ლომა და ნიკორა
თხელი თოვლი მოდიოდა და ძალინ ციოდა. პატრონმა ონკანი მოუშვა, ყინულით შემოგლესილ გეჯაში წყალი ჩააყენა. ლომა და ნიკორა უხალისოდ მივიდნენ იმ წყალთან, ცოტა მოსვეს და გამობრუნდნენ. საკუთარ ნაორთქლში თავჩარგულები, შეწუხებულნი ათვალიერებდნენ ეზოს, პირის მოსაკიდ რამეებს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. მაშინ გაჩერდნენ და რაღაც საგონებელში წასულნი დააცქერდნენ მიწას. თან ნელ-ნელა იცოხნებოდნენ, თან ფიქრობდნენ; ყურები უკან გაეძგიბათ, აიკუზნენ, ბალანი აუშვეს, საბრალობლად აუკანკალდათ მხრები.
პატრონმა ჯერ სათონეში იბორიალა, მერე მოვიდა, - რა გაკანკალებთ, ე, მცივანებოო, შემოვუდგეთ წვრილიანის აღმართს, ისე გაჰხურდეთ, ოფლი გაგივიდეთ ლაჯებშიო, - ლომას ყურში ხელი მოჰკიდა, ურემთან მიიყვანა და უღელი დაადგა, ახლა ნიკორას მიუბრუნდა, ლომას გვერდით ამოუყენა და იმასაც უღელი დაადგა.
თვითონ სახლში ავიდა, ლომა და ნიკორა კი იდგნენ თოვლქვეშ სიცივეში, იცდიდნენ და კანკალებდნენ.
ასე იდგნენ კარგა ხანს. ბოლოს პატრონი ყურებიანი თბილი ქუდის სწორებით ჩამოვიდა კიბეზე, აბგა და ცული ჩამოიტანა, ურემში ჩააწყო. ურმიდან სახრე გამოიღო, ლომას და ნიკორას გაუჯავრდა. ლომამ და ნიკორამ ურემი დაძრეს.
ეზოდან რომ გავიდნენ და პირი მთებისკენ იბრუნეს, თოვლმა სახეში დაუწყო ცემა. მსუბუქი, ფუმფულა ფიფქები გაბარდულ წარბებსა და წამწამებზე ეკიდებოდათ, თვალებს ხშირ-ხშირად ახამხამებდნენ.
ერთ გზისპირა ალაყაფთან პატრონმა წინიდან წამოუარა, გააჩერა და ღობის იქით გადაიძახა:
- სანდრო! სანდრუავ!
- მოვდივარ, მოვდივარო, - მოისმა პასუხად.
პატრონი მობრუნდა და კამეჩებს შუბლზე დაუწყო ფხანა. ხან ლომას ფხანდა, ხან ნიკორას. კამეჩები თვალებს ხუჭავდნენ და პრიალა დრუნჩებს მაღლა სწევდნენ, - თბილი რაღაც უვლიდათ სხეულში.
მოვიდა ის სანდროც, ახალგაზრდა, წვერგაუპარსავი მაღალი კაცი, იღლიაში ორლულიანი თოფი ამოედო, ქურთუკის საყელოს ყურებზე იფარებდა.
- თოფი რაღად გინდა, კაცო?!
- ცოტას გავივლი, იქნებ ჩემს ბედზე კურდღელი ზის სადმე.
- შენ იცი შენი დაბრეცილი საქმისა. ადი ურემზე.
სანდრო ურემზე ავიდა და თივაში ჩაჯდა. პატრონიც ავიდა და ისიც მის წინ ჩაიჯმუჯნა. ლომამ და ნიკორამ ფეხი ააჩქარეს, - ჩქარა რომ მიდიოდნენ, ნაკლებად სციოდათ.
იარეს ნისლში შეყუჩებულ ჭაღარა ქედის ძირ-ძირ. მერე - ტყეში. ხან აღმართზე, ხან დაღმართზე, ხან ველებში, ხან გზაზე გადმოგრაგნილი, თეთრად შებურუსებული ხეების ქვეშ. ბოლოს ერთ მიბუნდოვანებულ უღრანში შევიდნენ. აქ გზა ძლივს იგრძნობოდა. წვრილ-წვრილი ტოტები კამეჩებს ფერდებს უშხეპავდნენ, ზედდადებული თოვლი თვალებში ეყრებოდათ, ფშვინავდნენ და რქებს მიიქნევდნენ.
პატრონი ურმიდან ჩამოვიდა და კამეჩებს წინ გაუძღვა. ერთ პატარა ბუსნოში გააჩერა, ურემი შემოაბრუნებინა და კუთხედად დადგმულ შეშასთან მიიყვანა. სანდროც გადმოხტა, თოფი გადმოიყოლა. პატრონმა ლომა და ნიკორა უღლიდან გამოუშვა, ურმიდან თივა გადმოიღო, უღელზე დაუყარა, ლომამ და ნიკორამ ჭამა დაიწყეს. პატრონი და სანდრო კი შეშის დადებას შეუდგნენ. პატრონი ურემზე იდგა, სანდრო ქვემოდან აწვდიდა.
თითქმის აღარ თოვდა, მაგრამ მაინც ძალიან ციოდა. ლომა და ნიკორა თივას უხალისოდ ახვევდნენ. თივა რომ გათავდა, ნეკერს მისწვდნენ, წააგლეჯდნენ ტოტს ნორჩ ყლორტებს და დიდხანს ღეჭავდნენ პირზე მწვანედუჟმომდგარნი.
პატრონმა და სანდრომ შეშა სულ დაუდეს, ღვედები გადაუჭირეს, დაქანჩეს. პატრონმა აბგიდან არაყით სავსე ბოთლი, ჭიქა და პური ამოიღო. არაყი დაისხეს, დალიეს, პური მიატანეს. მერე კიდევ დაისხეს და კიდევ დალიეს. მესამე ჭიქის დალევასაც აპირებდნენ, მაგრამ სანდრომ იუარა, ქურთუკზე სავაზნე შემოიკრა და თქვა:
- მე ხომ აღარ დაგჭირდები?
- საღამომდე აღარა, საღამოს გადმოდი, ღვინო დავლიოთ, - მიუგო პატრონმა.
- მაშ, აბა, წავალ. აექ, ველებს მოვჩხრეკავ ცოტას.
- ხელი მოგიმართოს, დიდი მადლობელი.
სანდრომ ხის ტოტიდან თოფი ჩამოხსნა და წავიდა. პატრონმა კი ლომა და ნიკორა შეაბა, სახრე აიღო და გაუჯავრდა. ოო, ურემი ძალიან დამძიმებულიყო! ხან ლომამ დაასწრო გაწევა ნიკორას, ხან ნიკორამ - ლომას. ძლივძლივობით დაძრეს, ძლივს წაიღეს. მაგრამ ერთი სიკეთე მაინც ჰქონდა სიმძიმეს - სიცივე აღარ იგრძნობოდა.
ატარეს ის ურემი ჩალიან ნაკადულამდე. იქ გაჩერდნენ, ყინულებს შორის აფუთფუთებულ წყალს დაეწაფნენ. აიტანეს პატარა აღმართზე, მერე ველი გადაჭრეს, ტყეში შევიდნენ, ის ტყეც გაიარეს და ეწერში გავიდნენ. ეწერს ტყეწვრილი მოჰყვა, ტყეწვრილს - გრძელი, მაღალი აღმართი, და, აი, ამ აღმართთან ერთხელ კიდევ გაჩერდნენ. პატრონს არაფერი უთქვამს, თვითონ გაჩერდნენ.
უკან ჩამორჩენილი პატრონი მოვიდა, ცალი ხელით სახრე დაიბჯინა, ცალიც ნიკორას დაადო ფერდზე. ეტყობოდა, არაყს მოედუნებინა, დაბრეცილ ჩექმებს თითქმის მიწაზე მიაცურებდა. ნიკორას რქებს შორის გადაუყო ხელი, შუბლზე მოუთათუნა, მოჰფხანა. გავიდა წინ, ლომასაც მიეალერსა, ღაბაბი გამოუსრისა, მერე მიბრუნდა და იმანაც აღმართს დაუწყო ყურება.
აღმართი ტყეწვრილიანი ქედის ჩრდილოვან მხარეზე იყო, ზემოდან ჩამონადენი წყალი დიდი ხნის წინათ გაყინულიყო, ქარს ზედ მტვერი და ხრეში გადაეფარებინა, თოვლსაც მოეფიფქა და ახლა ურმების ნაკვალევის ქვეშ დაძველებული ყვითელი ყინული ლაპლაპებდა.
პატრონი უღლის შუაში ჩადგა, სახრე ხელნებს შორის გადაიწოდა, მაგრამ კამეჩებისთვის არ დაუკრავს, ხელნებზე დააკაკუნა. ლომამ და ნიკორამ უამისოდაც იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, დაიძაგრნენ, ურემი დაძრეს.
ერთხანს ურემი მსუბუქად მიჰყვებოდა, მერე და მერე კი დამძიმდა, დამძიმდა და დამძიმდა, ხან ლომას დაუცურდებოდა მოყინულზე ფეხი, ხან - ნიკორას; დაუცურდებოდათ, თეთრ, დაფშხალულ ხაზებს დასტოვებდნენ მიწაზე, ქშუილით გაუწყრებოდნენ საკუთარ თავს და, წამით ბიჯგებივით გახევებულნი, უფრო ღონივრად მიაწვებოდნენ უღელს.
ძალიან, ძალიან რომ გაუჭირდათ, მლოცველებივით ცახცახით ჩახარეს წინა ფეხები, ერთი გახედეს ცას (სულ ცივი იყო, მზე არა ჩანდა), ამოიგმინეს, გაიწიეს და ასე, წინა ფეხებით ჩაჩოქილებმა წაიღეს ურემი.
- ეგრე, ჩემო ლომა, ეგრე, ჩემო ნიკორა, - იძახდა მათკენ ჩახრილი, ჩამდაბლებული პატრონი და ხან ერთისკენ გადაიტანდა ასავსავებულ სახრეს, ხან მეორისკენ.
ლომას და ნიკორას არც ეს ძახილი სჭირდებოდათ. მუხლები დანალული ფეხებივით აღარ უცურდებოდათ და დაიმედებულნი მიიწევდნენ წინ. სულის მოსათქმელად რომ გაჩერდებოდნენ, ბანჯგვლიან ყბებსაც ძირსა სდებდნენ, იმითაც მიწას ეჭიდებოდნენ, მოიბრუნებდნენ სულს და ისევ გაიწევდნენ.
ქშუილით, გმინვით, ღრაჭუნით, მტკაველ-მტკაველ, ციდა-ციდა აპატარავებდნენ აღმართს. ვედრებით: - აბა, თქვენი ჭირიმე, აბა, თქვენ გენაცვალეთო! - მიუძღოდა პატრონიც.
და როცა, ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი მტკაველიც აათავეს აღმართისა, ქედის იქით გადაიხედეს, ერთხელაც დადეს ყბები მიწაზე და აქედან უკვე ცივ ცას მიაფრქვიეს ორთქლის ბოლქვები, პატრონმა ქუდი მოიხადა, გაოფლიანებულ შუბლზე გაისვა და ასე დარჩა, - მდუმარედ დაჰყურებდა მაღლიდან.
ლომამ და ნიკორამ ცოტა შეისვენეს და წამოდგნენ. ერთსაც და მეორესაც შავი, შესქელებული სისხლი სდიოდა გადაგლეჯილი მუხლებიდან. პატრონი დაიხარა, ისევე, ქუდმოხდილი გავიდ-გამოვიდა იმ გასისხლიანებული მუხლების წინ და დამაიმედებლად თქვა:
- გაგივლით, ნურაფრისა შეგეშინდებათ, გაგივლით!
ლომას და ნიკორას აღარაფრისა ეშინოდათ. ისინი უკვე მშვიდად სუნთქავდნენ და მარტო იმასღა უცდიდნენ, პატრონი გვერდზე გადასულიყო, რომ თავქვე დაშვებულიყვნენ.
აქ, აღმართის თავზე ძალიან ციოდა.
შინ, სასიამოვნოდ ჩამყუდროებულ გომურში, უსაყვედურო სითბო და თივა ელოდათ.