თოთია ჩამოვიდა
აქედან რომ მიჰყავდათ, მაშინ, ის-ის იყო, ოქროსფრად იფერებოდა შინდები, ახლა კი ზამთარია, მართალია, თოვლი არ დევს, მაგრამ ორ-სამ დღეში, ალბათ, ისიც მოვა. ტყუილად როდი უბერავს ცივი ქვენაქარი, მიაგვერდელებს ნასიმინდრებში იოწიოდ დამავალ ქათმებს, ბალანს უწეწავს გამხმარ, ყურებდაცქვეტილ ხბორებს. მოხუცები ამბობენ: ეს ქარი ჩადგება და თოვლი მოვაო. ნეტამც არ იქნება! ნეტამც!
ქარი რომ ხანდახან მძლავრად წამოუბერავს, გაშიშვლებული ხეები შეშინებულებივით აცახცახებენ ტოტებს, მაგრამ თოთია სხვა ბიჭია! ყოჩაღად, წელში გამართული, თავაწეული ზის ცხენზე. ცხენს მძიმე ხურჯინიც ჰკიდია, კისერი დაჰგრძელებია, ნესტოები დაჰბერვია, დიდი ხმით ქშინავს და ჯიქური ნაბიჯით ამოსდევს აღმართს. მორჩილად მოჰყვება თოთიას ბიძას, რომელსაც აღვირი მარცხენა ხელზე გადაუხვევია და ისე მიუძღვის წინ.
ზემოდან, აღმართის თავიდან, თოთიას ძმაკაცები ჩამორბიან: ნუგზარა, ბახა, გივია და ვაჟა. მოაპარტყუნებენ თბილი ქუდების ყურებს, მოაჩხაკუნებენ საშურდულე კენჭებს, რომლებითაც ჯიბეები აქვთ სავსე, და თან, რა თქმა უნდა, ყვირიან. ქარს სერი-სერ მიაქვს მათი ხმა:
- თოთია ჩამოვიდა!.. ეე, თოო-თიი!.. თოო-თიი!..
სულ რამდენიმე ნაბიჯიღა, ახლა შეხვდებიან და გადაეხვევიან ერთმანეთს, მაგრამ სწორედ ამ რამდენიმე ნაბიჯზე შეჩერდნენ გახარებულნი, აწითლებულ-აქოთქოთებულნი. თოთიას ბიძამ დაუყვირა:
- ცხენს მაეცათ, გვერდზე გადადით, ბიჭოო! - ცხენმა წინ გაუარა ყმუყუნით, თოთიამაც წინ გაუარა, იმან მაღლა-მაღლა, უნაგირზე წამოჭიმულმა. თოთიამ გაუღიმა და გაწითლდა, თვითონაც გაუღიმეს და გაწითლდნენ. და ამით დამთავრდა ამ დიდხანს ნანატრი შეხვედრის ცერემონიალი. თოთია ცხენით განაგრძობდა გზას, ბიჭები კიდევ ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ - საშურდულე კენჭების ჩხაკა-ჩხუკით, თბილი ქუდების ყურების პარტყუნით. ჯერ არც ერთმა არ იცოდა, რა ეთქვათ, რა გაეკეთებინათ.
მათ ბედზე, საწყობის ღობის იქიდან მახარაანთ მზიამ ამოყო თავი, ამოანათა დიდი შავი თვალები და მერე კბილებიც გამოაჩინა, ნაფოტა კბილები. ბიჭებს თითქოს ონავარი კატა ან ძაღლი დაენახოთ, - იმას დახეთ, იმ კვრინჩხასო, - დაიძახა ყველამ ერთად - გივიმაც, ნუგზარმაც, ვაჟამაც და ბახამაც, - დასწვდნენ გორახებს და წელში მოხრილნი გაქანდნენ მისკენ.
მზიამ, თითქოს დიდი შავი პეპლები სხდომოდეს თვალის უპეებში, ისე დააფახურა წამწამები, ღობეს ჩაეფარა და ისიც წელში მოხრილი გაიქცა ღობის ძირ-ძირ. ნასროლ გორახებს წნელებში გაჰქონდა ჭახაჭუხი და თან ბიჭების კისკისიც მისდევდა:
- იი, ეს კვრინჩხა! სადაც არა მგონია, იქ ამოჰყოფს თავსა!
სანამ შინ მივიდოდნენ, ორჯერ მეტი გახდნენ. ჟივჟივით, სიცილითა და ბღლარძაბღლურძით შეცვივდნენ ალაყაფში. აქ კი თოთიამაც ინება ცხენიდან ჩამობრძანება.
- უი, თავს შემოვევლეთო, უი, დავენაცვლეთო, - გამორბოდნენ ძალუები. გამოტუსტუსდა დიდედაც. ღიმილითა და ძახილით, - ჰაი, შე ქალაქელო კინტუავ, შენაო, - წამოვიდა გაბრო პაპაც, გადადიოდა თოთია მკერდიდან მკერდზე, მკლავიდან მკლავებში, ჰკოცნიდნენ, დაჰგურგურებდნენ, ლექსო ძიამ ხომ, სოფელში სიმაღლით განთქმულმა ლექსო ძიამ, „ცაშიც ააფრინა“, ასწია მაღლა, ძალიან მაღლა, მერე კისერზე შემოისვა და ასე შემოატარა ეზო.
- წავიდეთ სანადიროდ? - ქოჩორში ეჯაჯგურებოდა თოთია, - წავიდეთ სანადიროდ?
- წავიდეთ, მაშ, წავიდეთ.
- ეხლავე წავიდეთ!
- ი, ან პურის ჭამა არ გინდა, ან ცოტა დასვენება?!
- არ მინდა, არა! - ასავსავებდა ფეხებს თოთია.
- დაჯექი, გვითხარი რამე, ბიჭოო! დედა როგორ არის, აგერ, ძალუამ რა მოგიტანა, აბა, შენი კნუტი ნახე, რამოდენა გახდაო, ეუბნებოდნენ აქეთ-იქიდან, მაგრამ თოთია მაინც თავისას არ იშლიდა, ებღაუჭებოდა ლექსო ძიას და ისევ იმას გაიძახოდა: სანადიროდ წავიდეთ, სანადიროდ წავიდეთო.
რაღას იზამდნენ! თოთიასთვის, ოჯახის საყვარელი ბიჭისთვის, ოთხი თვე რომ აქ არ ყოფილა, აბა, უარი როგორ უნდა ეთქვათ რამეზე!
- ეე! ხათაბალა ხარო, შენთვის ვერაფერი უსწავლებიათ სკოლაშიო, - ხელი ჩაიქნია ლექსო ძიამ, გაიცინეს თოთიას ძმაკაცებმაც და, სანამ ისინი კანფეტებს მიიღებდნენ, რომლებსაც დიდედა არიგებდა ხურჯინიდან, ლექსო ძიამ გამოიტანა ორლულიანი თოფი, შემოიკრა სავაზნე, დაიჭირეს თითო დიდი პურის ნატეხი, თითო დიდი ყველის ნაჭერი და წავიდნენ სანადიროდ ჩხართვებზე და შაშვებზე: აჰყვნენ ეკალბარდებით დაბურულ ჩხრიალა ღელეს ქვიდან ქვაზე ხტომით, კენჭების ჩხაკაჩხუკით. თოთიას ძმაკაცებიც უკან მისდევდნენ ნუგზარა, ბახა, გივია, ვაჟა და კიდევ სხვები. მათგან მოშორებით კი, ისე, რომ ბიჭებს არ დაენახათ, მიიტუზებოდა, მიიპარებოდა მახარაანთ მზია. თვალის უპეებში თითქოს ისევ შავი პეპლები ესხდნენ, მაგრამ ახლა პეპლები მხოლოდ მაშინ იქნევდნენ ფრთებს, როცა მზია უცბად ჩერდებოდა ანდა რამეზე კრთებოდა.
დიდხანს სდია მზიამ ასე შორიშორს, შეუმჩნევლად, მერე, ტყე რომ გახშირდა (შეეშინდა თუ), ჯერ მალ-მალე დაიწყო აქეთ-იქით ყურება, ბოლოს შედგა, მარჯვენა ხელი ტუჩებთან მიიტანა და გამობრუნდა, ხან ნელა მოდიოდა, ხან მორბოდა, საქუსლეჩაკეცილი ფეხსაცმელი ეხდებოდა, იჩოქებდა, იცვამდა, ისწორებდა და ისევ მორბოდა, ამოვიდა თოთიაანთ ალაყაფთან და იქ ჩამოჯდა, მუხლებზე პალტოს კალთები შემოიხვია, ხელები იღლიებში ამოიწყო. უბერავდა ქარი, უწეწავდა თმას, ეკითხებოდნენ ამვლელ-ჩამვლელნი, რას იყინები, გოგო, აქაო, ის კი იჯდა და იჯდა...
იჯდა მანამდე, სანამ ბიჭები არ გამოჩნდნენ. ბიჭები რომ გამოჩნდნენ, წამოხტა და გაიქცა.
იმდენ ხალხს, ლექსო ძიას, თოთიასა და მის ძმაკაცებს, მხოლოდ ერთი შაშვი მოეკლათ. ის შაშვიც თოთიას ეჭირა. მაგრამ ბიჭები მაინც გახარებულნი იყვნენ, თითქოს ქორბუდა ირემი მოუკლავთო, მოდიოდნენ და მოყაყანებდნენ:
- შევწვათ და ვიქეიფოთო!
- ვიქეიფოთ, მაშ!
- ვინ გაჰბუმბლავს და გააკეთებსო!\
- ვინაო, ვინაო და მზიაო!
- მზია, მზია! - იძახდნენ იქით, საითაც მახარაანი ცხოვრობდნენ, მაგრამ მზიამ იქვე, თოთიაანთ ღობის უკან ამოყო თავი და გაიცინა. თანაც პეპლის ფრთებივით დააფახურა ის შავი წამწამები.
ბიჭებს კვლავ გაუკვირდათ მისი დანახვა: იი, ამას ნახეთ, სადა ყოფილაო, მაგრამ გორახებისთვის აღარ დაუვლიათ ხელი, პირიქით, გაუცინეს და მზიაც გაბრწყინებული წამოვიდა მათკენ.
შაშვი თოთიამ მას გადასცა, ისე კი, რომ ზედ არ შეუხედავს, მხოლოდ, ეგ იყო, ცოტა გაწითლდა, ცოტა...
სულ მალე სათონესთან დაინთო ცეცხლი, აშიშხინდა შამფურზე წამოგებული შაშვი. ნუგზარამ ლორის ნაჭერი მოარბენინა, ბახამ ყველი, თოთიამ ქალაქური თევზი, სხვამ კიდევ მწნილი. შემოუსხდნენ ცეცხლს და გაჩაღდა ქეიფი. ქეიფობდნენ ვაჟკაცური ხმაურითა და სიცილით. მერე, ბინდი რომ წამოეპარა სოფელს, ჩიტმაც თავისი ბუდე იცისო, თოთიას ძმაკაცები მთვრალური ბორიალ-ბორიალით წავიდნენ თავ-თავიანთი სახლებისაკენ და ცეცხლთან მთლად მარტონი დარჩნენ თოთია და მზია. თოთია დიდივით ჩხირით აწვალებდა ნაკვერჩხლებს, ისე, ვითომც სასხვათაშორისოდ ჰყვებოდა ქალაქის ამბებს, სკოლის ამბებს, და ვერ ამჩნევდა, როგორი ბედნიერი გამომეტყველებით შეჰღიმოდა, შესციცინებდა მზია.
და კიდევ კარგი, რომ უკვე ბინდი იყო, ქარიც წრიულად აბორიალებდა კვამლს და თოთია ვერ ამჩნევდა, როგორი ბედნიერი გამომეტყველებით შეჰღიმოდა, შესციცინებდა მზია, თორემ ეს რომ დაენახა, ხომ გააგდებდა? გააგდებდა, მაშ! და მზია დარჩებოდა მარტო, მარტო... თვალის უპეებში ჩამსხდარი თავისი შავი, დიდრონი პეპლების ამარა.