ირმისა
მამამ წადილი აუსრულა, უშოვა ჯაჭვიცა და კაცებიც. წავიდნენ სანადიროდ. ტყეში რომ მივიდა ხელმწიფის შვილი, ეძება ბავშვი და, როცა იპოვა, თავის კაცებს უბრძანა დაეჭირათ. ესროლეს ქამანდი და შემოახვიეს ბავშვს, მაგრამ ბავშვმა რომ გაიწია, ჯაჭვი გაწყვიტა და გაიქცა.
გაწყვეტილი ჯაჭვი მოხვდა კაცებს და მეფის შვილის გარდა ყველანი დაიხოცნენ. შინ რომ მივიდა ხელმწიფის შვილი, მამას მოახსენა: ჩემი წადილი თუ არ ავისრულე, თავს მოვიკლავო. მამამ უთხრა: შვილო, რა არის მაგისთანა, რომ თავს იკლავო. შვილმა მიუგო: ერთი პატარა ბავშვი ვნახე ტყეში, კოჭლ ირემს დასდევსო და ვერ დავიჭირეო.
მამამ კიდევ გაატანა რამდენიმე ფუტი ჯაჭვი, კაცები, მაგრამ ვერც ახლა დაიჭირეს.
ხალხი დაიხოცა, ჯაჭვი გაწყვიტა და გაიქცა ასე ხუთჯერ. ბოლოს დაიჭირეს და მოიყვანეს შინ, ირემიც თან მოჰყვა. ბავშვი ტიტველა იყო და ლაპარაკი არ იცოდა.
ხელმწიფის შვილმა ამ ბავშვს ოთახი მისცა. როცა მოშივდებოდა, ძირს ჩამოვიდოდა, ირემთან მივიდოდა და ძუძუს მოსწოვდა. ხელმწიფის შვილმა იფიქრა: ვასწავლი საჭმლის ჭამას და ტანთ ჩაცმასაო.
სადილობისას და ვახშმობისას შედიოდა მასთან, გაშლიდა სუფრას, მოიტანდა საჭმელს, ხელ-პირს დაიბანდა და დაჯდებოდა პურის საჭმელად. ასე მოდიოდა ახალახალ ტანისამოსჩაცმული.
მერე ეს ბავშვიც ისე მოიქცა, როგორც მეფის შვილი: ადგებოდა, ჩაიცვამდა, კანკალით დაიბანდა პირს და დაჯდებოდა პურის საჭმელად. დიდხანს იყო ასე. ერთხელ მეფის შვილმა თვალი მოჰკრა, სიხარულით შევარდა მამის ოთახში და შეატყობინა ეს ამბავი. მამამ უთხრა: შემოიყვანეთ სასახლეში და ჩვენთან იცხოვროსო. ჯერ ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ მათთან ცხოვრებამ ლაპარაკიც ასწავლა და კიდეც შეაჩვია ამათ.
სანადიროდ ისა და ხელმწიფის შვილი ერთად დადიოდნენ. მაგრამ ირმისა უფრო ღონიერი იყო. ზევით ისარს რომ აისროდა და მიწაზე ჩამოვარდნილი დაესობოდა, მისი ამოძრობა ხელმწიფის შვილს არ შეეძლო, ირმისა კი ადვილად ამოაძრობდა ხოლმე.
ერთხელ ხელმწიფე სხვაგან წაბრძანდა. გასაღები ჩააბარა ირმისას და უთხრა: ჩემმა შვილმა თუ გამოიღვიძოს და გითხრას: დამატარე ოთახებიო, თერთმეტი ოთახი აჩვენე, მეთორმეტეში კი არ შეიყვანო, არ დაღუპოო.
წავიდა მეფე. ადგა მეფის შვილი და უთხრა: ოთახები მაჩვენეო. ირმისა დასთანხმდა, მხოლოდ მეთორმეტეში არ შეიყვანა: ეს შენი საქმე არ არისო. ხელმწიფის შვილმა იშიშვლა სატევარი და უთხრა: თუ არ გააღებ, შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავო.
ირმისა ადგა და გააღო. გააღო თუ არა, დაინახა სურათი ერთი საოცარი ქალისა. ხელმწიფის შვილი ცოცხალ-მკვდარი დაეცა. ირმისამ წამოაყენა, დააწვინა ოთახში და უთხრა: შენ ოღონდ კარგად იყავი და მე გიპოვნი იმასაო.
ხელმწიფე რომ მოვიდა, ნახა და უსაყვედურა: რად მომკალი, რად აჩვენე ის სურათიო?! ირმისამ უთხრა: მე მოვგვრი იმ ქალს, ოღონდ წასვლის ნება მომეცითო. ხელმწიფემ წასვლის ნება დართო და ორნივ წავიდნენ.
იარეს დიდხანს, წელიწადი დაჰყვეს გზაში. ბოლოს მივიდნენ ერთ ზღვის პირს, აქ იდგა ერთი ძირი ვაშლის ხე,ზედ ვაშლები ესხა. ირმისამ უთხრა ხელმწიფის შვილს: ჩამოაგდე ვაშლიო. ხელმწიფის შვილმა ვერ შესძლო. მაშინ ირმისამ მუშტი ჰკრა, ჩამოყარა ვაშლები და დასხდნენ საჭმელად. ზღვიდან ამოვიდა ერთი დევი და ყვიროდა: ვინ არის, რომ პაპიჩემის დარგულ ვაშლსა სჭამს, ახლავ გავათავებო. ირმისამ უპასუხა: აქ მოდი და საკადრისს მოგახსენებო.
დევი მივიდა თუ არა, ირმისამ ჰკრა მუშტი და მოკლა. ამოვიდა მეორე დევი. ისიც იმას ამბობდა, რასაც პირველი. ირმისამ ესეც მოკლა. მესამე დევი სხვაგან ყოფილიყო და რომ მოვიდა, იმანაც ასეთი ყვირილი მორთო. ირმისამ შესძახა: მოდი, შენი ამხანაგები აქ არიან და ნახეო. მოვიდა თუ არა, ირმისა ეცა და დაიწყეს ჭიდაობა: დიდხანს იჭიდავეს; როგორც იყო, ირმისამ დასძლია და მოკლა დევი. ადგა, ჩამოყარა ვაშლი, ჩაიწყო უბეში და ზოგიც ხელში დაიჭირა; ორი ხელმწიფის შვილს მისცა და წამოვიდნენ თავიანთ გზაზე.
იარეს დიდხანს, მივიდნენ ერთ დევის სახლში. აქ ნახეს ორი დევის ქალი. ამათ უთხრეს: ყმაწვილებო, გირჩევთ ახლავ წახვიდეთ, თორემ დევები მოვლენ და შეგჭამენო. არ დაუჯერა ირმისამ და დაჯდა ჩრდილოში. ამოიღეს ვაშლები და დაიწყეს ჭამა. დევის ქალები მორბილდნენ და მუქარის მაგიერ, რაც კი შეიძლებოდა, პატივი სცეს. როცა ისინი ვაშლს შეექცეოდნენ, სამი ძმა დევი მოვიდა. - რა სულიერი ხართ, ჩემს სახლში მოსულხართ და ჩრდილში დამჯდარხართო? - ჰკითხა ერთმა დევმა. ირმისამ მიუგო: მოდი და გეტყვიო. დევი მივიდა თუ არა, ირმისა ეცა, წააქცია და ზედ მუცლით შედგა.
მევიდა მეორე დევი, განუმეორა პირველი დევის სიტყვები. ესეც წააქცია ირმისამ და ერთიმეორეზე დააწვინა. მოვიდა მესამე დევი და დაიღრიალა: ვინ არის იმისთანა, რომ ჩემი ძმები ერთმანეთზე დააწვინა და მოკვლას უპირებს, რომ აქვე გავათავოო. ირმისამ უთხრა: მოდი აქ და მე გეტყვი, ვინცა ვარო. მოვიდა თუ არა, დაუწყო მუშტის ქნევა. ირმისამ სტაცა ხელი, წააქცია, სამივე ძმა ერთმანეთზე დააწვინა და უთხრა: მოგკლათ თუ არაო? დევები შეეხვეწნენ: დღეიდან ჩვენც თქვენი ძმები ვიქნებით და თქვენც ჩვენი ძმები იყავითო. აიშვა ირმისამ და შევიდნენ სახლში.
დევებმა მასპინძლობა გაუმართეს ხელმწიფის შვილსა და ირმისას. მერე ურჩიეს, რა გზით უნდა წასულიყვნენ ქალთან. აქეთ თუ წახვალთ, ოცდაათ დღეს მოუნდებით, მაგრამ უშიშრად მიხვალთ. მეორე გზით თუ წახვალთ, ათ დღეში მიხვალთ, მაგრამ დევები არიან მძლავრები და შეგჭამენო. თუ ამ დევებს გადაურჩით, მერე მიხვალთ იმ ქალთან. როცა დაღამდება, ლოგინს დაგიგებთ, საჭმელს გაჭმევთ და დაგაწვენთ. სწორედ მაშინ, როცა იმ ქალს შენთან მოპარვა მოუნდება, მე აქედან ისარს ვისვრი. თუ ის ქალი მოგეპარა და თითზე ბეჭედი ისე გაგიკეთა, რომ ვერ გაგეღვიძა, უსათუოდ მოგკლავს. ამიტომ ვახშმის შემდეგ არ დაიძინოთ იმ ქალის სახლში. ჩვენ უთუოდ ისარს ვისვრით და მაშინ დაიჭირეთ ის ქალიო.
წავიდნენ ორივენი. იარეს დიდხანს და მივიდნენ ერთი დევის სახლში.
დევი იწვა და ტყვედ მოყვანილი ქალი ბუზებს უგერიებდა. დაინახა თუ არა ეს ყმაწვილები, ქალმა უთხრა: აქედან წადით ჩქარა, თორემ როცა დევი გაიღვიძებს, მეც შემჭამს და თქვენცაო. ირმისამ უთხრა: შენ აქ ჩამოდი და ის მე ვიცი, დევი რასაც იზამსო. ქალმა მიუგო: ბუზები დაეხვევა, გამოიღვიძებს და დაგვხოცავსო. ირმისამ უთხრა: აქ ჩამოდი, აქაო. ჩამოვიდა ქალი. დევს გამოეღვიძა და შეჰყვირა: ვინ წამართვა ჩემი საკბილო ცხოველიო. ირმისამ უთხრა: მე გახლავარო!
გაბრაზებული დევი ჩამოვიდა და შეება ირმისას. დაიწყეს ბრძოლა. დიდი ხნის შემდეგ ირმისამ დასძლია და მოკლა დევი. ირმისამ წაიყვანა ქალი და ჩააბარა იმ სამ დევს, როგორც თავიანთი და.
წამოვიდნენ ისევ, იარეს დიდხანს. მივიდნენ ერთ სასახლეში, ნახეს, რომ დევების ქორწილია. შევიდნენ ეზოში. დაინახა თუ არა დევების უფროსმა, ჩამოგზავნა იმათი ვინაობის შესატყობად. შეიტყვეს, რომ სხვა რჯულისანი იყვნენ. ჩამოგზავნა ხელმეორედ: დახოცეთ ეს კაცები, თუ არ ამოვიდნენ ჩვენთანაო. მაგრამ ირმისამ ეს დევი უცებ მოკლა. როცა შეიტყვეს დევი მოჰკლესო, ჩამოგზავნეს სხვა დევი, ისიც მოკლა. ასე, რომ ყველა დახოცა. ახლა ჯერი მიდგა უფროს დევზე.
ჩამოვიდა თუ არა უფროსი დევი, მაშინვე ეძგერა ირმისას. დაიწყეს ჭიდაობა. იჭიდავეს დიდხანს. დევმა მოიქნია ირმისა და მუხლამდე ჩასვა მიწაში. მერე ირმისამ მოიქნია დევი და მიწაში ჩასვა წელამდე. ბოლოს მაინც ირმისამ აჯობა: ჩასვა მიწაში თავებამდე და მერე ხელი მიჰყო ამ თავების მოჭრას. დევი ასთავიანი იყო, მოსჭრა ოთხმოცდაცხრამეტი თავი და უთხრა: რომელი გირჩევნია, სიკვდილი თუ სიცოცხლე? დევმა მიუგო: სიცოცხლე მირჩევნია, ოღონდ ამიშვი და ჩემი საცხოვრებელი შენთვის მომიციაო. როცა ამოვიდა, ისევ ჩხუბი დაუწყო, მაგრამ ისევ ირმისამ დასძლია. მაშინ დევმა უთხრა: ცა და ღმერთი ზევით და მიწა და წყალი ქვევით თავდებად გქონდეს, ოღონდ ამიშვი და ჩემს ღონეს მეფის შვილს მივცემო.
აუშვა, დაუტოვა მეფის შვილი ამას და თვითონ წავიდა.
წასვლისას დევს უთხრა: შენ ამას ასწავლე სუყველაფერი შენი ხერხი და ღონე, თორემ როცა გამოვივლი, მოგკლავო.
წავიდა ირმისა. მივიდა იმ ქალთან, რომელსაც ეძებდნენ. საღამო იყო. ქალმა ვახშამი აჭამა, დაუგო ლოგინი და დააწვინა. როცა გავიდა ერთი საათი, მივიდა ის ქალი, აიღო ბეჭედი და თითზე უნდა გაეკეთებინა. მაშინ სამმა დევმა ისარი ისროლეს. სტაცა უცებ ხელი ირმისამ ამ ქალს თითში. ქალმა უთხრა: მე შენი ბედის ვყოფილვარო და გაიკეთა ბეჭედი თითზე. ირმისამ მიუგო: ჩემთვის კი არა, ჩემი ძმისათვის მინდიხარ ცოლადაო.
დილა რომ გათენდა, ქალმა გასცა ბრძანება დევების ქალაქში სუყველას მოეტანა მისთვის თითო ხელი ძვირფასი ქვეშაგები ძღვნად: სხვა რჯულის კაცზე გავთხოვდიო.
მეორე დღე რომ გათენდა, დევები მოგროვდნენ ირმისასთან და ეს ქალი თავისი მზითევით წამოიყვანეს მეფის შვილთან. მაშინ მეფის შვილი ისევ დევის სახლში იყო ხერხისა და ღონის სასწავლებლად. მეფის შვილთან რომ მივიდნენ, ნახეს, რომ ნაცარში იჯდა და ღონის მომატება კი არა, რაც ღონე ჰქონდა, ისიც წართმეოდა.
მივიდა ირმისა დევთან და უთხრა: რა არის, რატომ პირობა არ შეასრულეო? დევმა მაშივნე თავის ღონე მისცა მეფის შვილს ირმისას ბრძანებით. ირმისამ მოკლა დევი, იმის ქონება მთლად წამოიღო და ყველა ერთდ წამოვიდა.
იმ სამ ძმა დევთან რომ მივიდნენ, გამართეს კიდევ ქორწილი. სამ დღეს აქ დარჩნენ, მერე წამოვიდნენ. დიდხანს იარეს და მივიდნენ იმ ვაშლის ძირში. იმ ღამეს იქ იყვნენ დევები, მეფის შვილი, ირმისა და ხუთი ქალი: სამი ქალი სამი ძმა დევის და იყო. ერთიც ის, რომელიც დევს წაართვა, მეხუთეც ცოლი მეფის შვილისა. იმ ღამეს ყველანი დაწვნენ და დაეძინათ. ირმისასაც მიეძინა.
ამ დროს მოფრინდა ერთი რაღაცა ცხოველი და მეფის შვილის ცოლი ჰაერში აიტაცა. ირმისა უცებ წამოხტა, გააღვიძა ამხანაგები და უთხრა: ხომ ხედავთ, რომ დევმა წაიყვანა მეფის შვილის ცოლიო.
მეფის შვილს ეწყინა, მაგრამ რას იზამდა. ირმისამ დევებს უთხრა: თქვენ აქ იყავით, სანამ არ მოვიდე, თორემ ყველას დაგხოცავთო. დევები დათანხმდნენ და იქ დარჩნენ, ირმისა და მეფის შვილი კი წამოვიდნენ.
იარეს დიდხანს. მივიდნენ ერთი დევის სახლში. დევი სანადიროდ წასულიყო. მოტაცებული ქალი ეზოში დასეირნობდა. ირმისა და მეფის შვილი რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა და უთხრა: წადით ახლავე, თორემ მოვა ჩემი ქმარი დევი და ორივეს შეგჭამთო. მაგრამ ირმისამ უთხრა: შენ იმას გეხვეწებით, რომ შეგვიტყვე, სადა აქვს მას თავისი სულიო. - კარგიო, - უთხრა ქალმა და ადგილი დაუნიშნა, რომ ერთი თვის შემდეგ მოსულიყვნენ.
წავიდნენ ირმისა და მეფის შვილი და დადგნენ ერთ გამოქვაბულში. როცა დევი მოვიდა, თავის ცოლს ჰკითხა: არავინ მოსულაო? მან უპასუხა: არავინაო. ერთი კვირის უკან ცოლმა დევს უთხრა: შენი სული სად არის, რომ შემოვწირო რამეო. დევმა უთხრა: ჩემი სული შენ რად გინდაო. ცოლმა უთხრა: როგორ რად მინდა. რასმე შევწირავ, რომ სცხონდე და ჩემთვისაც კარგი იყოსო. დევმა უთხრა: ჩემი სული სვეტშიაო.
ქალმა ეს სვეტი ისე შეღება, რომ იმის შეხედვას არა სჯობდა რა. დევმა რომ ეს ნახა, უთხრა: ჩემი სული თუ ასე გიყვარს, ამ კატაში არისო.
ცოლმა ეს კატა ისე გაალამაზა, მეტი არ შეიძლებოდა. უკერავდა კარგსა და კარგს ტანისამოსს და აცმევდა. ეს რომ ნახა დევმა, უფრო მოეწონა და უთხრა: ჩემი სული ცხრა მთას იქით არისო. ერთს ხეზე ჩამოკიდებულია ცხრათავიანი დევი. იმას შიგნით უზის ირემი. ირემში შველია, შველში კურდღელი, კურდღელში არის ბაჭია, ბაჭიაში - კოლოფი და იმ კოლოფში სამი მერცხალი, - ორი მერცხალი არის ჩემი თვალები და ერთი ჩემი სულიაო.
გაუხარდა ქალს, რომ ყველაფერი შეიტყო, მეორე დღეს უნდა მოსულიყვნენ მეფის შვილი და ირმისა.
როგორც მოვიდნენ, ქალმა ყველაფერი უამბო, რაც დევისაგან გაეგონა. იმათ წასვლა დააპირეს, მაგრამ ქალმა უთხრა: ისევ თავი დაანებეთ, რადგან ის დევი, რომელიც ხეზეა ჩამოკიდებული თუ სუნი მიუვიდა ადამიანისა, დიდ მანძილზე მიიზიდავს და შეჭამსო. ირმისამ უთხრა: ნუ გეშინია, მე იმას მოვუხერხებ და ხელში ჩავიგდებო. ორივენი წავიდნენ.
ირმისამ და მეფის შვილმა დიდხანს იარეს, მივიდნენ ერთი ხის სიახლოვეს, გაიარეს ცხრა მთა. მივიდნენ თუ არა ხის ძირში, მეფის შვილი ააკანკალა დევის შუქმა, მაგრამ ირმისამ გაამაგრა. როცა ორიოდე ადლის სიახლოვეს მივიდნენ, ორივენი დააბრმავა შუქმა. მაგრამ, როგორც იყო, ირმისამ გაჭრა თოკი, ჩამოვარდა დევი, მოსჭრა ამ დევს ცხრა თავი, გაჭრა შუაზე, ამოიყვანა ირემი. ისიც გაჭრა, ამოიყვანა შველი, ისიც გაჭრა, გამოხტა კურდღელი. სტაცა ხელი კურდღელს და გაჭრა. შიგ ნახა ბაჭია. ისიც გაჭრა და ამოიღო კოლოფი.
ამ დროს გახდა ავად დევი. ირმისამ გახსნა კოლოფი, ამოიყვანა ერთი მერცხალი და მოკლა. მაშინ დევს ცალი თვალი დაუბრმავდა. მივიდა დევთან ირმისა და უთხრა: ეს ქალი რომ წამოიყვანე, ეგ იმიტომ მოგივიდაო. მაშინ დევმა თქვა: ქალს რომ კაცი დაენდოს, ქვეყანას დააქცევინებსო. ირმისამ ამოიყვანა მეორე მერცხალი და ისიც მოკლა. დევი ორივე თვალით დაბრმავდა.
წამოიყვანეს ქალი და მოვიდნენ იმ ვაშლის ძირში. იქ დახვდათ მათ სამი დევი. იმ ღამეს იქ დარჩნენ, მაგრამ ირმისას არ დასძინებია, რადგან ეშინოდა, კიდევ არავინ წამართვას ქალიო.
როცა შეიქნა შუაღამე, მოვიდა სამი ქაჯი, შემოსხდნენ ვაშლის წვეროზე და დაიწყეს ლაპარაკი. ერთმა თქვა: რა ბედი მიეცეს ამ ცოლ-ქმარსაო. მეორემ თქვა: ის ბედი მივცეთ, რომ როგორც შევიდეს სიძე ეზოში და ცხენი გამოათამაშოს, ცხენიდან გადმოვარდეს და მოკვდესო. მეორემ თქვა: თუ ამას გადარჩეს, ხელმწიფის ცოლმა მოართვას სარტყელი და ოქროს ფეხსაცმელი, მაშინ სარტყელი გველად გადაიქცეს და ქალი შეჭამოს და იმას თუ გადარჩეს, ფეხსაცმელმა ფეხი მოსტეხოსო. მესამემ კიდევ სთქვა: თუ ამასაც გადარჩეს, ღამე მოვიდეს გველეშაპი და ორივე ჩანთქასო. თუ ამას ვინმე ყურს უგდებდეს და გააცხადოს, ქვაგრილად იქცესო. ამას ყურს უგდებდა ირმისა, მაგრამ არავის უთხრა.
მეორე დღეს შინ წამოვიდნენ. როგორც შევიდნენ ყველანი ეზოში, იმ დროს მეფის შვილმა გადაჰკრა ცხენს და უნდოდა გაეთამაშებინა, მაგრამ ირმისამ არ გაუშვა, ცხენს აღვირი დაუჭირა და ჩამოხტნენ ცხენებიდან.
დედამთილმა მიართვა რძალს ოქროს სარტყელი და ფეხსაცმელი, მაგრამ ირმისამ გამოართვა, დაამტვრია და გადაყარა.
ამას ყველაფერს გადარჩნენ, მაგრამ ის ღამე კი საშიში იყო.
ირმისამ იმ ღამეს არ დაიძინა. საცა ცოლ-ქმარი იწვა, იმ ოთახს დარაჯობდა. შუაღამისას მივიდა გველეშპი. ირმისამ მოკლა ისა, გამოიტანა, ერთ სახლში შეიტანა და იქ დააგდო, თვითონ დაწვა და დაიძინა. როცა ადგა, ეს სახლი შელესა.
გაიმართა ქორწილი და სამი დღე გასტანა.
ამის შემდეგ ყველამ ერთად მშვიდობიანად და ბედნიერად დაიწყო ცხოვრება