ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

მორევი 

ორი დღეღა და სექტემბერიც დადგება. რომ თენდება, უკვე ცივა, ცივი ნამია გაგებული ბალახებზე. მერცხლები გუნდ-გუნდად იკრიბებიან, დიდი ჟიკჟიკი აქვთ, დიდი ჟრიამული. უთუოდ იმაზე მსჯელობენ, როდის გაფრინდნენ სამხრეთისკენ, ვინ წაუძღვეს წინ, ვინ გამოჰყვეს გუნდს მებოლოვედ. ყურძენი შეთვალულია, შინდი თითქმის მწიფს. მართალია, შუადღისით ცხელა, მაგრამ დაიწევს თუ არა მზე, აგრილდება, საღამოობითაც ცივა, თბილი უნდა ჩაიცვა. სერებზე ძეძვები და ჯაგრცხილები შეყვითლდნენ. დღისითაც, მზეში, რაღაცნაირი სიყვითლე დგას, ასეთი სიყვითლე ფერიცვალობის შემდეგ დგება. ძალიან ლამაზია უკვე საშემოდგომოდ ლურჯად გამკვრივებული ცა, ზედ თეთრი ღრუბლები, ძირს კიდევ ეს სიყვითლე. მოლივლივებენ ამ სილამაზეში ლამაზი კვირიონები და მოკრუტუნებენ მიწისკენ თვალებდაცეცებულნი - იქნებ სადმე ფუტკრები დავინახოთ და პირი ჩავიკოკლოზინოთო.

ასეთ დღეებში ტყეში ყოფნას არაფერი სჯობს, გამორჩევით - დილა-საღამოს. მე მზის დახრისას მომიწია სახლიდან გასვლა. გადავიკიდე ჩემი მონადირული ჩანთა, ავიღე ხელჯოხი და წავედი. წავედი ივრის ნაპირ-ნაპირ. იორი დაწმენდილი იყო, თავთხელების ჩქერალები თეთრად და მწვანედ ციმციმებდნენ.

მივუახლოვდი კლდეს. იმ კლდის ძირას დიდი საბანაო მორევია. მორევი სავსეა ხოლმე ბიჭბუჭობით და დიდებითაც. მაგრამ ეს, როცა ცხელოდა, ახლა კი საკმაოდ გრილოდა, მზე კაკლების კენწეროებს მოჰფარებოდა, და მაინც - სამი შავად გახუხული ბიჭი ბანაობდა, ათი-თორმეტი წლისანი, სამივე ისე იყო გამხმარი, ნეკნებს სათითაოდ დაუთვლიდი. ნაპირზე ცეცხლი ენთოთ, დიდი ნარიყი შეშები შეეწყოთ ერთმანეთზე, ის შეშები ნელ-ნელა იწვოდა, მაგრამ როგორც ნარიყმა იცის, მაინც კარგად იწვოდა. გამოცვივდნენ ბიჭები წყლიდან აკანკალებულები, თმები ზღარბებივით ედგათ, კბილებს აკაწკაწებდნენ. მიუცუცქდნენ ცეცხლს, თანაც იმ მხარეს, საითაც ბოლი მიდიოდა, თვალებდახუჭულები, ხელებს ალში ურევენ. ისე პრიალებენ სველები, თითქოს ლაქი ჰქონდეთ წასმული, კბილებს მაინც კბილებზე აკაწკაწებენ.

დავუდექი წინ, დავეყუდე ჯოხზე, ვუყურებ. ამომხედეს, ჩქარ-ჩქარა დაახამხამეს თვალები, ბოლს აქეთ-იქით დაუწყეს გაყრა ხელებით. ტუჩები დალურჯებიათ, კბილებითა და თვალებით შემომნათიან.

- აქედან მაინც დაუსხედით, კაცებო, მაგ ბოლში რას იხრჩობთ თავს, - ვუთხარი მე.

ერთმანეთს გადახდეს, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, - ეს ვინ არის, რა ჭკუის კოლოფიაო.

- მაინთ რომ სითბო არ მოდის?

მე კეფა მოვიფხანე გაწბილებულმა.

- კი, მაგრამ რაღა გაბანავებთ, როცა თან ეგრე გცივათ?

ისევ გაუქნიეს ხელები გაძლიერებულ ბოლს, ისევ შემომანათეს თვალები, თან ახლაც ცოტა ეჭვით, ეს რეებს გვეკითხება, ეს ამოდენა კაციო.

- კარგია, - სიამოვნების სიცილით თქვა ყველაზე ტანმორჩილმა, ყველაზე გამხდარმა.

- ადრე გებანავათ, სანამ მზე მაღლა იყო და თბილოდა.

- მაშინაც ვბანაობდით.

- არ გეყოთ?

- არა. პირველში სწავლა იწყება და მერე...

აქაც გადახედეს ერთმანეთს, რაღაც დაადასტურეს უთქმელად. თან კანკალს განაგრძობდნენ.

- მერე აღარ შეიძლება ბანაობა?

- შეიძლება, მაგრამ ეგეთი გემო აღარა აქვს.

- რატომა?

- გაკვეთილები რომ მოსამზადებელი გაქვს.

მე ერთხელაც მოვიფხანე გაწბილებულმა კეფა.

იმათ - გაუქნიეს, გაუქნიეს ხელები ბოლს, უცებ წამოხტნენ, გაიქცნენ და სამივე სხვადასხვანაირად გადაეშვა მორევში: ერთი თავდაყირა, მეორე ხელებაწეული, თითებგაფარჩხული, მესამე სადგისივით წაძვრა პირდაპირ დიდ ტალღებში. სატრიალოში ერთმანეთს შეხვდნენ, დაიწყეს ძიძგილაობა, ერთმანეთის დაოსება, ყველა ცდილობდა, მეორესთვის ჩაეყოფინებინა თავი წყალში. დაფეთებული ჩიტებივით ამოდიოდა მათი ხითხითი წყლიდან.

მე ღიმილით დავიწყე კლდეზე ასვლა. იმ კლდეზე უნდა ავსულიყავი და იქით დაბლა დავშვებულიყავი. მაღლა რომ ავედი, გავჩერდი და გადმოვხედე მორევს. ბიჭები ისევ ცეცხლს მისხდომოდნენ, ისევ ბოლის მხარეს, ისევ ხელებს უთათუნებდნენ ბოლსა და ალს. აქედან მთლად პატარები ჩანდნენ, დაუბუმბლავი ბარტყებივით ერთმანეთს მიკრულნი დიდ რიყეზე, დიდ წყალთან. კვამლი ახლა უფრო სქლად ამოდიოდა მაღლა.

ოი, როგორ დამავიწყდა!

ცეცხლის ირგვლივ შემწვარი სიმინდების დაცარიელებული ქეჩეჩები ეყარა, იქვე ეგდო ორი მსხალი, ათიოდეც მსხვილი ღორქლიავა. დიდ ქვაზე იდო შავი პურის გამხმარი, გაკოროწებული ნატეხი, იმ პურის ნატეხზე - ნივრის ორი კბილი...

??????