ძახილი მთაში
მარტო დამტოვა, სად მივაკითხო?
აღარ არის ამ სააქაოს...
კ. გამსახურდია
მე მაშინ პატარა ვიყავი, თელები კი დიდები იყო. თელებზე ჩიტბატონები ბუდობდნენ, ლურჯ ფოთლებს შორის მზის გრძელი სხივები ჩამოდიოდა, სხივები ხანდახან წყდებოდა - გაწყდებოდა ერთი რომელიმე და აენთებოდა იმავე წამს, გაწყდებოდა და აენთებოდა იმავე წამს.
ეს ჩიტბატონები ფრენდნენ. ჩიტბატონები მთელ დღეს ჭიკჭიკებდნენ, ფართხალებდნენ და წითელ-ყვითელ ფერებად ფრენდნენ...
თელების ქვეშ, მტვრადქცეულ ფუნეში, ცხენებგამოხსნილი კაზაკური ბრიჩკა იდგა, ძარაში ჩამჭკნარი ბალახი ეყარა. ბალახს ქათმები ქექდნენ - მარცვლებს ეძებდნენ. ნაბადგადაფარებულ კოფოზე კოჭლი მამალი გადი-გამოდიოდა და რაღაცას ქადაგებდა.
ცხებოდა.
უძრავი ჰაერი ბუზებით, ბზუილით და მტვრის გახურებული ნაწილაკებით ივსებოდა...
თელის ფესვებზე ვისხედით და თინას მამას, პროკოფის ველოდით. მე პატარა ვიყავი, პატარა ბიჭი, ექვსი-შვიდი წლის, თინა და ანული კი დიდები იყვნენ, დიდი ქალიშვილები. თინას წითლად დაწინწკლული მსხვილი, გავარვარებული ფეხები და თხელი კაბით ძლივძლივობით დაგუბებული ვეება მკერდი ჰქონდა, მაღალი, კასკასა ხმით იცინოდა ხოლმე და სიცილის დროს წყლისფერი გახარებული თვალები ეხუჭებოდა. ანული ბოშასავით შავი იყო, ტანწვრილი. თინას სიცილზე ის წითლდებოდა, დარცხვენილი იხედებოდა აქეთ-იქით და სუსტი, აკანკალებული თითებით ისწორებდა შუბლზე ჩამობარდულ ბულულივით სქელ თმას. ქვემოთ დაპოხილმოსართავიანი ქურანა ცხენები გამოჩნდნენ. თავის ქნევითა და ფრუტუნით ამოდიოდნენ ყვითელ აღმართზე, მზეში. უკანა ცხენზე ქუდჩამოფხატული პროკოფი იჯდა. ტლანქი მორებივით უსიცოცხლო ფეხები მთელ სიგრძეზე ჩამოეკიდა, ნელ-ნელა მოეზაყებოდა და თან შოლტის ტარზე რაღაც კანაფს ახვევდა.
მაშინ ის ცხენებიც საოცრად დიდებად მეჩვენებოდა. ვეება ფლოქვები, ტახტივით ფართო გავა და კასრივით დაბერილი ფერდები ჰქონდათ. როცა პროკოფი ბრიჩკაში აბამდა, მძიმედ მიაძგარუნებდნენ მორყეულ ნალებს, ათახთახებდნენ ბუზდამჯდარ კანს და უგულოდ აქნევდნენ ძუაშემოწყვეტილ კუდებს.
თინა ანულის ეჩურჩულებოდა. ანული დაფიქრებული იჯდა - მუხლები ერთმანეთისთვის მიეტყუპებინა, ზედ ნიკაპით დასწოლოდა, გაეწვდინა წინ წვრილი, მბზინავი მარჯვენა ხელი და გაფხვიერებულ მიწაზე ყელმაღალ ქალს ხატავდა.
თინა ანულის ეჩურჩულებოდა და ხანდახან მამისკენ აპარებდა მზერას...
დილით პროკოფის ბრიგადირთან ჩხუბი მოუვიდა და ახლა უგუნებოდ იყო. ცხენები შეაბა, ბრიჩკაში ბალახი გაასწორა, შინიდან წალდი გამოიტანა და ჩვენკენმოუხედავად თქვა:
- დასხედით!
ჩვენ სურა, ჩანთები და თოხები ბრიჩკაში ჩავაწყვეთ. თინა წინა თვლის მორგვზე შედგა, ხელნას გადააწვა, მარჯვენა ფეხი აიქნია, ჰოპლაო და სიცილით გადაგორდა ბრიჩკაში ჩაგებულ ბალახებზე. პროკოფიმ შეუბღვირა, მაგრამ არაფერი უთქვამს. თინა მუხლებზე კაბას ისწორებდა.
ანული წითლდებოდა და ბრიჩკას ხან აქედან ეჭიდებოდა, ხან იქიდან. ბოლოს ისიც მორგვზე შედგა, თინამ თავისი ღონიერი ხელები შეაშველა და ახლა ორივე გადაგორდა ბალახებზე.
მეც ავედი, პროკოფის გვერდით, კოფოზე დავჯექი, პროკოფიმ ნაბდისძველა გაისწორა, ცხენებს სადავეები აუქნია და დავიძარით.
პროკოფი ცხენის, კუპრის, თამბქოსა და ფუნის სუნით იყო გაჟღენთილი...
გზა ჯერ სოფელ-სოფელ მიდიოდა, მერე სასაფლაოსკენ აუხვია. სასაფლაოზე, იქით, ჩრდილოვან ფერდობში ქალიშვილის მარმარილოს ძველი ქანდაკება იდგა. მე ის ბევრჯერ მენახა, ვნახავდი და ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ ეს ქანდაკება ანულის ჰგავდა, ვნახავდი და ძვლების სასიამოვნო ტკივილით გავიფიქრებდი - ანული რომ მოკვდება (რატომღაც ასე მეგონა, რომ ის ახალგაზრდა და ლამაზი უნდა მომკვდარიყო), გავიზრდები თუ არა, ასეთ ძეგლს დავუდგამ-მეთქი, ლამაზ ადგილას, სურნელოვანი ცაცხვების ქვეშ...
ბრიჩკა წყნარი რიკრიკით მიჰყვებოდა ცხენებს. ანული და თინა ფეხმორთხმულები ისხდნენ, ხელები მთელ სიგანეზე გაეშალათ, ჩასჭიდებოდნენ ხელნებს და ძიგძიგებდნენ, იცინოდნენ. თინა ისევ რაღაცას ეჩურჩულებოდა ანულის და ანული თვალებს ხრიდა, წითლდებოდა.
გზა ახლა ტყისკენ გაბრუნდა, შორს დარჩენილი მარმარილოს ქალიშვილი ფეხისწვერებზე წამოწეული გვადევნებდა თვალს. მის უკან ჩრდილი იყო, იმ ჩრდილს მაღლა კი ნაღვლიანი კვიპაროსები აჰკვროდნენ შაბიამნისფერ მოცახცახე ცას.
ტყეში ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ნესტის სუნი იდგა. გრილოდა, მზე გზაზე გადმოხრილ ტოტებს შორის მოიკვლევდა გზას.
ის ტყე გავიარეთ და იმ ველში გავედით, სადაც კარტოფილი ეთესა და ჩვენ უნდა გვეთოხნა - ანულის და თინას უნდა ეთოხნათ, პროკოფის ჭიგო მოეჭრა, მე კი მარწყვი მეკრიფა.
პროკოფიმ ბრიჩკა ძირგამომწვარ მუხის ჩრდილში გააჩერა. ეტყობოდა, აქ ადრეც ყოფილიყვნენ! - ცეცხლი ნთებოდათ, პაპიროსის გაჭყლეტილი კოლოფი და ქაღალდები ეყარა. გადმოვედით. სურა და ჩანთები მუხის ფუღუროში შევაწყვეთ, პროკოფიმ წალდი წელში გაირჭო, ცხენები გამოუშვა, გაირეკა წინ და ველის შორეული ქიმისაკენ წავიდა. თინამ და ანულიმ თხელი, დაწინწკლული თავსახვევები წაიკრეს და თოხნას შეუდგნენ.
მიწა რბილი იყო, შავი, ნესტიანი.
თინას და ანულის თავსახვევები უხდებოდათ...
მე მარწყვს დავუწყე ძებნა, მაგრამ ამაოდ, ახლომახლო ფოთოლიც კი არ ჩანდა.
ის იყო, პროკოფი თვალს მიეფარა, და ტყიდან ჩექმებიანი ახალგაზრდა მეტყევე გამოვიდა, მხარიღლივ ორლულიანი თოფი ჰქონდა გადაკიდებული, თუშური ქუდი ეხურა და იმ ქუდზე თითბრის ერთმანეთზე გადაჯვარედინებული მუხის ორი პაწია ფოთოლი ეკეთა. მოდიოდა და იცინოდა. მოანათებდა თეთრ, მაგარ კბილებს.
- ეგრე, ლამაზო თინა! - დაიწყო შორიდანვე, - ცოტა გატოკდი, თორემ მეტისმეტად დამძიმდები და, ვინმემ რომ შენი მოტაცება მოინდომოს, ვეღარც კი მოგერევა.
თინამ ანულის რაღაც გადაულაპარაკა და მერე მეტყევეს მიუბრუნდა:
- თქვენისთანა ჩაჩულიებისათვის მე ახლაც მძიმე ვარ.
- მე ვარ ჩაჩულია?
- შენ არა, ცხვარიჭამია სოლიკო.
- თქვენი თენგიზა ხომ გაგიკარი ზედ ფეხებთან დედილოს ლავაშივით? ხომ გაგიკარი!
- თენგიზი შენზე უარესი ჩაჩულიაა.
- შენ რაღა ხარ ისეთი ვითომა, ჰა?
მეტყევემ სახელო აიკაპიწა, კარტოფილში შევიდა და ანულის თოხს წასწვდა.
- ცოტა ხანს მათხოვე, ანული, ერთი ვაჩვენო, როგორი ბიჭი ვარ!
- ოხ, შენც რაღა - გადაბდღვნი აქაურობას!..
- მიყურე, აბა მიყურე!
ანულიმ თოხი მეტყევეს მისცა და თვითონ ხელებჩამოშვებული, გარინდებული, გაღიმებული გაჩერდა.
თინა შედგა და მეტყევეს დამრიგებლურ კილოზე უთხრა:
- წადი, თორემ, ვიცი, ფეხს მოიჭრი და ხათაბალა გახდები.
- ვინა, მე?
მეტყევემ მიწას მოუსვა და გაგიჟდა, მოუსვა და გაგიჟდა. თოხს გამწარებულ კრაზანასავით ატრიალებდა ჰაერში. წავიდოდა განზე გავეშებული, წავიდოდა და მერე სახეგაბადრული გადმოეშვებოდა თინასაკენ.
- როგორი ბიჭი ვარ, ჰა?..
თინა შეჩერდებოდა, თავსახვევს გაისწორებდა და იცინოდა.
იცინოდა და მწიფე თურაშაულივით უღუოდა მკვრივი, მრგვალი ლოყები...
ანულიმ ცოტა ხანსაც უყურა და მერე ბრიჩკისკენ წამოვიდა, შიშველი, გრძელი ფეხები დაიწმინდა, ჩუსტები ჩაიცვა და მეტყევეს და თინას გახედა. ისინი უკვე შორს წასულიყვნენ. თინა კისკისებდა, თოხს გაჩქარებით იქნევდა და კისკისებდა.
ანული ტყისპირს გაჰყვა - თავდახრილი, ფეხისწვერებზე მზერით.
უცებ მომიბრუნდა:
- წავიდეთ იქით, აი იქით, მარწყვი იქ იქნება.
ხელი მომკიდა და გამაქცია.
- გამოიქეცი, აბა, თუ ბიჭი ხარ, გამოიქეცი.
მივრბოდით მუხლებამდე ბალახებში. ნაპერწკლებივით ცვიოდნენ კალიები. ვსხლტებოდით, ვიქცეოდით, ისევ ვიმართებოდით და მივრბოდით. მივრბოდით მანამდე, სანამ ანული არ დაიღალა და გულზე ხელი არ მიიდო. გულზე ხელი მიიდო, მომიბრუნდა, გამიღიმა და მკითხა:
- დაიღალე?
არა-მეთქი.
- აბა, მაშ კიდევ გავიქცეთ!
გულზე ხელი ჰქონდა მიდებული და ისე მირბოდა, მირბოდა მანამდე, სანამ ველი არ გათავდა და ფლატემ არ გადაუღობა გზა. იქ, ფლატის პირას, შედგა, ფეხის წვერებზე აიწია, აი ისე, როგორც მარმარილოს ქანდაკება იდგა სასაფლაოზე... იდგა და ირხეოდა. მერე თავსახვევი მოიძრო, დაატრიალა ჰაერში, მაღლა, და თითქოს ვიღაცას ესალმებაო ხეობაში, გაგრძელებულად გააბა:
- ააუ!...
მთებმა ძახილითვე უპასუხეს.
- ააუ! - ისევ იძახდა ანული და ისევ ატრიალებდა თავსახვევს ჰაერში.
- ააუ! - კვლავ პასუხობდნენ მთები.
მე ქვემოთ, ჯაგის ძირში ვიჯექი და იქიდან ვუყურებდი. ის ახლა ცის კიდურზე დახატულს ჰგავდა - მაღალი, ლარივით აჭიმული, მის ზემოთ ნიავი აფრიალებდა თხელ თავსახვევს და მთებიდან ბრუნდებოდა შორეული ძახილი:
- ააუუ!..
მე მაშინ პატარა ვიყავი...
მე მაშინ პატარა ვიყავი და კარგად აღარ მახსოვს - ნამდვილად იყო ასეთი რამაც, თუ არა. მაგრამ ახლა მაინც ასე მეჩვენება, რომ ჰაერი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ცისარტყელებითაც იყო სავსე, მთებიდან მობრუნებულ ძახილს ჰქონდა ფრთები და იგი მოდიოდა, თეთრი მტრედივით მოფარფატებდა ამ ცისარტყელების მაღალი, მაღალი თაღების ქვეშ.