ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ბიბო 

ბიბო პატარა ბიჭია. პატარაა, აბა, მაშ, რა არის, ჯერ ხუთი წლისაც არ გამხდარა! გრძელი ღამის პერანგი აცვია და ისე სძინავს. გადაიხდის საბანს და გდია საბერე კიტრივით არხეინად საბანგადახდილი. ძალიან კი სწყინს ხოლმე, ვინმე რომ ეტყვის, პატარა ხარო. პატარა, მე კი არა, ჩვენი რობიზონააო. რობიზონა ვიღაა? ბიბოს ბიძაშვილი. სულ რაღაც ცხრა თუ ათი თვით უმცროსია ბიბოზე, მაგრამ ბიბო ისე ექცევა, როგორც ნამდვილ დიდს შეჰფერის. არიგებს: ასე და ასე მოიქეციო. მფარველობს კიდეც - ბიბოს შიშით ვერც ერთი ბიჭი ცუდს ვერას გაუბედავს რობიზონას. თუ მაინც გაუბედეს? მაშინ ბიბო ერთს ღრმად ჩაისუნთქავს, ლოყებს დაბერავს და ბაყბაყდევივით დააბრიალებს თვალებს. ბაყბაყდევივით თვალებმობრიალე ბიჭს კი, აბა, ვინ უნდა დაუდგეს წინ!

ზოგიერთ უხეიროს კი არა ჰგავს, მოსვენებას რომ არ აძლევენ დედას და ბებიას. საჭმელია, ძალით უნდა ჩასჩარო ამ უხეიროებს, ძილია და... დაწვებიან და დაიწყებენ ჩხავილს: ზღაპარი მიამბეთ, თორემ ისე არ დავიძინებო.

ბიბო დიდივით მიუჯდება მაგიდას, თვითონვე აიფარებს ხელსაწმენდს გულზე, მარჯვენა ხელში დიდ კოვზს დაიჭერს, მარცხენაში - დიდ პურს და დინჯად, საქმიანად შეუდგება ჭამას. კერძს რომ გაათავებს, ახლა ჩაის მოითხოვს, ჩაისაც წყნარად, დაგემოვნებით დალევს, მოიწმენდს ტუჩებს, - აგაშენოთო, - იტყვის ნამდვილი კაცივით და წამოდგება.

ღამეა. დედა საკერავ მანქანას უზის. ბებია საბანს ალიანდაგებს, - პრიალა ნემსით მართლაც ლიანდაგივით სწორი ხაზები გაჰყავს საბნის ერთი კუთხიდან მეორემდე.

- ხომ არაფერი გჭირდებათო! - იკითხავს ბიბო.

- შენი კარგად ყოფნა და გახარებაო, - მიუგებენ დედა და ბებია, - დაწექ ახლა და დაიძინეო.

ბიბო დიდ, დამრგვალებულ მუცელზე აისვამს და დაისვამს ხელს, ლოყებს გამობერავს, - არ უყვარს, ასე, პატარასავით რომ ეალერსებიან დედა და ბებია. ცოტა ხანს ბაზურა კატას მიუჯდება. ბაზურა, აქამდე რომ არხეინად იწვა ღუმელის ქვეშ, ბიბოს მიახლოებისთანავე წამოდგება და ნელა გაძვრება ღუმელის იქითა მხარეს.

- ჭკვიანი ბიჭია ეს ჩვენი ბიბო, -იტყვის ხოლმე ბაზურა, -მაგრამ რა ვიციო, მაინც ბიჭიაო, ვინ არის თავდები, რომ ერთ დღეს შიგ ძირში არ მომაჭრას კუდი თავისი წალდუნათიო?! ამიტომაო, - იტყვის ხოლმე ბაზურა, - ისევ გაცლას ვამჯობინებო.

შეძვრება ტახტის ქვეშ, მოიკუნტება კოხტად, თათს თავქვეშ ამოიდებს და ახლა იქ განაგრძობს ძილსა და კრუტუნს.

ბიბო კი დაამთქნარებს. ეს იმის ნიშანია, რომ იმასაც ეძინება. მაგრამ ისე არ დაიძინებს, ერთხელ კიდევ არ გავიდეს გარეთ და ერთხელ კიდევ არ გახედოს გზას, აბა, მამაჩემი ხომ არ მოდისო. მამამისი, შაქრო, შოფერია. უზარმაზარი „ზილი“ დაჰყავს და ხან მთელი კვირაობით მიდის შორს, ყიზლარში. ახლაც ყიზლარშია და მის მოლოდინში თვალი გზაზე აწყდება ბიბოს. გადგება აივანზე და შემოიყრის დოინჯს. ძირს ჩაბნელებული ივრის დიდი ჭალაა, იმ ჭალის იქით - წალმიანი გორა, იმ გორაზე კი შარაგზა მიიკლაკნება და ზედ ციცინათელებივით მიცოცავენ მანქანები.

- ნეტავ მამაჩემის მანქანა, აგერ, ის იყოს, აგერ! - იტყვის ბიბო ხან ერთზე, ხან მეორეზე, მაგრამ მანქანები ჭალისკენ არ უხვევენ. ისინი ზემოთ, გომბორისკენ მიდიან და ბიბოს გული სწყდება.

- ეჰეჰეი! - დაადევნებს ვაჟკაცურ ძახილს, - ეჰეჰე!

მაგრამ იქიდან კი არ ღებულობს პასუხს, მეზობელი სახლიდან დაეხმაურება ვიღაც:

- ეჰეჰეი, ბიბო!

ეს რობიზონაა, პატარა რობიზონა. ისიც აივანზე გამოდის და დიდი ხნის უნახავივით ხელებაწეული, გახარებული ეძახის ბიბოს:

- ბიბოოო! ბიბოოო!..

ბიბოს არ უყვარს, სხვა ვინმე რომ ერევა მის ამგვარ ოცნებებში, მაგრამ რობიზონა პატარაა, ჯერ ჭკუა არა აქვს, ამიტომ მხოლოდ კეთილი მოხუცივით ტუქსავს:

- რაღა დროს შენი ღვიძილია, ბიჭო, წადი, დაწექი ახლავე!

და რობიზონას შინ შესვლას აღარ დაუცდის, თვითონ შებრუნდება შინ, დინჯად გაიხდის ტანსაცმელს, კოხტად დააწყობს ერთ ადგილას, დაწვება და დაიძინებს.

გათენებას ჯერ ბევრი აკლია, რომ ერთი პირობა მაშინ გაიღვიძებს. დედას და ბებიას სძინავთ. ეცოდება, არ უნდა, შეაწუხოს. წევს გატვრენილი, აპარპალებს იმ დიდრონ თვალებს და იცდის, იქნებ თავისით გაიღვიძონო, მაგრამ თავისით არ იღვიძებენ და როდემდე იქნება ასე, კაცს პური შია!

- ბებო! - გადასძახებს ჩუმად.

- რაო, შემოგევლე! - იმწამსვე გამოეპასუხება ბებია.

- კარაქიანი პური მომიტანე რა, ცოტა!

მიუტანს ბებია კარგა მოზრდილ კარაქიან პურს. ილუკმება ბიბო და თან ფიქრობს... უუ, რაზე აღარ ფიქრობს. რამდენი რამაა ამ ქვეყანაზე საფიქრალი! მამა ჯერ არ დაბრუნებულა ყიზლარიდან. იმ სიგრძე გზაა, აქეთ შავი კლდეები, იქით უფსკრულები და ფაფარაყრილი თერგი, ეუჰ! - ფაფარაყრილი თერგი! ჰაერში კიდევ ნისლებია გაკიდებული. თანაც ათასი მთვრალი შოფერი დადის, ათასი ზვავია, ათასი ოხრობაა... მამა კიდევ ფიცხია, სულ ჩქარობს. ნეტავ რა ეჩქარება! როცა ნელა მიდიხარ, განა მაშინ უფრო კარგად არა ჩანს ყველაფერი?! მერმისს შენც წაგიყვანო. ეუჰ, რა იქნება! ნეტავ მართლა მოერევა დათიკაანთ ძაღლი ჩვენსას? ერთი კომშზე უნდა გამოვცადო ჩემი წალდუნა, კომში მაგარიაო... ილუკმება, ილუკმება ბიბო, ფიქრობს, ფიქრობს და ჩაეძინება ასე.

როცა ხელახლა გაიღვიძებს, უკვე ქვეყანასაც ღვიძავს. დედა კოლმეურნეობაშია წასული. ბებია მარანში აბრახუნებს რაღაცას. ვეებერთელა მზე აივნის ბოძსა და ბოძს შუა გაჩერებულა და ბიბოს ელოდება. ბიბოც გადის ფეხშიშველა, თვალების ფშვნეტით. ახლა იქით ის ვეებერთელა მზეა აივნის ბოძსა და ბოძს შუა, აქეთ - ბიბო. ერთხანს ჯიუტი ბოტებივით ათვალიერებენ ერთმანეთს. მერე ბიბო მხარს შეაქცევს, - მე შენი აყოლა რას გამომადგებაო, - ტანსაცმელს ჩაიცვამს წვალებით, ხვნეშით, მაგრამ გმირული სიჯიუტით. ფეხსაცმელსაც შეიკრავს და ნელ-ნელა ჩავა კიბეზე.

მზე მაინც თავს არ ანებებს. მისდევს და იცინის მხიარულად. რატომ არ იქნება მხიარული რა! აიწევს ასე, აიწევს და მერე არხეინად ჩაგორდება წალმიანის უკან. ბიბოს კი რამდენი საქმე აქვს მოსაგვარებელი: საქათმეში უნდა შეძვრეს და ნახოს, დადო თუ არა კვერცხი ქოჩორა დედალმა. ძაღლი უნდა წაიყვანოს და დათიკაანთ ძაღლს აჩხუბოს. წალდუნაც ხომ უნდა გამოსცადოს კომშზე?! გუშინ ამწე მოიტანეს სკოლის მშენებლობაზე, დღეს მაინც არ უნდა ნახოს, როგორ მუშაობს ის ამწე? თანაც... ჯანღივით შემოხვევია ეს ფიქრი გულზე: მამა ჯერაც არ დაბრუნებულა ყიზლარიდან. ეეჰ, მამა ჯერაც არ დაბრუნებულა ყიზლარიდან.

- ბიბოს გაუმარჯოს, ბიბოს! - ესალმებიან მეზობლები.

- გაგიმარჯოთ.

- როგორა ხარ, კაცო, ბიბო!

- გული დარდიანი მაქვს.

- რათა, კაცო, რათა!

- მამაჩემი ყიზლარშია და...

- მოვა, კაცო, მაგაზე რა გადარდებს.

- რა ვიცი, გზაა, ათასი მთვრალი დაეხეტება, ზვავია, ათასი ოხრობაა.

- ოხ-ო-ხო! რა ხარ, კაცო, რა ხარ! - გაიკვირვებენ მეზობლები და მხრების ჩეჩვით წავლენ, - რა არის ეს, რა უცნაური ყმაწვილიაო, კაცოო, რა გამოვა ნეტავ მაგისგანაო!

- რა უნდა გამოვიდე და შოფერიო, - ეუბნება ყველას ბიბო.

- აბა, შენ იცი, აბა, შენ იციო! - უხარიათ მეზობლებს...

უხარიათ, რადგან იციან, რომ, თუ გამოვა, მისგან გამოვა დინჯი, ჭკვიანი შოფერი. ჩაგსვამს მანქანაში, გატარებს სულ წყნარად, სულ წყნარად. შეიძლება, შორი გზითაც მოგატაროს ცოტა, მაგრამ შინ მაინც მშვიდობით მიგიყვანს ყოველთვის. ეს კი მთავარია. ასეთი დინჯი, ჭკვიანი შოფრები ესაჭიროება ქვეყნიერებას. და ლოცავენ ყველანი:

- გაიზარდე, შერჩი შენს დედ-მამასაო.

ბიბოც იზრდება და იზრდება. ამაყად დააბიჯებს ამ დიდ, ღონიერ დედამიწაზე და ჯერჯერობით, სანამ მთლად დიდი გაიზრდებოდეს, სანამ შოფერი გახდებოდეს, თავის ბავშვურ საქმეებს აგვარებს ხვნეშით, გმირული სიჯიუტით.

თან დაჰყვება მისი მეგობარი მზეც.

??????