გოგოლი ნიკოლოზ
გაზიარება

ტარას ბულბა 

– აბა, ერთი მობრუნდი, შვილო! ეჰა, რა სასაცილო რამა ხარ! ეს რა მღვდლის კაბები გაცვიათ? ყველანი ასე დადიან აკადემიაში?

ამ სიტყვებით შეეგება მოხუცი ბულბა თავის ორ შვილს, რომლებიც კიევის ბურსაში სწავლობდნენ და ახლა მამას მოუვიდნენ შინ.

ის იყო ცხენებიდან ჩამოხტნენ ისინი. ეს იყო ორი ბრგე ვაჟკაცი, რომლებიც თავჩაკიდულნი, დაბღვერილნი გამოიყურებოდნენ, როგორც ახლად გამოშვებული სემინარიელები. მათი საღი და ჯანმრთელი სახე ახლად იყო აბუსუსებული, სამართებელი ჯერ არ მიჰკარებოდათ. მამის ასეთმა დახვედრამ ძლიერ შეაკრთო ისინი. იდგნენ უძრავად და მიწას ჩასცქეროდნენ.

– იდექით, აგრე იდექით! მოიცათ ერთი, კარგა გაგსინჯოთ, – ეუბნებოდა ბულბა და თან აქეთ-იქით ატრიალებდა: – ეს რა გრძელი სვიტკებია! შეხედეთ ერთი, როგორებია! ასეთი სვიტკები, ვგონებ, დედამიწის ზურგზე ჯერ არც კი სადმე ნახულა. აბა, ერთი გაიქეცით რომელიმე! ვნახოთ, ფეხებში თუ არ გაგებმით კალთები და არ გაიშხლართებით მიწაზე?!

– ნუ დაგვცინი, ნუ, ბატკუ! – შეუბრუნა სიტყვა ბოლოს უფროსმა.

– შეხედეთ ერთი, რა დიდგულა რამ არის! ვითომ რატომ არ უნდა დაგცინო, ჰა?

– ჰოდა, აგრე, მართალია, მამა ხარ, მაგრამ თუ დაცინვას დამიწყებ, ღმერთმანი, მიგბეგვავ!

– აი, შე ასეთ-ისეთო! როგორ! მამასა? – ჩაეკითხა ტარას ბულბა შვილს და განცვიფრებულმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადგა.

– მერე რა, რომ მამა ხარ, შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ.

– მერე, როგორ გინდა მეჩხუბო? იქნებ მუშტითა?

– როგორ და რითაც გნებავს.

– მოდი მაშ და მუშტითა ვსინჯოთ ერთმანეთი! – უპასუხა ბულბამ და დაიმკლავა: – ვნახოთ ერთი, მუშტში რა კაცი ხარ!

ასე დაუწყეს მამა-შვილმა დიდი ხნის უნახაობის შემდეგ მისალმების ნაცვლად ერთმანეთს გვერდებსა და წელში, გულსა და მკერდში დაგადუგი და მუშტით ზელა; ხან შედგებოდნენ და ერთმანეთს ზომავდნენ, ხან კი ისევ დაუშენდნენ ხოლმე ერთმანეთს.

– შეხედეთ ერთი, ვინა ხართ ღვთისნიერი, გაგიჟებულა ბებერი! მთლად გადარეულა! – იძახოდა იქვე კარებში მდგარი გამხდარ-გამხდარი, ფერმკრთალი, კეთილი დედა მოსულებისა. მას ჯერ ძვირფასი შვილები გულში არც კი ჩაეკრა. – შვილები შინ მოუვიდნენ, წელიწადზე მეტი იქნება თვალით არ უნახავს, ეს კი, ღმერთმა იცის, რასა შვრება: დამდგარა და ეკრივება!

– მართლა და კარგა იცემება! – ამბობდა ბულბა და თან ტანისამოსს ისწორებდა, – ასე, რომ გამოცდა აღარც კი უნდა. ზორბა კაზაკი იქნება! აბა, გამარჯობა შვილო! მოდი ერთი, ჩავტყლოშნოთ ერთმანეთი! – და დაუწყეს ერთმანეთს კოცნა. – აგრე, შვილო! კარგია! აგრე სტყეპე ხოლმე ყველა, როგორც მე ამიხურე გვერდები. არავის არაფერი შეარჩინო! მაგრამ ჩაცმულობა მაინც სასაცილო გაქვს; ეს რაღა თოკი ჩამოგთრევს? შე დოყლაპიავ, შენ რაღას დგახარ და ხელები ჩამოგიშვია? – მიუბრუნდა ახლა უმცროს შვილს: – რატომ შენ კი აღარ მცემ, შე ძაღლიშვილო?

– ეს რაღა გამოიგონა! – ამბობდა დედა, რომელიც ამ დროს უმცროს შვილს ეხვეოდა. – რას არ ჩაიდებს თავში, გაგიგონიათ, ღვიძლი შვილი მამასა სცემდეს! მერე და განა ახლა ამისთვისა სცხელა: საბრალო ბავშვს ამოდენა გზა გამოუვლია, დაღლილ-დაქანცულია... (ეს ბავშვი ოცი წლის ახმახი იყო, სრული საჟენის სიმაღლე ჰქონდა) საწყალს ახლა დასვენება და რისამე ჭმევა უნდა, ეს კი ჩასციებია – მეკრივეო!

– ეი, შენ, როგორც გატყობ, დონდლო ყოფილხარ! – ეუბნებოდა ბულბა, – არ გაუგონო დედასა, დედაკაცს რა გაეგება, ან რა იცის. რის სინაზე, რა სინაზე? ტრიალი მინდორი და კაი ცხენი: აი, თქვენი სინაზე! აგერ, ამ ხმალს ხომ ხედავთ? ეს თქვენი დედაა! ყველაფერ ის კი, რითაც თავს გიტენიან, ის რაღაც აკადემიებია, წიგნები, ანბანები და ფილოფოფია, ყველაფერი სისულელეა. მე ზედაც არ მივაფურთხებდი! – აქ ბულბამ ისეთი სიტყვა დააყოლა, რომელსაც წიგნში არავინ იხმარს. – მოდით, მე თქვენ იქით კვირია ზაპოროჟიეში გაგგზავნით, აი, სად არის ნამდვილი მეცნიერება! აი, ის არის თქვენი სკოლა და იქ ისწავლით კიდეც ჭკუასა!

– მარტო ერთ კვირას იქნებიან შინ? – იმეორებდა საცოდავად თვალცრემლიანი, გამხდარი, მოხუცი დედა: დასვენებასა და გავლა-გამოვლას ვერც მოასწრებენ, ვერ მოასწრებენ სახლი გაიცნონ და ვერც მე დავტკბები მათი ცქერით!

– კარგი, გეყოფა, ბებრუხანავ, წუწუნი! კაზაკი იმისთვის როდია გაჩენილი, დედაკაცებთან იჯდეს. შეისხი ბარემ კაბის ქვეშ და კრუხივით გადაეფარე. წადი დროით და სუფრა გაგვიშალე, ყველაფერი მოიტა, რაც კი რამა გაქვს. არ გვინდა პამპუშკები, მედოვიკები, მაკოვნიკები და სხვა პუდიკები: მოგვიტა მთელი ცხვარი, თხა, ძველი თაფლუჭი! ცხარ-ცხარე არაყი ბლომად, მაგრამ რაღაც-რაღაცეებით კი არა, ქიშმიშითა და სხვა რამერუმეებით რომ იციან, არა, წმინდა ქაფიანი არაყი, რომ დუღდეს და ცოფებსა ჰყრიდეს.

ბულბა გაუძღვა შვილებს სასტუმრო ოთახისკენ, საოდანაც ოქროსფერი ღინჭილებით მორთული ორი ლამაზი მოახლე გოგო გამოვარდა. ისინი ოთახს ასუფთავებდნენ. როგორც ეტყობოდა, შეეშინდათ ბატონის ვაჟების მოსვლისა, რომლებიც არავის არას დაუთმობდნენ; ანდა უნდოდათ მხოლოდ ქალთა ჩვეულება დაეცვათ: შეეკივლათ და თავ-პირის მტვრევით გაქცეულიყვნენ, აქაოდა კაცი დავინახეთო, და შემდეგ დარცხვენილებს კაბის სახელო აეფარებინათ. ოთახი იმ დროის გემოვნებაზე იყო მორთული, რომლის შესახებ ცხოველი მოგონებანი დარჩენილა მხოლოდ სიმღერებში და ხალხურ თქმულებებში, რომელთაც უკვე აღარ იმღერიან უკრაინაში თეთრწვერა უსინათლო მოხუცები თავმოყრილ ხალხში ფანდურის ნელ ხმასთან აყოლებით; მორთული იყო სწორედ იმ მძიმე დროის გემოვნებაზე, როცა უკრაინაში უნიისათვის ბრძოლა და სისხლის ღვრა დაიწყო. შიგნით სისუფთავე სუფევდა, კედლები ფერადი თიხით იყო შელესილი. კედლებზე ეკიდა ხმლები, მათრახები, ფრინველთა და თევზსაჭერი ბადეები, თოფები, ოსტატურად ნაკეთები საპირისწამლეები, ოქროს აღვირი საგულმკერდე ვერცხლის ბალთებით. ოთახს ფანჯრები პატარა ჰქონდა, მრგვალი, მქრქალი მინებით, სწორედ ისეთი, როგორიც ახლა მხოლოდ ძველ ეკლესიებს აქვთ ხოლმე და რომლრბიდანაც რისამე დანახვა შეუძლებელი იყო, თუ ჩამოსაშვებ შუშას არ ახდიდნენ. კარებსა და ფანჯრებს გარშემო წითელი ჩარჩოები ჰქონდა. თაროებზე ოთახის კუთხეებში ჩამწკრივებული იყო სურები, ბოთლები, მწვანე და ლურჯი მათარები, ჩუქურთმიანი ვერცხლის კულები, შტოფები, თასები, სხვადასხვა ჯურის მოოქროვილი ფიალები: ვენეციური, ოსმალური, ჩერქეზული, რომლრბიც, ვინ იცის, საიდან, ვისგან და როგორ იყო ბულბასაგან მოპოვებული, – იმ საგმირო დროს ეს ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ოთახში ირგვლივ ჩამორიგებული იყო თელის მერხები. ხატებქვეშ, საპატიო კუთხეში, იდგა უშველებელი მაგიდა, იქვე თაროებ-საფეხურებიანი განიერი ღუმელი იყო ჭრელ-ჭრელი შორენკეცებით შემკული. ყოველივე ამას კარგად იცნობდნენ ახალგაზრდები, რადგანაც ყოველწლივ არდადეგებზე შინ მოდიოდნენ ფეხით; ფეხით კი იმიტომ მოდიოდნენ, რომ ჯერ ცხენები არა ჰყავდათ და არც ჩვეულება იყო სკოლელებს ცხენით ევლოთ. ჰქონდათ მხოლოდ ჩუბები – კეფაზე გრძლად ჩამოზრდილი თმა, რომლის მოქიჩვაც ყოველ იარაღის მატარებელ კაზაკს შეეძლო. ბულბამ მხოლოდ სწავლის დამთავრების დროს გაუგზავნა მათ თავისი ჯოგიდან ორი ულაყი.

შვილების მოსვლის გამო ბულბამ ბრძანა მოეწვიათ ყვვლა ასისთავი და პოლკის უფროსობა, ვინც კი იმჟამად იქ იყო. როგორც კი მოვიდნენ ორნი მათგანნი და ესაული დმიტრი ტოვკაჩი, ბულბას ძველი ამხანაგი, მაშინვე შვილები წარუდგინა: "აბა შეხედეთ, რა ბიჭები არიან! მალე სეჩში გავგზავნი." სტუმრებმა მიულოცეს როგორც ბულბას, ისე მის შვილებს და დაუდასტურეს, კარგ საქმეს სჩადიხარ, ახალგაზრდისათვის ზაპოროჟიეს სეჩი საუკეთესო მეცნიერებააო.

– აბა, დასხედით, ვისაც სად გერჩიოთ. აბა, შვილებო! ჯერ არაყი გადავკრათ! – ამბობდა ბულბა. – ღმერთო, გვაკურთხე! გაგიმარჯოთ, შვილებო: შენც, ოსტაპ, შენც ანდრი! ღმერთი იყოს თქვენი შემწე და იყავით მუდამ გამარჯვებულნი ომში! ბასურმანებს, თურქებს, თათრებს მუსრი გაავლეთ; როცა ლიახებიც ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ რასმე განიზრახავენ, იმათაც მუსრი გაავლეთ. აბა, რას უცდი, მოუშვირე ფიალა, რაო, კარგი არაყია, არა? მითხარი ერთი, ლათინურად რა ჰქვია არაყსა? ჰხედავთ, შვილებო, ბრიყვები ყოფილენ ლათინები: არც კი სცოდნიათ, თუ დედემიწის ზურგზე არაყი არის! მითხარი, იმას რაღას ეძახიან, აი, ლათინურ ლექსებს რომ წერდა? წერა-კითხვა საიმისოდ კარგად არ ვიცი და ამიტომაც კარგად არ მახსოვს: ჰორაციუსი ერქვა, არა?

"ხედავ ბატკოსა! – გაიფიქრა თავისთვის უფროსმა შვილმა, ოსტაპმა, – ყველაფერი იცის ბებერმა ქოფაკმა, თავს კი იკატუნებს, ვითომდა არა ვიცი რაო."

– მგონი, არქიმანდრიტი არაყს არც კი გასუნებინებდათ ხოლმე, არა? – განაგრძო ბულბამ. – გამოტყდით, შვილებო, ხომ ზორბად გამათრახებდნენ და გილიანდაგებდნენ ხოლმე არყისა და ალუბლის წკეპლებით ზურგსა და სხეულის სხვა ნაწილებსაც? ან იქნება, რაკი ძლიან ჭკვიანები დახდით, მათრახებსაც გადაგიჭერდნენ ხოლმე? იქნება მარტო შაბათობით კი არა, ოთხშაბათობითა და ხუთშაბათობითაცა გხვდებოდათ?

– ის, რაც იყო, ბატკო, მოსაგონებელი აღარ არის, – მოუგო მშვიდად ოსტაპმა, – რაც იყო, იყო, წავიდა!

– აბა, ახლა სცადოს! – წამოიძახა ანდრიმ. – აბა ერთი თითი დამაკაროს ვინმემ. ერთი თვალი კი დავკრა სადმე თათარსა და ნახავს, როგორია კაზაკის ხმალი!

– ეგ კარგია! ღმერთმანი! კარგია, შვილო! რაკი ეგრეა, მეც თქვენთან წამოვალ! ღმერთმანი, წამოვალ. აქ რა ეშმაკებს უნდა ვუცადო? რაო, უგრეხელი ვთესო, ნაცარი ვქექო, ღორებსა და ცხვრებს ვდიო და დედაკაცს შევცქირო? ეშმაკსაც წაუღია იმისი თავი: კაზაკი ვარ და არ მინდა! რა ვუყოთ, რომ ომი არ არის? წამოვალ თქვენთან ზაპოროჟიეში – გამოვისეირნებ. ღმერთმანი, წამოვალ! – მოხუცი ბულბა თანდათან უფრო და უფრო ცხარობდა, მერე მართლა გაჯავრდა, წამოდგა სუფრიდან, მედიდურად გამოიჭიმა და ფეხი დააბრაგუნა. – ხვალვე წავიდეთ! რაღას უნდა ვუცადოთ? აქ რომელი მტერი მოგვივა? რად გვიდდა ეს ქოხი? რა თავში ვიხლით ყველაფერ ამას? რას ვაქნევთ ამ ქილებსა? – და დაუწყო ქილებსა და მათარებს აქეთ-იქით სროლა და მტვრევა.

საბრალო მოხუცი დედაკაცი კი, რომელიც უკვე მიჩვეული იყო ქმრის ასეთ საქციელს, იჯდა მერხზე, დაღონებული შეჰყურებდა და თქმას ვერაფრისას ვერა ბედავდა. მაგრამ რომ გაიგო ეს საზარელი გადაწყვეტილება, ვეღარ მოითმინა, თვალები ცრემლით აევსო და გადახედა შვილებს, რომლებსაც ასე მალე უნდა გამოსთხოვებოდა. ვერავინ ასწერდა ამ დროს იმ ჩუმ ნაღველსა და მწუხარებას, რომელიც მის სახეზე, თვალებში და მოკუმულ, მთრთოლვარე ტუჩებზე იხატებოდა.

საშინელი ჯოუტი იყო ბულბა. მისთანა ხასიათი შეიძლებოდა წარმოშობილიყო მხოლოდ იმ მძიმე XV საუკუნეში, როდესაც ევროპის ეს კუთხე თითქმის ნახევრად მოხეტიალე ხალხით იყო დასახლებული, როდესაც მთელი სამხრეთ რუსეთი მიატოვეს მისმა მთავრებმა, ხოლო მონღოლმა მტაცებლებმა თავისი მუდმივი თავდასხმებითა და რბევით მთლად მოაოხრეს, გაანადგურეს, გადასწვეს; როდესაც ჭერსა და კერას მოკლებული კაცი უნებლიედ მედგარი გახდა; როდესაც ამობუგულ ადგილებში, მრისხანე მეზობელთა თვალწინ სახლდებოდა იგი, მტერს თამამად შეჰყურებდა და აღარ ახსოვდა, რომ დედამიწაზე არსებობს შიში; როდესაც სლავთა ერთ დროს მშვიდობიანი გული და სული ბრძოლის ცეცხლით აღენთო და კაზაკობამ – რუსული ბუნების ამ ლაღმა ძარღვმა იჩინა თავი. როდესაც ყველა მდინარის პირი, გადასასვლელი, მოხერხებული სანაპირო ადგილი კაზაკებით გაივსო, რომელთა რაოდენობაც არავინ იცოდა, ასე რომ მათ გამბედავ ამხანაგებს თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ სულთნისათვის, როცა იმან იკითხა მათი რიცხვი: "რა ვიცით, რამდენია! მთელი მინდვრები სავსეა; სადაც კი მცირე ბორცვია, ყველგან კაზაკიაო".ეს იყო მართლაც რაღაც არაჩვეულებრივი აღზევება რუსული ძალისა: ხალხის გულიდან იგი უბედურებათა ცეცხლმა ამოაფრქვია. ნაცვლად წინანდელი უდელებისა, პატარ-პატარა ქალაქებისა, რომლებიც ბაზიერებითა და მეძაღლეებით იყო ხოლმე სავსე, ნაცვლად ერთმანეთის მტრობით გატაცებული და ქალაქებით მოვაჭრე წვრილი თავადებისა, გაშენდა მრისხანე დაბები, კურენები და ოკოლიცები, რომლებსაც აერთიანებდა საერთო საშიშროება და სიძულვილი არაქრისტიანი მტაცებლებისა. ისტორიიდან ყველამ უთუოდ იცის უკვე, რომ ამათმა მუდმივმა ბრძოლამ და მოუსვენარმა ცხოვრებამ იხსნა ევროპა შეუპოვარ და საშიშ მტერთა შეტევისაგან, რომელნიც მას დამხობას უქადდნენ. პოლონელთა მეფეები, რომელნიც იმ დროს უდელის მთავართა ამ ფართოდ გაშლილი ადგილების მბრძანებლები გახდნენ (თუმცა შორეულნი და სუსტნი), კაზაკთა მნიშვნელობას და მათი მხედრული ცხოვრების სარგებლობას მალე მიხვდნენ. ამიტომ ისინი მუდამ აქებდნენ და ხელს უწყობდნენ მათ. მათი შორეული მბრძანებლობით გეტმანები, რომელთაც ისევ კაზაკნი ირჩევდნენ თავიანთ შორის, კურენებიდან და ოკოლიცებიდან ადგენდნენ ცალკე ლეგიონებს და სამხედრო ოლქებს. მართალია, ეს არ იყო სამწყობროდ მუდამ თავშეყრილი ჯარი, მაგრამ საჭიროების დროს, სულ რვა დღის განმავლობაში, ყველა უთუოდ ცხენით მოვიდოდა, შეიარაღებული, და იღებდა მეფისაგან მხოლოდ ერთ ჩერვონეცს; ამრიგად, ორ კვირაში ისეთი ჯარი იკრიბებოდა, რომელსაც ვერავითარი სარეკრუტო შეკრება ვერ შეედრებოდა. გათავდებოდა ლაშქრობა და ყველა მებრძოლი ისევ თავის ველ-მინდორს უბრუნდებოდა, დნეპრის ნაპირებს მიაშურებდა, ისევ თევზს იჭერდა, ვაჭრობდა და ლუდსა ხდიდა, ისევ იგივე თავისუფალი კაზაკი იყო. თანამედროვე უცხოელთ სამართლიანად აკვირვებდათ ამ ადამიანთა გასაოცარი ნიჭი. არ მოიძებნებოდა ხელობა, რომელიც კაზაკს არა სცოდნოდა: არაყის გამოხდა, ფორნის კეთება, თოფისწამლის დამზადება, მჭედლობა, ზეინკლობა და თანაც ქეიფი, უზომო სმა და ლოთობა, რაც მხოლოდ ერთადერთ რუსს თუ ეხერხება ასე, – ყველაფერი ეს მისი ხელიდან გამომავალი იყო. სალაშქრო ჯარში ჩაწერილ კაზაკთა გარდა, რომლებიც მოვალენი იყვნენ ომში უთუოდ გასულიყვნენ, თუ საჭიროება მოითხოვდა, შეიძლებოდა თავისუფალი ცხენოსანი მეომარნიც შეეყარნათ: ჩამოუვლიდნენ ხოლმე ესაულები ბაზრებს, დაბა-სოფლების მოედნებს, შედგებოდნენ ფორანზე და ხმამაღლა დასჭექდნენ: "ეი თქვენ, მელუდეებო, არაყის მხდელებო! გეყოფათ ამდენი ლუდის ხდა და ღუმლებზე უქმად გორაობა, გეყოფათ მაგ ჩასუქებული მძოვრით ბუზების ძღომა! წადით, სარაინდო დიდება და პატივი მოიპოვეთ! თქვენ, ეი, მეგუთნეებო, მთესველნო, მეცხვარეებო, დედაკაცებისათვის სული რომ მიგდით! გეყოფათ გუთნის უკან დევნა და ყვითელი წაღების ტალახში თხუნვა, გეყოფათ ცოლებთან ჩოჩვა და სავაჟკაცო ძალის ფუჭად დაკარგვა! დროა კაზაკის სახელიც მოიპოვოთ!"

ეს სიტყვები ცეცხლივით აღანთებდნენ ხოლმე მათ. გუთნისდედა მაშინვე გუთანს ამტვრევდა, არყის მხდელი და მელუდე კასრებსა და გეჯებს თავს ანებებდნენ, ვაჭარი და ხელოსანი ხელობასა და დუქანს ეშმაკს ულოცავდნენ, შინ ქილებსა და ქოთნებს ამტვრევდნენ, ყველანი ცხენებს მოახტებოდნენ. ერთი სიტყვით, რუსული ბუნება აქ ნამდვილ გაქანებას ჰპოვებდა, აქ მაგრდებოდა და ფრთებს ისხამდა.

ტარასი ერთ ძველი პოლკოვნიკთაგანი იყო: იგი ბრძოლისათვის იყო შექმნილი და უჯიათო პირდაპირობით გამოირჩეოდა. პოლონეთს ამ დროს რუსეთის თავად-აზნაურობაზე უკვე ჰქონდა თავისი გავლენა. ბევრმა კიდევაც გადმოიღო მათი ჩვეულება: დაიწყეს მდიდრულად ცხოვრება, გაიჩინეს აუარებელი მსახური, ქორ-შევარდენ-მეძებრები, გააჩაღეს სადილები, წვეულებანი. ტარასს არ მოსწონდა ყოველივე ეს. მას უყვარდა უბრალო, კაზაკური ცხოვრება. იმ თავის ამხანაგებს და მეგობრებს, რომელთაც გული ვარშავისაკენ მიუწევდათ, ყველას წაეჩხუბა, პოლონელი პანების ხოლოპებს ეძახდა. მუდამ მოუსვენარი, იგი თავის თავს მართლმადიდებლობის კანონიერ მფარველად თვლიდა. თავის კაზაკებთან ერთად შედიოდა სოფლებში, სადაც კი მოიჯარადრეებსა და კომლზე ახალი გადასახადების მომატებას უჩიოდნენ ხოლმე. თვითნებურად ასამართლებდა ყველა დამნაშავეს და წესად ჰქონდა სამი მიზეზის გამო უთუოდ ხმლისათვის მიემართა: ერთი, როდესაც კომისრები სტარშინებს რამეში პატივს არ დადებდნენ და მათ წინ ქუდით დგომასა ბედავდნენ; მეორე, როდესაც მართლმადიდებლობას შეაგინებდა ვინმე და მამა-პაპათა ჩვეულებას პატივით არ მოიხსენიებდა, და მესამე, როდესაც მტრები ბუსურმანები და თურქები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც იარაღის აღებას მუდამ ნებადართულად თვლიდა ქრისტიანობის სადიდებლად.

ახლა ბულბა სიამოვნებით ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ მიიყვანდა თავის შვილებს სეჩში და ეტყოდა: "აბა, შეხედეთ, რა ვაჟკაცები მოგგვარეთო!", როგორ წარუდგენდა მათ თავის ძველ, ბრძოლაში გამობრძმედილ მეგობრებს, როგორ გამოსცდიდა საგმირო საქმეებსა და სმაში, რომელიც ბულბას აგრეთვე ერთ უმთავრეს რაინდულ თვისებად მიაჩნდა. თავდაპირველად მარტოკებს უპირებდა გაგზავნას შვილებს, მაგრამ რომ ნახა, რა ახალგაზრდა, წარმოსადეგი და ზორბა შესახედავი ბიჭები იყვნენ, უცბად მასშიაც გაიღვიძა მებრძოლმა სულმა და ამ ახირებულმა, ჯიუტმა კაცმა მეორე დღესვე გადაწყვიტა თვითონაც წასულიყო, თუმცა ამის საჭიროება სრულიადაც არ იყო. ბულბა უკვე დაფაცურობდა და განკარგულებას ახდენდა, ირჩევდა შვილებისათვის ცხენებსა და აკაზმულობას, მოინახულა საჯინიბოები და ბეღლები, ამოირჩია მოსამსახურენი, რომელნიც ხვალ თან უნდა ხლებოდენენ. თავისი უფლებები ესაულ ტოვკაჩს ჩააბარა და თან უბრძანა, მთელი პოლკით იმწამსვე სეჩში გაჩნდი, როგორც კი ჩემგან რაიმე ცნობას მიიღებო. მართალია, ჯერ კიდევ საკმაოდ შექეიფიანებული იყო და ბრუჟი არ ამოქრობოდა თავიდან, მაგრამ მაინც არა დავიწყებია რა. ისიც კი უბრძანა, ცხენებისათვის წყალი დაელევინებინათ და საუკეთესო ხორბალი ეჭმიათ. ბოლოს დაღალულ-დაქანცული მობრუნდა შინ.

– აბა, შვილებო, ახლა კი დროა დავიძინოთ. ვნახოთ, ღმერთი რას მოგვცემს ხვალა. მაგრამ ლოგინი არ გაგვიშალო. არ გვინდა! გარეთ დავიძინებთ.

ის იყო მხოლოდ დაღამდა, მაგრამ ბულბა მუდამ ადრე იძინებდა. წამოწვა ხალიჩაზე, წაიხურა ზემოდან ტყაპუჭი, რადგანაც საკმაოდ გრილი ღამე იყო, ხოლო ბულბას, როცა შინ გახლდათ, თბილად დახურვა უყვარდა ხოლმე, და მალე გულიანი ხვრინვა ამოუშვა. მას თან მიჰყვა მთელი ოჯახობა, ყველა აფშვინდა და ახვრინდა. ყველაზე ადრე კი ჩაეძინა კარ-მიდამოს დარაჯს, რადგანაც პანიჩების მოსვლის გამო სხვებზე ზორბად ის გამოთვრა. არ ეძინა მხოლოდ საბრალო დედას. სასთუმალთან მიჯდომოდა თავის ძვირფას შვილებს, რომლებიც ერთად იწვნენ, აბურძგნულ ხუჭუჭ თმას უვარცხნიდა და ცრემლით ულბობდა. დასცქეროდა დაშტერებით, მთელი თავისი გრძნობებით, და ცქერით ვერ გამძღარიყო. მან გამოზარდა ისინი თავისი ძუძუთი, დაავაჟკაცა, ზედ გადააკვდა, – ახლა კი მხოლოდ ამ ერთ წამს უნდა ეცქირა მათთვის. "შვილებო. ძვირფასო შვილებო! ვინ იცის, რა მოგელით, რა გადაგხდებათ?" – ჩურჩულებდა იგი და ნაოჭებში, რომელთაც ოდესღაც მშვენიერი სახე დღეს სულ მთლად შეეცვალათ, ცრემლები უგუბდებოდა. მართლაცდა საბრალისი იყო ეს ქალი, როგორც ყოველი სხვა ქალი, შვილი იმ მოუსვენარი დროისა. მხოლოდ ერთი წამით მოასწრო დამტკბარიყო სიყვარულით, ვნებათა ღელვით, ყმაწვილქალობის გულისთქმით, და, ჰა, მისი სასტიკი მაცდუნებელი ლაღმა ცხოვრებამ – ხმალმა, ამხანაგებმა, ღრეობამ გაიტაცა. იგი ქმარს მხოლოდ წელიწადში ორ-სამ დღესა ხედავდა თვალით, მერე კი რამდენიმე წელიწადს არა ისმოდა რა იმისი. მაგრამ რომ ნახავდა ხოლმე კიდევაც, როცა ერთად ცხოვრობდნენ, ან მაშინ რა იყო მისი სიცოცხლე? ითმენდა მხოლოდ შეურაცხყოფას და ზოგჯერ ცემა-ტყეპასაც; ალერსს მხოლოდ მოწყალებასავით თუ ეღირსებოდა. იგი რაღაც უცნაური არსება იყო ამ უცოლო რაინდთა შორის, რომელთაც ზაპოროჟიეს თავისუფლება თავისებურ სასტიკ ელფერს ადებდა. ისე მსწრფლ გაირბინა მისმა ახალგაზრდობამ, რომ სიტკბოება არ უნახავს, მშვენიერი ნორჩი ლოყები და გულმკერდი უალერსოდ ჩამოახმა, უდროოდ დაუჭკნა. მთელი სიყვარული, მთელი გრძნობანი, მთელი სინაზე და ვნება, რაც კი მოეპოვება ქალს, ყოველივე ეს ბოლოს მშობლის გრძნობად გადაექცა. მუდამ თვალცრემლიანი მხურვალედ და ვნებით დასტრიალებდა იგი ველის მეთოვლიასავით თავის შვილებს. ახლა კი მის საყვარელ შვილებს აშორებდნენ, სამუდამოდ აშორებდნენ! ვინ იცის, იქნება პირველსავე ბრძოლაში მოჰკვეთოს ვინმე თათარმა თავი, მას კი, საბრალო დედას, არ ეცოდინება, სად ეგდება იმათი გვამი, სად დაკორტნიან მტაცებელი ფრინველნი; ხსნა კი რომ შესძლებოდა, შვილების თითოეული ცვარი სისხლისათვის თავს გადასდებდა სასიკვდილოდ. ასე ქვითინებდა და შესცქეროდა თვალებში შვილებს, რომელთაც უკვე ძილი სძლევდათ, თან ფიქრობდა: "იქნება ბულბამ, რომ გაიღვიძოს, წასვლა ორიოდე დღით შეაგვიანოს, იქნება იმიტომ მოინდომა ასე უცბად წასვლა, რომ დალევა მეტი მოუვიდაო".

მთვარე რა ხანია დჰკაშკაშებდა მძინარე ხალხით სავსე ეზოს, ხშირ ტირიფებს და მაღალ შამბნარს, რომელსაც თითქმის მთლად დაემალა ეზოს ირგვლივ შემოვლებული მესერი. ის კი, საბრალო დედა, ისევ თავთ უჯდა საყვარელ შვილებს და ერთი წამით თვალს არ აშორებდა: ძილი სულ არ აგონდებოდა. ცხენებმაც უკვე იგრძნეს განთიადის მოახლოება, ბალახზე წამოგორდნენ და ჭამა შესწყვიტეს; აგერ ტირიფის ზემო ფოთლებმაც შრიალი იწყეს და ნელ-ნელა ტალღა შრიალისა ძირამდის დავიდა. ასე იჯდა უძრავად მთელ ღამეს გათენებამდე, მაგრამ დაღლა სრულებითაც არ უგრძვნია: პირიქით, გულში უნდოდა, ღამე რაც შეიძლება დიდხანს არ გალეულიყო. მინდვრიდან კვიცის ჭიხვინი მოისმა, ცაზე წითელი ზოლები მკაფიოდ გამოჩნდა. ბულბას უცბად გამოეღვიძა, წამოვარდა. გუშინდელი ნაბრძანები ყველაფერი კარგად ახსოვდა.

– აბა, ბიჭებო, გეყოფათ ძილი! დროა, ადექით! ცხენებს წყალი დაალევინეთ! ის ბებერი სადღაა? (ასე ეძახდა ჩვეულებრივ თავის ცოლს). მარდად, ბებერო, საჭმელი მოგვიმზადე: გზა დიდი გვაქვს!

უკანასკნელ იმედს გამოთხოვებულმა საბრალო ბებერმა წელმოწყვეტით გასწია ქოხისაკენ. იმ დროს, როდესაც იგი თვალცრემლიანი ამზადებდა საუზმეს, ბულბა მარჯვნივ და მარცხნივ ბრძანებას იძლეოდა, საჯინიბოში ტრიალებდა და შვილებისათვის საუკეთესო აკაზმულობას თვითონ არჩევდა.

ბურსელებს ახლა ვეღარ იცნობდით: ძველი გათხუნული ჩექმების მაგივრად ვერცხლისნალებისნი წითელი ტარსიკონის წაღები ეცვათ; შარვალი, ათასნაოჭიანი და ისეთი განიერი, რომ შავ ზღვას გადაეფინებოდა, ოქრომკედით ნაკერი ხვანჯრით ჰქონდათ გაქანჩული. ხვანჯარს ზედ ეკიდა გრძელი, ფოჩიანი, ნაირ-ნაირი ჟღარუნებით გაწყობილი თასმები ჩიბუხისათვის; ზემოდან ეცვათ ალისფერი მაუდის კაზაკური კაბა და შემოჭერილი ჰქონდათ ფერადი სარტყელი; ხმალი ფეხებში სცემდათ. ჯერ ნაკლებად მზემოკიდებული იმათი სახე ახლა თითქოს უფრო დამშვენდა, გათეთრდა, აბუსუსებულმა შავმა ულვაშებმა საღი, ახალგაზრდობის ძალუმი ფერი ახლა თითქოს უფრო საჩინო გახადა. ოქროსციანმა შავმა ფაფახებმა ხომ სულ მთლად დახატა ისინი. საბრალო დედა! როგორც კი შვილები დაინახა, ხმა ჩაუწყდა, ცრემლები თვალებზე შეეყინა.

– აბა, ბიჭებო, ყველაფერი მზად არის! ნუღარ ზოზინობთ! – დაიძახა ბულბამ. – ახლა, ქრისტიანული წესით, ვიდრე გზას გავუდგებოდეთ, ყველანი უნდა დავსხდეთ.

ყველანი დასხდნენ, მოსამსახურე ბიჭებიც კი, რომლებიც მოკრძალებით იდგნენ კართან.

– ახლა, დედა, შვილები დალოცე! – მიმართა ბულბამ ცოლს, – სთხოვე უფალს, რომ მამაცად იბრძოლონ, რომ რაინდის პატიოსნება მუდამ დაცვან, რომ ქრისტეს რჯულს ემსახურონ, თორემ უამისოდ წყალსაც წაუღია ორივე, ამათი ხსენებაც კი ნუღარ იქნება! მოდით, შვილებო, დედასთან: დედის ლოცვა ხმელეთსა თუ წყალში ყველგან შველის კაცს!

დედამ, სუსტმა, როგორც დედამ, გულში მხურვალედ ჩაიკრა ისინი. მერე ამოიღო ორი პატარა ხატი და ქვითინით ჩამოჰკიდა ყელზე.

– ღვთისმშობელი იყოს... თქვენი მფარველი... ნუ დაივიწყებთ, შვილებო, დედას... ამბავი მაინც გამაგებინეთ ხოლმე... – მეტი ლაპარაკი ვეღარ შეძლო.

– აბა, წავიდეთ, შვილებო! – შესძახა ბულბამ. კარებწინ შეკაზმული ცხენები ელოდნენ. ბულბა მოახტა თავის ეშმაკას, რომრლიც ბრაზით უკან გახტა, რადგანაც ზურგზე ოცფუთიანი სიმძიმე იგრძნო, – ტარასი მეტად ზორბა, ჩასუქებული ვაჟკაცი გახლდათ.

დედამ რომ შვილებიც უკვე ცხენებზე შემსხდარნი დაინახა, უცბად გაექანა უმცროსისაკენ, რომელსაც თითქოს მეტი სინაზე ეხატებოდა სახეზე; წაავლო ხელი უზანგს, მიეკრა უნაგირს და სასოწარკვეთილი უზანგს ხელს აღარ აშორებდა. ორმა ზორბა კაზაკმა ფრთხილად ასწია იგი და ქოხში შეიყვანა. მაგრამ, როგორც კი ჭიშკარს გასცილდნენ მხედარნი, იგი თავისი ასაკისათვის საკვირველი სიმკვირცხლით შველივით გამოვარდა გარეთ, შეაყენა ცხენი და გაგიჟებულმა როგორღაც უგრძნობლად ჩაიკრა ვაჟი გულში. იგი ისევ წაიყვანეს კაცებმა.

ახალგაზრდა კაზაკები მიდიოდნენ შემკრთალნი და მამის შიშით ცრემლს იმაგრებდნენ; ბულბაც, ცოტა არ იყოს, არეული და შემკრთალი იყო, მაგრამ ცდილობდა ეს არავისთვის ეჩვენებინა. ღრუბლიანი დღე იდგა; მწვანეს ბიბინი გაჰქონდა; ფრინველნი როგორღაც ხმაშეუწყობლად ჟივჟივებდნენ. გაიარეს მცირე გზა და მოიხედეს უკან: თითქოს მიწამ პირი უყოო, მათი ხუტორი აღარსად იყო, მოჩანდა მხოლოდ ორი საკვამური მათი სახლისა და ხის წვეროები, რომლის ტოტებზედაც ისინი ციყვებივით დახტოდნენ ხოლმე; ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ მინდორი, რომელიც წარსულ ცხოვრებას მოაგონებდა ახალგაზრდებს – იმ დროისას, როცა ბავშვები ნამიან ბალახში ეყარნენ ხოლმე, იმ ასაკამდე, როცა შავწარბა კაზაკის ქალს ელოდნენ, რომელიც ფრთხილად და შიშით გადმოირბენდა თავისი სწრაფი ფეხებით. აგერ ცაში მარტოდმარტო აშვერილი ერთი სარიღა მოჩანს ჭის თავზე, რომელსაც ზედ ფორნის თვლები აბია; გაშლილი ველი, რომელიც მათ უკვე გავლეს, შორიდან ახლა გორასავით მოჩანს. ყველაფერი თვალს მიეფარა. – მშვიდობით, ბავშვობავ, ცელქობა-თამაშობავ, მშვიდობით, ყველაფერო, ყველაფერო!
II

სამივე მხედარი ჩუმად მიდიოდა. მოხუცი ტარასი წარსულზე ფიქრობდა: თვალწინ წარმოუდგა მთელი თავისი ახალგაზრდობა, წელნი წარსულნი, რომელთაც კაზაკი მუდამ მისტირის და ნატრობს, რომ სიცოცხლე მისი მუდმივი ახალგაზრდობა იყოს. ფიქრობდა იმას, თუ სეჩში ახლა თავის ძველ მეგობართაგან ვიღას ნახავდა. ანგარიშიბდა და იგონებდა, ვინ მოკვდა, ვინ დარჩა ცოცხალი, და ამ ფიქრში თვალზე ცრემლი აუგორდა, ჭაღარა თავი მოწყენილად ჩაქინდრა.

შვილები სულ სხვა ფიქრით იყვნენ გატაცებულნი. მაგრამ შვილებზე ცოტა მეტი უნდა ვთქვათ. თორმეტი წლისა იყვნენ ისინი მიცემულნი კიევის აკადემიაში, რადგან ყველა საპატიო და წარჩინებულ კაცს იმ დროისას აუცილებლად მიაჩნდა შვილებისათვის განათლება მიეცა, თუმცა მიღებული ცოდნა მათ შემდეგში სრულიად ავიწყდებოდათ. როგორც ბურსაში ყველა სხვა შემსვლელი, ტარასის ბიჭებიც ველურნი, თავისუფლად აღზრდილნი იყვნენ, მაგრამ იქ ცოტ-ცოტაობით იწვრთნებოდნენ, რის შემდეგაც თითქოს რაღაც საერთოს იძენდნენ, ერთმანეთის მსგავსნი ხდებოდნენ. უფროსმა ამათგანმა, ოსტაპმა იმით დაიწყო, რომ პირველსავე წელიწადს გამოიქცა. ოსტაპი უკანვე გაგზავნეს, ზურგი აუჭრელეს და ისევ წიგნს მიუსვეს. ოთხჯერ დამარხა მიწაში ოსტაპმა თავისი ანბანი, მაგრამ ოთხჯერვე უღმერთოდ მიბეჟეს და ახალი უყიდეს. უთუოდ მეხუთეჯერაც გაიმეორებდა ამასვე, მაგრამ მამამ შეჰფიცა – ოც წელიწადს მონასტერში გამყოფებ მსახურად და ვერც ზაპოროჟიეს ნახავ თვალით შენს სიცოცხლეში, თუ აკადემიაში ყველა მეცნიერებას არ შეისწავლიო. საყურადღებო და საკვირველი ის არის, რომ ამას ამბობდა სწორედ ის ბულბა, რომელიც, როგორც გახსოვთ, ნასწავლობას ლანძღავდა და შვილებს ურჩევდა – სწავლას სულაც თავი დაანებეთო. ამ დღიდან ოსტაპი საოცარი მეცადინეობით ჩაუჯდა მოსაწყენ წიგნს და მალე საუკეთესო შეგირდებს გვერდში ამოუდგა. მაგრამ მაშინდელ სწავლას ცხოვრებასთან საერთო არა ჰქონდა რა. სხვადასხვაგვარი სქოლასტიკური, გრამატიკული, რიტორიკული და ლოგიკური წვრილმანები დროს სრულიად არ შეეფერებოდა, ცხოვრებაში სრულიად გამოუსადეგარი იყო. ამრიგად განსწავლულებს თავისი ცოდნა, თუნდაც შედარებით ნაკლებ სქოლასტიკური, ვერსად გამოეყენებინათ. თვითონ იმ დროის სწავლულნიც სხვებზე მეტად იყვნენ უვიცნი, რადგანაც გამოცდილება და ცხოვრებიდ ცოდნა არ გააჩნდათ. მასთან ბურსის რესპუბლიკურ წყობას, ჯანსაღი, ზორბა ახალგაზრდების ასეთ სიმრავლეს მათთვის უთუოდ უნდა ჩაეგონებინა სულ სხვაგვარი საქმიანობის ტრფიალი, რასაც სწავლა-განათლებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ხან ცუდი პირობები, ხან შიმშილით ხშირად დასჯა, ხანაც სხვა მოთხოვნილებანი, რომელნიც ჯანსაღსა და ღონიერ ახალგაზრდაში იბადებოდა – ყოველივე ეს ერთად აღუძრავდა მათ იმ გამბედაობას, რომელიც შემდეგ ზაპოროჟიეში ვითარდებოდა. მშიერი ბურსელები ქუჩა-ქუჩა დაძრწოდნენ კიევში. მათ ყველა უფრთხოდა. მოვაჭრე დედაკაცები, როგორც კი ბურსელს მოჰკრავდნენ თვალს, მაშინვე ისე გადაეფოფრებოდნენ ღვეზელებს, ბოთლებსა და გამხმარ გოგრის გულს, ვით დედა არწივი თავის ბარტყებს. კონსულს, რომელიც ვალდებული იყო ამხანაგებისათვის თვალყური ედევნებინა, ისეთი უშველებელი შარლვის ჯიბეები ჰქონდა, თუნდაც მთელ დუქანს დაიტევდა შიგ, თუკი სადმე მოვაჭრე დედაკაცს თვალგაშტერებულს მოასწრებდა. ბურსელები ამრიგად სრულიად განსაკუთრებულ სამყაროს წარმოადგენდნენ: მაღალი წრე, რომელსაც პოლონელთა და რუსთა თავად-აზნაურობა შეადგენდა, მათ ახლოს არ იკარებდა თვითონ ვოევოდა ადამ კისელი, მართალია, აკადემიას მფარველობდა, მაგრამ საზოგადოებაში მათ გამოყვანას ერიდებოდა და ნაბრძანები ჰქონდა სასტიკად მოპყრობოდნენ. თუმცაღა ეს ბრძანება ზედმეტი იყო, რადგანაც რექტორი და პროფესორ-ბერები უამისოდაც არ იშურებდნენ წკეპლასა და მათრახს, და ხშირად ისე ააჭრელებდნენ ხოლმე მათი ბრძანებით ლექტორები თავიანთ კონსულებს, რომ ეს საცოდავნი რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ ნატკენ ადგილებს იფხანდნენ. ზოგი მათგანისათვის ეს მაინც არა იყო რა და ისე მიაჩნდათ, ვითომ ცოტა მოჭარბებულად ცხარე, პილპილიანი არაყი გადაეკრათ. სხვებს კი თავს მოაბეზრებდათ ხოლმე ეს ხშირ-ხშირი შეხურება გვერდებისა და ზაპოროჟიეში გარბოდნენ, თუ გზას გაიგნებდნენ ან თუ მიმავალთ არავინ დაიჭერდა და უკანვე არ დააბრუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოსტაპ ბულბამ ლოგიკისა და ღვთისმეტყველების სწავლა ერთგულად დაიწყო, შეუბრალებელ წკეპლას მაინც თავი ვერ დააღწია. ეჭვი არ არის, ეს გარემოება ხასიათს უთუოდ გამოუცვლიდა და სიმკაცრესა და სიმტკიცეს შეაჩვევდა, რაიცა კაზაკთა განსაკუთრებულ თვისებას შეადგენდა.

ოსტაპი ამხანაგობაში საუკეთესო ახალგაზრდად იყო მიჩნეული, იგი იშვიათად წინამძღოლობდა ხოლმე ამხანაგებს ქურდობა-ტაციაობის დროს, მაგალითად, სხვის ბაღსა თუ ბოსტანს რომ შეესეოდნენ, მაგრამ ისე კი არავის ჩამორჩებოდა და პირვველი ამოუდგებოდა ხოლმე მხარში თავის გამბედავ ამხანაგ ბურსელს; მასთან არავითარ შემთხვევაში და არასოდეს არ გათქვამდა ამხანაგს, ვერავითარი წკეპლა და მათრახი ამას ვერ ჩაადენინებდა. ომისა და ლაღი ქეიფის მეტი სხვა მას არა იზიდავდა რა, არასოდეს სხვა რამ ფიქრი არ მოსდიოდა. ტოლთან და სწორთან მუდამ გულახდილი იყო. პქონდა იმდენი გულკეთილობა, რამდენიც მისი ხასიათის პატრონს და იმ დროს შეჰფეროდა. საბრალო დედის ცრემლებმა ძლიერად იმოქმედა მასზე და მხოლოდ ამან შეაკრთო და აიძულა ჩაფიქრებულიყო.

უმცროს ძმას ანდრის, უფრო ცოცხალი, უფრო განვითარებული გრძნობები ჰქონდა. სწავლობდა უფრო მეტი ხალისითა და ძალდაუტანებლად, ვიდრე ეს მაგარი და მძიმე ხასიათის პატრონს სჩვევია. ამასთან ანდრი უფრო გამჭრიახი და მოხერხებულიც იყო; ხშირად საკმაოდ სახიფათო საქმეში უწევდა ხოლმე ამხანაგებს ხალმძღვანელობას და თავისი გამჭრიახობის წყალობით სასჯელისაგან თავის დაძვრენასაც ახერხებდა. ოსტაპი კი, ძმა მისი, ამგვარ შემთხვევაში არასოდეს პატიებას არ ითხოვდა ხოლმე, დიდხანს აღარ ილაპარაკებდა, გაიხდიდა სვიტკას და გაწვებოდა იატაკზე. ანდრისაც ძმაზე ნაკლებ არ უცემდა გული საგმირო საქმეებისათვის, მაგრამ სული სხვა გრძნობათა შესათვისებლადაც მზად ჰქონდა. გადადგა თუ არა მეთვრამეტე წელში, უცებ სიყვარულის მოთხოვნილება იგრძნო. ამის შემდეგ მის მხურვალე ოცნებას ხშირად წარმოუდგებოდა ხოლმე ქალი: ფილოსოფიური დისპუტების მოსმენის დროსაც კი მუდამ თვალწინ ედგა იგი, ნორჩი, შავთვალა, ნაზი, ნარნარი. მუდამ ელანდებოდა მისი მოელვარე გულმკერდი, ნაზი, მშვენიერი, შიშველი მკლავი; თვით კაბაც, ქალის უმანკო და მასთან მკვრივ სხეულს რომ შემოწკეპოდა, მის ოცნებას მუდამ რაღაც გამოუთქმელი ვნებით იტაცებდა. მაგრამ ახალგაზრდული სულის ამ მხურვალე ლტოლვას დიდი სიფრთხილით ჰფარავდა ამხანაგთაგან, რადგან ფიქრი დედაკაცსა და სიყვარულზე ჯერ ომსა და ბრძოლაში გამოუცდელი კაზაკისათვის იმ დროს სირცხვილი და უპატიოსნება იყო.

საერთოდ ბოლო წლებში იგი იშვიათადღა წინამძღოლობდა თავის ამხანაგებს ამისთანა საქმეებში და უფრო ხშირად მარტოდმარტო დაიარებოდა ხოლმე კიევის განაპირა, ალუბლის ბაღებში ჩაფლულ უბნებში, დაბალ, ქუჩაში მიმზიდველად გამომცქერალ სახლებს შორის. ხანდახან კიევის არისტოკრატიულ უბანსაც ეწვეოდა, ახლა ძველ კიევს რომ უწოდებენ, სადაც მოლოროსიელი და პოლონელი თავად-აზნაურნი ცხოვრობდნენ და სახლებიც შედარებით მდიდრულად იყო ნაშენი. ერთხელ, როდესაც ასე უმიზნოდ დაყიალებდა, ვიღაც პოლონელი პანის ვეება ეტლი წამოეწია და კინაღამ გაიტანა. კოფოზე მჯდომმა გაბარჯგვნილულვაშებიანმა მეეტლემ კი მათრახი გემოზე გადააწნა. ახალგაზრდა ბურსელი აენთო: ეცა საშინელი გამბედაობით, სტაცა ეტლს უკანა თვალში ძლიერი ხელი და ეტლი შეაჩერა. მეეტლეს შეეშინდა, ხეირს არ დამაყრისო, და ცხენები გარეკა; ცხენებმა გაიწიეს, ანდრიმაც საბედნიეროდ ხელი უშვა, მაგრამ პირქვე გაიშალა ტალახში. უცბად ზემოდან წკრიალა, ჰარმონიული კისკისი გაისმა. აიხედა ანდრიმ და დაინახა, რომ ფანჯარაში ისეთი მშვენიერი, ლამაზი ქალი იდგა, მსგავსი ჯერ არსად არავის ენახა: შავთვალა და თეთრი, ვით თოვლი, დილის მზის სხივით განათებული. ქალი გულიანად კისკისებდა და ეს სიცილი მის თვალწარმტაც სილამაზეს უფრო მეტ ელვარებას ჰმატებდა. ანდრი გაშტერდა. უცქეროდა თავდავიწყებული და დაბნეული, პირისახიდან ტალახს იცლიდა,მაგრამ უარესად ითხუპნებოდა. ვინ იყო ნეტავ ეს ლამაზი? უნდოდა როგორმე მისი ვინაობა შეეტყო მდიდრულად გამოწყობილ მოსამსახურეთაგან, რომლებიც ჭიშკარს შიგნით ახალგაზრდა მეფანდურეს შემოხვეოდნენ და ყურს უგდებდნენ. მაგრამ მსახურთ ერთი ყიჟინა დასცეს, ასე გათხუპნილი რომ დაინახეს, და პასუხის ღირსი არ გახადეს. ბოლოს, როგორც იყო შეიტყო, რომ ეს მომხიბვლელი ლამაზი ქალი დროებით კიევში ჩამოსული კოვნოელი ვოევოდას ასული იყო. მეორე ღამესვე, როგორც ეს თავზეხელაღებულ ბურსელებს შეჰფერით, ღობიდან ბაღში გადაძვრა, აცოცდა ხეზე, რომლის ტოტებიც ზედ სახლის სახურავზე იყო გადაშვებული, ხიდან სახურავზე გადავიდა და საკვამურიდან პირდაპირ ამ ქალის საძინებელში ჩაეშვა. ქალს ამ დროს სანთელი ედგა წინ და ძვირფას საყურეებს იღებდა ყურიდან. მოულოდნელად უხცო კაცი რომ დაინახა თავის წინ, მშვენიერი პოლონელი ქალი ისე შეშინდა, ხმის ამოღებაც ვეღარ მოახერხა.მაგრამ როცა ნახა, ჩვენი ბურსელი თავჩაკიდული იდგა მის წინ და ვერც კი ბედავდა ხელი გაენძრია, როცა იცნო – ეს ის არის, ტალახში რომ გაიშხლართაო, უცბად ისევ სიცილი წასკდა. მასთან ანდრის სახეს შესაშინებელი არა ჰქონდა რა: იგი ლამაზი ყმაწვილი იყო. ქალი კი გულიანად იცინოდა და დიდხანს იქცევდა თავს დაბნეული ვაჟის ცქერით. ჩვენი მზეთუნახავი, როგორც საზოგადოდ ყველა პოლონელი ქალი, ქარაფშუტა იყო; მაგრამ მის მშვენიერ, გამჭვალავ ნათელ თვალებში მარადიული გრძნობა იხატებოდა. მაშინ როდესაც ბურსელს საძრაობა არ ჰქონდა, თითქოს ტომარაში გაუქაჩავთო, ქალი მივიდა მასთან თამამად, თავზე თავისი ბრწყინვალე დიადემა დაადგა, ტუჩებზე საყურეები ჩამოჰკიდა და მხრებზე მარმაშის თხელი, ოქრომკერდით ნაკერი შემიზეტკა წამოასხა. ასე რთავდა მას და ემასხრებოდა ისე მოურიდებლად, როგორც ბავშვებს შეჰფერით მხოლოდ და როგორ ქცევასაც მხოლოდ ქარქფშუტა პოლონელი ქალი თუ გაბედავს. საბრალო ბურსელი ამან სულ მთლად შეაკრთო და შეარცხვინა: პირდაღებული უძრავად იდგა, სასაცილოდ შეჰყურებდა მომხიბვლელ თვალებში. მაგრამ უცბად ამ დროს კართან რაღაც რახუნი მოისმა. ქალი შეშინდა და უბრძანა, საწოლქვეშ დამალულიყო, მაგრამ მალე ყველაფერი დამშვიდდა . ქალმა თავის მსახურ ტყვე თათრის ქალს დაუძახა და უბრძანაö– ფრთხილად ბაღში ჩაეყვანა და იქიდან მესერზე გადაეძვრინა. მაგრამ ამჟამად ჩვენი ბურსელი ისე მშვიდობით ვერ გადაიპარა მესერზე: ხმაურობაზე გამოღვიძებულმა დარაჯმა ზორბად მოსცხო კეტი ფეხებში, შემდეგ მოსამსახურეებმა მოუსწრეს და დიდხანს უზილეს გვერდები ქუჩაში, სანამ გაქცევით თავს არ უშველა. ამის შემდეგ მათი სახლის მახლობლად გავლა საშიში შეიქნა, რადგან ვოევოდას აუარებელი მოსამსახურე ჰყავდა. ერთხელ კიდევ ნახა ანდრიმ იგი კოსტელში. შენიშნა თუ არა ანდრი, ქალმა ტკბილად გაუღიმა, როგორც თავის დიდი ხნის კარგ ნაცნობს. ერთხელ კიდევ როგორღაც შორიდან მოჰკრა თვალი. მერე კი კოვნოელი ვოევოდა მალე წავიდა. ლამაზი პოლონელი ქალის მაგივრად ამის შემდეგ ფანჯრიდან ვიღაცის გასიებული სახე გამოიყურებოდა ხოლმე. აი, რაზე ფიქრობდა ანდრი ასე თავჩაქინდრული, ცხენის ფაფარს რომ დაჰყურებდა.

მინდორმა კი დიდი ხანია მაღალსა და მწვანე ბალახში დამალა ისინი და თავთავებშუა მხოლოდ მათი შავი კაზაკური ქუდებიღა მოჩანდა.

– ეეე! ბიჭებო, რატომ ეგრე გაჩუმდით! – წამოიძახა ბოლოს ბულბამ, ფიქრიდან რომ გამოერკვა. – ეგონებათ, ბერები არიანო! აბა, ეშმაკს დაულოცეთ ყველა ფიქრი! გავაჩაღოთ ჩიბუხები და გავრეკოთ ცხენები, რომ ფრინველიც კი ვერ დაგვეწიოს!

და ცხენებზე გაკრულნი კაზაკები უცბად გაქრნენ ბალახში. ახლა კი ქუდებიც აღარ მოჩანდა და მხოლოდ მოელვარე ბალახის ჭავრილიღა იყო მაჩვენებელი იმისა, თუ საით მიემართებოდნენ ასე სწრაფად.

კარგა ხანი გასულიყო, მზეც ამოვიდა და მოწმენდილა ციდან თავისი მაცხოვრებელი თბილი სხივებით მინდორი მოჰფინა. ყოველივე ფიქრი და დარდი უცბად გადაეყარათ მხედრებს და მათმა გულმა ჩიტივით შეიფრთხიალ-შეითამაშა.

რაც უფრო შორს მიდიოდნენ, ველი იმდენად უფრო მომხიბვლელი და მშვენიერი სანახავი ხდებოდა. მთელი სამხრეთი, მთელი ის სივრცე, რომელიც ახლანდელ ნოვორასიას შეადგენს, ვიდრე შავ ზღვამდე, მაშინ ერთი გაბმული, გაუვალი მწვანე უდაბნო იყო. ამ ზღვასავით მღელვარ ველურ მცენარეთა უსაზღვრო ტალღებს შორის ჯერ გუთანს არასდროს არ გაევლო. მხოლოდ ცხენები, რომელნიც, როგორც ტყეში, ისე იმალებოდნენ შიგ, თელავდნენ თვალუწვდენელ ველს. არაფერი ამაზე უმშვენიერესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბუნებაში: მთელი ველი წარმოადგენდა ოქროსფრად და მწვანედ აბიბინებულ ზღვას, რომელსაც აუარებელი სხვადასხვა ყვავილი ამკობდა. წვრილი და მაღალღეროიანი ბალახიდან მტრედისფერ, ლურჯ და სოსან ღიღილოებს აქა-იქ თავი ამოეყოთ; პირამიდალურთავიან ყვითელ ცხრატყავას ყელი მოეღერებინა; თეთრი სამყურა ქოლგებივით დაჰფენოდა მწვანედ მობიბინე ველის ზედაპირს; ვინ იცის, საიდან გადმოტანილი თავთავი პურისა ხშირ ბალახში გავსებულიყო. მათ ძირში გნოლები თამამად დაყელყელაობდნენ. ჰაერში ათასგვარი ფრინველის ჟივილ-ხივილი ისმოდა. მაღლა ცაში ქორებს გაერთხოთ ფრთები და უძრავად დაშტერებოდნენ დაბლა ბალახს. სხვა მხრიდან მოისმოდა ყივილი გარეული ბატის ქარავნისა და, ვინ იცის, რომელ შორეულ ტბას აღწევდა. ძირს ბალახიდან აქა-იქ წამოსრიალდებოდა ფრთაფარფატა ფრინველი და ლაჟვარდ ცაში ლაღად დაცურავდა; აგერ შორს, სადღაც მიუწვდენელ ცის სივრცეში გაქრა და შავ წერტილად ოდნავღა მოჩანს; აგერ გადატრიალდა და მზის სხივებმა მის ფრთებზე ცეცხლებრ გააკვესა... დალახვროს ეშმაკმა, რა კარგი რამა ხართ, ველებო!

ჩვენი მგზავრები მხოლოდ რამდენიმე წამით ჩამოხტებოდნენ სადმე დასანაყრებლად. თანმხლები ათი კაზაკი ჩამოხსნიდა არყით სავსე ხის კოჩხოებს და აყირო გოგრებს, რომლებიც ჭურჭლის მაგივრობას უწევდათ. ჭამდნენ მხოლოდ პურსა და ქონს, ან გამხმარ შაფართხელებს, გადაჰკრავდნენ ხოლმე თითო ფიალა არაყს გასამაგრებლად, რადგანაც ტარას ბულბა გზაში სმის ნებას არავის აძლევდა, და ისევ განაგრძობდნენ გზას, ვიდრე არ შემოაღამდებოდათ. საღამოს მთელი ველი ფერს იცვლიდა. მის აჭრელებულ სივრცეს მზის უკანასკნელი მოკაშკაშე სხივი გადაევლებოდა და ნელ-ნელა ბინდდებოდა, ასე რომ თითქმის თვალითა ჩანდა, როგორ გადაურბენდა ხოლმე ველს ჩრდილი და მისი მწვანე თანდათან მუქდებოდა. ორთქლვა უფრო ხშირდებოდა, თითოეული ბალახი, თითოეული ყვავილი სანეტარო სუნს აფრქვევდა და მთელი ველი აღკმეულ სურნელებად გადაიქცეოდა. მუქლაჟვარდოვან ცას მოწითალო ოქროსფერი განიერი ზოლები გადაეკვროდა, თითქოს ვიღაცის უზარმაზარ ყალამს გამოუყვანიაო; აქა-იქ თხელი, გამჭვირვალე ღრუბელი გადაიპენტებოდა და გრილი, ზღვის ტალღებივით მომხიბვლელი ნიავი ბალახის თავებს ოდნავ წამოუბერავდა, ლოყას ნაზად შეეხებოდა. დღის ხმაურობა და მუსიკა მისწყდებოდა, ახლა სხვაზე შეიცვლებოდა. ჭრელი თრიები გამოძვრებოდნენ სოროდან, შედგებოდნენ უკანა ფეხებზე და ველებს სტვენით აყრუებდნენ. კალიების ჭრიჭინი უფრო ძალუმად ისმოდა. რომელიმე შორეული ტბიდან მოისმოდა გედის ხმა და ჰაერს ვერცხლისფერ წკრიალით ეფინებოდა. მგზავრები შეჩერდებოდნენ, ამოირჩევდნენ ღამის გასათევ ადგილს, გააჩაღებდნენ ცეცხლსა, შემოსდგამდნენ ქვაბს და ფაფას იხარშავდნენ; ამოდიოდა აჩუხჩუხებული ქვაბიდან ოხშივარი და ჰაერს ერთვოდა. ვახშმის შემდეგ დაფალმანდებულ ცხენებს საძოვრად გაუშვებდნენ და თვითონ მიწაზე გაფენილ სვიტკებზე მიწვებოდნენ. თავზე ვარსკვლავები დაკაშკაშებდნენ. ესმოდათ ბალახში მიმალულ ურიცხვ მწერთა სწვენა, ჭრიჭინი და ტკაცანი. ყოველივე ეს ხმაურობა ღამის სუფთა ჰაერში იწმინდებოდა და ყურს ნანას ეუბნებოდა. ხოლო თუ ვინმე მათგანი გამოიღვიძებდა და წამოდგებოდა, თვალწინ გადაეშლებოდა ველი, ცეცხლებრ მოელვარე ციცინათელებით მოფენილი. ხანდახან ჩამობნელებულ ცაზე აქა-იქ გამოკრთებოდა ცეცხლის ალი, რომელიც სადმე მდინარის პირად ან ჭალაში გამხმარ ჩალას და ლერწამს ეკიდა, და ჩრდილოეთით მიმავალი გედების გუნდი უცბად ვარდისფრად გამოაშუქებდა, თითქოს ცაზე, სიბნელეში, წითელი ხელსახოცები მიფრინავენო.

ჩვენს მგზავრებს არა შემთხვევიათ რა. ირგვლივ თვალუწვდენელი, მშვენიერი, ლაღი ველი იყო ისევ. არსად ხე არ ჩანდა. დროგამოშვებით მხოლოდ გამოკრთებოდა შორს ლურჯი კენწეროები ტყისა, რომელიც დნეპრის ნაპირებზე იყო აყრილი. მხოლოდ ერთხელ შეახედა შვილები ტარასმა შორს ბალახში შავად გამოჩენილ წერტილზე და უთხრა: "უყურეთ, შვილებო, აგერა თათარია, რომ მიაქროლებს!” ულვაშიანმა პატარა თავმა თათრისამ შორიდანვე მოაპყრო ამათ თავისი წვრილი თვალები, მაძებარივით ჰაერს დაყნოსა და, რომ ნახა, კაზაკები ცამეტნი იყვნენ, შველივით გაქრა. "აბა, შვილებო, სცადეთ და დაიჭით თათარი!.. ტყუილად ეცდებით – ვერასოდეს ვერ დაიჭერთ: ჩემს ეშმაკაზე მალი ცხენი ჰყავს!" მაგრამ მაინც ბულბამ სიფრთხილეს უმატა, რადგანაც შეიძლებოდა მტერი სადმე ჩასაფრებული ყოფილიყო. მიაჭენეს, შესცურეს ცხენებით პატარა მდინარე თათარკაში, რომელიც შემდეგ დნეპრს უერთდებოდა, და ასე წყალ–წყალ დიდხანს იარეს, რომ მტრისთვის კვალი აებნიათ. შემდეგ ისევ ნაპირად გამოვიდნენ და გზას გაუდგნენ.

სამი დღის შემდეგ დიდი მანძილი აღარ დარჩათ იმ ადგილამდე, საითაც ასე მიეშურებოდნენ. ჰაერი უცბად აგრილდა; დნეპრის სიახლოვე იგრძნეს. აგერ, შორიდანვე ლაპლაპი დაიწყო მდინარემ და ცის დასავალზე შავ ზოლად გამოჩნდა. ცივ ტალღებს ლაღად აქანავებდა, თანდათან ახლოვდებოდა და ბოლოს მინდვრის ნახევარი ზედაპირი დაიჭირა. ეს იყო დნეპრის სწორედ ის ადგილი, სადაც ჭორომებით აქამდე შებოჭილი წყალი აქ უკვე თავისუფლად იშლებოდა და ზღვასავით შხუოდა; მდინარის შუა გაფანტული კუნძულები მას უფრო ძალუმად ერეკებოდა ნაპირებისკენ და ტალღებიც, რაკი ციცაბო ან შემაღლებული რამ ადგილები არ ეღობებოდა, შორს და შორს ეფინებოდა დედამიწას. ჩამოხტნენ კაზაკები ცხენებიდან, ავიდნენ ბორანზე და სამი საათის შემდეგ მიაღწიეს კუნძულ ხორტიცას ნაპირებს, სადაც იმჟამად თავისი ბინის ხშირად მცვლელი სეჩი იმყოფებოდა.

ხალხის გროვა ნაპირზე მებორნეებს ეჩხუბებოდა. კაზაკებმა ცხენები გაამზადეს. ტარასი წელში გასწორდა, ქამარი მაგრად შემოიჭირა და ულვაშებზე ხელი ამაყად გადაისვა. შვილებმაც თავით ფეხამდე რაღაც გამოურკვეველი შიშითა და სიამოვნებით თვალი აივლ–ჩაივლეს და ყველანი შევიდნენ გარე უბანში, რომელიც სეჩიდან სულ ნახევარი ვერსის მანძილზე იყო. შესვლისთანავე შემოესმათ ორმოცდაათამდე ჩაქუჩის კაკუნი, რომელიც მიწაში ჩადგმული და ბელტით გადახურული ოცდახუთი სამჭედლოდან გამოდიოდა. ძარღვმაგარი დაბაღები ისხდნენ ფარდულებქვეშ ქუჩაში და ძლიერი ხელებით ხარის ტყავებსა ჰქნიდნენ; მეტალეები კი ფანჩატურებქვეშ წამომსხდარიყვნენ და გარს შემოეგროვებინათ ტალები, კვესები, თოფისწამალი; სომეხს ძვირფასი თავსახვევები გამოეფინა; თათარს შამფურზე ცომში დასორსოლებული ცხვრის ხორცი წამოეცვა და ატრიალებდა. ერთ ურიას კიდევ კისერი წაეგრძელებინა და კასრიდან არაყს სწურავდა. მაგრამ სულ პირველად ისინი თავს წაადგნენ ზაპოროჟიელს, რომელსაც ზედ შუა გზაზე ხელფეხგართხმულს ეძინა. ვერ მოითმინა ტარას ბულბამ, შეაყენა ცხენი და სიამოვნებით დაუწყო ცქერა.

– ჰეე, რა ლამაზად გაჭიმულა! სწორედ რომ საუცხოო სანახავია!

მართლაც რომ შთამბეჭდავი სურათი იყო. ლომივით ზორბა ზაპოროჟიელი გაშხლართულიყო გზაზე და თავისი გრძელი ჩუბით ნახევარ არშინამდე მიწა დაეფარა; ალისფერი ძვირფასი მაუდის შარვალი მთლად კუპრში ჰქონდა ამოსვრილი, ნიშნად იმისა, რომ მის სიძვირფასეს არად აგდებდა. ცქერით რომ დატკბა, ბულბა გაუდგა ისევ ვიწრო ქუჩას, რომელიც სხვადასხვა ხელოსნებითა და, ვინ იცის, რა წესის ხალხით იყო გაჭედილი. ეს გარეუბანი აცმევდა და აჭმევდა სეჩს, რომელმაც მხოლოდ ქეიფი და თოფის ხმარება იცოდა; ამიტომ მუდამ ხალხით იყო სავსე და ბაზარს უფრო წააგავდა.

ბოლოს გავლეს გარეუბანიც და აგერ გამოჩნდა რამდენიმე კურენი ბურსნოთი ან თათრულად – ნაბდის ჩულით დახურული. ზოგან ზარბაზნებიც იდგა. არსად არ ჩანდა არც ღობე, არც ისეთი დაბალი, საჩიხიანი ხის სახლები, როგორიც გარეუბანში იყო. მცირე სანგრები და ხერგილი, რომლებსაც სრულიად არავინ დარაჯობდა, აქაურ მცხოვრებთა დიდზე დიდ უზრუნველობასა და დაუდევრობას მოწმობდა. რამდენიმე ზორბა ზაპოროჟიელი ჩიბუხით პირში ზედ გზაზე წამოწოლილიყო. მოსულებს გულგრილად გახედეს, ადგილიდან არც დაძრულან. ტარასმა ფრთხილად გაუარა გვერდით თავისი შვილებით და მიესალმა: "გამარჯობა პანოვე!” – "თქვენც გაგიმარჯოთ!” – უპასუხეს ზაპოროჟიელებმა. მინდორში ყველგან ჭრელად ირეოდა ხალხი. გარუჯულ სახეებზე ეტყობოდათ, რომ ბრძოლაში გამოჯეკილები და ყოველგვარი გაჭირვების მნახველნი იყვნენ. აი, ეს იყო სეჩი! აი, ბუდე, საიდანაც გამოდიოდნენ ლომივით ამაყი და მაგარი ზაპოროჟიელები! აქედან ვრცელდებოდა თავისუფლება და კაზაკობა მთელ უკრაინაში.

მგზავრები გავიდნენ ფართო მოედანზე, სადაც ჩვეულებრივ რადა იმართებოდა ხოლმე. დიდ გადმობრუნებულ კასრზე შემჯდარიყო ზაპოროჟიელი, ხელში პერანგი ეჭირა და გამოგლეჯილ ადგილებს აკერებდა მძიმე-მძიმედ. ახლა კიდევ შემოეყარათ მთელი დასი მესაკრავეებისა, რომელთა შუაშიც ჩამდგარიყო ვიღაც ახალგაზრდა ზაპოროჟიელი, მოეგდო გვერდზე ქუდი და ხელებგაშლილი გაცხარებული ცეკვავდა. თან გაჰკიოდა: "მარდად დაუკათ, მარდად! არ დაზოგო, თომა, არაყი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის!” თვალჩარეგვილი თომაც უანგარიშოდ ასმევდა ყველას დიდ-დიდი ტოლჩით. ახალგაზრდა ზაპოროჟიელს გვერდში ამოსდგომოდა ოთხი მოხუცი და ესენიც ფეხს უსვამდნენ, ხტოდნენ მაღლა, ხტოდნენ განზე, თითქოს მესაკრავებს თავზე უნდა გადააფრინდნენო, მერე უცბად ბუქნას დაუვლიდნენ და გაჰქონდა ვერცხლის ნალებს ტყაპატყუპი და ზაპაზუპი დატკეპნილ მიწაზე. დედამიწა ირგვლივ გუგუნებდა და წკრიალა ნალებით გოპაკებისა და ტრეპაკების ბრაგუნი შორს ისმოდა ჰაერში. მაგრამ ერთი ყველაზე მეტად გაჰკიოდა და დაქროდა. ქოჩორი ქარს აეშალა, ღონიერი გულმკერდი გადაეღეღა; ზამთრის თბილი ტყაპუჭი წამოეცვა და ოფლი კოკისპირულად ჩამოსდიოდა. –"ეგ ტყავი მაინც გაიძრე! – დაუძახა ტარასმა. – ხომ ხედავ, როგორა გხარშავს”. –"არ იქნება!” – ყვიროდა ზაპოროჟიელი. – "რატომაო?” – "არ იქნება; ხასიათად მაქვს: რასაც გავიხდი, არაყში შემომეხარჯება!” მართლა აღარც ქუდი უჩანდა სადმე ამ ჯეელს, აღარც სარტყელი, აღარც ნაქარგი ხელსახოცი: ყველასათვის გზა ეჩვენებინა. ხალხის გროვა თანდათან იზრდებოდა. მოცეკვავედ ახლა სხვანი ემატებოდნენ. გული შეუტოკდებოდა იმის შემხედვარეს, თუ როგორ აიტაცა ყველა ცეკვამ – ისეთმა ლაღმა და გიჟურმა, რომლის მსგავსიც ადამიანს იშვიათად უნახავს და რომლისთვისაც მის ვაჟკაცს შემქმნელთა სახელი – "კაზაკური" უწოდებიათ.

– ეჰ, ცხენზე არ ვიჯდე! – შესძახა ტარასმა, – ღმერთმანი, მეც უთუოდ დავუვლიდი!

ამასობაში ხალხში ნელ-ნელა გამოჩნდნენ თავისი ვაჟკაცობით სეჩში ყველასგან პატივცემული, სტარშინებად არაერთხელ ნამყოფი თეთრჩუბიანი მოხუცნი. ტარასმა მალე ბევრი ნაცნობი ნახა. ოსტაპსა და ანდრის წარამარა ესმოდათ მამისა და მის ძველ ნაცნობთა სალამი: "ოჰო, შენა ხარ, პეჩერიცა! გამარჯობა კოზოლუპო! – "საიდან გაჩნდი, ტარას?" – "შენ რაღა გინდა აქ, დოლოტო?" – "გამარჯობა კირდიაგა! გამარჯობა, გუსტი! რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ გნახავდი რემენ?" – აღმოსავლეთ რუსეთის მხრიდან შემოკრებილი ეს ლაღი, მოქეიფე ბუმბერაზ-გმირები ტყლოშნიდნენ ერთმანეთს. "კასიანისა რაღა იცი? ან ბოროდავკასი? კოლოპერი სადღაა? ან პიდსიტოკი?" ამ კითხვების პასუხად კი ტარას ბულბას ეუბნებოდნენ, რომ ბოროდავკა ტოლოპანში ჩამოახრჩეს, რომ კოლოპერს ყიზიკირმენში ტყავი გააძრეს, რომ პიდსიტოკის თავი კასრში დაამარილეს და ცარგრადში გაგზავნეს. ჩაჰკიდა თავი მოხუცმა ბულბამ და დაფიქრებული იძახდა: "კარგი კაზაკები კი იყვნენ, კარგი!"

III

თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც ტარას ბულბა თავისი შვილებით სეჩში ცხოვრობდა. სამხედრო საქმის შესწავლით ოსტაპსა და ანდრის მაინცდამაინც არავინ აწუხებდა, რადგანაც საომარ ვარჯიშობაში დროს დაკარგვა სეჩს არ უყვარდა; ახალგაზრდობა იწვრთნებოდა და იბრძმედებოდა უშუალოდ ომის ქარცეცხლში, ამიტომაც იყო იმ დროს ბრძოლები ისე ხშირი. მოსაწყენად მიაჩნდათ კაზაკებს ბრძოლასა და ბრძოლას შუა მოცლილი დრო რაიმე სამხედრო დისციპლინის შესწავლისათვის მოენდომებინათ, გარდა მიზანში თოფის სროლისა და ცხენის ჯირითისა, ან მინდორსა და ჭალებში ნადირის დევნისა. დანარჩენ თავისუფალ დროს ქეიფს ანდომებდნენ, რაიც მათ ლაღ სულსა და გაქანებაზე მეტყველებდა. მთელი სეჩი რაღაც არაჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. იგი იყო ერთი დაუსრულებელი, დიდი ამბით დაწყებული და ბოლომოუღებელი ღრეობა. ზოგნი ხელობას მისდევდნენ, სხვები ვაჭრობას; მაგრამ მომეტებული ნაწილი დილიდან საღამომდე განუწყვეტლივ ქეიფობდა, თუკი ჯიბეში უჭყაოდა რამე და ნადავლი ჯერ კიდევ ვაჭრებისა და მეღვინეების ხელში არ იყო გადასული. რაღაც მომაჯადოებელი რამ იყო ეს საერთო ღრეობა. იგი არ წარმოადგენდა დარდისგან გალოთებულ კრებულს, არა, იგი იყო მხოლოდ თავდაუჭერელი, თავისუფალი მხიარულება. ყველას, ვინც კი იმათში გაერეოდა, წარსული ფიქრი და ზრუნვა უცბად გადაეყრებოდა. თუკი შეიძლება ასე ითქვას, აფურთხებდა მთელ თავის წარსულს და უზრუნველად ეძლეოდა საერთო ტალღას ამხანაგობისას, რომელიც შედგებოდა მისებრ მოქეიფე ცალღერა კაცებისგან, რომელთაც არ გააჩნდათ არც ნათესავი, არც ჭერი, არც ოჯახობა, გარდა მაღლა ცისა და გულში დაუსრულებელი დღესასწაულისა. ეს გარემოება იყო სწორედ ნამდვილი მიზეზი იმ თავაწყვეტილი მხიარულებისა, რომელსაც ვერავითარი სხვა წყარო ვერ წარმოშობდა. ამბები და ლაყბობა დასასვენებლად თავშეყრილი და ზარმაცად მიწაზე წამოგორებული ხალხისა ხშირად იქამდის სასაცილო და იქამდის ცხოველი იყო, მართლაც მხოლოდ გარეგნულად გულგრილ ზაპოროჟიელს თუ შეეძლო წარბშეუხრელად მათი მოსმენა, – ამ ხასიათით ახლაც გამოირჩევიან სამხრეთ რუსეთის შვილები. მხიარულება მათრობელი და ხმაურიანი იყო, მაგრამ შავ კაბაკს კი არა ჰგავდა, სადაც კაცი უგვანო მსმელობაში ეძიებს თავდავიწყებას. არა, ეს უფრო სკოლის შეგირდების მხიარულ წრეს მოგაგონებდათ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩხირით ხელში კითხვისა და მასწავლებლის აბეზარი ჩიჩინის მაგივრად ხუთი ათასი ცხენოსანი კაზაკი მტერს თავს ესხმოდა ხოლმე; საბურთაო მინდვრის ნაცვლად ამათ ჰქონდათ უმეთვალყუროდ მიტოვებული უსაზღვრო ველები, საიდანაც ხან მარდი თათარი გამოჰყოფდა ხოლმე ცანცარა თავს, ხანაც მწვანე დოლბანდიანი თურქი იყურებოდა უძრავად და კუშტად. განსხვავება ის იყო, რომ უნებურად სკოლაში შეკრების ნაცვლად ესენი თავისით გაურბოდნენ მშობელ დედ-მამას და სახლს; რომ აქ იყვნენ ისეთნი, რომელთაც თითქმის ჩამოსახრჩობად ჰქონდათ საქმე და სიკვდილის მაგივრად სიცოცხლე მიენიჭათ, მასთან ლაღი, თავისუფალი; რომ აქ იყვნენ ისეთნი, რომელთაც კეთილშობილი ჩვევის თანახმად ჯიბეში ფარა არ უჩერდებოდათ; რომ აქ იყვნენ ისეთნი, ვინც წინათ თუმანს სიმდიდრედ თვლიდა და ვისი ჯიბეებიც ახლა მოიჯარე ურიების წყალობით ისე დაცარიელებულიყო, რომ გინდაც გადმოებერტყა, კაპიკი არ გავარდებოდა. აქ იყო ყველა ის ბურსელი, რომელთაც აკადემიის წკპლებს ვერ გაუძლეს და სკოლიდან ისე გამოიქცნენ, წერა-კითხვაც ვერ შეისწავლეს. მაგრამ იყვნენ ისეთნიც, რომლებმაც კარგად იცოდნენ, ვინ იყო ჰორაციუსი, ციცერონი, ან რომაელთა რესპუბლიკა რა ხილი იყო. აქ იყო ბევრი ისეთი ოფიცერი, რომლებმაც შემდეგ სამეფო ჯარში თავი ისახელეს; აქ იყო ბევრი გამოცდილი პარტიზანი, რომელნიც კეთილშობილურადა ბჭობდნენ – სადაც უნდა ვიბრძოდეთ, სულ ერთია, ოღონდ უომრად არ ვისხდეთ, რადგანაც კეთილშობილი კაცისათვის სირცხვილია უბრძოლველად ყოფნაო. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ სახელისათვის მოსულიყვნენ, რომ შემდეგ ეთქვათ, ჩვენცა ვყოფილვართ სეჩში და გამოწრთობილი რაინდები ვართო. ან ვინ არ იყო აქ? ეს უცნაური რესპუბლიკა ნამდვილად იმ დროის მოთხოვნილება იყო. აქ მუდამ ჰპოვებდნენ საქმეს ომის, ოქროს თასების, ძვირფასი ფარჩების, ბაჯაღლო ოქროებისა და სხვა დიდების მოყვარულნი, – ყველა, გარდა ქალის თაყვანისმცემლებისა, რადგანაც ქალი სეჩის გარეუბანშიც კი ვერ გაბედავდა გამოჩენას.

ოსტაპსა და ანდრის ძალიან უკვირდათ, რომ იმდენი ხალხი მოდიოდა სეჩში და არავინ ჰკითხავდა საიდანა და ვინ იყვნენ, ან რა ერქვათ? მოდიოდნენ, როგორც თავის საკუთარ სახლში, თითქოს აგერ ერთი საათის წინ წასულან და ახლა უკანვე დაბრუნებულანო. მოსული გამოეცხადებოდა მხოლოდ კოშევოის, რომელიც ჩვეულებრივ ეკითხებოდა:

– გამარჯობა! ქრისტე ხომ გწამს?

– მწამს! – მიუგებდა მოსული.

– წმინდა სამებაც ხომ გწამს?

– მწამს!

– საყდარშიც დადიხარ?

– დავდივარ.

– აბა, პირჯვარი გადაიწერე!

მოსული პირჯვარს გადაიწერდა.

– მაშ, კარგი, – ეუბნებოდა კოშევოი, – წადი, რომელ კურენშიც გინდა.

ამით მთავრდებოდა ცერემონია. მთელი სეჩი ერთ საყდარში ლოცულობდა და მზად იყო უკანასკნელი სისხლი დაეღვარა მისი გულისათვის, თუმცა მარხულობასა და სხვა ამგვარ საეკლესიო ჩვეულებას კაზაკები არაფრად აგდებდნენ. მხოლოდ ფულის სიყვარულით გატაცებული ურიები, სომხები და თათრები ბედავდნენ მათ შორის ცხოვრებასა და ვაჭრობას, რადგანაც ზაპოროჟიელს არ უყვარდა შევაჭრება და ნაყიდ საქონელში იმდენს აძლევდა, რამდენსაც ხელი ამოზიდავდა ჯიბიდან. მაინც ამ ვერცხლის მოტრფიალე ვაჭრების ბედი მეტად შესაბრალისი იყო: ისინი ჰგავდნენ ვეზუვის ძირას დაბანაკებულთ, რადგან, შემოაკლდებოდათ თუ არა ფული, თავზეხელაღებული კაზაკები მაშინვე აუნიავებდნენ ხოლმე დუქნებს და ყველაფერი მუქთად მიჰქონდათ. სეჩი შედგებოდა სულ სამოცზე მეტი კურენისაგან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებელ რესპუბლიკებს მოაგონებდნენ კაცს, მაგრამ უფრო კი სკოლასა და ბურსას, სადაც ყველა ერთნაირად მზამზარეულზე ცხოვრობდა. არავინ არაფერს არ იძენდა, არავის არაფერი არ გააჩნდა. ქონება საერთო იყო და იმას კურენის ატამანი განაგებდა, რომელსაც ამის გულისათვის ჩვეულებრივ "ბატკოს" უწოდებდნენ. იმის ხელთ იყო: ფული, ტანისამოსი, ფქვილი, სანოვაგე, ფაფა, შეშაც კი; ფულსაც იმასვე აბარებდნენ შესანახად. კურენებს ხშირად მოსდიოდათ ერთმანეთში ლაპარაკი, რომელიც ჩხუბად გადაიქცეოდა ხოლმე. მოეფინებოდნენ კურენები მოედანს და გაჰქონდა მუშტებს ზაპაზუპი, ვიდრე ერთი რომელიმე მხარე არა სძლევდა. მერე კი დაიწყებოდა ქეიფი. ასეთი იყო სეჩი, რომელიც ახალგაზრდებს ასე ძლიერ იზიდავდა.

ოსტაპი და ანდრიც მთელი ყმაწვილური გატაცებით მიეცნენ მხიარულების ამ უძირო ზღვას და უცბად დაივიწყეს მშობლიური სახლიც, ბურსაც, – ყოველივე, რაც კი წინათ აღელვებდათ, იზიდავდათ, და ახალ ცხოვრებას შეუდგნენ. ყველაფერი იპყრობდა მათ ყურადღებას: სეჩის ლაღი ცხოვრებაც და მართვის მარტივი კანონებიც, რომლებიც მათ ზოგჯერ მეტად სასტიკადაც კი მიაჩნდათ ასეთ თავისუფალ და თავისნება რესპუბლიკაში. კაზაკს რომ სულ უბრალო რამ მოეპარნა, ეს უკვე მთელი კაზაკობის გალანძღვად ითვლებოდა: დამნაშავეს, როგორც უპატიოსნოს, მიაბამდნენ სამარცხვინო ბოძზე და გვერდით მოუდებდნენ კეტს, რომელიც ყველა გამვლელ-გამომვლელს უნდა ეთავაზნა მისთვის, ვიდრე ასე არ ჩარეგვავდნენ სასიკვდილოდ. ვალის არგადამხდელს კიდევ მიაბამდნენ ჯაჭვით ზარბაზანზე და იყო ასე, ვიდრე რომელიმე მეგობარი არ გამოისყიდიდა, ვალს არ გადაიხდიდა. მაგრამ ყველაზე მეტი შთაბეჭდილება ანდრიზე მკვლელობისათვის დაწესებულმა საზარელმა სასჯელმა იქონია. იქვე, იმის თვალწინ გათხარეს ორმო, ჩასვეს შიგ ცოცხალი მკვლელი და ზევიდან მოკლულის კუბო დაადგეს; მერე ორივეს მიწა მიაყარეს და დამარხეს. ამის შემდეგ ეს საზარელი სასჯელი დიდხანს ელანდებოდა ანდრის და ცოცხლად დამარხული მკვლელი და საზარელი კუბო თვალწინ ედგა.

მალე ორივე ახალგაზრდამ კაზაკების ყურადღება მიიქცია. ხშირად ამხანაგებთან ერთად, ანდა მთელ თავის კურენსა თუ სხვა კურენებთან ერთად ისინი გადიოდნენ მინდვრად და ხოცავდნენ აუარება სხვადასხვა ფრინველს, ირმებსა და თხებს; ან კიდევ წავიდოდნენ ტბებსა და მდინარეებში თევზის საჭერად – ყველა კურენი თავის წილობაში, რომ მთელი თავისი კურენისათვის ხაზრდო მოეპოვებინათ. მართალია, იქ ისეთი საქმე არა იყო რა, რაშიაც კაზაკის გამოცდა შეიძლებოდა მაგრამ დანარჩენ ახალგაზრდებში ოსტაპმა და ანდრიმ თავი მაინც უკვე იჩინეს მამაცობითა და მოხერხებულობით. მიზანშიც მარჯვედ ისროდნენ და წყალაღმა დნეპრის მეორე მხარეს გადიოდნენ – რაიც საკმარისი იყო, რომ ახალბედა კაზაკთა წრის წევრად მიეღოთ.

მაგრამ მოხუცი ტარასი სულ სხვა მოღვაწეობისათვის ამზადებდა მათ. ასე უქმად ყოფნა არაფრად მოსწონდა და უნდოდა, პირდაპირ საქმით ეცადნათ. ამიტომაც მუდამ იმის ფიქრში იყო, როგორმე სეჩი სალაშქროდ აღეძრა, სადაც ყველას შეეძლებოდა თავისი რაინდობა დაემტკიცებინა, საომარი ნიჭი გამოეჩინა. ბოლოს, ერთ დღეს მივიდა ტარასი კოშევოისთან და უთხრა პირდაპირ:

– რაო, კოშევოი, განა დრო არ არის, გაინავარდონ საითმე ზაპოროჟიელებმა?

– საით მერე? – მიუგო კოშევოიმ, პირიდან პატარა ჩიბუხი გამოიღო და გვერდზე გადააფურთხა.

– როგორ თუ საით? შეიძლება თურქებზე ან თათრებზე გავილაშქროთ.

– არ შეიძლება არც თურქებზე, არც თათრებზე, – უპასუხა კოშევოიმ და ისევ გულგრილად ჩაიდო პირში ჩიბუხი.

– როგორ თუ არ შეიძლება?

– ისე. სულთანს მშვიდობიანობის პირობა მივეცით.

– მერე ის ხომ ბუსურმანია: ღმერთიც და საღმრთო წერილიც გვიბრძანებს მათ ამოწყვეტას.

– უფლება არა გვაქვს. სარწმუნოებაზე რომ არ შეგვეფიცნა, იქნებ კიდევ მოხერხდებოდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება.

– როგორ თუ არ შეიძლება? როგორ ამბობ, უფლება არა გვაქვსო? აი, მე ორი შვილი მყავს, ორივე ახალგაზრდა. არც ერთი ჯერ ომში არ ყოფილა! შენ კი ამბობ: ვერსად წავალთ ზაპოროჟიელებიო.

– ჰოდა, ასე, არ შეიძლება.

– მაშ აგრე უქმად უნდა იყოს კაზაკის ძალ-ღონე მინებებული, რომ ძაღლივით გადიღრძოს კაცი და კეთილი საქმე არ გააკეთოს, სამშობლოს და საქრისტიანოს არაფერი სარგებლობა არ მოუტანოს? მაშ თუ აგრეა, მითხარი, რაღადა ვცოცხლობთ, სიცოცხლეს რა ეშმაკად ვაქნევთ? ამიხსენი ერთი, შენ ხომ ჭკვიანი კაცი ხარ, ტყუილად კი არ ამოგირჩიეს კოშევოიდ, ამიხსენი მაშ ერთი, უიმისოდ სიცოცხლეს რას ვაქნევთ?

კოშევოიმ ამაზე პასუხი არ მისცა. ჯიუტი რამ იყო ეს კაზაკი. გაჩუმდა პატარა ხანს და მერე უთხრა:

– ომი კი მაინც არ მოხდება.

– მაშ არ იქნება ომი? – იკითხა კვლავად ტარასმა.

– არა.

– მაშ, ნურც ვიფიქრებთ ამაზე?

–ნურც იფიქრებთ.

"მაცალე, მაშ, ეშმაკის კერძო! – გაიფიქრა ბულბამ: – ნახავ, რაც კაცი ვარ!" – და იქვე გადაწყვიტა კოშევოისათვის მაგიერი გადაეხადა.

მოელაპარაკა ერთს, მეორეს, დაალევინა ყველას, და რამდენიმე გადაკრულმა კაზაკმა გასწია მოედნისაკენ, სადაც რადის მოსაწვევი დაფდაფი იყო ბოძზე ჩამოკიდებული, რადგანაც ჯოხებს მუდამ დოვბიში ინახავდა, აიღეს კეტები და დაუწყეს ცემა. დაფის ხმაზე პირველად ნამძინარევმა დოვბიშმა, მაღალი ტანის ცალთვალა კაზაკმა მოირბინა.

– ვინ გაბედა დაფის დაკვრა? – დაიყვირა მან.

– გაჩუმდი! აიღე ახლავ ჯოხები და დაჰკარ, რაკი გიბრძანებენ! – შესძახეს შეზარხოშებულმა სტარშინებმა.

დოვბიშმაც მაშინვე ჯიბიდან ამოიღო ჯოხები, რომლებიც თან წამოეღო, რადგან კარგად იცოდა, რით თავდებოდა ასეთი ამბები. გაისმა დაფდაფის ხმა, და მალე მოედანზე ფუტკარივით აირივნენ ზაპოროჟიელთა შავ-შავი გუნდები. ყველანი შემოიკრიბნენ და შემოავლეს წრე: დაჰკრა მესამედ დოვბიშმა დაფი და მაშინ გამოჩნდნენ სტარშინები, კოშევოი კვერთხით ხელში, რომელიც მისი ღირსებისა და ხარისხის ნიშანია, მსაჯული ჯარის ბეჭდითურთ, მწერალი სამელნით და ესაული. კოშევოიმ და სტარშინებმა მოიხადეს ქუდი და ირგვლივ კაზაკებს თავი დაუკრეს. დოინჯშემორტყმულები ამაყად იდგნენ კაზაკები.

– რას ნიშნავს ეს კრება? რა გნებავთ, პანოვე? – დაეკითხა კოშევოი, მაგრამ ყვირილითა და ლანძღვით ლაპარაკი გააწყვეტინეს.

– დადე კვერთხი, დადე ახლავე კვერთხი, შე ეშმაკის კერძო, აღარ გვინდიხარ! – ყვიროდნენ ბრბოდან კაზაკები. ზოგიერთმა უფრო ფხიზელმა კურენმა წინააღმდეგობა სცადა; მაგრამ ფხიზელმა თუ არაფხიზელმა, ყველამ მუშტი მოიღერა. ყველა ყვიროდა, ხმაურობდა.

უნდოდა კოშევოის რაღაცა ეთქვა, მაგრამ იცოდა, რომ შეიძლებოდა ამ თავზეხელაღებულ, თავისნება ბრბოს სასიკვდილოდ მიებეჟნა, რაც ამგვარ შემთხვევებში თითქმის აუცილებელი იყო ხოლმე, და ამიტომ ხმა აღარ ამოიღო, დაუკრა მდაბლად თავი, დასდო კვერთხი და ბრბოში მიიმალა.

– ჩვენც გვიბრძანებთ, პანოვე, დავდოთ ნიშნები ჩვენი ღირსებისა? – შეეკითხნენ მსაჯული, მწერალი და ესაული.

– არა, თქვენ დარჩით, – შეჰყვირეს ბრბოდან. – ჩვენ მხოლოდ კოშევოის გაგდება გვინდოდა, რადგანაც იგი დედაბერი აღმოჩნდა, ჩვენ კი კოშევოიდ კაცი გვინდა.

– ვის ამოირჩევთ, მაშ, კოშევოიდ? დაეკითხნენ სტარშინები.

– კუკუბენკო ამოვირჩიოთ! – ყვიროდა ერთი ნაწილი.

– არ გვინდა კუკუბენკო, – ყვიროდა მეორე ნაწილი. – ჯერ ადრეა, პირზე რძე არ შეშრობია!

– შილო იყოს ატამანად! – ყვიროდნენ სხვანი. – შილო დავსვათ კოშევოიდ!

– შილო გაგერჭოთ წელში! – ყვიროდა ბრბო. – ის რა კაზაკია, თათარივით ქურდია ძაღლიშვილი! მოაშორეთ აქედან ლოთი შილოს თავი!

– ბოროდატი, ბოროდატი დავსვათ!

– არ გვინდა ბოროდატი! დაიკარგოს ბოროდატი!

– კირდიაგა! კირდიაგა! – გაჰყვიროდა ბრბო. – ბოროდატი, ბოროდატი! კირდიაგა! კირდიაგა! შილო! ჯანდაბას შილო! კირდიაგა!

ყველა კანდიდატი მაშინვე ბრბოდან გამოვიდა, როგორც კი თავისი სახელი გაიგონა და განზე გადგა, რომ არავის ეფიქრა, არჩევანში ხალხს აქეზებს და საქმე გაიკეთაო.

– კირდიაგა! კირდიაგა! – გაჰყვიროდნენ უფრო ძლიერად.

– ბოროდატი!

ბოლოს საქმე მუშტით გადაწყვიტეს: კირდიაგამ გაიმარჯვა.

– მოიყვათ კირდიაგა! – დაიყვირა ბრბომ.

ათიოდე კაზაკი მაშინვე გამოვიდა; ზოგი მათგანი ფეხზე ძლივს იდგა, ისევ გამობრუჟულიყო, და გასწიეს კირდიაგასაკენ.

მოხუცებული, მაგრამ ჭკვიანი კაზაკი კირდიაგა დიდი ხანია თავის კურენში იჯდა, ვითომ მომხდარი არჩევისა არა იცოდა რა.

– რაო, პანოვე? რა გინდათ? – დაეკითხა იგი.

– წამო, კოშევოიდ ამოგირჩიეთ!..

– მოიღეთ წყალობა, პანოვე! – უთხრა კირდიაგამ. – არა ვარ ღირსი მაგ პატივისა! კოშევოობა რა ჩემი საქმეა! სადა მაქვს იმდენი გონება, რომ ეს მძიმე თანამდებობა შევასრულო. ნუთუ ჩემზე უკეთესი მთელ ჯარში არავინ აღმოჩნდა?

– გეუბნებიან, წამოდიო! – ყვიროდნენ ზაპოროჟიელნი. სწვდა მერე ორი იღლიაში და წაათრიეს მოედანზე, თუმცა ბევრს იბოძიძგებდა ფეხებს და არ უნდოდა გაჰყოლოდა; მისდევდნენ უკან ლანძღვითა და მუჯლუგუნ-კინწისკვრით და თან ურჩევდნენ: "ნუ იხევ უკან, ეშმაკის შვილო! მიიღე, ძაღლო, პატივი, როცა გაძლევენ!" ამრიგად მიიყვანეს კაზაკთა წრეში კირდიაგა.

– რაო, პანოვე? – გამოაცხადეს საყოველთაოდ მომყვანებმა: – თანახმა ხართ თუ არა, რომ ეს კაზაკი იყოს ჩვენი კოშევოი?

– თანახმა ვართ ყველანი! – დაიყვირა ბრბომ და მინდორს შემდეგ დიდხანს გაჰქონდა გუგუნი.

ერთმა სტარშინათაგანმა აიღო კვერთხი და მიუტანა ახლად ამორჩეულ კოშევოის. ჩვეულებისამებრ, კირდიაგამ მეორედაც უარი თქვა: მაგრამ მესამედ კი გამოართვა კვერთხი. ბრბომ მაშინვე თავისი მოწონება ყვირილით გამოხატა და მინდორმა შორითშორამდე ხელახლა გუგუნი იწყო. გამოვიდა მაშინ ბრბოდან ოთხი ყველაზე მოხუცი, ჭაღარაულვაშიანი და ჭაღარათმიანი კაზაკი (ძალიან მოხუცნი სეჩში არ მოიპოვებოდნენ, რადგან არც ერთი მათგანი თავისი სიკვდილით არა კვდებოდა), აიღეს მიწა, რომელიც ახლადმოსული წვიმისაგან ატალახებული იყო და კირდიაგას თავზე დაადვეს. სველი ტალახი თავიდან ულვაშებსა და ლოყებზე ჩამოუვიდა და სახე მთლად გაეთხუპნა. მაგრამ კირდიაგა იდგა უძრავად და მადლობას უცხადებდა კაზაკებს, რომ ასეთი პატივის ღირსად სცნეს.

ასე და ამგვარად დასრულდა ეს ხმაურიანი არჩევანი; მაგრამ არავინ იცის, უხაროდათ თუ არა სხვებს ისე, როგორც ბულბას: ასე გადაუხადა ბულბამ მაგიერი კოშევოის. ესეც არ იყოს, კარდიაგა ბულბას ძველი მეგობარი იყო, ზღვად თუ ხმელად ბევრჯერ მასთან ლაშქრობაში მყოფი; მათ არაერთხელ აუტანიათ სხვადასხვაგვარი გაჭირვება საბრძოლო ცხოვრებისა. ბრბო დაიშალა და არჩევანის სადღესასწაულოდ იწყეს ისეთი ქეიფი, როგორსაც ოსტაპი და ანდრი არასოდეს არ მოსწრებიან. ღვინის დუქნები მთლად დაამტვრიეს: თაფლუჭი, ლუდი, არაყი უფულოდ, მუქთად მიჰქონდათ; მეღვინეები იმისიც მადლობელი იყვნენ, რომ თვითონ გადაურჩნენ ცოცხლები. მთელი ღამე ყვირილითა და სიმღერით გაატარეს (სიმღერებში ისინი თავიანთ მამაცურ საქმეებს აქებდნენ). მთვარის შუქზე დიდხანს ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ მესაკრავენი ფანდურებით, ბალალაიკებით და ტურბანებით და საეკლესიო მგალობელნი, რომელნიც სეჩში მხოლოდ ეკლესიაში საგალობლად და ზაპოროჟიელების საქმეთა სადიდებლად ჰყავდათ. ბოლოს დაღლილობამ და სასმელმა მაინც სძლია ეს მაგარი ვაჟკაცები: ხან აქ, ხან იქ ცვიოდნენ მიწაზე კაზაკები. ამხანაგები ხელიხელგადახვეულნი გრძნობიერად ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, სიხარულის ცრემლს აფრქვევდნენ და მერე ერთიმეორეზე ეწყობოდნენ. აგერ, იქ კიდევ ერთად დაყრილა მთელი ხროვა კაზაკებისა; იქით კიდევ ვიღაცა მოხერხებულ ადგილს ეძებს, რომ მიწვეს, პირდაპირ ხის გეჯაზე კი დაწვა. უკანასკნელი, სხვებთან შედარებით უფრო მაგარი კაზაკი, ჯერ კიდევ ლუღლუღებდა რაღაცას უაზროდ და უკავშიროდ; მაგრამ სასმელმა ბოლოს მასაც კინწი მოწყვიტა და მასთან ერთად მთელმა სეჩმა მიიძინა.
IV

მეორე დღეს ტარას ბულბა უკვე მოელაპარაკა ახლადამორჩეულ კოშევოის, ზაპოროჟიელნი როგორ უნდა ამხედრებულიყვნენ და ვის წინააღმდეგ. კოშევოი ჭკვიანი და ეშმაკი კაზაკი იყო, მასთან ზაპოროჟიელთა ზნე-ხასიათის მეტად კარგად მცოდნე: "არა, ფიცის დარღვევა არ შეიძლებაო", უპასუხა პირველად ბულბას, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დასძინა: "არა უშავს რა, ვინძლო ფიცს არ დავარღვევთ, ისე რასმე მოვიმიზეზებთ; ოღონდ ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ჩემი ბრძანებით კი არა, თავისით, – ეს თქვენ უკეთ იცით, როგორ მოახერხოთ, – მაშინ ჩვენც სტარშინებთან ერთად უცბად იქ გავჩნდებით მოედანზე, ვითომ არა ვიცით რა".

არ გასულა ამ ლაპარაკის შემდეგ სულ ერთი საათი, რომ დაფდაფის ხმა გაისმა. გადაკრულიც და უგუნური კაზაკებიც ბლომად აღმოჩნდნენ. მალე მოედანი უამრავი კაზაკით გაივსო და ატყდა ლაპარაკი: "ვინ იყო? რად? რისთვის მოგვიწვიესო?" მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა. ბოლოს გაისმა აქა-იქ ჩივილი: "რა ამბავია, რომ კაზაკთა ძალ-ღონე ასე უქმად არის დატოვებული: ომი არ არის! ჩვენი სტარშინები როგორღაც დედაბრობას მიეჩვივნენ, უსაქმობით თვალები ქონში ჩასძრომიათ! ეტყობა, დედამიწაზე სამართალი აღარ არისო!"– სტარშინები დიდად გაოცებულნი ეყვნენ. ბოლოს წამოდგა კოშევოი და თქვა: AADDDAD A

– ნება მომეცი, პანოვე ზაპოროჟიელნო, სიტყვა მოგახსენოთ!

– თქვი!

– აგერ ახლა ლაპარაკი და მსჯელობა იმაზეა, პანოვე კეთილმოწყალენო – თუმცა ეს თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ – რომ ბევრი ზაპოროჟიელი ყელამდე ვალით სავსეა ურიების დუქნებში, მართებთ აგრეთვე ჩვენი ძმებისა, ასე რომ აღარც ერთი ძაღლი აღარ ენდობა მათ. ლაპარაკია აგრეთვე იმაზე, რომ ბევრ ჩვენს ახალგაზრდას ომი თვალით არ უნახავს, მაშინ როდესაც – თქვენ ესეც კარგად მოგეხსენებათ, პანოვე, – ახალგაზრდა კაცს უომრად ყოფნა არ შეუძლია. აბა, რა ზაპოროჟიელი უნდა იყოს ახალგაზრდა, როცა ჯერ ბუსურმანებთან არ უბრძოლია!

"კარგად ლაპარაკობს", – გაიფიქრა ბულბამ.

– მაგრამ არ იფიქროთ, პანოვე, ამას იმიტომ ვამბობ ვითომ მშვიდობის დარღვევა მინდოდეს; ღმერთმა დაგვიფაროს! მხოლოდ ისე ვთქვი. მასთან ღვთის სახლი, ჩვენი ტაძარი – სათქმელადაც ცოდვაა, რას წარმოადგენს; აგერ რამდენი წელიწადია, ღვთის წყალობით, სეჩი არსებობს, მაგრამ აქამდის არამცთუ გარედან, შიგნით ხატების შემკობაც კი არავის ფიქრად არ მოსვლია; ნეტა ერთი მაინც ვისმე გახსენებოდა და ვერცხლით მაინც მოეჭედა. მხოლოდ ისა აქვს ჩვენს საყდრებს, რაც ათასში ერთხელ კაზაკებს უანდერძებიათ; თუმცა ეს მეტად მცირედი ყოფილა, რადგან სიცოცხლითვე თითქმის მთლად შეუჭამიათ თავისი ქონება. მაგრამ ამიტომ კი არ ვამბობ ამას, რომ ბუსურმანებს ომი ავუტეხოთ; დავპირდით სულთანს, ჩვენი სჯულისამებრ შევფიცეთ, რომ მშვიდობიანობას დავიცავთ. მაშასადამე, დიდი ცოდვა იქნება ფიცი დავარღვიოთ.

– რას შვრება, როგორ რევს საქმეს? – ჩაილაპარაკა ბულბამ.

– ასე რომ, როგორც ხედავთ, პანოვე კეთილშობილნო, ომის დაწყება არ შეიძლება: რაინდული პატიოსნება ნებას არ გვაძლევს, მაგრამ ჩემი პატარა ჭკუით, იცით, რას ვფიქრობ: გავგზავნოთ ახალგაზრდები პატარა ნავებით, რომ ნატოლიის ნაპირზე ცოტა რომ მოინადირონ. თქვენ როგორ ფიქრობთ, პანოვე?

– გაგვიძეხ, ყველას გაგვიძეხ! – იგრიალა ოთხივე მხრივ ხალხმა, – სარწმუნოებისათვის მზად ვართ სიცოცხლე გავწიროთ!

შეშინდა კოშევოი: მთელი ზაპოროჟიეს გალაშქრება მას ფიქრად არ ჰქონია; მშვიდობიანობის დარღვევა ამ შემთხვევაში დიდ უსამართლობად მიაჩნდა.

– ნებას მომცემთ, პანოვე, ერთი სიტყვა კიდევ მოგახსენოთ?

– კმარა! – ყვიროდნენ ზაპოროჟიელნი, – მაგაზე კარგს ვეღარას იტყვი!

– იყოს აგრე, რაკი აგრეა. მე თქვენი სურვილის მონა ვარ. ყველამ ვიცით და საღვთო წერილიც ამასვე გვასწავლის – ხმა ღვთისა და ხმა ერისაო. იმაზე ჭკვიანურს ვეღარავინ რას მოიგონებს, რაც ხალხს მოუგონია. მხოლოდ აი საქმე რა არის: მოგეხსენებათ, სულთანი ამ ახალგაზრდების განადირებას დაუსჯელად არ ჩაგვიტარებს. უნდა ვეცადოთ, რომ იმ დროისთვის მზად ვიყოთ, ხალხი საკმაოდ გვყავდეს და შიში აღარავის გვქონდეს. მაგრამ გაგვიგულებენ თუ არა, თათრებიც უთუოდ შემოგვესევიან: ისინი, ხომ იცით, ოსმალური ძაღლები არიან, თვალით არ დაგენახვებიან, სახლში პირდაპირ მოსვლას ვერ გაბედავენ, მაგრამ ზურგიდან, თუ მოახერხეს, უთუოდ მოგეპარებიან და ფეხში გიკბენენ, მასთან მაგრადაც გიკბენენ. რაკი საქმე მანამდე მივიდა, ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნავებიც სამყოფი არა გვაქვს და არც თოფისწამალი გვაბადია იმდენი, რომ ყველანი წავიდეთ. თორემ მე, თქვენი მონა და მოსამსახურე, თქვენი ბრძანების მორჩილი ვარ.

მოხერხებული ატამანი გაჩუმდა. მაშინვე ხალხში ჯგუფ-ჯგუფად ლაპარაკი დაიწყეს, კურენების ატამანებმა ბჭობა გამართეს; საბედნიეროდ, მთვრალები ცოტანი აღმოჩნდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს, კოშევოის გონივრული რჩევისათვის ესმინათ.

მაშინვე რამდენიმე კაცმა დნეპრის მეორე მხარეს მიაშურა, სადაც წყალქვეშ და ლერწმებში გამართულ მიუვალ სამალავებში ინახებოდა ჯარის ხაზინა და ნაწილი ნადავლი იარაღისა. სხვები კიდევ ნავებს ეცნენ, დაუწყეს სინჯვა და მზადება. თვალის დახამხამებაზე მდინარის ნაპირი ხალხით გაივსო. მოვიდა რამდენიმე დურგალიც ცულით. ხნიერი, გარუჯული, მხარბეჭიანი, მუხლმაგარი ზაპოროჟიელები, ზოგი ჭაღარა, ზოგიც შავულვაშიანი, შარვალაწეულები იდგნენ მუხლამდე წყალში და ნავებს მაგარი თოკით ნაპირიდან წყლისაკენ მიათრევდნენ. ზოგი ხის მორებს ეზიდებოდა. აქ ფიცრებით აკერებდნენ ნავს. იქ გმანავდნენ და ფისავდნენ; იქით კიდევ, კაზაკთა ჩვეულებისამებრ, ნავებს გვერდზე ლერწმის გრძელ კონებს აბამდნენ, რომ ზღვის ტალღებს ადვილად არ გადაებრუნებინათ. მდინარის პირად აქა-იქ გაეჩაღებინათ ცეცხლი და სპილენძის თანგირებში ფისს ადუღებდნენ. ლაშქრობაში ნამყოფი ხნიერები ახალგაზრდებს ასწავლიდნენ. კაკუნი და მუშების ხმაურობა ისმოდა მთელ არემარეში; დნეპრის ნაპირი გაცოცხლდა, ამოძრავდა.

ამ დროს ნაპირს დიდი ბორანი მოუახლოვდა. ზედ მდგომმა ხალხმა ჯერ ისევ შორიდან დაიწყო ხელის ქნევა. ესენი იყვნენ მთლად დაფლეთილსვიტკებიანი კაზაკები. ასეთი უწესო ჩაცმულობა, – ზოგიერთს პერანგისა და პირში მოკლე ჩიბუხის მეტი არა გააჩნდა რა სხვა, – ნიშანი იყო იმისა, რომ ან რაიმე უბედურება გადახდომოდათ, ანდა ქეიფში შეეჭამათ ყველაფერი, რაც კი ტანზე გააჩნდათ. ამათგან ერთი მხარბეჭიანი, დაბალ-დაბალი, ასე ორმოცდაათი წლის კაზაკი ყველაზე წინ გადმომდგარიყო, ხმამაღლა გაჰყვიროდა და იქნევდა ხელებს, მაგრამ კაკუნსა და მუშების ხმაურობაში არა ისმოდა რა.

– რა ამბავი მოგვიტანეთ? – ჩაეკითხა კოშევოი, როგორც კი ბორანმა ნაპირს მოაღწია. მუშებმა ყველამ საქმეს თავი ანებეს, უროები და ცულები ამართეს და დაუწყეს ცქერა, აცა, რას იტყვიანო.

– უბედურებისა! – ყვიროდა ბორნიდან დაბალ-დაბალი კაზაკი.

– რა უბედურებისა?

– ნება მომეცით, პანოვე ზაპოროჟიელნო, მოგახსენოთ!

– თქვი!

– ან იქნება გინდათ რადა შეჰყაროთ?

– თქვი, ყველანი აქა ვართ.

ხალხი სულ ერთად შექუჩდა.

– განა არა გაგიგიათ რა გეტმანჩინაში რა ამბავი ხდება?

– რაო! რა არის? – ჩაეკითხა ერთი კურენის ატამანი.

– რაღა რა არის! ეტყობა, თათრებს თქვენთვის ყურები დაუხშვიათ, რომ არა გაგიგიათ რა!

– თქვი დროით, რა მოხდა?

– რა და ის, რომ დაბადებიდან და მონათვლიდან დღემდის ჩვენს ყურს ამისთანა არა სმენია რა და თვალს არა უნახავს რა.

– თქვი, რა მოხდა და გაათავე რაღა, შე ძაღლიშვილო! – დაუყვირა ხალხიდან ერთმა მოთმინებადაკარგულმა.

– ასეთი დრო დაგვიდგა ახლა, რომ წმინდა საყდრები ჩვენი აღარ არის.

– როგორ თუ ჩვენი აღარ არის?

– ისა, რომ ურიებსა აქვთ იჯარით აღებული. თუ ურიას წინათვე ფულს არ მისცემ, წირვასაც ვერ გადაიხდი.

– რას მიჰქარავ?

– და თუ თავისი უწმინდური ხელით ძაღლიშვილი ურია არ დაასვამს წმინდა პასკას ნიშანს, პასკის კურთხევაც არ შეიძლება.

– სტყუის ეგ, ძმანო პანოვე, არ შეიძლება, რომ უწმინდურმა ურიამ წმინდა პასკას ნიშანი დაასვას.

– ყური დამიგდეთ, ეგ კიდევ რა არის, უარესს გეტყვით: ქსენძებიც ტარატაიკებით დადიან მთელ უკრაინაში, მაგრამ ეგ არაფერია, რომ დადიან, საქმე ის არის, რომ ცხენების მაგივრად შიგ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აბამენ. ყური დამიგდეთ, კიდევ რა გითხრათ: ამბობენ, ურიის ქალები ქვედა კაბებს მღვდლის ფილონებისგან იკერავენო. აი, რა ხდება, პანოვე, უკრაინაში! თქვენ კი სხედხართ აქ, ზაპოროჟიეში და ქეიფობთ! ეტყობა, თათრებს ძალიან დაუშინებიხართ, რომ აღარც არასა ჰხედავთ და აღარცთუ რამე გესმით, ქვეყანაზე რა ხდება.

– კმარა! – გაწყვეტინა კოშევოიმ, რომელიც აქამდე დანარჩენებსავით თავჩაკიდული ჩუმად მიწას ჩასცქეროდა და ისე ისმენდა, როგორც საზოგადოდ ეს ჩვეულებადა ჰქონდათ ზაპოროჟიელთ ყოველი დიდი საქმისა და გარემოების დროს: ჩუმად მოესმინათ ბოლომდე ამბავი და თავისი რისხვა დუმილში გაეათკეცებინათ. – კმარა! ახლა მეც ვიტყვი სიტყვას: მერე თქვენ რაღას შვრებოდით, თქვე მამასულწაწყმედილებო? თქვენ თვითონ რაღასა შვრებოდით? ნუთუ წელზე ხმლები არ გერტყათ? როგორ მიეცით ნება, რომ ასეთი ურჯულოება ჩაედინათ?

– ეჰ, როგორ მიეცით ნებაო!.. აბა, ერთი თქვენა სცდიდით, როცა მარტო ლიახი ორმოცდაათი ათასი იყო და, ცოდვა გამჟღავნებული სჯობს, როცა ჩვენშიაც გამოჩნდნენ ისეთი ძაღლები, რომ იმათი სარწმუნოება მიიღეს.

– თქვენი გეტმანი ან პოლკოვნიკები რაღას შვრებოდნენ?

– ისეთი საქმე მოიმოქმედეს პოლკოვნიკებმა, რომ ღმეთმა ჩვენ ყველას გვაშოროს.

– როგორ?

– ისა, რომ გეტმანი ახლა სპილენძის ქვაბში მოხრაკული, ვარშავაში ძევს, პოლკოვნიკების ხელ-ფეხი კი ბაზრობაზე დააქვთ აქა-იქ და ხალხს აჩვენებენ. აი, რა ქნეს პოლკოვნიკებმა!

მთელი ხალხი შეირხა, შეჩოჩქოლდა. ჯერ ბრბოში დუმილი ჩამოვარდა, როგორც დიდი ქარიშხლის წინ იცის ხოლმე, შემდეგ კი ატყდა ხმაური და ლაპარაკი, მთელი სანაპირო შეიძრა.

– როგორ, ქრისტიანების საყდრები იჯარით ურიებს ჰქონდეთ აღებული?! ქსენძები უღელში ქრისტიანებს აბამდნენ?! როგორ უნდა მოვითმინოთ, რომ რუსთა მიწაზე წყეულ ურწმუნოებისაგან ასეთ ტანჯვაში იყოს ხალხი?! რომ პოლკოვნიკებსა და გეტმანს ამას უშვრებოდნენ?! არა, ეს არ შეიძლება, არ იქნება!

ასეთი სიტყვები ისმოდა ყოველი მხრიდან. ახმაურდნენ ზაპოროჟიელები და საკუთარი ძალა იგრძნეს. აქ უკვე ცერცეტი ხალხი კი არ ღელავდა: ღელავდნენ მძიმე, უდრეკი ხასიათის ზაპოროჟიელნი, რომლებიც, მართალია, ადვილად არ გაცხარდებიან, მაგრამ თუ ერთი გაცხარდნენ, მერ დიდხანს აღარ გამოუნელდებათ ხოლმე შინაგანი ცეცხლი.

– ჩამოვახრჩოთ ყველა ურია! – გაისმა ბრბოში. – დეე ნუ უკერავენ თავიანთ ქალებს მღვდლის შესამოსელისგან ქვედა კაბებს! ნუ უსვამენ წმინდა პასკებს თავის ნიშნებს! დნეპრში დავახრჩოთ ეგ ძაღლები!

ეს ხმა ელვასავით მოეფინა მთელ ბრბოს, აღელვებული ხალხი მაშინვე გარეუბანს ეცა, რომ ყველა ურიისათვის ყელი გამოეჭრა.

საბრალო ისრაელის შვილები, რომელთაც მთლად დაკარგეს სულის სიმტკიცე, არაყის ცარიელი კასრებში იმალებოდნენ; ზოგი ღუმლებში და თავის დედაკაცების კაბების ქვეშაც კი ძვრებოდნენ; მაგრამ კაზაკები ყველგან პოულობდნენ.

– ბრწყინვალე და წარჩინებულო პანებო!–ყვიროდა ვიღაც ჯოხივით გამხმარი, მაღალი ებრაელი, რომელსაც შიშისაგან საცოდავად დაღრეჯილი სახე შეჯგუფულ ამხანაგთა წრიდან სასაცილოდ გამოეყო. – ბრწყინვალე და წარჩინებულო პანებო! ერთი სიტყვა გვათქმევინეთ, მარტო ერთი! ისეთ რასმე გამოგიცხადებთ, რაც ჯერ არსად გსმენიათ, – ისეთ დიდ რასმე, რომ თქმაც კი ძნელია, რა დიდი რამ არის!

– დეე, თქვან, – დართო ნება ბულბამ, რომელსაც ბრალდებულის მოსმენაც უყვარდა.

– ბრწყინვალე ბატონებო! – დაიწყო ურიამ. – ასეთი პანები ჯერ არსად და არასოდეს არა ნახულა, ღმერთმანი, არასოდეს! ასეთი კარგი, კეთილი და მამაცები ჯერ ქვეყნიერებას არ უნახავს... – შიშისაგან ხმა უწყდებოდა, უკანკალებდა. – როგორ იქნება, რომ ჩვენ ზაპოროჟიელებზე ცუდ რასმე ვფიქრობდეთ! ისინი ჩვენები სულაც არ არიან, უკრაინაში რომ იჯარადრობენ! ღმერთმანი, ჩვენები არ არიან; არც ურიები არიან ისინი; ეშმაკმა იცის, რანი არიან: ისეთი ვინმეები არიან, რომ უნდა მიაფურთხო და გადააგდო! აი, ესენიც ამასვე იტყვიან, ხომ მართალია, შლემა? ასე არ არის შმულ?

– ღმერთმანი, მართალია! – იძახოდნენ წრეში მდგომი არახჩინდაგლეჯილი შლემა და შმული,შიშისგან გადაფითრებულნი.

– ჩვენ არასდროს პირი არ შეგვიკრავს მტრებთან, – განაგრძობდა მაღალი ებრაელი სიტყვას. –კათოლიკებისა ხომ ცნობაც არ გვინდა: ეშმაკიც მოზმანებიათ იმათ! ჩვენ ზაპოროჟიელებთან ღვიძლი ძმებივითა ვართ...

– როგორ? ზაპოროჟიელები თქვენთან ძმებივით იყვნენ? – წამოიყვირა ვიღაცამ ხალხიდან. – ვერ მოესწრებით მაგას, წყეულებო! დნეპრში დავახრჩოთ ეს მურდლები, დნეპრში, პანოვე!

ითქვა თუ არა ეს სიტყვები, ეცნენ მაშინვე ურიებს და დაუწყეს დნეპრში პარტყაპურტყით ყრა. გაისმა ყოველმხრივ საცოდავი ყვირილი; მაგრამ მკაცრი ზაპოროჟიელნი მხოლოდ იცინოდნენ, როცა ხედავდნენ, რა სასაცილოდ გაჰქონდათ ურიების წინდა-ფეხსაცმლიან ფეხებს ჰაერში ფართხალი. საბრალო მჭერმეტყველმა ურიამ, რომელმაც თვითონ დაიტეხა თავს ეს უბედურება, როგორც კი გადასაგდებად ხიფთანში ხელი სტაცეს, ხიფთანი შეატოვა, ვიწრო კამზოლის ამარა ფეხებში ჩაუვარდა ბულბას და საცოდავი ხმით დაუწყო ხვეწნა:

– დიდო ბატონო, ბრწყინვალე და წარჩინებულო პანო! ვიცნობდი შენს ძმასაც, განსვენებულ დოროშს! მთელი ჯარის თვალი იყო. რვაასი ცეხინი მივეცი თურქების ტყვეობიდან თავის დასახსნელად.

– ჩემს ძმას იცნობდი? – დაეკითხა ბულბა.

– ღმერთმანი, ვიცნობდი! დიდსულოვანი ბატონი იყო!

– სახელად რა გქვია?

– იანკელი.

– მაშ, კარგი, – მიუგო ტარასმა და მცირე მოფიქრების შემდეგ მიმართა კაზაკებს: – ურიის ჩამოხრჩობა ყოველთვის შეიძლება, როცა საჭირო იქნება; დღეს კი მე დამითმეთ ესა, – და ურია თავისი ბანაკისაკენ წაიყვანა, სადაც მისი კაზაკები იდგნენ. – აბა შეძვერ ფორნის ქვეშ და იწექი მანდ, არ გაინძრე. თქვენ კი, ძმებო, არსად გაუშვათ ეს ურია.

ტარასმა ამის შემდეგ ისევ მოედნისაკენ გასწია, სადაც კარგა ხანია უკვე ხალხი იკრიბებოდა. ყველამ უცბად ნაპირსა და ნავებს თავი ანება, რადგანაც წყლით კი არა, ხმელეთით მოუხდებოდათ სალაშქროდ წასვლა. ნავების ნაცვლად ახლა ფორნები და ცხენები იყო საჭირო. გალაშქრება ახლა ყველას უნდოდა: ახალგაზრდასაც და მოხუცსაც. თანახმად კოშევოის, სტარშინების, კურენების ატამანების რჩევისა და მთელი ჯარის ნება-სურვილისა, გადაწყვიტეს ამხედრებულიყვნენ პოლონეთის წინააღმდეგ, სარწმუნოებისა და კაზაკთა სახელის შეგინებისა და შელახვისათვის შური ეძიათ, ქალაქებიდან დავლა წამოეღოთ, სოფლებისა და ყანებისათვის ცეცხლი წაეკიდებინათ და ველად შორს გაეგდოთ სახელი. ყველა ემზადებოდა, იარაღს ისხამდა. კოშევოის ფასი და წონა მოემატა: ახლა იგი მოკრძალე აღმასრულებელი კი აღარ იყო თავისუფალი ხალხის ქარაფშუტა, მსუბუქი წადილებისა, არა, იგი იყო უსაზღვრო მბრძანებელი, დესპოტი, რომელსაც მხოლოდ ბრძანება ეხერხებოდა, ხოლო თავისნება და მოქეიფე რაინდები, მწყობრად ჩარიგებულნი და თავჩაკიდულნი, პატივისცემით უსმენდნენ კოშევოის, რომელიც ყვირილით კი არ იძლეოდა ბრძანებას, არამედ აუჩქარებლივ, დალაგებით, როგორც ძველი გამოცდილი კაზაკი, ვისაც არაერთხელ აუსრულებია გონივრულად მოფიქრებული საქმე.

– დასინჯეთ ყველაფერი, კარგად დასინჯეთ! – ამბობდა კოშევოი, – გამართეთ ფორნები, საკუპრეები, გასინჯეთ იარაღი. ტანისამოსს ბევრს ნუ წამოიღებთ: თითო პერანგი და წყვილი შარვალი საკმარისია, თითო ქოთანი შორვა და დაფქული ფეტვი – მეტი არავინ არ წამოიღოს! სხვა საგზალი ფორნებით იქნება, რაც კი საჭიროა. წყვილი ცხენი უნდა ჰყავდეს თითო კაზაკს! ამასთან ორასიოდე ხარიც უნდა წამოიყვანოთ, ჭაობებში გავლის დროს დაგვჭირდებიან. მაგრამ ყველაზე მეტად ეცადეთ წესიერება დაიცვათ. ვიცი, არიან თქვენში ისეთებიც, როგორც კი ღმერთი სადმე სიმდიდრეს დაანახვებს, – მოჰყვებიან მაშინვე ნაშურისა და ძვირფასი ხავერდის ფხრეწას ფეხზე დასახვევად. დაივიწყეთ ეს ეშმაკის ჩვეულება. თავი ანებეთ ჭინჭებს, წამოიღეთ მხოლოდ იარაღი, თუ სადმე რიგიანი შეგხვდებათ, ოქრო და ვერცხლიც, რადგანაც მცირე ადგილს იჭერს და მუდამ გამოსადეგია. წინდაწინ გატყობინებთ ამასთან, ბატონებო, რომ ვინც კი გაბედავს და ლაშქრობის დროს დაითვრება, არავითარ გასამართლებას არ ეღირსება: ძაღლივით მივაქაჩვინებ ფორანზე, ვინც უნდა იყოს, თუნდაც უმამაცესი კაზაკი, და ძაღლივით მოვაკვლევინებ და გადავაგდებინებ დაუმარხველს, რომ ფრინველმა ჯიჯგნოს მისი ლეში: ლაშქრობაში ლოთი ღირსი არ არის ქრისტიანულად დამარხვისა. ახალგაზრდებო, უფროსებს გაუგონეთ ყველაფერში! თუ რომ ტყვია ან ხმალი გაგკაწრავთ თავში ან სხვაგან სადმე, ნუ შეუშინდებით: აიღეთ ერთი სროლა თოფისწამალი, გალესეთ ერთ ფიალა პურის არაყში და გადაჰკარით, უცებ გაგივლით, არც კი გაგაცივებთ; ჭრილობაზე კიდევ, თუ დიდი არ იქნება, დაიდეთ ხელისგულზე ფურთხში აზელილი მიწა და მორჩა, ჭრილობა შეიკვრის. აბა, ახლა კი საქმეს შეუდექით, მაგრამ არ აჩქარდეთ, ყველაფერი კარგად, კარგად გასინჯეთ და გაამზადეთ!

ასე ეუბნეოდა კოშევოი თავმოყრილ კაზაკობას. გაათავა თუ არა ლაპარაკი, ყველა მაშინვე საქმეს შეუდა. მთელი სეჩი გამოფხიზლდა, ასე რომ ადამიანი ვერც ერთ მთვრალს ვერ იპოვიდა, თითქოს კაზაკთა შორის სიმთვრალე არასოდეს არ გაგონილაო. ერთნი ფორნის თვლებსა და სალტეებს ასწორებდნენ, სხვანი ღერძებს უცვლიდნენ; ამათ საგზლით სავსე ტომრები მიჰქონდათ ფორნებზე დასადებად, იმათ იარაღი; სხვანი კიდევ ცხენებსა და ხარებს მოერეკებოდნენ. ყოველი მხრიდან ისმოდა ცხენების თქარათქური, საცდელი სროლა, ხმლების ჟღარუნი, ხარების ბღავილი, ფორნების ჭრაჭუნი, ლაპარაკი, ძახილი, ხმაურობა. მალე კაზაკთა ქარავანი მინდორს შორად მოეფინა, ასე რომ თავიდან ბოლომდის გამსვლელს დიდი სირბილი დასჭირდებოდა. ხის პატარა ეკლესიაში მღვდელმა პარაკლისი გადაიხადა, ყველას აიაზმის წყალი ასხურა; ყველა ჯვარს ემთხვია. დაიძრა თუ არა ქარავანი სეჩიდან, ყველა ზაპოროჟიელმა თავი შემოიბრუნა და ერთხმად შესძახა:

– მშვიდობით, ჩვენო დედაო! ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა უბედურებისაგან!

სეჩის გარეუბანში რომ შევიდნენ, ბულბამ თვალი მოჰკრა, რომ მის ებრაელ იანკელს დაედგა რაღაცა ფარდული და ჰყიდდა ტალებს, საშალებს, თოფისწამალსა და სხვა სალაშქრო რამეებს, კალაჩებსა და პურსაც კი. "დახე, ამ წყეულს!"– გაიფიქრა ტარასმა და ცხენი შეაბრუნა:

– შე სულელო, რას უზიხარ აქა? გინდა, რომ ჩიტივით სული გაგაფრთხობინონ?

იანკელი პასუხის მაგივრად მიუახლოვდა ბულბას, ორივე ხელით რაღაც ანიშნა, თითქოს დიდი საიდუმლო უნდა გამოემჟღავნებინა, და უთხრა:

– ოღონდ, ბატონო, თქვენ ნურსად რას იტყვით და, კაზაკთა ფორნებში ერთი ჩემია; მომაქვს ყოველივე საგზალი, რაც კი კაზაკებისათვის საჭირო იქნება და გავყიდი ისე იაფად, რომ ჯერ არცერთ ებრაელს ისე იაფად არ გაეყიდოს; ღმერთმანი, მართალს ვამბობ; აგრეა, ღმერთმანი!

ტარას ბულბამ მხრები შეიშმუშნა, გაიოცა ებრაელის ასეთი მოხერხებულობა და ქარავნისაკენ გასწია.
V

მალე პოლონეთის მთელი სამხრეთ-დასავლეთი შიშმა მოიცვა. გაისმოდა ყველგან: “ზაპოროჟიელნი გამოჩნდნენ, ზაპოროჟიელნიო!.." ყველამ, რასაც და ვისაც თავის ხსნა შეეძლო, თავს უშველა. ყველა წამოიშალა და გაიქცა, როგორც საზოგადოდ სჩვეოდა იმ არეულ-დარეულ, გასაოცრად უზრუნველ დროს, როცა არც სიმაგრეებს და არც ციხეებს არ იშენებდნენ და, როგორც მოხვდებოდა, ისე იხუხულავებდნენ ჩალის ქოხებს დროებით, რაკი ფიქრობდნენ: "ტყუილად რაზე დავხარჯო ფული და შრომა ქოხზე, მაინც შემოგვესევა თათარი და გაანიავებსო!"

ყველა შეჩოჩქოლდა: ზოგი სცვლიდა ხარებსა და გუთანს იარაღსა და ცხენზე, რომ ჯარში გასულიყო; ზოგი კიდევ იმალებოდა, საქონელს მიერეკებოდა, რასაც კი მოასწრებდა, მიჰქონდა. იყვნენ შიგდაშიგ ისეთებიც, რომლებიც მტერს შეიარაღებული უხვდებოდნენ შინ; მაგრამ უმეტესობა წინდაწინვე გარბოდა. ყველამ კარგად იცოდა, თუ ომში გამობრძმედილი ჯარი ზაპოროჟიელთა, თავისნება და გარეგნულად მოუწყობელი, ბრძოლის დროს რა საშიში და მოფიქრებით მომქმედი იყო. ცხენოსანნი მიდიოდნენ დინჯად. ცხენებს არ ღლიდნენ, ქვეითნი კიდევ ფხიზლად მისდევდნენ ფორნებს. ასე მიდიოდა მთელი ქარავანი ღამღამობით, დღისით კი სადმე უდაბურ, მიუდგომელ და ტყიან ადგილებში ისვენებდნენ, რომელთა რიცხვიც მაშინ საკმაო იყო. წინ მუდამ მზვერავებსა და შიკრიკებს გზავნიდნენ, რომ გაეგოთ, სად, როგორ და რა მზადებაში იყო ხალხი. ხშირად სრულიად მოულოდნელად დაესხმოდნენ ხოლმე თავს და ასალმებდნენ სიცოცხლეს; სოფლებს ცეცხლს უკიდებდნენ, საქონელსა და ცხენებს, თუ თან არ წაიყვანდნენ, იქვე ყელს დასჭრიდნენ. ამრიგად, თითქოს უფრო მეჯლისობდნენ, ვიდრე ლაშქრობდნენ. თმა ყალყზე დაუდგებოდა ახლა ადამიანს ყველა ამ მხეცურ საქმეთაგან, რაიც იმ ნახევრადველურ საუკუნეში მოიმოქმედეს ზაპოროჟიელებმა. ხოცავდნენ ბავშვებს, დედაკაცებს ძუძუებს აჭრიდნენ, განთავისუფლებულთ მუხლისთავიდან ფეხთამდე ტყავს აძრობდნენ; ერთი სიტყვით, სამაგიეროს ერთიათად უხდიდნენ კაზაკნი მტრებს. ერთი მონასტრის წინამძღვარმა, ზაპოროჟიელების მოახლოება რომ შეიტყო, ორი ბერის პირით შემოუთვალა, ურიგოდ იქცევით, მთავრობასა და ზაპოროჟიელებს შორის თანხმობა იყო, თქვენ კი ამ თანხმობას და მასთან ხალხის უფლებას არღვევთო.

– უთხარით ეპისკოპოსს ჩემს მაგიერ და მთელი ზაპოროჟიელების მაგიერ, – უპასუხა კოშევოიმ, – რომ შიში ნუ ექნება: კაზაკები ჯერ მხოლოდ აჩაღებენ ჩიბუხებს.

მალე მთელი სააბატო ცეცხლის ალში გაეხვია. ვეებერთელა გოთური ფანჯრები კუშტად იმზირებოდნენ მოგიზგიზე ცეცხლიდან. გამოქცეული ბერები, ურიები და დედაკაცები მიაწყდნენ ქალაქებს, სადაც კი გარნიზონისა და ადგილობრივი ლაშქრის იმედი ჰქონდათ. დროგამოშვებით მთავრობის მიერ დაგვიანებით გამოგზავნილი მაშველი მცირე ჯარი ან ვერა პოულობდა ხოლმე ზაპოროჟიელებს, ანდა შიშით ძრწოდა და პირველსავე შეხვედრაზე პირს იბრუნებდა, თავისი მალი ცხენებით თავს შველიდა. მაგრამ მოხდებოდა ხოლმე ისეც, რომ წარსულ ომებში განთქმული მეფის ჯარის უფროსები შეერთებული ძალით შეეგებებოდნენ ზაპოროჟიელთ. აი, აქა სცდიდნენ ხოლმე თავის ძალ-ღონეს ახალგაზრდა კაზაკები, რომლებიც უიმისოდ მტაცებლობას, უსამართლოდ მოხვეჭასა და სუსტ მტერზე გალაშქრებას ერიდებოდნენ; აქ ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ მოხუცთა წინაშე, პირისპირ შებმოდნენ მკვირცხლსა და ბაქია ლიახებს, ამაყ ტაიჭზე ამხედრებულნი კაბის ყურთმაჯებს რომ მოაფრიალებდნენ. კარგი და გასართობი იყო ეს მეცნიერება. მრავლად შეიძინეს ცხენის შეკაზმულობაც, ძვირფასი ხმლებიც, თოფებიც. ახლადშებუმბლული ბარტყები ერთ თვეში მთლად გამოიცვალნენ, დავაჟკაცდნენ; სახის მოხაზულობამ, რომელიც დღემდის უფრო ჭაბუკის რბილ ხასიათს ამხელდა მათში, ახლა უკვე სასტიკი და ძალოვანი გამომეტყველება მიიღო. ტარასი ხომ უზომოდ გახარებული იყო, რომ მისი ორი შვილი საუკეთესო მეომრები დადგნენ. თითქოს დაბადებითვე ჰქონდა დაწერილიო მეომრობა, ოსტაპი უეცრად შეეთვისა ომს. არსად არ დაბნეულა, არსად შემკრთალა, მუდამ განსაცვიფრებელი გულგრილობით, რომელიც მის ოცდაორი წლის ასაკს არც კი შეეფერებოდა, ეგებებოდა ხოლმე ყოველ შემთხვევას; ერთ წამში მოიფიქრებდა, რა გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო ჩაყენებული, ყოველმხრივ გაზომავდა თვითონ საფრთხესაც და იქვე გადასწყვეტდა, როგორ და რანაირად დაეღწია თავი, რომ შემდეგ უეჭველად დაეძლია იგი. უკვე დიდი გამოცდილება და დაკვირვება ემჩნეოდა ყოველივე მის მოქმედებას და ეტყობოდა, რომ მომავალში სარდლობა არ ასცდებოდა. ძალითა და ღონით სავსე იყო იგი და რაინდული თვისებები უკვე ამხელდა მასში ლომგულს.

– ოჰ, კარგი პოლკოვნიკი იქნება თავის დროზე! ამბობდა მოხუცი ტარასი. – ღმერთმანი, მართლა რომ კარგი პოლკოვნიკი იქნება, – ბატკოს აჯობებს!

ანდრი მთლად გაიტაცა ტყვიათა მომხიბლავმა ზუზუნმა და ხმლის ტრიალმა. მან სრულიად არ იცოდა, რა იყო მოწინააღმდეგისა და თავისი ძალ-ღონის წინასწარ გაზომვა, გამოანგარიშება. უზომო სიამოვნებასა და დამათრობელ სიტკბოებას ბრძოლაში ჰპოვებდა, რაღაც მეჯლისად ეჩვენებოდა ხოლმე ის წუთები, როცა მებრძოლს თავი უხურდება, თვალთ აუჭრელდება, როცა ცვივა მოჭრილი თავები, დახოცილი ცხენები, ის კი მთვრალივით მიქრის ამ მოზუზუნე ტყვიებსა და მოელვარე ხმლებში, გახურებული მარჯვნივ და მარცხნივ სცემს და ჰკაფავს, თვითონ კი ნაკრავს ვერა გრძნობს. არაერთხელ უნახავს და გაოცებულა ტარასი, თუ როგორ მიისწრაფოდა გრძნობით გატაცებული ანდრი ისეთი საშიშროებისაკენ, რომელსაც ვერც ერთი გონიერი და გულდინჯი მეომარი ვერ გაბედავდა, და ამ ცხარე შებმით როგორ ახდენდა ნამდვილ სასწაულებს, რაც ძველ მეომრებსაც ანცვიფრებდა. ჰკვირობდა მოხუცი ტარასი და ამბობდა ხოლმე:

– ესეც ყოჩაღია – მტერი ვერ დაიმორჩილებს! ოსტაპს არა ჰგავს, მაგრამ კარგი, კარგი მეომარია!

ჯარმა გადაწყვიტა პირდაპირ ქალაქ დუბნოზე მიეტანა იერიში, რადგან ხმა დადიოდა – დიდი ხაზინა და მრავალი მდიდარი მცხოვრებია იქაო. დღენახევრის შემდეგ ზაპოროჟიელნი ქალაქს მიადგნენ. მცხოვრებთ გადაეწყვიტათ უკანასკნელ ღონისძიებამდე მტერს გამაგრებოდნენ და თავის სახლწინ, ქუჩებში დახოცილიყვნენ ყველანი, ვიდრე მტერი შეეშვათ შინ. ქალაქს გარს მაღალი პატნეზი ჰქონდა შემოვლებული. სადც მიწა დაბალი იყო, იქ ქვის კედელი ან სახლი, ბატარეია რომ იდგა, ანდა მუხის ხშირი მესერი ამართულიყო, მეციხოვნე ჯარიც საკმაოდ ძლიერი ჰყავდა ქალაქს, თავისი მოვალეობის ნათლად შემგნები. გაცხარებულნი ეცნენ ზაპოროჟიელნი პატნეზს, მაგრამ მტრებმა ტყვია დაუშინეს. მდაბიოთ და ქალაქის მცხოვრებთაც, ეტყობა, უქმად ყოფნა არ უნდოდათ, ყველანი მიწაყრილზე იდგნენ გროვად. ყველას რაღაცა სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ეხატებოდა სახეზე. ქალებიც კი მონაწილეობდნენ ბრძოლაში და უშენდნენ ზემოდან ქვას, კასრებს, ქოთნებს, მდუღარესა და ქვიშით სავსე ტომრებს, ზაპოროჟიელებს რომ აბრმავებდა. სიმაგრეების აღება არ უყვარდათ კაზაკებს, რადგან ალყის შემორტყმა მათი ხელობა არ იყო. კოშევოიმ ამისათვის უბრძანა უკან დაეხიათ და უთხრა:

– არა უშავს რა, ძმებო, დავიხიოთ უკან; მაგრამ ბილწი თათარი ვიყო და არა ქრისტიანი, თუ ერთიც არის მაგათგანი ქალაქიდან გამოვუშვა! დეე, ყველა ძაღლივით შიმშილით ამოიხოცოს!

ჯარმაც უკან დაიხია და ქალაქს შემოერტყა ალყად. უსაქმობისაგან მიჰყვეს ხელი მიდამოებს და მთლად ააოხრეს იქაურობა: გადასწვეს მახლობელი სოფლები და მინდვრად დადგმული პურის ზვინები, ჯოგად მიუშვეს თავისი ცხენები გაუჭრელ ყანებში, რომელთა სავსე თავთავები თითქოს განგებ არაჩვეულებრივ მოსავალს უქადიდა მხვნელ-მთესველებს. გულგახეთქით გაჰყურებდნენ საცოდავად ქალაქში მომწყვდეულები, როგორ იწვოდა მათი ცხოვრების სახსარი. ზაპოროჟიელები კი თავისი ფორნებით ორპირად შემოეკრნენ ქალაქს, მოეწყვნენ ისევ კურენებად, როგორც სეჩში ცხოვრობდნენ ხოლმე, აბოლებდნენ ჩიბუხს, უცვლიდნენ ერთმანეთს ნადავლ იარაღს, თამაშობდნენ ათურმას, ლუწ-კენტს და გულგრილად, დინჯად გაჰყურებდნენ ქალაქს, ვითომდა აქ არაფერიაო. ღამღამობით აჩაღებდნენ კოცონებს, კურენების მზარეულები ვეებერთელა ქვაბებში ფაფას ხარშავდნენ. მთელ ღამეს კოცონებთან დარაჯები ფხიზლობდნენ. მაგრამ მალე მოსწყინდათ ზაპოროჟიელთ ასეთი უსაქმობა და ფხიზლობა, რომელსაც თან საქმე არ მოსდევდა. კოშევოიმ ბრძანება გასცა არაყი ერთი ორად მეტი ეძლიათ. ასე იცოდნენ ხოლმე ხანდახან ჯარში, თუ რამ საძნელო საქმე არ მოელოდათ. ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ტარას ბულბას შვილებს არაფრად მოსწონდათ ასეთი ცხოვრება. ანდრიმ მთლად მოიწყინა.

– უგუნურო, – ეუბნებოდა მამა, – მოითმინე, კაზაკო, ატამანი იქნებიო! ის კი არ არის კარგი მეომარი, ვინც გაჭირვებაში არ დაიბნევა, არამედ ის, ვინც უსაქმურადაც არ მოიწყენს.

მაგრამ ახალგაზრდა და მოხუცი აბა როგორ მორიგდებოდნენ; სხვა იყო მათი ბუნება და სხვა თვალით უყურებდნენ საქმეს.

ამასობაში ტოვკაჩმა ტარასის პოლკიც ჩამოიყვანა. პოლკს თან ახლდნენ ორი ესაული, მწერალი და სხვა თანამდებობის კაცნი. სულ ოთხი ათასამდე კაზაკი შეიყარა. ბევრნი იყვნენ ამათში მოხალისენიც, რომელნიც თავისი სურვილით გამოსულიყვნენ საომრად, როგორც კი საქმის გარემოება შეეტყოთ. ესაულებმა ტარასის შვილებს მოხუცი დედისაგან ლოცვა-კურთხევა და კიევის მეჟიგორის მონასტრიდან თითო კვიპაროზის ხატი გადასცეს. ჩამოიკიდა ხატები ორივე ძმამ და უნებურად ფიქრს მიეცნენ, მოხუცი დედა მოაგონდათ. რას უწინასწარმეტყველებდა მათ ეს ლოცვა-კურთხევა? იმას, რომ მტერზე გაიმარჯვებდნენ და სამშობლოში მხიარულად დაბრუნდებოდნენ სახელოვანნი, ნადავლით, რომ მეფანდურეებს ქება შეესხათ ხოლმე თავის სიმღერებში, თუ?.. მაგრამ მომავლისა ვინ რა იცის. აღმართულა იგი კაცის წინ, ვითარცა ჭაობიდან წამოსული შემოდგომის ბურუსი. შიგ უაზროდ დაფრინავენ მაღლა და დაბლა ფრინველები და ფრთებს აფრიალებენ, თუმცა ერთმანეთს ვერა სცნობენ, მტრედი ვერ ხედავს ქორს, ქორი – მტრედს, და არავინ იცის, სად ჩასაფრებია სიკვდილი...

ოსტაპმა საქმე მოილია და რა ხანია კურენში დაბრუნდა: ანდრის კი რაღაც გული ჰქონდა დახურული, თუმცა არ იცოდა, რათა და რისთვის. კაზაკებმა უკვე ივახშმეს. საღამო დიდი ხანია ჩამქრალიყო და მკათათვის მშვენიერი ღამე იდგა, მაგრამ ანდრის კურენში დაბრუნება არ უნდოდა. არა წვებოდა და უნებურად თავის წინ გადაშლილ სურათს გასცქეროდა. ცა ურიცხვ ვარსკვლავს მოეჭედა, მინდვრად გაშლილი იყო ფორნები და ზედ ჩამოკიდებული სასაპნე-საკუპრეებითა და ნადავლი სიმდიდრითა და საგზლით სავსე. ფორნებთან, ფორნებქვეშ თუ მოშორებით ყველგან ზაპოროჟიელნი იწვნენ ბალახზე მეტად სურათოვან მდგომარეობაში: ზოგს თავქვეშ ტომარა ამოედო, ზოგს ქუდი, ზოგს კიდევ ამხანაგის გვერდზე მიედო თავი. ხმალი, თოფი და მოკლე ჩიბუხი სპილენძის ბალთებით, რკინის საჩხრეკით და კვეს-აბედით ყველას გვერდზე ეწყო. ვეებერთელა ხარებიც იქვე წამოწოლილიყვნენ, ფეხები ქვეშ ამოეწყოთ და შორიდან მინდორზე მოფენილ თეთრსა და რუხ ლოდებს ემსგავსებოდნენ. მძიმედ გაისმა ყველა მხრიდან ბალახებში მძინარე მხედრობის ხვრინვა, რომელსაც მინდორში გაშვებული დაფალმანდებული ულაყები ფრუტუნით ბანს აძლევდნენ, მკათათვის ამ მშვენიერ ღამეს დიადი და მრისხანე რაღაც დართვოდა. ეს იყო შორეული მიდამოებიდან ხანძრების მინელებული დაფიონი. ერთ ადგილას ალი წყნარად და დიდებულად ეფინებოდა ცას; სხვაგან, უცებ, აფეთქებული, ქარიშხლებრ მიისწრაფოდა მაღლა, გაჰქონდა შუილი, მიქროდა ვარსკვლავებისაკენ და მისგან მოწყვეტილი ალის ბღუჯები შორეულ ცაში ქრებოდა. გადაბუგული შავი მონასტერი კარტეზიანელი ბერივით მრისხანედ იდგა და თითოეულ გაშუქებაზე თავის შავბნელ დიდებულ სახეს აჩენდა. იქით მონასტრის ბაღი იწვოდა; თითქოს ისმოდა, როგორ შიშინებდა კვამლში გახვეული ხეები, ავარდებოდა აქა-იქ უცბად ალი და ქლიავის მწიფე კუნწულებს ფოსფორული ლილისფერ-ცეცხლოვანი სხივებით გაანათებდა, ან ყვითელი მწიფე მსხლები გამოკრთებოდნენ ხოლმე ბაჯაღლო ოქროდ. იქვე მოჩანდა კედელზე ან ხეზე ჩამოკიდებული საბრალო ურიისა ან ბერის შავად გარუჯული გვამი, რომელსაც შენობასთან ერთად ხანძარი ნთქავდა. ცეცხლს შორიდან დასტრიალებდნენ ფრინველები, რომლებიც გავარვარებულ მინდორზე პატარა შავ ჯვრებად მოჩანდნენ. ალყაშემორტყმულმა ქალაქმა თითქოს ჩაიძინა; შორეული ნახანძრალის ათინათი აშუქებდა სახლის სახურავებს, შენობათა წვეროებს, კედლებს, გარშემორტყმულ მესერს. ანდრიმ შემოიარა კაზაკთა ბანაკი. ცეცხლი, რომლის პირადაც დარაჯნი ისხდნენ, ყოველ წამს ჩაქრობას ლამობდა, თვითონ დარაჯთაც, ალბათ კაზაკურად კარგად დანაყრებულთ, ეძინათ. განაცვიფრა, ცოტა არ იყოს, ამ უზრუნველობამ ანდრი და იფიქრა: " კარგია, რომ სადმე ახლოს ძლიერი მტერი არა გვყავს და შიში არავისი გვაქვს". ბოლოს მივიდა თვითონაც ერთ ფორანთან, ავიდა ზედ, გადაწვა გულაღმა და ხელები თავქვეშ ამოიწყო. მაგრამ არ იქნა, ვერ დაიძინა. დიდხანს შეჰყურებდა ცას, რომელიც მის თავზე ხელისგულივით გადაშლილიყო. გამჭვირვალე და სუფთა იყო ჰაერი; ხშირი ვარსკვლავები ირმის ნახტომისა, ცაზე სარტყლად გადართხმულნი, ერთიანად განათებულიყო. დროგამოშვებით ანდრი თითქოს დავიწყებას მიეცემოდა, თვლემის მსუბუქი ბურანი დაუმალავდა ხოლმე ცას, მაგრამ მალე ისევ გამოერკვეოდა და ცაც ისევ განათდებოდა. უცებ მოეჩვენა ანდრის, ვითომ მის წინ ვიღაც ადამიანის უცნაურმა სახემ გაიელვა; ეგონა, სიზმარია და გაივლისო, მაგრამ თვალი რომ გაახილა, დაინახა, რომ ვიღაცის შეწუხებული გამხმარი სახე მართლაც დახრილიყო და თვალებში ჩასცქეროდა. გრძელი, ნახშირივით შავი გაწეწილი თმა თავზე წამოგდებულ საბურველიდან დაუდევრად ჩამოშლოდა. უცნაური ელვარება თვალებისა და მიცვალებულივით შავი სახე უფრო აჩრდილს ამსგავსებდა მას. ანდრიმ უნებურად სიათას გაიკრა ხელი და ათრთოლებულმა შესძახა:

– ვინ ხარ? თუ მაცდური ხარ, გაქრი, თუ ცოცხალი ადამიანი, უადგილოა ეგ ხუმრობა – მოგკლავ ამ წამს!

ამის პასუხად მოჩვენებამ თითი ტუჩებთან მიიტანა, თითქოს გაჩუმებას ემუდარებოდა. ანდრიმ ხელი ჩამოუშვა და ყურადღებით დაუწყო სინჯვა. გრძელ თმაზე, კისერსა და ნახევრად მოღეღილ შავგვრემან მკერდზე იცნო, რომ ქალი იყო, მაგრამ იქაური კი არა: პირისახე შავი და განაწამები ჰქონდა; განიერი ყვრიმალის ძვალი ჩაცვინულ ლოყებზე გადმოჰკიდებოდა; წვრილი თვალები რკალივით ჰქონდა აწეული. რამდენად მეტად უკვირდებოდა ანდრი ქალის სახეს, მით უფრო ნაცნობი ეჩვენებოდა იგი. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჰკითხა – მითხარი, ვინა ხარ? თითქოს გიცნობდი, სადღაც მინახავხარ?

– ორი წლის წინათ კიევში.

– ორი წლის წინათ... კიევში... – გაიმეორა ანდრიმ და თან იგონებდა, თუღა რამე ახსოვდა წარსული ბურსის ცხოვრებიდან. კიდევ ჩააკვირდა თვალებში და უცბად ხმამაღლა შეჰყვირა:

– თათრის ქალი ხარ! ვოევოდას ქალის მოახლე!

– ჩუუუ... – წარმოთქვა თათრის ქალმა, მთლად აცახცახებულმა ხელები ვედრებით გულზე დაიწყო და უკან მიიხედა, ანდრის ყვირილზე ხომ არავინ გამოიღვიძაო.

– მითხარი, მითხარი,საიდან და როგორ აღმოჩნდი აქა? – ეუბნებოდა ანდრი თითქმის სულშეგუბებული ჩურჩულით, რომელსაც ყოველ წამს შინაგანი ძლიერი მღელვარება აწყვეტინებდა ხოლმე. – პანის ქალი სად არის? ცოცხალია კიდევ?

– პანის ქალი აქ, ქალაქშია.

– ქალაქშია? – გაიმეორა ანდრიმ და კინაღამ ისევ შეჰყვირა, თან იგრძნო, რომ სისხლი გულზე მოაწვა. – ქალაქში რა უნდა?

– იმიტომ, რომ დიდი ბატონიც ქალაქში ბრძანდება. აგერ წელიწადნახევარია დუბნოშია ვოევოდად.

– გათხოვდა? მითხარი ჩქარა, რა უცნაური რამა ხარ! ახლა რას შვრება?

– მეორე დღეა აგერ, არა უჭამია რა.

– როგორ?

– დიდი ხანია ქალაქის არცერთ მცხოვრებს ლუკმაპური აღარა აქვს, ყველა მიწას ჭამს.

ანდრი გაქვავდა.

– პანის ქალმა პატნეზიდან შეგნიშნა ზაპოროჟიელებში და მითხრა: "წადი, უთხარი რაინდს, თუ ვახსოვარ, მოვიდეს ჩემთან, არადა ერთი ნაჭერი პური მაინც მოგვცეს მოხუცი დედისათვის, არ მინდა დედაჩემის სიკვდილი ვნახო. დეე, უწინ მე მოვკვდე, მერე ის. სთხოვე, მოეხვიე მუხლებზე; იმასაც ჩემსავით მოხუცი დედა ჰყავს, იმის გულისთვის მაინც მოგცესო.

კაზაკის ახალგაზრდა გულში უცებ გრძნობათა ზღვამ გაიღვიძა.

– მერე, შენ როგორ მოხვდი აქ? როგორ მოხვედი?

– მიწისქვეშა გზით.

– მერე განა გაქვთ მაგისთანა გასასვლელი?

– გვაქვს.

– სადა?

– ხომ არ გაგვცემ, რაინდო?

– წმინდა ჯვარს გეფიცები!

– ჩახვალ ხრამში, გაივლი მდინარის ტოტს, იქ, სადაც ლერწმებია, და...

– და შევალთ ქალაქში?

– პირდაპირ ქალაქის მონასტერთან.

– წავიდეთ, წავიდეთ ახლავე!

– მაგრამ, ღვთის გულისათვის, არ დაივიწყო პურის ნატეხი!...

– კარგი. აქ დარჩი ფორანთან, ან არა, სჯობს ზედ დაწექი: ვერავინ დაგინახავს, ყველასა სძინავს; მე ახლავე დავბრუნდები.

ანდრი ფორნებისაკენ წავიდა, სადაც იმათი კურენის საგზალი იყო შენახული. გული ძლიერად უცემდა. მთელი წარსული, კაზაკთა მკაცრი ცხოვრებითა და ბრძოლებით მივიწყებულ-მიძინებული, უცებ ისევ გამოცოცხლდა და დღევანდელი ყოველივე დაჩრდილა. თითქოს ზღვის უფსკრულიდან თვალწინ წამოუდგა ისევ ამაყი ქალი. კვლავ გაახსენდა მშვენიერი ხელები, თვალები, მომღიმარი ტუჩები, ხშირი, მუქი წაბლისფერი თმა, დალალებად რომ ეყარა მკერდზე, ერთი სიტყვით მისი ქალწულებრივი ტანის მკვრივი, ერთმანეთთან შეთანხმებულად შექმნილი ყველა დანარჩენი ნაკვთი. არა, ანდრის ყველა ეს როდი ჩაქრობოდა გულში; მხოლოდ დროებით მიჰფარებოდა, რომ სხვა ძლიერი გულისთქმისთვის დაეთმო ადგილი. ხშირად გაჰკრთომია ძილი ახალგაზრდა კაზაკს იმ გრძნობათა გამო, ხშირად გაჰღვიძებია და თვალგახელილი დიდხანს წოლილა, მაგრამ მიზეზი ვერ გაუგია.

მიდიოდა, მაგრამ გული თანდათან ძლიერ უცემდა და მუხლებიც უკანკალებდა იმის გაფიქრებაზე, კიდევ ვნახავო. მივიდა ფორნებთან, მაგრამ დაავიწყდა, რისთვის მივიდა. დიდხანს ისრესდა შუბლს და იგონებდა, რა უნდა ექნა. უცებ შეკრთა, შიშმა შეიპყრო; წარმოიდგინა, ვითომ ქალი შიმშილით კვდება. ეცა ფორანს და რამდენიმე ვეებერთელა შავი პური ამოიდო იღლიაში; მაგრამ მაშინვე გაიფიქრა, რომ აზიზობას მიუჩვეველ ჯანით სავსე ზაპოროჟიელთა ეს საჭმელი მისთანა ნაზი აგებულების არსებისთვის არ გამოდგებოდა. აქვე გაახსენდა, რომ წინადღით კოშევოი საყვედურობდა მზარეულებს – სამი დღის საკმარისი ფაფა ერთად მოგიხარშავთო. დაიმედებულმა, რომ კაზაკებს საკმაოდ მორჩებოდათ რამე, დაავლო თავის მამის სამგზავრო ქვაბს ხელი და გასწია თავისი კურენის მზარეულთან, რომელსაც ჯერ ისევ თბილი ორი ათ-ვედროიანი ქვაბის გვერდით ეძინა. ჩაიხედა, მაგრამ მისდა გასაკვირველად, ორივე ქვაბი ცარიელი დახვდა. მართლაცდა იშვიათი, არაადამიანური მადა უნდა ჰქონოდათ, რომ ეს ამოდენა ქვაბები ამოეცალათ, მით უფრო, რომ მათ კურენში ყველაზე ნაკლები იყო ხალხი. დაიარა და დასინჯა სხვა კურენების ქვაბებიც, მაგრამ ვერსად რა ნახა და უნებურად მოაგონდა ანდაზა: "ზაპოროჟიელები ბალღებივით არიან: ცოტაა – შესჭამენ, ბევრია, არც იმას გაუშვებენ გაუთავებელსო". რა უნდა ექნა? გაახსენდა, რომ მამას რაზმის ერთ ფორანზე უნდა ყოფილიყო ტომრით თეთრი პური, გაძარცული მონასტრის ფურნიდან წამოღებული. ანდრი გულდაგულ მივიდა ფორანთან, მაგრამ ტომარა იქ აღარ დახვდა: ოსტაპს თავქვეშ ამოედო და იქვე მიწაზე გულიანად ხვრინავდა. სტაცა ხელი ანდრიმ ტომარას, გამოსწია და გამოაცალა; ოსტაპის თავმა ძირს ბრაგვანი მოიღო. წამოჯდა ნამძინარევი ოსტაპი და თვალდახუჭულმა მორთო ყვირილი: "დაიჭით, დაიჭით ძაღლი ლიახი, ცხენიც დაიჭით, ცხენიცა!" – "ჩუმად, თორემ მოგკალ!" – შეჰყვირა შეშინებულმა ანდრიმ და ტომარა მოუქნია. მაგრამ ოსტაპს მეტი აღარა უთქვამს რა, მიწვა და ისეთი ხვრინვა ამოუშვა, მისი სულთქმისაგან ბალახს ბიბინი გაჰქონდა. ანდრიმ ფრთხილად მიიხედ-მოიხედა, ოსტაპის ბოდვამ კაზაკთაგანი ხომ არავინ გამოაღვიძაო. ერთმა ჩუბიანმა კაზაკმა თავი წამოჰყოკიდეც მახლობელ კურენიდან და მიმოავლო თვალი, მაგრამ მალე ისევ მიესვენა მიწაზე. ორიოდე წუთის შემდეგ ანდრიმ კვლავ გასწია თავისი ბარგით. თათრის ქალი უძრავად იწვა.

– ადე, წავიდეთ! ნუ გეშინია, ყველასა სძინავს! ვერ ზიდავ ერთ-ერთ ამ პურს, მე რომ ყველას ვეღარ მოვერიო? – უთხრა თათრის ქალს, მოიკიდა ტომრები, ერთ ფორანთან კიდევ ერთი ტომარა ფეტვი სხვა მოიგდო ზურგზე, დაავლო ხელი ახლა იმ პურებს, რომლების წამოღებასაც თათრის ქალს სთხოვდა, და სიმძიმისაგან ოდნავ წელში მოკაკული მხნედ გაუდგა გზას მძინარე ზაპოროჟიელთა შორის.

– ანდრი! – შეუძახა ბულბამ, გვერდით რომ გაუარეს. გული გადაუქანდა ანდრის, შედგა და აცახცახებულმა ჩუმად ჩაულაპარაკა:

– რა იყო?

– ეს ვინ დედაკაცია შენთან! აი, თუ ავდექი, გამიხარია, აგინთებ მაგ გვერდებს! დედაკაცები ხეირს არ შეგყრიან! – თქვა ეს, დაეყრდნო იდაყვებს და შალში გახვეულ თათრის ქალს დაკვირვებით დაუწყო ცქერა.

ცოცხალ-მკვდარი ანდრი იდგა გაშეშებული და ვერ გაებედა მამისათვის შეეხედა. ბოლოს როცა აიხედა, ნახა, რომ მოხუც ბულბას თავი ხელისგულზე მიედო და ეძინა.

ანდრიმ პირჯვარი გადაიწერა. შიშმა ისევე სწრაფად გადაუარა, როგორც სწრაფად ეწვია. უკან მოიხედა, რათა ქალისათვის შეეხედნა: შალში გახვეული თათრის ქალი შავი ქვის ქანდაკებასა ჰგავდა; შორი ცეცხლისაგან ოდნავ გაშუქებული თვალები შიშისაგან მკვდარივით გაჰყინვოდა. წაავლო ანდრიმ სახელოში ხელი და გასწიეს, თან განუწყვეტლივ უკან იხედებოდნენ. ბოლოს ჩავიდნენ ხევში, სადაც ზარმაცად მიიკლაკნებოდა ლელითა და კოლბოხებით დაფარული მდინარის ტოტი. ხევში ჩასული ანდრი და თათრის ქალი ზაპოროჟიელთა ბანაკიდან აღარ მოჩანდნენ. ანდრიმ რომ მიიხედა, მთელი კაცის სიმაღლე ფერდობი მოჰფარებოდათ. ფერდობის თავზე რამდენიმე ეკალა ბალახი ირხეოდა, რომელსაც ბაჯაღლო ოქროსავით მოელვარე ნამგალა მთვარე დაჰნათოდა. მინდვრის სისინა ნიავი ცხადჰყოფდა, რომ გათენებას ბევრი აღარ უკლდა. მხოლოდ მამლის ყივილი არსად ისმოდა: არც ქალაქში, არც მოოხრებულ მიდამოებში ჭაჭანება აღარ იყო მამლისა. გავლეს რუზე გადებული მორი და გავიდნენ მეორე ნაპირას, რომელიც უფრო მაღალი და ციცაბო იყო. როგორც ჩანდა, ამ ადგილას შედარებით საიმედო იყო ქალაქის სიმაგრე, ამიტომ პატნეზი შედარებით დაბალი იყო და არც მეციხოვნენი ჩანდნენ. სამაგიეროდ იქვე, შორიახლო ამართულიყო მონასტრის სქელი კედელი. ციცაბო ფერდობი მთლად შამბნარს დაეფარა. ფერდობსა და მდინარის ტოტს შუა ხევში კაცის სიმაღლე ლერწამი იყო აყრილი. ფერდობის თავზე რაღაცა წნული მოჩანდა, ნიშანი იმისა, რომ აქ ოდესღაც ბოსტანი ყოფილიყო; წნულის წინ ძირხვენას გაეშალა განიერი ფოთლები; მოჩანდა იქვე ნაცარქათამა, ნარეკალა და ლილიფარა, რომელსაც ყველაზე მაღლა აეღო თავი. აქ თათრის ქალმა გაიძრო ქოშები, აიწია კაბა და ფეხშიშველი წავიდა, რადგანაც ჭაობიანი, წყლიანი ადგილი იყო. ლერწმიანში ისინი ერთ ადგილას დაგროვილ ფიჩხის კონებს წაადგნენ. გადაყარეს ფიჩხი და რაღაცა გამოქვაბულის მსგავსი ხვრელი გამოჩნდა, ცოტა იმაზე მეტი, ფურნეს რომ აქვს ხოლმე. დახარა თავი თათრის ქალმა და შევიდა; ქალს მიჰყვა რაც შეიძლება მეტად წელში მოხრილი ანდრი, რომ ტომრებით როგორმე გატეულიყო. მალე ორივენი სიბნელემ შთანთქა.
VI

ანდრი ძლივძლივობით მოძრაობდა ამ ბნელ, ვიწრო გასასვლელში და, ტომრებით დატვირთული, მისდევდა თათრის ქალს.

– მალე სინათლეს დავინახავთ, – შენიშნა გზის მაჩვენებელმა, – მივუახლოვდით იმ ადგილს, საცა სანთელი დავდგი.

მართლაც, შავი კედლები ცოტათი გაშუქდა. აგერ მიაღწიეს პატარა მოედანსაც, სადაც თითქოს სამლოცველო იყო გამართული: კედელთან მიდგმული იყო ვიწრო მაგიდა საკურთხევლის ტრაპეზის მსგავსად, ზემოთ ჩანდა კათოლიკეთა ღვთისმშობლის მთლად ფერგადასული ხატი, რომელსაც ოდნავ ანათებდა მის წინ ჩამოკიდული ვერცხლის პატარა ლამპარი. დაიხარა თათრის ქალი და აიღო მიწაზე დატოვებული სპილენძის წვრილფეხიანი და მაღალი სანათი, რომელსაც მაშა, ცეცხლის შესასწორებელი რკინის ჩხირი და ჩასაქრობი ზედვე ეკიდა ძეწკვით. თათრის ქალმა სანათი ლამპარზე მოუკიდა. სინათლემ იმატა. მიდიოდნენ ასე ერთად ხან ძლიერად განათებულნი, ხან დაჩრდილულნი, ისე რომ მათი ლანდები ჟერარდო della ნotte-ს სურათებს მოაგონებდა ადამიანს. ნორჩი, ჯანსაღობითა და ახალგაზრდობით აღსავსე მშვენიერი სახე რაინდისა თანამგზავრ თათრის ქალის დაუძლურებულ და მკრთალ სახესთან შედარებით დიდ კონტრასტს წარმოადგენდა. გასასვლელი თანდათან გაგანიერდა, ასე რომ ანდრის წელში გასწორებაც შეეძლო. ყურადღებით სინჯავდა ანდრი ამ მიწის კედლებს, რომლებიც კიევის გამოქვაბულებს აგონებდა. როგორც კიევის გამოქვაბულები, აქაც იყო კედლებში გამოჭრილი წალოები, სადაც კუბოები იდგა. ადგილ-ადგილ ადამიანის ძვლებიც მოჩანდა, სინესტისაგან დარბილებულ ნავლად ქცეულნი. ეტყობოდა, აქაც ჰყოლოდათ წმინდა კაცები, რომლებიც წუთისოფლის მაცთურობა-მწუხარებასა და ქარიშხალს გაურბოდნენ, თავს აქ აფარებდნენ. ადგილ-ადგილ სინესტისაგან მთლად წყალი იყო დაგუბებული. ანდრი იძულებული იყო ხშირ-ხშირად შემდგარიყო, რომ თანამგზავრ ქალს, რომელიც ერთთავად იღლებოდა, დასვენება შესძლებოდა. პურის პატარა ნატეხმა, რომელიც მოსასულიერებლად შეჭამა გზაზე, საჭმელს გადაჩვეული კუჭი უფრო აატკივა. ამის გამო ხშირად რამდენიმე წამით სრულიად უძრავად იდგა ხოლმე, რომ ტკივილს გადაევლო.

ბოლოს მიადგნენ ერთ პატარა რკინის კარს. "მადლობა ღმერთს, მივედით", – წაილაპარაკა სუსტი ხმით თათრის ქალმა და ხელი ამართა დასაკაკუნებლად, მაგრამ მკლავში ღონე აღარ ჰქონდა. იმის მაგივრად ანდრიმ დაჰკრა ღონივრად კარს. გაისმა გუგუნი, – ეტყობოდა, კარს იქით ცარიელი სივრცე იყო. გუგუნის ხმა თანდათან იცვლებოდა, თითქოს მაღალ თაღებში ადიოდა. ორიოდე წუთის შემდეგ აჩხრიალდა გასაღებები, როგორც ჩანს კიბეზე ვიღაცა ჩამოდიოდა. ბოლოს კარიც გაიღო; მისულთ შეეგება ვიწრო კიბეზე მდგომი ბერი, რომელსაც ხელში გასაღებები და სანთელი ეჭირა. ანდრიმ რომ კათოლიკე მღვდელი დაინახა, უნებურად შედგა, რადგან ისინი სასტიკად სძულდათ კაზაკებს და უფრო სასტიკად და შეუბრალებლად ეპყრობოდნენ, ვიდრე ურიებს. ბერმაც უკან დაიხია, ზაპოროჟიელი კაზაკი რომ დაინახა, მაგრამ თათრის ქალმა რაღაც უთხრა და დაამშვიდა. ბერმა სანათი მიუნათა, კარი ჩაკეტა, კიბეზე აუძღვა და მონასტრის მაღალ, ბნელ ეკლესიაში შეიყვანა. ერთი მაღალშანდლებიანი საკურთხევლის წინ მუხლთ მოეყარა მღვდელს და ჩუმად ლოცულობდა. მის გვერდით აქეთ-იქით დაჩოქილი იდგა ორი ახალგაზრდა კლიროსანი ცისფერი მანტიებით, რომელთა ზემოდან თეთრმაქმანიანი შემიზეტკები ჰქონდათ წამოსხმული, და საცეცხლურებით უკმევდნენ. ლოცულობდა მღვდელი, რომ ღმერთს სასწაული მოევლინა: ეხსნა ქალაქი, სულით დაცემულნი გაემხნევებინა, მოთმინება მიენიჭებინა, განედევნა მაცდური, რომელიც სულმოკლეობასა და შიშს ჩასჩურჩულებდა ქვეყნიურ ჭირსა და უბედურებაში. აჩრდილის მსგავს რამდენიმე დედაკაცს მუხლი მოეყარა, წინ მდგომი მერხების საზურგეებს დაყრდნობოდნენ და დაუძლურებულებს ზედ დაედოთ თავი; რამდენიმე მუხლმოყრილი კაციც ისევე ნაღვლიანად მიყრდნობოდა ბოძებსა და კედლის სვეტებს, რომლებზედაც გვერდის თაღები იყო დამდგარი. საკურთხევლის ზემოთ დაყოლილი ფერადმინებიანი სარკმელი განთიადმა ვარდისფრად გააშუქა, გამონაკრთობმა სხივებმა მტრედისფრად, ყვითლად და სხვადასხვაფრად გაანათა იატაკი და ბნელი ეკლესია. უცბად აელვარდა საკურთხეველიც და მისი შიდა კედლები; საცეცხლურიდან აღკმეული კვამლი ცისარტყელასებრ გაშუქებულ ღრუბლად დარჩა ჰაერში. ანდრი ეკლესიის ბნელი კუთხიდან განცვიფრებული შეჰყურებდა ამ სინათლის სასწაულს. ამ დროს დაიგრგვინა ორღანმა და მთელი ეკლესია დიდებულმა ხმამ მოიცვა. ხმა თანდათან გამოხდა, გაძლიერდა, მჭექარე გრგვინვად გადაიქცა და შემდეგ ციურ მუსიკასავით წყნარად მაღლა-მაღლა გაიბნა თაღებში, გაწვრილდა, როგორც ნორჩ ქალწულთა ხმა; ბოლოს ისევ დაიგრგვინა, გაბოხდა და მიჩუმდა. დიდხანს არ შემწყდარა ეს გრგვინვის ხმა ეკლესიის თაღებში და ანდრიც პირდაღებული ჰკვირობდა ამ დიდებულ მუსიკას. იგრძნო ამ დროს ანდრიმ, რომ ვიღაცამ კალთა დასწია. "დროა!" უთხრა თათრის ქალმა. გაიარეს ეკლესია ისე რომ არავის შეუმჩნევია ისინი, და იქვე მოედანზე გავიდნენ. განთიადს უკვე საკმაოდ გაეშუქებინა ცა: მზე ის იყო უნდა ამოსულიყო. ოთხკუთხი მოედანი ცარიელი იყო; შუაგულ მოედანზე ისევ ხელუხლებლად იდგა ხის მაგიდები, სადაც ამ ერთი კვირის წინ ალბათ საჭმელსა ჰყიდდნენ. მოუკირწყლავი ქუჩა შემხმარი ტალახით იყო მოფენილი. მოედნის გარშემო ჩამწკრივებულიყო ქვითა და თიხით ნაშენი პატარა ერთსართულიანი სახლები ხის კოჭებითა და ბოძებით, რომლებიც ხითვე იყვნენ ჯვარედინად დაკავშირებულნი, როგორც საერთოდ იმ დროს იშენებდნენ სახლებს და როგორც ეს ახლაც შეიძლება ნახოს ადამიანმა ლიტვისა და პოლონეთის ზოგიერთ კუთხეში. ზემოდან ყველას მაღალი სახურავი ედგა სამერცხულებიანი. ერთ მხარეს, თითქმის ეკლესიის მახლობლად, ყველაზე მაღლა იდგა სულ სხვანაირი შენობა, უთუოდ ქალაქის მაგისტრატი ან სხვა რამ დაწესებულება მთავრობისა. შენობა ორსართულიანი იყო და ზემოდან ორ კამარად ბელვედერი ჰქონდა დადგმული, სადაც გუშაგი იდგა. ჩარდახში დიდი საათის ციფერბლატი იყო დატანებული. მოედანი უსიცოცხლოდ, მკვდრად გამოიყურებოდა. მაგრამ ანდრის სუსტი კვნესა შემოესმა თითქოს. მიმოავლო თვალი და შეამჩნია, რომ მოედნის მეორე მხარეზე ორი თუ სამი ადამიანი იწვა მიწაზე, თითქმის სრულებით უძრავად. უფრო მიაშტერა თვალი ანდრიმ და ყურადღებით დაუწყო ცქერა, რათა გაერჩია, ეძინათ თუ მკვდრები იყვნენ, რომ ამ დროს რაღაც რბილს ფეხი წამოჰკრა. ეს იყო ალბათ ურიის ქალის გვამი. ეტყობოდა, ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუძლურებულ და განაწამებ სახეზე ეს აღარ ემჩნეოდა. თავზე წითელი აბრეშუმის თავშალი ჰქონდა მოხვეული, ყურსაფარზე ორ რიგად უბრალო მძივი თუ მარგალიტი ჰქონდა შემოვლებული. ორი-სამი გრძელი ჩაწნული კულული გამხმარ, ძარღვებდაჭიმულ ყელზე გადმოშლოდა. გვერდით ეწვა ბავშვი, რომელსაც გამშრალ და გამხმარ ძუძუსათვის წაევლო ხელი და უნებური ბრაზით მთლად მოეგრიხა თითებით, რახან რძე ვეღარ ეპოვნა. ბავშვი ახლა აღარ ტიროდა, აღარც ყვიროდა, მხოლოდ ოდნავ მფეთქავ მუცელზეღა შეატყობდა ადამიანი, რომ ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო, სულსა ლევდა. ქუჩებში რომ შეუხვიეს, აქ უცებ ვიღაცა შეშლილი დახვდათ, რომელმაც დაინახა თუ არა ძვირფასი ტვირთი, სტაცა გაშმაგებულმა ხელი და შეჰყვირა: "პურიო!" მაგრამ ძალა აღარა ჰქონდა. ჰკრა ხელი ანდრიმ და შეშლილი მიწაზე გაიშხლართა; შეებრალა ანდრის გიჟი და ერთი პური გადაუგდო, რომელსაც იგი მაშინვე ცოფიანი ძაღლივით ეცა; დაღრღნა, დაკბინა პური გიჟმა და დაკრუნჩხულმა საშინელი ტანჯვით იქვე ქუჩაში დალია სული, რადგანაც საჭმელს უკვე გადაჩვეული იყო. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შიმშილის უბედურ მსხვერპლთ ხვდებოდნენ, თითქოს ტანჯვა სახლში ვეღარ აუტანიათო, ბევრი ქუჩაში გამოსულიყო: იქნება მასაზრდოებელი რამ ჰაერმა მაინც მოგვივლინოსო. ერთი სახლის კართან ბებერი დედაკაცი მიმჯდარიყო, მაგრამ ვერავინ შეატყობდა – ეძინა, მომკვდარიყო თუ თავდავიწყებას მისცემოდა; სმენით სრულიად აღარა ესმოდა რა და ვეღარას ხედავდა. ჩაეკიდა თავი და იჯდა უძრავად. მეორე სახლის ჩარდახიდან თოკი იყო ჩამოშვებული და ზედ ჩამომხრჩვალი კაცის ჩამომხმარი გვამი ეკიდა; საბრალოს შიმშილით ტანჯვა ვეღარ აეტანა და თვითმკვლელობა ემჯობინებინა. შიმშილობის ასეთი საზარლობა რომ ნახა, ვეღარ მოითმინა ანდრიმ და დაეკითხა თათრის ქალს:

– ნუთუ ვეღარაფრით მოახერხეთ თავის გატანა? კაცს რომ მეტისმეტად გაუჭირდება, ყველაფერი უნდა ჭამოს, რასაც წინათ იზიზღებდა, – შეუძლია სჯულით აკრძალული ცხოველებიც კი ჭამოს; ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოიყენოს საზრდოდ.

– ყველაფერი შევჭამეთ, – უპასუხა თათრის ქალმა, – ვერაფერ ცხოველს: ვერც ცხენს, ვერც ძაღლს, ვერც თაგვს აქ ვეღარ იპოვით. ქალაქში დიდი ხნის საგზალი არასდროს არ გვქონია, ყველაფერი სოფლებიდან შემოდიოდა.

– მერე ასე შიმშილით წყდებით და კიდევ ქალაქის დაცვასა ფიქრობთ?

– ოჰ, იქნება ვოევოდას კიდევაც დაეთმო ქალაქი, მაგრამ გუშინ დილით ბუჯანში მყოფმა პოლკოვნიკმა შევარდენი გამოუშვა ბარათით და გვაცნობა, ქალაქი არ დაგვენებებინა: ქალაქის გასათავისუფლებლად მოვდივარ ჩემი რაზმით, მაგრამ მეორე პოლკოვნიკსაც ველი, რომ ორივენი ერთად წამოვიდეთო. ახლა იმათ ყოველ წამს ელიან... აგერ, სახლშიაც მოვედით.

ანდრიმ შორიდანვე დაინახა სახლი, რომელიც სხვებს არ ჰგავდა, როგორც ეტყობოდა, იტალიელი ხუროთმოძღვრის ნაშენი უნდა ყოფილიყო: მისი ორი სართული ლამაზი თხელი აგურით იყო ამოყვანილი. ქვედა სართულის ფანჯრები გრანიტის ლავგარდანებით შეეკრათ. ზედა სართული პატარ-პატარა თაღებისაგან შემდგარ გალერეას წარმოადგენდა. თაღებს შუა, აგრეთვე სახლის კუთხეებში, ყველგან საგვარეულო გერბები იყო გამოკიდული. შეღებილი აგურით ნაკეთები ფართო კიბე მოედანზე ჩამოდიოდა. კიბის ქვევით აქეთ-იქით ორი გუშაგი იჯდა: ცალ ხელში აფთა ეჭირათ, მეორეზე კი თავი დაეყრდნოთ, ასე რომ უფრო ქანდაკებასა ან სურათს ჰგავდნენ, ვიდრე ცოცხალ არსებებს. არც ეძინათ, არცა სთვლემდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, რომ გრძნობით უკვე ვეღარაფერს გრძნობდნენ. ყურადღება არც კი მიუქცევიათ, კიბეზე ვინ ავიდა. კიბის ზემოთ დახვდათ ძვირფასად მორთული და თავით ფეხებამდე შეიარაღებული მხედარი, რომელსაც ხელში ლოცვანი ეჭირა. მხედარმა მიაპყრო შემოსულთ დაღლილი, დაუძლურებული თვალები, მაგრამ თათრის ქალმა რაღაც სიტყვა უთხრა და მან ისევ გაშლილ ლოცვანს დაუწყო კითხვა. აგერ, შევიდნენ ისინი პირველ საკმაოდ მოზრდილ ოთახში, რომელიც ან მისაღები ან წინა ოთახი უნდა ყოფილიყო; იგი სავსე იყო კედელთან სხვადასხვაგვარად მჯდომი ჯარისკაცებით, მსახურებით, ძაღლთა მწვრთნელებით, მეღვინეებით და სხვა კარის მხლებლებით, რაიცა მაჩვენებელი იყო პოლონელი დიდებულის როგორც სამხედრო, ისევე მესაკუთრე-მემამულის ხარისხისა. ოთახში ჩამქრალი სანთლის სუნი იდგა. ორი კი ჯერ ისევ ენთო ოთახის შუაგულში მდგომ ვეებერთელა, კაცის სიმაღლე შანდლებში, თუმცა რა ხანია გისოსიანი ფანჯრიდან დილა იმზირებოდა. ანდრის უნდოდა წასულიყო პირდაპირ მუხის კარისკენ, რომელიც საგვარეულო გერბებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, მაგრამ თათრის ქალმა სახელოზე დასწია და კედელში გამოჭრილ პატარა კარზე მიუთითა. ამ კარით დერეფანში გავიდნენ, იქიდან კი ოთახში, რომელსაც ანდრიმ ყურადღებით დაუწყო სინჯვა. ფანჯრის დარაბის ჭუჭრუტანიდან შემოპარულ სხივს ზოგი რამ უკვე გაენათებინა: შინდისფერი ფარდა, მოვარაყებული ლავგარდანი და მხატვრობა კედლისა. თათრის ქალმა ანდრის აქ მოცდა სთხოვა, თვითონ კი მეორე ოთახში შეაღო კარი, საიდანაც შუქმა შემოანათა. ანდრის შემოესმა ჩურჩული და წყნარი ხმა, რამაც მთლად მოშალა ტანში. დაინახა, ღია კარიდან როგორ გაიელვა სწრაფად ტანწერწეტა ქალმა, მაღლა შემართულ ხელზე გადმოგდებული გრძელი, მშვენიერი ნაწნავით. გამოვიდა თათრის ქალი და უთხრა შესულიყო. აღარ ახსოვდა ანდრის, როგორ შევიდა და როგორ მიიხურა კარი. ოთახში ორგან ენთო სანთელი; ხატის წინ ლამპარს ეკიდა; იმის ქვეშ, კათოლიკეთა ჩვეულებისამებრ მაღალი მაგიდა იდგა საფეხურებით, რომ ლოცვის დროს მუხლი მოეყარათ, მაგრამ ანდრი ამას არ ეძებდა. შემობრუნდა და მეორე მხარეს დაინახა გაქვავებული ქალი, რომელიც თითქოს მთელი არსებით მზად იყო შემოსულს სცემოდა მისაგებებლად, მაგრამ უცბად გაჩერებულიყო. ანდრიც ისევე განცვიფრებული დარჩა. არ ეგონა, თუ ასე ნახავდა: ეს ის არ იყო, რომელსაც წინათ სცნობდა; წინანდელს აღარა უგავდა რა; მაგრამ ერთიორად მშვენიერი და საუცხოო იყო, ვიდრე უწინ; მაშინ თითქოს რაღაცა აკლდა, დაუმთავრებელი იყო; ახლა კი წარმოადგენდა ნაწარმოებს სრულს, უნაკლოს, რომლისთვისაც მხატვარს უკანასკნელად მოესვა ყალამი. ის იყო მშვენიერი ქარაფშუტა ქალიშვილი, ეს კი მთლად გაფურჩქვნილ-გაშლილი ლამაზი ქალი. მის თვალებში სრული გრძნობა იხატებოდა, არათუ ნაწყვეტი და ნიშანი გრძნობისა. ჯერ კიდევ შეუმშრალი ცრემლები სულის გამჭვალავ ბრწყინვალე რკალად შემოჰქნოდა თვალებს; გული, ყელი და მხრები მშვენიერებისათვის დანიშნულ საზღვრებში მოქცეოდა, სრულიად განვითარებოდა. თმა, წინათ რომ მსუბუქ დალალებად ჰქონდა სახეზე დაყრილი, ახლა სქელ ნაწნავს წარმოადგენდა, რომლის ერთი ნაწილი ჩაწნული ჰქონდა, ხოლო მეორე მკლავზე გადმოეგდო და გულმკერდზე გრძლად, ლამაზად გადმოშლოდა. თითქმის ყოველი მოხაზულობა სახისა გამოსცვლოდა. ტყუილად ცდილობდა ანდრი ეპოვნა თუნდაც ერთი იმათგანი, რომლებსაც დღემდე ოცნებით ატარებდა გულში, ტყუილად, ვეღარც ერთი მათგანი ვერ ჰპოვა. მართალია, მის პირისახეს მეტისმეტი სიმკრთალე გადაჰკვროდა, მაგრამ მომხიბვლელი მშვენიერება მაინც ვერ დაეჩრდილა, პირიქით, რაღაც წარმტაცი და მომაჯადოებელ-მძლეველი გრძნობა მისცემოდა. ანდრიმ უნებურად მოკრძალებული შიში იგრძნო და უძრავად გაჩერდა. ქალიც, ეტყობოდა, ასევე შეკრთა, ძალ-ღონითა და ვაჟკაცობით აღსავსე ახალგაზრდა კაზაკი რომ დაინახა, რომლის უძრაობაც კი მის თამამსა და თავისუფალ ბუნებას ამხელდა, თვალნი, ნათლად მოელვარენი, უდრეკ ხასიათს ამჟღავნებდა. მშვილდივით მოჰხროდა ხავერდოვანი წარბები. უმანკო ცეცხლით უბრწყინავდა მზისაგან გარუჯული ლოყები და აბრეშუმივით ბზინავდა შავი კოკორა ულვაშები.

– არა, მე არ ძალმიძს, რითიმე მადლობა გადაგიხადო, დიდსულოვანო რაინდო, – უთხრა ქალმა ვერცხლის ზარივით წკრიალა, აკანკალებული ხმით. – მხოლოდ ღმერთს შეუძლია მადლი მოგაგოს; მე კი – სუსტ დედაკაცს, არა...

ქალმა თვალები ძირს დაუშვა; თოვლივით გადმოეფინა ზედ გრძელწამწამებიანი ქუთუთოები; ბოლოს მშვენიერი სახეც დახარა და სიწითლემ ოდნავ გადაჰკრა. ანდრიმ პასუხად ვერა მოახერხა რა. უნდოდა ყოველივე, რაც კი გულში ედო, გადმოეშალა ისე მხურვალედ, როგორც გული უგრძნობდა, მაგრამ არ შეეძლო. იგრძნო, რომ რაღაცამ პირი შეუკრა, ხმა წაერთვა; იგრძნო, რომ ის, ბურსაში და ზაპოროჟიეში აღზრდილი, ამგვარ სიტყვებზე შესაფერ პასუხს ვერ მისცემდა და გულისწყრომამ მოიცვა – რად დამყვა ასეთი ბუნება კაზაკისაო.

ამ დროს ოთახში შემოვიდა თათრის ქალი. მას უკვე დაეჭრა რაინდისაგან მოტანილი პური და ოქროს სინით ქალბატონს მიართვა. ქალმა ჯერ მოახლეს შეხედა, მერე პურს, შემდეგ ანდრის. ბევრი, ბევრი რამა თქვა მაშინ მისმა თვალებმა. ეს ნეტარი და ტკბილი შეხედვა, რომელიც მოზღვავებულ გრძნობათა გამოთქმისათვის სისუსტესა და უძლურებას ამჟღავნებდა, ანდრისთვის ყველა სიტყვაზე უფრო გასაგები იყო. ამ დროს უცებ, თითქოს რაღაცა მოეშვა გულზე, თავი თავისუფლად იგრძნო. აქამდის გამოუთქმელ სულიერ მოძრაობასა და გრძნობას გზა მიეცა. ის იყო უნდოდა დაუშრეტელ სიტყვათა წყაროდ დაღვრილიყო, რომ ამ დროს მშვენიერი ასული თათრის ქალს მიუბრუნდა და შეშფოთებული დაეკითხა:

– დედას? დედას წაუღე?

– დედას სძინავს.

– მამას?

– მივართვი. ბრძანა, მადლობის გადასახდელად თვითონ მოვალ რაინდთანაო.

აიღო ქალმა პური და პირთან მიიტანა. სულგანაბული, სიტკბოებით ადევნებდა თვალს ანდრი, როგორა სტეხდა პურს იგი თავისი ბროლის თითებით და როგორა ჭამდა. მაგრამ ამ დროს უცებ მოაგონდა ქუჩაში ნანახი შიმშილისგან გაცოფებული კაცი, რომელმაც შეჭამა თუ არა ლუკმა პური, იქვე, იმის თვალწინ განუტევა სული. გაფითრებულმა ანდრიმ სტაცა ქალს მკლავში ხელი და შესძახა:

– კმარა! მეტს ნუღარ ჭამ! დიდი ხანია არ გიჭამია. მოგწამლავს პური.

ქალმაც მორჩილებით დაუშვა ხელი ძირს, დასდო პური სინზე და ბავშვივით თვალებში დაუწყო ცქერა. რომელი სიტყვა გამოთქვამდა, რაც... მაგრამ არც ერთი მხატვრის ყალამს არცერთი მოქანდაკის საკვეთსა და არცერთ ყოვლადძლიერ სიტყვას არ შეუძლია გამოთქვას და გამოხატოს ის, რაც ხანდახან ქალწულის თვალში აღიბეჭდება და რა გრძნობითა და რა ლმობიერებითაც ქალწულისავე თვალში შემაცქერალი ახალგაზრდა აღივსება ხოლმე.

– დედოფალო! – შეჰყვირა სულიერი მღელვარებითა და გრძნობით აღვსილმა ანდრიმ. – რა გსურს, რა გინდა? მიბრძანე! დამავალე, რაც კი ამქვეყნად საძნელო რამ გეგულება და წამსვე აგისრულებ! დამავალე ისეთი რამ, რის შესრულებაც არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, და მე ვიკისრებ მის გაკეთებას. თავს არ დავინდობ. დავიღუპები, დაე დავიღუპო! გეფიცები წმინდა ჯვარს, შენთვის ამას არად მივიჩნევ, ტკბილად მომეჩვენება... მაგრამ როგორ ტკბილად, ამის გამოთქმა არ შემიძლია! სამი ხუტორი მაქვს, მამაჩემის ჯოგების ნახევარიც ჩემია, დედაჩემსაც თუ რამე მიუტანია მამისათვის, ან მის ჩუმად შეუნახავს, – ყველაფერი ჩემია. კაზაკებში ჩემისთანა იარაღი არავის აქვს. მარტო ერთი ხმლის ტარში საუკეთესო ცხენის რემასა და სამი ათას ცხვარს მაძლევენ. ყველა ამაზე უარს ვიტყვი, დავწვავ, წყალს მივცემ, გადავყრი, თუკი ერთი სიტყვითაც არის მომთხოვ ან მაგ შავი წარბების შეთამაშებით მანიშნებ! მაგრამ, ვიცი იქნებ სისულელესაც ვროშავ უადგილოდ, ვიცი, არ შემფერის მე, ბურსასა და ზაპოროჟიეში აღზრდილს, ლაპარაკი იქ, სადაც მეფენი და თავადნი, საუკეთესო დიდებულნი იკრიბებიან ხოლმე. ვხედავ, რომ შენ განსხვავებული ქმნილება ხარ, ჩვენ არა გვგავხარ, სხვა კეთილშობილთა ცოლნი და ქალნი ვერ შეგედრებიან. მონადაც კი ვერ გამოგადგებით; მხოლოდ ციურ ანგელოზებს თუ შეუძლიათ შენი სამსახური.

გატაცებით და განცვიფრებით, ხმაამოუღებლივ ისმენდა ქალი ამ გულწრფელსა და გულითად სიტყვებს, სულის სიღრმიდან ახალგაზრდული გრძნობითა და ძალით ამომჩქეფარეთ. თითოეული უბრალო სიტყვა, გულის სიღრმიდან ამოღებული, გზნებით იყო აღსავსე. მშვენიერმა ქალმა სახე წინ გადმოხარა, თმა უკან გადაიყარა და ოდნავ პირგაღებული დიდხანს შეჰყურებდა ასე; მერე რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ შედგა, მოაგონდა, რომ სხვა იყო დანიშნულება რაინდისა, რომ მამა, ძმები და მთელი მისი სამშობლო დგანან მის უკან, რომ საშიშნი და სასტიკნი იყვნენ ქალაქს ალყად შემორტყმული ზაპოროჟიელნი, რომ ქალაქიც და ყველანი შიმშილით უნდა ამოწყვეტილიყვნენ... და თვალები უცებ ცრემლით აევსო; სწრაფად დასტაცა ხელი აბრეშუმის ძაფით ნაქარგ ცხვირსახოცს, სახეზე მიიფარა და მთლად დანამა ცრემლით. დიდხანს იჯდა ასე, უკან თავგადაგდებული, თან ქვედა ტუჩისათვის თოვლივით თეთრი კბილები ჩაეჭიდა, თითქოს ეს არის, რაღაც შხამიანი ქვემძრომის კბენა იგრძნოო, და სახიდან ცხვირსახოცს არ იცილებდა, რომ ეს მისი მჭმუნვარება და ნაღველი ანდრის არ შეენიშნა.

– მითხარი, ერთი სიტყვა მითხარი! – შეევედრა ანდრი და შეეხო ხავერდოვან ხელს. მაშინვე მგზნებარე ცეცხლმა დაურბინა ანდრის ძარღვებში და უგრძნობლად მდებარე ქალის ხელს უფრო მოუჭირა ხელი.

ქალი კი სდუმდა და იჯდა ისევ უძრავად, ცხვირსახოცაფარებული.

– მითხარ, რად ხარ აგრე მოწყენილი? რად ხარ აგრე დაღონებული?

გადააგდო უცებ ქალმა ცხვირსახოცი, გადაიწია თვალებზე გადმოყრილი გრძელი თმა და შესაბრალისი კილოთი დაუწყო ლაპარაკი, წყნარად, ჩუმად, სწორედ იმგვარად, როგორც მშვიდსა და წყნარ ღამეში წამოუსისინებს ხოლმე ქარი წყლის პირად სქლად აყრილ ლერწამს, გაიშრიალებს, გაიხმიანებს რაღაცა და გაისმის უეცრად კაეშნიანი ნაზი ხმები, რომლებსაც გამოურკვეველი სევდით ყურს უგდებს ხოლმე შეჩერებული მგზავრი. მგზავრს ამ დროს აღარც ჩამავალი მზე იზიდავს, არც შორიდან მონადენი მხიარული სიმღერა ყანებიდან დაბრუნებული ხალხისა, არც სადღაც მიმავალი ფორნის რახრახი.

– ღირსი არა ვარ განა მუდმივი სიბრალულისა, უბედური არ არის განა ჩემი ამ ქვეყნად მშობელი? მწარე ხვედრი არა მხვდა განა წილად? შეუბრალებელი და მკაცრი ჯალათი არა ხარ განა ჩემთვის შენ, ჩემო ბედო? ყველა ჩემს ფერხთ წინ იხრიდა ქედს: საუკეთესო თავად-აზნაურები, უმდიდრესი ბატონები, გრაფები და უცხოელი ბარონები, ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი სარაინდოს საუკეთესო წარმომადგენლები. ყველას ვუყვარდი და დიდ ბედნიერებად ჩათვლიდნენ, რომ ჩემი სიყვარულის ღირსნი გამხდარიყვნენ. საკმარისი იყო მენიშნებინა ხელით და უმშვენიერესი და ულამაზესი, როგორც სახით, ისე გვარიშვილობით ჩემი მეუღლე შეიქნებოდა. მაგრამ არც ერთი მათგანით, მკაცრო ბედო, გული ჩემი არ მოხიბლე; ჩვენი ქვეყნის უკეთეს დიდებულთ გვერდი აუხვიე და უცხოსათვის, ჩვენი მტრისათვის ამიძგერე გული. ყოვლად წმიდაო დედაო ღვთისავ, რა ცოდვისა და დანაშაულისათვის მდევნი ასე დაუნდობლად და უწყალოდ? სიცოცხლეს ჩემსას სიმდიდრესა და კმაყოფილებაში ვატარებდი; საუკეთესო და ძვირფასი სასმელ-საჭმელი მიმკობდა სუფრას. და რისთვის ყველაფერი ეს? ნუთუ იმიტომ, რომ ბოლოს შეუბრალებელი შიმშილით მოვმკვდარიყავი, რაც სამეფოში უბრალო გლეხსაც კი არა ჰხდომია წილად? კიდევ არაფერი, რომ ასეთი საზარელი ხვედრი მქონია. ის არ მაკმარე, რომ ჩემი აღსასრულის წინ უნდა ვიხილო, როგორი ტანჯვით დამეხოცება მოხუცი დედ-მამა, რომელთა სახსნელად ოცჯერ გავწირავდი სიცოცხლეს, არ გეყო უოველივე ეს და სიკვდილის წინ გამაგონე სიტყვები სიყვარულისა, რომელიც ჯერ არასოდეს განმიცდია. მომასწრე იმ დღეს, რომ სატრფოს სიტყვებს გული მთლად დაეღარა, ისედაც მწარე ხვედრი უფრო გამმწარებოდა, ნორჩი სიცოცხლე უფრო დამნანებოდა, სიკვდილი უფრო საზარლად მჩვენებოდა და მომაკვდავს მწარედ მესაყვედურნა შენთვის, მკაცრო ბედო ჩემო, და შენთვისაც – მაპატიე ცოდვა ჩემი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო!

გაჩუმდა ქალი და საშინელი უიმედობის გრძნობა აღებეჭდა სახეზე;: ჭმუნვით დახრილი შუბლიდან მოყოლებული დაღვრემილ და ნამტირალევ თვალებამდე, რომლებიდანაც ცრემლი სდიოდა და გახურებულ ლოყებზე აშრებოდა, სახის ყოველი მოხაზულობა თითქოს ერთსა და იმავეს ამბობდა: "ამ სახემ ბედნიერება არ უწყისო!"

– სად გაგონილა ქვეყანაზე, როგორ შეიძლება, როგორ მოხდება, – ეუბნებოდა ანდრი, - რომ ულამაზეს და უკეთეს ქალთაგანს ასეთი მწარე ბედი ხვდეს წილად, როცა იგი შობილია იმისათვის, რომ დედამიწაზე, რაც კი რამ უკეთესია, ყოველივემ მის წინ, ვით წმინდა სალოცავთან მოიხაროს ქედი. არა, შენ არ მოკვდები! სასიკვდილო არა ხარ! გეფიცები ჩემი დაბადების დღეს და ყველაფერს, რაც კი ჩემთვის ძვირფასია, რომ არ მოკვდები! მაგრამ თუ მაინცდამაინც ასე მოხდება და ვეღარაფრით – ვერც ძალით, ვერც ლოცვითა და ვაჟკაცობით – თავიდან ვერ ავიცილებთ ამ მწარე ხვედრს, მაშინ ერთად დავიხოცოთ; მაგრამ უწინ მე მოვკვდები შენ წინ, შენს მშვენიერ მუხლთა წინ, დეე სიკვდილმა გაგვაშოროს ერთმანეთს.

– ნუ ატყუებ, რაინდო, ნურც შენს თავს, ნურც მე, – ეუბნებოდა ქალი ანდრის და მშვენიერ თავს ნელა აქნევდა, – ვიცი, ჩემდა სამწუხაროდ და ვიცი ძალიან კარგად, რომ შენ ჩემი სიყვარული არ შეგიძლია; ვიცი ისიც, რა მოვალეობა და აღთქმა გაქვს: მამა, მეგობარნი, სამშობლო გიხმობენ შენ, ჩვენ კი შენი მტრები ვართ.

– რას ვაქნევ მამას, ან მეგობრებს და სამშობლოს? – მიუგო ანდრიმ, თავი მარდად შეარხია და ვერხვივით გაიშალა წელში, – რაკი აგრეა, მაშ აგრე იყოს: აღარავინ არა მყავს! არა! – გაიმეორა იმავე ხმით და იმავე ხელის მოძრაობით, როგორითაც უტეხი და გაუდრეკელი კაზაკი გამოხატავს ხოლმე საზოგადოდ თავის გადაწყვეტილებას ისეთ საქმეზე, რაც იშვიათი და შეუძლებელი იქნებოდა სხვისთვის. – ვინ თქვა, რომ ჩემი სამშობლო უკრაინაა? ვინ მომცა იგი სამშობლოდ? სამშობლო ის არის, რასაც ჩვენი სული დაეძებს, რაც ყველაზე მეტად შეგვყვარებია. ჩემი სამშობლო შენა ხარ! აი, ჩემი სამშობლო! ვატარებ გულით ამ ჩემს სამშობლოს, ვიდრე ცოცხალი ვიქნები, და გაბედოს აბა რომელიმე კაზაკმა ამ სამშობლოს გულიდან ამოგლეჯა! ყველაფერს დავთმობ და გავატიალებ ასეთ სამშობლოსათვის!

ქალი ერთ წამს თითქოს გაქვავდა მშვენიერი ქანდაკივით და ასე შესცქეროდა ვაჟს თვალებში, შემდეგ უცებ ქვითინი აუვარდა და გასაოცარი სისწრაფით, როგორსაც მხოლოდ უსაზღვროდ დიდსულოვანი, გრძნობიერი დედაკაცი გამოიჩენს ხოლმე, თავისი თოვლივით თეთრი, მშვენიერი ხელები ყელზე მოჰხვია ანდრის. ქუჩაში ამ დროს რაღაც გაურკვეველი ყვირილი გაისმა, რომელსაც დაფდაფისა და საყვირის ხმა მოჰყვა; მაგრამ ანდრის ეს ხმა არ გაუგონია; გრძნობდა მხოლოდ, ქალის მშვენიერი ბაგენი სურნელოვან სითბოს როგორ ჰფენდნენ სუნთქვის დროს, როგორ უსველებდა პირისახეს ქალის სახიდან ღვარად ჩამონადენი ცრემლი და როგორ ესალბუნებოდა ჩამოშლილი, სურნელოვანი, აბრეშუმივით რბილი, მბზინავი თმა.

ამ დროს მათთან შეირბინა გახარებულმა თათრის ქალმა.

– დაგვიხსნეს, დაგვიხსნეს! – ყვიროდა იგი თავდავიწყებით. – ჩვენები ქალაქში შემოვიდნენ: პური, ხორბალი და ფქვილი მოიტანეს, ხელფეხშეკრული ზაპოროჟიელები მოიყვანეს! – მაგრამ არცერთს არ გაუგია, ვინ "ჩვენები" შემოვიდნენ ქალაქში, რა მოიტანეს და ვინ ზაპოროჟიელებს გაუკრეს ხელ-ფეხი. არაამქვეყნიური სიტკბოთი და გრძნობით აღსავსე ანდრი დაეკონა ქალის სურნელოვან ბაგეებს, ვაჟის ლოყას რომ ეკვროდნენ და ქალის ბაგენიც იმავ გრძნობით შეეგებნენ და ტკბილად შეეწებნენ. ამ კოცნაში გამოიხატა ის გრძნობა, რომელსაც ადამიანი თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გამოსცდის ხოლმე.

და დაიღუპა კაზაკი! დაიღუპა მთელი საკაზაკო სარაინდოსთვის! აწ ვერ იხილავს იგი ვერც ზაპოროჟიეს, ვერც მამისეულ ხუტორს თავისას, ვერც ეკლესიას! ვეღარც უკრაინა ნახავს თავის უმამაცეს შვილს, მისდა სახსნელად შეიარაღებულს. მოხუცი ტარასი მთელ ბღუჯა თმას ამოიგლეჯს ჩუბიდან და დასწყევლის იმ დღესა და ჟამს, როდესაც თავისდა სამარცხვინოდ ასეთი შვილი გააჩინა.
VII

ზაპოროჟიელთა ბანაკში დიდი ხმაურობა და მოძრაობა იყო. პირველად ვერავინ ვერ გარკვეულიყო, როგორ მოხდა, რომ ქალაქში ჯარი შევიდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქალაქის გვერდის კარიბჭესთან მდგომი პერეიასლავის კურენი ერთიანად არყით გალეშილიყო. ამიტომაც არ იყო საკვირველი, რომ ნახევარი იმათგანი მთლად გაეჟლიტათ და მეორე ნახევარიც, ვიდრე სხვები გაიგებდნენ ამ ამბავს, ხელფეხგაკრული ტყვედ წაეყვანათ. ვიდრე ამ ხმაურობაზე გაღვიძებული მახლობელი კურენები იარაღს მოჰკიდებდნენ ხელს, ჯარი უკვე ქალაქის კარიბჭის შიგნით იყო. უკანა რიგები ნახევრად გამოფხიზლებულ ზაპოროჟიელთა უწესრიგო თავდასხმას თოფის სროლით იგერიებდნენ. ბრძანება გასცა კოშევოიმ, ყველა შეკრებილიყო. კაზაკებმა შემოავლეს წრე, მოიხადეს ქუდები და სული განაბეს. წამოდგა მაშინ კოშევოი და თქვა:

– ხომ ხედავთ, რა მოხდა, ძმანო პანოვე, ამ ღამეს; აი, სასმელმა სადამდე მიგვიყვანა! ნახეთ, როგორ შეურაცხგვყო მტერმა! ეტყობა, თქვენი წესი ესა ყოფილა: რაკი ულუფას მოგიმატებთ კაცი, ისე გამოიბრუჟებით, ქრისტეს მხედრობის მტერი არამცთუ მარტო შარვალს გაგაძრობთ, თქვენ წინ ცხვირცემინებით გასკდება და თქვენ კი მაინც ვერას გაიგებთ.

კაზაკები თავჩაკიდებულნი იდგნენ დამნაშავედ; მხოლოდ ნეზამაიკოვის კურენის ატამანმა კუკუბენკომ ამოიღო ხმა.

– მოიცა, ბატკო! – უთხრა მან, – თუმცა წესი არ არის, შეედავო კოშევოის, როცა იგი მთელი ჯარის წინ ლაპარაკობს, მაგრამ საქმე აგრე არ იყო და ამიტომაც საჭიროა თქმა. უსამართლოდ უსაყვედურებ მთელ საქრისტიანო ჯარს. დამნაშავენი და სიკვდილის ღირსნი იქნებოდნენ მართლა კაზაკები, რომ ლაშქრობაში, ომში, ან რაიმე მძიმე სამუშაოს დროს დამთვრალიყვნენ. ჩვენ კი უსაქმოდ ვისხედით. ქალაქის წინ ტყუილად ვეყარნეთ. მარხვა და სხვა რამ ქრისტიანული დათმენა არა ყოფილა; მაშ როგორ იქნება, რომ უსაქმო კაცი არ დაითვრეს? აქ არავითარი ცოდვა არ არის. სჯობს ისევ ვუჩვენოთ მტერს, უდანაშაულოებზე თავდასხმა თუ რა არის. უწინაც კარგად ვურტყამდით, მაგრამ ახლა ისეთი დღე დავაყენოთ, რომ ფეხებს ვეღარ მიათრევდნენ შინ.

მოეწონათ კაზაკებს კურენის ატამანის სიტყვა, ჩაქინდრული თავი ყველამ მაღლა ასწია; ბევრმა მოწონების ნიშნად თავი დაიქნია და ჩაილაპარაკა: "კარგად თქვა კუკუბენკომო!"

იქვე ახლოს მდგომმა ტარას ბულბამ კი ასე უთხრა კოშევოის:

– რაო, კოშევოი, კუკუბენკომ, მგონი, მართალი თქვა? შენ რას იტყვი?

– რას ვიტყვი? აი, რას: ნეტარია ამისთანა შვილის მშობელი მამა! დიდი სიბრძნე არ უნდა იმას, რომ ადამიანმა საყვედური ვისმე უთხრას, სიბრძნე ისაა, ადამიანის უბედურებას კი არ დასცინო, არამედ გული გაუმაგრო და გაამხნევო. ასეთი რამ ადამიანს ისევე ამხნევებს, როგორც დაწყურვებულ ცხენს დეზი. მე თვითონ მინდოდა ასეთი სანუგეშო სიტყვა მეთქვა, მაგრამ კუკუბენკო ადრევე მიხვდა.

– კოშევოიმაც კარგად თქვა! – გაისმა აქა-იქ ზაპოროჟიელთ შორის. "კარგი სიტყვაა" – გაიმეორეს სხვებმა. მთლად გათეთრებულებმაც თავი დაიქნიეს, ჭაღარა ულვაშებში ჩაიცინეს და ჩუმად ჩაილაპარაკეს: "კარგი ითქვა სიტყვაო!"

– ყური დამიგდეთ, პანოვე! – განაგრძო კოშევოიმ. სიმაგრეების აღება, ფოფხვა და უცხოელი გერმანელი ხელოსნებივით ძირის თხრა – მტრისთვისაც დაგვილოცნია! ეგ არც რიგია, არც ჩვენი, კაზაკთა საქმეა. თუ იმას ვიფიქრებთ ახლა, რომ მტერი ქალაქში დიდი საგზლით არ შევიდა, ფორნებიც ძალიან ცოტა ჰქონდათ რატომღაც, ხოლო ქალაქში ხალხი დამშეულია, – მაშასადამე სულ უცბად შეჭამენ ყველაფერს. ცხენებისთვისაც თივას, არ ვიცი, ციდან თუ ჩამოაწვდის რომელიმე მათი წმინდანი ორთითით. ეს კი მარტო ღმერთმა უწყის; იმათი ქსენძები მხოლოდ სიტყვით არიან ბარაქიანი. პურისათვის იქნება თუ თივისათვის, უთუოდ გამოვლენ ქალაქიდან. მაშინ გაიყოფით სამად და სამ რიგად დაეწყობით ქალაქის სამი კარიბჭისკენ მიმავალ სამ გზაზე. უმთავრესი კარიბჭის წინ დადგება ხუთი კურენი, დანარჩენებთან სამ-სამი. დიადკივისა და კორსუნის კურენები ჩასაფრებულნი იქნებიან! პოლკოვნიკი ტარასიც ჩასაფრდება თავისი პოლკით! ტიტარევისა და ტიმოშევის კურენები სათადარიგოდ იდგება მარჯვენა მხარეს! შცერბინოვის და ზემო სტებლიკივისა – მარცხნივ იდგება! გამოდით წინ, ვისაც ენა უჭრის, ვინც უფრო მეტად გააბრაზებს და გულს მოაყვანინებს მტერს! ლიახი ცოტა თავქარიანია: ლანძღვას ვერ მოითმენს და შეიძლება, დღესვე გამოვიდნენ გარეთ. კურენების ატამანებმა ყველამ თავისი კურენი დაათვალიეროს: თუ ვისმე ხალხი გაკლიათ, პერეიასლავის კურენის მონარჩენიდან შეავსეთ. ყველაფერი დაათვალიერეთ ხელახლა! გამოსაფხიზლებლად თითო ფიალა არაყი მიეცით კაცზე და თითო პური. თუმცა ყველა უთუოდ გამაძღარი იქნება გუშინდლით; სიმართლე უნდა თქვას კაცმა, იმდენი უჭამიათ, რომ მიკვირს სწორედ, რატომ არავინ გასკდა წუხელ. აი, კიდევ ერთი ბრძანება: თუ რომ ვინმე ურია გაბედავს და მიჰყიდის კაზაკს თუნდაც ერთ ჭიქა არაყს, ზედ შუბლზე მივაკრავ ღორის ყურს იმ ძაღლს, ფეხებით ჩამოვკიდებ და ჩამოვახრჩობ! ახლა, ძმებო, საქმეს შეუდექით, საქმესა!

ასე აძლევდა განკარგულებას კოშევოი. ყველამ მდაბლად თავი დაუკრა და ქუდმოხდილებმა გასწიეს თავისი ფორნებისა და ბანაკებისაკენ. მაშინღა დაიხურეს ქუდები, როცა კარგა შორს გავიდნენ. ყველა მზადებას მოჰყვა: პირს უსინჯავდნენ ხმლებსა და დაშნებს, თოფისწამალს ტომრებიდან სასწრაფოებში ყრიდნენ, მიაგორებდნენ და მართავდნენ ფორნებს, ირჩევდნენ ცხენებს.

ტარასი თავისი პოლკისაკენ მიდიოდა და იმას ფიქრობდა, სად უნდა წასულიყო ანდრი; იქნებ ისიც სხვებთან ერთად მძინარე შებოჭეს პოლონელებმა და ტყვედ წაიყვანეს? მაგრამ არა, ანდრი ასეთი არ არის, რომ ცოცხალი ვისმე ტყვედ დაჰნებდეს. მოკლულ კაზაკებშიაც არსად ჩანდა. ფიქრმა წაიღო ტარასი და ვერ შეამჩნია, ვიღაცა დიდხანს როგორ ეძახდა სახელს.

– ვინ მეძახის? – მისცა ხმა ბოლოს, ფიქრიდან რომ გამოერკვა.

ტარასის წინ იანკელი იდგა.

ბატონო პოლკოვნიკო, ბატონო პოლკოვნიკო! – ამბობდა ურია აჩქარებით და თან ხმა უწყდებოდა, თითქოს რაღაცა დიდი საქმე უნდა აუწყოსო. – მე, ბატონო პოლკოვნიკო, ქალაქში გახლდით!

ტარასმა შეხედა ურიას და გაიკვირვა, უკვე რომ მოესწრო ქალაქში შესვლა.

– მერე რა ეშმაკმა შეგიყვანა?

– ახლავე გიამბობ, – მიუგო იანკელმა. როგორც კი ხმაურობა შემომესმა გათენებისას და კაზაკებმა სროლა ასტეხეს, მე მაშინვე ჩემს ტანისამოსს ვეცი და, არ ჩამიცვამს, ისე გამოვუდექი სირბილით! გზაზეღა გავყავი სახელოში ხელი, რადგანაც მინდოდა ჩქარა შემეტყო, რა ხმაურობა იყო, რატომ ისროდნენ კაზაკები თოფებს გაუთენებლივ. ავიღე და პირდაპირ ქალაქის კარიბჭესთან მივირბინე სწორედ იმ დროს, ჯარის უკანა რიგები რომ შედიოდა. ვნახოთ, რაზმს წინ მიუძღვის პანი ხორუნჟი გალიანდოვიჩი. მე მას ვიცნობ. სამი წლის წინათ ასი ოქრო ვასესხე. ავიღე და გავყევი უკან ვითომ ვალის გასანაღდებლად, და მასთან ერთად ქალაქში კი შევედი.

– როგორ, ქალაქში შეხვედი და ვალიც გინდოდა გაგენაღდებინა? – ჩაეკითხა ბულბა. – მერე, არ უბრძანა, რომ იქვე ძაღლივით ჩამოეხრჩეთ?

– ღმერთმანი, მართლა უნდოდა ჩამოვეხრჩე, – უთხრა ურიამ. – მისმა ბიჭებმა კიდევაც დამიჭირეს და ყელზე თოკი მომაბეს, მაგრამ შევეხვეწე პანსა და ვუთხარი, რამდენსაც გინდა დაგაცდი-მეთქი. თანაც აღვუთქვი, კიდევაც გასესხებ, თუ სხვა რაინდებისაგან ვალის აღებაში დამეხმარები-მეთქი. პან ხორუნჟის კი, – ყველაფერს გაგიმხელთ, ბატონო, – ერთი ოქროც არ უჭყავის ჯიბეში. მართალია ხუტორები და სასახლკაროები ბლომადა აქვს, აგრეთვე ოთხი ციხე-დარბაზი და ველები შკლოვამდე, მაგრამ გროშები კი მასაც კაზაკივით, სრულიად არა აქვს. ახლა ბრესლაველმა ურიებმა აასხეს იარაღი, თორემ ომში ვერ გამოვიდოდა. სეიმშიაც იმიტომ არ იყო...

– მერე, რას აკეთებდი ქალაქში? ჩვენები ნახე?

– როგორ არა! ჩვენები იქ ბევრნი არიან: იცკა, რახუმი, სამუილო, ხაივალოხი, მეიჯარე ურია...

– წყალსაც წაუღია ეგ ძაღლები! – შეჰყვირა გაბრაზებულმა ტარასმა. – რა ძალიან მეპრიანება თქვენი ურიების ჯილაგი! მე ჩვენებს, ზაპოროჟიელებს გეკითხები.

– ჩვენი ზაპოროჟიელები არავინ მინახავს, პან ანდრის მეტი.

– როგორ, ანდრი ნახე? – შეჰყვირა ბულბამ. – მერე, სად ნახე? სარდაფში, ხაროში? პატივაყრილი? ხელფეხშეკრული?

– ვინ გაბედავდა პან ანდრის შეკვრას? ახლა ის ისეთი წარჩინებული რაინდია... დალიბუგ, ვერც კი ვიცანი. სამხრეებიც ოქროსი აქვს, სამკლავურებიც, ქუდიც და სამკერდულიც; სარტყელიც ოქროსი უკეთია; ერთი სიტყვით, მთლად ოქროში ზის. როგორც გაზაფხულზეა ხოლმე მზე რომ გამოანათებს, ბოსტანში ყველა ჩიტი ჭიკჭიკსა და სტვენას მოჰყვება, ბალახს კიდევ საამო სუნი უდის ხოლმე, ისე პანი ანდრი მთლად ოქროში ზის, ელვარებს. ვოევოდას ცხენიც საუკეთესო მიუცია; მარტო ცხენი ეღირება ორას ოქროდ.

ბულბა მთლად გაქვავდა.

– მერე, რად ჩაიცვა სხვისი ტანისამოსი?

– უკეთესია და იმიტომაც ჩაიცვა... თვითონაც ცხენით დადის, სხვებიც ცხენებით დადიან; თვითონაც ასწავლის, მასაც ასწავლიან. მდიდარი პოლონელი ბატონი გეგონება.

– მერე ვინ აიძულა?

– მე ხომ არ მითქვამს, ვინმემ აიძულა-მეთქი. განა ბატონს არ მოეხსენება, რომ თავისი ნებით გადავიდა იმათ მხარეს?

– ვინ გადავიდა?

– ვინა და პანი ანდრი.

– სად გადავიდა?

– სად და იმათ მხარეს; პანი ანდრი ახლა იმათია.

– სტყუი, შე ღორისყურავ!

– როგორ იქნება, ვტყუოდე? სულელი ვარ განა, ვიტყუო? ჩემსავე საუბედუროდ ვიტყუო? განა არ ვიცი, რომ ბატონის წინ ტყუილისათვის ურიას ძაღლივით ჩამოახრჩობენ?

– მაშ, როგორც შენი ლაპარაკიდან გამოდის, სამშობლო და სარწმუნოება გაუყიდნია?

– მე ხომ ეგ არ მითქვამს, გაეყიდნოს რაიმე: ვთქვი მხოლოდ, იმათ მხარეს გადავიდა-მეთქი.

– სტყუი, ეშმაკო ურიავ! ასეთი საქმე ჯერ საქრისტიანო ქვეყანაში არ ყოფილა! სტყუი, შე ძაღლო!

– დე, კერა გამიცივდეს, თუ ვტყუოდე! დე, ჩემი დედ-მამისა და პაპა-ბებიის საფლავი იყოს ყველას საფურთხებელი, თუ ვტყუოდე. თუ ბატონს სურს, კიდევაც მოვახსენებ, რად გადავიდა პანი ანდრი იმათ მხარეს.

– რად გადავიდა?

– ვოევოდას მეტად ლამაზი ქალი ჰყავს. ღმერთო წმინდაო, რა ლამაზია!

იანკელი შეეცადა, როგორც კი შეეძლო თავისით დაეხატა ეს სილამაზე. ხელები გაფარჩხა, თვალი ჩაჩუტა და პირი გვერდზე მოიქცია, თითქოს ეს არის რაღაც გემრიელი გასინჯაო.

– მერე რა, რომ ლამაზი ქალი ჰყავს?

– მერე და იმისთვინა ქნა ეს, იმის გამო გადავიდა იმათ მხარეს. რაკი კაცს ვინმე შეუყვარდება, დამბალ ლანჩას დაემსგავსება, მოჰხრი – მოიღუნება.

ძლიერ ჩააფიქრა ბულბა ამ ამბავმა. მოაგონდა, რომ ძლიერია გავლენა სუსტი დედაკაცისა, რომ ბევრი კლდესავით ადამიანი დაუღუპნია, რომ ანდრის რბილი ხასიათი და ბუნება ჰქონდა ამ მხრივ. გაქვავებულივით დიდხანს იდგა ასე ერთ ადგილას ბულბა.

– ყური დამიგდე, ბატონო, ყველაფერს გიამბობ, – ეუბნებოდა ურია. – როგორც კი ხმაურობა შემომესმა და დავინახე, ქალაქის კარში შედიოდნენ, მაშინვე ერთ ასხმა მარგალიტს ვტაცე ხელი, ვინ იცის, რა შემთხვევაა, იქნება დამჭირდეს, ქალაქში ბევრი ლამაზი თავად-აზნაურის ქალია-მეთქი; მართალია, საჭმელი არა აქვთ რა, მაგრამ ამას კი მაინც იყიდიან-მეთქი. როგორც კი ხორუნჟის ბიჭებმა გამიშვეს, მაშინვე ვოევოდას სასახლის ეზო-კარს მივაშურე, რომ მარგალიტი როგორმე გამეყიდა, მოახლე თათრის ქალს ყველაფერი გამოვკითხე. "მაშინვე ქორწილს გადაიხდიან, როგორც კი ომი გათავდება. პან ანდრიმ ზაპოროჟიელების გარეკვა აღუთქვაო".

– მერე იქვე არ მოჰკალი ის ეშმაკის შვილი? – შეჰყვირა ბულბამ.

– რისთვის მომეკლა? თავის ნებით გადავიდა. იმის რა ბრალი იყო? იქ უჯობდა და გადავიდა.

– მერე, შენი თვალით ნახე?

– ღმერთმანი: ისეთი ჩინებული მეომარია, რომ ყველას სჯობს! ღმერთმა ადღეგრძელოს, მაშინვე მიცნო და, როგორც კი მივედი, მითხრა...

– რაო, რა გითხრა?

– მითხრა... ჯერ თითი დამიქნია, მერე მითხრა: "იანკელ!" მე კიდევ: "პან ანდრი-მეთქი!" "იანკელ, უთხარი მამაჩემს, ჩემს ძმას, კაზაკებს, ზაპოროჟიელებს, უთხარი ყველას, რომ ამას იქით არაფრად მიღირს არც მამა, არც ძმა, არც ამხანაგი და რომ ყველას ვებრძვი, ყველასაო!"

– სტყუი, ეშმაკის იუდავ! – დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა ტარასმა. – სტყუი, შე ძაღლო! შენ არ იყავ, ღვთისაგან წყეულო, რომ ქრისტე ჯვარს აცვი?! მოგკლავ, შე სატანავ! მომწყდი, თორემ აქვე გაგაცივე! – ესა თქვა ტარასმა და და ხმალი იშიშვლა. შეშინებულმა ურიამ მაშინვე მოცოცხა, როგორც კი მის გამხმარ მუხლებს შეეძლო. დიდხანს მირბოდა ასე უკანმოუხედავად კაზაკთა ბანაკში და მერე ტრიალ მინდორზე, თუმცა ტარასი სრულიადაც არ გამოჰკიდებია; დროზე მოიფიქრა, რომ უგუნურება იქნებოდა თავისი ბრაზი უდანაშაულო კაცზე ეყარა.

ახლაღა მოაგონდა ტარასს, რომ წარსულ ღამეს ანდრი ვიღაცა დედაკაცთან ნახა, და ჭაღარა თავი ჩაჰკიდა. მაინც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ასეთი სამარცხვინო საქმე მოხდა, რომ მისმა საკუთარმა შვილმა სჯული და სული გაყიდა.

ბოლოს წაიყვანა თავისი პოლკი და ჩასაფრდა ტყეში, რომელიც კაზაკებს ჯერ კიდევ არ გადაეწვათ. ზაპოროჟიელები კი – ცხენოსნები და ქვეითები სამ წყებად გაემართნენ სამი კარიბჭისაკენ. ერთიმეორეს მიჰყვნენ კურენები: უმანისა, პოპოვიჩისა, კანევისა, სტებლიკივისა, ნეზაიმანოვისა, გურგუზივისა, ტიტარევისა, ტიმოშევისა. მხოლოდ პერეიასლავის კურენი არ იყო. ზორბად გადაჰკრეს მისმა კაზაკებმა და თავიც წააგეს. ზოგმა ხელფეხშეკრულმა გამოიღვიძა მტრის ხელში, ზოგს კი სულაც აღარ გამოუღვიძია, ისე მიებარა ცივ დედამიწას; თვითონ ატამანი ხლიბი უშარვლოდ, ნახევრადშიშველი აღმოჩნდა ლიახების ბანაკში.

ქალაქში კაზაკთა მოძრაობა შეიტყვეს, ყველანი პატნეზს მოაწყდნენ და კაზაკებს თვალწინ ცოცხალი სურათი გადაეშალათ: პატნეზზე იდგნენ ერთიმეორეზე ულამაზესი პოლონელი რაინდები. გედივით თეთრფრთიანი სპილენძის ქუდები მზესავით უელვარებდათ. სხვებს მსუბუქი ცისფერი და ვარდისფერი გვერდზე ჩაკეცილი ციანი ქუდები ეხურათ; ტანთ სახელოებგადაგდებული ხიფთნები ეცვათ, ოქრომკედით ნაკერი თუ უბრალოდ ყაითანდავლებული. ზოგიერთებს ხმლები და თოფები ძვირფასად ჰქონდათ მოჭედილი. ბევრი იყო კიდევ სხვა მოკაზმულობაც. წინ მედიდურად იდგა მოკაზმული წითელქუდიანი ბუჯანელი პოლკოვნიკი. მაღალი, სქელი და ზორბა იყო პოლკოვნიკი, ძვირფასი ტანისამოსი ძლივსა სწვდებოდა. მეორე მხარეს, თითქმის გვერდის კარიბჭესთან იდგა მეორე პოლკოვნიკი, ტანად ჩია, დალეული კაცი; მაგრამ პატარა გამჭრიახი მისი თვალები ხშირ წარბებქვეშ ცოცხლად გამოიყურებოდნენ. ის მარდად ტრიალებდა და თავისი გამხდარი ხელით აქეთ-იქით რაღაცას ანიშნებდა და განკარგულებას იძლეოდა; ტანად თუმცა პატარა იყო, ეტყობოდა, რომ ბრძოლის საქმე კარგად იცოდა. პოლკოვნიკის შორიახლო იდგა აყლაყუდა, ხშირულვაშიანი ხორუნჟი. სახეზე ფერ-ხორცი არ აკლდა: მაგარი სასმელები და ქეიფი უყვარდა პანს. კიდევ მრავალი სხვა თავად-აზნაური იდგა იმათ უკან. ზოგი ამათგანი თავისი ფულით იყო შეიარაღებული. ზოგი ხაზინის ხარჯით, ზოგს კი ურიებისათვის დაეგირავებინა მამა-პაპათა ციხე-დარბაზში თუ კიდევ რამ გააჩნდათ. ბლომად იყვნენ აქ სენატორთა მუქთამჭამლებიც, რომელნიც სენატორებს მეტი პატივის მიზნით თან მიჰყავდათ ხოლმე სტუმრად წვევისას და რომელნიც სუფრიდან და ბუფეტიდან იპარავდნენ ვერცხლის თასებს; ამრიგად, დღევანდელი გაპატიოსნების შემდეგ ხვალ რომელიმე პანის ეტლს უსხდნენ კოფოზე და ცხენებს მიერეკებოდნენ. ყოველგვარი სხვა ხალხიც იყო იქ ბლომად. სხვა დროს რომ დასალევადაც გროში არსად გააჩნდათ, ახლა ისინიც საომრად გამოწყობილი იყვნენ.

ჩუმად იდგნენ კაზაკები ქალაქის კედელთან. არც ერთ მათგანს ტანზე ოქრო არ უჩანდა; მხოლოდ ხმლის ტარები და თოფები თუ ჰქონდათ ზოგიერთს ოქროთი მოჭედილი. ომის დროს მდიდრულად გამოწყობა არ უყვარდათ კაზაკებს; უბრალო იყო მათი ტანისამოსი და ჯავშანი და უბრალოვე შავი ცხვრის ფაფახები ეხურათ თავზე.

ზაპოროჟელთა წყებიდან ორი კაზაკი გამოვიდა. ერთი ჯერ სულ ახალგაზრდა, მეორე უფრო ხნიერი, ორივე სიტყვამკვახე, ენამოსწრებული, საქმითაც არანაკლებ მოხერხებული: ოხრიმ ნაში და მიკიტა გოლოკოპიტენკო. ამათ გამოჰყვა თან დემიდ პოპოვიჩი, ჯმუხი კაზაკი, სეჩის დიდი ხნის მცხოვრები, ადრიანოპოლში ნამყოფი და თავის სიცოცხლეში ბევრის მნახველ-გამომცდელი: ცეცხლში კინაღამ დაიწვა და სეჩში მთლად გაშავებული თავი და გატრუსული ულვაშები მიიტანა. მაგრამ მალე ისევ გამოკეთდა პოპოვიჩი: გაეზარდა ყურთ უკან ოსელდეცი და კუპრივით შავი, ხშირი ულვაშები ამოუვიდა. მწარე ლაპარაკიც ძალიან ეხერხებოდა პოპოვიჩს.

– კაბაჩები კი ძალიან ლამაზები გაცვიათ, მაგრამ ნეტა თუ ძალაც შეგწევთ?

– გაჩვენებთ სეირს! – ყვიროდა ზემოდან ჩასხმული პოლკოვნიკი, – ყველას გაგთოკავთ! გირჩევნიათ, იარაღი და ცხენები თქვენი ხელით ჩაგვაბაროთ. ხომ ნახეთ, თქვენები როგორ გავთოკე? გამოუყვანეთ ერთი და პატნეზიდან დაანახეთ დაჭერილები!

გათოკილი ზაპოროჟიელები პატნეზზე გამოიყვანეს. ყველაზე წინ კურენის ატამანი ხლიბი იდგა უშარვლოდ და უპერანგოდ, – ისევე, როგორც დაეჭირათ ნასვამი. შერცხვა ატამანს თავისივე კაზაკებისა, რომ ასე შიშველი იდგა და რომ ასე ძაღლივით მძინარე წაიყვანეს ტყვედ, და თავი ჩაჰკიდა. იმ ერთ ღამეს ხლიბს თმა სულ მთლად გასთეთრებოდა.

– ნუ სწუხარ, ხლიბ! გამოგიხსნით! ყვიროდნენ ქვევიდან კაზაკები.

– ნუ სწუხარ, მეგობარო! – გამოეხმაურა კურენის ატამანი ბოროდატი, – შენი ბრალი არ არის, რომ შიშველი დაგიჭირეს. უბედურება ვის არ ეწევა, მაგრამ სირცხვილი მაგათ, რომ არ დაირცხვინეს და არა მოგახვიეს რა, ეგრე შიშველი გამოგიყვანეს.

– როგორც გეტყობათ, მძინარე ხალხზე ძალიან უნდა იმარჯვებდეს ეს თქვენი ჯარი! – ეუბნებოდა გოლოკოპიტენკო და პატნეზს გასცქეროდა.

– მოიცათ, დაგაჭრით მაგ ჩუბებს! – ყვიროდნენ ზემოდან.

– ნეტა ერთი მაჩვენა, როგორ დაგვაჭრიან ჩუბებს! – ამბობდა პოპოვიჩი, იმათკენ პირშებრუნებული; მერე მობრუნდა თავისიანებისაკენ და შესძახა, – იქნება ლიახები მართალსაც ამბობენ და ამ ფაშვგასიებულმა რომ გამოიყვანოს ეგენი, ყველა გადარჩება.

– რად გგონია, რომ გადარჩება? – დაეკითხნენ კაზაკები, რაკი იცოდნენ, რომ პოპოვიჩს უთუოდ გულმოსაფხანი რამ ექნებოდა სათქმელად დამზადებული.

– იმად, რომ მთელ ჯარს ფაშვს უკან დამალავს და ეშმაკიც ვაღარ მიაგნებს ვერც ერთ მათგანს!

კაზაკებმა გულიანად გადაიხარხარეს; დიდხანს აქნევდა კიდევ ზოგიერთი მათგანი თავს და ამბობდა: "ჰეი! ჰეი, პოპოვიჩო! თუ ვისმე ყბა დაადგი, მერე..." მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ამ "მერეს" შემდეგ, კაზაკებს აღარ უთქვამთ.

– კედელს მოშორდით, კედელს! – შეუძახა კოშევოიმ. როგორც ეტყობოდა, ლიახებმა მწარე სიტყვები ვეღარ მოითმინეს და პოლკოვნიკმა ხელი დაიქნია. ის იყო დაიხიეს კაზაკებმა, რომ პატნეზიდან ფინდიხი დაუშინეს. პატნეზთან ყველა დაფაცურდა, თვითონ ჭაღარაშერეული ვოევოდაც გამოჩნდა ცხენით. გაიღო კარიბჭე და გამოვიდა ჯარი. წინ მოდიოდა ცხენოსანი მწყობრი ჰუსარებისა. ამათ მოჰყვებოდნენ ჯავშნიანები, მერე შუბ-აბჯროსნები, შემდეგ სულ სპილენძის ქუდიანები; ამათ მოსდევდნენ ცალკე საუკეთესო თავად-აზნაურები, ყველა თავისებურად ჩაცმული. არ უნდოდათ ამაყ შლიახტიჩებს დანარჩენი ჯარის წყებაში გარეულიყვნენ და ვისაც თავისი ჯარი არა ჰყავდა, მარტო მოდიოდა თავისი მხლებლებით. მერე ისევ ჯარი მოსდევდათ და ბოლოს ხორუნჟი. ხორუნჟის უკან ისევ ჯარი მოდიოდა და შემდეგ ზორბა, ჩასხმული პოლკოვნიკი. მთელი ჯარი რომ გამოვიდა, ბოლოს გამოჰყვა დაბალი პოლკოვნიკიც.

– ნებას ნუ მისცემთ წყებად დადგნენ, ნუ! –ყვიროდა კოშევოი. – ყველა კურენი ერთად მიუსიეთ! სხვა კარიბჭეებს თავი დაანებეთ! ტიტარევის კურენმა გვერდიდან შეუტიოს! დიადკივისამ მეორე მხრიდან! კუკუბენკო და პალივოდა, თქვენ უკნიდან მოუარეთ! გაიფანტეთ, რაც კი შეიძლოთ, გაიშალეთ!

და კაზაკებიც ყველა მხრიდან მიესივნენ, არიეს, ააბნიეს ლიახები და თვითონაც აირ-დაირივნენ. თოფის სროლაც აღარ აცალეს, პირდაპირ ხმლებსა და შუბებზე მიდგა საქმე. შეჯგუფდნენ ყველანი და ყველას მიეცა შემთხვევა თავი გამოეჩინა. სამი მეომარი აჩეხა პოპოვიჩმა და ორიც საუკეთესო შლიახტიჩი გადმოაგდო ცხენიდან; თან იძახოდა: "აი, კაი ცხენები! ასეთ ცხენებს დავეძებდი რამდენი ხანიაო". ცხენები შორს, მინდვრად გარეკა, თან ეძახდა იქ მდგარ კაზაკებს – დაეჭირათ. შევარდა მერე ისევ მეომართა გუნდში და ცხენებიდან ჩამოყრილ შლიახტიჩებს შეუტია; ერთი მოკლა, მეორეს ჩამოხსნა ძვირფასტარიანი ხმალი და ოქროებით სავსე ქისა, მერე ყელზე ქამანდი მოსდო, მიიბა უნაგირზე და მინდვრისაკენ გაითრია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა და მამაცი კაზაკი კობიტა მთელ ჯარში ცნობილ ერთ მეომარს შეება. დიდხანს იბრძოდნენ, ბოლოს პირისპირ ეტაკნენ. ის იყო აჯობა კობიტამ და ბასრი ოსმალური დანა ჩასცა გულში, მაგრამ თვითონაც არ გადარჩა. ცხელ-ცხელი ტყვია მოხვდა საფეთქელში. დასცა კობიტა ერთმა სახელგანთქმულმა, ლამაზმა დიდგვაროვანმა რაინდმა, ალვის ხესავით მოხდენილად რომ დააქროლებდა თავის ჩალისფერ ცხენს. ბევრნაირად იჩინა თავი ამ რაინდმა და დაამტკიცა თავისი გმირობა: ორი ზაპოროჟიელი შუა გააპო, ცნობილი კაზაკი თედორ კორჟი ცხენიანად დასცა ძირს, ცხენს თოფი დაახალა, კაზაკს კი შუბით მიწვდა. ბევრ სხვასაც გააგდებინა თავი და მკლავი და კობიტასაც ბოლო მოუღო, საფეთქელში ტყვია გაუტარა.

– აი ამასთან მინდა ვცადო ჩემი ძალ-ღონე! – შესძახა ნეზამაიკოვის კურენის ატამანმა კუკუბენკომ: მიუშვა ცხენი, წამოუარა უკანიდან დ ისეთი არაადამიანური ხმით დაჰკივლა, რომ ახლომდგომნი ყველანი შეაკრთო. უნდოდა ლიახს ცხენი უცბად შემოებრუნებინა და პირდაპირ დახვედროდა მტერს, მაგრამ ცხენმა იურჩა: ამ საშინელი კივილით დამფრთხალი გვერდზე გადახტა და კუკუბენკომაც მოასწრო თოფი დაეხალა. ცხელმა ტყვიამ ლიახს ბეჭებში გაუარა და ცხენიდან გადმოაგდო. არ უნდოდა კიდევ დაჰმორჩილებოდა მტერს ლიახი და ცდილობდა იარაღი ეხმარა, მაგრამ დაუძლურებული ხელი ხმლიანად დაეშვა. ჩასცა ორთავ ხელით თავისი მძიმე დაშნა კუკუბენკომ გადაფითრებულ ტუჩებში ლიახს: ორი კბილი გადმოაგდებინა, ენა შუა გაუჭრა. ჩაამტვრია კისრის ძირად ხერხემლის ძვალი და დაშნა მიწაში ჩაერჭო. ასე მიაჭედა ცივ მიწას ლიახი. კეთილშობილმა აზნაურის სისხლმა შადრევანივით მაღლა ამოასხა ალისფრად და ოქროთი ნაკერი ყვითელი, ბრჭყვიალა ხიფთანი მთლად შეუღება. კუკუბენკომ კი თავი მიანება და თავისი ნეზამაიკოველებით ახლა სხვა გუნდში შეერია.

– ეჰ, ოხრად დასტოვა ასეთი ძვირფასი მოკაზმულობა! – ჩაილაპარაკა უმანის კურენის ატამანმა ბოროდატიმ და გასწია იქით, სადაც კუკუბენკოსაგან მოკლული შლიახტიჩი ეგდო. – შვიდი შლიახტიჩი მოვკალი ჩემი ხელით, მაგრამ არც ერთ მათგანს ასეთი ძვირფასი სამკაული არა ჰქონია.

დახარბდა სიმდიდრეს ბოროდატი: დაიხარა, რომ ძვირფასი საჭურველი შეეხსნა. ამოართვა ფერადი ქვებით მოჭედილი ოსმალური დანა, შემოხსნა ქამრიდან ოქროებით სავსე ქისა და აბგა, რომელშიაც წმინდა ტილოს საცვლები, ძვირფასი ვერცხლეული და – სახსოვრად – ქალის კულული ჰქონდა შენახული. ვერ გაიგო ბოროდატიმ, როგორ მიეჭრა ამ დროს უკანიდან წითელცხვირა ხორუნჟი, რომელიც ერთხელ უკვე გადმოეგდო ცხენიდან და სახსოვრად კარგი კვალიც დაეტოვებინა. მოუქნია, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და დაჰკრა ხმალი მოხრილ კისერზე. სიკეთე არ უქნა კაზაკს ვერცხლისმოყვარეობამ: გადაგორდა თავი და უთავო ტანი ბოროდატისა ძირს დაეცა. დედამიწა ირგვლივ წითლად შეღება. მრისხანედ გასწია ზეცისაკენ კაზაკის მოღუშულმა სულმა და თან ჰკვირობდა, რომ ასე უცბად გაშორდა მის მაგარ ტანს. ვერ მოასწრო ხორუნჟიმ ატამანის თავი ჩუბით უნაგირზე მიება, რომ იქვე მკაცრი შურისმაძიებელი გაუჩნდა.

როგორც ცაზე გართხმული ქორი შემოავლებს ხოლმე წრეს მაგარი ფრთებით, უცბად შედგება და გზის პირად მოჭუკჭუკე მამალ მწყერს ისარივით დაეცემა, ისე დაეცა უცბად ხორუნჟის ტარასის შვილი ოსტაპი და კისერზე თოკი მოსდო. სისხლი მოაწვა ისედაც წითელ სახეში, როგორც კი უწყალო მარყუჟი ყელს წაეჭირა. ხორუნჟიმ მაშინვე დამბაჩას იკიდა ხელი, მაგრამ მოდუნებულმა მაჯამ სწორედ სროლა ვეღარ შეძლო და ტყვია უბრალოდ გაქრა მინდორში. ოსტაპმა შეხსნა ხორუნჟის უნაგირს აბრეშუმის ყაითანი, რომელიც ტყვეების შესაკვრელად დაჰქონდა ხოლმე თან, თავისივე ყაითნით გაუკრა ხელ-ფეხი, მიაბა თოკით უნაგირზე, გაითრია ასე მინდვრად და თან ძახილი დაუწყო უმანის კურენის ყველა კაზაკს, რომ თავიანთი ატამანისათვის უკანასკნელად ეცათ პატივი. გაიგეს თუ არა უმანელებმა, ატამანი ბოროდატი მოგვიკლესო, ყველამ მაშინვე ბრძოლას თავი ანება და გვამის წასაღებად გაეშურნენ: თან იქვე გამართეს ბჭობა, ატამანად ვინ ამოერჩიათ. ბოლოს თქვეს:

– ან კი ბჭობა რა საჭიროა? ბულბას შვილ ოსტაპზე უკეთეს ატამანს ვის ამოვირჩევთ; მართალია, ყველაზე უმცროსია, მაგრამ გონიერება მოხუცისა შესწევს.

მოიხადა ქუდი ოსტაპმა, გადაუხადა მადლობა ამხანაგ კაზაკებს, რომ ასეთი პატივის ღირსად სცნეს; არ იუარა არც ახალგაზრდობით, არც ნორჩი ჭკუით, რადგანაც იცოდა, ომიანობის დროს ეს არ შეჰფეროდა, და პირდაპირ მებრძოლთა გუნდისკენ გასწია თავისი მეომრებით და დაუმტკიცა ყველას, რომ ტყუილად არ ამოერჩიათ ატამანად. მიხვდნენ ლიახები, რომ საქმე ძალიან გაუჭირდებოდათ, დაიხიეს და გადაირბინეს მინდორი, რომ მეორე ბოლოში შეკრებილიყვნენ. დაბალმა პოლკოვნიკმა ქალაქის კარიბჭესთან მდგომ ოთხ ახალ ასეულს ანიშნა და დაუშინეს ფინდიხი კაზაკებს, მაგრამ დიდად ვერ დააზარალეს: ტყვია კაზაკების ხარებს ხვდებოდა, რომლებიც გაშტერებულნი გასცქეროდნენ ბრძოლას. შეჰბღავლეს დამფრთხალმა ხარებმა, ეცნენ კაზაკთა ბანაკს და ფორნები მილეწ-მოლეწეს, ბევრი ფეხქვეშ გათელეს. ამ დროს გამოვიდა საფარიდან თავისი პოლკით ტარასი და ყიჟინით მიესია. იბრუნა პირი ყიჟინისაგან დამფრთხალმა საქონელმა, ეცა ახლა ლიახების რაზმებს, გადმოყარა ცხენოსნები, გაფანტა და მთლად გათელა ფეხქვეშ.

– თქვენი მადლობლები უნდა ვიყოთ, ხარებო! – ყვიროდნენ ზაპოროჟიელნი, – ლაშქრობაში ხომ გვშველოდით და გვემსახურებოდით, ახლა სამხედრო სამსახურიც გაგვიწიეთ! – და ახალი ძალ-ღონით მიესივნენ მტერს.

ბევრი დახოცეს მტრის ჯარიდან მაშინ და ბევრმა ისახელა თავი: მეტელიცამ, შილომ, ორივე პისარენკომ, ვოვტუზენკომ და ბევრმა სხვამ. დაინახეს ლიახებმა, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო, ააფრიალეს დროშა და დაუძახეს, კარიბჭე გაეღოთ. გააღეს ჭრაჭუნით რკინის შეჭედილი კარი და დაღლილ-დაქანცული, გამტვრიანებული ცხენოსნები ცხვრებივით შელალეს შიგ. ბევრი ზაპოროჟიელი გამოეკიდა უკან ლიახებს, მაგრამ ოსტაპმა უმანელები არ გაუშვა და უთხრა:

– შორს იყავით, შორს გალავნის კედლებიდან! ახლო მისვლა არ ივარგებს.

მართლაც ლიახებმა კედლებიდან დაუშინეს, რაც კი რამ მოხვდათ, ყველაფერი და ბევრ კაზაკს ანანეს გამოდევნება. ამ დროს ოსტაპთან მივიდა კოშევოი და შეაქო: "ახალია ატამანი, მაგრამ ნაცადივით უძღვის ჯარსო". მიიხედა მოხუცმა ბულბამ, რათა ახალი ატამანისათვის შეეხედა და დაინახა, რომ უმანელების წინ ცხენზე იჯდა მისი შვილი ოსტაპი, ჩაკეცილი ქუდი გვერდზე მოექცია და ატამანის კვერთხი ხელთ ეჭირა. "ხედავთ, რა ყოფილა!"– ჩაილაპარაკა ბულბამ. გაიხარა მოხუცმა და ყველა უმანელს მადლობა გადაუხადა, რომ იმისი შვილისათვის ასეთი პატივი ეცათ.

კაზაკებმა თავისი ბინებისაკენ გასწიეს, ტოლომადაგლეჯილი ლიახები კი კვლავ პატნეზზე გადმოდგნენ, ბევრს ძვირფას ტანსაცმელზე სისხლი შეხმობოდა, ლამაზი ქუდები მთლად მტვრით ჰქონდათ გაგანგლული.

– რაო, შეგვკარით? – უყვიროდნენ ქვემოდან ზაპოროჟიელები. – გაჩვენებთ მე თქვენა! – უძახოდა ისევ ზემოდან სქელი პოლკოვნიკი და თოკს უჩვენებდა. არ ისვენებდნენ დაგანგლილ-დაქანცული მეომრები, იმუქრებოდნენ. თან ვინც უფრო ენამწარე იყო, არავინ დაიშურა ორივე მხრიდან თითო-ოროლა სიტყვა.

ბოლოს გაიყარნენ. მებრძოლნი ზოგი დასასვენებლად წამოწვა; ზოგი იარებზე მიწას იყრიდა და შესახვევად ხელსახოცებს და ნადავლ ძვირფას ტანისამოსს ფხრეწდა. სხვები, ვინც ნაკლებად იყო დაღლილი, დახოცილთა გვამებს აგროვებდნენ და მიწას აბარებდნენ. დაშნებითა და შუბებით უთხრიდნენ დახოცილებს სამარეს; მიწა ქუდებითა და კალთებით ამოჰქონდათ. დაალაგეს, როგორც რიგია, დახოცილ კაზაკთა გვამები და ახლად ამოღებულივე მიწა მიაყარეს, რომ ყვავ-ყორანსა და არწივებს არ ამოეჩიჩქნათ თვალები. ლიახების გვამები კი, როგორც მოხვდათ, მიაბეს ათობით გაუხედნავ ცხენებს და გაუშვეს მინდვრად, თან მისდევდნენ დიდ მანძილზე და მათრახს სცემდნენ, რათა უარესად დამფრთხალიყვნენ. მიქროდნენ გაგიჟებულნი კვლებსა და გორახ-ბორცვებზე, ორმოებსა და რუებზე და მთლად გასისხლიანებულ-გაგანგლილ ლიახთა გვამებს მიწას ახეთქებდნენ.

ბოლოს, საღამოს პირად, შემოუსხდა ყველა კურენი ვახშამს და დიდხანს ლაპარაკობდნენ, ვის რა შეემთხვა, თავი რით ისახელა, რომ მომავალ თაობასა და მოსულთ საამბობლად დარჩენოდათ. დიდხანს არ დაუძინიათ კაზაკებს. მაგრამ ყველაზე მეტს ფხიზლობდა მოხუცი ტარასი და ფიქრობდა, თუ რას ნიშნავდა, რომ მტრის ჯარში ანდრი არსად ჩანდა. იქნება დაირცხვინა იუდამ და თავისების წინააღმდეგ არ გამოვიდა საომრად, იქნება ურიამ მოატყუა, იქნებ მტერს ხელში ტყვედ ჩაუვარდა? მაგრამ აქვე მოაგონდა, რომ ანდრი მეტისმეტად იყო ქალის სიტყვის მორჩილი და გულრბილი, და დაღონდა; თან ფიცი დასდო გულში, რომ ანდრის გადამბირებელ პოლონელ ქალს მაგიერს გადაუხდიდა. აასრულებდა კიდეც ფიცს: არად მიიჩნევდა მის სილამაზეს, დაითრევდა სქელი, მშვენიერი ნაწნავებით და ასე შემოატარებდა მთელ მინდორსა და კაზაკებს. მთლად დაებეგვებოდა და დაეჟეჟებოდა მომხიბვლელი, მთის მწვერვალთა თოვლივით სპეტაკი გულმკერდი, მხრები, ნაწილ-ნაწილად დაკუწავდა მის მშვენიერ ტანს. მაგრამ ის კი აღარ იცოდა ბულბამ, თუ ხვალინდელი დღე რას უმზადებდა. ბურანში წავიდა და ბოლოს ჩაეძინა კიდეც. დიდხანს ლაპარაკობდნენ კიდევ კაზაკები და მთელ ღამეს ცეცხლის პირას მყოფ გუშაგებს თვალი არ მოუხუჭავთ, ფხიზლად აკვირდებოდნენ გარშემო მიდამოს.
VIII

მზე ჯერ საშუადღეოზე არ იყო მისული, რომ ყველა ზაპოროჟიელი შეკრებილიყო. ამბავი მოსულიყო სეჩიდან, რომ კაზაკთა ლაშქრობის დროს თათრებს მთლად აეკლოთ იქაურობა: ამოეთხარათ მიწაში საიდუმლოდ ჩამარხული განძეულობა, ეცემათ და ტყვედ წაეყვანათ ყველა, ვინც კი სეჩში იყო დარჩენილი. გაერეკნათ ჯოგები და ფარები და პერეკოპისაკენ წასულიყვნენ. მხოლოდ ერთ კაზაკს – მაქსიმ გოლოდუხას მოესწრო დასხლეტა თათრების ხელიდან, მოეკლა მირზა, შეეჭრა მისთვის ცეხინებით სავსე ტოპრაკი და მისივე ტანისამოსით და მისივე ცხენით გამოქცეულიყო. დღე-ნახევარსა და ორ ღამეს მოსდევდა თურმე მდევარი, მოუკვდა ჭენებით ერთი ცხენი, გადაჯდა მეორეზე, დაუვარდა ისიც, შეჯდა მესამეზე და ამით ძლივს მიაღწია ზაპოროჟიელთა ბანაკამდე; გზაზე გაეგო გოლოდუხას, რომ ზაპოროჟიელნი დუბნოში იდგნენ. მარტო ამისი თქმაღა მოასწრო, დანარჩენი კი – რატომ შეემთხვათ ასეთი უბედურება, ექეიფნათ შინ დარჩენილებს კაზაკურად და ასე მთვრალები ჩაუცვივდნენ მტერს ხელში ტყვედ, თუ სხვაგვარად იყო საქმე, ან ვინ გაააგებინა თათრებს, სად ჰქონდათ კაზაკებს განძეულობა დამალული, – ამისი არა უთქვამს რა. საშინლად მოწყვეტილ-დაღლილიყო, სახე დასწვოდა, გასიებოდა ქარისაგან, დაეცა იქვე და მაგრად დაეძინა.

ამგვარ შემთხვევაში ზაპოროჟიელები დაუყოვნებლივ დაედევნებოდნენ ხოლმე მტერს, რომ გზაზედვე დასწეოდნენ, რადგანაც მომტაცებლები ტყვეებს მაშინვე მცირე აზიის, სმირნის, კრიტონის კუნძულისა და, ვინ იცის, რომელ ბაზარზე არ ამოაყოფინებდნენ ხოლმე ჩუბიან თავებს. ამიტომაც შემოკრბენ ზაპოროჟიელები. ყველას ქუდი ეხურა, რადგანაც მოვიდნენ არა ატამანის ბრძანების მოსასმენად, არამედ რჩევისათვის, როგორც თანასწორნი.

– ჯერ უფროსებმა გვირჩიეთ! – ყვიროდნენ ბრბოდან.

– გვირჩიე, კოშევოი! – გაიძახოდნენ სხვები.

კოშევოიმაც ქუდი მოიხადა, არა როგორც უფროსმა, არამედ როგორც ამხანაგმა, მადლობა უძღვნა ყველას, რომ პატივი სცეს, და თქვა:

– ბევრია ჩვენში უფრო ხნიერიც და უფრო ჭკვიანიც, მაგრამ რაკი პატივი დამდეთ, მოგახსენებთ ჩემს რჩევას: ნუ დავკარგავთ, ამხანაგებო, დროს და დავედევნოთ თათრებს, თორემ ყველამ კარგად იცით, რა ხალხიც არიან თათრები: ნადავლს ჩვენ კი არ შეგვინახავენ, არ დაგვიცდიან, მაშინვე, ვინ იცის, როგორ მიაბნ-მოაბნევენ, მიაფარებენ, ასე რომ კვალსაც ვეღარ მივაგნებთ. მაშ, ჩემი რჩევა ეს არის: წავიდეთ. აქ უკვე საკმაოდ ვითარეშეთ. იციან ახლა ლიახებმა, კაზაკები რის შემძლებლები არიან: სარწმუნოების გულისათვის, რამდენადაც კი ამის ღონე შეგვწევდა, მაგიერი გადავუხადეთ; დამშეულ ქალაქს კი აბა იმდენს რას გამოვრჩებით. ამრიგად, ჩემი რჩევა ის არის, რომ წავიდეთ.

– წავიდეთ! – გაისმა ხმა ზაპოროჟიელების კურენებიდან.

მაგრამ არ მოეწონა ტარას ბულბას კოშევოის სიტყვა. შეჭმუხნილი, ჭაღარაშერთული წარბები უფრო ძლიერად გადმოეფარა თვალებზე, თითქოს ჯაგებია მაღალი მთის ქედზე ამოსული და წვეროებზე ჩრდილოეთის ჭირხლი მოუკიდებიაო.

– არა, კოშევოი, შენი რჩევა სამართლიანი არ არის! – მიუგო მან. – როგორც საჭიროა, ისე ვერ ამბობ. დაგავიწყდა უთუოდ, რომ ჩვენები ლიახებმა ტყვედ წაიყვანეს! ეტყობა, გინდა დავივიწყოთ და შევლახოთ უწმინდესი და უპირველესი კანონი ამხანაგობისა და ჩვენი მოძმეები მტერს დავუტოვოთ, რომ ცოცხლებს ტყავი გააძრონ, ნაკუწ-ნაკუწ აქციონ, ქალაქები და სოფლები შემოატარონ, როგორც ეს გეტმანსა და საუკეთესო რუს გმირებს უყვეს უკრაინაში. განა უამისოდ კი ნაკლებ შეურაცხყვეს ჩვენი წმიდათაწმიდა? მაშ რაღა ვართ? გეკითხებით უველას, რაიღა ვართ? რაღა კაზაკია ის კაცი, რომელიც გაჭირვების დროს, როგორც ძაღლს, თავს მიანებებს ამხანაგს და უცხოეთში ამოაღრძობს? რაკი აგრეა, თუ თქვენში კაზაკის პატიოსნება აღარავის არად მიაჩნია, რაკი ნებას აძლევთ, რომ ჭაღარა ულვაშში გაფურთხებდნენ და სიტყვით შეურაცხგყოფდნენ, დეე, მე მაინც ნუღარავინ მისაყვედურებს; მე დავრჩები მარტო!

შეყოყმანდნენ ზეპოროჟიელები.

– მერე დაგავიწყდა განა, მამაცო პოლკოვნიკო, – უპასუხა კოშევოიმ, – რომ თათრებსაც ჰყავთ წაყვანილი ჩვენი ამხანაგები, რომლებსაც, თუ ახლავე არ დავიხსნით, წარმართებს მიჰყიდიან სამუდამოდ მონებად, რაც ყოველგვარ სიკვდილზე უარესია? დაგავიწყდა განა, რომ მთელი ჩვენი ხაზინა, ქრისტიანთა სისხლით მონაგარი, ახლა იმათ ხელშია!

დააფიქრა კაზაკები ამ სიტყვებმა, აღარ იცოდნენ, რა ეთქვათ. არავის არ უნდოდა სახელი გაეტეხა. წამოდგა მაშინ მთელ ზაპოროჟიეში ყველაზე მოხუცი კასიან ბოვდიუგი. კაზაკები ყველანი პატივსა სცემდნენ; ორჯერ კოშევოიდ იყო და ბრძოლაშიაც სახელი ჰქონდა განთქმული, მაგრამ დიდი ხანია მოხუცია და ლაშქრობაში მონაწილეობას აღარ იღებდა; არ უყვარდა არც რჩევის მიცემა. იწვა ხოლმე მოხუცი მხედარი მხარ-თეძოზე შორიახლო, როცა კაზაკები დასხდებოდნენ და ერთმანეთს ლაშქრობისა და სხვა საგმირო საქმეებს უამბობდნენ. არასოდეს ლაპარაკში არ ჩაერეოდა, მხოლოდ ყურს უგდებდა, თან პირიდან გაუგდებელ ჩიბუხს თითით ფერფლს უტკეპნიდა ხოლმე. კიდევ დიდხანს იჯდა ოდნავ თვალებმოხუჭული ბოვდიუგი და ვერავინ შეატყობდა – ეძინა თუ ისევ ყურს უგდებდა. ყველა ლაშქრობის დროს შინა რჩებოდა ხოლმე ბოვდიუგი, მაგრამ ამჟამად ომში წასვლის სურვილმა გაიტაცა. გააქნია ხელი კაზაკურად მოხუცმა და თქვა: "რაც იქნება, იქნება! მეც წამოვალ, იქნებ გამოვადგე რითიმე კაზაკობასაო!"

ყველამ სული გატვრინა ახლა, ბოვდიუგი რომ კრების წინ დაინახეს გამოსული, რადგანაც დიდი ხანია იმის პირიდან აღარავის არა გაეგონა. სუყველას უნდოდა შეეტყო, ბოვდიუგი რას იტყოდა.

– დადგა რიგი, ძმანო პანოვე, მეც ვთქვა სიტყვა! – დაიწყო ბოვდიუგმა, – ყური დამიგდეთ, შვილებო, მოხუცი რას გეტყვით. ბრძნული სიტყვა თქვა კოშევოიმ. როგორც უფროსი კაზაკთა ჯარისა, მოვალეა მფარველობა გაუწიოს და ჯარის სიმდიდრე-ქონებაზე იზრუნოს, ამაზე გონივრულს სხვას ვეღარას იტყოდა! აი, ეს არის ჩემი პირველი სიტყვა. ახლა კი ყური დაუგდეთ, რა იქნება ჩემი მეორე სიტყვა: ტარასმაც, პოლკოვნიკმაც – ღმერთმა ადღეგრძელოს, დეე, ამისთანა პოლკოვნიკები ბევრი ჰყავდეს უკრაინას – ძალიან მართალი თქვა! პირველი მოვალეობა და პატიოსნება კაზაკისა ის არის, რომ ამხანაგობა დაიცვას. რამდენი ხანია ვცხოვრობ და არსად გამიგონია, რომ კაზაკს ან თავი დაენებებინოს ამხანაგისათვის, ან გაეყიდოს როგორმე. ესენიცა და ისინიც ორივენი ჩვენი ძმები არიან, – ბევრი არიან თუ ცოტა, სულ ერთია, სულ ამხანაგები, ძვირფასები არიან. აი, ამიტომ რას გეტყვით: ვისაც თათრებისგან წაყვანილები ენანება, ისინი თათრებს დაედევნონ, ხოლო ვისაც ლიახების მიერ დატყვევებულებზე შესტკივა გული, ისინი აქ დარჩნენ. კოშევოი ერთ ნახევარს თათრებში გაჰყვება, მეორე ნახევარი კი თავისთვის დროებით ატამანს ამოირჩევს, დროიებით ატამანად კი, თუ ჩემს ჭაღარას გაუგონებთ, ტარას ბულბაზე უკეთესს ვერავის ამოირჩევთ. ჩვენგანი მაგას მამაცობაში ვერავინ შეედრება.

თქვა ბოვდუიგმა და გაჩუმდა; გაუხარდათ კაზაკებს, რომ მოხუცმა ასე კარგად დაარიგა. მაღლა ისროლეს ქუდები და იწყეს ყვირილი:

– გმადლობთ, ბატკო! სდუმდი ერთთავად, არას ამბობდი, მაგრამ ბოლოსა თქვი და როგორ კარგად! ტყუილად კი არ ამბობდი, სალაშქროდ რომ ემზადებოდი, იქნება კაზაკობას გამოვადგეო. მართლა ასრულდა.

– თანახმანი ხართ ამაზე? – დაეკითხა კოშევოი.

– ყველანი! – შეჰყვირეს კაზაკებმა.

– მაშ ამით დავამთავროთ?

– დავამთავროთ!

– ახლა კი ყური დაუგდეთ, შვილებო, ბრძანებას! – თქვა კოშევოიმ, წამოდგა წინ და ქუდი დაიხურა. ზაპოროჟიელებმა კი მაშინვე ქუდები მოხადეს და თვალები დახარეს, როგორც ეს ჩვეულებად ჰქონდათ, როცა ვინმე უფროსი ელაპარაკებოდათ.

– გაიყავით ახლა, ძმანო! ვისაც წასვლა უნდა, მარჯვნივ დადექით: ვისაც დარჩენა – მარცხნივ! საითაც კურენის ნაწილი გადავა, ატამანიც იმას გაჰყვება, თუ მცირე ნაწილი გადავა, იგი სხვა კურენებს შეუერთდება.

გადავიდა ყველა – ზოგი მარჯვნივ, ზოგი მარცხნივ, საითაც კურენის მომეტებული ნაწილი გადადიოდა, კურენის ატამანიც ამ ნაწილს მისდევდა, მცირე ნაწილი სხვა კურენებს უერთდებოდა. ამნაირად ორივე მხარეს თითქმის თანასწორად განაწილდა ხალხი. დარჩენა მოინდომეს მთელმა ნეზამაკოვის კურენებმა, პოპოვიჩის კურენის უმეტესმა ნაწილმა, მთელმა უმანის კურენმა, კანევისამ, სტებლიკივის კურენის მომეტებულმა ნაწილმა, ტიმოშევის კურენის ნახევარზე მეტმა. დანარჩენებმა გადაწყვიტეს თათრებს დადევნებოდნენ. ორივე მხარეს ბევრი იყო ბრგე და მამაცი კაზაკი. იმათ შორის, ვინც თათრების გამოკიდება გადაწყვიტა, იყვნენ ძველი ცნობილი მეომარი ჩერევატი, პოკოტიპოლე, ლემიში, პროკოპოვიჩი ხომა; დემიდ პოპოვიჩიც იმათ მხარეს გადავიდა, რაკი მეტად მოუსვენარი ხასიათისა იყო და ერთ ადგილას დიდხანს დარჩენა არ შეეძლო; ლიახებთან უკვე სცადა თავისი ძალა, უნდოდა ახლა თათრებთან ეცადა. კურენების ატამანებიდან მათთან იყვნენ: ნოსტიუგანი, პოკრიშკა, ნევილიჩკი. მამაცობით განთქმულმა მრავალმა სხვა კაზაკმაც გადაწყვიტა თავისი მძლავრი იარაღისა და მკლავის სინჯვა თათრებზე. ბევრი იყო სახელგანთქმული კაზაკი, რომლებმაც დარჩენა არჩიეს: კურენების ატამანები დემიტროვიჩი, კუკუბენკო, ვერტიხვისტი, ბალაბანი, ბულბას შვილი ოსტაპი. ბევრნი იყვნენ სხვა განთქმული და ზორბა კაზაკებიც: ვოვტუზენკო, ჩერევინჩენკო, სტეფან გუსკო, ოხრიმ გუსკა, მიკოლა გუსტი, ზაპოროჟნი, მეტელიცა, ივან ზაკრუტიგუბა, მოსი შილო, დეგტიარენკო, სიდორენკო, პისარენკო, მეორე პისარენკო, კიდევ სხვა პისარენკო და სხვა მრავალი მამაცი კაზაკი. ყველანი ესენი დიდი ხნის ნაცადი და ნავალი კაზაკები იყვნენ; ყოფილიყვნენ ანატოლიის ნაპირებზე, ყირიმის მლაშობებსა და ველებზე, დნეპრის შესართავ ყველა დიდ და პატარა მდინარეზე, დნეპრის ყველა კუნძულსა და უბეში, მოლდავთა, ვალახთა და თურქთა მიწაზე, დავლილი ჰქონდათ მთელი შავი ზღვა კაზაკთა ორსაჭიანი ნავებით; თავს დასხმიან ერთად ორმოცდაათი ნავით უდიდეს და უმდიდრეს ხომალდებს; დაუღუპავთ თურქთა არა ერთი და ორი კატარღა და დაუწვავთ, ვინ იცის, რამდენი ტყვია-წამალი. არა ერთხელ დაუხევიათ ძვირფასი აბრეშუმი და ხავერდი უბრალო ფეხის ჩვრებად, ბევრჯერ ამოუვსიათ ქისები ცეხინებით. შეჭმით ხომ იმდენი შეუჭამია თითეულ მათგანს, რომ ვერც კი მოსთვლის კაცი, სხვას საცხოვრებლად ეყოფოდა მთელ თავის სიცოცხლეში. ყველაფერი გაანიავეს: ქირაობდნენ მესაკრავეებს, ჰპატიჟებდნენ ქვეყნის ხალხს და ქეიფობდნენ, რომ ყველას ემხიარულა. ახლაც იშვიათად რომელიმე მათგანს არ ექნებოდა დამარხული დნეპრის კუნძულების ლელიან-ჩალიანებში ვერცხლის ფიალები, კულები, სამკლავურები; ეს იმიტომ, რომ თათარი მოულოდნელად სეჩს არ დასცემოდა და არ წაეღო. მაგრამ ვერ იპოვიდა თათარი ამ განძს, რადგანაც პატრონებსაც კი აღარ ახსოვდათ, სად ჰქონდათ იგი დაფლული. ასეთები იყვნენ ის კაზაკები, ვინც დარჩენა და ქრისტეს სარწმუნოებისა და ერთგული ამხანაგებისათვის მაგიერის გადახდა გადაწყვიტეს! მოხუცმა კაზაკმა ბოვდიუგმაც მათთან დარჩენა მოისურვა: "იმ ხანში აღარა ვარ, რომ თათრების უკან გამოკიდება შევძლო, აქ კი შეიძლება კაზაკისათვის სასახელო სიკვდილით დავასრულო ჩემი სიცოცხლე. დიდი ხანია ვთხოვდი ღმერთს, თუ მოვკვდე, სჯობს ისევ ომში დავლიო-მეთქი სული ქრისტიანობის წმინდა საქმისათვის მებრძოლმა. ამისრულდა კიდეც. უფრო სასახელო სიკვდილი მოხუცი კაზაკისათვის სხვა აღარ მეგულება".

როცა გაიყვნენ და დადგნენ ორპირად, კურენებად, ჩამოუარა კოშევოიმ და ჰკითხა:

– აბა, პანოვე ძმანო, ერთიმეორისა ხომ ორივე მხარე კმაყოფილი ხართ?

– ყველანი კმაყოფილი ვართ, ბატკო! – უპასუხეს კაზაკებმა.

– მაშ აბა აკოცეთ ერთმანეთს და გამოეთხოვეთ, რადგანაც ვინ იცის, ნახავთ კიდევ ერთმანეთს თუ არა. ყური უგდეთ ყველამ თქვენს ატამანს, მაგრამ ამასთან არც კაზაკის პატიოსნება შელახოთ.

მართლაც ყველა კაზაკმა, რამდენიც იყო, ერთმანეთი გადაკოცნა. პირველად დაიწყეს ატამანებმა: გადაისვეს ხელი ჭაღარა ულვაშებზე, ორივე მხარეს გადაჰკოცნეს ერთმანეთი და მაგრად ჩასჭიდეს ერთიმეორეს ხელი, თითქოს უნდოდათ ეკითხათ: "რაო, პანე ძმანო, ვნახავთ კიდევ ერთმანეთს თუ არა?" მაგრამ სდუმდნენ, არ უკითხავთ, – ჩაფიქრდა ორივე ჭაღარა თავი. კაზაკებიც ყველანი ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, რადგანაც ორივე მხარემ კარგად იცოდა, რა საძნელო საქმე ელოდათ. მაგრამ მაშინვე არ გაყრილან, შეღამებას დაუცადეს, რომ მტერს ეს შემცირება ჯარისა არ შეენიშნა. მერე ყველა თავ-თავის კურენისაკენ წავიდა სასადილოდ.

სადილის შემდეგ ყველა წამსვლელმა ღრმად და გულიანად დაიძინა, თითქოს გრძნობენო, რომ იქნება უკანასკნელადღა იძინებდნენ ასე თავისუფლად. მზის ჩასვლამდე აღარ გამოუღვიძიათ. ჩავიდა თუ არა მზე და ცოტათი შებინდდა, მაშინვე ფორნებს დაუწყეს მართვა და გასაპვნა, გამართეს ყველაფერი და ჯერ ფორნები გაგზავნეს; თვითონაც გამოემშვიდობნენ ერთხელ კიდევ ამხანაგებს და ჩუმად გაჰყვნენ ფორნებს. ქვეითებს უკან მიჰყვნენ ცხენოსნებიც წყნარად და მშვიდად, უყიჟინოდ. მალე ბნელეთში აღარც მოჩანდნენ. ყრუდ ისმოდა მხოლოდ ცხენის ფეხის ხმა და ჭრიჭინი ზოგიერთი ფორნისა, რომლისთვისაც ბნელში ან კარგად ვერ წაესვათ საპონი ან ჯერ კიდევ არ გამართულიყო სიარულში.

დიდხანს უქნევდნენ კიდევ დარჩენილები ამხანაგებს ქუდებს, თუმცა დანახვით ვეღარაფერს ხედავდნენ. როცა დაბრუნდნენ ბინებზე, აქღა შენიშნს გამოკაშკაშებულ ვარსკვლავებზე, რომ თითქმის ფორნების ნახევარი აღარსად იყო და ამხანაგთანაც ბევრი, ბევრი არსად ჩანდა. ყველას გული დასწყდა, უნებურად ყველა დაფიქრდა, მოწყენილად ჩაჰკიდეს თავი.

ხედავდა ტარასი, როგორ მოიწყინეს კაზაკებმა, როგორ დანაღვლიანდა ყველა, რაც მათ მამაცობას სრულიად არ შეჰფეროდა. მაგრამ სდუმდა ტარასი: უნდოდა ამხანაგების დაშორებით გამოწვეულ ამ ნაღვლიანობასაც შესჩვეოდნენ, დრო გასულიყო. თან კი ამ დუმილის დროს ფიქრობდა, უცბად დაეკრა ყიჟინა კაზაკურად და გაეღვიძებინა ყველა, რომ ყველას უცბად და უფრო მეტი ძალით დაბრუნებოდა მხნეობა სულისა, რის ნიჭი მხოლოდ სლავთა ძლიერსა და ლაღ მოდგმასა აქვს; სხვებთან შედარებით იგი მართლაც ისეა, ვით ზღვა პატარა მდინარეებთან. თუ დროა შფოთიერი, მთლად ქუხს, ღრიალებს, ღელავს, ზვირთებს აყენებს, რაც სუსტ მდინარეებს არ შეუძლიათ; მაგრამ თუ სიწყნარეა, ქარი არა ქრის, მაშინ ყველა მდინარეზე უფრო გამჭვირვალედ გადაშლის თავის თვალუწვდენელ სარკისებრ ზედაპირს, რომელიც მარად ატკბობს თვალს.

ბოლოს უბრძანა ტარასმა მსახურთ ერთი ცალკე მდგომი ფორანი გაეხსნათ. ყველაზე დიდი და მაგარი იყო ეს ფორანი მთელ კაზაკთა ბანაკში; დიდრონ თვლებს ორპირად მაგარი სალტეები ჰქონდა შემოჭერილი; მძიმედ იყო დატვირთული, ჩულითა და ტყავით გადახურული, გაფისული თოკებით დაშარტული. ფორანში სულ საუკეთესო ძველი ღვინოები იყო კონჩხოებითა და კასრებით, რომლებიც დიდი ხანია ტარასს სარდაფებში ელაგა. ტარასს წამოეღო თან იმ შემთხვევისათვის, რომ თუ სადმე დიდებული წამი და ისეთი საქმე შეემთხვეოდათ, ღირსი იქნებოდა შთამომავლობას სახსოვრად დარჩენოდა, ამ შემთხვევაში ყველა კაზაკს უკლებლივ რგებოდა ეს ძველი ღვინო და ყველას დიადი საქმის შესაფერისად დიდებული გრძნობა გაღვიძებოდა. მოჰკრეს თუ არა ყური პოლკოვნკის ბრძანებას, ეცნენ მაშინვე მსახურნი, დააჭრეს დაშნებით მაგარი თოკები, დახსნეს სქელი ტყავები, ჩულები და კონჩხოებსა და კასრებს დაუწყეს ფორნებიდან გადმოლაგება.

– აიღეთ, დალიეთ, – ეუბნებოდა ბულბა, – რაც არის, სულ დასცალეთ. ვისაც კი რამ გაქვთ: ჩამჩა, სახაპელა, თათმანი, ქუდი, თუნდ ორთავ პეშვი შეუშვირეთ, – აივსეთ.

კაზაკებსაც მოჰქონდათ ზოგს ჩამჩა, ზოგს ცხენების დასაწყურვებელი სახაპელა, ზოგს ქუდი, ზოგს თათმანი, სხვები პეშვებს უშვერდნენ. ჩამოუარეს ტარასისი მსახურებმა კაზაკთა წყებებს და უსხამდნენ კონჩხოებიდან და კასრებიდან ღვინოს, მაგრამ განკარგულება გასცა ტარასმა, რომ კარგ, ძველ ღვინოს დიდი ძალა ჰქონდა და კაცის გამაგრება შეეძლო, მაგრამ არც ის დაუვიწყნია, რომ ზედ დართულ შესაფერ სიტყვას ერთიორად შეეძლო ამ ძალის გამაგრება და კაცის გამხნევება.

– გპატიჟებთ, პანე ძმანო, – დაიწყო ბულბამ, – არა იმიტომ, რომ ატამანად ამომირჩიეთ, თუმცა ამით დიდი პატივისცემა გამომიცხადეთ, არცთუ ჩვენი ამხანაგების გამოთხოვების გამო, – ერთსაც და მეორესაც სხვა დრო შეეფერება. ახლა გარემოება ამის ნებას არ გვაძლევს. წინ გვიდევს დიდი და ძნელი საქმე კაზაკთა მამაცობის გამოჩენისა! მაშ, დავლიოთ, ძმანო, ერთად და უპირველეს ყოვლისა წმინდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას ვუსურვოთ: დეე, დაგვიდგეს ისეთი დრო, რომ ყველგან დედამიწაზე ერთი წმინდა სარწმუნოება იყოს გავრცელებული და ყველა ბუსურმანი ქრისტიანი გახდეს! ბარემ ერთად სეჩის სადღეგრძელოც დავლიოთ, რომ დიდხანს შეურყეველი იყოს მუსულმანობის დასათრგუნად, რომ ყოველწლივ იძლეოდეს ერთიმეორეზე უკეთეს და უმამაცეს ვაჟკაცებს. ამასთან ერთად დავლიოთ ჩვენი სადღეგრძელოც, რომ სახელოვანი ვყოფილიყოთ და შვილებსა და შვილიშვილებს ეთქვათ, გვყვავდნენ მამა-პაპანი, რომელთაც ამხანაგობა არ შეარცხვინეს და თავის მოძმეთაგანი არავინ გასცესო. მაშ სარწმუნოებისა იყოს, ძმანო პანოვე, ეს სადღეგრძელო, სარწმუნოებისა!

– სარწმუნოების გამარჯვებისა იყოს! – ხმამაღლა შესძახა ყველამ, ვინც კი წინა რიგში იდგა.

– სარწმუნოების გამარჯვებისა იყოს! – გაიმეორეს შორსმდგომებმა და ყველამ, დიდმა და პატარამ, ერთად დალია.

– სეჩის გამარჯვებისა იყოს! – დაიძახა ტარასმა და ხელი მაღლა ასწია.

– სეჩის გამარჯვებისა იყოს! – გაისმა ხმამაღლა წინა რიგებში.

– სეჩის გამარჯვებისა იყოს! – გაიმეორეს წყნარად მოხუცებულებმა და ჭაღარა ულვაში ჩაუკრეს ერთმანეთს; შეიფრთხიალეს ახალგაზრდებმაც, თითქოს ახალგაზრდა შავარდნები არიანო, და გაიმეორეს: "სეჩის გამარჯვებისა იყოსო!"

და გაისმოდა შორს მინდვრად, თუ როგორ იგონებდნენ სეჩს კაზაკები.

– უკანასკნელი ყლუპი, ძმანო, ჩვენი სახელისა და დედამიწის ზურგზე ყველა ქრისტიანის სადღეგრძელო იყოს!

და კაზაკებმა ყველამ დალია უკანასკნელი ყლუპი სახელის მოპოვებისა და ყველა ქრისტიანის სადღეგრძელოდ, რაც კი დედამიწაზე ქრისტიანებია. და კიდევ დიდხანს ისმოდა კურენებისა და კაზაკების წყებებში: "გაუმარჯოს ყველას, რაც დედამიწის ზურგზე ქრისტიანიაო!"

სასმისებში აღარა ედგათ რა, მაგრამ კაზაკები მაინც ხელაშვერილები იდგნენ: მართალია მხიარულად იცქირებოდნენ, ღვინისაგან თვალები მთლად გაბრწყინებოდათ, მაგრამ მაინც ჩაფიქრებულნი ჩანდნენ. ახლა იმაზე კი არ ფიქრობდნენ, ვინ რას მოიხვეჭდა ბრძოლაში, ვის რამდენ ოქროს, ძვირფას იარაღს, ნაქარგ ტანსაცმელს ან ჩერქეზულ ცხენს არგუნებდა ბედი, – არა; ფიქრობდნენ, როგორც არწივები, შემომსხდარნი მაღალ დალიპულ კლდოვან მთათა მწვერვალებზე, საიდანაც შორად შორს უსაზღვრო გართხმული ზღვა მოჩანს, ჩიტებივით რომ მოფენილა გალერებით, ხომალდებითა თუ სხვა ნავჭურჭელით. იქ ნაპირებზე ბუზის ტოლად მოჩანს ქალაქები და ხშირი დაბურული ტყე ბალახივით ბიბინებს. არწივებივით გასცქეროდნენ ირგვლივ მთელ მინდორს კაზაკები და თითქოს თავის ბნელით მოცულ ბედს ხედავდნენ. ვაი, რომ მართლაც ასე იქნება: მთელ მინდორს, მიწებსა და გზებს დაფარავს მათი ძვლები, არემარე უხვად მოირწყვება მათი სისხლით, მოიფინება დამტვრეული ფორნებით, დამსხვრეული ხმლებითა და შუბებით; შორად იქნება გაფანტული მათი ჩუბიანი თავები, დაგრეხილი და ზედ სისხლშემხმარი თმითა და ჩამოშლილი ულვაშებით; დაესევიან არწივები და თვალებს ამოსჩიჩქნიან. მაგრამ დიდებული და სასახელო იქნება ეს ვრცელი და ფართოდ გაშლილი სიკვდილის მოედანი! არ დაიკარგება არასოდეს დიდსულოვანი საქმე და არც კაზაკთა სახელი გაჰქრება უნაყოფოდ, როგორც არ იკარგება დენთის ნამცეციც, თოფის ლულიდან გამომავალი. დიახაც აღმოჩნდება ვინმე მეფანდურე თეთრად გაპენტილი წვერით, ან ჯერ კიდევ ჭარმაგი, სულით მხნე, ოღონდაც თმაჭაღარა ბერიკაცი და მოუთხრობს ხალხს ამ გმირებზე, და მოეფინება მათი დიდება მთელ ქვეყანას, და ყველა, ვინც შემდგომ დაიბადება, მათ გმირობაზე ამეტყველდება. რამეთუ ძლიერია სიტყვა, ვით გუგუნი სპილენძის ზარისა, რომელსაც ოსტატმა ბლომად შეურია ძვირფასი ხალასი ვერცხლი, რათა მისი ხმა შორს გავარდეს, რათა შეიჭრას ყველგან, ქალაქებსა, სოფლებსა, ქოხებსა და პალატებში ეს საამური გუგუნი, ყველას ერთნაირად სალოცავად რომ იწვევს.
IX

არავის გაუგია ქალაქში, რომ ზაპოროჟიელების ნახევარი თათრებს გამოეკიდა. მართალია, მაგისტრატის კოშკიდან დაინახეს გუშაგებმა, რომ ერთი ნაწილი ფორნებისა ტყისკენ გაუდგა გზას, მაგრამ ეგონათ, ჩაესაფრენ კაზაკებიო; ასევე იფიქრა ფრანგმა ინჟინერმაც. ტყუილი არ გამოდგა კოშევოის სიტყვა; ქალაქში მართლაც სასმელ-საჭმელი შემოელიათ, რადგანაც წარსულ საუკუნეთა მაგალითისამებრ მოქცეულიყვნენ და არ ეფიქრათ, რამდენი რა დასჭირდებოდათ. სცადეს გამოსულიყვნენ ქალაქიდან, მაგრამ გამბედავების ნახევარი იქვე ამოწყვიტეს კაზაკებმა, მეორე ნახევარიც უკან შერეკეს ქალაქში ხელცარიელები. მაგრამ ურიებმა ისარგებლეს ქალაქიდან ამ ხანმოკლე გამოსვლით და ყოველივე შეიტყვეს: სად და რად წავიდნენ ზაპოროჟიელნი, თან რომელი სარდლები გაჰყვნენ, რომელი კურენი, და სულ რამდენი წავიდა, ან ადგილობრივ რამდენნი დარჩნენ და რასა ფიქრობდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ; ერთი სიტყვით, რამდენსამე წუთის შემდეგ ქალაქში ყველაფერი იცოდნენ. გული მიეცათ პოლკოვნიკებს და საბრძოლველად მზადება იწყეს. ტარასმა მოძრაობასა და ხმაურზე უკვე შეიტყო, რომ ქალაქში დიდ მზადებაში იყვნენ; ამიტომ თვითონაც დაფაცურდა, განკარგულებებს იძლეოდა, საქმიანობდა; კურენებიდან შეადგინა სამი ბანაკი და გარშემო სიმაგრეებივით ფორნები შემოარტყა, – ბრძოლის წესისამებრ, რომელშიაც ზაპოროჟიელები უძლეველნი იყვნენ ხოლმე. ორ კურენს ჩასაფრება უბრძანა. მინდვრის ერთ ნაწილზე დაასო წვეტიანი პალოები, შუბები, იარაღის ნამტვრევები, რომ შემთხვევის დროს მტრის ცხენოსანი ჯარი როგორმე იქ მიერეკათ. როდესაც ყველაფერი რიგზე გააკეთებინა, სიტყვით მიმართა კაზაკებს, იმიტომ კი არა, რომ გაემხნევებინა, არა, უიმისოდაც მხნედ და უშიშრად იყვნენ ყველანი, – ისე, თვითონ სურდა ამოეთქვა, რაც გულში ედო:

– მინდა, პანოვე, გითხრათ, თუ რა არის ჩვენი ამხანაგობა. მამა-პაპისაგან ყველას გექნებათ გაგონილი, თუ ჩვენი მამული ყველასაგან როგორ პატივცემული ყოფილა: ბერძნებისათვისაც თავი უცნობებიათ, ცარგრადიდანაც ოქროები წამოუღიათ; ქალაქებიც მშვენიერი ჰქონიათ, ტაძრებიც, თავადებიც, რუსთა გვარისა, თავისი ჰყოლიათ და არა ვითომ მორწმუნე კათოლიკები. ყველაფერი ბუსურმანებმა წაიღეს, ყველაფერი დავკარგეთ, დავრჩით მხოლოდ ჩვენ ობლადა, და ჩვენი მამულიც ისე დაობლებულია, როგორც ქვრივი კაი ვაჟკაცი ქმრის დაკარგვის შემდეგ. აი, ასეთ დროს მივეცით საამხანაგოდ ერთმანეთს ხელი! ამაზეა ჩვენი ამხანაგობა დამყარებული! ამხანაგობაზე წმინდა კავშირი დედამიწის ზურგზე არსად არსებობს. მამას უყვარს თავისი შვილი, დედასაც უყვარს, შვილსაც უყვარს თავისი მშობლები; მაგრამ ამხანაგობა სულ სხვაა, ძმებო; ნადირსაც უყვარს თავისი ლეკვი! მაგრამ დანათესავება – სისხლით კი არა, სულიერად – მხოლოდ ადამიანს შეუძლია. სხვა ქვეყნებშიაც იციან ამხანაგობა, მაგრამ მისი მსგავსი არსად იქნება, როგორც რუსეთში. ბევრჯერ მოგხდომიათ ყველას უცხო ქვეყნად გადაკარგვა: ხედავ: იქაც ხალხია! ისეთივე ღვთის ქმნილება ადამიანი, როგორც შენ, ისევე ემუსაიფები, როგორც შენსას; მაგრამ როგორც კი საქმე იმაზე მიდგება, რომ გულითადი სიტყვა უნდა უთხრა, ხედავ, არა, არ ეწყობა: ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ისეთი არა, როგორც შენია; შენგვარივე ხალხია, მაგრამ არა შენებური! არა, ძმებო, ისეთი სიყვარული, როგორც რუსს შეუძლია, – სიყვარული არა მხოლოდ გონებით ან სხვა რითიმე, არა, სიყვარული მთელი სულითა და გულით, მთელი არსებით, როგორც ღმერთს გაუჩენიხარ, – არა, ასეთი რამ... ტარასმა გაიქნია ხელი, ჭაღარა თავი შეარხია, ულვაში შეათამაშა და განაგრძო: – არა, ასეთი სიყვარული არავის არ შეუძლია! ვიცი, ჩვენშიაც ბევრი რამ გაუკუღმართდა გაბედასლდა; ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, პურის ზვინები ედგათ, ცხენის ჯოგები ჰყავდეთ, საკუჭნაოში კიდევ გაუხსნელი, დაბეჭდილი თაფლის სასმელები ჰქონდეთ. ეშმაკმა იცის, რაგვარ ბუსურმანთა ჩვეულება არ გადმოიღეს; დედაენას აღარ კადრულობენ, თვისტომი ერთიმეორეს არ ელაპარაკება; უსულო საგნებივით სავაჭრო მოედანზე ერთმანეთს ჰყიდიან. უცხო მეფის წყალობა, და მეფისაც არა, პოლონელი მაგნატის მცირე წყალობაც კი, იმ მაგნატისა, რომელიც თავის ყვითელი წაღით ცხვირ-პირში სცემს, მათ ამხანაგობაზე ძვირფასად მიაჩნიათ. მაგრამ ასეთ ადამიანებსაც, სხვის წინაშე ქედმოდრეკილ უკანასკნელ გარეწარსაც შერჩენია, ძმებო, რუსობის მცირედი გრძნობა. ამათშიაც გაიღვიძებს ოდესმე ეს გრძნობა და ბედშავები იატაკს დაემხობიან; იტაცებენ თავში ხელს და თავის სამარცხვინო საქმესა და სიცოცხლეს საქვეყნოდ შეაჩვენებენ, დანაშაულს ტანჯვით მოინანიებენ. დეე, იცოდეს ყველამ, რუსთა მიწაზე ამხანაგობა რას ნიშნავს! თუ სიკვდილზე მიდგება საქმე, აქაც ვერავინ მათგანი ვერ მოახერხებს ჩვენებრ დალიოს სული! წრუწუნას ღონე და ძალა ამას ვერ შეაძლებინებს!

ამას ამბობდა ატამანი და თან საკაზაკო საქმეებში გაჭაღარავებულ თავს არხევდა. ძლიერმა სიტყვამ ყველაზე იმოქმედა, ყველას გულს ჩასწვდა; ყველაზე მოხუცნიც კი უძრავად იდგნენ და ჭაღარა თავები ძირს ჩაეკიდათ, თვალები ცრემლებით მოჰნამვოდათ და სახელოებით მძიმედ იწმენდნენ. ბოლოს, თითქოს ერთმანეთს სიტყვა მისცესო, ყველამ ერთად გაიქნია ხელები და ჭირში ნაცადი თავები შეარხიეს. ეტყობოდა, მოხუცი ტარასის სიტყვებმა ბევრი რამ კარგი და ნაცნობი მოაგონა ყველას, ისეთი, რაც მწუხარებაში, შრომაში, ვაჟკაცობაში და ათასგვარ გაჭირვებაში ნაწრთობ კაცს მოეძებნება ხოლმე გულში და რაც, მოხუც მშობელთა სასიხარულოდ, ახალგაზრდათა მარგალიტ სულს თუმცა ჯერ არ გამოუცდია, მაგრამ უკვე უგრძვნია.

ქალაქიდან ამ დროს მტრის ჯარი უკვე დაიძრა. ისმოდა დაფდაფისა და საყვირის ხმა, კარიბჭიდან გამოდიოდნენ დოინჯშემოყრილი პოლონელი თავად-აზნაურები, თავის ურიცხვ მსახურებით გარშემორტყმულები. ზორბა პოლკოვნიკი განკარგულებას ახდენდა, ბრძანებას იძლეოდა. შეუტიეს კაზაკთა გამაგრებულ ბანაკებს, ემუქრებოდნენ, უმიზნებდნენ თოფებს და თან თვალებს აბრიალებდნენ, სპილენძის საჭურველს აელვარებდნენ. როგორც კი ნახეს კაზაკებმა, რომ სათოფეზე მიუახლოვდნენ, დააგრიალა ყველამ ერთად შვიდწყრთიანი სიათები და აღარ შეუწყვეტიათ, გაბმით ესროდნენ. შორს გაისმა თოფების ძლიერი გრიალი გარეშემო მინდვრებსა და ყანებში და ბოლოს განუწყვეტლივ გრგვინვად ერთდებოდა. მინდორი მთლად ბოლში გაეხვია; ზაპოროჟიელები კი ისევ ისე უსვენებლივ ისროდნენ: უკანანი წინა მსროლელებს თოფებს უტენიდნენ და ამით პოლონელთა ჯარი განცვიფრებაში მოჰყავდათ: ვერ გაეგოთ, თუ როგორ ისროდნენ კაზაკები ისე, რომ თოფებს არა სტენიდნენ. ორივე ჯარს შუა ჩამდგარ თოფისწამლის ბოლისაგან აღარ ჩანდა, თუ ჯარის წყება აქა-იქ როგორა თხელდებოდა; მაგრამ გრძნობდნენ ლიახები, რომ ტყვია სეტყვასავით მოდიოდა, საქმე მწვავდებოდა. უკან რომ დაიხიეს და ჯარს თვალი გადაავლეს, ნახეს, რომ ძალიან ბევრი დაჰკლებოდათ. კაზაკებს კი ასზე სულ ორი-სამი კაცი არ დაზარალებოდათ. უშენდნენ ისევ განუწყვეტლივ კაზაკები ტყვიებს და მტერს ერთწამს მოსვენებას არ აძლევდნენ. თვითონ უცხოელი ინჟინერიც განცვიფრებული იყო ასეთი უნახავი ტაქტიკით და ამბობდა ყველასთან: "მამაცები ყოფილან ზაპოროჟიელნი! ასე უნდა იბრძოდნენ სხვანიც ყველგანო!". მერე ურჩია, ზარბაზნები პირდაპირ ზაპოროჟიელთა ბანაკისკენ მიებრუნებინათ. იგრიალა პირგანიერმა თუჯის ზარბაზნებმა; დედამიწა შეირყა, გაისმა ზუზუნი და მინდორს უფრო სქლად გადაეკრა ბოლი. შორეულ და განაპირა ქალაქებში ქუჩებსა და მოედნებზე ყველგან თოფისწამლის სუნი ავარდა. მაგრამ მიზანი მაღლა დაეჭირათ, გავარვარებულმა ყუმბარებმა მღლა წრე შემოავლო, საზარელი ზუზუნით გადაუარა თავზე ზაპოროჟიელთა ბანაკს, ღრმად გაარღვია დედამიწა, აფეთქდა და მაღლა აიტაცა შავი მიწა. იტაცა თავში ხელი ფრანგმა ინჟინერმა, რომ ასეთი საქმის არცოდნა გამოიჩინეს მსროლელებმა, და ახლა თვითონ დაიწყო ზარბაზნების დამიზნება, თუმცა კაზაკები განუწყვეტლივ უშენდნენ ტყვიას.

შორიდანვე შეამჩნია ტარასმა, რომ ნეზამაიკოვისა და სტებლიკოვის კურენებს დაღუპვა არ ასცდებოდათ და შეუყვირა ომახიანად: "ფორნებს გაეცალეთ, ჩქარა გაეცალეთ ყველანი და ცხენებზე შესხედით!" მაგრამ ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ მოასწრებდნენ უთუოდ კაზაკები, დროზე რომ არ მოესწრო ოსტაპს და მტრის შუაგულში არ შეჭრილიყო: მან ექვს მეზარბაზნეს პატრუქები დააყრევინა; ოთხს კი ვეღარაფერი მოუხერხა: უკუაგდეს ლიახებმა. მაშინ აიღო პატრუქი ხელში თვითონ უცხოელმა კაპიტანმა და მიიტანა უდიდეს ზარბაზანთან, რომლის ტოლი ჯერ კაზაკებს არსად ენახათ. საზარლად იდგა იგი პირდაღებული და ათასი სიკვდილი გამოიყურებოდა იქიდან. დაიგრიალ-დაიგრგვინა მან, მასთან ერთად სამმა ზარბაზანმა კიდევ სხვამ და აზანზარდა დედამიწა: ბევრი მწუხარება მოიტანა ამ ზარბაზნებმა! არა ერთი და ორი კაზაკის დედა ჩაიკრავს გამხმარ ხელებს გულში და აქვითინდება მწარედ; არა ერთი და ორი დაქვრივდება გლუხოვსა, ნემიროვსა, ჩერნიგოვსა და სხვა ქალაქებში. ბევრჯერ გამოვარდება საბრალო ბაზარში და ჩააცქერდება თვალებში ყველას, ვინც კი შეხვდება, ჩემი ძვირფასი ქმარი ხომ არ არისო; მაგრამ ბევრჯერ გაივლის ქალაქად ჯარი იმათში იგი თავის ძვირფასს ვეღარ იხილავს.

თითქოს ნეზამაიკოვის კურენის ნახევარი სულაც არ ყოფილაო, ისე ამოიჟლიტა! როგორც სეტყვა წამოუვლის ოქროს თავთავებით დამშვენებულ ყანას და მთლად მილეწავს, ძირს დასცემს, ისე ამოხოცა და ამოჟლიტა ისინი ზარბაზნის ყუმბარებმა.

აენთნენ კაზაკები! ეკვეთნენ მტერს! გაცეცხლდა კურენის ატამანი კუკუბენკო, რომ კურენის საუკეთესო ნახევარი მთლად ამოეჟლიტა, და დანარჩენი ნახევრით შიგ შუაგულ ჯარში შეიჭრა. კომბოსტოსავით აჰკაფა გაბრაზებულმა ვიღაცა შეფეთებული მეომარი, ბევრი ცხენიდან გადმოაგდო, სხვები ცხენიდან შუბით განგმირა; მეზარბაზნეებს მიეჭრა, ერთი ზარბაზანი წაართვა და ნახა, რომ უმანის ატამანიც იქ იბრძვის, სტეფან გუსკა კიდევ დიდ ზარბაზანს ართმევს მტერს. დასტოვა აქ ესენი და თვითონ თავისი მეომრებით სხვა მხარეს ეკვეთა შეჯგუფებულ მტერს: საითაც კი ნეზამაიკოველებმა გაიარეს, ქუჩა გაიყვანეს, საითაც შეუხვიეს, ქუჩის შესახვევი გაკეთდა! ჩანდა, ძნასავით როგორ წვებოდნენ და თხელდებოდნენ ლიახთა ჯარის წყებები! ახლო ფორნებთან ვოვტუზენკო იბრძოდა, წინ – ჩერევიჩენკო, შორეულ ფორნებთან – დეკტიარენკო, მერე კურენის ატამანი ვერტიხვისტი. ორი შლიახტიჩი ააგო დეკტიარენკომ შუბის წვერზე და ახლა მესამეს შეუტია, რომელიც მეტად შეუპოვარი აღმოჩნდა. მარდი და მაგარი აგებულებისა იყო ლიახი, მშვენივრად მორთული, თან ორმოცდაათამდე მარტო მსახური ახლდა. მედგრად დაუდგა იგი დეკტიარენკოს. ბოლოს ცხენიდანაც გადმოაგდო, ხმალი აღმართა და შესძახა: "კაცი არ მოიძებნება თქვენში, ძაღლო კაზაკებო, ვინც მე გამიმკლავდებაო!".

– ოღონდაც რომ მოიძებნებიან! – გაისმა ხმა და გადაუდგა წინ კაზაკი მოსი შილო. ღონიერი რამ იყო შილო, არაერთხელ ყოფილა ატამანად ზღვაზე და ბევრი გაჭირვება უნახავს. ერთხელ დაატყვევეს თურქებმა იგი სხვა კაზაკებთან ერთად ტრაპიზონთან და წაიყვანეს გალერით, გაუყარეს ხელ-ფეხში რკინის ბორკილი, მთელი კვირაობით არას აჭმევდნენ და მხოლოდ გულისამრევ ზღვის წყალს ასმევდნენ. ყველაფერს ითმენდნენ საბრალო ტყვენი, ოღონდ მართლმადიდებელი სარწმუნოება კი შეენარჩუნებინათ. ვეღარ მოითმინა ატამანმა მოსი შილომ, უღალატა სარწმუნოებას, გათელა ფეხით წმინდა კანონი, მოიბურდნა ცოდვილ თავზე ბილწი დოლბანდი და ამით მოიპოვა ფაშის ნდობა, ტყვეების უფროსობა და გემის მეკუჭნავეობა ჩააბარეს. დაღონდნენ საშინლად საბრალო ტყვეები, რადგანაც იცოდნენ, რაკი იმათგანი ვინმე სარწმუნოებას უღალატებდა და მტარვალებს მიეხმარებოდა, უარესად მოეპყრობოდა იგი თავის ამხანაგებს, ვიდრე სხვა ურჯულო ვინმე. მართლაც ასრულდა: მოსი შილომ ყველას ახალი ბორკილები დაადო, გადააბა სამ-სამი ერთად, დაძაგრა მაგრად თოკებით ძვლებამდე და კინწისკვრით თითქმის ყველას კისრები დასწყვიტა. გაეხარდათ თურქებს, ასეთი ყმა ვიშოვნეთო, ქეიფს მიჰყვეს ხელი და რჯულის წინააღმდეგ ლამაზად გამოითვრნენ. მოიტანა მაშინ შილომ ყველა სამოცდაოთხი გასაღები, დაურიგა ტყვეებს, რომ ბორკილები დაეხსნათ და ზღვაში გადაეყარათ, მისცა ყველას ხმლები და მთლად ამოაჟლეტინა თურქები. დიდი სიმდიდრე და ქონება წამოიღეს მაშინ, დიდი სახელით დაბრუნდნენ კაზაკები სამშობლოში და დიდხანს უქებდნენ მეფანდურეები მოსი შილოს ვაჟკაცობასა და ერთგულებას. კოშევოიდაც აირჩევდნენ შილოს, მაგრამ იგი რაღაც უცნაური კაზაკი იყო. ხანდახან ისეთ საქმეს ჩაიდენდა, ბრძენიც ვერ მოიგონებდა, ხოლო ზოგჯერ სისულელე შეუჯდებოდა კაზაკს. ყველაფერი ლოთობასა და ქეიფში შეჭამა. ყველასი ემართა რამ სეჩში. ამას გარდა, შეიპარა ერთხელ ქურდივით ღამე უცხო კურენში, დასტაცა ცხენის მოკაზმულობას ხელი და მედუქნეს დაუგირავა. ამ სამარცხვინო საქმისათვის მიაკრეს იგი ბოძზე და მის გვერდით დასდეს კეტი, რომ ყველა გამვლელს, შეძლებისამებრ, თითო მაინც დაერტყა; მაგრამ ზაპოროჟიელებში ისეთი არავინ აღმოჩნდა, მის წინააღმდეგ ხელი გამოეღო, რადგან კარგად ახსოვდათ მისი დამსახურება. ასეთი იყო კაზაკი მოსი შილო.

"არიან, არიან ისეთებიც, რომლებიც თქვენისთანა ძაღლებსა ხოცავენო!" – უპასუხა მან და მტერს ეკვეთა. შეიქნა ხმლების ტრიალი! დააჭრეს ერთმანეთს სამხრეები, ჩაეჯეჯკათ და დაეღუნათ ორივეს სამკერდეები. ლიახმა შილოს რკინის პერანგი ჩააფხრიწა, ხმალმა კანამდე უწია: პერანგი სისხლით შეეღება, მაგრამ არ მიაქცია ამას შილომ ყურადღება და, რაც მკლავში ღონე ჰქონდა, მედგრად შემოუქნია. ძვალმსხვილი, ღონიერი მკლავი ჰქონდა შილოს და თავში სთხლიშა. დაემსხვრა ლიახს სპილენძის ჩაჩქანი, წაბარბაცდა და ბრახვანი მოადინა; შილო კი მიადგა და დაუწყო თავბრუდასხმულს ჩეხვა. ნუ სჩეხავ მტერს, კაზაკო, სჯობს მიიხედო უკან! არ მიიხედა კაზაკმა, და მოკლულის ერთმა მსახურთაგანმა ყელში დანა ჩასცა. მობრუნდა შილო და ბედს აწყევლინებდა უთუოდ გამბედავ მსახურს, მაგრამ იგი თოფისწამლის ბოლმა დაფარა. ყოველი მხრიდან თოფებს გაჰქონდა გრიალი: წაბარბაცდა შილო და იგრძნო, რომ სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. დაეცა, დაიდო ხელი ჭრილობაზე, მიუბრუნდა ამხანაგებს და უთხრა: "მშვიდობით, ძმებო, ამხანაგებო! დეე, მარადის შეურყეველი და სახელოვანი იყოს მართლმადიდებელი რუსეთის მიწა-წყალი!" დახუჭა შილომ მოუძლურებული თვალები, და სული კაზაკისა მკაცრ ტანს გაშორდა. იქით კი უკვე გამოჩნდა თავისი მეომრებით ზადოროჟნი, აქვე კურენის ატამანი ვერტიხვისტი მიარღვევდა მტრის ჯარს: იჩქაროდა ბალაბანიც.

– რაო, პანოვე, – გამოეხმაურა ტარასი კურენების ატამანებს, – გაქვთ კიდევ თოფისწამალი სასწრაფოებში? ჯერ ხომ ძალა არ შესუსტებიათ კაზაკებს? ჯერ ხომ არ გატეხილან?

– ჯერ კიდევ გვაქვს, ბატკო, თოფისწამალი; ჯერ ძალა არ შეგვსუსტებია; არ გავტეხილვართ ჯერა!

ეკვეთნენ მედგრად კაზაკები და მტრის რიგები არიეს. უბრძანა მაშინ დაბალმა პოლკოვნიკმა და რვა მოხატული ბაირაღი ააფრიალეს, რომ მთელ მინდორში გაფანტული ჯარი ერთად შემოეკრიბათ. ლიახები მაშინვე ბაირაღებისაკენ გაექანენ; ჯერ კიდევ არ დამდგარიყვნენ წყობისად; რომ ნეზამაიკოველთა კურენის ატამანმა კუკუბენკომ წამოუტია, შევარდა შიგ შუაგულ ჯარში და დიდმუცელა პოლკოვნიკს შეუტია. ვეღარ შეძლო პოლკოვნიკმა წინააღმდეგობა; მიაბრუნა ცხენი და გააქროლა; დიდხანს სდია ასე კუკუბენკომ, რომ პოლკოვნიკი თავის რაზმთან ვეღარ მისულიყო. დაინახა ეს სხვა მხარეს მდგომ კურენიდან სტეფან გუსკამ, გააკრა მთლად თავი ცხენის კისერს და ქამანდით გამოეკიდა; იდროვა თუ არა, ესროლა ქამანდი და კისერში მოსდო: წამოჭარხლდა პოლკოვნიკი და ორივე ხელით თოკს ჩაეჭიდა, რომ როგორმე გაეწყვიტა, მაგრამ ამაოდ: გააქანა გუსკამ შუბი და პირდაპირ მუცელში ჩასცა. იქვე დარჩა სამუდამოდ მიწაზე მიჭედილი. მაგრამ არც გუსკას დაეყარა ხეირი! სანამ კაზაკები მიიხედავდნენ, გუსკა უკვე შუბებზე აეგო ოთხ ლიახს. ამის თქმა ძლივსღა მოასწრო საბრალომ: "დაე ამოწყდეს ყველა ჩვენი მტერი და იხაროს მარადის რუსთა მამულმაო!" და სული დალია. მიიხედეს კაზაკებმა და დაინახეს, რომ ახლა კაზაკი მეტელიცა უმასპინძლდება ლიახებს და ხან ერთს, ხან მეორეს აფორიაქებს: მეორე მხარეს კიდევ ატმანი ნევილიჩკი მიჰსევია; ფორნებთან ზაკრუტიგუბა ებრძვის მტერს; იქით, უფრო შორეულ ფორნებთან მესამე პისარენკომ დაირეკა მთელი გროვა მტერი; სხვა მხარეს კიდევ პირდაპირ ფორნებზე გაჩაღებულა ბრძოლა.

– რაო. პანოვე! – გაუარა წინ და შესძახა ტარასმა ხელახლა, – გაქვთ კიდევ თოფისწამალი სასწრაფოებში? ჯერ ხომ ძალა არ შესუსტებიათ კაზაკებს? ჯერ ხომ არ გატეხილან?

– ჯერ კიდევ გვაქვს, ბატკო, თოფისწამალი; ჯერ ძალა არ შეგვსუსტებია; არ გავტეხილვართ ჯერა!

აგერ გადმოაგდეს ფორნიდან ბოვდიუგიც; შიგ გულში გაუარა საბრალო მოხუცს ტყვიამ, მაგრამ მაინც ძალა შემოიკრიბა და თქვა: "არ ვნანობ, რომ ქვეყანას ვშორდები, ღმერთმა ყველა შეასწროს ასეთ სიკვდილს! დეე, მარადის განთქმულ იყოს რუსთა მამული!" და ბოვდიუგის სულიც ზე აღევლინა, რომ დიდი ხნის მიცვლილ მოხუცთათვის ეამბნა, როგორ იბრძვიან რუსეთში და წმინდა სარწმუნოებისათვის როგორ იკლავენ თავს.

მალე კურენის ატამანი ბალაბანიც დაეცა მიწაზე. სამჯერ დასჭრეს სასიკვდილოდ – შუბით, დაშნით, ტყვიით. ბალაბანიც ერთ-ერთი უმამაცესი კაზაკი იყო ბევრჯერ გადაიხადა საზღვაო ლაშქრობა თავისი ატამანობის დროს; მაგრამ ყველაზე სახელოვანი ლაშქრობა ანატოლიის ნაპირზე იყო, ბევრი წამოიღეს ცეხინებიც, ძვირფასი თურქული საქონელიც. მაგრამ უკან დაბრუნებისას უბედურება შეემთხვათ: თურქებმა ზარბაზნები დაუშინეს. ესროლეს ხომალდიდან და ნავების ნახევარი ნაფოტებივით აიტაცა, დააბზრიალა, გადმოაბრუნა და ბევრნიც დაახრჩო. მაგრამ მთლად დაღუპვას ნავები გვერდით მიბმულმა ჩალის კონებმა გადაარჩინა. მოუსვა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ნიჩაბი ბალაბანმა, ნავი მზის პირდაპირ დააყენა და ხომალდისათვის უჩინარი შეიქნა. მთელ ღამეს მერე ქუდებითა და ჩამჩებით ხაპავდნენ ნავიდან წყალს და თან ნახვრეტებს უცობდნენ: დასჭრეს მერე საკუთარივე შარვლები, დააკეთეს იალქნები და თუქრთა სწრაფ ხომალდს, როგორც იყო გამოექცნენ. გარდა იმისა, რომ თვითონ უვნებელნი დაბრუნდნენ სეჩში მოუტანეს კიევის მეჟიგორის მონასტრის არქიმანდრიტს ოქროთი ნაკერი საფილონე და ზაპოროჟიეს მიძინების საყდარს კიდევ ვერცხლის სამკაული. დიდხანს უქებდნენ მერე მეფანდურენი კაზაკებს გამარჯვებას. ჩაჰკიდა ახლა თავი ბალაბანმა, რომ ნახა – სასიკვდილო ჭრილობას ვეღარ გადავურჩებიო, და წყნარი ხმით წარმოსთქვა: "ვგონებ, სახელოვნად ვკვდები, პანოვე ძმანო! შვიდი ავჩეხე, ცხრა შუბს ავაცვი. ბევრი ცხენს გავატანინე. ტყვია კი რამდენს შევძღვენი, ეს აღარც ვიცი. დეე, ყვაოდეს მარადის რუსთა სამშობლო, ძმანო!" – თქვა ესა და სული განუტევა.

კაზაკებო, კაზაკებო! ჯარის თვალს მაინც გაუფრთხილდით, ნუღარ ჩაუგდებთ მტერს ხელში! აი, კუკუბენკოსაც შემოეხვივნენ. მთელი ნეზამაიკოვის კურენიდან შვიდი კაციღა დარჩა, მაგრამ ესენიც ძლივსღა იგერიებენ მტერს. კუკუბენკოს ტანისამოსი მთლად სისხლით აქვს მოსვრილი. თვითონ ტარასიც, მეგობარი რომ გასაჭირში დაინახა, გაეშურა მისაშველებლად, მაგრამ გვიანღა იყო, ვაღარ მოუსწრეს კაზაკებმა: ვიდრე მტერს მოაცილებდნენ, გულში უკვე ღრმად გაეტარებინათ შუბი. ნელა დაეშვა კუკუბენკო მიმშველთა ხელზე და ნორჩმა სისხლმა შადრევანივით გადმოხეთქა, თითქოს ძვირფასი ღვინო მოჰქონდათ სარდაფიდან მსახურთ შუშის ჭურჭლით, გაუფრთხილებლობით სწორედ შესავალ კართან წაუსხლტათ ფეხი, გაუტყდათ ჭურჭელი და დაღვარესო. იტაცა თავში ხელი და მოვარდა სახლის უფროსი, რომელიც თავის სიცოცხლის საუკეთესო შემთხვევისათვის ინახავდა თურმე ამ ღვინოს: იქნება ღმერთმა მომასწროს, მოხუცებულობისას ახალგაზრდობის ამხანაგს შევხვდე ვისმე და იმასთან ერთად მოვიგონო წარსული, როცა კაცი სხვარიგ და უკეთ მხიარულობდა ხოლმეო. მიმოავლო თვალი კუკუბენკომ გარშემო ყველას, თქვა: "მადლობა ღმერთს, ამხანაგებო, რომ თქვენ თვალწინ მეღირსა სიკვდილი! დეე, ჩვენს შემდეგ უფრო უკეთესებს ეცოცხლოთ, ვიდრე ჩვენა ვართ, და ქრისტეს საყვარელი რუსთა მიწა-წყალი მარადის დამშვენებული იყოსო!.." და ნორჩი სული ხორცს გაშორდა. დასტაცეს ხელი ანგელოზებმა და ზე აიტაცეს; კარგ დღეში იქნება კუკუბენკო ზეცად. "დასჯედ მარჯვენით ჩემდა, კუკუბენკო! – ეტყვის ქრისტე, – არ უღალატე ამხანაგობას, უპატიოსნო არა ჩაიდინე რა, უბედურების დროს კაცი არ გაეცი და ჩემს ეკლესიას მუდამ იცავდი". ყველა დააღონა კუკუბენკოს სიკვდილმა. კაზაკთა ჯარის წყებებიც უკვე ძალიან შეთხელდნენ; ბევრი მამაცი მეომარი აკლდათ უკვე; მაგრამ მაინც მაგრად იდგნენ, კიდევ იბრძოდნენ კაზაკები.

– რაო, პანოვე! გამოეხმაურა დანარჩენ კურენებს ტარასი, – კიდევ გაქვთ ტოფისწამალი სასწრაფოებში? ხმლები ხომ არ დაგიჩლუნგდათ? დაღლილობა ხომ არ შეგპარვიათ? ჯერ ხომ არ გატეხილხართ, კაზაკებო?

– კიდევ გვეყოფა თოფისწამალი, ბატკო; კიდევ გვიჭრის ხმლები; ჯერ არ დაღლილან, არ გატეხილან კაზაკები!

და ხელახლა მედგრად მიესივნენ მტერს, თითქოს ჯერ არავითარი ზარალი არ უნახავთო. სამი კურენის ატამანიღა დარჩა ცოცხალი. ყველგან წითელი სისხლის რუები მოდიოდა; დახოცილ კაზაკთა და ლიახთა გვამებისაგან გორები დამდგარიყო. შეხედა ტარასმა ზეცას და დაინახა, რომ სონღულთა გუნდი გადაფრინდა. ვიღაცას გაახარებს დღეს ბედი! აგერ მეტელიცაც შუბის წვერზე ააგეს; გაგორდა მეორე პისარენკოს თავიც და თვალები დაეხუჭა; ოხრიმ გუსკაც ოთხად გაკვეთილი დაეცა მიწაზე. "აბა!" – დაიძახა ტარასმა და ხელსახოცი აიქნია. ინიშნა ოსტაპმა, გამოვიდა საფარიდან და მტრის ცხენოსან ჯარს ძლიერად შეუტია. ვეღარ შეიმაგრეს თავი ლიახებმა, ოსტაპიც იქით გაირეკა, სადაც მინდორი პალოებითა და შუბ-ხმალ-დაშნების ნამტვრევებით იყო მოსობილი. დაიწყეს ბორძიკი ცხენებმა და ლიახები ყირა-ყირა ცვიოდნენ. რომ ნახეს ფორნებს უკან სულ ბოლოში მდგომმა კორსუნელებმა, ახლა კი მიუწევს ტყვიაო, იმათაც უცბად თოფები დაუშინეს. აიბნენ და აირივნენ ლიახები; კაზაკებს გული მიეცათ. "ესეც ჩვენი გამარჯვება!" – გაისმა ყველა მხრიდან ზაპოროჟიელების ხმა, საყვირსა ჰკრეს, გამარჯვების დროშა ააფრიალეს. გარბოდნენ და იმალებოდნენ უკუქცეული ლიახები. "არა, ჯერ კიდევ გამარჯვება არ არის!" – იძახდა ტარასი და თან ქალაქის კარიბჭეს გაჰყურებდა. მართალიცა თქვა.

გაიღო ალაყაფის კარი და გამოჩნდა ცხენოსანი ჯარის სიამაყე – ჰუსართა პოლკი, შავლეგ არგამაკებზე ამხედრებული. წინ მოქროდა ყველაზე მარდი, ყველაზე ლამაზი რაინდი, რომლის შავი თმა სპილენძის მუზარადიდან მოჩანდა და ხელზე დახვეული ძვირფასი, ულამაზესი ქალის ნაქარგი შარფიც საამურად მოფრიალებდა. გაშრა, გაშტერდა ტარასი, როცა ამ რაინდში თავისი ანდრი შეიცნო. ანდრი კი, ბრძოლის სურვილით გატაცებული, ხარბი მოსურნე მკლავზე დახვეული საჩუქრის დამსახურებისა, ახალგაზრდა მწევარივით მოქროდა მალი, ულამაზესი, მთელ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა. შედგა მოხუცი ტარასი და დაუწყო ცქერა, როგორ სჩეხდა, მიერეკებოდა და ისუფთავებდა გზას. მარჯვნივ და მარცხნივ ყველას როგორა სხეპდა ნდრი. ვერ მოითმინა ტარასმა და შეუყვირა: "როგორ? შენებსა ხოცავ, შენებს, შე ეშმაკის შვილო?" მაგრამ ანდრის არა ესმოდა რა, ვერ ხედავდა, თავისებს ხოცავდა თუ სხვებს. ხედავდა მხოლოდ გრძელ დალალებს, გედივით თეთრ გულმკერდს, ქათქათა ყელსა და მხრებს, ერთი სიტყვით, რაც კი გაგიჟებული კოცნისათვის არის შექმნილი.

– ჰეი, ბიჭებო! ტყისაკენ გამოიტყუეთ როგორმე ერთი, ტყისაკენ! – შეჰყვირა ტარასმა. და მაშინვე გამოვიდა ოცდაათიოდე მარდი კაზაკი. გაისწორეს მაღალი ფაფახები და პირდაპირ ჰუსარებისაკენ გაექანენ გზის მოსაჭრელად. მიეჭრნენ გვერდიდან, შეერივნენ, გაარღვიეს, უკანებს წინანი მოსწყვიტეს, ამას, იმას, გაუსვ-გამოუსვეს, გოლოკოპიტენკომ კიდევ ანდრის ბრტყლად უთავაზა ზურგში ხმალი, და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, იმავ წამს უკან გამოექანენ. აენთო ანდრი! აუღელდა ძარღვებში ნორჩი სისხლი! შემოჰკრა მწვეტი დეზები ცხენსა და გამოეკიდა კაზაკებს; ვეღარა ხედავდა, რომ სულ ოცი კაცი ძლივსღა მისდევდა უკან. კაზაკები კი მიჰქროდნენ, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, და პირდაპირ ტყისაკენ შეუხვიეს. ააჩქარა ანდრიმ ცხენი და ის იყო გოლოკოპიტენკოს უნდა წამოსწეოდა, რომ უცბად ვიღაცამ ცხენის სადავეში ძლიერი ხელი უტაცა. მიიხედა ანდრიმ: მის წინ ტარასი იდგა! აუცახცახდა მთლად ტანი, გაფითრდა. ასე დაემართება ხოლმე შეგირდსაც: გაუფრთხილებლობით მოარტყამს რასმე ამხანაგს და ისიც სამაგიეროდ სახაზავს უთავაზებს შუბლში. აენთება და გაცოფდება სიბრაზისაგან, წამოხტება მერხიდან და შეშინებული ამხანაგს გამოეკიდება, რომ შუაზე გაგლიჯოს, მაგრამ ამ დროს უცბად კლასის კარებში მასწავლებელს შეეჩეხება: უზომო სიბრაზე და უძლური მრისხანება მყის გადაუვლის, დაცხრება. ანდრისაც შეგირდივით ასე უცბად გადაუარა მრისხანებამ. ახლა იგი თვალწინ მხოლოდ საზარელ მამასღა ხედავდა.

– აბა, რა ვქნათ ახლა? – ჩაეკითხა ტარასი და პირდაპირ თვალებში დაუწყო ცქერა. მაგრამ ამაზე ანდრის არაფრის თქმა არ შეეძლო, თვალები დედამიწისათვის დაეშტერებინა.

– რაო, შვილო, ვერ გიშველეს შენმა ლიახებმა?

ანდრი ხმას არ იღებდა.

– ასე უნდა ღალატი? ღალატი სარწმუნოებისა? თავისებისა? შესდექ, ჩამო ცხენიდან!

ბავშვივით მორჩილად გადმოხტა ანდრი ცხენიდან და ცოცხალმკვდარივით გაჩერდა ტარასის წინ.

– იდექ, არ გაინძრე! მე გაგაჩინე, მევე უნდა მოგკლა! – თქვა ტარასმა, გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და მხრიდან თოფი გადმოიღო.

ანდრის ნაცრისფერი დასდებოდა; ეტყობოდა, ტუჩებს ჩუმად ამოძრავებდა, ვიღაცის სახელს ახსენებდა; მაგრამ არ იყო იგი არც სამშობლოს, არც დედის, არც ძმების სახელი – არამედ ტურფა პოლონელი ქალის. დასცალა თოფი ტარასმა.

ნამგლით მოსხეპილი პურის თავთავივით, გულში მახვილ გატარებულ ბატკანივით გადააგდო თავი ანდრიმ და ბალახზე უხმოდ დაეცა.

შედგა შვილისმკვლელი და უსულო გვამს დიდხანს დაჰყურებდა. მკვდარიც ლამაზი იყო იგი: მისი ვაჟკაცური სახე, სულ ცოტა ხნის წინ ძალითა და ქალთათვის უძლეველი მომხიბვლელობით აღსავსე, კვლავ მშვენიერი და ლამაზი იყო. შავი წარბები ხავერდის სამგლოვიარო არშიასავით მიმკრთალებულ სახეს მეტ სიმკვეთრეს აძლევდა.

– რით არ იქნებოდა კაზაკი? – ჩაილაპარაკა ტარასმა, – ტანი მაღალი, შავი წარბები, სახეზე ნაზი, კეთილშობილი, მკლავი მაგარი ბრძოლაში! დაიღუპა კი! ძაღლივით უსახელოდ დაიღუპა, ბედასლად!

– ბატკო, ეს რა ჰქენ! შენ მოჰკალი? – ჩაეკითხა ამ დროს მისული ოსტაპი.

ტარასმა თავი დაუქნია.

დააშტერდა ოსტაპი მოკლულ ძმას თვალებში, შეებრალა და უთხრა მამას:

– მიწას მაინც წესიერად მივაბაროთ, რომ მტერმა არ შეაგინოს, მტაცებელმა ფრინველმა არ ჯიჯგნოს მისი სხეული.

– უჩვენოდაც დამარხავენ! გაუჩნდებიან ჭირისუფლებიც და დამტირებლებიც! – მიუგო ტარასმა.

რამდენიმე წუთს იმის ფიქრში იყო: დაეტოვებინა ასე ფრინველისა და მგლის შესაჭმელად, თუ ეცა პატივი რაინდული ვაჟკაცობისათვის, რომელსაც მტერშიც კი უნდა აფასებდეს ყველა მამაცი, რომ ამ დროს ცხენი მოახეთქა გოლოკოპიტენკომ:

– უბედურება გვეწია, ატამანო, ლიახები გამაგრდნენ, ახალი ჯარი მოეშველათ!

ჯერ არ გაეთავენიბა ამისი თქმა გოლოკოპიტენკოს, რომ ახლა ვოვტუზენკომ მოაქროლა ცხენი:

– გაგვიჭირდა, ატამანო, ახალი ჯარი მოეშველათ კიდევ!..

არ გაეთავებინა, რომ ახლა პისარენკომ მოირბინა ქვეითად:

– ბატკო, სადა ხარ? კაზაკები გეძებენ, დახოცეს კურენის ატამანები – ნევილიჩი, ზადოროჟნი, ჩერევიჩენკო, მაგრამ კაზაკები მაინც მაგრობენ, არ უნდათ შენ უნახავად დაიხოცნენ, უნდათ სიკვდილის წინ თვალი კიდევ გადაავლო!

– ცხენზე, ოსტაპ! – შეუძახა ტარასმა და გაეშურა, რომ კაზაკებისათვის დაეხედა, რომ სიკვდილის წინ ერთხელ კიდევ ენახათ თავისი ატამანი.

მაგრამ ჯერ ტყიდან არ გამოსულიყვნენ, რომ მტრის ჯარი უკვე გარს შემორტყმოდათ, ხეებს შუა ყველგან შუბამოწვდილი, ხმალამოღებული ცხენოსანი მეომრები ჩანდნენ. "ოსტაპ! ოსტაპ! არ დაგძლიონ!" – ყვიროდა ტარასი და ხმალამოღებული ჩეხდა მარჯვნივ და მარცხნივ მტერს. ოსტაპს ამ დროს ექვსი კაცი შემოეხვია გარს, მაგრამ ყველას ანანა: ერთს თავი წააცალა, მეორე გადააბრუნა, მესამეს გვერდში შუბი გაუტარა, მეოთხე უფრო მარდი გამოდგა, მოარიდა თავი ტყვიას, მაგრამ ცხელ-ცხელი ტყვია ცხენს მოხვდა მკერდში: შედგა გაგიჟებული ცხენი ყალყზე, დაეცა და მხედარი ქვეშ მოიყოლა. "ეგრე, შვილო! ყოჩაღ, ოსტაპ! აი, მეც უკან მოგდევ!" – ყვიროდა ტარასი და მისეულ მტერს იგერიებდა. ებრძვის და ჩეხს მტერს ტარასი, ხან ერთს უთავაზებს, ხან მეორეს და თან ოსტაპს თვალს არ აშორებს. ხედავს ტარასი, რომ ახლა ერთად რვა კაცამდე დაეხვია ოტაპს. "ოსტაპ! ოსტაპ! არ დაგძლიონ!" – უყვირის ტარასი, მაგრამ სძლევენ უკვე ოსტაპს. აგერ, ერთმა ქამანდიც მოსდო ყელზე. კიდევაც შეჰკრეს. მიჰყავთ კიდევაც.

"ეჰ, ოსტაპ, ოსტაპ!.." – მიჰყვირის ტარასი და გზას მიარღვევს შვილისაკენ, შენაფეთებ მტერს, წინ თუ გვერდით, კომბოსტოსავით ჰკაფავს და ჩეხს. "ეჰ, ოსტაპ! ოსტაპ!.." მაგრამ აგერ მასაც მოსდეს მძიმე ქვასავით რაღაც. თავბრუ დაეხვია, თვალთ აერია. ერთ წამს ყველაფერი – თოფები, შუბები, კვამლი, ცეცხლის შუქი, ხის ტოტები და ფოთლები – თვალწინ აებლანდა და მოჭრილ მუხასავით მძიმედ მოიღო ბრახვანი. თვალთ დაუბნელდა.
X

– დიდხანს კი მძინებია! – წარმოსთქვა ტარასმა, თვალი რომ გაახილა, გონება მოიკრიბა და თავის გარშემო საგნებს ცნობა და გარჩევა დაუწყო. ყოველი ნაწილი სხეულისა მოწყვეტილი და დასუსტებული ჰქონდა საშინლად. უცნობი ქოხის კედლები და კუნჭულები თითქოს ნელა ირწეოდნენ. ბოლოს შენიშნა, რომ გვერდით ტოვკაჩი უჯდა და, როგორც ეტყობოდა, ყოველ მის სუნთქვას ყურს უგდებდა.

"დიახ, – გაიფიქრა თავისთვის ტოვკაჩმა, – იქნებ სამუდამოდაც დაგძინებოდა!" – მაგრამ არა უთხრა რა, მხოლოდ თითი დაუქნია და ანიშნა, ჩუმად ყოფილიყო.

– მითხარი ერთი, სადა ვარ ახლა? – ჩაეკითხა ტარასი და თან დაიწყო მოგონება, სად რა გადახდა თავს.

– გაჩუმდი-მეთქი! – შეუყვირა ამხანაგმა. – რაო, რა გინდა გაიგო? ვერ ხედავ განა. მთლად დაჩეხილი ხარ? აგერ ორი კვირაა, უსვენებლივ მოვაქროლებთ ცხენს და შენ კიდევ სიცხეში, ვინ იცის, რა სისულელესა ბოდავ. აგერ მხოლოდ ახლაღა ჩაგეძინა ცოტა მოსვენებით. გიჯობს გაჩუმდე, თუ შენი თავისათვის სიკეთე გინდა.

მაგრამ ტარასი მაინც ცდილობდა ფიქრები შემოეკრიბა და მოეგონებინა, რა მოხდა.

– კი მაგრამ, მე ხომ გარს შემომერტყნენ და თითქმის დამიჭირეს ლიახებმა? მე ხომ არავითარი საშუალება აღარ მქონდა თავი დამეღწია?

– გეუბნენიან, გაჩუმდი, ეშმაკის შვილო! – შეუყვირა ხელახლა ტოვკაჩმა, როგორც მოთმინებიდან გამოყვანილი და გაბრაზებული გადია დატუქსავს ხოლმე მოუსვენარ ბავშვს. – მითხარ, რა მოგემატება, თუნდაც გაიგო, როგორ დააღწიე თავი? ისიცა კმარა, რომ თავი იხსენი. აღმოჩნდნენ ისეთნი, რომ მტერს არ დაგანებეს. მორჩა და გათავდა! ჯერ კიდევ ბევრი ღამე დაგვრჩა ერთად სარბენი. გგონია, უბრალო კაზაკად ჩაგთვალეს? არა, ორი ათას ოქროდაა შენი თავი დაფასებული.

– ოსტაპი? – შეჰყვირა ტარასმა და წამოწევა მოინდომა, მაგრამ უცბად მოაგონდა, როგორ დაიჭირეს მის თვალწინ, როგორ შეჰკრეს ოსტაპი, მოაგონდა, რომ იგი ახლა ლიახების ხელშია და მისი მოხუცი გული ისევ მწუხარებამ შეიპყრო. მოიგლიჯა და გადაყარა მთლად ჭრილობათა შესახვევები. თან უნდოდა ხმამაღლა რაღაც ეთქვა, მაგრამ უაზრო რამ წამოიძახა, – სიცხემ უმატა და დაიწყო კვლავ უთავბოლოდ ბოდვა. ერთგული ამხანაგი კი ისევ თავს დასტრიალებდა, ლანძღავდა და უსაყვედურებდა. ბოლოს დაუჭირა ხელ-ფეხი, ბავშვივით ხელახლა შეუხვია, გაუსწორა ჭრილობის შესაკვრელები, ხარის ტყავში გაახვია, შეჰკრა ლაფნებით, მიიბა თოკით უნაგირზე და ხელახლა გაუდგა გზას.

– მკვდარს მაინც მიგიტან! არ მივცემ ნებას, რომ კაზაკის სხეული ლიახებმა შეგიგინონ, რომ ნაჭერ-ნაჭერ დაგჭრან და წყალში გადაგიძახონ. დეე, თუ მაინცადამაინც ამოგთხრის მაგ თვალებს არწივი, ისევ ჩვენმა მინდვრის არწივმა ამოგჩიჩქნოს და არა იმან, პოლონელთა მიწა-წყლიდან რომ მოფრინდება ხოლმე. მკვდარს მაინცღა უთუოდ მიგიტან უკრაინაში!

ასე ეუბნებოდა ტარასს ერთგული ამხანაგი. დაუღალავად აჭენა დღედაღამ ცხენი და ბოლოს უგრძნობი ტარასი სეჩში მიიყვარნა. აქ ტოვკაჩი ერთგულად შეუდგა ბალახებითა და სხვადასხვა საცხებლებით ტარასის წამლობას, გამონახა ვიღაცა ურიის ექიმბაში დედაკაცი, რომელმაც მთელი თვე რაღაც წამლები ასვა, და ბოლოს როგორც იყო, უკეთ შეიქნა ტარასი. წამალი მოუხდა, თუ ისევ თავისი რკინის ბუნება და ძალ-ღონე დაეხმარა, თვე-ნახევრის შემდეგ ტარასი ფეხზე დადგა, ჭრილობები მოურჩა და მხოლოდ ნაჭდევები უჩვენებდა, რა საშინლად იყო დაჩეხილი მოხუცი კაზაკი. ტარასი დანაღვლიანდა, მოიწყინა. სამი ღრმა ნაოჭი მძიმედ გადაეჭდო შუბლზე და მას შემდეგ აღარ გასწორებია. მიმოიხედა და ნახა, რომ სეჩი მთლად გაახლებულიყო, ძველი მეგობრები და ამხანაგები ყველანი დახოცილიყვნენ. აღარც ერთი იმათგანი არა ჩანდა, ვინც სიმართლის, სარწმუნოებისა და ძმობისათვის იბრძოდა. ისინიც არსადა ჩანდნენ, კოშევოისთან ერთად რომ თათრებს დაედევნენ. ყველას თავი გაეწირა, ყველა დაღუპულიყო. ზოგმა ბრძოლის დროს დასდო ვაჟკაცი თავი, ზოგი შიმშილმა და უწყლობამ ყირიმის მლაშობებში იმსხვერპლა, ზოგიც ტყვეობაში დაიღუპა – შერცხვენა ვერ აიტანეს. თვითონ ძველი კოშევოიც დიდი ხანია ცოცხალი აღარ იყო, აღარც თუ ვინმე ძველ მეგობარ-ამხანაგთაგანი. დიდი ხანია კაზაკთა ძალ-ღონეს ხავსი მოჰკიდებოდა. გაიგო მხოლოდ ტარასმა, რომ დიდი ლხინი ჰქონიათ; ჭურჭელი მთლად დაემსხვრიათ, ცვარი ღვინო აღარსად დარჩენოდათ, ძვირფასი თასები და ჭურჭელი სტუმრებსა და მსახურთ დაეტაცნათ. მასპინძელი ნაღვლიანადა ფიქრობს თურმე ახლა: "სჯობდა სულაც არა მქონოდა ასეთი ლხინიო". ტყუილად ცდილობდნენ გაერთოთ, გაემხიარულებინათ ტარასი; ტყულად მოდიოდნენ თეთრწვერიანი მეფანდურეები და ორ-ორნი, სან-სამნი უქებდნენ ვაჟკაცობას და გმირობას; გულცივად და მკაცრად გადაავლებდა ხოლმე თვალს, უძრავ სახეზე დაუშრეტელი მწუხარება და ნაღველი აღებეჭდებოდა და, თავჩაკიდული, ჩუმად ჩაილაპარაკებდა: "შვილო ოსტაპ, ჩემო ოსტაპ!"

ზაპოროჟიელები საზღაო ლაშქრობისათვის ემზადებოდნენ. ორასი ნავი ჩაუშვეს დნეპრში და მცირე აზიას მოედვნენ თავგაპარსული, გრძელჩუბიანი კაზაკები. მთელ მის აყვავებულ ნაპირებს აოხრებდნენ, ცეცხლისა და მახვილის მსხვერპლად ხდიდნენ. მაჰმადიანთა დოლბანდები, ათასფრად გაფრიალებულნი, სისხლით მორწყულ მინდვრებზე გაფანტულიყო, წყლის ნაპირებთან დაცურავდა. მრავალი ნახა მცირე აზიამ ზაპოროჟიელების ფისით გათხუნული შარვალი და შავმათრახიანი, დაკუნთული მარჯვენა, მთლად შესჭამეს ყურძენი და დაამტვრიეს ვაზები ზაპოროჟიელებმა; მეჩეთებში ნეხვის ზვინები დატოვეს; ძვირფას ირანულ შალებს ფეხის ჩვრებად და გათხუნულ სვიტკებზე შემოსაკრავად ხმარობდნენ. მას შემდეგ კიდევ დიდხანს პოულობდნენ ხოლმე იმ ადგილებში ზაპოროჟიელთა მოკლე ჩიბუხებს. მხიარულად მოდიოდნენ უკან ზაპოროჟიელნი; წამოეწია უკანიდან თურქთა ათზარბაზნიანი ხომალდი, დაუშინა ყველა ზარბაზანი ერთად და ჩიტებივით გაფანტა მათი მსუბუქი ნავები. ერთი მესამედი ნავებისა ზღვამ იმსხვერპლა; მაგრამ დანარჩენები ისევ შეერთდნენ და დნეპრის შესართავში ცეხინებით გატენილი თორმეტი კასრი მოიტანეს. მაგრამ ტარასს აღარა ანუგეშებდა რა, მის ყურადღებას არა იზიდავდა რა. დადიოდა ხან მინდვრად, ხან ჭალებში, ვითომდა სანადიროდ, მაგრამ თოფი არასოდეს არ დაუცლია. დაიდებდა თოფს გვერდით და ჩამოჯდებოდა დაღონებული ზღვის პირად. დიდხანს იჯდა ხოლმე ასე თავჩაკიდებული და განუწყვეტლივ იმეორებდა: "ოსტაპ, ჩემო ოსტაპ!" შავ ზღვას საამურად გაჰქონდა ლაპლაპი: შორს, შორს ლერწმებში თოლია ჭახჭახებდა; იჯდა ტარასი და თეთრ ულვაშზე ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

ვერ მოითმინა ბოლოს ტარასმა: "რაც იქნება, იქნება, წავალ, შევიტყობ: ცოცხალია თუ არა? სამარეშია? თუ სამარეშიაც აღარ არის? გავიგებ, რაც უნდა მომივიდესო!" ერთი კვირის შემდეგ უკვე ქალაქ უმანში იყო, ხმლით, შუბით შეიარაღებული, უნაგირზე დაკრული სამგზავრო კონჩხოთი და სალაშქრო შორვის ქოთნით: თანვე ჰქონდა ტყვია-წამალი, ცხენისათვის ფალმანდი და სხვა საჭირო იარაღი. ტარასი მიადგა პირდაპირ ერთ ჭუჭყიან და გათხუპნულ სახლს, რომლის პაწია ფანჯრებსაც ძლივძლივობით გაარჩევდა ადამიანი, ისე იყო რაღაცით გამურული. მილი ჩვრებით ჰქონდა დაცობილი, აქა-იქ დახვრეტილ-დამტვრეული ჩარდახი მთლად ბეღურებით იყო სავსე. თვითონ კარწინ მთელი გროვა ნაგავი იყო მიხვეტილი. ფანჯარაში თავი გამოეყო ვიღაც ურიის ქალს, რომელსაც ჩაშავებული მარგალიტებით გაწყობილი თავსაბური ეხურა.

– ქმარი შინ არის? – შეეკითხა ბულბა, გადმოხტა ცხენიდან და კართან დაყოლილ რკინის კავზე მიაბა.

– შინ არის, – მიუგო დედაკაცმა და მაშინვე ხის პინით ცხენისათვის ქერი და რაინდისათვის კათხით ლუდი გამოარბენინა.

– მერედა სადაა?

– მეორე ოთახში გახლავთ, ლოცულობს, – უპასუხა დედაკაცმა და თან მდაბლად თავი დაუკრა, მშვიდობა უსურვა იმ დროს სწორედ, ბულბამ რომ ლუდი პირთან მიიტანა.

– დარჩი აქ, ცხენს აჭამე, წყალი დაალევინე, მე კი შევალ, მოველაპარაკები, საქმე მაქვს.

სახლის პატრონი ჩვენი ნაცნობი იანკელი იყო. იგი ახლა აქ საქმიანობდა; იჯარებს იღებდა, ღვინოებს ჰყიდდა. თანდათან ხელში ჩაიგდო ყველა მახლობელი პანი და შლიახტიჩი, გამოსწოვა, თუ რამ ფული გააჩნდათ, მთელ ამ მხარეს თავისი ბეჭედი დაასვა. სამი მილის მანძილზე ოთხივ მხრივ ერთი ქოხი რა არის, ერთი ქოხი აღარ მოიძებნებოდა რიგიანი: ყველა ძველდებოდა, იქცეოდა, არაყში ნიავდებოდა. დარჩა მხოლოდ სიღარიბე და ნაფლეთი ჩვრები. თითქოს ცეცხლს გადაუწვავს, დიდ ჭირს მოუოხრებიაო, ისე იყო ყველაფერი იმ მიდამოში განიავქრებული. ათი წელიწადი რომ კიდევ დარჩენილიყო აქ იანკელი, უთუოდ მთელ სავოევოდოს გააოხრებდა.

ტარასი სახლში შევიდა. ურიას თავისი საკმაოდ ტურტლიანი სუდარა წამოესხა და ლოცულობდა. ტარასი სწორედ იმ დროს შევიდა, როცა იანკელმა წესისამებრ უკანასკნელად შემოიბრუნა პირი, რომ გაეფურთებინა, და დაინახა, რომ მის უკან ბულბა იდგა. უპირველეს ყოვლისა, ურიას თვალებში ის ორი ათასი ოქრო აუკიაფდა, რანდენადაც ტარასის თავი იყო შეფასებული. მაგრამ შერცხვა თავისი ვერცხლისმოყვარეობისა და ეცადა დაეძლია ურიის სულის ჩრჩილივით მღრღნელი ფიქრი და ოცნება ოქროზე.

– ყური დამიგდე იანკელ! – გამოელაპარაკა ტარასი ურიას, რომელიც მოწიწებით თავს უკრავდა და ფრთხილად ხურავდა კარს, არავინ დაგვინახოსო. – გახსოვს, სიკვდილს გადაგარჩინე, თორემ ზაპოროჟიელნი ძაღლივით გაგგლეჯდნენ, – ახლა შენი ჯერია სამსახური გამიწიო!

ურია ოდნავ დაიღრიჯა.

– რა სამსახური? თუკი ისეთი სამსახური იქნება, რომ შეიძლება, რატომაც არა?

– აღარა თქვა რა. ვარშავაში წამიყვანე.

– ვარშავაში? როგორ თუ ვარშავაში? – გაიმეორე იანკელმა და განცვიფრებისაგან მხრები და წარბები მაღლა-მაღლა წაუვიდა.

– აღარა მითხრა რა. წამიყვანე! რაც უნდა იყოს, ერთხელ კიდევ მაინც მინდა ვნახო, ერთი სიტყვა მაინც ვუთხრა.

– ვის უნდა უთხრა სიტყვა?

– იმას, ჩემს შვილს ოსტაპს.

– ნუთუ პანს არ სმენია, რომ უკვე...

– ვიცი, ყველაფერი ვიცი: ჩემი თავი ორი ათას ოქროდ აქვთ შეფასებული. იციან იმ უბედურებმა მისი ფასი! მე შენ ხუთი ათასს მოგცემ. აი, ეს ორია თასი ახლა მიიღე. – ბულბამ ტყავის აბგიდან ორი ათასი ოქრო გადმოუყარა, – დანარჩენს, რომ დავბრუნდები, მაშინ მიიღებ.

ურიამ მაშინვე პირსახოცს სტაცა ხელი და ოქროებს გადააფარა.

– ოჰ, რა კაი ფულია! ოჰ, რა მშვენიერია! – იძახოდა იგი და თან ერთ ოქროს ხელში ატრიალებდა, კბილით სინჯავდა.

– მგონია ვისაც ეს ოქრო წაართვი, ბატონო, ერთ საათსაც აღარ იცოცხლა, მაშინვე წყალში გადავარდა და დაიხრჩო, რაკი ასეთი ოქროები დაკარგა.

– შენ არ გთხოვდი და იქნება მეც კარგად მიმეგნო, ვარშავის გზა საით არის, მაგრამ ვაითუ მიცნონ წყეულმა ლიახებმა და დამიჭირონ, მე გამოგონება არაფრისა არ შემიძლია. თქვენ კი ურიები, ამისათვის ხართ შექმნილნი: თუნდაც თვითონ ეშმაკს მოატყუებთ, ყველაფერს მოახერხებთ; აი, ამიტომ მოვედი შენთან! ვარშავაში მე ვინ რას მაჩვენებს? შეაბი ეხლავე ფორანი და წამიყვანე!

– მერე, პანსა ჰგონია, რაკი ცხენს შევაბავ, ეგ არის: ჰეი, გასწიე, ცხენო, და წავედით?! ჰგონია, რომ ეგრე დაუმალავად შეიძლება მისი წაყვანა?

– მაშ, დამმალე, როგორც იცოდე; ცარიელ კასრში ხომ არ გინდა ჩამსვა?

– ვაი, ვაი, ვაი! ბატონს ჰგონია რომ კასრში შეიძლება მისი დამალვა! არ იცით განა, ბატონო, რომ ყველას მაშინვე არაყი ეგონება?

– დე, ეგონოს, მერე რა არის?

– როგორ? ეგონოთ, რომ არაყია? – გაიოცა ურიამ, ორივე ხელი კიკინებში იტაცა და მაღლა ასწია.

– რაო, რატომ ეგრე გაშტერდი?

– განა არ იცის პანმა, რომ არაყი ღმერთმა იმიტომ გააჩინა – ყველამ იგემოს? იქ ყველა მსუნაგია: ხუთ ვერსს ირბენს შლიახტიჩი კარს უკან, ბოლოს გახვრეტავს და რა ნახავს, არა გამოვიდა რა, მაშინვე იტყვის: "უთუოდ არის რამე კასრში, თორემ ურია ცარიელს ტყუილად არ ათრევსო. დაიჭით ურია, შეჰკარით, ფული წაართვით, ციხეში ჩასვით ურიაო!" იმიტომ, რომ ყველაფერ ცუდს ურიას მოახვევენ თავზე; იმიტომ, რომ ყველას ძაღლად მიაჩნია; იმიტომ, რომ ჰგონიათ, რაკი ურიაა, კაცი აღარ არისო!

– თევზის ფორანში ჩამდევი მაშა!

– არ შეიძლება, ბატონო, უფლის მადლმა, არ შეიძლება! მთელ პოლონეთში ხალხი ძაღლივით დამშეულია ახლა; თევზსაც მოიტაცებენ, ბატონსაც მიაგნებენ.

– მაშ, თუ ეგრეა, თუნდა ეშმაკზე შემსვი და ისე წამიყვანე, ოღონდ წამიყვანე კი!

– ყური დამიგდე, მაშ, ბატონო, ყური! – შესძახა ურიამ, ორივე სახელოს პირი გადაიკეცა და ხელებგაფარჩხული მიუახლოვდა. – აი, როგორ ვიზამთ: ახლა ყველგან ციხე-სიმაგრეებს აშენებენ; გერმანელების ქვეყნიდან ფრანგი ინჟინრები არიან მოსულები, გზებზე ყველგან მრავალი ქვა და აგური მიაქვთ. ჩაწვეს პანი ფორნის ძირზე და მე ზევიდან აგურს დავალაგებ. პანი ჯანსაღი და მაგარია, არა უშავს რა, თუ ცოტა ემძიმება. მე კიდევ ქვემოდან ფორანს ნახვრეტს გავუკეთებ რომ პანს საჭმელი მივაწოდო.

– როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი, ოღონდ წამიყვანე!

ერთი საათის შემდეგ აგურით დატვირთული ფორანი, რომელშიც ორი ჯაგლაგი ცხენი ება, უკვე გადიოდა უმანიდან. ერთ ამათგანზე თვითონ იანკელი იჯდა: ჩაქჩაქით მიმავალ ცხენზე მჯდომი წამდაუწუმ შეხტებოდა ხოლმე, არახჩინქვეშ ჩამოშვებულ გრძელ, ხუჭუჭ კიკინებს შეაფრიალებდა და მიდიოდა ასე, სავერსე ბოძივით ზევით აწოწილი.
XI

იმ დროს, როცა ეს ამბავი ხდებოდა, საზღვრებზე ჯერ არ იყვნენ არც მებაჟე მოხელეები, არც ცხენოსანი დარაჯები, შემდეგ რომ რისხვად მოევლინენ მოხერხებულ ხალხს. ასე რომ ყველას შეეძლო სურვილისამებრ რაც უნდოდა გაეტან-გამოეტანა. თუ რომ მაინც გასჩხრეკდა ვინმე, გასატან-გამოსატანს შეამოწმებდა, ამას მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის აკეთებდა, მით უმეტეს, თუ ფორანზე თვალწარმტაცი რამ იქნებოდა და თუ გამჩხრეკსაც ხელი მძიმე და მაგარი ჰქონდა. აგურმა არავის ყურადღება არ მიიზიდა და ფორანიც დაუბრკოლებლივ შევიდა ქალაქის გალავნის უმთავრეს კარში. თავისი გალიიდან ბულბას მხოლოდ ხმაურობისა და მეეტლეების ძახილის გაგონება შეეძლო. ჩაქჩაქით შევიდა თავისი დამტვერიანებული ჯაგლაგით იანკელი ქალაქში, რამდენჯერმე მიუხვ-მოუხვია და ბოლოს ფორანი ერთი ვიწრო ქუჩისაკენ გააბრუნა, რომელსაც სახელად "ფეთუმი" ქუჩაც ერქვა და ამავე დროს "ფეთხაინიც". მართლაცდა მთელი ვარშავის ურიები სულ ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ეს ქუჩა უკანა ეზოს გადმობრუნებულ შიგნეულობას ჰგავდა. როგორც ეტყობოდა, მზე არასოდეს აქ არ აღწევდა. მთლად გამურულ-ჩაშავებული ხის სახლები და ფანჯრებიდან გადმოკიდული ლატნები უარესად აბნელებდა იქაურობას. ადგილ-ადგილ მოჩანდა მხოლოდ წითელი აგურის კედლები, მაგრამ ისინიც ბევრგან მთლად ჩაშავებულიყო. მხოლოდ ათასში ერთგან თვალისმომჭრელად თუ ააბრჭყვიალებდა მზე თეთრად შელესილ კედლის ნაწილს. აქ ყველაფერი უწესრიგოდ ერთმანეთში არეულიყო: თუნუქის მილები, ჩვრები, ათასნაირი ნარჩევ-ნაჭუჭები, დამტვრეული ხის გეჯები. თუკი ვისმე რამ გააჩნდა გამოუსადეგარი და ზედმეტი, ყველაფერს ქუჩაში ყრიდნენ და ამ მურდლობით უტკბობდნენ ყველა გრძნობას გამვლელებს. ცხენოსანი ლამის ხელს მიაწვდენდა ერთი სახლიდან მეორეზე გადებულ ლატნებს, რომლებზედაც ეკიდა ხოლმე ურიების წინდები, მოკლე ნიფხვები და ბატის შაშხი. ხანდახან ძველისძველ ფანჯარაში გამოჩნდებოდა სანდომიანი სახის ურიის ქალი, რომელსაც ყელზე ჩაშავებული მძივები ეკიდა. მთელი ხროვა ჭუჭყიან, დაფლეთილ, ხუჭუჭთმიან ბავშვებისა იქვე ქუჩის ტალახში გორაობდა და გაჰყვიროდა. ვიღაცა წითელწვერა ურიამ, რომელსაც ჭორფლისაგან აჭრელებული სახე ბეღურის კვერცხს მიუგავდა, ფანჯრიდან გადმოიხედა და მაშინვე თავიანთ იფიაფურ ენაზე დაუწყო იანკელს ლაპარაკი. იანკელმაც მაშინვე ფორანი ერთ რომელიღაც ეზოში შეაბრუნა. ქუჩაში ამ დროს მეორე ურია მოდიოდა. ისიც შედგა და დაუწყო იანკელს ლაპარაკი; როდესაც ბულბა აგურების ქვეშიდან გამოძვრა, ურიები უკვე სამნი დამდგარიყვნენ და ცხარე ლაპარაკში იყვნენ.

მიუბრუნდა იანკელი ბულბას და უთხრა, ყველაფერი გაკეთდება, ოსტაპი ახლა ქალაქის საპატიმროში ზის და თუმცა დარაჯთა დაყოლიება ძნელია, მაინც იმედი მაქვს გაჩვენო როგორმე ოსტაპიო.

ბულბა და ურიები ოთახში შევიდნენ.

ურიებმა ისევ თავიანთ გაუგებარ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. თითოეულ მათგანს ყურადღებით შესცქეროდა ბულბა. ეტყობოდა, რაღაცამ ძლიერად ააღელვა იგი, მის გოროზ, გულგრილ სახეზე იმედის მწველმა ალმა შეითამაშა, იმ იმედისა, რომელიც ხანდახან უკიდურესი განსაცდელის დროს ეწვევა ხოლმე ადამიანს; მოხუცმა გულმაც ისე ძლიერად დაუწყო ცემა, თითქოს ახალგაზრდააო.

– გამიგონეთ, ურიებო! – თქვა ბულბამ და მის ხმაში რაღაც აღტაცება გამოიხატა, – ქვეყანაზე თქვენი გაუკეთებელი არა არის რა, ყველაფერი შეგიძლიათ. რომ მოინდომოთ, თუნდაც ზღვის ძირიდან ამოიყვანთ ადამიანს. ტყუილად კი არ ამბობს ანდაზა: ურიამ რომ მოინდომოს, თავის თავსაც მოიპარავსო. გამითავისუფლეთ ჩემი ოსტაპი! მიეცით საშუალება ამ წყეულების ხელიდან გაქცევისა. აი, ამ კაცსაც ხუთ ათას ოქროს დავპირდი და თქვენც გპირდებით კიდევ თორმეტ ათასს სხვას. რაც კი რამ ძვირფასი ფიალები და ოქრო მაქვს დაფლული მიწაში, სახლსა და უკანასკნელ ტანისამოსსაც გავყიდი და შეგეკვრებით პირობით, რასაც ჩემს სიცოცხლეში ომში ვიშოვნი, ყველაფერს შუა გაგიყოფთ.

– ვაი, არ შეიძლება, კეთილო ბატონო, არ შეიძლება! წარმოთქვა ამოოხვრით იანკელმა.

– არა, არ შეიძლება! – გაიმეორა მეორე ურიამაც.

– ვცადოთ? – თქვა მესამე ურიამ და თან შეშინებულმა გადახედა ამხანაგებს, – იქნება ღმერთმა ინებოს და...

სამივე ურიამ გერმანულად დაიწყო ლაპარაკი. სმენად გადაიქცა ბულბა, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. გაიგო მხოლოდ, რომ მარდოხას სახელს ახსენებდნენ ხშირად და მეტი არაფერი.

– იცი, რა არის, ბატონო! – უთხრა იანკელმა, – უნდა მოველაპარაკოთ ერთ ისეთ კაცს, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე არა ყოფილა. უჰ, უჰ! რა ჭკვიანი რამ არის, დასტურ სოლომონ ბრძენია; თუ ის ვერაფერს გააკეთებს, მაშინ დედამიწის ზურგზე სხვა ვერავინ ვერას გახდება. იჯექი აქ! აი, გასაღები და არავინ შემოუშვა!

ურიები ქუჩაში გავიდნენ.

ჩაკეტა კარი ტარასმა და დაუწყო პაწია ფანჯრიდან ურიების ჭუჭყიან პროსპექტს ყურება. დადგა ეს სამი ურია შუა ქუჩაში და დაიწყეს ისევ ისე ცხარედ საუბარი; მალე მეოთხეც მიემატათ, მერე მეხუთეც. ტარასს სულ ერთთავად ისევ "მარდოხა, მარდოხა" ესმოდა. ურიები ერთთავად ქუჩის ერთ მხარეს იცქირებოდნენ. როგორც იყო, ქუჩის ბოლოს, ერთი უხეირო სახლის უკან, ურიის ფეხსაცმლიანი ფეხი გამოჩნდა და კაბის კალთებიც გამოფრიალდა. "აგერა, მარდოხა! მარდოხა!" – შეჰყვირა ხუთივე ურიამ ერთად. ურია იანკელზე დაბალი და გამხმარი იყო მარდოხა ურია, სახე უფრო მეტად ჰქონდა დანაოჭებული, ზედა ტუჩი კი ძალზე გასიებული. მივიდა თუ არა მარდოხა, მაშინვე ყველამ ერთად დაუწყო ლაპარაკი და მარდოხამაც რამდენჯერმე გახედა პატარა ფანჯარას. მიხვდა ტარასი, რომ ურიებს ლაპარაკი იმაზე ჰქონდათ. მარდოხაც ისმენდა ამ ლაპარაკს, ხელებს შლიდა, აწყვეტინებდა, გვერდზე ხშირად აფურთხებდა, კაბის კალთებს იწევდა, ხელებს ჯიბეში იწყობდა, იღებდა რაღაცა საჩხარუნებლებსა და საძაგელ შარვალს იჩენდა. ისეთი ყვირილი ასტეხეს ბოლოს ურიებმა, რომ შორიახლო მდგომი მოდარაჯე ურია იძულებული შეიქნა ენიშნებინა გაჩუმებულიყვნენ. ტარასს უკვე შიში შეეპარა, ვაითუ უბედურება რამ შეგვემთხვესო, მაგრამ მოაგონდა, რომ ურიებს, თუ არ ქუჩაში, ისე ლაპარაკი არ შეუძლიათ, რომ იმათ ენას თვითონ ეშმაკიც ვერ გაიგებს, და დამშვიდდა.

ორიოდე წუთის შემდეგ ყველანი ოთახში შემოვიდნენ. მივიდა მარდოხა ურია ტარასთან, მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა: "როცა ჩვენ და ღმერთი რისამე გაკეთებას მოვინდომებთ, საქმე ისე იქნება, როგორც სასურველია".

შეხედა ტარასმა ამ სოლომონს, რომლის ბადალიც დედამიწას ჯერ არ ენახა და, იმედი მიეცა. მართლაცდა, გარეგნობა ნდობის ჩამნერგავი ჰქონდა: მისი ზედა ტუჩი სწორედ რომ საზარლობა იყო, ეჭვი არ არის, რაღაცა გარეშე მიზეზების გამო ჰქონდა ისე გასიებული. წვერის ადგილას სულ თხუთმეტი ბალანიღა ჰქონდა შერჩენილი, ისიც მხოლოდ მარცხენა მხარეს. სახეზე ცემის იმდენი ნიშანი უჩნდა – ცხადია, კაიკაცობის წყალობით მიღებული – ეჭვი არ არის, თვითონაც აღარ ახსოვდა მათი რიცხვი და უბრალო ხალებად მიაჩნდა.

წავიდა ბოლოს მარდოხა და მასთან ამხანაგებიც, რომლებიც მისი სიბრძნით უზომოდ იყვნენ განცვიფრებულნი. ბულბა ისევ მარტოდ დარჩა. როგორღაც უცნაურ, არაჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო იგი: მთელ სიცოცხლეში ეს პირველი იყო, რომ ასეთი მოუსვენრობა ჰქონდა. რაღაც ციებ-ცხელებასა გრძნობდა. ტარასი ახლა წინანდებურად მხნე, შეურყეველი და მუხასავით მაგარი აღარ იყო; გრძნობდა, რომ სულმოკლეობდა, სუსტობდა, თითოეული შრიალი აკრთობდა, აღელვებდა თითოეული ურიის სახე, რომელიც კი ქუჩის ბოლოში გამოჩნდებოდა. მთელი დღე ასე გაატარა ტარასმა; არა უსვამ-უჭამია რა და პატარა სარკმლისათვის თვალი არ მოუშორებია. ბოლოს, საღამო ჟამს მარდოხა და იანკელი მოვიდნენ. გულის ცემა თითქოს მთლად შეუჩერდა ტარასს.

– რაო? გაარიგეთ საქმე? – დაეკითხა მოუთმენლად ბულბა.

მაგრამ ვიდრე ურიები სულს მოითქვამდნენ და ტარასს პასუხს მისცემდნენ, შენიშნა უკვე, რომ მარდოხა ურიას უკანასკნელი კიკინაც აღარ უჩანდა, რომელიც ადრე თუმცა ულაზათოდ, მაგრამ მაინც არახჩინიდან დალალად ჰქონდა ჩამოშვებული. ეტყობოდა, რაღაცის თქმა უნდოდა მარდოხას, მაგრამ ისეთი სისულელე დაროშა, რომ ტარასმა სრულიად ვერა გაიგო რა. თვითონ იანკელიც ხელს ხშირ-ხშირად პირზე იფარებდა, თითქოს გაციებულაო.

– ოჰ, კეთილო ბატონო! – თქვა იანკელმა, – ახლა სრულიად შეუძლებელია! ღმერთმანი, შეუძლებელია! ისეთი ცუდი ხალხია, რომ თავზე უნდა დააფურთხო და სხვა არაფერი. აი, მარდოხაც გეტყვის. მარდოხამ ისეთი რამა ქნა, რომ ჯერ არც ერთ ადამიანს არ უქნია დედამიწის ზურგზე, მაგრამ ღმერთმა არ ინება, რომ საქმე მოწყობილიყო. სამი ათასი ჯარისკაცი დგას, ხვალ ყველას სიკვდილით დასჯიან.

შეხედა ურიებს ტარასმა თვალებში, მაგრამ ამჟამად მოუთმენლობისა და გულისწყრიმის გარეშე.

– ხოლო თუ პანს ნახვა უნდა, ხვალ დილით ადრიანად შეიძლება, ისე რომ მზე ჯერ არ ამოსულიყოს. დარაჯები თანახმანი არიან. ერთი ლევენტარი დაგვპირდა. მაგრამ ხეირიც არ უნახავთ იმათ საიქიოსა. ოჰ, ვეი მირ, რა ვერცხლისმოყვარე ხალხია! ჩვენშიაც კი არ არიან იმისთანები: თითოს ორმოცდაათი ოქრო მივეცი და ლევენტარს კიდევ...

– კარგი, წამიყვანე იმასთან! – წარმოთქვა გადაჭრით ტარასმა და მთელი სიმტკიცე სულისა კვლავ დაუბრუნდა.

იგი დასთანხმდა იანკელს, რომ გერმანელების ქვეყნიდან მოსულ უცხოელ გრაფად გამოწყობილიყო. შორსგამჭვრეტ ურიას ეს ტანსაცმელი უკვე ეშოვნა. დაღამდა კიდეც. სახლის პატრონმა, ჭორფლიანმა, წითურა ურიამ თხელი, ჩიჩობგადაკრული ლეიბი გამოაძრო და ბულბას გაუშალა ტახტზე. იანკელი ძირს, იატაკზე დაწვა ასეთსავე ლეიბზე. წითურა ურიამ პატარა ფიალით რაღაც სასმელი დალია, გაიხადა კაბა – წინდა-ფეხსაცმლის ამარა დარჩენილი მთლად წიწილას დაემგვანა – და თავისი ცოლით პატარა კარადის მსგავს კუნჭულისაკენ გასწია. ურიის ორმა პაწია ბიჭმა იქვე, ამ კარადის გვერდით, შინაური გოშიებივით მიდო თავი იატაკზე. მაგრამ არ დაეძინა ტარასს; იჯდა უძრავად და თითებს ოდნავ აკაკუნებდა მაგიდაზე, თან ჩიბუხი ედო პირში და აბოლებდა. თამბაქოს ბოლმა ცხვირს აცემინა ურიას და ბოლოს საბანში შეაყოფინა თავი. ოდნავ გაცისკროვნდა თუ არა ცა, ტარასმა იანკელს წაჰკრა ფეხი, გააღვიძა.

– ადე, შენი გრაფის ტანისამოსი მომეცი!

ერთ წუთში უკვე ჩაცმული იყო ტარასი; შეიღება შავად ულვაშები და წარბები და თავზედაც პატარა შავი ქუდი დაიხურა; ახლა თვით მახლობელი კაზაკებიც კი ვეღარ იცნობდნენ, თუ ის ტარასი იყო. შეხედულებით ოცდათხუთმეტი წლისაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ლოყები წითლად უღვიოდა და ჭრილობების ნაჭდევები რაღაც მბრძანებლობის გამომეტყველებას ჰმატებდა. ოქრომკერდით მორთული ტანისამოსი ხომ სულ ჰხატავდა.

ყველას ეძინა, ქუჩებში ჯერ ჩამიჩუმი არსად იყო. არც ერთი ვაჭარი არ მოჩანდა კოლოფით ხელში. ბულბა და იანკელი მივიდნენ შენობასთან, რომელიც დამჯდარ წეროს ჰგავდა. შენობა, ძირს დაბალი და განიერი, ვეებერთელა რამ იყო, მთლად ჩაშავებული და მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდა წამოდგმული წეროს კისერივით მაღლა აწოწილი კოშკი, რომელსაც ზემოდან პატარა ჩარდახი წამოფარებოდა. ბევრგვარი დანიშნულება ჰქონდა ამ შენობას: აქ იყო მოთავსებული ყაზარმები, საპატიმრო და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოც კი. გავლეს ჩვენმა თანამგზავრებმა კარიბჭე და ფართო დარბაზსა ანუ დახურულ ეზოში შევიდნენ. ათასამდე კაცს აქ ერთად ეძინა. ეზოს პირდაპირ დაბალი კარი მოჩანდა, რომლის წინაც ორი დარაჯი იჯდა და ერთმანეთს რაღაცას ეთამაშებოდნენ – ხელისგულზე ორი თითითა სცემდნენ. მოსულებს დარაჯებმა ყურადღება თითქმის სულაც არ მიაქციეს და მაშინღა შემობრუნდნენ, როცა იანკელმა დაუძახა: – ჩვენ ვართ, გესმით, პანე! ეს ჩვენა ვართ.

– გაიარეთ! – უთხრა ერთმა დარაჯთაგანმა და ცალი ხელით კარი გაუღო, მეორე კი ამხანაგს გაუწოდა, რომ იმას თითები დაეკრა.

გავლეს ვიწრო და ბნელი, დახურული დერეფნები და ისევ ასეთსავე დარბაზში შევიდნენ, რომელსაც ზემოდან პატარ-პატარა სარკმლები ჰქონდა დატანებული.

– ვინ მოდის? – შეჰყვირა ერთად რამდენიმემ, და დაინახა ტარასმა, რომ აქ შეიარაღებული ჰაიდუკები იყვნენ ბლომად. – ნაბრძანები გვაქვს, არავინ გავუშვათ.

– ეს ჩვენა ვართ! – ყვიროდა იანკელი, ღმერთმანი, ჩვენა ვართ, ბრწყინვალე პანებიო!

მაგრამ იანკელს ყურს არავინ უგდებდა. საბედნიეროდ, ამ დროს მოვიდა ვიღაცა სქელი კაცი, რომელიც უთუოდ უფროსი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ყველაზე მეტს ის ილანძღებოდა.

– პან, ჩვენა ვართ, ჩვენა; თქვენ ხომ კიდევაც გვიცნობთ, პანი გრაფიც მადლობას გადაგიხდით კიდევ.

– გაუშვით, გაიარონ, ეშმაკსაც წაუღია მაგათი თავი! მაგრამ სხვა აღარავინ გაატაროთ. ხმლები არავის დავუნახო შემოხსნილი და იატაკზეც არავინ ვნახო წამოგორებული!

მჭვერმეტყველური ბრძანების გაგრძელება ჩვენმა მგზავრებმა ვეღარ მოისმინეს.

– ეს ჩვენ ვართ... მე ვარ... შინაურები ვართ! – ეუბნებოდა იანკელი ყველას, ვინც კი წინ შეეფეთებოდათ.

– რაო, შეიძლება ახლა? – დაეკითხა იანკელი ერთ დარაჯთაგანს, დახურული დერეფანი რომ სულ ბოლომდე გაიარეს.

– შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, თვითონ საპატიმროში შეგიშვებენ თუ არა. იანი აღარ არის: იმის მაგივრად ახლა სხვა დგას, – მიუგო დარაჯმა.

– ვაი, ვაი, ვაი! – ჩაილაპარაკა ჩუმად ურიამ,– ეს კი ვერ არის კარგი, ძვირფასო ბატონო!

– წამიყვანე! – უთხრა ჯიუტად ტარასმა. ურიაც დაემორჩილა. მიწის ქვეშ გასასვლელის კართან იდგა ერთი ახმახი ჰაიდუკი, რომელსაც ულვაშები სამ სართულად გადმოშლოდა. ზემო სართული უკან ჰქონდა გადატანილი, შუა წინ გადმოჰფარებოდა, მესამე კიდევ ქვევით, პირზე ჩამოშლოდა, თითქოს კატააო.

მოიკაკვა, მოიბუზა ურია და დარაჯს გვერდ-გვერდ მიუახლოვდა:

– თქვენო ბრწყინვალე წარჩინებულებავ! ბრწყინვალე, წარჩინებულო პანო!

– მე მეუბნები, ურიავ, ამას?

– თქვენ, ბრწყინვალე, წარჩინებულო ბატონო!

– ჰმ... მე კი მხოლოდ ჰაიდუკი ვარ! – უპასუხა სიხარულისაგან თვალებგაბრწყინებულმა სამსართულა ულვაშოსანმა.

– მე კი, ღმერთმანი, მეგონა, თვითონ ვოევოდას ველაპარაკები-მეთქი. ვაი, ვაი, ვაი! – და ურიამ კისერი მოიგრიხა, თითები გაფარჩხა, – ოჰ, რა დიდებული შეხედულება აქვს, ღმერთმანი, პოლკოვნიკია, დასტურ პოლკოვნიკი! ერთი თითის დადება რომ კიდაევ დაემატოს, მაშინ ხომ მთლად პოლკოვნიკი იქნებოდა! უნდა შემჯდარიყო მაშინ პანი ისეთ ულაყზე, რომ ბუზივით მალი და სწრაფი ყოფილიყო, და პოლკები ეწვრთნა!

ჰაიდუკმა ულვაშების ქვედა სართული გაისწორა, თვალები უფრო გაუმხიარულდა.

– რა ხალხია ეს სამხედრო ხალხი! – განაგრძობდა ურია, – ოჰ, ვეი მირ, მართლაცდა კაი ხალხია! ყაითნები, ღილები, ყველაფერი მზესავით უბრწყინავთ; გოგოები ხომ კიდევ, საცა კი თვალს დაჰკრავენ... ვაი, ვაი, ვაი! – ურიამ კისერი ისევ მოიგრიხა.

ჯარისკაცმა ახლა ულვაშების ზემო სართული გადაიგრიხა და ცხენივით ჩაიხვიხვინა.

– ვთხოვ პანს დაგვეხმაროს! – დაიწყო ისევ ურიამ, – აი, ეს თავადი უცხო ქვეყნიდან არის მოსული და უნდა კაზაკები ნახოს. ჯერ არსად უნახავს, რა ხალხია ეს კაზაკები.

უცხოელი გრაფებისა და ბარონების პოლონეთში ჩამოსვლა საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ცნობისმოყვარეობით ხშირად მოდიოდნენ ხოლმე, რომ ევროპის ეს ნახევრად აზიური კუთხე თავისი თვალით ენახათ. მოსკოვის მხარესა და უკრაინას ხომ პირდაპირ აზიად თვლიდნენ. ამიტომ ჰაიდუკმა თავი მდაბლად დაუკრა და ზრდილობის გულისათვის რამდენიმე სიტყვა თავის მხრივაც დასძინა:

– არ ვიცი სწორედ, თქვენო ბრწყინვალებავ, რად მოგისურვებიათ მათი ნახვა. ძაღლები არიან და არა ხალხი. სარწმუნოებაც ისეთი აქვთ, რომ არავინ პატივს არა სცემს.

– სტყუი, ეშმაკის შვილო! – შესძახა ბულბამ. – თვითონ ხარ ძაღლი! როგორ ბედავ და ამბობ, რომ ჩვენს სარწმუნოებას პატივს არ სცემენ! ეგ თქვენს ერეტიკულ სარწმუნოებას არ სცემენ პატივს!

– რაო, რაო? – შეჰყვირა დარაჯმა – ახლა კი ვიცი, მეგობარო, ვინცა ბრძანდები: შენ თვითონ იმათგანი ხარ, აქ რომ გვისხედან, მოიცა, დავუძახო ჩვენებსა.

მიხვდა ტარასი, რომ დიდი გაუფრთხილებლობა მოუვიდა, მაგრამ ჯიუტობისა და სიბრაზის გამო ვერაფერი მოიფიქრა, როგორ გამოესწორებინა საქმე. საბედნიეროდ, იანკელმა დროზე მოასწრო გამოლაპარაკება.

– ბრწყინვალე, წარჩინებულო პანო! როგორ შეიძლება გრაფი კაზაკი იყოს? მართლა რომ კაზაკი ყოფილიყო, ან ამ ტანისამოსს ვინ მისცემდა, ან ასეთ გრაფულ შეხედულებას?

– ილაპარაკე შენა!.. – და დარაჯმა ის-ის იყო პირი დააღო, რომ დაეყვირა.

– თქვენო უდიდებულესობავ! ჩუმად! ნუ, ღვთის გულისათვის! – შეჰყვირა იანკელმა. – გაჩუმდით და ფულს იმდენს მოგცემთ, რომ თვალითაც კი არ გენახოთ ჯერ: ორ ოქროს გაჩუქებთ.

– ეჰე! ორ ოქროსაო! ორი ოქრო ჩემთვის რა არის! ორ ოქროს დალაქს ვაძლევ ხოლმე ნახევარი წვერის გაპარსვაში. მოიტა, ურიავ, ასი ოქრო! – და დარაჯმა ზევითა ულვაშები გადაიგრიხა. – არ მომცემ და ახლავე დავიყვირებ!

– მერე მაგდენი რად გინდა? – წარმოთქვა ნაღვლიანად გაფითრებულმა ურიამ და თან ტყავის პარკუჭანას დაუწყო ხსნა. ბედნიერი იყო იანკელი, რომ პარკუჭანაში მეტი ფული აღარა ჰქონდა და დარაჯმაც ასს იქით თვლა არ იცოდა.

– პან! პან! წავიდეთ ჩქარა! ხომ ხედავთ, რა ხალხია აქა! დაუწყო ტარასს ხვეწნა ურიამ, რომ შენიშნა, როგორ ითვლიდა დარაჯი ოქროებს და თითქოს ნანობდა, რატომ მეტი არა ვთხოვეო.

– რაო, ეშმაკის კერძო! – შესძახა ბულბამ, – ფულები წაიღე და ჩვენებას კი არ აპირებ? არა, უნდა გვაჩვენო. ფული რომ მიიღე, ახლა უფლება აღარა გაქვს, უარი გვითხრა.

– წადით, წადით, ეშმაკმა კი წაიღოს თქვენი თავი! თორემ ამავე წამს დავიყვირებ და აქვე... გეუბნებით, ჩქარა წაეთრიეთ-მეთქი!

– პან! პან! წავიდეთ, ღმერთმანი, წავიდეთ! ფუი მაგათ! დეე, ისეთი რამ მოეზმანოთ, რომ სულ ფურთხების ღირსი იყოს, – ყვიროდა საწყალი იანკელი.

მძიმედ მობრუნდა თავდაღუნული ბულბა და გასწია უკან. იანკელი კი, რომელსაც დაკარგული ოქროების ბოღმა ახრჩობდა, მისდევდა და თან უსაყვედურებდა:

– არა, რა საჭირო იყო ახირება? დეე, რამდენიც უნდოდა, იმდენი ელანძღა იმ ძაღლსა! მაგათ ხომ არ შეუძლიათ არ ილანძღონ! ოჰ, ვეი მირ, მართლაც რა ბედსა სწევ ხოლმე ხანდახან ღმერთი კაცს! ასი ოქრო იმაში მიიღო მხოლოდ, რომ გამოგვრეკა! ჩვენ კი კიკინებსაც დაგვაგლეჯენ, პირისახესაც ისე დაგვილურჯებენ, რომ შესახედავად შესაზარია და ას ოქროს მაინც არავინ მოგვცემს. ღმერთო ჩემო! ღმერთო მოწყალეო!

მაგრამ საქმის ასე დაბოლოებამ ბულბაზე უფრო მეტი გავლენა იქონია; მის თვალებში დაუოკებელმა ცეცხლმა იელვა.

– წავიდეთ! – შესძახა ბოლოს უცბად, თითქოს გამოფხიზლდაო. – მოედანზე წავიდეთ. მინდა ვნახო, როგორ დასტანჯავენ.

– ეჰ, ბატონო! რა საჭიროა, ამით ხომ ვეღარას ვუშველით.

– წავიდეთ! – გაიმეორა ბულბამ ჯიუტად და ურიაც გადიასავით უკან გაჰყვა ოხვრით.

ძნელი საპოვნელი არ იყო ის მოედანი, სადაც პატიმარნი უნდა დაესაჯათ: ყოველი მხრიდან აუარებელი ხალხი მიისწრაფოდა იქით. მაშინდელ ველურ დროს კაცის დასჯა საუკეთესო სანახაობას წარმოადგენდა არა მარტო ბრბოსათვის, მაღალი წრის ხალხისათვისაც. ბევრი ღვთისმოსავი ბებერი დედაკაცი, ბევრი მშიშარა გასათხოვარი თუ გათხოვილი ქალი არამც და არამც არ გამოსტოვებდა ამ სანახაობას, თუნდაც შემდეგ მთელ ღამეს მოსვენება არა ჰქონოდა, სულ გასისხლიანებული გვამები სდგომოდა თვალწინ და მთვრალი ჰუსარივით ხმამაღლა ეყვირა. "ვაიმე, რა საშინელებაა", – იძახდა ხოლმე ზოგიერთი მათგანი ისტერიულად და თან თვალებზე ხელს იფარებდა, პირს იბრუნებდა, მაგრამ დგომით კი მაინც საკმაოდ დიდხანს იდგა ხოლმე იქ. ზოგი კი პირდაღებული და ხელგაწვდილი თითქმის თავზე აჯდებოდა სხვებს, რომ უკეთ დაენახა, არა გამოჰპაროდა რა. ამ მაცქერალთა ბრბოში ზოგჯერ გამოირჩეოდა ვინმე თავგასიებული ყასაბი, რომელიც საქმის მცოდნის იერით ადევნებდა თვალს სასჯელს და მოკლე-მოკლედ ამცნობდა თავის აზრს რომელიმე ხელოსან მეიარაღეს, ვისაც ნათლიად იხსენიებდა მხოლოდ იმიტომ, რომ კვირა-უქმე დღეებში სადმე ღვინის დუქანში ერთად იბრუჟებოდნენ ხოლმე. ზოგნი გაცხარებით მსჯელობდნენ, ზოგნი სანაძლეოსა სდებდნენ; მაგრამ უმეტესობას შეადგენდნენ ისეთნი, რომლებსაც ქვეყნიერება და რაც კი ქვეყნად ხდება საზოგადოდ არაფრად მიაჩნიათ, არაფრად აგდებენ. სულ წინ, ქალაქის გრძელულვაშიანი გვარდიელების გვერდით, დაინახავდით ახალგაზრდა შლიახტიჩსა თუ მის მსგავს ვინმეს, სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილს, რომელსაც ყოველივე, რაც სულს იქით მოეპოვებოდა, ზედ აესხა და შინ მხოლოდ დაგლეჯილი პერანგი და ძველი წაღებიღა დარჩენოდა. ყელზე ერთიმეორეზე ორ-ორი ძეწკვი ჰქონდა ჩამოკიდებული რაღაც დუკატით. გვერდით ედგა თავისი სატრფო იუზისია. შლიახტიჩი განუწყვეტლივ უკან იცქირებოდა, რომ ქალისათვის აბრეშუმის კაბა არავის გაეთხუნა. იგი დაწვრილებით უხსნიდა ყველაფერს, ასე რომ შევსება და დამატება ასეთი ახსნის შემდეგ შეუძლებელი იყო.

– ეს, ჩემო სულიკო იუზისია, – ეუბნებოდა იგი, – მთელი ეს ხალხი, რასაც ხედავ, სულ იმისთვის არის მოსული, რომ დამნაშავეთა დასჯა ნახოს; აი ის კი, ჩემო სულიკო, ხელში რომ ნაჯახი და სხვა მოწყობილობა უჭირავს, ჯალათია, იმან უნდა დასაჯოს. დაბორბვლას და სხვა წამებას რომ დაუწყებს, დამნაშავე ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება; მაგრამ როგორც კი თავს მოსჭრის, მაშინვე მოკვდება, ჩემო სულიკო. ჯერ ყვირილსა და ფართხალს დაიწყებს, მაგრამ თავს რომ მოსჭრიან, მერე ვეღარ დაიყვირებს, ვეღარც შესჭამს, ვეღარც შესვამს, იმიტომ, ჩემო სულიკო, რომ თავი აღარ ებმება. – იუზისიაც ყოველივე ამას შიშითა და ცნობისმოყვარეობით ისმენდა. სახლის ბანები ყველგან ხალხით იყო სავსე. სამერცხულებიდან ვიღაცა უცნაურს, ულვაშიანსა და არახჩიან ხალხს გამოეყოთ აქა-იქ თავი. არისტოკრატები აივნებზე ისხდნენ საჩრდილობლებს ქვეშ. თოვლივით სპეტაკ მოღიმარ ასულს ლამაზი ხელი ჩაეჭიდა მოაჯირისათვის და ისე იცქირებოდა. საკმაოდ ჩასუქებული ბრწყინვალე, წარჩინებული თავადის ქალები მედიდურად იყურებოდნენ. მდიდრულად მორთული, უკან სახელოგადაგდებული მონა-მსახური იქვე სასმელ-საჭმელს სთავაზობდა ბატონებს. დასტაცებდა ხოლმე ხშირად რომელიმე ცელქი, შავთვალა გოგონა თავისი ბროლივით თეთრ ხელს ხილსა და შაქარლამებს და ხალხისაკენ ისროდა. მშიერ რაინდთა ბრბო ერთმანეთს აღარ აცლიდა ქუდების შეშვერას, ანდა რომელიმე მაღალ-მაღალი შლიახტიჩი გახუნებული წითელი კუნტუშით, რომელზედაც ჩაშავებული ოქროს ყაითნები ჰქონდა დაკერებული, აიშვერდა მაღლა გრძელ ხელს, რადგანაც მთელი თავით სხვებზე მაღალი იყო, დაიჭერდა ნადავლს, ჩაჰკოცნიდა, ჩაიკრავდა გულში და მერე პირისაკენ გააქანებდა. აივნის ქვემოთ ოქროს გალიით ჩამოკიდებული შავარდენიც თვალს ადევნებდა სანახაობას. ნისკარტი გვერდზე მოექცია, ცალი ფეხი აეწია და ხალხს ყურადღებით სინჯავდა. მაგრამ აი, ბრბო უცბად ახმაურდა, ყოველმხრივ ძახილი გაისმა: "მოჰყავთ, მოჰყავთ! კაზაკები მოჰყავთ!"

გრძელჩუბიანი, წვერმოშვებული კაზაკები თავშიშველი მოდიოდნენ. მოდიოდნენ უშიშრად, რაღაცა ჩუმი სიამაყით. ძვირფასი მაუდის ტანისამოსი გასცვდომოდათ, დაჰგლეჯოდათ. ხალხს არ უცქეროდნენ, სალამს არ აძლევდნენ. ყველაზე წინ ოსტაპი მოდიოდა.

რა იგრძნო მოხუცმა ტარასმა, თავისი შვილი ოსტაპი რომ დაინახა? გულში რა გაივლო? უცქეროდა ბრბოდან და არც ერთი მისი მოძრაობა არ გამოჰპარვია. საწამებელ სდგილსაც მიუახლოვდნენ. ოსტაპი შედგა. პირველად მას უნდა შეესვა ტანჯვის ფიალა. გაჰხედა თავისებს, აიშვირა ხელი და ხმამაღლა წარმოთქვა:

– შეგვაძლებინე, ღმერთო, რომ, რაც აქ უწმინდური ერეტიკოსები დგანან, არც ერთმა ამათგანმა არ გაიგოს, როგორ იტანჯვის ქრისტიანი! არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ამოიღოს ხმა!

თქვა ეს და სახრჩობელას მიუახლოვდა.

– აგრე, შვილო, აგრე! – თქვა ბულბამ და ჭაღარა თავი ძირს ჩაჰკიდა.

ჯალათმა ოსტაპს ძველძვული გააძრო; გაუკრეს ხელ-ფეხი საგანგებოდ მომზადებულ ფიცრებში, და... მაგრამ რა საჭიროა, ნუ, ნუ შევზარავთ მკითხველს იმ ჯოჯოხეთური ტანჯვის დასურათებით, რომლის ნახვით ყველას თმა ყალყზე დაუდგება. ეს იყო ნაყოფი იმ სასტიკი და ველური დროისა, როცა კაცი ჯერ კიდევ ომებსა და სისხლის ღვრებში ატარებდა ცხოვრებას და ისე იყო გამოწრთობილი ამ სისხლის სმაში, რომ ადამიანობის ნიშანწყალი აღარ ემჩნეოდა. ტყუილად ცდილობდნენ ხოლმე ზოგიერთნი, მეტად იშვიათნი, ამ ველურ და მხეცურ საშუალებათა წინააღმდეგ ხმის ამაღლებას. ამაოდ ამტკიცებდნენ მეფე და ზოგიერთი გონებითა და სულით განათლებული რაინდები, რომ ასეთი სასტიკობა უფრო უარესად ამწვავებდა კაზაკთა ერს, მეტ შურისძიებას უნერგავდა. ძალაუფლება მეფისა და გონიერთა რჩევა სულ ფუჭი იყო უწესობისა და სახელმწიფო მაგნატების თავხედი თვითნებობის წინაშე, მაგნატებისა, რომლებმაც თავიანთი მოუფიქრებლობით, წარმოუდგენელი შორსგაუმჭვრეტლობით, ბავშვური თავმოყვარეობითა და უბადრუკი ამაყობით სეიმი მართვა-გამგეობის სატირად გადააქციეს. არაადამიანური მოთმინებით აიტანა ყოველგვარი ტანჯვა და გვემა ოსტაპმა. კრინტი რა არის, კრინტი არ დაუძრავს, არც ერთხელ არ ამოუოხრია მაშინაც კი, ხელ-ფეხი რომ დაუმტვრიეს. სამარისებურ დუმილში გაისმა საზარელი ღრჭიალი ძვლებისა და ამ ხმამ ყველა შეჰზარა, პანის ქალებმა საცოდაობით პირი მიიბრუნეს, რომ თვალი მოერიდებინათ. მაგრამ ოსტაპს ხმა არ ამოუღია, სახე არ შეუცვლია. ტარასიც იდგა თავჩაკიდული ამ ბრბოში, თვალები ამაყად შეემაღლებინა და მოწონებით მხოლოდ ჩუმად იმეორებდა: "აგრე, შვილო, აგრე!"

მაგრამ უკანასკნელი წამების ჟამი რომ დადგა, აქ კი თითქოს ძალამ უსუსტა ოსტაპს, მიმოავლო თვალი გარშემო: ღმერთო! ირგვლივ სულ უცნობი, უცხო სახეებია! ერთი მახლობელი მაინც დასწრებოდა მის სიკვდილს! არ უნდოდა მოესმინა დაუძლურებული დედის გულისმომკვლელი ქვითინი, არც ცოლის უსაზღვრო ცრემლფრქვევა ენახა, რომ თავზე თმა ეგლოჯა და თეთრ გულმკერდში კიდევ გამწარებულს მუშტი ეცემა. არა, მას უნდოდა ენახა მაგარი ხასიათის ვაჟკაცი, რომელიც გონივრული სიტყვით სიკვდილის წინ ანუგეშებდა, ძალ-ღონეს განუახლებდა. ვეღარ შესძლო ბოლოს ოსტაპმა, უმტყუნა ძალამ და სულით დაუძლურებულმა წამოიძახა:

– ბატკო! სადა ხარ ნეტა? გესმის კი ყოველივე ეს?

– მესმის! – გაისმა უცბად საყოველთაო დუმილში და მილიონი ხალხი ერთბაშად შეკრთა. ცხენოსან ჯარისკაცთა ერთი ნაწილი მაშინვე ბრბოს ეცა და დაუწყო ძებნა. სიკვდილის ფერი დაედო იანკელს და, როდესაც ჯარისკაცნი ცოტათი მოსცილდნენ, შიშით უკან მიიხედა, რომ ტარასისათვის შეეხედა. მაგრამ ტარასი აღარსად იყო: სადღაც გამქრალიყო.
XII

აღმოჩნდა ბოლოს ტარასის კვალი. უკრაინის საზღვარზე კაზაკთა ასოცათასიანი ჯარი გამოჩნდა. ეს უკვე პატარა რაზმი ან გუნდი როდიღა იყო, სადავლაოდ და თათრების სადევრად გამოსული. არა, აღდგა მთელი ერი., რამეთუ აივსო ხალხის მოთმინების ფიალა და ამხედრდა იგი შურის საძიებლად თავის უფლებათა, თავის ზნე-ჩვეულებათა და სარწმუნოების სამარცხვინო შელახვისა და დამცირებისათვის, ეკლესიების შეგინებისა, უცხოელ ბატონთა უწესობისა და ჩაგვრისა, უნიისა, ქრისტიანთა მიწა-წყალზე ურიების ბატონობისა და ყველა იმისა გამო, რაც დიდი ხანია კაზაკთა გულებში სიძულვილსა და ბოღმას აღრმავებდა: კაზაკთა ურიცხვ ჯარს წინ უძღვოდა ახალგაზრდა, მაგრამ სულით ძლიერი და მხნე გეტმანი ოსტრანიცა. მას ახლდა მოხუცი, გამოცდილი ამხანაგი და მრჩეველი გუნია. რვა პოლკოვნიკი თორმეტ-თორმეტათასიან პოლკებს მოუძოდა. ორი მთავარი ესაული და ერთიც მთავარი მებუნჩუკე გეტმანს კვალდაკვალ მისდევდნენ. მთავარი ხორუნჟი უმთავრეს დროშას უძღოდა წინ; უკან კიდევ მრავალი დროშა და ბაირაღები იყო აფრიალებული. მებუნჩუკის ამხანაგებს ბუნჩუკები მოჰქონდათ. მრავალი იყო პოლკში აგრეთვე სხვა თანამდებობის ხალხიც, მებარგე-მექარავნენი, რაზმის მწერლები და სხვა მათთან ქვეითი და ცხენოსანი რაზმი. მწყობრის ჯარს რაოდენობით არც მოხალისეთა ლაშქარი ჩამორჩებოდა. ყველა მხრიდან ამხედრდნენ კაზაკები: ჩიგირინიდან, პერეიასლავიდან, ბატურინოდან, გლუხოვოდან, დნეპრის ქვემო მიდამოებიდან, აგრეთვე მის ზემო მხრიდან და კუნძულებიდან, ურიცხვი ცხენი და ფორანი გამოიშალა მინდვრად. აი, ამ კაზაკებსა და ამ რვა პოლკში კი ყველაზე უკეთესი ერთი იყო და ამ პოლკს უძღოდა ტარას ბულბა. ყველაფრით უპირატესობა ჰქონდა მოხვეჭილი; ხნოვანებითაც, გამოცდილებითაც, ჯარის ხელმძღვანელობის უნარითაც, მტრის უმაგალითო სიძულვილითაც. მისი სიმკაცრე და ულმობლობა თვით კაზაკებსაც კი მეტისმეტად მიაჩნდათ. მისი ჭაღარა თავი ყველას სახრჩობელასა და ცეცხლში დაწვას უწყვეტდა. მისი რჩევა სამხედრო ბჭობის დროს მხოლოდ მტრის ამოჟლეტა და ამოწყვეტა იყო.

საჭირო არ არის ჩამოვთვალოთ, რამდენ ბრძოლაში გაიმარჯვეს კაზაკებმა, ლაშქრობის საქმე როგორ მიდიოდა: ყველაფერი ეს მემატიანესა აქვს დაწვრილებით მოხსენებული. ყველამ იცის, რას მოასწავებს რუსეთში სარწმუნოებისათვის წარმოებული ომი. სარწმუნოებაზე ძლიერი აღარა არის რა, შეურყეველი და მრისხანეა, ვით ხელთუქმნელი კლდე მუდამ მღელვარე, ცვალებად ზღვაში. ამომართულა იგი შუაგული ზღვის ძირიდან ერთიანი, მტკიცე, მაგარი, პიტალო. ყოველი მხრიდან კარგადა ჩანს, გარშემო მსრბოლ ტალღებს ჯიქურ შეჰყურებს. ვაი ხომალდსა, რომელიც მას დაეჯახება! მიამტვრ-მილეწავს ნაფოტივით, ჩასძირავს უმალ ყოველივეს, რაც კი და ვინც კი ზედ იქნება, მტვრად აქცევს და განწირულთა საცოდავი ყვირილი ჰაერს მოეფინება.

მატიანეში დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ გარბოდნენ განთავისუფლებული ქალაქებიდან პოლონელთა ჯარები; როგორ ჩამოახრჩეს ყველა უსინდისო მოიჯარე ურია; როგორ ისუსტა მეფის დანიშნულმა გეტმანმა ნიკოლოზ პოტოცკიმ თავისი ურიცხვი მხედრობით კაზაკთა უძლეველი ლაშქრის წინააღმდეგ; როგორ დამარცხდა იგი და კვალდაკვალ დევნილს როგორ დაეხრჩო თავისი ჯარის საუკეთესო ნაწილი ერთ პატარა მდინარეში; როგორ შემოარტყეს კაზაკთა მრისხანე რაზმებმა ალყა პატარა დაბა პოლონოში და ბოლოს უკიდურესობამდე მიღწეულმა როგორ ფიცით აღუთქვა კაზაკებს მეფისა და სახელმწიფო მოხელეთა მხრივ ყოველივეთი დაკმაყოფილება, ყველა ძველ უფლებათა დაბრუნება. მაგრამ ასეთები არ იყვნენ კაზაკები, რომ დაეჯერებინათ: უკვე იცოდნენ, რაც იყო პოლონელთა ფიცი, ვეღარ ეღირსებოდა პოტოცკი თავის ექვსათასმანეთიან ბედაურზე ჯდომას, დიდებულ ქალთა აღტაცებულ, ხოლო თავად-აზნაურთა შურიან მზერას, ვეღარ იპარპაშებდა სეიმებზე, ვეღარც სენატორებს გაუმართავდა ბრწყინვალე ნადიმებს, თუ რომ მას დაბაში მცხოვრები რუსის სამღვდელოება არ დახმარებოდა. გამოეგებნენ მღვდლები კაზაკთა ლაშქარს ოქრომკედით ნაკერი შესამოსლებით, ხატებითა და ჯვრებით. წინ თვითონ არქიელი უძღოდა სამწყემსმთავრო მიტრითა და ჯვრით. და კაზაკებმაც ქუდი მოიხადეს, თავი მოიხარეს, არავის არ სცემდნენ პატივს და არავის გაუგონებდნენ იმ დროს, – თვით მეფესაც კი; მაგრამ თავისი საქრისტიანო ეკლესიის წინააღმდეგ ვეღარ წავიდნენ, სამღვდელოებას პატივი სცეს. დათანხმდნენ ოსტრანიცა და პოლკოვნიკები გაენთავისუფლებინათ პოტოცკი, მაგრამ ფიცი კი ჩამოართვეს, რომ საქრისტიანო ეკლესიებს ხელს აღარ ახლებდა, ძველ მტრობას დაივიწყებდა და კაზაკთა მხედრობას არავითარ შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა. მხოლოდ ერთი პოლკოვნიკი არ დათანხმდა ასეთ ზავზე. ეს იყო ტარასი. ამოიგლიჯა მთელი ბღუჯა თმა თავიდან და შესძახა:

– ჰეი, გეტმანო და პოლკოვნიკებო! ასეთ დედაკაცურ საქმეს ნუ ჩაიდენთ! ნუ დაუჯერებთ ლიახებს: გაგვყიდიან ძაღლები!

ხოლო როდესაც პოლკის მწერალმა პირობა დასწერა და გეტმანმა ოსტრანიცამ კიდევ ხელი მოაწერა, მოიხსნა მაშინ ტარასმა წმინდა ხორასნის ძვირფასი თურქული ხმალი, წკეპლასავით გატეხა ორად, ნამტვრევები ორ სხვადასხვა მხარეს გადაისროლა და თქვა:

– მშვიდობით! როგორც ამ ხმლის ორი ნატეხი აღარ შეუერთდება ერთიმეორეს და აღარ გამრთელდება, ისე ჩვენ ვეღარა ვნახავთ ერთმანეთს ამ ქვეყანაზე, ამხანაგებო! გახსოვდეთ ეს ჩემი გამოსათხოვარი სიტყვა... (ამ სიტყვების თქმაზე ხმა აუმაღლდა, გაეზარდა, რაღაც უცნაურად გაუძლიერდა – და ამ წინასწარმეტყველების გაგონებაზე ყველა შეკრთა): – სიკვდილის წინ მომიგონებთ! იქნებ გგონიათ იბატონებთ? სულ სხვაგვარად გაბატონებენ: აგაძრობენ, გეტმანო, მაგ თავიდან ტყავს, ჩალაბულით გაჰგუდავენ და ყველა ბაზრობაზე ჩამოატარებენ საჩვენებლად! ვერც თქვენ დააღწევთ, პანოვე, თავსა! ნესტიან და შავბნელ სარდაფებში ამოგხდებათ სული, თუ რომ ყველას ცხვრებივით ცოცხლად არ დაგხარშავენ ქვაბებში!

– თქვენ კი, ბიჭებო. – მიუბრუნდა თავის კაცებს, – რომელ თქვენგანს სურს მოკვდეს თავისი ნამდვილი სიკვდილით, – არა ღუმლის თავზე თუ დედაკაცების გვერდით, ან დუქნების ღობეეთან მძორივით მთვრალად გდებით, – არამედ კაზაკური პატიოსნური სიკვდილით? ან იქნებ გინდათ შინ დაბრუნდეთ და პოლონელი ქსენძები ზურგით ატაროთ?

– შენთან წამოვალთ, პან პოლკოვნიკო, შენთან! – შეჰყვირა ყველამ, ვინც კი ტარასის პოლკში იყო და მათ სხვაც ბევრი შეუერთდა.

– მაშ, წამომყევით, თუ მომდევთ! – თქვა ტარასმა, უფრო ღრმად ჩამოიფხატა ფაფახი, დარჩენილებს მრისხანედ გადახედა, გასწორდა ცხენზე და შეუყვირა თავისებს: – მაშ ნურავინ რას გვეტყვის შეურაცხმყოფელს, ნურავინ გვისაყვედურებს! აბა, ჰაიდა, ბიჭებო, კათოლიკეებს ვესტუმროთ! – დაჰკრა ცხენსა და გასწია; უკან გაჰყვა ასამდე ფორანი და მათთან მრავალი ცხენოსანი და ქვეითი კაზაკი; თან უკან იხედებოდა ტარასი და დარჩენილებს მრისხანედ გაჰყურებდა. ვერავინ გაბედა მისი უკან დაბრუნება. მიდიოდა ასე მთელი მხედრობის თვალწინ ტარასის პოლკი და დიდხანს იცქირებოდა უკან მრისხანედ ტარასი.

იდგნენ შემკრთალნი გეტმანი და პოლკოვნიკები, ფიქრონდნენ და სდუმდნენ დიდხანს, თითქოს რაღაცა სამძიმო ამბის წინათმგრძნობელნი არიანო. ტყუილად კი არ უწინასწარმეტყველა ტარასმა: ყველაფერი ახდა, რაც მან თქვა. არ გასულა დიდი ხანი მართლაც და გეტმანსა და მასთან ერთად ბევრ სხვა დიდებულს თავები დასჭრეს და მარგილზე წამოაცვეს.

ტარასი, ტარასი სადღა იყო? ტარასი ამ დროს მთელ პოლონეთში დათარეშობდა თავისი პოლკით; გადასწვა თვრამეტი დაბა, ორმოცამდე კოსტელი და თითქმის კრაკოვამდე მივიდა. ამოხოცა მრავალი თავად-აზნაური, დაარბია უმდიდრესი და საუკეთესო ციხე-დარბაზები; დახსნეს და დაღვარეს კაზაკებმა ძველისძველი საუკეთესო თაფლუჭი და ღვინო, რომლებიც დიდი მზრუნველობით ინახებოდა პოლონელი პანების სარდაფებში; დაკუწეს და დასწვეს ძვირფასი მაუდები, ტანისამოსი, ავეჯი და ყოველივე, რაც კი რამ სარდაფებში ნახეს შენახული. "არა დაინდოთ რა, არა დაინდოთ რა!" – უმეორებდა მუდამ ტარასი. შავთვალა, თეთრმკერდიან, თეთრსახიან ქალებსაც აღარ ინდობდნენ კაზაკები; საკურთხეველიც კი აღარ იფარავდა მათ გამძვინვარებულ კაზაკებისაგან: საკურთხეველსაცა და მათაც ცეცხლს ერთად წაუკიდებდა ხოლმე ტარასი. არა ერთი და ორი თოვლივით თეთრი ხელი ამართულა ცეცხლის ალს შუა ზენასადმი და გამომხდარა საბრალისი ყვირილი, რომლის გაგონებაზე თვით ცივი დედამიწა შეირყეოდა და მინდვრის ბალახიც კი თავს ძირს დახრიდა სიბრალულით. მაგრამ სასტიკი კაზაკები არაფერს უსმენდნენ: ძუძუმწოვარ ბავშვებს შუბზე აგებდნენ და მშობლებს უყრიდნენ ცეცხლში. "ეს თქვენ, ლიახებო, ოსტაპის მოსახსენებლად!" – მისძახოდა ხოლმე ტარასი. ასე იხსენებდა ყველგან, ყველა სოფელში თავის ოსტაპს, ციდრე პოლონეთის მთავრობამ არ მიაქცია ყურადღება, რომ ტარასის მოქმედება უბრალო ყაჩაღობა არ იყო. აიღო მაშინ მთავრობამ და იმავე პოროცკის მიანდო ხუთი პოლკით უთუოდ დაეჭირა ტარასი.

ექვს დღეს მიილტვოდნენ სოფლის გზებით კაზაკები მდევართაგან; ცხენები ძლივსღა უძლებდნენ შეუსვენებლივ ჭენებას. მაგრამ პოტოცკიმ იმჟამად დავალება ღირსეულად შეასრულა: სდია ფეხდაფეხ და დნესტრის ნაპირზე დაეწია, სადაც ბულბას დასასვენებლად ერთი თავმინებებული, დანგრეული ციხე დაეჭირა.

ზედ დნესტრის ციცაბო ნაპირზე აღმართულიყო ციხე თავისი ჩამოქცეული პატნეზით და დანგრეული კედლებით. ღორღით და აგურით იყო მოფენილი ზედა ნაწილი კლდისა და ყოველ წამს მზად იყო ჩამოშლილ-ჩამონგრეულიყო. სწორედ აქ ორივე მხრიდან მოადგა ტარასის პოლკს გეტმანი პოტოცკი. ოთხ დღეს ებრძოდნენ კაზაკები და იგერიებდნენ მტერს ქვითა და აგურით. მაგრამ გამოელიათ ძალაც და მარაგიც. მაშინ გადასწყვიტა ტარასმა მტრის ჯარი გაერღვია. კიდევაც გაარღვიეს და იქნება ერთხელ კიდევ გაეწიათ მალ ცხენებს სამსახური კაზაკებისათვის, რომ უცბად შედგა გზაზე ტარასი და შეჰყვირა: "მოიცათ! თამბაქოთი სავსე ჩიბუხი გამვარდა, არ მინდა, რომ ჩიბუხი რა არის, ჩიბუხიც ჩაუვარდეთ ხელში წყეულ ლიახებს!" და დაიღუნა. დაუწყო ბალახში ძებნა ჩიბუხს, რომელიც ზღვაზე თუ ხმელზე, ლაშქრობის დროს თუ შინ მუდამ განუშორებლივ თან ჰქონდა ხოლმე. შემოესია ამ დროს მტრის მთელი გროვა და მძლავრი მკლავები გაუკავა. გაიწ-გამოიწია ტარასმა, დასჭიმა კუნთები, მაგრამ ვაი რომ ძველებურად ვეღარ მიფანტ-მოფანტა მტერი. "ეჰ, სიბერევ, სიბერევ!" წარმოთქვა და ატირდა ძარღვმაგარი მოხუცი. მაგრამ სიბერე არაფერ შუაში იყო: ძალამ ძალას სძლია. სულ ცოტა ოცდაათი კაცი ასხდა ხელ-ფეხზე. "ხომ ჩაგვივარდი ხელში, ყორანო! – ყვიროდნენ ლიახები. – ახლა მხოლოდ ისღა უნდა მოვიფიქროთ, ეს ძაღლი ღირსეულად როგორ დავსაჯოთ!" და გეტმანის ნებართვით მაშინვე ყველას თვალწინ ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს. იქვე იდგა გამხმარი, მოტიტვლებული ხე, რომლისთვისაც თავი მეხს ჩამოეჩეხა. მიაბეს რკინის ჯაჭვებით ხეს, მიუჭედეს ლურსმნებით ხელები და ასწიეს მაღლა, რომ ყველა მხრიდან გამოჩენილიყო. თან ცეცხლს დაუწყეს მზადება. მაგრამ კოცონს არ უცქერდა, ცეცხლზე არ ფიქრობდა ტარასი. იგი გაჰყურებდა იმ მხარეს, სადაც კაზაკები მტერს იგერიებდნენ. მაღლიდან, როგორც ხელისგულზე, ყველაფერს კარგად ხედავდა ტარასი.

– ჩქარა დაიჭით, ბიჭებო, ტყის უკან რომ გორაა, ჩქარა! – უყვიროდა ტარასი, – იქ ვერ მოგიდგებიან!

მაგრამ მისი სიტყვები ქარმა სხვა მხარეს წაიღო.

– უბრალოდ დაიღუპებიან, უბრალოდ! – ყვიროდა სასოწარკვეთილი. უცებ გადაიხედა დაბლა, სადაც დნესტრი მოელვარებდა. თვალები სიხარულით აევსო. დაბლა, ჯაგებს იქით, ოთხი ნავის ბოლო შენიშნა. შემოიკრიბა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და ხმამაღლა გაჰყვირა: – ნაპირისაკენ, ბიჭებო, ნაპირისაკენ! ჩაჰყევით, გორის ძირად რომ გზა ჩასდევს მარცხნივ. ნაპირზე ნავები დგანან, ჩასხედით და ყველა აუშვით, რომ ვეღარ გდიონ!

იმჟამად ქარმა სხვა მხრიდან დაჰბერა და კაზაკებმა ყველაფერი გაიგონეს. მაგრამ ტარასსაც მოხვდა რჩევისათვის: ისე სთხლიშეს თავში, რომ უმალ თვალთ დაუბნელდა.

დაქანდნენ მაშინვე კაზაკები დაღმართზე. მაგრამ მტერიც ფეხდაფეხ მისდევდათ. ხედავდნენ: გზა მეტად დაკლაკნილია, ხვეულია. "ეჰა, ძმებო! რაც იქნება, იქნება!" – წარმოთქვეს მაშინ და ერთ წამს შედგნენ. შემდეგ გადაუჭირეს მათრახი, დაჰკივლეს თავიანთ თათრულ ცხენებს და მოსწყდნენ ნაპირს, გაერთხვნენ ჰაერში, გადააფრინეს ცხენები და შიგ დნესტრში მოადინეს ტყაპანი. მხოლოდ ორმა იმათგანმა ვერ მიაღწია მდინარემდე. დაასკდნენ ძირს რიყის ქვებს და ცხენებიანად ისე დაიღუპნენ, ხმის ამოღება ვერც კი მოასწრეს. კაზაკები კი უკვე მიცურავდნენ ცხენებით და ნავებსა ხსნიდნენ. იდგნენ გაშტერებული ლიახები გადმოკიდულ კბოდეზე და უკვირდათ, როგორ ჩაიდინეს ასეთი უმაგალითო საქმე კაზაკებმაო, თანაც ფიქრობდნენ: თვითონაც გადამხტარიყვნენ თუ არა? გაქანდა ერთი ახალგაზრდა პოლკოვნიკი, ღვიძლი ძმა საწყალი ანდრის მომჯადოებელი ლამაზი პოლონელი ქალისა, გაიტაცა ახალგაზრდობის მჩქეფარე სისხლმა და მიჰყვა კაზაკებს, მაგრამ სამჯერ მოიღო ზაპანი. ნაფლეთებად აქციეს ქვებმა და სისხლში შერეული მისი ტვინი დაქანებული ნაპირის უსწორმასწორო გვერდებზე ამოსულ ჯაგებს შეესხურა.

ტარასი რომ გონს მოვიდა და დნესტრს გადახედა, კაზაკები უკვე ნავებში ისხდნენ და ნიჩბებს უსვამდნენ; ზევიდან ტყვიას სეტყვასავით უშენდნენ, მაგრამ ტყვია მათ ვეღარ უწევდა. მოხუც ატამანს თვალები ისევ სიხარულით გაუბრწყინდა.

– მშვიდობით, ამხანაგებო! – უყვიროდა ის ზემოდან. – მომიგონებდეთ და გაზაფხულზევე მოხვიდოდეთ, რომ კარგა ლამაზად მოინადიროთ! რაო, რა წაიღეთ, წყეულო ლიახებო? გგონიათ, ქვეყანაზე კაზაკს რაიმე შეაშინებს? მოიცათ, დადგება დრო და გაიგებთ, რუსთა მართლმადიდებელი სარწმუნოება რაც არის! ახლავე გრძნობენ შორეული და მახლობელი ხალხები, რომ აღზევდება რუსთა მიწა-წყალზე საკუთარი მეფე და არ იქნება ქვეყანაზე ძალა, რომელიც მას გაუმკლავდება!..

ცეცხლი კი უკვე გაჩაღებული იყო, ფეხებს სწვდებოდა. მთელ ხეს ალი სცემდა... მაგრამ განა მოიპოვება ქვეყანაზე ისეთი ცეცხლი და სატანჯველი, ან ისეთი რამ ძალა, რომ რუსის ძალას სძლიოს!

პატარა არ არის მდინარე დნესტრი, ბევრი ყურე, ლელიანი, მეჩეჩი და ღრმა ადგილია მასზე; ელვარებს, ბრწყინავს მდინარის ზედაპირი, ხმიანობენ ზედ გედები. ამაყი კოკონაც სწრაფად მიჰქროლავს მასზე; მრავლად იცის ლელიანებში და ნაპირებზე ღალღა, წითელჩიჩახვიანი ყარყატიც და სხვა მრავალი ფრინველი. მისცურავდნენ მარდად კაზაკები თავიანთი ორსაჭიანი ნავებით, მწყობრად უსვამდნენ ნიჩბებს, გვერდს უვლიდნენ მეჩეჩებს, აფრთხობდნენ აფორიაქებდნენ ფრინველებს და თავიანთ ატამანზე ლაპარაკობდნენ.

??????