ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

აჭარელის ჯავრი 

მოეხათრა. მოგუდგუდე, მხურვალე ღუმელისკენ მიიწია, _ დაგეფარები, თვარა `ფეჩი~ გეწვავს, ცოდვა ხარო, მითხრა და ნიკაპზე მრეში წვერები მუშტით მოიჩიჩქნა. მოი, დამიბრძანდი გვერდითო, მიმიწვია. წარბ-წამწამთა ლაქაშებში ჩაკარგული წყვილი წინწკალი პირდაპირ სახეში მესროლა.
უცებ ჯავრიან-ნაღვლიანი პირისახე ძუნწი ღიმილის ირიბმა სხივმა გაუნათა.
აყა და შენ მინდოდი ახლა სტორეთო, შენნა შემოგჩივლო და გითხრანა სათქმელებიო.
მეორე ოთახში მიღვალებული ესვენა, ოჯახის დედა.
სახლი ტირილით, გოდებით ავსილიყო, მარა ახლა გაკმედილიყო თითქოს. ჭრაჭუნობდა `ლოჯიები~. გარეთ, სიცივეში, თოვლჭყაპში ხალხი ირეოდა, იყო ნელი, ჩურჩულამდე დადაბლებული გადალაპარაკებები. კიბეზე მძიმედ ამოდიოდნენ სამძიმარზე ახალმოსულნი.
ვიწრო აივანზე ჩამწკრივებულიყვნენ შვილები, _ შვიდი მამაკაცი (ოთხი ქალი, ქალიშვილები, ცხედართან ისხდნენ და მორიგეობით ხმამაღლა დასტიროდნენ დედას), მგლოვიარე მამაკაცები ჩია-ჩია, კაფანდარა, ხმელ-ხმელი, მხედრებივით ერთმანეთს მიკვროდნენ და თვითეული ყოველ წინჩამვლელს ცივ, დაღლილ ხელს უწვდიდა ჩამოსართმევად. თოვლი ბარდენას თანდათან უმატებდა. სიცივეც მატულობდა, მაგრამ თოვლის სიცივე თითქოს რაღაცნაირი სუფთა, სასიამოვნო იყო და აივანზე მდგომნი, მესამძიმრენი, ხანდახან შემეჩხრდებოდნენ, _ წუთით დაიშლებოდნენ, ასიარულდებოდნენ და ფართოდ გაღებული ნესტოებით ხასხასა ჰაერს ისუნთქავდნენ.
აქ კი, ჩვენს ღუმელთან, ოთახში, გლოვაზე შეკრებილი შინაურები ვისხედით. ის ხალხი, ვისაც სამძიმრის გაზიარების გარდა კიდევ რაღაცები ევალებათ. ერთი ჩავლით თავიანთ საქმეს ვერ მოითავებენ. ისინი აქ უნდა იყვნენ მთელი დღე.
ღუმელთან მყოფი წვეროსანი თითქოს მეცნო, მაგრამ კარგად მაინც ვერ ვიცანი. მგონი ბავშვობისჟამინდელი ნაცნობია. იქნებ დაწყებითშიც ერვად ვსწავლობდით, იქნებ (ეს აშკარაა) ოდნავ ნათესავიცაა, მაგრამ, რა ვქნა, ვერა და ვერ გავიხსენე სახელი. იგი მე სახელით მომმართავს, ძალიან შინაურულად, თამამად მელაპარაკება. ვატყობ, სრულიად დარწმუნებულია ნაღდად სჯერა, რომ მე იგი კაი ხანია, რა თქმა უნდა, ვიცანი. შინაგანად ერთობ ვშფოთა, აქეთ-იქით თვალებთ ვაკორწიალ-ვაცეცებ, იქნებ ვინმეს ჩუმად ვანიშნო _ ვკითხო ვინაა ეს კაცი-მეთქი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, იმდენ იქმყოფთაგან არც ერთი ისე არ იჯდა, მისადგომად, ესე იგი, საკითხავად გამომდგარიყო.
წვეროსანს კი თანდათან მოეწონა თავისი დაწყებული საუბარი, თანდათან ღრმად მოუსვა სახნისი, თანდათან ჩაუღრმავდა, ხმასაც აუწია და ის საყვედურ-სატკივარები, ის ჯავრები, რაც ახლანდელი დანგრეული საქვეყნო ყოფის გამო ახლანდელი ხელისუფლებისათვის უნდა გაეცხადებინა, მთლიანად მე მომიყარა. ჩათვალა, _ რადგან მე ამდენი ხანია სიტყვით, წერით, იმდენი წინანდელი ჯახირებით აქაურობათა ბევრ სამთავრობო საქმეებში გავრეულვარ და, ისედაც ვჩანდი მისი აზრით, დღესაც შესაფერისი პიროვნება ვარ, მისი ჩივილები მოვისმინო, მივიღო, ვუპასუხო.
_ კი, ძიავ, _ სოციალიზმი ჯანდაბაში, მარა აგერ უჩუმარია გიგიმხელ,
_ ამ დღევანდელის შემხედვარე ისევ სოციალიმზს ვნატრობ, აბა! კი, თავიდან ყოლიფერი წაიღეს, გვაწიოკეს, გვხრიტეს... ბოლოს, ძიავ, ძვილაი რომ რაცხაფერ პაწა სული მოვითქვით, როცა ჰა-ჰა ბედაური გახდა ყოფნა (აგერ, დუქანში ეყარა ყოლიფერი), მაშინ მუუნდა იმ გორბაჩოვს სახელმწიფოს დახოხოლება, ნელ-ნელაი ექნა, თვარა...
ჭო, არ მეშინოდა მაინც...
წვერები ისევ მუშტით მოიჩიჩქნა, რეზინის ჩექმებზე დაიხედა. ყელი გადაეკეცა და შარვალზე გარედან ამოწეული ღაზლის ჭრელი წინდები მოუჩანდა. დაძარღვული ხელი დაარტყა ჩექმაზე.
_ ა, ამფერები ეყარა. შვიდი მანათი... ახლა? ჰადაა, თვარა, კაი მისცემ... გუშინ ბაზარში ვინცხაი შექერს სამოცად ყიდდა, დაედო ტომრით და ახრაშუნებდა _ ჩიჩვარმოტეხილ ჩინა-საინით ყრიდა ქაღალდის `თარბებში~. გეგონებოდა თავის ყანაში მოეყვანა.
_ გარდამავალი პერიოდია. ახლა და... _ აღარ გავართულე ვითარება, თანაც მეორე ოთახში ქალებმა კივილს უმატეს.
_ ყველაი ხუთწლედი `გარდამავალი~ იყო, ძია ძვილაი ამვათავეთ იმ ხუთწლედებად დაჩეხილი სამოზდაათი. ახლა კიდო...
_ მაგიერში ჩვენ ჩვენი სახელმწიფო გვექნება, საქართველო დამოუკიდებელი გახდება და...
წვეროსანმა იქ მყოფნი მიმოათვალიერა დაბეჯითებით. ერთხელ კიდევ შეიჩიჩქნა ღაწვზე ბალანი და ერთხელ კიდევ რეზინის ჩექმებზე დაიხედა, თანაც ოდნავ უკან დაჩოჩდა, ღუმელისაგან ფეხსაცმელი დააშორავა.
_ კი, მარა როისნა მორიგდენ, ძიავ, ეგენი. ასე, ჭო, ერთმანეთის ხოცვა დამოუკიდებლად? ეს რა ამბავია, ჭო, არც იმ ოსებს არ ავტეხავდი, ახლა ჩემთვის რომ ეკითხეს.
_ ოსებმა თავად გაიუქმეს ოლქი, დაირქვეს რესპუბლიკა და ტერიტორია რუსეთს შეუერთეს, ამას ვინ აიტანდა?! _ დინჯად ავუხსენი, თანაც ამ ალაგას სიტყვას ოდნავ წამოვუწიე, _ სხვამაც გაიგონოს-მეთქი. მაგრამ ის დანარჩენი რამდენიმე შინაური, მგონი, მოტირალ ქალთა შეკივლებამ ისე დაზარა, საუბარს ყურს ვეღპარ აბოლებდნენ.
თუმცა ოსთა უბედური თემა რომ შევანჯღრიეთ, იქ მსხდომთაგან ერთი, კუთხეში მჯდარი გალეული, უფერული გლეხი, ისევე რეზინის ჩექმებიანი, დამწუხრებით და საცოდავად მხრებაწურული, ადგილიდან წამოდგა, ოთახი იატაკის ჭრაჭუნით გადმოჭრა და გვერდით მიმოჭდა. ვიყუჩე ერთხანს, ვიფიქრე, ეს კაცი რაღაცის თქმას აპირებს-მეთქი, მაგრამ მოსულმა წეღანდულად ჩაქინდრა თავი და წაყურდა.
მაგაზე ერთინა ჩემინა ვთქვა, ძიავ, _ გამოფხიზლდა ისე ჩემი მოკამათე. _ ა, აგერ ეს კაცი, _ ხელი ახალმოსულს დაჰკრა მუხლზე. _ ამ ოჯახის სიძე, ოსია. ჩვენ ალაგშია ჩამოსახლებული. ეი, რა ვქნათ ახლა, მოვგლიჯოთ იქიდან და გევქნიოთ გარეთ?! _ თანდათან გაწიწმატდა, თანდათან ცხელი წინწკლები დააკვესია ნათქვამს.
_ კი, ძიავ, ვერ მეიქცე, კარქათ, მარა შენც გონჯზე გონჯობას რაიზა იჯები, ჭო?! შენ ძველი სახელმწიფო ნაქონი ხარ, შენ უმფრო დიდი ხარ, შენ ყველგან განთქმული ქართველი ხარ, რას აყოლიხარ ამ ბაღანა ხალხს, ა?! არა, აშკარანა გითხრა, თქვენ კალამის კაცები, ვინც ხაები რომ ხართ, თქვენსაც ვერნა გაგმართლო, რა დაგემართენ, ჭო, არავარ ჩაგვწუკიათ სიტყვა პირში და ვეღარაფერს ამბობთ, პაწაი შეუძახეთ რაცხა იმ თბილისელ თავკაცებს, ახლა მაგის ვახტი იყო, ჭო?! ოსი, აგერ ჩვენი სიძე რომაა, ეს ახლა თლათ ჩვენებურია. ააფერი უცხო ამას არ აქ. ჩემი ჭირ-ლხინის ერთი ფუნჩხია მაგიც, ჰოდა, მაი ახლა, უცხო თესლის ხარ, არ ხარ ჩვენი, წაი-მეთქი, გავაგდო?! ეი, პრეზიდენტი სულ ღმერთს იძახის და ამ საქმეში ღმერთი რაიზა არ გეიხსენა ნეტაი. რაფრათ იქნება, ჭო, ასე. ქალი, ბაღანა, ბერი ბნელი იჟუჟება. ამას... ამას... არ ვიცი, არა!...
ახალმოსული წყნარად იჯდა. თავის ფეხზე თავის რეზინის ჩექმებს დასცქეროდა და მართლაც, ღმერთმა იცოდა რაზე ფიქრობდა.
_ ჯავრმა დამიფხაჭა გული, ჭო. თან მცხვენია, თან მეწვის, თბილისში რომ ხოცვაა, იმიწა.
მეც ძირს, დატალახიანებულ ფეხსაცმელებს და იატაკზე მოცაცუნე ფეხებს თავალიერებდი, მაგრამ ვიგრძენი, თანამოსაუბრემ სახეში შემომხედა, ჩემგან პასუხს მოელოდა. მე კი უფრო მისას, საკუთარ კონკრეტულს დაველოდე.
_ არც ერთია სტორე და არც მეორე. ერთიმეორეს უფაქშუნებენ ხალხის სახელით და ხალხს არავინ ააფერს ეკითხება. აბა რა ვიცი, მე ხალხი არ ვარ? მე ვინ მითხრა რამე. მაგათ ორვეს მაგრათ მივანელებდი. რაიზა ჩხუბობენ, ჭო, არ ვიცი მე, ამფერი ქვეყანას გქონდეს კაცს, საქართველო, ამფერი მიწა-წყალი, ამფერი ხალხი და ამას ვერ წაუძღვე ხეირიანად, ამას ვერ ეპატრონო ჭკვიანურად, რაა ეს, სიბლაყვე არაა?! არცერთი მაგენი არ მარგია მე, ჭო. მამუშავოს ვინცხამ, მშვიდად და პატიოსნათ მამუშაოს. სულის მოთქმა მაღირსოს. ჰა, ეს მინდა. ბეღელ-ნალიაში თუ ააფერი გიყრია და უზაპუნებ ერთიმოერეს, ვინ გიცნობს ხალხათ, სახელმწიფოთ, მითხარი ერთი, ჰო, ამისი ჯავრი მიფხაჭნის გულს და ხაპერს.
უცებ კივილ-ტირილი შეწყდა, მთელი სახლი მთლიანად გასუსულდა, გაიკმიდა. მარტო ფეხთა ხმა, სახლის ჭრაჭუნი გაისმოდა. ვიღაცამ კარი შემოაღო.
_ მივალთ!.. _ ერთი ღერი სიტყვა შემოისროლა და კარი ისევ მიაჯახუნა.
ჩემი სკამძელას მეზობელი წამოდგა. სუყველანი წამოვდექით, სარმელში ჩანდა, _ თოვლს ქარი მიათამაშებდა. ღობის იქით, კეჟერა ფხლის ფოთლები თეთრ ბულულებქვეშ დაღმა დაზნექილიყო, აქეთ ადესას ლერწებიც ზედ შეკავებულ თოვლს ფრთხილად აქანავებდა. უკცებ მოტირალმა ქალებმა ერთად შეიკივლეს, რაღაცა ჩაიმსხვრა, ხის სახლი ერთიანად შეზანზარდა. ჩემმა ნაცნობმა _ უცნობმა შემომხედა, ჰაითო, თქვა და წამიძღვა. კართან მისულმა ერთხელაც შემოიხედა. ეტყობა `ჯანაზეს~ იქ ალოცვებენ, საფლავთანო მითხრა!
_ მერე იქ შეიძლება? _ ვკითხე.
_ იტყვიან, მაგრე ჯობსო. _ ზღურბლზე გადააბიჯა. _ ჩემზა სულერთია, ნაკომუნისტარი ვარ, გიავრი. სულ მაგას დავდევდი, ახლა რაღა ვიბღუნკო და რაღა ვებლაყუნო, ხალხი მატყვილებიეს, ახლა ღმერთსაც ვატყვილო?!
კიბე ჭრაჭუნით ჩავათავეთ და ეზოში შექუჩულ ხალხს შევერიეთ.

??????