ჩვენ ერთად მივდივართ
სცენარში ნაჩვენებია ფსიქოლოგიური დაბრკოლებები ახალგაზრდათა ნამდვილ მუშებად ჩამოყალიბების პერიოდში, ის მარცხები, რომელიც ამ პროცესის განმავლობაში შეიძლება მოხდეს და ის ცხოველმყოფელი ძალა კომკავშირის ორგანიზებული წევრებისა, რომელთა თითოეული საქმეც მხოლოდ გამარჯვებით უნდა დაბოლოვდეს, მიუხედავად ცალკეული ტრაგედიებისა, რომელიც ყოველ ჭეშმარიტად დიდ საქმეს თანა სდევს.
მოქმედება მიმდინარეობს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.
ნაჩვენებია მძლავრი ტექნიკა, ქარხნის თავისებური, პოეტურად საიდუმლო ლითონის იდილია; ნაჩვენებია შრომის პროცესი, მუშები, რამდენიმე კონკრეტული სახე.
ქარხნის საღამოს ცვლას მუშაობის დაწყების წინ პარტორგანიზაციის მდივნის კაბინეტში მოუყრია თავი. აქ არიან უკვე ასაკში მყოფნი, შუახნის მამაკაცები, თითქმის უწვერულვაშონიც. _ კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას შვიდწლედის ექვს წელიწადში შესრულების შესახებ და განიხილავენ შრომის კომუნისტური ბრიგადების შექმნის საკითხს; წინადადებაა ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი-ბრიგადა შეიქმნას მხოლოდ კომკავშირელი ახალგაზრდობისაგან. წევრების შერჩევას ქარხნის დირექცია ანდობს ახლად დავაჟკაცებულ კომკავშირელ ჟორა ავალიანს, რომელიც პრეზიდიუმში ზის როგორც მოწინავე. ჟორა თავისთვის ათვალიერებს დარბაზს და მზერას ირაკლიზე შეაჩერებს _ ირაკლი უღიმის _ `ეს ერთი~, აღნიშნავს ავალიანი თავისთვის.
უცებ კაბინეტში შემოიჭრება განგაშის ხმები, ფანჯარაში წითელი ალის ანარეკლი შემოვარდება, ისმის ხმა: `საამქროში ხანძარია, ყველანი, ბრიგადების მიხედვით, კატასრტოფის ადგილებისაკენ, პანიკის გარეშე!~ _ ბრიგადები უკვე გარბიან იქითკენ, იწყება ცეცხლთან ბრძოლა, მოდიან ცეცხლისმქრობელი რაზმები.
აუღელვებლად უცქერის ცეცხლს ჟორა ავალიანი, მის გვერდითაა ირაკლი. ისმის რადიოს ხმა: `კატასტროფის ადგილზე დარჩენილია რამდენიმე საშუალოდამთავრებული ექსკურსანტი!~ სხვა ექსკურსანტები აქვე დგანან დაბნეულები. იმათგან გამოირჩევა გურამი, რომელიც მარტო გადაეშვება რადიოს ხმასთან ერთად ცეცხლისკენ. ბრიგადებს გამოჰყავთ ოდნავ დაზიანებულები, გადამრჩენლებს შორის არიან მუშა კომკავშირლები, რომელთა სახეებიც კრებაზევე გამოირჩეოდა: ჯიმშერი, ედიშერი, ვასიკო, ტიტო, სიომა. აქვე დგანან გამოცდილი მუშები: ყველას ფეხებში ედება და ვერავინ ვერ ამჩნევს აქ ერთ მოუხეშავ ახალგაზრდას, რომელსაც აშკარად არაფერი აქვს საერთო არც მუშებთან, არც სკოლადამთავრებულებთან; ეს არის შიოშვილი _ გლეხის ბიჭი, ჩამოსული ქარხანაში სამუშაოდ. ის გაკვირვებული, დაბნეული უყურებს მთელ ქარხანას და კატასტროფას. ხანძარი თითქოს ნელდება, მაგრამ შენობის ზედა ნაწილში ისევ ათამაშდებიან ცეცხლის ენები, რომლებიც იკარგებიან სქელ ორთქლში. უცებ პანიკა _ კურსდამთავრებულთა მასწავლებელი დაბნეულია: არ არის არსად ცირა. ეძახიან ცირას. ალმოდებული შენობის ზედა ფანჯარაში გაიელვებს გოგონას სილუეტი და ქრება. სილუეტს ერთდროულად ხედავენ გურამი და ჟორა. დაუფიქრებლად გარბის გურამი მაშველი კიბისაკენ, მას მისდევს მისი თანაკლასელი ომარი: `სად მირბიხართ, სად მირბიხართ, თქვენც დაიღუპებით მარტოები!~ _ ეძახიან მათ. ისინი გარბიან სულმოუთქმელად და არ აქცევენ არაფერს ყურადღებას.
დაბნეული ხალხის წინ, რომელთა სახეზეც წერია `ისინი დაიღუპებიან~, გამოდის ჟორა. მას ხელში ცული უჭირავს. `საჭიროა რამდენიმე ვაჟკაცი~, _ ამბობს იგი. წინ გამოდიან ირაკლი, ედიშერი, ჯიმშერი, ვასიკო, ტიტო, სიომა და კიდევ რამდენიმე სხვა. მიდის ჟორა ხიფათისაკენ თითქმის სირბილით. უკან მისდევენ ნარჩევი ახალგაზრდები, მისდევენ ცირას დასახსნელად, ორგანიზებულად, გარეგნულად აუღელვებლად.
სწრაფად, უგეგმოდ, არაორგანიზებულად იკვლევენ წინ გზას გურამი და ომარი, უნებურად ხელს უშლიან ცეცხლისმქრობელ რაზმს, არ ეპუებიან მათ ბრძანებას უკან დაბრუნების შესახებ.
შეუჩერებლად, ორგანიზებულად უტევს ცეცხლს ცირას გადასარჩენად ჟორა, თავისი რაზმით.
ახლოს არიან უკვე მიზანთან გურამი და ომარი. ომარს სული უგუბდება, მეტი აღარ შეუძლია, წინ კი ხის ალმოდებული კარებია _ საჭიროა მისი ჩამოგდება. არც ერთს ცულიც კი არა აქვს თან. კარები მათი ცდისას ვარდება და ომარს ეცემა თავში. გურამი შუა ალიდან იტაცებს მეგობარს, იკიდებს მხარზე და უკანდახევის მაგივრად მიდის იქითკენ, სადაც ცირა ეგულება.
ამავე დროს, ცეცხლს ყოველი მხრიდან უტევენ კომკავშირლები. რკალი შევიწროებულია, მათი დახმარება აუცილებელია.
გურამი მხარზე აკიდებული ომარით მიდის ცირამდე, რომელსაც უკვე გონება აქვს დაკარგული, დიდი წვალებით მოათრევს მასაც გასასვლელისაკენ, ორთქლი გზას უღობავს, ეცემა, ფეხს იტეხს. გონზე მოდის ცირა, რომელიც თითქმის დაბრმავებულია. იმართება და ისევ ეცემა. საცაა ალი შთანთქავს სამივეს. ამ წამებში მათ ყველა მხრიდან ერტყმიან ჟორას რაზმელი კომკავშირლები, გამოჰყავთ ცეცხლიდან სამივენი. სირენა, სასწრაფო დახმარება, საავადმყოფო. დარჩენილ ხანძარს აქრობენ მუშები ცეცხლისმქრობელებთან ერთად.
მომხდარი ხანძრის შემდეგ მტკიცე კოლექტივად იკვრება კომუნისტური შრომის ბრიგადის სახელისათვის მებრძოლი კომკავშირელთა ჯგუფი, რომელთაც ერთმანეთი გაჭირვების დროს გამოსცადეს. ისინი იღებენ სერიოზულ კონკრეტულ დავალებას.
სწრაფად ჯანსაღდებიან დაზიანებულები. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ცირა, გურამი და ომარი, რომლებსაც ავადმყოფობის პერიოდში კავშირი ჰქონდათ მათ სანახავად მოსიარულე ახალგაზრდა მუშებთან, გადაწყვეტენ დარჩნენ ქარხანაში სამუშაოდ _ კერძოდ კი, ჟორას ბრიგადაში.
უყოყმანოდ იღებენ ცირასა და ომარს, მხოლოდ დიდ კამათს იწვევს გურამის საკითხი. ის მე-10 კლასში არაღირსეული, ჯიუტი ხასიათისათვის გამორიცხული იქნა კომკავშირის ორგანიზაციიდან.
ჟორა პირადი რეკომენდაციით აძლევს მას საშუალებას გახდეს საპატიო კანდიდატი ბრიგადის წევრობისა.
ნელ-ნელა იკვეთება თითოეული ახალგაზრდის საინტერესო, ინდივიდუალური სახე, დამოკიდებულება ერთმანეთს შორის _ ყველასათვის ცხადი ხდება გურამისა და ცირას სიახლოვე.
გამალებული ბრძოლაა მთელ ქარხანაში შვიდწლედის ექვს წელიწადში შესრულების საფუძვლების ჩასაყრელად, ძალ-ღონეს არ იშურებს ახალგაზრდული ბრიგადა დასახული გეგმის გაორკეცებით შესრულებისათვის, მუშაობის ამ კრიტიკულ მომენტში ყველა ივიწყებს თავის პირად საქმეებს; მხოლოდ გურამია გართული ცირასთან რომანით. მუშაობს ისიც, ოღონდ მის საქმეს ხალისი აკლია. ასეთივე ხასიათზეა ცირაც. მართალია, იგი აღტაცებულია ყველაფრით, ქარხნის თითოეული დეტალით, სიამოვნებით ლაპარაკობს მათ შესახებ, ოღონდ ისიც ორგანიზებულ შრომაში ჩაბმას, გურამივით თავისდაუნებურად, გაურბის.
რამდენიმე ხნის განმავლობაში ახალგაზრდული ბრიგადის წევრები, ჩაფლულნი შრომაში, ამჩნევენ, რომ მათ გარშემო სისტემატიურად ტრიალებს აჩრდილივით გლეხის ბიჭი შიოშვილი, რომელიც ესწრებოდა ხანძარსაც, მაგრამ რატომღაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა მასთან გამოლაპარაკება. მხოლოთ ცირა, რომელიც არცთუ მთლიანადაა ჩაფლული მუშაობაში, მიაქცევს ამ ბიჭს ყურადღებას, გამოელაპარაკება. ირკვევა, რომ მას უნდა დაიწყოს მათთან მუშაობა, რომ ის არის სოფლიდან, საიდანაც უკვე დიდი ხანია ჩამოვიდა და მორიდებულობის გამო ვერ გაუბედავს მიმართოს ვინმეს. ცირა ალალად დასცინის მის მორცხვობას, შედის მდგომარეობაში, ელაპარაკება, უხატავს ბრწყინვალე მომავალს, სახე უბრწყინავს ორივეს. გოგო ხელს მოჰკიდებს და დაუფიქრებლად მიარბენინებს ქარხნის დასათვალიერებლად. გარბიან ათასგრადუსობით გავარვარებული ქურების გასწვრივ. მიდის დიალოგი კისკისით და უცებ ისმის ცირას კივილი მანქანების ხმაურს შორის. მათზე წამოსული ამწე-კრანისგან ტყუილად შეშინებული შიოშვილი, უკან გადამხტარი, ქურაში ვარდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ცირა თვალებს ვერ უჯერებს, ეძახის, იხედება, იცის და არ სჯერა, ფიქრობს: იყო ის ბიჭი საერთოდ თუ არა?! იგი გარბის, უძახის ამხანაგებს, ყველანი საშინლად განიცდიან მომხდარს, ზოგს არც კი სჯერა. აქ მხოლოდ გავარვარებული ცეცხლის ქურა ჩანს.
შიოშვილის ტრაგედია დიდი მსჯელობის საგნად იქცევა. ამის შემდეგ მთლიანად იცვლება ცირა და ერთი-ორი, ოდნავ ცუღლუტურად განწყობილი, სხვაც. მთელი სერიოზულობა მუშაობისა იგრძნო თითოეულმა, უფრო კარგად გაიგეს, რომ აქ წყდება უდიდესი მნიშვნელობის საქმე.
მხოლოდ გურამი შეხვდა ერთგვარი იუმორითა და სიმსუბუქით მომხდარს. იგი ისევ მხოლოდ ნახევრად სერიოზულად განაგრძობს მუშაობას, სულ უფრო და უფრო ირიყება სხვებისაგან. ალბათ, სწორედ ამიტომ, დასაყრდენის საპოვნელად, მოჰყავს მას სატუსაღო კოლონიიდან ახლად გამოსული რუსი ბიჭი გლები ბრიგადაში. გლებთან მისი დაახლოება იწვევს ცირასთან ჩასახული დაშორების გაღრმავებას _ სწორედ ამ დროს გურამი აძლევს მას წინადადებას დატოვოს ქარხანა. ეს არის დასაწყისი მათ შორის ოფიციალური განხეთქილებისა.
ცირა, რომელიც ილაშქრებს მის წინააღმდეგ, ასე აღნიშნავს ამ ფაქტს კრებაზე: კაცს, რომელსაც არ შეეშინდა ცეცხლის, შეეშინდა შრომის; გურამის თავმოყვარეობა შელახულია, მისი კომკავშირში მიღების საკითხი გადაიდება. ის თავისებურად, მარტო, ინდივიდუალურად ცდილობს გადააჭარბოს სხვას შრომაში _ ერთდროულად იმსახურებს თავისი პიროვნებით აღტაცებას და უკმაყოფილებას. მას არ ტოვებს შეგრძნება, რომ იგი ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი არ არის, იგი არასოდეს არ ეხმაურება, როდესაც ბიჭები ერთმანეთს ეძახიან: კომკავშირლებო, წავედით კინოში, ან კომკავშირლებო, სასადილოდ, სამუშაოდ და სხვ. ის, რომელიც ვერ გახდა ღირსი კომკავშირის ორგანიზაციაში არჩევისა, შეგნებულად გარე-გარე დადის და მხოლოდ ინდივიდუალური შრომით ცდილობს სხვას აჯობოს. მასში ნელა ისადგურებს არა საერთო საქმის გაკეთების სურვილი, არამედ სხვისი ჯობნის ნდომა. ამასთანავე, იგი გულახდილობის წუთებში აღტაცებულია ჟორას პიროვნებით და შურს კიდეც მისი. ეს კიდევ უფრო აღრმავებს მის გათიშვას კოლექტივისაგან. იგი თავის ერთადერთ მეგობრად მხოლოდ გლებს იხდის, რომელსაც კიდევ არ მიუტოვებია ციხის ჩვევები.
ჯერ უბრალო მოქმედებით იწყება ცირას აღტაცება ჟორას პრინციპული, ვაჟკაცური ხასიათით, ხოლო შემდეგ გადაიზრდება სიყვარულში. ამ ჩასახულ კავშირს ახალგაზრდა ბრიგადირი ყოველნაირად გაურბის გურამის გამო; მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცხადი ხდება ცირას ეს ლტოლვა, რასაც მთლიანად ვეღარ უმკლავდება თვით ჟორაც, რომელიც, თავის მხრივ, გულში დიდი ხანია შეყვარებულია მასში. სწორედ იმისათვის, რომ გურამმა არ იფიქროს, თითქოს ბრიგადირი მას ცირას გამო მტრობს, ის დიდ დათმობაზე მიდის მის მიმართ, როგორც ქვემდგომი მუშის მიმართ, რაც გამართლებულია ფსიქოლოგიურად, ოღონდ შეუწყნარებელია საქმისათვის, გურამის მიერ მოყვანილი გლებთან კი ჟორა დათმობაზე აღარ მიდის.
ისმება საკითხი გურამისა და გლების კომკავშირში მიღების შესახებ, რაც დიდ კამათს იწვევს. არჩევნების წინა დღეს ხდება ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ბრიგადის ნაწილი მუშაობს მარტენის ციხეში სწორედ იმ ადგილას, სადაც სითხედ ქცეული ფოლადი ფორმებში ისხმება. ეს ფორმები დგას ვაგონებზე, საიდანაც ისინი გაციებამდე ქურებისაკენ მიდიან. მემანქანემ რამდენიმე ხნით დატოვა ორთქლმავალი. სწორედ ამ დროს ჟორას დაემართა ღვიძლის შეტევა, რაც წინათაც ჰქონდა ხოლმე, და კიბეებიდან დაგორდა. გურამი აქეთ-იქით იხედება: რითი მიეშველოს, ვის დაუძახოს ამ ხმაურში, აღარ იცის. გლებს სთხოვს ააწევინოს ჟორა და მას ორთქლმავალში სვამს. ჟორა, უარყოფის ნიშნად, რაღაცას ლუღლუღებს; გლები ეუბნება, რომ ჯობს დარეკონ სასწრაფოში. გურამს ეჩვენება, რომ ყველაფერი შემდეგ გვიან იქნება, თან უნდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმაროს ჟორას, რომ არავის და, პირველ ყოვლისა, თვითონ არ იფიქროს, რომ იგი წყენის გამო რამეს აგვიანებს. ასეთ აფექტში იგი მიაქანებს ორთქლმავალს, თავისი ვაგონებით, ქარხნის გასასვლელისაკენ. სქელ ნაკადად იღვრება გავარვარებული ძვირფასი ფოლადი. განგაშია. გლებისაგან გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანები ეწევიან ორთქლმავალს. გურამის დაუფიქრებელმა საქციელმა საქმე დაღუპა და ჟორას დახმარებაც ვერ დააჩქარა.
კინაღამ არ ჩავარდა მთელი ბრიგადის საქმე: უშველა მხოლოდ გეგმის ორასი პროცენტით შესრულების მაჩვენებლებმა. მეორე დღეს ჟორა ისევ სამუშაოზეა, გლებს ირჩევენ კომკავშირში, ხოლო გურამი ისევ რჩება ორგანიზაციის გარეთ. ეს აძლიერებს მის იუმორს სხვებისადმი და მის განმარტოებას. იგი ახლა ოდნავ მტრულადაც კი უყურებს ყველა ცდას სხვებისას, რომელთაც ალალი გულით სწადიათ მასთან დაახლოება. ამასობაში ჟორა ცოლად ირთავს ცირას. გურამი, რომ არ იფიქრონ, თითქოს მას ეს ეწყინა, ცდილობს გარეგნულად მაინც ჩაებას საერთო ფერხულში. განუსაზღვრელად წინ მიდის ბრიგადის საქმე, `ასე რომ იშრომოს ყველამ, შვიდწლედი შესრულდება სამ-ნახევარ წელიწადში~, _ ამბობენ ქარხანაში.
გადაწყდა: მეტალურგის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდათა კომკავშირულმა ბრიგადამ მიიღოს შრომის კომუნისტური ბრიგადის სახელწოდება. გადაწყდა: ამავე დღეს მიიღონ გურამი კომკავშირში.
გარეგნულად ამ დროს თითქოს დროებით კოლექტივთან ერთად მყოფი გურამი, სინამდვილეში, სულ გამოთიშულია მისგან. მან ვერ იპოვა აქ თავისი ადგილი, მაგრამ არასაჭირო თავმოყვარეობამ და სიჯიუტემ უფლება არ მისცა თავისი ნებით დაეტოვებინა ქარხანა. სწორედ ეს გახდა იმ ტრაგედიის საფუძველი, რომელიც აღნიშნული სადღესასწაულო დღის წინა საღამოს მოხდა: ამ საღამოს განსაკუთრებული თავდადებით მუშაობდა მთელი ბრიგადა. დაიწყეს გავარვარებული ლითონის ამოღება; `კომკავშირლებო, გამოდით აქეთ,~ მოისმა რუპორში ჟორას ხმა; ყველანი გამოვიდნენ. ქარხნის ხმაურში ჩანდა, როგორ არ გამოეხმაურა გურამი კომკავშირლად დაძახებას და თავჩაღუნულმა განაგრძო მუშაობა. მთელი ქარხანა დაიძაბა, ოღონდ უკვე გვიან იყო: წამოსულმა ვარვარა ლითონმა თითქმის მთლიანად ამოწვა იგი. საშინელი სიმწუხარე გამეფდა ირგვლივ. ძლივს შეძლო ბრიგადირმა, თავად უზომოდ დამწუხრებულმა, განწყობილების ოდნავ შერბილება; მეორე დღეს ზეიმი ტრაგედიას არ უშლიდა ხელს, ხოლო ტრაგედიამ ზეიმი უფრო სერიოზული, წონიანი და მრავლისმთქმელი გახადა.
[1960 წელი]
შენიშვნები
ეს ნაწარმოები დაწერილია როგორც ლიბრეტო კინოსცენარისათვის `ჩვენ ერთად მივდივართ.~ არსებობს ორი შავი (1-12გვ., 1-8გვ.) და ორი თეთრი (1-9გვ., 1-7გვ.) ხელნაწერი, აგრეთვე, 1960 წლამდე გადაბეჭდილი ცალი, ავტორისეული სწორებებით (1-8გვ.). ამ ტექსტის დასაწყისში შავი ფანქრით, მამას ხელით, მკრთალად წერია: `#4. კინოსცენარის `ჩვენ ერთად მივდივართ~ ლიბრეტო~. ინახება კინოსტუდიის დირექტორის მიერ გაცემული დასკვნა ამ ლიბრეტოს თაობაზე (იხ. აქვე). არც ერთი ხელნაწერი არ არის დასათაურებული, არც დათარიღებული. სათაური წერია მხოლოდ კინოსტუდიის მიერ გაცემულ `დასკვნაში~. დასკვნის თარიღის მიხედვით, ასევე დათარიღებისათვის შემუშავებული ზოგადი კრიტერიუმის თანახმად, შეიძლება მსჯელობა ლიბრეტოს დაწერის თარიღზეც. Dმნიშვნელოვანია, აგრეთვე, არქივში შემონახული 1959 წლის გაზეთი `პრავდა~, რომლის ერთ-ერთ წერილში ლაპარაკია კომუნისტური შრომის ბრიგადების შექმნის თაობაზე, რაც თემატურადაა დაკავშირებული ამ ნაწარმოებთან.
პირველი შავი ვარიანტი (1_12გვ.) დაწერილია ბლოკნოტიდან ამოხეული მოყვითალო ფურცლების ორსავე მხარეს. ნაწერია ძალიან გაკრული ხელით, ნასწორებია წერის პროცესში. ეს ხელნაწერი იდო ორად გაკეცილი თაბახის ფურცელში. ამ თაბახის ფურცლის შიდა გვერდზე დაწყებულია სცენარის თეთრი ვარიანტი: `სცენარის მიზანია დაედოს საფუძვლად ფართოეკრანიან მხატვრულ კინოპლაკატს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ცხოვრებიდან. ამ სურათმა შეგნებული პირდაპირობით უნდა უპასუხოს კითხვებს, რა არის ცუდი და რა არის კარგი კომუნისტური საზოგადოების შენების პროცესში.
ჩვენი აზრით, აღარ აკმაყოფილებს კინოს მნახველს თუ თითონ შემოქმედს ინტიმური კინოების ერთი რიგი ქარხნის მჩქეფარე ცხოვრებაზე, კინოები....~
ამ თაბახის ფურცლის მეორე გვერდზე კი ფანქრით, მამაჩემის ხელით, დაწერილია: `10 გვერდი. ერთი კიდევ შავი, დასაწყისი და ერთი რუსულად ამონაწერი~. ჩემი ხელით: `კინოსცენარი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ. შეიძლება ეს იყოს `ალავერდობის~ ციკლის ბოლო მოთხრობა `რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე...~. საინტერესოა, ჩემი აზრით, ამ ნაწარმოების (ლიბრეტოს) პაროდიულ-გროტესკული ხასიათი, რომლის ფონზეც თავისებურ სიუჟეტურ გადაწყვეტას პოულობს მწერლის შემოქმედების ერთ-ერთი ცენტრალური მოტივი: ერთისა და ყველას, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
ამ ლიბრეტოს შექმნის ისტორიისა და ინტერპრეტაციისათვის იხ. ტომი 3, შენიშვნები `ჩემი ლიტერატურული შეხედულებებისათვის.~ აქ შეიძლება მხოლოდ იმის გახსენება, რომ როდესაც გურამს დაუწუნეს კინოსტუდიაში მიტანილი `თორტიზელი ქალიშვილი~ და უთხრეს, რამე დაგვიწერე საბჭოთა თემატიკაზეო, მან, გიორგის თქმით, არ იუარა და მისდა გასაკვირად, იქვე დაწერა რამდენიმე გვერდი (ინახება არქივში). ეს ჩანაწერები შეიძლება მივიჩნიოთ ლიბრეტოს პირველ ვარიანტად. გიორგის მაშინ თურმე შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს სიუჟეტი გურამს უკვე მომზადებული ჰქონდა დასაწერად. ლიბრეტო მოეწონათ. კინოსტუდიამ ახალგაზრდებს გამოუყო კიდეც ფული. ამხანაგების გადმოცემით ამ ფულის ნაწილი გურამმა სამკურნალოდ მისცა ერთ ამხანაგს, რომელსაც მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ დაემართა `სტოლბნიაკი~. დარჩენილი თანხით კი, როგორც მახსოვს, გურამი წავიდა გაგრაში. ეს იყო 1960 წელი.
კინოსტუდიის მიერ გაცემული დასკვნა ლიბრეტოზე: `ჩვენ ერთად მივდივართ~
ავტორი გ. რჩეულიშვილი.
`ლიბრეტოს თემისათვის დამახასიათებელია ჩანაფიქრის სიახლე და აქტუალობა. პირადულისა და საზოგადოებრივის ჰარმონიული შერწყმა ახალი სოციალისტური ფორმაციის ადამიანში. პიროვნების ადგილი კოლექტივში და კოლექტივის წარმატება, როგორც პიროვნების ბედნიერების მთავარი პირობა. _ აი, ლიბრეტოს თემატურ-სიუჟეტური კომპლექსი, რომელიც გაშლილია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კომუნისტური შრომის ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრიგადის მასალაზე.
მომავალი სცენარი, მხატვრული გადაწყვეტის ხერხის მხრით, ავტორს რამდენადმე პირობითად და სადავოდაც აქვს ჩაფიქრებული. სადავოა და გადააზრებას მოითხოვს, კერძოდ, ფინალი და, სახელდობრ, გურამის დაღუპვა. გურამი იღუპება უბრალო უბედური შემთხვევის შედეგად, მაგრამ ავტორი ამას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს და განიხილავს როგორც დაღუპულის ინდივიდულიზმისა და კოლექტივისაგან მისი განდგომის დაგმობას ცხოვრების მიერ. აქ მოსაძებნია უკეთესი სიუჟეტური გადაწყვეტა, რომელიც აზრობრივად უფრო დასაბუთებული და მხატვრულად მეტად დამაჯერებელი იქნება.
ყოველ შემთხვევაში, ლიბრეტოში სახეზეა ახალგაზრდა მწერლის საინტერესო და მძაფრი ცხოვრებისეული დაკვირვებები, ღრმა პუბლიცისტური აზროვნების ნიშნები და საგულისხმო ფსიქოლოგიურ-ემოციური განწყობილებები, რომლებიც დამაიმედებელ საფუძველს წარმოადგენენ შემდგომი მუშაობისათვის.
რამდენადაც მუშათა კლასის თემა, თანამედროვე გაზრდილ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, რთულია და მოითხოვს შემოქმედებით ძიებას, ხოლო ლიბრეტო ამ ძიების ამოცანათა დონეზე დგას, შესაძლებელად მიგვაჩნია ხელშეკრულების დადება ავტორთან სცენარზე მუშაობის გასაგრძელებლად.
სასცენარო განყოფილების უფროსი მ. მგალობლიშვილი
მთ. რედაქტორი ა. მახარაძე.
`ვამტკიცებ~ კინოსტუდია `ქართული ფილმის~ დირექტორი შ. ძიძიგური
10 მაისი, 1960 წელი.
1960 წლამდე გადაბეჭდილი ცალი წარმოადგენს თეთრი ვარიანტის ასლს. აქ რამდენიმე სწორება გაკეთებულია მწერლის მიერ. სავარაუდოა, რომ ამ ვარიანტს გურამი მიიჩნევდა ძირითადად (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
ქვეყნდება პირველად.