ცარიელდება აგარაკი
წ. 1956.სექტ. 5
მთელი დღე ქარი ქროდა და საღამოსთვის მოიღრუბლა; ცოტა აცივდა. ზღვის ტალღებმა ხმაურს უმატეს. ვაჟა იდგა და ითვლიდა: ყოველი მესამე ტალღა ჯებირებს აქეთ, ქუჩაში ეცემოდა. წამოწინწკლა. მან ჩემოდნები აიღო და სადგურის გზას გაუყვა. ფოსტიდან ლევანი გამოვიდა ღიმილით; ერთხანს ზღვას უყურა, მერე ჩაფიქრებით მიმავალ ვაჟას სიცილით მიმართა:
- ჰა, წუნია ჯანდიერო, კიდევ რამდენ ხანს დარჩები აქ?
- მე? რა ვიცი, ერთი კვირა ან ათი დღე. მოკლედ, ვნახოთ.
- წამოდი, ბიჭო, ბარემ, ხომ ხედავ, ახალგაზრდობიდან შენს მეტი არავინ რჩება,- არ ისვენებდა ლევანი.
- კარგი, გეყო ამდენი ლაპარაკი წამოსვლაზე, თუ გინდა, ლექსები თქვი. - ხვეწნით უთხრა ვაჟამ.
- ლექსები? კარგი, მაშ დავიწყე: “და ალი...
- ოღონდ ძალიან არ გააგრძელო. - გააწყვეტინა მან.
- არა, ნუ გეშინია, ტიციანია:
“და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი,
მტკვარი ახლოა,
მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო”.
ლექსი ჯანდიერმა გააგრძელა შუიდან, თავისი ბოხი, ხავერდოვანი ხმით:
“ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა”.
ორივემ გულიანად გაიცინა. მერე გაჩუმდნენ.
შარაგზა ზღვის ნაპირს გაუყვა; წამოწვიმა. დარჩენილი რუსი მოაგარაკეები ფეხსაცმელებს იხდიდნენ და ისე მირბოდნენ სახლებისკენ. ბიჭებმა სადგურის პირდაპირ, მიყრუებულ დუქანში შეუხვიეს. შორიდან მოისმოდა ზღვის ხმაური. ჭუჭყიანი სამწვადის ერთადერთი ფანჯარა შარაზე გამოდიოდა.
ერთხანს უხმოდ ისხდნენ. მერე ლევანმა შავი ყავა და ორას-ორასი გრამი “ენისელის” მარკის კონიაკი შეუკვეთა. თითო ჭიქა მდუმარედ შეისვა. სიჩუმე ვაჟამ დაარღვია.
- რომელზე გადის მატარებელი?
- კიდევ მთელი საათია.
- ლევან!
- რა?
- მარტო იქნები ვაგონში?
- მე? არა, მთელი ქართველობა დღეს მოდის, მოკლედ შენღა დაამშვენებ აგარაკს.
ორივეს გაეცინა.
ბაქანზე ნახევარი საათით ადრე გავიდნენ. მათ სხვა ქართველებიც შემოუერთდნენ. უმეტესობას ლოყებდაწითლებული რუსი გოგონები აცილებდნენ. გამომშვიდობებაში დრო სწრაფად გავიდა.
საღამოს რვა საათზე სადგური დაცარიელდა. ვაჟა მარტო გამოუყვა აგარაკისკენ მიმავალ გრძელ გზას. წვიმა შეწყდა. ბინდდებოდა.
ძალიან ესიამოვნა ნაწვიმარზე ზღვის პირას გავლა, თანაც სულ მარტოს. შვებით ამოისუნთქა. აქამდეც ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ამხანაგები არ ასვენებდნენ. ახლა მოაგონდა, რომ წეღან ლევანმა წუნია დაუძახა და გაეღიმა; თან გულში სიამაყე იგრძნო, რომ ცუდ ქალთან, გინდაც ცოტა შეუხედავი ყოფილიყო, არ მივიდოდა; სხვები კი ერთ ამბავში იყვნენ, ყველა შემხვედრს კოცნიდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ, მაინც ცოტას გამოსდიოდა რაიმე. აგერ წასულმა ლევანმაც მთელი ათი დღე სდია პერეკისით თმაგახუნებულ, ოქროსკბილებიან ოცდაათი წლის ქალს და მაინც არაფერი გამოუვიდა. ნოდარმაც ბევრი იწვალა, მართალია, შედეგიანად, მაგრამ იმ გოგოსთან თავმომწონე კაცი ახლოსაც არ მივიდოდა. ვაჟას გააჟრჟოლა, - ან როგორ ელაპარაკებოდნენ, მითუმეტეს კოცნიდნენ და სიყვარულს ეფიცებოდნენ ეგეთებს. “მაგას სჯობია შენთვის იჯდე, ან რა სავალდებულოა, თუ ქალაქში მთელი წელი ძლებს ზოგი ისე; რაღა ამ სიმშვენიერეში მოუნდებათ ქალი. მაგრამ ერთმანეთს აჰყვებიან, გაუგიათ რაღაცა და.” - ვაჟას სასმელი მოეკიდა და ჯავრობდა. “ახლა ჩავლენ და ტრაბახით აიკლებენ ქალაქს. თავის მახინჯებს ანგელოზებად დახატავენ.”
დაბინდდა. ტალღების ხმაურმა იმატა. ვაჟას ესიამოვნა სიმარტოვე და ზღვის პირას ჩამოჯდა, აქაფებული შხეფები სახეზე ეცემოდა. კარგა ხანს იჯდა ასე და არაფერზე არა ფიქრობდა. მერე ნელა შეიჭრა მის შეგრძნებაში, რომ სურათები ჰქონდა გამოსატანი. უსიამო გრძნობამ შეიპყრო. მოაგონდა, რომ ერთადერთი გოგო, რომელიც მას მოეწონა, სურათში ცუდად გამოსულიყო; გადაწყვიტა, არ გამოეტანა. სასმელი გამონელდა. მოწყენილობა იგრძნო სიმარტოვისაგან, მაგრამ თავს არ გამოუტყდა და ტურბაზისკენ გასწია. აქაც სიცარიელე დახვდა; ორშაბათს ცეკვები არ იყო. გულზე ნაღველი შემოაწვა და ნაცნობ სომხებთან აუხვია; არც ისინი დახვდნენ სახლში - დიასახლისმა უთხრა, სოჭში წავიდნენო. ქუჩაში ნაწვიმარზე იშვიათად თუ ვინმე გაივლიდა. ხელები ჯიბეში ჩაიწყო და “ავარას” სტვენით წავიდა რესტორანისაკენ; თან გოგოებზე ფიქრობდა. მწარე მოგონებისაგან სტვენა შეწყვიტა, ახლაც ვერ მოენელებინა ელენას ასე გაშვება, თან რა გოგოსი. ხელი ჩაიქნია და მარტოკა შევიდა “პსირცხაში”.
ჩვეულებრივ ხალხმრავალი რესტორანი მოწყენილი გამოიყურებოდა. მუსიკოსები ერთმანეთში საუბრობდნენ. სადღაც, დარბაზის ბოლოში გზის მუშები არაყითა ლოთობდნენ. ვაჟამ მოქეიფეებისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ გადაიფიქრა, სკამზე დაეშვა. შავი ყავა და ორასი გრამი კონიაკი მოითხოვა. მუსიკოსებმა ირიბად გადმოხედეს მას და საცოდავად ააკვნესეს ფორტეპიანო, ჩელო და აკორდეონი, მეოთხე საქსაფონის მსგავს საკრავზე უკრავდა. მალე კვარტეტის მოწყენილი ხმებიც მიწყდა.
ვაჟამ კონიაკი გადაჰკრა და ყავა დააყოლა. კიდევ მოითხოვა. მერე მომტანის ხელით მუსიკოსებს თხუთმეტი მანეთი გაუგზავნა. გაისმა “მაგდანას ლურჯადან” ამოღებული მენახშირის მელოდია. მესაქსაფონე დროდადრო წყვეტდა დაკვრას და მთელი ხმით ამღერებდა: “- ნახშირი-ი-ი, ნახშირი-ი-ი...”
რესტორანში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დამკვრელებმა უხმოდ აკრიფეს თავიანთი საკრავები. ფორტეპიანო დაიხურა. “პსირცხა” მაინც განაგრძობდა მუშაობას. დარბაზის ბოლოში გზის მუშები არაყით ლოთობას განაგრძობდნენ.
ვაჟა დათვრა. კიდევ მოითხოვა კონიაკი და დაწითლებული თვალებით შეათვალიერა მაგიდები. გულზე ნაღველი შემოაწვა. განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნო სიმარტოვე და ვინმესთან საუბარი მოუნდა. დააპირა, მუშებს შეერთებოდა; კიდევ ყავა და კონიაკი მოუტანეს. იგი უაზროდ მიაშტერდა მომტანს, ახლაღა შეიგრძნო, რომ ის ქალი იყო. უზომოდ მოუნდა გოგო - ახალგაზრდა, თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის გოგო.
- მიანგარიშეთ, - ჩახლეჩილი ხმით დაიწყო ვაჟამ.
- ახლავე, გენაცვალე, ახლავე, - ორმოცს გადაცილებული შეღებილი, გავაგანიერი დიაცი თეძოების რხევით წავიდა საანგარიშოს მოსატანად. ვაჟამ თვალები გააყოლა. ახლა ისევ იგრძნო მოწოლილი ჟინი.
- სამოცი მანეთი, გენაცვალე, და რამდენიმე კაპიკი, - ჩათვალა ქალმა.
ვაჟამ უხმოდ დადო მაგიდაზე ფული, მერე უთხრა:
- პატივცემულო, ერთი კონიაკი შემისვით.
- არა, გმადლობთ, - ქალმა უშნოდ დახვეული თმა ზურგზე გადაიყარა, - ჩვენთვის სამუშაო დროს არ შეიძლება, მერე სიამოვნებით.
ვაჟამ ხელი მოჰკიდა მაჯაზე და მთვრალი კაცის სიჯიუტით დასვა სკამზე.
- დალიე ჩემი სადღეგრძელო.
ქალმა ჭიქა აიღო, თავი მიაბრუნა და კონიაკი გადაჰკრა, მერე ხანში შესულის ულაზათო სიკეკლუცით მოშორდა მაგიდას, კარებთან მობრუნდა და კბილები გამოაჩინა.
ნახევარი საათის შემდეგ რესტორანმა “პსირცხამ” მუშაობა შეწყვიტა. გზის მუშები ახლად ატაცებული “მენახშირის” სიმღერით გაუყვნენ გზას. ვაჟამ გარეთ გამოსულ მომტანს ხელკავი გამოსდო და დაიწყო:
- უკაცრავად, მე იცით, რამდენი ხანია, თქვენთვის დავდიოდი აქ, თქვენ კი, ალბათ, ვერც მამჩნევდით.
- რას მეუბნებით, არა მჯერა. - ქალი მიჰყვა ხელკავს და მკერდზე მიეკრა ვაჟს.
ბაღისაკენ გადაუხვიეს. ყრუდ ისმოდა ტალღების შხუილი. შუაღამეს წვიმა წამოვიდა. ჯერ წინწკლავდა, მერე იმატა.
- კოკისპირულად წვიმს. - თქვა ქალმა და კაბის სწორებით ადგა სკამიდან, გადაიკისკისა.
ვაჟამ ოქროს კბილებს მოჰკრა თვალი და გვერდზე გადააპურჭყა, მერე გამოუმშვიდობებლად, ნელი ნაბიჯით დაადგა გზას. უზომოდ სიამოვნებდა კოკისპირული წვიმა და სიმარტოვე.
წელი 1956. სექტემბრის 4. 11-12.
შენიშვნები
შემონახულია სამი ავტოგრაფი: შავი (1+1-11გვ.), თეთრი (1+1-18გვ.) და 1960 წლამდე გადაბეჭდილი ცალის მხოლოდ თავფურცელი თარიღითა და შესავალი დღიურ-ეპიგრაფით. ნაბეჭდი ტექსტი დაკარგულია. ამავე ავტოგრაფზე სათაური წერია გურამის ხელითაც და მოთავსებულია ბრჭყალებში. შავი ავტოგრაფის ზედა ნახევარზე წერია სათაური ბრჭყალებში. შემდეგ უზის თარიღი. ტექსტი ნაწერია გაშლილად, გაკრული ხელით, საშუალო ზომის ასოებით. მოსდევს თარიღი.
თეთრი თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური ბრჭყალებში. ბრჭყალები გადაშლილია მწერლის მიერ, მოსდევს თარიღი. შემდეგ შედარებით უფრო წვრილი ასოებით წერია დღიურ-ეპიგრაფი თავისი თარიღით გვერდის მარცხენა მხარეს. ამავე თავფურცლის ზედა ნახევარზე წერია შესავალი დღიურიდან ბოლო წინადადება და სათაური. დღიური შიგადაშიგ ნასწორებია. ეს თავფურცელი არქივში ინახებოდა უმისამართო ფურცლებთან ერთად. თეთრი ავტოგრაფი 1956 წელს გურამმა აჩუქა ნუგზარ წერეთელს. მან გადმომცა ის რამდენიმე წლის წინ. ავტოგრაფს ნუგზარის ხელით აწერია: „გურამ რჩეულიშვილი”. ნაწერია ლამაზი, გამოყვანილი ასოებით. ბოლოს უზის თარიღი.
არქივში ინახება ერთ თაბახის ფურცელზე გურამის მიერ შემოხაზულ ჩარჩოში ჩასმული სამი ჩანახატი: ერთში წერია „მე ახლა ბედნიერი კაცი ვარ” (იხ. შენიშვნები ამ მოთხრობისათვის), მეორეში „ვაჟას, 24 მინიატურა” (იხ. შენიშვნები მწერლის ნაწარმობების სრული გამოცემის მეოთხე ტომში), მესამეში „ცარიელდება აგარაკი”. ამ ჩარჩოში ჩახატულია ორ გრძელ ჯოხზე წამოცმული ორი ბათინკი. ბათინკები მიაბიჯებენ. მთელ ჩარჩოში შტრიხებით ჩახატულია წვიმის წვეთები. შესაძლოა, რომ გურამს ეს ჩანახატები თავფურცლებად ჰქონდა განზრახული. (იხ. შენიშვნა მოთხრობისათვის „გაზაფხული გადის”.)
I სიაში: „19. ცარიელდება აგარაკი. ზღვაზე (ჯანდიერი)”.
პირველად გამოქვეყნდა სათაურით „ზღვასთან მარტოდმარტო” 1985 წელს ტომში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”