ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ანდერძი დავით გონჯილაშვილს 

დავით გონჯილაშვილს

ამას, რასაც მე ეხლა ვწერ, თქვენთვის არა ვწერ, ჩემო შვილებო. თქვენა, ვერც ბიჭებსა და ვერც ქალებს, ცოცხალმა კაცმა ვერ შეგასმინეთ, რაც მე გულისგულით მინდოდა, და ამ ფარატინა ქაღალდზე დაწერილი რას შეგასმენთ. ამას ვწერ ჩემი შვილთაშვილებისა და იმათი შვილებისათვის. იცოდნენ ესა, რაც მე უნდა დავწერო, და თუ გამოადგებათ რამეში, ხომ კარგი, თუ არადა, ანდერძს კაცი არც მოუკლავს, არც დაუნგრევიაო, არც მე დამაკლებს ამის დაწერა რამეს, - არც მე, არც თქვენა, არავისა, - იყოს, ხარჯს არ მოგთხოვთ და ბაჟს, ისე კი, ერთი პატარა სათხოვარი მაქვს და ეს მაინც უნდა ამისრულოთ: ნუ მიაგდებთ ამ ჩემს დაწერილს ნაგვის გასაყოლებლად, შეინახეთ, აი, თუნდაც სინათლის გადასახადის ქვითრებს რომ ინახავთ ხოლმე, იქა, ან სინათლის ქვითრებთან, ან არადა, ყმაწვილების ნიშნების ფურცლებთან. სხვა თუ არაფერი, მადლია, კაცს რომ სურვილს აუსრულებთ და თანაც - იქნებ ღმერთიც არის, რა ვიცით, იმასთან მისვლისასაც ხომ ყველას გვჭირდება ცოტაოდენი რამ ხელის ტვირთად.

დავიწყებ იმის მოთხრობით, რომ ქართველი ვარ, ფშაველი, ქართველები მყავდა დედაცა და მამაც, მამა - გოჯელაშვილი, დედა - ფოთოლაშვილი. მამაჩემის მამა, იმედათ გამიხარდი, ვაჟა-ფშაველას ეძმაკაცებოდა თურმე. მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ვაჟა შენც უნდა გახსოვდეს, რანაირად არ გახსოვს, ბალღო, ჩვენი სახლის უკან ხთისოს წიფელთან რო ნიშანი დავსვით, ჩვენ დაწოლილები ვისროდით, მე, მამაჩემი და ჩემი დედის ძმა, ვაჟამ კიდევ ეგრევე ჯდომელამ რომ გაუშვირა თოფი და აიღო ის ნიშანიო! პატარაობისას ვიძახდი, როგორ არა, სულ წვრილად მახსოვს-მეთქი, მაგრამ ეხლა გამოგიტყდებით, ეს დღე არ მახსოვს. ეგ ყველაფერი მამაჩემისა და ჩემი ბიძების ნათქვამებიდანა მაქვს დამახსოვრებული. მე მარტო რა მახსოვს ნამდვილად: ვაჟა-ფშაველა რომ მოკვდა, მაშინ უკვე ხუთი წლისაზე ცოტა მეტისა ვიყავი და აგე, ეხლა ახალი გომური რომ ჩადგეს ჩვენებმა, მანდ საბძელი გვქონდა; მამაჩემი იმ საბძლიდან ცოტა მოშორებით იდგა, ეტყობა, იმან მოიტანა ის ამბავი, პაპა კიდევ საბძლიდან გამოდიოდა, კევრი გამოჰქონდა. რომ აიღო და დაახეთქა ის კევრი ვაჟა-ფშაველას სიკვდილის გაგონებაზე, კევრი შუაზე გადაიპო, კაჟები აქეთ-იქით გაცვივდა.

დიდედოჩემი, ფხიკლიანთ ქალი, ვაჟა-ფშაველას დედის ნათესავი იყო. ვაჟას რომ აღწერილი ჰყავს დედამისი, საცოდავი გულის ქალი, ისიც ზედ ისეთი ხასიათისა იყო. სადმე გზაზე შეხვედრილ გაჭირვებულებს იტირებდა შინა, ჩვენთანა, - ვაი, მე თვალდამდგარს, რა ეშველებათ იმ საცოდავებსაო! სანთელს დაანთებდა და ღვთისმშობელს შეეხვეწებოდა, - ღვთიშობელო, შენ ძუძუებს შემოვევედრები, - ეგრე იცოდა შეხვეწნა, - უშველე იმ ჩვენი ცოდვებისთვის გადადებულებსაო. გველი რომ ენახა წელგადაწყვეტილი, აიყვანდა და უბეში ჩაისვამდა. ის გველი კიდევ არ უკბენდა. იცოდა ფანდურის დაკვრა და ლექსების თქმა. ის რომ ფანდურს დაუკრავდა, დაუკრავდა და მერე ზედ ლექსს იტყოდა, „ნეტა ვინ, მთაო, მაღალო, ჩამოგაქცივა ქარითაო“. ქვის გული უნდა გქონოდა, რომ ცრემლი არ წამოგსვლოდა თვალიდან. ფანდური და ლექსების თქმა ჩემმა პაპიდამ - მარიამმაც იცოდა, მაგრამ იმ ფხიკლიანთ მომწითურო ქალთან ვერავინ მოვიდოდა, ვერც მარიამი, ვერც ვინმე სხვა.

მამაჩემი გაბოც, გაბრიელი, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ორკლასიანი სკოლა ჰქონდა დამთავრებული აქა, ჩვენთან, თიანეთში, მაგრამ იმისი მარტო რუსული დაწერილი რომ გაჩვენათ, გესიამოვნებათ. ისიც უკრავდა ფანდურს და ისიც მღეროდა ლექსებს. დაიდებდა კისერზე სიამაყით ხელს, - მე და ვაჟას გვიჭიდავია, ხუმრობით, რა თქმა უნდაო, აემ ქედზე დღესაც ვიგრძნობ ხოლმე იმის თითებსაო. გაიცინებდა და სულ სიკეთის შუქს გადმოჰფენდა ყველას. მე რომ დავვაჟკაცდი, ბევრჯერ უთქვამთ ქალებს, - მამაშენი მზესავით კაცი იყო, შენ რამ ჩამოგღრუბლა, ბალღოო. ორი სურათი გვქონდა, ერთი, დედაჩემი და ისაა, ჩემმა დამ წაიღო და, სახლი რომ დაეწვათ, ის სურათიც იქ ჩაიწვა. მეორე, თოფიანი, მთლად გაყვითლდა, მაგრამ, თუ დაუკვირდები, მაინც მიხვდები, რა ვაჟკაცი დგას, როგორ იყურება, ანდა როგორ უჭირავს თოფი. ხელის მტევანი ჰქონდა, - დაიჭერდა აი ესე, ორი თითით, კაკალს, ჩამოჰკრავდა კვესივით იმ მაგარ ხელის მტევანს და მოგაწვდიდა გატეხილს. ოციანი წლების გაუგებრობის დროს ერთ თავგასულ მილიციელს ჩააფარა სახეში, დაიჭირეს, გამოიქცა ციხიდან და იმ გამოქცევისას შემოაკვდათ მდევრებს.

თხუთმეტი წლისა რომ გამხდარა, ამოსულა აქ, მთაში, ერთი ეპისკოპოსი. არ ვიცი, დანამდვილებით რა საქმეზე იყო ამოსული. ისე კი, ვარაუდით, - ხელმწიფე-იმპერატორი აპირებდა იმ ხანებში ჩამობრძანებას, იმისთვის ემზადებოდნენ, ამზადებდნენ ხალხს, ზოგს ამღერებდნენ, ზოგს ათამაშებდნენ, მღვდლები წირვებს და პარაკლისებს იხდიდნენ. ის ეპისკოპოსიც ამ საქმეზე უნდა ყოფილიყო ამოსული. რომ გაუგონია მამაჩემის სიმღერა, პაპაჩემისათვის უთქვამს, გამიხარდისთვის, მომეცით ეს ბალღი, მე წავიყვან ქალაქში, გავზრდი, კაცად ვაქცევო. გამიხარდის უარი უთქვამს, მაგას ვერა, ეგ აქ უნდა გაიზარდოს, მთაში, სხვებიც მყავს, არც ისინი მღერიან ნაკლებად, იმათგან რომელი გნებავთ, წაიყვანეთო, მაგრამ ეპისკოპოსს კიდევ ისინი არ მოუნდომებია.

თვრამეტი წლისა ყოფილა, მამაჩემზე ვლაპარაკობ ისევ, აქაურ ლესნიჩს, სატყეოს უფროსს, ტყისმცველად რომ აუყვანია. პაპას ეს კი გახარებია, პაპასაც, მამაჩემსაც. კარგი ცხენი, კარგი თოფი, კარგი მაგარი მკლავი, წერა-კითხვაც საუცხოო, და მეტი რაღა უნდა უნდოდეს ტყისმცველს! დადიოდა და დაანათებდა თვალებს ჩვენს დაბურულებში, დღისით იყო თუ ღამით. სანამ ომი არ დაიწყო, პირველი ომი, სულ ტყისმცველად მუშაობდა, ომამდეც და ომის შემდეგაც. იმ უბედურებასაც ტყეში გადაეყარა, დაღუპვის მიზეზი რომ გაუხდა. დღესაც ბევრს ახსოვს იმისი ლარ-სამართალი. არა ყოფილა კაცი, უმართებულოდ აჰხირებოდეს რამეზე, პირიქით, ხალხს სულ ამას ელაპარაკებოდა, ტყე თქვენია, თქვენი მოსაფრთხილებელი, თქვენს შთამომავლობას მარტო სახლები და საქონელი კი არ დასჭირდება, ტყეც იმათი ქონებაა, თქვენ თვითონვე უნდა მოუაროთ ამ ქონებასო.

ცხრაას ცხრა წელში, - ათში მე ვარ დაბადებული, - ლაშარობა დღეს, დედაჩემს შეხვედრია. დედაჩემი იტყოდა ხოლმე, ნეტავ რა მოეწონა ჩემი, ქარი რომ დამიბერავდა, ჩავჯდებოდი და ბალახებს ვეჭიდებოდი, არ წამიღოს-მეთქი. დამინახა, ერთიანად განათდა, გაშალა ხელი, წამოიღო ის სინათლე და მადლი, მოვიდა ჩემთან და მომითამაშა. მე სულ ცახცახი დავიწყე, წმინდა გიორგივით იყო საწყალი, დავიწიე უკან, მაგრამ დამიჭირეს სხვა ქალებმა, მკრეს ქიმუნჯები და გამაგდეს წინა. რაღა უნდა მექნა, გავშალე მეც ხელები. დამბრუნავს ესე, სულ განათებული, და იქვე, იმ წრეშივე მეუბნება, შენ ჩემი უნდა გახდე, ქალო! შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე, ქალოო! მაშინ კი ჩავღუნე თავი, შევვარდი ქალებში და დავიმალე. მაგრამ სად გინდოდა, რომ დამალოდი იმის თვალებსა! საითაც წავედი და შევბრუნდი, იქითკენ დამხვდა. თან სულ ჩემს გასაგონად მღეროდა: „მე, შენმა დაწუნებულმა, ყეინს არ მივცე სალამიო“. რომ დაღამდა, თითქოს მიწიდან ამომივიდა გვერდზე, - უნდა წამომყვეო, ამაღამვეო, აქედანვეო. მე გული გამისკდა კინაღამ. მაშინ დაიჩოქა, დაადო მიწას ხელი და, ლაშარის ჯვარზე ვიძლევი ფიცს, შენ ცოლი, მე ქმარიო! ადრე რას ვიფიქრებდი, ეგეთ რამეს თუ გავბედავდი, რა ვიყავი, ჩვიდმეტი წლისა უნდა გავმხდარიყავი იმ შემოდგომას, მაგრამ რაღაცა შემომიდგა ღვთის ძალასავით, არაფერი მითქვამს, მარტო ხელი დავადე ხელზე. მაინც მიხვდა, რომ ჯოჯოხეთშიც წავყვებოდი. იმწუთას. წავიდა, გაქრა. მერე, რომ გადავიდა შუაღამე, - უმეტესობას სძინავს, მთვრალებიღა ხავიან აქა-იქ, ზოგნიც ცეცხლებთან არიან მიხუხულნი, - გამაპარა ჩუმად, ჩავედით დაბლა, თელიანებთან, დაგვხვდა იქ ფოცხვერაანთ ლეგო ორი დასადავებული ცხენით, თვითონაც ცხენზე იჯდა, ჩამოხდა, შემსვეს ერთ ცხენზე მე, შესხდნენ თვითონაც, ჩამიყენეს შუაში და წავედით ჭენებით, გადამიყვანეს კახეთში, ახმეტას იქით, მატანში.

ძნელი დრო იყო ესეთი რამეებისათვის ის დრო. აკვნებშივე ჰქონდათ ჩათქმული ჩვენი ბედი ჩვენს მშობლებს. ამის დარღვევა?! აქეთ ჩვენები არიან აზავთებულები, ფოთოლაანი, აჟღრიალებენ თოფ-იარაღს, იქით კიდევ იმათები, გოჯელაანი. გოჯელაანიც ჩვენს დასაცავად კი არა, პირიქით, ისინიც ჩვენს მუქარაში, და არის ერთი გაგანი და გნიასი. პირქვე წევს ჩემი მამამთილი, ჩემი დედამთილი ტირის. და-ძმანი ერთმანეთს აღარ უყურებენ სახეში. ხუთ თვეს ვიყავით იმ მატანში ეგრე. იყო კაცების გაგზავნა-გამოგზავნა, ჩხუბები, დაჭრა, საკლავის კვლა, ქეიფი და სმა. თვითონ სულმნათი ვაჟა-ფშაველაც კი ჩაერია ჩვენს საქმეში, იმისმა შვილმა ლევანმა ორჯერ გვნახა მატანში, ჩაერია ლესნიჩიც, ძალიან კარგი კაცი, და ბოლოს, ხუთი თვის თავზე ჩაგვიდგნენ ლეგო და ჟულაკათ მიხეილი თავსა და ბოლოს და ჩამოვედით მიწასჩაჩერებულები. ჯვარი იქვე გვქონდა დაწერილი, კახეთში. მაინც ისე გვივლიდა შორიშორს ხალხი, თითქოს საკვირველებანი ვიყავით რამე. გაბრიელს რა! - მე მაგონებდნენ რას აღარა და რას აღარ, მაგრამ მაინც გავძელი, ცრემლი რა არის, ცრემლი არ ჩამომვარდნია თვალიდან.

თავისთან არ მიგვიღო გამიხარდიმ, არც არაფერი მოგვცა. არც იმან, არც მამაჩემმა. თვითონაც არ ინდომა იმათი რამე გაბრიელმა. დავსახლდით აქა, დილიჯნების ძველ სადგურში, ცარიელ-ტარიელნი. ის ძველი სადგურიც ლესნიჩმა მოგვიხერხა, ძალიან უყვარდა გაბრიელი, ფულიც კი მისცა სესხად, რომ რაღაც-რაღაცები ეყიდა ჩემთვის. მოვიდოდა, მოიპარებოდა ხოლმე ჩემი დედამთილი, მოგვიტანდა ჩუმად, რისაც კი წინსაფრის ქვეშ შეეძლო დამალვა, იტირებდა, დასწყევლიდა გამიხარდის, მის ხასიათს, და გაიპარებოდა ჩუმადვე. ჩუმად მოდიოდნენ გაბრიელის და-ძმებიც, იმათაც მალულად მოჰქონდათ წვრილ-წვრილი რაღაცები. და ვიყავით ჩვენთვის, ყველასგან შორს. ერთ ვერსზე მაცხოვრებელი არ იყო არავინ. გაბრიელი რომ შინიდან გავიდოდა, გავუყრიდი კარს ურდულს და ვიჯექი ციხეში გამომწყვდეულივით. ზამთარში მეშინოდა ძალიან. სუ ქარები და დიდი თოვლები იყო ხოლმე იმ წლებში. ნადირი ეტანებოდა სოფელს. ბერიკაანთ პირდაპირ სახლში ჩაუვარდათ მგელი, სკოლიდან ოციოდე ნაბიჯზე, და სულ ჩამოიღო კედლებიდან ხალიჩები და ხალები. ის მგელი ლადო ბერიკაშვილმა მოკლა, - კარგმა ვაჟკაცმა, მონადირემ... ვიჯექი, ვუგდებდი ყურს ქარის ხვივილსა და ნადირის ყმუილსა და წკმუტუნს, - ეს ვერხვები მაშინვე იდგა, მაშინ უფრო ბევრი, - და მაცახცახებდა შიშისაგან.

რაღა დედაჩემის ნათქვამი! მე რომ წამოვიზარდე და სკოლაში დავიწყე სიარული, აქეთ მაშინაც არა ცხოვრობდა არავინ. ამ ერთვერსიან გზაზე მარტო არ მიშვებდა დედა. დაიჭერდა გრძელ ჯოხს, მომჭიდებდა ხელს და მომყვებოდა გვერდზე ხან მუხლამდე თოვლში, ხან ქარბუქში, აქედანაც, იქიდანაც. ვიყავით ხოლმე გადათეთრებულები და დაბუხულები, მაგრამ ბედის უსაყვედუროდ იტანდა დედაჩემი ყველაფერს. მამაჩემი ხომ - ისე გაიცინებდა, თითქოს ოქროთი სავსე კიდობანს გადახადა სახურავი თავის ცოლ-შვილთანო, მომიქცევდნენ შუაში მე, და იმათ სიხალისეს, იმათ თვალების ბრწყინვას არა შეედრებოდა ქვეყანაზე.

მე გავჩენილვარ და, - ძალიან კარგი ბალღი ვყოფილვარ თურმე, - პაპაჩემს სიზმარი უნახავს: წმინდა გიორგის უთქვამს, ადექ, ის ბალღი შენ ჩაიგორე კალთაში, თორემ ამ მახვილს ხომ ხედავო! წამოსულა მეორე დღესვე გამიხარდი, მოურეკია წყვილი გამოსაქვნელი ზაქი, ჩავუგორებივარ კალთაში. ის ზაქები ხომ მოგვცა, მამაჩემის იორღა ციმბირის წყლულით მოკვდა, გაზაფხულზე ჭაკი ცხენიც მოგვგვარა. დარდობდა თურმე მამაჩემი, მაგრამ რაღას იზამდა! ზაქები გამოუქვნია, სადაც რომ დიდი ნალოები იყო, იმეებს უბამდაო, - ბევრს ახსოვდა. ურემიც გაუმართავს. ყველაფერი იცოდა, ყველაფერი გამოუვიდოდა ხელიდან. თვლებიღა ჰქონოდა დასარკინი, იმასაც, იმ დარკინვასაც იმ დღეებში აპირებდაო, და, აი, რა გადახდა იმ დღეებში. ეს არის მთავარი, ამისთვის ვყვები მთელ ამ ამბავს.

ზის თურმე ერთ საღამოს თავის ჭაკზე მამაჩემი, მოდის ჟებოტას მხრიდან, და შემოხვდა ორი ხევსური, ცოტა მთვრალები, ცოტა ზედმეტად შეთამამებულები, კარგი ვაჟკაცები, კარგ ცხენებზე მსხდარნი; აუხედ-დაუხედეს მამაჩემს ჭაკზე, - მაშინ სათაკილოდ იყო მიჩნეული ვაჟკაცის ჭაკზე ჯდომა, - გასცდნენ ცოტაზე და გამოსძახეს იქიდან ტკბილად, - ცოტა ფრთხილად ატარე, ვაჟო, კლდეში არ ჩაგჩეხოს სადმეო! სწყენია მამაჩემს, მიბრუნებია და უთქვამს, - ჩემი ცხენი მყავდეს, ვინ ვის ჩაჩეხავდა, ნახავდითო. შემდგარან ის ხევსურები. - სად არის, სადა გყავს შენი ცხენიო? ხომ არ ეტყოდა მამაჩემი, მყავდა და მომიკვდაო, არ არის ესეც ვაჟკაცის პასუხი, - სხვასა ჰყავს, კვირის თავს აქ იქნება, მაშინა მნახეთ და გაჩვენებთო! დაინტერესებულან ხევსურები, ხომ იცით მაგათი ხასიათი, კარგი ცხენის სანახავად სად არ წავლენ, რას არ მოიმოქმედებენ, - გნახავთ, გნახავთო! უკითხავთ ვინაობა ერთმანეთისთვის და წასულან ისევე, სიცილ-სიცილითა. ეგრე ამრეზით იციან ყურება ყველასი ხევსურებმა, მით უფრო ფშავლებისა.

გაგიკვირდებათ მამაჩემის ნათქვამი, მაგრამ რაც უთხრა, საბოლოოდ მართალი უთხრა ხევსურებს. ერთ არაბა ცხენს ევაჭრებოდა ერთ არაგვისპირელს - შავი იყო, მკერდ-განიერი, მწევარივით ტანწვრილი და ყურებპატარა. მეც კარგად მახსოვს, დიდხანსა ჰყავდა მერე ის ცხენი. ბერავდა და ბერავდა ნესტოებს, აფოფინებდა თვალებს და თხრიდა წინა ფეხით მიწას. მოსულა იმ ხევსურებიდან წამოსული მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნებ ცოტა გიჟურიც, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს, - თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ეხლავე გამოვკრავ ბოხჩასაო. აუყვანია მამაჩემს ჩემიანად, შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს და წასულა იმავე ღამეს, გათენებისას, არაგვისპირში. მიუცია იმ ცხენში ის ახალგამოქვნილი უღელი კამეჩი თავისი ურმით, რკინებსაც მევე გადაგიკრავ თვლებზეო, ხუთი ცხვარი, - ხუთივე ჭედილა, და ათი კოდიც პური. მოკლედ, რაც კი რამ ებადა ოჯახში. გადმოუყვანია, დაუბამს, დამჯდარა და უყურებდა თურმე სულ ღიმილით. მისჯდომია გახარებული დედაჩემიც გვერდით, ისხდნენ ესე და უყურებდნენ დამტკბარნი იმ ცხენს. მერე წამოდგაო გაბრიელი, - ამბობდა დედაჩემი, - ახსნა აღვირი ლატანს, მსუბუქად გადაევლო იმ არაბას, გავიდა ქვემოთ, ივრისკენ, და გააჭენა და გამოაჭენა ჩემს დასანახად. კარგი ჯდომა იცოდა სულმაღალმა. მე არც მინახავს ეგრე მჯდომელი სხვა. დაიხრებოდა მარცხენა მხრით უნაგირზე, იდაყვი თითქმის კოტაზე ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი კიდევ, შუბლთან ჰქონდა წაშვერილი, და ეგრე, მიმინოსავით წაგვერდებული მიაჭენებდა და ყურში ჩასძახოდა ცხენს, ალერსითა თუ ქებით:

- ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!

ჩამიქროლა ეგრე გაცინებულმა, სახეგანათებულმა, ამომიქროლა, ამოაგდო ამ შემაღლებულზე გრიალითა, ჩამოხტა, შემომიტარა ირგვლივ რამდენიმეჯერ ამაყად, დააბა და ისევ მომიჯდა გვერდით.

მოვიდნენ და მოვიდნენ არაბას სანახავად სოფლიდან, ყველასა ჰქონდა გაგონილი, რაც იყო მიცემული იმაში. მოსწონდათ, აქებდნენ, მაინც უკმაყოფილოდ ამწკლატუნებდნენ ტუჩებს, - ნწაჰ! მაინც ცხენია, ციდან ჩამოსული რაში ხომ არ არისო! ზოგი, კიდევ უფრო მეტი, წვივებსაც უწუნებდა, წვრილი აქვსო ძალიან. გაბრიელს აინუნშიაც არ მოსდიოდა არავისი სიტყვა, იდგა ხოლმე და შეჰყურებდა, შესციცინებდა, სწმენდდა, უურვებდა, ეალერსებოდა არაბას. ქერის მეტი არაფერი მიუცია ერთ კვირას, იმასაც ოდნავ მოშუშულს აძლევდა, ზუსტი წყვით. მიუშვებდა, აჭენებდა ერთხანს და მერე ისევ ბანდა და წმენდდა, ელაპარაკებოდა და ეალერსებოდა.

იმის ეშხით მეც უფრო შევუყვარდიო, იტყოდა ხოლმე ჩაღიმებით დედაჩემი.

კვირის თავზე კი გამოჩნდნენ ის ხევსურები, წინასწარ გალაღებულები, გამარჯვებულნი. ნახეს არაბა. ერთმა მუქმა ღრუბელმა კი გადაუარათ სახეზე, მაგრამ ისიც არ შეიმჩნიეს. ეხლა მამაჩემი იყო თურმე აღზევებული და მოკლედ და ცივად მოუჭრა, - გავალთ, შევეჯიბრებით, თუ თქვენ გამისწრებთ, თქვენ წაიყვანთ ჩემს ცხენს, რომელიც პირველი გამისწრობს, ისა, თუ გაგისწარით, მე უნდა დამრჩეს თქვენი ორივე ცხენი, ჩამოხვალთ და წახვალთო.

ცოტა კი შეფიქრიანებულან ხევსურები, მაგრამ რის ხევსურები იქნებოდნენ, უკან რომ დაეხიათ. ცხენი ცხენია, მაგრამ ზედმჯდომზედაც ხომ არის საქმე, ფშაველი რას გვაჯობებსო, ჩაურტყამთ ხელი.

წაუყვანიათ შუაკაცებად ბერიკაშვილი, ზემოთ რომ ვახსენე, ლადო, ჟულაკათ მიხეილი, და კიდევ მესამე, ეს მესამე აღარ მახსოვს. გასულან ეხლა რომ ბოგირი არი ქუსნოს წყალზე, მანდ ბაღები და ბოსტნები არ იყო მაშინ, გზა კი მიდიოდა, ნარბილი, სწორი, ერწოსკენ. დაუთქვამთ ერთი ვერხვი, გააჭენებდნენ, იმ ვერხვს შემოუვლიდნენ და მოვიდოდნენ ისევ ბოგირთან. ხევსურებს ჯერ კარგად დაუთვალიერებიათ ის გზა ვერხვამდე, მერე მოსულან, თითო არაყი ჩამოურიგებია ბერიკაშვილს, გადაუწერიათ პირჯვარი, შემსხდარან სამივენი, ბერიკაშვილს თოფი ჰქონია წამოღებული, დაუცლია ის თოფი და წასულან ხევსურები ყიჟინით, მამაჩემი კიდევ თავის ჩუმი ჰაუ-ჰაუს ძახილით. ჯერ ხევსურები სად იყვნენ, რომ მამაშენი უკან მოაჭენებდა არაბასო. იმდენზე გამოუსწრო, ყმაწვილი დაიღლებოდა იმ მანძილის გარბენითო, - უთქვამს ჩემთვის თვითონ ბერიკაშვილ ლადოს. სიტყვის უთქმელად, თავდაუხრელად ჩამოხდნენ ცხენებიდან ხევსურები, მოხადეს უნაგირები, აიკიდეს ზურგზე და დაადგნენ გზას მამაჩემის სიცილ-სიცილში. მაგრამ, ცოტაზე რომ წასულან, წამოსწევია მამაჩემი და ისევე სიცილით უთქვამს: - გეყოფათ თქვენცა და მეცა, მობრუნდით, ჩემი სტუმრები ხართო. ხევსურები ხომ ბრაზიანები არიან, - არაო, მათხოვარნი ხომ არ გგონივართო, - გაუკლავთ თავი. მაშინ მამაჩემი აზავთებულა, ცოდვა არ დაიდოთ, ყელი არ გამომაჭრევინოთ კაცსო! მობრუნებულან ხევსურები. წამოუყვანია შინ ისინიც, შუაკაცებიც, დედაჩემს უკვე მზათა ჰქონია სუფრა. დამსხდარან, კარგად უქეიფიათ, სიცილითა, ლექსებითა, სიმღერებითა, მერე შეუსხამს თავ-თავიანთ ცხენებზე და გაუშვია სამუდამოდ დაძმაკაცებულები.

იმ ღამეს ცოტა შევშინდი კიდეცა, - ამბობდა დედაჩემი, - ისეთი იყო გაბრიელი, ვიფიქრე, მართლაც წმინდა გიორგი ხომ არ არის და კაცად არ არის მოსული ჩემთან-მეთქი.

აი, ეს ამბავი უნდა იცოდეს მთელმა ჩვენმა მოდგმამ. მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება, მაგან არ უშველოს ჩემს შვილთაშვილებს და იმათ შვილებს, როცა, ვთქვათ, დაინახავენ, რომ თაგვებივით გაფაციცებულნი მიარბენინებენ პატარა კაცები თავთავიანთ სოროებისკენ ამქვეყნიურ საგზალს.

ერთხელ, ეგ ამბავი მეც მახსოვს, სიზმარივით გაუქრა არაბა მამაჩემს, მოპარეს. ცხადია, მამაჩემმა თავის ძმაკაცებს შეატყობინა, წავიდნენ ხევსურები, მთა-ბარი შეაჯერეს, იპოვეს არაბა და მოჰგვარეს.

სხვა რა მაქვს სათქმელი, მიმხვედრი აქამდე თქმულითაც მიხვდება ყველაფერს.

კარგად იყავით და გწყალობდეთ, გფარავდეთ ჩვენი წინაპრების მადლი.

??????