ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

წვიმა ორ ნაპირზე 

იმ დღეს ძმასთან ვიყავი სოფელში.
ასე, შუაღდისას, წვიმა დაიწყო. ტყიდან მე და ჩემს ძმას გაუსხლავი ხე მოგვქონდა. წვიმამ იმატა, მაგრამ არ ავჩქარდით, რადგან ხე მძიმე იყო, თანაც წვიმა სასიამოვნოდ გვასველებდა დაღლილებს.
ხე ეზოში დავაწვინეთ. ხელები დავიბანეთ. ტალახიანი ჩლარტები კიბის ძირას დავყარეთ და აივანზე დაწყობილ ჯორკოებზე დავსხედით.
ძმას მოვნატრებოდი. ძალიან უხაროდა ჩემი ამოსვლა და დაწვრილებით მიყვებოდა სოფლის ამბებს. მე ერთხანს კარგად ვუსმიენ, მაგრამ მალე თვალი გამექცა ნაფუძარის გადაღმა წაბლის ხეებში მოჩხრიალე პატარა ნაკადულისაკენ, რომელსაც სახელად ღელეხმელა ჰქვია.
ოცი წლის მანძილზე ქუსლები გაცვეთილი მქონდა აქაურობაში სირბილით, მაგრამ ასე ნაცვლიანად ღელეხმელასკენ არასოდეს გამიხედავს.
ძმამ შემატყო, რომ მის ლაპარაკს მაინცდამაინც აღარ ვუსმენდი, ადგა და ოთახში შევიდა.
ღელის გაღმა ნაპირს საზღვარი გასდევს. შემდეგ იქით უკვე უცხოეთია. ჩემი სოფელი ორ სამყაროშია. იქ, გაღმა, სოფლის გზაზე, ბავშვები ცხენს აჭენებენ. ხან ერთი ესვრის ქვას და დაიძახებს: აქეთ გამოდენე, ჭოვ, აქეთ, ხან _ მეორე.
იქაც ისევე წვიმდა, როგორც ჩვენთან, წვიმას ფეხებზე ჰკიდია შენი საზღვარი, _ სადაღ უნდა, იქ დაეშვება.
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ოთახიდან რადიოს ხმამაღალი გუგუნი გავიგონე. ძმამ დამიძახა:
_ მოდი ერთი, ბაღნებს ფეხბურთი მოუნახე!
ყველაფერი გამახსენდა და ჩემს თავს ვერ ვაპატიე, რომ დღევანდელი მატჩი კინაღამ ხელიდან გავუშვი. ვეცი რადიომიმღებს და საჩქაროდ მოვნახე დედაქალაქი.
~მატჩის დამთავრებას სამი წუთი აკლდა, მხოლოდ სამი წუთი... ანგარიში არ გახსნილა. ნოლით ნოლი~. _ ცეცხლი მომეკიდა, რა დრო დავკარგე. მაგრამ ნუთუ არაფერი მოხდება? ხმის ასაწევი ღილი ბოლომდე გადავაბრუნე, თითქოს ამით ვეხმარებოდი და ვაჩქარებდი ჩვენებს.
~...ბურთი მარცხენა ფრთაზე გასჭრეს. მოუსწრებს თუ არა მესხი! მიუსწრო... შეჩერდა, ალბათ, გადააწოდებს. არა, თვითონ წავიდა. მოატყუა ერთი დამცველი, მეორე... მაგრამ არა... საოცარი რამ მოხდა, ბურთი ისევ მესხთანაა.. მოატყუა მესამეც... დარტყმა ძლიერი!.. არის!..~
მთელი სახლი გუგუნებდა. ბავშვები სკამებზე ადიოდნენ, თითქოს იქიდან შორეული ქალაქის სტადიონი უნდა დაენახათ.
მე გულაჩუყებული აივანზე გავედი. თამაში ალბათ უკვე დამთავრდა, მაგრამ განუწყვეტელი ოვაციების გრიალი არ წყდებოდა. ფანჯრები და კარი ღია იყო და ჩვენი სახლიდან ეს ხმა ღელეხმელას ორივე ნაპირს ეფინებოდა.
წვიმამ უფრო იმატა.
მე ისევ გაღმა ნაპირზე გავიხედე.
ის ორი პატარა ბიჭი, ცხენს რომ აჭენებდა, ღობეზე ასულიყო და ჩვენსკენ გამოშვერილი ხელებით ტაშს უკრავდა.
შიშველ მკლავებზე დახეული ხალათის კონკები უფრიალებდათ.
ოქტომბერი, 1960 წ.

??????