ჩემი დანიშნული
ოთახში ცხელოდა. ამიტომ საწოლი აივანზე გავმართე, ჩემი ძმა სწორედ ამ დროს ამოვიდა აივანზე, მაგრამ ისე ჩამიარა, რომ ჩემკენ არც კი მოუხედავს, ფანჯრიდან გამოსულ შუქს მან რატომღაც სახე აარიდა და ჩუმად შევიდა ოთახში.
მისი დაგვიანება არ გამკვირვებია. სიმინდის ტეხის დრო იყო და რადგან დღისით, სიცხეში გაფიცხებული ჩალის დაზვინვა შეუძლებელია, ხშირად ყანაში გვიანობამდე ვრჩებოდით. მე უფრო ის გამიკვირდა, რატომ მომერიდა ჩემი ძმა.
ცუდი ხომ არაფერი შეემთხვა? ჩვენი ოჯახის ამბავი რომ კარგაჟ იცოდეთ, არ გაგიკვირდებოდათ ეს ჩემი ზედმეტი სიფრთხილე. აგერ ხუთი წელიწადია, რაც მამა აღარ გვყავს და ოჯახის უფროსობა მე მაკისრია. ჰოდა, ოჯახზე ფიქრმა და ზრუნვამ, ოცი წლის ბიჭს რომ შეეფერება, იმაზე მეტი სერიოხზული გამხადა.
საწყალი მამაჩემი როგორ სწყუროდა ჩემს დასახლებას მოსწრებოდა (ჩვენში დაქორწინებას დასახლებას ეძახიან), მაგრამ არ იქნა ვერ ეღირსა. ათი წლისას ქალი დამინიშნა. მართალი გითხრათ, ბავშვობის შემდეგ ის გოგო თვალითაც არ დამინახავს, მაგრამ დედაჩემი ამბობს ზერესთანა ქალიშვილი სოფელში არ დადისო.
ახლა სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვა, ჩვენი სკოლის მასწავლებელი ფიქრიე რაღაც უფრო ხშირად მაგონდება. იგი შარშან ისე მოვიდა ჩვენს სოფელში, როგორც დილის სინათლე მოდის ხოლმე. უეცრად და უბრალოდ, არ ვიცი მეჩვენება, თუ მართლაც ასეა, _ იგი მარტო მე მიღიმის.
ხელს რომ ჩამომართმევს, ფიქრიე თვალებს მილულავს, შემდეგ მეტყვის.
_ როგორა ხარ, თემურ. რატომ არ შემოივლი ჩვენთან, სკოლაში?
ჩვენი სკოლის შენობას გვერდზე კალათივით ჰკიდია ლამფით მოჭედილი პატარა ოთახი. ამ ოთახში ცხოვრობს ფიქრიე.
ჰოდა, ფიქრია რომ თვალს მილულავს და მკითხავს. _ რატომ არ შემოივლით ჩვენსაო, მე კარგა ხანს ვფიქრობ, მართლაც რა იქნება, გაკვეთილების შემდეგ რომ შევიარო.
როგორც გითხარით, მე მყავს დანიშნული, მას ზერე ჰქვია. მამამისი შაქრო ძალიან გულჩახვეული კაცია. მახსოვს იგი ხშირად შემოივლიდა ხოლმე ჩვენთან სალაპარაკოდ, როცა მამა ცოცხალი იყო. ისინი მიუსხდებოდნენ ბუხარს. ხან ერთი შეუჩიჩხინებდა ცეცხლს მაშით, ხან მეორე და საუბრობდნენ, დავობდნენ რაღაცაზე.
როცა წავიდოდა, მამა მიაყოლებდა:
_ არა ხარ, შაქრო მართალი და რა ვქნა. არა ხარ მართალი...
მაგრამ მე სრულებით არ მაწუხებდა, ვინ მართალი იყო და ვინ არა. მე მინდოდა ისევ ზერეზე ეთქვათ რამე, მაგრამ თურმე ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. მე არაფერი ვიცოდი, არც ზერემ იცოდა.
შემდეგ მამა გარდაიცვალა. მე ცხოვრებას სხვანაირად ჩავუფიქრდი. ყველაზე მეტად ჩემი უმცროსი ძმის ნურის უცნაურმა საქციელმა შემაწუხა.
ვატყობდი, ბოლო ხანებში ხშირად იყო მოწყენილი. ფუი, ჩემს კაცობას, ჩემს უფროსობას _ ბიჭი რაღაცაზე ნაღვლობს და მე კი არაფერი ვიცი.
წამოწოლილი ასე ვფიქრობდი ერთ ხანს,. შემდეგ ავდექი, ნურისთან შევიხედე ოთახში და ხმამაღლა ვკითხე:
_ ნური, ვახშამი რატომ არ ჭამე, ბიჭო?
არაფერი მიპასუხა.
_ ნური, დაიძინე, ბიჭო?
ხმა რომ მაინც ვერ გავიგონე, მე ვიფიქრე, დაღლილს უცებ ჩასძინებია-მეთქი. ასანთს მოვუკიდე: ნურის ეძინა. ასანთის შუქზე შევამჩნიე _ საყელოზე სისხლის წვეთები შეხმობოა.
შემეშინდა. განა თქვენ არ შეგეშინდებოდათ, თქვენი უმცროსი ძმა რომ ასე გვიან მოსულიყო შინ, ისიც სისხლიანი საყელოთი?
ისევ აივანზე გავედი და გაუხდელად წამოვწექი. ორივე ყური მიწიოდა.
შუაღამე კარგა გადასული იყო, როცა მისი ოთახიდან ფეხის ხმა გავიგონე.
თვალები დავხუჭე. ფეხის ხმა მომიახლოვდა.
ნურიმ ჩემს საწოლს ფრთხილად ჩაუარა და ეზოში ჩავიდა. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მეძინა.
ჭიშკარის ჯმაური რომ მიწყდა. მეც ავდექი, სწრაფად ჩაფირბინე კიბე და ფეხაკრეფით უკან გამოვუდექი.
ბნელი ღამე იყო, მაგრამ ჩვენი ეზოდან გასული თეთრი ბილიკი მაინც გამოირჩეოდა სიბნელეში და მეც ამ თეთრ ხაზს გავყევი.
არც ჩემი ფეხის ხმა მესმოდა, არც მისი, რადგანაც გზის გასწვრივ რუ ხმაურობდა. მაინც ვჩქარობდი უფრო იმიტომ, რომ რაღაცის მეშინოდა. ცუდი წინათგრძნობა მქონდა. უცებ იგი თვალთაგან დამეკარგა. გავჩერდი, ყური მივუგდე, მალე ფაჩუნიც გავარჩიე, იგი მარცხნივ ახლად აღებული ყანიდან ისმოდა.
ღობეზე გადავხტი, მეც ნასიმინდარში ჩავედი და ჩემს წინ მიმავალ ჩალის ფაჩუნის ხმას გავყევი.
ახლა უკვე თვალი შეეჩვია სიბნელეს და ნურის შორიდან კარგად ვარჩევდი.
შემდეგ იგი ნასიმინდარის ბოლოდან გზაზე გადახტა. ეს გზა, მართალი გითხრათ, უცებ გამახსენდა, რომ შაქროს ეზოსაკენ მიდის. ხომ გახსოვთ, _ იქ ჩემი დანიშნული ცხოვრობს.
ნეტავი იქით რაზე უნდა მიდიოდეს ნური _ ჩემი უმცროსი ძმა?
გინდა დაიჯერეთ, გინდა ნუ _ რაც ზერესა და ჩემზე სიტყვა ითქვა, მე ამ გზაზე ფეხი აღარ დამიდგამს.
ხომ იცით, ჩვენს სოფელში ზოგიერთები ჯერ კიდევ ძველ ალათებს ვიცავთ. ჰოდა, ხომ არ შეიძლებოდა ჩემი დანიშნული ქალის კარ-მიდამოში გამოვჩენილიყავ!
ეს კიდევ არაფერი. ყური მიგდეთ!
ჩვენი ოჯახები ერთ ბრიგადაში იყო და იმის გამო, რომ ზერეს ყანაში აღარ გაუშვებდნენ, თუ მეც ვივლიდი, სხვა ბრიგადაში გადაველი, ერთი სიტყვით, როგორც ჩემმა ერთმა ბიძაშვილმა თქვა ჩვენ გაგვაცალკევეს, რომ მერე ისევ შეგვაერთონ.
ჩემი ძმა და დედაჩემი აქ, ამ ბრიგადაში დარჩნენ.
რა ვქნა ასეა და...
მივუახლოვდი და დავინახე ნური ზერეს ეზოში ნალიის ბოძს მიჰყრდნობოდა. მეც გზის გადაღმა გადავხტი და ბუჩქებში ჩავწექი, ახლა ნალია ცის ფონზე ამაღლდა და ყველაფერი გარკვევით გამოჩნდა.
ჩემი ძმა ისევ იქ იდგა, ნალიის ბოძზე მიკრული. ალბათ, ვინმეს ელოდება-მეთქი, ვიფიქრე და რაღაც ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დარწმუნებული ვიყავი _ ნური ვიღაცამ გალახა, თავმოყვარე ბიჭმა ვეღარ მოითმინა, ადგა ამ შუაღამეში, წამოვიდა, რათა გზაზე დახვდეს `ვიღაცას~ და სამაგიერო გადაუხადოს.
მაგრამ რომ არავინ ჩანდა? ჩემი ძმა კი იდგა და იდგა.
შემდეგ თანდათან თხელი ნისლი ჩამოწვა და ღამე თეთრი ფერით შეიღება.
ზერეს სახლის ორი განათებული ფანჯარა ნისლში ორ მთვარეს დაემსგავსა, ისინი ხან ისე მიახლოვდებოდნენ მეგონა ხელით შევეხები-მეთქი, ხან კი შორს მიდიოდნენ.
უცებ სახლის მხრიდან, ნალიას, კიდევ ერთი ჩრდილი მიუახლოვდა. დიახ, იგი სწორედ იმ სახლიდან გამოვიდა.
ფერფლისფერ ნისლში მე ძლივს გავარჩიე თეთრი ლანდი.
და აქ დამზარა ყველაზე საშინელმა ეჭვმა: `ხომ შეიძლება ის ზერე იყოს~.
მერე ყველაფერი დამავიწყდა.
თვალები დავხუჭე. გული ჩამწყდა და სადღაც გადავარდა.
_ ეს რა დაგმართია, ნური, _ ამბობდა ქალის ხმა.
თვალი რომ გავახილე, ისინი კიდევ იქ იდგნენ.
ზერეს ხმას არ ვიცნობდი, მაგრამ მე უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ახლა იქ, ნალიასთან ნამდვილად ის იდგა.
_ ეს მამაშენმა შემომკრა. დღეს შემომკრა. _ უთხრა ნურიმ. ამან მთლად გადამრია.
და უცებ ყველაფერი ერთად ვიგრძენი: ღამეც, ნისლიც, მარტოობაც.
ეს ორი ფიგურა, ფანჯრებიდან განათებულ ნისლში რომ ჩანდა, რატომღაც შეერთდა. ჰო, ორის მაგივრად ახლა იქ ნალიასთან, ერთი ჩანდა.
ზერე ბავშვობის შემდეგ აღარ მინახავს და ამიტომ ახლა ვეღარ წარმოვიდგინე, როგორ შეხედა ნურის და აბუტბუტდა:
_ მითხარი, მართლა გაგარტყა მამამ? ანდა რატომ...
უცებ ყველაფერზე მეტად იმან ამაღელვა, რომ ჩემს ძმას გაარტყეს.
ამ დროს გავიგონე ნურის დაგვიანებული პასუხი:
_ დიახ, მამაშენმა-მეთქი... _ ეს სიტყვები ჩემმა ძმამ კბილის კრაჭუნით უთხრა, მაგრამ ჩემს მეტი ვერ მიხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს კბილების კრაჭუნი. იმ წუთში საშინლად შემძულდა შაქრო.
შემდეგ ნურიმ თქვა:
_ იცი, ზერე, მამაშენმა რა მითხრა: ძმის მოღალატევ, თავის მომჭრელო ბღუშტოო.
ზერემ უპასუხა.
_ აბა, იმიტომ იყო, დღეს გადარეული?.. მერე შენთან რა უნდოდა... ნუ გეშინია, ნური, მე დავიბრალებ ყველაფერს.
ნურიამ გააგრძელა:
_ თქვენისთანა გუშინდელმა ბღუშტებმა არიეს ცხოვრებაო, _ მომაძახა, ჩვენს შორის ყველაფერი ჩაფუშულიაო.
_ იყოს ჩაფუშული, _ ჩამოკვესა ზერემ.
_ მე ამას არავის ვაპატიებდი, მაგრამ მამაა და... ჩვენ მაინც აღარ გვეცხოვრება აქ.
_ არც მინდა. წავიდეთ, ამაღამვე წავიდეთ... მამაჩემი კი არის იმის ღირსი, რომ ასე იყოს, მარტო, _ ჩაათავა ზერემ.
მე ალბათ სიტყვამ `წავიდეთ~ წამომაგდო.
როგორ თუ წავიდეთო. გამოდის, რომ ჩემი უმცროსი ძმაც ჩვენი სახლიდან უნდა წავიდეს. საით უნდა წავიდეს! რას იტყვიან მერე მეზობლები. ძმები ვერ შეეთვისნენ ერთმანეთს და ერთი მათგანი გავარდა სახლიდანო.
ძმა ვერ შევითვისე, ვერ მივხედე, გავაგდე... კი, მაგრამ რა უფრო ასატანია: დანიშნულისა თუ ძმის დაკარგვა.
თუმცა ეს რა დანიშვნაა, ქალს არც კი შევხვედრივარ, ერთხელაც არ მინახავს.
და უცებ ისევ ფიქრიე გამახსენდა. მერე ისევ ნურის ჩურჩული შემომესმა:
_ ჩემს ძმას ნუ გამახსენებ. ამის გამო მართლაც საცემი ვარ...
_ რატომ...
_ რატომ და... ვერ გრძნობ რატომ? რამდენი ხანია ქორწილისათვის ემზადება. მე კი...
რა იცოდა ნურიმ, როგორ ვემზადებოდი, ეჰ, რა კარგი იქნებოდა თავიდან მივმხდარიყავი ყველაფერს.
_ რა შენი ბრალია მერე. მე შეგიყვარე და არა შენ, _ თქვა ზერემ, შემდეგ გაჩუმდა, მერე ისევ გააგრძელა: _ ესეც მამაჩემის ბრალია... შენმა ძმამ კი, მგონი, უკვე მონახა თავისი საბედო.
საშინელმა გაოცებამ შემიპყრო, ეს რომ გავიგონე, საიდან შეიძლება იცოდეს მან ჩემი გულის საიდუმლო?!
_ წავიდეთ აქედან მალე, _ აჩქარებდა ჩემს ძმას ზერე.
მე დავინახე ქალიშვილმა ხელი ჩაავლო ნურის და ცდილობდა მის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ჩემმა ძმამ უთხრა.
_ რაფერ წავიდეთ, არ ვიცი, რაფერ...
_ გეშინია? _ სწრაფად ესროლა ზერემ, თან ნურის გრძელი მკლავი მაღლა ასწია, მხარზე მორივით გამოიდო და წინ გაემართა.
მე გზაზე გავედი და მათ ავედევნე.
კიდეც მიეფარნენ სახლს.
~რა ვქნა ახლა?~ _ ვიფიქრე მე, თანაც გავჩერდი, რადგან ფართო მოკენჭილი გზა იწყებოდა და ისინი ადვილად გაიგებდნენ ფეხის ხმას.
ისინი მიდიოდნენ, მაგრამ ვინ იცის, საით.
სულელები!
ღობეზე გადავხტი, ნასიმინდარი გავირბინე, მათ წინ გავუსწარი, ისევ გზაზე ჩამოვხტი და პირდაპირ მათკენ გავემართე.
შემნიშნეს თუ არა, შეჩერდნენ, შევატყვე, რომ გზიდან გადამალვას ცდილობდნენ.
მაშინ მე ნაბიჯს ავუჩქარე, თანაც დავუძახე: მოიცათ, თემური ვარ-მეთქი.
გული და ყური ისე შევაჩვიე იმ ღამის ამბავს, რომ თითქოს მეც იმათთან ვიდექი, გაბედულება მე მეტი აღმომაჩნდა. მთავარი ის იყო, რომ მე პირველმა ამოვიღე ხმა.
ისინი გაშეშდნენ. ცოტა ძალა კიდევ მოვიკრიბე და მათ თავზე დავადექი, რომ მათი უფროსი და ჭკუის მასწავლებელი მე უნდა ვყოფილიყავ.
_ ნურსად ნუ მიდიხართ, წამოდით სახლში, _ გადაჭრით ვუთხარი მე.
_ თემურ... _ ძლივს ამოიღო ნურიმ, _ ეს ზერეა... მე.. ჰოდა...
შემეცოდა ბიჭი. მათი შიში რომ ვიგრძენი, მე უფრო ამაყი და ძლიერი გავხდი, ზერე თავჩაღუნული იდგა და არაფერს ამბობდა. მე მას მხოლოდ ერთხელ შევხედე, შემდეგ ძმას მივუბრუნდი:
_ კმარა, ჰო, კმარა! ვიცი ყველაფერი, შინ წავიდეთ!
მან ქალიშვილს გადახედა და თვითონაც თავი ჩაღუნა.
მე კი, არ ვიცი, კარგი ვქენი თუ ცუდი, ორივეს მაგრად ჩავავლე ხელი, უკან გამოვაბრუნე და ჩვენი სახლისაკენ წავიყვანე.
ზერეს ეზოში რომ გამოვიარეთ, მე ისევ დავინახე ის ორი ფანჯარა, საიდანაც მისუსტებული შუქი გამოკრთოდა და მეგონა ვიღაცა ვეება ყვითელი თვალით გვიმზერდა.
მეორე დღეს სოფელში უბედური ყაყანი ატყდა. ვინ რას ამბობდა, ვინ რას, ზოგი ჭკვიანს მეძახოდა, ზოგი სულელს, მაგრამ ნამდვილად რა მოხდა, გარკვევით არავინ იცოდა.
ეს მაშინ გავიგე, როცა ამ ამბავს ეშმაკური ღიმილით მომიყვა ფიქრიე. ბოლოს და ბოლოს, გავბედე სკოლაში ჩამოვლა. ახლა სკოლის ეზოში, ძველ მერხზე ვისხედით ორივე.
მე და ფიქრიე ხშირ-ხშირად შევხედავდით ერთმანეთს და რაღაც უსაზღვროდ გვიხაროდა...
1968 წ.