დედა და მამა
მოიჭერდა პაპა ხელს შუბლზე, დახუჭავდა თვალებს.
დედ-მამით ობოლს, იმდენნაირი გაჭირვება ჰქონდა გადატანილი ბავშვობაში, ათ კაცს ეყოფოდა ხასიათის გაძაღლებისათვის. პატარა დაც რომ მომიკვდა და მთლად მარტო დავრჩი ჩვენს ქოხში, მე და ერთი ჩემი ამხანაგი, ისიც დედ-მამით ობოლი, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადავსახლდით. იქ ერთი პატარა მინაშენი იყო, იქ ვიყავით მობღუნძულები. მოდიოდნენ ეკლესიაში და მოგვიკითხავდნენ ხოლმე ვინ რით, ვინ რით.
ერთხელ, ერთ ჭექა-ქუხილიან ღამეს, ნათელი სიზმარი ვნახე: დაიჭექა ცამ, გაირღვა ღრუბლები, გამობრძანდა წმინდა გიორგი - თეთრ ცხენზე, მაღალი შუბით - დამადგა თავზე და მკითხა მკაცრად: ქონება გინდა თუ ჯანმრთელობაო. მე მაციებდა, სულ ცუდად ვიყავი, ქონებას რა თავში ვიხლიდი, ჯანმრთელობა-მეთქი. ასრულდესო! ასწია შუბი და წავიდა, შეერია ღრუბლებს. ამხანაგმა რომ გაიღვიძა და სიზმარი ვუამბე, ჩხუბი დამიწყო, ცარიელი ჯანმრთელობა რას გამოგიყრის, ქონება უნდა გეთხოვაო. მაგრამ იმ დღიდან ჩემი ბედის ბორბალმა სულ წაღმა იწყო ტრიალი. წამიყვანა სოფლის „ბორჩიკმა“ (ალბათ გადასახადების ამკრეფმა), დამბანა, ჩამაცვა, შვილივით მომიარა, - მე ხომ ცეცხლის კალოში ჩავდგებოდი, იმას რომ ეთქვა, - ბოლოს საქმეშიც გამიყვანა და ბებიათქვენიც იმან მათხოვნინა, ჩვენი სოფიო. ბებია გონიაშვილების ქალი იყო, ნაყვავილარი სახისა, მაგრამ საოცრად მხნე.
სოფიოს საკმაოდ დიდი მამული მოჰყვა მზითვად. პაპაც დაუღლელი იყო, ბებიაც, საზრისიანობაც არ აკლდათ და ბოლოს ისეთი ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, ეს დრო რომ დადგა, გააკულაკეს. კიდევ კარგიო, ვიღაც დიდ კაცს აქებდა პაპა (ესაც ნათქვამი მაქვს მოთხრობაში „ზამთარში“), იმ კაცმა გადამარჩინაო. ოცდაჩვიდმეტში მაინც დაიჭირეს სამოცდაცხრა წლისა და აქვე, ნავთლუღის ბოლოზე დახვრიტეს.
აი, ამ ძლიერი ოჯახის ნანინანატრი ქალიშვილი იყო დედაჩემი, ქალაქშიც ნასწავლი, თვით ახალ გიმნაზიაში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში), წიგნების მოყვარული. რასაც დედა იტყოდა, მათი ოჯახისათვის კანონი იყო. გიმნაზიაშიც დიდხანს არ უსწავლია. ომი იყო, ძალიან ჭირდა, თან უცხო ოჯახში იყო მიბარებული და, ერთხელ რომ პაპაჩემი ჩასულა, გამოჰყოლია, საბოლოოდ დაბრუნებულა თავის სოფელში. აქ უკვე ჰყვარებია მამაჩემი. მე ცამეტი წლისა ვიყავი, რომ გადავირიეთ, მამათქვენი კიდევ თექვსმეტისო. თუ როგორი იყო ეს სიყვარული, თვალნათლივ ჩანს აქედან: მთელ დღეს რომ ერთად ვყოფილიყავით, საღამოს ისევ წერილებს ვწერდით ერთმანეთსო. ხან ვის ატანდნენ თურმე ამ წერილებს, ხან ვის. რაღა თქმა უნდა, ქვეყანას მოედო ეს ამბავი. პაპა, ბებია და დედაჩემის ძმები გიჟდებოდნენ თურმე. მამაჩემს, კოტე ინანიშვილს, მამით ობოლს ჩვილბავშვობიდანვე დანგრეული, დარბეული ოჯახის შვილს (ძველი ვალის მარტო სარგებელში რომ მიჰქონდათ 3-4 საპალნე ღვინო), ერთი ძმისა და ორი დის პატრონს, არაფერი რომ არ გააჩნდა მკვირცხლი გონებისა და ძალიან ლამაზი ღიმილის მეტი, რომელი ოჯახი ინატრებდა სიძედ, მით უფრო ეგეთი ძლიერი ოჯახი, როგორიც პაპაჩემისა იყო, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა. ოღონდ არ დაგვიჭლექდესო და შეაუღლეს. დედა თექვსმეტი წლისა ყოფილა მაშინ, მამა ცხრამეტისა. ბედნიერებიც ვიყავით ძალიანო. ახალი ცხოვრება მოვიდა. მამა პირველ კომკავშირელთაგანი გახდა, მალე პარტიულიც, ხან რა კურსებზე გზავნიდნენ, ხან რა, და ბოლოს იმას მიაღწია, რომ მთელი სოფლის თავკაცი გახდა. მოწიწებით შეჰყურებდა თვითონ პაპაჩემიც. მინახავს ოჯახის საამაყო სურათი. მალაქია ტოროშელიძე და რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის მამაჩემი. მახსოვს რევოლვერიც, ნაჩუქარი სერგო ორჯონიკიძის ძმის, პაპულია ორჯონიკიძის მიერ. ტარზე ჰქონდა ამოკვეთილი წარწერა. 37-ში მამა რომ დააპატიმრეს, სურათიც წაიღეს, რევოლვერიც და კიდევ ბევრი რამ, - თვით დედაჩემისა და მამაჩემის ადრეული, ნახევრად ბავშვური სასიყვარულო წერილები. გადასახლებიდან ერთ ხანს მოგვდიოდა წერილები. ამ წერილებით სულ ერთს შეგვაგონებდა, - მე კომუნისტი ვარ, კომუნისტად მოვკვდები, კომუნისტებად უნდა დაიზარდნეთ თქვენცაო. ეს კი რას ნიშნავდა მაშინ, - ჯერ ხალხს, მერე შენო. ორმოცდაორში წერილები შეწყდა. 1956 წელს რეაბილიტაცია მივიღეთ.
ხომ იციან ნათესავებმა ბრძნობა, მამაჩემზეც - ასე და ასე რომ მოქცეულიყო, ვინ ახლებდა მაგას ხელსო, მაგრამ დედა მაინც არასოდეს ამბობდა რაიმე სააუგოს მამაზე. პირიქით, ეტყობა, სულ იმის სახეს დაჰფოფინებდა ფიქრებში. შემოგვისხამდა შვილებს საღამოობით, ან სიმინდს ვფხვნიდით, ან მატყლს ვწეწავდით და გვიყვებოდა თავიანთი სიყვარულის ამბებს. დღესაც, სულ ცხადად ვხედავ ერთ იმ ამბავთაგანს: დამთავრდა საშობაო არდადეგები, ქალაქში მივყავარ დიდის ამბით ჩვენებს. თოვლია, გადაბარდნილა ყველაფერი. მოჩარდახულ, მოთბილულ ურემში ვსხედვართ: დედაჩემი, დედაჩემის დის მული (ის იყო ქალაქელი ქალი, იმასთან ვიყავი ოჯახად) და მე - გაბუებული, გადრუნჩული. მამაჩემი ხარებს მიუძღვის წინ. ქვემოთ გზაზე მივდივართ, ვენახებში, ისევ თოვს, ბარდნის, გადათეთრებულია მამაჩემიც, ხარებიც. გავიხედე და რასა ვხედავ: კოტე არ გადმოხტა გზაზე?! თოფი უჭირავს ორი ხელით; ნადირობს. მარტო ერთი შევხედეთ ერთმანეთს და, ვენახებიდან აღარ გავსულვართ, ავიტკიე მუცელი, ვაიმე, ვკვდები-მეთქი, ვაიმე, გავთავდი-მეთქი. გადაირია მამაჩემი, მოაბრუნა ხარები, მიმიყვანეს შინ, ჩამაყრევინეს ფეხები ცხელ წყალში, დამიდეს ცხელი აგურიც, დამალევინეს ხართუთის მურაბიანი ჩაი, საღამოს კი ავიპარე, ავედი ზევით და შევხვდი გაბრწყინებულ მამათქვენს.
ესაც ადრე მაქვს ნათქვამი. დედა, სანამ ავადმყოფობა დარევდა ხელს, შესანიშნავი მთხრობელი იყო, თანაც ძალიან თავისებური: თითქოს მშრალად მეტყველი. იმ სიყვარულის ამბებს ხომ ყვებოდა წერტილიდან წერტილამდე, მერე ზღაპრებს უყვებოდა შვილიშვილებს. თვალები გადმოცვენაზე დამრჩა, ორი ძმის, გიჟისა და ჭკვიანის ზღაპარი რომ მოუყვა კოტეს: „- ავიდა გიჟი ძმა პანტაზეო, დაჰკრავს ფეხს, ხრიალით მოდის პანტა, თხები და ცხვრები ხან აქეთ მიაწყდებიან შიშით, ხან იქით, მარტო ერთ თხას ჩამოეგო რქაზე პანტა; ჩამოვიდა გიჟი, შენ აქეთ იდექიო, გაიყვანა ის რქაზე პანტაჩამოგებული თხა ცალკე, დანარჩენებს კიდევ მისდგა, ამოიდებს მუხლქვეშ და გამოსჭრის ყელს, სტაცებს ხელს, დააბჯენს ზედ მუხლს და გამოსჭრის ყელს“... ერთი სიტყვით, ყოველგვარ მოძრაობას დაინახავდა კაცი.
მკაცრი და თავისი თავით შემოსაზღვრული ქალი კი იყო. იშვიათად მცინარი, იშვიათად გასული უბნის სალაყბოზე საღამოობით. ჩემს და-ძმაზე ვერაფერს ვიტყვი, უფრო ძმაზე, ის ყველაზე პატარა იყო, თანაც ხშირად ავადმყოფობდა და იმას ხშირად ეფერებოდა ხოლმე, მე კი, ასე მეჩვენა, რომ გავჭაღარავდი. მაშინ მომკიდა ორივე ხელი თავზე, - ვაიმე, შვილო, რა ადრე მიჭაღარავდებიო, მიმიხუტა და იმ ჭაღარაზე მაკოცა. ვერავითარ საღლაბუცო სიტყვას ვერ ვიტყოდით მასთან. არც თვითონ იცოდა ჩვენი წყევლა. თუ ძალიან გაბრაზდებოდა, ერთს ამას გვეტყოდა - „მამა გიცხონდათ“... თან უკვე ვიცოდით, რომ „ცხონება“, „ცხოვრებასაც“ ნიშნავდა. ჯანსულ ჩარკვიანმა ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რეზო ინანიშვილის დედა, თურმე კარგუნახავებს ეძახის გაუთხოვარ ქალებსო. ეგ ნათქვამი დედისთვის არ გაგვიმხელია, რომ გაეგო, ძალიან იწყენდა. შესანიშნავად კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“ - ძველებურად, წამღერებით, ტკბილად. არასოდეს დამავიწყდება მისი წაკითხული „ელისოც“. თითქოს ცოცხლები გელაპარაკებიანო. სიბერეში, როცა მოიცალა, ყველა გაზეთს კითხულობდა თავიდან ბოლომდის. ბევრჯერ ის მაცნობებდა, სად რა ეწერა ჩემთვის საინტერესო. ჩემს დაწერილებსაც ხშირად მას ვუკითხავდი. დიდად არასოდეს შევუქივარ, მაგრამ მისი კეთილი, კმაყოფილი გამოხედვაც კი დიდ ძალას მაძლევდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ რუსულიდან ჩემს მიერ თარგმნილი მოთხრობა ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. დედას დაეწყო ამ მოთხრობის კითხვა და მკითხა, შენი გასწორებული ხომ არ არისო? მე სახტად დავრჩი.
მამაზე ერთი ესაც უნდა ვთქვა: სოფლის შვილად თუ გრძნობდა თავს - გულლაღი იყო, პირდაპირი, შეუპოვარი, მუდამ სახეგახსნილი. მისი ახლობელი ქალები, ანდა კარგად მცნობნი, ხშირად მეტყოდნენ ხოლმე, - ვაიმე, შვილო, მამა რა ლამაზი გყავდათ და შენ ვის დაემსგავსეო. ინანიშვილებს ორი მთავარი გენი გვაქვს - შავები და თეთრები. შავები ზაქარაანთებში სჭარბობს, თეთრები -ინანიშვილებში. მამა თეთრი იყო, მისი ძმა გიორგი შავი. შვილები შავები გამოვედით, მისი შვილიშვილები - ერთი თეთრი, მეორე შავი, ჩემი შვილიშვილებიც, - ერთი თეთრი, მეორე შავი.
ოცდათექვსმეტი წლის იყო მამა, რომ მოგვაცილეს. თუმცა, რა მოგვაცილეს, როდის იყო ის ჩვენთან, დილით ძალზე ადრე მიდიოდა საქმეზე და ღამე გვიან ბრუნდებოდა. ჩვენთან, მარტო ოჯახის წევრებთან, არ დაჯდებოდა პურის საჭმელად, უეჭველად რომელიმე ამხანაგს დააძახებინებდა და წინ დაისვამდა. მე სულ რიდით ვიყავი მასთან. სამი-ოთხი წლის ვყოფილვარ, გადმოუღია თოფი და მოუმიზნებია ხუმრობით, - გესროლოო? მე ერთი წამოვწითლებულვარ და წამოვჭიმივარ, მესროლე-მეთქი. მამას ცრემლები წამოსვლია.
ესაც უკვე მაქვს ნათქვამი: ერთხელ ბავშვები პატარა ქოხს ვაკეთებდით. ბოძების ჩასმა გვიჭირდა, გამოიარა მამამ ამხანაგთან ერთად, გამოგვართვა ის ბოძები - ჭიგოები, დააწვა ღონივრად და ჩასვა. ის დღე იყო და სულ მეამაყებოდა იმისი ღონე.