ეთერი
- ბიჭო, გოგო, ხომ არავინა ხართ მანდ?
დაბერებულან მათი ბაღის ხეებიც - ნიავი აქანავებს ჭიანაჭამ ქერქებს, ბალახებში ყრია წითელი ვაშლები, დაჩამიჩებული შავი ჭანჭური. დამპალა, ჩაფეხვილა ღობის ლატნები, ძურწა და ნარი მოსდებია ბილიკებს. ეზოში დადის მარტოობით გადაყრუებული ძაღლი, სამი თუ ოთხი ქათამი, ერთი ძურწაშეხორხლილი თხა, ხეებზე მოდიან თითქოსდა დაკარგული ჩიტბატონები.
მხოლოდ მესამე სახლს ეტყობა კაცის ხელი. ჯერ ისევ ნედლი რცხილის წნელით შემოღობილია მაღალი საჩეხე, შიგ ცხვრები ბღავიან, მოთრეულია ხერხით მოჭრილი ორი ვეება წიფელი, ბებერი პანტის ძირზე მიკრულია ახლად დაკლული თხის რქები, ბაღი გადაჩიჩქნილია ბარით, - ეს-ესაა ოდნავ სველში ამოუღიათ კარტოფილი. სახლისკენ მიდის ფეხით გაზეკილი ბილიკი, დაბალი კიბის ძირში, საფხეკთან, დატოვებულია ფეხის ტალახი. დადიან ბატები, ინდაურები. კედლებზე გაკრულია პლაკატები: „დავიცვათ ტყე ხანძრისაგან“, „მივცეთ სამშობლოს მეტი და მეტი ხორცი“, „ვთესოთ სიმინდი კვადრატულ-ბუდობრივად“. სახლში ცხოვრობენ მამა, დედა და ათი წლის გოგო ეთერი.
მამა ტყისმცველია, დედა დაბლა, მეძროხეობის ფერმაში მუშაობს, ეთერი მეოთხე კლასში სწავლობს. როგორც ყველა ქართველი გოგო, ისიც მორცხვია და უფროსებთან ყოველთვის თავდახრილი დგას. ამ დროს მისი ცისფერი თვალები ხან ერთ მხარეს ეძებენ გასაქცევს, ხან მეორე მხარეს. კარგად დამრგვალებული ლოყები წითლად აქვს შეშაშრული, კიდევ უფრო წითელ ხელებს ზურგს უკან მალავს.
ეთერი რომ ადგება, დედა უკვე ფერმაშია წასული. შიშველი ფეხებით აითრევს რეზინის ჩექმებს, ეზოში გაივლ-გამოივლის, დახედავს ინდაურებს და ბატებს, ჩაიჭვრიტება საჩეხეშიც - ბატკანი ხომ არ მოიგო რომელიმე ცხვარმა. დერეფნის ბოძზე დაკიდებულ პირსაბანზე დაიბანს ხელ-პირს, შეიმშრალებს, ჩაიცვამს, გამოეწყობა სასკოლოდ, ჩაიყრის ცხელ რძეში პურს, თან ჭამს, თან ქვაბზე მიყუდებულ წიგნში იყურება. მორჩება ჭამას, ჩანთაში ჩააწყობს წიგნებს, პურის ნატეხს, ვაშლებს, ჩაიცვამს წითელ მოკლე პალტოსაც, მოიხვევს მოსახვევს, აიკიდებს ჩანთას და წავა სკოლაში.
სკოლაც დაბლაა, მეორე სოფელში, გაკვეთილები ათ საათზე ეწყებათ! სანამ იქ ჩავა, ტყეა, თავ-თავქვე ჩამავალი, შეწითლებული, ფოთლებშეთხელებული. მიდის, დილის ცინცხალ ჰაერში თითქოს ცხვირით მიიკვლევს გზას, მიაბუქებს ჩამოხვავებულ ათასი ფერის ფოთლებს, წასწვდება წითლად აღუდღუდებულ კუნელს, პაწაწა ხმაურზედაც კი კრთება, დადიდებული თვალებით იყურება აქეთ-იქით. ხანდახან მირბის კიდეც, მიიფეხვება, მიაფახფახებს ჩანთას. ვინც კი შეხვდება, ყველა გაღიმებული ეგებება, - მიდიხარ, ეთერ ქალო, სკოლაშიო? ეთერი მხოლოდ თავს უქნევს და უფრო ბეჯითად მიადგამს ნაბიჯებს.
სოფელში ჩასულს ზოგჯერ თუ დაემგზავრება რომელიმე მოსწავლე. უმეტესად მაინც მარტო მიდის. ჩავა ხევში. იქ, დიდ ლოდებს შორის, მოჩქრიალებს ლურჯი მთის წყალი, იმ წყალს ორჯერ ამოჰკრავს ხელს, შესვამს ცოტას და მერე ცისკენ მიპყრობილი თვალებით დაიწყებს აღმართზე ასვლას.
აღმართი არც კი აქვს ათავებული, გამოჩნდება სკოლაც - დაბალი, ქართულკრამიტიანი, გრძელი, შეთეთრებული შენობა. სოფლური დერეფნის ბოძზე კიდია თითბრის მოზრდილი ზარი, ზედ აწერია: „წმინდაო გიორგი, შემწე მეყავ მე უღირსსა წინაშე ღმრთისა“. ეზოში დგას ლამაზად ასული ცაცხვი, იქვე - მუხის ბოძებში გაყრილი სავარჯიშო ღერძი, ცაცხვის ქვეშ - გრძელი ფიცრის სკამი.
ეთერი გულმოდგინედ იწმენდს ფეხებს საფხეკად დაგდებულ დიდი გუთნის სახნისზე. მერე დერეფანში შედის. დერეფნის კედელზე ჩამწკრივებულია თეთრ მატერიაზე ყავისფერი საღებავით დახატული გადახუნებული, გადაცრეცილი სურათები - აკაკი წერეთელი (საფეთქელთან მიტანილი ლამაზი ხელით), ვაჟა-ფშაველა, დანიელ ჭონქაძე, ეგნატე ნინოშვილი, შიო არაგვისპირელი და ეკატერინე გაბაშვილი.
ეთერი მორიდებით გაივლის იმ სურათების ქვეშ და დაინტერესებული შეაღებს კლასის კარს. შიგნით ჯერ არავინ არის. დგას მხოლოდ ხუთი ცარიელი მერხი (ჯგუფში ცხრანი არიან), ერთიც თუნუქის დაჟანგული ღუმელი.
ეთერი რომ ჩანთას მოიხსნის, მაშინ შემოაღებს კარს დიდთავა, დაფეთებული ბიჭი.
- ტოყე! - სალამივით შეაგებებს ეთერი.
ბიჭი არაფერს ამბობს, იღიმება.
კლასის კედელზე დაბეჭდილი სურათი კიდია. ხეა აყვავებული, ხის იქით ტრაქტორი ხნავს, ნახნავს გუნდად დასტრიალებენ ფრინველები. ქვეშ მიწერილი აქვს „გაზაფხული“.
სკოლის იქით მოჩანს ძველი, დანგრეული ეკლესია. ნანგრევის წვერში აფუყული, დარდიანი რუხი მტრედი ზის.
ეთერი წიგნს გადაშლის და ტუჩების ცმაცუნით ამოიკითხავს:
„ჩინეთში, როგორც იცი, ჩინელები ცხოვრობენ, იმპერატორიც ჩინელი ჰყავთ...“
ტუჩები ღია რჩება, სახეზე სიამოვნების შუქი ეფინება.
მამამისი ზემოთ, დიდ ტყეში დააბოტებს და ხეებს ყარაულობს - უნებართვოდ არავინ მოჭრას.