ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ნაცრისფერი კაცი 

ცხრას ხუთი წუთი აკლია. ქუჩები სუფთაა. ზღვიდან მლაშე ქარი უბერავს. ერთ-ერთი სამმართველოს შენობის ღია კარებში შედის ოდნავ სუსტი აგებულების, ასე ორმოცდაათი წლის კაიც. ნაცრისფერი მაკენტოჟი აცვია და ნაცრისფერი შლაპა ახურავს. ფეხსაცმელიც ნაცრისფერია.
და კაცი ნაცრისფერი ჩანს.
ძველებურ შენობაში მარმარილოს კიბეა. ზოგიერთ საფეხურზე ფილები დამტვრეულა, რომელიც ცემენტით შეუცვლიათ.
მარმარილოს კიბეს აჰყვება და მისაღები ოთახის გავლით, თავის კაბინეტში შედის. არა, მართლა უცნობი არ გეგონოთ. თედორე დაუდოვიჩი ხომ გაგიგონიათ? ჰოდა, ის გახლავთ. ახ, გაგიკვირდათ, რატომ აქ შემოვიდა და არა იმ მოპირდაპირე ნაცრისფერ შენობაში? ჰო, ამაში მართალი ხართ; მაგრამ თუხთმეტ წელიწადს იქ იარა, იმ ნაცრისფერ შენობაში, ცხენს გააჭენებდი, იმხელა კაბინეტი ეკავა, დირექტორებსაც უფროსობდა, მაგრამ, რას იზამ, დრო მიდის, ყველაფერი იცვლება.
ერთი სიტყვით, ბოლოს ვიღაცებს გაახსენდათ, რომ ნაცრისფერ შენობაში ერთი დიდი კაბინეტია, იქ ზის ძველი ნამუშევარი კაცი, უწყინარი თედორე დაუდოვიჩი. არა, კარგი კაცია, მაგრამ ახლა მაგის საქმე... ჰოდა, გეჰო, ბაბაიაო, უთხრეს.
არა, ეს ამბავი მთლად ასე არ მომხდარა.
თუმცა უფრო საინტერესო იქნება, გავიგებდეთ, თვითონ როგორ იგონებს იმ ამბავს და რას ფიქრობს ახლა. ამ წუთში, მართალი რომ ვთქვათ, ის არაფერზე არ ფიქრობს. და ძალიანაც უხარია, რომ არაფერზე არ ფიქრობს.
ნაცრისფერ მაკენტოჟს იხდის და ფრთხილად კიდებს ბამბუკის საკიდარზე, ნაცრისფერ შლიაპასაც იქვე დაკიდებს. შემდეგ, რადგან ოთახში საკმაო სითბოა, პიჯაკსაც იხდის. კარები ნახევრად ღია დარჩენია. წაიწია, უნდა მოეხურა, მაგრამ დატოვა. ეს მისი საქმე არაა. კარზე თუნუქის ამობურცული ნაჭერია მიჭედილი. შავით თეთრზე წერია `მოადგილე~.
მაგიდასთან დაჯდომის წინ თედორე დაუდოვიჩს სარკეში ჩახედვა უყვარდა. წინანდელ კაბინეტში სწორედ ფანჯარასთან ედგა დიდი, ლომის ფეხებიანი სარკე. სარკეში ჩაიხედავდა, მარცხენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს მარჯვენა ლოყას მოუთათუნებდა. ამობურცავდა ლოყასა და საულვაშეს შუა ჩაკეცილ ნაოჭს, თავს გააქნევდა, სარკეს სასწრაფოდ მოცილდებოდა და სავარძელში ჩაეშვებოდა, მაგრამ ის ოხერი ნაოჭი გულში ნაპრალს უჩენდა. ერთი სიტყვით, ამ კაბინეტში სარკე არ იყო და თედორე დაუდოვიჩი არც ისე ძალიან ჯავრობდა ამაზე, რადგან თავის ნაოჭებს აღარ დაინახავდა.
მადლობა ღმერთს! როგორც იქნა, მდივანმა შენიშნა და კარი მიხურა.
ახლა კაბინეტში ნამდვილი სიწყნარეა.
მაუდი და ტილო. აი, ერთადერთი ქსოვილი, რომლითაც შემოსილია მაღალზურგიანი კამები, სავარძელი, მაგიდები.
ჯდება თავის სავარძელში, ხელებს ვებერთელა მაგიდაზე აწყობს. შემდეგ ძალიან სწრაფი მოძრაობით მარჯვენა ხელს დააჭერს ზარის ღილაკს, მაგრამ იმავე წუთში თავს ტუქსავს _ სათქმელი არაფერი გაქვს და მდივანს რად იძახებო.
_ ხომ არავის ვუკითხივარ?! _ ეუბნება მდივანს, რომელიც კარებში გაიჩხირა.
_ არა...
_ ჰო, კარგი...
მდივანი გადის. დაუდოვიჩს თავისი თავი მოსწონს. ჰო, რა თქმა უნდა, ასეა საჭირო. საქმე ასე იწყება აქ.
და აგონდება თავისი `საქმიანობა~ ნაცრისფერ შენობაში, როცა იგი ყველა არტელის, ტრესტის, საზოგადოების უფროსი იყო.
თხუთმეტი წელიწადი... _ ფიქრობს იგი.
წარმოგიდგენიათ, თხუთმეტი წელიწადი ვიმუშავე და ერთი კაცი არ მომიხსნია. ჰო, ჰო, ხელმძღვანელი ვიყავი, ძამია; ხომ შეიძლებოდა ვინმე მომეხსნა!
მაგრამ არა, მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც კონფერენციაზე ჩემს წინააღმდეგ თქვეს, `ბიუროკრატი~ იყო. ჰო, ვიღაცამ `ლიბერალი~ მიწოდა. ეჰ, არ იციან ისტორია. ლიბერალისტები რამდენი ხანია მოსპეს. არა, ცუდად გამოვედი საპასუხო სიტყვაში.
რატომღაც დავიბენი, აზრი ჩამეშალა და ვეღარ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა. აი, მაგალითად, უნდა მეთქვა: `თქვენ მიწოდებთ ბიუროკრატს. აბა, როგორ გინდოდათ. ვყოფილიყავი გამფლანგველი, მექრთამე, სპეკულანტი, პროვოკატორი? ხომ შემეძლო ვყოფილიყავ ყოველივე ეს? შემეძლო. დიახ, შემეძლო!~
მე ვამჯობინე დამეცვა სახელმწიფო ქონებაც და პირადი ქონებაც, ვიდრე უყაირათოდ მეხარჯა იგი. თუნდაც დახმარების ფონდი აიღეთ. ბიუჯეტის ეს ნაწილი მუდამ ხელუხლებელი რჩებოდა. აბა, მეტი რაღა გინდათ! სახელმწიფოს ფულს არავის ვაძლევდი. ფულს უკან ვუბრუნებდი ხაზინას.
ჰოდა, მაინც მომდგნენ, ასე და ისეო.
ერთი სიტყვით, ვერ გაარჩევ, რა გააკეთო კაცმა, რომ ყოველთვის გაქონ და ყველა კმაყოფილი გყავდეს.
ამ დროს ძალიან უხეშად იღება კარი და კაბინეტში შემოდის მაღალი კაცი. ის თავღიაა. ხაკის ბლუზაზე ბრტყელი, ოფიცრული ქამარი არტყია და გახუნებული მაუდის ფართო შარვალი აცვია. მას კაბინეტში არავინ შეუმჩნევია.
შემოსვლისთანავე კედლებს უმზერს, ჭერსაც ათვალიერებს, ფანჯრებსაც უყურებს, შემდეგ ერთი კედლიდან მეორემდე ნაბიჯით ზომავს ოთახის ფართობს და შუაგულ კაბინეტში ჩარდება. სწორედ ამ დროს ამჩნევს, რომ აქ კაცია. სალამს ბოდიშივით ეუბნება კაცს. ასე, თვალის ერთი მოვლებით მართლაც ძნელია ამ კაბინეტში თედორე დაუდოვიჩის დანახვა, რადგანაც მისი ხალითი სწორედ იმ ფერისაა, რა ფერისაც უზარმაზარ ზურგიან სავარძელზე გადაკრული ტილო. ესეც ნაცრისფერია, ხოლო კედელი ზუსტად დაუდოვიჩის სახისფერი საღებავით შეუღებავთ. ასე, რომ ფერი ფერში შერეულა და კაცი გამქრალა.
გაოცებული დაუდოვიჩი ნაგვიანევ სალამს იღებს და ზეზე წამოიჭრება.
ახალმოსული უნდა გავიდეს, მაგრამ უცებ მობრუნდება და ახლა დაუდოვიჩს დააკვირდება. შემდეგ ცოტათი ეღიმება, ახლოს მიდის, ხელს გაუწოდებს.
_ აა, თქვენ თედორე დაუდოვიჩი ბრძანდებით? _ ეკითხება.
_ თქვენ ვინა ხართ?.. რაზე მოხვედით... _ გაკვირვებულად და დაბნეულად ისვრის სიტყვებს დაუდოვიჩი.
_ მე... ერთხელ მე თქვენთან... იქა... _ მაგრამახალმოსული უცებ წყვეტს ლაპარაკს და ფიქრობს. ალბათ საჭიროდ თვლის, რომ არ გაახსენოს დაუდოვიჩს ერთი შემთხვევა, იმ ნაცრისფერი შენობის დიდ კაბინეტში რომ მოხდა, როცა იგი სამმართველოს უფროსი იყო.
მაშინ, 1945 წლის აგვისტოში, ავსტრიის ბრძოლებიდან დაბრუნებული ოფიცერი ბარამიძე დაუდოვიჩთან მივიდა გაბრაზებული და შეუყვირა:
_ თქვენ რა უთხარით ჩემს ცოლს!.. უსინდისო.
დაუდოვიჩი ცოტა კი შეშინდა, მაგრამ არ დაბნეულა. ოფიცრის სიტყვათა მქუხარე ტალღებს კლდესავით დაუხვდა.
_ ნუ ილანძღებით, ამხანაგო! თქვენ იცით ვისთან ლაპარაკობთ?! საბჭოთა დაწესებულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი პირი...
_ ხელმძღვანელი კი არა... _ და ბარამიძე თავისი ვებერთელა ხელებით დააწვა მაგიდას, რომელზეც მწვანე მაუდი იყო გადაფარებული.
მაშინ დაუდოვიჩმა შენიშნა, რომ ოფიცერს მარჯვენა ხელზე მხოლოდ ცერი ჰქონდა და, ამიტომ, იგი მუშტივით იდო მაგიდაზე.
ოთიღრის ყვირილის გაძლიერებასთან ერთად ეს მრისხანე ხელი თანდათან მიიწევდა მისკენ.
_ გაჭირვებული ქალი თქვენთან მოვიდა დახმარებისათვის. ერთ ვიწრო ოთახში ცხოვრობს, წყალი ჩამოდის... ჰოდა, თქვენთან მოვიდა დახმარებისათვის. თქვენ კი რა პირობა შესთავაზეთ. უსინდისო!..
დაუდოვიჩის ერთადერთი სურვილი მაშინ ის იყო, რომ ეს ხმაური არავის გაეგონა.
ყველაფერს აიტანდა, ყველაფერს, _ გინებას, ლანძღვას, გარტყმასაც კი, ოცონდ ეს მის თანამშრომლებს არ გაეგონათ. რას ამბობთ, `ხაზეინია~, თავი მოეჭრება. ბოდიში მოუხადა ოფიცერს. პატიება სთხოვა. ნუ გამამხელო, შეევედრა. სისულელე წამომცდა, მეტი ხომ არაფერი ჩამიდენიაო, დააწყნარა. ორი დღის შემდეგ კი თედოლრე დაუდოვიჩის საგანგებო განკარგულებით ოფიცერ ბარამიძის ოჯახს გაუფორმეს ერთდროული დახმარება სამასი მანეთის ოდენობით. და ყველას გაუკვირდა დაწესებულებაში, როგორ გაიმეტა `ხაზეინმა~ ამდენი ფული.
რწმუნებულმა ძლივს მიაგნო რვა მარტის ქუჩაზე, ძველებური სახლის ეზოში, ქვის კედელზე მიდგმულ ბარამიძის ერთ ფიცრულ ოთახს. მაგრამ ქალმა უკან მიუგდო ფული. ახლა ქმარი ჩამოვიდა, გაჭირვებული აღარა ვარ, როცა მიჭირდა მაშინ მოგეცათო.
ყველაფერი ეს ზუსტად ახსენდება ახლა ბარამიძეს, როცა იგი დგას დაუდოვიჩის წინაშე, ამიტომ იგი წყვეტს ლაპარაკს და ფიქრობს. ალბათ საჭიროდ ჩათვლის არ გაახსენოს დაუდოვიჩს ის ერთი შემთხვევა...
_ თედორე დაუდოვიჩიც თანდათან ატყობს, ვინც არის ეს უცნაურად მოსული სტუმარი, და ტონს იცვლის:
_ რაზე შეწუხდით, ბატონო...
_ არაფერი, ბატონო... რაღაც საბინაო სამმართველოდან გამომგზავნეს, დაავთალიერეო ის ოთახები... ბოდიში... ნახვამდის... _ და ბარამიძე საჩქაროდ გადის.
თედორე დაუდოვიჩი სახტად რჩება.
ვერაფერი გაიგო, რა საჭირო იყო საბინაო სამმართველოდან აქ კაცის გამოგზავნა.
მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი ცხადი შეიქნა. დირექტორმა დაუძახა და მოკრძალებით უთხრა, რომ მიღებულია ზემდგომი ორგანოების დადგენილება ამგვარი კატეგორიის დაწესებულებებში მოადგილისა და ზოგიერთი სხვა შტატების გაუქმების შესახებ და, რადგანაც მას ამხელა შენობა აღარ სჭირდება, გადადის სხვაგან.
უსიტყვო და გამშრალი თედორე დაუდოვიჩი რომ გარეთ გამოვიდან დერეფანში თავისი ყოფილი მდივანი შენიშნა, რომელიც სხაპასხუპით უყვებოლა ვიღაც ქალებს, რომ დღეს საღამოს ამ შენობაში ყოფილ ფრონტელთა ოჯახებს შემოასახლებენო. იგი ხელებს ისე იქნევდა, რომ გვერდით ჩავლისას თედორე დაუდოვიჩს მხარზე ცოტა ნიდაყვიც კი წამოკრა, მაგრამ რატომღაც ბოდიში არ მოუხდია და არც კი შეუხედავს მისთვის.

??????