ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ბაია 

ბაიამ იცის, რომ ყვავილის სახელი ჰქვია. ის ყვავილი, ბაია, ყვითელია, მკვრივფურცლებიანი, მწვანე ბალახებში სულ მზესავით ბრწყინავს. ბაია რომ დაიყვავილებს, ესე იგი, ყვითელი გვირგვინები ჩამოეშლება, მუხუდოზე ცოტა მსხვილი ეკლიანი კაკლებიღა რჩება. ძველად ამ კაკლებით „ცხვირს იტეხდნენ“. რას ჰქვია, „ცხვირს იტეხდნენ“?! აი, რას: თუ ვინმეს სისხლი წამოაწვებოდა სახეზე, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვინმეს წნევა აუწევდა, მოსწყვეტდა ბაიას ეკლიან კაკალს მოგრძო ყუნწიანად, შეიყოფდა ნესტოში, დაირტყამდა ზემოდან ხელს, წამოიგდებინებდა სისხლს და წნევა მოეშვებოდა. ამიტომ ბაია-ყვავილს ცხვირის სატეხელასაც უწოდებდნენ. ბაია-გოგოს, რატომღაც, ეს ცხვირის სატეხელობაც მოსწონდა. მივა, გაჩერდება სარკესთან და აკვირდება საკუთარ თავს. შუბლი, ცხვირი, ღაწვისთავები, ნიკაპი და მხრები ბაიასაც მზისფრად უბრწყინავს. ხანდახან თვალებიც უბრწყინავს, მაგრამ თვალები, უმთავრესად, ნაღვლიანი და მიბურუსებული აქვს, თითქოს სულ ახლა, აი, ახლა უტირიაო, თითქოს სადღაც რაღაცა სტკივა და იმ ტკივილს აყურადებსო. წამწამები ხომ არ არის მისი ეკლები?

გააჩერებს თინა მასწავლებელი ბაიას და ეკითხება, - ბაია, რატომ გაქვს ეგეთი ნაღვლიანი თვალები? მითხარი, რა გაწუხებს. - ბაია პატარაა, თინა მასწავლებელი - დიდი, ახოვანი ქალი, მკერდამდეც ვერა სწვდება ბაია. პასუხი რომ გასცეს, ბაიამ მაღლა უნდა ასწიოს თავი, ის კი დაბლა ხრის, წითლდება და თვალებსაც ხუჭავს. მაშინ თინა მასწავლებელი ლოყებზე შემოაწყობს ხელებს, თვითონ ჩაიხრება და ააწევინებს თავს. ბაია იძულებულია, თვალებიც გაახილოს და გაიღიმოს კიდეც. იღიმება, მაგრამ თინა მასწავლებელი მაინც ეუბნება, - რაღაცა გაწუხებს და არ ამბობ, ბაია. - ბაია მხრებს წურავს და ისევ თავის ჩაღუნვას ცდილობს. თინა მასწავლებელი ლოყას მიადებს საფეთქელთან, ერთს მოუჩეჩავს თმას, - გაიქეციო, - და შეეშვება. ბაია არ გარბის. ნელი ნაბიჯით გადგება უკან, მიეყუდება კედელს და არის უმთავრესად ასე, კედელზე გაშლილხელებმიწყობილი, მალ-მალე ხუჭავს თვალებს, ასე უკეთესად აღიდგენს თინა მასწავლებლის ხელებისა და ლოყის სასიამოვნო სითბოს, სურნელებას.

ბავშვები თამაშობენ - ხტიან, ძიძგილაობენ. გოგონები წინწამოწეული ხელისგულების ერთმანეთზე მიტყაპუნებით ითვლიან: - ანა, ბანა, ნიცა, რუსების ბალნიცა... ზოგჯერ ბაიაც ჩაერევა ამგვარ თამაშში, მაგრამ თამაშში მაშინვე ჩამოერევა ფიქრიც, - მამა ცუდი ჰყავს, ლოთი, ნერვული, ასეთი მამის ხელში დედაც დაავადმყოფებულია, საცოდავი, თვითონაც საცოდავია ბაია, სულ რაღაც უთრთის სხეულში, რა თამაში უნდა გამოუვიდეს კარგად ასეთ საცოდავს. ამიტომ მალე, თითქოს ძალა გამოელიაო, თითქოს მობეზრდაო, მიდგება ისევ კედელთან და ისევ ზედ მიაწყობს გაშლილ ხელებს.

ზარს რომ დარეკავენ, პირველი ბაია გარბის კლასისკენ. დაჯდება მერხზე, დაიწყობს წინ ხელებს და არის ასე, ყურადღებადქცეული. თუ წიგნს აკითხებს თინა მასწავლებელი, ყოჩაღად კითხულობს, თუ ათხრობინებს, მაშინ უჭირს, სიტყვებს მალე ვერ პოულობს, უმწეოდ იხედება აქეთ-იქით. თინა მასწავლებელი ატყობს, რომ ძალიან წუხს ბაია, და დასვამს, თავზე მოფერებით გადაუსვამს ხელს, კარგი, ბაია, კარგიო. ბაიამ იცის, კარგად რომ ვერ მოყვა მოსათხრობი, თავს დაწევს და წითლდება. ამ დროს რომ ვინმემ ქვემოდან ამოხედოს თვალებში, თვალები ცრემლებით აქვს სავსე.

ბაია დილით ყველაზე ადრე მოდის ხოლმე სკოლაში. სხვა ბავშვებს სულ დართულ-დაკაზმული დედები მოჰყვებიან, ხელს არ უშვებენ, სანამ კლასში არ შევლენ ბავშვები. ბაია მარტო ჩამოირბენს მაღალ სახლებს შორის ჩამომავალ ჯერაც მოუასფალტებელ ბილიკს. მხოლოდ ერთხელ უხდება სამანქანო გზის გადმოკვეთა. იქ გაჩერდება, კარგად მიმოიხედავს, დარწმუნდება, რომ მანქანა არაფერი მოდის, და მაშინ გადმოირბენს აქეთ. აქეთ უკვე სკოლის მავთულის ღობე იწყება, გამოჰყვება იმ ღობეს ძირ-ძირ და სირბილით ამოვა სკოლის კიბეზე. თინა მასწავლებელი ხშირად ბაიას უტოვებს კლასის გასაღებს, ბაია კარს გააღებს, ჩანთას მერხში შედებს. თუ მშვიდი დღეა, ფანჯრებსაც დააღებს. იცის, როგორ იღება ფანჯრები. მისდგამს სკამს, ავა ზედ, რაზას ჯერ მაღლა ასწევს, მერე მარჯვნივ გადახრის, მერე თავისკენ გამოსწევს ღონივრად და გაიღება. ფანჯრების გაღების შემდეგ ჩვარს ჩამოიღებს დაფიდან, წავა, გარეცხავს, გაწურავს, მოიტანს და გულდაგულ შეუდგება დაფის გაპრიალებას.

ამასობაში სხვა ბავშვებიც მოვლენ, ბავშვებიც, მათი დაკაზმული დედებიც. ბაიას ის დედებიც ეფერებიან: - შენ უკვე აქა ხარ, ბაია? რა ყოჩაღი გოგო ხარ, რა ყოჩაღი! - ბაიას სხვა ბავშვები გამოსტაცებენ ჩვარს, ისინი აგრძელებენ დაფის წმენდას, ბაია შეცბუნებული დგას. დაჯდება მერხზე, იქიდან ადევნებს ბავშვებს თვალს.

ხანდახან, შაბათობით, დედაც მოჰყვება სკოლაში. ბაიას გული ეკუმშება. იცის, რომ დედას სამ საათამდე არ დაუძინია, სამი საათისთვის დაბრუნდა მთვრალი მამა. დედას ადგომის თავიც აღარ ჰქონდა დილას, თანაც მერამდენე ადგილას იკემსავდა კოლგოტს! ბაიამ ისიც იცის, რომ ახლა დედას მეტს აღარავის აცვია ბაილონის კაბა, იმ კაბის კალთაც როგორღაც გვერდზე მიდის, ხან დედა ისწორებს, ხან ბაია უსწორებს. გარეთა კიბეს ამოივლიან თუ არა, მიუბრუნდება დედას ბაია: - წადი, დედიკო, ახლა შენ! - თინა მასწავლებელი არა ვნახო? - ბაია ვერაფერს ამბობს. ამოვა მაღლა დედაც. ბაიას კლასში შეუშვებს, თვითონ დერეფნის ფანჯარასთან დადგება. ბაია მალ-მალე გაიხედავს ხოლმე დედისკენ, მაგრამ მალულად. მოდიან დართულ-დაკაზმული სხვა დედები, თამამები, ბედნიერები. ბაიას ეჩვენება, რომ დედა ნერვიულობს, ტუჩებს იკვნეტს. ბოლოს მოვა თინა მასწავლებელიც. თინა მასწავლებელთან ხომ სულ პატარავდება დედა, ხან სულ ვერ ამბობს სიტყვებს, ხან ერთმანეთს მიაყრის ამოუსუნთქებლივ. თინა მასწავლებელი ამშვიდებს დედას, მკლავზე ალერსით უთათუნებს ხელს. დედას ეღიმება და წითლდება. მერე წავა გაღიმებული, გახარებული, მაგრამ აშკარად ისეთი ნაბიჯებით, ბაიას სულ ეშინია, არ წაიქცეს.

ბაია კლასის გასაღებს უბრუნებს თინა მასწავლებელს. თინა მასწავლებელი ყოჩაღად ეუბნება ბაიას: - რა ოქრო გოგო ხარ! რა მშვენიერი დედა გყავს! - ბაიას თითქოს თავბრუ ეხვევა ამ სიტყვებზე. დაირეკება ზარი. ბავშვები თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდებიან. დაიწყება გაკვეთილი. თინა მასწავლებელი ლამაზად გადმოშლის ლამაზი ხელით ჟურნალს.

ბაიას უყვარს გაკვეთილის დაწყება. სიმშვიდეა, სიწყნარე. გარედან შემოდის რომელიღაცა პატარა ჩიტის ძახილი: - „ვის! ვის! ვის!“ ვის ჰკითხავს ნეტავ თინა მასწავლებელი გაკვეთილს? ბაიამ ყველა გაკვეთილი იცის, მაგრამ მაინც ურჩევნია, სხვას ჰკითხოს.

სულ ბოლო ზარის დარეკვას ხომ აღტაცებით ხვდება ყველა ბავშვი! მხოლოდ ბაია აწყობს ჩანთაში წიგნებს ნელ-ნელა. ნელა ჩაიცვამს პალტოს, ნელა მოიხვევს მოსახვევს. ნელი ნაბიჯით გაუყვება დერეფანს, გავა გარეთ, ცინცხალ ჰაერზე. იქ ცოტა ხნით შედგება, სუნთქავს, სუნთქავს, აქეთ-იქით იყურება, მერე ძალიან დაღლილივით აუყვება შინისაკენ ამავალ აღმართს. იმ აღმართზედაც რამდენჯერმე ჩერდება. გაჩერდება და ნაღვლიანი თვალებით გადაჰყურებს დაბლა მშვიდად გაშლილ ვეება ქალაქს. ისევ განაგრძობს გზას. ხომ ასე არ უნდა იყოს, არა? მაგრამ მაინც ასე ფიქრობს: ნეტავ გრძელი, ცოტა უფრო გრძელი იყოსო შინისაკენ მიმავალი აღმართი...

??????