რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ქიტესა იწვა და კვდებოდა 

ქიტესა იწვა და კვდებოდა. მერე წამოიწია, ძლივს მოსვა წყალი. ტახტის ბოლოში შვილიშვილი თამაშობდა. სამფეხა სკამს მიათრევდა კედელთან, დადგებოდა და ჯაგნის ბოლოს ყურძნის მარცვალსა სწყვეტდა. ქიტესა ხედავდა და ვერ უჯავრდებოდა ძალაგამოლეული. “ის მამაძაღლი მამამისი სადღაა”, ბუზღუნებდა გონებაში. “იმ კახპასაც ახლა მოუნდა სიკვდილი”, გაიხსენა თავისი რძალიც. “თუ მისწვდა, ჩამოგლეჯავს სულ”; უფრო მისუსტდა. ნელა დახუჭა ქუთუთოები. ესმოდა: შვილიშვილი ტყაპანით დაეცა და ატირდა.
ქიტესა იწვა და კვდებოდა.
მოხუცდა:
დროს სოფელში მასზე ზომავდნენ.
“იმ ხნისა ქვაც კი აღარ დაგორავსო რიყეში”, ამბობდნენ.
ასს გადასცდა ქიტესა.
ერთ დროს ახალგაზრდა იყო.
სიკვდილის წინ შეეცადა, მოეგონებინა ის დრო; მოუნდა თავი უფრო შესცოდებოდა. სადღაც გაქექა მეხსიერება, თავს ძალა დაატანა, მაგრამ სულ ნიჩაბი ელანდებოდა.
ნიჩაბი და შავი მიწა, ან თიხნარი, ან ქანი.
ცოლიც მოაგონდა ბუნდოვნად, მაგრამ მასაც ნიჩაბი აეფარა.
ნიჩაბი და მიწა.
სულ მიუძლურდა: ახლა შვილიშვილი აღარ აწუხებდა, არც ნიჩაბი ფარავდა რაიმეს.
იწვა და კვდებოდა.
ქიტესა ბოლოდან მესამე მეფის დროს იყო დაბადებული. მაშინ ფეხსაცმელს მდიდრებიც კი არ იცვამდნენ. შიშველი იზრდებოდა ბავშვი. როცა შვიდის გახდა, ძონძები ჩააცვეს. ტერფები გაუმაგრდა. მამამისმა ტარგატეხილი ნიჩაბი მისცა და კვალში ჩააყენა. დაკოჟრილ ფეხსაც სცემდა ბარის პირს. დაუიარავდა. მერე შეუხორცდა და უფრო დაეკოჟრა.
უცებ წაუვიდა დრო.
ბარავდა შეუსვენებლივ.
როცა თავისას მორჩებოდა, სხვასთან აგზავნიდნენ.
ნიადაგი მათ თიხიანი ჰქონდათ:
არა ხარობდა ვაზი.
სხვასთან შავი იყო მიწა:
იქ უფრო უადვილდებოდა ბარვა.
ზოგან ქანი იყო: ხშირად ტეხდა ნიჩბის პირს: ახალს თვითონ ყიდულობდა.
ვერ გაიგო, ისე გაიპარა დრო.
მერე ცოლი შეირთო.
მერე ის მოკვდა.
ისევ შეირთო სხვა.
სხვას შვილები ჰყავდა: ოთხი; ორი მოკვდა, ორი დარჩა.
ის ცოლიც მოკვდა.
ამჯერად მეზობლის ქვრივი მოიყვანა: მასთანაც ეყოლა ოთხი. ახლა უკვე შორს მიდიოდა მიწის სამუშაოებზე. სვანეთში გზის გაყვანისას ზვავში მოუკვდა პირველი ცოლის შვილი. წყალში დაეხრჩო მეორე ცოლის ერთი შვილი: მაინც იმუშავა იქ ზაფხულამდე. ორივე იქ დამარხა გზის პირას. საფლავზე ნაძვის ჯვრები დაუდგა თავისი ხელით დათლილი. ნაცნობმა მუშამ მეუღლის სიკვდილის ამბავი ამოუტანა.
სოფელში ცოტა ფული ჩაიტანა: ისიც ცოლისა და იმ წელს გარდაცვლილი შვილების წირვას მოანდომა.
ახლა იყო უცოლო და ჰყავდა ოთხი შვილი: ერთი პირველი ცოლისაგან, სამი მეორისაგან.
შემდეგ წელსაც მუშაობდა გზებზე.
ყარაიაზში მიწა იყო შავი:
ადვილად ჩადიოდა ბარი.
სამი წლის მერე რაჭაში იყო: იქ ქანი იყო და ბარის პირი ტყდებოდა.
თავისთან თიხას ბარავდა: ძნელად ხარობდა ვაზი თიხნარში.
ნელა გამოეცალნენ შვილები უნაყოფოდ:
ბოლოს ერთი დარჩა.
ცოცხლად დარჩენილი უცოლოდ მოხუცდა.
ოთხმოცისამ შეირთო ქალი:
ამბობდნენ, აღთქმა ჰქონდაო ასეთი. უმეტესობა შერყეულად თვლიდა: სოფლის ბავშვები უკან დასდევდნენ და ქვებს ესროდნენ.
ოთხმოცდაოთხისას ეყოლა შვილი ქიტესას შვილს: ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ. ახლა ოჯახში იყვნენ ბაბუა, ოთხმოცდაათის შვილი და ექვსი წლის შვილიშვილი.
შვილი ვენახში თიხას ბარავდა.
ქიტესა იწვა და კვდებოდა.
შვილიშვილი ნამტირალევ თვალებს იმშრალებდა.
ისევ მოელანდა ქიტესას ბარი: მოეჩვენა, რომ პირი დაგლუვებული ჰქონდა და ტარი გადატეხილი. წამოიწია პატარის გასალანძღად: უაზროდ შეხედა და ისევ მიწვა.
პატარა კი განაგრძნობდა თამაშს.
ქიტესა იწვა და კვდებოდა.
მერე მოკვდა.
ზაფხული იყო.
მესამე დღესვე გაუთხარეს საფლავი ბრტყელპირიანი ნიჩბით ვენახში;
ვენახი თიხნარზე ძლივსღა ხარობდა. შემდეგ ჩაასვენეს შიგ, ისევ მიაყარეს თიხა. გვამმა ადგილი დაიჭირა და მიწა მორჩა ზედმეტი. ისიც საფლავზე დატოვეს: ცოტა შეალამაზეს და ისე.
ოჯახმა ნაძვის ჯვრის ფული ვერსად იშოვა.
ოთხმოცდაათი წლის შვილმა სადღაც ამოქექა გადატეხილი ბარის ტარი, ნატეხი შუაზე გადააჯვარედინა და საფლავს დაუსო თავთან.

წელი 1957. მარტის 17.

შენიშვნები

არსებობს ამ დაუსათაურებელი მოთხრობის მხოლოდ შავი ხელნაწერი(1-10გვ.). დასათაურებულია პირველი სიის მიხედვით: “53: ქიტესა იწვა და კვდებოდა.”
ფანქრით სწორებები გაკეთებულია გურამის მიერ. ჩამატებულია ალაგ-ალაგ სასვენი ნიშნები, თუმცა წინადადებების ბოლოს წერტილები არ არის დასმული.
სათაურით “ქიტესა” პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს წიგნში “მოთხრობები. პიესა.”

??????