რკინის პერანგი
და 9 სურათად.
მ ო ქ მ ე დ ნ ი
ბექა - მეფუტკრე
დარია - მისი მეუღლე
ლელა - მათი შვილები
გოდერძი - მათი შვილები
კახა - გოდერძის ტოლი
მანგია - მათი მეზობელი
შალვა - კოლმეურნეობის თავმჯდომარ
მამალხინე - მეწისქვილე
ზალიკა - მეგზური
საბჭოთა და გერმანელი სამხედრო პირბი. ხალხი.
მოქმედება სწარმოებს კავკასიონის მთებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის საზღვარზე. 1942 წლის გაზაფხულსა და ზაფხულის მიწურულში.
პირველსა და მეორე მოქმედებას შორის გადის თვეები. დანარჩენთაშორის - მხოლოდ დღეები.
პირველი მოქმედება
ძველი ერთდოლაბიანი წისქვილი. მამალხინეს საფქვავი მიაქვს ხვიმირასთან. მორგვზე დგება, უნდა ჩაჰყაროს. შემოდის მანგია, შემოაქვს საფქვავი.
მ ა ნ გ ი ა. (შეაჩერებს) მოიცა, მოიცა... არ დააყარო.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (შეჩერდება, საფქვავს იატაკზე დგამს) კაცო, ჯერ გამარჯვება არ გითქვამს და...
მ ა ნ გ ი ა. ვისია, ვის უფქვამ?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბექას, რახანია ამოიტანა.
მ ა ნ გ ი ა. (მიდის ხვიმირასთან) რა ეჩქარება, მერე დაუფქვი, ჯერ ჩემი დავაყაროთ!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. შენ? შენ რაღა წვრილშვილი აგიტირდება! ხელად ჩამოვუფქვამ!
მ ა ნ გ ი ა. ასეა, ჩემო მამახლინე, ვიცი, ვიცი... მეფუტკრეს თაფლიანი ენა აქვს... თავი შეგაყვარა?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. კაცო, რად უნდა მეჯავრებოდეს, ფუტკარს უვლის, კრაზანას ხომ არა? ესეც არ იყოს, მისი ჯერია!
მ ა ნ გ ი ა. მე მოეორედ ვეღარ ამოვალ, ჩემი დააყარე, ბექა გოგოს ამოგზავნის!
კაცო, გუშინწინ არ დაგიფქვი, მარტოხელა ხარ, სად მიგაქვს? აგიშმორდება.
მ ა ნ გ ი ა. მეწისქვილევ, მინდი აიღე, მინდი, სხვას ნუ კითხულობ.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. სტუმარს ხომ არ ელი, ამდენს რატომ ფქვამ?
მ ა ნ გ ი ა. ველოდები, ველოდები... შორი გზიდან...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (იღებს მინდს) ჰმ... რა ვიცი...
მ ა ნ გ ი ა. რამდენს იღებ, შე კაიკაცო, წისქვილის კოლექტივისაა, შენი ხომ არა.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. შენი რომ იყო, რამდენს იღებდი? ჩანახზე ორჯამიანი დააწესე, გახსოვს?
მ ა ნ გ ი ა. ეჰ, ჩემი რომ იყო, ჩემი რომ იყო.. იყო და აღარ არი. ახლა შენი ხომ არ გგონია, კოლექტივისაა!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მერე, კოლექტივი ვისია?
მ ა ნ გ ი ა. (საფქვავს ჰყრის ხვიმირაში) აბა, ბარაქა ჩემს საფქვავსა.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ნაწყენი) ჰოდა, პასუხიც შენ გაეცი.
მ ა ნ გ ი ა. გავცემ, გავცემ.. დაიცა, ნახავ.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. არ გაგიჭირდება, ისეთი ენა გაქვს. (სარკმლიდან გარეთ იმზიმრება)
მ ა ნ გ ი ა. ვის გასცქერი, ხომ არავის ელოდები?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. დილასაქეთია თვალი გზისკენ მიჭირავს. ბიჭებმა დაიგვიანეს, წუხელ რაიონში წავიდნენ საექიმო შემოწმებაზე, ვნახოთ, რა ამბავს ამოიტანენ.
მ ა ნ გ ი ა. ამბავი, მე შენ გითხრა!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. გავიგებთ ვინ წავა, ვინ დარჩება, ვის ეტკინება გული.
მ ა ნ გ ი ა. გულს არავის ატკენენ, ყველას გაგზავნიან!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ხომ იცი, ექიმის თვალი ფრთხილია, შიშობენ, ჭიანი ვაჟკაცი არ გაეპაროთ ლაშქარში.
მ ა ნ გ ი ა. რა კომისია უნდა, თითო ტყვიას ყველა გაცივებს.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (დაკვირვებით უმზერს მანგიას) შენ რა შეგაწუხებს, ნეკერჩხალივით გათეთრდი და ნაყოფი არ გამოგიბამს! (ღიმილით) ოცი წელიწადია ამ სოფელში ზესიძეთ შემოხვედი და მაინც უცხო ხარ, ვერ იქნა, ჩვენი ვერ გახდი. ახლაც არ ვიცი, ვინა ხარ. ცოლი შენ არ შეირჩინე და ... ახლა ჩვენ გვკითხე, ამ სოფელში სულერთი ძირისანი ვარ.
მ ა ნ გ ი ა. (წყენით) ღმერთმა გამრავლოთ, მე რას მაყვედრი, რა?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მოიცა, მოიცა. სიტყვამ მოიტანა, ხომ იცი...
(შემოდის ბექა)
ბ ე ქ ა. გამარჯობათ! ... წეღან, აქეთ რომ მოვდიოდი, ხევიდან სიმღერის ხმა შემომესმა, ალბათ ბიჭები მოდიან.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. წუხე კახა შემპირდა, საცაა ამოივლიან.
ბ ე ქ ა. მართლა, კახაც დაიბარეს, არა?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰო, საექიმო შემოწმებაზე კახასაც დაუძახეს.
ბ ე ქ ა. შარშან რომ დაიწუნეს, ძალიან ინაღვლა. იწყინა ტოლებს დაცილება. ჩემს გოდერძის რომ ვაცილებდით, თვალზე ცრემლი ადგებოდა.
მ ა ნ გ ი ა. მართლა, რა ისმის შენი გოდერძისა?
ბ ე ქ ა. დღეს აქ არის, ხვალ იქ, მაგრამ მაინც არის.
მ ა ნ გ ი ა. მაგარი ბიწი გაგზავნე, ბექავ, მაგარი, ჯავრი ნუ გაქვს!
ბ ე ქ ა. ეჰ, მე ჯავრი რას მიზამს, ის იყოს კარგად თორემ.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰო, იმას ვამბობდით... აი კახაზე.
ბ ე ქ ა. ჰო, ჰო, კახაზე ვლაპარაკობდით.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. შარშანდელს აქეთ უარესად ჩამოხმა კახაი. დარდს მისცა თავი. ბიჭებმა მითხრეს კომისიის შემდეგ ექიმს აუხირდა თურმე, ხომ დამიწუნეთ, ვაჟების სიიდან ხომ ამომშალეთ, ბარემ დიაცის ჩიქილაც დამახურეთ, საჩეჩელს მივუჯდეო.. ბევრი იცინეს თურმე ექიმებმა, დაუყვავეს, გული გაუკეთეს, მაგრამ...
ბ ე ქ ა. ახლაც დაიწუნებენ.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. უცნაური ბიჭია, აბა მითხრი ვისა ჰგავს?
ბ ე ქ ა. არავის... (ფიქრის შემდეგ) მართლა, არ ჩამოვიდა?
მ ა ნ გ ი ა. (ყურადღებით) ვინ, ვინ უნდა ჩამოსულიყო?
ბ ე ქ ა. არავინ. ვინ უნდა ჩამოსულიყო? საფქვავი.. საფქვავზე ვლაპარაკობთ.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. შენი საფქვავი... აი... (შეხედავს მანგიას)
მ ა ნ გ ი ა. (აწყვეტინებს) ჰო, მართლა, ბექავ, წეღან შენ გახსენებდით. კაცო, ცოტაოდენი თაფლის სანთელი უნდა მომცე.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (იცინის) ღმერთი რახანია გადადგა და შენ მაინც არ ეშვები?... სანთელს უნთებ?...
მ ა ნ გ ი ა. ღმერთისათვის სანთელი ვის დაუნთია!... ეშმას უნდა დავუნთო, ეშმას... (სდუმს)
ბ ე ქ ა. ვისა?
მ ა ნ გ ი ა. ისე მჭრიდება, კაცნი ვართ, რა ვიცი... ჰოდა, ბექავ, ნუ დამიჭერ...
ბ ე ქ ა. ეშმას სანთელი არ დაუნთო, თორემ ახლა ის გადაგიდგება!.. მოგცემ შე კაი კაცო, ხომ იცი, კოლექტივის სანთელიც კი ღვითსაა. (იცინის).
მ ა ნ გ ი ა. არა!... ერთი ძველი ქაშანურის ჯამი მქონდა. იმ დღეს გამიტყდა, მინდა შევაკოწიწო..ლ
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ჩაიხითხითებს) ჰო... ჰო.... ჰო... ილოცე, შე კაი კაცო, ლოცავს ვინ დაგიშლის, ოღონდ შენ განიწმინდე და...
მ ა ნ გ ი ა. ჰო, ცოდვიან კაცს ღმერთთან ვინ მიუშვებს... რა მეთქმის!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. არა, მანგიავ, ერთ ცოდვას, თუკი მართლა სადმე ღმერთი, ყველას შეუნდობს; კაცმა ცოდვის კვალზე არ უნდა შედგას ფეხი, თორემ...
მ ა ნ გ ი ა. (წყენით) შენ ისე ამბობ, თითქოს მე...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. არა... რაც იყო, იყო... დავეხსნათ, სიტყვამ მოიტანა.
ბ ე ქ ა. (წამოდგება) გამოიარე, სანთელს მოგცემ... (დასწყვდება ტომარას) ბიჭოს, არ დაგიფქვავს?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. არა...
ბ ე ქ ა. რატომ, ბიჭო?!.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჯერ... აი მანგიამ დააყარა!
ბ ე ქ ა. ჰო! (უსიტყვოდ შესცქერის მანგიას... უეცრად წისქვილში შემოიჭრება ფანდურის და სიმღერის ხმა)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მოდიან, ბიჭები მოდიან!
ბ ე ქ ა. დალევდნენ. მოილხენდნენ...
მ ა ნ გ ი ა. ჰო, ზოგი ჯავრით, ზოგი სიხარულით!
(მამალხინე და ბექა კარს მიაშურებენ. ისმის კართან მოახლოებული სიმღერა, სიცილი, ფანდურის ხმა. კარი იღება. პირველად შემოდის შალვა, შემდეგ კახა... კახა მოწყენილია, განზე დგება. ხელში ფანდური უჭირავს).
შ ა ლ ვ ა. გამარჯობათ! გამარჯობათ!...
ბ ე ქ ა. აბა, რას გვეტყვით, ვინ რჩება, ვინ მიდის!
შ ა ლ ვ ა. მიდიან ბიჭები, მიდიან. თითქმის ყველა მიდის. მხოლოდ აი, კახა.... კახა დაიწუნეს...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბრალია დაწუნებული ვაჟკაცი, ბრალი!
მ ა ნ გ ი ა. (კახას) მერე, მაგან დაგაღონა?
(კახა სდუმს... თავჩაღუნული ზის, ფანდურის ლარებს აწვალებს)
ბ ე ქ ა. მარტო ეგ არ იქნება... განა ჩვენ ცოტა რამ გვაწუხებს!
შ ა ლ ვ ა. რა ვიცი, კი ვერ ვათქმევინეთ რა, და! აი, მეც ხომ ვრჩები! განა მე კი არ მიმწევდა გული, მაგრამ რას ვიზამთ... განა აქ ცოტანი ვართ საჭირო.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. დაეხსენით... დარდი ვის არ შემოსწოლია. გაივლის. ომია, ყველას თავისი ვარმი აქვს!
შ ა ლ ვ ა. არა... რომ არ ვიცნობდე, არაფერს ვიტყოდი... (ფიქრის შემდეგ - კახას) ბიჭო, ხმა ამოიღე. შენ მარტო დღევანდელი ამბავი არ გიღრენს გულს... გვითხარ, გაგვანდე... რა გვქონდა ერთმანეთისათვის დამალული უწინ... ერთმანეთისათვის რამდენი რამ შეგვიჩივლია!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ღიმილით) იქნებ შეყვარებული ხარ, ბიჭო, დაგნიშნავთ... მაინც ჯარში არ მიდიხარ... თუ არ მოგდევს, მოვიტაცებთ! (იცინის)
კ ა ხ ა. (დუმილის შემდეგ) უჟმური სახე მაქვს, ჩამომტირის... გეჩვენებათ რაღაც!
შ ა ლ ვ ა. არა, ძმაო, მარტო სახე კი არა, შენ გულიც გიტირის და ჩვენც ეგ გვაწუხებს...
კ ა ხ ა. დამანებეთ თავი.. განა არ მითქვამს, მაგრამ არ მიჯერებთ!
შ ა ლ ვ ა. ვითომ ძველი ჯავრი აქამდე მოგყვა... არა, არა მჯერა!
კ ა ხ ა. ძველი ჯავრი!... განა მისი დავიწყება შეიძლება? რამდენჯერ გამოიცრუვდა იმედი!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჩემთვის რო არა გითქვამს რა, ბიჭო... როგორ არ დაგემდურო, ჩემს ხელში გაიზარდე, მუხთალმა ბედმა დედა შენ არ შეგარჩინა და მამა, ფეხიც ამ წისქვილში აიდგი და ენაც! ჩემთვის რო არა გითქვამს რა! ასეთი არ მეგონე.
კ ა ხ ა. სადაც წაველ, ყველგან.. ჩემმაოცნება დამამარცხა... ყოველთვის რაღაცას ვეძებდი. ვეძებდი და ვერ ვპოულობდი... გზას ვეზებდი და ვიკარგებოდი.. ბალღობიდან დღემდის... აი, დღემდის! დღესაც...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. სულსწრაფი ყოფილხარ... ჯერ არ გიყივლია და ხმის წასვლას უჩივი!
კ ა ხ ა. ვიცი... ზოგი სიბერეში იწყებს ცხოვრებას. მე კი... მოვრჩი...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. უჰ, წაქცეულხარ, ბიჭო! გაგთელავს ცხოვრება, გაგთელავს... რა გულჩახვეული ყოფილხარ, ცუდი, ცუდი ყოფილხარ, რატომ არ მითხარ?...
კ ა ხ ა. დღეს დავრწმუნდი და აი, ვამბობ კიდეც....
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰო, თქვი... მოთქვი.
(კახა სდუმს)
შ ა ლ ვ ა. (ღიმილით მამალხინეს) ყველაფერი შენი წისქვილის ბრალია... ყველაფერი აი, აქედან იწყება1
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რა თქვი?
კ ა ხ ა. არა... უფრო ადრე დაიწყო... არც შენ იცი, შალვა!... ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო... დამავიწყდა კიდეც, რად გამახსენეთ?... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
ბ ე ქ ა. ბიჭო, საულვაშეზე ღინღლი არ აგშლია, შენ წინ რა მდინარეს უნდა ჩაევლო!
კ ა ხ ა. (ნაწყენი ხმით) რახან ამშალეთ, ვიტყვი. ადრე გაჩნდა, უფრო ადრე, მიზეზი ჩემი გულის დახურვისა... (კვლავ სდუმს) ბალღობიდან ყველაფერს ჩემი თვალით შევცქეროდი. წეღანაც ვთქვი, ვეძებდი რაღაცას, რაც ჩემი შექმნილი იქნებოდა, ჩემი სახელი ერქმეოდა. რვა წლის ბიჭი ცას შევცქეროდი და ჩემს ვარსკვლავს ვეძებდი. ის ვარსკვლავი თავს უნდა დამდგომოდა და ჩემი შუბლი გაეშუქებინა.
შ ა ლ ვ ა. მარტო შენი?
კ ა ხ ა. ჯერ ჩემი და მერე სხვისი. ჩემი სხვისად უნდა ქცეულიყო და მაინც ჩემი ყოფილიყო... ჩემი სახელი უნდა რქმეოდა!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მერე ეგ ცუდი?
კ ა ხ ა. ცუდი რად იქნება, მაგრამ ვერ შევძელ, ვერ მივაღწიე... კლასში რომ ვიჯექ და მასწავლებელს შევყურებდი, ვოცნებობდი მომავალშ მისთვის მეჯობნა... მაგრამ რით? გმირის სახელი ჩემი ოცნება იყო, ყოველი წაკითხული წიგნი ჩემს წიგნს მაგონებდა, რომელი დაუწერელი იყო... არც დაიწერბა.
(სდუმს. ფიქრობს)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მერე, იმედი რამ დაგიკარგა?
კ ა ხ ა. შალვა, ძმაო... შენ წეღან ეს წისქვილი ახსენე, შენ ხომ იცი, რაღად მეკითხები?
შ ა ლ ვ ა. (მამალხინეს) როგორ აგიხსნა... აი, კახამ მარადი წისქვილი მოიგონა!
კ ა ხ ა. ამაოდ... ვერ მოიგონა. დამარცხდა. თურმე კახა ამაოდ დაშვრა...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რაო. რა მოიგონა?
შ ა ლ ვ ა. წისქვილი... მარადი წისქვილი!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. წისქვილს რაღა მოგონება უნდოდა!... ჩემი წისქვილი მარადია... სულ ბრუნავს, სანამ წყალი ბორბალს სცემს!.
კ ა ხ ა. (ღიმილით) წყალი რომ დაშრეს?...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. უწყლოდ წისქვილს რა ააბრუნებს? წყალი რომ დაშრება, ბორბალიც გაჩერდება!
შ ა ლ ვ ა. კახას წისქვილს კი თავისით უნდა ებრუნა, მუდამ, შეუჩერებლივ, უწყალოდ...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ქარის წისქვილებიც არისო, ამბობენ...
შ ა ლ ვ ა. ოჰ, არა!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ვხედავდი, მუდამ რაღაცას ჩიჩმაგურობდი, მაგრამ თუ ეშმაკის წისქვილს იგონებდი, ეგ კი არ ვიცოდი, (იცინის) შენა, ბიჭო, ღმერთს ხომ არ გადაუდექ?
კ ა ხ ა. (ღიმილით) ვცდებოდი, პაპა, ვცდებოდი... გავმარტოვდი. ფიქრს მივეცი თავი, ოცნებას მივენდე და თვალი მოვხუჭე. მეგონა, ძალა მეყოფოდა... რამდენი წლის ოცნება გაჰქრა... რამდენი ღამე გავტეხე... მეგონა მთაზე ვიდექ, ჩემს ვარსკვლავს ვწვდებოდი ხელით... (ფიქრის შემდეგ) ეხ... თბილისს ჩავედი, ჩავიტანე ჩემი ნახაზები, ჩემი ნაფიქრი... მაგრამ იქ რომ ჩავედი, დავპატარავდი, დავიკარგე, ის მთა სადღაც გაჰქრა... ტკბილად, ღიმილით დამარიგეს... გამბედაობა მომიწონეს, თან იმედი გამომატანეს და გამომისტუმრეს. აი, ასე გათავდა ყველაფერი...
ბ ე ქ ა. ჰე, ჰე, რა ყოფილა ეს ბიჭი... მერე?
კ ა ხ ა. მერე ხომ ომიც დაიწყო, თავს მტერი დაგვესხა, სხვა გზა გამოჩნდა.. მე იარაღი მინდოდა, იარაღი, რომ მტერს შევბმოდი, მაგრამა აქაც დავმარცხდი, დამიწუნეს... გული, ეს ზღვა გული სუსტი ყოფილა. ჩიტისა ყოფილა!...
შ ა ლ ვ ა. არა, ჩემო კახა, სხვა ჯავრი გალაპარაკებს. ყველაფერი არ გათავებულა. ამ შემოდგომაზე.. (წამით შეჩერდება) ჰო, ამ შემოდგომაზე თუ არა, გაისათ მაინც, თბილისში გაგზავნით, სწავლას დაასრულებ... ბინას შეგპირდნენ, სტიპენდიას მოგცემენ, ჩვენც დაგეხმარებით, სხვა რაღა გინდა?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰოდა, გულს ნუ გაიტეხ. შენც იმედს მისდიე. ერთი თუ არ გამოგივა, სხვა სცადე... ბევრჯერ მომშლია წისქვილი: აქედან თუ არ ააბრუნებს, იქიდან მივუგდებ წყალსა - თუ არც ეს უშველის, სულს შევუბერავ, სულსა. ისე ავაბრუნებ!.... სხვას რას უჯერებ, ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა.
(წისქვილში ერთხანს დუმილია. მანგია წამოდგება.
ხვიმირასთან მიდის).
მ ა ნ გ ი ა. ხრიალებს, ჩამოსულა... (ფქვილს ჰყრის ტომარაში) ახლა ბექას ჩამოუფქვი, აბა, არ აწყენინო! (კარი სწრაფად იღება, შემოდის ლელა).
ლ ე ლ ა. მამა, სამახარობლო, სამახარობლო!
ბ ე ქ ა. რა იყო, გოდერძის ამბავია?
ლ ე ლ ა. ჰო, გოდერძის ამბავი... არა, ამბავი კი არა, აი, თვითონ გოდერძი!
(ხელს ჰკრავს წისქვილის კარს. კარის ზღურბლზე გამოჩნდება ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი გოდერძი, შემოდის, მოსდევს დარია).
ბ ე ქ ა. გოდერძი, შვილო...
გ ო დ ე რ ძ ი. გამარჯობა, მამა! (გადაეხვევიან). გამარჯობათ... ოჰ, გამარჯობა, კახა!...
ბ ე ქ ა. (დარიას) აი, ხომ მოგივიდა ვაჟკაცი!
დ ა რ ი ა. მომივიდა, მაგრამ რამდენიმე წუთით, სანახავად ამოირბინა.... მიდის...
შ ა ლ ვ ა. საიდან გაჩნდი, ბიჭო?
დ ა რ ი ა. თითქოს პირველად ვხედავდე... (იცრემლება).
გ ო დ ე რ ძ ი. ოჰ... ცრემლი არ მაჩვენო, დედაჩემო... (შალვას) ფრონტზე, ისევ ფრონტზე მივდივარ... შორს კი არა, მტერი კავკასიას მოადგა, პირდაპირ თბილისიდან მოვდივართ, უჰ, დაცხა... დედა კი ჭრელ წინდებს და ხელთათმანებს მატანს.
დ ა რ ი ა. ლოცვასაც, შვილო, ლოცვასაც...
გ ო დ ე რ ძ ი. ჰო, მართლა... შენ, შენ, მამაჩემო, ცხვარს ხომ არ დამიკლავ?..
ბ ე ქ ა. ცხვარს დაგიკლავ, შავთვალა ცხვარსა! რატომ არა!... აი, ახლავე ჩვირბენ.. ისეთ ხინკალს გაჭმევ წასვლის წინ, რომ... სანთლის არაყიც მაქვს, კრიალა... მოვილხინოთ... გზა ხომ უნდა დაგილოცოთ!...
გ ო დ ე რ ძ ი. ეჰ, მამჩემო.. განა არ მომენატრეთ! ყველა, ყველა... აი, ეს წისქვილიც, მისი ტიკტიკი, ხინკალიც, ჩვენი ფუტკრების ზუზუნიც... მაგრამ გზაზე ვდგევარ... აი... (საათს დახედავს) ახლავე უნდა წავიდე... ხომ ხედავ, შინ ვერ დავდექი... დედაც გამომყვა!
მ ა ნ გ ი ა. სად... სადა დგას თქვენი ნაწილი?
გ ო დ ე რ ძ ი. სად?... (ყურადღებით აშტერდება მანგიას) სადა და... გზაზე .... მივდივართ... ეჰ, პაპა მამალხინე, რამდენი ხანია აღარ დაგჭიდებივარ... იქ კი ძალიან გამომადგა შენი ფანდებიუ, რამდენი ფრიცი წამომიღია კისრულით, შუა სარმითაც, აბა, დამიდექ, პრაქტიკა კარგი მივიღე...
(ხუმრობით ეჭიდება)
დ ა რ ი ა. გენაცვალოს დედა, საყვარელო!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰო, დაიწყე შენებურად. აქ რო არაფერ იყავ, იქ რაღა ღმერთი შეგეწია? აბა, ახლა შენ გამიმაგრდი... ბებერი ხარისაო, ხომ გაგიგონია!
გ ო დ ე რ ძ ი. გამიგია... გამიგია... მაგრამ მე მოზვერისა მირჩევნია! (უცებ მობრუნდება კახასკენ) მართლა, კახა... შენ? შენ... ისევ აქა ხარ, ბიჭო? მე კი სადღაც, შორს, ფრონტზე მეგონე... მოვიწერე კიდეც... გულის ტკივილმა თავი არ დაგანება?...
კ ა ხ ა. გული თავს არ მანებებს, არ მეშვება!
გ ო დ ე რ ძ ი. არ დაიჯერო... შალვა, ამ ბიჭს ხომ არავინ მიჩაგრავს... (შეხედავს ლელას) ჰა... ლელა? ხომ არავინ მიჩაგრავს? ... შენი წისქვილი?
კ ა ხ ა. ჩემი წისქვილი დიდი ხანია გაჩერდა...
გ ო დ ე რ ძ ი. ხშირად გიგონებდი... იქ, შორს ჩვენი ბალღობა, შენი წისქვილი, ბევრჯერ გამხსნებია. მართლაც ქარის წისქვილი იყო, ოცნება... მაგრამ როგორ გვჯეროდა, როგორ გვწყუროდა მარადი წისქილის აბრუნება, შენი გამარჯვება... ეე, პაპა მამალხინე, რომ იცოდე, რა შეთქმულებას გიმზადებდით, ჩვენ, გიჟები.. უცებ შენი წისქვილი საწირო აღარ იქნებოდა, გაქრებოდა და მინდიც შემოგაკლდებოდა!... ჰა... ჰა.... ჰა.... სულ არქიმედის ბრალია, სულ!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ეგ არქიმედე ვიღაა?...
გ ო დ ე რ ძ ი. (უცებ შეჩერდება, ისევ საათს დახედავს) მეცნიერი იყო, დიდი განთქმული! აბა, წავიდეთ... პაპა მამალხინე, მშვიდობით.. შალვა...
შ ა ლ ვ ა. არა, მეც წამოვალ.
გ ო დ ე რ ძ ი. წავიდეთ, ლელა, წავიდეთ, გზაში რაღაცას გეტყვი... მშვიდობით, მშვიდობით... კახა, ნუ მოიწყენ, საქმე აქაც ბევრია...
კ ა ხ ა. ბედნიერი ხარ....
გ ო დ ე რ ძ ი. უერთმანეთოდ, უთქვენოდ... მაინც ძნელია... (განზე გაიყვანს კახას) იცოდე, ლელას შენ გაბარებ... ათასი ხიფათი მოგელით.. მშვიდობით... მშვიდობით...
კ ა ხ ა. მშვიდობით....
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ნახვამდის, გიჟო, ნახვამდის...
(გადიან. შალვა შემობრუნდება)
შ ა ლ ვ ა. კახა, ხვალ ჩემთან ჩამოდი... საქმე მაქვს, უნდა მოგელაპარაკო... მშვიდობით. (გადის)
კ ა ხ ა. ჩამოვალ....
(რჩებიან მამალხინე და კახა. მამალხინე ერთხანს ფუსფუსებს. თან ჩაფიქრებულ კახას გადახედავს მალიმალ)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რა ბიჭია. ნამდვილი ცეცხლი... წავიდა... ასეთივე წავიდა შარშანაც, ხალისიანი, შეუპოვარი....
კ ა ხ ა. ბედნიერია...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რა იცი?... რა იცი, გულში რა ნაღველი უბრუნავს, მაგრამ არ იმჩნევს. ასეა, გულამა თვალებში გამოხედვა არ უნდა დაიწყოს, თორემ... აი, შენ კი რა ძალიან გემჩნევა! შენ სხვა ხელით ხარ ნაჭედი. შენ თვალის მაგიერ გულით იმზირები. ჩანხარ, ბიჭო, ჩანხარ... (დუმილის შემდეგ) იქნებ შენ უფრო ბედნიერი ხარ, ვინ უწყის, ბედნიერება ერთი დღით კი არ იზომება, მას სხვა ადლი აქვს....
კ ა ხ ა. ვინ იცის?!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰოდა, მაგას ვამბობ... მე სულ ვიცინი და ვიცინებ, მამალხინეს მეძახიან, ჩემი სახელი დამავიწყდა კიდეც, მაგრამ აბა გულში ჩამომხედე, იქნებ შეშინდე კიდეც...
კ ა ხ ა. სხვის გულს ვერავინ გაზომავს...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ჩაფიქრდება) რა ვიცი, იქნებ მანდ მეტი ნაღველი ბრუნავს და იმიტომ ჩანს... ეჰ... გავალ, წყალს ჩავუმატებ... დაშრა დალოცვილი, ვეღარ აბრუნებს ქვასა.
(გადის. კახა უხმოდ ზის, კარი ფრთხილად იღება. შემოდის ლელა.
კახა შეკრთება)
ლ ე ლ ა. მამაჩემს სიხარულმა საფქვავი დაავიწყა... იფქვის?.. (ჩახედავს ხვიმირას) რა ნელა იფქვის...
კ ა ხ ა. რა ეჩქარება!...
ლ ე ლ ა. (ამოიოხრებს) წავიდა ჩემი გოდერძი, წავიდა... ნეტავ როდის, როდის დაბრუნდება!
კ ა ხ ა. ლელა... ლელა!... ნეტავ ვინ იდარდებს, ვინ ამოიხორებს, აი, მე რომ წავიდე?...
ლ ე ლ ა. (დუმილის შემდეგ) იქნებ მოინახოს ვინმე... თუმცა შენ შენი ოხვრაც გეყოფა... მე...
კ ა ხ ა. არა... არა, არაფერს გთხოვ. ისე ვთქვი... შენ რად ინაღვლებ ჩემთვის... ოჰ, რა სასაცილო ვიყავ. ყველა ციცინათელას მისდევსო, ნათქვამია, რა ბრძენია ჩვენი ხალხი, რა კარგად უთქვამს... მეც შენ მოგდევდი, შენ... შენს ღიმილს მოვდევდი. რა ვიცოდი, თუ ეს უმანკო სხივი ჩემთვის არ აშუქებდა...
ლ ე ლ ა. (მიდის კახასთან) რად ამბობ ამას... რა არის ეს... მე ვაჟკაცისთვის ფიქრი ამიმღვრევია, მას ჩემთვის უდარდია... დაცემულა...
კ ა ხ ა. (დაფიქრებით) არ უნდა თქვას ენამ, რაც გულს არ უნდა... არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ... (ფიქრის შემდეგ) მაგრამ გულმა გამოიხედა... გულმა და იმან თქვა...
ლ ე ლ ა. (გაუბედავი ღიმილით) კახა... კახა... მე შენთან რღაც დამაბრა გოდერძიმ.
კ ა ხ ა. რა? მითხარ!
ლ ე ლ ა. გეტყვი... (ღელავს, დადის წინ და უკან) აი, რა... (თავს გადაუწევს და ჰკოცნის თვალებში) აი, რა დამაბარა...
კ ა ხ ა. ლელა, ლელა!
ლ ე ლ ა. დაიცა... იმან დამაბარა, ჩემს მაგივრად აკოცე ჭკვიან თვალებშიო... კახა, კახა.. შენ ხომ ჩემთვის არაფერი გითქვამს... მაგრამ წეღან რა კარგად თქვი, გულმა გამოიხედაო... შენი გული იხედებოდა, იხედებოდა ჩემს გულში, ვგრძნობი, მაგრამ ხომ არ გეტყოდი. აი ახლა კი რახა დამაბარა, გითხარ... გითხარ, იმიტომ რომ ეს შენთვის ახლა იყო საჭირო, ახლა... ალბათ, გოდერძიმაც ასე იფიქრა.
კ ა ხ ა. მიმიხვდით, არა?... მართლაც, ძლიერ მიჭირდა... მოვიქანცე...თავთან ბრძოლით, ძებნით....
ლ ე ლ ა. (თანაგრძნობით) ვერ მიაგენ?... საბრალო... შუქურაც ხომ არ ჩაგიქრა?
კ ა ხ ა. არა, არ ჩამქრალა... მაგრამ ხანდახან იმედი მტოვებს... არა, მე მწამს, მჯერა... ჩემს შუქურას კავკასიონზე დავდგამ. ის ჩაბნელებულ ხეობებს გააშუქებს.. აი, ნახავ, ამას კი მომიწონებენ, ვიცი, მჯერა-მეთქი... ეს უკვე ბავშვური ოცნება არ არის... ეს არის, რომ გზას მირევს... მე სწავლა მწყურია...
ლ ე ლ ა. აგერ, კახა, აგერ... გულს ნუ გაიტეხ... მე მჯერა შენი... შენ გაიმარჯვებ, ყველგან, სადაც იქნები... ვიცი, გული ასე ამბობს.
კ ა ხ ა. (აღტაცებით) რაღაც სიმსუბუქეს გრძნობს გულიც, მარტო ენა კი არა... შენ გზა გამიშუქე.... რა არის ერთი კაციო - იტყვიან. რატომ არ არის?... დაბალია? ... მთაზე შედგება, ცას შესწვდება ხელით!...
ლ ე ლ ა. აი, ასე, ჩემო კახა... აი, ასე უნდა... უნდა ახვიდე იქ, მაღლა, უნდა შესწვდე!
კ ა ხ ა. მინდა... მწყურია... იქ, ზევით. ოღონდ შენ გამიშუქე გზა, შენ.
(წისქვილის კარი იღება. გამოჩნდება მეწისქვილე, ქალ-ვაჟი შეკრთება)
ლ ე ლ ა. (დარცხვენით) მე წავალ... საფქვავისათვის მამა ამოვა.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. არა, მე წავალ, მე... წყალს კიდევ ჩამოვუმატებ.
კ ა ხ ა. არა... მამალხინე... მოდი, მოდი, დალოცე შენი შვილები....
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. განა ვერ ვხედავდი?... ვხედავდი... ყველა ვხედავდი.... თქვენ კი, ჰაი, თქვე ეშმაკებო, ამ ნანგრევს რას შემოეჩვიეთ... გლოცავდეთ, შვილო, ღმერთი! აჰა (ჰკოცნის ორივეს!).... ნეტავ, ის ბიჭიც, გოდერძიც აქ იყოს!
ფ ა რ დ ა
მეორე მოქმედება
პირველი სურათი
მარცხნივ ბექას სახლი დაბალი მესერით. სახლის გვერდზე ძველი კოშკი, გრძელი - ხავსიანი ქვის კიბით, რომელიც კოშკის კარისკენ მიემართება. მარჯვნივ გამანადგურებელი ბატალიონის შტაბის შენობის ავინის ნაწილი. მოჩანს და ღია ფანჯრები.
ბექას სახლსა და შტაბის აივანს შორის სცენის სიღრმეში კავკასიონის ქედი... მოჩანს კლდეკარი.. კლდეკარის დასალიერში ხიდის კონტურები. შტაბის აივანზე ფუსფუსი. გამოდის შალვა. ცას უზმერს. ისმის თვითმფრინავების გუგუნი აივნის წინ, სოფლს მოედანზე ხალხი ირევა. გამოჩნდება მამალხინე. აივანზე ადის შეჩერდება შალვას წინ.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მაშ, გადაწყდა, მივდივართ?
შ ა ლ ვ ა. მინდის ხორბალი ტომრებში ჩაჰყარე... ჰო, ჯერ აწონე და გაამზადე... მივდივართ... ბრძანება მივიღე, ხვალ სოფელს ვტოვებთ...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ყველაფერი გავამზადე... ურმებზე დაწყობაღა უნდა...
შ ა ლ ვ ა. ვერ შემოვა, მაგრამ ჩვენი აქ დარჩენა აღარ შეიძლება, ფრონტი ახლოა... მალე აქ ჩვენი ჯარები შემოვლენ... კახას დამიძახეთ... ჩქარა!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰეი, კახას დაუძახეთ!...
ხ მ ა. სად არის, სად?!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მოძებნეთ... დაუძახეთ!
შ ა ლ ვ ა. ბექასაც დაუძახეთ!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ვერც ახლა შემოვა! ჭინჭველს ღმერთი გაუწყრება, ფრთები მხრებში ამოუვა, ზეცას ასვლა მოუნდება, სული გზაში ამოუვა... აი ნახავთ თუ არა... მათზეა ნათქვამი..
შ ა ლ ვ ა. ეჰ, მამალხინე... მამალხინე... ოხუნჯობა?...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რა ვქნა? ხურმობა ხომ იცი, თუ დაიძრა, თავს ვერ დაიჭერს... აი, კახაც...
შ ა ლ ვ ა. ოჰ, კახა. მოხვედი? ბექა რაღა იქნა?... სოფლის არქივში ჩადი, ქაღალდები გადაარჩიე... ზედმეტს ნურაფერს ავიკიდებთ...
კ ა ხ ა. ახლვე... ბექა მალე მოვა... (მირბის)
შ ა ლ ვ ა. ჰო, მართლა, მერე ისევ ჩემთან ამოდი... (ჩუმად, მამალხინეს) რასაც ვერ მოვერევით, უნდა გავანადგუროთ....
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჩემს წისქვილს ფეხსა ვკრავ და ხევში გადავჩეხავ, გგონია, გამიძნელდება... ახრამუნონ მერე გერმანელებმა ფხიანი ქერი!...
შ ა ლ ვ ა. მწყემსებს დაუძახეთ... საძოვრებიდან ცხენები და ცხვარ-ძროხა გამორეკონ, ურმები გაამზადონ, ადვილად სატარებელი და ძვირფასი დაუწყონ... ეჰ, მივრბივართ... მივრბივართ....
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ხანდახან, ლხინსა და შექცევას, გაქცევა სჯობს.. გაქცევა იმათი ნახე, თორემ ჩვენ ამ მიწაზე ამოგვხდება სული!...
(შემოდის მანგია, ხელში ახალი ხონჩა უჭირავს... მამალხინეს გაოცებით უმზერს)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. კაცო, ეს რა არის!... ხონჩა! უღელი და უნაგირის ტახტი მინახავს შენი ხელით გათელილი, მაგრამ ხონჩა... ხონჩა რამ გაგათლევინა?
მ ა ნ გ ი ა. გამარჯობათ!... (ღიმილით) სულ სხვებს ხომ არ დავადგამ? ერთხელ მეც უნდ დავიდგა!... ქალაქში მინახავს... ასე იდგამენ თავზე!
შ ა ლ ვ ა. ამის გული გაქვს?....
მ ა ნ გ ი ა. მომეხალისა. გუშინწინ დავიწყე და ორ დღეში გავთალე... მაგრამ რა გამოვიდა. ამოდენა ტყე ზურგზე გვკიდია და ერთი კუნძისთვის ქვეყანა შემიყარეს!
შ ა ლ ვ ა. ვინ?
მ ა ნ გ ი ა. რა მოხდა, ტყეში ხე აღარ წაქცეულა? ვინა და კახამ. ახლაც ამისთვის გეახელით. ისედაც ბევრი გვაქვს სადარდელი...
შ ა ლ ვ ა. მაშ, უჩივი კახას?...
მ ა ნ გ ი ა. არა... კი არ ვუჩივი...შემოგჩივით...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ნეტავი შენ... კაცო... (გაჩუმდება)
(შემოდის კახა და ბექა)
შ ა ლ ვ ა. კაი დროს მოხვედი!
კ ა ხ ა. რა მოხდა?
შ ა ლ ვ ა. აი, მეზობლები გიჩივიან!
კ ა ხ ა. ვიცოდი, დამასწრებდი! მაგრამ მაინც არაფერი გითხარით წეღან.. კაცო, ამ ტყეში გავიზარდე, ყველა ხეს ვიცნობ... ისეთი მაინც მოსჭერი, რომ არც ცას შებრალდეს და არც ქვეყანას! ისეთს ამოარჩევენ, რომ გულს მოგიკლავენ: ლამაზს, მშვენიერს, ტყის თვალს... ერთი ცაცხვი იდგა გზის პირას, მეგობრად მიმაჩნდა, თავს ვევლებოდი, გოდერძის მახსენებდა, შევხაროდი, ყვავილობის დროს, ფუტკარი რო გამოიმღერებდა და დაეხვეოდა, გულს ახარებდა მათი ზუზუნი.. დედისაერთას ვეძახდი, სწორედ ის არ წამიქცია, ამ, ამ.. დალოცვილმა! ავდექ და რაც ეკუთვნოდა, ვუთხარი...
შ ა ლ ვ ა. კარგი გიქნია!
კ ა ხ ა. მერედა ხეა, კაცი ხომ არა! ვერც დაიკვნესებს, ვერც - არას იტყვის, ეტკინება კი, ჩემმა მზემ, ეტკინება! მერე რისთვის... განა ფანდურებს დასთლის, რომ გულსაც აამოს და ყურსაც, ან.... ეჰ, დამანებეთ თავი, გული მატკინა, გული....
მ ა ნ გ ი ა. ცუდი ხონჩაა?...
კ ა ხ ა. მერე რად გინდა? ბაზარში ჩაიტან და სამ მანეთად გაჰყიდი! ტყემ რაღა ჰქნას, თვალი რომ გამოსთხარე, დედისერთა რომ წაუქციე?!
ბ ე ქ ა. ოღონდაც....
მ ა ნ გ ი ა. თქვე კა კაცებო, სროლის ხმა არ გესმით? რამდენ ხეს წააქცევს ერთი ყუმბარა... რა მოხდა, ერთი ხე მოვჭერი და ქვეყანა შემიყარე?!
ბ ე ქ ა. (წინ წამოდგება) გერმანელებმა შეიძლება მთელი ტყეც გადაგვიწვან, მტრები რდ დაგვზოგავენ! შენ?.. შენ რად სჩადი იმას?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ჰო, შენ ხომ მტერი არ ხარ, ჰა?
მ ა ნ გ ა. მტერი რად ვიქნები! (დახედავს ხონჩას) საღამოზე ჭოპოსანს გადავუსვამ და მორჩა!
ბ ე ქ ა. საოცარია. დღეს-ხვალ ავიყრებით. ვინ იცის რა გველის, ვის ხელში ვცვივით და...
მ ა ნ გ ი ა. სულ ხომ არ დავწყდებით... მომავალზე უნდა იფოქროს კაცმა. მოლხენის დროც დადგება. ტაბლაზე პურმარილს დავაწყობ, არაყს, სატკბილობელს. სანთლებით გავაშუქებ. დაგპატიჟებთ. ნახავთ თუ არ გაამებთ!
შ ა ლ ვ ა. (მანგიას) ეგ ვნახოთ... მაგრამ ახლა ბექას რომ გაჰყვე, უკეთესი იქნება...
მ ა ნ გ ი ა. სად? სად უნდა გავყვე?
შ ა ლ ვ ა. თაფლი ჩაასხით კასრებში...
მ ა ნ გ ი ა. თაფლი?
შ ა ლ ვ ა. დიახ...
(ჭიშკარს გამოაღებს დარია. მოსდევს ლელა)
შ ა ლ ვ ა. ლელა... შენმა გოგონებმა რა ჰქნეს, როგორაა საქმე?
ლ ე ლ ა. კარგად, შალვა... ყველა ფეხზე დგას....
დ ა რ ი ა. ვაი ჩემს მოსწრებას, სად მივდივართ, სად?.... ვისი ხიზანი უნდა გავხდეთ, ვინ შეგვივრდომებს?!.
ბ ე ქ ა. შინ შედი და ჩაალაგე...
მ ა ნ გ ი ა. სად მიხვალთ, კაცო?... სად? რა ამბავია?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. განა არაფერი შეგიტყვია?... სადა ხარ... კამეჩის რქაში ხომ არა ზიხარ, კრებაზე არ იყავი?
მ ა ნ გ ი ა. შინ ვიჯექ... ამას გადავყევ....
დ ა რ ი ა. ვაიმე, შვილო, შვილო გოდერძი, სადა ხარ. სად დარჩი? მტერი ჩადგა ჩვენს შორის..
მ ა ნ გ ი ა. ვითომ ასე ახლოა, ასე ახლოა მტერი?
ბ ე ქ ა. ახლოა...
მ ა ნ გ ი ა. (ბექას) განა არ აჯობებს მტერს შევაკვდეთ. აი აქ დავიხოცოთ, ეს გაქცევა, რაღაც... (ჩუმი ხმით) ამბობენ ისინი მხოლოდ ჯარებს ებრძვიანო... ესეც არ ყოს, განა რამდენ ხანს დარჩებიან?
ბ ე ქ ა. (დაცინვით) მართლაც, ერთ წელიწადს ნიორიც კი შეინახავს თავს მიწაშიო... ნიორი თუ მიწაში გასძლებს, ჩვენ რაღა ღმერთი გაგვიწრება! ჰა?
მ ა ნ გ ი ა. მიკვირს, ბექავ, თითქოს არ მიცნობდე... მოგდევთ, მაგრამ ეს სახლ-კარი, ვის, ვის დავუტოვოთ?
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. სახლ-კარს არც ჩვენ ვიკიდებთ ზურგზე...
ბ ე ქ ა. თუ საჭირო იქნება, ცეცხლს წავუკიდებ, ცეცლს, წყალს მივცემ!...
მ ა ნ გ ი ა. ხუმრობთ?... განა რამდენ ხანს იქნებიან... წავლენ, თან ხომ არ წაიღებენ...
ბ ე ქ ა. განა მე გული არა მტკივა! ვის აშენებულს ვუკიდებ ცეცხლს? ვის თავხესა ვწვავ? ვის ჭერს ვამხობ? რას ამბობ, რასა?... გერმანელი ჩემს სახლში შევიდეს, ჩემს კერაზე გათბეს, შეჭამადი ადუღოს.. მერე გაიქცეს და მე დამიტოვოს, ბექა დაბრუნდებაო... დიახ, ის წაუკიდებს ცეცხლს, თუ მე არ დავწვი... თუ იმას უფრო დაენანება ჩემი ჭერი?
მ ა ნ გ ი ა. ჰო, რად დაენანება!
ბ ე ქ ა. ჩვენ თუ ვერ შევესწარით, ჩვენი ბიჭები დაბრუნდებიან, მიწა ხომ დარჩება... ჩვენი მიწა... ვენაცვალე მის მადლს... აი, ამას ვერც დასწვავენ და ვერც წაიღებენ... ჩვენი მამა-პაპა ამ მიწაშია ჩასული, ჩვენც აქ ჩავყრით ძვლებსა... თუ ვერ შევესწარ, ხურჯინით ამოიტანენ ჩემს ძვლებს და აქ დამმარხავენ...
მ ა ნ გ ი ა. ადრე გეთქვათ, თქვე კაი კაცებო!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რა? რა გვეთქვა?...
მ ა ნ გ ი ა. აი, წასვლაზე ვამბობ... მოვემზადებოდი...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. რომ მცოდნოდა, მგელი ციდან ჩამოვარდებოდა, ძაღლს გულაღმა დავაწვენდიო, შენ ისე ამბობ... (მიირბენს შალვასთან, რომელიც გამოვიდა აივანზე) მე წავალ, წისქვილს თივას შემოვუწყო, ამაღამ ტალკვესს გავმართავ... დილაზე კი ალური კუდიანებსა... გადავწვავ! (გარბის)
ბ ე ქ ა. წავიდეთ! ... (ბექა და მაგნია გადიან)
შ ა ლ ვ ა. მეურნეებს დაუძახეთ!...
(შემოვარდება რამდენიმე გლეხი)
ხმები:
I გ ლ ე ხ ი. თავს უშველეთ, თავს!....
II გ ლ ე ხ ი. მტრის თვითმფრინავები... შეხედეთ. შეხედეთ!
III გ ლ ე ხ ი. რაღაცეებს ყრიან!...
(შალვა შემრკთალი შეაჩერდება ცას, ძლიერება მოახლოევებული თვითმფრინავების გუგუნი და ხალხის ხმაური. შალვა ოთახში შედის. ყველა კარს მისჩერებია. თანდათან დუმილი მყარდება. ჩუმი მოლოდინი და ჩურჩული).
- თავს გადაგვიარეს და გადაფრინდნენ!...
- ჭალაში ყუმბარები ჩამოჰყარეს!
- არა, არ აფეთქებულა... ყუმბარები არ იყო!...
- შეხედეთ, შეხედეთ, ხალხო... ქოლგები, ქოლგები!...
- პარაშუტისტები! პარაშუტისტები!...
(დაბნეულობა მატულობს. ყველა აქ არის, გარდა მანგიასი. ოთახის კარი იღება. გამოდის გააფთრებული შალვა. ყველა მას მიაშტერდება. შალვა დუმს. უჭირს სიტყვის თქმა)
ხ მ ა. რა ამბაია ჩვენს თავს?
შ ა ლ ვ ა. ამხანაგებო. მტერმა დაგვასწრო. მან დესანტი ჩამოსხა, გზა გადაგვიჭრა და საქართველოს მოგვწყვიტა. მალე გერმანელები სოფელში შემოვლენ... ვისაც გული და ღონე გერჩით, იარაღს მიიღებთ და ტყეს შეაფარებთ თავს... გველოდეთ, გვისმინეთ და დაგვიჯერეთ, ჩვენ დავბრუნდებით, მალე, სულ მალე!...
(მღელვარებისგან ხმა უწყდება. ხალხში მდგუმარებაა, ისმის ამოოხვრა. დარიას შეკავებული ქვითინი. შალვა მიდის მასთან)
შ ა ლ ვ ა. დამშვიდდით, მტერმა დაგვასწრო, მაგრმ ჩვენ მას დავამარცხებთ... სუ, ნუ სტირით.. დამშვიდდით...
კ ა ხ ა. (გამოდის ხალხიდან) მომეცით იარაღი.. ჩემი დროც დადგა!
შ ა ლ ვ ა. (ღიმილით) ოღონდაც, კახა... ახლა კომისიების დრო აღარ არის...
ხ მ ე ბ ი. მეც... მეც... მეც...
ლ ე ლ ა. (გამოდის ხალხიდან) მე მომეცით ნება!
შ ა ლ ვ ა. მერე, დედა?... არა, შენ დარჩები...
ლ ე ლ ა. რატომ შალვა, სროლა მეც შემიძლია...
შ ა ლ ვ ა. არა... ვიცი... მაგრა, ეს საჭიროა, გაიგებ!
ბ ე ქ ა. (ხელს გადაჰხვევს მამალხინეს) ჩვენც ბებრები...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (აჩერებს) მოიცა...
შ ა ლ ვ ა. (ახალგაზრდებს) წადით, მიიღეთ იარაღი!
(ახალგაზრდები გადიან. სალვ მიდის ბექასთან და მამალხინესთან). ჰა, როგორ იცით ხოლმე, ბებერი ხარისა, რქანიც კი ეწევიანო! აბა, ახლა გვჭირდებით, ბებრებო! ბექა... ბექა... მამალხინემ იცის... დადგა დრო განდობისა... გენდობით და უნდა გაგენდოთ... თქვენ სოფელში უნდა დარჩეთ და ხალხს სამსახური გაუწიოთ, ფარულად, ჩუმად...
ბ ე ქ ა. მერე, მე... შევძლებ? იქ, ტყეში, თქვენთან უფრო გამოვდგები!
შ ა ლ ვ ა. არა, შეძლებსო, ასე თქვეს. უნდა დარჩე და ყური ჩვენსკენ გეჭიროს.
ბ ე ქ ა. ჩემი გული...
შ ა ლ ვ ა. ვიცი, ერთგული გული არ გაორგულდება, ვიცი და სწორედ ამიტომ...
ბ ე ქ ა. მიჭირს, მაგრამ... აი, როგორ უნდა შევხვდეთ?... როგორ უნდა მოვიქცეთ, ძნელია!
შ ა ლ ვ ა. (უმზერს მამალხინეს) მამალხინემ იცის, გეტყვის...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. თქმა რაღად უნდა: ტაში ასწავლის შუშპარსა.. (ფიქრის შემდეგ) არ იცი, ძველო, მტერსა შენსა ულოცავდეო!
ბ ე ქ ა. ჰო, გამიგონია... უნდა ულოცავდე, უნდა მიეგებო, თუ სხვა გზა არა გაქვს, უნდა უცინოდე კიდეც!...
შ ა ლ ვ ა. მაგრამ, მონად არ უნდა გადაიქცე, თორემ როცა დრო დადგება, ფეხზე ვეღარ წამოუდგები!
ბ ე ქ ა. ამინ!... ამინს!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. გულში ჩაითქვი და წმინდად შეინახე: დღეიდან მარტო მეფუტკრე კი არა, ხალხის სარდალიც ხარ. ფუტკარიც შენ გებარება და ხალხიც!...
ბ ე ქ ა. ამინ!... ამინ!...
შ ა ლ ვ ა. შენს ეჭვს ვერ აიღებენ, წყნარი, თავმდაბალი კაცი ხარ... მტრის ცხვირწინ უნდა იტრიალო, თუ გინდა თავი გადაირჩინო და საქმეც აკეთო!
ბ ე ქ ა. აჰა... თქვენი ვარ... ძაან კი შემომიტიეთ!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ნუ შიშობ... ზამთარი შემოტეული ჯობს, მალე აიკრიფება... ისე იყავ, ვითომ არა ხარ...
(შემოდიან იარაღასხმული ახალგაზრდები)
შ ა ლ ვ ა. აბა, დადგა წუთი განშორებისა... რაღაც ათიოდე კომლი ხართ, შეინახეთ ერთმანეთი, დაიცავით, უფრო შეიყვარეთ!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (სევდიანი ღიმილით) ჩამოირბინეთ ხოლმე, ბიჭებო, წისქვილში... ურიგოდ დაგიფქვამთ.. ზრაპრებს გიამბობთ... ბექა თაფსა და არაყს დაგახვედრებთ, ვაიმე, ვაიმე, შვილებო, მშვიდობით!...
(ხალხიდან გამოდის დარია. იგი თვალცრემლიანი მიუახლოვდება ახალგაზრდებს)
დ ა რ ი ა. დამილოცავს გზა, შვილებო... როგორ ჩემს გოდერძის, ლოცვა-კურთხევას გიმძღვარებთ... მშვიდობით, კახა!...
კ ა ხ ა. მშვიდობით, დედა!...
(ლელა და კახა ცალკე)
ლ ე ლ ა. კახა. კახა... მშვიდობით, კახა... იქნებ გოდერძი შეგხვდეს სადმე, იქნებ ბედმა ერთმანეთს შეგყაროთ... აკოცე, ჩემს მაგიერ ცოცხალ თვალებში.... აი ასე, აი ასე.. მშვიდობით, ჩემო გმირო!...
კახა. მშვიდობით, ლელა...მომიგონებდე გოგო... მშვიდობით, მამალხინე!
(ყველა გადის მამალხინეს გარდა)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (მარტო) ეჰე, ჰე, ბიჭებო, მიდიხართ, მიდიხართ! ნეტავ რას შეგყრით ბედი, რას შეგამთხვევთ? ეჰ, ჩვენო იმედნო. თქვენთვის ვიცხოვრეთ ჩვენ, ბებრებმა ამ ტიალ წუთისოფელში, თქვენთვის ვიხარეთ, თქვენთვის ვიტანჯეთ, ნუთუ დაგვენგრა მართალი ხელით აშენებული ჭერი, ნუთუ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს? ეჰ, ბიჭებო, ბიჭებო.. ეს რა არის, ცრემლია? ჰაით, გულო, რას მეტირები, ჩუ, იყუჩე!..
მეორე სურათი
ტყე... თვითმფრინავები გუგუნით გადაივლიან. სიჩუმე. ეშვება გერმანელი პარაშუტისტი. დაშვება მარცხიანია. პარაშუტი ხეს წამოედება. გერმანელი ეხეთქება მიწას. ისმის კვნესა. გერმანელი ცდილობს წამოდგეს. ისევ ეცემა. ტყიდან გამოდიან შალვა, ფეხდაფეხ მოსდევს კახა.
შ ა ლ ვ ა. არ დაგაცდი ფეხზე წამოდგომას! (ეპარება, ისკუპებს და ხელს გაუკავებს) ფრთხილად, თორემ მოკვდები!
(გერმანელი ფხიზლდება, გაიბრძოლებს. შალვა კახას დახმარებით კვლავ გააკავებს. ხანჯალს იშიშვლებს... ისმის გერმანელის ბურტყუნი).
გ ე რ მ ა ნ ე ლ ი. ნუ მომკლავთ!.... ნუ!
კ ა ხ ა. მოიცა... ნუ მოვკლავთ. ხელ-ფეხი შევუკრათ და მოვიტაცოთ... გამოგვადგება, ენას დაიგრძელებს...
შ ა ლ ვ ა. (მკერდზე მუხლს დააბიჯებს... გერმანელს გული უწუხს) მართალია... მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ღონიერი აღმოჩნდა და მაიძულა.
კ ა ხ ა. ქამარს შემოვიხსნი.. შევკრათ... მოიცა, ხმაური ისმის. (შემკრთალი) გერმანელები მოდიან! (შალვა გერმანელს უნებურად ხელს უშვებს. გერმანელი უგრძნობლად ეცემა).
შ ა ლ ვ ა. კახა... გავერიდოთ.. ბევრნი რიან. ჩქარა!
(გარბიან. ისმის გასროლა. დაჭრილი კახა ეცემა. შალვა დასწვდება).
შ ა ლ ვ ა. კახა, კახა, რა დაგემართა, ბიჭო?! (შალვა ცდილობს კახას წამოყენებას, მაგრამ ამაოდ)
კ ა ხ ა. წადი, შალვა, წადი!
შ ა ლ ვ ა. მერე შენ მტრის ხელში დაგტოვო? არა, არა. ძვირად გავყიდი ჩემს სიცოცხლეს!
კ ა ხ ა. გევედრები, გაფიცებ, უნდა წახვიდე, უშენოდ ყველაფერი დაიღუპება, ჩქარა!
შ ა ლ ვ ა. არა, არა!
კ ა ხ ა. (ამოიღებს უბიდან ქაღალდებს) არადა, ამ საიდუმლო ქაღალდეს ვის ხელში აგდებ, შტაბში გელოდებიან. აჰა, წაიღე, გადაარჩინე! (შალვა გამოართმევს ქაღალდებს, სდუმს)
შ ა ლ ვ ა. მერე შენ?
კ ა ხ ა. მოდიან, გესმის? მე როგორ დავაღწევ თავს. წადი, წადი...
შ ა ლ ვ ა. რა ვქნა? (ყოყმანობს, ისმის ხმაური) მშვიდობით, კახა... არ გატყდე, თავი არ წააგო, ბიჭო! (ეფერება ხეებს)
(შემოდიან გერმანელი პარაშუტისტები... ისინი შენიშნავენ წაქცეულ კახას და გარს ერტყმიან ავტომატმომაჯრვებულნი)
გ ე რ მ ა ნ ე ლ ი ო ფ ი ც ე რ ი. (წამოიწევს) არ მოჰკლათ, მაგან მე სიცოცხლე მაჩუქა.... ჯილდოთ ჯერჯერობით ერთ ჭრილობაც ეყოფა... შეუხვიეთ!... (კახას ჭრილობას უხვევენ)
პ ა რ ა შ უ ტ ი ს ტ ი. ბატონო ოფიცერო, თქვენ მეგობრები კავკასიაშიც გყოლიათ.. თქვენ ბრწყინვალე ბედი..
კ ა ხ ა. მესროლეთ.... მომკალით!
ო ფ ი ც ე რ ი. (წამოდგება ბარბაცით) კმარა... მუხლი ვიტკინე... მაგრამ სოფელი ჩვენს ხელშია.. წამოიყვანეთ... (კახას წამოაყენებენ) აბა, ფლეიტები და ავტომატები!.. ავტომატები წინ! (კახას) თქვენ ნუ მოიწყენთ! ტკივილი გაგივლით... ჩვენ მოვრიგდებით.. (რამდენიმე პარაშუტისტი ავტომატს მოიმარჯვებს... დანარჩენები ფლეიტებს ამოიღებენ და უკრავენ გერმანულ სამხედრო მარშს...)
ო ფ ი ც ე რ ი. ვაჩვენოთ ქართველებს გერმანული ზრდილობა! აბა, მარშით! (კახა პირქუშად დგას. უმძიმს ნაბიჯის გადადგმა) აბა, აგვიწყე ნაბიჯი!
კ ა ხ ა. მე?...
ო ფ ი ც ე რ ი. დიახ... სწრაფად! (გადიან და კახაც გაჰყავთ... )
მესამე სურათი
სოფლის იგივე მოედანი. ხალხი გროვდება.... შეშფოთებაა. ისმის გაურკვეველი გუგუნი. დაბნეული ფუსფუსი მატულობს. უეცრად ისმის ფლეიტის ხმა.
ხ მ ე ბ ი. მოდიან.. მაგრამ ეს რა ხმაა? ... სალამურის ხმა! სალამურის ხმა!
- არ მიჰყვე გველის ჯადოსა!
- გავიქცეთ!
- დაიცა, კაცო, სად? სად გაიქცევი?
- შინ შემოგყვება, არ აჯობებს შენ თვითონ შეუძღვე?
- მე ასე მეგონა...
- შინ შევიდეთ, შინ...
-არა, სჯობს, ვუყუროთ, ვინ არიან.. რა ხალხია! '
(გამოჩნდება მანგია ტაბლით. ტაბლაზე აწყვია პურ-მარილი: სანთლები. ხელადა, ჯიხვის რქა)
- ბიჭოს! მანგიას არ უყურებთ?
- მანგია... მანგია ეგებება!
- ტაბლა, ტაბლა მოაქვს!
- მოდიან, მოდიან!
ბ ე ქ ა. (პირქუშად გახედავს მანგიას) მტერსა ულოცავდეო!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ეგ თავის მოყვარეს ულოცავს...
ბ ე ქ ა. სად ვიყავით აქამდის... თვალი ამეხილა.. გახსოვს ხონჩა... თაფლის სანთელი.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მახსოვს... სამზადისი ჰქონია.... სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს... ეშმაკს გზას აურევს!
ხ მ ა. გზა, გზა... მოდიან!
(გამოჩნდება პარაშუტისტთა ჯგუფი ავტომატებით და ფლეიტებით, უკრავენ გერმანულ სამხედრო მარშს. გერმანელების სახეზე აღბეჭდილია სიმკაცრე და ღიმილი. შემოჰყავთ დაჭრილი კახა. ხალხი ორად იყოფა. გზას უთმობს, ერთი მხრივ, გერმანელებს, მეორე მხრივ, მანგიას...)
ლ ე ლ ა ს ხ მ ა. კახა... კახა... ღმერთო ჩემო!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ამას რას ვხედავ!... ეს რაღაა?...
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. კახა!.. კახა!..
მ ა ნ გ ი ა. (თავმომწონედ) ბატონო ოფიცერო!
ო ფ ი ც ე რ ი. ოჰო, პურ-მარილი, ასეც ველოდი!...
მ ა ნ გ ი ა. (აწვდის პურ-მარილს) მიიღეთ და გვიპატრონეთ!
ო ფ ი ც ე რ ი. საქართველო გვეგებება!...
მ ა ნ გ ი ა. ქართული პურ-მარილით... და...
ო ფ ი ც ე რ ი. (ღიმილით) ძვირი ხომ არ დაგვიჯდება? აბა, ახლა საქმზე... აბა, ბინები, საკვები ცხვენებისათვის.. თივა და ქერი!.. ცხენები ხომ გვეყოლება... აქ ცხენით თუ ივლის კაცი... დანარჩენს ცალკე გეტყვით!
მ ა ნ გ ი ა. (კახას) ბიჭო, შენ საიდან?
ო ფ ი ც ე რ ი. (ღიმილით) მაგან მე სიცოცხლე მაჩუქა... მაგრამ მცირე ხანს ჩვენთან იქნება, ეს საჭიროა ჯერჯერობით, ხომ იცით, ომია...
(ხალხში გაოცება. ჩუმი ჩურჩული. ლელა კვნესის)
მ ა ნ გ ი ა. (მხარზე ხელს დაადებს კახას). ყოჩაღ, ბიჭო! ოფიცერი გადაგირჩენია!
კ ა ხ ა. (შეკრთება) უჰ...
მ ა ნ გ ი ა. გეტკინა?..
კ ა ხ ა. (იტანჯება) უჰ... ძალიან...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ფხიზლდება... მანგიასთან მიირბენს) სტუმარს დახვედრა უნდა. შენ ცხენები მონახე, მე წისქვილში ავირბენ, ქერს ჩამოვიტან... ჰო, თივაც მაქვს. იმ დღეს წისქვილთან გასაშრობად დავყარე.. აბა, აბა, ბიჭებო, არ შერცხვეთ... დავხვდეთ.. სტუმრებს!
მ ა ნ გ ია. (დამცინავი ღიმილით) ცხენებს მეფუტკრე მონახავს!.. (ხალხი და კახა დუმილით და განცვიფრებით შეჰყურებენ ერთმანეთს... მამალხინე ხალხს მოსცილდბა და კახასთან მიდის)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბიჭო... რა დაგემართა?..
კ ა ხ ა. (თავს ეკითხება) ეს რა დამემართა, რა?... გეტყვით... გეტყვით.. (გულშემოყრილი დაეცემა).
ფ ა რ დ ა
მესამე მოქმედება
პირველი სურათი
უღრანი ტყე. სამხედრო შტაბი. კარავი. ფარდა გადაწეულია. მოჩანს კავკასიონის ქედი. კარვიდან მეორე კარავში გასასვლელია. კარავში ორი მაგიდა დგას. ერთთან ზის მორიგე ჯარისკაცი, მეორესთან მაიორი. შემოდიან შალვა და ზალიკა.
შ ა ლ ვ ა. თქვენი ბრძანებით გამოვცხადდი და მოგიყვანეთ გზების მცოდნე კაცი, ამხანაგო მაიორო!
მ ა ი ო რ ი. კეთილი, კეთილი... მობრძანდით! (აკვირდება ზალიკას) თქვენ ძველი მეგზური უნდა იყოთ?
ზ ა ლ ი კ ა. (ქუდს მოიხდის) კავკასიონი ბანივით გამითელია, თქვენი ჭირიმე. ბევრი ბანდული გამიცვეთია... მე ცხენის მხედნავიც ვარ, მაღალ ქედზე ისე ვმჯდარვარ, როგორც უნაგირზე!
მ ა ი ო რ ი. ჰა, ჰა, ჰა... როგორც უნაგირზე!
ზ ა ლ ი კ ა. დიახ, ბატონო... როგორც მოგეხსენებათ, ზოგან კავკასიონი ცხენის უნაგირივით ვიწროვდება, ბევრჯერ გადავმჯდარვარ... ხან რუსეთისკენ გამიხედია, ხან ჩვენკენ, საქართველოსკენ... კარგია!
მ ა ი ო რ ი. (კვლავ აკვირდება ზალიკას) დაიცა, თქვენ მეცნობით... ცხენის ხედნაზე გამახსენდით... ჩემთან ხომ არ გიმსახურიათ?...
ზ ა ლ ი კ ა. დიახ, მთიდან კვიცები ჩამომყავდა ნაწილისათვის.. ზალიკა გახლავართ, თქვენი ჭირიმე, ვერ მიცანით?
მ ა ი ო რ ი. ჰო... დიახ, დიახ.... ზალიკა, ზალიკა... გამახსენდი. ისევ ისეთი ხარ, გამხდარი, არც დროს გაუტეხიხარ.
ზ ა ლ ი კ ა. აბა, მთებში მოხეტეს და ცხენების მხედნავს რა გამასუქებდა? გინდ ქარი მჯდარა ცხენზე, გინდა მე!
მ ა ი ო რ ი. ისევ დაგვჭირდა შენი თავი, ჩემო ზალიკა... გზები ხომ არ დაგვიწყნია?
ზ ა ლ ი კ ა. ისეთ გზაწვრილებს გაჩვენებთ, რომ... აბა გერმანელებს საიდან ეცოდინებათ!
მ ა ი ო რ ი. იციან.... მათ ბევრი რამ იციან! აბა დახედეთ, ეს მათი რუკაა, ტყვე გერმანელს ჩამოვართვით... ხედავთ, რამდენი გადმოსასვლელია აღნიშნული!
ზ ა ლ ი კ ა. დალახვრა ღმერთმა მათი სახსენებელი, საიდან იციან?... მაინც ჩვენოდენი არ ეცოდინებათ. ისეთ საცალფეხო ბილიკებზე გადაგატარებთ, რომ... (ღიმილით) ზედ მიგაყენებთ მტერს, ზედ... ოღონდ სროლა და ხმლის მოქნედვა თქვენზე იყოს.
მ ა ი ო რ ი. ეგ ჩვენზე იყოს! (შალვას) როგორ გრძნობენ თავს შენი ბიჭები?
შ ა ლ ვ ა. კარგად... ელიან თქვენს ბრძანებას!
მ ა ი ო რ ი. საქმეზე გადავიდეთ... მტერი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიგდოს ხელში უღელტეხილები, სტრატეგიული პუნქტები და საქართველოში შემოიჭრას... მაგრამ ჩვენ აქ ამ სანახოაბის საყურებლად არა ვდგევართ... უნდა გამოვტაცოთ მტერს ხელიდან ეს იმედი... და აი, დადგა დრო.. იწყება დიდი შეტევა... მიზანი, რომელიც დაგვისახეს... (წამით შეჩერდება, გაიხედავს მეორე კარვის კარისაკენ, შალვაც იქით იყურება, თითქოს რაღაცას გრძნობს) მიზანი, რომელიც დაგვისახეს, მარტივი და ნათელია, თქვენი სოფელი მტრის საჰაერო დესანტმა დაიკავა. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ამ დესანტის შეერთებას გერმანელთა მთავარ ძალებთან, რომლებიც აქეთ მოიწევენ... პარაშუტისტების განადგურებისათვის საჭიროა ავაფეთქოთ ხიდი, რომ დესანტი გერმანელთა მთავარ ძალებს ვეღარ შეუერთდეს, და მოპვსპოთ იგი, რაც შეიძლება სწრაფად.
შ ა ლ ვ ა. დიახ, რაც შეიძლება სწრაფად!
მ ა ი ო რ ი. კლდეკარის ხიდსაც და სოფელსაც იცავს გაძლიერებული პატრული. საჭიროა, ნაკლები მსხვეპლით მივაღწიოთ გამრჯვებას. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ის ძველი გვირაბი, რომელის სოფლის კოშკიდან ჩადის მდინრის პირას, თითქმის ხიდის ბურჯებამდის...
ზ ა ლ ი კ ა. მეფუტკრე ბექას კოშკი?...
მ ა ი ო რ ი. დიახ...
შ ა ლ ვ ა. (წამოდგება გაოცებული) კი მაგრა, თქვენეს საიდან იცით?
მ ა ი ო რ ი. (კვლავ მეორე კარვის კარისაკენ იმზირება. იდუმალი ხმით) აქ ყველაფერი იციან. (ღიმილით) აი, ახლა ერთ კაცს გაგაცნობთ, თქვენ მისი დახმარებით ფარულად უნდა შეიპაროთ სოფელში, ჩაზიდოთ კოშკიდან მდინარის პარას ასაფეთქებელი მასალა და ელოდოთ ნიშანს.
შ ა ლ ვ ა. ეგ ჩვენ არ გაგვიჭირდება.
მ ა ი ო რ ი. თქვენ სოფელში უნდა შეიპაროთ... შიგნიდან უნდა დაჰკრათ მტერს. ოღონდ, ფრთხილად, მტერი ცბიერი და ძლიერია. თქვენ თავსაც გაუფრთხილდით და სოფელსაც.
შ ა ლ ვ ა. დიახ, დიახ!
მ ა ი ო რ ი. ასე.... ხიდის აფეთქება იქნება ნიშანი ჩვენი საერთო შეტევის დაწყებისა. (დარეკავს ზარს. შემოდის ჯარისკაცი) ეს უნდა მოხდეს ორშაბათს დილით, გესმით, ორშაბათს დილით! (ჯარისკაცს) შემოიყვანეთ ლეინტენანტი. აი გუშინ რომ ველაპარაკეთ.
ჯ ა რ ი ს კ ა ც ი. მესმის, ამხანაგო მაიორო! (გადის)
შ ა ლ ვ ა. ჩვენ..
მ ა ი ო რ ი. ჰო, იქნება გაქვთ თქვენი გეგმა... უკეთესი?...
შ ა ლ ვ ა. არა... ჩვენი გეგმაც დაახლოებით ასეთია, ამხანაგო მაიორო. მაგრამ თავს ნებას მივცემ და გკითხავთ, ასე ზუსტად საიდან გაიგეთ მეფუტკრე ბექას კოშკის, გვირაბისა და ხიდის ბურჯების ასავალ-დასავალი? საოცარია...
მ ა ი ო რ ი. (გაიხედავს მეორე კარისაკენ) მახვილი თვალი ყველაფერს შეამჩნევს, ყველგან იხედება.
(შემოდის გოდერძი. შალვა განცვიფრებული უმზერს)
გ ო დ ე რ ძ ი. თანახმად თქვენი ბრძანების გამოვცხადდი, ამხანაგო მაიორო!
მ ა ი ო რ ი. ამ ამხანაგს არ იცნობთ, ლეინტენანტო?
გ ო დ ე რ ძ ი. გ (მიიხედავს შალვასა და ზალიკასაკენ) შალვა, ზალიკა!
შ ა ლ ვ ა. გოდერძი, ძმაო!
ზ ა ლ ი კ ა. გოდერძი, ბიჭო!
მ ა ი ო რ ი. (ღიმილით შესცქერის) დიახ... მახვილი თვალი როცა საჭიროა მოძებნის საჭირო, მცოდნე და გამოსადეგ კაცს... ახლა თქვენ ორი-სამი წუთით იმ კარავში შეხვალთ და დარიგებას მიიღებს, ის გელოდებათ!
გ ო დ ე რ ძ ი. ვინ?
მ ა ი ო რ ი. (ადიუტანტს) გაეცით განკარგულება ამ საქმის გამო (შემოდის კარავში, სცენაზე ერთხანს არავინაა. მერე გაიღება მეორე კარვის კარი, გამოდის ჯერ შალვა, შემდეგ გოდერძი, მერე ზალიკა. სამივე აღელვებულია).
გ ო დ ე რ ძ ი. (ხმადაბლა) როგორ დავიბენი! რას ვიფიქრებდი თუ კარავში ლესელიზე დაგვიხვდებოდა?!... ხელი ჩამომართვა, გამიღიმა, რაღაც მკითხა... ვერ ვიცანი, სანამ შენ არ დაგელაპარაკა. მერე კი მაშინვე ვიცანი და იცი რა დამემართა.... კინაღამ შევყვირე, თავი ძლივს დავიჭირე.
ზ ა ლ ი კ ა. მე კი მაშნვე მივხვდი ვისთანაც შევდიოდით.
შ ა ლ ვ ა. აი, ხომ ვნახეთ, გავიცანით.
ზ ა ლ ი კ ა. ელვა ყოფილა, ცეცხლი.. მეგზურებს გზა გვასწავლა. აი კაცი ესა ყოფილა!
შ ა ლ ვ ა. რგორა თქვა?...
გ ო დ ე რ ძ ი. ჰო, შეკრთომა რომ შემატყო, გაიღიმა და მკითხა: ბიჭო, გერმანელებისა ხომ არ გეშინიაო! თან არწივის თვალით მიმზერდა... რა თვალები ჰქონია!
შ ა ლ ვ ა. გაფითრბული შევყურებდი...
გ ო დ ე რ ძ ი. მე დავიბენი, მაგრამ არც შენ იდექი კლდესავით... (დუმილის შემდეგ) მართლა, როგორა ხართ, როგორ არიან ჩვენები? თუმცა შენ რა გეცოდინება მათი.
შ ა ლ ვ ა. როგორ არ ვიცი. კარგად არიან, მამაშენი ძალიან გამოგვადგა.
გ ო დ ე რ ძ ი. დედა? ... ლელა? ... მართლა; კახა სად არის?...
შ ა ლ ვ ა. ამბავი თუ გინდა ეს არი... კახა ჩვენთან ერთად იყო ტყეში, მაგრამ გერმანელემა დასჭრეს და ხელში ჩაიგდეს.
გ ო დ ე რ ძ ი. როგორ თუ... ნუთუ ხელში ჩაიგდეს?...
(შემოდის გენერალი ლესელიძე)
ლ ე ს ე ლ ი ძ ე. განკარგულება გაცემულია... აბა, ახლა თქვენ იცით, არ შეარცხვინოთ ქართველი ჯარისკაცის სახელი, არ შეაბილწვინოთ ქართული მიწა! (ღიმილით მიუბრუნდება გოდერძის) ამხანაგო ლეიტენანტო, იმედია, მამაშენს მალე ნახავ და გამარჯვებას მიულოცავ!
გ ო დ ე რ ძ ი. დიახ... ამხ... ამხანაგო გენერალო, მივულოცავთ!
ლ ე ს ე ლ ი ძ ე. ჩემს მაგიერ უთხარი, სანთლის არაყი შეგვინახოს... (იცინის) იცით, მე გურული ვარ. მეფუტკრემ თაფლი გამახსენა, თაფლმა სანთლის არაყი.. ბრძოლის და შრომის შემდეგ კარგია, ხის ძირას, მოლზე... (ჩაფიქრდება) ეჰ, აბა გზა მშვიდობისა. გვეყოფა რომანტიკა! გამარჯვებით!
ს ა მ ი ვ ე. გამარჯვებით, ნახვამდის! (გადიან)
ლ ე ს ე ლ ი ძ ე. შესანიშნავი ვაჟკაცები არიან! (მცირე დუმილის შემდეგ) მაშ ორშაბათს, ორშაბათს.... დიახ, ორშაბათს დაილით. იწყება, იწყება!
მეორე სურათი
გერმანელი ოფიცრის ოთახი. ოფიცერი ფანჯარასთან დგას და სივრცეს გასცქერის. ღამეა.
ო ფ ი ც ე რ ი. (ოცნებით) კავკასია... კავკასია. საქართველო... როდის, როდის დაიჩოქებს ჩვენს წინ?! (ისმის ყრუ კივილი, კივილს შორეული ხეობა ბანით იმეორებს. ოფიცერი ფანჯარას ხურავს) რა ამბავია, რა ამბავია?... ჰეი, გესმით?!
(შემოდის ჯარისკაცი)
ჯ ა რ ი ს კ ა ც ი. ბატონო ოფიცერო, არაფერი ისეთი არ მომხდარა!
ო ფ ი ც ე რ ი. მაინც?
ჯ ა რ ი ს კ ა ც ი. ბატონო... სიმშვიდისათვის... სიმშვიდისათვის ვისვრით ხანდახან..
ო ფ ი ც ე რ ი. ოღონდ ასე ახლოს ნუ... იქით, შორს.... (ფიქრის შემდეგ) მე მანდ პატიმარი მელოდება, შემოუშვი!
ჯ ა რ ი ს კ ა ც ი. დიახ, ბატონო, ახლავე!
(ოფიცერი ფანჯარას აღებს. შემოდის კახა. ოფიცერი სივრცეს გასცქერის, თითქოს კახას შემოსვლა არც გაეგოს, მერე სწრაფად შემობრუნდება. კახა შეკრთება)
ო ფ ი ც ე რ ი. ოჰ, მობრძანდით?... ფიქრმა გამიტაცა. ბევრი რამ ძვირფასი გამახსენდა. გამახსენდა ჩემი სიჭაბუკე, ჩემი ბავარია... ეხ, ბავარია, სიმღერისა და სიყვარულის მხარე... (პაუზა) დაბრძანდით, აი აქ, ნუ მერიდებით.
კ ა ხ ა. გმადბოლთ, ბატონო ოფიცერო.
ო ფ ი ც ე რ ი. ჭრილობა მოგირჩათ?
კ ა ხ ა. თითქმის.
ო ფ ი ც ე რ ი. თქვენ უცხოეთში ყოფილხართ?
კ ა ხ ა . არა. არასოდეს.
ო ფ ი ც ე რ ი. ჰოდა, თქვენთვის უცნობი იქნება ის გრძნობა, რასაც უცხოეთში მყოფი განიცდის! სამშობლოს მოშორებული, უთვისტომო... სამშობლოს სევდა ყველაზე მძიმე სევდაა... სად მოკვდები, სად დაიმარხები!... (ერთხანს დაფიქრებული დგას) არ მინდა იფიქროთ, რომ სიკვდილისა მეშინია. მე სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ მისი დაკარგვისა... მაგრამა, ეჰ, დავეხსნათ, ეს ისე, სხვათა შორის... საქართველოში კი არ მოვიწყენთ, არა?... რას იტყვით?...
კ ა ხ ა. მოწყენისათვის სად გექნებათ დრო, ბატონო ოფიცერო!
ო ფ ი ც ე რ ი. მე, იქ, გერმანიაში, საქართველო შემაყვარეს... ნამდვილი სიყვარულით.. აქეთ მოვფრინავდი, როგორც მსხნელი არწივი... მწამდა, რომ აქ ხალხი ტაშის ცემით შემხვდებოდა... მე ქართველები ძლიერ მიყვარს... აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტზე სპეციალურად შევედი ძველი კოლხიდისა და იბერიის სიყვარულითა... ენაც შევისწავლე... არგოსელები, მედეა... რუსთაველი.. (დუმილის შემდეგ ღიმილით) ჰო, მართლა, მედეამ გამახსენა, თქვენ შესანიშნავი სცოლე გყოლიათ... მედეა, ნამდვილი მედეა!
კ ა ხ ა. (შემკრთალი) თქვენ ეს საიდან იცით?...
ო ფ ი ც ე რ ი. არაფერი გაეპარება თვალს და ყურსა ჩვენსა!
კ ა ხ ა. თქვენს ენას ძველი კილო დაჰკრავს... ხანდახან...
ო ფ ი ც ე რ ი. შეიძლება.. ჩვენ ძველი კაცები გვასწავლიდნენ, ძველი წიგნებით... ეჰ, ბევრი კარგი რამ მახსოვს, ბევრი ნათელი დღე სტუდენტობისა... ჩემდა სამწუხაროდ უვიცი ხალხი მარტყია გარს... ჩემი არ ესმით...
კ ა ხ ა. რატომ, ბატონო ოფიცერო, თქვენი ჯარისკაცები...
ო ფ ი ც ე რ ი. ჰმ, ჩემი ჯარისკაცები! ისინი მანქანები არიან, დიახ მანქანები... საკმარისია შეიცვალის ის ენერგია, რომელიც მათ ამოძრავებთ, რომ ისინი საცოდავ ტიკინებად იქცნენ. მე ვიცნობ მათ... ეჰ, ნუ მკითხავთ... მოემნატრა კაცთან ლაპარაკი, დიახ კაცთან, ხომ გესმით, რას ნიშნავს ეს?... (დუმილის შემდეგ) მე თქვენში დავინახე ჭეშმარიტი კაცი.. თქვენ ხომ მე სიცოცხლე მაჩუქეთ... მტერმა...
კ ა ხ ა. ეს, ბატონო ოფიცერო, შემთხვევით....
ო ფ ი ც ე რ ი. თავს ნუ დაიმცირებთ! კარგად გიცნობთ... არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ... თქვენ არ იცნობთ საკუთარ თავს, იმ ტალანტს, რომელიც თქვენ გაქვთ.
კ ა ხ ა. ბატონო ოფიცერო, მე ერთი უბრალო მთიელი ჭაბუკი გახლავართ, რომელიც...
ო ფ ი ც ე რ ი. არა. მომისმინეთ... აი, თქვენი პასპორტი!... (ამოიღებს ნახაზებს) დიახ, ეს თქვენი პასპორტია, აქ თქვენს შესახებ ყველაფერი სწერია... ნუ გიკვირთ! ეს ნახაზები ჩემს ხელში მოხვდა... იცით თუ არა თქვენ, რომ მე წუხელის მთელი ღამე გავტეხე. ღრმად შევისწავლე თქვენი განზრახვანი და განცვიფრებული დავრჩი! ამიტომ გამოგიძახეთ.. რა დიდი ოცნება გქონოათ, რა შესანიშნავი იდეა!... მე თქვენ შემიყვარდით, როგორც ნათელი აზრით გაშუქებული ტალანტი... ჩვენ უნდა დავმეგობრდეთ!
კ ა ხ ა. ეს ჩემი ბავშვური ოცნება იყო. ბავშვური თავხედობა!
ო ფ ი ც ე რ ი. რა კარგად თქვით!... თავხედობა. თავხედობა! დიახ, ყველაფერი, რაც კი კარგია, თავხედობიდან გამოდის; თავხედობა გენიალობის სათავეა... (ფიქრის შემდეგ) ყველა დიდი ადამიანი თავხედია, იგი ებრძვის ისტორის, ისტორიის მიერ შექმნილ საძაგელ წესიერებას! (ხმადაბლა, იდუმალი ხმით) განა თქვენ, ჭაბუკო, არ გაჯადოვებთ ჩვენი საყვარელი ფიურერის თავხ... თავხ... ჰო, აი გამბედაობა?... ჰოდა, თქვენს გამბედაობასაც ჩვენ ფრთებს შევასხამთ! თქვენ გქონიათ შესანიშნავი იდეა მარადი წისქვილისა... თქვენ გინოდათ, სახელოვანი გამხდარიყავით, მაგრამ თქვენთვის ხელი შეუშლიათ!
კ ა ხ ა. მე ძალა არ მეყო ჩემი ოცნება სინამდვილედ მექცია... მე მქოდა პერპეტუუმ-მობილეს პროექტი, რომელსაც ხუმრობთ მარადი წისქვილი დავარქვი.. მაგრამ...
ო ფ ი ც ე რ ი. თქვენთვის ხელი უკრავთ, თქვენი ოცნება ჩაუწიხლავთ, თორემ აი აქ ყველაფერი, ყველაფერი რიგზეა...
კ ა ხ ა. მე დამარწმუნეს, რომ არქიმედეს კანონი, რომელასაც ვემყარბოდი, ჩემ სასარგებლოდ არაფერს ამბობდა, ჩემი გამარჯვება მოჩვენებითი იყო!
ო ფ ი ც ე რ ი. მათ თქვენ ვერ გაგიგეს, ვერ დაგაფასეს!
კ ა ხ ა. აბა, კარგად დააკვირდით... ამ ბორბლის წყალში ჩაშვებული ნახევარი, ჰკარგავს რა წონას, არ ემორჩილება ჰაერში დარჩენილი ნახევრის სიმძიმის ძალას... იგი წყლის წინააღმდეგობას აწყდება და უძრავად დგას. მოძრაობა, ჩემი სანატრელი მოძრაობა, არ იქმნება!.. მარადი წისქვილი ფუჭი ოცნება გამოდგა!...
ო ფ ი ც ე რ ი. (ჟინიანად) ჰმ, ფუჭი ოცნება! მაშ არქიმედიც სტყუის, მისი კანონიც სიცრუე ყოფილა!
კ ა ხ ა. წეღანაც გითხარით, მე დავმარცხდი, იმის გამო, რომ ძალა არ მეყო, არ მეყო ცოდნა..
ო ფ ი ც ე რ ი. არქიმედი ეძებდა დასაყრდენს, რომ ქვეყანა გადაებრუნებინა... აზრი ხომ დარჩა, უკვდავი აზრი... ეს აზრი ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ვიპოვეთ დასაყრდენი, ჩვენ შევძლებთ ყველაფერს! (ფიქრის შემდეგ) ჩვენ მოგცემთ ცოდნას, ძალას, რომ თქვენ სახელოვანი გახდეთ... ხელს შეგიწყობთ, რომ გამოადგეთ ქართველ ხალხსა და გერმანიას! (კახა სდუმს. ოფიცერი მღელვარებას ვეღარ ჰფარავს. დადის წინ და უკან) თქვენ საოცარი ადამიანი ყოფიხლართ, თქვენი ნიჭი ჩაჰკლეს, წაგართვეს ოცნება, თქვენ კი სდუმხართ!...
კ ა ხ ა. რა ვთქვა, ბატონო ოფიცერო?...
ო ფ ი ც ე რ ი. (თავს იკავებს, უნდა დინჯი, ალერსიანი იყოს) აი, რა გითხარით... სხვანაირად ნუ კი გამიგებთ... იცით არ გვინდა? ჩვენ არ ვიცნობთ ქართველი კაცის ხასიათს, მის ჩვეულებას... ჩვენ გვინდა რჩევა, კონსულტაცია, რომ ვნება არ მოვუტანოთ ხალხს... თქვენ ეს შეგიძლიათ!
კ ა ხ ა. მე ხალხს კარგად არ ვიცნობ... სკოლის მერხიდან ეს-ეს არის ავდექი...
ო ფ ი ც ე რ ი. გაიცნობთ და გაგვაცნობთ... თქვენ ამ წუთიდან თავისუფალი ხართ! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გენდობიან და თუ ჩვენს ნდობასაც მოიხვეჭთ, ბედნიერი კაცი გახდებით!
კ ა ხ ა. (დუმს ერთხანს, მღელვარებისაგან თრთთის) მე, თავისუფალი? მერე?...
ო ფ ი ც ე რ ი. ნურაფრის შეგეშინდებათ... გერმანია უძლეველია. გერმანიამ მიაგნო იმ დასაყრდენს, რომელსაც ბებერი არქიმედე ამაოდ დაეძებდა... გერმანია სახეს შეუცვლის ქვეყანას. თქვენ მისი ერთგულიუნდა გახდეთ... თქვენი ბედნიერებისათვის.
კ ა ხ ა. (კვლავს დუმს... ოფიცერი განრისხებულია, მაგრამ მღელვრებას ფარავს) თქვენ დუმხართ... ვიცი, ვიცი.. თქვენ ყოყმანობთ... იფიქრეთ, იფიქრეთ, მხოლოდ ხვალ დილამდის, გესმით, ჩემო მეგობარო, ხვალ დილამდის... მე მწამს, რომ თქვენ გონიერებას გამოიჩენთ და ხელს გამოუწვდით თქვენს მეგობარს... ახლა კი წადით, წადით... გაიგეთ, თქვენ, თავისუფალი ხართ! (კახა მიდის. ოფიცერი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს მისკენ). მოიცათ... უცებ გამახსენდა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება თქვენ მედეას დაემუქროს, თუ თქვენ გაჯიუტდებით.
კ ა ხ ა. ახ....
ო ფ ი ც ე რ ი. მე ვფიქრობ, ამას ითვალისწინებთ... ძალიან ვწუხვარ, ძალიან, რომ ასე გელაპარაკებით... მაგრამ ჩემს წინაშე დგას გერმანია... გერმანია, ჩემი გერმანია! ... ის მაიძულებს ასეთ სიმკაცრეს... ნახვამდის, ნახვამდის ჩემო.. ხვალ დილამდის... არ დაივიწყოთ... ხვალ დილამდის!....
კ ა ხ ა. ნახვამდის, ბატონო ოფიცერო.... ხვალ დილით ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით... (კახა გადის)
ო ფ ი ც ე რ ი. (ისტერიულად აბრახუნებს მაგიდაზე. შემოდის ადიუტანტი) შემოიყვანეთ შავჩოხიანი! (ადიუტანტი გადის) მაცალეთ... მაცალეთ... (შემოდის მანგია) აბა, რას მეტყვი ახალს?..
მ ა ნ გ ი ა. ახალს, ბატონო?...
ო ფ ი ც ე რ ი. დიახ, ახალს... მომწყინდა შენი დაპირება დიახ, ყბედობა...
მ ა ნ გ ი ა. განა მე...
ო ფ ი ც ე რ ი. იქნებ გგონია, გერმანია შენი პურ-მარილით დაკმაყოფილდეს...
მ ა ნ გ ი ა. მე თავს არ ვზოგავ, ბატონო ოფიცერო!...
ო ფ ი ც ე რ ი. თავს არ ზოგავს... ვის რაში უნდა შენი... (დაბალი ხმით) მე მანცვიფრებს შენი საქციელი, შენ ყბედობ და ასახელებ მოლაყბეებს... ვიღაც მეწისქვილემ ესა თქვა შარშან, ვიღაც მეფუტკრე დაეთანხმა... არა! საქემ, საქმე მომეცით ხელში!
მ ა ნ გ ი ა. ისინი თქვენი მტრები არიან, ბატონო.... მათ...
ო ფ ი ც ე რ ი. ესეც სიტყვები მხოლოდ... კარგი, მე მათთვის სახრჩობელას აღვმართავ ხვალვე. მაგრამ ეს საქმეს გამოარკვევს?... რა დუმილი ჩემს ირგვლივ, რა ყრუ სიჩუმე, სიბნელე... საქმე მომეცით ხელში, საქმე... საბუთი... მომეცით კაცი, რომელიც გასცემს მათ!
მ ა ნ გ ი ა. აი, კახა... ის უნდა გამოიყენოთ... ხომ ელაპარაკეთ, ბატონო?
ო ფ ი ც ე რ ი. ის გიჟია, დიახ, გიჟი... მეოცნებე... მე მას გალიის კარი გავუღე, რომ..
მ ა ნ გ ი ა. ნუთუ?..
ო ფ ი ც ე რ ი. (სიცილი აუტყდება) ხა.. ხა... ხა.. ხა... პერპეტუუმ-მობილე! გესმით პერპეტუუმმობილე!... აქ ველურ კავკასიაში, მთაში, სადაც წისქვილიც კი ტექნიკის უკანასკნელ მიღწევად უნდ ითვლებოდეს... ხა... ხა.... ხა... პერპეტუმმობილე!... გესმით? ... მთელმა კაციობრიბამ ვერ შესძლო ენერგიის გარეშე სამყაროში სხივის შეტანა, მოძრაობის შექმნა.. აქ კი ვიღაც მწყემსი, დიახ, ველური მწყემსი, პერპეტუმმობლეს იგონებს!
მ ა ნ გ ი ა. ის თავქარიანი ყმაწვილია, ბატონო!
ო ფ ი ც ე რ ი. ჩუმად... (ამოიღებს რევოლვერს) აი, პერპეტუმობილე! აი, რა აწესრიგებს კაცობრიობის ისტორიას, აი, რა ჰქმნის მოძრაობას, კაცთა შორის სიყვარულს, სათნოებას, ლამაზ იდეებს, ხელოვნებას... ვასწავლი ჭკუას, ვასწავლი!
მ ა ნ გ ი ა. (შემკრთალი დგას) მესმის, ბატონო, მესმის...
ო ფ ი ც ე რ ი. დიახ, უნდა გესმოდეთ.. დაუნიშნეთ.. დაუნიშნეთ მკაცრი მეთვალყურეობა მაგ ახალგაზრდას, თვალი არ მოარიდოთ.. თუ ხვალ დილით არ გამოცხადდეს, ან მანამდის გაქცევა სცადოს, შეიპყარით და ჩამოაღრჩვეთ...
მ ა ნ გ ი ა. დიახ, ბატონო...
ო ფ ი ც ე რ ი. პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ... თუ არ შეიგნებთ, მის ბედი არ აგცდებათ!
მ ა ნ გ ი ა. მე, ბატონო ოფიცერო?
ო ფ ი ც ე რ ი. (ნერვიულად) ხმა, კრინტი... შენც მაგათი ჯიშისა ხარ.. თქვენ ყველას ერთი სისხლი გაქვთ. აბა, გაქრი აქედან...
მ ა ნ გ ი ა. (შემკრთალი, გაოცებული უკან იხევს) მე მგონია, ბატონო...
ო ფ ი ც ე რ ი. (უხმოდ გადადგამს მისკენ ორ-სამ ნაბიჯს... მანგია ზურგით გადის) ღორი!...
ფ ა რ დ ა
მეოთხე მოქმედება
პირველი სურათი
ბექას სახლის წინ. შენობა ჩაბნელებულია, დარაბები დახურული, შენობის გვერდზე ძველი კოშკი გრძელი კიბით. სიღრმეში კლდეკარის ხედი. კლდეკარში ხიდი. ღამეა. ფანარი ბჟუტავს და ოდნავ აშუქებს გზას და მესერს, რომელიც გზას მიდევს. გზის გადმოღმა სიბნელეში გამოჩნდება ორი ლანდი
ლ ე ლ ა. არა, შენი დარჩენა შეუძლებელია... შენ თავს უნდა უშველო...
კ ა ხ ა. მერე შენ ვის ხელში დაგტოვო?...
ლ ე ლ ა. უნდა გავიქცეთ, კახა... წეღანაც გითხარ, თავს არ დაგანებებ, ერთად გავიპაროთ სოფლიდან!
კ ა ხ ა. რომ მოეცათ დრო ხვალ საღამომდის მაინც... ხვალ დილით ხომ... (დუმილის შემდეგ) მათ მზაკვრული მახე დაგვიგეს... მე რომ გავიქცე, შენ გტაცებენ ხელს, შენ რომ გამომყვე თქვენებზე აიღებენ ეჭვს... საკმარისია პატარა ეჭვი და ყველაფერი დაიღუპება. ხვალ ხიდი ვერ აფეთქდება....
ლ ე ლ ა. მართალია, მართალი... იქნებ სჯობდეს ამაღამ გვირაბში დაიმალო, გოდერძი ხომ ამაღამუნდ მოვიდეს... ხვალ დილით ყველაფერი გათავდება.
კ ა ხ ა. არა... არც ეს ვარგა. ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ხომ შეიძლება, ხვალ ხიდი არ აფეთქდეს.. მაშინ მე გვირაბში ვიჯდე და შენ..
ლ ე ლ ა. ღმერთო ჩემო, ნუთუ ხსნა არ არის? კახა, კახა... გაფიცებ ყველაფერს, წადი, წადი აქედან, თავს უშველე, შენ მაინც გადარჩი.. მე...
კ ა ხ ა. მერე, ჩემი გულის ნახევარი ვის გადავუგდო?.. შედი შინ, გოდერძის და შალვას მოსვლის დროც დადგა, არსად წავალ, არ დაგტოვებ.. ვეცდები, ამაღამ გნახო..
ლ ე ლ ა. მეშინია.. მეშინია... წუხელის მთელი ღამე არ მეძინა...
კ ა ხ ა. ჰო, წუხელის... დაიცა... წუხლეის მეც საოცარი რამ მეზმანა... თქვენი კოშკის წინ ხალხი შეყრილიყო. წყვდიადში ვიდექით მუხლებზე დაჩოქილნი... ისმოდა საშინელი ჭექა-ქუხილი, ელვა თვალებში გვწვდებოდა. ქარი სეტყვას გვაყრიდა სახეში, ბურანში ვიყავით დაჩოქილნი... იქნებ ხსნას ველოდით?... ჰოდა გამოჩნდა ისიც... მხედარი... ვინ იყო, ვერ ვიცანით... არც მან გვანიშნა რამ... მდუმარედ ჩაგვიარა. თითქოს გვიმზერდა და არც გვიმზერდა... რკინის პერანგი ეცვა... შეეხო წყვდიადს ხმლით, გაჰკვეთა.. ხმალს შუქი ამოხდა. სხივი მოჰფინა ქვეყანას... ფეხზე წამოვდექით.. ვსტიროდით... არ ვიცი, კი რად? მივუახლოვდი, ვიცანი... გოდერძი იყო.... მე იქვე ვიდექი, პირქუში, ნატანჯი... უხმოდ მანიშნა, გავყოლოდი... გავყევი... მწვერვალისაკენ მივქროდით, დიდ ნათელში შევედით ორთავ... ვსტიროდით და არც ვსტიროდით... შორით თქვენი ხმა გვესმოდა... ჩვენ კი მივქროდით, შორს... გამეღვიძა...
ლ ე ლ ა. ეჰ... სიზმრისა რა გაიგება... თუმც ამბობენ, სიზმარი ცხადის ჩრდილიაო.. მეშინია... თავს არაფერი აუტეხო...
კ ა ხ ა. არა, ლელა... ნუ თრთი.. შედი შინ. საცაა მოვლენ...
ლ ე ლ ა. (მუდარით) კახა... (შედის ჭიშკარში. კახა ერთხანს მდუმარედ დგას. უეცრად შეკრთება და გზას გახედავს, მეორე მხრიდან გამოჩნდებიან გოდერძი და შალვა. კახა მოეგებება)
კ ა ხ ა. (ჩურჩულით) მოხვედით?
ლ ე ლ ა. მოვაღწიეთ!
გ ო დ ე რ ძ ი. მოვაღწიეთ... (სევდიანად) ჩვენი სახლი!... რახანია აღარ მინახავს!... გნახავთ... გნახავთ, მალე... (ერკვევა) ფრთხილად, არ შეგვნიშნონ!... ნაწილ-ნაწილ გადავიტანოთ...
შ ა ლ ვ ა. კარს ხომ უცებ გაგვიღებენ?
კ ა ხ ა. მამალხინე კოშკში ზის... ავალთ თუ არა კიბეზე, კარს გაგვიღებს...
შ ა ლ ვ ა. უკანა კარიდან ჯობდა...
გ ო დ ე რ ძ ი. არა, იმ კარს უფრო მეტი თვალი უმზერს...
კ ა ხ ა. აბა, ვიაროთ....
(გზას გაივლიან... კოშკის კიბეზე ადის. წინ კახა მიუძღვის)
კ ა ხ ა. კიბის საფეხურები დათვალეთ, მეცხრე საფეხურს ფეხი აარიდეთ და პირდაპირ მეათეზე ადით.. აქ მახეა მოწყობილი... მამალხინემ მოიგონა.. თუ ვინმე უცხო გაბედავს.... მორჩა... კიბე დაინგრევა...
შ ა ლ ვ ა. ყოჩაღ... კარგია...
(ადიან... მამალხინე კოშკის კარს უღებს)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. მოდით... ვეფხვებო., მოდით.... ფრთხილად... (შეაქვთ)
შ ა ლ ვ ა ს ხ მ ა. აბა, გადაირბინეთ.. (გოდერძი და კახა ერთხელაც გადასჭრიან გზას და ისევ ადიან კიბეზე)
გ ო დ ე რ ძ ი. ერთხელაც გადავირბენ.... ცოტაღა დარჩა...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (კარიდან) ფრთხილად. (გოდერძი ჩამოირბენს კიბეზე და გამოდის გზაზე. მარჯვენა მხრიდან გამოჩნდება სწრაფი ნაბიჯით მომავალი მანგია, რომელიც პირისპირ შეეჯახება მას. გოდერძი შეკრთება. ცდილობს მიმალვას, მაგრამ გვიანღაა... მანგია ხელს სტაცებს)
მ ა ნ გ ი ა. მოიცა... ვინა ხრ? მოიცა-მეთქი!
გ ო დ ე რ ძ ი. გამიშვი.... (სახეს მალავს. უხმოდ დგას)
მ ა ნ გ ი ა. ვინა ხარ-მეთქი, მუნჯი ხარ?
გ ო დ ე რ ძ ი. მუნჯი რად ვიქნები, მგზავრი ვარ მწყემსი... გამიშვი... გზა დავკარგე...
მ ა ნ გ ი ა. მერე, რომელ ფარეხში აპირებ ღამის გათევას? წამოდი, გზას მე გასწავლი... (ხელს აპარებს რევოლვერისკენ) ნაცნობი ხმა გაქვს, მოკეთე იქნები, გისტუმრებთ!
გ ო დ ე რ ძ ი. ძაღლო... (თეძოზე იტაცებს მარჯვენას და ხანჯლისშვილას აძგერებს ნიკაპქვეშ. მანგია დაეცემა) მოკვდი!... (გარბის. მანგია წამოიწევს და რევოლვერს ესვრის. გოდერძიდ შეტორტმანდება და გულაღმა დაეცემა თავისი სახლის ფანჯრის წინ).
მ ა ნ გ ი ა. მიშველეთ!... მიშველეთ!...
კ ა ხ ა. (გამოაღებს კოშკის კარს) თქვენ აქ იყავით... მე მივეშველები.. (ჩამორბის კიბეს და მიირბენს გოდერძისთან) ვაიმე, გოდერძი! გოდერძი... გოდერძი, ადექ, ბიჭო!...
გ ო დ ე რ ძ ი. მშვიდობით, ძმაო.. იბრძოლეთ... რა დროს ვკვდები... შური იძიეთ, შური!... (კვდება. ისმის პატრულების ფეხის ხმა)
კ ა ხ ა. (გაიხედავს კოშკისაკენ, მიმალვას აპირებს) არა... იქით არ შეიძლება. გზა უნდა ავუბნიო... საით?... როგორ მოვიქცე?
(შემორბის გერმანელი ოფიცერი და პატრულები)
ო ფ ი ც ე რ ი. (დაინახავს კახას) ვინა ხარ?... ააა, ისევ შენ?! რა მოხდა?!
პ ა ტ რ უ ლ ი. ბატონო ოფიცერო, მამასახლისი მოუკლავთ!
ო ფ ი ც ე რ ი. შეიპყარით ეს კაცი!
მ ე ო რ ე პ ა ტ რ უ ლ ი. ბატონო ოფიცერო, აი, აქ კიდევ ვიღაც გდია.
ო ფ ი ც ე რ ი. ხედავთ? (მიდის გულაღმა დაცემულ მანგიასთან) ვინ დაგჭრა?
(მანგია წამოიწევს, ცდილობს რაღაცის თქმას, ხელს კახასკენ გაიშვერს, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ახერხებს და ისევ გულაღმა გადავარდება)
ო ფ ი ც ე რ ი. (კახას) ვინ მოჰკლა მამასახლისი?...
კ ა ხ ა. აი... აი ამ კაცმა, ბატონო ოფიცერო.
(ოფიცერი დაფიქრებით ათვალიერებს გოდერძის ცხედარს)
ო ფ ი ც ე რ ი. ვინ არის ეგ კაცი?...
კ ა ხ ა. არ ვიცი. არ ვიცნობ.
ო ფ ი ც ე რ ი. მამასახლისმა ხელი გამოიშვირა შენკენ, თითქოს იმის თქმა უნდოდა, ამან ყველაფერი იცისო.
კ ა ხ ა. მათ ერთმანეთი დახოცეს, ბატონო ოფიცერო. მე შემთხვევით წავაწყდი.
ო ფ ი ც ე რ ი. (გაცოფებით) თქვენი, თქვენი!
კ ა ხ ა. ტყუილს ვერ მოვიგონებ.. არ ვიცნობ
(შემორბის პატრული)
პ ა ტ რ უ ლ ი. გზის პირას, ბატონო ოფიცერო, ასაფეთქებელი მასალის ტვირთი დევს...
ო ფ ი ც ე რ ი. (შეკრთა) ჰა? კარგი! დააპატიმრეთ ეს ახალგაზრდა. მამასახლისი გაასვენეთ. ამ სახლის ახლომახლო ჩასაფრდით. აქ რაღაც სხვა ამბავია. (ფიქრის შემდეგ მიუთითებს გოდერძისაკენ) ეს კი... ეს უცნობი ასევე დასტოვეთ და თვალყური ადევნეთ. (მიუბრუნდება კახას) შენ თუ არ იტყვი, ხვალ დილით სოფელი იცნობდს და იტყვის ვინც არის ეს.... ეს მამასახლისის მკვლელი!
(კახა შეშფოთებით შესცქერის ოფიცერს)
მეორე სურათი
ბექას ოთახი. ოთახში ნახევრად ბნელა: კუთხეში ბჟუტავს ჩაწეული ლამპარი. ფანჯრების დარაბები დახურულია. ფანჯარასთან დგას ბექა. მოშორებით დრია და ლელა.
ბ ე ქ ა. (მოშორდება ფანჯარას) ხმაური მიწყდება... ალბათ, მგზავრები იყვნენ. ... დასხედით, დასხედით, ფეხზე ნუ დგეხართ.
დ ა რ ი ა. არა, არა, ბექა, ამ დროს ვინ გაბედავს გარეთ გამოსვლას... რაღაც მოხდა... რაღაც...
ლ ე ლ ა. განა მგზავრებს ესვრიან?...
ბ ე ქ ა. ჰო, ერთხელ გაისროლეს... მერმე მიჩუმდნენ... ალბათ, გუშაგი ფრთხილობს, ცას ესვრის...
დ ა რ ი ა. ცას?... არა, არა... გოდერძიმ დაიგვიანა..
ბ ე ქ ა. ხედავთ, რა სიჩუმეა... ნუ გიკვირთ, ომია, ომი. ერთხელ გაისროლეს - რა მოხდა?
დ ა რ ი ა. ეს სიჩუმე უფრო საშინელია... გარეთ რაღაც მოხდა...
ლ ე ლ ა. თითქო ვიღაც მძიმედ დაეცა ჩვენი ფანჯრების წინ... იქნებ დაჭრილია, სისხლი სდის, ღმერთო ჩემო...
დ ა რ ი ა. მე დაცემის ხმა არ გამიგონია. ტყვიამ თითქოს ჩემს ყურთან დაიწივლა... წყეული... უჰ... გული, გული მეტკინა...
ლ ე ლ ა. ისე მომეჩვენა, თითქოს ცას ვარსკვლავი მოსწყდა.. ნაცნობი, საყვარელი ვარსკვლავი...
ბ ე ქ ა. ეჰ, თქვენცა... ნუ გიყვართ ასეთი ლაპარაკი... სად მოსწყდა ვარსკვლავი?... ზარმა ნუ აგიტანათ.
დ ა რ ი ა. ნეტავ, რა არის მათს თავს? რად იგვინებენ?...
ბ ე ქ ა. ბიჭებმა მართლაც დაიგვიანეს.. მართლაც...
დ ა რ ი ა. ღმერთო ჩემო, თითქოს აი, აქ დარაბასთან, ვიღაც კვნესის, შველას მთხოვს...
ბ ე ქ ა. გაჩუმდი... მაშ ჩვენ რა დაგვიხშო სმენა... ფუტკრის ზუზუნს გავიგებ, თუკი....
დ ა რ ი ა. არა, კი არ მესმის... გული... გული...
ბ ე ქ ა. ლამპას ჩაუწიეთ და მიწექით... მთვარე უკვე ამოსული იქნება... ალბათ, აღარც მოვლენ... მე მაინც ვიფხიზლებ...
დ ა რ ი ა. დავიძინო? განა შეიძლება... იქ, ღმერთო ჩემო, იქ!...
ლ ე ლ ა. კარგი, დედა!
ბ ე ქ ა. დაწექით... უთუოდ მოვლენ... დავიღუპებით, ყველაფერი ჩაიშლება, თუ ხვალ დილით ხიდი არ აფეთქდა!...
(ისმის ფრთხილი კაკუნი)
ბ ე ქ ა. აი...
დ ა რ ი ა. არა, ეს გოდერძი არ არის... ის სხვანაირად, სხვანაირად აკაკუნებს ხოლმე!
ბ ე ქ ა. სულ ერთია... უნდა გავუღო... მეორე ოთახში გადით... იქნებ უცხოა, ეჭვი არ აიღოს. (ეხმიანება გარეთ) ვინ არის?... (ქალები გადიან. ბექა მიდის კართან და ფრთხილად აღებს. შემოდის შალვა, თავჩაღუნული დგება შუა ოთახში).
შ ა ლ ვ ა. მე ვარ...
ბ ე ქ ა. გოდერძი? ... მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდით..
(კარს არ ხურავს. გაჰყურებს წყვდიადს, თითქოს ვიღაცის შემოსვლას ელოდება)
შ ა ლ ვ ა. დახურე, შუქი არ შენიშნონ...
ბ ე ქ ა. (შებარბაცდება. კარს ხურავს) გოდერძი?... (ხმა უწყდება).
შ ა ლ ვ ა. ბექა, შენ ვაჟკაცი ხარ...
(შუაკარი ფრთხილად იღება. გამოდიან ქალები)
დ ა რ ი ა. შალვა, შვილო... გოდერძი? ... გოდერძი რაღა იქნა?..
(შალვა უსიტყვოდ დგას)
ბ ე ქ ა. ჰო... მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გაისროლეს...
ლ ე ლ ა. შალვა, რად მოხვედი მარტო, რად?...
დ ა რ ი ა. გულში მომხვდა, აჰ, გულში, მაგრამ რატომ დავრჩი ცოცხალი... რატომ... მე უბედური.
ბ ე ქ ა. გაჩუმდი, იქნებ?
შ ა ლ ვ ა. აი იქ, ფანჯრებთან...
დ ა რ ი ა. შვილო... შვილო... გამიშვით!... (გაიწევს კარისკენ. ბექა წინ გადაუდგება)
ბ ე ქ ა. გაჩერდი... ყველას დაგვღუპვ... განა მე, მე კი ჩავითვლები ცოცხალთა შორის, მაგრამ გაჩუმდი... გაფიცებ...
დ ა რ ი ა. დედა... შვილო....
ბ ე ქ ა. (ყრუ ხმით) რატომ დასტოვეს?
დ ა რ ი ა. (მიაწყდება ფანჯრებს განწირული ჩურჩულით) დედა. შვილო... აქ დაგტოვეს, აქ. ჩემთან, აი აქ ხარ... რა ვნქა, სად წავიდე?...
ლ ე ლ ა. (ზარდაცემული. კანკალით) რად დასტოვეს აქ, რად?!
შ ა ლ ვ ა. გვეგონა, არავინ გვხედავდა.. თურმე მანგია გვითვალთვალებდა... გოდერძიმ გადაირბინა და წინ შეეჩეხა წყეულს... კოშკიდან დავინახეთ, როგორ გადაუდგა წინ, შეპყრობა მოუნდომა... გოდერძიმ დაასწრო და ხანჯლიშვილა აძგერა... მანგიამ მაინც მოასწრო გასროლა...
დ ა რ ი ა. წყეულიმც იყოს, ბოროტი, წყეულიმც... მხოლოდ, ერთხელ გაისროლა, მხოლოდ ერთხელ და...
შ ა ლ ვ ა. მანგიამ თქმა ვეღარაფრისა მოასწრო... არ დასცალდა...წაათრიეს და ისიც შეიპყრეს...
ბ ე ქ ა. ვინ? ვინ ისიც?
შ ა ლ ვ ა. გოდერძი რომ დაეცა, კახა გადაეშველა... ის გოდერძისთან მივარდა, ცდილობდა მის წამოყენებას, მაგრამ ამაოდ... გერმანელებმა მოუსწრეს, შეიპყრეს. კახამ დამალა. არ ვიცნობო, თქვა! დიდ საფრთხეს გვმზადებენ გერმანელები. ვაითუ გასტეხონ კახა, სუსტია, აწამებენ...
ლ ე ლ ა. კახა?... არა... ღმერთო ჩემო...
ბ ე ქ ა. ვაითუ...
შ ა ლ ვ ა. მომაკვდავმა მანგიამ ხელი კახასაკენ გაიშვირა, თითქოს ამბობდა ამან იცის ყველაფერიო. კახამ გაქცევა სცადა, მაგრამ ხელი სტაცეს!
ლ ე ლ ა. არა, არა... არასოდეს!
დ ა რ ი ა. შვილო... რატომ შენ, რატომ შენ ვერ მოასწარ... ვერ გიცნეს, შვილო...
ბ ე ქ ა. მაგრამ ხვალ... ხვალ ხომ იცნობენ!
შ ა ლ ვ ა. ძალიან მიმძიმს, მაგრამ უნდა გითხრათ, აი როგორ ვთქვა... დიდი საფრთხე მოგველის. გერმანელებმა გოდერძი იქ იმიტომ დასტოვეს, რომ მისი ვინაობის გამორკვევა უნდათ. გოდერძის ცნობა ჯერ თქვენ დაგღუპავთ, როგორც მის ახლობლებს, შემდეგ ჩვენ და საერთოდ საქმესაც.... უნდა გამაგრდეთ. უნდა იცნოთ... არა! არ უნდა შეიცხადოთ... ვიცი, ეს დიდი უბედურებაა, თქვენ დიდი ტანჯვის გადატანა მოგელით, მაგრამ უნდა გაუძლოთ.
დ ა რ ი ა. ვაი, შვილო, ვაი...
ბ ე ქ ა. კარგი, დარია, დაწყნარდი...
დ ა რ ი ა. (ჩურჩულით) ვაი, შვილო... არა, შენ ჩემი გოდერძი არა ხარ.. ვაიმე, რა შავი ორშაბათი მითენდება?!
ბ ე ქ ა. კარგი, გევედრები.. ცრემლებს ნუ მომგვრი.. ვაკმაროთ ერთი უბედურება ჩვენს ოჯახს, გავმაგრდეთ საყვარელო!
დ ა რ ი ა. ოჰ... დიახ... გავმაგრდეთ, ჩემო ბექა!... მე ხომ შენი მეუღლე ვარ... ტოლს ნუ დაიდებ, გაგიწევ უღელს, არ მიღალატია შენთვის, არც ახლა გიღალატებ... სტირი, ბერო?... არა, ცრემლი არ დამანახო, ჩემი თვალებიც მეზიზღება, ცრემლს რომ ღვრიან, დავითხრი, დავითხრი, თუ არ დამიჯერეს და მაშინ, მართლაც, ვერ დავინახავ, ვერ ვიცნობ ვაჟკაცს, აი, აღარ ვტირი!...
შ ა ლ ვ ა. დედა... ჩემო ძვირფასო, დღეიდან დედა ხარ ჩემი...
დ ა რ ი ა. შვილო, მის ადგილს კი არა.. მაგრამ დედად მიგულე...
შ ა ლ ვ ა. ხვალ მამასახლისის მკვლელს არავინ იცნობს, არავინ... მამალხინე გააფრთხილებს მეზობლებს.. რაც შეეხება კახას...
(შეხედავს ლელას)
ლ ე ლ ა. არა, არა. ეს არ მოხდება... არა!
შ ა ლ ვ ა. უნდა დავასწროთ ხიდის აფეთქება... ზალიკა სამრეკლოზე ზის. ხომ გახსოვს ზალიკა. შენი ზალიკა... ორი დღეა გზას გაჰყურებს, მოაღწევს თუ არა ჟამი, შემოჰკრავს ზარს და ხიდსაც ავაფეთქებთ!
ბ ე ქ ა. ჰო, ზალიკა, ჩემი ზალიკა!
დ ა რ ი ა. გისმინოთ ღმერთმა... გისმინოთ... შური, შური იძიეთ, აიღეთ სისხლი... აიღეთ!
ბ ე ქ ა. (კარს უღებს ფრთხილად) აჰა, გზა... ფრთხილად იარე.. ღმერთმა გამაჯრვების ორშაბათი გაგითენოთ!... დაჰკათ.. ეჰ, დაჰკათ... დაღირებულს - დაკვრა უნდა...
შ ა ლ ვ ა. ელოდეთ ზალიკას ხმას!
(გადის. კარი იხურება. ბექა მობრუნდება დარიასაკენ)
ბ ე ქ ა დარია... დარია...
დ ა რ ი ა. (ყრუ ქვითინით) ბექა, ბექა... ჩემი გოდერძი..
ბ ე ქ ა. (მკერდზე მიიკრავს და ფანჯრებს გასცქერის) შუქი იხედება, თენდება დღე შურისგებისა.
დ ა რ ი ა. ღმერთო, ღმერთო!... (ქვითინებს)
ფ ა რ დ ა
მეხუთე მოქმედება
ბექას სახლის ფანჯრების წინ... იგივე მდგომარეობა. თენდება. ღიღინით გამოდის მამალხინე. ერთხანს თითქოს გასვლას აპირებს, მაგრამ უეცრად შეკრთება და გაოცებული შეჩერდება. თითქოს ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს. მიირბენს ბექას სახლის ჭიშკართან.
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბექა... ბექა! გამოიხედე ბექა! ... ხალხო. კაცი მოუკლავთ, ხალხო! (უმზერს გოდერძის, ჩურჩულით)
ნეტავ რაი სჭირს სიკვდილსა,
ვერ მიხვდა ჩემი გონება,
შიგ ამოარჩევს ვაჟკაცსა,
რომელიც მოეწონება!
ბ ე ქ ა. ბექა... გესმის!
ბ ე ქა. (გამოაღებს ჭიშკარს. თვალგაშტერებით გასცქერის სივრცეს) ჰა?... რა მოხდა?...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ჩუმი ხმით) გამაგრდი... კაცი მოუკლავთ... ვიღაც კაცი, შენი ფანჯრების წინ!
ბ ე ქ ა. (ყრუ ხმით) სად? იქნებ სული უდგას, იქნევ ვუშველოთ!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. არა... შეატყობინე, გესმის, შეატყობინე... დახედე, ნუ თრთი, მიდი ახლო, მიდი უბედურო, ვითომ არ იცნობ, გაიოცე!
ბ ე ქ ა. არა, არა... ვერ დავხედავ... (დახედავს უნებურად) ახ... მოუკლავთ, დიახ! მოუკლავთ. ხალხო, ვიღაც მოუკლავთ წუხელ.. წავიდეთ, შევატყობინოთ, ბატონ ოფიცერს შევატყობინოთ!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. გასწი, გამიძეხ... აგერ, ვაჟკაცო, აგრე... თქვენ გამაგრდით, თორემ მე რა მიშავს, სიკვდილმა არ მინდომა, რამდენი ჭაბუკი დამიმარხავს... გამაგრდი,სოფელი არ გაგვცემს. შენს გოდერძის დღეს არავინ იცნობს!
ბ ე ქ ა. წავიდეთ, წავიდეთ... (შემოდის გერმანელი ოფიცერი პატრულების თანხლებით. ბექა ქუდს მოიხდის და მიეგებება) ბატონო ოფიცერო... სწორედ ჩემი ფანჯრების წინ... წუხელის.. დიახ წუხელის, სროლა შემოგვესმა... კაცი მოუკლავთ...
ო ფ ი ც ე რ ი. დიახ, სწორედ შენი ფანჯრების წინ... მერე სად იყავ, რატომ არ გამოჩნდი?
ბ ე ქ ა. ჩვენ... ღამით გამოსვლა, ბატონო... ხომ მოგეხსენებათ.
ო ფ ი ც ე რ ი. ჰო, თქვენ ღამით გძინავთ, გძინავთ... ვიცი...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბატონო ოფიცერო, სროლის ხმა მთელმა სოფელმა გაიგო, მაგრამ წესრიგს ხომ ვერ დავარღვევდით, აი, გათენდა თუ არა... ხომ ხედავთ... (ხალხი გროვდება).
ო ფ ი ც ე რ ი. (გამომცდელი თვალებით უყურებს მამალხინეს) მოხუცო, ამ კაცს არ იცნობ?!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ამ სოფლის ახალგაზრდობა ჩემს ხელში გაიზარდა, ბატონო, ზოგს ჭიდაობას ვასწავლიდი, ზოგს შაირობას, ყველას კარგად ვცნობ... ღმერთს გეფიცებით, ამ მხარეში ამისთანა ვაჟკაცის მნახველი არა ვარ.
ო ფ ი ც ე რ ი. (ბექას) არც თქვენ? აბა დახედეთ, იქნებ იცნოთ!
ბ ე ქ ა. არა, ბატონო, პირველად... პირველად ვხედავ!
ო ფ ი ც ე რ ი. ჩვენ გვინდა მისი ვინაობის გაგება... საქმის ძიება მოითხოვს... ოქმში უნდა აღინიშნოს...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბატონო ოფიცერო... ჩვენ თუ არ გვენდობით, მამასახლისსა ჰკითხეთ, განა ის დაფარავს?
ო ფ ი ც ე რ ი. ჰმ, მამასახლისი... ეს კაცი მამასახლისის მკვლელია!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. როგორ?... განა მამასახლისი მოჰკლეს? ხალხო გაიგეთ, მანგია მოუკლავთ... ამ კაცს მანგია მოუკლავს, გამოდით და თუ ვინმე იცნობთ, თქვით, ვინ არის ეს კაცი! გამოდით.. (ხალხს უმძიმს ადგილიდან დაძვრა... ყრუდ გუგუნებს)
ო ფ ი ც ე რ ი. ჩვენ გვინდა მამასახლისის მკვლელის ვინაობა დავადგინოთ... მეტი არაფერი... აბა... ჩქარა! ყველამ, ყველამ უნდა ნახოს, მთელი სოფელი უნდა შეიყაროს აქ!
გ ლ ე ხ ი. (ჩაუვლის და დახედავს გოდერძის ცხედარს) უცხოა. ბატონო ოფიცერო, უცხო... (ყველა მორიგეობით მიდის. დახედავს თავს იქნევს უარის ნიშნად).
II გ ლ ე ხ ი. არ მინახავს... არ ვიცნობ!
დ ე დ ა ბ ე რ ი. (დახედავს) ვაი, შენს დედას...
II დ ე დ ა ბ ე რ ი. უბედურო, უბედურო...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ხალხო, ნუთუ ვერავინ იცნობთ... ნუთუ არავის გინახავთ ეს ჭაბუკი?...
ყ რ უ გ უ გ უ ნ ი ხ ა ლ ხ ი ს ა. არა... არა... არ ვიცნობთ. არა... არა...
ო ფ ი ც ე რ ი. (პატრულებს) ყველა, ყველა უნდა მოვიდეს, ყველამ უნდა ნახოს...
(იღება ბექას ეზოს ჭიშკარი.. გამოდიან დარია და ლელა. სახეშეშლილი დარია ლელას მკლავს დაეყრდნობა, ძლივს მობარბაცებს)
ო ფ ი ც ე რ ი. ვინ არიან?... იქნებ მათ...
ბ ე ქ ა. ჩემი ცოლ-შვილია, ბატონო... ცოლი ავადმყოფია. და ხედავთ მაინც... (გაეშურება მათკენ) მაინც გამოვიდა... მაინც.. გამაგრდით, საყვარლებო... მოდით, მოდით, თქვენც ნახეთ.. იქნებ თქვენ მაინც იცნოთ... მოდით!...
დ ა რ ი ა. სად არის? (ჩურჩულით) მომენატრა... მომენატრა ჩემი ვაჟკაცი... მაჩვენეთ, დამანახვეთ... ის ხომ ჩემმა ძუძუმ გაზარდა...
ლ ე ლ ა. დედა... დედა...
დ ა რ ი ა. ჰო... არა... არა... აბა, ვინ არის?... მაჩვენეთ... ახლო, ახლო მიმიყვათ... არ ვიცი ვინ.. ვინ არის!
(გულშემოყრილი მიესვენება ლელას მკერდს)
ბ ე ქ ა. (ჩუმი ხმით) ზალიკა იგვიანებს.. ზალიკა იგვიანებს!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ზალიკა დარეკავს, დარკავს... გაუძელით!
ო ფ ი ც ე რ ი. გული უწუხს? იცნო?
ლ ე ლ ა. ავადმყოფია, ვერ გაუძლო, შეებრალა ადამიანი.
ო ფ ი ც ე რ ი. ადამიანი... ადამიანი კი არა მკვლელია. ეს კაცი მკვლელია, გესმით თუ არა თქვენ.. მაგრამ მაცალეთ, ახლავა გამოვარკვევ ყველაფერს აქვე, თქვენ თვალწინ! შემოიყვანეთ!
ლ ე ლ ა. (განწირული ხმით) კახა?...
ო ფ ი ც ე რ ი. მე თქვენ გაჩვენებთ, მაცალეთ! (ნერვიულად დადის წინ და უკან) აქ მოხდა ყველაფერი, აქ... ეს სახლი გაჩხრიკეთ?...
პ ა ტ რ უ ლ ი. დიახ, ბატონო ოფიცერო!
ო ფ ი ც ე რ ი. ის?...
პ ა ტ რ უ ლ ი. იქ მამასახლისი ცხოვრობდა, ბატონო ოფიცერო!
ო ფ ი ც ე რ ი. გაჩხრიკეთ! (ათვალიერებს მოედანს. შეამჩნევს კიბეს, რომელიც კლდეზე მიშენებული კოშკისაკენ მიემართება) ეს შენობა ვისია?
ბ ე ქ ა. ჩემია, ბატონო, მაგრამ ეს შენობა კი არაა...
ო ფ ი ც ე რ ი. გაჩხრიკეთ!
ბ ე ქა. შენობა კი არა, მიტოვებული, ძველი კოშკია!
(ხალხში ჩუმი დრტვინვა: "შალვა... შალვა... ბიჭები.. ვაი, თუ")
ო ფ ი ც ე რ ი. ადით და გაჩხრიკეთ!
ბ ე ქ ა. ასვლაც კი სახიფათოა, ბატონო, შვიდი წელიწადია, მეც კი არ ავსულვარ!
ო ფ ი ც ე რ ი. ხიფათის რომ გვშინებოდა, აქ კავკასიაში ვერ შემოვაღწვდით... (პატრულებს) ადით კიბეზე, წინ ეს მოხუცი წაიმძღვარეთ!
ბ ე ქ ა. ეჰა, ბედო.. აბა, მომყევით.. (ჩურჩულით) ზალიკა, ზალიკა, რად იგვიანებ?...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ადი, ბექა, ადი, დაამტკიცე... ხომ გაგიგია, სადაც იყოს ბედი შენი, მიგიყვანოს ფეხმა შენმანო!
(ბექა დინჯად ადის კიბეზე, სვენებ-სვენებით, თითქოს კიბის საფეხურებს ითვლის, თითქოს სიცოცხლის განხანგრძლივებას ცდილობს, პატრულები ფეხდაფეხ მიყვებიან: მეცხრე კიბესთან შესდგება. თითქოს ყოყმანობს, გადმოხედავს დარიას, ლელას, გოდერძის, ხალხს, რომელიც დაძაბული ყურადღებით უმზერს მას).
ბ ე ქ ა. (ჩურჩულით) შაბურ შამბისათვის მოკვდა, ერისთავი ერისთავის, მე რად მოვკვდე; მე გლახაკი, ცუდის ყოფაქცევისათვის!
(გაბედულად ადგამს ფეხს მეცხრე საფეხურს. კიბე დაიგრიალებს. იმსხვრევა და ბექა პატრულებთან ერთად გადმოვარდება ძირს. ისმის ქალების კივილი. ბექა გულაღმა დაეცემა, პატრულები ილანძღებიან, ხალხი გრგვინვით გაეშურება მათკენ).
დ ა რ ი ა. ბექა, ბექა!
ლ ე ლ ა. დედა... დედა.. მამა!...
ბ ე ქ ა. (წამოიწევს) დარეკე... დარეკე, ზალიკა! (ისევ დაეცემა)
ო ფ ი ც ე რ ი. ჰა? ეს რა მოხდა, ფუ!
დ ა რ ი ა. ბექა, ადექ, ბერო, ადექ... ზურგშექცევით ვიტიროთ ჩვენი გოდერძი, უკან მიუხედავად, ახლა ხომ შეიძლება ვიტირო, ბექა... ადექ, ბერო... მე გავყვები ჩემს ვაჟს შავეთში, შენ არ დაგითმობ, ჯერ მე, ჯერ მე....
ბ ე ქ ა. იტირე, იტირე, იტირე, გზა მიეც ცრემლს, იტირე....
(ხალხში ჩუმი დრტვინვა. მოუთმენლბის მოძრაობა. პატრულებს შემოჰყავთ სახეშეცვლილი, ნაცემი კახა)
ლ ე ლ ა. კახა?....
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. კახა... კახა... კახა!
ო ფ ი ც ე რ ი. დიახ... ეს კაცი იტყვის, მან საკუთარი თვალით დაიანხა ყველაფერი. აბა, გვითხარი, ვინ მოჰკლა მამსახლისი...
ლ ე ლ ა. ნუთუ? ... ნუთუ შენ...
კ ა ხ ა. მე... მე ყველაფერი ვნახე....
ლ ე ლ ა. ნუთუ შენ იცი? ნუთუ..
კ ა ხ ა. დიახ, მე ჩემის თვალით დავინახე როგორ მოჰკლა მამასახლისი... ამ კაცმა....
ო ფ ი ც ე რ ი. აი, ხედავთ... მან ყვლაფერი იცის. ყველაფერს იტყვის. თქვენ კი სდუმხართ, მკვლელს ფარავთ!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ეგ ყმაწვილი ჩემს ხელშია გაზრდილი, ბატონო ოფიცერო, ცუდს ვერაფერს დაგვაბრალებს...
ო ფ ი ც ე რ ი. გაჩუმდი.. ნახავთ თუ არა! (მიუბრუნდება ისევ კახას) გაიხსენე ყველაფერი, კარგად გაიხსენე, რაც აი აქ მოხდა, და ისიც, რაც იქ... (მრავალმნიშვნელოვნად შეჰყურებს) და გვითხარი, ვინ მოჰკლა მამასახლისი?... ვინ არის ეს... ეს... იცნობ თუ არა?
კ ა ხ ა. მამასახლისი მოჰკლა აი ამ კაცმა, მე მას...
ო ფ ი ც ე რ ი. ჰო, დაასრულა, შენ მას იცნობ!
კ ა ხ ა. არა, არ ვიცნობ, წუხელისაც გითხარით, არ ვიცნობ!
ო ფ ი ც ე რ ი. (გაცოფებით) ტყვია გათქმევინებს.
კ ა ხ ა. ჰკითხეთ ამ ხალხს, უნახავთ თუ არა ეს უცნობი ჩემთან ერთად, ან საერთოდ, ამ სოფელში...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ოჰ, შვილო, არ იცნობ, არა!
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. არა, არა, არა... არ იცნობს!
ო ფ ი ც ე რ ი. ტყვია... ტყვია ამოგიდგამს ენას. გაიყვანეთ!
კ ა ხ ა. მე ტყვია მხოლოდ დამადუმებს!
ლ ე ლ ა. (ჩურჩულით) კახა, კახა, ძვირფასო....
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ბატონო ოფიცერო, ნუ ინებებთ, თავს გეფიცებით, არ იცნობს, არა!
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. არ იცნობს, არა, არა!
ო ფ ი ც ე რ ი. გაათრიეთ... ვნახოთ თუ არ იტყვის!
კ ა ხ ა. ხალხო, მე სიკვდილისა არ მეშინია, ის მეძახის მე, როგორც მართალს... ხშირად მიფიქრია, რომ სიცოცხლის აზრი ლამაზი სიკვდილისაკენ მოგვიწოდებს... აი, ჩემი მთა... მივაღწიე ავდივარ, ვიპოვე... იქით ერთი გზაც ყოფილა. სიკვდილი... დიახ, სიკვდილი. აი, ასეთი სიკვდილი...
ლ ე ლ ა. (ჩურჩულით) კახა, შენ გმირი ხარ, საყვარელო, გმირი!...
ო ფ ი ც ე რ ი. გაიყვანეთ!
კ ა ხ ა. არა... აქვე, აქვე მომკალით... აი ამ უცნობთან, მაგრამ მართალთან.. ხალხო, იცოდეთ, რომ ეს მართალი ჯარისკაცია. ის ჩვენთვის დაეცა, ვუყვარდით და ჩვენთვის დაეცა. უთხარით ყველას, რომ ის ხალხისათვის დაეცა, უთხარით!...
(გერმანელ ჯარისკაცებს ძალით გაჰყავთ კახა. ისმის შეკავებული დრტვინვა და ჩეუმი ქვითინი. მერე სროლის ხმა)
ლ ე ლ ა. (შეჰკივლებს) კახა, კახა!
(ოფიცერი ლელასკენ მობრუნდება, მაგრამ ამ დროს ხეობიდან ანაზდად შემოიჭრება ზარის მძლავრი გუგუნი. სმენადქცეული ხალხი მუხლისთავებზე დაეცემა და ხიდს გასცქერის)
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. (ჩურჩულით) გესმით? გესმით ზარის ხმა? ჩვენი ზალიკა რეკს, ზალიკა!
ო ფ ი ც ე რ ი. (გაოცებით) რა ამბავია, რას ნიშნავს ეს, ვინ არის, ვინა? ვინ რეკავს? რად?
ბ ე ქ ა. დარეკე, შემოჰკარ, ზალიკა!
დ ა რ ი ა. ადექ, ბექავ, შენი ზალიკა ხმას გაძლევს... ბექა, ბექა!
ბ ე ქ ა. (წამოიწევს) წამომაყენეთ... ადექი, გოდერძი, ადექი, ბიჭო, შენც დაუგდე ყური!
ო ფ ი ც ე რი. ვინა რეკავს-მეთქი, ვინ (პატრულებს) წადით, მოძებნეთ და შეიპყარით!
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. შეხედეთ, შეხედეთ! აფეთქდა, აფეთქდა!
(ისმის გრგვინვა. ხიდი აფეთქდა და კლდეკარში ჩაიქცევა, დიდი გრიალის შემდეგ დიდი სიჩუმე.... ლოდინი... ისმის თოფის სროლის ხმა).
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. ხიდი აფეთქდა, აფეთქდა.. კლდეკარი ჩვენია! მოდიან, მოდიან ჩვენები!
(გერმანელი ოფიცერი აქეთ-იქით აწყდება. ისმის მისი ისტერიული კივილი. "ვინ არის, ვინ? მე თქვენ გაჩვენებთ! ვინ არის, ვინ?" უცებ შემოცვივიან შალვა, ზალიკა და სხვა გლეხები)
შ ა ლ ვ ა. (თოფს მიუშვერს ოფიცერს) მე ვარ, მე, შენი სულთამხუთავი!
(ოფიცერი გარბის. ისმის სროლის ხმა. ოფიცერი ხევში გადაიჩეხება)
შ ა ლ ვ ა. ხალხო! სიკვდილი მტერს! საბჭოთა არმია მოდის... გზა ხსნილია!
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. აღსდექ, ხალხო, აღსდექ, კურთხეულ იყავ... აღსდექ და შეეგება შენ შვილებს. გესმის მათი გუგუნი!
ლ ე ლ ა. (ქვითინებს) დედა... გოდერძი, კახა!
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. გარბიან, გერმანელები გარბიან!...
მ ა მ ა ლ ხ ი ნ ე. ტყვია მიაყოლეთ, ბიჭებო, ტყვია!
შ ა ლ ვ ა. მომილოცავს, ხალხო, ამხანაგებო, მომილოცავს! (უცებ შემკრთალი შეჩერდება) დედა... დედა... ბექა!
დ ა რ ი ა. შალვა, შვილო, ჩემი გოდერძი... მე რაღა ვქნა, მე?...
შ ა ლ ვ ა. (ქუდს მოიხდის) დიდება დაღუპულ გმირებს, დიდება!
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. დიდება, დიდება!
შ ა ლ ვ ა. გოდერძი... განა ჩემი გოდერძის დავიწყება შეიძლება?... მისი კარგი ბიჭობა ჩვენი ცხოვრების ნაწილია... დიდება დაღუპულ გმირბს, დიდება!
(დაიჩოქებს გოდერძის ცხედრის წინ. ხალხიც იჩოქებს)
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. საუკუნო ხსენება... დიდება.. ამინ!
შ ა ლ ვ ა. შენ სამშობლოსათვის დასდე თავი, გოდერძი... სამშობლოს მიეც შენი სიცოცხლე, ბიჭო! (ხმა ჩაუწყდება).
დ ა რ ი ა. (ჩურჩულით) ადექი, ბიჭო გოდერძი, ადექი! გაიგონე? ადექი და შენი ძმობილი მოძებნე. ისიც ხომ...
ლ ე ლ ა. კახა, ვაჰმე, კახა!
შ ა ლ ვ ა. (გაოცებით წამოდგება) ნუთუ კახაც?.. ვაი მე, ბიჭო, ვაი მე!
ლ ე ლ ა. კახა, ბიჭო, რომელ ერთი გიტიროთ, შენ თუ გოდერძი? გოდერძი თუ შენ?...
(ისმის მოახლოებული ჯარის ყიჟინა, სროლის ხმა)
შ ა ლ ვ ა. მივეგებოთ, ხალხო, ჩვენს მხსნელებს!
ხ ა ლ ხ ი ს ხ მ ა. მივეგებოთ, მივეგებოთ!
დ ა რ ი ა. ჩვენა, ბექა, ჩვენ რაღა ვქნათ?.. ადექი, ბიჭო გოდერძი, ადექი, ჩვენც მივეგებოთ... ჩვ... (დაეცემა. ხალხი მდგუმარედ მიეშურება შესაგებებლად. ბექა ლელას მხარდ დაყრდნობია და თავდახრილი დგას. ფარდა ნელ-ნელა ეშვება).
1947 წ.