ფორდის ესპანელი გოგო
სხვათა შორის, ყველაფერი გადასარევი, რაღაცნაირი უცხო, არაჩვეულებრივი, უცნაურად ახლებული და სხვანაირად განვითარებულ-გათანამედროვებული მომეჩვენა ამერიკაში, გარდა რკინიგზისა, ეტყობოდა, _ მატერებლები, როგორც სატრანსპორტო საშუალება, ყველაფერზე უფრო ჩამორჩენილი, ძველებური განუვითარებელი და, რაც შესამჩნევი იყო, მდაბიოთათვის მოსახმარად უფრო გამოიყურებოდა. წარმოიდგინეთ, იმ ყოველმხრივ წინწასული ამერიკის მატარებელს, გულში, ჩვენი `დიდი სამშობლო~ _ საბჭოეთის მატარებლების სამგზავრო აღჭურვილობა ვამჯობინე. მაგრამ ადამიანების ურთიერთობა, გარემო, მომსახურების კულტურა, თვით სამგზავრო ბილეთის ფორმა, გინდ ქაღალდი, რაზეც იგი იყო დაბეჭდილი, თუნდაც ვაგონში საჯდომ სავარძლის უბრალო თავის მისადები ბალიშუნა და ზედ გადაკრული თოვლივით თეთრი გახამებული, ახალგამოცვლილი საფარი, ვაგონში ჩამოტარებული სასმელ-საცუცნავები და ათასნაირი წვრილმანი სათამაშო _ სუვენირები, ყველაფერი ეს, საბჭოურ ყოფაზე მიჩვეულ კაცისათვის, რაღაც არადედამიწურ სამყაროში ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დეტროიტამდე მატარებლის რესტორანში უნდა გვესადილა,
რესტორანი კი ორი ვაგონის შემდეგ იყო. გიდმა რომ სადილზე მიგვიწვია, მე `ნიუ-იორკ ტაიმსს~ ვათვალიერებდი, უბრალოდ ვათალიერებდი. მაინტერესებდა როგორი იყო ეს ასოცგვერდიანი `ომის გამჩაღებელი ამერიკელ იმპერიალისტთა გაზეთი~ (ვიყიდე, რათა შინ წამომეღო და აქ მეგობრებისათვის მეჩვენებინა, როგორც ნადირობისას ცოცხლად შეპრყრობილი მტაცებელი). ამასობაში რესტორნისკენ თითქმის ყველამ გამასწრო. მიმოვიხედე, სავარძლები უკვე დაცარიელებულიყო.
სწრაფად წამოვდექი, ჩანთიდან განახევრებული ჩვენებური კონიაკის ბოთლი ამოვიღე, ვიფიქრე, შეივტან, სადილზე ვინმეს ვუთავაზებ და მეც თავს შევიქცევ-მეთქი.
ვაგონ-რესტორანში ყველა ადგილი თითქმის დაკავებული დამხვდა. მე მხოლოდ ჩვენებთან ვეძებდი თავისუფალ დასაჯდომს, აბა სხვის მაგიდას როგორ მივუჯდებოდი, ჯგუფი ქართველთაგან შედგებოდა. ვიცოდი, უშიშროების ორი მუშაკი გვახლდა, _ ერთი რუსი, მოსკოვიდან, მეორე ქართველი, თბილისელი. ყველა ჩვენთაგანს სწორედ იმ უშიშროებათა გამო შიში ჰქონდა.
სხვათა შორის, ნიუ-იორკის აეროპორტში გაშვებისთანავე, როცა ჩვენზე მომსახურებისათვის გამწესებული ორი ელეგანტური ახალგაზრდა ბიჭი დაგვხვდა, შევატყვე, _ იმათ მშვენივრად იცოდნენ ვინ იყვნენ ჩვენს შორის `კაგებელები~. აი, მახსოვს, ავტობუსში, ჩვენს გვერდით გიდი ჩამოჯდა, ჰოდა, მაინცდამაინც მე მკითხა, პასტერნაკის `დოქტორ ჟივაგო~ როგორც მოგწონთო. ასეთი შეკითხვა, იმ დროლში, რა თქმა უნდა ყველაზე `პროვოკაციულ~ კითხვად ჩაითვლებოდა. იმხანად ხომ ნობელის პრემიით ახალდაჯილდოებული, აღიარებული `ანტისაბჭოელი~ და `სამშობლოს მოღალატე~ პასტერნაკი ყველაზე გახმაურებული იყო დასავლეთში.
კითხვამ, რა თქმა უნდა, დამაფრთხო, დამაბნია და კიდეც შემაშინა, გვერდით ის რუსი იჯდა, მოსკოველი, სახელად ნიკიტა (მეორე ნიკიტა, იმ დროს, სახელმწიფოს თავკაცობდა, იმიტომ ამერიკელები იმ ჩვენს ნიკიტასაც, ხუმრობით ხრუშჩოვს ეძახოდნენ). გიდმა რომ რუსულად პასტერნაკი მიხსენა. აი, ის ნიკიტა მომეშველა. პასტერნაკი ძალიან ცუდი მწერალიაო, ჩემს მაგიერ მიახალა ამერიკელს. გიდი _ ჯონი არ დაიბნა, ნიკიტას უმალვე ჰკითხა, თქვენ `დოქტორ ჟივაგო~ წაგიკითხავთო?
არა, არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ მაგნაირ გამყიდველის დაწერილსო. ჯონიმ ქვეშ-ქვეშ შემომხედა, ჩაიღიმა და გაჩუმდა.
ვაგონ-რესტორანში ჩემდა საგანგაშოდ, ყველა ჩვენიანი ყველა თავისუფალი მაგიდის ოთხივე ადგილს დაპატრონებოდა, ასე რომ, მე კენტად დავრჩი, გამოდიოდა რომ მე ვინმე ამერიკელთან უნდა დამეჭირა ადგილი. ეს ყველაფერი რამდენიმე წამის ამბავი იყო. ყველამ შემომხედა. თანამიგრძნო. მეც დავიძაბე. ნერვიულობამ ამიტანა. ვიდექი შუა ვაგონში და ვერაფერი გადამეწბყვიტა. ამ დროს, უცებ, კუთხეში მდგარ მაგიდას შევავლე თვალი. მაგიდას მხოლოდ ერთი ქალი ეჯდა. დანარჩენი სამი სკამი თავისუფალი იქო, იქით მივბრუნდი, განწირულმა ქალს თვალით ვანიშნე, დაკავებული ხომ არაა-მეთქი. ქალი ღიმილით გადმოიღვარა და მხიარული სიამოვნებით მიმითითა, დაბრძანდი აგერო. მეც ძალა მოვიკრიბე და გავბედე არხეინად, იქაურებივით ლაღად, მოვქცეულიყავი. გაზეთში მოხვედრილი ბოთლი უმალვე დავაძვრე და მაგიდის შუაგულში დავდგი. გაოცებულმა ქალმა ჯერ ბოთლს შეავლო თვალი, მერე ანთებული მწერა სახეზე მომაფინა. როგორც კი დავიკავე ქალთან ადგილი მთელმა ვაგონ-რესტორანმა მგონი ერთად ამოიგმინა. ჩაცინებ-ჩახიხვინებაც მომესმა. ხმები მეცნო, ნუთუ ჩემზე იცინიან? რა ვქენი ასეთი? ნეტა ამ ლამაზი ქალის გვერდით სხვისი ადგილი ხომ არ დავიჭირე? ქალმა ჩემი შფოთი და დაბნეულობა იგრძნო. ერთხელ წამივწიე ასადგომად, მაგრამ ქალმა ისევ მშვიდი ღიმილით მანიშნა, იყავით, ადგილი თავისუფალიაო. ამ დროს, თეთრხალათიანმა შავკანიანმა ოფიციანტმა ხელსახოცში შეხვეულ-განასკვული დანა-ჩანგალი რეჩხით დამიდო წინ და იმწამსვე კერძის მოსატანად გაქანდა.
მაგიდას საოცარი სილამაზის ქალი ეჯდა. ისე გამაბრუებელი მომეჩვენა ის სილამაზე, მეორედ შეხედვისა თითქოს მეშინოდა. ის უხერხული წამი ჩემი შებორკილობისა რომ გამენელებინა, ზანგის მიერ დაგდებულ თეთრი ხელსახოცის ნახვევს წავეტანე და ნელ-ნელა გახსნა დავიწყე, როგორც შევეხე, თითებზე მეთბილა, სახოცი გავშალე და მაშინვე მდუღარეში ახალამოვლებული დანა-ჩანგლისაგან ცხელი ორთქლი მაღლა აიჭრა.
გაგრილება ვაცალე. ისე კი დავითვალე, _ სამი ჩანგალი, სამი დანა (სხვადასხვა ზომისა) დიდი კოვზი, პატარა კოვზი, ორი-სამი ცალი სასრუტი მილი და რამდენიმე კბილის გამოსაწმენდი ჩხირი.
_ გაგიჟებულა ეს ამერიკა, _ გავიფიქრე ჩემთვის, _ რა ჯანაბად ჭირია ამდენი სახლაფორთო ერთ კაცს.
ზანგი ოფიციანტი მომადგა და, რატომღაც ჯავრით გადახედა მაგიდას, თანაც უკმაყოფილომ თავიც გააქნია. (მერე ჯონიმ ამიხსნა, ცხლად შეხვეული დანა-ჩანგალი წესით თავად ოფიციანტმა უნდა გახსნასო).
ბოთლი რომ შენიშნა, ზანგმა ორივეს სამ-სამი პაწაწკინტელა სასმურეში მოგვიწკრიალა და წინ დაგვიწყო.
პირველი ჭიქა ლამაზმანს გავუვსე; მეც ჩავისხი და თან სასმისი ავიღე, რომ ამით წუთიერი აფუშულ-გაურკვევლობა კალაპოტში ჩამეყენებინა. შევხედე, _ ქალი მთელი არსებით მე შემომცქეროდა. ელოდა რას ვიტყოდი. მე კი უენოსავით ვასავსავებდი ტუჩებს, თანაც ვიცოდი, ყოველი მხრიდან როგორი შურიანი ინტერესით მიჭიტინებდნენ. მაინც მოვახერხე, _ ჯერ ბოთლზე, მერე გულზე დავიდე თითი და ვთქვი. _ `ჯორჯია~.
_ ჯორჯია? _ გაიკვირვა ქალმა, ალბათ იფიქრა, თუ ჯორჯიის შტატებიდანაა, რად არ იცის ინგლისურიო. ანდა იქნებ მართლაც მუნჯად ჩამთვალა. ორივე ჭიქა დაიცალა, თითქოს გაბედულება მომემატა. ავიმართე. ჩემს წინ მართლაც ანგელოზი იჯდა. სულ უბრალოდ ეცვა. არც ბევრი სამკაული უჩანდა. შავთვალწარბიანს და შავთმებიანს კანის საოცარი სითეთრე უხდებოდა. `სპანიოლა~ თუ რაღაც ამგვარი სიტყვა გავიგონე. მივხვდი, _ ესპანური თუ ესპანელი ახსენა.
ამასობაში ჯონი შემოგვეშველა, მომსახურება მოეთავებინა და ახლა გვერდით დაგვიჯდა. `ჯორჯია~ კავკასიაშია და ესენი იქაურები არიანო. თანაც პოეტიაო, ჩემზე უთხრა, ქალი აღტაცებული უსმენდა, თან დიდი ღიმილით პირგადანათებული მე მიყურებდა.
მეზობელ მაგიდასთან ოთხი ამერიკელი მამაკაცი იჯდა. აქამდე ისინი ჩუმად საუბრობდნენ. როგორც კი ჯონიმ კავკასიის `ჯორჯია~ (საქართველო) ახსენა, ოთხთაგან ერთი წამოიჭრა და ჩვენსკენ გამოქანდა. თან ზანგ ოფიციანტს რაღაცა დაავალა. მოსვლამდე პიჯაკის შიგა ჯიბიდან წყვილი საწერკალამი ამოიძრო და ისევე წყვილად მე გამომიწოდა. ეს ჩემგან სახსოვრად გქონდეთ, მშვიდობაზე ლექსი დაწერეთო. ამასობაში ოფიციანტმა სინზე დაწყობილი პატარა ბოთლებით ჩვენების მაგიდებს შემოუარა, ყველას წინ თითო პაწა ბოთლი დაუდგა.
საწერ-კალმების პატრონი ხნიერი კაცი ჩანდა, ხმელ-ხმელი, მაღალი, ოდნავ ნაყვავილარი, ჭაღარაქოჩრიანი და კეთილღიმილიანი. მან თქვა:
_ ოცდაათი წლის წინათ ამერიკელი სპეციალისტები რომ დნეპროჰესის მშენებლობაზე ვმუშაობდით, ერთ კვირა დღეს, კიევში ჩავედით. რომელიღაც რესტორანში ვისხედით. ჩვენთვის ვმუსაიფობდით და, ვხედავთ, მიმტანმა ღვინის ბოთლებიანი მთელი ყუთი გვერდით დაგვიდგა, ესაო. გვითხრა, ქართველებმა გამოგიგზავნესო. აი, იმ გუთხეში ქეიფობენ, გაიგეს ვინ ხართ, სადაურები ხართ და პატივი გცეს. ასეთი შესი აქვს ქართველებსო, გვითარგმნა რესტორნის მიმტანმა.
მე ახლაც `ჯენერალ მოტორსის~ კომპანიაში ვმუშაობო. ჰოდა, აი, ოცდაათზე მეტი წელიწადია ქართველს ვეძებ, რომ ის მაშინდელი პატივისა გადავიხადოო.
გაუხარდა, სიამოვნებისაგან სულმთლად აყვავილდა გვერდით მჯდომი ქალი. მატარებელი კი მიდიოდა, გარეთ ბევრი საინტერესო რამის დანახვა შეიძლებოდა, მაგრამ ჩემს თვალებს წუთითაც ვერ მოეცალათ ამისათვის. ინჟინერი თავის მაგიდას დაუბრუნდა. ქალი, ჯონი და მე დავრჩით. ის, რაც მინდოდა მეთქვა, ვერ ვამბობდი. ჩემი ინტიმური, გულის იდუმალებათა გარეთ გამომტანი სიტყვები სხვას უნდა გაეგონა, ეთარგმნა და მხოლოდ ისე მიღწეულიყო ქალის ყურებამდე. ამიტომ იმ საოცარი ლამაზმანის შეხედვით შთაგონებულმა სათქმელებმა დაჰკარგეს ის თავისი მადლი და კაცური მღელვარებით სხივმოფენილი თავისთავადობა, რაც ასეთ შემთხვევაში, ქალ-ვაჟის საუბარს რაღაცნაირი ღვთაებრივი ფრთებით უხილავ სფეროებისკენ აიტაცებს.
ერთი სიტყვით, მთარგმნელის დახმარებით სიყვარულის ახსნა არ შეიძლება. უხერხულობით გამოწვეულ გაჭირვებას ქალიც გრძნობდა, განიცდიდა, ღიმილითა და თვალებით სხვას მეუბნებოდა, სიტყვებით კი _ სხვას. ბოლოს მატარებელში გამოცხადდა, რამდენიმე წუთის შემდეგ დეტროიტიაო, ყველანი აიშალნენ. მშვენიერმა ასულმა ხელჩანთიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. მე იმნაირი ბარათი სადა მქონდა, რომ სამაგიეროდ მიმეცა, ფუსფუსში ვეღარაფერი მოვიფიქრე და ჯონის ვათქმევინე, ამ მისამართზე ქართულ წიგნს გამოგიგზავნი შინ დაბრუნებისთანავე-მეთქი და დავშორდით...
დეტროიტში ორი დღე გვქონდა. მთავარი სანახავ-გასაცნობი ფორდის ავტოქარხანა იყო, მეორე დღეს კი ფორდის `ამერიკის ტექნიკის ისტორიის მუზეუმთან~ მიგვიყვანეს. ეს გრანდიოზული მუზეუმი სულ ცოცხალი, ნატურალური ექსპონატებითაა გაწყობილი და ათამდე ყექტარი ფართობი უკავია. შესასვლელში ყველას ბილეთები გადმოგვცეს. გაგვაფრთხილეს, თუ ვინმე ჯგუფს გამოეყო და ცალკე აღმოჩნდა, გამოსვლისას ამ ჯიხურის გვერდით დაგველოდოსო. ერთ რიგად ჩამწკრივებულებმა შესვლა დავიწყეთ. ჯიხურში კოხტად გამოწყობილი გოგონები ბილეთებს სინჯავდნენ.
ერთ-ერთს შევხედე, და ღმერთო ჩემო, ის მატარებლის გოგო ვიცანი. თითქოს წლობით უნახავი სატრფო შემხვედროდეს. ხელი მომკიდა, მწკრივიდან განზე გამიყვანა, სხვები გაატარა და, მერე მხიარული ღიმილით მომიბრუნდა. თაროებიდან ათასნაირი ფერადნახატებიანი სარეკლამო ბარათები ჩამოიღო, მაჩუქა. შავით და წითლით გაწყობილი მანტიისნაირი სამოსი ეფინა მხრებიდან მუხლებამდე. ახლა უფრო ჰგავდა ესპანელს და ათასნაირ ფიქრებს აღძრავდა ჩემში. იქით, სიღრმეში კი, ჩვენი ჯგუფი მთავარ შესასვლელს რომ მიუახლოვდა, შევნიშნე ნიკიტა შეჩერდა, ჩამორჩა, მალულად რამდენჯერმე ჩემსკენ მოიხედა, ამიტომ ცოტა ჯინაზე მეც შევყოვნდი, გასკდეს გულზე მეთქი. ჩემი ესპანელი გოგო კი ხელის საათზე მითითებდა, აი, ამ საათამდე დაკავებული ვარ სამუშაოთიო. მეც ჯიბეში უკვე სასტუმროს `ვიზიტკა~ მედო, ამოვიღე, შევაჩეჩე და საკუთარ საათზე დავიხედე, მერე ხელის თითებით რიცხვი _ შვიდი ვაჩვენე. კარგიო, დამთანხმდა, მეც სწრაფად შეშფოთებულ და ბოროტად მომზირად ნიკიტასკენ გავიქეცი, მაგრამ უშიშროების კაცი კართან აღარ ჩანდა.
სასტუმროში, სადილის შემდეგ, თავისუფალი დრო გამოგვიცხადეს, თან გაგვაფრთხილეს სასეირნოდ ცალკე ნუ წახვალთ, საბჭოელს შეიძლებოდა `პროვოკაცია~ მოგვიწყოს ვინმემო, უფრო ჯობია ნომრებიდან საერთოდ ნუ გახვალთ გარეთო, თანხმობის ნიშნად მეც დავუქნიე თავი და ოთახში შევიმალე. ფანჯარა ქუჩისკენ გადიოდა. ფარდა ოდნავ გადავწიე და ქალაქის ჭეჭელა სახლებს თვალიერება დავუწყე. გავიხსენე გუშინდელი ყოფნა ფორდის გრანდიოზულ ქარხანაში. წინ, თვალუწვდენელ მინდორში სამას ათასამდე ავტომანქანა იდგა. ამ სურათის ნახვა თითქოს ერთგვარ შიშსაც აღძრავდა. რაღა წარმოუდგენელი სურათი იყო, მთავარ საამქროებში გაგვატარეს. აგვისტო იყო და კონვეიერი უკვე მომავალი წლის ახალი მოდელის გამოსაშვებად გადაჰყავდათ, მაგრამ იქვე გვერდით, ძველი, ესე იგი, მიმდინარე წლის მოდელის ავტომობილებიც იკრიბებოდა, რომლებიც ერთიმეორეს მიყოლებით მიცოცავდნენ ძირს, ვეება მოედანზე ეწყობოდნენ. ზუსტად იქ ჩაგვიყვანეს, კონვეიერიდან სწორედ იმწუთას ჩამოსუო ერთი მანქანაში შეგვიპატიჟეს (სამნი ერთად მოვხვდით. სხვები _ სხვაში), საჭეს უმალვე ახალგაზრდა ბიჭი მიუჯდა და გაგვაქროლა. ათკილომეტრიანი საცდელი გზა გავირბინეთ, მძღოლი ჯარიდან ახალდაბრუნებული აღმოჩნდა. მადლობის ნიშნავ, სხვა რა მქონდა, და ერთი საბჭოთა აბაზიანი ვაჩუქე. შუადღეზე მუშათა სასადილოში გვასადილეს. იქ ისადილა კომპანიის პრეზიდენტმა ჰენრი ფორდმაც, ცნობილი ფორდის ბადიშმა. მუშების გვერდით რიგში დადგა და...ჩვენებური დირექტორები გამახსენდა. იქ იმ წეღანდელმა მძღოლმა ბიჭმა მომნახა და აბაზიანის საპასუხოდ ვერცხლის დოლარიანი მაჩუქა.
შვიდს რომ ათი წუთი აკლდა, მე ფეხაკრეფით ჩემი ოთახიდან გამოვედი, ლიფტში შევძვერი და ძირს დავეშვი. მოლოდინის უცნაური ელდა მაფორიაქებდა.
ვესტიბულში ჩვენიანი არავინ ჩანდა. საათზე დავიხედე, დათქმულს თითქმის აღარაფერი აკლდა. ფართო გასასვლელ შუშის კარს მივუახლოვდი. გარეთ დახვედრა ვამჯობინე, ლარივით გატყორცნილ ტროტუარს ჩემდაუნებურად დაედევნა ჩემი მზერა, სადღაც იქით მეზობელ სახლთან, შავ-წითლად მორთული, ვიცანი, _ ის ფორდის ესპანელი გოგო მოირხეოდა. წამით შევყოვნდი, _ ვთქვი უფრო მოახლოვდეს და მაშინ შევხვდებით-მეთქი. უცებ უკანიდან შემომესმა შემზარავი ხმა:
_ ტავარიშ პოეტ, კუდა ვი ატპრავილის?! _ მოვიხედე, _ ნიკიტა საზიზღარი ღიმილით მიახლოვდებოდა.
კარს მოვცილდი, უკან დავიხიე. აღელვებულმა ძლივს ლუღლუღით ავუხსენი, სიგარეტის საყიდლად გავდიოდი-მეთქი, უფრო ხმამაღლა ჩაიხითხითა და იქვე კუთხეში მიმითითა, აი, იქ იყიდებაო. სულ არ მჭირდებოდა სიგარეტი, მაგრამ რაღა მექნა., დავაძრე დოლარიანი და ერთი ცალი ავიღე. ლიფტს რომ მივადექი უკან მივიხედე, თვალი მოვკარი, _ ფორდის ესპანელი გოგო კარებში შემოდიოდა.
_ მალადოი ჩელავეკ! _ დამიძახა ნიკიტამ. ღია ლიფტი მივატოვე და უკანვე მოვტრიალდი.
_ სმატრიტე, კვამ გოსტი!.. _ და კარებისკენ მიმითითა. დაბნეული და შებოჭილი მივეგებე სტუმარს. იქვე, დაბალ მაგიდას მივუხსედით. ნიკიტაც, რა თქმა უნდა, ჩვენთან დაბრძანდა. ჩემი გაჭირვებით შეძენილი სიგარეტი წინ დამადებინა. გახსნა, გააბოლა.
სტუმარ ქალს ჩვენი ყოფაქცევა არ ესიამოვნა, ადგა, თავი დაგვიკრა და თავის ყოვლისმომცველი ამერიკული ღიმილით დაგვემშვიდობა.
ნიკიტამ სიგარეტი კიდევ დააძრო ჩემი ნაყიდიდან, დაჩუტული ყუთი გამომიწოდა, "ლუჩშე ატდახნიომო", ჩაიდუდღუნა და ლიფტში შემიძღვა...