აკუტაგავა რიუნოსკე
გაზიარება

ნეოსენსუალისტთა ჯგუფი 

ახლა ალბათ ძალზე გვიანია ნეოსენსუალისტთა მოღვაწეობის კრიტიკული ანალიზი, მაგრამ გავეცანი ამ ჯგუფის კრიტიკულ სტატიებს და ძლიერმა სურვილმა შემიპყრო, ნეოსენსუალისტთა დადებითი და უარყოფითი მხარეები აღმენიშნა.

პოეზიაზე თუ ვიმსჯელებთ, ის ყველა დროს ნეოსენსუალისტთა ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ ვითარდება. ამ აზრით სრულიად მართალი საისეი მუროოს მტკიცება, რომ ბასიო იყო გერნოკუს ეპოქის ყველაზე დიდი პოეტი, რომლისთვისაც ზედგამოჭრილია განსაზღვრება “ნეო”. ბასიო ყოველთვის იმას ცდილობდა, ლიტერატურისათვის “ნეო” გამხდარიყო. რამდენადაც პროზა და დრამაც პოეზიის ელემენტებს შეიცავს, ე.ი. ფართო გაგებით ორივე პოეზიას წარმოადგენს, ნეოსენსუალისთა ჯგუფის გამოცენას ისინიც უნდა მიესალმონ. მახსოვს, ამ ჯგუფს, ასე თუ ისე, ჰაკუსიუ კიტაჰარაც ეკუთვნოდა (იმდროინდელ პოეტებს სიმბოლოდ ჰქონდა “გრძნობათა თავისუფლება”). ძიუნიტირო ტანიძაკიც ემხრობოდა ნეოსენსუალისტთა ჯგუფს.

დღევანდელ ნეოსენსუალისტთა ჯგუფის მიმართ მეც, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი აღმეძვრის. ამ მწერლებმა, ყოველ შემტხვევაში კამათის მონაწილეებმა, გამოაქვეყნეს თეორიული ნამუშევრები, გაცილებით უფრო “ნეო”, ვიდრე ჩემი მოსაზრებანია ნეოსენსუალისტთა ჯგუფზე. სამწუხაროდ, სათანადოდ არ ვიცნობ მათ. ჩემთვის ცნობილია, და ისიც არც თუ ისე კარგად, მხოლოდ ნეოსენსუალისტთა ჯგუფის ნაწარმოებნი. პირველი მოთხრობები და ნოველები რომ გამოვაქვეყნეთ, ჩვენ “ნეორაციონალისტების” ჯგუფი შეგვარქვეს (რა თქმა უნდა, ჩვენს თავს ასე არ ვუწოდებთ). მაგრამ ნეოსენსუალისტების ჯგუფის მწერალთა თხზულებებს თუ გადავხედავთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ისინიც, რაღაც აზრით, უფრო მეტად არიან “ნეორაციონალისტები”, ვიდრე ჩვენ ვიყავით. რას ნიშნავს “რაღაც აზრით”? ეს არის რაციონალიზმის სხივი, მათ ეგრეთ წოდებულ სენსუალობას რომ აშუქებს. ერთხელ, სისე მუროო და მე უსუის მთაზე გადმომდგარ მთვარეს ვუყურებდით. უცებ საისე მუროოს სიტყვები მომესამა მიოგის მთა კოჭას მაგონებსო. მეც, ჩემდა მოულოდნელად, აღმოვაჩინე, რომ ეს მთა მართლაც მოგვაგონებს კოჭას ფესვს: ასეთი, ეგრეთ წოდებული სენსუალობა რაციონალიზმის სინათლით არ გაშუქებულა. რას წარმოადგენს თავისთავად მათი ე.წ. სენსუალობა? რიიტი იოკომიცუმ ჩემნთვის მათი ეგრეთ წოდებული სენსუალობის აღმაფრების ასახსნელად ტაკეო ფუძისავას ფრაზა მითხრა: “ცხენი გარბოდა, როგორც მწითური აზრი”. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი აღმაფრენა ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ეს სტრიქონი აშკარად რაციონალისტურმა ასოციაციებმა გამოიწვია. ამრიგად, მათ თავისი ეგრეთ წოდებული სენსუალობა არ შეიძლიათ რაციონალიზმის შუქით არ გაანათონ. ესაა, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის განსაკუთრებულობა. თუ ეგრეთ წოდებული სენსუალობის მიზანი რაიმე სიახლეა ტავისთავად, მაშინ ვალდებული ვარ, მიოგის მთის აღქმა კოჭას ფესვად ყოველგვარ სიახლეზე უახლესად ჩავთვალო. ასე აღიქვამდნენ ჯერ კიდევ შორეული ედოს დროიდან.

ნეოსენსუალისტთა ჯგუფი აუცილებლად უნდა წარმოქნილიყო. ეს წარმოქმნა სულაც არ იყო ადვილი, როგორც ყოველგვარი სიახლის წარმოქმნა (ლიტერატურაში). ნეოსენსუალისთა ჯგუფის წევრებით, ან, უფრო სწორია თუ ვიტყვით, მათი ეგრეთ წოდებული ნეოსენსუალობით აღფრთოვანება მიჭირს, - მე ეს მითქვამს კიდეც. მაგრამ კრიტიკოსები მაინც ძალზე მკაცრად ექცევიან მათ. ასე თუ ისე, ნეოსენსუალისტთა ჯგუფის წევრები ცდილობენ ახალი მიმართულებით მოძრაობას. ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. მათი დაცინვა მარტო იმას კი არ გამოიწვევს, რომ დარტყმას მივაყენებთ ნეოსენსუალისტურ მწერლებს, ან იმ მიზანს, რომელსაც დაისახავს ნეოსენსუალისტთა ჯგუფის ახალი თაობა, ძველს კვალდაკვალ რომ მოჰყვება, არამედ მათ შემდგომ ზრდასაც შეაფერხებს. ეს კი, ბუნებრივია, იაპონიის ლიტერატურის თავისუფალ განვითარებას, მის პროგრესს ხელს არ შეუწყობს.

??????