობის გმირი, ისტორიკოსი საურმაგ თურმანიძე, მწერლის ალტერ ეგო, მუშაობს შუა საუკუნეების ისტორიაში. “სიბნელით მოცული შუა საუკუნეები” გურამის ბოლო დაუმთავრებელი ტრაგედიის “სურამის ციხის” ისტორიული ეპოქაა. არქივში შემონახულია, აგრეთვე, დღიურის ტიპის დაუმთავრებელი ჩანაწერი ასეთი სათაურით: “შუა საუკუნეების მოქალაქის მოგზაურობა მეოცე საუკუნეში, ანუ თავგადასავალი გურამ რჩეულიშვილისა” და სხვ.
გურამი უფლისციხეში წასვლამდე ესტუმრა თავის ბიძას ლეო რჩეულიშვილს (ლეო რჩეულიშვილი: ისტორიკოს-არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი. დიდი ხნის განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში თავის მიერვე გახსნილი ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე) და სთხოვა: უფლისციხეზე ნარკვევის დაწერას ვაპირებ და წყაროები მიმითითეო. გურამმა თურმე წაიღო წიგნები და ძია ლეო კი ახალი მასალების ძებნას შეუდგა.
1957 წლის მაისში გურამი ბერდია გოგოჭურთან ერთად (გურამის თანაკურსელი, ძმადნაფიცი. იხ. შენიშვნა მოთხრობისათვის “უღელტეხილი”) ავიდა თეთრ წყლებში ბერდიას ბიძასთან. ეს უნდა ყოფილიყო ლადო ქოქიაშვილის გარდაცვალების შემდეგ (არქივში შემონახულ ჩანაწერებში აღნიშნულია თეთრი წყლებიდან ჩამოსვლის დღე და აღნიშნულია ისიც, რომ ლადო ქოქიაშვილის გარდაცვალებიდან ძალიან ცოტა დრო იყო გასული). ბერდია იგონებს: “გურამი ქალის მოტაცებას აპირებდა და ერთი დღით ავედით თეთრ წყლებში ბიძაჩემ ალექსისთან წინასწარ საქმეების მოსაგვარებლად. მახსოვს გურამი მაღალ ტახტზე წამოწოლილი, სანთლის შუქზე როგორ კითხულობდა “ქართლის ცხოვრებას” და თან ამონაწერებს აკეთებდა პატარ-პატარა ფურცლებზე. ეს კიდევ უფრო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ გურამს ,,ქართლის ცხოვრება” თეთრ წყლებში დარჩა და მერე ბიძაჩემმა ჩამოიტანა მოგვიანებით.”
ისტორიული მასალის დამუშავების შემდეგ გურამმა დაწერა შესავალი შავი ვარიანტისათვის. ამ შესავალში ჩანს, რომ ის ცდილობს გარედან, ობიექტურად, უცხო თვალით დაინახოს ქართველები და უშუალოდ ხალხზე დაკვირვებით, და ამავე დროს, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, გაერკვეს ქართველების რაობაში: საიდან მოდიან, საით მიდიან, რა უნდათ (“საიდან მოვდივარ, საით მივდივარ, რა მინდა”,- ასეთი კითხვით იწყება გურამის ერთ-ერთი ბოლო უსათაურო ნაწარმოები. ქართული ეროვნული ხასიათის კვლევა გრძელდება “იულონში”, “ალავერდობაში” და სხვა ნაწარმოებებში.)
“მშრალი ფაქტები”, “მკვდარი ისტორია”, უშუალოდ ხალხზე დაკვირვება, ძველისა და ახლის შედარება ბევრს არაფერს ეუბნება მას. გურამი იძულებულია ქართველები ხშირად ურთიერთგამომრიცხავი, არაფრის მთქმელი, ზერელე ეპითეტებით დაახასიათოს. იგრძნობა, რომ მის მსჯელობას აკლია საფუძველი.
შავი ხელნაწერის მეათე გვერდზე მწერალი ზოგადად მსჯელობს საქართველოს წარსულზე, მის აწმყოსა და მომავალზე, იხედება “მიწის შიგნით” და “მთების იქითაც”. მეთერთმეტე გვერდზე გადმოდის ფრაზა წინა გვერდიდან: “ისტორიული ძეგლი უფლისციხე.” ეს ფრაზა თეთრი ხელნაწერისათვის დამახასიათებელი კალიგრაფიითაა დაწერილი. გურამი თითქოს ახალი სუნთქვით და გადაწყვეტილებით იწყებს უშუალოდ უფლისციხეზე წერას. მომდევნო წინადადება იწყება აბზაცით, ისეთივე გამოყვანილი, მოწესრიგებული ხელწერით: “უფლისციხე თავისი არსებობის ისტორიას ითვლის ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან.” შემდეგ ის, როგორც თვითონვე წერს, მართლაც რომ “ექცევა ჩიხში” და ხვდება, რომ ლიტერატურულ-ისტორიული ნარკვევის დაწერა საკმაოდ ძნელია, თავს ანებებს, ტოვებს ადგილს უშუალოდ უფლისციხის ისტორიისათვის და მიდის ძეგლის სანახავად.
არქივში ინახება “ცისკრის” მიერ გურამის სახელზე გაცემული სამივლინებო ბარათი გორში, დათარიღებული 1957წ. 21 ივნისიდან 30 ივნისამდე. ეს მივლინება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო უფლისციხესთან. 1957 წლის 4 ივლისს, თავის დაბადების დღეს, გურამი მატარებლით წავიდა უფლისციხეში. ვფიქრობ, თავისი დაბადების თარიღი მან საგანგებოდ აირჩია, რადგან საოცრად მგრძნობიარე იყო ამ დღის მიმართ (ამონაწერი 1959 წლის გაუგზავნელი წერილიდან: ,,გუშინ გავხდი 25 წლის. ჯერ კიდევ ორი-სამი დღის წინ დავიწყე გონებაში განვლილი ცხოვრების შეჯამება, როგორც ყოველთვის, ამ თარიღს გულგრილად ვერ ვუყურებ. რადგან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის ფაქტი, რომ გავჩნდი. მისია ამ ამბისა მდგომარეობს იმაში, რომ სხვებისათვისაც იმდენივეს ნიშნავდეს ,,ეს ფაქტი”).
ვფიქრობ, რომ გურამს უფლისციხეში, საშიში უფსკრულის პირას, ხრიოკსა და უდაბნოში, როდესაც მზე სულ უფრო და უფრო აჭერდა, როდესაც ხან ღმუოდა ქარი, ხან სისინებდა და ქვიშას აყრიდა დაღლილ თვალებში, რაღაც წამს, შეიძლება პირველადაც კი, დაეუფლა გარკვეული სულიერი განწყობა. ის “ბანცალით” შევიდა ღრმა ქვაბებში და დახუჭა თვალები. თვალებდახუჭულს, მას თითქოს გაეხსნა შინაგანი ხედვა. “მკვდარმა” ისტორიამ გაცოცხლება დაიწყო მის თვალწინ და მშრალი ფაქტების მიღმა გურამმა დაინახა ის “რაღაც”, (იხ. შენიშვნები მოთხრობისათვის “ვერაგობა და სიყვარული”) რასაც ამაოდ ეძიებდა დიდი ხნის განმავლობაში, რასაც “ქართლის ცხოვრებასა” და მატიანეებში, ალბათ არა ერთხელ გადასწყდომია და რასაც იმ წამამდე მისთვის, ისე როგორც ბევრისათვის მაშინ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ისტორიული, ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა: ყველაფერი ემორჩილება ღმერთის ნებას, ღვთის რისხვას ან ღვთის წყალობას. გურამის თვალწინ გაცოცხლდა ეკლესია - ღმერთის სახლი, იმ წლებში, უმთავრესად, ისტორიულ ძეგლად აღქმული. გურამმა დაინახა ამ ეკლესიაში, სადაც მან სულ ახლახან, ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, დანით ამოჭრა თავისი გვარი თავისი არსებობის უკვდავსაყოფად, მუხლმოდრეკილი, პირქვედამხობილი ხალხი ღმერთს როგორ ევედრება შემწეობას. გამარჯვების შემდეგ კი როგორ აღავლენს სამადლობელო ლოცვებს მის სადიდებლად. ამ წამს რეალურ ფაქტად იქცა მისთვის უენო მსახურის რელიგიური სულისკვეთება, ქრისტესმიერობა (პირველი, რასაც აკეთებს უენო, შედის ეკლესიაში და თავისი ღმერთის წინ იჩოქებს), მისი უნარი, თავისი ხალხის, თავისი რელიგიის სამსხვერპლოზე უანგაროდ მოიტანოს თავი. ის მიხვდა, რომ ქართველობა განუყოფელია მისი რელიგიური მრწამსისგან, რომ ძირითადი დაპირისპირება მტერსა და ქართველებს შორის რელიგიური დაპირისპირებაა. ამ წამში გაცოცხლდა მისთვის მატიანეში ამოკითხული სიტყვები: “წყალობითა ღვთისათა დიდმა მთავარმა ვამეხმა სძლია მტერს და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა.”
“გამოფხიზლების”, “გაბრუებიდან” გამოსვლის შემდეგ, ის შევიდა დიდ ტალანში, არქეოლოგთაგან დატოვებული მიწის გასატანი საკაცეებისაგან გააკეთა მაგიდის მსგავსი რაღაცა და “ფურცელს გაუზიარა თავისი განცდა”.
რეტროსპექტულად მოთხრობილი ამბავი, ჩემი აზრით, დოკუმენტური სიზუსტით გადმოსცემს ნაწარმოების შექმნის ისტორიას. თავდაპირველად, გურამმა გააგრძელა წერა უცხო, გარე თვალთახედვით (იხ. აქვე “უსახელო უფლისციხელის” შესავლის შავი ვარიანტი). სულ მალე მან შეუნიღბავად დაიწყო თხრობა. თითქოს მიხვდა, რომ ამბავი, რომელიც მას შინაგანი ხედვით გაეხსნა, უთუოდ თვითონვე უნდა გადმოეცა. წაიშალა ზღვარი მწერალსა და მთხრობელს შორის. მწერალი და არა მისი ალტერ ეგო გახდა მოთხრობის ლირიკული სუბიექტი.
უკვე თბილისში, ნაწარმოების გადათეთრებისას, გურამი მთლიანად განთავისუფლდა გამოგონილი სიუჟეტისგან. მან უარი თქვა შესავლის შავ ვარიანტზე. მოთხრობის ძირითად ნაწილშიც, როგორც ჩანს, ხელახალი გადაკითხვისას - წაშალა უცხო თვალთახედვის, უცხო პირის კვალი. მაგ. შავი ხელნაწერის მეთხუთმეტე გვერდზე წინადადებაში: “ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარელი ყოფილა ის ხალხი” “ის” შეცვლილია მწერლის მიერ სიტყვით “ჩემი.” მეჩვიდმეტე გვერდზე გადაშლილია წინადადება “მეც მათი თანამოძმე ვარ, მოსკოველი” და ზევიდან აწერია “ისინი რუსები არიან, მე ქართველი.”
ასე მივიდა გურამი ბოლომდე და, იმ ფაქტის დასტურად, რომ მწერალი და მთხრობელი ერთი პიროვნებაა, რომ მოთხრობილ ამბავს, გამონაგონს უშუალოდ მისი სულიერი გამოცდილება უდევს საფუძვლად, თეთრი ხელნაწერის ბოლოს დასვა თავისი გვარი როგორც ბეჭედი. ამით თითქოს მან დაამოწმა “უფლისციხელში” გადმოცემული ყველა ფაქტის უტყუარობა.
1958 წლის ერთ-ერთ დღიურში გურამი წერს: “ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ ვწერო, ღრმად სუბიექტურად თუ ტოლსტოის სტილში, კინაღამ არ დავწერე ტოლსტოისავით, ხეხე.” ამ დილემის პასუხი თვითონ გურამის შემოქმედებაშია.
“უსახელო უფლისციხელი” ერთ-ერთი პირველი ვრცელი ნაწარმოებია პირველი პირის მთხრობელით. ცხადია, თავისთავად, პირველი პირი თხრობის ლირიკულობას არ განაპირობებს. ამის მაგალითია თუნდაც თვითონ ამ მოთხრობის შესავლის შავი ვარიანტი, როდესაც მწერალი პირველი პირის მთხრობელის საშუალებით ცდილობს ობიექტური, გარე თვალთახედვით გადმოსცეს სათქმელი. თუმცა “უსახელო უფლისციხელის” შემდეგ პირველ პირს გურამის შემოქმედებაში უკვე აშკარად შემოაქვს ლირიკული, სუბიექტური ნაკადი. ამ ნაკადს მოჰყვება მის მიერ მხოლოდ შინაგანად, რეალურად განცდილი სინამდვილე, თითქმის მთლიანად განთავისუფლებული გამონაგონისაგან. გურამი მთელი ძალისხმევით ცდილობს ეს სინამდვილე მაქსიმალური გულწრფელობით, თითქმის დოკუმენტური სიზუსტით გადმოსცეს (“ისეთი დიდი სურვილი მაქვს გულწრფელობის, რომ ეს ჩემთვის თითქმის წარმოუდგენელია”. - 1958 წლის ჩანაწერებიდან), ამისათვის მზად არის, ზოგჯერ მხატვრულობაზეც კი თქვას უარი (“ბოლო ხანებში მხატვრულობისათვის იშვიათად ვიცლი. მთავარია გავერკვე არსში”).
“უსახელო უფლისციხელის” შემდეგ ჩემთვის თითქოს გასაგები გახდა, რატომ ამაყობდა გურამი თავისი ისტორიკოსობით (“მე იმით განვსხვავდები სხვა მწერლებისაგან, რომ მე ისტორიკოსი ვარ. ვიცი ის, რაც ბევრმა მწერალმა არ იცის”), რატომ აინტერესებდა შუა საუკუნეები, ან რატომ გახდა “ქართლის ცხოვრება” მისი სამაგიდო წიგნი.
ვფიქრობ, გურამში დაძრულ ძლიერ, ოღონდ ჯერ გაურკვეველ, ბუნდოვან შინაგან ხმას ეხმიანებოდა ის, რის ამოკითხვაც მას იმ დროს “ქართლის ცხოვრებასა” და მატიანეებში შეეძლო. ეს უშუალოდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული შუასაუკუნეობრივი ისტორიოგრაფიის საფუძველთან: მსოფლიო ისტორიის მთელი მსვლელობა ღვთის მიერაა წინასწარ დასახული და ამ დასახული გზით მიემართება.
თუ პირველი წაკითხვისას საშინლად განვიცადე, რომ გმირი უფლისციხელის სახელი სამუდამოდ გაქრა ისტორიიდან და მეგონა, რომ სწორედ ამაზე იყო დაწერილი ნაწარმოები, მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მივხვდი გურამისათვის გმირის უსახელობის სიტკბოებას, რასაც ის 1958 წლის შემოდგომის დღიურში “ნეტარ უსახელობას” უწოდებს. ამ მოთხრობაში ერთმანეთს უპირისპირდება მოთხრობის სიუჟეტური მოძრაობის დასაწყისში ადამიანის ბუნებრივი სურვილი - დატოვოს თავისი კვალი ამ ქვეყანაზე, უკვდავყოს თავისი არსებობა, თავისი სახელი, თუნდაც ისეთი უაზრო ქმედებით, როგორიც ეკლესიის კედელზე თავისი გვარის ამოჭრაა და უსახელო უფლისციხელის უანგარო თავის გაწირვის უნარი. გამოყოფის სურვილი, ერთადერთობის, განსაკუთრებულობის დადასტურება და სიტკბოება სხვაში დაკარგვისა. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ “უსახელო უფლისციხელი” პირველი ვრცელი ნაწარმოებია, რომელსაც გურამი უთარიღოდ ტოვებს (“მთავარია, რომ ეს ფაქტი საერთოდ იყო და არა ის, რომ მე შემემთხვა” - მწერლის ჩანაწერებიდან).
“უსახელო უფლისციხელში” პირველად გამოვლინდა სულის უნარი, მოახდინოს რევოლუცია (ეს სხვადასხვანაირ ფორმას იღებს მომდევნო ნაწარმოებებში: “შაშას რევოლუცია”, “იულონი”, “დღიური” და სხვ.): ერთ წამში დაამსხვრიოს, დაანგრიოს “ძველი ადამიანი”, შეცვალოს მისი ცხოვრების გზა, თავდაყირა დააყენოს მისთვის ჩვეული სურვილები და განცდები.
ამ ზმანებისას, ჩემი აზრით, გურამი ეზიარა ქართველი და, ალბათ, საერთოდ ადამიანის უშინაგანეს, პოტენციურ უნარს იყოს მსხვერპლი, რაც, ცხადია, უანგარო ქმედებასთანაა დაკავშირებული. ეს თემა ლაიტმოტივად გასდევს გურამის მომდევნო ნაწარმოებებს და სხვადასხვა ნაწარმოებში სხვადასხვა კუთხით იჩენს თავს. “უსახელო უფლისციხელი”, ვფიქრობ, არის იმ გზის დასაწყისი, რომელმაც მწერალი მიიყვანა ბოლო, დაუმთავრებელ ტრაგედიამდე “სურამის ციხე” (იხ. მეოთხე ტომში).
ასე რომ, უფლისციხეში, შემოქმედებითი ექსტაზის დროს, გურამი ეზიარა თავისსავე სულიერ სამყაროში ჩამალულ ამოუცნობ სიღრმეებს. ეს იყო მისთვის, როგორც ჩანს, აბსოლუტური გულწრფელობის წამი, განთავისუფლებული ყოველგვარი ზედმეტისაგან, ზედნადებისაგან. ამ მომენტში მიღებული ინფორმაცია იყო მისთვის ჭეშმარიტი. ეს ავსებდა მას პასუხისმგებლობით. ამიტომ უნდოდა სასწრაფოდ ექცია ის “ხილულ ფაქტად”, შემოქმედებად, რათა მკითხველი თან გაეყოლა თავის გზაზე და თავისი გმირების ცხოვრებით ეცხოვრებინა. ამაში ხედავდა გურამი მომავლის საწინდარს ( “ორივე (იგულისხმება ლიტერატურა და ისტორია - მ.რჩ.) ერთნაირი ძალით აშუქებს მომავალს”). ეს მიაჩნდა მას ლიტერატურის უპირველეს ამოცანად.
აქვე ჩანს მწერლის მისწრაფება, აწმყო-წარსული-მომავლის ერთიანობაში გაიაზროს როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული ფაქტი.
უნდა ვიგულისხმოთ, რომ გურამის ამ სულიერ გამოცდილებას, ვაჟა გიგაშვილთან შეხვედრამდე მცხეთაში, მოჰყვა სწორედ ერთი, სამწუხაროდ, ჩემთვის ახლა უკვე ბუნდოვანი ეპიზოდი უფლისციხის ხიდზე. ამ ეპიზოდში უნდა გამოვლენილიყო მწერლის შინაგან სამყაროში მომხდარი მნიშვნელოვანი სულიერი ძვრები.
ეს ამბავი უამბო ბიძაჩემს თავისმა სტუდენტმა. მას გურამი უნახავს 1957 წლის ივლისის ერთ საღამოს უფლისციხის ხიდზე - თურმე, მოაჯირს დაყრდნობილი, დაფიქრებული გადაჰყურებდა მტკვარს. გურამს მისთვის რაღაც მნიშვნელოვანი უთქვამს, რაც ახსოვდა მთელი ცხოვრება და ბოლოს უამბო გურამის ბიძას. ძია ლეომ კი მიამბო მე. რა? სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს. ბუნდოვნად მაგონდება მხოლოდ, რომ საუბარი სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემას შეეხებოდა და რაღაც ქმედებას, რომლის განხორციელებაზეც ფიქრობდა ის მაშინ. ზედმეტად მაღალფარდოვანი მომეჩვენა ყველაფერი. ეს იყო გურამის შესახებ ნაამბობი ერთ-ერთი იმ ისტორიათაგანი, ეფექტისათვის შეთხზული რომ მგონია ყოველთვის, თუმცა ამ ამბების ჭეშმარიტებაში ხშირად დავრწმუნებულვარ. როგორც ჩანს, ბიძაჩემი აპირებდა ამ მონაყოლის ჩაწერას, მაგრამ ვერ მოასწრო. მისი გარდაცვალების შემდეგ საწერ მაგიდაზე აღმოჩნდა პატარ-პატარა ფურცლები, რომლებშიც სამომავლო გეგმები იყო ჩანიშნული. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი-გეგმა მოიცავს ჩემი ძმის ცხოვრების გარკვეულ პერიოდს, დაწყებულს ალვნიდან, სადაც ჩვენ ომის წლებში ვცხოვრობდით (“1. ალვანი. დედაჩემის მონაყოლი”), და დამთავრებულს 1957 წლით (“6. უფლისციხელი ჭაბუკი”).
უფლისციხიდან ჩამოსვლის მეორე დღესვე გურამი მივიდა ძია ლეოსთან და უთხრა, ნარკვევი უკვე დავწერეო. ძია ლეოს ეწყინა თავისი ძმისშვილის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი. ასეთ სამუშაოს ის თვეებს და შეიძლება წლებსაც კი ანდომებდა. თურმე უთხრა კიდეც: ,,როგორ უნდა დაგეწერა, გურამ, წესიერად არც კი დაგიმუშავებია ჯერ მასალა. ასე ნაჩქარევად და ქარქვეტულად ისტორიული წყაროების დამუშავება არ შეიძლება.” გურამმა უსიტყვოდ დაუტოვა ,,უფლისციხელი” და წავიდა. ძია ლეომ თქვა: გურამის წასვლის შემდეგ მაშინვე წავიკითხე მოთხრობა, ძალიან მომეწონა, მივხვდი, რომ მას სულ სხვა გზა ჰქონდა ცხოვრებაში და არასწორი ვიყავი, საყვედურს რომ ვეუბნებოდიო. აღსანიშნავია, რომ გურამი, როგორც უკვე ვთქვით, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად შუა საუკუნეების განყოფილებაში. არქივში შემონახულია ამონაწერები შუა საუკუნეების ისტორიული წყაროებიდან. მაგრამ ყველაფერი, ისე როგორც “უსახელო უფლისციხელის” შემთხვევაში, დამთავრდა მხატვრული ნაწარმოებებით: “მუზეუმის დირექტორი”(დაბეჭდილი იქნება მესამე ტომში), “სურამის ციხე”(დაიბეჭდება მეოთხე ტომში) და სხვ.
იმავე პერიოდში დაწერილ პატარა მინიატურაში ჩანს უფლისციხეში მიღებული შთაბეჭდილებების კვალი: ,ექსკურსიაზე გრძელფეხა ჯოჯომ ხრიოკი დასერა / ღმუოდა ქარი / უფლისციხე ქალაქი ძველი / ღმუოდა ქარი.”//
“უსახელო უფლისციხელში” ჩანს გურამის ერთი თავისებურება, რაც ბევრი მისი ახლობლისათვის იყო ცნობილი: გურამი ითავისებდა ნებისმიერ ცოდვას. ეს ამ ტომში დაწერილ მოთხრობებშიც ჩანს (იხ. თუნდაც მალხაზის შესახებ დაწერილი მოთხრობები). “იულონში” ეს ასეა ჩამოყალიბებული: “არ არსებობს სხვისი ჩადენილი დანაშაული”. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ეკლესიის კედელზე გურამის მიერ ამოჭრილი თავისი გვარი, ან თუნდაც გურამი ასეთი სურვილით. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამ მოთხრობაში ის ამას სრულიად ბუნებრივად აკეთებს: “მე ვიღებ დანას და სხვა სახელების გვერდით ვჭრი ჩემს გვარს.”
დედა ხშირად ეუბნებოდა გურამს: შენ არ ცდილობ გამოეყო სხვებს. პირიქით, თითქოს გეშინია კიდეც, რომ ვინმემ კარგი არ იფიქროს შენზეო. ალბათ, ამ თვისების გამოვლენა იყო გურამის ბავშვობის ერთი მოგონება, რომლის მოყოლა უყვარდა ხოლმე დედას: მაშინ ჩვენ ალვანში ვცხოვრობდით. გურამი სოფლის გოგო-ბიჭებთან ერთად დადიოდა სკოლაში. მამამ ახალი შარვალ-ხალათი ჩამოუტანა, ძალიან უხდებოდა, მოეწონა, მაგრამ ჩაიცვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბებომ, მისი დაჟინებული თხოვნით, ახალ ტანსაცმელს საკერებლები გამოაკერა, რომ სოფლის გოგო-ბიჭებისაგან არ გამორჩეულიყო (შესაძლოა, ძია ლეოს სწორედ ამ მოგონების ჩაწერა უნდოდა. იხ. აქვე), ან კიდევ, ერთ-ერთ ჩვენს ნათესავს შეკითხვაზე, რა ნიშნები გყავსო, უთხრა - სამებიო. დედას ეწყინა (გურამი ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში). ნათესავის წასვლის შემდეგ გურამმა თქვა: შემრცხვა, მანამ შემეკითხებოდა ჩემს ნიშნებს, თქვენ გითხრათ, ჩემს შვილს ორიანები ვერ მოვაშორეო.
საინტერესოა, ამ თვალსაზრისით, მამიდა ნათელა ჯავახიშვილის მიერ მოსკოვიდან მოწერილი წერილი, რომელშიც ის გურამის სრულიად საწინააღმდეგო თვისებაზე ლაპარაკობს: “ორიგინალობ, გინდა გამოეყო სხვებს.... განსხვავებულად ჩაიცვა” და სხვ. (იხ. ტომი 5.)
კიდევ ბევრი ამდაგვარი ამბის მოგონება შეიძლება გურამის ცხოვრებიდან. “სხვაში” დაკარგვის სურვილი ბუნებრივი განცდა იყო მისთვის, ალბათ, ისევე, როგორც სურვილი ყურადღების ცენტრში ყოფნისა (იხ. ტომი 1, ბოლოსიტყვა, გურამ გეგეშიძის მოგონება და მომდევნო ტომები).
ამონაწერი დღიურიდან: “(მინდა) ვიყო ისეთი გენიოსი, რომ სხვებისაგან არაფრით არ განვსხვავდებოდე. ...აი, ასეთი ბავშვური ფიქრებით გამომეტენა თავი”.
“უსახელო უფლისციხელი” პირველად გამოქვეყნდა 1957 წელს ჟურნალ ,,ცისკრის” მესამე ნომერში პეტიტით აწყობილი რუბრიკით - “წარსულის ფერფლის ქვეშ,” 1965 წელს - კრებულში “სალამურა”, 1985 წელს - კრებულში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს”.
1997 წელს გამოვიდა ქართული მოთხრობების პატარა კრებული თურქულ ენაზე - “იმედი დიდხანს ცოცხლობს.” ამ კრებულში შეტანილია ჰასან ჩელიქის მიერ (ჰ. მელიქიშვილი) თარგმნილი “უსახელო უფლისციხელი”. წინასიტყვაობა დაურთო ფაჰრეთთინ ჩილოღლუმ (ბექა ჭილაძემ). ეს კრებული ხელახლა გამოიცა 1998 წელს.

??????