ყინულის პაპის საჩუქარი საახალწლო მოთხრობა
ყინულის პაპას მთელ დღეს ღრმა, ჩაბნელებულ ხევში ეძინა. მზე რომ ჩადიოდა, კიდურების ჩხარაჩხურით წამოდგა (ყინულის პაპას ხომ კიდურებიც ყინულისა აქვს), გრძლად დაამთქნარა, მერე თვალები მოიჩრდილა, მიდამო მოათვალიერა და ნელ-ნელა შეუდგა თავის საქმეს. ჯერ სერს გადაუსვა ზემოდან ცივი ხელი - აი, ასე, ჩვენ რომ კატას გადავუსვამთ ხოლმე ზურგზე, - შმაშურა ბალახები გაკირჩხლა, გააშეშა; შემდეგ დაბლა დაჰყვა, კალოს პირებზე მობალახე ცხენებს, სახედრებსა და ინდაურებს ამოაძუებინა კუდები. იქიდან ვენახებში ჩავიდა, აქა-იქ შერჩენილი ფოთლები დაკრუნჩხა, დაასაცოდავა. ვენახებიდან სოფლის ორღობეებს ჩამოუარა, თამაშით გართულ გოგო-ბიჭებს ცხვირის წვერები აუწვა და სახლებში შერეკა. ჩიტუნებსაც თბილი ბულულები მოანახვინა. სულ ბოლოს წისქვილის არხზე ჩავიდა, ნაპირთან ჩაჯდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, ხელები ყბებზე შემოიწყო, ლოყები დაბერა და ნელ-ნელა დაუწყო სულის ბერვა წყალს.
ზის ასე ყინულის პაპა არხის პირას, ნელ-ნელა უბერავს წყალს და თან მღერის კიდეც:
აბლი-ბაბლი, ოქროს ტახტი,
მზით ავიღე, მთვარით დავდგი.
წყალი კი იყინება. პირველად ლერწმის ღეროების ირგვლივ ჩნდება პატარ-პატარა ყინულის რგოლები. შემდეგ ეს რგოლები ერთმანეთს უერთდება, შემდეგ თხელი, ჭრაჭუნა ყინული ნაპირებიდან შუაგულისკენაც მიიწევს. ყინულის პაპა კი ისევ ისე უბერავს, ისევ დუდუნებს, ვითომ მღერის:
აბლი-ბაბლი, ოქროს ტახტი,
მზით ავიღე, მთვარით დავდგი.
მაგრამ უცებ რაღაც უჩვეულო ხმა შემოესმა. ეს წყლის ხმა არ იყო. წყალი არასოდეს ხმაურობს ასე. ეს არც ლერწმები იყვნენ, არც ბებერი წნორები. ბებერი წნორები, როგორც ყველა ბებერი საღამო ხანს, უკვე თვლემდნენ. შეიძლება ეძინათ კიდეც! ეს ხმა იმათ ქვეშიდან მოდიოდა. იქ თითქოს ვიღაცა იჯდა და ხელებს იორთქლავდა.
- შენ ეი, ვინა ხარ მანდ, დამენახვე, რა სულიერი ხარ! - დაიძახა ყინულის პაპამ. მაგრამ პასუხი არავის გაუცია. ლერწმებს სიცივით აცახცახებდა, ბებერ წნორებს ნამდვილად ეძინათ. მაშინ წამოდგა ყინულის პაპა სახსრების ჭახჭახით, ბუტბუტით. წაგრძელდა, წაგრძელდა, გადაიხედა არხის მეორე ნაპირზე, აცახცახებულ ლერწმებს იქით, და, აი, რა დაინახა: პატარა ბიჭი ილა! მიმჯდარა ბებერი წნორის ძირში, მოკუნტულა, ხელები პირთან მიუტანია და გაჩქარებული იორთქლავს.
ყინულის პაპამ მშვენივრად იცის, რანიც არიან პატარა ბიჭები. „ეს აქ საკაიკაცოდ არ იქნება ჩამჯდარი, უთუოდ, გვერდელა ბებერი წნორის ფუღუროში რომ კოდალა ცხოვრობს, იმას უთვალთვალებს, იმისი დაჭერა უნდაო“. ჩაახველა, ბოხი ხმა უფრო დაიბოხა და ვითომც გაბრაზებულმა გადასძახა ილას:
- შენ ეი, რატომ არ გესმის, რომ გეძახი! ხომ ხედავ, წყალს ვყინავ. ახლავე წადი აქედან, თორემ შენც გაგყინავ!
ილამ დიდი თვალები შემოანათა და არც ახლა უპასუხა არაფერი, ისევ ხელების ორთქლვას განაგრძობდა.
- მაშ, არ გესმის ჩემი ლაპარაკი, არა?! - მუქარით დაიქნია თავი ყინულის პაპამ. - მაშ იჯექი მანდ და, რაც დაგემართოს, შენს თავს დააბრალე.
ყინულის პაპა ჩაცუცქდა, ხელები ყბებზე შემოიწყო და მძლავრად შეუბერა. წყალს მთლიანად ყინული გადაეკრა, ლერწმები წვერებამდე შეიჭირხლნენ, ბებერმა წნორებმა ძილში იგრძნეს სიცივე და კრუსუნით გადაელაპარაკნენ ერთმანეთს:
- ოი, ოი, ეს რა ამბავია, რატომ ბრაზობს ყინულის პაპა ასე?!
ილამ კი ერთხელაც გამოხედა დიდი, უკვე დანაღვლიანებული თვალებით და უფრო აჩქარებით დაიწყო ხელების ორთქლვა.
ყინულის პაპა გაბრაზდა: ნუთუ ამ თითისტოლა ბიჭმა უნდა მაჯობოსო! წყალს გადაალაჯა, ილას წინ დაუცუცქდა, დამცინავი თვალებით თვალებში ჩააშტერდა და დაკვრანჩხული ჩხაკუნა თითები ნელ-ნელა მიუტანა ცხვირთან.
- მაშ, არ გეშინია ჩემი?! არ გეშინია, არა?
ილამ დაასწრო და ცხვირზე თავისი ფუნჩულა ხელები დაიფარა, მაგრამ ყინულის პაპა ცხვირში კი არა, ყურებში წასწვდა და მწარედ მოუსრისა.
- მაშ, არ გეშინია, ხომ? - ქირქილებდა ყინულის პაპა და აქა-იქ შერჩენილ ლურჯ კბილებს აჩენდა.
ილამ ახლა ყურები დაიფარა. ყინულის პაპამ კი ცხვირის წვერი მოუსრისა.
- ხა-ხა-ხა! მაშ, არ გეშინია ჩემი, ხომ?
ილამ ისევ ცხვირზე დაიწყო ხელები. ყინულის პაპა ისევ ყურებში წასწვდა. ილა ყურებს იფარავს, ყინულის პაპა ცხვირის წვერს უსრესს. თან იცინის, ჯამბაზივით ხტის.
- მაშ, არ გეშინია ჩემი, ხომ?
და ის იყო, ცრემლები უნდა წამოსცვენოდა ილას, რომ არხისპირა ბილიკიდან ნაბიჯებისა და ლაპარაკის ხმა მოისმა.
- იი, ისემც რას ვეტყვი იმასა!
ორივემ იქით მიიხედა, ილამაც და ყინულის პაპამაც. ოთხი ქალი კოლმეურნეობის ფერმიდან ბრუნდებოდა. ჭალაზე გამოევლოთ, თითო კონა ხმელი ფიჩხი შეეკრათ, შემოედოთ მხარზე, მწკრივად მოდიოდნენ გაყინულ ბილიკზე და მოლაპარაკობდნენ, ვიღაცაზე ამბობდნენ: - იი, ისემც რას ვეტყვი იმასაო!
სულ წინა ქალი ილას დედა იყო.
- დედა! დედა! - წამოხტა გახარებული ილა, - შენ გელოდები, მომეცი ფიჩხი, ფიჩხს მე წამოვიღებ.
- უიმე, ხომ გაიყინებოდი, შვილო! - შიშითა და გაკვირვებით გაუფართოვდა თვალები დედას. სხვა ქალებსაც გაუკვირდათ, - ხომ გაიყინებოდი, შვილოო, - მაგრამ ილა უკვე ფიჩხს მიაძუგძუგებდა და მხიარულად იცინოდა.
- ყინულის პაპას უნდოდა, რომ გავეყინე, მაგრამ ვერაფერი დამაკლო. ჰეჰეი, ყინულის პაპავ! აბა, მიყურე, როგორი ბიჭი ვარ, ყინულის პაპავ!
ქალებმა კიდევ უფრო გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს. ეტყობოდათ, მათ არასოდეს ენახათ ყინულის პაპა. რა ყინულის პაპა, რის ყინულის პაპა, რეებს ლაპარაკობს ეს ბიჭიო. მაგრამ რას ვიზამთ! ისინი ხომ უბრალო კოლმეურნე ქალები იყვნენ და გაგონებითაც არ გაეგონათ, რომ დიდებს არასოდეს ეჩვენებიან ასეთი რამეები თავიანთი ნამდვილი სახით! დიდები მარტო სუსხს გრძნობენ, ყინულის პაპას კი ვერ ხედავენ. ის ახლაც ორიოდე ნაბიჯით იყო დაშორებული მათგან, მაგრამ მაინც ვერ ხედავდნენ. მიჰყრდნობოდა გვერდელა წნორს და ფიქრობდა. ცოტა ხნის შემდეგ კეფა მოიფხანა, ესე იგი, უფრო შეაწუხა ფიქრმა; მერე შუბლზედაც მოისვა ხელი, ესე იგი, სინანული იგრძნო, ეს რა ჩავიდინეო, თურმე კარგი ბიჭი ყოფილა ილა, მე კი ტყუილად ვაწამებდიო! ბებერმა მუხლებმა ვეღარ გაუძლეს, ჩაკუნტდა, ხელები ყბებზე შემოიწყო და ახლა ასე განაგრძო ფიქრი და სინანული. ფიქრობდა დიდხანს. ფიქრობდა და დუდუნებდა თავისთვის. ამოვიდა ვეებერთელა ყვითელი მთვარე. ამოსცდა ცისკიდურზე შავად გახლართულ ხეების კენწეროებს, დაადგა თავზე ყინულის პაპას და - გამარჯობაო! - ჩამოსძახა.
და, აი, ამ ხმამ რაღაც იმედის შუქით გაუბრწყინა თვალები.
აბლი-ბაბლი, ოქროს ტახტი,
მზით ავიღე, მთვარით დავდგი, -
წამოიძახა სიხარულით. - გაგიმარჯოსო, მთვარევ! - ხელები გაშალა, დატრიალდა, კუდიანი ქარივით გადაუარა ხეებსა და ღობეებს. ჩუმად ჩაეშვა ილაანთ ეზოში, ჩუმადვე აიპარა აივანზე, მიუცუცქდა მთვარის სხივებით გაბრწყინებულ ფანჯარას, სახელო აიკაპიწა და ალერსიანი ჩურჩულით, ისე, რომ მძინარე ილას არ გაღვიძებოდა, თქვა:
- კარგო პატარა ბიჭო ილა! მე მინდა, როგორმე გამოვასწორო ჩემი შეცდომა, მაგრამ რა გააჩნია უსახლკარო მოხუც მხატვარს, გარდა თავისი ხელობისა?! მაშ, მიიღე ეს მცირე საჩუქარი ჩემგან!
და საჩვენებელი თითით მინაზე მარდად მოხატა პირველი ქოჩორა ხე ალმასის ციმციმა ვარსკვლავებით აღსავსე ზღაპრული ტყისა, რომლის მსგავსი რამ აქამდე არავის ენახა ქვეყანაზე.