ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ლოჭინში 

დავით აღმაშენებელს, ქართველ მეფეთა შორის ყველაზე ღვაწლმოსილს, ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. სადაც უნდა წასულიყო, თვით სანადიროდ და სალაშქროდაც კი, გადაარჩევდა წიგნების მთელ დასტას და თან წაიღებდა. გვიანღამისას, ქვეყანას რომ ეძინა, ის ისევ წიგნზე იყო ხოლმე დახრილი, ბევრჯერ დასთენებია კიდეც ასე მჯდომარეს.

დავითის ისტორიკოსი წერს: „წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დაუსვის ბოლოსა წიგნისას, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მათ ნიშნითა აღვთვალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.

ხომ მიხვდით, რასაც ბრძანებს ისტორიკოსი: წიგნს რომ წაიკითხავდა, ნიშანს დაუსვამდა ბოლოშიო. ერთი წიგნი, „სამოციქულო“ ერთი წლის განმავლობაში ოცდაოთხჯერ წაიკითხაო.

უზომოდ ბრაზობდა დავითი, თუ ვინმე კითხვას უდროო დროს შეაწყვეტინებდა.

აი, ერთხელ რა მოხდა.

შემოსულიყო თბილისის ქვემოდან, ლოჭინის ხევში, თურქთა დიდი ნახირი. თბილისი მაშინ ჯერ ისევ მათ ეპყრათ, თურქებს. მათი ხალხი თავიანთი მთებიდან, სადაც დიდი ზამთარი და თოვლები იცის, საქონელს მტკვრის ხეობაში მოერეკებოდა. საქონელს თან მოჰყვებოდნენ შეიარაღებული მხედრები. თუ ვინმე წინ აღუდგებოდა და შეეწინააღმდეგებოდა, ხოცავდნენ.

დავითი სამასი მხედრით იმ ადგილებში იყო, ლოჭინთან. საფიქრებელია, რომ თბილისს უდარიელებდა, ესე იგი, მისი აღების გეგმებს აწყობდა. დაინახა ის დიდი ნახირი, გამოარჩია თავისი მხედრობიდან ერთი რაზმი, თხუთმეტი კაცი, უბრძანა, წაერთმიათ თურქებისათვის ნახირი, გამოერეკათ და ავჭალაში ამოსულიყვნენ, მეფე იქ დახვდებოდათ.

მეომრებმა მუზარადები შეისწორეს, ფარები აიმაჯავეს და ცხენებზე წაწოლილნი ჩაგრიალდნენ ხევში.

დავითი ავჭალაში ავიდა. იქ ცხენიდან ჩამოხდა, ჩამოხდნენ მისი მხედრებიც. მხედრებს უბრძანა, დაპურებულიყვნენ და უიმისოდ ფეხი არ მოეცვალათ. თვითონ აიღო წიგნი, წაუძღვა თავის ცხენს, განმარტოვდა დიდი, ფოთლებშეყვითლებული ვერხვის ქვეშ, დაჯდა შემოდგომის მწვანეზე და დაიწყო კითხვა.

ცოტა ხანში კივილი შემოესმა, ერთი სახესისხლიანი მეომარი უკან ამობრუნებულიყო, -ნახირს უამრავი თურქი იცავს, თბილისიდანაც გამოეშველნენ და ვერას ვხდებითო.

დავითმა წიგნი იქვე, მდელოზე დატოვა, ჯაჭვ-მუზარადის მორთმევა არ უბრძანებია, არც თავისი მხედრებისათვის მიუწვდენია ხმა, ისევე, თხელი ხალათის ამარა გადაევლო ცხენს, ხმალი გამოიღო და პირგამეხებული გაბრიალდა ლოჭინისაკენ.

გუნდადშეკრულ თურქთა შორის მოქცეული ორიოდე ქართველი ქანცგაწყვეტილი იცავდა თავს. დავითმა დაჰკივლა. მისმა ხაფმა ხმამ, გრიგალისებურმა მიტევებამ და ახოვანებამ წამსვე არივ-დარია მკვლავგალაღებული თურქები, ცოტა ხანს კი შეეწინააღმდეგნენ დავითს, მერე პირი იბრუნეს და თბილისისაკენ გაქუსლეს.

დავითი ორხევამდე მიჰყვა. იქ ხრამში ჩაჩეხა კიდევ ერთი თურქი, ადგილზე დააბრუნა ყალყზე შემდგარი ცხენი, ხმალგაძაბული უყურებდა, როგორ მიჰბღაოდნენ გადარჩენილი თურქები თბილისის ციხეებს, მერე მოიხედა.

სახე უკვე დამშვიდებოდა. მარცხენა ხელის ზურგი მაშვრალი გლეხკაცივით გაისვა ოფლიან შუბლზე, გადაიხარა, მაღალ ბალახებს გადასწვდა, მომუჭა, ხმალი იმ ბალახებით გაწმინდა, ქარქაშში ძლივს ჩააგო, - გამრუდებულიყო ცემით, - გამოარეკინა ნახირი და წამოვიდა ისევ ავჭალისკენ.

მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს. გაქვავებულნი იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი მსახურმა. დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის ბუმბული წიგნის ბოლოში გადაიტანა, ფურცელი არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.

თბილისი კი...

მაინც დავითმა შეძლო მისი აღება.

ოთხას წელიწადს ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თავისი მეხისმტეხელი მახვილით დაუბრუნა საქართველოს. წელი იყო ათას ას ოცდაორი, დღე... - რა სამწუხაროა! - დღე არ არის ცნობილი.

??????