მინიატურები
“- მალე ოცდაათი წლის კაცი გახდები. გათეთრდი, მოიხარე, სახე დაგეღალა. ადამიანს აღარ გავხარ. ადრე ყველა შენზე ლაპარაკობდა. მეზობლები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ყველას სასიძოდ უნდოდი. ყველას უხაროდა შენი დანნახვა. ეხლა რა! დაამთავრე უნივერსიტეტი. არ მუშაობ, არც გიმუშავია და არც აპირებ მუშაობას. ეხლა ვიღას უნდიხარ სასიძოდ. რომელი გოგო წამოგყვება ცოლად. ცარიელი და უსაქმური კაცი არავის არ უნდა. ამოვარდნილი ხარ კალაპოტიდან. დღე და ღამე ქუჩებში დაეხეტები. დილით გადიხარ სახლიდან და შუაღამით ბრუნდები. ან სადილი არ გინდა, ან ვახშამი, ან დასვენება...
ასე უწესრიგოდ რომ ცხოვრობ, იმიტომაა ასეთი ნერვიული რომ ხარ. აი, ეხლაც, თითებს იმტვრევ და სკამზე ვერ ისვენებ. ეს სულ ნერვიულობის ბრალია, შვილო, კარგ დროს გამახსენდა! წუხელი რადიოში ლექცია წაიკითხა ცნობილმა მეცნიერმა: ნერვულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზები და მისი ნიშნები. პირდაპირ შენ გამახსენდი, როდესაც ნიშნები ჩამოთვალა: თითების მტვრევა, ფრჩხილების კვნეტა და კიდევ ერთი რამ. ის რომ მახსენდება, შვილო, პირდაპირ შიში მიპყრობს. შენ ალბათ ვერც კი ამჩნევ და ამ ბოლო დროს ერთი საშინელი ხასიათი დაგჩემდა. უცებ გაირინდები. მოწყდები ყველაფერს. იღიმები შენთვის, ანდა გულმოსული უყურებ ვიღაცას. ჩურჩულებ რაღაცას, როგორც ნამდვილი გიჟი. შვილო, მიხედე თავს, ქუჩაში ხეტიალს თავი დაანებე. დროზე ჭამე და დროზე დაწექი. პაპიროსის წევას თავი დაანებე, ლოგინში მაინც ნუ ეწევი პაპიროზს. არა, შვილო, შენ არ გარგებს ქუჩებში ხეტიალი და ლაზღანდარობა. დროა საქმეს მოკიდო ხელი, სამსახური დაიწყო, ცოლი შეირთო, ოჯახი შექმნა და იცხოვრო ადამიანურად..
ერთი შენი შვილი მანახა და მერე თუნდაც მომკლა, აღარ ვიდარდებ. მეზობლის ზღმურტლიან ბავშვებს ვეფერები შვილიშვილს დაანატრებული. შენს ამხანაგებს მაინც შეხედე! ყველამ ცოლი მოიყვანა და ოჯახი შექმნა. ყველა მსახურობს, ყველამ დაანება ხეტიალს თავი,ყველა ჩამოგცილდა, ყველამ მიგატოვა, ანდასად ცალიათ შენთანახეტიალოდ. მანამ გვიან არ არის, იფიქრე შვილო ამაზე. ხომ ხედავ,მამაშენი და მე მოვხუცდით. აღარ შეგვიძლია მუშაობა. სანამ შეგვეძლო,გივლიდით გრზდიდით. აწი ჩვენ თვითონ გვინდა მოვლა და პატრონობა.სხვას რომ თავი დავანებო,მეზობლების შეკითხვებსვეღარ ავუდივარ: “შოთა რას შვრება? რატომ არ მსახურობს? ცოლი რატომ არ მოყავს?სანამ უნდა იყოს ასე?“
შვილო, სანამ გვიან არ არის, დაიწყე სამსახური,შეირთე ცოლი, შექმენი ოჯახი და იცხოვრე ადამიანურად.
აგერ, მშვენიერ გოგოს მოწონხარ. გოგოს მშობლებსაც მოწონხარ, მაგრამ, როცა გაუგიათ არ მსახურობსო, ხელი ჩაუქნევიათ და უთქვამთ, უმუშევარ კაცს ჩვენ ქალიშვილს არ გავატანთო.
იმ გოგოს კიდევ მოწონხარ და თუ სამსახური დაიწყე, მშობლებიც თანახმა იქნებიან. ასე შვილო, დაიწყე სამსახური, შეირთე ცოლი და ისე ნუ მომკლავ, შენი შვილი არ მაჩვენო“.
ასე ეტყოდა ოდესღაც, სადღაც, თავის შვილს დედა, რომელიც მას უნაზესი სიყვარულით უყვარდა. შვილი უსიტყვოდ უსმენდა დედას, სიბრალულისა და სიყვარულის ღიმილით უყურებდა მას. როდესაც დედამ ლაპარაკი დაამთავრა, შვილმა თეთრ თმებზე ხელი ალერსით გადაუსვა, ნაზად ეამბორა ლოყაზე და ასე თქვა:
„რაც უფრო სულელია დედა, მით უფრო საყვარელი ყოფილა...“
1957 წ. 3 ოქტომბერი
* * *
ქუჩაში მიდის ახალგაზრდა N, მას არ შია, მაგრამ წყურია და ვერაფრით ვერ მოუკლავს წყურვილი დიდი.არც ისე იოლია ზოგიერთისათვის დალიოს ლუდი.
ქუჩაში მიდის მოქალაქე. მან ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი. ცხვირსახოცს ამოყვა ფული. მოქალაქეს ეს არ შეუმჩნევია და გზა განაგრძო.ახალგაზრდამ აიღო ფული...
-თქვენ, ფული ამოგივარდათ, ინებეთ!
-გმადლობთ!
ქუჩაში მიდის ახალგაზრდა სახელად N.მას არ შია,მაგრამ წყურია და ვერაფრით ვერ მოუკლავს წყურვილი დიდი.არც ისე იოლია ზოგიერთისთვის დალიოს ლუდი.
1952 წ. 5 იანვარი.
* * *
ტკბილი წყლების გამყიდველმა წყალი დამისხა.მე მას გავეხუმრე.მან ხუმრობაზე გაიღიმა და გამოაჩინა დამპალი კბილები.მე გული ამერია.ვინანე ხუმრობა.
* * *
რადიომიმღებში უკრავენ ბახს.მე მეჩქარება.მე პატივი ვეცი ბახს და წასვლის წინ რადიომიმღები არ გამომითიშავს.
* * *
როდესაც მე ვიცქირებოდი წარსულში,აწმყოში მოვიდა ახალი წელი და მე იგი დავინახე წარსულში.
1955 წ. 28 დეკემბერი.
* * *
წავიდა თოვლი და მოვიდა მიწა.
1955 წ.
* * *
მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან.თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს იდუმალს და აღტაცებას პირზე ღიმილს გააჩენს ელვად.მე გარს ვევლები ჩემი თვალების შენი სხეულის ყოველ ნაწილს და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით.
შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი, რომელზედაც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა-ქება.
დალალნი – შენნი. დამბულნი გრიგალნი. დალანნი შენნი – ტევრნი უსიერნი, რომელშიც იხლართებიან ჩემი თითები და კანკალებენ, როგორც ბალღები დაბნეულნი უსიერ ტყეში.
წარბები შენი – ხიდნი შავნი, შავად გადასალტული, რომლებიც ინგრევიან, ოდეს აბორგდება სისხლი რისხვით მოცული.
თვალები შენნი – ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი, თალხით შემოსინი, წვიმიან ამინდში სატირალს მავალნი.
ყურები შენნი, რომელთაც ესმის ყველგან და მარად და ყოველისგან:- მონა ვარ შენი.
ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით, როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემა გაზაფხულზე ყვავილი ატმის.
ბაგენი – შენნი ბაგეთა უცხონნი. ბაგენი შენნი – ღამის მომლოდინე, ღამით მომლოდინე მაგართა ბაგეთა.
ნიკაპი შენი – სიმორცხვე შენი.
კისერი შენი – ტალღა ატყორცნილი, მკლავს რომ ენანება, ამსხვრიოს ბროლებად.
მკლავები შენნი, რომელზედაც სულს ღაფავს კოცნა. მკერდი შენი...
ღლიავი შენი – ჩიტის ბუდე დაცარიელებული, რომელშიც ჩაფრინდებიან ჩემნი კოცნანი, როგორც ბარტყები.
თითები შენნი – შინაური მტრედები.
მუცელი შენი – ლოდი მარმარილოს, სიპი და გლუვი, სხლტებიან ხელები.
ფეხები შენნი ტანს რომ ატარებენ და რომელიც უნდა ატარონ თავად.
მთლიანად შენ – შენ...
1955 წ
* * *
ღამე...
ღამე შეპარულა ქოხში. ბუხარში ცეცხლი ჩამქრალა და ნაკვერჩხალი ბჟუტავს. პატარა ჭრაქზე ალი ბარბაცებს – უნდა გადმოვიდეს ჭრაქიდან. ხის ტახტზე წევს მოხუცი ქალი. მისი ნათელი თვალები ბარბაცებენ – უნდათ გადმოვიდნენ ბუდეებიდან. შავი კატა ნაცარში გაწოლილა – უძრავი თვალებით შესცქერის მოხუცს. ჭრიჭინობელა არ ისვენებს. ქოხი გაგუდულა დუმილით.
გარეთ – სიბნელე. ძაღლები ყმუიან საცოდავად ( ყოველ მკურნალს შეშურდებოდა ძაღლის ინსტიქტი),სიკვდილმა გამოიღვიძა ბნელ საუფლოში,კრიალა ზეცა გადმოიარა. ფეხს აბიჯებდა ვარსკვლავებზე და ზეციდან ცვიოდნენ ვარსკვლავები. ზოგი დაბიჯებით, ზოგიც შიშით – ცვიოდნენ ვარსკვლავები. ძაღლები ყმუოდნენ საცოდავად, შიშისმომგვრელად. ქოხებში დუმილი სამარისებული. ქოხებიდან ბოლი ამოდიოდა, როგორც ღამის სუნთქვა.
სიკვდილმა იხმო გრიგალი მრავალფრთიანი და უბრძანა: გაეღო კარი პატარა ქოხის. გრიგალმა მძლავრად შეარხია ბოროტი ფრთები. გაქანდა გრიალით და მას დაედევნენ ტოტები ხეთა, და მას დაედევნენ ნორჩი ხეები, და მას დაედევნენ მინდვრები, ველები და მან მიაღწია პატარა ქოხს. მაგრად შეანჯღრია კარები ქოხის( როგორც ლომთა მამინაცვალმა) და ააკრა კარები კედელს. სიკვდილმა შეაბიჯა ქოხში, როგორც მორიელმა და მიაპყრო თვალები მოხუცის დახურულ თვალებს. და გაიღო მოხუცის თვალები, როგორც კარები. და სიკვდილმა შეაბიჯა შიგ სიკვდილმა ჩააქრო ორი მბჟუტავი ჭრაქი თვალების და გარეთ გამოვიდა და მაგრად მოიხურა თვალების კარები.
სოფელში აღარ ყმუოდნენ ძაღლები. გრიგალიც ჩადგა. ხეებს და ველებს ეძინათ მშვიდად. ეძინა სიკვდილს.
1956 წ.
* * *
ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ჩემი თვალები გახდნენ მშვენიერნი, რადგან, ჩემს თვალებში შენი სახის ჩანდა ანარეკლი.
1956წ. 29 იანვარი
* * *
ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ცხადლივ და ვიყავით ერთად და ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ოცნებაში მაინც ვხვდებით ერთმანეთს, მაინც ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი. ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება ცხადლივ შევხვდეთ ერთმანეთს, ვიყვეთ ერთად და გვიყვარდეს ერთმანეთი.
1956 წ. 29 იანვარი
* * *
დიიინნნ...დიიინნნ...დიიინნნ...
უდაბნო...
ზარი იცლება ხმებისგან და არ აკლდება ხმები.
ზარში იბადება ხმები,როგორც ბარტყები,- იბადება და ტოვებს, როგორც ბუდეს და უერთდება ზეცას ნელა და მძიმედ, და შორდება სმენას თანდათან, როგორც ბარტყები, ნელა და მერმედ იკარგებიან თანდათან და უერთდებიან ზეცას უსასრულოს.
ყოველი ხმა ზარისა სმენას არხევს და იშლება და იღვრება, სხეული ჩემი, და მე
თითქოს ამ ხმებივით მივიწევ მაღლა ნელა, თანდათან, და ვუერთდები ზეცას უსასრულოს.
მე ვარ ზარის ხმა უდაბნოში...
1956 წ. 29 იანვარი
* * *
არწივი დაფრინავს მაღლა. იქნებ არ უნდა არწივს მაღლა იფრინოს,მაგრამ მას არ შეუძლია მაღლა არ იფრინოს,რადგან შეუძლია მაღლა იფრინოს. იქნებ შენც ასე, სულო ჩემო, არ გსურს გიყვარდეს, მაგრამ... რადგან...
1956 წ. თებერვალი
* * *
გოგო იყო პატარა, ობოლი... ტყეში ედგა პატარა ქოხი. ტყეში ხილი იყო ველური. ხეები მაღალი და ფართო. ტყეში იყვნენ ჩიტები მგალობელნი და ზეცაში იყო ღმერთი მწყალობელი. გოგო ხშირად დადიოდა ტყეში. მშვენიერი იყო იგი და მას ჩიტები სიხარულით ევლებოდნენ გარშემო. ეტრფოდნენ მის თვალებს, როგორც ბუდეებს.
ერთხელ დილით საოცარი რამ იგრძნო პატარა გოგომ, ვერ ისვენებდა სხეულში, როგორც კვირტში- ყვავილი. მზე იყო მაღალი და მცხუნვარე. მზე იყო სხეულში. ტყეში წავიდა იგი. იარა ბევრი. ჩიტებმა უთხრეს სალამი, გაეხუმრნენ და გააცინეს. უეცრად ტყეში მონადირე გამოჩნდა, ჭაბუკი ვინმე, ჯერ უწვერული. დაფრთხა პატარა გოგო, მაგრამ ვაჟის თვალებმა გააშეშა და ხეს მიაყრდნო იგი. ვაჟი მივიდა ახლოს, სულ ახლოს. ვაჟმა შეიტანა სხეულში პატარა გოგო. იქ იყო სითბო და სიტკბო ჯერეთ უცნობი. გოგო გაინაბა. მინებდა. მიენდო ნადირი მონადირეს. ვაჟმა დასწურა მისი მკერდი-მკვრივი და ცხელი. როდსაც ქალი გონს მოეგო, ატირდა მწარედ, არავინ სჩანდა ირგვლივ, მხოლოდ ხეებზე ჩიტები იცინოდნენ, როგორც ბალღები. ტყე წინაღამის იყო ნაწვიმარი. პატარა ქალი მონადირის გაჰყვა ნაკვალებს. ნაკვალევმა მიიყვანა პატარა მდინარემდე და გაჰქრა კვალი. გოგომ შეაბიჯა მდინარეში და ზვირთებმა ასტეხეს ხარხარი...
მეორე დილით მზე არ ამოსულა. ტყეში იდგა ხეები მაღალი დ ფართო. ტყეში იყვნენ მგალობლები და ზეცაში იყო ღმერთი მწყალობელი?...
1956წ. 4 თებერვალი
* * *
მოვიდა ღამე და მან გულმოდგინედ, ნელა და დინჯად გადაწია სხივები მზის, როგორც ტოტები გაუვალ ტყეში. მზემ თავისი სხივები მიუშვირა საკუთარ სხეულს და ტანში შეიტანა. მერე მზე გაგორდა ზეცის კალათაში მთვარედ. მერე იარა მთვარემ, იარა ფეხით და გათენებამდე მივიდა იქ.
ეძინა ღამეს მაგარი ძილით, ნამთვრალევს, ბებერს. და რა იგრძნო განთიადის მოახლოება, შეინძრა, შეიშმუშნა და გადაბრუნდა მეორე გვერდზე. სახე შეაქცია დედამიწას. მთვარემ იგრძნო სუსხი განთიადის, გააჟრჟოლა, აიბურძგნა, აშალა სხივები სხეულიდან...
დიდებული მზე დაჰნათოდა დედამიწას.
1956წ. 13 თებერვალი
* * *
ქუჩა.ასფალტი.ლიანდაგი. ასფალტზე მანქანები და ლიანდაგზე ტრამვაი. ივლისის მზე დაკიდულა შენობების სახურავებზე. მანქანამ დააფრთხო ჩაფიქრებული მოქალაქე. ქალს პარკიდან ვაშლი გადაუვარდა. აღება დაეზარა. ტრამვაი შუაზე გატეხა ლიანდაგმა.
მე მოვუკიდე უკანასკნელ პაპიროსს.
1956წ. 1 აპრილი
* * *
უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან... ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე. მე ცრემლიანმა შევუხვიე ბაღში.
1956წ. 1 აპრილი
* * *
გასტრონომი. რიგი. მოლოდინი. ხალხი გამოდის გასტრონომიდან. მსუქან ქალს მოაქვს ხორცი და უხარია. მე არ მშია და ვერ ვიზიარებ მის სიხარულს
1956წ. 1 აპრილი
* * *
მე დავახტი გაქანებული ტრამვაის. შევვარდი შიგ. ხალხმა შემომხედა,როგორც შემომხედავენ მოულოდნელ სტუმარს.
1956 წ. 1 აპრილი.
* * *
ერთხელ კონდუქტორს-მშვენიერ ქალს, ხურდა არ გამოვართვი.მან კეკლუცად გამიღიმა და მეც გაუღიმე. რა იაფია იყიდო ღიმილი მშვენიერი ბაგის. მე მინდა შევიტანო წინადადება, რომ ტრამვაიში გააკრან ასეთი რეკლამა:
-მოქალაქენო! შეიძინეთ კონდუქტორის კეკლუცი ღიმილი,იგი ღირს სულ რაღაც 5 მანეთი!
1956 წ. 1 აპრილი.
* * *
მე ვიყავ მთვრალი. გაზაფხულის იყო საღამო, მე გალეშილი დავინახე მეძავი ქალი და ჩვენ შევათრიეთ ბაღში ერთმანეთი.
(ბაღში საღამო იყო ღვინის ფერი). და ჩვენ სიყვარულით, დიდი სიყვარულით
დავკბინეთ ერთმანეთი.
გვერზე გაისმა გადახარხარება. ვიღაც დასცინოდა ჩვენს წმინდა სიყვარულს.
1956 წ. 1 აპრილი.
* * *
მე სევდიანი ვიდოდი ქუჩაში და მე მხვდებოდა მხიარული ხალხი და მე ერთხელ კიდევ გამახსენდა აზრი: - ყოველი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით.
1956 წ. 4 აპრილი.
* * *
ჩემს ოთახში ღამით მოდიან მეზობლები და მამაჩემთან თამაშობენნარდს. აქებენ კამათელს, ზოგჯერ აგინებენ. კამათელს უკვირს ქებაც და გინებაც და მათ შესქერის გაოცებული თვალებით. ხან ორით, ხან სამით და ა.შ.
მოთამაშენი განიცდიან, ჩაუთქვამენ კამათელს. ჯერათ კამათლის. კამათელი კი მოძრაობს ალბათობის თეორიის თანახმად.
1956 წ. 4 აპრილი.
* * *
საერთო რვეულში ჩავწერე ლექსი, მე იშვიათად ვწერ ეხლა ლექსებს და სევდიანმა ფიქრმა გამირბინა: - რა გაავსებს ლექსებით საერთო რვეულს.
1956 წ. 4 აპრილი.
* * *
ჩემი რადიომიმღები ძლიერ მარტივია. ღამ-ღამობით იჭერს მხოლოდ აღმოსავლეთს (სახლში ეხლაც ნარდს თამაშობენ და მე ვერ ვამთავრებ ამ ლექსს.)
4 აპრილი.
* * *
მე საკუთარს შევყურებ პორტრეტს და ვფიქრობ:ნამდვილად პოეტი ვარ.
4 აპრილი.
* * *
„ვეფხისტყაოსანი“ თუ ვინ დასწერა ნამდვილად, არვინ იცის და მაინც რუსთაველს ეძახიან გენიოსს. მე კი ნამდვილად დავწერე ის რომ მე დავწერე და მაინც არ მეძახიან გენიოსს.
4 აპრილი.
* * *
მაგიდაზე დგას სამელნე. - სამელნეში არ არის მელანი, ან რა საჭიროა?..
4 აპრილი.
* * *
ოთახში სარკე მაქვს „საოცარი“. ჩავიხედავ: ოთხი ცხვირი და 15 ყური.მე მას დავარქვი „ჯადოსნური სარკე“.
4 აპრილი.
* * *
მე შორიდან გავცქერი ხიდია მშენებლობას და გადაღლილი ამოვდივარამ ხიდზე.
5 აპრილი.
* * *
პატარა ძაღლი, კეთილი ძაღლი, ძაღლი უპატრონო დარბის ქალაქში და დაეძებს პატრონს . მან ერთხელ შენიშნა თავისი პატრონი, რომელიც გამოვიდა გასტრონომიდან ძეეხვით დატვირთული. ძაღლი აედევნა. არ იცნო პატრონმა. ძაღლს გული აუჩუყდა და თვალები ცრემლმა დანამა.
კეთილო კაცო! შეიფარე პატარა ძაღლი, კეთილი ძაღღლი, ძაღლი უპატრონო. იგი გპირდებათ, რომ იქნება თქვენი ერთგული!
6 აპრილი
* * *
მივდივარ ქუჩაში. უკან დამედევნა საეჭვო კაცი. “საეჭვო კაცს“ მინდა მოვტრიალდე და ვუთხრა: – შე საცოდავო ადამიანო, განა ქვეყნისათვის მცალია მე ღმერთებთან მოკამათეს!?
6 აპრილი
* * *
ამხანაგებმა გავიარეთ ქუჩაში ღამით და შევარხიეთ ქუჩის ჰაერი. ჰაერში იყო მთვარე და ვარსკვლავები. მე არ ვცემ მათ პატივს. ისინი ყველასთვვვის ანათებენ.
12 აპრილი
* * *
მე ეხლა დავდივარ რედაქციაში, სადაც კედლების ჰაერია, სადაც ჭერი იატაკზე მაღლა, სადაც მაგიდები თავს გრძნობენ ბუნებრივად, სადაც კალამი მუდამ მელნიანია, სადაც გახსენდება , რომ მილიციაში გამოცვალე პასპორტი, სადაც გახსენდება, რომ ამბულატორიაში ამოგიღეს ჭიანი კბილი, სადაც ისე უკიდებ პაპიროს, რომ ვერ ამჩნევ ასანთზე წარწერას: „გამარჯვება“ .
სადაც რედაქტორი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და ისე გელაპარაკება, როგორც ტრამვაის გაჩერებასთან, როდესაც ტრამვაი უკვე ახლოვდება.
12 აპრილი
* * *
ივლისი. მზე. ქუჩა. მივდივარ ქუჩაში...
ქუჩა გადაჭრა ლამაზმა ქალმა - დაღლილმა, მოთენთილმა...
მზემ კეფაზე მიაბჯინა ძაღლს მხურვალე სხივები. ძაღლმა ენა გადმოაგდო-დანებდა მზეს.
ნაყინის გამყიდველი ყიდის ნაყინს და წამით სიგრილე დაგირბენს სხეულში...
მილიციელი არავის ედავება...
მზეს ეკარგება ნათების ხალისი...
15 აპრილი
* * *
მალე გაივლის „ნასესხები“ და მოვა ნამდვვილი გაზაფხული, გავიხდი ძველ პალტოს და ვივლი ძველი კოსტუმით. სხეულს მოემატება სითბო და ლუდს სიგრილე.
კარგია!...
15 აპრილი
* * *
მივდივარ ქუჩაში. ფეხი წამოვკარი ქვას და გაერღვა პირი ფეხსაცმელს და მწარედ გაეღიმა. გამერღვა პირი მეც და მწარედ გამეღიმა. და ჩვენ, მე და ფეხსაცმელი, მომღიმარნი მივყვებოდით ქუჩას...
ხალხი ფეხსაცმელს თვლიდა გარღვეულად, მე კი-სულელად...
15აპრილი
* * *
დღესაც უმიზნოდ გამოვედი ქუჩაში. ქუჩაში ხალხია და ხალხში სურვილებია სულელური.და მეც მებადება სულელური სურვილი : ვიყო ხალხში.
15 აპრილი
* * *
დღეს ჯერჯერობით დავწერე ხუთი ლექსი და მინდა დავწერო კიდევ რამდენიმე, რადგანაც ულექსოდ ყოფნა ძნელია ჩემთვის.
15 აპრილი
* * *
ბაღში შემოდგომის ფოთლების ცვენა. ცვენილი ფოთლების ქარით ხეტიალი. ამ ბაღში ხეტიალი ჩემი-კაცობრიობის დამჭკნარი ფოთლის ცხოვრების ქარისგან ხეტიალი.
18 აპრილი
* * *
ირგვლივ გაზაფხულია. აყვავდნენ კვირტები და გაზაფხული ჩადგა ჩემს ფანჯრებში.
18 აპრილი
* * *
ხეებს ეწვივნენ ჩიტები -თვალებში მოსვლის სიხარული და მომავალი განშორების სევდა.
18 აპრილი
* * *
კინოში ვარ. ველი დაწყებას მოუთმენლად. ვერ, ვერ ვითმენ ლოდინს და ვწერ ბლოკნოტში ლექსს.
18 აპრილი
* * *
შევედი ბაღში. სკამზე ჩამოვჯექი, საყვარელზე, ნერვული წვალებით, ირგვლივ თვლემა. ჩემს გვერდით თვლემს პენსიონერი. მე გადავდივარ თვლემაში და ვეღარ ვიგერიებ პატარა ბუზებს, რომლებიც ჩემს დასიცხულ სახეზე დაეძებენ დღიურ საზრდოს.
21 აპრილი
* * *
საღამო მშვიდი. ქუჩა წყნარი. გამვლელი დაღლილი, ფანჯარა უდარდელი. ფანჯარაში ქალი და ყვავილი. ქალში -ქალი და უქმრობა და კიდევ რაღაც... ყვავილში სიცოცხლე მხოლოდ. ოთახში ცისფერი სინათლე. კედლები უერთდება ჰაერს. კედლები-ჰაერი კედელზე დიდი სურათი ახალგაზრდა კაცის. ჩარჩოზე შავი არშია. თვალები ამბობენ: -მე მოვკვდები. არშია ამბობს:-ის მოკვდა. მაგიდაზე დაღლილი ვაზა. ვაზაში დამჭკნარი ყვავილები. მაგიდაზე დამჭკნარი ფურცლები.როიალი-ჰანგების კუბო. წიგნები-მთხრობელნი ამაო სიყვარულის. ალბომი-ხსოვნა გარდასულის, სამოვარი-სევდით მოუბარი ქვრივი დედაკაცი. კარადები დუმან. ხალიჩა იატაკზე გაფენილი. ხალიჩა ტახტზე. ხალიჩები სუნთქავენ, ხალიჩები იძვიან. კარები ღია რომ დაგრჩეს, ხალიჩები გაიპარებიან ოთახიდან. შავი კატა-ოთახის უფალი.
ღამით, როდესაც ყოველი სულიერი იძინებს, ამ ოთახიდან ისმის როიალის ხმა. თითები ეღვრებიან კლავიშებზე, როგორც წვიმის სევდიანი წვეთები და იღვრება მელოდია, იღვრება მელოდია. საგნები იღვრებიან და თანდათან ნელა და მძიმედ იკარგებიან,როგორც ნისლები. თანდათან წყდება, ეშვება მელოდია და თანდათან უბრუნდებიან საგნები თავისთავს. გგონია, რომ ამ ქალს ღამით გარდაცვლილი ქმრის სული ეწვევა ხოლმე და უსაყვედურებს... რას? არ იცი და გადადიხარ დედამიწიდან სადღაც შორს, შორს, ძალიან შორს... სადღაც ოცნებაში...
23 აპრილი
* * *
აი კვლავ მოვიდა გაზაფხული და ჩემში იგი აღარ იწვევს სიახლის გრძნობას.და მე ვგრძნობ,ვით იბადება ჩემში არყოფნის სურვილი.
24 აპრილი
* * *
მე უჯრიან ქაღალდზე დავწერე ლექსი. უჯრებში სიტყვები თავს გრძნობდნენ ვით ციხეში. მერე ეს სიტყვები წაუკითხე ხალხს და სიტყვები ვიხსენ ციხისაგან.
25 აპრილი
* * *
მე ნაცნობს წავუკითხე ახალი ლექსი. ლექსმა გააღიმა ნაცნობი, რადგან ლექსი იყო სერიოზული, მე კი იგი მიცნობს როგორც ხუმარას.
25 აპრილი
* * *
მე ხუმრობით გავიკეთე სათვალე და მოვიდა უეცრად წვიმა. მე ვიყავ ცის ქვეშ და მაინც თავს ისე ვგრძნობდი სათვალეში, როგორც ოთახში, ფანჯარასთან მდგარი წვიმიან ამინდში.
25 აპრილი
* * *
ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი. ჰოი, სიხარულო! მალე იკივლებენ სირენები ამაზრზენი და საამო ხმით.
25 აპრილი
* * *
ირგვლივ გაზაფხულია და ყვავიან იასამნები. მე ვწერ ლექსს და ლექსში ჭკნებიან უკანასკნელი ვარდები.
25 აპრილი
1955
* * *
წავიდა თოვლი,
მოვიდა მიწა.
1956
* * *
ირგვლივ გაზაფხულია,აყვავდნენ კვირტები
და გაზაფხული ჩადგა ჩემს ფანჯრებშიც.
* * *
ფიქრებით დატვირთული მივესვენები. ფეხმა ქვა
ამოაგდო ქვაფენილიდან, და მეც ამოვვარდი ფიქრები
* * *
ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ცხადლივ
და ვიყავით ერთად
და ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი.
ჩვენ დავშორდით ერთმანეთს,
მაგრამ ოცნებაში მაინც ვხვდებით ერთმანეთს,
მაინც ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი,
ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება
ცხადლივ შევხვდეთ ერთმანეთს,
ვიყოთ ერთად და გვიყვარდეს ერთმანეთი.
* * *
ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს
და ჩემი თვალები გახდნენ მშვენიერნი,
რადგან ჩემს თვალებში
შენი სახე
ჩანდა ანარეკლი.
* * *
არწივი დაფრინავს მაღლა.იქნებ არ უნდა არწივს
მაღლა იფრინოს,მაგრამ მას არ შეუძლია მაღლა არ
იფრინოს,რადგან შეუძლია მაღლა იფრინოს,იქნებ
შენც ასე,სულო ჩემო, არ გსურს გიყვარდეს,მაგრამ...
რადგან...
* * *
ჩემს ოჯახში ღამით მოდიან მეზობლები
და მამაჩემთან თამაშობენ ნარდს.აქებენ კამათელს,
ზოგჯერ აგინებენ.კამათელს უკვირს ქებაც და გინებაც,
და მათ შესცქერის გაოცებული თვალებით:ხან ორით
ხან სამით და ა.შ.
მოთამაშენი განიცდიან,ჩაუთქვამენ კამათელს.
სჯერათ კამათლის.კამათელი კი მოძრაობს ალბათობის
თეორიის თანახმად.
* * *
ჩემი რადიომიმღები ძლიერ მარტივია.
ღამღამობით იჭერს მხოლოდ აღმოსავლეთს
(სახლში ეხლაც ნარდს თამაშობენ და მე ვერ
ვამთავრებ ამ ლექსს).
* * *
ოთახში უნიჭო პორტრეტის ჩამოხსნა გადავწყვიტე.
მერე დავტოვე. იქნებ შთამაგონოს რაიმე ოდესმე.
იყოს...
* * *
მამაჩემი რადიომიმღებთან უსმენს საბავშვო გადაცემას და იღიმება ბავშვის ღიმილით. საწერ მაგიდაზე აუცილებელი წიგნები. მაგიდაზე გრაფინი ,ნახევრად აღვსილი ოთახის წყლით. ფანჯრიდან შემოდის გაზაფხულის სუფთა ნიავი. რადიომიმღები ხრიალებს. მე წამოწოლილი ვწერ. მამაჩემი წერას უყურებს,როგორც არანაყოფიერ საქმეს (არც ცდება), მთელი სერიოზულობით ახველებს და შემდეგ გადის ოთახიდან ამ დროს მისი ნაბიჯები ისეთია,როგორც მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულების დროს. მეზობლის ოთახიდან ისმის ძალიან სულელი ქალიშვილების მხიარული სიცილი...
* * *
ხეებს ეწვივნენ ჩიტები -
თვალებში მოსვლის სიხარული და...
მომავალი განშორების სევდა.
* * *
მე უცნობს ქუჩაში მოვუკიდე პაპიროსი.
ჩვენ ერთმანეთს მივაბჯინეთ ,,პრიმა“ და ,,რეკორდი“,
არ შეიძლება ასეთი კონტრასტის დროს არ დასვა ასეთი საკითხი,
თუნდაც ათასჯერ გქონდეს გადაჭრილი:
რა არის ცხოვრება?...
* * *
უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან...
ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე.
მე ცრემლიანმა შევუხვიე ბაღში.
* * *
მივდივარ ბაღისკენ.
ტრამვაის გაჩერებასთან შემხვდა ნაცნობი.
გავაბით უგულო საუბარი.
ვფიქრობ:
-როდის მოვა ტრამვაი, ნაცნობი რომ მომცილდეს
თანდათან მეცვალა გუნება და მე ავლაპარაკდი.
როდესაც ტრამვაი გამოჩნდა,
მე უკვე ვლაპარაკობდი მთელი აღგზნებით.
ნაცნობი ჩაჯდა ტრამვაიში,
მე გამოველაპარაკე სრულიად უცნობს.
* * *
მალე გაივლის ,,ნასესხები“
და მოვა ნამდვილი გაზაფხული.
გავიხდი ძველ პალტოს
და ვივლი ძველი კოსტუმით.
სხეულს მოემატება სითბო
და ლუდს სიგრილე.
კარგია...
* * *
აი ,კვლავ მოვიდა გაზაფხული
და ჩემში იგი აღარ იწვევს სიახლის გრძნობას.
და მე ვგრძნობ, -
თუ ვით იბადება ჩემში არყოფნის სურვილი.
* * *
მივდივარ ქუჩაში. ფეხი წამოვკარი ქვას და გაერღვა
პირი ფეხსაცმელს და მწარედ გაეღიმა.
გამერღვა პირი მეც და მწარედ გამეღიმა,
და ჩვენ, მე და ფეხსაცმელი მომღიმარნი მივყვებოდით
ქუჩას...
ხალხი ფეხსაცმელს თვლიდა გარღვეულად, მე კი -
სულელად...
* * *
მზე.ირგვლივ ხე არ არის,. არ არის ჩრდილიც.
ჩემს გვერდით დგას მაღალი კაცი და მე მისი სხეულის
ჩრდილს შევეფარე.
* * *
ტკბილი წყლების გამყიდველმა წყალი დამისხა,
მე მას გავეხუმრე, მან ხუმრობაზე გაიღიმა
და გამოაჩინა დამპალი კბილები. მე გული ამერია,
ვინანე ხუმრობა.
* * *
მე დავახტი გაქანებულ ტრამვაის. შევვარდი შიგ.
ხალხმა შემომხედა, როგორც შემოხედავენ მოულოდნელ
სტუმარს
* * *
კრება.
აცხადებენ: - სიტყვა მოხსენებისათვის ეკუთვნის
ამხანაგ ხაჭაპურიძეს. მე ვგრძნობ შიმშილს და კრებას
ვტოვებ.
* * *
მე მოვინდომე ჩემი ბავშობის ხელახლა განცდა
და ჩავდექი რიგში.
* * *
გასტრონომი. რიგი.მოლოდინი.
ხალხი გამოდის გასტრონომიდან.
მსუქან ქალს მოაქვს ხორცი და უხარია.
მე არ მშია და ვერ ვიზიარებ მის სიხარულს.
* * *
ბაღში სიცარიელე, ღამე, ისე უინტერესო, რომ ზეცაში ახედვა არ გახსენდება. ბაღში თითქმის არავინაა, არც კახპა, არც პენსიონერი. თვით მილიციელიც კი არსად ჩანს. პავილიონში ორიოდე საეჭვო პიროვნება სვამს თუ უფრო თავს იქცევს. პავილიონში ვერ მივალ, რადგან გიორგი ნისიად არაფერს არ იძლევა. ასეთ დროს ძილი თუ უშველის კაცს. გავდივარ ბაღიდან.
* * *
მახსენდება: ტურების კივილი.ბებიაჩემის წყევლა. ბაბუაჩემის ჩახველება. მთვარის უძრაობა. ძაღლის თვალის უპეებში ორი პატარა მთვარე.ლეღვის ფოთლები ლეღვის უჩინარი მწიფება.ხიდან გადამწიფებული მსხლის ჩამოვარდნა. სოფლის დაძინება. და სევდის გაღვივება.
* * *
შევედი ბაღში. სკამში ჩავესვენე. ბაღში სიცხეა აუტანელი. მე ჭადრის ფართო ფოთლების ჩრდილი მადგია სხეულზე. აღსავსე ვარ სიცხით და სიზარმაცით. რადიო მომიწოდებს შრომისაკენ.მე მეღიმება და მეხუჭება თვალები. სიზმარში ვხედავ:--ხელში მიჭირავს ბარი და ხან კვადრატული და ხან ბუდობრივი წესით ვთესავ კარტოფილს.
* * *
შევედი ბაღში. სკამზე ჩამოვჯექი საყვარელზე ნერვიული წვალებით. ირგვლივ თვლემა. ჩემს გვერდით თვლემს პენსიონერი. მეც გადავდივარ თვლემაში და ვერ ვიგერიებ პატარა ბუზებს,რომლებიც ჩემს დასიცხულ სახეზე დაეძებენ დღიურ საზრდოს.
* * *
ქუჩა, ასფალტი ლიანდაგი. ასფალტზე მანქანები და ლიანდაგზე ტრამვაი, ივლისის მზე დაკიდულა შენობების სახურავებზე. მანქანამ დააფრთხო დაფიქრებული მოქალაქე. ქალს პარკიდან ვაშლი გადაუვარდა. აღება დაეზარა. ტრამვაი შუაზე გატეხა ლიანდაგმა. მე მოვუკიდე უკანასკნელ პაპიროსს.
* * *
ჩემი ეზო სამსართულიანია და საერთო წყალსადენი აქვს
როდესაც დაბლა ონკანი მოშვებულია,
მაშინ ჩვენს სართულზე წყალი აღარ მოდის.
როდესაც ჩვენ სართულზე წყალი აღარ მოდის,-
მე მგონია,რომ ქვევით,
მეზობლის ქალი მკერდგაღეღილი იბანს პირს
და მისი ძუძუები ირხევიან,
როგორც კაცის სიმაღლეზე დაშვებული ხილის ნაყოფები.
* * *
მე უჯრიან ქაღალდზე დავწერე ლექსი.
უჯრებში სიტყვები თავს გრძნობენ, ვით ციხეში.
მერე ეს სიტყვები წავუკითხე ხალხს და სიტყვები ვიხსენ
ციხისაგან.
* * *
მწერალი წერს. მწერალს კალმიან ხელზე დააჯდა ბუზი.
აიქნია ხელი და ბუზი გაფრინდა.შემდეგ დახედა ნაწერს და ხელი ჩაიქნია.
* * *
მაგიდაზე დევს სამელნე.
სამელნეში არ არის მელანი,
ან რა საჭიროა?...
* * *
მე ნაცნობს წავუკითხე ახალი ლექსი
ლექსმა გააღიმა ნაცნობი, რადგან ლექსი იყო სერიოზული,
მე კი იგი მიცნობს,როგორც ხუმარას.
* * *
გაზაფხულის მზე. სამყარო ამთქნარებს გადაღლილი, მთქნარება გამოღვიძების. დედამიწიდან ადის ორთქლი,დედამიწა უერთდება ზეცას. მზე ანათებს აღვივებული და გაჩერებული, მზე თითქოს ბუდეა ჩიტების.თითქოს ბუდეს ცეცხლი მოსდებია და დამფრთხალან ჩიტები და ეხლა დასრიალებენ დაღვრილ ზეცაში .უფრთხიან მზეს და ეშვებიან დაბლა . ავსებენ ქვეყანას სიცოცხლით და სიხარულით. მათ დანახვაზე ხეები იმოსებიან მწვანით. გაზაფხული ზეიმობს და თვრება,როგორც მეზღვაური თავზე ხელაღებული,რომელსაც მოელისდაღუპვა გარდაუვალი, რომელიც ზეიმობს და თვრება იმ იმედით,რომ მას სახელით მოელის გმირული განმეორება ქვეყანაზე და ყველა იმ გემზე,რომელიც ჯერ არ დაღუპულა. მე ასეთ ამინდში არ შეიძლება არ ვიჯდე ბაღში. ბაღში გაზაფხული ორმაგია. მე ვზივარ ბაღში და მზეზე ვთბები. ბაღში თვლემს ყოველი, ბაღში თვლემენ პენსიონერები და დაბალი ხმით საუბრობენ, თურმე სადღაც ვიღაცა აჯანყდა, სადღაც ვიღაცა დამორჩილდა. ვიღაცა რაღაცას თხოულობს. თურმე თავისუფლებას. მე ვარ ადამიანი , რომელიც მზეზე თბება.ადამიანები ფიქრობენ ადამიანებზე .მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. მე არ ვმსახურობ არსად . მე არა მაქვს პასპორტი. მე არა ვარ მოქალაქე. მე ბინა არა მაქვს. ჩემს ბინაში ცხოვრობენ ჩემი მეზობლები. მე ღამეს ვათევ მხოლოდ. მე არ მსურს ომი. არ მსურს. მე არ მსურს სიცოცხლე. მე არ მსურს სიკვდილი. მე არ მსურს არაფერი. მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. მე დავივიწყე ხალხი. მე დავივიწყე მეგობრები, ამხანაგები და ნათესავები და აღარც მათ ვახსოვარ მე. მე ქუჩაში ვეღარ მამჩნევს თვით მილიციელიც.
მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. მე ვარ ჭკვიანი ადამიანი.
* * *
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
მაგრამ დღეს ხომ სხვების დაბადების დღეც არის.
ვინ არიან ნეტა ისინი?
* * *
მე ხუმრობით გავიკეთე სათვალეები
და მოვიდა უეცრად წვიმა.
მე ვიყავ ცის ქვეშ
და მაინც თავს ისე ვგრძნობდი სათვალეებში,
როგორც ოთახში,-
ფანჯარაში მდგარი - წვიმიან ამინდში.
* * *
ღამის პირველი საათი,
ქუჩაში - არავინ.
მხოლოდ ორიოდე მგზავრი გაჩერებულა.
იქ, ალბათ, ტრანსპორტის გაჩერებაა.
ღამის პირველი საათი.
თბილისში ეს ის დროა,
როდესაც პაპიროსის თხოვა სირცხვილად არ ითვლება.
* * *
მე შორიდან გავცქერი
ხიდის მშენებლობას
და გადაღლილი ამოვდივარ
ამ ხიდზე.
* * *
თითქმის მოარბენინებდნენ კუბოს, უკან დოლ-გარმონით
მოყვებოდნენ მგლოვიარე დამკვრელები, რომლებიც საცეკვაო
მუსიკას უკრავდნენ (მხიარულს და ცოცხალს).
მკვდარი თითქმის ცოცხალი იყო და მწოლიარე ცეკვავდა.
ფანტასტიკური სანახაობა იყო.
მხიარული რიტმი ისმოდა ნერვიულად და რეკდა ტრაღიკულად,
ქეიფი უყვარდა განსვენებულს დოლ-გარმონით.
1957
* * *
ჩვენს უბანში ერთი შენობაა. მე დღეს პირველად შევამჩნიე ამ შენობის ზედა სართულის ორნამენტები. მე გამიკვირდა,რომ აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ ორნამენტებს. მე ინტერესით დავაკვირდი ამ შენობას. ქალიშვილმა,რომელიც ამ სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, მიხურა ფანჯარა. თავს გეფიცებით, ქალიშვილო, მე თქვენ არ გიყურებდით!..
* * *
ორი პატარა ბავშვი თამაშობს მზეში.
უფროსი ეფერება უმცროსს.
უფროსმა იცის, რომ იგი უფროსია მეორეზე და თანაც
იმდენად, რომ უფლება აქვს მოეფეროს მას, ე.ი. მან იცის
ისიც, რომ უფლება აქვს გაუწყრეს კიდეც, ე.ი. იგი უკვე
ადამიანი არის.
* * *
ქუჩაში მიდის მამა და შვილი (შვილი პატარაა).
ისინი საუბრობენ.მე არ მესმის მათი საუბარი.
მაგრამ სახეზე ეტყობათ, რომ საუბარი მეტად მეგობრულია.
საინტერესოა, ბავშვმა დასდო ხათრი მამას და აღმაღლდა
მამამდე თუ პირიქით - მამა დაეშვა შვილამდე.
* * *
ელბაქიძის დაღმართზე ერთი დაწესებულების ეზოდან ძლივს გამოაღწია “ტაჭკამ“ და შეუდგა დაღმართის გადაჭრას. მეტაჭკეს დიდი ულვაშები ჰქონდა და პატარა წვერი. “ტაჭკაზე“ ნაგავი ეყარა.დაღმართის ზემოდან დაეშვა ავტომანქანა “ზიმი“ . მძღოლს პატარა ულვაშები ჰქონდა და წვერგაპარსული იყო. “ზიმში“ ლამაზი ქალი იჯდა. მეტაჭკემ, სინელის გამო, სწრაფად ვერ გადასჭრა დაღმართი. მძღოლმა, სისწრაფის გამო , სწრაფად ვერ დაამუხრუჭა მანქანა და ცხენები დაფრთხნენ. მძღოლმა და მეტაჭკემ ერთმანეთს გულმოსულად შეხედეს, მაგრამ არ შეაგინეს, რადგან მძღოლის მამა მეტაჭკე იყო და მეტაჭკის შვილი კი – მძღოლი ...
* * *
წიგნებს ბევრი კითხულობს. წიგნები არავის კითხულობენ. ვაი, თქვენ, უვიცო წიგნებო.
* * *
აზრი არსებობს მცდარი და ჭეშმარიტი. უფრო კი მცდარი. ეს აზრი ჭეშმარიტია.
* * *
მე ვეწევი ამხანაგის პაპიროსს და ვფიქრობ: რა კარგია, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები,რომლის ხარჯზედაც შეიძლება იცხოვროს კაცმა.
* * *
მეზობელს ფანჯარაზე ღორის სამი ბარკალი ჩამოუკიდია.
- რა იქნა მეოთხე ბარკალი? - ვკითხულობ მე.
* * *
მზე ბაღში გაბრუებულია. ადამიანი გაბრუებულია. ასეთ ამინდში ფიქრი ადვილად იბადება. ფიქრი იბადება ნელა და მიიზლაზნება. იხლართება, როგორც ობობას ქსელი. ადამიანებს „ნასესხების“ შიშით პალტოები აცვიათ. სკამზე ზის და მერყეობს ლოთი. მას თვალები დახურული აქვს. იგი ვერ ხედავს მზის სხივებს, მაგრამ იგი ხედავს მზეს, მზე გათქვეფილია სამყაროში, სამყარო მზეა. ამ მზეს სხივები არა აქვს. დახურულ თვალებში იბადებიან მზის რგოლები, როგორც ოქროს ბეჭდები და ძვრებიან ერთმანეთში. ახსენდება: შარშან გარდაცვლილ მეუღლესთან შარშანწინ იქორწინა და ოქროს ბეჭედი გაუკეთა თითზე. რადიო ლაპარაკობს ბედნიერებაზე. ამ დროს მის ტუჩებზე ღიმილი იბადება სევდიანი. თვალები ოდნავ იღება. ოდნავ აიწევს თავი რადიოსაკენ. ბაღში ჩიტები გალობენ. პატარა ჩიტი დაფრინდება სკამზე ,ცქმუტავს და ჭიკჭიკებს. ლოთის ტუჩებზე სიყვარულის ღიმილი იბადება. იგი ვერ ხედავს, რომ ჩიტი მის გვერდით დაფრენილა. იგი მას ნახევარძილში შორს, სადღაც შორს ხედავს. ლოთი ზის სკამზე და ირყევა. მის გვერდით დაფრენილა პატარა ჩიტი და ხალისით მოუთხრობს სიცოცხლის მარადიულობაზე.
* * *
მე ქუჩაში მოვდიოდი სიცოცხლეზე ფიქრით გართული. ენერგიულად ვიქნევდი ხელებს. სრულიად შემთხვევით (თავს გეფიცებით) ჩემი მარჯვენა ხელი მოხვდა მუცელში ორსულ ქალს. რომელსაც გვერდით ქმარი მიჰყვებოდა. მომადგენ და მლანძღეს. ბოდიშმა არ მიშველა.
რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში შევნიშნე იგივე ცოლ-ქმარი. ქალს მუცელი აღარ ეტყობოდა. ისინი ეტლით მოაგორებდნენ პატარა ბავშვს. როდესაც გვერდით ჩავუარე, მათ ვერ მიცნეს.მხოლოდ ბავშვმა მიცნო თითქოს და გულმოსულად შეხედა ჩემს მარჯვენა ხელს და ატირდა.მე გავწითლდი, ხელი ჯიბეში დავმალე. ვაკვირდებოდი ბავშვს და მიამიტად დავეძებდი მის სახეზე ჩემი მარჯვენა ხელის ნაკვალევს. შემდეგ ამ ფიქრებზე გამეღიმა და ღიმილში ვფიქრობდი. რა გარდაუვალი ჰგონია დაბადებულს მისი დაბადება და სინამდვილეში კი რა პატარა რამაა საჭირო იმისთვის , რომ იგი არ დაიბადოს. თუნდაც ქუჩაში სიარულის დროს მარჯვენა ხელის უფრო ენერგიულად ქნევა.
* * *
მზე ამოესვენა. ჩემი ფეხებიდან ფეხებით ამოიზარდა ჩემი ჩრდილი, ჩრდილი... მიდის და მივყავარ. იგი თავისი ფეხებით მიეზიდება ჩემს ფეხებს და მაიძულებს ვიარო.მე მსურს ვიარო და ვერ მივდივარ.ვერ დამიძლევია ჩრდილი , რომელიც დგას . ჩრდილი დაიღალა და წამოწვა და მეც მომიწვინა გვერდით, როგორც ერთგული ძაღლი. შემდეგ წამოდგა,წარზიდა ჩემი ფეხები და მაიძულა მეარა. აი,იგი მივიდა კლდესთან და გადაიმსხვრა კლდის ქიმზე.მე ვიდექ მრთელი. მზე ჩაესვენა და გადაიკარგა ჩრდილი ჩემი და მე ეხლა თავად დავატარებ საკუთარ თავს.მზე ჩაესვენა და ჩრდილი ჩემი დაედევნა მზეს.გადაიკარგა ჩრდილი ჩემი.მზემ გადაიყოლა იგი უცხო მხარეში და ჩრდილი ჩემი მოისხა სხვამ.ვინ არის იგი?
* * *
მე ოდესღაც სხვა ქუჩაზე ვცხოვრობდი.მე იმ ქუჩაზე გავატარე ჩემი ყრმობა.მე შემდეგ იშვიათად დავდიოდი ამ ქუჩაზე, ხოლო როდესაც გავივლიდი,მე მავიწყდებოდა საკუთარი სხეული. ნაბიჯი ნელდებოდა.თვალები გამოეყოფოდა სხეულს და დააშტერდებოდა ასფალტს. ასფალტიდან ამოდიოდა პატარა ბავშვი. იგი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა,ხელით მოჰქონდა ჩანთა,ჩანთით-დღიური.დღიურით-ორიანი. ამ ბავშვს გზაში ხვდებოდა მეზობლის ბიჭი სეროჟა.ბავშვი სახლში აღარ მიდიოდა. ისინი იწყებდნენ თამაშს. ეს ბავშვი კოჭს შიგ „ათიანში არტყამდა ორშაურიანს. მის პარტნიორს ფული უთავდებოდა და კაკლებს აწყობდა.გაიქნევდა სეროჟა კოჭს და კაკალი წყდებოდა ადგილიდან, ის იგებდა, ვინც კაკალს 3 ტერფზე გააგორებდა. ითვლიდა სეროჟა:ორ-ნახევარი ტერფი. სეროჟა მოუსაზრებელი ბავშვი იყო. მას მამამისის ფეხსაცმელები ეცვა, წააგებდა აბა რას იზამდა.სეროჟა აგებდა. სეროჟა ვერ იტანდა წაგებას,სეროჟა იმდენად ვერ იტანდა წაგებას,რომ ბოლოს მოისაზრებდა:მაიტა ფული და კაკლები! მე დიდი ტუფლები მეცვა. ბავშვი არ უბრუნებდა მონაგებს. სეროჟა დაინახავდა თავის უფროს ძმას და გული მიეცემოდა. სეროჟა ურტყამდა ბავშვს. ბავშვიც ურტყამდა სეროჟას.სეროჟა ილახებოდა. მისი ძმა ვერ ერეოდა ჩხუბში, რადგან ბავშვს ღონიერი ბიძაშვილი ჰყავდა.სეროჟა გალახული ბრუნდებოდა სახლში. მაგრამ ბავშვი გულჩვილი იყო უკიდურესად.იგი კაკლებს უკან უბრუნებდა სეროჟას. სეროჟა თავმოყვარეობადაკარგული ბიჭი იყო. იგი იღებდა კაკლებს და ურიგდებოდა ბავშვს.
დიახ, მე იშვიათად ავდიოდი ამ ქუჩაზე და როცა კი გავივლიდი, ბავშვი ამოდიოდა ასფალტიდან და სეროჟა გალახული ბრუნდებოდა სახლში. მაგრამ ეხლა მე ამ ქუჩაზე, კარგახანია, ერთი ახალი ამხანაგი გამიჩნდა. მე ახლა ხშირად დავდივარ ამ ქუჩაზე ამ ამხანაგთან. მე ახლა აღარ ვკარგავ სხეულს. აღარ ნელდება ჩემი ნაბიჯი. თვალები აღარ გამოეყოფა სხეულს, ბავშვი აღარ ამოდის ასფალტიდან და სეროჟა გალახული აღარ ბრუნდება სახლში.