რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

უღელტეხილი 

დილით უღელტეხილზე ამოვედით. მზე ჯერ არ იყო ამოსული, მერე ნელა დაიწყო ამოსვლა. ჩვენ ვიდექით და მთის ორივე მხარეს მშვენივრადა ვხედავდით. მზესთან ერთად ხეობიდან ნისლებმაც დაიწყეს ამოსვლა. ჯერ მთების კალთები კიდევა ჩანდა, მერე ისინიც ნისლში გაეხვივნენ, მერე ნისლები ზევით ამოვიდა და ჩვენც დაგვმალა. როცა ნისლი გაიფანტა, მზე აცხუნებდა. ჩვენ ვიდექით და მთის ორივე მხარეს მშვენივრადა ვხედავდით. ორივე მხარეს ხეობები იყო და წყალი ძლივს შესამჩნევად მიიკვლევდა გზას.
- აგერ წყალი, - ვთქვი მე.
- მანდ წყალი არ არის, მშრალი ხევია, - თქვა ბერდომ. - მე აქ გავიზარდე.

ჩვენ ვისხედით ჯებირის თავზე და არა ვსვამდით. არა ვსვამდით იმიტომ, რომ სასმელი არა გვქონდა.
- რა კარგი იქნება ახლა ღვინო, - თქვა სულხანმა.
- ღვინო და მწვადები, - თქვა ბერდომ.
- ჩქარა მაინც გააკეთონ მანქანა, - ვთქვი მე.
- ყოველთვის აგრეა ამ ხევში, გზები გაფუჭდება, მთელი დღე დგას მერე მანქანა, - თქვა ისევ ბერდომ.
ჯებირის ქვევით ხევში ცოტა წყალი მიდიოდა; ჯებირის ზევით კი მთელი ტბა იდგა. მარჯვნივ, კლდეში, გვირაბი შედიოდა და იქ გადიოდა ტბიდან წყალი. ჯებირი ძალიან დიდი იყო; მთელ ხეობას კეტავდა. მის გარშემო ყველგან უდაბური ტყეები ჩანდა, ქვევით, ხევშიაც, გზა თითქმის არ იყო და ყველას უკვირდა მისი აქ აშენება.
- ნეტა უგზოდ როგორ ააშენეს, - თქვა სულხანმა.
ჩვენ ვისხედით ისევ იქ, ჯებირის თავზე, ხევში მდგარ გაფუჭებულ მანქანას ვუყურებდით და ვფიქრობდით მწვადებზე. ძალიან შორს, ხევის მოსაბრუნში, ნისლი გამოჩნდა. ნელა წამოვიდა ზევით. მერე მთებიდანაც დაეშვა ნისლი. მთის კალთები ჩამოიწმინდა, ხეობა კი ჩაიბურა და ჩამრგვალდა. ნესტიანზე ტყე მოჩანდა ძალიან მწვანე. ტყიდან პატარა გზა გამოდიოდა ჯებირისაკენ, ზედ ვიღაც კაცი მოდიოდა; მას ჩეხური ფეხსაცმელები და გალიფე ეცვა, თხელ წინდებში ჰქონდა ჩატანებული და დიდი პრიალა ქინძისთავით დამაგრებული. ის რატომღაც იღიმებოდა.
- გამარჯობათ! - თქვა მან სამჯერ.
სულხანი და ბერდო წამოდგნენ. ხელი ჩამოართვეს, მერე მე გამაცნეს.
- გმადლობთ, გმადლობთ, ღმერთს ვმადლობთ. - უსიამოვნოდ წელავდა ის სიტყვებს. - თქვენისთანა ნაკითხი, განათლებული ხალხის ნახვა ჩემთვის, თქვენთან საუბარიც განძია ჩემთვის, გაიცანი, ვანავ (ვანა ჩუმად მოპარულიყო; თმა უკან გადაევარცხნა და ბაკები ჰქონდა გაშვებული). ვანავ, ეს ხალხი ჩვენისთანა ასს ჯობია, ათს ჯობია, სულ მეოთხე-მეხუთე კურსელებია, ეს ამხანაგიც მათი ამხანაგია, წელს ამთავრებს, არა? დიდად განათლებული, კარგი ოჯახის შვილი.
ვანა სათითაოდ გვართმევდა ხელს, მეორეთი თმას ისწორებდა. მე საშინლად არ მსიამოვნებდა მისი გაწელილი ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც ვიღიმებოდი; ალბათ, ქებამ თავისი გააკეთა, მაინც მომეფხანა გული.
- შენ როგორღა ხარ, მთიულო? - ხელი დაჰკრა მას მხარზე სულხანმა.
- ცუდად, ცუდად, თქვენ რო კაცი ვერ დაგვხვდებათ, როგორ უნდა ვიყო, - დაიწყო ისევ მან; მერე თქვა: არაყი არა მაქვს, არც ხორცი, ხო იცით მთის ამბავი, მწირია ნიადაგი, არც მოდის, იშვიათად თუ იშოვება.
- აქ ვერსად ვიშოვით სასმელს? - იკითხა სულხანმა. გალიფიანმა ჯებირის იქით მდგარ საყარაულო სახლისკენ გაიხედა, მერე ჯიბეები მოიჩხრიკა. შეიძლება ყარაულს ჰქონდეს, - თქვა მან. სულხანი წავიდა. მერე სამი ბოთლი არაყი მოიტანა. ორი ბოთლი ხელში ეჭირა, ერთი ჯიბეში ედო. მან ჩვენ წინ ბეტონზე დააწყო არყები და ჩამოჯდა. დავიწყეთ სმა. მოსული ენას არ აჩერებდა. სვამდა და ლაპარაკობდა, ვანაც ლაპარაკობდა.
- ახლა მწვადები! - ინატრა ბერდომ.
- ბოდიში, ბოდიში, - ამბობდა ვანა, - ერთი პაპიროსი არ გექნებათ?
- რისი ბოდიში, აიღე.
ვანამ ხელი მაჯაზე დამარტყა ზრდილობისთვის, მერე პაპიროსი ამოიღო.
- ერთსაც ავიღებ, - თქვა მან და კიდევ ამოიღო.
მე გალიფიანსაც გავუწოდე, მანაც ორი აიღო, ერთი ყურში გაიჩარა, მეორე პირში ჩაიდო და ასანთი მომთხოვა.
შევთვერით.
გალიფიანი კი ლაპარაკს არ ათავებდა. კიდევ მოვიტანეთ ორი ბოთლი. ის ისევ ლაპარაკობდა, მერე წამოდგა, დაცლილ ბოთლებს ალმაცერად დახედა და ლოშნა-ფიცილი დაიწყო. შიგ ტუჩებში მაკოცა, შემდეგ უცებ მიტრიალდა ვანასკენ
- მოდი, ვანავ, შენც გაკოცო, - თქვა და გადაეხვია. მე უხმოდ ვაწმენდდი ჩემს მხარს ტუჩებს. ის ისევ მოტრიალდა; მთვრალს სახე მობრეცოდა და უფრო უშნო იყო. გვერდით ამოგლეჯილი კბილებიდან ნერწყვი მოსდიოდა, მწვანე გალიფეზე ეცემოდა შავ ლაქად.
როგორც იყო, გაკეთდა მანქანა.
ჩავსხედით.
მანქანაში დარჩენილი მგზავრები თვლემდნენ.
გალიფიანი ჯებირიდან გადავიდა და ტყეში შემავალ ვიწრო გზას გაუყვა. ვანა ისევ იქ იდგა. ახლა მანქანა ნელა მიგორავდა ხევში, მერე გზაზე გავიდა. გზამ მეორე მოსახვევი აიღო, ტყე უფრო გახშირდა. მე ვიჯექი გაბერილი. რაღაც საშინლად არ მსიამოვნებდა, არ მსიამოვნებდა ის, რომ მთაში ამოსვლისთანავე ასეთი ხალხი შეგვხვდა.
- ხევსურებს გვარცხვენენ, - თქვა თავისთვის სულხანმა.
- გამამაძაღლებულ გლეხზე მამაძაღლი ტყუილია, - თქვა ბერდომ.
- ჩემს თავზეც ბრაზი მომდის, - თქვა ისევ სულხანმა. მერე კიდევ თქვა, - გლეხი რო კულტურაში შედის, სანამ შევა, ყველაზე ცუდი მაშინ არის.
- ალალი, ნამდვილი გლეხი სულ სხვაა, - ვთქვი მე.
- ალალი გლეხი? ალალი გლეხი კი, - თქვა ვიღაცამ ჩემ უკან.
- ჩვენი ხევსურები აიღე, ვინც არ გარყვნილა ჯერ, - გული მოეცა სულხანს.
მე ვიცოდი, რომ ხევსურები მართლა ვაჟკაცი ხალხია, ეს ორი ძმაკაციც ხევსური იყო. “რა ბიჭები არიან ხევსურები”, ვფიქრობდი, “რა ვაჟკაცები, მართლა არცხვენენ ისეთები სხვებსაც.”
მანქანა ისევ ზევით მიგორავდა. ნისლები ნელა ჩადიოდნენ ხევში დასაძინებლად. ზევით ცა ცოტა ჟამი იყო და ჟინჟლავდა. გზა სულ ტინი იყო; ჩქარა ტყე გათავდა და დაიწყო იალაღი. იალაღიდან ტყისპირისაკენ ნახირი ეშვებოდა, ტყისპირებში ბინები იდგა, მწვანეზე საქონლის ბარაკები შავადა ჩანდა. ცხენების ჯოგი ქვევიდან ზევით მიდიოდა ძოვით. მეჯოგე ფაშატს აჭენებდა ბილიკზე.
- ერთი ცხენი მაჭენებინა! - ვინატრე მე.
სულხანი ჩუმად იჯდა; ბერდო ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. მე ცხენებს ვუყურებდი და ჭენებაზე ვფიქრობდი. მანქანა კი სულ ზევით მიდიოდა; მერე კიდევ ზევით ავიდა, მერე გაჩერდა. აქედან გზა ისევ ქვევით ეშვებოდა, ოღონდ იქით მხარეს.
- უღელტეხილია, - თქვა მძღოლმა.
ჩვენ ჩამოვედით.
მანქანა ისევ დაიძრა. ჩვენ ვიდექით და ვუყურებდით, როგორ მიგორავდა ის ქვევით.
- ცრემლები მერევა, როცა ჩემს ძირებს ვუყურებ, - თქვა სულხანმა.
ბერდოს გაკვირვებული სახე ჰქონდა, მერე ხმამაღლა დაიწყო ხევსურული გოთას სიმღერა. გარეშემო სიწყნარე იყო და ხეობაში ნისლები იწვა. რატომღაც არ მესიამოვნა სიმღერა.
- გიტირია ოდესმე, სულხან? - ვკითხე მე.
- არა, - თქვა სულხანმა.
ჩვენ შარაგზიდან გადავუხვიეთ და ბილიკს დავუყევით. სულ უფრო ცუდად მოჩანდა ხეობა, მერე აღარ მოჩანდა. მთები იყო შავი, ხეობა უფრო შავი და საშიში.
- ჩქარა მთვარე ამოვა, - თქვა ბერდომ.
- მთვარეს რა უნდა, გუშინ დაიწყო თვე, - თქვა სულხანმა.
ჩვენ დაშვება დავიწყეთ.
ბერდო ისევე მღეროდა, სულხანი და მე ჩუმად მივდიოდით. ჯერ მინდოდა ბერდოს გაჩუმება, მაგრამ მეხათრებოდა, მერე შევეჩვიე და მეც ავღიღინდი. სულხანი ისევ ჩუმად მიდიოდა წინ.
მერე დავსხედით და ვისვენებდით.
ცა მოწმენდილი იყო. ვარსკვლავები მთაში კრიალა და დიდი მოჩანს. შორიდან მოტორის გრიალი ისმოდა. ჩვენს თავზე შხუილით მიდიოდა რეაქტიული, მას ბოლოზე რაღაც თეთრი მასა ება, ოდნავ განათებული, უკან მეორე მოსდევდა სროლით. “ალბათ, მანევრები აქვთ”, გავიფიქრე.
- მანევრები აქვთ, - თქვა ბერდომ.
- ძაან კი მომშივდა, - თქვა სულხანმა.
მეც ძალიან მშიოდა, მაგრამ არ ვამბობდი, რატომღაც მესიამოვნა, რომ სულხანმა თქვა პირველმა შიმშილზე და არა მე.
მე ვიჯექი, თვითმფრინავებს ვუყურებდი და ვფიქრობდი “ახლა ქვევით ხევსურები ქეიფობენ. არაყსა სვამენ და მწვადებსა ჭამენ. ალბათ, ბერდოს ძმა არის თამადა. ნეტა როგორ მწვადსა წვავენ ხევსურები.”
- წავიდეთ, - ვთქვი მე.
სულხანი ისევ წინ წავიდა. ჩვენ უხმოდ მივყევით. სადღაც ძაღლები აყეფდნენ. მე ნაკელის სუნი მეცა. უფრო მოვუმატეთ ნაბიჯს. ბერდოს სახლს უხმოდ შემოვუარეთ. ძაღლებმა იცნეს პატრონი და ლოკვა დაუწყეს. უცებ დავადექით მოქეიფეებს თავზე. ჩაწითლებული სიფათებითა და დიდი თათებით ისხდნენ ხევსურები.
- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - თქვა ბერდოს ძმა ალექსიმ. ხევსურები ხმაურით წამოიშალნენ. ყველა ერთად ლაპარაკობდა. ვიღაცა ძალიან ხმამაღლა დუდუნებდა, “ღმერთო შეუნდე ბერდიას.” ალექსი ჩემთან მოვიდა, ხელი კეფაზე მომკიდა, მეორე ხელით ჟიპიტაურით სავსე ყანწი მომიტანა პირთან და თავი გადამიწია. არყის მყრალი სუნი მეცა, მაინც დავიწყე სმა. ზოგი ყლუპი გულზე მეღვრებოდა, მერე შარვლის სათავეში ჩადიოდა და ბარძაყებს მისველებდა.
გახურდა სმა.
სუფრაზე მოხარშული ხორცი და გამოხრული ძვლები ეყარა.
ჩაწითლებული სიფათებითა და დიდი თათებით ღრეობდნენ ხევსურები. მალე გარმონიც მოვიდა. მზექალა სუფრის კუთხეში იჯდა და უკრავდა. მე მის გვერდზე ვიჯექი და ვუყურებდი. არაყი ტანში მივლიდა. მე ვიბერებოდი სასმელისაგან, უფრო ახლო ვეკრობოდი მზექალას. ის კი უკრავდა, თან წვრილი ხმით ამღერებდა! “ქისტებმა ციხე გასტეხეს, ბოლი ადინეს ქვაზედა”. მერე აღარ უკრავდა. ახლა ბერდო მღეროდა მთელი ხმით, “ჰაიდა გოთავ, გოთაო, როდისღა მახვალ გონთაო”, მოსძახოდნენ ხევსურები, მოვძახოდი მეც და უფრო ვფართოვდებოდი. მზექალა მე არ მიყურებდა. ტანი ჩემკენ ჰქონდა, სახე კი გარმონზე ედო. მისი ძუძუ მკერდზე მხვდებოდა.
- მაგის საქმრო აქა ზის, - მიჩურჩულა ბერდომ. მე ამღვრეულად შევხედე, მერე ნელა შევუპარე ხელი იღლიის ძირში. მისგან ერბოსა და წივის სუნი მოდიოდა. უფრო მემატებოდა ჟინი.
სუფრის იქით რაღაც ჩოჩქოლი ატყდა.
სიმღერა მიწყდა.
ვიღაცას აკავებდნენ ხევსურები. ის ვიღაცა კი ჩემკენ იხედებოდა და იმუქრებოდა. მე აქეთ კუთხეში ვიჯექი. ის იწევდა და ყვიროდა:
- თბილის გგონავსა აქ?
ვიღაცამ მეც მტაცა ხელი, ახლა მეც ვიწეოდი და ვყვიროდი:
- აქ თბილისი კი არ არის!
მერე მივხვდი, რომ მეც იმასვე ვყვიროდი, რასაც ის. რატომღაც ცოტა დავწყნარდი. ის უფრო გახელდა.
- აქ, ხევსურეთში ას ეგ! - თქვა ვიღაცამ ჩემზე.
- შენ ბედ რო თბილისს არ ვართ, სტუმარ ხარ ჩვენ! - იძახდა ის.
- მორჩებ თუ არა, მინდიავ! - დაიყვირა ბერდიას მამამ და სილა სთხლიშა იმას.
მინდია გაყუჩდა, მერე თავჩაწეული გაიყვანეს.
- მაგის საცოლეა მზექალა, - მითხრა ბერდომ.
- გავიგე, - ვუთხარი მე.
- აბა შენი საცოლე იყოს? - თქვა ბერდომ.
მე ვიჯექი, ღრმად ვსუნთქავდი და უკვე ვნანობდი. “რა კარგი ვაჟკაცი ყოფილა მინდია, სტუმარი რო ვარ, დამითმო, მე კი მის ადგილას არ ვაპატიებდი არავის, არც სტუმარს. ის თვითონაც არაფერს არ გაუბედავდა ჩემს საცოლეს არაფრით. მე კი...? ალბათ, აღელდა ძალიან, იმიტომ დაიწყო მუქარა, გინებით კი არ შეუგინია”. მერე ისიც მომაგონდა, რომ ბერდოს მამამ სახალხოდ სილა დააკრა და იმან ხმა არ ამოიღო. გამოვფხიზლდი. აშკარად მომწონდა ასეთი პატივისცემა უფროსისადმი. “მართლა ვაჟკაცი და ალალი ხალხი ყოფილან ხევსურები, რას ნიშნავს გაურყვნელობა?” ვფიქრობდი.
- კარგა მოიქცა, რო გაჩერდა მინდია. - ვთქვი მე.
- მამამ რო გაარტყა? - იკითხა ბერდომ.
- აქ წეს არ არს. ხევსურეთში უფროსს ვერც ხელს შეუბრუნებ, ვერც დანას დაარტყამ. - არყის ყანწის გავსება დაიწყო სულხანმა. ის უკვე მთვრალი იყო და ხევსურულად უქცევდა. “რა ვაჟკაცი ხალხი ყოფილა აქაური ხევსურები”, ვფიქრობდი. “ისინი, გზაზე რო შეგვხვდნენ, უეჭველად შეუბრუნებდნენ ხელს.”
ისევ გაგრძელდა სმა. ისევ დავითვერი. ჩაწითლებული სიფათებითა და დიდი ყანწებით ხვრეპდნენ ალალაის ხევსურები. ჩემ პირდაპირ კედელზე ხევსურული ფარდაგი ეკიდა. მის შუაში ფარი იყო მოხატული. ფარები იყო მრავალფერი, ჭრელი და თვალები მერეოდა. მზექალას ადგილას ლელა იჯდა და “თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარო”, წრიპინებდა, ვიღაც ბანსავით აძლევდა. სადღაც ყაყანი წყდებოდა და ყვინთვას იწყებდა ქეიფი. როგორ ჩამეძინა, აღარ მახსოვს.
დილით თოფის ხმასავით ხმა შევიგრძენი. თავი წამოვწიე, ის არყისგან გაბრუებული იყო და მტკიოდა. ეზოში ბერდიას დები კიოდნენ. სამ ხევსურს მინდია ჰყავდა გაკავებული, მე ბაჯბაჯით ჩავედი ქვევით; ბალახებში ბერდიას მამა ეგდო და მწვანეს წითლად ღებავდა გახლეჩილი მკერდიდან. ქალები კიოდნენ. გაკავებული მინდია გადაგდებულ თოფს უყურებდა; აღარა შფოთავდა. ის აივანზე აათრიეს. ხელ-ფეხი გაუკრეს. ხელფეხგაკრული ეგდო ძირს და ჩუმად იმეორებდა:
- უფროს კაცს ას, ვერც ხელს შეუბრუნებ, ვერც დანას ვკრავ, რა უნდ მექნ, თოფ ვესროლ, რა უნდ მექნ სხვა.

წელი 1957. მაისის 28.


შენიშვნები


არსებობს ამ მოთხრობის ორი შავი(1-10გვ.) და ორი თეთრი(1გვ.), (1+1-15 გვ.) ავტოგრაფი. თეთრი ავტოგრაფი დათარიღებულია და დასათაურებული.
პირველი შავი, დაუმთავრებელი ავტოგრაფი (მთავრდება სიტყვებით: “დაღამდა. მთები იყო შავი და საშიში. ნელა დავიწყეთ დაშვება”) დაწერილია უჯრებიან რვეულში, ალბათ, თეთრ წყლებში, შეიძლება, სულაც, უღელტეხილზე. ამ ფაქტით უნდა იყოს განპირობებული უჯრებიანი რვეულის არჩევა. რვეულის ყდაზე სათაური წერია ჩემი ხელით (ვბაძავ გურამის ხელს). ამ ვარიანტს შესავალი არა აქვს.
მეორე შავი ავტოგრაფი იწყება შესავალი-დღიურით თაბახის ფურცლის ქვედა ნახევრიდან. მეორე გვერდზე ხატია უღელტეხილი. მთებს შუა, ჩემი აზრით, ჩახატული უნდა იყოს ჯვარი. მოთხრობის გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან. მოთხრობის ტექსტის ბოლოს, სრული თარიღის შემდეგ (იხ. ნაბეჭდი ტექსტი), ნახევარი გვერდი უჭირავს დღიურს: “გუშინწინ ჩამოვედი. არყის სმისგან ძლივს ვიხედები თვალებში. ...აქ ისევ ღელვა, ისევ მამაძაღლობა. გუშინ ლადოს საქმეზე დამკითხეს, ისევ მოვიგონე ყველაფერი. საშინელებაა. რუსიკოსთან როგორა ვარ არ ვიცი. ნერვები მეშლება.” ლადო ქოქიაშვილი იყო გურამის უმცროსი ამხანაგი, მოქანდაკე (იხ. აგრეთვე, “ნელი ტანგოს” შენიშვნები, ტომი 1). ლარსის ქუჩაზე გადასვლამდე ვცხოვრობდით ყოფილი რენინგერისა და კალინინის ქუჩის კუთხეში მდებარე ორბელიანების სახლში მამიდაშვილ-ბიძაშვილებთან ერთად. ცხადია, იმავე უბანში ვსწავლობდით და ბევრი ამხანაგიცა გვყავდა, განსაკუთრებით გურამს. 1957 წლის ერთ საღამოს, სვანეთის უბანში, კალინინის ქუჩაზე მდებარე პატარა, ბნელ ბაღში, გურამი სრულიად მოულოდნელად შეიქნა მოწმე ლადო ქოქიაშვილის მკვლელობისა. მართალია, გურამმა ლადო მაშინვე წაიყვანა საავადმყოფოში, სასწრაფო ოპერაციაც გაკეთდა, მაგრამ ულამაზესი ვაჟკაცი სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა. ეს იყო პირველი უაზრო, უდროო სიკვდილი, რომელსაც შეეჯახა არა მარტო ჩემი ძმა, არამედ, მე მგონი, თბილისის მთელი იმდროინდელი ახალგაზრდობა. ამ სიკვდილმა მასზე საოცრად იმოქმედა. თითქოს იმ დღიდან დაიწყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ახალი, საოცრად რთული ეტაპი. ამ ფაქტმა გამოხმაურება ჰპოვა მის მომდევნო ნაწარმოებებში (იხ. ამავე ტომში მოთხრობა “ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა...”).
თეთრ ავტოგრაფს აქვს თავფურცელი, რომელზეც დიდი ასოებით წერია სათაური. სათაურში გამოკვეთილად იხმარება ფიგურული ასო “ტ”. გვერდის მარცხენა მხარეს ხატია უღელტეხილი. ზედ ადგას ღრუბლები. უღელტეხილზე ჩანს კაცის ფიგურა. მარჯვნივ დაწერილია შესავალი-დღიური, გადახაზული მწერლის მიერ. ბოლო ორი ხაზი, გადმოტანილი შავი ავტოგრაფიდან, ისევ მწერლის მიერაა გადაშლილი. ამოიკითხება:
“- ეგ აქ გაიზარდა. მე კი ქალაქის მეტი არაფერი მინახავს. - გავიფიქრე მე, მერე ხეობაში შევიტანე მზერა.”
მეორე შავი ავტოგრაფის პირველი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს, რომელზეც დიდი ფიგურული ასოებით წერია სათაური და შესავალი დღიური. მოთხრობის ბოლოს აღნიშნულია მხოლოდ თვე და რიცხვი - “მაისის 28.” თეთრ ავტოგრაფში ინტენსიურად იხმარება ფიგურული ასო “ტ.”
1 სიაში: “62. უღელტეხილზე.”
ამ მოთხრობის პროტოტიპები არიან ბერდია (ბერდო) გოგოჭური, გურამის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, - ერთად სწავლობდნენ ისტორიულზე(იხ. შენიშვნები მოთხრობისათვის “უსახელო უფლისციხელი”) - და სულხან ქეთელაური (მწერალი). ბერდია გოგოჭურის მონაყოლი: პირველი ზარი დაირეკა უნივერსიტეტში, ლექცია დამთავრდა. ჩემთვის ვიდექი ფანჯარასთან. გურამი თავისი ლამაზი, განიერი მხრებით მომიახლოვდა, “ხევსური ხარო?” მკითხა და გამეცნო. ამ ზაფხულს ხევსურეთში ვიყავიო, - მითხრა, - ბევრი ძმაკაცი და ძმადნაფიცი მყავსო. მერე ჩამომითვალა მათი სახელები და გვარები და ხევსურეთის სოფლები. ახალწლის ღამეს გურამმა ბერდია ჩვენთან მოიყვანა, აბანავა, დედას სუფთა ტანსაცმელი სთხოვა და ერთად შევხვდით ახალ წელს. ბერდო, საკმაოდ უსმენოდ, მართლაც, თავისთვის ხშირად ღიღინებდა ხოლმე “გოთაოს.”
ერთხელ ჩემმა ძმამ წამიყვანა თავის მეგობარ გურამ რუსიშვილთან, რომელიც ზემელზე, რუსთაველის გამზირზე, ცხოვრობდა. გურამი ძალიან აღელვებული იყო, როგორც იცოდა ხოლმე მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ამბის თქმის წინ. გამომიწოდა მსხვილი, თითქოს მოწაფის ხელით შევსებული თაბახის ფურცლები. ვფიქრობ, ჰქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ ყველა ვიყავით მოწმე დიდი მწერლის დაბადებისა. (სულხან ქეთელაური ავტორია შემდეგი წიგნების: “ჭრელი ხალიჩა”, “ნაზამთრი მიწა,” “მფრინავი ცისარტყელები” და სხვ.). გურამი განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობდა სულხანის ძარღვიან ქართულზე, მისი მოთხრობების თითქოს პირველყოფილ უშუალობაზე, მოსწონდა, რომ ეს მოთხრობები მოკლებული იყო ყალბ ორიგინალობასა და ნაძალადევ “თანამედროვე” ფორმას.
ამ ფაქტში ჩანს გურამის ერთი თვისება, რაც მისი ახლობლებისათვის კარგად იყო ცნობილი. გურამი ნებისმიერი ადამიანისაგან მოელოდა საოცრებას, ნიჭის უეცარ გამობრწყინებას, განსაკუთრებულ სიკეთეს და სხვ. ეს ფარულად იგრძნობოდა მის გამომეტყველებაში, ყოველწამიერი ურთიერთობისას, იგრძნობოდა იმ აურაში, რაშიც ის იყო გახვეული და სადაც შენც შეჰყავდი აბსოლუტურად ძალდაუტანებლად. თუ იყავი საშუალო ადამიანი, მაშინ იყავი მისთვის საშუალოობის სიმბოლო, ეტალონი, საოცრად მნიშვნელოვანი ამ საშუალოობით. გურამი თითქოს ყოველ წამს იყო მზად, სწორედ ამ კუთხიდან აღექვა და მიეღო მეორე ადამიანი. ურთიერთობა ადამიანთან ანიჭებდა მას უდიდეს სიხარულს და ჰმატებდა ძალას. ხანდახან მგონია, რომ გურამმა ძალიან ცოტა რამ იცოდა ან შეიძლება სულაც არაფერი იცოდა შურის შესახებ. გურამის შემოქმედებაში ვხვდებით ადამიანის მიერ თავისი ცოდვილი ბუნების აღქმის საოცარ ნიუანსებს (ეს უფრო კარგად ჩანს შემდეგ ტომებში მოთავსებულ ნაწარმოებებში). რატომღაც შურის შესახებ არაფერი წერია არსად. ყოველ შემთხვევაში, თითქმის არაფერი ისეთი, რასაც სჭირდებოდა მისი მხრიდან, სხვა ცოდვებისაგან განსხვავებით, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამოცხადება, გამომზეურება, სააშკარაოზე გამოტანა.
ამის მაგალითად მომყავს ამონაწერი 1958 წლის შემოდგომის დღიურიდან:
“ღმერთო ჩემო, რა ადამიანია ერლომი! მისი არ შეიძლება შეგშურდეს. მას მხოლოდ თაყვანს უნდა სცემდე, ოღონ მე ის ძალიან მიყვარს, რაც მე {შურის} საშუალებას არ მაძლევს, მე მისი მხოლოდ ისა მშურს, რომ მე ის ასე ძალიან მიყვარს.
ისეთი დიდი ჩემს გარეშემო არაფერი მომხდარა, როგორც “დიდი მონა”. “დიდი მონა” მე ვარ - ერლომის შემდეგ “დიდი მონა” არის ყველა ჩემს წინ და ჩემს შემდეგ - საიდან იღებს ეს კაცი ამდენ ძალას, ამდენ სიკეთეს, ამდენ მიუდგომლობას თვითონ სიყვარულში და თან სუფთა ფიზიკური ვნებების შეუზღუდველად.
ხანდახან ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ერლომი იმიტომ გაჩნდა - აკეთოს ჩემ მაგიერ, რაც მე ყველაზე ძალიან მინდა და ვგრძნობ. მართლა ხომ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს სხვისით. ე.ი. სხვის გაკეთებულს დაარქვას თავისი და ისეთივე სიამოვნება განიცადოს როგორც საკუთარისაგან - მე მგონი არა და მაინც ჰო - არის წუთები, რომ მე ერლომის “დიდი მონისაგან” სწორეთ ასეთ შეგრძნებას განვიცდი და უბრალოდ მიკვირს, რატომ უნდა ვწერო რაიმე საერთოდ, როცა რისი დაწერაც მინდოდა წერს სხვა, და იმ სხვის დაწერილი იმდენად დიდია, რომ ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩემი დაწერილია, უბრალოდ მიკვირს, რომ სხვებიც ვერ ამჩნევენ ამას. ეს სხვები არის დემონი (“დემონის” წინ სიტყვა “ჩემი” გადაშლილია მწერლის მიერ. - მ.რჩ.), რომელსაც ვებრძვი და რაც შეიძლება სულელურად. ერლომ, ძმაო, აკეთე შენ და მე გეფიცები ეჭვი არ შემეპარება, რომ ყველაფერი ეგ ჩემი გაკეთებულია.”
28 მაისით დათარიღებულია შემდეგი ჩანაწერი: “საინტერესო დამთხვევა” გ. რჩეულიშვილი: “დედაო ღვთისა, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.”
1957 წელი. 28 მაისი.
გ. რჩეულიშვილი.
დავწერე დამოუკიდებლად გალაქტიონ ტაბიძისა.”
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”

??????