ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

გუდამაყრის ფოსტალიონი 

გამსილველ ბათას ისე უყვარს ცხენები, ცოლ-შვილს ურჩევნია. წელიწადში ორ-სამ ცხენს მაინც იცვლის, თანაც სულ გამქცევებს, იორღებს, თვალს რომ ვერ მოჰკრავ გაქცეულს, ისეთები.
დილით რომ ფხიზელიაივლის არაგვის ნაპირზე, საღამოთი ისე მოაჭენებს ცხენს, ნალები ცეცხლს აჩენენ ქვებზე. ხან იქით გადაიწევა ცხენზე ბათია და ხან აქეთ, სანამ ძილი არ მოეკიდება, მანამდე არბოლებს ცხენს. თუ სირბილში რაიმე წუნი დასდო, დიდხანს აღარ იყოლიებს, სანამ უკეთეს ცხენს არ იყიდის.
ერთი კვირა ხდება, რაც ბათია ქისტებში ცხენის საშოვნელად წასულა. მოუთმენლად მოელის ხალხი, დღე-დღეზე ელოდებიან ხეობაში ბათიას ცხენით შემოჭენებას .
ბათია ღამე დაბრუნდა. მხოლოდ ცხენის ფლოქვების თქარათქური გაიგონეს ახლომახლო სოფლებში. იმან კი ცხენი სახლის დერეფანში მიაგდო და ცოლს დაუძახა:
- ქალო! გამოდი, გამოიხედე, არ გეყურებაა, ქალო!
ცოლი გარეთ გამოვიდა.
- აბა, შამაჯინე ცხენზე!
- სუ, არავინ გაგიგონოს.
- გაიგონონ, მერე რა, ჩემს ცოლს გინდა ცხენზე შამოვისომ, ვისი რა საქმეა.
ცოლი შეყოყმანდა.
- ჩქარა, ჩქარა! ძალით დაისვა ცხენის გავაზე ცოლი ბათიამ.
- ეს შენ გიყიდე, ქისტური გარმონია, -მიაწოდა ბათიამ ცოლს გარმონი..
- აბა, დაუკარ!
ცოლმა გარმონს გასწია და იმავე წამს ადგილს მოსწყდა ცხენი.
- გასწი, გასწი! - დაჰკივის ცოლს ბათაი, რომელიც გაჭენებულ ცხენზე ძლივს იმაგრებს თავს.
მირბის ცხენი, ბათაი მღერის და მისი ცოლი გარმონს უკრავს. გათენებამდე რამდენჯერმე აიარეს და ჩაიარეს გუდამაყრის ხეობაზე. დილით უკვე ყველა სოფელში იცოდნენ, რომ ბათა დაბრუნდა და ვარაუდით მიხვდნენ, ძალიან სწრაფი ცხენი მოიყვანა, გარმონის ხმის დაშორება-მოახლოებით ხვდებოდნენ ამას.
დილით უკვე აღარ ეჯდა ცოლი ცხენზე, მარტოკა დააჭენებდა აღმა-დაღმა. ცოლი დაასვენა. ყველას უნდოდა, ცხენი ახლოს ენახა და თავ-თავის სოფლებში იპატიჟებდნენ. ისიც დადიოდა ერთი სოფლიდან მეორეში. ამით ისარგებლა მიხამ, რომელიც გუდამაყარში ფოსტალიონად იყო იმ დროს. მალვით ჩაუწყობდა გაზეთებს ხურჯინში, რომელიც გამუდმებით ჰქონდა ბათას ცხენზე გადაკიდებული. სოფელში უკვე იცოდნენ ამის შესახებ და ვისაც რა გაზეთი ჰქონდა გამოწერილი, იმას იღებდნენ ხურჯინიდან. ბათამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დილაობით ყოველთვის ცარიელი იყო ხურჯინი, მერე კი არაყი თავსაც ავიწყებდადარბოდა სოფლიდან სოფელში და დაჰქონდა გაზეთები. ახლა ხალხიც გაუეშმაკდა და ისინიც მალვით გზავნიდნენ მისი ხურჯინით მეზობელ სოფლებში წერილებსა და ახალ-ახალ ამბებს.
ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავივით გადაენთო ბექ-ბუქიანში გაჭენებული ცხენი, რომელსაც მთვრალმა მხედარმა მოსახვევში აღვირი ვეღარ დაუჭირა.
სარეცელზე ესვენა ბათია და აღარც მკვდარს ასვენებდა ხალხი. მოდიოდნენ სხვადასხვა სოფლებიდან და თავიანთ მკვდრებთან აბარებდნენ აქაურ ამბებს.
- გიორგის უთხროდე, ჩქარა წამოა თქო, ბიჭოო! - ქმართან აბარებდა შარვანიანთ ქალი.
- ეგრე უთხროდე მამამთილსა:
აღარ ინახავენ ობოლ ქვრივსა.
ოჰ, ოჰ, ოჰო, ჰოო...
ი ჩვენი ბართიც გადმოვიდა,
ო, ჰო, ჰო, ჰო,ჰო .
ორი ვირაი მაიყვანა,
ერთაი მგელმა შეგვიჭამაა,
ო, ჰო, ჰო, ჰო, ჰოოო...
ჩააქვითინა ლექსად კოტორაანთ ქალმა.
- ჩვენ კაცს უთხარ, არ წამოვა-თქო, აგრევ.

??????